...ხედავ, რაოდენი პატივია? ჩამომავალს შესახვედრად მივეგებებით და, რაც ყოველივეზე უფრო ნეტარია, ამგვარად მასთან ვიქნებით. „ვინმე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა, სასმენელ-ყუნეს ყოველნი ქებულებანი მისნი?“ (). რამდენი სიკეთის ღირსად გახადა ადამიანთა მოდგმა! პირველად გარდაცვლილნი აღდგებიან და ასე უფალთან შეხვედრა ერთობლივად ხდება. აბელი, რომელიც ყველაზე უწინ გარდაიცვალა, მაშინ ცოცხლებთან ერთად შეეგებება. ამ მხრივ ცოცხლებს მათზე მეტი არაფერი ექნებათ; არამედ ის, ვინც გაიხრწნა და ამდენი წელი მიწაში აქვს გატარებული, მათთან ერთად უფალს შეხვდება, და ასევე ყველა დანარჩენიც. რადგან თუ ისინი ჩვენ გველოდნენ, რათა გვირგვინი მიგვეღო, როგორც სხვაგან წერს: „რამეთუ ღმერთმან ჩუენთჳს უმჯობესი წინაწარ განიგულა, რაჲთა არა თჳნიერ ჩუენსა სრულ იქმნენ.“ (), მით უმეტეს ჩვენც უნდა დაველოდოთ მათ; უფრო სწორად, ისინი ელოდნენ, ჩვენ კი აღარ ველით, რადგან აღდგომა...