სიმონ-პეტრეს მიერ იესოს აღიარება ქრისტედ (და ძედ ღვთისად)
13. ხოლო როდესაც ფილიპეს კესარიის მხარეს მივიდა, იესომ ჰკითხა თავის მოწაფეებს: რას ამბობს ხალხი, ვინ არისო ძე კაცისა?14. მათ მიუგეს: ზოგს იოანე ნათლისმცემელი ჰგონიხარ, ზოგს - ელია, ზოგს - იერემია თუ ერთ-ერთი წინასწარმეტყველი.15. კვლავ ჰკითხა მათ: თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ მე?16. სიმონმა, იმავე პეტრემ, მიუგო: შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა.17. ხოლო იესომ პასუხად თქვა: ნეტარი ხარ შენ, სიმონ, იონას ძეო, რადგან ხორცმა და სისხლმა კი არ გაგიცხადა ეს, არამედ ჩემმა ზეციერმა მამამ.18. და მე გეუბნები: შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას.19. მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებს, და რასაც შეკრავ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, ხოლო რასაც დახსნი მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც.20. მაშინ უბრძანა თავის მოწაფეებს, არავისთან გაეთქვათ, რომ ის არის იესო ქრისტე.
27. წავიდნენ იესო და მისი მოწაფეები ფილიპეს კესარიის სოფლებში, და გზაში ჰკითხა მათ: რას ამბობს ხალხი, ვინ ვგონივარ მე?28. ხოლო მათ მიუგეს: იოანე ნათლისმცემელი, ზოგს - ელია და ზოგსაც - ერთ-ერთი წინასწარმეტყველი.29. კვლავ ჰკითხა მათ: თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ? მიუგო პეტრემ და უთხრა მას: შენა ხარ ქრისტე.30. მაშინ უბრძანა მათ, არავისთან გაეთქვათ იგი.
18. მოხდა ისე, რომ ერთხელ, როცა განმარტოებით ლოცულობდა, მოწაფეებიც მასთან იყვნენ და ჰკითხა მათ:19. რას ამბობს ხალხი, ვინ ვგონივართ მე? ხოლო მათ მიუგეს და უთხრეს: ზოგს იოანე ნათლისმცემელი ჰგონიხარ, ზოგს - ელია, ზოგი კი ამბობს, ერთი ძველი წინასწარმეტყველი აღდგაო.20. და უთხრა მათ: თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ მე? მიუგო პეტრემ და უთხრა: ქრისტე ღმრთისა.21. მაგრამ მან მკაცრად უბრძანა: არავისთან გამთქვათო.
67. მაშინ იესომ უთხრა თორმეტს: თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?68. ხოლო სიმონ-პეტრემ მიუგო: უფალო, ვისთან მივიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს.69. ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა.