📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა აღვიდოდა იერუსალჱმდ, წარიყვანნა ათორმეტნი იგი მოწაფენი თჳსაგან და მგზავრ ეტყოდა მათ: აჰა ესერა აღვალ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიეცეს მღდელთმოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილდ. და მისცენ იგი წარმართთა კიცხევად და ჯუარ-ცუმად, და მესამესა დღესა აღდგეს“ (20,17-19).
მოვიდა რაჲ გალილეაჲთ, არა მეყსეულად აღვიდა იერუსალჱმდ, არამედ პირველად ქმნნა სასწაულნი და ასწავა მოწაფეთა უპოვარებისათჳს და ქალწულებისათჳს და სიმდაბლისათჳს და მისაგებელისათჳს მათისა, რომელთა სახელისა მისისათჳს ყოველივე დაუტეონ და ცხორებაჲ საუკუნოჲ მოიყიდონ, და ამისა შემდგომად წარემართა იერუსალჱმდ. და აღვიდოდა რაჲ, იწყო სიტყუად მოწაფეთა მიმართ ვნებისა თჳსისათჳს, რამეთუ ზედაჲსზედა აღუჴსენებდა სიტყუასა ამას, რაჲთა მწუხარებაჲ მათი განუქარვოს და რაჲთა დააჩჳოს გონებაჲ მათი წურ-თად საქმესა მას, და არა მოულოდებელად მოწევნამან მისმან უმეტესად შეაშფოთნეს იგინი. ხოლო თჳსაგან წარიყვანნა იგინი და იწყო სიტყუასა მას, რამეთუ არა ჯერ-იყო ერისა მიმართ ჯერეთ ვნებისა მისისათჳს სიტყუად. მიუთხრა ერსაცა ამის ჯერისათჳს, არამედ მიფარულადრე, ვითარ-იგი თქუა: „დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვადგინო იგი“.1 და კუალად: „სასწაულსა ეძიებსო ნათესავი ესე, და სასწაული არა მიეცეს მას, გარნა სასწაული იონა წინაჲსწარმეტყუელისაჲ“.2 და ესევითართა სიტყუათა ეტყოდა იგავით და დაფარულად, ხოლო მოწაფეთა ვითარცა სხუასა ყოველსა გამოუცხადებდა, ეგრეთვე ვნებისა თჳსისათჳს ცხადად ეტყოდა.
ხოლო რაჲსათჳს ეტყოდა ერსა, ვინაჲთგან ვერ გულისჴმა-ჰყოფდეს? ამისთჳს, რაჲთა უკუანაჲსკნელ, ოდეს გულისჴმა-ყონ, ცნან, ვი-თარმედ წინაჲთვე იცოდა ყოველივე და ნეფსით მივიდოდა ვნებად, არა თუ იძულებით ანუ უმეცრებით. ხოლო მოწაფეთა პირველითგან სიკუდილსა ოდენ აუწყებდა, და რაჟამს ფრიად აუწყა სიტყუაჲ იგი და დააჩჳნა გონებანი მათნი, მერმე სხუაჲცა ყოველი მიუთხრა, ვითარმედ: „მისცენ იგი წარმართთა კიცხევად და ტანჯვად“. ხოლო ესე პირველითგან არა უთხრა, რაჲთა არა შეაშფოთნეს, არამედ იხილეს რაჲ ძლიერებანი და დიდებულებანი მისნი, და მისცნა მათ აღთქუმანი საუკუნოჲსა ცხორებისანი, მერმეღა სიტყუაჲ ესე ვნებისა თჳსისაჲ მიუთხრა, შეთხზული სხუათა მათ მოძღურებათა და სასწაულთა თანა, და წინაჲსწარმეტყუელნიცა მოწამედ მოიყვანნა, ვითარცა იტყჳს მახარებე-
1 იოან. 2,19. 2 მათ. 12,39.
ლი ლუკა, და ამასცა გუასწავებს, ვითარმედ: „მათ არა გულისჴმა-ყვეს ესე, არამედ იყო სიტყუაჲ იგი დაფარულ მათგან, და არა იცოდეს თქუმული იგი“.1 უკუეთუ არა იცოდეს თქუმული იგი, რაჲ სარგებელ ეყოფოდა, ანუ ვითარ დაეჩუეოდეს გონებანი მათნი, ვითარცა ზემო ვთქუ, ანუ ვითარ შეწუხნებოდეს, უკუეთუ არაჲ იცოდეს? რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: „შეწუხნეს ფრიად“;2 და პეტრე ვითარ ეტყოდა: „შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ესე“?3
რაჲ-მე უკუე ვთქუათ ამის ყოვლისათჳს? მე ამას ვიტყჳ, ვითარმედ ესე იცოდეს, თუ სიკუდილი ეგულების, დაღაცათუ სრულიად არა უწყოდეს საიდუმლოჲ იგი განგებულებისაჲ მის, ხოლო აღდგომაჲ და დაჴსნაჲ სიკუდილისაჲ და შემუსრვაჲ ჯოჯოხეთისაჲ და აღმაღლებაჲ ბუნებისა ჩუენისაჲ და სხუანი იგი დიდებულებანი, რომელნი ქმნნა უფალმან ვნები-თა და სიკუდილითა თჳსითა, არა უწყოდეს კეთილად, და ესე იყო მათგან დაფარულ, და ამისთჳს მწუხარე იყვნეს. რამეთუ ესე ასმიოდა, ვითარმედ მკუდარნი აღადგინნეს ელია და ელისე, და უფლისაგანცა ეხილვა, ხოლო ესე არასადა ასმიოდა, არცა ეხილვა, თუ თავი თჳსი ვინ მკუდრეთით აღადგინა აღდგომითა ესევითარითა, რომელ არღარამცა მოკუდა. ესე იყო დაფარულ მათგან და ვერ გულისჴმა-ჰყოფდეს, ამისთჳსცა განკჳრვებულნი შეუდგეს; და არა ზემოთქუმულთა ამათთჳს ხოლო განკჳრვებულ იყვნეს, არამედ ვნებისათჳსცა მისისა, ესმოდა რაჲ, ვითარმედ მიეცემის ჴელთა წარმართთასა, და ეკიცხევდენ მას და იგინოს და ჰნერწყუვიდენ და ტანჯონ და მოკლან იგი; რამეთუ მიხედნიან ურიცხუთა მათ სასწაულ-თა, რომელთა იქმოდა, და მერმე ესმოდა, რაჲ-იგი ეგულებოდა შემთხუევად მისდა, და განცჳბრდებოდეს, უკუეთუ ნანდჳლვე ესევითართა დიდებულებათა მოქმედსა ესევითარნი ვნებანი შეემთხჳნენ უშჯულოთა მიერ. ამისთჳს იტყჳს: დაფარულ იყო მათგან სიტყუაჲ იგი და ვერ გულისჴმაჰყოფდეს.4 რამეთუ ესოდენ ვერ გულისჴმა-ჰყოფდეს, ვიდრეღა ძენი ზებედესნი მოუჴდეს და ზემოჯდომისათჳს ეტყოდეს: „მომეც ჩუენ, რაჲთა დავსხდეთ ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით დღესა მას დიდებისასა“.5 ხოლო ვითარ აწ მათე მახარებელი იტყჳს, ვითარმედ: დედაჲ მათი მოუჴდა და ითხოვდა ამას?6 - რამეთუ ორივე იქმნა. ვედრებაჲ ესე მათი იყო, გარნა მიიყვანეს დედაჲცა მათ თანა მეხჳშნედ, რაჲთა უმეტესად დაარწმუნონ ქრისტესა მიცემად მათა თხოაჲ იგი. და რაჲთა სცნათ, ვითარმედ ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ ესე და მათი იყო უფროჲსღა თხოაჲ იგი, არამედ რიდობისაგან და სირცხჳლისა წარმოადგინეს დედაჲ თჳსი ვედრებად, იხილეთ, ვითარ მათა მიმართ ყო უფალმან სიტყუაჲ თჳსი და არა დედისა მიმართ.
1 ლუკ. 18,34. 2 მათ. 17,23. 3 მათ. 16,22. 4 შდრ. ლუკ. 9,45;18,34. 5 მარკ. 10,37. 6 შდრ. მათ. 20,20-21.
ვისწაოთ უკუე პირველად, თუ რასა ითხოენ და ვინაჲ მოვიდეს თხოასა ამას. ჰხედვიდეს თავთა თჳსთა უფროჲს სხუათასა პატივცემულად და ამისთჳს ჰგონებდეს მიმთხუევად სათხოელსა მას.
ხოლო რაჲ არს ესე, რომელსა ითხოენ? ისმინე ლუკა მახარებელისაჲ, რომელი განცხადებულად გამოაჩინებს ამას და იტყჳს, ვითარმედ: „მოახლებულ იყო იერუსალჱმს იესუ, და ჰგონებდეს, ვითარმედ მეყსეულად გამოჩნდეს სასუფეველი ღმრთისაჲ“.1 ამისთჳს უკუე ითხოვდეს თხოასა ამას, რამეთუ ჰგონებდეს, ვითარმედ სასუფეველი იგი მაშინ გამოჩინებად იყო ხილულად და განცხადებულად, და უკუეთუ მიანიჭოს მათ თხოაჲ იგი, არღარაჲ სადა შეემთხჳოს მათ ძჳრი, არცა რაჲ იხილონ ძნელოვანი. და ნუვის უკჳრს, ნუცა შეშფოთნების ამისთჳს, თუ ვითარ მოციქულნი ესრეთ უმეცარ იყვნეს; რამეთუ არღა აღსრულებულ იყო ჯუარ-ცუმაჲ უფლისაჲ, არღა მოცემულ იყო მათდა მადლი სულისა წმიდისაჲ, არამედ ჯერეთ ჩჩჳლ იყვნეს სრულისა მის გულისჴმის-ყოფისა მიმართ. ხოლო გნებავს თუ სათნოებისა და გულისჴმის-ყოფისა მათისა ხილვაჲ, ამისა შემდგომად იხილენ, ვითარ აღმაღლდეს ყოვლისავე კაცობრივისა გულისსიტყჳსაგან მადლითა მით სულისა წმიდისაჲთა, ხოლო აწ ჯერეთ არა მიწევნულ იყვნეს საზომსა მას სრულებისასა. ამისთჳს ჰგონებდეს, თუ აღვიდენ რაჲ იერუსალჱმდ, გამოჩნდების სასუფეველი იგი ცათაჲ ხილული-თა წესითა, და ქრისტე მეუფედ დაჯდების იერუსალჱმს, და იგი არს ჟამი დიდებისა მისისაჲ.
მოუჴდეს უფალსა და ეტყოდეს: „მოძღუარ, გუნებავს, რაჲთა რომელი გთხოოთ, მეყოს ჩუენ. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაჲ გნებავს?“2 არა თუ უმეცარ იყო, რაჲ-იგი ეგულებოდა მათ თხოად, არამედ ჰკითხა, რაჲთა მათ თჳთ გამოუცხადონ უძლურებაჲ თჳსი, და ესრეთ მისცეს მათ წამალი გულისჴმის-ყოფისაჲ. რამეთუ ვინაჲთგან ესმოდა მათ, ვითარმედ: „დასხდეთო ათორმეტთა საყდართა“,3 ენება, რაჲთა უმეტეს ყოველთა პატივცემულ იქმნენ. ამისთჳს ჰრქუეს მას:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუ, რაჲთა დავსხდეთ ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით“ (20,21).
თ ა რ გ მ ა ნ ი: უმეცარ იყვნეს, რასა-იგი ითხოვდეს, რამეთუ უკუეთუმცა იცოდეს, ვერმცა იკადრეს ესე თხოად. ამისთჳს ეტყჳს უფალი: „არა იცით, რასა ითხოვთ“. ორსა საქმესა მოასწავებს სიტყჳთა ამით, თუ: „არა იცით, რასა ითხოვთ“: ერთად, რომელ მეუფებისათჳს იტყოდეს და დიდებისა ხილულისა, რომლისათჳს არცა ერთი სიტყუაჲ ეთქუა მათდა ქრისტესა, არცა რად შეერაცხა, არცა მეუფებისათჳს სოფლიოჲსა აღეთქუა მათდა; და ეტყჳს: „არა იცით, რასა ითხოვთ“, რამეთუ არა მითქუამს თქუენდა ამას
1 შდრ. ლუკ. 19,11. 2 მარკ. 10,35-36. 3 მათ. 19,28.
საწუთროსა სუფევაჲ ხილული, და ვითარ ეძიებთ აქა? ხოლო მეორედ, უკუეთუ ჭეშმარიტსა მას სასუფეველსა დიდებისა ჩემისასა ითხოვთ მარჯუენით და მარცხენით დაჯდომასა, არავე იცით, ვითარ დიდ არს საქმე ეგე, ვითარ საკჳრველ, ვითარ უზეშთაეს არს საზომსაცა ზეცისა ძალთასა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა იცით, რასა ითხოვთ. ძალ-გიცა შესუმად სასუმელი, რომელი ჩემდა შესუმად არს, ანუ ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათლის-ღებად?“ (20,22).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ მეყსეულად იჭჳ მათი განაქარვა და წინააღმდგომი თხოისა მათისაჲ მიუგო და ჰრქუა: არა იცით, რასა იტყჳთ, ჯერეთ არა დამაშურალ ხართ, არცა შესრულ ხართ ღუაწლსა, ჯერეთ სოფელი არა მოქცეულ არს ღმრთისმსახურებად, ჯერეთ უშჯულოებაჲ უფლებს, და კაცნი წარწყმედასა შინაღა არიან. ჯერეთ ასპარეზსა მას არა შესრულ ხართ და აწვე გჳრგჳნთა ეძიებთა? ხოლო მე ღუაწლთაღა და ოფლთაღა წინაგიყოფ, რამეთუ არა ესე არს ჟამი სასყიდლის-მიცემისაჲ, არცა აწ გამოჩნდების საუკუნოჲ იგი დიდებაჲ ჩემი. არამედ აწ ჟამი ესე ბრძოლისაჲ არს და სისხლთა დათხევისაჲ. და იხილე ყოვლადბრძენი იგი კითხვაჲ მისი. არა ჰრქუა, თუ: ძალ-გიცა თავს-დებაჲ სიკუდილისაჲ? ძალგიცა სისხლთა თქუენთა დათხევაჲ? არამედ ესრეთ ჰრქუა: „ძალ-გიცა შესუმად სასუმელი, რომელი ჩემდა შესუმად არს, ანუ ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათლის-ღებად?“ რაჲთა მის თანა ზიარებისათჳს გულსმოდგინე იქმნენ. ამისთჳს თავი თჳსი სახედ მისცა. სასუმლად და ნათლის-ღებად ამას ადგილსა უწოდა ჯუარ-ცუმასა და სიკუდილსა თჳსსა: სასუმლად - ამისთჳს, რამეთუ ნეფსით და წადიერებით მიიღო იგი ცხორებისათჳს ჩუენისა, ვითარცა ვინ წყურიელმან ნეფსით და წადიერებით მიიღის სასუმელი; ხოლო ნათლის-ღებად - ამისთჳს, რამეთუ მისითა მით ჯუარ-ცუმითა და სიკუდილითა განათლდა და განწმდა ბუნებაჲ კაცთაჲ, დაბნელებული იგი და ცოდვათაგან მრავალთა შებღალული.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მათ ჰრქუეს: ძალ-გჳც“ (20,22).
თ ა რ გ მ ა ნ ი: დაღაცათუ ესეცა ესრეთ განცხადებულად ვერ გულისჴმა-ყვეს, არამედ ფრიადითა მით გულსმოდგინებითა და მორჩილები-თა მათითა მეყსეულად აღუთქუეს, რაჲთა თავს-იდვან ყოველივე, რაჲცა უბრძანოს, და ჰგონებდეს, თუ ესმას უფლისაგან, ვითარმედ: მიგანიჭო მეცა თხოაჲ ეგე თქუენი; ხოლო მან ჰრქუა მათ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სასუმელი სამე ჩემი შესუათ და ნათლის-ღებაჲ, რომელი ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ; ხოლო დაჯდომაჲ მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემად, არამედ ვიეთა განმზადებულ არს მამისა მიერ ჩემისა“ (20,23).
თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდნი კეთილნი აღუთქუნა მათ და უწინაჲსწარმეტყუელა, ვითარმედ: ღირს იქმნეთო ჩემთჳს წამებასა და ზიარ ჩემდა იქმნეთ. ღუაწლთა თავს-დებითა დამემსგავსნეთ მე, დათხევითა სისხლთა თქუენთაჲთა, „ხოლო დაჯდომადო მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემად, არამედ ვიეთა განმზადებულ არს მამისა მიერ ჩემისა“. პირველად აღამაღლნა სულნი მათნი და ახარა მათ მსგავსებაჲ და ზიარ-ყოფაჲ ვნებათა მისთაჲ და მერმე განჰმართებს თხოასა მათსა. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ანუ ვითარ გულისჴმა-ვყოთ? რამეთუ წინამდებარისა ამისთჳს სიტყჳსა ორი საძიებელი არს მრავალთაგან: ერთად, უკუეთუ ნანდჳლვე ესე ესრეთ არს და არს ვიეთდამე გამზადებულ დაჯდომაჲ მარჯუენით მისა; მეორედ, უკუეთუ უფალსა მას და მეუფესა ყოველთასა არა ჴელ-ეწიფების მიცემად მათდა, რომელთადა განმზადებულ არს. რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე? უკუეთუ პირველი იგი განვჰმარტოთ, მერმე მეორეცა ესე მეძიებელთათჳს ცხად იყოს. რაჲ არს უკუე განმარტებაჲ პირველისაჲ მის? არავინ არს, რომელიმცა დაჯდომად იყო მარჯუენით მისა გინა მარცხენით, რამეთუ უვალ არს და მიუახლებელ ყოველთაგან საყდარი იგი, არა ხოლო თუ კაცთაგან წმიდათა და მოციქულთა, არამედ ანგელოზთაგანცა და მთავარანგელოზთა და ყოველთავე ზეცისა ძალთა. ამისთჳსცა ვითარცა განთჳსებული საქმე მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისაჲ გამოაჩინა იგი პავლე და თქუა: „ოდეს სადა ანგელოზთაგანსა ჰრქუა ვის: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა? და ანგელოზთათჳს იტყჳსო: რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისად. ხოლო ძისათჳს იტყჳს: საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე“.1
ვინაჲთგან უკუე ესე ესრეთ არს, ვითარ იტყჳს აწ უფალი, ვითარმედ: „დაჯდომაჲ მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემად“? - ამას მოასწავებს: არა თუ არიან ვინმე დასხდომადნი მარჯუენით მისა და მარცხენით. ნუ იყოფინ! არა ამას მოასწავებს, არამედ იჭჳსა მათისა მიმართ მიუგო თანამიყოლით უძლურებასა გონებისა მათისასა, რამეთუ არა იცოდეს მათ ჯერეთ საყდარი იგი მაღალი და მარჯუენით მამისა დაჯდომაჲ, უფროჲსად ამისაცა ფრიად უმდაბლესთა საქმეთა ჯერეთ უმეცარ იყვნეს. და ვითარცა ვთქუ, ასმიოდა რაჲ, ვითარმედ: „დასხდეთ თქუენ ათორმეტთა საყდართა“,2 უმეცარ იყვნეს ძალსა მის სიტყჳსასა და ჰგონებდეს, თუ ხილულთა საყდართა ზედა ეგულების მათ დაჯდომაჲ; ამის-თჳს სწადოდა, რაჲთა იგინი იქმნენ ყოველთა ზემო მჯდომარე, მახლობელად უფლისა. ამისთჳს უფალმან გულისსიტყჳსა მათისაებრ მისცა პასუხი და სახელ-სდვა მარჯუენით და მარცხენით დაჯდომად პირმშოებასა მას პატივისასა. ხოლო სიტყუაჲ მისი ესრეთ გულისჴმა-იყოფების, ვითარმცა
1 ებრ. 1,13,7-8. 2 მათ. 19,28.
ეტყოდა მათ: ამას გაუწყებ თქუენ და გახარებ, ვითარმედ ვნებისა ჩემისა მობაძავ იქმნეთ და სისხლნი თქუენნი ჩემთჳს დასთხინეთ და ზიარ ჩემდა ამით ჯერითა გამოსჩნდეთ. გარნა არა კმა არს ესე, რაჲთამცა გყვნა თქუენ ყოველთა უპირატესისა და უმეტესისა პატივისა მიღებად, რამეთუ ესევი-თარი იგი საზომი სათნოებისაჲ მიუწდომელ არს კაცთაგან. და უკუეთუ ვინ მოვიდეს უმეტეს თქუენსა შემოსილი სამკაულითა სათნოებისაჲთა წამებისა თანა, ნუ ჰგონებთ, რომელ-ესე საყუარელ ჩემდა ხართ თქუენ და უმეტეს სხუათასა პატივცემულ, თუმცა უგულებელს-ვყავ იგი, რომელსა აქუნდეს საქმეთაგან სამართალი, და თქუენმცა მოგეც უპირატესობაჲ; არამედ გინა თუ თქუენ იპოვნეთ უმეტესისა სათნოებისა აღმასრულებელ, გინა თუ სხუაჲ ვინ, რომელიცა იპოოს, იგიცა უმეტესად პატივ-იცეს, რამეთუ საქმეთაებრ მივსცემ გჳრგჳნსა და შრომათაებრ - პატივსა. და ესე არს ჩემ მიერ კეთილი და სამართალი განწესებულებაჲ - შემსგავსებულად ღუაწლისა მინიჭებად სასყიდელთა სასწორითა სიმართლისაჲთა.
ესე არს პირი სიტყჳსა მის, გარნა ესრეთ განცხადებულად არა ჰრქუა მათ, რაჲთა არა შეაწუხნეს, არამედ იგავით ეტყჳს სიტყუასა ამას, ვითარმედ: „სასუმელი სამე ჩემი შესუათ და ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ; ხოლო დაჯდომაჲ მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემაჲ, არამედ ვიეთა განმზადებულ არს მამისა მიერ ჩემისა“.
ხოლო „ვიეთა განმზადებულ არს“, ვინ-მე არიან ნეტარნი იგი და სამგზის სანატრელნი? ესე იგინი არიან, რომელნი კეთილთა საქმეთა მიერ უბრწყინვალეს ყოველთასა გამოჩნდენ; მათცა მიიღონ უაღრესი დიდებაჲ და პატივი, რომელსაცა მარჯუენით და მარცხენით ჯდომად სახელ-სდვა სიტყჳსა მისებრ მათისა.
ამისთჳსცა არა ესრეთ თქუა, თუ: არა არს ჩემი მიცემაჲ, არამედ მამისა ჩემისაჲ, რაჲთა ვერვინ თქუას, თუ მხოლოდშობილსა მას არა ჴელ-ეწიფების მიცემად; არამედ ისმინე, ვითარ თქუა: „არა არს ჩემი მიცემაჲ, არამედ მათი, რომელთადა განმზადებულ არს“. ხოლო რაჲთა უმეტესად გამოცხადნეს სიტყუაჲ ესე, რომელსა ვიტყჳ, სახისმეტყუელებით გამოვიძიოთ ესე. ვთქუათ, ვითარმცა იყო ვინმე მეუფე და მიავლენდამცა მჴედართა ვიეთმე ახოვანთა ბრძოლად. მერმე მოუჴდესმცა ორნი ვინმე მჴედარნი ახოვანნი და მისდა საყუარელნი, და მინდობითა სიყუარულსა მას, რომელი აქუნ მეუფესა მათდა მიმართ, ეტყოდესმცა, ვითარმედ: მომეც ჩუენ გჳრგჳნი ძლევისაჲ და ქადაგე ჩუენი უფროჲს ყოველთასა უაღრესობაჲ. ხოლო მან მიუგომცა და ჰრქუა მათ: არა ჩემი არს ამის საქმისა მიცემაჲ, არამედ მათდა განმზადებულ არს, რომელთა უმეტეს სხუათასა აჩუენონ ღუაწლი და ახოვნებაჲ და თავს-იდვან ჭირი და ოფლთა სიმრავლე.
რაჲ-მე უკუე ვთქუათ ესევითარისა მისთჳს მეუფისა? უძლურებაჲ დავსწამოთა? ნუ იყოფინ! არამედ უფროჲსად ვადიდოთ მართლმსაჯულობაჲ მისი და თუალუხუაობაჲ; რამეთუ არა თუ ვერ ძალ-ედვა გჳრგჳნისა მიცემაჲ, არამედ არა სათნო-იყო შჯულსა მას მართლმსაჯულობისასა განრყუნად. ეგრეთ უკუე ამას წესსა ზედა გულისჴმა-ყავ სიტყუაჲ ქრისტესი, რამეთუ ყოვლით კერძო ამას მოასწავებს, ვითარმედ მადლსა თანა ღმრთისასა საქმეთა კეთილთა საზომი კაცად-კაცადისაჲ აღაორძინებს პატივსაცა მისსა. ამისთჳს თქუა, „ვიეთა განმზადებულ არსო“.
ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: აწ ითხოვთ თქუენ უპირატესობასა პატივისასა; რაჲ-მე უკუე ყოფად არს, უკუეთუ მაშინ იპოვნენ სხუანი, უმეტეს თქუენსა დამაშურალნი და უმეტესთა სათნოებათა აღმასრულებელნი? რამეთუ უკუეთუ თქუენ თჳთ არა გამოაჩინნეთ თავნი თქუენნი ღირსად უფროჲს ყოველთა პატივ-ცემისასა, ნუ ჰგონებთ, თუ მოწაფეობისა ჩემისათჳს ხოლო მიემთხჳნეთ მას.
რამეთუ ვინაჲთგან უფროჲს ყოველთა საყუარელ და პატივცემულ იყვნეს ორნი იგი ძმანი პეტრეს თანა და ჰგონებდეს, თუ მიიღონ აღთქუმაჲ, რაჲთა დიდებასა მისსა უმეტეს ყოველთა პატივ-იცნენ, რაჲთა არა ამით გულისსიტყჳთა უდებ იქმნენ, ამისთჳს განაშორებს უფალი იჭჳსა ამისგან და ეტყჳს: არა ჩემი არს მიცემაჲ, არამედ თქუენი, უკუეთუ ინებოთ მიღებად უმეტესისა შრომისა და ღუაწლისა და სათნოებისა ჩუენებითა. ამას ესევითარსა ძალსა მოასწავებს სიტყუაჲ უფლისაჲ, და ამისთჳს ესრეთ განცხადებულად არა თქუა, რაჲთა შეუწუხებელ-ყოს სიტყუაჲ თჳსი.
ხოლო ესე ვინმცა არა უწყოდა, ვითარმედ იგი არს მეუფე და უფალი და ჴელმწიფე მიცემად, ვიეთცა ენებოს, პატივისა და დიდებისა, და მას აქუს ჴელმწიფებაჲ განკითხვად ცხოელთა და მკუდართა, და მან ჰრქუა პეტრეს: „მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისანი“,1 და პავლე მასვე მოასწავებს და იტყჳს: „ამიერითგან მიმელის მე სიმართლისა იგი გჳრგჳნი, რომელ მომცეს მე უფალმან მას დღესა შინა, მართალმან მსაჯულმან; არა ხოლო თუ მე, არამედ ყოველთა, რომელთა შეიყუარეს გამოჩინებაჲ მისი“.2 და იგი განარჩევს მარჯუენეთა და მარცხენეთა და მიაგებს კაცად-კაცადსა საქმე-თა მათთაებრ. და „ყოველივე მის მიერ იქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა“.3 გარნა აწ ესრეთ განაწესა სიტყუაჲ თჳსი, რაჲთა არცა შეაწუხნეს კეთილნი იგი ძმანი, არცა დაუტევნეს უმეცრებით ცთომასა შინა, არამედ აუწყა, ვითარმედ არა აწ არს გამოჩინებაჲ სასუფეველისა ცათაჲსაჲ, და ვითარმედ შემსგავსებულად საქმეთა მიიღებს კაცად-კაცადი სასყიდელსა მას დღესა შინა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა ესმა ესე ათთა მათ, განრისხნეს ორთა მათ ძმათათჳს“ (20,24).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვიდრემდის ქრისტე პატივ-სცემდა მათ უფროჲს ყოველ-თა, დაღაცათუ გონებით უმძიმდა სხუათა მათ, არამედ დუმნეს და არას
1 მათ. 16,19. 2 2 ტიმ. 4,8. 3 იოან. 1,3.
იტყოდეს, რამეთუ ეშინოდა უფლისაგან და ჰრცხუენოდა; და პეტრესცა მიმართ კაცობრივი რაჲმე შეემთხჳა მათ, ოდეს-იგი ხარკისა მიცემაჲ უბრძანა, გარნა არა განრისხნეს, არამედ ჰკითხეს ხოლო, „ვინ-მე უფროჲს იყოსო“;1 ხოლო აწ თხოასა ამას ზედა ორთა მათ ძმათასა განრისხნეს და არცა აწ იკადრეს გულისსიტყჳსა მის გამოჩინებად, ვიდრემდე ქრისტემან ამხილა, ვითარმედ: არა ეგების სხუაებრ პატივისა მის უზეშთაესისა მიმ-თხუევად, გარნა ჩუენებითა უმეტესისა მოღუაწებისაჲთა. მაშინ ათთა მათცა გამოაჩინეს გულისსიტყუაჲ მისი.
ჰხედავა, ვითარ ჯერეთ არა მიწთომილ იყვნეს სრულებისა საზომსა, არამედ ორნი იგი უჴდებიან ათთა მათ, და იგინი ეშურებიან ორთა მათ? გარნა, ვითარცა ვთქუ, ამისა შემდგომად მიხედენ მათ, ვითარ ამაღლდეს ყოველთაგან კაცობრივთა ვნებათა და გულისსიტყუათა. რამეთუ იხილო იოვანე, რომელი აწ ესრეთ ითხოვდა, ვითარ ყოველსა ადგილსა უხუცესობასა პეტრეს მისცემდა - სწავლათაცა შინა და სასწაულთაცა, ვითარცა საქმე მოციქულთაჲ გუასწავებს. და თჳსსაცა სახარებასა შინა ქადაგებს სათნოებათა მისთა და სიმჴნესა და აღსაარებასა და საფლავად შესლვასა და თავისა თჳსისა უმეტესად მას პატივ-სცემს.
რამეთუ ვინაჲთგან ორნივე იგი არა განეშორნეს უფალსა ჟამსა მას ვნებისასა, რაჲთამცა თჳსისა ახოვნებისა და ერთგულებისა ქებაჲ დააკნინა მახარებელმან და ღმრთისმეტყუელმან, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „მისდევდა იესუს პეტრე და სხუაჲ იგი მოწაფე. ხოლო მოწაფე იგი მეცნიერ იყო მღდელთმოძღურისა“.2 და კუალად, აღდგომასა რაჲ აღსწერდა, თქუა, ვითარმედ: პეტრე პირველ შევიდა საფლავად.3 ესრეთ ყოვლით კერძო პატივ-სცემდა მას.
ხოლო იაკობ მრავალი ჟამი არა დაყო სოფელსა შინა, არამედ პირველითგანვე, მო-რაჲ-იღო მადლი სულისაჲ, ესოდენ განჴურდა გული მისი, და ყოველივე კაცობრივი დაუტევა და სიმაღლედ გამოუთქუმელად აღვიდა და ფრიადითა ახოვნებითა ცეცხლებრ ეკუეთა ერსა მას ჰურიათასა, ვიდრეღა ენება რაჲ ჰეროდეს მომადლებაჲ ჰურიათაჲ, მოკლა იგი მახჳლი-თა და ვითარცა დიდი რაჲმე მადლი დაჰმადლა ჰურიათა; და აღესრულა მის ზედა ბრძანებაჲ უფლისაჲ, ვითარმედ: „სასუმელი ჩემი შესუათ და ნათლის-ღებაჲ ჩემი ნათელ-იღოთ“.
ხოლო იოვანეცა მრავალთა სიკუდილთა მისცა თავი თჳსი ქრისტესთჳს და მრავალგზის დასთხია მისთჳს სისხლი თჳსი და დიდნი შრომანი და ღუაწლნი თავს-ისხნა და აღასრულა საქმით, რაჲ-იგი აღუთქუა უფალსა, რაჟამს ჰკითხა მან: „ძალ-გიცა შესუმად სასუმელი, რომელი ჩემდა შესუმად არს, ანუ ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათლის-ღებად? ხოლო მათ ჰრქუეს: ძალ-გჳც“. და სხუათა მათ საქმეთა მისთა და დიდებუ-
1 მათ. 18,1. 2 იოან. 18,15. 3 შდრ. იოან. 20,6.
ლებათა უკუეთუ ვიწყო აღწერად, დამაკლდეს მე ჟამი მითხრობად, და მოუძლურდეს ენაჲ სიტყუად, ესრეთ დიდ იქმნა და ბრწყინვალე საყუარელი იგი მოწაფე ქრისტესი. ეგრეთვე სხუანიცა მოციქულნი საზომსა მას სრულებისასა მიიწინეს, ხოლო მაშინ ჯერეთ ჩჩჳლღა იყვნეს გონებითა. ამის-თჳს წერილ არს, ვითარმედ: „განრისხნეს ორთა მათთჳს ძმათა“. არამედ ვისმინოთ უფლისაჲ, რაჲ-იგი ჰრქუა მათ, ვითარცა ესერა გუასწავებს მახარებელი და იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ მოუწოდა მათ და ჰრქუა: უწყითა, რამეთუ მთავარნი წარმართთანი უფლებენ მათ ზედა, და დიდ-დიდნი ჴელმწიფებენ მათ შორის? ხოლო თქუენდა არა ეგრე იყოს, არამედ რომელსა უნდეს თქუენ შორის დიდ ყოფაჲ, იყოს თქუენდა მსახურ; და რომელსა უნდეს თქუენგანსა წინა ყოფაჲ, იყოს თქუენდა მონა. ვითარცა ძე კაცისაჲ არა მოვიდა, ვითარმცა ჰმსახურა ვინმე, არამედ მსახურებად და მიცემად სული თჳსი საჴსრად მრავალთა“ (20,25-28).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ამისა პირველად ამისვე პირისათჳს წარმოიღო რაჲ სიტყუაჲ, ოდეს-იგი ჰკითხეს მათ, თუ: „ვინ-მე უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა“,1 ყრმაჲ მოიყვანა სახედ და უბრძანებს ბაძვად სიმშჳდესა მას და სიმდაბლესა და უმანკოებასა ჩჩჳლთა ყრმათასა. ხოლო აწ უფიცხესადრე ამხილებს და შერჩულავს და ეტყჳს, ვითარმედ: საქმე ესე, უხუცესობისა ძიებაჲ, საწარმართოჲ არს და არა შემსგავსებული ჩემთა მოწაფეთაჲ.
იცოდა უფალმან, ვითარმედ დიდი მძლავრებაჲ აქუს ამას ვნებასა და დიდთაცა კაცთა აჭირვობს. ამისთჳს ძლიერად ჴელ-ჰყოფს აღმოფხურად მისა გულთაგან მოწაფეთაჲსა და ეტყჳს: უხუცესობაჲ უდარესთა ზედა და წუნობაჲ უმცირესთაჲ - ესე საქმე არს და ჩუეულებაჲ წარმართთაჲ, ხოლო თქუენ შორის, მეგობარნო ჩემნო, ესემცა წესი ნუ იპოების, უკუეთუ გნებავს მოწაფე ჩემდა ყოფად. რამეთუ იხილნა რაჲ, ვითარმედ განრისხნეს ორთა მათთჳს, ჯეროანსა ჟამსა შემოიღო სწავლაჲ ამის პირისაჲ:
უწყითა, რამეთუ მთავარნი წარმართთანი უფლებენ და ჴელმწიფებენ უდარესთა ზედა? ხოლო მე ესრეთ განმიწესებიეს, რაჲთა რომელმან ყოს თავი თჳსი უდარეს და უმცირეს ყოველთასა და ყოველთა მონა და მსახურ, იგი იყოს დიდ უფროჲს ყოველთა. და რაჲთა სცნათ, ვითარმედ არა ცუდად ვიტყჳ, თავისა ჩემისაგან მიიღეთ სახე ესე. რამეთუ მე, მეუფემან ზეცისა მჴედრობათამან და შემოქმედმან ყოველთა დაბადებულთამან, თავს-ვიდევ განკაცებაჲ და შეურაცხ ვიქმენ კაცთაგან, მონათა ჩემთა, და სიკუდილად მივეცემი, რაჲთა მივსცე სული ჩემი საჴსრად მრავალთა, რაჲთა მტერქმნილნი იგი და განდგომილნი და წარწყმედილნი წყალობით მოვიძინე და ჩემდავე მოვაქცინე.
1 მათ. 18,1.
ესრეთ უჩუენა სახიერმან მან და ასწავა, ვითარმედ სიმდაბლე და ყოველთა უდარესობაჲ მოატყუებს კაცსა ჭეშმარიტსა მას ზეცისა დიდებასა; და მარადის სიმდაბლისათჳს დიდთა წარმოიტყჳს უფალი ქებათა, რაჲთა ყოველივე ზუაობისა გულისსიტყუაჲ სრულიად აღმოჰფხურას გონებისაგან კაცთაჲსა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა გამოვიდოდეს იერიქოჲთ, მისდევდა მას ერი მრავალი. და აჰა ესერა ორნი ბრმანი სხდეს გზასა ზედა. და ვითარცა ესმა, რამეთუ იესუ წარმოვალს, ჴმობდეს ჴმითა დიდითა: შემიწყალენ ჩუენ, იესუ, ძეო დავითისო! ხოლო ერი იგი ჰრისხვიდა მათ, რაჲთა დადუმნენ. ხოლო იგინი უფროჲს ღაღადებდეს: შემიწყალენ ჩუენ, უფალო, ძეო დავითისო! დადგა იესუ, მოუწოდა მათ და ჰრქუა: რაჲ გნებავს, და გიყო თქუენ? ჰრქუეს მას: უფალო, რაჲთა აღვიხილნეთ თუალნი ჩუენნი. შეეწყალნეს იგინი იესუს და შეახო თუალთა მათთა, და მეყსეულად აღიხილნეს და შეუდგეს მას“ (20,29-34).
თ ა რ გ მ ა ნ ი: დაღაცათუ თუალნი მათნი ბრმა იყვნეს, არამედ მრავალთა კეთილადმხედველთა უმჯობეს იყვნეს, რამეთუ არცა ეხილვა იესუ, არცა წინამძღუარი ჰყვა, და თუალითა გონებისაჲთა განიცდიდეს მას და ჴმითა მაღლითა სახელსა მისსა ხადოდეს; დაღაცათუ ერი იგი ჰრისხვიდა მათ, რაჲთა დუმნენ, ხოლო იგინი უფროჲს ღაღადებდეს და წყალობასა უფლისასა ითხოვდეს. ხოლო უფალი შეუნდობდა შერისხვად მათდა, რაჲთა უმეტესად გამოჩნდეს გულსმოდგინებაჲ მათი და საცნაურ იქმნას, ვითარმედ ღირსებით მისცა მათ ნათელი. ამისგან ვისწავოთ, საყუარელნო, ვითარმედ დაღაცათუ ფრიად უნდონი ვიყვნეთ და შეურაცხნი, უკუეთუ მჴურვალითა ლმობიერებითა შეუვრდეთ უფალსა და მოუწყინებელად ვევედრებოდით, ვჰპოებთ მის მიერ წყალობასა.
იხილეთ უკუე, ვითარ მათ ბრმათა არავინ მოციქულთაგანი ჰყვა მეხჳშნედ, და არცა რაჲ საქმეთა თჳსთაგან წამებაჲ, არამედ გულსმოდგინებაჲ მათი და ლმობიერად და სიმდაბლით ვედრებაჲ კმა-ეყო მოწყალე-ყოფად უფლისა მათ ზედა. ეგრეთვე ჩუენ ვიქმოდით, ძმანო, დაუცადებელად ამას ჴმასა ვღაღადებდეთ: შემიწყალენ ჩუენ, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო! ნუმცა რაჲ შემძლებელ არს დაბრკოლებად ჩუენდა ამის ვედრებისაგან, ვითარცა იგინი ვერარამან დააყენნა, ვერცა სიგლახაკემან, ვერცა სიბრმემან, ვერცა შერისხვამან ერისამან, რამეთუ ესევითარი არს სული მჴურვალე და ჭირვეული; ამისთჳსცა ღირს იქმნეს იგინი წყალობასა. რამეთუ მოუწოდა მათ უფალმან და ჰრქუა: „რაჲ გნებავსო, და გიყო თქუენ?“ ამისთჳს მოუწოდა და ჰკითხა, რაჲთა ყოველთა მიერ საცნაურ იქმნას სათნოებაჲ მათი, ვითარცა მრავალგზის ქმნა ესე. ერთად, რაჲთა სხუანი ბაძვად სათნოებისა აღადგინნეს; მეორედ, რაჲთა უჩუენოს, ვი-თარმედ ღირსებით მიიღებენ ესევითარნი იგი თხოათა თჳსთა. ესრეთ ყო ქანანეველისა მისთჳს და ასისთავისა და წიდოვნისა, რამეთუ სათნო-უჩს მარადის განცხადებად სათნოებასა მვედრებელთა მისთასა, ვითარცა ამათ ზედაცა ქმნა. ხოლო ჰკითხა რაჲ, თუ: „რაჲ გნებავს?“ და მათ მიუთხრეს თხოაჲ მათი, „შეეწყალნეს იგინი იესუს და შეახო თუალთა მათთა, და მეყსეულად აღიხილნეს და შეუდგეს მას“.
შეეწყალნესო იგინი და განკურნნა. ნანდჳლვე ესე არს მიზეზი მათისაცა კურნებისაჲ და სხუათა ყოველთაჲ - აურაცხელი იგი წყალობაჲ მისი. ამისთჳს ზეცით ქუეყანად გარდამოჴდა, ამისთჳს ყოველივე თავს-იდვა, რამეთუ შეეწყალა წარწყმედული იგი ბუნებაჲ კაცთაჲ. გარნა დაღაცათუ ყოველსავე მადლითა და წყალობითა თჳსითა იქმს, არამედ ეგრეთცა ღირსთა წყალობისათა ეძიებს, რაჲთა იგინი შეიწყალნეს, ვითარცა აწ ესერა გამოჩნდეს ბრმანი იგი. ხოლო საცნაურ არს, ვითარმედ ღირსნი იყვნეს. ამის-თჳსცა პირველად აჩუენეს ლმობიერი ვედრებაჲ და ჴმამაღლად ხადოდეს სახელსა მისსა; და მიიღეს რაჲ კურნებაჲ, კუალად აჩუენეს ჯეროანი მადლობაჲ, რამეთუ არა განეშორნეს მას, არამედ შეუდგეს ქველისმოქმედსა უფალსა.
სწავლაჲ ჲე სიმდაბლისათჳს და ამპარტავანებისა
და აწ, მორწმუნენო, ჩუენცა ვაჩუენოთ გონებაჲ კეთილი, ვევედრებოდით უფალსა ლმობიერად და ვითხოვდეთ წყალობასა, რაჲთა ჩუენნიცა თუალნი გონებისანი, ვნებათაგან დაბრმობილნი, აღგჳხილნეს სახიერმან მან. შევიმოსოთ სიმდაბლე, რაჲთა ლოცვაჲ ჩუენი ფრთოვან იყოს; გულისჴმა-ვყოთ ზემოწერილი იგი ბრძანებაჲ უფლისაჲ, ვითარ იტყჳს: რომელსა უნდეს დიდ ყოფაჲ, იყოს ყოველთა მსახურ და ყოველთა მონა, რაჲთა დიდ იქმნას. ესე რაჲ გესმოდის, საყუარელო, ყოვლითა ძალი-თა შენითა ისწრაფე მოგებად სიმდაბლისა; ნუ გეშინინ, თუმცა პატივსა შენსა რაჲმე ევნო სიმდაბლისაგან, რამეთუ რაოდენცა დაჰმდაბლდე, ვერ ძალ-გიც ესოდენ დამდაბლებად, ვითარ-იგი მეუფე ჩუენი დამდაბლდა. გარნა გარდამოსლვაჲ იგი მისი ჩუენ ყოველთა აღსლვა გუექმნა, და მისიცა დიდებაჲ გამოაბრწყინვა კაცთა შორის. რამეთუ პირველ განკაცებისა ანგელოზთა მიერ ხოლო საცნაურ იყო და კაცთა მცირედთა - წმიდათა მათ წინაჲსწარმეტყუელთა და მამათმთავართა, ხოლო განკაცნა რაჲ და ჯუარს-ეცუა, ყოველმან სოფელმან იცნა იგი, და არარაჲ დააკლდა დიდებასა მისსა, არამედ უფროჲსად შეიძინა ცხორებაჲ კაცთაჲ. ხოლო შენ, კაცო, რაჲსათჳს გეშინის და ჰგონებ, თუ სიმდაბლისაგან პატივსა შენსა ევნოს? არამედ უფროჲსღა უწყოდე, ვითარმედ რაოდენცა დაიმდაბლო თავი შენი, უფროჲსად ამაღლდების დიდებაჲ შენი.
ესე არს კარი სასუფეველისაჲ. უკუეთუ გუნებავს მუნ შესლვაჲ, ესე გზაჲ ვიპყრათ სიმდაბლისაჲ, რამეთუ ვინებოთ თუ გზასა მას ამპარტავანებისასა სლვად, შორს ვიპოვნეთ სასუფეველისაგან და ვიქმნეთ უფროჲს ყოველთა შეურაცხ და წარწყმედულ.
და ვითარცა სხუასა ადგილსა ვიტყოდეთ, ვითარმედ: რაჲსათჳს აჩუენებ კაცთა ქველისსაქმესა შენსა? რაჲთა იდიდოა და საქებელ იქმნა? აწ უკუე ნუ ესრეთ იქმ და მაშინ ჰპოო ჭეშმარიტი დიდებაჲ და ქებაჲ. კუალად ვიტყოდეთ, ვითარმედ: რაჲსათჳს იუნჯებ, კაცო, რაჲთა სიმდიდრე გაქუნდეს? აწ უკუე ნუ იუნჯებ და მაშინ ჰპოო ჭეშმარიტი სიმდიდრე.
ეგრეთვე აქა ვიტყჳ: რაჲსათჳს გიყუარს დიდებაჲ და ზუაობაჲ? რაჲთა პირველ სხუათასა და უდიდეს იყოა? აწ უკუე შეიმოსე სიმდაბლე და იყავ ყოველთა უდარეს და მერმე იქმნა ჭეშმარიტად დიდ და ყოველთა პირველ. ხოლო იყო თუ აქა ზუავ და ამპარტავან, იპოო ყოველ-თა უმცირეს და ნარჩევ და შეურაცხ. ესე სიტყუაჲ არა ჩემი არს, არამედ ქრისტესი. ამისთჳსცა წარმართნი შორის მოიყვანნა, რაჲთა გჳჩუენოს, თუ რაჲზომ საძაგელ არს ამპარტავანებაჲ, ვითარ ცუდ და ამაო ეწოდების დიდებასა მას სოფლისასა, რამეთუ იძულებითი არს და მძლავრებისა შიშისაგან; ხოლო დიდებაჲ იგი სიმდაბლისაგან მომავალი ჭეშმარიტი არს და უტყუელი და ჭეშმარიტად საღმრთოჲ და მტკიცე. ამისთჳს საკჳრველ არიან წმიდანი, რამეთუ ყოველთა უდიდეს იყვნეს და უფროჲს ყოველთა დაამდაბლებდეს თავთა თჳსთა; ამისთჳს სამარადისოდ ჰგიეს დიდებაჲ მათი და ვერცა თუ სიკუდილმან უძლო მათისა მის სიმაღლისა დამდაბლებად. ჭეშმარიტად არარაჲ არს უმაღლეს სიმდაბლისა, და არარაჲ არს უდარეს ამპარტავანებისა. და ესე ესრეთ გულისჴმა-ყავ: ამპარტავანსა ჰნებავს ყოველთა უზეშთაეს ყოფად და იტყჳს, თუ არავინ არს ღირს მისსა, არამედ ყოველნივე შეურაცხად ჰქონან; და მერმე რომელნი-იგი შეურაცხად და არარად შეურაცხიან, მათმიერსა ეძიებს პატივსა და დიდებასა. რაჲმცა იყო ამისა უუგუნურეს? ჰხედავა, ვითარ ამპარტავანი ყოველთა უმდაბლეს არს?
ჵ კაცო, რომელი-ეგე ჰგონებ ყოველთა უდარეს შენსა, რაჲსათჳს უნდოთა მათ და უდარესთა მოქენე ხარ? რაჲთამცა გაქებდეს და გადიდებდეს? იხილეა ფრიადი ესე დამდაბლებაჲ?
იხილე აწ მდაბლისაცა სიმაღლე: იცის მდაბალმან, ვითარ დიდ არს კაცი და პატიოსან, და ყოველნი დიდად და პატიოსნად შეურაცხიან, ხოლო თავი თჳსი აქუს ყოველთა უმცირეს. ამისთჳსცა მცირედი თუ ვისგანმე მიიღოს პატივი, დიდად შეურაცხიეს იგი, რამეთუ სასჯელსა თჳსსა არა შესცვალებს. ესე იგი არს, რომელნი-იგი განსაჯნა, ვითარმედ დიდ არიან, მათმიერი პატივი დაღაცათუ მცირე იყოს, დიდად შეურაცხია და უმეტეს ღირსებისა თჳსისა, ხოლო ამპარტავანსა პატივმცემელნი იგი მისნი არად შეურაცხიან, და მათმიერნი იგი პატივნი საწადელ მისა არიან.
კუალად მდაბალი არა რომლისა ვნებისაგან იძლევის, რამეთუ ვერცა რისხვაჲ ერევის მას, ვერცა დიდებისმოყუარებაჲ, ვერცა შური და ჴდომაჲ. და რაჲმცა იყო უსანატრელეს სულისა ამის, ამათ ვნებათაგან განწმედილისა? რაჲმცა იყო უმაღლეს მისა? ხოლო ამპარტავანი ყოველთა ვნება-თაგან ძლეულ არს და, ვითარცა მატლი მწჳრესა შინა, ესრეთ დაფლულ არს ნივთსა მას შინა ვნებათასა.
ვინ არს უკუე ჭეშმარიტად დიდ და მაღალ, განთავისუფლებული იგი ვნებათაგან ანუ მონად მათდა განსყიდული და შეკრული მისგან ჴელბორკილითა მწარითა? ესე არს ყოველივე ზუავი და ამპარტავანი.
სხუაჲცა სახე მოგცე ამპარტავანებისა და სიმდაბლისაჲ: იხილეთ ეშმაკი, ძირი იგი და წყაროჲ ამპარტავანებისაჲ. რაჟამს ამპარტავან იქმნა, მა-შინ გარდამოვარდა პატივისა მისგან ზეცათაჲსა და შთავარდა ქუესკნელთა ჯოჯოხეთისათა; ხოლო კაცნი მდაბალნი ზეცად ამაღლდეს, და მიეცა მათ ამპარტავანი იგი მტერი დასათრგუნველად, ვითარცა ბრძანა უფალმან, ვითარმედ: „მიმიცემიეს თქუენდა ჴელმწიფებაჲ დათრგუნვად გუელთა და ღრიაკალთა და ყოველსა ძალსა მტერისასა“.1 ხოლო კაცთაგანცა თუ ეძიებთ სახესა ამპარტავანებისასა, გულისჴმა-ყავთ მცირედ პირველ ამის ჟამისა ყოფილი იგი ზუავი და საეშმაკოჲსა მის ამპარტავანებისა მობაძავი ივლიანე, რომელსა ეგონა თავი თჳსი უბრძნეს ყოველთასა, და იყო იგი უგუნურთა და ცოფთა უცოფეს, რომელმან არცა თუ რაჲ-იგი ყოველთა მიერ საცნაურ არს, შეუძლო ცნობად, რაჲთამცა გულისჴმა-ეყო, თუ ქვანი ქვა არიან და ძელნი ძელ და კერპნი კერპ, არამედ ესე ყოველნი ღმრთად შეჰრაცხნა და ჭეშმარიტი იგი ღმერთი უარ-ყო. დიდი იგი სიცოფე მისი! იხილეთ უკუე, რაოდენი მჴედრობაჲ შეკრიბა და ვითარითა ზუაობითა წარემართა სპარსეთს, და ვითარ იქმნა საქმე მისი უდარეს და უუგუნურეს ცოფთა და ნავღლიანთასა. ამისთჳსცა ბოროტი იგი ბოროტად წარწყმდა და საკიცხელ და ფერჴისსაცემელ ყოველთა იქმნა, თავჴედი იგი და ზუავი და ამპარტავანი, რომელსა ეგონა თავი თჳსი ზეშთა უმაღლეს, და იყო იგი უსულოთა მათ კერპთა თჳსთა უდარეს. ხოლო ღმრთისმსახურნი იგი და მორწმუნენი, რომელნი მის მიერ შეურაცხ-იყვნეს, უმეტეს მზისა ბრწყინვენ, რომელნი მან, ვითარცა უნდონი, მოსწყჳდნა, კამარათა ცისათა უმაღლეს არიან და ანგელოზთა თანა წინაშე საყდარსა მას დიდებისასა დგანან. ამისთჳს იტყოდა უფალი: „ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს“.2
ისმინეთ სხუაჲცა სახე ამის პირისაჲ: ვინ არს მდაბალ და უნდო და შეურაცხ, რომელსა შეეწეოდის ღმერთი ანუ რომელსა ჰბრძოდის? საცნაურ არს, ვითარმედ რომელსა ჰბრძოდის ღმერთი, იგი არს უდარეს და უსაწყალობელეს ყოველთა კაცთა. ისმინე უკუე წერილისაჲ, რასა
1 ლუკ. 10,19. 2 მათ. 23,12.
იტყჳს: „უფალი ამპარტავანთა წინააღუდგების და მდაბალთა მისცემს მადლსა“.1 და კუალად ესეცა გკითხო: ვინ უმაღლეს არს, რომელი შესწირვიდეს დღითი-დღე ღმრთისა შესაწირავთა სათნოთა ანუ რომელი შორს განვრდომილ იყოს მისგან? ისმინე უკუე, ვითარ მდაბალი, ვი-თარცა მღდელი, მარადის მსხუერპლსა ქებისასა შესწირავს ღმრთისა, „მსხუერპლ ღმრთისა არსო სული მდაბალი, გული წმიდაჲ და სული მდაბალი ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს“.2 იხილეა ამისი სიწმიდე? მიხედენ აწ სიხენეშესა ამპარტავანისასა: „საძაგელ არსო წინაშე ღმრთისა ყოველი მაღალი გულითა“.3 რამეთუ მდაბალსა ზედა ღმერთი განისუენებს, ვითარცა იტყჳს: „ვის მივხედნეო, გარნა მშჳდსა და მდაბალსა, რომელი ძრწინ სიტყუათაგან ჩემთა“,4 ხოლო ამპარტავანი ეშმაკისა მიერ წარტყუენულ არს, ვითარცა იტყჳს პავლე: „ნუუკუე აღმაღლდესო და სასჯელსა ეშმაკისასა შთავარდეს“.5 რაჲმცა უკუე იყო უძჳრეს ამპარტავანებისა, რამეთუ ესე არს თავი და აღსასრული ყოველთა ბოროტთაჲ; ანუ რაჲმცა იყო უსაწადელეს და უსანატრელეს სიმდაბლისა, რომელი-იგი საკუთარ და საყუარელ ღმრთისა ჰყოფს მუშაკთა მისთა და საწადელ და სანატრელ ყოველთა კაცთა, რამეთუ მუშაკსა მას სიმდაბლისასა ყოველნი ვითარცა მამასა პატივ-სცემენ და ვითარცა ძმაჲ უყუარს და ვითარცა ასოთა თჳსთათჳს ელმის მისთჳს.
ვიქმნეთ უკუე მდაბალ, საყუარელნო, რაჲთა ავმაღლდეთ, რამეთუ ნანდჳლვე აღამაღლებს იგი კაცსა სიმაღლითა მით საღმრთოჲთა, ხოლო ამპარტავანებაჲ ესოდენ დაამდაბლებს, ვიდრეღა ქუესკნელთა ჯოჯოხე-თისათა შთაჰჴდის. ამან დაამდაბლა ფარაო და ცხენებითურთ და მჴედრებით ზღუასა დაანთქა, რამეთუ ამპარტავანებით წინააღუდგებოდა ბრძანებათა ღმრთისათა; ხოლო აბრაჰამ, რამეთუ უწესდა თავსა თჳსსა „მიწა და ნაცარ“,6 ამისთჳს ამაღლდა და მრავალთა ერთა მძლე ექმნა და ოთხნი მეფენი ერითურთ მათით იოტნა; და მიერითგან აქამომდე იქადაგების და იდიდების ყოველთა მიერ. ხოლო ზუავი იგი ფარაო იქმნა ჭეშმარიტად მიწა და ნაცარ, რამეთუ არარაჲ ესრეთ სძაგს უფალსა, ვითარ ამპარტავანებაჲ და სიმაღლე გულისაჲ.
რამეთუ ვინაჲთგან პირველიცა იგი კაცი ამის ვნებისაგან სცთა და სწორებაჲ ღმრთისაჲ ეუცნა და მის გამო წარწყმიდა ყოველი, რაჲცა აქუნდა, ამისთჳს ღმერთმან ყოვლით კერძო განაგო აღმოფხურაჲ ჩუენგან ამის ვნებისაჲ. ამისთჳს მოკუდავ ვიქმნენით, და მწუხარებით და სულ-თქუმით განეწესა შობაჲ ჩუენი, და ყოველივე ცხორებაჲ ჩუენი შრომითა და ოფლი-თა და უბადრუკებითა არს, რაჲთა ვხედვიდეთ უძლურებასა მას ბუნებისა ჩუენისასა და დავმდაბლდებოდით. რამეთუ მარადის ესრეთ არს ბუნებაჲ ამპარტავანებისაჲ: არა თუ არარას ვის მოატყუებს სარგებელსა, არამედ
1 1 პეტ. 5,5. 2 ფსალმ. 50,19. 3 იგავ. 16,5. 4 ესაია 66,2. 5 1 ტიმ. 3,6. 6 დაბ. 18,27.
რომელიცა-რაჲ ვის აქუნდეს კეთილი, მასცა წარსწყმედს. ხოლო სიმდაბლე არა თუ ოდენ რაოდენიცა კეთილი აქუნდეს მოყუარეთა მისთა, შეუხებელად სცავს, არამედ რომელი არა აქუნდეს, მასცა მიანიჭებს.
აწ უკუე, ძმანო, სიმდაბლე შევიტკბოთ, იგი შევიყუაროთ, იგი მოვიგოთ, რაჲთა აქაცა კეთილი გუეყოს და წარუვალსა მას ზეცისა დიდებასა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა შუენის დიდებაჲ, სიმტკიცე, პატივი და თაყუანის-ცემაჲ ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოელსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
წმიდანო ღმრთისანო, რომელნიცა ამას წმიდასა წიგნსა აღმოიკითხვიდეთ, ლოცვა-ყავთ მამისა ჩემისა იოვანესთჳს და მეცა, ცოდვილი ეფთჳმე, ლოცვასა მომიჴსენეთ, რომელმან ბრძანებითა და ხარკებითა მათითა ესე წმიდაჲ წიგნი ბერძულისაგან ქართულსა ენასა გამოვთარგმნე. შრომისათჳს ლოცვა-ყავთ და ზომად წერისათჳს შემინდვეთ.
დიდებაჲ წმიდასა სამებასა უკუნითი უკუნისამდე, ამენ.