მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კდ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა იყო იერუსალჱმს პასექსა მას დღესასწაულსა, მრავალთა ჰრწმენა მისი“ (2,23).

თ ა რ გ მ ა ნ ი: მაშინდელნი იგი კაცნი რომელნიმე საცთურსა მიქცეულ იყვნეს, და რომელნიმე ჭეშმარიტებასა უსმენდეს, და მათგანნი რომელნიმე მოიქცეოდეს და კუალად დაეცემოდეს, რომელნიცა ქრისტემან თჳთოსახესა ქუეყანასა მიამსგავსნა: რომელნიმე - კლდოვანსა, და რო მელნიმე - ეკლოვანსა, და რომელნიმე - კეთილსა ქუეყანასა.1 და ამას მოასწავებს მახარებელი და იტყჳს, ვითარმედ: „რაჟამს იყო იერუსალჱმს, მრავალთა ჰრწმენა მისი, ჰხედვიდეს რაჲ სასწაულთა მისთა, რომელთა იქმოდა. ხოლო თჳთ იესუ არა არწმუნებდა მათ თავსა თჳსსა“ (2,23-24), რამეთუ მოწაფენი ჭეშმარიტნი იგინი იყვნეს, რომელნი არა სასწაულთაგან, არამედ სწავლისა მიერ მოიქცეოდეს და შეუდგეს მას; ხოლო ზრქელთარე სასწაულნი მოაქცევენ, და გულისხმისმყოფელთარე - სწავლანი; და რომელნიცა სწავლისა მიერ მოიქცეს, იგინი სასწაულთა მიერ უმეტესად განმტკიცნებოდეს, რომელთაცა ჰნატრიდა ქრისტე, ვი-თარმედ: „ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე“.2 ხოლო იგინი, რომელთა აწ ჰრწმენა, არა ფრიად ჭეშმარიტნი იყვნეს. ამისთჳსცა უფალმან, რომელმანცა ყოველივე იცოდა, არა არწმუნა მათ თავი თჳსი, რამეთუ არა უჴმდა მას წამებაჲ კაცისაგან, არამედ ყოველივე თჳთ იცოდა3 და გულთა მათთა ჰხედვიდა. ამისთჳსცა არა ჰრწმენნეს სიტყუანი მათნი და ამისთჳს არა მიანდობდა თავსა თჳსსა, ვითარცა მტკიცე-თა ვიეთმე, რამეთუ რწმუნებაჲ სიტყუათაჲ კაცისაჲ არს, ხოლო ხედვაჲ გულთაჲ მხოლოჲსა ღმრთისაჲ არს, „რომელმან დაჰბადნა გულნი“;4 რამეთუ იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: „შენ უწყნი გულნი მხოლომან“.5 არა უჴმდეს უკუე მას მოწამენი, რაჲთამცა ცნნა გულნი მის მიერ დაბადებულთანი, რომელმან-იგი იცნის ყოველნი მომავალნი და უხილავნი, და მათიცა ადვილად შეცვალებაჲ ბოროტისა მიმართ იცოდა და ამისთჳს „არა არწმუნებდა მათ თავსა თჳსსა“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყო ვინმე კაცი ფარისეველთაგანი, ნიკოდემოს სახელი მისი, მთავარი ჰურიათაჲ. ესე მოვიდა მისა ღამე“ (3,1-2).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე შორისცა სახარებასა ჩანს, ვითარმედ იღუწიდა ქრისტესათჳს, რამეთუ ეტყოდა მათ, ვითარმედ: „შჯული ჩუენი არავის შჯის, უკუეთუ არა პირველად ისმინოს მისგან“.6 და კუალად ჟამსა ვნებისასა ფრიადი მოღუაწებაჲ აჩუენა, რამეთუ მოვიდა ღამით ნიკოდემოსცა

1 შდრ. მათ. 13,5-8, 20-23; მარკ. 4,5-8,16-20; ლუკ. 8,6-8,13-15. 2 იოან. 20,29. 3 შდრ. იოან. 2,24-25. 4 შდრ. ფსალმ. 32,15. 5 3 მეფ. 8,39. 6 შდრ. იოან. 7,51.

და მოიღო მური და ალოჲ ასი ლიტრაჲ,1 და აწცა ქრისტეს მიმართ აქუნდა სარწმუნოებაჲ, არამედ არა ვითარცა ჯერ-არს; ამისთჳსცა ღამით მოვიდა მისა, რამეთუ დღისი ეშინოდა, არამედ კაცთმოყუარემან უფალმან არავე გარემიაქცია, არცა გამოაჴუა თჳსისა სწავლისაგან, არამედ ასწავნა სწავლანი მაღალნი და დიდნი. ხოლო ისმინე, რასა იტყჳს ნიკოდემოს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაბი, ვიცი, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ შენ მოძღურად, რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების სასწაულთა ამათ საქმედ, რომელთა შენ იქმ, უკუეთუ არა ღმერთი იყოს მის თანა“ (3,2).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჯერეთ კაცობრივი გულისსიტყუაჲ აქუნდა ნიკოდემოსს და ვითარცა წინაჲსწარმეტყუელსა ვისმე, ესრეთ ეტყოდა: „ვიცი, რამეთუ ღმრთისა მიერ მოვლინებულ ხარ მოძღურად“. არამედ ქრისტემან არარაჲ ამხილა, თუ: რად კაცობრივი გულისსიტყუაჲ გაქუს ჩემთჳს? რამეთუ თჳთ უფალი იტყჳს, ვითარმედ: „არა მოვედ, რაჲთა დავსაჯო სოფელი, არამედ რაჲთა ვაცხოვნო სოფელი“.2 და ვითარცა მრავალგზის მითქუამს, არა თჳსსა პატივსა გამოჩინებად ისწრაფდა უფალი, არამედ რაჲთამცა მრავალნი აცხოვნნა და დაარწმუნა ყოველ-თა, ვითარმედ არარას იქმს წინააღმდგომსა მამისასა. ამისთჳსცა სიტყჳთ მრავალგზის სიმდაბლით იტყჳს უფალი, ხოლო საქმით, რა-ჟამს იქმნ სასწაულთა, გამოაჩინებნ მუნ თჳსსა ჴელმწიფებასა, ვითარ ცა-იგი რაჟამს ჰრქუა კეთროვანსა: „მნებავს, განწმდი!“3 და: „ჭაბუკო, აღდეგ!“4 და: „მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“5 და: „აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!“6 და: „შენ გეტყჳ, ეშმაკო, განვედ!“7 და ვითარმედ: „იყავნ შენდა, ვითარცა გნებავს!“8 და: „დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა“.9 და ყოვლისაგანვე ვხედავთ ჴელმწიფებასა მისსა, რამეთუ საქმეთათჳს არავის აქუნდა სიტყუაჲ, ხოლო სიტყუათათჳს მრავალნი დაჰბრკოლდიან, უგუნურნი იგი, და იტყოდიან, ვითარმედ: ზუაობით იტყჳს. ამისთჳსცა ნიკოდემოსს ცხადად მაღალსა სიტყუასა არა ეტყჳს, არამედ იგავით ასწავებს თჳსსა ძალსა, ვითარმედ შემძლებელ არს თავით თჳსით ქმნად სასწაულთა, თჳნიერ ყოვლისა შემწისა, რამეთუ მამამან სრული შვა იგი და არარაჲთ ნაკლულევანი. და იხილეთ, ვითარ ეტყჳს მას. რამეთუ ვინაჲთგან ნიკოდემოს თქუა, ვითარმედ: „რაბი, ვიცი, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ მოძღურად, რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების სასწაულთა ამათ საქმედ, რომელთა შენ იქმ, უკუეთუ არა ღმერთი იყოს მის თანა“, და ჰგონებდა, ვითარმედ: დიდად მიქიეს და მიდიდებიეს ქრისტჱ ამათ სიტყუათა მიერ, ხოლო უფალსა ენება, რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ ჯერეთ კარსაცა არა შესრულ არს მისისა

1 იოან. 19,39. 2 იოან. 12,47; შდრ. იოან. 3,17. 3 მათ. 8,3; მარკ. 1,41; ლუკ. 5,13. 4 ლუკ. 7,14. 5 მარკ. 2,9. 6 მარკ. 2,11; იოან. 5,8,11,12. 7 შდრ. მარკ. 9,25. 8 მათ. 15,28. 9 ლუკ. 23,43.

გულისხმის-ყოფისასა, და ვითარმედ შორს არს სასუფეველისაგან ყოველი, რომელი მისთჳს ესევითართა სიტყუათა იგონებდეს, ამისთჳსცა ჰრქუა მას:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ჴელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ღმრთისაჲ“ (3,3).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს: უკუეთუ შენ არა მოიღო შობაჲ იგი სულიერი და ზეცისა გულისხმის-ყოფაჲ, და ზეცით მოიღო სწავლაჲ სარწმუნოებისაჲ, გარე ხარ სასუფეველსა ცათასა. გარნა ესრეთ ცხადად არა ჰრქუა, არამედ რაჲთა უტკივარ-ყოს სიტყუაჲ იგი, ამისთჳს თქუა, ვი-თარმედ: „უკუეთუ ვინმე“, ესე იგი არს, ვითარმედ: გინა თუ შენ, გინა თუ სხუაჲ ვინ იყოს და ჩემთჳს ესევითარი უძლური და კაცობრივი სიტყუაჲ აქუნდეს და იტყოდის, ვითარმედ: „უკუეთუ ღმერთი არამცა იყო შენ თანა, ვერ იქმ სასწაულთა“, და არა უწყოდის, ვითარმედ მე ვარ თჳთ ღმერთი და არავის მიერ მიჴმს შეწევნაჲ, ესევითარი იგი ვერ ღირს იქმნეს სასუფეველსა ცათასა. არამედ ჰურიათა უკუეთუმცა ასმიოდა სიტყუაჲ იგი, განეცინნესმცა, გარნა ამან გამოაჩინა თჳსი სწავლისმოყუარებაჲ. ამისთჳსცა ქრისტემან უწყოდა მისი სწავლისმოყუარებაჲ და იგავით ჰრქუა, რაჲთა აღძრას იგი კითხვად და ძიებად სიტყჳსა მის, რამეთუ ყოველი დაფარული მოსწრაფეთა გამოძიებად მოიყვანებს. ხოლო სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ესევითარი არს, ვითარმედ: უკუეთუ არა იშვე მეორედ შობითა მით ზეცისაჲთა და მიიღო სული იგი მეორედ შობისაჲ, ვერ ძალ-გიც ჩემთჳს რაჲსმე ღირსად გულისხმის-ყოფად, რამეთუ რომელსა აწ იტყჳ, ეგე გულისსიტყუაჲ არა სულიერი არს, არამედ მშუმინვიერი, და რომელი არა ესრეთ შობილ იყოს, ვერ იხილოს მან სასუფეველი ღმრთისაჲ; ხოლო სასუფეველად თჳსსაცა თავსა მოასწავებდა, ვითარმედ: უკუეთუ ესრეთ არა იყო, ვერ მიხილო, ვითარცა ჯერარს. ესე რაჲ ესმა ნიკოდემოსს, ჰრქუა მას:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ბერსა შობად?“ (3,4).

თ ა რ გ მ ა ნ ი: „რაბით“ უწოდ მას და „ღმრთისა მიერ მოსრულად“ და არა გრწამსა სიტყუაჲ მისი? არამედ ურწმუნოებისა ამას სახესა და სიტყუასა შემოიღებ შორის, რამეთუ სიტყუაჲ ესე, თუ: „ვითარ?“ ურწმუნოთაჲ არს. იხილე, ნიკოდემოს ვითარ შეშფოთნა, რამეთუ გულისხმა-ყო, ვითარმედ მისა მიმართ იყო სიტყუაჲ იგი, და დაუკჳრდა და შეძრწუნდა, რამეთუ მისრულ იყო, ვითარცა კაცისა მიმართ, და ესმოდა ყოველივე უზეშთაესი კაცთაჲსაჲ და ვერ ძალ-ედვა გულისხმის-ყოფად სიტყუათა მათ. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: შეუძლებელ არს, რაჲთამცა მოიყვანა იესუ სწავლად მისა უსრულესადრე, და იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუუკუე შესაძლებელ არს მუცელსა დედისასა შესლვად და მეორედ შობად?“ (3,4).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავთა, ვითარ, რაჟამს სულიერთა ვინ სიტყუათა ჴორციელად და კაცობრივთა საქმეთაებრ გულისხმა-ჰყოფდეს, საკიცხელ და ტყუვილ უჩნს, რაჟამს თჳსთა საქმეთა გამოიწულილვიდეს და არა სარწმუნოებით შეიწყნარებდეს გამოუწულილველად? რამეთუ ესმა ნიკოდემოსს შობაჲ და ვერ გულისხმა-ყო, თუ სულიერსა შობასა იტყჳს, არამედ დიდი იგი და მაღალი სიტყუაჲ ჴორციელსა სიმდაბლესა შინა შთამოიყვანა და ამისთჳს საკიცხელ უჩნდა სიტყუაჲ იგი. ამისთჳს იტყჳს პავლე, ვითარმედ: „მშუმინვიერი კაცი ვერას შეიწყნარებს სულიერსა“.1 გარნა ამან ამასცა ზედა დაიცვა პატივი ქრისტესი და არა განაგდო სიტყუაჲ იგი, არამედ თქუა, ვითარმედ: „ვითარ შესაძლებელ არს?“ და დაიდუმა, რამეთუ ორი იყო წინააღმდგომი: ერთად, შობაჲ ესევითარი, და კუალად, სასუფეველი, რამეთუ არცაღა სასუფეველი იცოდეს ჰურია-თა, და ამისთჳს უკჳრდა მას საქმჱ იგი.

სწავლაჲ კდ რაჲთა არა გამოვიწულილვიდეთ საქმეთა ღმრთისათა, არამედ ოდენ გურწმენეს, და სათნოდ ცხორებისათჳს

ხოლო ჩუენ ნუმცა კაცობრივითა გულისსიტყჳთა გამოვეძიებთ საქმეთა ღმრთისათა, არამედ ყოველსავე შევიწყნარებდეთ შეუორგულებელად, რამეთუ გამომწულილველი ირგებს ვერარას, არამედ ოდენ სულსა ზედა თჳსსა საშჯელსა მოაწევს და საძიებელსა მას ვერ ჰპოებს; რამე-თუ გესმეს შენ „შობაჲ“, ნუ იტყჳ, თუ: ვითარ იშვა? ნუცა ურწმუნო იქმნები, არამედ შეიწყნარე სარწმუნოებით, რამეთუ უკუეთუ ნიკოდემოს, რომელ შობაჲ იგი სულიერი ვერ გულისხმა-ყო, იბრალა, უკუე რომელნი საშინელსა მას და დაუსაბამოსა ძისა შობასა უარ-ჰყოფენ, ვითარი-მე საშჯელი მიიღონ? რამეთუ გონებაჲ კაცთა ამპარტავანთაჲ ბნელ არს, არამედ ჩუენ ზეცით ვითხოვოთ გულისხმის-ყოფაჲ, რაჲთა ესრეთ განა-თლებულ ვიყვნეთ; ხოლო ესე მაშინ მოგუეცეს, რაჟამს საქმენი კეთილნი ვაჩუენნეთ, რამეთუ ბოროტნი საქმენიცა დააბნელებენ გონებასა, და სული ვნებული ვერარას შემძლებელ არს კეთილსა გულისხმის-ყოფად, არამედ მარადის მრღჳე და ბნელ არს.

ხოლო ჩუენ განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი, განვანათლნეთ გონებანი ჩუენნი, ნუმცა ვსთესავთ ეკალთა ზედა, რომელ არიან ზრუნვანი და საცთურნი ამის სოფლისანი, რამეთუ ვითარცა ეკალნი მუშაკისა საძულელ არიან და ცეცხლისა მიერ ადვილად დასაწუველ, ეგრეთვე ამის სოფლისა

1 შდრ. 1 კორ. 2,14.

საქმენი; და ვითარცა ეკალთა შინა გუელნი და იქედნენი და ყოველნი ქუეწარმავალნი დაემკჳდრებიან, ეგრეთვე საცთურსა შინა სოფლისასა. არამედ მოვიყვანოთ ცეცხლი იგი სულისა წმიდისაჲ, რაჲთა ეკალნიცა იგი მოიწუნენ, და მჴეცნი ვლტოლვილ იქმნნენ, და ქუეყანაჲ ჩუენი წმიდა იქმნეს და შემწყნარებელ საღმრთოთა თესლთა; დავჰნერგოთ ნაყოფიერი იგი ზეთისხილი, შინაური იგი ნერგი, მარადის შუებული, განმანათლებელი, სიმართლისა მოქმედი, რომელ არს მოწყალებაჲ, რომელი მარადის განანათლებს სულსა და გონებასა. უკუეთუ იგი გუაქუნდეს, შეუძლოთ კადნიერებით სასძლოსა მასცა შესლვად და სიძისა მის ხილვად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.