ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა წმიდისა, ვერ ჴელეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“ (3,5).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ყრმანი მცირენი მარადის სასწავლოდ მივლენ და ისწრაფიან სწავლად და ღამეთაცა დღეთა ზედა დაჰრთვენ, და ესე ყოველი კაცობრივი არს; ხოლო აწ მეცა ვითხოვ თქუენგან სულიერსა მოსწრაფებასა, რაჲთა ისმენდეთ კეთილთა სწავლათა მოსწრაფედ, რამეთუ ამისთჳს მე მცირედ-მცირედ გეტყჳ მარადის და არა ყოველსა ერთბამად, რაჲთა კეთილად და ადვილად გაჴსოვდენ სიტყუანი ჩემნი, გარნა თუ ვინმე სრულიად უდები იყოს და დაჴსნილი. ისმინეთ უკუე დღესცა აღმოკითხული ესე, რამეთუ ნიკოდემოს რაჲ განკჳრდა და იტყოდა, ვი-თარმედ მეორედ შობაჲ ბერისაჲ შეუძლებელ არს, აჰა ესერა უფალი გამოუთარგმნის, თუ ვითარ იქმნების შობაჲ იგი, რომელი დაღაცათუ ძნიადვე გულისხმისსაყოფელ იყო, გარნა პირველისა მის უადვილჱს იყო; რამეთუ ჰრქუა მას, ვითარმედ: „უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“. შენ იტყჳ, ვითარმედ შეუძლებელ არს მეორედ შობაჲ, ხოლო მე ვიტყჳ, ვითარმედ არა თუ ოდენ შესაძლებელ არს, არამედ საჭიროცა, რამეთუ თჳნიერ მისა არა იქმნების ცხორებაჲ. რამეთუ ქუეყანისაჲ და ჴორციელი შობაჲ მიწისაგანი არს, ამისთჳსცა სულიერისაგან შორს არს იგი, ხოლო იგი შობაჲ სულისაჲ არს და ადვილად შეიყვანებს სასუფეველად.
ისმინეთ, უნათლავნო, და შეძრწუნდით ამის ბრძანებისაგან! საშინელ არს სიტყუაჲ ესე, რამეთუ შეუძლებელ არსო შესლვაჲ სასუფეველად, რომელი არა შობილ იყოს წყლისაგან და სულისა. არამედ ნიკოდემოსს ჯერეთ უცხო-უჩნდა სიტყუაჲ იგი, რამეთუ ბოროტ არს, რაჟამს კაცი სულიერთა საქმეთა ჴორციელებრ გულისხმა-ჰყოფდეს. რამეთუ, ვითარცა პირველ ვთქუ, საქმეთა ღმრთისათა შეუორგულებელად და გამოუკულეველად ჯერ-არს რწმუნებაჲ, რომელი-ესე უკუეთუმცა ექმნა ნიკოდემოსს, არამცა შეუძლებელად უჩნდა სიტყუაჲ იგი. არამედ ქრისტესა ენება, რაჲთამცა განათავისუფლა იგი ურწმუნოებისა მისგან, და ასწავა, ვითარმედ არა ჴორციელსა შობასა იტყჳს. ამისთჳს ჰრქუა მას, ვითარმედ: „უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: სხუასა შობასა ვიტყჳ, ჵ ნიკოდემოს, რად მოიღებ მას ქუეყანისა შობასა თანა? რად დაამდაბლებ სიტყუასა მას მაღალსა? უზეშთაეს არს ესე შობაჲ სალმობათა ამათგან ჴორცთა, რამეთუ დაღაცათუ შობა ეწოდების მას, არამედ სახელით ოდენ ზიარ არს ჴორცთა მათ თანა, ხოლო საქმით უცხო არს მისგან; რამეთუ
მნებავს, რაჲთა სხუაჲ შობაჲ შემოვიღო სოფლად და სხუებრ იშვებოდიან კაცნი, უცხოჲსა დაბადებისა ქმნად მოვედ; რამეთუ პირველ ვქმენ კაცი მიწისაგან და წყლისა, და უჴმარ იქმნა შექმნული იგი; ხოლო აწ მნებავს, რაჲთა წყლისაგან და სულისა დავჰბადო.
ხოლო უკუეთუ ვინ იტყოდის: და ვითარ იყოს წყლისაგან? მეცა ვჰრქუა: და მიწისაგან ვითარ დაიბადა? ვითარ ერთი იგი თიჴაჲ მრავალსახედ განიყო? ვინაჲ არიან ძუალნი და ძარღუნი და ტყავი და ღჳძლი და ფაწალაჲ და გული და სისხლი და ნავღელი? ვინაჲ არიან ესეოდენნი იგი ძალნი და ესეოდენნი ფერნი? რამეთუ ესე ყოველი არა მიწისა საქმჱ არს. ვითარ მიწაჲ მიიღებს თესლსა და აღმოაცჱნებს, ხოლო გუამი მიიღებს და განხრწნის და განჰლევს? ვითარ ქუეყანაჲ ზრდის მას შინა შთათესულსა, ხოლო გუამი იზარდების მას შინა შთასრულთაგან და არა ზრდის მათ? და ქუეყანაჲ მიიღებს წყალსა და ღჳნოდ შესცვალებს, ხოლო გუამი მრავალგზის ღჳნოსა წყლად გარდააქცევს. და ვითარ ქუეყანისაგან არს ესე ყოველი, ვინაჲთგან წინააღმდგომ არს ესე ქუეყანისა? გარნა კაცთა მიერ შეუძლებელ არს ამისი პოვნაჲ, არამედ სარწმუნოებით ჯერ-არს შეწყნარებაჲ; უკუე არა უფროჲსად სულიერთა მათ საიდუმლოთა ჯერ-არსა ესრჱთ ქმნაჲ? და ვითარცა მიწაჲ იგი უსულოჲ ნებითა ღმრთისაჲთა ესრეთ განძლიერდა და თითოსახედ ფერად და ძალად შეიცვალა, ეგრეთვე წყლისა მიერ ძალითა სულისა წმიდისაჲთა მიუთხრობელი იგი საიდუმლოჲ იქმნების.
და ნუ ურწმუნო იქმნები, დაღაცათუ არა ჰხედავ მას, რამეთუ სულსა კაცისასა არა ჰხედავ, გარნა უწყი, ვითარმედ სული არს. რამეთუ მაშინ ნივთად იყო მიწაჲ, არამედ ყოველივე შემოქმედისა მიერ იყო საქმჱ, და აწცა არს ნივთად წყალი, არამედ ყოველივე საქმჱ სულისა წმიდისაჲ არს; და მაშინ იქმნა კაცი სულად ცხოველად, და აწ მოვალს მის ზედა სული ცხოველსმყოფელი, რომლისა მიერცა ქმნნეს მოციქულთა სასწაულნი იგი დიდნი; და მაშინ ხატად ღმრთისა დაებადა კაცი, ხოლო აწ ქრისტემან სრულიად ღმერთსა შეაერთა იგი; მაშინ მჴეცთაჲ მისცა ჴელმწიფებაჲ, ხოლო აწ უმაღლჱს ცასა ცათასა აღიყვანა ბუნებაჲ ჩუენი და ყოველივე ახლად მოგუანიჭა და ახალი ცხორებაჲ; და მაშინ ადამ მიწისაგან დაიბადა, და ევა - ადამის გუერდისაგან, და აბელ - თესლისაგან ადამისა; და ერთისაგანცა მათგანისა ვერ გამოვსთარგმნით სიტყჳთ, რომელნი-იგი ზრქელნი საქმენი არიან, და ვითარ შეუძლოთ, რაჲთამცა საიდუმლოჲ ესე ნათლის-ღებისაჲ გამოვთქუთ, რომელი უმაღლჱს გონებასა კაცთასა არს? რამეთუ რაჟამს შობაჲ ესე სულიერი იქმნებოდის, ანგელოზნიცა მუნ მდგომარე არიან, გარნა საქმისა მის საიდუმლოსა ვერ გამოსთარგმანებენ, არამედ დგანან ოდენ და ხედვენ საქმესა მას დიდსა და იქმან არარას, არამედ მამაჲ, ძჱ და სული წმიდაჲ იქმს ყოველსავე.
გურწმენეს უკუე სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ ხილულისა ფრიად უსარწმუნოეს არს იგი, ვინაჲთგან თუალნი ჴორციელნი მრავალგზის სცთებიან, ხოლო მისი სიტყუაჲ არაოდეს იპოვების ცთომილ. და იგი იტყჳს, ვითარმედ: შობაჲ არს საქმჱ ესე. და უკუეთუ ვინ თქუას: და ვი-თარ არს შობაჲ? დაადუმე იგი სიტყჳთა ღმრთისაჲთა, რომელი-იგი დიდი სიმტკიცე არს. და უკუეთუ ვინმე გუკითხოს, ვითარმედ: რაჲსათჳს მოპოვნებულ არს წყალი? ჩუენცა ვჰრქუათ: და ვითარ, რაჲსათჳს პირველად მიწაჲ შემოვიდა შესაქმედ კაცისა? და ესე ყოველთა მიერ საცნაურ არს, რამეთუ თჳნიერ მიწისაცა შესაძლებელ იყო ღმრთისა მიერ შექმნაჲ კაცისაჲ.
ნურარას უკუე გამოეძიებ, რამეთუ გამოაჩინა მოციქულმან პეტრე ფრიადი იგი საჴმარობაჲ მისი, რაჟამს მოვიდა ოდესმე სული წმიდაჲ პირველ წყლისა ვიეთმე ზედა, არამედ მოციქულმან არავე უდებ-ყო საბანელი წყლისაჲ, არამედ თქუა, ვითარმედ: „რაჲღა ყენება არს ნათლისცემად, რომელთა ზედა სული წმიდაჲ გარდამოჴდა, ვითარცა-ესე ჩუენ ზედა?“1
ხოლო თუ რაჲ არს საჴმარობაჲ იგი წყლისაჲ, იგიცა ვთქუა ძალისაებრ ჩემისა, რამეთუ მრავალნი არიან საქმენი მისნი, გარნა მრავალ-თა მათგან ერთი ვთქუა. ესე იგი არს, ვითარმედ საღმრთოჲ სახჱ აღესრულების მას ზედა: დაფლვაჲ, სიკუდილი და აღდგომაჲ და ცხორებაჲ. და ესე ყოველი ერთბამად იქმნების, რამეთუ ვითარცა საფლავსა შინა, ესრეთ შთავჰყოფთ თავთა ჩუენთა წყალსა მას შინა, და დაიფარვის მუნ ძუელი იგი კაცი, და დაინთქმის სრულიად ყოველივე. და კუალად რაჟამს აღმოვიღოთ თავი, აღმოვალს ჩუენ თანა ახალი იგი კაცი, რამეთუ ვი-თარცა ადვილ არს შთაყოფაჲ თავისაჲ წყალსა და აღმოღებაჲ, ეგრეთვე ადვილ არს წინაშე ღმრთისა დაფლვაჲ და დანთქმაჲ სრულიად ძუელისა მის კაცისაჲ და გამოჩინებად ახლისა. ხოლო სამგზის იქმნების შთაყოფაჲ თავისაჲ წყალსა, რაჲთა სცნა, ვითარმედ ძალი მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ აღასრულებს მას ყოველსა, და არა იჭუ არს საქმჱ ესე. ისმინე პავლესი, რასა იტყჳს, ვითარმედ: „დავეფლენით მის თანა ნათლის-ღები-თა სიკუდილად“,2 და ვითარმედ: „ძუელი იგი კაცი ჩუენი ჯუარს-ეცუა“.3 ხოლო არა თუ ოდენ ნათლის-ღებასა ჯუარ-ცუმა ეწოდების, არამედ ჯუარ-ცუმასაცა - ნათლის-ღება, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ“.4 რამეთუ ვითარცა ჩუენ ადვილად შთავჰყოფთ წყალსა თავთა და აღმოვიღებთ, ეგრეთვე უფალი ადვილად მოკუდა და, ინება რაჲ, აღდგა, დაღაცათუ საიდუმლოდ სამ დღე იყო საფლავსა შინა.
1 შდრ. საქმე 10,47. 2 კოლ. 2,12. 3 რომ. 6,6. 4 მათ. 20,23; მარკ. 10,39.
სწავლაჲ კე ვითარმედ უნათლავსა დაღაცათუ ბევრეულნი სათნოებანი აქუნდენ, გეჰენიად მივალს
ხოლო აწ რომელნი ესევითართა საიდუმლოთა ღირსქმნულ ვართ, ცხორებაჲცა მოვიგოთ ღირსი მის ნიჭისაჲ, და რომელნი არა ღირსქმნულ ხართ მას, ყოვლითა სახითა ისწრაფეთ, რაჲთა ღირს მისა იქმნნეთ, და ვიქმნნეთ ერთ გუამ და ურთიერთას ძმა. რამეთუ ვიდრემდის ამით საქმით განყოფილ ვიყვნეთ, არცა ერთ არს ერთობაჲ, დაღაცათუ ჴორციელად ძმა ვიყვნეთ, რამეთუ უცხო არს უნათლავი ნათელღებულისაგან, არა აქუს ორთავე ერთი მამაჲ, არცა ერთი ქალაქი, არცა ერთი საზრდელი, არცა ერთი სამოსელი, არცა სხუაჲ რაჲ, არამედ ყოველივე შეცვალებულ არს; და ნათელღებულისაჲ ყოველივე ზეცისაჲ არს, ხოლო უნათლავისაჲ ყოველივე - ქუეყანისაჲ და ცოდვისაჲ; ხოლო ნათელღებულისაჲ მეუფჱ ქრისტჱ არს, და უნათლავისაჲ - ეშმაკი და ცოდვაჲ, და არცა ერთი რაჲ აქუს ზიარებაჲ ურთიერთას.
ვისწრაფოთ უკუე, რაჲთა ყოველნი ზეცისა ქალაქსა მკჳდრ ვიქმნნეთ. ვიდრემდის ვართ ექსორიობასა? მივიდეთ პირველსა მას ჩუენსა მამულსა. ხოლო უკუეთუ ვინ უნათლავი წარვიდეს, დაღაცათუ ყოველივე სათნოებაჲ მას აქუნდეს, არასადა მივალს სხუად, გარნა გეჰენიასა ცეცხლისასა და მატლსა წამლეანსა და ბნელსა გარესკნელსა. არამედ ნუმცა ვის ზედა მოწევნულ არს იგი სატანჯველი, გარნა რაჲთა ვისწრაფოთ საქმეთა მიერ კეთილთა და აღვაშენოთ ოქროჲ და ვეცხლი და ქვანი პატიოსანნი საფუძველსა მას ზედა მოციქულთასა, რაჲთა ესრეთ ვიპოვნეთ მუნ მდიდრად, რაჟამს ყოველივე მონაგები ჩუენი მუნ მივიღოთ ჴელითა გლახაკთაჲთა.
რამეთუ ფრიადი თანაგუაც ქრისტესი არა საფასჱ, არამედ ცოდვათა თანანადები. ვავასხოთ უკუე საფასჱ, რაჲთა მოგჳტევნეს ცოდვანი, და ნუმცა შეურაცხ-ვჰყოფთ აქა მშიერსა და შიშუელსა, რაჲთა მუნ გამოგუზარდნეს ჩუენ და შეგუმოსოს სამოსელი იგი უხრწნელებისაჲ. უკუეთუ აქა ვასუათ მას, არა ვთქუათ, ვითარცა მან მდიდარმან, თუ: „მოავლინე ლაზარე, რაჲთა დამისოვლოს ენაჲ“;1 უკუეთუ აქა შევიწყნაროთ იგი, მუნ სავანეთა მრავალთა განმიმზადებს; უკუეთუ მივიდეთ მისა საპყრობილესა შინა, მანცა გჳჴსნნეს საპყრობილისაგან; უკუეთუ უცხოჲ იყოს იგი და შევიწყნაროთ, მანცა შემიწყნარნეს უცხოქმნულნი ესე სასუფეველსა ცათასა; უკუეთუ უძლური იყოს და ვიხილოთ, მანცა ადრე განგუათავისუფლნეს უძლურებათაგან ჩუენთა.
1 შდრ. ლუკ. 16,24.
და ამისთჳს მივსცნეთ დიდთა მათ ნიჭთათჳს მცირენი და არარანი საქმენი, ვიდრეღა ჟამი გუაქუს, ვსთესოთ, რაჲთა ოდეს ზამთარი მოვიდეს, გუაქუნდეს საუნჯჱ სავსჱ, რაჟამს ზღუაჲ არღარა ივლებოდის, რა-ჟამს მოიწიოს დღჱ იგი დიდი, რამეთუ მაშინ არღარა ივლების ზღუაჲ ესე დიდი და ვრცელი. აწ არს ჟამი თესვისაჲ, და რომელმან არა სთესოს, საწყალობელ იქმნეს იგი. ნუმცა უკუე უდებ ვიქმნებით, არამედ ვსთესოთ კეთილად და განვაბნიოთ საფასჱ, რაჲთა ნაყოფი მდიდრად მოვიღოთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.