...ამით აავსო — ახლანდელი საჭიროებების გამოც ღმერთს ევედრება და იმავე ნავსაყუდელს მიაშურებს.
შემდეგ, რადგან ისიც მოხდა არა სიკეთეთა მიმღებთა ღირსების გამო, არამედ ღვთის კაცთმოყვარეობისა და მისი სახელის გამო, როგორც ამბობდა: „რაჲთა სახელი ჩემი ყოვლად ყოვლითურთ არ შეიგინოს“ (), არამედ რათა ყველამ მომხდართაგან მისი სიმტკიცე და ძალა ისწავლოს და ეს სწავლების საგნად იქცეს, იმავე საბუთს ახლაც წინ აყენებს და ამბობს: თუნდაც ცხოვრების წესმა გვიღალატა და საქმეების გამო კადნიერებას მოკლებულნი ვართ, შენი სახელის გამო აღასრულეო, რასაც მოსეც მაშინ ამბობდა. ამასვე ამბობს ეს წინასწარმეტყველიც, მასთან თანხმიერად წარმოთქვამს: „ნუ ჩუენთჳს, უფალო, ნუ ჩუენთჳს, არამედ სახელსა შენსა ეც დიდებაჲ“ (). არა ჩვენ გამო, ამბობს, რომ ჩვენ უფრო ბრწყინვალენი და გამოჩენილნი გაგვხადო, არამედ რათა შენ თვითონ შენი ძალა ყველგან ცხადად წარმოაჩინო. მაგრამ როგორც მისი სახელი იდიდება, როცა შეგვეწევა და გვეხმარება, ასევე კვლავ იდიდება, როცა სათნოებაში ვცხოვრობთ და ცხოვრების წესით ვბრწყინავთ....