მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ ერისაგანთა მათ მთავრისათა წარიყვანეს იესუ ტაძრად და შეკრიბეს მის ზედა ნათესავები ყოველი. და განძარცუეს იგი და ქლამინდი მეწამული შეჰმოსეს მას. და შეთხზეს გჳრგჳნი ეკალ-თაგან და დაადგეს თავსა მისსა და ლერწამი მისცეს მარჯუენესა ჴელსა მისსა და მუჴლნი დაიდგნეს მის წინაშე, ემღერდეს მას და ეტყოდეს: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო! და ჰნერწყუვიდეს მას და მოიღეს ლერწამი და სცემდეს თავსა მისსა. და ოდეს განკიცხეს იგი, განძარცუეს ქლამინდი იგი და შეჰმოსეს მას თჳსივე სამოსელი და წარიყვანეს იგი, რაჲთა ჯუარსაცუან. და ვითარ გამოვიდეს იგინი მიერ, პოვეს კაცი კჳრინელი, სახელით სიმონ. ესე წარიქციეს, რაჲთა აღიღოს ჯუარი მისი. და მოვიდეს ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან გოლგოთა, რომელ არს თხემისა ადგილი. და მისცეს მას ძმარი ნავღლითა შეზავებული. და მი-რაჲ-იღო, არა უნდა სუმის. და ვითარცა ჯუარს-აცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაჲთა აღესრულოს თქუმული წინაჲსწარმეტყუელისა მიერ, რომელსა იტყჳს: განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი.1 და სხდეს მუნ და სცვიდეს მას“ (27,27-36).

„ვინ-მე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა, სასმენელ-ყვნეს ყოველნი ქებულებანი მისნი?“2 ვინ-მე უძლოს თხრობად მიუწთომელსა მას და გამოუთქუმელსა უფსკრულსა სახიერებისა მისისასა? ვინ-მე გულისჴმა-ყოს გარდარეული იგი ბუნებათა უაღრესი კაცთა მიმართ სიყუარული მისი, რომელმან ცხორებისათჳს ჩუენისა ესოდენნი შეურაცხებანი და ვნებანი დაითმინნა, რაჲთა ჩუენ უვნებელობაჲ მოგუცეს და მონებისაგან ეშმაკისა განგუათავისუფლნეს? რამეთუ ესერა გესმა, რაჲ-ესე აღმოვიკითხეთ დღეს წმიდასა სახარებასა შინა. მე მესმა, ძმანო, და განვცჳბრდი, განკჳრდა გონებაჲ ჩემი, და ძუალნი ჩემნი შეძრწუნდეს, და მოწყალესა მას და კაცთმოყუარესა მეუფესა თაყუანის-ვეც და მადლობაჲ შევსწირე, რამეთუ სხუაჲ სიტყუაჲ არარაჲ მაქუნდა.

ჵ საკჳრველი ესე საქმე! ვითარ შეთქუმილებით ყოველთა შორის მაშინ ეშმაკი იხარებდა. რამეთუ ვთქუათ, თუ ჰურიანი შურისაგან ბორგდეს და ესრეთ სრულიად დაივიწყეს ღმერთი. ერისაგანნი იგი, რომელ არიან მჴედარნი და მსახურნი მთავრისანი, ჰრომნი იყვნეს და ბერძენნი; რომლისა მიზეზისათჳს იქმოდეს ესევითართა მათ საქმეთა? არა საცნაურ არსა, ვითარმედ ეშმაკი უფლებულ იყო მათ ყოველთადა და აქცევდა მათ, ვითარცა ენება?

ამისთჳსცა განცხრომად შეერაცხა მისი იგი შეურაცხებაჲ მჴეცთა მათ ბოროტთა და მძჳნვარეთა. ჯერ-იყო ტირილი და გლოვაჲ, ვითარცა სხუაჲ

1 ფსალმ. 21,19. 2 ფსალმ. 105,2.

იგი ერი იქმოდა, ხოლო იგინი უფროჲსად ეკიცხევდეს და აყუედრებდეს მომადლებისათჳს ჰურიათაჲსა და შეურაცხებითა მრავლითა შეურაცხჰყოფდეს. ჵ საქმე შესაძრწუნებელი! ვითარ-მე ვიტყოდი, ანუ ვითარ-მე დავიდუმო, რამეთუ ორივე ესე ძნელ მიჩნს. ჵ საკჳრველი მიუთხრობელი და გამოუთქუმელი! ყოველნი ასონი წმიდისა მის გუამისა მისისანი ჩუენ-თჳს იგუემნეს.

წმიდასა მას თავსა მისსა ოდესმე დაჰბურიან და სცემდიან. კუალად გჳრგჳნითა მით ეკლისაჲთა ტანჯეს, მერმე ლერწმითა სცემდეს კაცნი იგი ბილწნი და შეურაცხნი. პირი მისი ნერწყუვითა შეურაცხ იქმნა. ღაწუთა მისთა ყურიმლის-ცემაჲ თავს-იდვეს. გუამი მისი განშიშულდა და შოლტითა იგუემა, და ქლამინდი კიცხევისაჲ შეემოსა, და თაყუანის-სცემდეს მას ბასრობით. ჴელი მისი მიცემითა მით ლერწმისაჲთა იტანჯა და დამსჭუალვითა სამსჭუალთაჲთა, პირი კუალად - მიცემითა ნავღლისა და ძმრისაჲთა. ესე ყოველი გუესმის, ძმანო; აწ რაჲღა სიტყუაჲ გუაქუს გინებათა და შეურაცხებათათჳს განრისხებად, ვინაჲთგან ქრისტემან თავს-იდვა ესე ყოველი?

რამეთუ საქმენი ესე ყოვლისა სიტყჳსა უზეშთაეს არიან. და არღარაჲ დაშთა სახე შეურაცხებისაჲ, რომელი არა აჩუენეს მას.

ჵ აურაცხელნი იგი ბოროტნი ჰურიათანი! წინაჲსწარმეტყუელნი თჳსითა ჴელითა მოსწყჳდნეს, ხოლო უფლისა იესუჲსი მოკლვაჲ რაჲ ინებეს, მთავრისაცა განჩინებაჲ თანაშემწე-იყვეს. გარნა ყოველი იგი საქმე მათ ზედა იყო: იგინი იყვნეს შემასმენელნი; იგინი იყვნეს მკლველნი; მათ თქუეს: „სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა“.1 იგინი ჰბასრობდეს, იგინი ეკიცხევდეს, იგინი იყვნეს ერისაგანთა მათ და მსახურთა მთავრისათა მაბირებელ, მათ შეკრეს, მათ შემსჭუალეს, იგინი ჰნერწყუვიდეს, იგინი სცემდეს. არარაჲ ამათგანი განეგო პილატეს, არამედ ყოველსა იგინი იქმოდეს, იგინი იყვნეს მტარვალ და მგმობარ.

ხოლო აწ ჩუენ ამას ყოველსა ვიკითხავთ ჟამსა მას, ოდეს ყოველნი შემოკრბენ ეკლესიად, რაჲთა ვერ გუეტყოდინ წარმართნი, თუ: რავდენიცა არს ბრწყინვალე და დიდებული, ვითარ-იგი სასწაულნი და საკჳრველებანი, ჰქადაგებთ ერსა ზედა, ხოლო რავდენიცა არს საყუედრელ, ჰფარავთ. ამისთჳს განაწესა მადლმან სულისა წმიდისამან, და დღესასწაულსა ამას დიდებულსა, ოდეს ყოველი ერი და ყოველი ჰასაკი ეკლესიად შემოკრბეს დიდებულსა მას ღამესა ქრისტეს ვნებისასა, მაშინ ვიკითხავთ ამას ყოველსა ბრწყინვალითა და მაღლითა ჴმითა. და ამას რაჲ ვიკითხვიდეთ, ყოველთა ჰრწამს ქრისტე ღმრთად ჭეშმარიტად, დამბადებელად ყოველ-თა. და უმეტესად ამისთჳს თაყუანის-იცემების, რომელ ესოდენ ჯერ-იჩინა ჩუენთჳს დამდაბლებაჲ, ვიდრეღა ესევითარნი ვნებანი თავს-ისხნა, რაჲთა ჩუენ გუაცხოვნნეს და რაჲთა გუასწაოს სათნოებაჲ ჭეშმარიტი.

1 მათ. 27,25.

აწ უკუე მარადის ამათ ქრისტეს ვნებათა ვიკითხვიდეთ, რამეთუ დიდ არს მათგან სარგებელი სულიერი. და ვინ არს იგი კაცი, რომელსა ესმას, ვითარ იკიცხეოდა და იქენჯებოდა და ელმოდა უფალსა, და არამცა ლმობიერ იქმნა, დაღაცათუ უფიცხეს ქვისა იყოს? ხოლო ისმინეთ კუალადცა საკჳრველი ესე სიტყუაჲ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოვიდეს ადგილსა მას თხემისასა, რომელსა ჰრქჳან გოლგოთა, რომელ არს თხემისა ადგილი. და მისცეს მას ძმარი ნავღლითა შეზავებული. და მი-რაჲ-იღო, არა უნდა სუმის. და ვითარცა ჯუარს-აცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაჲთა აღესრულოს თქუმული წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: განიყვეს სამოსელი ჩემი და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. და სხდეს მუნ და სცვიდეს მას“ (27,33-36).

სხდეს მუნ და სცვიდეს მას, თუ ოდეს-ძი მოკუდეს. და სამოსელი მისი განიყვეს, ვითარცა კაცისა ვისმე შეურაცხისაჲ, რომლისა არავინ არნ შემწე და მოზრუნავი. და არარაჲ შეემთხჳა მოქმედთა მათ ამის საქმისათა, რამეთუ მიუთხრობელი იგი ძალი ქრისტესი სულგრძელ იქმნებოდა ცხორებისა ჩუენისათჳს. ხოლო ავაზაკთა მათ არარაჲ ესევითარი უყვეს მათ, არამედ ქრისტეს ოდენ ჰკადრეს. და შორის ორთა მათ ძჳრისმოქმედთა ჯუარს-აცუეს, რაჲთა მათ თანა შეჰრაცხონ. „და მისცეს მას ძმარი ნავ-ღლითა შეზავებული“ შეურაცხებით, „და მი-რაჲ-იღო, არა უნდა სუმის“. ხოლო სხუაჲ მახარებელი იტყჳს: „და ოდეს მიიღო, თქუა: აღსრულებულ არს ესეცა წერილი“.1 - წერილი იგი, რომელი იტყჳს: „მცეს მე საჭმლად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი“.2 ხოლო ერთ არს ამათ ორთავე მახარებელთა სიტყუაჲ, რამეთუ ამანცა თქუა, ვითარმედ: „მიიღო“, და მანცა ესევე თქუა, ვითარმედ: „მიიღო“.

გარნა სიტყუათა მათ წერილისათა ვიეთნიმე ვერ კეთილად გულისჴმაჰყოფენ; რამეთუ იტყჳს მახარებელი მრავალგზის, ვითარმედ: „ესე იქმნა, რაჲთა აღესრულოს თქუმული წინაჲსწარმეტყუელისა მიერ“, ვითარცა ესერა წინამდებარესა მას სიტყუასა შინა შემოიღო წამებაჲ წინაჲსწარმეტყუელისაგან, ვითარმედ: „განიყვეს სამოსელი ჩემი და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი“;3 და „მცეს მე საჭმლად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი“.

ვიეთნიმე უკუე, ვითარცა ვთქუ, უმეცრად გულისჴმა-ჰყოფენ და ჰგონებენ, თუ ამისთჳს იქმნნეს საქმენი იგი, რაჲთა წერილნი აღესრულნენ. და ამის გამო თქუეს, ვითარმედ: უბრალო არიანო მოქმედნი იგი ამათ საქმე-თანი ჰურიანი, რამეთუ ჰმსახურეს სიტყუათა წერილთასა; და უკუეთუმცა მათ არა ექმნა, ვითარმცა აღესრულნეს წერილნიო? უფროჲსად, რამეთუ იტყჳს იოვანე მახარებელი, ვითარმედ: „ესოდენნი სასწაულნი ქმნნა იესუ

1 იოან. 19,30. 2 ფსალმ. 68,22. 3 ფსალმ. 21,19.

წინაშე მათსა, და არა ჰრწმენა. რაჲთა სიტყუაჲ იგი ესაია წინაჲსწარმეტყუელისაჲ აღესრულოს, რომელსა იტყჳს: უფალო, ვის ჰრწმენა სასმენე ლი ჩუენი? და მკლავი უფლისაჲ ვის გამოეცხადა? ამისთჳს ვერ ეძლო რწმუნებაჲ მისი, რამეთუ კუალად ესაია თქუა: დაუბრმეს თუალნი მათნი და დაუსულბეს გულნი მათნი, რაჲთა ვერ იხილონ თუალითა და არცა გულისჴმა-ყონ გულითა და მოიქცენ, და მე განვკურნნე იგინი“.1 და იტყჳან მეტყუელნი იგი ამაოებისანი: უკუეთუ ამისთჳს ვერ ეძლო ჰურიათა რწმუნებად, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ ესაიაჲსი, უბრალო სამე არიანო ჰური ანი; რამეთუ არა იგინი იქმნეს მიზეზ ურწმუნოებისა, არამედ სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ. ხოლო ესევითარნი ესე გულისსიტყუანი და ზრახვანი ფრიად შორს არიან ჭეშმარიტებისაგან და თესლნი არიან მტერისანი. რამეთუ არცა წინაჲსწარმეტყუელი მიზეზი ურწმუნოებისა მათისა არს, არცა ჰურიანი უბრალო არიან, არამედ აურაცხელად ბრალეულ და უსიტყუელად დასასჯელ. რამეთუ წინაჲსწარმეტყუელი პირველვე ხედვიდა, რაჲ-იგი ეგულებოდა მათ ქმნად, და თქუა; ხოლო მათ ქმნეს რაჲ თჳსი იგი უკეთურებაჲ, გამოაჩინეს ჭეშმარიტად სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ. არა თუ სიტყუასა მას წინაჲსწარმეტყუელისასა ჰმონებდეს, არამედ თჳსთა მათ ბოროტთა ნებათა. აწ უკუე არა თუ წინაჲსწარმეტყუელი იყო მიზეზ საქმეთა მათ, არამედ მათნი იგი ბოროტნი ნებანი, და უფროჲსად იგინი ექმნეს წინაჲსწარმეტყუელსა მიზეზ თქუმად სიტყუათა მათ, რამეთუ წინაჲსწარმეტყუელთა წესი არს ხედვაჲ ყოფადთა საქმეთაჲ უცთომელად.

ხოლო მიზეზ საქმეთა კაცად-კაცადისა თჳსი ნებაჲ არს. და ვითარცა-იგი ჩუენ წინაშე თუალთა ჩუენთა ქმნილთა საქმეთა ვხედავთ და არა ვსცთებით, არამედ ვითარცა იქმნებოდინ, ეგრეთ ვხედავთ, და ვითარცა ვხედავთ, ეგრეთ იქმნებიან, ეგრეთვე წინაჲსწარმეტყუელნი მომავალთა და ყოფადთა საქმეთა ეგრეთ ხედვიდეს, ვითარცა წინაშე თუალთა მათ-თამცა იქმნებოდეს, და უცთომელად იტყოდეს. ამისთჳს იქმნებოდეს საქმენი იგი.

არა თუ რომელ მათ თქუეს, ამისთჳს აღესრულებოდეს, არამედ რომელ უეჭუელად იქმნებოდეს, ამისთჳს იგინი იტყოდეს.

ვითარცა-ესე ჩუენ რომელსა ვხედვიდეთ თუალითა ჩუენითა, უეჭუელად იქმნების, რამეთუ არსთა საქმეთა ვხედავთ, არა თუ არაარსთა, ეგრეთვე წინაჲსწარმეტყუელნი მას ხედვიდეს და იტყოდეს, რაჲ-იგი უეჭუელად ყოფად იყო, და ამისთჳს აღესრულებოდეს სიტყუანი მათნი. ხოლო უკუეთუ რაჲ-იგი ეგულებოდა ყოფად, არამცა ხედვიდეს, არამცა იყვნეს წინაჲსწარმეტყუელ.

აწ უკუე ყოვლითურთ ესე უწყოდეთ, ვითარმედ წინაჲსწარმეტყუელნი არა შჯულისმდებელნი არიან მომავალთა საქმეთანი, არცა მაიძულებელ-

1 იოან. 12,37-40; ესაია 53,1; ესაია 6,9-10.

ნი ნებათანი, არამედ მაუწყებელნი ოდენ არიან ყოფადთა საქმეთანი, და რაჲ-იგი უეჭუელად ყოფად იყო, თქუეს. ამისთჳსცა არა განმტყუვნდეს. ხოლო დაღაცათუმცა არა ეთქუა, ჰურიანი თჳსსა უკეთურებასა აჩუენებდესვე, და უკუეთუმცა ჰურიანი არა იქმოდეს, არცა წინაჲსწარმეტყუელნი იტყოდესმცა.

აწ უკუე რომელ იტყჳს იოვანე, თუ: „არა ჰრწმენა ჰურიათა, რაჲთა სიტყუაჲ წინაჲსწარმეტყუელისაჲ აღესრულოს“,1 ნუ სიტყუასა წინაჲსწარმეტყუელისასა დასდებ, კაცო, მიზეზად მათისა ურწმუნოებისა, არამედ მა-თი იგი ურწმუნოებაჲ თქუ მიზეზად სიტყჳსა მის წინაჲსწარმეტყუელისა. რამეთუ რაჲ-იგი ეგულებოდა მათ ქმნად, მას ხედვიდა იგი წინაჲსწარ.

და კუალად, რომელ იტყჳს, თუ: ამისთჳს ვერ ეძლო რწმუნებად, რაჲთა აღესრულოს, რაჲ-იგი თქუა ესაია, ნუ ამას იტყჳ, თუ ჰურიათა ვერ ეძლო რწმუნებად, რამეთუ შეეძლო, უკუეთუმცა ენება; არამედ წინაჲსწარმეტყუელსა ვერ ეძლო ტყუილი, რამეთუ ჭეშმარიტსა იტყოდა და რაჲ-იგი ყოფად იყო. ამისთჳს უტყუელ იყო სიტყუაჲ მისი.

ხოლო მახარებელი ხედვიდა უზომოსა მას უკეთურებასა ბოროტ-თა მათ ნებათა მათთასა და თქუა, ვითარმედ: „ვერ ეძლო“, ესე იგი არს, არა უნდა რწმუნებად; არამედ იყვნეს ურწმუნო, და აღესრულებოდა სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ. ნუ ესეღა მითხრან მეტყუელთა მათ ამაოებისათა: უკუეთუ სიტყჳსა მისთჳს წინაჲსწარმეტყუელისა ვერ ეძლო რწმუნებად და წინაჲსწარმეტყუელი აყენებდა, მოციქულთა ვითარ უძლეს, და სხუათა მათ ბევრთა ვითარ შეუძლეს? ვითარცა ეტყჳს იაკობ პავლეს: „ჰხედავა, ძმაო, რავდენნი ბევრნი არიან ჰურიათა შორის მორწმუნენი!“2 იგინი რად არა დააყენნა სიტყუამან წინაჲსწარმეტყუელისამან?

ჰხედავა, ვითარ რომელთა ენება, ჰრწმენა, ხოლო სხუანი იგი ნებსით დაბრმეს და არა ინებეს რწმუნებად, და აღესრულა სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ.

ეგრესახედ საკჳრველიცა იგი შობაჲ ქალწულისაჲ იქმნა, რამეთუ იტყჳს მახარებელი: „ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე“.3 რამე-თუ არა თუ ამისთჳს იქმნა დიდებული იგი საკჳრველი, რაჲთა სიტყუაჲ წინაჲსწარმეტყუელისაჲ აღესრულოს, არამედ ამისთჳს თქუა წინაჲსწარმეტყუელმან მადლითა უფლისაჲთა, რამეთუ ყოფად იყო საქმე იგი. ეგრეთვე სხუანი იგი ყოველნი წინაჲსწარმეტყუელთა სიტყუანი არა თუ ამისთჳს აღესრულებოდეს, რომელ მათ თქუეს, არამედ რომელ-იგი ყოფად იყვ ნეს ჭეშმარიტად, იგინი იტყოდეს. ეგრეთვე განყოფისათჳს სამოსელთაჲსა, ვითარცა ყოფად იყო, ეგრეთცა იხილა წინაჲსწარმეტყუელმან პირველვე სულისა მიერ წმიდისა და თქუა; და სიტყუაჲ წინაჲსწარმეტყუელებისა მი-

1 იოან. 12,37-38. 2 საქმე 21,20. 3 მათ. 1,22-23.

სისაჲ აღესრულებოდა, ვითარცა იტყჳს მახარებელი: „და ვითარცა ჯუარსაცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაჲთა აღესრულოს თქუმული წინაჲსწარმეტყუელისა მიერ, რომელსა იტყჳს: განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი“.1 მათე ესრეთ მოკლედ წარმოიტყჳს, ხოლო იოვანე სახესა მასცა განყოფისასა და მიზეზსა წილის-გდებისასა გუაუწყებს და იტყჳს:

„ხოლო ერისაგანთა მათ, რომელთა ჯუარს-აცუეს იესუ, მოიღეს სამოსელი მისი და განიყვეს ოთხად ნაწილად, თითოეულმან ერისაგანმან ნაწილი. ხოლო კუართი იგი იყო უკერველ, ზემოჲთ ქსოვილ ყოვლად, და თქუეს ურთიერთას: არა განვხიოთ ესე, არამედ წილ-ვიგდოთ ამას ზედა, რაჲთა აღესრულოს წერილი იგი“.2

საცნაურ არს ამათ სიტყუათაგან, ვითარმედ ოთხნი სადმე ხოლო ერისაგანნი მთავრისანი მივიდეს მუნ ასისთავისა მის თანა, და სხუაჲ იგი ერი ჰურიათაჲ იყო. იგინი იყვნეს მტარვალ, იგინი იყვნეს მტანჯველ, იგინი იყვნეს მოქმედნი ყოვლისა ბოროტისანი, და უსჯულონი იგი მღდელთმოძ-ღუარნი და მწიგნობარნი თანაჰყვებოდეს, რაჲთა აღასრულონ ბოროტი იგი ნებაჲ თჳსი.

ხოლო ფრიადი სიმრავლე ერისაჲ მწუხარე იყო საქმესა მას ზედა, რომელნიმე ჰრომთა და ბერძენთაგანნი და მრავალნი ჰურიათაგანნიცა, ვითარცა ლუკა იტყჳს, ვითარმედ: „შეუდგა მას სიმრავლე ერისაჲ და დედათაჲ, რომელნი ჰგოდებდეს მას“.3 არამედ მჴეცნი იგი მძჳნვარენი, მღდელნი იგი სირცხჳლისანი, მჴეცნი იგი სისხლისმჭამელნი ყოვლადვე არა ლმობიერ იქმნეს. ამისთჳსცა უფალმან დედათა მათ და ერსა მიუგო სიტყუაჲ, ხოლო იგინი არღარა ღირს-ყვნა სიტყჳსა, რამეთუ უკურნებელ იყო სენი მათი. რამეთუ ნებაჲღა მათი აღასრულეს და ჯუარსა დამოჰკიდეს, მერმეცა ისწრაფდეს, რაჲთა სახელი დიდებისა მისისაჲ დაფარონ და განაქარვონ, რამეთუ ეშინოდა აღდგომისაგან მისისა. ამისთჳს ავაზაკ-თა თანა ჯუარს-აცუეს და ბჭობითა მთავრისაჲთა ქმნეს, რაჲთა ყოვლით კერძო ძჳრისმოქმედისა სახელი დასდვან, ვითარცა ესერა იტყჳს მახარებელი; რამეთუ კეთილ არს, რაჲთა შემდგომიცა სიტყუაჲ სახარებისაჲ ვისმინოთ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).

1 მათ. 27,35; ფსალმ. 21,19. 2 იოან. 19,23-24. 3 ლუკ. 23,27.

თ ა რ გ მ ა ნ ი: ნუუკუე ესმოდის ვისმე ესე ყოველი და ჰრცხუენოდის, რომელ-იგი უფალი და მაცხოვარი და მეუფე ყოველთაჲ დაისაჯა პილატეს მიერ და ჰურიათაგან ჯუარს-ეცუა, შეიკრა, იგუემა, ეკიცხევდეს და ემღერდეს და ბასრობდეს და ყოველი ძჳრი და ტანჯვაჲ შეამთხჳეს. ამის ყოვლისათჳს ნუუკუე ვინმე მორწმუნეთაგანი კდემულ არს და თავდადრეკილ.

რამეთუ მზემანცა ვერ თავს-იდვა ხილვაჲ იგი, არამედ დაბნელდა, რაჲთა სხუათაცა თუალნი გარემიაქცინეს ხილვისა მისგან. და არღარა ზრუნვიდა მცნებასა მას, რომელი მიეღო ნათობად კაცთა, არამედ იკადრა გარდასლვად, იხილა რაჲ, ვითარ რომელმან მცნებაჲ იგი ბრძანა მეუფემან, აწ კაცთაგან ევნებოდა და იტანჯებოდა.

გარნა უკუეთუ მიზეზი იგი ვისწავოთ, თუ რაჲსათჳს ვნებაჲ იგი თავსიდვა უფალმან, არღარა გურცხუენოდის, არამედ გჳკჳრდეს სახიერებაჲ და კაცთმოყუარებაჲ მისი და ვიქადოდით, ვითარცა პავლე, ჯუარითა ქრისტესითა. ამისთჳს მოყავთ, ძმანო, ყური თქუენი და ისმინეთ სიტყუაჲ ჩემი: რამეთუ არა თუ თავისა თჳსისათჳს ევნებოდა უფალსა, „რომელმანიგი ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა“,1 არამედ ჩუენთჳს ელმოდა და ჩუენთჳს ევნებოდა.

რამეთუ ცოდვაჲ კაცთაჲ დიდ იყო და მრავალ, და ყოველივე სოფელი დაეპყრა ბოროტსა მას და დღითი-დღე აღორძნდებოდა და გარდაერეოდა, და სიკუდილი სუფევდა ყოველთა ზედა; ხოლო უფალი ჩუენი უკუდავ არს და უხრწნელ, ეგრეთვე სახიერ არს და კაცთმოყუარე, რამეთუ სიტყუაჲ არს სახიერი სახიერისა მამისაჲ. ამისთჳსცა არა უგულებელს-ყო წარწყმედად ნათესავი ჩუენი, არცა თავს-იდვა, რაჲთამცა დაბადებულთა მისთა სხუაჲ უფალ იყო; არამედ იხილა რაჲ უკეთურებისა იგი სიმრავლე და მოკუდავი ესე ნათესავი, ვერშემძლებელი წინააღდგომად სიკუდილისა, ვერცა შემძლებელი გარდაჴდად ტანჯვასა მას, რომელი ბოროტთა თჳსთათჳს თანაედვა ბუნებასა ჩუენსა, რამეთუ დიდისა სატანჯველისა თანამდებ ვიყვენით, ამისთჳს შეგჳწყალნა.

და ხედვიდა სახიერებასა მას მამისა თჳსისასა, ხედვიდა ძალსა თჳსსა და ძლიერებასა, რამეთუ ქრისტე ძალი და სიბრძნე არს ღმრთისაჲ;2 შეიწყალა უძლურებაჲ ჩუენი და შეიმოსა იგი. რამეთუ მან თავადმან, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს, „უძლურებანი ჩუენნი აღიხუნა და სნეულე-

1 ესაია 53,9; 1 პეტ. 2,22. 2 1 კორ. 1,24.

ბანი თავს-ისხნა“1 და შეიწყალა მოკუდავობაჲ ჩუენი და შთაიცუა იგი, ვი-თარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „დაიმდაბლა თავი თჳსი ვიდრე სიკუდილადმდე, სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა“2.

და იხილა რაჲ, ვითარმედ გარდაჴდად თანანადებთა მათ ჩუენთა და სატანჯველთა შეუძლებელ ვართ, თავს-იდვა ესეცა, ვითარცა იტყჳს იგივე მოციქული, ვითარმედ: „ქრისტემან გამოგჳჴსნა ჩუენ წყევისა მისგან შჯულისა, იქმნა რაჲ ჩუენთჳს წყევასა ქუეშე“.3

და ესრეთ კაცებისა ყოველივე შეიმოსა და მიიღო და თავისა მიერ თჳსისა თანანადები ჩუენი გარდაიჴადა. და დაგუაგნა და შეგუაწყნარნა ჩუენ მამასა, რაჲთა ვნებითა თჳსითა უვნებელ-ყოს ვნებული ბუნებაჲ კაც-თაჲ და მცირეთა წილ დიდნი საქმენი ცვალნეს.

რამეთუ გარდამოჴდა, რაჲთა ჩუენ ზეცად აღსლვაჲ მოგუანიჭოს; იშვა, რაჲთა ჩუენ მის მიერ უშობელსა მას მამასა დავეგნეთ; მოუძლურდა ჩუენთჳს, რაჲთა ჩუენ აღვდგეთ ძალითა და ვთქუათ პავლესებრ: „ყოველივე ძალ-მიც განმაძლიერებელისა ჩემისა ქრისტეს მიერ“.4

მიიხუნა ჴორცნი განხრწნადნი, რაჲთა განხრწნადსა მას შეჰმოსოს უხრწნელებაჲ; შეიმოსა ბუნებაჲ იგი მოკუდავი, რაჲთა მოკუდავსა მას შეჰმოსოს უკუდავებაჲ;5 მოკუდა ბუნებითა მით კაცობრივითა, რაჲთა ჩუენ, მოკუდავნი ესე კაცნი, განვცხოელდეთ, და არღარა სუფევდეს ჩუენ ზედა ცოდვაჲ, არცა გუეუფლოსღა,6 ვითარცა მოციქული ქადაგებს.

ამისთჳს ჯუარს-ეცუაცა, რაჲთა წყევისაგან მოგჳყიდნეს და კურთხევაჲ მოგუანიჭოს.7 რამეთუ მას ვნებისა მისგან ჯუარ-ცუმისა არარაჲ ევნებოდა, უფროჲსღა კეთილსა გჳყოფდა.

და მო-რაჲ-კუდა, არა დაშთებოდა სიკუდილსა შინა, არამედ უფროჲსად მკუდართა განაცხოელებდა. დაიკლვოდა, გარნა არა წარწყმდებოდა, არამედ სისხლითა თჳსითა ყოველთა წარწყმედისაგან იჴსნიდა, და თავადი ეგო უვნებელად.

ხოლო უკუეთუ ვინ იკითხვიდეს, თუ: ვითარ იქმნა ესე? ისმენდინ და ვიტყოდი: ორთა საქმეთა შეერთებაჲ იქმნა მის შორის. საქმეთა ვიტყჳ არა თუ სწორთა, არამედ ყოვლითურთ შეუმსგავსებელთა. რამეთუ მოკუდავი უკუდავსა შეეყო, და ჴორცნი იგი ხრწნადნი უხრწნელსა მას სიტყუასა შეერთნეს; და მოკუდავი იგი არა ავნებდა უკუდავსა მას, რამეთუ უვნებელ იყო უკუდავი იგი, და უფროჲსღა მოკუდავიცა უვნებელ-ყო უფლებისა მისგან სიკუდილისა, რამეთუ მპყრობელნი მარადის პყრობილთა მათ უძლიერეს არიან.

ამისთჳს შეერთებულისა მის ძლით უკუდავისა სიტყჳსა სიკუდილი უჩინო იქმნებოდა საკჳრველად მის შორის, ვითარცა ცეცხლისაგან გა-

1 ესაია 53,4. 2 ფილიპ. 2,8. 3 გალ. 3,13. 4 ფილიპ. 4,13. 5 შდრ. 1კორ. 15,53-54. 6 შდრ. რომ. 6,11-12. 7 შდრ. გალ. 3,13-14.

ნილევის ლერწამი; და უხრწნელი იგი სიტყუაჲ სარგებელ ეყოფოდა განხრწნადსა მას შეერთებითა მისითა, რამეთუ ბნელი ნათლისაგან განათლდების, და „უდარესი იგი უმჯობესისაგან იკურთხევის“,1 ვითარცა მოციქული იტყჳს.

ამისთჳსცა აწ მტარვალთაგან განიძუარცების უფალი, რომელნი-იგი ჩუენ ადამის მიერ შევიმოსენით ტყავისა სამოსელნი, რაჲთა შეუძლოთ მათ წილ შემოსად ქრისტე.

ამისთჳს განყოფაჲცა სამოსელთაჲ თავს-იდვა, რაჲთა ჩუენ მამისაგან განუყოფელი სიტყუაჲ გუაქუნდეს, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „მე და მამაჲ ერთ ვართ“.2

ამისთჳს კუართსაცა ზედა წილ-იგდეს, და არა დააყენნა უფალმან, რაჲთა ნაწილ ჩუენდა იყოს ქრისტე, ვითარცა იტყჳს მეფსალმუნე: „უფალი ნაწილ არს მკჳდრობისა ჩემისა და სასუმელისა ჩემისა“.3

და ამისთჳს არა სხუასა ადგილსა ჯუარს-ეცუა, არამედ თხემისა ადგილსა, სადა-იგი თქუმულ არს პირველთა ჟამთაგან, ვითარმედ საფლავი იყო ადამ მამისა ჩუენისაჲ. რამეთუ შემდგომად სამოთხით გამოსლვისა, მო-რაჲ-კუდა, მას ადგილსა დაეფლა. ამისთჳს ჯერ-იჩინა უფალმან მას ადგილსა მიღებაჲ სიკუდილისაჲ, სადა-იგი მიიღო სიკუდილმან დასაბამი უფლებისა თჳსისაჲ, რაჲთა დაჴსნაჲცა მისი მასვე ადგილსა იქმნას, და რაჲთა მუნ განაქარვოს ცოდვაჲ ადამისი და ესრეთ აღიღოს იგი ყოვლისავე ნათესავისა მისისაგან.

და ვინაჲთგან ესმა ადამს: „მიწაჲ ხარ და მიწადვე მიიქცე“,4 ამისთჳს მასვე ადგილსა დაიდვა უფალი, რაჲთა პოოს მუნ ადამი და იჴსნას წყევისაგან. და მის წილ, თუ: „მიწაჲ ხარ და მიწადვე მიხჳდე“, ჰრქუა მას: „განიღჳძე, რომელსა-ეგე გძინავს, და აღდეგ მკუდრეთით“.5 აღდეგ და შემომიდეგ მე, რაჲთა არღარა დაიდვა მიწასა შინა, არამედ აღხჳდე ზეცად. და ნანდჳლვე ჭეშმარიტად აღდგომასა მას ქრისტესსა თანა აღდგა ადამიცა და ყოველი ნათესავი მისი. რამეთუ ვითარცა-იგი მო-რაჲ-კუდა ადამი, მის მიერ ჩუენ ყოველნი მოკუდავ ვიქმნენით, ეგრეთვე, აღდგა რაჲ უფალი ჩუენი ჴორცითა, ყოველი ბუნებაჲ ჩუენი მის თანა აღდგა, და უკუდავებაჲ მოგუეცა, ვითარცა პავლე ღაღადებს, ვითარმედ: „ვითარცაიგი ადამის გამო ყოველნი მოსწყდებიან, ეგრეთცა ქრისტეს მიერ ყოველნი ცხოელ არიან“.6

აწ ვიხილოთ კუალადცა, ვითარ მიიყვანეს იგი ჯუარ-ცუმად. პირველად დადგა წინაშე მთავრისაო და განიკითხა მის მიერ, და მერმეღა მიეცა ჯუარ-ცუმად. კეთილად წარმოთქუა ყოველივე მახარებელმან; რამეთუ თავს-იდვა ჩუენთჳს განკითხვაჲ უფალმან პილატესგან, რაჲთა არა დუმილით იქმნას საქმე იგი ვნებისა მისისაჲ და დაიფაროს შური და უკეთურებაჲ

1 ებრ. 7,7. 2 იოან. 10,30. 3 ფსალმ. 15,5. 4 დაბ. 3,19. 5 ეფეს. 5,14.6 1 კორ. 15,22.

ჰურიათაჲ, არამედ გამოჩნდეს სიბოროტე გონებათა მათთაჲ და მედგარი იგი ცილისწამებაჲ მათი.

რამეთუ უკუეთუმცა არა ქმნილ იყო განკითხვაჲ იგი უფლისაჲ, უცნაურ იყო შური იგი ჰურიათაჲ, ხოლო გან-რაჲ-იკითხა, გამოცხადნა გულარძნილებაჲ მათი. და თჳთ პილატეცა ეწამებოდა მაცხოვარსა, ვითარმედ არარაჲ მიზეზი იპოებოდა მის თანა, არამედ წმიდა იყო ყოვლისავე ბრალისაგან, ხოლო ჰურიათა შურსა გამოაცხადებდა, „რამეთუ უწყოდაო, ვითარმედ შურითა მისცეს იგი“.1 ვითარმცა უკუე ეცნა მას ესე, უკუეთუმცა არა დადგომილ იყო მის წინაშე?

ჭეშმარიტად დიდი და დიდებული საქმე ქმნა მაცხოვარმან: დუმილით აღასრულებდა საქმეთა მათ, და სიტყუასა რაჲ მიუგებდა, არწმუნებდავე მსაჯულსა მას აღსაარებად შურისა მის.

რამეთუ უკუეთუმცა სიტყუას-უგებდა, ეჭუდამცა ვინ, თუ ეშინის სიკუდილისაგან; ხოლო დუმილითა სიმჴნე იგი მისი და უშიშობაჲ განაკჳრვებდა ყოველთა, რაჲთა ჰრწმენეს, ვითარმედ ღმერთი არს იგი და მეუფჱ ყოველთაჲ.

ამისთჳსცა, განიკითხვებოდა რაჲ პილატესგან, ჩუენებითა შეაძრწუნა ცოლი მისი, რაჲთა დუმილისა მისგან უშიშობაჲ მისი გულისჴმა-ყოს და ჩუენებითა მით ცნას, ვითარმედ არა კაცსა ლიტონსა, არამედ ღმერთსა განკაცებულსა განიკითხავს.

შეშინდა უკუე მსაჯული იგი წინაშე მისსა მდგომარისაგან, და უფროჲსად იგი დაისჯებოდა შიშითა მისითა, არა თუმცა შემძლებელ იყო შეშინებად უფლისა. ამისთჳსცა დაიბანნა ჴელნი და თქუა: „უბრალო ვარ სისხლისაგან მაგისისა“.2 დაღაცათუ კუალად იძლია ცოფი იგი და უგუნური სათნოებითა ჰურიათაჲთა და თანაშეერთო ნებასა მას მათსა ბოროტსა და მისცა უფალი ჯუარ-ცუმად.

მიეცა უკუე მაცხოვარი და არა შეშინდა სიკუდილისაგან, რამეთუ ბუნებისა მის კაცობრივისა შიში ზემო აჩუენა, ოდეს-იგი იწყო მწუხარებად და ურვად და ლოცვად. ხოლო აწ ჟამი იყო ახოვნად თავს-დებისაჲ, რაჲთა ესეცა სახე გჳჩუენოს, ვითარ გჳჴმს სიმჴნე და უშიშობაჲ. ამისთჳს ახოვნად განეწყო სიკუდილისა მიმართ და სდევდა გუელსა მას ლტოლვილსა, რამეთუ არა ესრეთ იყო უფალი, ვითარცა სიკუდილად მიმავალი, არამედ ვითარმცა სდევნიდა სიკუდილსა. ხოლო ბოროტმან მან და უბადრუკმან ეშმაკმან იხილა რაჲ პილატე, ვითარ უფროჲსად შეშინდა მსაჯული იგი, და კუალად იხილა რაჲ უფალი, ვითარ კადნიერებით განეწყო სიკუდილისა მიმართ, ისწრაფდა ყოვლით კერძო გამოცდად, რაჲთამცა აწ ცნა, რაჲ-იგი პირველ, მთასა ზედა გამოსცდიდა რაჲ, ვერ უძლო ცნობად, თუ იგი არს ძე ღმრთისაჲ. რამეთუ მაშინ რაჲ სირცხჳლეულ იქმნა, უმზირდა ჟამსა სიკუ-

1 მათ. 27,18. 2 მათ. 27,24.

დილისასა და ჰგონებდა, რაჲთამცა რომლითა ყოველნი დაიმონნა, შეუძლო მისიცა გამოცდაჲ.

რამეთუ ეგრეთცა წერილ არს ლუკაჲს მიერ, ვითარმედ: „აღასრულნა ყოველნი განსაცდელნი ეშმაკმან და განეშორა მას ვიდრე ჟამადმდე“.1 ხოლო ესე იყო იგი ჟამი, და იცოდა მბრძოლმან მან, ვითარმედ უკუეთუ ამასცა ჟამსა მოუძლურდეს, დასათრგუნველ ყოველთა იქმნების, რამეთუ ესეღა ოდენ ბრძოლაჲ აკლდა, და სიტყჳთ ყოვლით კერძო ძლეულ იყო. ამისთჳს ყოველსავე იქმოდა, რაჲთამცა ცნა, თუ იგი არს მაცხოვარი, რაჲთა უკუეთუ ესე დაიდასტუროს, არღარა იკადროს მიახლებად მისა, რამეთუ იცოდა თუალთშეუდგამი ძალი ღმრთეებისა მისისაჲ. ხოლო უფალი ხედვიდა მანქანებასა მისსა. ამისთჳს ჰფარვიდა ღმრთეებასა თჳსსა და ვი-თარცა კაცი იქცეოდა, რაჲთა არა ევლტოდის იგი, ვითარცა ღმერთსა, და წარვიდეს, არამედ მოუჴდეს მას ბრძოლად, ვითარცა კაცსა, და იქმნას იგი სამღერელ კაცთა.

და ვითარცა-რაჲ მორკინალმან ანუ მჴედარმან ახოანმან, იხილის რაჲ წინააღმდგომი თჳსი შეშინებული და ლტოლვილი, შეიმოსის სახე უძლურებისაჲ, და ესრეთ შეიტყუვის უძლური იგი და შეიპყრის ახოანმან მან და ძლიერად დააკუეთის, ეგრეთვე უფალმან უძლურებითა კაცობრივითა მოიყვანა მტერი ბრძოლად თჳსად და ძლიერებითა თჳსითა შემუსრა იგი და კაცი განაძლიერა მის ზედა.

ამისთჳს იწყო მწუხარებად და ურვად და ილოცვიდა თანაწარსლვად სასუმელი იგი და იტყოდა: „სული გულსმოდგინე არს, და ჴორცნი - უძლურ“,2 რაჲთა ამით სახითა მოუჴდეს მბრძოლი იგი, ვითარცა კაცსა, და პოოს ძალი ღმრთეებისაჲ.

ამით სცთა მაცთური იგი. მოუჴდა უფალსა და, ხედვიდა რაჲ ახოვნებასა მისსა, ეშინოდა. კუალად ხედვიდა უძლურებასა ჴორცთასა და შეჰკადრებდა. და ესრეთ მოცთომილ იყო და განლიგებულ, რამეთუ რავდენგზისცა მოუჴდა უფალსა, იძლია და ლტოლვილ იყო ყოვლითურთ მთავრობით და ჴელმწიფებით თჳსით.

ხოლო ჟამსა მას ცხოელსმყოფელისა ვნებისასა შემოიკრიბა ბილწმან მან ყოველი მჴედრობაჲ თჳსი და კუალად მოუჴდა. მაშინ ყოველნივე აღ-ძრნა უფალსა ზედა: ჰურიათა აზრახა მოკლვაჲ; პილატე თანაშეაწია, რაჲთა დასაჯოს; მჴედარნი აბირნა, რაჲთა განკიცხონ. და არა იცოდა დაწყეულმან, ვითარმედ დაჴსნად თავისა თჳსისა მოსწრაფე იყო, რამეთუ მარადის უკეთურებაჲ ბრმა არს. არა გულისჴმა-ჰყოფდა, ვითარმედ მახჳლსა მას, რომელსა ლესავს, გულსა თჳსსა დასობად იყო. რამეთუ ვითარცა ცეცხლი თუ აღიღოს ვინ ჴელითა და სხჳსა მიაგდებდეს, პირველად თჳსსა ჴელსა დასწუავს; და გუელსა თუ უპყრას ვინ მეორესა ზედა მიგდებად, პირველად

1 ლუკ. 4,13. 2 მათ. 26,41.

თჳთ მოიწყლვის; ეგრეთვე უკეთურებაჲ მოქმედთა მისთა ავნებს. და უფროჲსად მათ ავნებს, ვიდრეღა სხუათა მათ, რომელთა მიმართ ენებოს მათ მივლინებაჲ მისი.

ესრეთ შეემთხჳა ფარაოს. თქუა: „ვდევნო, ვეწიო და მოვწყჳდო ისრაჱლი“.1 არამედ თჳთ წარწყმდა ერითურთ და მჴედრებით. ეგრეთვე იქმნა გოლიათის ზე. მოკლვაჲ ენება და მოიკლა. ეგრეთსახედვე შეემ-თხჳა ბოროტსა მას ეშმაკსა. გამოსცდიდა რაჲ, გამოიცადა. და აღძრნა რაჲ ყოველნი ქრისტეს ზედა, თავი თჳსი დაჰჴსნა. რამეთუ აწ წარმოიტყუენა ძალი მისი და იქმნა დასათრგუნველ კაცთა. რამეთუ განიძარცუა რაჲ უფალმან და განეწყო მისა მიმართ, იქმნა საქმე იგი უხილავად საძლეველ ეშმაკისა. და მეყსეულად შეჰმოსეს მას, ვითარცა იოვანე იტყჳს, „ძოწეული“,2 და ვითარცა მათე და მარკოზ იტყჳან, „სამოსელი მეწამული“;3 და გჳრგჳნი ეკალთაგან დაადგეს თავსა მისსა; და ლერწამი მისცეს მარჯუენესა ჴელსა მისსა; და მუჴლნი დაიყარნეს მის წინაშე და თაყუანის-სცემდეს მას.

ეჰა საკჳრველი ახალი და დიდებული და ჭეშმარიტად სასწაული დიდისა ძლევისაჲ! რამეთუ რომელი-იგი ვითარცა კაცი დასაჯეს სიკუდილად, მას ვითარცა ღმერთსა თაყუანის-სცემდეს; და რომელსა ეკიცხევდეს, ვითარცა უნდოსა ვისმე, მას მეუფედ აღიარებდეს; და განსძარცუეს მას ლიტონი სამოსელი და შეჰმოსეს ძოწეული; და რომელსა უმეცრებით შეურაცხ-ჰყოფდეს, მას უნებლიეთ წინაჲსწარმეტყუელით ხადოდეს; და რომელსა სცემდეს და ემღერდეს, ძლევისა სახესა მისცემდეს მას: მეწამულსა სამოსელსა და ეკალთაგან გჳრგჳნსა და ლერწამსა. რამეთუ დაღაცათუ ამას ყოველსა ბასრობით იქმოდეს, არამედ უმეცარ იყვნეს, ვითარ უნებლიეთ ძლევითშემოსილობასა მისსა აღიარებდეს.

რამეთუ შეგინებულ იყო ქუეყანაჲ ცოდვითა ეშმაკისა მიერ და შებღალულ იყო სისხლითა. პირველად, აღაღო რაჲ პირი თჳსი და შეიწყნარა სისხლი აბელ მართლისაჲ, და მერმე, იწყეს რაჲ კაცთა სისხლისა სისხლთა ზედა დართვად, განეფინა ქუეყანასა ზედა წყევაჲ და სიცრუე, პარვაჲ და მრუშებაჲ და კაცის-კლვაჲ, და ამისთჳს დაწყეულ იყო ქუეყანაჲ. რამეთუ თქუა ღმერთმან: „წყეულ იყავნ ქუეყანაჲ, რომელმან აღაღო პირი თჳსი შეწყნარებად სისხლსა აბელის, ძმისა შენისა“.4

და კუალად პირველ, გარდასლვასა მას ადამისსა, დაწყევა იგი მეუფემან და თქუა: „წყეულ იყავნ ქუეყანაჲ საქმეთა შინა შენთა, მწუხარებით სჭამდე პურსა შენსა ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა, ეკალსა და კუროჲსთავსა აღმოგიცენებდეს შენ“.5

და ესრეთ ყოველივე სოფელი სავსე იყო სისხლითა და ეკლითა წყევისა მისგან, და ესე ჴელითწერილი აქუნდა მტერსა. ამისთჳს მაღლოოდა

1 შდრ. გამ. 15,9. 2 იოან. 19,2. 3 მათ. 27,28; მარკ. 15,17. 4 დაბ. 4,11. 5 დაბ. 3,17-18.

ყოველთა ზედა და ლაღად მძლავრობდა, ვითარცა ტყუეთა ზედა თჳსთა. ამისთჳს წარმოტყუენა იგი უფალმან ყოვლისა მისგან. და მი-რაჲ-ვიდოდა სიკუდილდ, ესე ყოველი მიიღო, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ არა ცუდად, არამედ ცხორებისათჳს ჩუენისა თავს-იდვა ყოველივე იგი. მაშინ უკუე სისხლნი იგი, რომლითა სოფელი შებღალულ იყო, მეწამულსა მას სამოსელსა ეტჳრთნეს, და ეკალნი - გჳრგჳნსა მას ეკლისასა, ხოლო ჴელისწერილი ჩუენთა ცოდვათაჲ - ლერწამსა მას, რომელი მისცეს; რაჲთა სიკუდილსა თანა ესე ყოველიცა განაქარვოს და სოფელი წმიდა-ყოს და ეკლისა წილ მოგუცეს ძელი ცხორებისაჲ, ხოლო სისხლთა მათ წილ ბილწებისათა თჳსითა სისხლითა წმიდა-ყოს ქუეყანაჲ. და წყევისა წილ მოგუანიჭოს ნეტარებაჲ მყოფთა ქუეყანისათა, ვითარცა იტყჳს: „ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ“.1 რამეთუ სისხლნი იგი, რომლითა ქუეყანაჲ შეგუებღალა ჩუენ, აღიხუნა და თჳსი პატიოსანი სისხლი გარდამოადინა მას ზედა, რაჲთა ეკალთა წილ აღმოაცენოს მას შინა ცხორებაჲ და მშჳდობაჲ და ყოველნივე კეთილნი, რომლისათჳსცა წინაჲსწარმეტყუელი იტყოდა: „მრწმენა მე ხილვად კეთილი უფლისაჲ ქუეყანასა მას ცხოელთასა“.2

და სხჳსაცა პირისათჳს დაიდგა გჳრგჳნი იგი ეკლისაჲ უფალმან ჩუენმან, რაჲთა ზრუნვანი ცხორებისა ამის ჩუენისანი განაქარვნეს. რამეთუ მიყარნა მტერმან მან მზაკუვარმან ზრუნვანი ჩუენნი მის ზედა; და არა უწყოდა, ვითარმედ იტჳრთნეს რაჲ იგინი უფალმან, ყოველთავე უზრუნველჰყოფს მანქანებათაგან მისთა, რაჲთა თესლი იგი სიტყჳსაჲ თავისუფალ იქმნას ეკალთაგან, ხოლო ჩუენ შეშთობისა მისგან ზრუნვათაჲსა აზნაურებაჲ მოვიგოთ. რამეთუ თავადსა ჩუენთჳს ელმოდა და ჩუენთჳს იურვოდა, რაჲთა ჩუენ არღარა გუელმოდის, არცა ვიურვოდით უღონოებისაგან.

ხოლო ლერწამი იგი ამისთჳს მოიღო მათგან უფალმან, რაჲთა მით მოაკუდინოს გუელი იგი მზაკუვარი, რამეთუ თქუმულ არს, ვითარმედ: ლერწამი მაკუდინებელ არს გუელთა. ვინაჲთგან უკუე უფალი საბაოთ, ვი-თარცა ესაია იტყჳს, სდევნიდა გუელსა მას ვეშაპსა დიდსა, ეშმაკსა მას მზაკუვარსა,3 ამისთჳს ლერწამი იგი მიიღო მარჯუენესა თჳსსა, რაჲთა მოაკუდინოს ბოროტი იგი და განაძლიერნეს კაცნი მის ზედა. და ვითარცაიგი დავით ქმნა, მოსტაცა მახჳლი გოლიათსა და წარჰკუეთა თავი მისი, ეგრეთვე აწ ქმნა მაცხოვარმან. მიიღო ლერწამი მათგან, რაჲთა არა ჩუენ ოდენ განგუათავისუფლნეს საცთურთაგან, არამედ გუელიცა იგი მოაკუდინოს ლერწმითა მით.

ესრეთ უკუე იხილა რაჲ უბადრუკმან მან თავი თჳსი მოუძლურებული სიქადულისაგან თჳსისა და ვითარ განიდევნებოდა ქუეყანით, და ქუეყანაჲ განწმდებოდა სისხლთაგან და ეკალთა, და ვითარ წარწყმიდა ჴელითწე-

1 მათ. 5,5. 2 ფსალმ. 26,13. 3 ესაია 27,1.

რილი ჩუენი და ლერწამი, რომლითა წერდა ბოროტთა ჩუენთა, შეჰკადრა კუალად შეუკადრებელსა, რაჲთა უმეტესად მოწყლას თავი თჳსი. რამეთუ პირველად, ესმოდა რაჲ, თუ: „სული გულსმოდგინე არს, ხოლო ჴორცნი - უძლურ“,1 ჰგონებდა, თუ სიტყუაჲცა ჴორცთა თანა უძლურ არს, და არა იცოდა, ვითარმედ უფროჲსად ძალითა მით სიტყჳსაჲთა ჴორცნიცა გან-ძლიერდებოდეს.

ამისთჳს, ვითარცა ვთქუ, აბირნა მჴედარნი იგი უფლისა ბრძოლად; და შეჰმოსეს მას მეწამული იგი და გჳრგჳნი ეკლისაჲ და ლერწამი მისცეს ჴელსა მისსა. და დაჰჴსნა სასჯელი იგი ეკალთაჲ ჩუენგან და სისხლთაგან შებღალულებაჲ განაქარვა და თავისუფლებაჲ დაგჳწერა და გუელი იგი მოკლა.

კუალად უკუე აღიღეს გჳრგჳნი იგი ეკალთაჲ და მეწამული სამოსელი. ჰგონებდა ეშმაკი, თუ კუალად აქუნდეს ძალი თჳსი, არამედ არღარა აქუნდა, რამეთუ წიხნიდა ეკალთა მათ ფერჴითა თჳსითა და უფროჲსად მოიწყლვოდა, არა თუ მოსწყლვიდა.

და რომელნი-იგი აღძრნა მაცხოვარსა ზედა, იგინი მის ზედა აღიჭურნეს, რამეთუ მოიღეს ლერწამი იგი უფლისაგან და ჰგონებდეს, თუ სცემენ მას, არამედ ეშმაკსა სცემდეს, რომელმან აბირნა იგინი, და თავთა თჳსთა ავნებდეს, არა თუ უფალსა. რამეთუ ვითარცა-რაჲ კლდესა თუ სცემდეს ვინ ჴელითა თჳსითა, კლდესა მას ვერ შეჰმუსრავს, ხოლო ჴელსა მოიწყლავს, ეგრეთვე რომელნი-იგი უფალსა ჰბრძოდეს, თავთა თჳსთა შეჰმუსრვიდეს და მას ვერარას ავნებდეს, და იქმნებოდა ესე სრულიად სირცხჳლად მტერისა.

რამეთუ უკუეთუმცა უფალი სცემდა მას, ჴელ-ეწიფებოდამცა მას სიქადული, ხოლო რომელი-იგი მსახურთა თჳსთა მიერ იცემებოდა, ესე უმეტეს იყო ყოვლისა სირცხჳლისა. გარნა არა თუ მათმიერი იგი წყლულებაჲ მოაკუდინებდა ეშმაკსა, რამეთუ ვერაჲ ეძლო კაცთა მათ მტარვალთა, არამედ ძალი უფლისაჲ მოსწყლვიდა მას და შეჰმუსრვიდა. და ძლიერებაჲ, რომელი ჴელისაგან მაცხოვრისა შევიდა ლერწამსა მას, იგი ჴელი-თა მსახურთა მათ მტერისათა შეჰმუსრვიდა მას. რამეთუ ესე სახედ ქმნა უფალმან და კაცებისა ბუნებაჲ წინაუყო, რაჲთა სცემდენ, ვითარცა კაცსა. არამედ მისითა მით ცემითა გუელსა მას მზაკუვარსა სცემდა ჴელითა მტარვალთაჲთა.

რამეთუ რომელი-იგი ოდესმე იქადოდა სწორ ღმრთისა ყოფად, სირცხჳლეულ იქმნას ჴელითა მტარვალთაჲთა ცემული. ხოლო შეემთხუეოდა მას ესე წინააღმდგომად თჳსისა განზრახვისა, რამეთუ მან აღძრა ერი იგი ჰურიათაჲ, რაჲთა ჴმობდენ და ღაღადებდენ შესმენად უფლისა, ვითარცა იტყჳს ლუკა მახარებელი, ვითარმედ: „ზედადაესხმოდეს მას ჴმითა დი-

1 მათ. 26,41.

დითა და გამოითხოვდეს მას ჯუარ-ცუმად. და განძლიერდებოდეს ჴმანი მათნი და მღდელთმოძღუართანი“.1 ხოლო უფალმან დუმილი შემოიღო წინააღმდგომად ჴმათა მათთა და დაჰჴსნა მისი იგი ღონე.

მზაკუვარმან მან განაფიცხა პილატე, რაჲთამცა შეაშინა უფალი, და არა უწყოდა, ვითარმედ უშიშობითა განაქარვებს ჴელოვნებასა მისსა უფალი.

აღძრა უგუნური იგი მთავარი ცემად უფლისა, ხოლო ქრისტემან ძჳრუჴსენებლობაჲ წინაუყო და მძლე ექმნა.

და რასა მრავალსა ვიტყოდი, ყოველივე ღონე სიბოროტისა და უკეთურებისა მისისაჲ აჩუენა ბრძოლად მაცხოვრისა, და არა ხედვიდა ბრმაჲ იგი, ვითარმედ სათნოებასა აღსჭურავს თჳსთა მათ უკეთურებათა ზედა.

რამეთუ მტერი ყოველსა ბოროტსა ზედა მოხარულ არს, და რაჲცა ბოროტი არს, საჭურველი არს იგი საეშმაკოჲ. ამისთჳს დაარწმუნებს იგი კაცთა ბოროტისმყოფელთა მათთა ბოროტის-ყოფად, რაჲთა შთაყარნეს ცოდვასა. ხოლო უფალმან ყოველივე დაითმინა, რაჲთა გუასწაოს შიშისა წინაგანწყობად სიმჴნითა, და გინებათა ანუ შეურაცხებათა - ძჳრუჴსენებლობითა, გულისწყრომასა - სიმშჳდითა, და ყოველსავე უკეთურებასა - წინააღმდგომითა მისითა სათნოებითა.

რამეთუ ამას პირველითგანვე ასწავლიდა ყოველთა და ეტყოდა: „რომელმან გცეს ყურიმალსა მარჯუენესა, მიუპყარ ერთკერძოჲცა. და რომელსა უნდეს მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი“.2 „გიყუარდედ მტერნი თქუენნი, კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა, აკურთხევდით მწყევართა თქუენთა“.3 და სხუაჲ ესევითარი მრავალი ბრძანა.

ხოლო რაჲთა არა თქუან ვიეთმე, თუ: შეუძლებელ არს ამათ მცნებათა აღსრულებაჲ, ამისთჳს თავით თჳსით აღასრულა უფალმან ყოველივე, რაჲთა გუასწაოს ბოროტისმყოფელთა ჩუენთა არა ყოფად ბოროტისა, არცა განრისხებად, არცა შიშად სიკუდილისაგან, არამედ უფროჲსად შეურაცხ-ყოფად მისა სასოებითა მით მერმეთა კეთილთაჲთა.

რამეთუ ესრეთ იქმნების ძლევაჲ ღონეთა მტერისათაჲ, ვიდრეღა ოდეს ნაცვალისა ყოფად ვისწრაფდეთ. რამეთუ ოდეს ნაცვლისა ქმნად განვემზადნეთ და მაგინებელთა ჩუენთა ვაგინებდეთ და მავნებელთა ვავნებდეთ, მაშინ უფროჲსად აღვაორძინებთ და განვაფიცხებთ ჩუენ ზედა უკეთურებასა და უმეტესღა თავთა თჳსთა ვავნებთ, ვიდრეღა მტერთა ჩუენთა, რამეთუ შთავვარდებით სასჯელსა ძჳრის-ჴსენებისასა. ხოლო ოდეს მსგავსად უფლისა მოვითმინოთ ყოველი უსამართლოდ ვნებაჲ და ბოროტისმყოფელ-თა ძჳრუჴსენებლობაჲ წინააღუდგინოთ, და მტანჯველთა ჩუენთა - სიმჴნე, სიკუდილსა - სასოებაჲ აღდგომისაჲ, მაშინ მძლე ვექმნებით ეშმაკსა და დავაკუეთებთ მას, ვითარცა მაცხოვარმან და უფალმან ჩუენმან ქმნა და მოთმინებითა დაამჴუა ძალი მტერისაჲ და ესე სახე მოგუცა საჭურველად,

1 ლუკ. 23,23. 2 მათ. 5,39-40. 3 მათ. 5,44.

ვითარცა იტყჳს მოციქული: „შეიმოსეთ ყოვლადსაჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ თქუენ წინადადგომად მანქანებათა მათ ეშმაკისათა“.1

ესრეთ უკუე აჩუენა რაჲ უფალმან ახოვნებაჲ შუენიერი და დასცა მტერი იგი ჩუენი, მერმე დასდვეს მას ზედა ჯუარი სასწაულად ძლევისა ჭეშმარიტად, რაჲთა უნებლიეთ აღიარონ უკეთურთა მათ, ვითარმედ მან მიიღო ძლევაჲ. რამეთუ ვიდრემდის მტერი იგი დგა, აქუნდა ძელი მტარვალთა, ხოლო ოდეს იგი დაეცა და შეიმუსრა, მაშინ საძლეველი იგი აღიღო უფალმან და თავადმან იტჳრთა.

ხოლო ჯერ-იყო, რაჲთა საძლეველი იგი არა სხუასა აქუნდეს, არამედ მძლესა მას ახოვანსა.

ხოლო მი-რაჲ-ვიდოდა სიკუდილად, საძლეველსა მას თანა მიიღო სამოსელიცა თჳსი, რაჲთა იგიცა სიკუდილსა თანა განიძუარცოს. ამისთჳს შეიმოსა იგი და განვიდოდა ჯუარ-ცუმად.

ხოლო წარიყვანეს რაჲ ჯუარ-ცუმად, ეკიდა მას თჳთ ჯუარი თჳსი, ვი-თარცა იოვანე იტყჳს, ხოლო სხუანი მახარებელნი იტყჳან, ვითარმედ სჳმონ კჳრინელსა ეტჳრთა ჯუარი. და არა წინააღუდგებიან იგინი იოვანეს, არცა იოვანე სხუათა მათ, არამედ ორივე იქმნა, რამეთუ თავადმანცა უფალმან იტჳრთა ჯუარი თჳსი, და კუალად კაცმან მანცა სიმონ აღიღო იგი.

ვითარცა საძლეველი ეშმაკისა მიმართ ეკიდა მას პირველად თჳთ; და რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ თავით თჳსით და არა იძულებით მივიდოდა სიკუდილად.

და კუალად სიმონ კაცმან აღიღო იგი, რაჲთა საცნაურ იქმნას ყოველ-თა, ვითარმედ სიკუდილითა მით კაცთაჲთა მოკუდებოდა უფალი, არა თავისა თჳსისაჲთა. ესე იგი არს, კაცთა თანანადებსა გარდაიჴდიდა, არა თავისა თჳსისასა. ესე ყოველი რაჲ იქმნა, მოვიდა მოსწრაფებით ადგილსა მას, სადა-იგი ჯერ-იყო აღსლვაჲ მისი ძელსა, რაჲთა ჴელისწერილი ჩუენი, რომელი მიიღო მტერთაგან, შემსჭუალოს ჯუარსა; და განძარცუნეს მთავრობანი და ჴელმწიფებანი კადნიერებით და განაქიქნეს ძელსა ზედა. და სახილველ-ყოს კაცი იგი, რომელი გამოსტაცა პირისაგან ვეშაპისა მის, და აპკუროს სისხლითა თჳსითა და წმიდა-ყოს ქუეყანაჲ. ხოლო ესე რაჲ ეგულებოდა ქმნად, აღიძარცუნა სამოსელნი თჳსნი.

რამეთუ ჯერვე ესრეთ იყო, რაჲთა შეიყვანებდეს რაჲ კაცსა სამოთხედ, განსძუარცნეს სამოსელნი იგი ტყავისანი, რომელნი მიიხუნა ადამ, გამოვარდა რაჲ სამოთხით და მოკუდავ იქმნა. რაჲთა იყვნენ იგინი სახედ სიკუდილისა მის, რომელი ცოდვისა მიერ შეემთხჳა. ხოლო უფალმან, რომელმან ყოველივე ბუნებაჲ ჩუენი მიიღო თჳნიერ ცოდვისა, შეიმოსა ესე სამოსელი, რაჲთა განიძუარცოს და განმძუარცნეს ჩუენ ტყავისა იგი სამოსელნი და მათ წილ შეგუმოსოს ცხორებაჲ და უხრწნელებაჲ.

1 ეფეს. 6,11.

და შეიმოსა სამოსელთა მათ თჳსთა თანა კუართიცა იგი უკერველი, ზემოჲთ ქსოვილი ყოვლად, და აღიძუარცა იგი, აღვიდოდა რაჲ ჯუარად, რაჲთა ჰრწმენეს ჰურიათა, თუ ვინ არს ანუ ვინაჲ, რომელსა ესე ჰმოსიეს. რამეთუ არა კაცი ლიტონი იყო, არამედ სიტყუაჲ, ზეცით მოსრული, რომელმან შეიმოსა კაცებაჲ. და ვითარმედ არა განიყოფის, არამედ განუყოფელ არს მამისაგან. და ვითარმედ კაც იქმნა რაჲ, არა აქუნდეს ჴორცნი კერულნი მამაკაცისაგან და დედაკაცისა, არამედ ქალწულისაგან ხოლო, ქსოვილნი ჴელოვნებითა მით სულისა წმიდისაჲთა.

ამისთჳსცა მტარვალთა მათ სხუაჲ იგი სამოსელი განიყვეს, რამეთუ განყოფილნი იყვნეს. და ყვეს იგი ოთხად ნაწილად, რამეთუ ოთხკერძოთა მათ ცოდვათათჳს სოფლისათა ეცუნეს იგი უფალსა: აღმოსავალისა, დასავალისა, ჩრდილოჲსა და სამხრისა. რომელი-იგი იხილა იოვანე შემოსილი და თქუა: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აღიხუნა ცოდვანი სოფლისანი“.1 ხოლო კუართისა მის განხევად ვერ იკადრეს შიშისაგან სასწაულისა მის, რომელსა იგი მოასწავებდა.

და ესე საქმე არა მათი იყო, არამედ ჯუარცუმულისა მის მაცხოვრისაჲ, რომელი-იგი ვითარცა კაცი ეკიდა ძელსა, ხოლო ძალითა ღმრთეებისაჲთა სდევდა ეშმაკსა და მთავრობათა მათ და ჴელმწიფებათა მისთა და ეწეოდა და განაქარვებდა ძალსა მისსა, ხოლო მტარვალთა მათ შეაშინებდა, რაჲთა ვერ განკუეთონ კუართი მისი, არამედ რაჲთა ეგოს იგი სამხილებელად ჰურიათა, რაჲთა ჰრცხუენოდის მათ და ემხილებოდის, ვითარმედ კრეტსაბმელი იგი ტაძრისაჲ განიპო, ხოლო კუართი მაცხოვრისაჲ განუკუეთელად ეგო, და ვერ განკუეთეს იგი მტარვალთა მათ.

იგი სახე იყო ამისცა საქმისაჲ, ვითარმედ ჰგიეს სახარებაჲ მარადის განუკუეთელად, ხოლო აჩრდილნი იგი განიკუეთნეს. არამედ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ.

აღიძუარცნა რაჲ უფალმან სამოსელნი და განეწყო სიკუდილისა მიმართ, ხედვიდა ეშმაკი გულსმოდგინებასა მას მაცხოვრისასა. ხედვიდა კუალად თავსა თჳსსა, ზეცით გარდამოვრდომილსა და ქუეყანისაგან ოტებულსა. ცნა, ვითარმედ იძლია მისგან და სრულიად ტყუე იქმნა, და უღონოებასა შინა იყო, დადგომად ვერ ეძლო და სივლტოლად ეშინოდა. მაშინ მოიგონა, ვითარმედ მიწისაგანნი მო-რაჲ-კუდენ, მიწადვე მიიქცევიან, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „მიწაჲ ხარ და მიწადვე მიიქცე“.2 ამისთჳს ეშინოდა ქუეყანასა შინა ყოფად, ნუუკუე ეწიოს მას უფალი და შეიპყრას. დაელია ადგილი სივლტოლისაჲ და ჰაერთა შინა ფრინვიდა, რაჲთა საუფლოჲ იგი გუამი დაიდვას რაჲ ქუეყანასა შინა, მას აქუნდეს ჰაერი თავისუფლებით.

ხოლო უფალმან ამასცა ზედა აჩუენა კაცთმოყუარებაჲ თჳსი და არა მიიღო სიკუდილი ქუეყანასა ზედა, არამედ აღვიდა ჯუარითა ჰაერად,

1 იოან. 1,29. 2 დაბ. 3,19.

რაჲთა მიერცა განდევნოს გუელი იგი, მთავარი ბნელისაჲ, და სულნი იგი უკეთურებისანი დაამჴუნეს. გარნა არავე დაუტევა ქუეყანაჲ უკურნებელად.

რამეთუ დამოეკიდა რაჲ ჯუარსა, ჰაერი წმიდა-ყო განპყრობითა ჴელ-თაჲთა, ხოლო ქუეყანაჲ განბანა სისხლითა მით და წყლითა ცხოელსმყოფელისა გუერდისა მისისაჲთა.

ესე რაჲ ესრეთ აღესრულა, უმეტესად უღონო იქმნა მაცთური. ზეცით გარდამოვრდომილ იყო, ქუეყანით ოტებულ იყო, ჰაერთაგან განდევნილ იყო და დიდსა სირცხჳლსა შინა იყო, რამეთუ ფრიად იქადოდა და სრულიად მოუძლურდა.

ვინაჲთგან უკუე ყოველგნით დევნულ იყო და განქიქებულ და გან-თრეულ, განიზრახა, რაჲთა ბარე ჯოჯოხეთი დაიცვას, რამეთუ იგიღა ოდენ დაჰრჩომოდა, გარნა იწიწვოდა, ნუუკუე მუნცა მივიდეს უფალი და განდევნოს და ყოველნი იგი მუნ შეყენებულნი განათავისუფლნეს. ამისთჳს თითოსახეთა ღონეთა იქმოდა და მრავალთა შემწეთა მოიპოებდა, რაჲთამცა არა მივიდა მკუდართა თანა უფალი. რამეთუ იწყო ცნობად, ვითარმედ იგი არს, რომლისათჳს წერილ არს: „აჴდა მაღალსა, წარმოტყუენა ტყუე და მისცა ნიჭები კაცთა“.1

ამისთჳს კუალად აღძრნა ჰურიანი კიცხევად და ყუედრებად უფლისა; და ეტყოდეს: „ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღა-შენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით!“2 და სხუასა მრავალსა ესევითარსა იტყოდეს, რავდენსაცა ეშმაკი მოაგონებდა, რაჲთამცა ყუედრებათა მათთათჳს გარდამოჴდამცა უფალი მაგიერ ჯუარით და არამცა მივიდა მკუდართა თანა, რაჲთა ესრეთ დაშთეს მტერსა ჴელმწიფებაჲ მკუდართაჲ.

ხოლო მაცხოვარსა და ჭეშმარიტად ძესა ღმრთისასა არა სივლტოლი-თა სიკუდილისაგან, არამედ სიკუდილისა მიერ და ჯუარისა დათრგუნვითა სიკუდილისაჲთა ენება გამოჩინებად, ვითარმედ ძე ღმრთისაჲ არს და ცხორებაჲ ჭეშმარიტი.

რამეთუ ჴელ-ეწიფებოდა გარდამოსლვაჲ ჯუარით, რომელმან-იგი აურაცხელნი მკუდარნი აღადგინნა. არამედ გარდამოსლვაჲ ჯუარით სივლტოლასა აჩუენებდა სიკუდილისაგან, ხოლო დადგრომაჲ ჯუარსა ზედა წამებდა, ვითარმედ იგი არს ცხორებაჲ ჭეშმარიტი.

კუალად უკუე აღძრნა მზაკუვარმან მღდელთმოძღუარნიცა და ფარისეველნი, და იტყოდეს: „გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით, და გურწმენეს იგი. სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უც ცხოვნებად“.3

ხოლო არა თუ სარწმუნოებად მოსლვაჲ მათი უნდა მოძღუარსა მას ურწმუნოებისასა და მასწავლელსა წარწყმედისასა, არცა ცნობაჲ უნდა, თუ

1 ფსალმ. 67,19. 2 მათ. 27,40. 3 მათ. 27,42.

ძალ-უც უფალსა თავისა თჳსისა ცხოვნებად, რომელმან-იგი სხუანი აცხოვნნა, არამედ რაჲთა ამათ სიტყუათა მიერ, და უფროჲსად, რომელ იტყოდეს იგინი, თუ: „გარდამოჴედინ ჯუარით, და გურწმენეს იგი“, გარდამოჴდამცა უფალი ჯუარით და არამცა მიიღო სიკუდილი, არცამცა მივიდა ჯოჯოხეთად.

ხოლო უფალმან, ჭეშმარიტად მაცხოვარმან, რომელი არა თჳსსა ეძიებდა, არამედ ჩუენსა, არა გარდამოსლვითა ჯუარით ინება გამოჩინებად მაცხოვარებაჲ თჳსი, არამედ გამოჴსნითა ჩუენითა კრულებათაგან ჯოჯოხეთისათა.

რამეთუ მკურნალიცა არა ამისგან გამოჩნდის ჴელოვნად, უკუეთუ თჳთ მრთელად იყოს, არამედ უკუეთუ უძლურნი განკურნნეს; და მზემან არა ამით გამოაჩინის ბრწყინვალებაჲ თჳსი, რაჲთამცა თავსა შორის თჳსსა შეაყენა ნათელი, არამედ რაჟამს სოფელსა მიჰფინის ნათელი და ბნელი განაქარვის.

ეგრეთვე უფალი არა თავისა თჳსისა ცხოვნებასა აჩუენებდა, რამე-თუ მას ცხორებაჲ არა უჴმდა, თჳთ მაცხოვარი იყო და წყაროჲ ცხორებისაჲ, არამედ სხუათა ცხორებითა აჩუენებდა მაცხოვარებასა თჳსსა; და არა გარდამოსლვითა ჯუარით, არამედ ჯუარსა ზედა გამოაჩინებდა, ვითარმედ ძე ღმრთისაჲ არს, რამეთუ სიკუდილითა თჳსითა ყოველნი აცხოვნნა და სარწმუნოებად მოიყვანნა.

მაშინ უკუე, იყო რაჲ ჯერეთ ძელსა ზედა, საფლავნი განეხუნეს, და მკუდარნი აღდგეს, და ავაზაკსა ჰრწმენა, რაჲთა გამოჩნდეს, ვითარმედ იგი არს ჭეშმარიტად მაცხოვარი ყოველთაჲ.

ხოლო ეშმაკმან იხილა რაჲ, ვითარმედ ავაზაკიცა გამოსტაცა უფალმან ჴელთაგან მისთა ჯუარსავე ზედა, უმეტესად შეძრწუნდა და უღონო იქმნა. რამეთუ ხედვიდა, ვითარმედ შებღალული იგი სისხლითა ავაზაკობისაჲთა, რომელი პირველ მგმობარ იყო, მორწმუნე იქმნა, და მეორესა მასცა ავაზაკსა აბრალობდა, და უფროჲსღა ეშმაკსა, რომელი პირითა მის ავაზაკისაჲთა ზრახვიდა. განცჳბრებულ იყო ამას ზედა მაცთური იგი, ბილწი და მყრალი. რამეთუ ყოველივე საჭურველი მისი და მახჳლი, რომლითა ჰბრძოდა უფალსა, უჴმარ იქმნა, ვითარცა წერილ არს: „მტერისა მახჳლსა მოაკლდა სრულიად, და ქალაქნი მისნი აღოჴრდეს“.1

მაშინ უღონომან მან და უძლურმან ესეცა მოიპოვა ღონე და აღძრა მსახურნი იგი თჳსნი, რაჲთამცა ასუეს უფალსა ძმარი ნავღლითა განზავებული; და არა იცოდა ცოფმან მან, ვითარმედ ამასცა სავნებელად თავისა თჳსისა იქმოდა. რამეთუ სიმწარე იგი რისხვისაჲ მის, რომელი მოიწია ჩუენ ზედა გარდასლვითა მით მცნებისაჲთა, რომლისა მიერ ყოველთა ზედა იქადოდა, მისცა მაცხოვარსა ჴელითა მით მტარვალთაჲთა.

1 ფსალმ. 9,7.

ხოლო ტკბილმან მან უფალმან მიიღო იგი და განაქარვა და ძმრისა წილ გჳწდია ჩუენ ღჳნოჲ იგი, რომელი სიბრძნემან განზავა ტაკუკთა შინა თჳსთა,1 ხოლო ნავღლისა წილ მოგუმადლნა სიტყუანი თჳსნი, რომელნი უტკბილეს არიან უფროჲს თაფლისა მის გოლეულისა. რამეთუ ვინაჲთგან მან მიიღო სიმწარე ჩუენი, გუეტყჳს ჩუენ: „განიცადეთ და იხილეთ, რამე-თუ ტკბილ არს უფალი“.2

ხოლო ვითარცა ამისცა ღონისაგან ცარიელი დაშთა ეშმაკი, და ჴელოვნებაჲ მისი ამაო იქმნა, და ცნა უმეტესადრე, ვითარმედ არა კაცისა მიმართ არს ბრძოლაჲ მისი, არამედ ღმრთისა განკაცებულისა, განიზრახა სრულიად სივლტოლაჲ, რამეთუ შურდა ცხორებაჲ კაცთაჲ მოშურნესა მას. მაშინ უფალმან, მაცხოვარმან ყოველთამან, არა ინება, რაჲთამცა განერა მტერი იგი, და დაშთესმცა სულნი ჯოჯოხეთს შეყენებულნი, არამედ საკჳრველად ჴელთ-იგდო იგი. რამეთუ იხილა რაჲ, ვითარმედ ივლტის შეძრწუნებული, კუალად კაცობრივთა სიტყუათა იტყოდა, ვითარცა გუასწავებს მახარებელი, ვითარმედ:

„ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ელი, ელი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევებ მე?“3

ესე ამისთჳს თქუა, რაჲთა ეშმაკი კუალად იჭუეულ იქმნას, და რომლისაგან ძრწოდა და იტყოდა, ვითარმედ: ღმერთი არს, შეჰრაცხოს კაცად უძლურად და არა ივლტოდის ამის ჴმისაგან. სცთა ყოვლადბოროტი იგი და კუალად ვითარცა კაცსა მოუჴდა. მაშინ სრულიად დაეკუეთა და წარწყმდა.

რამეთუ მიიღო რაჲ უფალმან სასუმელი სიკუდილისაჲ, და უგუმირეს ლახურითა გუერდსა მას ცხოელსმყოფელსა, რომლისაგან გარდამოჴდა სისხლი და წყალი (რაჲთა ვითარცა პირველ შემოვიდა საცთური დედაკაცისა მისგან, ადამის გუერდით დაბადებულისაჲთ, ეგრეთვე გუერდისაგან მეორისა ადამისა გამოჴდეს ცხორებაჲ და საჴსარი პირველისაჲ მის, რამე-თუ სისხლი იგი საჴსარი იყო, ხოლო წყალი - განსაწმედელი), მაშინ წარწყმდა სრულიად მტერი იგი ბოროტი; რამეთუ მოკუდა უფალი ბუნებითა მით კაცობრივითა, და ეშმაკი წარმოიტყუენა და მკუდარ იქმნა. ჰგონებდა, რაჲთა ეუფლოს, ვითარცა კაცსა, და შეიმუსრა ძალი მისი, და ყოველთა გულისჴმა-ყვეს ღმრთეებაჲ უფლისა ჩუენისაჲ. რამეთუ მო-რაჲ-კუდა ჴორცი-თა, მეყსეულად მზე დაბნელდა, და კრეტსაბმელი განიპო ტაძრისაჲ მის, და ქუეყანაჲ შეიძრა, და კლდენი განსთქდეს, საფლავნი აღეხუნეს, მკუდარნი აღდგეს, მჴედარნი შეშინდეს, მეკარენი ჯოჯოხეთისანი შეძრწუნდეს, და საცნაურ იქმნა, ვითარმედ ჯუარცუმული იგი არა კაცი იყო ლიტონი, არმედ ღმერთი განჴორციელებული. ამისთჳსცა, რომელნი-იგი ხედვიდეს, იტყოდეს: „ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ იყო ესე“.4

1 იგავ. 9,5. 2 ფსალმ. 33,9. 3 მათ. 27,46; მარკ. 15,34. 4 მათ. 27,54.

იხილეთა, ვითარ ბრმა არს უკეთური იგი მტერი? ერთისა მოკლვაჲ განიზრახა, და ყოველნი მოაკლდეს მისგან.

ჰგონებდა ერთისა ჯოჯოხეთს შთაყვანებად და განიდევნა ჴელმწიფებისაგან ჯოჯოხეთისა. და ცნეს ყოველთა, ვითარმედ არა უძლურებითა ბუნებისაჲთა მოკუდა უფალი, არამედ რაჲთა შემუსროს და განაქარვოს სიკუდილი და „რომელსა-იგი ჴელმწიფებაჲ აქუნდა სიკუდილისაჲ“, ვითარცა მოციქული იტყჳს, „ესე იგი არს ეშმაკი, და განათავისუფლნეს იგინი, რომელნი შიშითა სიკუდილისაჲთა მარადის ცხორებად თანამდებ იყვნეს კირთებასა“.1

მან თავადმან დაჰჴსნნა სალმობანი ჯოჯოხეთისნი, ვითარცა იტყჳს ესაია, ვითარმედ: „ჯოჯოხეთი ქუეშე შენსა განმწარდა შემთხუევასა შენსა“,2 მი-რაჲ-ხჳდოდე შენ; და აღდგომითა თჳსითა აღადგინნა დასაბამითგანნი მკუდარნი და ეშმაკი საკიცხელ და საცინელ ყო. რამეთუ ვითარცა ბზიკმან, სცის რაჲ კლდესა, კლდესა მას ვერაჲ ავნის, არამედ თჳსი იგი საწერტელი შემუსრის, ეგრეთვე სიკუდილი შეიმუსრა, მოუჴდა რაჲ კლდესა მას ცხორებისასა, რომელ არს ქრისტჱ, და საწერტელი თჳსი წარწყმიდა; ვიდრეღა რომელთა იგი პირველ აშინებდა, აწ ვეტყჳთ მას: „სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი?“3 და კუალად ვიტყჳთ: აჴოცა ღმერთმან ყოველივე ცრემლი პირისაგან ჩუენისა.4

მაშინ შეიკრა მძლავრი იგი ბოროტი და მწარედ იგლოვდა მდებარე ბჭეთა თანა ჯოჯოხეთისასა, ხედვიდა რაჲ, ვითარ მკუდარნი განცხოელდებოდეს, ტყუენი განთავისუფლდებოდეს, წმიდანი იგი მამათმთავარნი და წინაჲსწარმეტყუელნი იხარებდეს და გალობდეს. რომელნიმე იტყოდეს: „აღჴდა მაღალსა, წამოტყუენა ტყუე და გამოიყვანნა კრულნი სიმჴნითა თჳსითა“.5 სხუანი იტყოდეს: „რაჟამს მოაქცია უფალმან ტყუე სიონისაჲ, და ვიყვენით ჩუენ ნუგეშინისცემულ. მაშინ აღივსო პირი ჩუენი სიხარული-თა, და ენაჲ ჩუენი - გალობითა“.6 ხოლო ანგელოზნი და ყოველნი ზეცისა მჴედრობანი ღაღადებდეს: „დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ“.7 და ყოველნივე იხარებდეს ძლევასა მას ზედა სიკუდილისასა.

ხოლო მძლავრი იგი და მბრძოლი ყოველთაჲ შეკრული ჴელითა და ფერჴით მდებარე იყო; და ყოველნი განკჳრვებულ იყვნეს, თუ ვითარ მეყსა შინა იქმნა დიდი იგი საკჳრველი, რომელ სიკუდილითა სიკუდილი შეიმუსრა, და ჯუარითა ესევითარი ვეშაპი პყრობილ იქმნა, და ჯოჯოხეთი წარმოიტყუენა. ხოლო უბადრუკი იგი ოდენ გოდებდა და კბილთა იღრჭენდა სულთა მათ ზედა, რომელნი განერნეს ჴელთაგან მისთა, ვითარცა წე-

1 ებრ. 2,14-15. 2 ესაია 14,9. 3 1 კორ. 15,55. 4 შდრ. ესაია 25,8. 5 ფსალმ. 67,19,7; ეფეს. 4,8. 6 ფსალმ. 125,1-2. 7 ლუკ. 2,14.

რილ არს, ვითარმედ: „ცოდვილმან იხილოს და განრისხნეს, კბილთა თჳსთა იღრჭენდეს, დადნეს, და გულისთქუმაჲ ცოდვილთაჲ წარწყმდეს“.1

იღრჭენდა კბილთა და ინანდა, რომელ ყოვლადვე იკადრა მაცხოვრისა ბრძოლად. რამეთუ პირველ ებრძოლა წმიდათა და არარაჲ ესევითარი შეემთხჳა. აბელი მოკლა, ესაია განხერხა, იერემია ტანჯა, იობი გამოცადა და სხუანი ყოველნი მამათმთავარნი, და არა იძლია.

ხოლო იკადრა რაჲ უფლისა მიმართ, სრულიად შეიმუსრა და დასა-თრგუნველ ყოველთა იქმნა. რამეთუ ესე საქმე მაცხოვრისაჲ არს, რომელ არა ხოლო თუ თავადი მძლე ექმნა სიკუდილსა, არამედ ჩუენცა მოგუცა ჴელმწიფებაჲ დათრგუნვად იგი; და ბრძანებს: „აჰა ესერა მიგეც თქუენ ჴელმწიფებაჲ დათრგუნვად გუელთა და ღრიაკალთა და ყოველსა ძალსა მტერისასა“;2 და კუალად იტყჳს: „ასპიტსა და იქედნესა ზედა ხჳდოდი; და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი“.3

პირველ გუელმან აცთუნა ევა, და შურითა სიკუდილი შემოვიდა სოფლად. ხოლო აწ დაითრგუნა, და მო-თუ-ვიდეს ბრძოლად, ესმის: „წარვედ ჩემგან მართლუკუნ, ეშმაკო“,4 და მეყსეულად უჩინო იქმნების, და შეჰმუსრავს მას ღმერთი ფერჴთა ქუეშე ჩუენთა.

და ესოდენ შეურაცხ არს, ვიდრეღა „ყრმამან მცირემანო ჴურელსა ასპიტისასა ჴელი დასდვას და არაჲ ევნოს“,5 თქუა ესაია.

და ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ ესე, რამეთუ ბერნი და ყრმანი დასთრგუნვენ გულისთქუმათა მათ და ბრძოლათა მტერისათა, რომლითა ოდესმე ყოველნი დაემორჩილნეს; და ჩჩჳლნი პირველ ჰასაკად მოსლვისაცა სრულსა სიწმინდესა წარჰმართებენ და ქალწულებით აღასრულებენ დღეთა თჳსთა და ყოველთავე ცოდვისა გემოთა აღმოიფხურიან გულისაგან.

და მრავალთა საწერტელი ეშმაკისაჲ დათრგუნეს და სიკუდილი შეურაცხ-ყვეს და ცხორებაჲ უგულებელს-ყვეს და გჳრგჳნი წამებისაჲ მიიღეს და ჰბაძვიდეს სიკუდილსა მას უფლისასა.

სხუათა საწუთროჲ დაუტევეს და მოქალაქობაჲ ზეცისაჲ მოიგეს ჴორც-თა შინა და განკიცხეს მთავარი იგი ამის სოფლისაჲ. ესევითარნი კეთილნი იქმნეს ჯუარ-ცუმითა უფლისაჲთა.

ხოლო გზაჲ იგი სამოთხისაჲ, რომელი პირველ ცოდვისა მიერ ჩუენისა დაჴშულ იყო, აწ განღებულ არს, რომელთაცა ენებოს შესლვაჲ, ვითარცა წამებს პავლე, რომელი ჴორცითავე მუნ მიიტაცა და ზეცად აღიტაცა.6 და ყოვლით კერძო დაიჴსნა ძალი ეშმაკისაჲ და ვითარცა გუელი ჭამს მიწასა; და რომელი იქადოდა სიმდიდრესა, განშიშულდა. ხოლო ჩუენ, დაგლახაკებულნი ესე, განვმდიდრდით. რამეთუ ამისთჳს დაგლახაკნა უფალი, რაჲთა ჩუენ სიგლახაკითა მისითა განვმდიდრდეთ. ხოლო ეშმაკი განშიშულდა და

1 ფსალმ. 111,10. 2 ლუკ. 10,19. 3 ფსალმ. 90,13. 4 მათ. 4,10. 5 ესაია 11,8-9.

6 2 კორ. 12,2.

დაითრგუნა. და იქმნა დიდი ესე საკჳრველი სოფელსა შინა, რომელ კაცნი წადიერ არიან სიკუდილად, რაჲთა მივიდენ საუკუნესა მას, და სურის მეორედ მოსლვისათჳს მაცხოვრისა. ხოლო ბოროტსა მას ეშმაკსა, რომელსა პირველ ჴელმწიფებაჲ აქუნდა სიკუდილისაჲ, აწ ეშინის მოსლვისა მისგან დიდებულისა და სასჯელისა მისგან ძრწის, რამეთუ იცის ცეცხლი იგი, განმზადებული მისთჳს და მსახურთა მისთათჳს, რამეთუ ამისთჳს დაისაჯა უფალი ჩემი ჴორცითა, რაჲთა ჩუენ გჳჴსნეს სასჯელისაგან და ეშმაკი დასაჯოს.

ხოლო ღმრთისმეცნიერებისა მისთჳს, რომელი განეფინა სოფელსა შინა, რადღა საჴმარ არს თქუმად, ვინაჲთგან საქმენი თჳთ ქადაგებენ; რამე-თუ დღითი-დღე კაცნი კერპთა დასთრგუნვენ და შეჰმუსრვენ და ღმერთსა აღიარებენ და მცნებათა ქრისტესთა აღასრულებენ; და გულისთქუმათა, რომელთა მოწყუედად მო-ცა-ვერ-იგონებდეს, აწ კადნიერად დასთრგუნვენ; და ეშმაკთა, რომელთაგან პირველ ძრწოდეს, აწ სხუათაგანცა განასხმენ; და ცოდვასა მას, რომლისადა დამონებულ იყვნეს, აწ სასწაულითა მით ჯუარისაჲთა ეკიცხევენ; და რომელნი-იგი ურწმუნო იყვნეს ქალწულებასა და იტყოდეს, თუ შეუძლებელ არს კაცთა შორის წარმართებაჲ მისი, ჰრწმენა რაჲ ქალწულისაგან შობილი ქრისტე, ადვილად წარჰმართებენ, და უკჳრნ მათ, რომელნი ჯერეთ ურწმუნოებასა შინა იყვნიან.

ამას ზედა გრძნებანი და მწამლველობანი უქმ იქმნეს, და სიბრძნენი იგი წარმართთანი სულელ იქმნეს, და არღარა სიტყუათაჲ არს ძიებაჲ, არამედ საქმეთა კეთილთაჲ; და არა სიტყუამრავლობაჲ სარგებელ არს, არამედ სიწმინდე სულისაჲ; და რომელსა ფილაფოზნი იგი წარმართთანი სიტყჳთ ვერ გამოაჩინებენ, ვერცა მისწუთებიან, ამას ქრისტეანენი სარწმუნოებითა გამოაჩინებენ; და რომელსა გრძნებანი იქმოდეს, ჯუარმან ქრისტესმან განაქარვა; და უკუდავებაჲ იგი, რომელსა წარმართნი ურწმუნო იყვნეს, ქრისტეს მოწამეთა საქმით გამოაჩინეს; და ქალწულებაჲ, რომელი საკჳრველ იყო დიდთა მათ ფილაფოზთა მიერ, ქრისტეს მიერ დედა-თაცა ადვილად წარჰმართეს; და ეშმაკთა, რომელთა ღმრთად აღიარებდეს იგინი, ყრმანიცა სდევნიან ქრისტეს მიერ.

და ყოვლითურთ ღმერთშემოსილი კაცი მსგავს ღმრთისა არს ქუეყანასა ზედა, ძჳრუჴსენებელ, ძმათმოყუარე, ზეცისა მოქალაქობისა აღმასრულებელ.

ესე ყოველი ქრისტეს ჯუარ-ცუმითა იქმნა, ესე ყოველი აღასრულა სიკუდილმან მაცხოვრისამან; რამეთუ არა კაცობრივი არს საქმე ესე, არამედ საღმრთოჲ, და ამისთჳს ივნო, ვითარცა კაცმან, რაჲთა კაცთა მოანიჭოს ყოველივე კეთილი.

და აწ ყოველნივე სათნოებანი, რომელთა კაცნი იქმან, მისი საქმე არს. რამეთუ დაღაცათუ პავლე იტყოდის, ქრისტე იტყჳს მის მიერ; დაღაცათუ დიდთა სასწაულთა იქმოდის, მადლი ქრისტესი იქმს ყოველსავე; და რომელ-იგი ყოველთა ზედა მიიწია მეცნიერებაჲ ღმრთისაჲ, მისი საქმე არს, რომელი გარდამოჴდა ზეცით და შუამდგომელ იქმნა ღმრთისა და კაცთა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „იყვნენ ყოველნი ღმრთივსწავლულ“.1 აწ უკუე სანატრელ არს ჭეშმარიტად და თაყუანისსაცემელ ცხოელსმყოფელი ჯუარი ქრისტესი, რომლისა მიერ სიკუდილი განქარდა, და ეშმაკი მოიკლა, და ჯოჯოხეთი წარმოიტყუენა.

დიდებაჲ შენდა, სიტყუაო ღმრთისაო, ღმერთო ჭეშმარიტო, სიბრძნეო და ძალო მამისაო, რომელმან მრავალღონე იგი მძლავრი შეჰმუსრე და ამპარტავანი იგი ქედი მისი დაჰკაფე და მოგუეც ძალი დათრგუნვად მისა.

კაცთმოყუარეო და სახიერო მეუფეო, შენ ტყუეობისაგან გჳჴსნენ ჩუენ და მონებისაგან ცოდვისა განგუათავისუფლენ სიკუდილითა შენითა.

მშჳდობისმყოფელო, მოწყალეო, ძეო ღმრთისაო ჭეშმარიტო, შენ შვილ ღმრთისა გუყვენ ჩუენ და დამაგენ მამასა შენსა, რამეთუ მტერობაჲ იგი ჴორცითა შენითა განაქარვე.

მდიდარო მაცხოვარო, მეუფეო ტკბილო, შენ დაჰგლახაკენ ჩუენთჳს, რაჲთა სიგლახაკითა შენითა ჩუენ განვმდიდრდეთ, და სასუფეველი მოგუანიჭე ჩუენ.

დამბადებელო ყოველთაო, სიტყუაო მამისაო, შენ მეორედ დამბადენ ჩუენ და განმაახლენ დაძუელებულნი ესე.

ნათელო ჭეშმარიტო და ბრწყინვალებაო მამისაო, შენ დაბნელებულნი ესე განგუანათლენ და დაბრმობილთა ნათელი გჳჩუენე.

ხატო და თანაარსო მამისაო, შენ წარწყმედულნი ესე მოგჳძიენ და კუალად მოგუანიჭე ხატებაჲ და მსგავსებაჲ ღმრთისაჲ.

ღმერთო, სიტყუაო ღმრთისაო, ცხორებაო ჭეშმარიტო, შენ განგუაცხოველენ მომკუდარნი ესე და განხრწნილნი უხრწნელ-გუყვენ.

ძალო ჭეშმარიტო და მარჯუენეო და მკლავო ღმრთისაო, შენ დაჰჴსენ სალმობანი სიკუდილისანი და შეჰმუსრენ ბჭენი რვალისანი და მოქლონნი რკინისანი და ვეშაპი იგი ეშმაკი სამჭედურითა მოითრიე, სასწაულითა მით ჯუარისაჲთა.

შენ მიერ, სახიერო, და შენითა მით ქველისსაქმითა ყოველნი ემღერიან მას და ყოველნი დასთრგუნვენ მას, და არღარავის ეშინის მისგან, არამედ შენგან გუეშინის ყოველთა და შენ თაყუანის-გცემთ, და შენ მიერ - დაუსაბამოსა მას მამასა შენსა და ყოვლადწმიდასა სულსა მარადის და უკუნისამდე.

ხოლო კუალად ზემოჴსენებული სიტყუაჲ ვაჴსენოთ. სახიერმან მან და კაცთმოყუარემან უფალმან ჯუარ-ცუმითა და სიკუდილითა თჳსითა აღდგომაჲ და ცხორებაჲ მოგუანიჭა ყოველთა და ძალი სიკუდილისა და ეშმაკისაჲ შემუსრა. ხოლო ჰურიანი დიდებულთა მათ საკჳრველებათა ხედვი-

1 იოან. 6,45; შდრ. ესაია 54,13.

დეს და არავე რცხუენოდა, არცა გულისჴმა-ჰყოფდეს, ვითარმედ თავისა თჳსისა წარწყმედად ისწრაფდეს. მისცეს უფალი პილატეს და არა ხედვიდეს, ვითარმედ იერუსალჱმსა მისცემდეს ჴელთა ჰრომთასა. არა ინებეს მონებაჲ უფლისაჲ და ყვნეს თავნი თჳსნი მონა ეშმაკისა და ჰმსახურებდეს მას, რავდენსაცა ეტყოდა ბრძოლად უფლისა.

გამოითხოვეს ბარაბა და უფალი მისცეს ჯუარ-ცუმად; რამეთუ ცხორებაჲ ბარაბაჲსი შეიყუარეს, და ყოველი კაცის-კლვაჲ და მესისხლეობაჲ მათ შორის არს. ხოლო ნათელი და ცხორებაჲ და ყოველივე, რავდენი ეწოდების უფალსა ჩუენსა, მათ განიშორეს. რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ ესაიაჲსი, რომელსა იტყჳს: „აჰა ესერა მფლობელი უფალი საბაოთ მოსპოლავს ჰურიასტანით და იერუსალჱმით ძლიერსა მამაკაცსა და შემძლებელსა დედაკაცსა, ძალსა პურისა და წყლისასა, გმირსა და ძლიერსა, და კაცსა მბრძოლსა და მსაჯულსა, და წინაჲსწარმეტყუელსა და განმაწესებელსა, და მოხუცებულსა და ერგასისთავსა, და საკჳრველსა მზრახვალსა, და ბრძენსა ხუროჲთმოძღუარსა, და გულისჴმისმყოფელსა მსმენელსა. და დავადგინნე ყრმანი მთავრად მათა, და მემღერნი უფლებდენ მათ ზედა“.1

ემღერდეს უბადრუკნი იგი უფალსა და არა ხედვიდეს, ვითარმედ აღესრულოს მათ ზედა სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ: „მემღერნი უფლებდენ მათ ზედა“.

ხოლო ნათელი ჭეშმარიტად მიეღო მათ, რამეთუ იტყჳს იერემია: „მოვსპო მათგან ჴმაჲ სიხარულისაჲ და ჴმაჲ მხიარულებისაჲ, ჴმაჲ სიძისა და სძლისაჲ, სურნელებაჲ ნელსაცხებელისაჲ და ნათელი სანთლისაჲ“.2

მისცეს უფალი წარმართთა მოკლვად, და არა განიცდიდეს ბრმანი, ვი-თარმედ შემდგომად მცირედისა იგინი შეიგინნენ წარმართთა შორის, და სამკჳდრებელსა მათსა შევიდენ წარმართნი.

უარ-ყვეს უფლისა მეუფებაჲ და არა სცნობდეს, ვითარმედ წარიწყმედენ პატივსა მას დავითისსა; რამეთუ მისდა განმზადებულ იყო მეუფებაჲ დავითისი, და მოსლვადმდე მაცხოვრისა მოიწია იგი, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელებდა მამათმთავარი იაკობ, ვითარმედ: „არა მოაკლდეს მთავარი იუდაჲსგან, არცა წინამძღუარი წყვილთაგან მისთა, ვიდრემდის მოვიდეს, რომლისა-იგი განმზადებულ არს, და იგი - მოლოდებაჲ წარმართთაჲ“.3

განძუარცეს უღმრთოთა მათ უფალი ჩემი და სცეს, და არა იცოდეს, ვითარმედ განშიშულდებიან შეწევნისა მისისაგან და შეიმოსენ ტყებასა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: „მოვსძარცო სამოსელი ჩემი და ტილოები ჩემი არა ფარვად სირცხჳლსა მისსა. და გოდებდეს და იგლოვდეს და ვიდოდის უჴამლოჲ და შიშუელი, და ყოს ტყებაჲ, ვითარცა ვეშაპთაჲ, და გლოვაჲ, ვითარცა ასულთა ურჩხულთაჲ“.4

1 ესაია 3,1-4. 2 იერ. 25,10. 3 დაბ. 49,10. 4 შდრ. მიქ. 1,8.

შეჰმოსეს უფალსა მეწამული და არა იცოდეს, არცა ხედვიდეს, ვითარმედ აღესრულების მათ ზედა სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „ჴელნი თქუენნი სავსე არიან სისხლითა“;1 და „ჴელთა თქუენთა იპოვა უბრალოჲ სისხლი“.2

იხარებდეს უბადრუკნი, ხედვიდეს რაჲ თავსა ზედა უფლისასა გჳრგჳნსა მას ეკლისასა, და არა ხედვიდეს ბრმანი, ვითარმედ თჳსთა თავთა ზედა დაიკრებდეს ეკალსა და კუროჲსთავსა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: „ქუეყანასა ერისა ჩემისასა ეკალი აღმოეცენოს, და ყოვლისა სახლისაგან სიხარული მოისპოს“.3

ეკიცხევდეს უფალსა განკიცხულნი იგი, თუ რად იტყჳსო თავსა თჳსსა ძედ ღმრთისა, და არა ხედვიდეს, ვითარმედ სრულიად განვარდებიან შვილებისაგან, ვითარცა წამებს უფალი პირითა ესაიაჲსითა: „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო: ძენი ვისხენ და აღვზარდენ, ხოლო მათ შეურაცხმყვეს მე. და აჰა ესერა დაეტეოს სახლი თქუენი ოჴრად“.4

ასუეს მას ნავღელი და ძმარი, და იყო ესეცა დიდი სიბრმე. რამეთუ ღმერთმან ვენაჴი ეგჳპტით ცვალა5 და დაასხა კეთილად და მოელოდა მათ, რაჲთამცა გამოიღეს ნაყოფი - ყურძენი და ღჳნოჲ; ხოლო ცოფთა მათ და უგუნურთა ღჳნისა წილ ასუეს მას ძმარი და ყურძნისა წილ მიუპყრეს ნავღელი, რაჲთამცა წამონ თავისა თჳსისათჳს უკეთურებაჲ სოდომელთაჲ, რამეთუ ყურძენი მათი ყურძენი ნავღლისაჲ არს, ვითარცა იტყჳს მათთჳს მოსე, ვითარმედ: „საყურძნისა მისგან სოდომელთაჲსა იყო საყურძენი მათი“.6

ამისთჳს უფალმან იცოდა, თუ ვითარსა ნაყოფსა ეგულების გამოღებად, და წინაჲთვე მიუთხრა იგავი იგი ვენაჴისაჲ მის და ჰრქუა: „გეტყჳ თქუენ: მიგეღოს თქუენ სასუფეველი ღმრთისაჲ და მიეცეს ნათესავთა, რომელნი ჰყოფდენ ნაყოფთა მისთა“.7

ამას ყოველსა ზედა განუყვეს სამოსელი მისი მტარვალთა და არა ხედვიდეს ყოფადსა მას მათსა წარმართთა შორის განყოფასა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „აჰა ესერა დღენი მოვლენ, და განიყოს ნატყუენავი შენი შენ შორის. და შევკრიბნე ყოველნი წარმართნი ბრძოლად იერუსალჱმსა ზედა, და წარიტყუენოს ქალაქი იგი, და წარიტაცნენ მკჳდრნი მისნი. რამეთუ არა მიგეტეოს თქუენ ცოდვაჲ ესე, ვიდრემდის მოსწყდეთ თქუენ, - იტყჳს უფალი ძალთაჲ“.8

და რაჲთა შემოკლებულად ვთქუა, იკადრეს უშჯულოთა მათ მოკლვაჲ უფლისაჲ, გარნა სიკუდილი მისი იქმნა ჩუენ ყოველთა ცხორება; ხოლო მათ მოიყვანეს თავთა თჳსთა ზედა დღე იგი, რომელსა იტყოდა ესაია, ვი-თარმედ: „დღე სასჯელისა უფლისაჲ არს, და წელიწადი - კუალადგებისა სასჯელისა სიონისაჲ. და გარდაიქცენ ღელენი მისნი ფისად, და ქუეყანაჲ

1 ესაია 1,15; 59,3. 2 იერ. 2,34. 3 ესაია 32,13. 4 ესაია 1,2,7. 5 ფსალმ. 79,9. 6 2 სჯ. 32,32. 7 მათ. 21,43. 8 შდრ. ზაქ. 14,1-2.

მისი - წუნწუბად. და იყოს ქუეყანაჲ მისი, ვითარცა ფისი აღგზებული ღამე და დღე, და არა დაშრტეს უკუნისამდე ჟამთა. აღვიდოდის კუამლი მისი ზე ნათესავითი ნათესავად და მოოჴრდეს ჟამადმდე მრავლად. და არა იყოს თანაწარმავალი მის მიერ; და დაემკჳდრნენ მას შინა მფრინველნი და გრძღაბნი, და ყორანნი მკჳდრ იყვნეს მას შინა. და განემარტოს მას ზედა საბელი ქუეყანისსაზომი ოჴრებისაჲ, და ვირდევნი იყოფოდინ მას შინა. მთავარნი მისნი არა იყვნენ, რამეთუ მეფენი მისნი და მდიდარნი მისნი და მთავარნი მისნი წარსაწყმედელად მიეცნენ. და აღმოსცენდენ ქალაქთა მათთა ეკალთა ხენი. და ძნელოვანნი მისნი იყვნენ საყოფელად ურჩხულთა და სამკჳდრებელად სირთა. და შეემთხჳნენ ეშმაკნი და ვირდევნი ურთიერთას, და ღაღადებდენ მოყუასი მოყუასისა მიმართ. მუნ განისუენებდენ ვირდევნი, რამეთუ პოეს თავისა განსასუენებელი. მუნ მართუენი ისხ ნენ გრძღაბთა, მუნ შეკრბენ ნადირნი“.1 ესე ყოველი შეემთხჳა ჰურიათა, განიზრახეს რაჲ მოკლვაჲ უფლისაჲ. ესე ყოველი მოხადეს თავთა ზედა თჳსთა, ჴმობდეს რაჲ მაცხოვარსა ზედა. ამით სახითა დაისაჯნეს, ინებეს რაჲ დასჯაჲ უფლისაჲ. და აწ იხილენ ყოველმან კაცმან, თუ რომელი ნაყოფი გამოიღო სიკუდილმან უფლისამან, ანუ რაჲ სარგებელ ეყო ჰურიათა ბოროტი ზრახვაჲ თჳსი.

სიკუდილმან მაცხოვრისამან სოფელი აცხოვნა, წარმართნი ღმრთისმეცნიერ-ყვნა, მკუდარნი განაცხოველნა, ეკლესიაჲ წარმართთაჲ აღაშენა, სასუფეველი ცათაჲ განგჳღო, ანგელოზნი და კაცნი შეაერთნა და მტერობაჲ იგი დაჰჴსნა, ცოდვანი კაცთანი აჴოცნა და აურაცხელნი და გამოუთქუმელნი კეთილნი მოგუანიჭნა მორწმუნეთა მისთა.

ხოლო განდგომილებამან მან და უკეთურებამან ჰურიათამან და ბოროტმან კადნიერებამან, რომელ აჩუენეს უფალსა, წარწყმიდნა იგინი და ქალაქი მათი, დაუბრმნა თუალნი მათნი და სრულიად უღმრთო-ყვნა. და ღმრთისმკლველ ეწოდა მათ, რამეთუ ქრისტე ღმერთი ჴორცითა ჯუარსაცუეს. ამისთჳს აღოჴრდეს და წარწყმდეს და იქმნეს თანამკჳდრ და თანამონაწილე ეშმაკთა და მსგავს პირუტყუთა; და აწ წესითა მათითა მობაძავ არიან ურჩხულთა და გრძღაბთა და ვირდევთა.

რამეთუ არა არს ვნებაჲ, ანუ ცოდვაჲ, ანუ ურჩულოებაჲ, რომლითა იგინი არა სავსე არიან. ამისთჳს მოვიძაგნეთ იგინი და განვიშორნეთ. და შევიტკბოთ ჯუარი ქრისტესი და თაყუანის-ვცეთ, რომლისა მიერ იქმნა ცხორებაჲ ჩუენი. რამეთუ ნეტარიცა პავლე ამით იქადოდა და იტყოდა: „ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადული, გარნა ჯუარითა ქრისტჱსითა, რომლისათჳს სოფელი ჩემდამო ჯუარცუმულ არს, და მე - სოფლისა“.2 და თავადი უფალი ბრძანებს: „რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, არა არს ჩემდა ღირს, არცა ჴელ-ეწიფების მოწაფე ჩემდა ყოფად“.3

1 ესაია 34,8-15. 2 გალ. 6,14. 3 მათ. 10,38; ლუკ. 14,27.

სწავლაჲ პზ რაჲთა განვეშორნეთ ყოვლისავე ბოროტისაგან და ვიქმოდით კეთილსა

გარნა ამის პირისათჳს ფრიადი კრძალულებაჲ გჳჴმს, რაჲთა არა ჰურიათაებრ აღვიღოთ ჯუარი ქრისტესი, არამედ პავლესებრ. რამე-თუ პავლეს საძლეველად ეშმაკისა და საოტებელად ბრძოლათა მისთა ეტჳრთა ჯუარი ქრისტესი; ხოლო ჰურიათა, რაჲთამცა ჯუარს-აცუეს და მოკლეს უფალი, ამისთჳს მიაქუნდა. და აწ უკუე, ძმანო ჩემნო, ვეკრ-ძალნეთ, რაჲთა არა სიტყჳთ ვაბრალებდეთ ჰურიათა და საქმით ვბაძვიდეთ მათ.

რამეთუ მრავალნი თაყუანის-სცემენ უფალსა, გარნა საქმეთა მიერ ბოროტთა განარისხებენ და მსგავს ჰურიათა იქმნებიან. რომელსა სარწმუნოებაჲ მართალი არა აქუნდეს, მსგავს არს მათსა, რომელნი ეტყოდეს: „უკუეთუ ძე ღმრთისაჲ არს, გარდამოჴედინ მაგიერ ჯუარით, და გურწმენეს ეგე“;1 რამეთუ ესეცა ურწმუნო არს, ვითარცა იგინი.

კუალად, დაღაცათუ სარწმუნოებაჲ გუაქუნდეს მართალი და საქმე კეთილი არა გუაქუნდეს, სარწმუნოებაჲ იგი მკუდარ არს. ისმინეთ, რასა იტყჳს მოციქული: „რომელი ჭამდეს პურსა ამას და სუმიდეს სასუმელსა ამას უფლისასა უღირსებით, თანამდებ არს ჴორცსა და სისხლსა უფლისასა“.2 და რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, არა უყუარს უფალი; და რომელი შეურაცხ-ჰყოფდეს გლახაკსა, უფალსა შეურაცხ-ჰყოფს, რამე-თუ თავადი იტყჳს: „რაოდენი უყავთ ერთსა მცირეთაგანსა, მე მიყავთ“.3 და რომელი მოიღებდეს ქრთამსა უბრალოჲსა დასჯად, მოყუასი არს იუდაჲსი, რამეთუ ესეცა განჰყიდის სიმართლესა, ვითარცა მან განყიდა ქრისტე.

და რომელმან არა შეიწყალოს ობოლი და ქურივი, უწყალოებასა მას თჳსად შეჰრაცხავს უფალი. და ესეცა იცოდეთ: რომელი ისიძვიდეს, სულსა თჳსსა წარიწყმედს, რამეთუ განხრწნის ტაძარსა ღმრთისასა,4 ვითარცა მოციქული იტყჳს. და რომელი დამონებულ იყოს ბოროტ-თა გულისთქუმათა და აღასრულებდეს მათ, და სუფევდეს ცოდვაჲ მის ზედა, იგიცა მათ ჰბაძავს, რომელთა კეისარი აღიარეს მეუფედ და არა ქრისტჱ.

რაჲ-მე უკუე ჯერ-არს ქმნად? არარაჲ სხუაჲ, გარნა ესე: უფლისა მიმართ გურწმენდინ და მართლმორწმუნეობით ვადიდებდეთ წმიდასა და განუყოფელსა სამებასა; და ჯუარსა ქრისტესსა თაყუანის-ვსცემდეთ და წმიდასა ხატსა მისსა; და ღირსად მცნებათა მისთა და წმიდისა მის სახარებისა მისისა ვმოქალაქობდეთ, განვეშორნეთ ყოველსავე ცოდვასა და მოვიგოთ სინანული, ვიზრუნოთ ცხორებაჲ სულთა ჩუენთაჲ.

1 მათ. 27,40,42; მარკ. 15,32. 2 1 კორ. 11,27. 3 მათ. 25,40. 4 1 კორ. 6,15-19.

„უკუეთუ აღვიარნეთ ცოდვანი ჩუენნი, სარწმუნო არს და მართალ, რაჲთა მოგჳტევნეს ჩუენ ცოდვანი ჩუენნი და განგუწმიდნეს ჩუენ ყოვლისაგან სიცრუისა“,1 იტყჳს ღმრთისმეტყუელი იოვანე; და კუალად მანვე თქუა: „შვილნო ჩემნო, ამას მივსწერ თქუენდა, რაჲთა არა სცოდოთ. და უკუეთუ ვინმე ცოდოს, ნუგეშინისმცემელი გჳვის მამისა მიმართ - იესუ ქრისტე მართალი. და იგი არს მომტევებელი ცოდვათა ჩუენთაჲ, არა ხოლო ცოდვათა ჩუენთაჲ, არამედ ყოვლისა სოფლისაჲ“.2

ოდენ მოვიქცეთ სინანულად, განვეშორნეთ ბოროტსა და ვიქმოდით კეთილსა, რაჲთა ღირს ვიქმნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა, რაჲთა შეუძლოთ თქუმად: „ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადული, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა“,3 რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

ლოცვა-ყავთ წმიდათა მამათათჳს, იოვანესა და ეფთჳმესთჳს, წმიდანო ღმრთისანო, ნათესავნო მომავალნო და ჩუენებრვე მცირედჟამ ყოფადნო.

1 1 იოან. 1,9. 2 1 იოან. 2,1-2. 3 გალ. 6,14.