📋 სარჩევი
(თ. 3. მ. 1-5)
1. და მერმე შევიდა შესაკრებელსა, და იყო მუნ კაცი, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა. 2. და უმზირდეს მას, უკუეთუ შაბათსა განკურნოს იგი, რაჲთა შეასმინონ იგი. 3. და მას ჟამსა ჰრქუა იესუ კაცსა მას, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა: აღდეგ და წარმოდეგ შორის! 4. და ჰრქუა მას იესუ: ჯერ-არს შაბათსა შინა კეთილისა საქმე ანუ ბოროტისაჲ? სულისა ცხოვნებაჲ ანუ მოკლვაჲ? ხოლო იგინი დუმნეს. 5. და მიმოიხილა მათდა რისხვით და მწუხარედ სიბრმისათჳს გულთა მათთაჲსა და ჰრქუა კაცსა მას: განირთხ ჴელი შენი! და მან განირთხა, და კუალად მოეგო ჴელი იგი, ვითარცა ერთი იგი.
იუდეველთა მიერ მოწაფეთა ბრალდების შემთხვევაში, იმის გამო, რომ ისინი შაბათს თავთავებს წყვეტდნენ, უფალმა, დავითის მაგალითით, უკვე დაუყო პირი მბრალდებლებს, მაგრამ ახლა იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად შეაგონოს ისინი, სასწაულთმოქმედებს, ამით ის შემდეგს გამოხატავს: აი, როგორ არ სცოდავენ ჩემი მოწაფენი; მე თავადაც ვიქმ შაბათ დღეს, მოგივლენთ რა ამ სასწაულს. და თუკი სასწაულმოქმედება ცოდვაა, მაშინ შაბათ დღეს აუცილებელი საქმის კეთებაც ცოდვაა: მაგრამ სასწაულის ქმნა ადამიანის გადასარჩენად საღმრთო საქმეა, მაშასადამე, არ არღვევს სჯულს ისიც, ვინც შაბათ დღეს რაიმე ცუდს არ აკეთებს. ამიტომაც უფალი ეკითხება იუდეველბს: „ჯერ-არს შაბათსა შინა კეთილისა საქმე?“ ამხელს რა ამით იმაში, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან მას სიკეთის ქმნაში. გადატანითი მნიშვნელობით გამხმარი აქვს ხელი ყველას, ვინც მარჯვენა მხარის საქმეებს არ აკეთებს, ასეთი ადამიანის მიმართ ამბობს ქრისტე: „აღსდეგ“, ანუ აღსდეგ ცოდვისაგან, „წარმოდეგ შორის“, ანუ სათნოებათა შუალედში, რამეთუ ყოველი სათნოება არის შუალედი, რომელიც არც ნაკლოვანებისკენ იხრება და არც ზედმეტობისკენ. ამრიგად, როდესაც იგი ამ შუალედში წარმოსდგება, მაშინ მისი ხელი კვლავ ჯანმრთელი შეიქმნება. დააკვირდი სიტყვასაც: „კუალად მოეგო“; იყო დრო, როდესაც ჩვენ ჯანმრთელი ხელები, ან ქმედითი ძალები გაგვაჩნდა, როდესაც დანაშაული ჯერ კიდევ არ იყო ჩადენილი. მას შემდეგ კი, რაც ხელი აკრძალული ხილისაკენ გავიწვდინეთ, ის გახმა სიკეთის ქმნის მიმართ. მაგრამ ის კვლავ ჯანმრთელ მდგომარეობას დაუბრუნდება, როდესაც სათნოებათა შუალედში წარმოვსდგებით.
(თ. 3. მ. 6-12)
6. და ვითარცა გამოვიდეს მიერ ფარისეველნი იგი ჰეროდიანელთა თანა, და ზრახვა-ყვეს მისთჳს, რაჲთა წარწყმიდონ იგი.7. ხოლო იესუ მოწაფითურთ განეშორა მათგან და მოვიდა ზღჳს-კიდედ. და მრავალი ერი შეუდგა მას გალილეაჲთ და ჰურიასტანით, 8. იერუსალჱმით, იდუმიაჲთ, წიაღ-იორდანით და ტჳროსით კერძო და სიდონით. ესმა მრავალსა სიმრავლესა, რაოდენსა-იგი იქმოდა, და მოვიდეს მისა. 9. და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა ნავი განუმზადონ მას ერისა მისთჳს, რაჲთა არა შეაიწრონ იგი. 10. რამეთუ მრავალთა განჰკურნებდა, ვითარმედ ზედაცა დაესხმოდა მას ერი იგი, რაჲთა შე-ოდენ-ეხნენ. და რაოდენთა აქუნდა უძლურებაჲ და შეეხნეს, განიკურნებოდეს. 11. და სულები იგი არაწმიდაჲ ხედვიდეს მას და შეუვრდებოდეს, ღაღადებდეს და იტყოდეს: შენ ხარ ძე ღმრთისაჲ. 12. და ფრიად შეჰრისხნა მათ იესუ, რაჲთა არა გამოაცხადონ იგი.
ვინ იყვნენ ჰეროდიანელნი? ან ჰეროდეს მეომარნი, ან რაღაც ახალი სექტა, რომელიც ჰეროდეს ქრისტედ აღიარებდა იმ მიზეზით, რომ მასზე შეწყდა იუდეველ მეფეთა მემკვირდეობითობა. იაკობის წინასწარმეტყველებით დგინდებოდა, რომ „როდესაც მოაკლდებიან მთავარნი იუდასგან, მაშინ მოვა ქრისტე“ (შესაქმ. 49). ამრიგად, რამდენადაც ჰეროდეს დროს არავინ აღარ იყო იუდეველ მთავართაგან, არამედ მართავდა ჰეროდე, უცხოტომელი (იგი იდუმიელი იყო), ზოგიერთმა იგი ქრისტედ მიიღო და შექმნა სექტა. სწორედ ამ ადამიანებს სურდათ უფლის მოკვლა. მაგრამ იგი განეშორება, რამდენადაც ჯერ არ მოწეულა ჟამი ვნებისა, განეშორება იგი უმადურებს, იმიტომაც, რომ კეთილი უყოს ადამიანთა უფრო დიდ ნაწილს. მას მართლაც მრავალნი გაჰყვნენ და იგი კურნავდა მათ; ტვიროსელებმა და სიდონელებმაც კი მიიღეს სარგებელი, მიუხედავად იმისა, რომ უცხოტომელები იყვნენ. ამასთანავე, მისივე თანატომელები სდევნიდნენ. ასეა, არავითარი სარგებელი არ არის ნათესაობისაგან, თუკი არ არის კეთილზნეობრიობა! უცხოებიც კი მოდიოდნენ შორიდან ქრისტესთან, იუდეველები კი მათთან მოსულს, აგდებდნენ მას. შეხედე, რაოდენი უცხოა ქრისტესთვის დიდებისმოყვარეობა, ხალხმა რომ არ შეავიწროვოს, იგი ნავს მოითხოვს, რათა მასში მყოფი შორს იყოს ხალხისაგან. „უძლურებებს“ მახარებელი ავადმყოფობეს უწოდებს, რამეთუ ავადმყოფობები მართლაც დიდად გვიწყობენ ხელს იმაში, რომ გონს მოვეგოთ. ასე რომ უფალი გვსჯის ამ უძლურებებით, როგორც მამა შვილებს. გადატანითი მნშივნელობით ყურადღება მიაქციე იმასაც, რომ იესოს მოკვლა სურთ ჰეროდიანელებს, ამ ხორციელ და უხეშ ადამინებს (ჰეროდე ნიშნავს ტყავისას) და პირიქით, ისინი ვინც გამოვიდნენ თავიანთი სახლებიდან და სამშობლოდან, ანუ ხორციელი ცხოვრების წესიდან, ისინი მას გაჰყვებიან; რის გამოც განიკურნებიან სნეულებათაგან, ანუ სინდისის მომწყვლელი ცოდვებისაგან და არაწმიდა სულები განიდევნებიან. ჩასწვდი ბოლოს და ბოლოს იმას, რომ იესო უბრძანებს მოწაფეებს ნავი განუმზადონ, რათა ხალხმა არ შეავიწროვოს იგი. იესო არის სიტყვა ჩვენში, რომელიც გვიბრძანებს, რომ ჩვენი ნავი, ანუ სხეული, განმზადებული იყოს მისთვის და არ მიეცეს ყოფით საქმეთა ქარიშხალს, რამეთუ საქმეების შესახებ საზრუნავთა სიმრავლემ არ შეაწუხოს ჩვენში მცხოვრები ქრისტე.
(თ. 3. მ. 13-19)
13. და აღვიდა მთასა და მოუწოდა, რომელთაჲ უნდა მას; და მოვიდეს მისა. 14. და ყვნა ათორმეტნი იგი, რაჲთა იყვნენ მის თანა და წარავლინნეს იგინი ქადაგებად 15. და რაჲთა აქუნდეს ჴელმწიფებაჲ განსხმად ეშმაკთა. 16. და დასდვა სახელები: სიმონს პეტრე, 17. და იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ იაკობისი; და დასდვა მათ სახელები: ბანერგეს, რომელ არს: ძენი ქუხილისანი; 18. ანდრეა და ფილიპე, ბართლომე და მატთეოს, თომა და იაკობ ალფესი, თადეოს და სიმონ კანანელი 19. და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა მისცა იგი.
ადის მთაზე იმისთვის, რომ ილოცოს. რამდენადაც ამის წინ სასწაულებს იქმოდა, სასწაულთა ქმნის შემდგომ ლოცულობს, რაღა თმა უნდა გაკვეთილი რომ გვიჩვენოს რათა ვმადლობდეთ უფალს, როგორც კი რაიმე კეთილს მოვიმოქმედებთ, და ღმერთის ძალას ვაწერდეთ. ანდა, რამდენადაც უფალი აპირებდა ხელი დაესხა მოციქულთათვის, ამასთან დაკავშირებით ადის მთაზე, რომ ილოცოს ჩვენდა დასამოძღვრად, რადგანაც ჩვენც, როდესაც დავაპირებთ ვინმეს ხელი დავასხათ, ჯერ უნდა ვილოცოთ, რათა გამოგვიჩნდეს ღირსეული და არ შევიქმნათ ზიარნი „სხვისა ცოდვათა“ (1. ტიმ. 5. 22). ხოლო იქიდან, რომ იუდასაც გამოირჩევს მოციქულად, უნდა მივხვდეთ, რომ უფალი არ უკუიქცევა ადამიანისაგან, რომელმაც ბოროტება უნდა ჩაიდინოს, მისი მომავალი ბოროტი საქმის გამო, არამედ მისი ახლანდელი სათნოების გამო ხდის პატვის ღირსად, თუნდაც შემდგომში იგი ცუდი ადამინი შეიქმნას. მახარებელი ჩამოთვლის მოციქულთა სახელებს ცრუ მოციქულთა შემთხვევისათვის, რათა იცნობდნენ ჭეშმარიტ მოციქულებს. ძენი ქუხილისანი უწოდა ზებედეს ძეებს, როგორც განსაკუთრებით დიდ მქადაგებლებსა და ღმრთისმეტყველებს.
(თ. 3. მ. 20-22)
20. და მოვიდეს სახლსა, და შეკრბა კუალად მისა ერი, ვიდრემდის ვერ ჴელ-ეწიფებოდა მათ ვერცაღა პურისა ჭამად. 21. და ესმა მის კერძოჲსათა და გამოვიდეს შეპყრობად მისა, რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: განკრთომილ არს. 22. და მწიგნობარნი იგი, რომელნი იერუსალჱმით შთამოსრულ იყვნეს, იტყოდეს, ვითარმედ: ბელზებული მის თანა არს, და მთავრითა ეშმაკთაჲთა განასხამს ეშმაკთა.
„და ესმა მის კერძოისათაო“, ამბობს, შესაძლოა ადამინები მისი მშობლიური ქალაქიდან ან იქნებ ძმებიც კი გამოვიდნენ მის შესაპყრობად; ვინაიდან ამბობდნენ, რომ „განკრთომილ არს“, ანუ ეშმაკი ჰყავსო. რამდენადაც სმენოდათ, ეშმაკებს განასხამდა და კურნავდა სნეულებათაგან, შურის გამო ფიქრობდნენ, რომ ეშმაკეული და „შეშლილია“ რის გამოც სურდათ კიდეც შეეპყროთ იგი, რათა შეეკრათ როგორც ეშმაკეული. ასე ფიქრობდნენ მასზე და ასე სურდათ მოქცეოდნენ მისიანებსაც კი. ამის მსგავსად, იერუსალიმელი მწიგნობრებიც ამბობდნენ, რომ ეშმაკეულია. რამდენადაც მათ არ შეეძლოთ მათივე თვალწინ აღსრულებულ სასწაულთა უარყოფა, სხვა მხრივ მოიხსენიებენ აუგად, როგორც ეშმაკთაგან მომდინარეს.
(თ. 3. მ. 23-27)
23. და მოუწოდა მათ და იგავით ეტოდა: ვითარ ჴელ-ეწიფების ეშმაკსა ეშმაკისა განჴდად? 24. და უკუეთუ მეუფებაჲ მეუფებასა განევლთას, ვერ ჴელ-ეწიფების დამტკიცებად მეუფებაჲ იგი. 25. და უკუეთუ სახლი სახლსა განევლთას, ვერ ჴელ-ეწიფების სახლი იგი დამტკიცებად. 26. და უკუეთუ ეშმაკი თავსა თჳსსა ზედა აღდგომილ არს და განყოფილ არს, ვერ ჴელ-ეწიფების დამტკიცებად, არამედ აღსასრული აქუს. 27. და არცა ვის ჴელ-ეწიფების შესლვად სახლსა ძლიერისასა და ჭურჭელი მისი გამოტყუენვად, არა თუ პირველად ძლიერი იგი შეკრას და მაშინღა სახლი მისი გამოტყუენოს.
მოძულე იუდეველთა ბრალდებებს უეჭველი მაგალითებით უარყოფს. როგორ შეუძლია ეშმაკს ეშმაკების განდევნა, როცა ჩვეულებრივ სახლებშიც კი ვხედვათ, რომ სანამ მასში მცხოვრებნი მშვიდობიანად არიან, კეთილად დგანან ეს სახლები, ხოლო როგორც კი მათში დაყოფა მოხდება - დაეცემიან? როგორ არის შესაძლებელი, ამბობს ის, რომ ვინმემ ძლიერის ჭურჭელი გაიტაცოს, თუკი უწინ ძლიერს არ შეკრავს? ეს სიტყვები შემდეგი მნიშვნელობისაა: „ძლიერი“ არის ეშმაკი; მისი „ჭურჭელნი“ არიან ადამიანები, რომლებიც მის სამკვიდრებელს წარმოადგენენ. ამრიგად, თუკი ვინმე წინდაწინ არ შეკრავს და არ დაამხობს ეშმაკის მეუფებას, როგორღა შეძლებს გაიტაცოს მისი ჭურჭელი, ანუ ეშმაკეულნი? ამიტომ, თუკი მე გავიტაცებ მის ჭურჭელს, ანუ ვათავისუფლებს ადამინებს ეშმაკების ძალადობისაგან, მაშასადამე, მე წინდაწინ შევკარი და დავამხე ეშმაკთა მეუფება და მათი მტერი გამოვდივარ. მაშ, როგორღა ამბობთ, რომ ბელზებულია ჩემთან, ანუ მე განვასხამ ეშმაკებს, ვარ რა მათი მეგობარი და ჯადოქარი?
(თ. 3. მ. 28-30)
28. ამინ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ყოველივე მიეტეოს ძეთა კაცთა ცოდვანი და გმობანი, რაოდენსაცა ჰგმობდენ; 29. ხოლო რომელმან თქუას გმობაჲ სულისა წმიდისათჳს, არა აქუს მიტევებაჲ უკუნისამდე, არამედ თანამდებ არს იგი საუკუნოჲსა სასჯელისა. 30. რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: სული არაწმიდაჲ არს მის თანა.
ის, რასაც უფალი ამბობს აქ, ნიშნავს შემდეგს: ადამიანებს, რომლებიც სცოდავენ სხვა დანარჩენში, კიდევ შეუძლიათ მოუბოდიშონ როგორმე და მიიღონ პატიება ღვთის შემწყნარებლობის გამო ადამიანური სისუსტეების მიმართ. მაგალითად ისინი, ვინც უფალს უწოდებენ გემოთმოყვარესა და ღვინისმსმელს, მეზვერეთა და ცოდვილთა მეგობარს, მიიღებენ შენდობას ამის გამო. მაგრამ როდესაც ხედავენ, რომელი იგი უეჭველი სასწაულებს იქმს და მიუხედავად ამისა, სულიწმიდას გმობენ, ანუ სასწაულთქმედებებს სულიწმინდისაგან მომდინარეს, როგორღა მიიღებენ შენდობას, თუკი არ შეინანებენ? როდესაც ქრისტეს ხორციელი შესახედაობა აცდუნებდათ, ამ შემთხვევაში, რომც არ შეენანებინათ, მიეტევებოდათ, როგორც ადამიანებს, რომლებიც ცდუნდნენ; მაგრამ ხედავდნენ რა მას ღვთაებრივ საქმეთა მოქმედს და მაინც გმობდნენ, როგორღა მიეტევებათ, თუკი უნანელნი დარჩებოდნენ?
(თ. 3. მ. 31-35)
31. მოვიდეს უკუე ძმანი მისნი და დედაჲ მისი და გარეშე დგეს და მოუვლინეს მას და გამოხადოდეს. 32. და სხდა გარემო მისა ერი მრავალი; და ვითარცა ჰრქუეს მას: აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი გარე დგანან და გეძიებენ შენ, 33. მიუგო იესუ და ჰრქუა: ვინ არს დედაჲ ჩემი ანუ ძმანი ჩემნი? 34. და მიმოიხილა გარემო მისა მოწაფეთა თჳსთა მსხდომარეთა და ჰრქუა: აჰა დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი! 35. რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ ღმრთისაჲ, ესე არს ძმაჲ ჩემი დაჲ ჩემი და დედაჲ ჩემი.
ძმები უფლისა შურის გამო მოვიდნენ მის შესაპყრობად, როგორც შეშლილისა და ეშმაკეულის. დედა კი, როგორც ჩანს, პატივის მიღების გრძნობის კარნახით, მოვიდა მოეწყვიტა სწავლებისაგან, რათა ამით ეჩვენებინა ხალხისათვის, რომ მას, ვისითაც ასე გაოცებულნი არიან, იგი თავისუფლად განაგებს და შეუძლია მოსწყვიტოს სწავლებას. მაგრამ უფალი პასუხობს: ჩემს დედას არავითარი სარგებელი არ ექნება. იყოს ჩემი დედა, თუკი იგი თავისში ყველა სათნოებას არ გააერთიანებს. ზუსტად ასევე, ნათესაობა უსარგებლო იქნება ჩემი ძმებისთვის, იმიტომ, რომ მხოლოდ ისინი არიან ჭეშმარიტი ახლობლები ქრისტესი, ვინც ღმრთის ნებას ასრულებს. ამრიგად, ამბობს რა ამას, ის უარს კი არ ამბობს დედაზე, არამედ უჩვენებს, რომ იგი ღირსი იქნება პატივისა არა მხოლოდ შობის გამო, არამედ ყველა სხვა კეთილის საქმისა გამო: თუკი მას ეს არ ექნებოდა, პატივის ნათესაობისა სხვები დაასწრებდნენ.