მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

პირი ე სასოებისა მისთჳს მის საუკუნოჲსა

წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: აწ უკუე განმართლებულ ვართ სარწმუნოებითა, და მშჳდობაჲ გუაქუს ღმრთისა მიმართ (5,1).

თარგმანი: ვითარ მოიგებს კაცი მშჳდობასა ღმრთისა მიმართ? — აღსრულებისა მიერ მცნებათა მისთაჲსა. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ, რომელი ცოდვიდეს, იგი ბრძოლასა ჰყოფს ღმრთისა მიმართ და არა მშჳდობასა.

მოციქულისაჲ: უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მიერ (5,1).

თარგმანი: ვინაჲთგან თქუა თუ "მშჳდობაჲ გუაქუს ღმრთისა მიმართ", ხოლო მშჳდობაჲ ღმრთისა მიმართ — აღსრულებითა მცნებათა მისთაჲთა იქმნების, ამისთჳს შესძინა, ვითარმედ: "უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მიერ". რამეთუ, ვინაჲთგან მის მიერ პირველ ქმნულთა მათ ცოდვათაგან განვერენით, ეგრეთვე აწცა მის მიერვე და მისისა სარწმუნოებისა მიერ დავადგრეთ შორს ცოდვათგან, რამეთუ, რომელმან განგუწმიდნა ცოდვათაგან, მისითავე შეწევნითა იქმნების დადგრომაჲ სიწმიდესა მას შინა. ხოლო რაჟამს წმიდა ვიყვნეთ ცოდვათაგან, მერმე მშჳდობაჲ გუაქუნდეს ღმრთისა მიმართ.

მოციქულისაჲ: რომლისაგან მოუჴედით (5,2).

თარგმანი: რამეთუ მის მიერ მოუჴედით მამასა უცხო ქმნილნი ესე, ხოლო უკუეთუ შორიელნი ესე ახლო ვიქმნენით სიკუდილითა მისითა, არა უფროჲსად ახლო ქმნულთა ამათ მაქუნდესა მშჳდობაჲ მისა მიმართ მადლითა მისითა?

მოციქულისაჲ: სარწმუნოებითა (5,2).

თარგმანი: გჳთხრნა ქრისტეს საქმენი და აწ იტყჳს ჩუენსაცა და ღაღადებს, ვითარმედ: ესოდენთა ქრისტეს ნიჭთა მოღებისათჳს ჩუენ სხუაჲ არარაჲ შემოგჳღებიეს თჳნიერ სარწმუნოებისა ოდენ, ხოლო მისნი მრავალ არიან და ურიცხუ, რამეთუ მოკუდა ჩუენთჳს და დაგუაგნა თავსა თჳსსა და შეგუაწყნარნა მამასა, და მადლი სულისაჲ მოგუცა, ხოლო ჩუენ სარწმუნოებაჲ ოდენ შემოვიღეთ.

მოციქულისაჲ: მადლსა მას (5,2).

თარგმანი: რომელსა მადლსა იტყჳს, მითხარ-ღა, გარნა ამას, რომელ ღირს ვიქმნენით გულისჴმის-ყოფასა ღმრთისასა, რომელ შევეწყნარენით მას, რომელ განვთავისუფლდით ცოდვათაგან, და სხუანი იგი კეთილნი ყოველნივე, რომელნი მოგუეცემიან ნათლისღებისა მიერ, რამეთუ მის მიერ ამათ ესევითართა კეთილთა მოუჴედით, რამეთუ არა თუ ამისთჳს ოდენ მოკუდა უფალი, რაჲთამცა ცოდვათაგან განგუათავისუფლნა, არამედ რაჲთამცა ბევრეულთა მათ ნიჭთა და პატივთა ზიარ გუყვნა. ამისთჳსცა მოციქულმან ორნივე თქუნა — აწ მოცემულნიცა ჩუენდა მადლნი და მას საუკუნესაცა მოცემადნი, რამეთუ სიტყჳთა მით, რომელ თქუა თუ "მოუჴედით მადლსა ამას", ამით აწ მოცემულნი ესე კეთილნი გუაუწყნა, ხოლო რომელ შესძინა თუ "ვიქადით სასოებითა დიდებისა ღმრთისაჲთა", — საუკუნენი იგი კეთილნი საშუებელნი გამოაჩინნა.

მოციქულისაჲ: რომლითაცა ვდგათ (5,2).

თარგმანი: კეთილად თქუა თუ "ვდგათ", რამეთუ ესევითარი არს მადლი ღმრთისაჲ: არა აქუს დასასრული, არცა იპოების მისი კიდე. არამედ უფროჲსად დღითი-დღე უმეტესისა მიმართ მივალს, რომელ-ესე კაცთა ზედა და საქმეთა ზედა კაცობრივთა არა იქმნების, ხოლო ესე ესრეთ გულისჴმა-ყავ, რამეთუ მიიღის კაცმან სოფელსა შინა მთავრობაჲ და ჴელმწიფებაჲ, გარნა არა დგას მას შინა უკუნისამდე. არამედ ადრე დაეცემის მისგან, რამეთუ დაღაცათუ კაცთა არა მიუღონ მას იგი, სიკუდილი მოიწიოს რაჲ, უეჭუელად მიუღებს. ხოლო ღმრთისა მადლნი არა ესრეთ არიან, რამეთუ ვერცა კაცი, ვერცა სიგრძე ჟამთაჲ, ვერცა შეცვალებანი საქმეთანი, ვერცა თჳთ ეშმაკი, ვერცა სიკუდილი შეარყევს მათ, არამედ მო-რაჲ-ვკუდეთ, მაშინ უმტკიცესად მოგუეცემიან ნიჭნი იგი დიდებულნი.

მოციქულისაჲ: და ვიქადით სასოებითა დიდებისა ღმრთისაჲთა (5,2).

თარგმანი: ამისთჳს თქუა თუ "ვიქადით სასოებითა დიდებისა ღმრთისაჲთა", რაჲთა სცნა, თუ ვითარი სული უჴმს მორწმუნესა ქონებად, რამეთუ არა მოცემულთა ამათ კეთილთათჳს ოდენო, არამედ მერმეთა მათთჳს, ვითარცა მოცემულთათჳსვე და სრულ ქმნილთა, ჯერ-არს გულსავსე-ყოფაჲ. რამეთუ ყოველი სიქადული მათ კეთილთა ზედა იქმნების, რომელნი ვის აქუნდენ. ხოლო ვინაჲთგან საუკუნოთა მათ კეთილთა სასოებაჲ ესრეთ მტკიცე არს და ცხად, ვითარცა ესენივე, რომლნი მოცემულ არიან, ამისთჳს მათ ზედაცა ესრეთვე ვიქადით, ვითარცა-ესე ამათ ზედა, რომელნი გუქონან, და ამისთჳს დიდებად ღმრთისა სახელ-სდებს მათ კეთილთა, რომელნი მოცემად არიან ჩუენდა. რამეთუ ვინაჲთგან სადიდებელად ღმრთისა იქმნებიან იგინი, საცნაურ არს, ვითარმედ უეჭუელად მოცემად არიან ჩუენდა, უკუეთუ ოდენ ჩუენ ნებსით არა გამოვაჴუნეთ თავნი ჩუენნი მათ კეთილთაგან.

მოციქულისაჲ: არა ხოლო ესე, არამედ ვიქადით-ცა ჭირთა შინა, რამეთუ უწყით, ვითარმედ ჭირი მოთმინებასა შეიქმს, ხოლო მოთმინებაჲ წღ-გამოცდილებასა (5,3-4).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა თუ ესე ხოლო გუაქუს სიქადულად, რომელ ვთქუენ მოცემულნი ესე ჩუენდა კეთილნი და მერმესა მასცა საუკუნესა მოცემადნი, და არა მათთჳს ოდენ ვიქადით, არამედ რომელნი-ესე წინააღმდგომად შერაცხილ არიან, მათ ზედაცა ვიქადით, რომელ არიან ჭირნი და განსაცდელნი და ღელვანი. ხოლო თუ ვინმე თქუასო თუ — რად იქადი ჭირთა ზედა, — უწყოდენ, ვითარმედ ამისთჳს ვიქადით ჭირთათჳს, რამეთუ მოთმინებასა გუასწავლიან. და უკუეთუ იტყჳთ თუ — და მოთმინებისა სარგებელი რაჲ არს, — ესე არს, რამეთუ გამოცდილ და გამოჴურვებულ გუყოფს. ხოლო გამოცდილებაჲ იგი ესევითარი საუკუნეთა მათ კეთილთა სასოებასა მოგუცემს, და რომელსა მათი სასოებაჲ აქუნდეს, არაოდეს ჰრცხუენეს მას, რამეთუ რომელი კაცსა ესვიდეს, მრავალგზის ცუდ იქმნის სასოებაჲ მისი, ხოლო რომელი ღმერთსა ესვიდეს, არაოდეს ჰრცხუენეს მას; და ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: არა თუ კეთილთა ამათ ზედა ოდენ, რომელნი გუქონან, ვიქადით, არამედ მათ ზედაცა, რომელთა მოველით. ვითარმცა აწვე მოსრულ იყვნეს, ვიქადით, რამეთუ ესე არს საქმე მტკიცისა სარწმუნოებისაჲ. ხოლო კეთილად თქუა თუ "დიდებითა ღმრთისაჲთა", რამეთუ, რაჟამს აღთქუმანი აღესრულებოდინ, აღმთქუმელი იგი იდიდების.

მოციქულისაჲ: და გამოცდილებაჲ — სასოებასა. ხოლო სასოებამან არა არცხჳნის (5,4-5).

თარგმანი: რომელი მოთმინე და კეთილის-მოქმედი იყოს, მას სურის და ესავს საშჯელისა მის დღესა, ვითარმედ უმეტესად გამოჩნდეს მაშინ სიკეთე მისი. ხოლო მოქმედთა ბოროტისათა დასჯისა მისთჳს გონებათა მათთაჲსა არა ჰნებავს, რაჲთამცა იქმნა საშჯელი.

მოციქულისაჲ: რამეთუ სიყუარული იგი ღმრთისაჲ განფენილ არს გულთა შინა ჩუენთა (5,5).

თარგმანი: ვინაჲთგან საუკუნეთა მათ კეთილთა სასოებაჲ შორის შემოიღო, რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ — ესე უწყით თუ ძალ-უც მიცემად კეთილთა მათ და ცხოველ არს, ხოლო ესე ვინაჲ უწყით თუ მოგუცნეს? — ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: ამის გამო უწყით თუ საუკუნენიცა კეთილნი მოგუცნეს სიყუარულისა მისგან, რომელი აქავე მაჩუენა ჩუენ, რამეთუ მოგუცა სული წმიდაჲ. და ამისთჳს თქუა, ვითარმედ "სიყუარული ღმრთისაჲ განფენილ არს გულთა შინა ჩუენთა". არა თქუა თუ "მოცემულ არს", არამედ "განფენილ არს-ცა", რაჲთამცა სივრცე მისი გამოაჩინა. ხოლო ამას იტყჳს, ვითარმედ: ესოდენ ფრიად არს სიყუარული მისი, რომელი აქუს ჩუენდა მომართ, რომელ, ოდეს მოვიგონოთ, სრულიად დაჰფარავს გონებათა და გულთა ჩუენთა, და მოეფინების მათ ზედა.

მოციქულისაჲ: სულითა წმიდითა, რომელი-იგი მოცემულ არს ჩუენდა (5,5).

თარგმანი: ენება, რაჲთამცა გამოაჩინა სიყუარული ღმრთისაჲ, რომელი აქუს ჩუენდა მომართ, და კეთილნი იგი, რომელნი აწვე მოგუცნა, და არა თქუა სხუაჲ რაჲმე მრავალთა მათ ნიჭთაგან, რომელნი მოგუცნა, არამედ თავი იგი ყოვლისაჲვე თქუა, ვითარმედ "სულითა წმიდითა, რომელი მომცა ჩუენ". რამეთუ ესე არს თავი ყოველთა კეთილთაჲ, რომლისა მიერ კაცთა წილ ანგელოზ ვიქმნენით და ძე ღმრთისა. ხოლო უკუეთუ უშრომელად ესე კეთილნი მოგუცნა, უკუეთუ დავშურეთ მისთჳს, არა გჳრგჳნოსან გუყვნესა?

მოციქულისაჲ: რამეთუ ქრისტე, ვიდრე-იგი ჩუენ (5,6).

თარგმანი: გამოაჩინა ზემო სიყუარული ღმრთისაჲ, რომელი აქუს ჩუენდა მომართ, სულისა წმიდისა მოცემითა, და ვინაჲთგან სულისა წმიდისათჳს სიტყუაჲ აღასრულა, აწ კუალად ქრისტესთჳს იწყო სიტყუად, რაჲთამცა მის მიერ ქმნილითაცა საქმით დაამტკიცა და გამოაჩინა სიყუარული იგი ღმრთისაჲ ჩუენდა მომართ.

მოციქულისაჲ: უძლურღა ვიყვენით (5,6).

თარგმანი: ზემო იტყოდა საუკუნეთა მათთჳს კეთილთა, და ენება, რაჲთამცა სარწმუნო ყო სიტყუაჲ თჳსი, და ამისთჳს ნიჭი იგი სულისა წმიდისაჲ შორის შემოიღო. და აწ კუალად მისვე პირისა სარწმუნო ყოფისათჳს იტყჳს სიკუდილსა ქრისტესსა, რამეთუ, დაღაცათუ მართალი ვინ იყოსო, მისთჳსცა ძნელ არს სიკუდილისა თავს-დებაჲ; ხოლო მტერისა და განდგომილისა და ურჩისათჳს ვინმცა თავს-იდვა სიკუდილი? და ამისთჳს იხილეთ მეუფისა იგი ჩუენდა მომართ სიყუარული, რამეთუ, რაჟამს გჳხილნა განდგომილნი ესე და ურჩნი მისნი, სრულიად მოუძლურებულად ცოდვათა მიერ და დაქენჯნილად ეშმაკისა მიერ, მისცა თავი თჳსი ჩუენთჳს სიკუდილად. რაჲ არს ამის საქმისა უმეტესი სასწაული სიყუარულისაჲ?

მოციქულისაჲ: ჟამსა ოდენ უღმრთოთათჳს მოკუდა. რამეთუ ძნიად ვინმე მართლისათჳს მოკუდეს, ხოლო კეთილისათჳს, ვინ უწყის, იკადრის ვინმე სიკუდილი. ხოლო გამოაცხადა თჳსი იგი სიყუარული ჩუენდა მომართ ღმერთმან, რამეთუ ვიდრე-იგი ცოდვილღა ვიყვენით, ქრისტე ჩუენთჳს მოკუდა (5,6-8).

თარგმანი წმიდისა კჳრილესი: რომელსა ჟამსა? — ესე იგი არს, ვითარმედ მას ჟამსა, რაჟამს იხილა ეშმაკისა საცთური, სრულიად განფენილი სოფელსა შინა, და კაცთა ნათესავი სრულიად მოუძლურებული მისთა მათ მძლავრობათაგან, და ცხორებისა კაცთაჲსა სასოებაჲ სრულიად წარკუეთილი, მაშინ მიუთხრობელითა მით სიყუარულითა მისითა, რომელი აქუს კაცთა მომართ, თავს-იდვა სიკუდილი ჩუენთჳს, რომელნი-ესე უღმრთო ვიყვენით. რამეთუ კაცისა სიმართლისა და კეთილისათჳს, ვინ უწყის, ნუ-უკუე თავს იდვა-მცა ვინ სიკუდილი (დაღაცათუ არცა ესე სადა იქმნების, გარნა, ვინ უწყის, ნუ-უკუე იქმნა-მცა ესე!), ხოლო ცოდვილისა და ურჩისათჳს ვინმცა თავს-იდვა? გარნა ღმერთმან ინება, რაჲთამცა ფრიადი იგი სიყუარული თჳსი, რომელი აქუს ჩუენდა მომართ, გამოაჩინა. ამისთჳს მისცა ძე თჳსი სიკუდილად.

მოციქულისაჲ: რავდენ უკუე აწ, ვინაჲთგან განმართლებულ ვართ სისხლითა მისითა (5,9).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ მაშინ არა უგულებელს-გუყვნა, რაჟამს ცოდვილ ვიყვენით და უღმრთო, და ცხორებად ჩუენდა ძისა მისისა სიკუდილად მიცემაჲ საჴმარ-იყო, რავდენ უფროჲს აწ არა უგულებელს-გუყვნეს, არამედ გუაცხოვნნეს, რაჟამს არცა ცოდვილნი ვართ, ვითარ-იგი პირველ, არამედ განმართლებულ ვართ სისხლითა ქრისტესითა. არცაღა საჴმარ არს სიკუდილი ძისა ღმრთისაჲ, რამეთუ ერთგზის სიკუდილითა თჳსითა განგუამართლნა მან. არღარაჲ არს უკუე დამაყენებელ ჩუენდა ცხორებისაგან, თჳნიერ ჩუენისა ოდენ მოსწრაფებისა.

მოციქულისაჲ: განვერნეთ ჩუენ მის მიერ რისხვისაგან. რამეთუ უკუეთუ ვიდრე-იგი მტერ ვიყვენით და დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისა მისისაჲთა, რავდენ უფროჲს აწ, და-რაჲ-ვეგენით (5,9-10).

თარგმანი: რისხვად საუკუნესა მას სატანჯველსა იტყჳს.

მოციქულისაჲ: ვცხონდეთ ცხორებითა მისითა (5,10).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არღარა საჴმარ არს ქრისტეს სიკუდილი ცხორებად ჩუენდა, ვითარ-იგი პირველ. უკუეთუმცა არა თავს-ედვა სიკუდილი, ვერ განვთავისუფლდებოდეთ რისხვისა მისგან, არამედ ცხორებითა მისითა იქმნების ცხორებაჲ ჩუენი. ესრეთ ადვილ ყო უფალმან ცხორებაჲ, რომელ ნებაჲ ოდენ საჴმარ არს ჩუენდა, და სხუაჲ ყოველი მზა არს. ხოლო ნებასა არა გონებისასა ოდენ ვიტყჳ, არამედ რაჲთა საქმითცა ნებაჲ.

მოციქულისაჲ: ხოლო არა ესე ოდენ, არამედ ვიქადით-ცა ღმრთისა მიმართ იესუ ქრისტეს მიერ (5,11).

თარგმანი: რაჲთა არა მწუხარე ვიყვნეთ და სასოებასა წარვიკუეთდეთ, თუ ესოდენ უშჯულო ვიქმნენით, ვიდრეღა საჴმარ იქმნა სიკუდილი უფლისაჲ ჩუენთჳს, და სხჳთა სახითა არა იქმნებოდა ცხორებაჲ ჩუენი, ამისთჳს შესძინა, ვითარმედ: არა თუ ოდენ ვცხოვნდით, არამედ სიქადულიცა გჳღირს და ამისთჳს ვიქადით-ცა, რომელ თავს-იდვა ქრისტემან ჩუენთჳს, ურჩულოთა ამათ, სიკუდილი, რამეთუ ესე ფრიადსა მას მამისა სიყუარულსა გამოაჩინებს, რომელ უშჯულოთა ამათთჳს ძე თჳსი სიკუდილად მისცა. ხოლო რომელნი ღმერთმან შეიყუარნეს, და მათისა ცხორებისათჳს ეგოდენ დიდი საქმე ქმნას, მათ არა უჴმს სირცხჳლი და უსასოებაჲ, არამედ სიხარული და სიქადული საღმრთოჲ და მადლობაჲ მისი, რომელმან ესრეთ შემიყუარნა ჩუენ, ცოდვილნი ესე.

მოციქულისაჲ: რომლისაგან აწ დაგებაჲ ესე მოვიღეთ (5,11).

თარგმანი: რამეთუ პირველ რისხვეულნი ვიყვენით და განვრდომილნი პირისაგან ღმრთისა, ხოლო ქრისტემან ღმერთმან, ივნო რაჲ ჩუენთჳს, დაგუაგნა მამასა და მის მიერ მოგუეცა დაგებაჲ ესე და თჳსებაჲ ღმრთისა მიმართ.