მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სასჯელისათჳს შჯულისა გარდამავალთა მათ ჰურიათაჲსა

წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: რამეთუ რომელთა-იგი უშჯულოდ შესცოდეს, უსჯულოდცა წარწყმდენ, და რომელთა შჯულსა შინა შესცოდეს, შჯულითაცა ისაჯნენ (2,12).

თარგმანი: ამას ადგილსა არა თუ ოდენ სწორებასა იქმს ჰურიისა და წარმართისასა, არამედ ფრიად უმძიმედ გამოაჩინებს ჰურიისა ცოდვასა, რამეთუ, რომელ იტყჳს თუ "უშჯულოდ წარწყმდეს", არა თუ ამას იტყჳს, თუ უფიცხესი სასჯელი მიიღოს, არამედ უფროჲსად უმოლხინესი. ესე იგი არს, ვითარმედ რომელი-იგი უმეცარ იყოს შჯულსა და არასადა ასმიოდის იგი, უშჯულოდცა წარწყმდეს ცოდვათა თჳსთათჳს. ხოლო რაჲ არს თუ "უშჯულოდ"? — გარნა ამას მოასწავებს, ვითარმედ არღარა აქუნდეს დაწერილი იგი შჯული შემასმენელად და დამსჯელად მისდა, არამედ ოდენ ბუნებითისა მის შჯულისა გარდასლვისათჳს წარწყმდეს. ხოლო ჰურიაჲ, რომელსა-იგი უსწავიეს შჯული, და ასმიან წინაჲსწარმეტყუელთა სიტყუანი, იგი შჯულითა ისაჯოს. ესე იგი არს, ვითარმედ ბუნებისა თანა შჯულიცა შეასმენდეს და წინაჲსწარმეტყუელნი, რამეთუ, რავდენცა უმეტესი სწავლაჲ და მოღუაწებაჲ მიიღოს კაცმან, რაჟამს გარდაჰჴდეს მათ, უძჳრესადცა დაისაჯოს. ხოლო უკუეთუ ვინ თქუას, ვითარმედ — უკუეთუ ჰურიაჲ უძჳრესად დაიტანჯვის, ვითარ წარმართისათჳს თქუა თუ "წარწყმდენ", ხოლო ჰურიისათჳს თქუა თუ "ისაჯნენო", რომელთაგან ერთი ესე უეჭუელად ბოროტად ჩანს, რომელ არს წარწყმედაჲ, და ერთი იგი უფრო იჭუეული არს, რომელ არს სასჯელი. არამედ ისმინე, რომელი ამას იტყჳ: სასჯელად აქა დასჯასა იტყჳს, რომელ-ესე უეჭუელსა წარწყმედასა მოასწავებს, რამეთუ იგიცა სიტყუაჲ თუ — "წარწყმდეს" — უეჭუელსავე მოასწავებს. გარნა არს ტანჯვაჲცა ტანჯვასა უმოლხინესი და წარწყმედაჲ წარწყმედასა უსუბუქესი. წარწყმდეს უკუე წარმართიცა უშჯულოდ, რომელ-ესე უსუბუქესსა მოასწავებს. ხოლო ჰურიაჲ არა თუ ოდენ თჳსთა ცოდვათათჳს წარწყმდეს, არამედ პირველად დასაჯოს იგი მოსე, და ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთა აბრალონ და სირცხჳლეულ ყონ წინაშე ცისა და ქუეყანისა, რომელ-ესე უძჳრეს არს ყოველსა ტანჯვასა, და ესრეთ მიეცეს იგი წარწყმედასა გეჰენიისასა.

მოციქულისაჲ: რამეთუ არა მსმენელნი შჯულისანი განმართლდენ წინაშე ღმრთისა, არამედ მყოფელნი შჯულისანი განმართლდენ (2,13).

თარგმანი: უკუეთუ მოქმედნი შჯულისანი განმართლდენ, ვითარ ესევე სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: "რავდენნიცა შჯულითა განჰმართლდებით, მადლისაგან განჰვარდებით", გარნა გულისჴმა-ვყოთ, ვითარმედ აქა არა თუ ამას იტყჳს თუ, — რომელნი ესრეთ მარტივად შჯულსა მოსესსა აღასრულებენ, იგინი განმართლდებიან, — არამედ: რომელნი ძალსა მისსა გულისჴმა-ჰყოფდენ და სულიერსა მას შჯულსა აღასრულებდენ, რომელი-იგი სულიერად გულისჴმა-იყოფების და შინაგანითა მით კაცითა სულიერად იქმოდინ სულიერსა მას შჯულსა, იგინი განმართლდენ. თუ არა, სმენაჲ ოდენ შჯულისაჲ ვერარას არგებს, რომელნი ვერ გულისჴმა-ჰყოფენ ძალსა მისსა და არა იქმოდინ მას სულიერად. ხოლო რომელ იტყჳს თუ "რავდენნი შჯულითა განჰმართლდებით, მადლისაგან განჰვარდებით", მუნ ამას მოასწავებს, ვითარმედ, რავდენთაცა ხილულთა მათ სიტყუათა შჯულისათა ქმნაჲ სიმართლედ გიჩნს და არა გულისჴმა-ჰყოფთ ძალსა მისსა, თქუენ მადლისაგან განჰვარდებით, რამეთუ უმეცარ ხართ მადლისა მიერ ქრისტესისა სრულ-ყოფასა მას შჯულისასა, რომელი განსწმედს გონებასა ყოველთაგან ბილწებათა.

მოციქულისაჲ: რამეთუ რაჟამს წარმართთა, რომელთა შჯული არა აქუს, ბუნებითსა მას შჯულსა ჰყოფდენ (2,14).

თარგმანი: ამხილებს ჰურიათა და ეტყჳს, ვითარმედ წარმართთა მოსეს შჯული არა აქუს, ხოლო მოსეს შჯული ყოველივე ქრისტეს მომასწავებელი იყო. ხოლო ოდეს წარმართთა ბუნებითითა მით შჯულითა იცნან ღმერთი და მოიქცენ ქრისტესა, იქმნებიან უმეცარნი იგი შჯულისანი ჭეშმარიტად აღმასრულებელ შჯულისა.

მოციქულისაჲ: ამათ რამეთუ შჯულ არა აქუს, თავისა თჳსისათჳს შჯულ არიან (2,14).

თარგმანი: თავისა თჳსისა შჯულ არიანო, რამეთუ მოსე შჯული ქრისტეს მომასწავებელად თქუა, ხოლო ამათ წარმართთა, რომელთა ჰრწმენა ქრისტე, აღასრულეს სიტყუაჲ მოსესი, და ექმნეს თავსა თჳსსა შჯულ უფლისა. ჭეშმარიტად საკჳრველ არიან იგინი, რომელთა შჯული იგი მასწავლელი არა იჴმარეს, არამედ იქმნეს თჳთ აღმასრულებელ შჯულისა, ვითარი იქმნა კორნელიოს. და სხუანი მრავალნი.

მოციქულისაჲ: რომელნი გამოაჩინებენ საქმესა შჯულისასა, დაწერილსა გულთა შინა მათთა (2,15).

თარგმანი: რამეთუ არად საჴმარ არს მათთჳს შჯული იგი წერილი, არამედ გულსა შინა მათსა გამოჩნდების შჯული წერილად.

მოციქულისაჲ: წინამოწამებითა გონებისა მათისაჲთა (2,15).

თარგმანი: რამეთუ შჯულისა წილ იჴმარეს მათ სჳნიდისი, რამეთუ მას იტყჳს აქა "გონებად", რომელი-იგი დაუნერგავს ღმერთსა ყოველთა კაცთა თანა, მამხილებელად ბოროტისა და მასწავლელად კეთილისა.

მოციქულისაჲ: და შორის ურთიერთას გულისსიტყუანი შეასმენდენ ანუ განამართლებდენ დღესა მას, რომელსა სჯიდეს უფალი (2,15-16).

თარგმანი: რამეთუ მას სამსჯავროსა შინა არა საჴმარ არიან ჩუენდა არცა ბოროტისა საწამებელნი, არცა კეთილისა დამამტკიცებელნი, არამედ თითოეულისა გულისსიტყუანი და სჳნიდისი ანუ შეასმენენ ანუ განამართლებენ.

მოციქულისაჲ: დაფარულსა მას კაცთასა, მსგავსად სახარებისა მის ჩემისა (2,16).

თარგმანი: კაცთა ცხადნი საქმენი იცნიან, ხოლო ღმერთი დაფარულთა გამომეძიებელი არს.

მოციქულისაჲ: იესუ ქრისტეს მიერ (2,16).

თარგმანი: რამეთუ მამაჲ არავის შჯის, არამედ ყოველი საშჯელი მოსცა ძესა, რომელმანცა შეიმოსა ბუნებაჲ კაცობრივი.

მოციქულისაჲ: აჰა, შენ ჰურიაჲ (2,17).

თარგმანი: ვინაჲთგან თქუა თუ — არარაჲ არს მორწმუნისა წარმართისა ნაკლულევანებაჲ ცხორებად, არცა რას აბრკოლებს მას წინადაუცუეთელობაჲ, —ამისთჳს აწ იტყჳს საქმეთა მათ, რომელთა ზედა ზუაობდეს ჰურიანი, და გამოაჩინებს, ვითარმედ, ვინაჲთგან იგინი ურწმუნოებასა ზედა ეგნეს, არარად სარგებელ არს მათდა საქმეთა მათგანი არცა ერთი. პირველად უკუე სახელსა მათსა იტყჳს, ვითარმედ: აჰა, შენ ჰურიაჲ სახელ-გედების; რამეთუ მაშინ ჰურიაობისაცა იგი სახელი დიდად შეერაცხა მათ, ვითარცა აწ დიდ არს სახელი ქრისტიანობისაჲ, და ამისთჳს, ვინაჲთგან დიდად შერაცხილ იყო ჰურიებაჲ, სიბრძნით უჩუენებს მათ მოციქული, ვითარმედ არარად საჴმარ არიან; არა თუ ოდენ, რომელ აჩრდილსა შინა დადგრომილ არიან, არამედ რომელ მასცა არავე იმარხვენ, არამედ გარდასრულ არიან მცნებათა მათ.

მოციქულისაჲ: სახელ-გედების (2,17).

თარგმანი: სახელ-გედებისო, რამეთუ ხარ არაჭეშმარიტი ისრაიტელი, არა თუ მოხვიდე ჭეშმარიტებად და აღასრულებდე შჯულისა ძალსა.

მოციქულისაჲ: და განისუენებ შჯულსა ზედა (2,17).

თარგმანი: ჰზუაობო შჯულსა ზედა და იქადი, რომელ შჯული საღმრთოჲ მოგეცა, და განისუენებო მას ზედა. ესე იგი არს, ვითარმედ შრომაჲ არა გნებავს, რაჲთამცა, რასა იტყჳს, — იქმოდე. არამედ ოდენ განისუენებ, ვითარმცა რასმე გარგებდა შენ, რომელსა-ეგე ვერას გარგებს, არამედ უფროჲსად დაგსჯის, რამეთუ არა იქმ, რასა-იგი იტყჳს.

მოციქულისაჲ: და იქადი ღმრთისა (2,17).

თარგმანი: ყოვლით კერძო ისწრაფის მოციქული ყოველთა ამათ შემდგომთა სიტყუათა მიერ, რაჲთამცა ჰურიებისა შჯული არღარად სარგებელი გამოიჩინა; ხოლო აქა იტყჳს, ვითარმედ: იქადი ღმრთისა და იტყჳ თუ — ჩუენი ოდენ ნათესავი შეიყუარა უფროჲს ყოველთასა.

მოციქულისაჲ: და იცი ნებაჲ მისი (2,18).

თარგმანი: ცებნაჲ ნებისა ღმრთისაჲ და არა-ქმნაჲ მისი — უმეტესისა საშჯელისა მომატყუებელ არს. გარნა ჰურიანი ამასცა ზედა ზუაობდეს. ამისთჳს არა თქუა თუ — იქმ ნებასა ღმრთისასა; არამედ — იციო.

მოციქულისაჲ: და გამოიცდი უმჯობესსა მას და სწავლულ ხარ შჯულისაგან (2,18).

თარგმანი: რამეთუ სწავლულებაჲ შჯულისაჲ უჩუენებს პოვნასა უმჯობესისასა, ხოლო იგინი უმჯობესსა არა იქმოდეს და ცებნასა ზედა ოდენ უმჯობესისასა ზუაობდეს.

მოციქულისაჲ: და ესავ თავსა შენსა წინამძღურად ბრმათა, ნათლად მათდა, რომელნი არიან ბნელსა შინა, მოძღურად ჩჩჳლთა, მასწავლელად (2,19).

თარგმანი: არა ხარ წინამძღუარიო, გარნა ესრეთ ჰგონებ და ესრეთ ესავ თუ წინამძღუარი ხარ. ხოლო ბრმად და ბნელსა შინა მყოფად და უგუნურად და ჩჩჳლად — მწირთა მათ იტყჳს, რომელნი ჰურიათა თანა იყვნეს, რომელთა არა იცოდეს შჯული, რამეთუ ჰურიანი ამათ სახელთა ეტყოდეს ესევითართა მათ მწირთა, ამპარტავანებისაგან მათისა. ამისთჳს მოციქულიცა ყვედრებით ამათ სახელთა ეტყჳს მათ.

მოციქულისაჲ: და გაქუს შენ ხატი იგი მეცნიერებისაჲ და ჭეშმარიტებისაჲ შჯულსა შინა (2,20).

თარგმანი: კეთილად თქუა თუ "ხატი მეცნიერებისა და ჭეშმარიტებისაჲ", რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ არა თუ ჭეშმარიტი იგი მეცნიერებაჲ და ღმრთისმსახურებაჲ აქუს, არამედ ხატი რაჲმე და აჩრდილი, რომელსა სახე აქუს ჭეშმარიტებისაჲ, ხოლო არა არს ჭეშმარიტება. და კეთილად თქუა თუ "შჯულსა შინა", ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: ჯერ-იყო, რაჲთამცა ჭეშმარიტი იგი ხატი ღმრთისმსახურებისაჲ გონებასა შენსა შინა და საქმეთა შინა გაქუნდა. ხოლო შენ ამისთჳს ჰზუაობ, რომელ შჯულსა შინა არს იგი სახე. არამედ და შენდა ესე რად სარგებელ არს, ვინაჲთგან არა იქმ შჯულსა?

მოციქულისაჲ: ხოლო აწ, რომელი-ეგე ასწავებ მოყუასსა, თავსა თჳსსა არა ასწავებ? რომელი ჰქადაგებ არა-პარვასა, იპარავ? რომელი იტყჳ არა-მრუშებასა, იმრუშებ? (2,21-22).

თარგმანი: ამას ყოველსა ზედა ჯერ-იყო თქუმად, ვითარმედ: რომელთა ესოდენნი საქმენი მიიხუენით ღმრთისა მიერ, და არა დაიმარხენით, უზეშთაესისა სატანჯველისა თანამდებ ხართ, რამეთუ ცოდვაჲცა თქუენი გულისჴმის-ყოფით არს. გარნა არა ეტყჳს ესრეთ განჩინებით, არამედ კითხვის სახედ ჰყოფს სიტყუასა თჳსსა, და მასვე მოასწავებს.

მოციქულისაჲ: რომელსა გძაგან კერპნი, საკურთხეველთა სძარცუავ? (2,22).

თარგმანი: რომელთა საკურთხეველთა იტყჳს ძარცუვასა? —არა თუ წმიდათა მათ საკურთხეველთა, არამედ საკურთხეველთა მათ, რომელნი საკერპოთა შინა დგეს; რამეთუ შჯულსა მოსესსა ესრეთ განეგო, რაჲთა ყოველივე, რაჲცა საკერპოთა შინა იპოებოდის, საძაგელად აქუნდეს, რამეთუ ეშმაკთა შესაწირავნი არიან. ხოლო ჰურიანი ვეცხლისმოყუარებისაგან მათისა არღარა იმარხვიდეს შჯულსა მას, არამედ, რაჟამს მიხუდიან საკურთხევლებსა მას საკერპოთასა, და იხილიან მათ ზედა ოქროჲ ანუ ვეცხლი, ანუ სხუაჲ რაჲ საჴმარი, უკუეთუ ოდენ ძალ-ედვის, არა ჰრიდებდიან აღებასა, და იქადოდეს თუ: შჯულსა ვიმარხავთო და კერპნი გუძაგან. ამისთჳს ამხილებს მათ მოციქული, ვითარმედ: თქუენ იტყჳთ თუ "კერპნი გუძაგან", და მათ შინა მყოფთა მათ საფასეთა, რომელნი საკურთხეველსა მას ზედა ეშმაკთასა დადებულ არიან, მოსწრაფებით იტაცებთ, და ამის გამო საცნაურ არს, ვითარმედ არცა კერპნი გძაგან. ხოლო ამის ადგილისა სიტყუათა ყოველთა ეტყჳს, რაჲთამცა გამოაჩინა, ვითარმედ, არა თუ ოდენ რასა მოსე მოასწავებდა, არა იქმან, არამედ არცა საჩინოთა მათ სიტყუათა მისთა აღასრულებენ.

მოციქულისაჲ: რომელი შჯულითა იქადი, გარდასლვითა მაგით შჯულისაჲთა ღმერთსა შეურაცხ-ჰყოფ (2,23).

თარგმანი: იქადიო შჯულითა და იტყჳ თუ — ჩუენ პატივ-გუცა ღმერთმან უფროჲს ყოველთასა და მოგუცა შჯული; ხოლო ვინაჲთგან შჯულისათჳს იქადი, რად გარდააჰჴდები სიტყუათა მისთა, და შმურაცხ-ჰყოფ ღმერთსა მისითა გარდასლვითა?

მოციქულისაჲ: რამეთუ სახელი ღმრთისაჲ თქუენთჳს იგმობვის (2,24).

თარგმანი: ვინაჲთგან მძიმედ ჩნდა სიტყუაჲ ესე თუ "ღმერთსა შეურაცხ-ჰყოფ", ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელი მოიყვანა მოწამედ, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: არა ჩემი არს სიტყუაჲ ესე, არამედ ესაიაჲსი, რომელი თქუენცა წინაჲსწარმეტყუელად გყავს.

მოციქულისაჲ: წარმართთა შორის, ვითარცა წერილ არს (2,24).

თარგმანი: რამეთუ წარმართნი ხედვიდეს რაჲ მათსა უკეთურებასა, იტყოდეს, ვითარმედ: ამათი ჯერ-იყოა სიყუარული ღმრთისა მიერ? ანუ არა იცოდა მათი სიბოროტე? თუ არა, რად ესრეთ კეთილი უყო მათ?

მოციქულისაჲ: ხოლო წინადაცუეთილებაჲ სარგებელ არს, შჯულსა თუ იმარხვიდე (2,25).

თარგმანი: ვინაჲთგან წინადაცუეთაჲ მათ მიერ დიდად შერაცხილ იყო, ამისთჳს, შემდგომად ყოველთა მათ მათთა ბოროტთა თქუმისა, მას ზედა მოვიდა და იტყჳს, ვითარმედ: სთქუათ თქუენ თუ დიდი რაჲმე არს და სარგებელი წინადაცუეთისა შჯული, არამედ ჰე, ვიცი მეცა, ვითარმედ კეთილ იყო თჳსსა ჟამსა, არამედ უკუეთუმცა შჯული დაგემარხა და გეცნა, თუ რაჲსა სახე იყო წინადაცუეთაჲ იგი.

მოციქულისაჲ: უკუეთუ გარდამავალ იყო შჯულისა, წინადაცუეთილებაჲ შენი (2,25).

თარგმანი: ენება გამოჩინებად, ვითარმედ არს უხილავი წინადაცუეთაჲ, რომლისა სახე იყო ხილული იგი, ესე იგი არს, რაჲთა მოისპოს კაცმან ყოველი საქმე ნამეტნავად შემოსრული სულსა ზედა. ხოლო ნამეტნავი არს ყოველი საქმე, რომელი არა უყუარდეს ღმერთსა. და ამისთჳს იტყჳს მოციქული, ვითარმედ არს წინადაუცუეთელი ჴორცითა, რომელსა აქუს ჭეშმარიტი იგი წინადაცუეთილებაჲ, და არს წინადაცუეთილი ჴორცითა, რომელსა აქუს ჭეშმარიტი იგი წინადაუცუეთელობაჲ, რამეთუ ჭეშმარიტსა მას წინადაცუეთილებასა და წინადაუცუეთელობასა კეთილნი და ბოროტნი საქმენი გამოსახვენ.

მოციქულისაჲ: წინადაუცუეთილება იქმნა. უკუეთუ წინადაუცუეთელი იგი სიმართლესა შჯულისასა იმარხვიდეს (2,25-26).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ჴორციელი ეგე წინადაცუეთილებაჲ შენი სულიერად წინადაუცუეთელობად იქმნა, ვინაჲთგან ბოროტად იჴმარე ეგე და არა ინებე გულისჴმის-ყოფად, თუ რაჲსა სახე არს. რამეთუ ესრეთ სიბრძნით გამოაჩინებს უჴმარებასა მას წინადაცუეთისასა, და ესრეთ მეყსა შინა ცხადად არა იტყჳს თუ ბოროტ არს იგი, რამეთუ იცოდა, ვითარმედ არა დაირწმუნებენ, არამედ სიბრძნით დაუყოფს მათ პირსა, და გამოაჩინებს წინადაცუეთასა ბოროტად.