გერგესელი (გადარინელი) ეშმაკეულის განკურნება
28. და როცა მიაღწია მეორე ნაპირს, გადარელთა მხარეს, შემოხვდა ორი ეშმაკეული, სამარხებიდან გამოსულნი და ძალზე მძვინვარენი, ისე რომ, ვერავინ ბედავდა ამ გზაზე გავლას.29. და, აჰა, შეჰყვირეს და თქვეს: რა ხელი გაქვს ჩვენთან, იესო, ძეო ღმრთისაო? ვადაზე ადრე მოსულხარ აქ ჩვენს სატანჯველად.30. ხოლო მათგან მოშორებით ბალახობდა ღორების დიდი კოლტი.31. ეშმაკები შეევედრნენ მას და უთხრეს: თუ განგვდევნი, ნება გვიბოძე, ღორების კოლტს შევერიოთ.32. და უბრძანა მათ, წადითო; ისინიც წავიდნენ და შეერივნენ ღორების კოლტს; და აჰა, მთელი კოლტი კბოდედან გადაეშვა ზღვაში და წყალში დაინთქა.33. ხოლო მეღორეები გაიქცნენ, ქალაქში მივიდნენ და მოჰყვნენ ყველაფერს, რაც შეემთხვა ეშმაკეულებს.34. და, აჰა, მთელი ქალაქი გამოვიდა იესოს შესახვედრად; და როდესაც იხილეს იგი, სთხოვეს, აქაურობას გაეცალეო.
1. გავიდნენ ზღვის გაღმა და მიადგნენ გერასენელთა მხარეს.2. ნავიდან გადმოსვლისთანავე სამარხებიდან შემოეგება უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი,3. რომელსაც სამყოფლად სამარხები ჰქონდა და ჯაჭვითაც არავის შეეძლო მისი დაბმა,4. ვინაიდან მრავალგზის შეეკრათ ჯაჭვით და ბორკილებიც დაედოთ, მაგრამ გლეჯდა ჯაჭვს, ამსხვრევდა ბორკილებს და ვერავის დაეოკებინა იგი.5. დღე და ღამ მთებსა და სამარხებში დაძრწოდა, ღრიალებდა და ქვებს ახეთქებდა თავს.6. შორიდან რომ მოჰკრა თვალი იესოს, გამოიქცა და თაყვანი სცა მას.7. შეღაღადა და შესძახა: რა ხელი გაქვს ჩემთან, იესო, ძეო მაღალი ღმრთისაო: გაფიცებ შენს ღმერთს, ნუ მტანჯავ მე!8. რადგანაც იესომ უთხრა: გამოდი, სულო უწმინდურო, მაგ კაცისაგან!9. და ჰკითხა მას: რა გქვია სახელად? ხოლო მან მიუგო: ლეგიონია ჩემი სახელი, ვინაიდან მრავალნი ვართ.10. და ბევრი ევედრა, რათა იქიდან არ გაეძევებინა ისინი.11. იქვე, მთის ფერდობზე, ბალახობდა ღორების დიდი კოლტი.12. უწმინდურებმა მუდარით უთხრეს მას: გაგვგზავნე ღორებში, რომ მათში შევიდეთო.13. მაშინ ნება დართო იესომ და გამოვიდნენ უწმინდური სულნი, ღორებში შევიდნენ, და მთელი კოლტი, ორი ათასამდე სული, ზღვის კბოდეს მიაწყდა და წყალში ჩაიხრჩო.14. ხოლო მეღორეები გაიქცნენ და ქალაქსა და სოფლებს მოსდეს ეს ამბავი. და გამოვიდა მთელი ხალხი, რათა თავისი თვალით ეხილა, რაც მოხდა.15. მივიდნენ იესოსთან და დაინახეს, რომ ეშმაკეული, რომელსაც ჰყავდა ლეგიონი, ზის ჩაცმულ-დახურული და გონს მოსული; და შეძრწუნდნენ.16. ხოლო მხილველებმა უამბეს მათ, რაც დაემართა ეშმაკეულსა და ღორებს.17. და დაუწყეს ვედრება, აქაურობას გაეცალეო.18. ნავში რომ ჯდებოდა, ნაეშმაკეულევმა სთხოვა, თან წაეყვანა.19. მაგრამ იესომ ნება არ დართო და უთხრა: შინ წადი, შენიანებთან, და უამბე მათ, რა გიყო უფალმა და როგორ შეგიწყალა.20. ისიც წავიდა და დაიწყო ქადაგება ათქალაქში, რა უყო მას იესომ, და უკვირდა ყველას.
26. და მიადგნენ გერასენელთა მხარეს, გალილეის გაღმა.27. ხმელეთზე გადმოსულს შემოხვდა ერთი ქალაქელი კაცი, რომელსაც დიდი ხანია ეშმაკნი ჰყავდა და შიშველ-ტიტველი სახლში კი არ ცხოვრობდა, არამედ - სამარხებში.28. იესო რომ დაინახა, შეჰყვირა, მის წინაშე დაემხო და შეჰღაღადა: რა ხელი გაქვს ჩემთან, იესო, ძეო მაღალი ღმრთისაო? გევედრები, ნუ მტანჯავ მე.29. რადგანაც უბრძანა უწმინდურ სულს, გამოსულიყო ამ კაცისაგან, ვინაიდან დიდი ხანია სტანჯავდა მას, ისე რომ ჯაჭვით კრავდნენ და ბორკილებს ადებდნენ, მაგრამ ამსხვრევდა ბორკილებს და, ეშმაკისაგან დევნილი, უდაბნოში გარბოდა.30. ჰკითხა მას იესომ: რა გქვია სახელად? ხოლო მან მიუგო: ლეგიონი; ვინაიდან მრავალი ეშმაკი შესულიყო მასში.31. ევედრებოდნენ იესოს: ნუ გვიბრძანებ უფსკრულში დანთქმასო.32. იქვე, მთაზე, ბალახობდა ღორების დიდი კოლტი. შეევედრნენ: ნება დაგვრთე, მათში შევიდეთო, და ნება დართო მათ.33. გამოვიდნენ ეშმაკნი კაცისგან და ღორებში შევიდნენ. მაშინ მთელი კოლტი მიაწყდა კბოდეს და ტბაში ჩაიხრჩო.34. ამის მხილველი მეღორეები გაიქცნენ და ქალაქსა და სოფლებს მოსდეს ეს ამბავი.35. გამოვიდნენ, რათა ეხილათ, რაც მოხდა. იესოსთან მისულებმა იხილეს კაცი, ვისგანაც გამოსულიყვნენ ეშმაკნი, იესოს ფერხთით მჯდომარე, ჩაცმულ-დახურული და გონს მოგებული, და შეძრწუნდნენ.36. ხოლო მხილველებმა უამბეს მათ, როგორ განიკურნა ეშმაკეული.37. გერასენელთა მხარის მთელმა ხალხმა სთხოვა, გასცლოდა მათ, ვინაიდან შიშით თავზარდაცემულნი იყვნენ. ისიც ჩაჯდა ნავში და უკანვე გამობრუნდა.38. ხოლო კაცმა, ვისგანაც გამოვიდნენ ეშმაკნი, სთხოვა, თან წამიყვანეო, მაგრამ იესომ გაისტუმრა იგი და უთხრა:39. დაბრუნდი სახლში და უამბე შენიანებს, რა გიყო ღმერთმა. ისიც წავიდა და მთელს ქალაქში ქადაგებდა, რა უყო იესომ.