...მიგვანიშნა, რომ უკანონო საქმეთა ჩადენის გამო ადამიანებს ერთხელ, მეორედ და მესამედ მიწა, აგრეთვე ხორცი უწოდა და საერთო ბუნების (ადამიანის) სახელს ჩამოაშორა, შემდგომი სიტყვებით უკვე ღვთის გამოუთქმელ კაცთმოყვარეობასა და უსაზღვრო შემწყნარებლობას გვიჩვენებს. რას ამბობს იგი? „და თქუა უფალმან ღმერთმან ნოეს მიმართ" ().
3. ღვთის სასჯელის გამოცხადება და კიდობნის აგების ბრძანება (6:14-16)
შეხედე, რა უსაზღვრო სახიერებაა! როგორც მეგობარი მეგობარს, ისე ესაუბრება მართალს იმ სასჯელის შესახებ, რომლითაც კაცთა მოდგმის დასჯა სურს, და ამბობს: „ჟამი ყოვლისა კაცისა მოიწია წინაშე ჩემსა, რამეთუ აღივსო ყოველი ქუეყანა უსამართლოებითა მათგან, და აჰა, მე განვხრწნი მათ და ქუეყანასა". რას ნიშნავს: „ჟამი ყოვლისა კაცისა მოიწია წინაშე ჩემსა"? დიდი, ამბობს, სულგრძელობა გამოვიჩინე, დიდი შემწყნარებლობა, — არ მსურდა ამ სასჯელის მოვლინება, რომლის მოვლინებასაც ვაპირებ; მაგრამ რადგანაც მათი ცოდვების ზღვარგადასული გამძაფრება ამ დრომდე გაგრძელდა, უნდა ბოლო მოვუღო და მათი უღმრთოება შევაჩერო, რათა შორს არ წავიდეს. „ჟამი კაცისა მოიწია წინაშე ჩემსა". შეხედე, აქაც, როგორც ზემოთ თქვა: „ყოველი ვინ გონებს" (), ისევე ახლა...