„მოვიდა ქორწილი კრავისაჲ“ (გამოცხადება 19,7)
ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული კვლავ უჩვეულო სიხარულით ავსებს ჩვენს გულებს. მისი სახით თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოდის ჩვენთან და ღვთაებრივის მადლით იმდენად აღავსებს ჩვენს შინაგან სამყაროს, რომ ეს მადლი, გულში დაუტევნელი, უხვად იღვრება და უნაწილდება ყველა გარშემო მყოფს.
თავისი სიძლიერით ამ გრძნობას ვერ შეედრება მიწიერი კეთილდღეობით...
...რადგან იქ ჩაწერილნი ცხენებზე კი არ არიან ამხედრებულნი, არამედ ღრუბლებში; მიწაზე კი არ დადიან, არამედ ცად აღიტაცებიან; წინ მიმავალ მსახურებად ყრმები კი არ ჰყავთ, არამედ თვით ანგელოზები; მოკვდავ მეფეს კი არ უდგანან გვერდით, არამედ უკვდავს — „მეუფე მეუფეთაჲ და უფალი უფლებათაჲ" (); წელზე ტყავის სარტყელი კი არ აქვთ, არამედ ის გამოუთქმელი დიდება, რომლის გამო მეფეებზე და ყველა ოდესღაც სახელგანთქმულზე ბრწყინვალენი ხდებიან. რადგან იმ სამეფო სასახლეებში არც სიმდიდრე, არც კეთილშობილება, არც სხვა რამ მოითხოვება, არამედ მხოლოდ სათნოება; და თუ იგი არის, პირველობის მისაღებად აღარაფერი აკლიათ. არაფერი გვიძნელდება, თუ ფილოსოფოსობა გვნებავს. ცისკენ აიხედე და იხილე, რამდენად უფრო ბრწყინვალეა ეს ცა სამეფო სასახლეთა ჭერზე. ხოლო თუ ზემო სასახლეთა იატაკიც კი ქვემო სასახლეებზე იმდენად უფრო დიდებულია, რომ ქვემო სასახლეები მასთან შედარებით ტალახად მიიჩნევა, მაშინ ვინც ღირსი გახდება, ზემო სასახლეები ზედმიწევნით იხილოს, რომელი ნეტარების ღირსი არ იქნება?...