მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ვ. იესუ ქრისტეს უფლისა კაცებისათჳს, რომელ იქმნა ნაცვალად მისა და იჴსნა იგი

წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: ამისთჳს, ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისა მიერ ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა და ცოდვისა ძლით — სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია (5,12).

თარგმანი: მრავალსახედ გამოაჩინა ზემო განმართლებაჲ ჩუენი მოცემითა მით სულისა წმიდისაჲთა და სიკუდილითა მით ბოლოდშობილისაჲთა. აწ კუალად ამას პირსა იწყო თქუმად, ვითარმედ ესრეთცა ჯერ-იყო და სამართალ, რაჲთა, რომელნი-ესე ერთისა მის კაცისა მიერ ცოდვილ და მოკუდავ ვიქმნენით, ვინაჲთგან ურჩებასა მისსა მივემსგავსენით, კუალად ერთისავე კაცისა მიერ, რომელ არს უფალი ჩუენი, ვცხოვნდით-მცა და განვმართლდით და უკუდავ ვიქმნენით, და ესრეთცა იქმნა, რამეთუ მოვიდა უფალი და მან მხოლომან მიჴსნნა ჩუენ მონებისა მისგან სიკუდილისა.

მოციქულისაჲ: რომლითა ყოველთა შესცოდეს (5,12).

თარგმანი: ვინაჲთგან თქუა თუ "ერთისა მის კაცისა მიერ ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა და ცოდვისა ძლით — სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია", რაჲთა არავინ უსამართლოებაჲ დასწამოს ღმერთსა, რომელ — ადამ სცთა, და მან სხუათა ყოველთა ზედა სიკუდილი მოაწია მისთჳს, — ამისთჳს შესძინა, ვითარმედ: "რომლითა ყოველთა შესცოდეს", ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: მან ყო დასაბამი და შემოიღო მიზეზი, ხოლო სხუათაცა ყოველთავე ცოდეს მსგავსად მისსავე.

მოციქულისაჲ: რამეთუ შჯულისა მოწევნადმდე ცოდვაჲ იყო სოფელსა შინა და ცოდვაჲ იგი არად შერაცხილ იყო, რამეთუ არა იყო შჯული (5,13).

თარგმანი: ჰნებავს გამოჩინებაჲ, ვითარმედ, ვინაჲთგან ერთგზის ადამ გზა-სცა სიკუდილსა, არღარა ესოდენ უფლებდა კაცთა ზედა თითოეულისა ცოდვათათჳს, რავდენ მისისა მის ცთომისათჳს, რომელმან გზა-სცა ცოდვისა მის მიერ ურჩებისა სიკუდილსა კაცთა ზედა. და ამას მოასწავებს მოციქული, ვითარმედ: ვიდრე მოსესადმდე შჯული არა იყო, არამედ მოსე დადვა შჯული და განკრძალვაჲ ცოდვისაგან, და ვინაჲთგან დადვა მოსე შჯული ღმრთისა მიერ, მიერითგან დაიშჯებოდეს კაცნი გარდასლვისათჳს შჯულისა, და ეუფლებოდა მათ მისთჳს სიკუდილი, რამეთუ გამოაჩინებდა შჯული ცოდვისა საქმესა და იყო იგი საცნაურ. ხოლო პირველ შჯულისა, დაღაცათუ იყო ცოდვაჲ ყოველივე სოფელსა შინა, არამედ არად შერაცხილ იყო უმრავლესი (გარნა თუმცა სრულიადსა უშჯულოებასა გარდაერია, ვითარ-იგი ნოეს ზე გმირთაჲ მათ, ვითარ კაენისა, ვითარ სოდომელთაჲ). და ვინაჲთგან ცოდვისაგან მიიღებს სიკუდილი უფლებასა, ხოლო რაჟამს შჯული არა იყო, არა ჩნდა ცოდვაჲ, — ვითარ სუფევდა სიკუდილი? — ამისთჳს საცნაურ არს, ვითარმედ არა ცოდვითა მით შჯულისა გარდასლვისაჲთა სუფევდა მაშინ სიკუდილი და აქუნდა უფლებაჲ, არამედ ცოდვითა მით ადამის ურჩებისაჲთა იგი იყო ყოველთა აღმჴოცელ. ამისთჳს პირველ შჯულისაცა ყოველნი სიკუდილისა მძლავრებასა შთავარდებოდეს. ხოლო იხილე სიბრძნე იგი მოციქულისაჲ: რაჲთა არავინ თქუას თუ — და ესე უსამართლოება არს, რომელ ადამისთჳს ყოველნი სხუანი სიკუდილსა მიეცემოდეს, — ამისთჳს თქუა, ვითარმედ: ცოდვაჲ იყო სოფელსა შინა, დაღაცათუ არა ჩნდა, რამეთუ არა იყო შჯული, გამომაჩნებელი მისი. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ არა ადამისთჳს ოდენ, არამედ თჳსთა ცოდვათათჳსცა მოკუდებოდეს, დაღაცათუ უმეტესი მიზეზი ადამისი იყო. ხოლო ოუ "არა შერაცხილ იყო ცოდვაჲ" — ესრეთ გულისჴმა-ყავ, რამეთუ ცოდვანი იგი არა ფრიად დიდნი, რომელნი უკუანაჲსკნელ შჯულმან გამოაჩინა, მაშინ არად შერაცხილ იყვნეს, რამეთუ უმეცარ იყვნეს კაცნი, ხოლო გარდარეულნი იგი და ბუნებისაგან უცხონი, ვითარ კაენისი და სოდომელთაჲ და გმირთაჲ და სხუაჲ ესევითარი, ჩნდა ბუნებითისა მის შჯულისა მიერ, რომელი მიუცემია ღმერთსა თითოეულისადა, და შერაცხილცა იყო.

მოციქულისაჲ: არამედ სუფევდა სიკუდილი (5,14).

თარგმანი: სუფევდა უცოდველთაცა ზედა, რამეთუ გზაჲ პოვა ადამის ცოდვისაგან და მიზეზი, და ყოველთა ზედა მივიდოდა.

მოციქულისაჲ: ადამისითგან ვიდრე მოსესადმდე (5,14).

თარგმანი: რაჲ არს თუ "ვიდრე მოსესადმდე სუფევდა სიკუდილი"? ანუ გულისჴმა-ყავ, ვითარმედ "მოსედ" სახელ-სდებს ყოველსავე ძუელსა შჯულსა, მოსეს მიერ დადებულსა. ვითარცა-იგი წიგნსა ესაიაჲსსა "ესაია" ეწოდების და წიგნსა სოლომონისსა — "სოლომონი" და დავითისსა — "დავითი", ეგრეთვე ყოველსავე ძუელსა შჯულსა "მოსედ" სახელ-სდვა, და ამას მოასწავებს, ვითარმედ ადამისითგან და ვიდრე მოსეს შჯულადმდე სიკუდილი უფლებდა, ესე იგი არს, ვიდრემდის მოსეს შჯული ეგო. რამეთუ, არა თუ ამას იტყჳს თუ —ადამისითგან და ვიდრე მოსეს შჯული დაიდვა, — არამედ: ადამისითგან და ვიდრე მოსეს შჯული ეგო, სუფევდა სიკუდილი. ხოლო ვინაჲთგან უფალი მოვიდა, დაიჴსნა სიკუდილისა ძალი სისხლითა მისითა (რამეთუ ჟამსა მას უფლისა მოსლვადმდე ყოფილსა "მოსედ" უწოდა).

მოციქულისაჲ: მათ ზედაცა, რომელთა-იგი არა ეცოდა (5,14).

თარგმანი: უცოდველად სახელ-სდებს მათ, რომელთა-იგი არა ქმნეს ფრიად ცოდვაჲ, თუ არა, სრულიად უცხოჲ ცოდვისაგან არავინ იპოების, არცა აწ, რაჟამს დაჰჴსნა უფალმან სრულიად ძალი ცოდვისაჲ, არათუმცა მაშინ, რაჟამს დიდი იგი მძლავრებაჲ აქუნდა ცოდვასა. გარნა, რომელთა-იგი არა ქმნნეს გარდარეულნი ცოდვანი, მათ "უცოდველად" უწესს და იტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ ვის არა ექმნის ფრიად ცოდვაჲ, გარნა სიკუდილი, რომელი შემოვიდა ფარდასლვითა ადამისითა, ყოველთავე ზედა სუფევდა, ვიდრემდის მოვიდა უფალი და განაქარვა იგი.

მოციქულისაჲ: მსგავსად გარდასლვისა მის ადამისა, რომელი-იგი იყო სახე მომავალისაჲ მის (5,14).

თარგმანი: რა არს ესე თუ "იყო სახე მომავალისაჲ მის"? ვინ არს მომავალი იგი? გარნა მომავალად ქრისტეს სახელ-სდვა, რამეთუ იგი იყო მომავალი ცხორებად კაცთა და კუალად აწ არს მომავალ სჯად კაცთა. ვითარ იყო უკუე ადამ სახედ მომავალისა მის ქრისტესი? — გარნა ესრეთ, რამეთუ, ვითარცა-იგი ადამისგანთან მათ დაღაცათუ არა ეჭამა ყოველთა ხისა მისგან, გარნა მომატყუებელ იქმნა ყოველთა სიკუდილისა. ეგრეთვე ქრისტე ჩუენ მისთა მორწმუნეთა, რომელთა პირველ არარაჲ სიმართლე გუექმნა, არამედ უფროჲსად განმარისხებელ მისა ვიყვენით, გუექმნა მომატყუებელ სიმართლისა და ცხორებისა და აღდგომისა, რომელი-იგი ჯუარცუმითა და სიკუდილითა მისითა ყოველთა მოგუმადლა.

მოციქულისაჲ: არამედ არა ვითარ შეცოდებაჲ, და ეგრეთცა მადლი (5,15).

თარგმანი: იხილე თუ რასა იტყჳს; რამეთუ ამას მოასწავებს, ვითარმედ: არა აქუს ადამის ცთომასა ესოდენი ძალი, რავდენი აქუს მადლსა მას ღმრთისასა, და არცა თუ ათასეული გინა ბევრეული ნაწილი მისი. აწ უკუე, ვინაჲთგან უძლურმან მან და, ვთქუა თუ, ყოვლადვე არარამან მადლსა თანა ღმრთისასა —ადამის ცთომამან — ესოდენი ძალი პოვა, ვიდრე არაშეცოდებულთაცა ზედა მოაწევდა სიკუდილსა, მაშა რავდენ უფროჲსადმცა არა შეუძლო მადლმან მან ღმრთისამან არა-კეთილისმოქმედთაცა ცხოველ-ყოფად აღდგომითა?

მოციქულისაჲ: რამეთუ, უკუეთუ ერთისა მის შთოდებითა მრავალნი მოსწყდეს (5,15).

თარგმანი: ჰნებავს მოციქულსა გამოჩინებად, ვითარმედ ფრიად უმეტესი საქმე ქმნა მადლმან, და უმეტესი მრავალთა თქუან თუ — ვითარ უძლიერესი ქმნა ქრისტეს მადლმან, რამეთუ ვხედავთ, ვითარმედ სწორნი არიან ორთავე საქმენი, ვითარცა ზემო თქუა მოციქულმან, ვითარმედ "სახე იყო ადამ მომავალისაჲ მის", რომელ არს ქრისტე (რამეთუ ესრეთ იქმნა იგი სახედ ქრისტესა, რომელ, ვითარცა მან ურჩებითა თჳსითა ყოველთა კაცთა ზედა მოავლინა სიკუდილი, ეგრეთვე მორჩილებამან ყოველთა ზედა მიავლინა ცხორებაჲ და აღდგომაჲ. ორივე უკუე ესე სწორად ჩანს ძალითა, დაღაცათუ წინააღმდგომნი არიან, რამეთუ მან მო კლნა ყოველნი და ამან ყოველნი განამართლნა); ვითარ უკუე იტყჳს, ვითარმედ: "არა ვითარ შეცოდებაჲ, ეგრეთცა მადლი"? წღ- გარნა გულისჴმა-ყავ, რომელი ამას იტყჳ, ვითარმედ, დაღაცათუ, ვითარ იტყჳ და ესრეთ არს, რომელ ადამის მიერ ყოველნი მოკუდეს და ქრისტეს მიერ ყოველნი ცხოვნდეს, გარნა ამასცა ზედა ფრიად უმეტესი ძალი აჩუენა მადლმან, ვიდრე ცოდვამან. ერთად, რამეთუ ცხორებასა ძალი უჴმს, ვიდრე სიკუდილსა; გარნა არა ამით ოდენ ვიტყჳ ქრისტეს საქმისა უვაღრესობასა, რავდენ-იგი უვაღრეს არს და უზეშთაეს სიკუდილისა ცხორებაჲ, გარნა თჳთ საქმითაცა ფრიად უზეშთაესი საქმე ქმნა ქრისტეს მადლმან, ვიდრე ადამის გარდასლვამან. ვიტარ? ამისთჳს, რამეთუ სიკუდილმან მან, რომელმან დასაბამი მიიღო ადამისგან, თანაშემწედ მოიგო ჩუენ ყოველთა ცოდვაჲ, რაჲთამცა ყოველთა ზედა განძლიერდა. რამეთუ, უკუეთუმცა წმიდად ყოვლისაგანვე ბიწისა დადგრომილ იყვნეს კაცნი, ვერმცა ჰქონებოდა მას ძალი, ხოლო ქრისტეს მადლი თჳნიერ ჩუენისაცა შეწევნისა ყოველთა ზედა განეფინა. და იხილე, ვითარ სიკუდილი არა თუ ოდენ მორწმუნეთაგან მოუძლურდა, რომელთა სარწმუნოებაჲ, ვითარ ჰგონებენ თუ შემწედ მადლისა მის მოიღეს, არამედ ურწმუნოთაგანცა, რამეთუ წარმართნიცა და ჰურიანი აღდგომასა ღირს იქმნებიან, და ყოველთაგან ცარიელ დაშთების სიკუდილი. უკუეთუ კულა სატანჯველადვე მიეცემიან ურწმუნონი ესე არღარა ქრისტეს ბრალი არს, არამედ მათისა უკეთურებისაჲ, რამეთუ ქრისტემან არა ინებეს ცხორებაჲ, მათ ნებსით შთაიყარნეს თავნი მათნი ბოროტსა, უზეშთაეს უკუე იქმნა, რომელსა ზედა არა საჴმარ იქმნა ჩუენი შეწევნაჲ, ვიდრე რომელსა ჩუენ შევეწიენით.

მოციქულისაჲ: რავდენ უფროჲს მადლი ღმრთისაჲ და ნიჭი იგი მადლითა მით ერთისა კაცისა იესუ ქრისტესითა მრავალთა მიმართ აღემატა! (5,15).

თარგმანი: იხილე, ვითარ კეთილსა ჟამსა შემოიღო სიტყუაჲ წმიდისა სამებისაჲ, რაჲთამცა გამოაჩინა, ვითარმედ ცხორებაჲ კაცთაჲ არა თუ ოდენ ძემან ქმნა, ანუ მამამან ოდენ ანუ სულმან წმიდამან, არამედ სამთავე ერთითა მით ნებითა იქმნა. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ მადლი იგი ღმრთისა მამისაჲ და ნიჭი ყოვლადწმიდისა სულისაჲ მადლითა მით განკაცებულისა მის მხოლოდშობილისა ძისაჲთა ყოველთა მიმართ გარდაემატა. რამეთუ, ვითარცა ერთისა მის კაცისა ადამის მიერ ყოველნი მოკუდეს, ეგრეთვე ერთისა მის კაცისა იესუ ქრისტეს სიკუდილითა ყოველნი ცხოვნდეს და უკუდავებასა ღირს იქმნეს.

მოციქულისაჲ: და არა ვითარცა ერთისა (5,16).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა თუ რაზომი ძალი აქუნდა ადამის ცოდვასა სიკუდილისა მიმართ, ეგოდენი ოდენ ძალი აქუს მადლსა ცხორებისა მიმართ, არამედ ფრიად უმეტესი. ვითარ? — გარნა ესრეთ, რამეთუ საშჯელ იგი სიკუდილისაჲ ერთისა ადამის მიერ ყოველთა კაცთა ზედა მიიწია თანაშემწეობითა სხუათაცა კაცთა ცოდვისაჲთა. ხოლო მადლი იგი და ნიჭი ღმრთისაჲ ეგოდენ უმეტესად განძლიერდა, ვიდრეღა თჳთ იგიცა ადამის ცოდვაჲ აჴოცა. და არა თუ იგი ოდენ, არამედ სხუანიცა იგი ცოდვანი კაცთანი, რომელნი ქმნეს მის ცოდვისა შემდგომად. და არა ესე ოდენ, არამედ განსამართლებელცა გუექმნა, და სიმართლედ მოგჳყვანნა ყოველნი (რამეთუ ფრიადი განყოფილებაჲ აქუს შენდობასა ოდენ ცოდვათასა და მოსლვასა სიმართლედცა).

მოციქულისაჲ: შეცოდებულისათჳს ნიჭი იგი, რამეთუ საშჯელი იგი ერთისა მისგან დასასჯელად, ხოლო მადლი იგი მრავალთაგან შეცოდებათა განსამართლებელად (5,16).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არა ესრეთ არს ნიჭი იგი, ვითარ ერთისა მის შეცოდებულისათჳს მოწევნული საშჯელი და დაცემაჲ, არამედ მადლი იგი და ნიჭი ფრიად უმეტეს და უდიდებულეს.

მოციქულისაჲ: რამეთუ უკუეთუ ერთისა მის შეცოდებითა სიკუდილი სუფევდა ერთისა მისგან, რავდენ უფროჲს (5,17).

თარგმანი: კუალად მასვე იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ დაცემითა მით ადამისითა ერთისა მისთჳს სიკუდილმან სუფევაჲ მიიღო, რავდენ უფროჲსად ჩუენ, რომელთა-ესე მადლი ღმრთისაჲ მოვიღეთ და ნიჭი და სიმართლე, არღარა დაგემონნეთ სიკუდილსა, არამედ ცხოველ ვიყვნეთ და ვსუფევდეთ ცხორებასა მას შინა, უკუეთუ ოდენ არა ნებსით თჳსით შთავვარდეთ წარსაწყმედელსა.

მოციქულისაჲ: რომელნი-იგი მეტსა მას მადლისასა და ნიჭსა სიმართლისასა მიიღებენ, ცხორებასა შინა სუფევდენ ერთისა მისგან იესუ ქრისტესა (5,17).

თარგმანი: სიმრავლისა მისთჳს და უშურველობისა საღმრთოჲსა მის მადლისა "მეტად" სახელ-სდვა მას, რაჲთამცა დაამტკიცა, ვითარმედ, ვინაჲთგან ესრეთ უშურველი არს და გარდარეული მადლი იგი, არაჲ საკჳრველი არს, უკუეთუ მის თანაცა ვსუფევდეთ, რამეთუ არა თუ ამისთჳს ოდენ მოგუეცა ეგოდენი იგი მადლი ღმრთისაჲ, რაჲთამცა ვიჴსნენით ოდენ სიკუდილისაგან და დაიჴსნა ცოდვაჲ და სატანჯველი, არამედ რაჲთა ვიქმნეთ ძე ღმრთისა და თანამკჳდრ ქრისტესა და მკჳდრ მამისა და თანაჴორც ქრისტესა, და სხუანი-იგი ბევრეულნი კეთილნი. და ამისთჳს თქუა, ვითარმედ: "რომელნი მეტსა მას მადლისასა მიიღებენ".

მოციქულისაჲ: აწ უკუე, ვითარცა-იგი ერთისა მისგან შეცოდებისა ყოველთა კაცთა ზედა დასასჯელად, ეგრეთცა ერთისა სიმართლისათჳს ყოველთა კაცთა ზედა განსამართლებელად სადმე (5,18).

თარგმანი: კუალად მისვე პირისა დამტკიცებად იღუწის, რამეთუ, ვინაჲთგან საკჳრველად ჩნდა დადებულად ერთისა იესუ ქრისტეს სიკუდილითა ყოველთა კაცთა ცხორებაჲ, ამისთჳს მრავლითა სახითა დაამტკიცებს მას.

მოციქულისაჲ: რამეთუ ვითარცა-იგი ერთისა კაცისა შეცოდებითა ცოდვილნი შემოჴდეს მრავალნი (5,19).

თარგმანი: ვითარ შემოჴდეს ერთისა შეცოდებითა მრავალნი ცოდვილნი? გარნა ესრეთ: ერთად, რამეთუ მისითა ცოდვითა შემოჴდა შჯული სიკუდილისაჲ; და კუალად, რამეთუ ვინაჲთგან პოვა ცოდვამან ადამის მიერ გზაჲ, ყოველთავე ზედა მიიწეოდა ნათესავთა მისთა, რამეთუ ყოვლნი ურთიერთას ბაძვითა და სწავლითა იქმოდეს ცოდვასა და ვერვინ უძლო დაყენებად ცოდვისა მის, რომელმან პოვა გზაჲ ადამისგან, არამედ ყოველნი შეიწყნარებდეს მას და ამისთჳს შემოჴდეს ადამის მიერ მრავალნი ცოდვილნი, რამეთუ მის მიერ პოვა ცოდვამან გზაჲ და დაწყებაჲ, და ყოველნივე თჳსად მიიზიდნა, ვიდრემდის მოვიდა უფალი და დაჰჴსნა იგი.

მოციქულისაჲ: ეგრეთცა ერთისა მის კაცისა მორჩილებითა მრავალნი შემოვიდეს მართალნი (5,19).

თარგმანი: მორჩილებითა ქრისტესითა დაიჴსნა ცოდვაჲ, რამეთუ მორჩილ იქმნა მამისა ვიდრე სიკუდილადმდე და სი კუდილითაღა ჯუარისაჲთა, და ყო მან დასაბამი სიმართლისაჲ და გზა-უყო სიმართლესა ყოველთა კაცთა ზედა მისლვას, რომელთაცა შეიწყნარონ იგი.

მოციქულისაჲ: რამეთუ შჯული (5,20).

თარგმანი: დაამდაბლებს შჯულისა დიდებასა, რამეთუ ჰურიათა მიმართ იყო სიტყუაჲ მისი და ღუაწლი, და იტყჳს, ვითარმედ არა თუ ოდენ არაჲ სარგებელ გუეყო შჯულისაგან, არამედ უფროჲსად აღემატა ცოდვაჲ ჩუენი გარდასლვითა მისითა. გარნა არა თუ ამისთჳს შემოვიდა შჯული, რაჲთა განამრავლოს ცოდვაჲ, ნუ იყოფინ! რამეთუ სიტყუაჲ იგი თუ "რაჲთა განმრავლდეს ცოდვაჲ" არა თუ მიზეზისაჲ არს რაჲ იგი, არამედ აღსასრულსა მისსა, თუ ვითარ იქმნა, გამოაჩინებს. რამეთუ, არა თუ ამისთჳს შემოვიდა, რაჲთა განამრავლოს ცოდვაჲ, არამედ ამას მოასწავებს მოციქული, ვითარმედ შჯული მოეცა, რაჲთა განაქარვოს და დააცხროსნ ცოდვაჲ, არამედ იგი უფროჲსად იქმნა განმამრავლებელ ცოდვისა. ვითარ? — არა თუ არამედ უკეთურებისაგან გონებათა მათთაჲსა, რომელთა მიეცა. რამეთუ შჯულმან ბევრეულნი მცნებანი მისცნა კაცთა მათ, ხოლო ვინაჲთგან ყოველთავე გარდაჰჴდეს, ამისთჳს განმრავლდა ცოდვაჲ მათი. აწ იხილე გარდამატებულებაჲ იგი ქრისტეს მადლისაჲ, და რაჲზომ განყოფილ არს შჯულისაგან, რამეთუ იგი დაშჯისა მომატყუებელ იქმნა, ხოლო ამან გარდაჰმატა მადლი, რამეთუ არა სატანჯველისაგან ოდენ განგუათავისუფლნა, არამედ ცოდვათაგანცა, და ცხორებაჲ მოგუმადლა.

მოციქულისაჲ: შორის შემოვიდა (5,20).

თარგმანი: შორის შემოვიდაო, ესე ამისთჳს თქუა, რაჲთამცა მცირედჟამეულობაჲ მისი გამოაჩინა, და ვითარმედ წარმავალი იყო.

მოციქულისაჲ: რაჲთა განმრავლდეს ცოდვაჲ (5,20).

თარგმანი: ესე მსგავს არს სიტყუასა მას, რომელსა იტყჳს გალატელთა მიმართ, ვითარმედ "შჯული გარდასლვისათჳს მოეცა", რამეთუ სიტყუაჲ ესე თუ "რაჲთა" მოწევნასა მას გამოაჩინებს საქმისასა, ვითარ იქმნა, არა თუ მიზეზისათჳს თქუა; რამეთუ, ადამისა შემდგომთა მათ და უფროჲსად ადამსცა, მიეცა რაჲ შჯული, განმრავლდა ცოდვაჲ. გარნა არა თუ შჯული ამისთჳს მიეცა, რაჲთა განმრავლდეს ცოდვაჲ, არამედ უფროჲსად ამისთჳს, რაჲთა განმრავლდეს სიმართლე, გარნა, გარდაჰჴდეს რაჲ, განმრავლდა ცოდვაჲ. რამეთუ, რავდენცა მცნებანი უმრავლეს იყვნენ, გარდასლვაჲ რაჲ იქმნებოდის მათი, უმეტესად განმრავლდებიან ცოდვანი. და ეგრეთვე შჯული შემოვიდა, რაჲთა განამრავლოს სიმართლე. ვინაჲთგან უკუე კაცთა არა დაიმარხეს იგი, ამისთჳს უმეტესად განმრავლდა ცოდვაჲ.

მოციქულისაჲ: და სადა-იგი განმრავლდა ცოდვაჲ, მუნ უფროჲს გარდაემატა მადლი (5,20).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ნუ შეშინდები ამისთჳს, რომელ განმრავლდა ცოდვაჲ, რამეთუ ღმერთმან უღონოსა მას საქმესა კაცთა ცოდვისასა, რომლისა ღონე დაჴსნისაჲ კაცთაგან არა იყო, ესევითარივე ღონე მოუძია, რომელი სრულიად უღონოჲვე იყო კაცთაგან. რამეთუ, ვინაჲთგან ესრეთ განმრავლდა ცოდვაჲ და საშჯელი, უმეტეს საწადელ და სასურველ იქმნა ღმრთისა მადლი, ვითარცა-იგი, რავდენცა სენი განფიცხებოდის, მკურნალი და სიმრთელე უმეტესად საწადელ იქმნებიან. და მერმე, ესრეთ მოჰფინა ქრისტემან თჳსი მადლი წყალობისათჳს თჳსთა დაბადებულთაჲსა, რომელ სრულიად დაფარა ცოდვაჲ იგი და არცაღა სადა კუალი ჩნდა პირველისა მის მძლავრებისაჲ, და არა თუ ოდენ ცოდვათაგან განგუარინნა, არამედ ბევრეულნიცა იგი კეთილნი მოგუმადლნა და შვილ ღმრთისა გუყვნა და თანამკჳდრ თავისა თჳსისა ქრისტემან ღმერთმან, და აღგუავსნა სულითა წმიდითა.

მოციქულისაჲ: რაჲთა, ვითარცა-იგი სუფევდა ცოდვაჲ სიკუდილსა შინა, ეგრეთცა მადლი სუფევდეს სიმართლითა ცხორებად საუკუნოდ ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა (5,21).

თარგმანი: ამას გამოაჩინებს, ვითარმედ ცოდვაჲ იყო ვითარცა მეფე, და სიკუდილი — ვითარცა მჴედარი მისი. მის მიერ შეიჭურვოდა და მის მიერ მოივლინებოდა კაცთა ზედა. აწ უკუეთუ ცოდვაჲ სიკუდილსა შესჭურვიდა, საცნაურ არს, ვითარმედ დამჴსნელი მისი სიმართლე, ქრისტეს მიერ მოცემული, არა თუ ოდენ აღსძურცის სიკუდილსა თჳსისა საჭურველისაგან, არამედ სრულიადცა მოაკუდინებს და დაჰჴსნის მძლავრებასა მისსა, და მისისა მის მონებისაგან ჴსნილთა ზედა სუფევს სიმართლითა მისითა და მადლითა მით მიუწდომელითა.

ნაშრომები > ჰრომაელთა და კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლეს განმარტება > ჰრომაელთა ებისტოლისაჲ > თავი ვ. იესუ ქრისტეს უფლისა კაცებისათჳს, რომელ იქმნა ნაცვალად მისა და იჴსნა იგი