მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

პირი დ მადლისა მისთჳს ღმრთისა, რომლითა განმართლდებიან კაცნი უსასყიდლოდ.

წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: აწ უკუე რაჲ? წინა-მე-ვჰმატთაა? — არა სამე (3,9).

თარგმანი: ზემო თქუა, ვითარმედ: რაჲ-მე უმეტეს არს ჰურიისა და მიუგო, ვითარმედ: ჰე, ესე უმეტეს არს, რომელ შჯული მოიღეს ღმრთისა მიერ. ხოლო აქა კუალად იტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ მოეცა შჯული, ვინაჲთგან გარდაჰჴდეს, არარაჲ აქუს უმეტესი, არამედ უდარესცა არიან, რამეთუ გულისჴმის-ყოფით ცოდვიდეს, რომელ-იგი უძჳრეს არს. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: რასა იტყჳთ; რაჲ უმეტესი გაქუს ჰურიათა წარმართთასა, ანუ რაჲთა ვჰმატთ? — არარაჲთაო; რამეთუ ყოველნი ცოდვასა ქუეშე ვიქმნენით, ჰურიანიცა და წარმართნი.

მოციქულისაჲ: წინაჲსწარვე ვაბრალეთ ჰურიათა და წარმართთა ყოველთა ცოდვასა ქუეშე ყოფაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: არავინ არს მართალ არცაღა ერთ, არავინ არს გულისჴმისმყოფელ, არავინ არს გამომეძიებელ ღმრთისა (3,9-11).

თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ: არარაჲ აქუს მეტობაჲ ჰურიასა შჯულისაგან, რამეთუ არა დაიცვა იგი; არცა წინადაუცუეთელსა მას, რამეთუ ცოდა. არავის აქუს უკუე მეტობაჲ რაჲმე უფროჲს მეორისა, რამეთუ ზემო ყოველთავე ვაბრალეთ. ესე იგი არს, ვითარმედ: ყოველთავე ვამხილეთ და გამოვაჩინეთ, ვითარმედ ცოდვასა ქუეშე არიან. ხოლო რაჲთა არა ურწმუნოდ შეჰრაცხონ, ამისთჳს დავით და ესაია შორის შემოიყვანნა მოწამედ.

მოციქულისაჲ: ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უჴმარ იქმნეს. არავინ არს, რომელმანმცა ქმნა სიტკბოებაჲ, არავინ არს მიერთადმდე (3,12).

თარგმანი: მისდრკეს ერთბამად და შეიგინნეს, რამეთუ ვითარცა მიდრკეს ღმრთისაგან, მუნთქუესვე უჴმარ და შეგინებულ იქმნეს.

ესაიაჲსი: სამარე ზე-ღებულ არს ჴორჴი მათი; ენითა მათითა ზაკუვიდეს; გესლი ასპიტთაჲ ბაგეთა მათთა, რომელთაჲ პირი წყევითა და სიმწარითა სავსე არს. მალე არიან ფერჴნი მათნი დათხევად სისხლისა (3,13-15).

თარგმანი: ესე ყოველი მგმობართა და ძჳრისმეტყუელთა ზედა კეთილ არს სათქუმელად.

ესაიაჲსი: შემუსრვაჲ და უბადრუკებაჲ არს გზათა მათთა (3,16).

თარგმანი: გზად იტყჳს ცხორებასა ამას, ხოლო შემუსრვილებად და უბადრუკებად იტყჳს ცოდვათა, რამეთუ ვერარაჲ ესრეთ შეჰმუსრავს და წარსწყმედს სულსაცა და ჴორცთა, ვითარ ცოდვაჲ.

ესაიაჲსი: და გზაჲ მშჳდობისაჲ არა იცნეს; არა არს შიში ღმრთისაჲ წინაშე თუალთა მათთა (3,17-18).

თარგმანი: გზად მშჳდობისა კეთილსა ცხორებასა და საღმრთოსა მოქალაქობასა იტყჳს.

მოციქულისაჲ: ხოლო ესე უწყით, რამეთუ რავდენსა შჯული იტყჳს, მათ ეტყჳს, რომელნი-იგი შჯულსა ქუეშე არიან (3,19).

თარგმანი: რაჲთა არა იტყოდიან ჰურიანი — და რაჲ არს ესე ყოველი ჩუენდა მომართ; რამეთუ არა თუ ამას ყოველსა ჩუენთჳს იტყჳს, — ამისთჳს იტყჳს მოციქული, ვითარმედ: ჰე, თქუენდა მომართ არს, რამეთუ ყოველთა ვიცით ესე, ვითარმედ რავდენსაცა შჯული იტყჳს (ხოლო შჯულად იტყჳს ყოველსავე ძუელსა წერილსა, და რავდენსაცა შჯულისა მის ძუელისა წერილნი იტყჳან), მათ ეტყჳნ, რომელნი შჯულსა მას ძუელსა ქუეშე არიან; რამეთუ, რადმცა ეტყოდა დავით უცხოთა, რომელნი არა იყვნეს შჯულსა მისსა ქუეშე, ანუ ესაია სხუათა მათ რად ამხილებდა, რომელი-იგი ჰურიათა მიმართ მივლინებულ იყო ღმრთისა მიერ მხილებად მათისა უკეთურებისა; არამედ რავდენსაცა იტყჳან იგინი, დაღაცათუ სხუათა მიმართცა მცირედ სადმე იტყჳან, არამედ თქუენ არასადა კიდე ხართ, გარნა თქუენთჳსვე იტყჳან, რომელნი-ეგე შჯულსა ქუეშე ხართ.

მოციქულისაჲ: რაჲთა ყოველი პირი დაიყოს (3,19).

თარგმანი: ესევითარსა ძალსა მოასწავებს, ვითარმედ ამისთჳს ამხილეს წინაჲსწარმეტყუელთა და გამოაჩინეს, ვითარმედ ცუდად მაღლოიან ჰურიანი, და უფროჲსღა ყოველი სოფელი თანამდებად ცოდვისა გამოაჩინეს, რაჲთა გზა-უყონ ქრისტეს მიმართ სარწმუნოებასა, და რაჲთა ცნან კაცთა, ვითარმედ არცა შჯულისა და წინადაცუეთისაგან, არცა წინადაუცუეთელობისაგან იქმნების ცხორებაჲ, და ადვილად მოუჴდენ ქრისტესა, რომელი-იგი მადლითა უსასყიდლოდ აცხოვნებს ნათესავსა კაცთასა.

მოციქულისაჲ: და საშჯელისა თანამდებ იყოს ყოველი სოფელი ღმრთისა, რამეთუ საქმეთა მათგან შჯულისათა არა განმართლდეს ყოველი ჴორციელი წინაშე მისსა (3,19-20).

თარგმანი: რაჲთა არა თავ ედიდა-მცა ჰურიათა, ამისთჳს, რომელ თანა-შეჰრაცხავს მათ ყოველსა სოფელსა დასასჯელ ყოფად, ამისთჳს კუალად მათთავე საქმეთა გამოძიებასა იქმს, რაჲთამცა დაარწმუნა მათ სიტყუაჲ მისი, და იტყჳს, ვითარმედ: შჯულითა ვერ განჰმართლდებით, რამეთუ ვერცა აღასრულებთ მას.

მოციქულისაჲ: რამეთუ შჯულისაგან არს გამოცნობაჲ ცოდვისაჲ (3,20).

თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ: რად ვიტყჳ თუ არა გერგების შჯულისაგან თქუენ, ჰურიათა, და წინაჲსწარმეტყუელთა მიერ; რაჲთამცა იქმნენით თანა-დაშჯილ ყოვლისა სოფლისა, რამეთუ, უკუეთუ კეთილად ვინ გამოიძიოს, პოვოს, ვითარმედ არა თუ ოდენ არა გერგო, არამედ უფროჲსად გევნო-ცა. არა თუ, რამეთუ იგი მავნებელ იყო, არამედ რამეთუ თქუენ უკეთურ იყვენით. ვინაჲთგან შჯულისა საქმე ესე არს, რაჲთა ოდენ გამოგიცხადოს ცოდვაჲ, და მიერითგან თქუენი არს, უკუეთუ გინდეს სივლტოლაჲ ცოდვისაგან; ხოლო თქუენ არა ივლტოდეთ, არამედ სცოდევდით მეცნიერებით; და გექმნა თქუენ მეცნიერებაჲ იგი შჯულისაჲ უმეტესისა სასჯელისა მიზეზ, რავდენ-იგი უძჳრეს არს მეცნიერებით ცოდვაჲ, ვიდრე უმეცრებითი.

მოციქულისაჲ: ხოლო აწ თჳნიერ შჯულისა სიმართლე ღმრთისაჲ გამოჩინებულ არს (3,21).

თარგმანი: უჩუენა მათ, ვითარმედ არარაჲ სარგებელ ეყოფვის შჯულისაგან, და მოიყვანნა სურვილად, თუ ვითარ ცხოვნდენ. და აწ უჩუენებს მათ ქრისტეს სარწმუნოებასა და ეტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ იტყჳთ თუ — ვინაჲთგან შჯულითა ვერ ვცხონდებით, თჳნიერ შჯულისა ვითარ ვცხონდეთ, — მე გითხრა: სიმართლითა ღმრთისაჲთა, რომელი-იგი თჳნიერ შჯულისა მოგუეცა, რამეთუ, ვინაჲთგან ღმერთი არს მომცემელ, ნუღარა იჭუეულ ხარ, ჵ კაცო.

მოციქულისაჲ: მოწამებითა შჯულისა მიერ და წინაჲსწარმეტყუელთა გამოჩინებული (3,21).

თარგმანი: "გამოჩინებული" საცნაურ არს, ვითარმედ: იყო, არამედ დაფარულ იყო. და ამისთჳს თქუა, ვითარმედ "გამოჩინებული", რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არა ახალი არს ქადაგებაჲ ესე, და არა აწ ოდენ ქადაგებულ, არამედ პირველვე, მოსეს მიერ და წინაჲსწარმეტყუელთა.

მოციქულისაჲ: სიმართლე ღმრთისაჲ სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა ყოველთა მიმართ და ყოველთა ზედა მორწმუნეთა (3,22).

თარგმანი: ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: უკუეთუ იკითხვიდეთ თუ — რომელი სიმართლე? — ღმრთისაჲ გულისჴმა-ყავთ, ვითარმედ, იგი სიმართლე, რომელი სარწმუნოებითა იესუ ქრისტესთა იქმნების ყოველთა ზედა მორწმუნეთა. რამეთუ, უკუეთუ გრწმენეს მისი, განჰმართლდეთ, რამეთუ იგი გუექმნა ჩუენ სიმართლე და სიწმიდე და მჴსნელ.

მოციქულისაჲ: რამეთუ არა არს განწვალებაჲ. ყოველთავე შესცოდეს (3,22-23).

თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ: ნუ იტყჳ თუ — მე ჰურიაჲ ვარ, პირველითგანვე მორწმუნე ღმრთისაჲ, ხოლო წარმართთაგანი იგი უცხოჲ არს და ბარბაროზი, და ვითარმცა იყო სწორ ჩემ თანა! — ნუ იგონებ ამას. არამედ ყოველნივე მორწმუნენი სწორად განმართლდებიან, რამეთუ არა არს განწვალება, არამედ ყოველთავე ცოდეს, და ვინაჲთგან ყოველთავე ცოდეს, ყოველნივე სწორებით ჰპოვებენ განმართლებასა, რომელთაცა ნათელ-იღონ. და მერმე, მიერითგან, ვითარცა ვინ უმეტესად იღუაწოს, უმეტესიცა მადლი მიიღოს.

მოციქულისაჲ: და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა, ხოლო განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა მისითა (3,23-24).

თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ: ნუ იტყჳ შენ, ჰურიაო, თუ წარმართთა მეტად ცოდეს. ნუ იყოფინ; რამეთუ თქუენცა, ჰურიანი, და წარმართნიცა სწორად შეცოდებულნი ხართ და დაკლებულნი დიდებისაგან ღმრთისა და ქველისმოქმედებისა, რამეთუ, უკუეთუ საქმეთაებრ საჯოს, ყოველნივე დაკლებულ ხართ მისსა დიდებასა, ხოლო რომელნიცა ცხონდენ, გინა თუ ჰურიანი, გინა თუ წარმართნი, უსასყიდლოდ ცხოვნდებიან მადლითა მისითა სარწმუნოებისა მიერ; რამეთუ ამას მოასწავებს, ვითარმედ: რომელიცა განმართლდეს, რავდენცა მოღუაწე იყოს, უსასყიდლოდ ცხოვნდების და არარაჲ აქუს სხუაჲ, თავისა თჳსისა მიერი, გარნა სარწმუნოებაჲ.

მოციქულისაჲ: და გამოჴსნითა მით იესუ ქრისტეს მიერითა (3,24).

თარგმანი: გამოაჩინა სახეცა განმართლებისაჲ, თუ ვითარ იქმნების გამოჴსნითა მით იესუ ქრისტეს მიერითა; ესე იგი არს, ვითარმედ —ნათლისღებითა და შენდობითა მით ცოდვათაჲთა, რომელსა მოგუანიჭებს იესუ ქრისტე უსასყიდლოდ და თჳნიერ ქრთამისა ჩუენისა, წყალობითა მისითა.

მოციქულისაჲ: რომელი-იგი წინაჲსწარ განმზადა ღმერთმან სალხინებელად სარწმუნოებითა (3,25).

თარგმანი: რამეთუ ნებითა და განზრახვითა მამისაჲთა საჴსარ იქმნა ცოდვათა ჩუენთა და სალხინებელ უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, რაჟამს მისცა თავი თჳსი სიკუდილად ცოდვათა ჩუენთათჳს. ხოლო თუ "წინაჲსწარ განმზადა" ამას მოასწავებს, ვითარმედ წინა საუკუნეთავე იყო წმიდასა შორის სამებასა ესე განზრახვაჲ. ხოლო ესეცა შესძინა, ვითარმედ "სარწმუნოებითაო, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ, დაღაცათუ მის მიერ არს ლხინებაჲ ჩუენი და სალხინებელ შეცოდებულთა იქმნა, არამედ სარწმუნოებითა ჩუენითა იქმს ლხინებასა ჩუენსა, ხოლო ურწმუნონი ცარიელ იქმნებიან მის მიერისა ლხინებისაგან.

მოციქულისაჲ: მისითა მით სისხლითა (3,25).

თარგმანი: მამამან წინაჲსწარ განმზადა და ძემან სისხლი დასთხია ჩუენთჳს, ხოლო სულმან წმიდამან განგუწმიდნა ნათლისღებითა. ზოგად უკუე იქმნა მადლი წმიდისა სამებისა მიერ ჴსნისა ჩუენისათჳს.

მოციქულისაჲ: გამოჩინებად სიმართლისა მისისა (3,25).

თარგმანი: რაჲ არს ესე თუ "გამოჩინებად სიმართლისა მისისა"? — გარნა ესრეთ გულისჴმა-ყავ, ვითარმედ: ვითარცა-იგი გამომაჩინებელი სიმდიდრისა მდიდრისაჲ ესე არს, რომელ სხუანიცა განამდიდრნეს, და მერმე საცნაურ იქმნების ფრიადი მისი სიმდიდრე, ეგრეთვე ქრისტემან ინება რაჲ გამოჩინებად თჳსისა სიმართლისა, ვითარ დიდ და აურაცხელ არს, განამართლნა ცოდვითა შებღალულნი იგი კაცნი.

მოციქულისაჲ: მოტევებითა მით პირველ ქმნულთა მათ ცოდვათაჲთა, სულგრძელებასა შინა ღმრთისასა (3,25-26).

თარგმანი: რამეთუ სასწაული მისისა მის სიმართლისაჲ ესე არსო, რომელ მომკუდარნი იგი ცოდვითა, განგუამართლნა; და მერმე განადიდებს ცოდვასა კაცთასა, ვითარმედ: "ცოდვათა მათო, სულგრძელებასა შინა ღმრთისასა ქმნილთა". ხოლო რაჲ არს ესე? — გარნა ამას მოასწავებს, ვითარმედ: რაჟამს ჯერ-იყო სინანული, მოგუეცა რაჲ სულგრძელებაჲ ღმრთისა მიერ, და ჟამი სინანულისაჲ, მაშინ ვცოდეთ და ჟამი იგი სულგრძელებისა ღმრთისაჲ გარდავჰჴადეთ ცოდვასა შინა, რომელ-ესე უმეტესისა ტანჯვისა ღირს არს, და რომელთა-ესე ესრეთ შეუნდობელად გუეცოდა, მოგჳტევნა ცოდვანი იგი ბოროტნი, სულგრძელებასა შინა ღმრთისასა ქმნილნი, და გუაცხოვნებს სარწმუნოებითა.

მოციქულისაჲ: გამოჩინებად სიმართლისა მისისა ამათ ჟამთა (3,26).

თარგმანი: რამეთუ, რომელიმცა იყო უმეტესად გამომაჩინებელი მისისა სიმართლისა საქმე და სასწაული მისისა სახიერებისაჲ, ვითარ ესე, რომელ მომკუდართა მათ ცოდვითა, რაჟამს ჟამი დასჯისაჲ იყო, განგუამართლებს და გუაცხოვნებს.

მოციქულისაჲ: რაჲთა იყოს იგი მართალ და განმამართლებელ სარწმუნოებისაგან იესუჲსსა (3,26).

თარგმანი: აჰა ესერა, ესე არს გამოჩინებაჲ მისისა სიმართლისაჲ, რომელ არა ოდენ თჳთ არს მართალ და წმიდა ღმერთი, არამედ განამართლებს-ცა ერსა მას, რომელი სარწმუნოებისაგან იესუ ქრისტესისა განმტკიცებულ იყოს და მოქცეულ ყოვლისა ბოროტისაგან.

მოციქულისაჲ: სადა უკუე არს სიქადული იგი? განდევნებულ არს (3,27).

თარგმანი: ვინაჲთგან უკუე ესე ესრეთ არსო, და მამაჲ აცხოვნებს ერსა მას სარწმუნოებითა ქრისტესითა მისდა შეწყნარებულსა, სადა-ღა არს ჰურიათა სიქადული? — განდევნებულ არს. რაჲ არს თუ "განდევნებულ არს"? — ესე იგი არს, ვითარმედ დაცხრომილ არს; რამეთუ დაღაცათუ იყო ოდესმე, ხოლო აწ ქრისტეს მოსლვითგან განდევნებულ არს და წარსრულ არს, რამეთუ სარწმუნოებამან ამან განდევნა სიქადული იგი.

მოციქულისაჲ: რომლითა-მე? შჯულისა საქმეთაგან-მე-ა? არა, არამედ შჯულისაგან სარწმუნოებისა (3,27).

თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ არა თუ საქმეთა მიერ, რომელნი ვქმნენით, განიდევნა ჰურიათა სიქადული, არამედ სარწმუნოებითა; ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ყოველივე იგი სიქადული, და საქმენი იგი, დიდად მერაცხილნი მათ მიერ, სარწმუნოებითა ოდენ განიდევნნეს და საქმე ყოვლადვე არად საჴმარ იქმნა.

მოციქულისაჲ: რამეთუ ვიტყჳთ განმართლებასა კაცისასა სარწმუნოებით თჳნიერ საქმეთა შჯულისათა (3,28).

თარგმანი: აწ უკუე ამას ვიტყჳო, ვითარმედ სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა იქმნების განმართლებაჲ კაცისაჲ, თჳნიერ საქმეთა მათ შჯულისათა. ხოლო რომელთა იტყჳს საქმეთა შჯულისათა? — წინადაცუეთასა, დამარხვასა მას შაბათისასა და უბანელად არაჭამასა და სხუათა ესევითართა მრავალთა; და ღაღადებს, ვითარმედ: არღარად საჴმარ არიან ესე საქმენი, არამედ ქრისტეს სარწმუნოებაჲ და ამის სარწმუნოებისა საქმენი.

მოციქულისაჲ: ანუ ჰურიათაჲ ხოლო-მე არსა ღმერთი და წარმართთაჲ არა? — ჰე, წარმართთაჲცა (3,29).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არათუმცა რომელნი ჰურიათაგან არიან, მათ ოდენ განამართლებდა; რამეთუ, უკუეთუმცა ესე ესრეთ იყო, არღარამცა ყოველთა ღმერთ ეწოდებოდა, არამედ ჰურიათა ოდენ. ხოლო აწ არა ესრეთ არს, არამედ ყოველთავე მორწმუნეთა, გინა თუ ჰურიანი იყვნენ, გინა თუ წარმართნი, სწორად განამართლებს.

მოციქულისაჲ: უკუეთუ ერთ არს ღმერთი, რომელმან განამართლის წინადაცუეთილი სარწმუნოებითა და წინადაუცუეთელი მითვე სარწმუნოებითა (3,30).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: გინა თუ ჰურიანი იყვნენ, გინა თუ წარმართნი და ენებოს პოვნაჲ სიმართლისაჲ, სარწმუნოებითა ქრისტესითა პოვონ, თუ არა, თჳნიერ სარწმუნოებისა ქრისტესისა სიმართლისა პოვნაჲ არა იქმნების.

მოციქულისაჲ: აწ შჯულსა ნუ განვაქარვებთა სარწმუნოებითა მით? — ნუ იყოფინ; არამედ შჯულსა დავამტკიცებთ (3,31).

თარგმანი: ჰურიანი დაბრკოლდებოდეს და ეტყოდეს, ვითარმედ: სრულიად განაქარვებ შჯულსა მას მოსესსა სარწმუნოებითა მაგით. ამისთჳს უკუე იტყჳს, ვითარმედ სარწმუნოებაჲ ესე არა თუ ოდენ არა განაქარვებს შჯულსა მას, არამედ უფროჲსად დაამტკიცებს. ვითარ? გარნა ესრეთ, რამეთუ შჯული იგი ამას სარწმუნოებასა მოასწავებდა, ხოლო ვინაჲთგან მოვიდა, რომელსა-იგი მოასწავებდა, აწ დაემტკიცა შჯული იგი, და ჭეშმარიტად გამოჩნდა. და კუალად, ესრეთცა დაამტკიცებს შჯულსა სარწმუნოებაჲ, რამეთუ შჯული ისწრაფდა, რაჲთამცა აცხოვნნა კაცნი, და ვერ შეეძლო, რამეთუ სუფევდა ცოდვაჲ, და მისი საქმე ესე ოდენ იყო, რაჲთამცა კაცნი აცხოვნნა, და ვინაჲთგან ესე ვერ ეძლო, ცუდ ექმნებოდა საქმე მისი. ხოლო აწ სარწმუნოებაჲ ესე ქრისტესი აცხოვნებს კაცთა, და ვინაჲთგან საქმესა მას და ნებასა შჯულისასა აღასრულებს, დაამტკიცებს მას სადმე. ხოლო დამტკიცებაჲ რაჲ თქუა, გამოაჩინა, ვითარმედ შერყეულ იყო იგი.

მოციქულისაჲ: რაჲ-მე უკუე ვთქუათ, თუ პოვა აბრაჰამ, მამამან ჩუენმან (4,1).

თარგმანი: ზუაობდეს ჰურიანი აბრაჰამს ზედა და იტყოდეს, ვითარმედ აბრაჰამსცა წინადაცუეთაჲ მიეცა. ხოლო ენება გამოჩინებაჲ მოციქულსა, ვითარმედ აბრაჰამცა სარწმუნოებითა განმართლდა და არა საქმეთაგან. და ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: რაჲ ვთქუათ, თუ პოვა აბრაჰამ, ჴორციელად მამამან ჩუენმან? რომელი სიმართლე პოვა — საქმეთაგანი ანუ სარწმუნოებისაგანი? საცნაურ არს, ვითარმედ — სარწმუნოებისაგანი. ამისთჳსცა არა თქუა თუ რომელი სიმართლე ქმნა, არამედ პოვაო, რამეთუ ვანაჲთგან არა საქმეთაგან მოიგო სიმართლე იგი, არამედ სარწმუნოებითა. ამისთჳს "პოვნილად" სახელ-სდებს სარწმუნოებითსა მას სიმართლესა, რომელსა მოანიჭებს მადლი ქრისტესი.

მოციქულისაჲ: ჴორციელად (4,1).

თარგმანი: კეთილად თქუა ჰურიათა მიმართ თუ "ჴორციელად მამაჲ ჩუენი", რამეთუ ჰურიათა მამაჲ აბრაჰამ ჴორციელად ოდენ არს, ხოლო სარწმუნოებითა მით და აღთქუმითა ჩუენ მორწმუნენი ვართ შვილ აბრაჰამისა, ვითარცა იტყჳს წერილი, ვითარმედ: "არა თუ შვილნი ესე ჴორცთანი არიან შვილ ღმრთისა, არამედ შვილნი იგი აღთქუმისანი შეირაცხვიან თესლ და ნაშობ აბრაჰამისა".

მოციქულისაჲ: უკუეთუ აბრაჰამი საქმეთაგან განმართლდა, აქუს სიქადული, არამედ არა ღმრთისა მიმართ. რასა უკუე იტყჳს წიგნი? — ჰრწმენა აბრაჰამს ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ (4,2-3).

თარგმანი: ამას ისწრაფის გამოჩინებად, ვითარმედ აბრაჰამ სარწმუნოებითა განმართლდა, და ვითარმედ უზეშთაეს არს სარწმუნოებისა მიერი სიმართლე. და იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუმცა საქმეთა მიერ და მოღუაწებათა განმართლებულ იყო აბრაჰამ, აქუნდამცა სიქადული, არამედ არა ღმრთისა მიმართ, გარნა თავსა თჳსსა ზედა-მცა იქადოდა, ვითარცა მოქმედსა სათნოებისასა, ხოლო რომელი სარწმუნოებისა მიერ განმართლდეს და ცხონდეს, იგი ვერ იქადის თავსა თჳსსა ზედა, რამეთუ არარაჲ უქმნიეს, არამედ ღმრთისა მიმართ იქადის, რომელი-იგი ჰრწამს. რამეთუ, რომელი საქმეთათჳს იტყოდის, იგი თავსა ზედა თჳსსა იქადის, თუ "ესე რაჲმე მიქმნიეს"; ხოლო რაჟამს სარწმუნოებისათჳს ვინ იქადოდის, ღმრთისა მიმართ იქადის და იტყჳს, ვითარმედ: ღმერთი მრწამსო. და უმჯობეს და უვაღრეს არს ღმრთისა მიმართ სიქადული, ვიდრე თავისა მიმართ თჳსისა, რამეთუ მოღუაწებანი მრავალგზის უჩინო იქმნებიან სხუათა ცოდვათა მიერ, ხოლო ღმრთისა მიმართ სიქადული უცვალებელ არს.

მოციქულისაჲ: ხოლო მოქმედსა მას სასყიდელი იგი არა შეერაცხების მადლით, არამედ თანანადებით (4,4).

თარგმანი: გამოაჩინებს, ვითარმედ უზეშთაეს არს სიმართლე იგი მადლითა მონიჭებული და უვაღრეს, რომელსა მოიღებს სარწმუნოებაჲ, და იტყჳს, ვითარმედ: რომელი იქმოდის რასამე კეთილსა, თანანადებ არს მინიჭებაჲ მისდა სასყიდლისაჲ. ხოლო ესე სადა იპოვოს, რამეთუ რაჲ შეუძლოს კაცმან ეგოდენისა მოღუაწებისა ქმნაჲ, რაჲთამცა იქმნა ღმერთი თანამდებ მისა, ხოლო რომელი სარწმუნოებითა განმართლდებოდის, მადლითა განმართლდების, და სადა ქრისტე მიჰმადლებდეს, უეჭუელად დიდთა საქმეთა მიჰმადლებს — შვილ ღმრთისა ჰყოფს მათ და ძმად თჳსად სახელ-სდებს, მკჳდრ ღმრთისა გამოაჩინებს, რომელ-ესე ოდესმცა მოგუეცა ჩუენითა საქმითა!

მოციქულისაჲ: ხოლო რომელი-იგი არა იქმნ და ჰრწამნ განმამართლებელი იგი უღმრთოჲსაჲ (4,5).

თარგმანი: ნუცა ამას ჰგონებ თუ სარწმუნოებაჲ უშრომელ არს. რამეთუ ახოანი სული უჴმს მასცა და მოსწრაფე, რამეთუ სარწმუნოებასა მას ჭეშმარიტსა იტყჳს. ხოლო ჭეშმარიტი სარწმუნოებაჲ ესე არს, რაჲთა ყოველივე, რომელი ბრძანებულ იყოს სარწმუნოებისა მის შჯულსა შინა, შეუორგულებელად იქმოდის.

მოციქულისაჲ: შეერაცხების სარწმუნოებაჲ იგი მისი სიმართლედ. ვითარცა-იგი დავით იტყჳს ნთარებასა მის კაცისასა, რომელსაცა-იგი შეურაცხა ღმერთმან სიმართლე თჳნიერ საქმისა (4,5-6).

თარგმანი: ჰხედავა, რამეთუ მოქმედსა მას სასყიდელი მიეცემის საქმეთაებრ, ხოლო მორწმუნესა მიეცემის სიმართლე, რომლი-იგი ყოვლისა კეთილისა შემკრებელი არს.

ფსალმუნისაჲ: ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნეს ურჩულოებანი და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი. ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვაჲ (4,7-8).

თარგმანი: ნეტარებაჲ თავი არს ყოველთა კეთილთაჲ. ხოლო ამას ადგილსა ესრეთ ჩანს თუ შეუმსგავსებელ არს წამებაჲ ესე, რამეთუ არა ესრეთ არს თუ —ნეტარ არს, რომელსა სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა სიმართლედ შეერაცხოს, არამედ ფრიადცა შემსგავსებული არს. რამეთუ, უკუეთუ ნეტარ არს, რომლისა ცოდვანი მადლითა შეენდვნეს, საცნაურ არს, ვითარმედ სამგზის სანატრელ არს იგი, რომელი სრულიად განამართლა მადლითა ღმერთმან.

მოციქულისაჲ: აწ უკუე ნეტარებაჲ ესე წინადაცუეთილებასა ზედა არსა, ანუ წინადაუცუეთილებასაცა? — რამათუ ვიტყჳთ, ვითარმედ: შეერაცხა აბრაჰამს სარწმუნოებაჲ იგი მისი სიმართლედ (4,9).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ესე ნეტარებაჲ წინადაცუეთილობასა ზედა ოდენ არს ანუ წინადაუცუეთელობასაცა? რამეთუ, უკუეთუ იტყჳთ თუ — წინადაცუეთილობასა, — განგამტყუვნებს თქუენ აბრაჰამ მამაჲ თქუენი, რომელმან-იგი დადვა წინადაცუეთაჲ, და გამოაჩინებს, ვითარმედ წინადაუცუეთელობასაცა ზედა მივალს ესე ნეტარებაჲ, რამეთუ თჳთ მან წინადაუცუეთელობასა შინა პოვა განმართლებაჲ.

მოციქულისაჲ: ოდეს უკუე შეერაცხა; წინადაუცუეთელობასაღა იყო ანუ წინადაცუეთილებასა? — არა წინადაცუეთილებასა, არამედ წინადაუცუეთელობასა (4,10).

თარგმანი: ესრეთ ჰნებავს გამოჩინებად, ვითარმედ ნეტარებაჲ იგი დავითისი უფროჲსად წინადაუცუეთელობასა ზედა მიიწევის, და ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: აბრაჰამს შეერაცხა სიმართლე სარწმუნოებით. ვიხილოთ უკუე, თუ ოდეს შეერაცხა; ოდეს წინადაუცუეთელობასა შინა იყო, ოდეს წინადაიცჳთა? საცნაურ არს, ვითარმედ — ოდეს წინადაუცუეთელობასა შინა იყო. და ამის გამო ჩანს, ვითარმედ ნეტარებაჲ იგი უფროჲსად წინადაუცუეთელობასა ზედა არს, რომელსა დავით იტყჳს, ვიდრეღა წინადაცუეთილებასა.

მოციქულისაჲ: და სასწაულად მოიღო წინადაცუეთილებაჲ იგი ბეჭდად სიმართლისა მის სარწმუნოებისა წინადაუცუეთელობასა მას შინა ქმნილისა (4,11).

თარგმანი: ამათ სიტყუათა მიმართ იტყოდეს ჰურიანი თუ — ეგოდენ დიდ არს წინადაცუეთაჲ, და არა იქმნების თჳნიერ მისსა ცხორებაჲ, ვიდრეღა თჳთ მასცა, რომელი წინადაუცუეთელობასა შინა განმართლდა, სიტყჳსაებრ შენისა, წინადაცუეთაჲვე ეჴმარა. და ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: არა თუ სხჳსა რაჲსათჳსმე მიიღო წინადაცუეთაჲ იგი, გარნა ამისთჳს, რაჲთა წინადაცუეთაჲ იგი აქუნდეს სასწაულად და მქადაგებელად სიმართლისა მის, რომელი მოიგო მან წინადაუცუეთელობასავე შინა. ხოლო ვინაჲთგან სასწაულად და ბეჭდად მისისა სიმართლისა მიეცა წინადაცუეთაჲ, საცნაურ არს, ვითარმედ არარაჲ შემატებაჲ ქმნილ არს მისდა წინადაცუეთისა მისგან, არამედ ოდენ სასწაული იყო სიმართლისა მისისაჲ. რამეთუ სამთა მიზეზთათჳს მოეცა მას წინადაცუეთაჲ: ერთად, რაჲთა იყოს იგი სასწაული მისისა სარწმუნოებისაჲ, რომელი მოიგო წინდაუცუეთელობასა შინა; და მეორედ, რაჲთა სასწაული იყოს გამომაჩინებელი აბრამეანისა თესლისა; და მესამედ, რამეთუ სახე იყო და იგავი განწმედილისა მის ცხორებისა, რომელი მოცემად იყო ნათლისღებისა მიერ. და ესრეთ გამოჩნდების, ვითარმედ არა თუ ვითარცა სიმართლისა მოქმედი რაჲმე მოეცა, არამედ ბეჭდად და სასწაულად სარწმუნოებისა მიერისა მის სიმართლისა აბრაჰამისა.

მოციქულისაჲ: რაჲთა იყოს იგი მამად (4,11).

თარგმანი: კუალად მათდავე მიმართ არს სიტყუაჲ ესე, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: უკუეთუ არად სარგებელ იყო წინადაცუეთაჲ, რად მოეცა? იტყჳს უკუე, ვითარმედ მოეცა ზემო თქუმულთა მათ მიზეზთათჳს, და კუალად ამისთჳსცა, რაჲთა იქმნას იგი ზოგადი მამაჲ ყოველთავე მორწმუნეთაჲ, გინა თუ წინადაუცუეთელნი იყვნენ, გინა თუ წინადაცუეთილნი.

მოციქულისაჲ: ყოველთა მორწმუნეთა წინადაუცუეთელთა მათ (4,11).

თარგმანი: არა თუ ესრეთ ლიტონად მამაჲ არსო იგი ვისიმე, არამედ მათი არს მამაჲ, რომელთა ჰრწმენეს ქრისტე. ხოლო ამით სიტყჳთა გამოაჩინებს, ვითარმედ, რომელთა არა ჰრწმენეს ქრისტე ჰურიათა, ნუმცა ჰგონებენ იგინი, თუ აბრაჰამ ითქუა-მცა მამა მათდა, არამედ რომელთა ჰრწმენეს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, მათი მამაჲ არს აბრაჰამ.

მოციქულისაჲ: რაჲთა შეერაცხოს მათცა სიმართლედ (4,11).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ვითარცა-იგი მას წინადაუცუეთელობასა შინა შეერაცხა სიმართლედ სარწმუნოებაჲ მისი, ეგრეთვე ყოველთა, რომელთა ჰრწმენეს ქრისტე, შეერაცხების მათ სიმართლედ, და ესრეთ განძლიერდებიან მცნებათა მისთა ქმნად.

მოციქულისაჲ: და მამად წინადაცუეთილებისა (4,12).

თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ: ვითარცა-იგი წინადაუცუეთელობასა შინა მყოფნი ამისთჳს ოდენ ვერ იქმნებიან შვილ აბრაჰამისა, რომელ წინადაუცუეთელობასა შინა ჰრწმენა მას, არა თუ იგინიცა მიემსგავსნენ მისსა სარწმუნოებასა, ეგრეთვე ვერცა წინადაცუეთილნი იქმნებიან შვილ მისა ამისთჳს ოდენ, რომელ მან მიიღო წინადაცუეთაჲ, არა თუ მიემსგავსნენ სარწმუნოებასა მისსა. და ამის გამო ყოველთავე ჰურიათა, რომელთაცა არა ჰრწმენეს ქრისტე, განვრდომილ არიან იგინი შვილებისაგან აბრაჰამისა.

მოციქულისაჲ: არა წინადაცუეთილებისაგანთა ხოლო, არამედ რომელნი ჰგიან კუალთა მათ წინადაუცუეთელობისა სარწმუნოებისა მამისა ჩუენისა აბრაჰამისთა (4,12).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: არა თუ ყოველთავე წინადაცუეთილთა მამა არს იგი, —ნუ იყოფინ, — არამედ მათი არს მამაჲ, რომელნი შეუდგენ კუალსა მას სარწმუნოებისა მის, რომელი მოიგო წინადაუცუეთელობასა შინა აბრაჰამ, მამამან მან ჩუენ მორწმუნეთამან; რაჲთა, ვითარცა მას ჰრწმენა ღმერთი, და აღასრულნა მცნებანი მისნი, ეგრეთვე, რომელთაცა ჰნებავს შვილ აბრაჰამისა ყოფად, ჰრწმენეს მამაჲ და ძე და სული წმიდაჲ, და აღასრულენინ მცნებანი ქრისტესნი.

მოციქულისაჲ: რამეთუ არა შჯულისაგან იყო აღთქუმაჲ იგი აბრაჰამისი, ანუ ნათესავისა მისისაჲ, მკჳდრ-ყოფაჲ იგი მისი სოფელსა, არამედ სიმართლითა მით სარწმუნოებისაჲთა (4,13).

თარგმანი: საკჳრველსა სიტყუასა იტყჳს და დამყოფელსა პირისა ჰურიათაჲსა, რამეთუ ამას ეტყჳს, ვითარმედ: ესრეთ ვერ შემძლებელ არს თჳნიერ ქრისტეს სარწმუნოებისა სარგებელად წინადაცუეთაჲ ეგე, რომელსა ზედა ჰზუაობ, ჵ ჰურიაო; არცა გყოფს შენ შვილ აბრაჰამისა, ვიდრეღა არცა თუ ქრისტეს მოსლვისა უწინარეს სარგებელ იქმნა შჯული იგი, აღსრულებად აღთქუმათა მათ აბრაჰამის მიმართ ქმნილთა, არამედ ოდენ სარწმუნოებაჲ. რამეთუ წინადაუცუეთელ რაჲ იყო და პირველ შჯულისა მოეცნეს აღთქუმანი იგი სარწმუნოებისათჳს მისისა, და აღთქუმისა მისთჳს, რომელი პირველ შჯულისა და წინადაცუეთისა მოეცა, მოგეცნეს თქუენ ჰურიათა ყოველნივე ეგე კეთილნი. აწ უკუეთუ თჳთ შჯული აღთქუმათა მათთჳს არადვე სარგებელ იქმნა, და პირველ ქრისტესაცა, მაშა აწ, შემდგომად მოსლვისა, წინადაცუეთილებამანმცა ვითარ განგამართლნა?

მოციქულისაჲ: რამეთუ უკუეთუ შჯულისაგანნი იგი მკჳდრ არიან, ამაო ქმნილ არს სარწმუნოებაჲ და განქარვებულ არიან აღთქუმანი იგი (4,14).

თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ, უკუეთუ სთქუათ თუ — შჯულისა მიერ მოგუეცა ქუეყანაჲ იგი კეთილი, — მითხართ მე, თუ ვითარმცა იქმნა ესე; რამეთუ აბრაჰამს არა თუ შჯული იგი მოსესი აქუნდა, და მისთჳს მოეცნეს აღთქუმანი, არამედ თჳსისა მის სარწმუნოებით სიმართლისათჳს. უკუეთუ კულა შჯულისა მის მიერ იქმნებისო მკჳდრობაჲ სასუფეველსა ცათასა, ამაო სადმე არს სარწმუნოებაჲ და უჴმარ-ქმნილ არიან აღთქუმანი იგი აბრაჰამის მიმართ ქმნილნი, რამეთუ უკუეთუ სარწმუნოებაჲ განქარვებულ არს, რომლისათჳს იქმნეს აღთქუმანი, განქარვებულ არიან სადმე აღთქუმანიცა, ხოლო უკუეთუ აღთქუმანი განქარვებულ არიან, არცა სადმე აბრაჰამ არს მამაჲ ვისიმე.

მოციქულისაჲ: რამეთუ შჯული რისხვასა შეიქმს, ხოლო სადა არა არს შჯული, მუნ არცა შჯულისა გარდასლვაჲ (4,15).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ ესოდენ არა დაემტკიცებიან შჯულისა მიერ აღთქუმანი, რომელ უფროჲსღა დაიხრწევიანცა, ამისთჳს, რამეთუ შჯული რისხვასა შეიქმს, ოდეს მცნებათა მისთა გარდავჰჴდებოდით. რამეთუ ვერვინ უძლო დამარხვად მისდა უბიწოდ და აღსრულებად, ხოლო სადა რისხვაჲ იყოს, ვითარ მოვიდენ მუნ აღთქუმანი? ხოლო სარწმუნოებაჲო მოიყვანებს მადლსა ღმრთისასა, და რაჟამს მადლი იგი მოვიდეს, მაშინ აღესრულებიან აღთქუმანი. ესრეთ უკუე საცნაურ არს, ვითარმედ შჯული არად სარგებელ იქმნა, უკუეთუმცა ქრისტეს სარწმუნოებაჲ არა მოსრულ იყო.

მოციქულისაჲ: ამისთჳს სარწმუნოებისაგან, რაჲთა მადლითა მტკიცე იყოს აღთქუმაჲ იგი ყოვლისა ნათესავისაჲ (4,16).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ამისთჳს სარწმუნოებისა მიერ მოეცნეს აღთქუმანი იგი, რაჲთა მადლით იყოს საქმე იგი, და უმეტესი სიმტკიცე აქუნდეს. რამეთუ, სადა მადლი ღმრთისაჲ იყოს, მუნ არღარა საეჭუელ არიან აღთქუმანი იგი, არამედ მტკიცე, რამეთუ, უკუეთუ ღმერთი არს მადლით განმამართლებელ, ვინ არს დამსჯელ?

მოციქულისაჲ: არა შჯულისაგანისაჲ (4,16).

თარგმანი: შჯულისაგანად ნათესავად აბრაჰამისა იტყჳს მათ, რომელნი ჰურიებისაგან მოვიდეს ქრისტეს სარწმუნოებად.

მოციქულისაჲ: ხოლო, არამედ სარწმუნოებისაჲცა აბრაჰამისა, რომელ არს მამაჲ ჩუენ ყოველთაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: მამად მრავალთა თესლთა დაგადგინე შენ (4,16-17).

თარგმანი: ესე იგინი არიან, რომელნი თჳნიერ შჯულისა მორწმუნე იქმნეს. ხოლო იხილე თუ ვითარ შეაერთებს ორთავე მათ ერთა და ყოველთა მამა ჰყოფს აბრაჰამს მორწმუნეთა. ხოლო ურწმუნოთა ქრისტეს სარწმუნოებისათა არცა წარმართთა, არცა ჰურიათა არს მამაჲ აბრაჰამ, არამედ მორწმუნეთაჲ არს მამაჲ, გინა თუ ჰურიათაგანნი იყვნენ, გინა თუ წარმართთაგანნი.

მოციქულისაჲ: წინაშე პირსა, რომლისაჲ-იგი ჰრწმენა ღმრთისაჲ (4,17).

თარგმანი: ამას მოასწავებს სიტყჳთა ამით, ვითარმედ იქმნა იგი მამა მრავალთა თესლთა, წინაშე პირსა ღმრთისასა, რომლისაჲ ჰრწმენა. ესე იგი არს, ვითარმედ: მსგავსად ღმრთისა. რამეთუ, ვითარცა ღმერთი არა განყოფილი არს, არამედ ყოველთაჲ ღმერთი არს, ეგრეთვე აბრაჰამ ზოგად ყოველთა მორწმუნეთა მამაჲ არს.

მოციქულისაჲ: რომელმან-იგი განაცხოველნის მკუდარნი და უწოდნ არა-არსთა მათ, ვითარცა არსთა (4,17).

თარგმანი: სიტყუასა მას აღდგომისასა მოასწავებს, გარნა აღდგომისა იგი სიტყუაჲ მოწამედ წინამდებარისა ამის პირისა მოიღო; ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ "ჰრწმენა აბრაჰამს ღმერთი, აღმადგინებელი იგი მკუდართაჲ", და თქუა, ვითარმედ: "რომელი-იგი მკუდართა ცხოველ-ჰყოფს და არაარსთა ვითარცა არსთა უწოდს", რამეთუ სიტყჳთ დაჰბადნა ყოველნივე. მან უკუე, მოქმედმან ესევითართა საკჳრველებათამან, არა შეუძლოსა უფროჲსად მკუდართა მათ ჴორცთადა თესლისა მიცემად?

მოციქულისაჲ: რომელსა არა-სასოჲ იგი სასოებით ჰრწმენა (4,18).

თარგმანი: არა-სასოჲ თჳსისა ბუნებისაგან და კაცობრივისა საქმისა ჰრწმენა სასოებითა ძალისა მის ღმრთისაჲთა, რომელმან მოსცა მას აღთქუმაჲ იგი.

მოციქულისაჲ: რაჲთა იყოს მამად მრავალთა თესლთა, მსგავსად თქუმულისა მის: ესრეთ იყოს ნათესავი შენი (4,18).

თარგმანი: სარწმუნოებითა მით და აღთქუმითა მამაჲ არს იგი ყოველთა მორწმუნეთა წარმართთაგანთაჲ. ხოლო ვინ არს სარწმუნოებითა და აღთქუმითა შვილი მისი? საცნაურ არს, ვითარმედ — ისაკ. რამეთუ ისმაელ ჴორციელითა შჯულითა იყო შვილ მისა, და არა აღთქუმითა.

მოციქულისაჲ: არა მოუძლურდა იგი სარწმუნოებითა, გან-ღათუ-იცადა ავი თჳსი, რამეთუ მკუდარ იყვნეს ჴორცნი მისნი (4,19).

თარგმანი: მრავალნი საქმენი იყვნეს სარწმუნოებისა მისისა მომაუძლურებელნი, არამედ არცა ერთისაგან მოუძლურდა ახოვანი იგი სული: პირველად, რამეთუ არცა ერთი აქუნდა საქმისა მის სახე, რაჲთამცა მოიგონა იგი, არამედ იგი იყო პირველი, გარეგან კაცობრივისა ბუნებისა და სასოებისა, შვილიერებისა აღთქუმაჲ. მეორედ, რამეთუ მომკუდარ იყვნეს სიბერისაგან ჴორცნი მისნი. მესამედ, რამეთუ მკუდარ იყო საშოჲ სარაჲსი, და ვერ შემძლებელი შვილიერებად.

მოციქულისაჲ: ას წლის სადამე იყო, — და მკუდრობაჲ იგი საშოჲსა სარაჲსი (4,19).

თარგმანი: კეთილად თქუა თუ "სადამე", რამეთუ არა ასის წლის იყო, არამედ ოთხმეოც და ათცხრამეტის. და ამისთჳს თქუა მოციქულმან თუ "ასის წლის სადამე", ვითარმცა იტყოდა თუ: კნინღა და ასის წლისაჲ იყო, რამეთუ მცირედი აკლდა.

მოციქულისაჲ: გარნა აღთქუმასა მას ღმრთისასა (4,20).

თარგმანი: რამეთუ, ესმნეს რაჲ სიტყუანი ღმრთისანი, თჳნიერ საქმით აღსრულებისა, სიტყუათაჲ ოდენ ლიტონთაჲ ესრეთ ჰრწმენა, ვითარცა აღსრულებული საქმე.

მოციქულისაჲ: არა შეორგულდა ურწმუნოებითა (4,20).

თარგმანი: არა თქუა თუ: "არა ურწმუნო იქმნა", არამედ — "არა შეორგულდაო", ესე იგი არს, ვითარმედ არცა თუ იჭუეულ იქმნა, თუმცა არა აღესრულნეს სიტყუანი ღმრთისანი.

მოციქულისაჲ: არამედ განძლიერდა სარწმუნოებითა (4,20).

თარგმანი: ამისთჳს თქუა თუ "განძლიერდა", რაჲთა გჳჩუენოს, ვითარმედ ფრიადისა ახოვნებისა საქმე არს სარწმუნოებაჲცა, და შრომით და ძლიერებითა სულისაჲთა იქმნების; რაჲთა გულისჴმა-ვყოთ ახოვნებაჲ სულისა მის მამადმთავრისაჲ, ვითარ ესრეთ უსასოჲ იგი საქმე შეუორგულებელად ჰრწმენა.

მოციქულისაჲ: მისცა დიდებაჲ ღმერთსა (4,20).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არა გამოიწულილა, თუ ვითარ ეგების ამის საქმისა ქმნაჲ, არამედ მეყსეულად ჰრწმენა და აკურთხა ღმერთი ქველისმოქმედი, და ეგოდენ განძლიერდა სარწმუნოებითა, რომელ ესრეთ ადიდებდა ღმერთსა, ვითარმცა აღესრულა აღთქუმაჲ თჳსი, და სრულ-ქმნილ იყო საქმე იგი. რამეთუ ჩუენ შემდგომად მოცემისაცა კეთილთაჲსა ძლით ვჰმადლობთ ღმერთსა, ხოლო იგი პირველ აღსრულებისა აღთქუმათაჲსა, ვითარცა აღსრულებულისათჳს, ესრეთ ჰმადლობდა ღმერთსა.

მოციქულისაჲ: და მეცნიერ იქმნა, ვითარმედ რომელმან-იგი აღუთქუა, შემძლებელ არს ყოფადცა (4,21).

თარგმანი: თუ "მეცნიერ იქმნა" ამას მოასწავებს, ვითარმედ გულსავსე იქმნა.

მოციქულისაჲ: ამისთჳსცა შეერაცხა მას სიმართლედ (4,22).

თარგმანი: ჰხედავა, რამეთუ სარწმუნოებისა მიერ იქმნა განმართლებაჲ მისი. რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: რაჟამს ჰრწმენა და აკურთხა ღმერთი, მაშინ შეერაცხა მას სიმართლედ.

მოციქულისაჲ: არამედ არა დაიწერა მისთჳს ხოლო თუ "შეერაცხა მას სიმართლედ", არამედ ჩუენთჳსცა, რომელთა-ესე შერაცხვად არს, რომელთა გურწამს აღმადგინებელი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი მკუდრეთით (4,23-24).

თარგმანი: რაჲთა არა თქუან მსმენელთა ამის სიტყჳსათა, თუ — და რაჲ არს ჩუენდა, უკუეთუ იგი განმართლდა, — ამისთჳს შესძინა და თქუა, ვითარმედ: არა მამადმთავრისათჳს ხოლო დაიწერა ესე, არამედ ჩუენთჳსცა, რაჲთა გუაქუნდეს აბრაჰამ სახედ და ვიქმნეთ მორწმუნე მსგავსად მისა, რაჲთა, ვითარცა მას შეუორგულებელად ჰრწმენა სიტყუაჲ ღმრთისაჲ, ჩუენცა ესრეთ კეთილად გურწმენეს ღმერთი, და შეგუერაცხოს ჩუენცა სარწმუნოებაჲ იგი სიმართლედ.

მოციქულისაჲ: რომელი მიეცა ცოდვათა ჩუენთათჳს (4,25).

თარგმანი: სიბრძნით და ჴელოვნებით შემოვიდა უფლისათჳს სიტყუასა შინა და იტყჳს, ვითარმედ: არა თუ მას რაჲმე ბრალი და ცოდვაჲ აქუნდა და მისთჳს მოკუდა; თუ არა, არცამცა აღდგომილ იყო, ვითარცა არცა პირველ მისსა მომკუდართაგანი ვინ აღდგომილ არს თავით თჳსით, არამედ ჩუენთა ცოდვათათჳს მოკუდა უფალი, რაჲთა განგუათავისუფლნეს მათგან.

მოციქულისაჲ: და აღდგა განმართლებისა ჩუენისათჳს (4,25).

თარგმანი: ამისთჳს მოკუდაო, რაჲთა განგუათავისუფლნეს ჩუენ ცოდვათა ჩუენთაგან. და აღდგა რაჲ, ჩუენცა, განმართლებულნი ცოდვათაგან, თანა-აღმადგინნა, რამეთუ არა თუ ამისთჳს აიხუნა ცოდვანი ჩუენნი და დაისაჯა ჩუენთჳს, რაჲთამცა ჩუენ თანამდებ სიკუდილისა ვიყვენით, არამედ რაჲთა განგუამართლნეს ჩუენ და სრულიად უბრალო გუყვნეს.

ნაშრომები > ჰრომაელთა და კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლეს განმარტება > ჰრომაელთა ებისტოლისაჲ > პირი დ მადლისა მისთჳს ღმრთისა, რომლითა განმართლდებიან კაცნი უსასყიდლოდ.