იაიროსის გარდაცვლილი ასულის აღდგენა და სისხლმდინარე დედაკაცის განკურნება
18. ამ საუბარში გართულს მიუახლოვდა ერთი მთავარი, თაყვანი სცა და უთხრა: ჩემი გოგონა ეს-ესაა მოკვდა; წამოდი, ხელი დაადე და გაცოცხლდება.19. წამოდგა იესო და მოწაფეებითურთ თან გაჰყვა მას.20. და, აჰა, ქალი, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა, უკნიდან მიუახლოვდა და შეეხო მისი სამოსის კალთას.21. რადგან გულში ამბობდა: თუ შევეხები მის სამოსს, მეშველებაო.22. ხოლო იესო მიუბრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: გამხნევდი, შვილო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. და განიკურნა ქალი იმავე წამს.23. შევიდა იესო მთავრის სახლში და იხილა იქ მოზარენი და მოყაყანე ბრბო;24. და უთხრა მათ: გადით აქედან, რადგან გოგონა კი არ მომკვდარა, არამედ სძინავს; ხოლო ისინი დასცინოდნენ მას.25. და როდესაც გაიყვანეს ხალხი, მივიდა იესო, აიღო გოგონას ხელი, და ისიც აღდგა.26. და მოედო მისი ამბავი მთელ იმ მხარეს.
21. როცა იესო კვლავ გამოვიდა ნავით გამოღმა მხარეს, დიდძალი ხალხი შეგროვდა მასთან. და იყო იგი ზღვის პირას.22. და, აჰა, მივიდა მასთან სინაგოგის ერთი წინამძღვარი, სახელად იაიროსი, და, დაინახა თუ არა იგი, ფეხებში ჩაუვარდა.23. გულმხურვალედ შეევედრა და უთხრა: ჩემი ასული სიკვდილის პირასაა. მოდი და ხელი დაადე, რათა მორჩეს და იცოცხლოს.24. ისიც წაჰყვა; თან მისდევდა დიდძალი ხალხი და ზედ აწყდებოდა.25. ერთმა ქალმა, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა,26. ბევრი რამ დაეთმინა მრავალი მკურნალის ხელში, და დაეხარჯა ყველაფერი, რაც ებადა, მაგრამ არაფერში წასდგომოდა და, პირიქით, უარესად შექმნილიყო, -27. იესოს ამბავი რომ გაიგო, უკნიდან მიუახლოვდა ბრბოში და მის სამოსს შეეხო.28. ვინაიდან გულში ამბობდა: მის სამოსსაც რომ შევეხო, მეშველებაო.29. და მართლაც, შეხებისთანავე შეუწყდა სისხლის დენა, და ტანმა უგრძნო, რომ განიკურნა სნეულებისგან.30. მაგრამ მაშინვე იესომ თავადაც იგრძნო, რომ ძალა გავიდა მისგან, მიუბრუნდა ხალხს და იკითხა: ვინ შეეხო ჩემს სამოსს?31. ხოლო მოწაფეებმა უთხრეს: ხომ ხედავ, ხალხი ზედ გაწყდება და შენ კი კითხულობ, ვინ შემეხოო?32. იესომ მიმოიხედა, რათა დაენახა ამის ჩამდენი.33. მაშინ ქალი, რომელიც მიხვდა, რაც დაემართა, შიშის კანკალით მიუახლოვდა, მის წინაშე დაემხო და მთელი სიმართლე მოახსენა.34. ხოლო იესომ უთხრა: ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა; წადი მშვიდობით, დახსნილი ხარ შენი სატანჯველისგან.35. ამას რომ ამბობდა, სინაგოგის წინამძღვართან მივიდნენ და უთხრეს: შენი ასული აღესრულა; რატომღა აწუხებ მოძღვარს?36. ხოლო იესომ ამ სიტყვების გაგონებისთანავე უთხრა სინაგოგის წინამძღვარს: ნუ გეშინია, შენ მხოლოდ გწამდეს.37. და არავის მისცა გაყოლის ნება, პეტრეს, იაკობისა და იოანეს, იაკობის ძმის, გარდა.38. მივიდა სინაგოგის წინამძღვრის სახლში, და იხილა შფოთი, მოტირალნი და მოზარენი.39. შევიდა და უთხრა მათ: რატომ შფოთავთ და მოსთქვამთ? გოგონა კი არ მომკვდარა, არამედ სძინავს.40. ხოლო ისინი დასცინოდნენ მას. მან კი გარეთ გამოასხა ყველანი, შეიყოლა მხოლოდ ბავშვის დედ-მამა და შევიდა, სადაც გოგონა იწვა.41. ხელი მოჰკიდა და უთხრა მას: ტალითა, კუმი! რაც თარგმანით ნიშნავს: შენ გეუბნები, პატარავ, აღდეგ!42. გოგონაც მაშინვე აღდგა და გაიარა; ხოლო ის თორმეტი წლისა იყო. და განცვიფრდნენ დიდად.43. იესომ მკაცრად გააფრთხილა ისინი, რომ არავის გაეგო ეს, და უთხრა, საჭმელი მიეცათ გოგონასათვის.
40. მოხდა ისე, რომ იესოს დაბრუნებისთანავე მიიღო იგი ხალხმა, ვინაიდან ყველანი ელოდნენ მას.41. და აჰა, მოვიდა ერთი კაცი, სახელად იაეიროს, სინაგოგის წინამძღვარი, ფეხქვეშ ჩაუვარდა იესოს და სთხოვა, სახლში წამომყევიო.42. რადგანაც ერთადერთი ასული ჰყავდათ, თორმეტი წლისა, და ისიც უკვდებოდა. წაჰყვა და ხალხი ზედ აწყდებოდა მიმავალს.43. ერთმა ქალმა, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა და ექიმებისთვის გადაეგო მთელი თავისი საბადებელი, მაგრამ ვერავის განეკურნა,44. უკნიდან მოუარა, მისი სამოსის კალთას შეეხო და მაშინვე შეუწყდა სისხლის დენა.45. და თქვა იესომ: ვიღაცა შემეხო მე; მაგრამ რაკი ყველამ უარყო, პეტრემ და მისმა თანამდგომებმა უთხრეს: მოძღვარო, ხალხი გაწყდება და გავიწროებს, შენ კი ამბობ, ვინ შემეხოო?46. მაგრამ იესომ თქვა: ვიღაცა შემეხო მე, რადგანაც ვიგრძენი, რომ ძალა გავიდა ჩემგან.47. რაკი მიხვდა ქალი, რომ ვერ დაიმალა, კანკალით მიუახლოვდა, ფეხქვეშ ჩაუვარდა და მთელი ხალხის წინაშე აღიარა, რატომ შეეხო და რა უცებ განიკურნა.48. ხოლო იესომ უთხრა მას: მხნედ იყავ, ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა: წადი მშვიდობით.49. ამას რომ ამბობდა, ერთი კაცი მოვიდა და სინაგოგის წინამძღვარს უთხრა: შენი ასული მოკვდა; ნუღარ აწუხებ მოძღვარს.50. მაგრამ იესომ, ეს რომ გაიგონა, უთხრა: ნუ გეშინია, შენ მხოლოდ გწამდეს და გადარჩება.51. ხოლო სახლში მისვლისას არავის დაანება მასთან ერთად შესვლა, პეტრეს, იაკობის, იოანესა და ბავშვის დედ-მამის გარდა.52. ყველანი ტიროდნენ და მოთქვამდნენ; ხოლო მან თქვა: ნუ ტირით, კი არ მომკვდარა, არამედ სძინავს.53. ისინი კი დასცინოდნენ მას, რადგანაც იცოდნენ, რომ მოკვდა.54. ხოლო მან ხელი მოჰკიდა გოგონას, შეღაღადა და თქვა: პატარავ, აღდეგ;55. მოიქცა მისი სული და მაშინვე აღდგა. ხოლო მან ბრძანა, საჭმელი მიეცათ მისთვის.56. მშობლები გაოგნებულნი იყვნენ. ხოლო იესომ უბრძანა მათ, არავისთვის ეთქვათ, რაც მოხდა.