მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ თქვენ სწორედ ასე მოიქცევით. ვხედავ თქვენს სახეებსა და ვხვდები, რომ სიამოვნებით მიიღეთ ჩვენგან ეს შეგონება, და ამიტომ იმედი მაქვს, რომ თქვენს მოვალეობას შეასრულებთ. ახლა ამ მხრივ შეგონება მოვთავოთ და ჩვენი ღარიბული და მწირი ტაბლა შემოგთავაზოთ, რომ ჩვეული დამოძღვრით დაბრუნდეთ. დღესაც უნდა წარმოგიდგინოთ მამამთავარი აბრაამი, რომ იცოდეთ, რა ჯილდოები მიიღო მან ღვთისგან თავისი სტუმართმოყვარეობისთვის. „ხოლო ეჩუენა მას ღმერთი მუხასა თანა მამბრესსა, ჯდა რაჲ იგი კართა თანა კარვისა თჳსისათა შუადღე". გულმოდგინედ გამოვიკვლიოთ ყოველი სიტყვა, გავხსნათ საუნჯე და შიგ მოთავსებული სიმდიდრე დავათვალიეროთ. „ეჩუენა მას ღმერთი", — ნათქვამია. რატომ დაიწყო ასე მოსემ: „ეჩუენა მას ღმერთი"? შენიშნე უფლის კაცთმოყვარეობა და იხილე მონის მადლიერება. უფალი, წინა ჯერზე რომ ეჩვენა, სხვა ბრძანებებთან ერთად, წინადაცვეთის მცნებაც მისცა, ხოლო ამ საკვირველმა კაცმა, ღვთის ბრძანებების შესრულებისთვის ყოველთვის მზადმყოფმა, მაშინვე, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, თავადაც წინადაიცვითა, ღვთის მცნებისამებრ, ისმაელიც წინადასცვითა, და ყველა...
დაბადებისა 18:2
1. ხოლო ეჩუენა მას ღმერთი მუხასა თანა მამბრესსა, ჯდა რაჲ იგი კართა თანა კარვისა თჳსისათა შუადღე.2. და აღმხილველმან თუალთა მისთამან იხილა, და აჰა, სამნი კაცნი ზედა მოადგეს მას. და იხილნა რაჲ, მირბიოდა შემთხუევად მათდა კარისაგან კარვისა თჳსისა და თაყუანის-სცა ქუეყანასა ზედა.3. და თქუა: უფალო, უკუეთუ ვპოვე სადამე მადლი წინაშე შენსა, და ნუ თანა-წარჰჴდები მონასა შენსა.
დაბადებისა თავი 18