ორი ბრმის (ბარტიმეოსის) განკურნება იერიქოში
29. როდესაც გამოვიდნენ იერიხონიდან, მისდევდა მას დიდძალი ხალხი.30. და აჰა, ორი ბრმა იჯდა გზის პირას, და როდესაც გაიგონეს, იესო მოდისო, აყვირდნენ და თქვეს: შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, დავითის ძეო!31. ხოლო ხალხი ტუქსავდა მათ და აჩუმებდა. ისინი კი უფრო ხმამაღლა ყვიროდნენ: შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, დავითის ძეო!32. იესო შეჩერდა, მიიხმო ისინი და უთხრა: რას მოითხოვთ ჩემგან?33. მათ მიუგეს: თვალის ახელას, უფალო.34. შეებრალა ისინი იესოს და შეეხო მათ თვალებს; იმ წამსვე აეხილათ თვალი და გაჰყვნენ მას.
46. მივიდნენ იერიხონში, და როდესაც გამოდიოდა იერიხონიდან, თავის მოწაფეებსა და დიდძალ ხალხთან ერთად, ტიმეოსის ძე, ბრმა ბარტიმეოსი, გზის პირას იჯდა მოწყალების მთხოვნელად.47. როცა გაიგონა, იესო ნაზარეველიაო, ყვირილი მორთო: იესო, დავითის ძეო, შემიწყალე მე!48. ბევრი რისხავდა, გაჩუმდით, მაგრამ ის უფრო ხმამაღლა ყვიროდა, დავითის ძეო, შემიწყალე მე!49. იესო შეჩერდა და ბრძანა, დაუძახეთო; დაუძახეს ბრმას და უთხრეს: ნუ გეშინია, ადექ, გეძახის.50. მანაც დააგდო თავისი მოსასხამი, ადგა და იესოსთან მივიდა.51. იესომ ჰკითხა: რას მოითხოვ ჩემგან? ხოლო ბრმამ მიუგო: რაბუნი, თვალის ახელას!52. იესომ უთხრა მას: წადი, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. მაშინვე აეხილა თვალი და გზად გაჰყვა იესოს.
35. ხოლო როდესაც იერიხონს მიუახლოვდა, ერთი ბრმა იჯდა გზის პირას და მოწყალებას ითხოვდა.36. ხალხის ხმა რომ შემოესმა, იკითხა: რა ამბავია?37. უთხრეს, იესო ნაზარეველი მოდისო.38. მაშინ შეღაღადა და თქვა: იესო, დავითის ძეო, შემიწყალე მე:39. წინ მიმავალნი უბრძანებდნენ, დაჩუმდიო, მაგრამ ის უფრო ხმამაღლა ღაღადებდა: დავითის ძეო, შემიწყალე მე!40. იესო შეჩერდა და ბრძანა, აქ მომგვარეთო; როცა მიუახლოვდა, ჰკითხა:41. რას მოითხოვ ჩემგან? ხოლო მან მიუგო: თვალის ახელას, უფალო!42. იესომ უთხრა: გაახილე თვალი, შენმა რწმენამ გადაგარჩინა.43. მაშინვე აეხილა თვალი, თან გაჰყვა მას და ადიდებდა ღმერთს. მაშინ ამის მხილველმა მთელმა ხალხმაც ადიდა ღმერთი.