📋 სარჩევი
„სახედ გაქუნდინ ცოცხლებისა სიტყუაჲ იგი, რომელი გესმა ჩემგან სარწმუნოებითა და სიყუარულითა ქრისტე იესუჲსითა. კეთილი იგი ვედრი დაიმარხე სულითა წმიდითა, რომელმან დაიმკჳდრა ჩუენ თანა. უწყი სამე ესე, რამეთუ დამიტევეს მე ყოველთა, რომელნი არიან ასიას შინა, რომელ არიან ფიგელოს და ერმოგენი. მოეცინ უფალმან წყალობაჲ ონისიფორეს სახლსა, რამეთუ მრავალ-გზის მე განმისუენა, და ჯაჭჳ ესე ჩემი არა სირცხჳლ-უჩნდა; არამედ მოვიდა ჰრომედ და მოსწრაფედ მეძიებდა მე და მპოვა. მოეცინ მას უფალმან პოვნად წყალობაჲ უფლისა მიერ მას დღესა შინა; და რაოდენი-იგი ეფესოს შინა მმსახურა, უმჯობეს შენ უწყი.“ ().
1.
საქმენი, რომელთა აღსრულებაც საჭირო იყო, მოწაფეს მხოლოდ წერილებით კი არ ასწავლიდა, არამედ უკვე სიტყვებითაც. ეს მან მრავალ ადგილას და სხვა წერილებშიც ცხადყო, როცა ამბობდა: „გინა სიტყჳთა, გინა წიგნითა ჩუენითა“ (); მით უმეტეს აქ. ამიტომ ნუ ვიფიქროთ, თითქოს სწავლების შესახებ რამე ნაკლულად ყოფილიყოს ნათქვამი; რადგან ბევრი რამ მას დაუწერლადაც გადასცა; და სწორედ ამას ახსენებდა, როცა ეუბნებოდა: „სახედ გაქუნდინ ცოცხლებისა სიტყუაჲ იგი, რომელი გესმა ჩემგან“ (). რას ნიშნავს ეს, რასაც ამბობს? როგორც მხატვრების შემთხვევაში ხდება, ამბობს იგი, სათნოებისა და ღმერთს სათნოყოფილი ყოველივეს ხატი შენში ჩავბეჭდე, თითქოს შენს სულში დამედოს ერთგვარი კანონი, პირველსახე და საზღვრები. მაშ, ესენი გქონდეს: თუ რწმენის, თუ სიყვარულის, თუ უმანკოების შესახებ დაგჭირდება რაიმეზე განსჯა, იქიდან მიიღე ნიმუშები; სხვებისგან ხატის ძებნა აღარ დაგჭირდება, რადგან ყველაფერი იქ არის დადებული. „კეთილი იგი ვედრი დაიმარხე“ (). როგორ? „სულითა წმიდითა, რომელმან დაიმკჳდრა ჩუენ თანა“ (). რადგან მხოლოდ ადამიანურ სულსა და ძალას არ ძალუძს, ამდენი მინდობილის დასაცავად საკმარისი იყოს.
რატომ? რადგან მძარცველნი მრავალნი არიან, წყვდიადი ღრმაა; ეშმაკი ჯერ კიდევ თავს გვადგას და ჩასაფრებულია; არ ვიცით, რომელ ჟამს, რომელ დროს დაგვესხმის თავს. მაშ, როგორ ვიქნებით საკმარისნი დასაცავად, ამბობს? სულიწმინდით, ესე იგი, თუ სულიწმინდა ჩვენთან გვექნება; თუ მადლს არ განვადევნით, ჩვენთან იქნება. „არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღჳძებენ მჴუმილნი მისნი“ (). ეს არის ჩვენთვის კედელი, ეს არის სიმაგრე, ეს არის თავშესაფარი. თუ, მაშ, სულიწმინდა მკვიდრობს და თავადაც იცავს, რაღა საჭიროა დარიგება? იმისთვის, ამბობს, რომ იგი შევინარჩუნოთ, იგი დავიცვათ და ბოროტი საქმეებით არ განვდევნოთ. შემდეგ განსაცდელებს განმარტავს, არა იმიტომ, რომ მოწაფის დამხობა სურს, არამედ რათა წამოაყენოს: თუ ოდესმე მასაც შეემთხვევა ესენი, უცხოდ არ მოეჩვენოს, როცა მოძღვარს მიაპყრობს მზერას და გაიხსენებს ყველაფერს, რაც მას შეემთხვა.
მაშ, რას ამბობს? რადგან მოსალოდნელი იყო, რომ შეპყრობილი მიტოვებული დარჩენილიყო, არანაირი კაცთმოყვარეობა, თანადგომა და დახმარება არ მიეღო, არამედ თვით მორწმუნეთა და მეგობართაგანაც ღალატი ეგემა, მოისმინე, რას ამბობს: „უწყი სამე ესე, რამეთუ დამიტევეს მე ყოველთა, რომელნი არიან ასიას შინა“ (). ალბათ მაშინ რომში აზიის მხარეებიდან ბევრი იყო; მაგრამ, ამბობს, არავინ დამიდგა გვერდით, არავინ მიცნო, ყველანი გამიუცხოვდნენ. და იხილე მისი სიბრძნისმოყვარე სული. მან მხოლოდ მომხდარი თქვა, მათთვის არ შეუჩვენებია; არამედ ის, ვინც ეს მოიმოქმედა, შეაქო კიდეც და მისთვის ურიცხვ სიკეთეს ევედრება, ხოლო მათ არ შეუჩვენა; მაშ, რას ამბობს? „რომელ არიან ფიგელოს და ერმოგენი“ (). ამბობს: „მოეცინ უფალმან წყალობაჲ ონისიფორეს სახლსა, რამეთუ მრავალ-გზის მე განმისუენა, და ჯაჭჳ ესე ჩემი არა სირცხჳლ-უჩნდა; არამედ მოვიდა ჰრომედ და მოსწრაფედ მეძიებდა მე და მპოვა“ (). იხილე, როგორ ყველგან სირცხვილს ახსენებს და არა საფრთხეს, რათა ტიმოთეს არ შეშინებოდა, თუმცა საქმე საფრთხეებით იყო სავსე; რადგან მაშინ ნერონს შეეჯახა, როცა მის ახლობელთაგან ვინმე დაიახლოვა. მაგრამ, ამბობს, რომში მოსულმა არა მხოლოდ არ აირიდა ჩემთან შეხვედრა, არამედ კიდევაც მეძია და მიპოვა. „მოეცინ მას უფალმან პოვნად წყალობაჲ უფლისა მიერ მას დღესა შინა“ (). „და რაოდენი-იგი ეფესოს შინა მმსახურა, უმჯობეს შენ უწყი“ ().
ასეთნი უნდა იყვნენ მორწმუნენი: არც შიშმა, არც მუქარამ, არც სირცხვილმა არ უნდა დააბრკოლოს ისინი, არამედ ერთმანეთს უნდა შეეწიონ, როგორც ომში გვერდით დგომითა და დახმარებით. რადგან საფრთხეში მყოფთ იმდენად კი არ რგებენ, რამდენადაც საკუთარ თავს, როცა მათთვის გაწეული საქმეებით საკუთარ თავს იმ გვირგვინთა თანაზიართ ხდიან, რომლებიც მათ ეკუთვნით. მაგალითად, ღმერთს მიკუთვნილთაგან ვინმე ჭირში იმყოფება, მრავალ საშინელებას ითმენს და დიდი სიმტკიცით იბრძვის; შენ ჯერ ამ ბრძოლაში არ შესულხარ; თუ მოისურვებ, შეგიძლია, სტადიონზე არც შესულმა, მისთვის დამზადებულ გვირგვინთა წილისმქონე გახდე: მასთან ყოფნით, ზეთისცხებით, გამხნევებითა და აღძვრით. და რომ ეს მართლაც ასეა, მოისმინე, რას ამბობს სხვაგან წერისას: „გარნა კეთილად ჰყავთ, რამეთუ ეზიარენით ჭირთა ამათ ჩემთა“ (); და კვლავ: „რამეთუ თესალონიკედცა ერთ-გზის და ორ-გზისცა საჴმრად ჩემდა მომიძღუანეთ“ (). და როგორ ეზიარნენ ჭირს არმყოფნი იმასთან, ვინც მათთან არ იმყოფებოდა? როგორ? ამბობს: „რამეთუ თესალონიკედცა ერთ-გზის და ორ-გზისცა საჴმრად ჩემდა მომიძღუანეთ“ (). და კვლავ, ეპაფროდიტეზე საუბრისას ამბობს: „რამეთუ საქმისათჳს ქრისტესისა სიკუდილადმდე მიიწია წინა-დაპყრობად სულითა, რაჲთა აღავსოს თქუენი იგი დაკლებული ჩემდა მომართ მსახურებისაჲ“ (). რადგან როგორც მეფეთა საქმეებში პატივში მხოლოდ მებრძოლნი კი არ მონაწილეობენ, არამედ საჭურვლის მცველნიც, და არა უბრალოდ, არამედ ხშირად თანაბარ ჯილდოებსაც იღებენ, თუმცა ხელებიც კი არ გაუსისხლიანებიათ, იარაღი არ აუღიათ და მტერთა წყობა საერთოდ არ უხილავთ; მით უფრო ამ ჭირებში. რადგან ვინც შიმშილით დადნობილ მოღვაწეს ეხმარება, ვინც მასთანაა, სიტყვებით შეაგონებს და მთელ დანარჩენ მზრუნველობას უწევს, მებრძოლთან თანაბარი წილი აქვს.
2.
ნუ წარმოიდგენ აქ პავლეს, იმ მოღვაწეს, რომელსაც ვერავინ შეერკინებოდა და ვერავინ დაამარცხებდა, არამედ მრავალთაგან რომელიმე სხვას, რომელიც, მრავალი ნუგეში და მრავალი გამხნევება რომ არ შეხვედროდა, ალბათ ვერც დადგებოდა და ვერც იღვაწებდა. ამიტომ ისინი, ვინც ასპარეზობის გარეთ არიან, ასპარეზობაზე შესულისთვის გამარჯვების მიზეზნი გამხდარან და გამარჯვებისთვის დადებულ გვირგვინთა თანაზიარნიც შეიძლება გახდნენ. და რა არის საკვირველი, თუ ვინმე, ჯერ კიდევ ცოცხლებთან თანაზიარებით, იმავეს ღირსად შეირაცხება, რისიც მოღვაწენი? ასევე შესაძლებელია გარდასულებთანაც, უკვე განსვენებულებთანაც, დაგვირგვინებულებთანაც და არაფრის საჭიროების მქონეებთანაც ზიარება სიკვდილის შემდეგაც; რადგან მოისმინე პავლე, რომელიც ამბობს: „წმინდათა ხსენებებს ეზიარებოდეთ“1 (). და როგორ არის შესაძლებელი ზიარება? ამბობს იგი. როცა იმ კაცით აღფრთოვანდები, როცა იქმ რაიმეს იმათგან, რისთვისაც იგი დაგვირგვინდა, ცხადია, მასთან ერთად ღვაწლთა და გვირგვინთა თანაზიარი გამხდარხარ.
იგი ამბობს: „მოეცინ მას უფალმან პოვნად წყალობაჲ უფლისა მიერ მას დღესა შინა“ (). „მან მე შემიწყალა“, ამბობს; მაშ, ექნება მისაგებელი იმ საშინელსა და შემაძრწუნებელ დღეს, სადაც დიდი წყალობა გვჭირდება. იგი ამბობს: „მოეცინ მას უფალმან პოვნად წყალობაჲ უფლისა მიერ“ (). ნუთუ ორი უფალია? არავითარ შემთხვევაში; არამედ ჩვენთვის „ერთ არს უფალი იესუ ქრისტე“ და „ერთ არს ღმერთი მამაჲ“ (). აქ მარკიონის სენით სნეულნი ნათქვამს ეცემიან; მაგრამ ისწავლონ, რომ ეს წერილის ჩვეულებაა, და მრავალ ადგილას შეიძლება ვიპოვოთ, რომ წერილი ამ ჩვეულებით სარგებლობს, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა“ (); და კვლავ: „ვარქუ უფალსა: უფალი ჩემი ხარი შენ“ (); და სხვაგან: „და უფალმან აწჳმა სოდომსა და გომორსა ზედა წუნწუბაჲ და ცეცხლი უფლისა მიერ ზეცით“ (). ეს კი თანაარს პირთა წარმომჩენელია და არა ბუნების განმყოფი; რადგან ამას იმისთვის კი არ ამბობს, რომ ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული არსება ვიგულისხმოთ, არამედ იმისთვის, რომ ორი პირი შევიცნოთ, რომელთაგან ორივე ერთი და იმავე არსებისაა.
იხილე კი, როგორ თქვა: „მოეცინ მას უფალმან“ (). რა არის ეს? სხვა არაფერი, არამედ წყალობა. რადგან თვითონ მიიღო წყალობა ონისიფორესგან, სწორედ ამის მიღებას სთხოვს ღმერთს მისთვისაც. და თუ ონისიფორე, რომელმაც თავისი თავი საფრთხეებს შეუგდო, წყალობით ცხონდება, მით უფრო ჩვენ.
საშინელია ანგარიშგება, საშინელი, და მრავალი კაცთმოყვარეობა გვჭირდება, რათა არ მოვისმინოთ ის შემაძრწუნებელი სიტყვა: „არა გიცნი თქუენ, გამნეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი“ (); რათა კვლავ არ მოვისმინოთ ის საშინელი: „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს“ (); რათა არ მოვისმინოთ: „შორის ჩუენსა და შენსა დანახეთქი დიდი დამტკიცებულ არს“ (); რათა არ მოვისმინოთ ის, რაც ძრწოლით არის სავსე: „აღიღეთ იგი“2 და „განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა“ (); რათა არ მოვისმინოთ ის, რაც დიდი შიშით არის სავსე: „ბოროტო მონაო და მედგარო!“ (). რადგან მეტად შემაძრწუნებელია ის სამსჯავრო და საშინელი; თუმცა ღმერთი მშვიდია, თუმცა ტკბილია. რადგან იგი იწოდება „მამაჲ მოწყალებათაჲ და ღმერთი ყოვლისა ნუგეშინის-ცემისაჲ“ (), და კეთილია ისე, როგორც წერია: „არავინ არს სახიერ, გარნა ღმერთი მხოლოჲ“ (); და კიდევ: „ტკბილ და მართალ ხარ და დიდად მოწყალე“ (); და არ სურს ცოდვილის სიკვდილი, არამედ მისი მოქცევა და სიცოცხლე: „არა მნებავს მე სიკუდილი უთნოჲსაჲ, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან მისისა და ცხოვნებაჲ მისი“ (). მაშ, საიდან, საიდან არის ის დღე ამოდენა შფოთით სავსე? „მდინარე ცეცხლისაჲ იზიდვოდა, გამომავალი წინაშე მისსა“ (); „წიგნნი განეხუნეს“ (), ჩვენი საქმეების წიგნები; ეს დღე კი „შემწუელი ვითარცა თორნე“ მოდის (); ანგელოზები მიმოდიან და მრავალი სახმილი წინ იდგმება. მაშ, როგორ არის კაცთმოყვარე? როგორ არის მოწყალე? როგორ არის კეთილი? კაცთმოყვარეა სწორედ ამგვარადაც, და ამით განსაკუთრებით გამოჩნდება მისი კაცთმოყვარეობის სიდიდე. რადგან სწორედ ამისთვის გვიქადის ამხელა შიშს, რათა ამით მაინც, თითქოს ბიძგით, სასუფევლის სურვილისკენ ოდესმე გამოვფხიზლდეთ.
იხილე, როგორ არ უბრალოდ მოწმობს ონისიფორეს შესახებ, არამედ ამბობს: „მრავალ-გზის მე განმისუენა“ (). თითქოს რომელიმე მოღვაწე გვალვისგან, ანუ ჭირთაგან, იწნეხებოდა. „გამომაბრუნა, ამბობს, და გამაძლიერა“. „და რაოდენი-იგი ეფესოს შინა მმსახურა, უმჯობეს შენ უწყი“ (). არა მხოლოდ ეფესოში, ამბობს, არამედ აქაც. რადგან ასეთი უნდა იყოს მღვიძარე და გამოფხიზლებული კაცი: არა ერთხელ იშრომოს, არც მეორედ, არც მესამედ, არამედ მთელი სიცოცხლის განმავლობაში. რადგან როგორც ჩვენი სხეული, ერთხელ ნასაზრდოები, მთელი სიცოცხლის არსებობას ვერ ინარჩუნებს, არამედ ყოველდღიურ საზრდოსაც საჭიროებს, ასევე აქაც, ღვთისმოსაობაში, ყოველდღე გვჭირდება საქმეებიდან მომავალი შემწეობა. რადგან დიდი წყალობა გვჭირდება; ჩვენი ცოდვების გამო კაცთმოყვარე ღმერთიც ყოველივე ამას აკეთებს, თვითონ მათგან არაფერს საჭიროებს, მაგრამ ყველაფერს ჩვენთვის აკეთებს.
ამიტომაც ყოველივე გვითხრა და გვიამბო; და არა მხოლოდ გვიამბო, არამედ საქმეებითაც ამტკიცებს. რადგან იგი მხოლოდ სიტყვებითაც სანდო იყო; მაგრამ რათა ვინმემ არ იფიქროს, რომ ეს სიტყვები მხოლოდ გადაჭარბება ან მხოლოდ მუქარაა, საქმეებიდან მომდინარე დარწმუნებასაც უმატებს. როგორ? იმით, რომ სასჯელებს მოავლენს როგორც კერძოდ, ისე საერთო სახით. და რათა თვით საქმეებიდან ისწავლო: ხან ფარაონი დასაჯა, ხან წყლის წარღვნა მოავლინა და ის სრული დაღუპვა, ხან კი ცეცხლით მომხდარი წარწყმედა. ახლაც ვხედავთ ბოროტთაგან მრავალს, რომლებიც ისჯებიან და სასჯელს იხდიან; ეს ყოველივე გეჰენის წინასახეა.
3.
რამეთუ, რათა არ გვეძინოს, არც მოვდუნდეთ და არც სიტყვები დაგვავიწყდეს, საქმეებით გვახსენებს და გვაფხიზლებს: აქ გვიჩვენებს სამსჯავროებს, სასამართლოებსა და ანგარიშგებებს. მაშ, ადამიანებთან სიმართლისადმი ასეთი დიდი მზრუნველობაა, ხოლო ღმერთთან, რომელმაც ესენიც დაადგინა, ნუთუ ამის არავითარი ანგარიში არ არის? და ეს როგორღა იქნება სარწმუნო? რადგან სახლშიც, მოედანზეც და ყველგან შეიძლება სასამართლოების ხილვა. სახლში ბატონი ყოველდღე მონებს ასამართლებს, შეცოდებებისთვის მათგან ანგარიშს ითხოვს, ზოგს სჯის, ზოგს კი მიუტევებს. მინდვრებშიც კვლავ მიწათმოქმედი და მისი ცოლი ყოველდღე სამსჯავროს მართავენ; ხომალდებზე მესაჭე ასამართლებს, ბანაკებში სარდალი — ჯარისკაცებს; და მრავალი სასამართლო იპოვება; ხელობებში კი მასწავლებელი — მოწაფეს. ამრიგად, კერძოდაც და საზოგადოებრივადაც ყველანი ერთმანეთს ასამართლებენ, და ვერსად იხილავს ვინმე, რომ სიმართლის ანგარიში უგულებელყოფილი იყოს; პირიქით, ყველგან ყველანი ანგარიშს აბარებენ. მაშ, აქ სიმართლის ძიება ასეა განფენილი ქალაქშიც, სახლებშიც და თითოეულ ადამიანთანაც; ხოლო იქ, სადაც წერია: „სიმართლითა სავსე არს მარჯუენე შენი“ () და „სიმართლენი შენი, ვითარცა მთანი ღმრთისანი“ (), იქ ნუთუ სიმართლის არავითარი ანგარიში არ არის?
და როგორ ითმენს „ღმერთი მართლმსაჯულ, ძლიერ და სულგრძელ“ (), და სასჯელებს არ ითხოვს? აი, აქ გაქვს მიზეზი: სულგრძელია, ამბობს, და სულგრძელებით სინანულისკენ გიზიდავს; ხოლო თუ ჯიუტად დარჩები, „ხოლო სიფიცხლითა მაგით შენითა და შეუნანებელითა გულითა იუნჯებ თავისა შენისა რისხვასა“ (). ამრიგად, თუ მართალია, ღირსებისამებრ მიუზღავს და ბოროტად დატანჯულებს შურისგების გარეშე არ დატოვებს; რადგან ეს მართლის საქმეა. თუ ძლიერია, სიკვდილის შემდეგაც მიუზღავს და აღდგომისასაც; რადგან ეს ძლიერის საქმეა. ხოლო თუ სულგრძელია და ამიტომ ითმენს, ნუ ავშფოთდებით და ნურც ვიტყვით: „რატომ არ მიაგებს აქვე?“ რადგან ეს რომ ხდებოდეს, ადამიანთა მოდგმა ადრევე წარტაცებული იქნებოდა, ყოველდღე რომ მოეთხოვა ჩვენგან სასჯელი ჩვენი შეცოდებებისთვის. რადგან არ არსებობს, არ არსებობს ცოდვებისგან სუფთა დღე; არამედ ან დიდში, ან მცირე რამეში ვცდებით. ამიტომ თითოეული ჩვენგანი ვერც მეოცე წლამდე მისვლას მოასწრებდა, რომ არა მისი დიდი სულგრძელება და სიკეთე, რომელიც სინანულისთვის დიდ ვადას გვაძლევს, რათა შეცოდებანი განვიძარცვოთ. ამრიგად, ყოველი კაცი სწორი სინდისით შევიდეს თავის საქმეებში, მთელი თავისი ცხოვრება შუაში გამოიტანოს და გამოიკვლიოს, განა ურიცხვი შურისგებისა და სასჯელის ღირსი არ არის; და როცა აღშფოთდება, რატომ არ იხდის სასჯელს ესა თუ ის, ვინც ურიცხვ ბოროტებას სჩადისო, თავის საქმეებზე იფიქროს და აღშფოთებას შეწყვეტს.
ისინი დიდად იმიტომ ჩანს, რომ დიდსა და ცხად საგნებზე ხდება; ხოლო თავისი რომ გამოიკვლიოს, იქნებ უფრო მეტიც იპოვოს. რადგან მიტაცება და მომხვეჭელობა ერთნაირია, ოქროს მიმართ მოხდება თუ ვერცხლის მიმართ; ორივე ერთი და იმავე აზრიდან იშობა, და ვინც მცირეს მოიპარავს, დიდის მოპარვაზეც უარს არ იტყვის; ხოლო თუ ამის შესაძლებლობა არ აქვს, ეს მისგან კი არ მომხდარა, არამედ საქმის გარემოებამ განაპირობა. ღარიბი, რომელიც თავისზე უფრო ღარიბს უსამართლოდ ექცევა, ძალა რომ ჰქონოდა, მდიდარსაც არ დაინდობდა; ასე რომ, საქმე უკვე უძლურებისგან ხდება, არა მისი ნებისგან. „ესა და ეს მბრძანებლობს, — ამბობს, — და ქვეშევრდომთა ქონებას იტაცებს.“ შენ კი არ იტაცებ? მითხარი. ნუ მეტყვი, რომ მან ოქროს ტალანტები მიიტაცა, შენ კი ათი ობოლი; რადგან მოწყალებისასაც ზოგებმა ოქრო ჩაყარეს, ხოლო მან — ორი მწულილი, და მათზე ნაკლები არაფერი მოიტანა. რატომ? რადგან ნება განიკითხება და არა შესაწირავი. მაშ, მოწყალებისას ღირსად მიიჩნევ, რომ ღმერთმა ასე განსაჯოს და სიღარიბის გამო არაფერი ნაკლები არ მიიღო, თუ ორ მწულილს დადებ, ვიდრე მათ, ვინც ოქროს ურიცხვ ტალანტს დებს; ხოლო მომხვეჭელობისას — ასე აღარ? და ამას როგორღა ექნება საფუძველი?
როგორც მან, ორი მწულილის დადებით, ნების გამო მათზე ნაკლები არაფერი მოიტანა, ასევე შენც, ორი მწულილის მოპარვით, მათზე უკეთეს მდგომარეობაში არაფრით ხარ; არამედ, თუ საოცარიც უნდა ითქვას, მათზე მეტად ხარ მომხვეჭელი. რადგან როგორც ვინმე მეფის ცოლთან იმრუშებს, ღარიბის ცოლთან თუ მონის ცოლთან, ერთნაირად მრუშია, რადგან ცოდვა პირთა განსხვავებით კი არ განიკითხება, არამედ გამბედავის ნების ბოროტებით; ასევეა აქაც. და მე მრუშად უფრო იმას ვიტყოდი, ვინც შემთხვევით ქალთან მრუშობს, ვიდრე იმას, ვინც თვით დედოფალთან მრუშობს; რადგან იქ სიმდიდრე, სილამაზე და მრავალი სხვა რამ იზიდავდა, აქ კი — არაფერი; ამიტომ უფრო მეტად ეს კაცი იქნებოდა მრუში. კიდევ, მთვრალს უფრო იმას ვუწოდებდი, ვინც უვარგის ღვინოს ეწაფება; ასევე მომხვეჭელია ის, ვინც მცირეებსაც კი არ უგულებელყოფს. რადგან ბევრი რამის მიმტაცებელმა შეიძლება მცირეები უგულებელყოს; ხოლო მცირეების მომპარავი დიდებს არავითარ შემთხვევაში არ უგულებელყოფს; ამიტომ უფრო მეტად ეს არის ქურდი. რადგან ვინც ვერცხლს არ უგულებელყოფს, ოქროს როგორღა უგულებელყოფს? ამიტომ, როცა მმართველებს ვადანაშაულებთ, ჩვენი საკუთარი საქმეებიც გავიხსენოთ და ვიპოვით, რომ უფრო მეტად ჩვენ თვითონაც ვქურდობთ და მათზე მეტადაც ვართ მომხვეჭელნი, თუ ამას არა საქმით, არამედ ნებით განვსჯით, როგორც სწორედაც სამართლიანია განსჯა.
მითხარი, თუ ერთი წარდგება, რომელმაც ღარიბის ქონება აიღო, ხოლო მეორე — მდიდრისა, განა ორივენი ერთნაირ სასჯელს არ გადაიხდიან? მერე რა? მკვლელი განა ერთნაირად მკვლელი არ არის, თუნდაც ხეიბარი და ღარიბი მოკლას, თუნდაც მდიდარი და მშვენიერი? ამიტომ, როცა ვიტყვით, რომ ამა და ამ კაცმა ამა და ამ კაცის მიწა მიიტაცა, ჩვენს საკუთარ საქმეებზე ვიფიქროთ; და ასე არც სხვებს განვიკითხავთ, ღვთის სულგრძელებითაც განვკვირდებით, აღარ აღვშფოთდებით, რომ განკითხვა მათზე არ მოდის, და თვითონაც უფრო ზანტნი გავხდებით ბოროტებათა ქმნის მიმართ. რადგან, როცა დავინახავთ, რომ იმავე ანგარიშგებას ჩვენც ვექვემდებარებით, აღარ ვიწუხებთ ისე, არამედ ცოდვებისგან განვდგებით და მომავალ სიკეთეებს მივაღწევთ.
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.