ჰეროდე მეფის მიერ იოანე ნათლისმცემლისთვის თავის მოკვეთა
6. ხოლო ჰეროდეს დაბადების დღეს ჰეროდიადას ასულმა იცეკვა წვეულთა წინაშე და მოხიბლა ჰეროდე.7. ამიტომ ფიცით აღუთქვა მას, მოგცემ, რასაცა მთხოვო.8. ხოლო მან, დედამისისგან წინასწარ გაზრახებულმა, სთხოვა ლანგრით მიეცათ იოანე ნათლისმცემლის თავი.9. შეწუხდა მეფე, მაგრამ, ფიცისა და თანამეინახეთა რიდით, მიცემა ბრძანა.10. წარგზავნა მსახურნი, რათა იოანესთვის თავი მოეკვეთათ საპყრობილეში.11. მოართვეს თავი ლანგრით და მისცეს ყმაწვილ ქალს, ხოლო მან მიართვა დედამისს.12. იოანეს მოწაფეები მივიდნენ, გამოიტანეს მისი ნეშტი და დამარხეს: მერე კი წავიდნენ და აუწყეს იესოს.13. ეს რომ გაიგო, იესო ნავით გაეცალა იქაურობას და უდაბნოში განმარტოვდა, მაგრამ შეიტყო ხალხმა და ფეხდაფეხ მიჰყვა ქალაქებიდან.
21. მაგრამ ქალმა დრო იხელთა, როცა ჰეროდემ თავისი დაბადების დღეს წვეულება გაუმართა თავის დიდებულებს, ათასისთავებსა და გალილეველ წარჩინებულებს;22. გამოვიდა ჰეროდიადას ასული, იცეკვა და მოხიბლა ჰეროდეც და მისი თანამეინახენიც. და უთხრა მეფემ ქალწულს: მითხარი, რაც გსურს, და მოგცემო.23. და შეჰფიცა: რაც უნდა მთხოვო, მოგცემ, თუნდაც ჩემს ნახევარ სამეფოსო.24. ხოლო ის გავიდა და დედამისს ჰკითხა: რა ვთხოვოო? და მან მიუგო: იოანე ნათლისმცემლის თავი.25. მსწრაფლ შემობრუნდა მეფესთან და უთხრა: მინდა ახლავე მომართვა ლანგრით იოანე ნათლისმცემლის თავი.26. შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა რიდით ვერ იკადრა გაეწბილებინა იგი.27. მაშინვე გაგზავნა თავისი მცველი და უბრძანა მოეტანა იოანეს თავი.28. ისიც წავიდა, თავი მოჰკვეთა მას საპყრობილეში და ლანგრით მიართვა ქალწულს, ხოლო ქალწულმა მისცა დედამისს.29. ეს რომ გაიგეს, იოანეს მოწაფეები წავიდნენ, გამოიტანეს მისი ნეშტი და ჩაასვენეს იგი სამარხში.