ხედავ, როგორ იყვნენ ისინი ყოველგვარი ვნებისგან თავისუფალნი. ერთადერთი მიზანი ჰქონდათ — უშვილოდ არ მომკვდარიყვნენ. მაგრამ, ამასთანავე, ეცადნენ ერთმანეთის ნუგეშისცემასა და მშვიდობის მოუშლელი კავშირის შენარჩუნებას. იფიქრე ახლა მამამთავრის დიდ თავშეკავებასა და არაჩვეულებრივ სიმშვიდეზე. არ შეიძულა თავისი ცოლი მისი ბერწობის გამო, როგორც ზოგი უგუნური იქცევა, და არც სიყვარული შეუმცირა. თქვენ იცით, როგორ მრავალთათვის სწორედ ბერწობა ხდება ცოლებისადმი ზიზღის მიზეზი, ხოლო, პირიქით, მრავალშვილიანობა — უფრო დიდი სიყვარულის საფუძველი. მაგრამ ძალიან უგუნურია და უგუნურია, როცა ადამიანები ბერწობასაც და მრავალშვილიანობასაც ცოლებს აბრალებენ და არ იციან, რომ ყველაფერი ჩვენი ბუნების შემოქმედზეა დამოკიდებული და რომ არც თანაცხოვრება თავისთავად, არც სხვა რამ ვერ მოიტანს შვილთა შობას, თუ ზეციური ხელის შეწევნა არ იქნება და ბუნებას შობისკენ არ აღძრავს. ამას კარგად იცოდა მართალი აბრაამი და ბერწობას ცოლს არ აბრალებდა, არამედ ყოველთვის სათანადო პატივს მიაგებდა. ამიტომაც სარა, თავის მხრივ, ქმარს პატივს მიაგებდა და სურდა ეჩვენებინა, რა დიდი სიყვარული ჰქონდა მისადმი;...
დაბადება 16:3
2. უთხრა სარაიმ აბრამს: აჰა, დამხშა უფალმა, რომ არა ვშობო. შედი ჩემს მხევალთან, ვინძლო შვილიერი შევიქნე მისგან. ყურად იღო აბრამმა სარაის ნათქვამი..3. ადგა სარაი, აბრამის ცოლი, და მისცა ეგვიპტელი აგარი, თავისი მხევალი, ცოლად აბრამს, თავის ქმარს, ქანაანის ქვეყნად მისი დამკვიდრების ათი წლის თავზე4. შევიდა აბრამი აგართან და დაორსულდა აგარი. როცა შეიტყო, რომ ორსულად იყო, დამცირდა მის თვალში მისი ქალბატონი.
დაბადება თავი 16