📋 სარჩევი
პავლე მოციქულისა წიგნი ჰრომაელთა მიმართ
მოციქულისაჲ: პავლე (1,1).
თარგმანი წმიდისა კჳრილესი: ვინაჲთგან შორიელთა მიუწერდა და უფროჲსღა ჰრომაელთა, რომელნი ჯერეთ არღა ეხილნეს, ამისთჳს თავსა ზედა თჳსსა სახელი დააწესა, რაჲთა საცნაურ იქმნას მათ მიერ, რამეთუ რომელსა-იგი პირველ სავლე ეწოდებოდა, პავლედ შეიცვალა, და, ვითარცა ყოვლითავე მსგავს იქმნა თავისა მის მოციქულთაჲსა პეტრესა, არცა ამით დააკლდა მისსა საქმესა, რამეთუ, ვითარცა მას სიმონ ეწოდებოდა და პეტრე ეწოდა, ეგრეთვე ამას სავლე ეწოდებოდა და პავლე ეწოდა.
მოციქულისაჲ: მონაჲ (1,1).
თარგმანი: მრავალ არიან მონებისა ღმრთისა სახენი და ყოველნივე იგი აქუნდეს პავლეს. ერთად, მონებაჲ არს, რამეთუ დაბადებული იყო ღმრთისაჲ; მეორედ: სარწმუნოებითა იყო მონა მისა; და მესამედ — მოციქულებითა.
მოციქულისაჲ: იესუ ქრისტესი (1,1).
თარგმანი: იესუ — კაცობრივისა ბუნებისა მისისა სახელი არს, ხოლო ქრისტე — "ცხებულად გამოითარგმანების და მოასწავებს ღმრთეებასა მას მხოლოდშობილისასა და სულსა წმიდასა, რომლისა მიერ ცხებულ იქმნა კაცებაჲ უფლისაჲ; არა ვითარ სხუანი იგი, პირველთა ჟამთა ცხებულნი, რომელნი მადლსა მას ოდენ მიიღებდეს საღმრთოსა! ხოლო მის თანა ყოველმანვე სავსებამან ღმრთეებისამან დაიმკჳდრა და ეწოდა ქრისტე. "იესუ" უკუე — კაცებისა მისისა სახელი არს; ხოლო "ქრისტე" რაჟამს თქუას ვინ, — ღმრთეებასაცა მოასწავებს და კაცებასაცა.
მოციქულისაჲ: წოდებული მოციქული (1,1).
თარგმანი: კეთილითა მით და საღმრთოჲთა ბუნებითა მისითა ჭეშმარიტსა აღიარებს, ვითარმედ: წოდებული ვარ უფლისა მიერ და არა ნებსით მოუჴედ ქრისტესა, არამედ იგი გამომიჩნდა და მიწოდა. ხოლო იტყჳს ვითარმედ "მოციქული", რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ არა თუ სარწმუნოებად ოდენ მიწოდა ქრისტემან, არამედ მოციქულებადცა.
მოციქულისაჲ: ჩინებული სახარებასა მას (1,1).
თარგმანი: ესე თავადი იტყჳს სხუასა ადგილსა, ვითარმედ "თითოეული რომელსაცა ზედა იჩინა"; და აქაცა მასვე იტყჳს, ვითარმედ სხუაჲ სხუასა რასმე ზედა ჩინებულ არს და სხუაჲ — სხუასა. ხოლო მე ჩინებულ ვარ სახარებასა ზედა, რაჲთა უქადაგებდე და ყოველსა სოფელსა ვახარებდე ცხორებასა საუკუნესა.
მოციქულისაჲ: ღმრთისასა (1,1).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არა თუ სხუასა რასმე ჴორციელსა კეთილსა... ვახარებ კაცთა, არამედ ღმრთისაჲ არს სახარებაჲ ესე, რამეთუ ვახარებ სოფელსა მხოლოსა ღმერთსა სამებით დიდებულსა — ღმერთსა მამასა, ღმერთსა ძესა და ღმერთსა სულსა წმიდასა — და განკაცებასა უფლისა იესუჲსსა. და კუალად, ვინაჲთგან თქუა თუ "მონაჲ იესუ ქრისტესი", შესძინა ესეცა, ვითარმედ "ჩინებული სახარებასა ღმრთისასა, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ ქრისტეს სახარებაჲ მამისაჲვე არს, და არა თუ უცხოჲ არს მისგან.
მოციქულისაჲ: რომელი-იგი წინაჲსწარ აღუთქუა წინაჲსწარმეტყუელთა მისთა მიერ (1,2).
თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ ნუ-უკუე ვისმე ეგონოს თუ ახალი რაჲმე არს და აწ მოპოვნებული ესე ქადაგებაჲ; რამეთუ პირველვე აღთქუმულ იყო ღმრთისაგან წინაჲსწარმეტყუელთა მიერ.
მოციქულისაჲ: წიგნთა მათგან წმიდითა ძისა მისისათჳს, რომელი-იგი იშვა თესლისაგან დავითისა ჴორციელად (1,2-3).
თარგმანი: რამეთუ სულიერად და ღმრთეებითა ღმრთისა ძე იყო.
მოციქულისაჲ: რომელი-იგი გამოჩნდა (1,4).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ საცნაურ იქმნა ჩუენ შორის და დაემტკიცა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ და საკჳრველისა მის მიერ ქალწულისაგან შობისა მისისა და ძალისა მისგან სასწაულთა მისთაჲსა და ადგომითა მისითა.
მოციქულისაჲ: ძედ ღმრთისა ძალითა (1,4).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არა თუ მადლითა და ნიჭითა, ვითარ-იგი სხუანი მრავალნი ითქუმიან ძედ ღმრთისა ნიჭითა მით და მადლითა საღმრთოჲთა, არამედ ძალითა თჳსითა ბუნებითითა, რომლითა იქმოდა სასწაულთა.
მოციქულისაჲ: და სულითა მით სიწმიდისაჲთა (1,4).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: გამოჩნდა, ვითარმედ ძე არს ღმრთისაჲ —მრავლითა სახითა და უფროჲსად სულითა წმიდითა, რომელსა მიანიჭებს მორწმუნეთა მისთა; რამეთუ, უკუეთუმცა არა ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ იყო, ვითარმცა მოსცემდა სულსა წმიდასა!
მოციქულისაჲ: აღდგომითა მით მკუდრეთით იესუ ქრისტეს უფლისა ჩუენისაჲთა (1,4).
თარგმანი: და ამითაცაო, რომელ აღდგა მკუდრეთით და დაჰჴსნა სრულიად სიკუდილი.
მოციქულისაჲ: რომლისაგან-ესე მოვიღეთ მადლი (1,5).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არა თუ ჩუენითა რაჲმე სათნოებითა მოვიღეთ მოციქულებაჲ, არამედ მისითა მადლითა უსასყიდლოდ.
მოციქულისაჲ: და მოციქულებაჲ დასამორჩილებელად (1,5).
თარგმანი: საქმესა შინა მოციქულთასა მოციქულებაჲ სულისა მიერ თქუმულ არს, რამეთუ განაჩინა სულმან პავლე და ბარნაბაო და აქა იტყჳს, ვითარმედ — ძისა მიერ, რაჲთა გჳჩუენოს, ვითარმედ ყოველივე საქმე სამებისაჲ სამთაჲვე ზიარ არს.
მოციქულისაჲ: სარწმუნოებისა (1,5).
თარგმანი: არა ჯერ-არსო გამოწულილვაჲ ბუნებისა და არსებისა ღმრთისაჲ, არამედ მორჩილებად სარწმუნოებით.
მოციქულისაჲ: ყოველთა წარმართთა (1,5).
თარგმანი: დაღაცათუ მან ყოველივე არა მოვლო საწარმართოჲ, გარნა ყოველთავე ეხარა; რომელთამე მის მიერ და რომელთამე — სხუათა მიერ მოციქულთა.
მოციქულისაჲ: სახელისა მისისათჳს (1,5).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ მოგუეცა ჩუენ მოციქულებაჲ სახელისა მისისათჳს, რაჲთა ვასწავოთ კაცთა სახელისა მისისა რწმუნებაჲ და არა ბუნებისა და არსებისა მისისა გამოძიებაჲ.
მოციქულისაჲ: რომელთა თანა თქუენცა ჩინებულ ხართ იესუ ქრისტესა (1,6).
თარგმანი: ვინაჲთგან ჰრომნი ზუაობდეს და აქუნდეს თავნი თჳსნი უაღრეს ყოველთა წარმართთა, ამისთჳს დაამდაბლებს ამით სიტყჳთა გონებასა მათსა, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ნუ ჰგონებთ თუ, ვინაჲთგან სამეუფოჲ არს ქალაქი ეგე თქუენი, თუმცა ამითა უმეტესი რაჲმე გაქუნდა სხუათა წარმართთასა, რამეთუ თქუენცა სხუათა მათ თანავე ჩინებულ ხართ იესუ ქრისტეს მიერ სარწმუნოებასა მისსა.
მოციქულისაჲ: ყოველთა, რომელნი ხართ ჰრომს შინა (1,7).
თარგმანი: ყოველთავე მოგიკითხავო, რამეთუ ღმერთსა ყოველთა ცხორებაჲ სწორად ჰნებავს, და არა არს მის წინაშე განწვალებაჲ მდიდრისა და გლახაკისაჲ, არამედ ყოველთა ცხორებაჲ ჰნებავს.
მოციქულისაჲ: საყუარელთა ღმრთისათა, ჩინებულთა წმიდათა (1,7).
თარგმანი: პირველად თქუა, ვითარმედ "საყუარელთა", და მერმეღა თქუა, ვითარმედ "ჩინებულთა წმიდათა", რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ სიყუარულისა მის მიერ, რომელი აქუნდა ღმერთსა ჩუენდა მომართ, მოგუეცა სიწმიდე. რამეთუ, უკუეთუმცა არა მას შევეყუარენით და განდგომილნი ესე და ცოდვითა შებღალულნი მოვეძიენით და განვეწმიდენით, ვინაჲმცა გუეპოვნა ჩუენ სიწმიდე!
მოციქულისაჲ: წმიდათა (1,7).
თარგმანი: რაჟამს ჩინებაჲ თქუას, გამოაჩინებს ღმრთისა ჩუენისა სახიერებასა, რომელმან მტერ-ქმნილნი ესე ესრეთ შეგჳყუარნა, რომელ ჩინებულად სიწმიდისად გჳწოდნა. და კუალად, რაჟამს გუესმას მოციქულისაჲ თუ "ჩინებულთა წმიდათა", გულისჴმა-ვყოთ, ვითარმედ სიწმიდესა ზედა ჩინებულ ვართ და ვეკრძალნეთ, ნუ-უკუე არა ვიქმოდით სიწმიდესა, რომელსა ზედა ვიჩინენით და მოიწიოს ჩუენ ზედა უძჳრესი სასჯელი.
მოციქულისაჲ: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ [ღმრთისა მიერ (1,7).
თარგმანი:] რამეთუ ვერვინ შემძლებელ არს საქმეთა თჳსთა მიერ ცხორებად, უკუეთუ არა მადლმან ღმრთისამან უსასყიდლოდ აცხოვნოს. ამისთჳს იტყჳს ნეტარი პავლე, ვითარმედ: თქუენ თანა-მცა არს მადლი იგი, რომელი მოგუცა სიყუარულმან ღმრთისამან, და მშჳდობაჲ იგი, რომელი ქმნა ქრისტემან ჩუენ შორის.
მოციქულისაჲ: მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა (1,7).
თარგმანი: ეჰა საკჳრველი ვითარი საქმე ქმნა სიყუარულმან ღმრთისამან ჩუენ თანა, რამეთუ, რომელნი მტერ და შეურაცხ ვიყვენით, მეყსა შინა წმიდა და შვილ ღმრთისა ვიქმნენით, და ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: "მადლი თქუენდა ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა", რამეთუ, რაჟამს მამაჲ თქუას, ძესა მოასწავებს, ხოლო რაჟამს ძეობაჲ მოგუეცეს მისი, ესე თავი არს ყოველთა კეთილთაჲ.
მოციქულისაჲ: პირველად ვჰმადლობ ღმერთსა (1,8).
თარგმანი: ყოვლისა პირველად მადლობაჲ ჯერ-არს ღმრთისაჲ, ხოლო მადლობაჲ არა თჳსთა კეთილთათჳს ოდენ, არამედ მოყუსისათაცა, რამეთუ ესე არს საქმე სიყუარულისა მის სრულისაჲ.
მოციქულისაჲ: ჩემსა (1,8).
თარგმანი: რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ ცეცხლებრ ეგზებოდა გულსა პავლესსა. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ "ღმერთსა ჩემსაო", რამეთუ, რომელიცა ვის უყუარნ, თჳსად უწოდნ მას.
მოციქულისაჲ: იესუ ქრისტეს მიერ თქუენ ყოველთათჳს (1,8).
თარგმანი: ამისთჳს თქუა თუ — "ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა იესუ ქრისტეს მიერ", რამეთუ იგი იქმნა ჩუენდა მიზეზ მადლობისა მის მამისა, რომელმან-იგი შეგჳტკბნა ჩუენ წყალობით და თჳსითა სისხლითა დაგუაგნა მამასა.
მოციქულისაჲ: რამეთუ სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი განითქუმის მის ყოველსა სოფელსა (1,8).
თარგმანი: ფრიად მჴურვალე იყო სარწმუნოებაჲ იგი ჰრომთაჲ და ყოველთა იცოდეს იგი. ამისთჳს მოციქულმანცა აქო, ვითარმედ იქადაგებისო ყოველთა შორის და ამისთჳს მეცა მესმაო და დაღაცათუ არა მიხილავთ, არამედ შემიყუარდით.
მოციქულისაჲ: რამეთუ მოწამე ჩემდა არს ღმერთი (1,9).
თარგმანი: ვინაჲთგან არა იცნობდა მათ და უცნაურთა კაცთა სწავლაჲ ენება, ამისთჳს სამართლად ღმერთსა მოიყვანებს მოწამედ, რაჲთამცა დაარწმუნა მათ მისი მათდა მიმართ სიყუარული.
მოციქულისაჲ: რომელსა-ესე ვჰმსახურებ (1,9).
თარგმანი: მრავალნი არიან მსახურებისა სახენიო, რამეთუ, რომელი ლოცვასა და მარხვასა შექცეულ იყოს და რომელი წმიდათა წერილთა იკითხვიდენ და რომელი უცხოთა ჰმსახურებდეს, ესე ყოველნი ღმერთსა ჰმსახურებენ, ხოლო მოციქული იტყჳს, ვითარმედ: მე ესე მაქუს მსახურებაჲ, რაჲთა სახარებასა ძისა მისისასა ვქადაგებდე.
მოციქულისაჲ: სულითა ჩემითა (1,9).
თარგმანი: ორ სახედ არს ამისი თარგმანებაჲ. ერთად, ვითარმედ: არა ჩემითა მოსწრაფებითა მომეცა მსახურებაჲ ღმრთისაჲ, არამედ მადლითა მით სულისა წმიდისაჲთა, რამეთუ, ვითარცა ზემო თქუა, ვითარმედ "ღმერთსა ჩემსა", ეგრეთვე აქა სულსა წმიდასა იტყჳს, ვითარმედ "სულითა ჩემითა" —სიყუარულისაგან მისისა, და კუალად ამას მოასწავებს, ვითარმედ არა ჴორციელი არს მსახურებაჲ ესეო, არამედ სულიერი.
მოციქულისაჲ: სახარებითა (1,9).
თარგმანი: ვანაჲთგან სხუათა მსახურებაჲ სხუაჲ არს, ხოლო ჩემი — ხარებაჲ არს საქმედ, ამისთჳს, ვინაჲთგან ხარებაჲ ესე გიჴმს თქუენ, თქუენ ზედაცა აღვასრულებო ჩემსა მსახურებასა, დაღაცათუ არა მიხილავთ.
მოციქულისაჲ: ძისა მისისაჲთა (1,9).
თარგმანი: ჰხედავა, ვითარ ზემო თქუა, ვითარმედ "სახარებასა ღმრთისასა" და აქა თქუა "ძისაჲ", რაჲთა გიჩუენოს, ვითარმედ მუნცა ქრისტეს მოასწავებდა, რამეთუ ყოველივე მამისა და ძისაჲ ერთ არს.
მოციქულისაჲ: ვითარ უნაკლულოდ ჴსენებასა თქუენსა ვჰყოფ. მარადის ლოცვათა შინა ჩემთა თქუენთჳს ვილოცავ (1,9-10).
თარგმანი: დიდი სიყუარული არს ესე, რომელ აჴსენებდა უნაკლულოდ (რომელ არს "მოუკლებელად") და რომელ — ლოცვათა შინა; და რაჲმცა იყო უაღრეს პავლეს ლოცვისა?
მოციქულისაჲ: რაჲთა მეცა წარმემართოს ნებითა ღმრთისაჲთა მისლვად თქუენდა (1,10).
თარგმანი: წარმართებად იტყჳს გამოცხადებასა ღმრთისა მიერ, უკუეთუ ჰნებავს, რაჲთა წარვიდეს.
მოციქულისაჲ: რამეთუ მსურის ხილვაჲ თქუენი (1,11).
თარგმანი: მსურის ხილვაჲ თქუენიო, არამედ არა თუ ცუდად რაჲმე და უგუნურად მსურის, გარნა რაჲთა მადლი სულიერი მიგცე. ხოლო მადლად იტყჳს სწავლასა მისსა, რომელი-იგი მადლისა მიერ ღმრთისა იყო ჭეშმარიტად.
მოციქულისაჲ: რაჲთა მი-რაჲმე-გცე თქუენ მეცა მადლი სულიერი (1,11).
თარგმანი: იხილე სიმდაბლე იგი გონებისა მისისაჲ, რამეთუ, რომელი-იგი უმეტეს ყოველთასა შემძლებელ იყო სწავლად, იტყჳს, ვითარმედ "მი-რაჲმე-გცე", ვითარმცა იტყოდა თუ: მცირედი რაჲმე მიგცე მეცა, რომელი-ესე მომეცა მადლი, ვითარცა მოგცეს სხუათა მათ ქადაგთა. ხოლო მადლად სახელ-სდებს სწავლასა მისსა, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ — არა თუ ჩემი რაჲმე არს, რომელი-ესე მიგცე სწავლაჲ, არამედ მადლი არს ღმრთისაჲ, რომელი მომცა მე უსასყიდლოდ, მეცა თქუენ მიგცეო.
მოციქულისაჲ: დასამტკიცებელად თქუენდა. ხოლო არს ესე თანა-(1,11-12).
თარგმანი: ვჰგონებ თუ ვიეთნიმე მათგანნი ვერ ფრიად მტკიცე იყვნეს, არამედ შერყეულ სარწმუნოებითა. ამისთჳს თქუა, ვითარმედ "დასამტკიცებელად თქუენდა", რამეთუ არა მცირედი მადლი არს დამტკიცებაჲ სარწმუნოებასა ზედა.
მოციქულისაჲ: ნუგეშინის-ცემა თქუენ შორის ურთიერთასი იგი (1,12).
თარგმანი: ვინაჲთგან დამტკიცებაჲ აჴსენა, რაჲთა არა შეწუხნენ, რომელნი-იგი მტკიცედ იყვნეს, და თქუან თუ — შერყეულად ვჰყავთ სარწმუნოებისაგან — ამისთჳს შესძინა, ვითარმედ "არს ესე ნუგეშინის-ცემა თქუენ შორის". ესე იგი არს, ვითარმედ: მე ჩემი თქუენ შრის შემოსლვაჲ და თქუენი ხილვაჲ ნუგეშინის-ცემა მაქუს ჩემდა.
მოციქულისაჲ: სარწმუნოებაჲ თქუენი და ჩემი (1,12).
თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ: მო-რაჲ-ვიდე თქუენდა, ვითარცა-იგი თქუენ ნუგეშინის-გეცეს ჩემითა სარწმუნოებისათჳს სწავლითა, ეგრეთვე მე ნუგეშინის-მეცეს, ვიხილო რაჲ თქუენ შორის კრებული მრავალი მორწმუნეთა ქრისტესთაჲ.
მოციქულისაჲ: არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, რამეთუ მრავალ-გზის მინდა მისლვად თქუენდა (1,13).
თარგმანი: რამეთუ მისლვად სურვიელ იყო და გარეგან ნებისა ღმრთისა არა ენება ამისი ქმნაჲ. ხოლო ესე მიუწერა, რაჲთა მათცა ცნან, ვითარმედ თჳნიერ ღმრთისა ბრძანებისა არარას იქმს, და არა მეწუხნენ არა-მისლვისათჳს. რამეთუ დიდი პავლე თჳნიერ ღმრთისა ბრძანებისა არასადა წარვიდოდა, და კუალად მისთჳს თქუა ესე, რაჲთა ასწავოს მათცა და ჩუენ ყოველთა, რაჲთა ყოველსავე საქმესა ჩუენსა ვედრებითა ღმრთისაჲთა ვიქმოდით.
მოციქულისაჲ: და დავეყენე (1,13).
თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა, ვითარმედ — მსურის ხილვაჲ თქუენი და ვილოცავ მოსლვად — და ეთქუა-მცა მათ, ვითარმედ — უკუეთუ გსურის და გნებავს, რად არა მოხუალ — ამისთჳს აქა თქუა, ვითარმედ: მინდა მოსლვაჲ, არამედ დავეყენე. ხოლო დაყენებასა ღმრთისა მიერ იტყჳს, რამეთუ არა გამოეცხადა მას, რაჲთა წარვიდეს, არამედ რაჲთა არა მივიდეს.
მოციქულისაჲ: მოაქამდე (1,13).
თარგმანი: არღარა იტყჳს, არცა გამოეძიებს მიზეზსა, თუ რაჲსათჳს დაიყენა, რამეთუ არა ჯერ-არს ძიებაჲ, თუ ღმერთმან ესე რაჲმე რად ბრძანა, არამედ ოდენ შეუორგულებელად ქმნაჲ ბრძანებათა მისთაჲ.
მოციქულისაჲ: რაჲთა თქუენ თანაცა ნაყოფი რაჲმე ვპოო, ვითარცა სხუათა მათ შორის თესლთა (1,13).
თარგმანი: ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ნუ-უკუე ვინმე თქუას თუ — არა სადმე საღმრთო იყო მოსლვაჲ შენი, ამისთჳს დაიყენე; გარნა უწყი, ვითარმედ საღმრთო იყო, რამეთუ ამისთჳს მოვიდოდე, რაჲთა ნაყოფი ვპოვო თქუენ თანა, და არა თუ სხჳსა რაჲსათჳსმე. ხოლო ნაყოფად იტყჳს ამას, რომელ სარწმუნოებასა ზედა დაამტკიცებდა მათ, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: თქუენ შორისცა ნაყოფი გამოვიღო სწავლითა ჩემითა. ხოლო სიტყუაჲ ესე თუ "ნაყოფი რაჲმე ვპოო", მას სიტყუასა შეეწყობის, რომელ თქუა, ვითარმედ "მინდა მისლვაჲ თქუენდა", არამედ შორის შემოვიდა ესე, ვითარმედ "დავიყენე". და რაჟამს იპოოს ესევითარი სიტყუაჲ, რომელ ერთისა ძალისა სიტყუაჲ ორად განიკუეთებოდის და შორის სხუაჲ სიტყუაჲ შემოვიდოდის, მას გარე-მოქცევითი ეწოდების.
მოციქულისაჲ: წარმართთა (1,14).
თარგმანი: ამით სიტყჳთა დაამდაბლებს გონებასა მათსა, რომელ სხუათა წარმართთავე შეასწორებს და უმეტესსა არარას მისცემს.
მოციქულისაჲ: და ბარბაროსთა, ბრძენთა და უგუნურთა (1,14).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ნუ ჰგონებთ თუ — ვინაჲთგან ფილოსოფოსნი ხართ და დიდ არს ქალაქი თქუენი, თუმცა მეტი რაჲმე პატივი მიგეც თქუენ, და თქუენთჳსმცა უბრძანებელად ღმრთისა წარმოვედ. რამეთუ მე, ვითარცა სხუათა წარმართთა და ბარბაროზთა და უსწავლელთაჲ, ეგრეთვე თქუენი თანა-მაც ქადაგებაჲ.
მოციქულისაჲ: თანამდებ ვარ (1,14).
თარგმანი: იხილეთ კეთილი მისი გონებაჲ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: არა თუ ჩემი რაჲმე არს ესე საქმე, არამედ თანანადებად მაქუს ქადაგებაჲ ყოველთაჲვე და აღსრულებად, რაჲ-იგი მიბრძანა ღმერთმან.
მოციქულისაჲ: ესრეთ არს გულსმოდგინებაჲ ჩემი, რაჲთა თქუენ თანაცა, რომელნი ხართ ჰრომს შინა, გახარო მე (1,15).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვითარცა-იგი ყოველთავე წარმართთა და ბარბაროზთა, ბრძენთა და უგუნურთა ქადაგებად თანამდებ ვარ, ეგრეთვე მზა ვარ, რაჲთა თქუენ თანაცა ქადაგებად თანამდებ ვიყო, და მხიარულ ვარ ამას ზედა.
მოციქულისაჲ: რამეთუ არა მრცხუენის მე სახარებისა მისთჳს, რამეთუ ძალი ღმრთისაჲ არს (1,16).
თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ დაღაცათუ ურწმუნოთა მრავალი სასირცხჳნე ჰგონიეს სახარებასა შინა, ვითარ ჯუარ-ცუმაჲ და სიკუდილი და ჰურიათა იგი შეურაცხებანი, არამედ მე არა სირცხჳლ მიჩნს ყოველივე იგი, არამედ უფროჲსად დიდება. ხოლო ამას იტყჳს, რაჲთამცა ასწავა მათ ყოვლადვე არა სირცხჳლი ესევითართა მათ საქმეთა ზედა. და კუალად, ვინაჲთგან ჰრომნი მრავალთა ჴორციელთა საქმეთა ზედა ზუაობდეს, ვითარ სიმდიდრესა ზედა და დიდებასა და სიბრძნესა, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: თქუენ ჰზუაობთ ეგევითართა მათ ზედა, ხოლო მე მოვალ თქუენდა გლახაკი და არა მრცხუენის მოსლვად და ქადაგებად სახარებასა ქრისტესსა, ამისთჳს, რამეთუ ძალი ღმრთისაჲ არს მაცხოვრად ყოველთა, რომელთაცა შეიწყნარონ იგი.
მოციქულისაჲ: მაცხოვრად ყოვლისა, რომელთაცა ჰრწამს იგი, (1,16).
თარგმანი: კეთილად თქუა თუ "მაცხოვრად", რამეთუ არს ძალი ღმრთისაჲ მტანჯველიცა, ხოლო ესე მაცხოვრად არს, არამედ არა ყოველთათჳს, გარნა რომელთა ჰრწამს იგი, რამეთუ, რომელთა არა ჰრწმენეს, მათ ტანჯვასა უთქუამს სახარებაჲ.
მოციქულისაჲ: ჰურიათა პირველად და მერმე წარმართთა (1,16).
თარგმანი: არა თუ, რომელ იტყჳს თუ "ჰურიათა პირველად", ამას მოასწავებს, თუ ჰურიათა უმეტესი მადლი მიეცემის, ოდეს ჰრწმენეს. ნუ იყოფინ, არამედ სიტყუად თქუა, ვითარმედ "ჰურიასა პირველად", ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ჰურიასაცა და წარმართსაცა. რამეთუ ვინაჲთგან სახარებაჲ პირველად ჰურიათა უქადაგა ქრისტემან, ამისთჳს მოციქულმანცა, რომელთა პირველ ექადაგა, პირველცა დააწესნა სიტყუასა შინა, ხოლო მადლი ყოველთავე სწორი არს, რომელთაცა ჰრწმენეს უფალი იესუ ქრისტე.
მოციქულისაჲ: რამეთუ სიმართლე ღმრთისაჲ მას შინა გამოცხადნების (1,17).
თარგმანი: რომელთა გესმას რაჲ, თუ ცხორებაჲ და სიმართლე არს სახარებისა მიერ, არა მოიგონო თუ აქა ოდენ სადმე არს, ანუ თუ საწუთროჲსა საქმესა რასმე იტყჳს. ამისთჳს შესძინა და თქუა, ვითარმედ "გამოცხადნების", რომელი-ესე მის საუკუნისასაცა მოასწავებს, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: გამოჩნდა სახარებისა მიერ სიმართლე ღმრთისაჲ აწცა მრავალთა მათ მიერ სასწაულთა, რომელნი იქმნეს სახარებისა მიერ და განყოფანი ენათანი ძალითა მით სულისაჲთა. გარნა ყოველივე ჯერეთ არა გამოჩინებულ არს, არამედ გამოჩნდების სრული იგი მერმესა მას ცხორებასა, რაჟამს მოგუეცეს მის მიერ საუკუნოჲ იგი ცხორებაჲ და სწავლაჲ ყოვლისავე სიმართლისაჲ.
მოციქულისაჲ: სარწმუნოებითი სარწმუნოებად (1,17).
თარგმანი: რამეთუ ჯერ-არს რწმუნებაჲ წინაჲსწარმეტყუელთა სიტყჳსაჲ და მათთა სიტყუათა სარწმუნოებისა მიერ მოსლვაჲ ქრისტეს სარწმუნოებასა. და ესე არს თუ "სარწმუნოებითი სარწმუნოებად", რაჲთა რწმუნებითა წინაჲსწარმეტყუელთა და რჩულისაჲთა და მათითა კეთილად გულისჴმის-ყოფითა მოვიდეს კაცი ქრისტეს სარწმუნოებასა. და კუალად სხჳთაცა სახითა გულისჴმა-ყავ ესე, ვითარმედ რომელსა ჰრწმენეს ქრისტე და მიიღოს მადლი ნათლისღებისაჲ, იგი ამით სარწმუნოებითა მოვალს სარწმუნოებად საუკუნეთა მათ საქმეთა, აღდგომისა მკუდართაჲსა და საუკუნოჲსა ცხორებისა და სასუფეველისა ცათაჲსა.
მოციქულისაჲ: ვითარცა წერილ არს: მართალი სარწმუნოებითა ცხოვნდის (1,7).
თარგმანი: რაჲთა არავინ უწამებელად შეჰრაცხოს მისი იგი სიტყუაჲ და ვერ სარწმუნო, და რომელ თქუა თუ —სარწმუნოებაჲ ცხორებასა და სიმართლესა მოანიჭებს, ამისთჳს ამბაკუმ წინაჲსწარმეტყუელი მოწამედ მოიყვანა.
მოციქულისაჲ: რამეთუ გამოჩინებად არს რისხვაჲ ღმრთისაჲ ზეცით (1,18).
თარგმანი: ოდეს გამოუჩნდების დღესა მას საშჯელისასა.
მოციქულისაჲ: ყოველთა ზედა უღმრთოთა (1,18).
თარგმანი: რამეთუ სიმართლე მარტივ არს და წრფელ, ხოლო ბოროტნი წვალებანი და ბოროტნი საქმენი მრავალფერ და მრავალსახე არიან. ამისთჳს სიმართლესა ერთად იტყჳს, ხოლო წარწყმედასა მას უშჯულოებისასა —მრავლად. და ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: ყოველსავე ზედა უშჯულოებასა.
მოციქულისაჲ: რომელთა ჭეშმარიტებაჲ სიცრუვით აქუნდა (1,18).
თარგმანი: ჭეშმარიტებაჲ არს გულისჴმის-ყოფაჲ ღმრთისაჲ, ხოლო სიცრუვე არს კერპთა იგი საცთური. და წარმართთადაცა მიცემულ არს გულისჴმის-ყოფაჲ ღმრთისაჲ, უკუეთუ ენებოს, ხოლო რომელთა-იგი დაუტევონ და კერპთა ჰმონებდენ, მათ ჭეშმარიტებაჲ სიცრუვით აქუს, ესე იგი არს, ვითარმედ გულისჴმის-ყოფაჲ დაუტევეს ღმრთისაჲ და მონებაჲ, რომელი შუენოდა, რაჲთამცა ღმერთსა აღუსრულებდეს, და სიცრუვესა მიაჩემეს. რამეთუ ჭეშმარიტებაჲ არს ღმრთისა მონებაჲ, ხოლო მათ საღმრთოჲ იგი მონებაჲ სიცრუვით აქუს, რამეთუ კერპთა ჰმონებენ.
მოციქულისაჲ: რამეთუ მეცნიერებაჲ იგი ღმრთისაჲ (1,19).
თარგმანი: ვითარ საცნაურ არს წარმართთადა მეცნიერება ღმრთისაჲ, გარნა ესრეთ, რამეთუ ხილულთა ამათ დაბადებულთა მიერ საცნაურ არს ყოველთა მათ შემოქმედი ღმერთი და უხილავი, არამედ, რომელთა ვერ გულისჴმა-ყონ, იგინი ნებსით აცთუნებენ თავთა თჳსთა.
მოციქულისაჲ: ცხად არს მათ შორის (1,19).
თარგმანი: სიკეთისა მის მიერ და სიდიდისა დაბადებულთაჲსა ცხად არს მეცნიერებაჲ ღმრთისაჲ ყოველთა მიერ, რამეთუ, რაჟამს მიხედნეს კაცმან ცასა ანუ მზესა და მთოვარესა და ვარსკულავთა და სხუათა მათ ყოველთა დაბადებულთა, რაჲ უჴმს უმეტესი სახე ცხადი მეცნიერებისა ღმრთისა? ესრეთ იცნა აბრაჰამ ღმერთი, რამეთუ დაბადებულთა მიერ დამბადებელი გულისჴმა-ყო. ესრეთ იცნა ღმერთი მელქიზედეკ, ხოლო რომელთა არა იცნეს, მათ თჳთ თავნი მათნი აცთუნნეს. თუ არა, რაჲ უნდა უმეტესი სახე ღმრთისაჲ?
მოციქულისაჲ: რამეთუ ღმერთმანვე გამოუცხადა მათ (1,19).
თარგმანი: ვითარ გამოუცხადა ღმერთმან? — გარნა ესრეთ, რამეთუ დაბადებულნი წინაშე დაუსხნა მასწავლელად ყოველთადა მისისა დიდებულებისა, რამეთუ ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ყოველნი დაბადებულნი სიბრძნესა მისსა გამოაცხადებენ.
მოციქულისაჲ: რამეთუ უხილავნი იგი მისნი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად (1,20).
თარგმანი: დაბადებულთა დაბადებისა მიზეზნი წინა საუკუნეთა იყვნეს ღმრთისა თანა და კეთილნი იგი ნებანი მისნი და სიტკბოებაჲ და სახიერებაჲ მისი. ესე ყოველნი უხილავად მის თანა იყვნეს მარადის, ხოლო სოფლის დაბადებითგან ქმნულთა მიერ მისთა მისი იგი უხილავი სიბრძნე და სახიერებაჲ საცნაურად სახილველ არს და, უკუეთუ გუენებოს, შესაძლებელ არს დაბადებულთა მიერ გულისჴმის-ყოფაჲ მიუწდომელისა მის სიბრძნისა და სახიერებისა მისისა, რაჟამს ვიხილოთ აგებულებაჲ ესე შუენიერი ცისა და ქუეყანისა და შორის მათსა მყოფთა მათ ნივთთა, და კეთილი ესე აგებულებაჲ კაცისაჲ. ამის ყოვლისაგან არა საცნაურად სახილველ არსა მისი სახიერებაჲ, რომლითა-ესე ყოველი ქმნა და წინა საუკუნეთა უხილავნი იგი კეთილნი განზრახვანი მისნი?
მოციქულისაჲ: სახილველ არიან (1,20).
თარგმანი: კეთილად თქუა, ვითარმედ: სახილველ არიან, რამეთუ დაღაცათუ მისისა გონებისა იგი მაღალი და მიუწდომელი სიბრძნე თჳთ ვითა? არს, უხილავ არს, გარნა შუენიერთა მათ აგებულებათა მიერ სახილველ არს გონებისა მიერ, უხილავი მისი დიდებაჲ.
მოციქულისაჲ: სამარადისოჲ იგი მისი ძალი და სიწმიდე (1,20).
თარგმანი: ესე არიან ჭეშმარიტად უხილავნი ღმრთისანი — სამარადისოჲ იგი ძალი მისი და სიწმიდე, რომელთა ქადაგად აქუს დაბადებულთა ესე დიდადშუენიერებანი, რამეთუ ვითარცა არსთაგან ჭეშმარიტად არსსა მას ღმერთსა გულისჴმა-ვჰყოფთ, ვითარმედ არს, ეგრეთვე თითოეულად განყოფილებისაგან არსთაჲსა მის თანა მყოფსა მას ყოველთა მპყრობელსა სიბრძნესა გულისჴმა-ვჰყოფთ, და კუალად არსებითისა ამის არსთა შეურყეველად ყოფისაგან თჳსსა წესსა ზედა არსებითსა მას მტკიცესა ცხორებასა და ყოველთა განმამტკიცებელსა ვისწავებთ, და ესრეთ ხედვითა დაბადებულთაჲთა გულისჴმა-ვჰყოფთ მსახურებასა წმიდისა სამებისასა, მამისა და ძისა და სულისა წმიდისასა, რამეთუ ღმრთისა სამარადისოჲ ძალი არს და თანაარსი მხოლოდშობილი სიტყუაჲ, რომლისა მიერ ყოველივე შეიქმნა, და სამარადისოჲ სიწმიდე მისი არს სული წმიდაჲ. საწყალობელ უკუე და დასჯილ არიან, რომელთა ხედვითა დაბადებულთაჲთა არა იცნეს მიზეზი იგი ყოველთა დაბადებულთა ღმერთი და თანაარსი მისი სამარადისოჲ ძალი და სიწმიდე. ღაღადებენ უკუე დაბადებულნი და მიუთხრობენ, რომელთაცა აქუნდენ სულიერნი საცნობელნი და გულისჴმა-უყოფენ მათისა მის დაბადებისა მიზეზსა, სამებით დიდებულსა ღმერთსა და მამასა, და გამოუთქუმელსა მას ძალსა მისსა და სიწმიდესა, რომელ არს მხოლოდშობილი იგი სიტყუაჲ და სული წმიდაჲ. რამეთუ ესე არიან უხილავნი ღმრთისანი, რომელნი სოფლის დაბადებითგან გონებითა იხილვებიან.
მოციქულისაჲ: რაჲთა იყვნენ იგინი ვერ სიტყჳს-მიმგებელ (1,20).
თარგმანი: რამეთუ ვინაჲთგან ესოდენნი არიან დიდებულებისა ღმრთისა ქადაგნი, რაჲმცა სიტყუაჲ აქუნდა, რომელთა ნებსით დაიბნელნეს თავნი თჳსნი არა-ცნობად ღმრთისა?
მოციქულისაჲ: რამეთუ იცოდეს ღმერთი და არა ღმრთეებრ ადიდებდეს (1,21).
თარგმანი: იცოდეს დაბადებულთა ხედვითა, არამედ ნებსით აცთუნნეს თავნი თჳსნი და არა ადიდეს ვითარცა ღმერთი.
მოციქულისაჲ: გინა ჰმადლობდეს (1,21).
თარგმანი: რამეთუ ფრიადი დიდებაჲ და მადლობაჲ ჯერ-არს ღმრთისაჲ, რომელმან ჩუენთჳს, კაცთა, ესევითარნი ესე კეთილნი და შუენიერნი დაბადებულნი დაჰბადნა: მზჱ, მთოვარჱ, ვარსკულავნი, ქუეყანაჲ, წყალნი, ჰაერნი, ცეცხლი, საზრდელი თითოფერი, სამკაულნი და სხუაჲ, რომელ ვერ მისწუთების ენაჲ თქუმად, არამედ უბადრუკთა წარმართთა არცა დიდებაჲ შეწირეს მისა, არცა მადლობაჲ, არამედ ყოველივე წინააღმდგომი.
მოციქულისაჲ: არამედ ამაო იქმნეს (1,21).
თარგმანი: თუ "ამაო იქმნეს" ამას მოასწავებს, ვითარმედ "სცთეს" და ყოვლისავე კეთილისაგან დაეცნეს.
მოციქულისაჲ: გულისზრახვითა მათითა (1,21).
თარგმანი: ვინაჲთგან თქუა თუ "ამაო იქმნეს" და "სცთეს", აწ მიზეზსაცა იტყჳს, რომლითა სცთეს — გულის ზრახვითა მათითაო. ესე იგი არს, რამეთუ ყოველსავე საქმესა ეძიებდეს, თუმცა გულის ზრახვითა და გონებითა მათითა მიიწინეს ცნობად მისა, და არა ინებეს თუმცა სარწმუნოებით ოდენ შეიწყნარეს ღმრთისმსახურებაჲ, რამეთუ ენება, რაჲთამცა უსახოჲ იგი ხილულითა სახითა იხილეს, და რაჲთამცა უჴორცოჲ იგი ჴორციელითა სახითა განიცადეს. და ამისთჳს "სცთეს" და "ამაო იქმნეს", რამეთუ გონებანი მათნი ვერ შემძლებელ იყვნეს მიუწთომელისა მის მიწთომად. ხოლო ესენი იყვნეს გულისზრახვანი მათნი, რომელ იტყოდენ თუ: ვინაჲ საცნაურ არს, ვითარმედ ცაჲ და ქუეყანაჲ შეუქმნიეს? ანუ ვინ არს მამაჲ ღმრთისაჲ? ანუ რაჲ არს მიზეზი არსებისა მისისაჲ ანუ თჳთ არსებაჲ მისი ვითარი არს? ამას ესევითარსა ვინაჲთგან ზრახვიდეს და სარწმუნოებით არა ინებეს გონებით მიუწთომელთა მათ საქმეთა შეწყნარებაჲ, ამისთჳსცა "სცთეს" და "ამაო იქმნეს" გულისზრახვითა მათითა.
მოციქულისაჲ: და დაუბნელდა უგულისჴმოჲ იგი გული მათი (1,21).
თარგმანი: რამეთუ გულისსიტყუანი იგი მათნი ნისლთა მიემსგავსნეს და დაბნელდეს გულნი მათნი. ხოლო უგულისჴმოდ სახელ-სდვა მათ, რამეთუ არა ინებეს მიუწდომელთა მათ საქმეთა სარწმუნოებით გულისჴმის-ყოფად.
მოციქულისაჲ: იტყოდეს თავთა თჳსთა ბრძენ და განცოფნეს (1,22).
თარგმანი: იტყოდესო თუ: ჩუენ ბრძენ ვართ და რაჲმცა დაგურჩა, რომელიმცა ვერ გულისჴმა-ვყავთ? და ესე ექმნა მიზეზ ურწმუნოებისა ღმრთისა. ამისთჳსცა განცოფნეს, რამეთუ რაჲმცა უცოფე იყო ქვათა და ძელთა თაყუანის-ცემისა?
მოციქულისაჲ: და გარდაცვალეს დიდებაჲ იგი უხრწნელისა ღმრთისაჲ (1,23).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ იცოდეს ღმერთი, არამედ მისი იგი ცებნაჲ და დიდებაჲ დაუტევეს და აღიღეს თაყუანის-ცემაჲ და დიდებაჲ კერპთაჲ, ხოლო დიდებად ღმრთისა აქა იტყჳს დამბადებელობასა და განმგებელობასა და წინაჲსწარმცნობელობასა. ესე უკუე შეცვალეს ღმრთისად თქუმისაგან და მიაჩემეს კერპთა მსგავსებასა და არა მოვიდეს უბადრუკნი გულისჴმის-ყოფად საქმისა მის, რომელნი იტყოდეს თუ: გულისჴმისმყოფელნი ვართ. პირველი უკუე ბრალი მათი, რომელ ღმერთი არა იცნეს. მეორე, რამეთუ მიზეზნი აქუნდეს დიდნი და ცხადნი. მესამედ, რამეთუ იტყოდეს ვითარმედ ბრძენ ვართო. მეოთხედ, რამეთუ არა თუ ოდენ ღმერთი არა იცნეს, არამედ ეშმაკთაცა მსახურებად იწყეს, რამეთუ ამისთჳს თქუა, ვითარმედ "გარდაცვალეს", რაჲთა სცნა, ვითარმედ აქუნდა მეცნიერებაჲ ღმრთისაჲ და ნებსით თჳსით დაუტევეს იგი, რამეთუ გარდაცვალებაჲ ესე არს, რომელ ერთისაგან მეორესა მივიდეს.
მოციქულისაჲ: მსგავსად ხატისა მის განხრწნადისა კაცისა, მფრინველთა და ოთხფერჴთა და ქუეწარმავალთა (1,23).
თარგმანი: ჯერ-იყო მათდა ცნობად, ვითარმედ ვინაჲთგან ყოველნი ესე დაბადებულნი ხრწნილებად მივლენ, უეჭუელად არს მათი დამბადებელი უხრწნელი, არამედ მათ ხატსა განხრწნადთასა ჰმსახურეს, რამეთუ თჳთ ესე საქმე, რომელ კაცი განხრწნადი არს, კმა იყო მხილებად მათისა უკეთურებისა, თუ რაჲსათჳს თაყუანის-სცემენ განხრწნადსა მას. ხოლო კუალად, რომელ არა თუ ოდენ კაცსა, არამედ მსგავსებასაცა განხრწნადისა მის კაცისასა და მფრინველთა და ქუეწარმავალთასა მიაჩემეს დიდებაჲ ღმრთისაჲ, ამისისა სიცოფისათჳს რაჲ ვინ პოოს საზღვარი?
მოციქულისაჲ: ამისთჳს მისცნა იგინი ღმერთმან გულისთქუმასა გულთა მათთასა არაწმიდებად, რაჲთა გინებულ იყვნენ ჴორცნი მათნი მათ თანა (1,24).
თარგმანი: არა თუ ღმერთმან მისცნა იგინი არაწმიდებად; ნუ იყოფინ! არამედ ღმერთმან იხილა რაჲ, ვითარმედ უღირს არიან მის მიერსა საფარველსა, დაუტევნა იგინი და უგულებელს-ყვნა. და მერმე, დაუტევნა რაჲ ღმერთმან, მეყსეულად მიიხუნა იგინი ეშმაკმან. და "მისცნა". რასა-იგი მისცნა? აწ უკუე დატევებასა მას და მიშუებასა ღმრთისასა "მიცემად" იტყჳს მოციქული. რამეთუ ვინაჲთგან მათ არა ინებეს შეწყნარებად განზრახვაჲ ღმრთისაჲ, არამედ ნებსით ივლტოდეს, ხოლო ღმერთმან რაჲ ჯერ-იყო მის მიერ ქმნად, ქმნა მათ ზედა. და ვითარცა იხილა მათთა გულთა მოუდრეკელობაჲ, — რამეთუ დაჰბადა სოფელი და დაუდვა წინაშე მათსა; მისცა გონებაჲ, შემძლებელი კეთილისა გამორჩევად; ხოლო მათ არა ინებეს არა რომლითა სახითა მოქცევაჲ, და ჯერ-იყო მერმე მიშუებაჲ, — ამისთჳსცა მიუშუა ღმერთმან; გინა თუ ესრეთცა გულისჴმა-ყავ, ვითარმედ "მისცნა იგინი გულისთქუმასა გულთა მათთასა" — ვითარმედ: მისცნა იგინი თჳსთა ნებათა, რაჲთა, რაჲცა სურის, ქმნან, რამეთუ ღმერთი იძულებით არავის იმჭირავს.
მოციქულისაჲ: რომელთა-იგი ცვალეს (1,25).
თარგმანი: ჰხედავა? კუალად აქა სიტყუაჲ ესე თუ "ცვალეს", ამისი მომასწავებელი არს, ვითარმედ ნებსით ქმნეს; რამეთუ ცვალებაჲ ყოველი არს, ოდეს ერთი რაჲმე დაუტევოს ვინ, და სხუაჲ აღიღოს.
მოციქულისაჲ: ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ სიცრუესა ზედა (1,25).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ საქმენი იგი, რომელ ღმერთსა ზედა იყვნეს ჭეშმარიტ, მათ ტყუვილსა მას კერპთასა მიაჩემეს, რამეთუ ღმრთეებაჲ ჭეშმარიტებაჲ არს ღმრთისაჲ, ხოლო მათ სიცრუვესა მას კერპთასა ზედა მიცვალეს სახელი ესე.
მოციქულისაჲ: და ჰრწმენა და ჰმსახურებდეს დაბადებულთა და არა დამბადებელსა (1,25).
თარგმანი: სარწმუნოებაჲ არს ღმრთად აღსაარებაჲ დამბადებელისაჲ და თაყუანისცემაჲ მისი, ხოლო მსახურებაჲ არს საქმით მომადლებაჲ მისი. ხოლო ესევითარი ესე სარწმუნოებაჲ და აღსაარებაჲ შეცვალეს დამბადებელისაგან კაცთა დაბადებულთა მიმართ, და ღმრთად აღიარებდეს და თაყუანის-სცემდეს ეშმაკთა; და ჰმსახურებდეს, რამეთუ ბოროტთა მიერ საქმეთა მოიმადლებდეს მათ. ხოლო ჩუენ, რამეთუ ღმერთი ღმერთთა გურწამს და აღვიარებთ, ვისწრაფოთ უკუე კეთილთა საქმეთა მიერცა მსახურებისა შეწირვად მისდა სრულითა მით და განწმედილითა სათნოებათა მოქალაქობითა.
მოციქულისაჲ: რამეთუ იგი არს კურთხეულ უკუნისამდე, ამენ (1,25).
თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ დაღაცათუ იგინი ესრეთ უკეთურ იქმნეს, და სარწმუნოებაჲ და მსახურებაჲ, რომელი ღმრთისა ჯერ-იყო, ეშმაკთა მიაჩემეს, არამედ ამის საქმისაგან არათუმცა რაჲმე დააკლდა მისსა დიდებასა, რამეთუ იგი ვითარცა იყო, ეგრეთვე ეგო კურთხეულ და დიდებულ უკუნითი-უკუნისამდე. ხოლო მათ მიეცნეს ნაცვალად უღმრთოებისა მიერ მათისა და უკეთურებისა მიერ მათისა ბოროტნი იგი ნაცვალნი — შეგინებაჲ და უბადრუკებაჲ.
მოციქულისაჲ: ამისთჳს მისცნა იგინი ღმერთმან ვნებასა მას გინებისასა (1,26).
თარგმანი: "ამისთჳს". რომლისათჳს? გარნა რომელ ჰმსახურეს დაბადებულთა დამბადებელისა წილ, ამისთჳს დაუტევნა იგინი ღმერთმან, და მიუშუა, რაჲთა, ნებათაებრ მათთა ბოროტთა, მიეცნენ ვნებათა მათ სირცხჳლისათა, რომელნიცა შეიყუარნეს მათ. ვინაჲთგან დაუტევეს მათ ღმერთი, ამისთჳს დაუტევნა იგინი ღმერთმან. ხოლო ჩუენ, ძმანო, ნუმცა დაუტეობთ მცნებათა ღმრთისათა, რაჲთა მარადის მისი საყოფელი წმიდა იყოს და არაოდეს მივეცნეთ ვნებათა სირცხჳლისათა. რამეთუ არა თუ ღმერთი ვის მისცემს სირცხჳლისათა. — ნუ იყოფინ! — არამედ ბოროტნი ნებანი კაცთანი განაშორებენ საფარველსა ღმრთისასა კაცთაგან, და რაჟამს საფარველი ღმრთისაჲ განეშოროს, მერმე მიეცემიან ვნებათა ბოროტთა. რამეთუ ღმერთსა ყოველთა ცხორებაჲ ჰნებავს და ყოველთა ფარვაჲ, ? არამედ ჩუენ ვაყენებთ ბოროტთა მიერ საქმეთა.
მოციქულისაჲ: რამეთუ დედათა მათთა გარდაცვალეს ბუნებისა იგი წესი (1,26).
თარგმანი: რამეთუ მიცემულ იყო მათდა ბუნებით ქორწინებაჲ რჩულიერად, ხოლო მათ გარდაცვალეს იგი არა ბუნებისა მიმართ.
მოციქულისაჲ: არა-ბუნებად; ეგრეცა მამათა მათთა დაუტევეს ბუნებისა იგი წესი დედათაჲ (1,26-27).
თარგმანი: ფრიად ბილწსა საქმესა იტყჳს ფარულად, რამეთუ ცხადად თქუმაჲ ესევითარისაჲ ბოროტ არს.
მოციქულისაჲ: განჴურდეს გულისთქუმითა მათითა ურთიერთას მამანი მამათა თანა (1,27).
თარგმანი: გარდარეულსა მას სიბორგილესა მოასწავებს სიტყჳთა ამით, თუ: აღეგზნეს და განჴურდეს.
მოციქულისაჲ: სარცხჳნელსა (1,27).
თარგმანი: არა თქუა თუ: გულისთქუმათა მათთა აღასრულებდეს, არამედ — "სირცხჳლსა იქმოდესო", რაჲთამცა გამოაჩინა, ვითარმედ არა თუ ოდენ ცოდვა არს, არამედ სრულიადი სირცხჳლი ბუნებისაჲ.
მოციქულისაჲ: იქმოდეს (1,27).
თარგმანი: ჰხედავა, რამეთუ არა უმეცრებით იყვნეს ვნებანი მათნი, არამედ ნეფსით?
მოციქულისაჲ: და კუალადსაგებელი იგი, რომელ ჯერ-არნ (1,27).
თარგმანი: რაჲ არს ესე თუ "რომელი ჯერ-არნ"? ესე იგი არს, რომელი მათ ოდენ შუენოდა — ესევითარი იგი ესევითართა მათ.
მოციქულისაჲ: საცთურისა მათისაჲ, ურთიერთას მიიღიან (1,27).
თარგმანი: "საცთურისა მათისაჲო" — ესე იგი არს, კერპთმსახურებისა მათისა მოსაგებელი იყო იგი ყოველი, რომელი აქავე მოიღეს, ხოლო მას საუკუნესა კუალად მოიღონ ცეცხლი უშრეტი.
მოციქულისაჲ: და ვითარცა არა გამოიცადეს ღმერთი, რაჲთამცა აქუნდა მეცნიერებით (1,28).
თარგმანი: ჰხედავა, რამეთუ არა უმეცრებით იყო ცთომაჲ იგი მათი, არამედ ნებსით? რამეთუ მათ თჳთ ნებსით არა ინებესო მეცნიერებით თაყუანისცემაჲ ღმრთისაჲ.
მოციქულისაჲ: მისცნა იგინი ღმერთმან გამოუცდელსა მას გონებასა საქმედ უჯეროჲსა (1,28).
თარგმანი: რამეთუ გარემიქცევითა ღმრთისაჲთა შემოვალს გონებაჲ გამოუცდელი ეშმაკისა მიერ, და მას სახელ-სდებს წერილი "მიცემად" განშორებასა მას ღმრთისასა.
მოციქულისაჲ: სავსე იყვნეს ყოვლითა სიცრუითა: უკეთურებითა, ბოროტებითა, ანგაჰრებითა, სავსე შურითა, კაცისკლვითა, ბოროტის ჩუეულებითა, ცუნდრუკებითა, ძჳრისმეტყუელებითა, ღმრთის შემაწუხებელ, მაგინებელ (1,29-30).
თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ არა თუ ზომით რაჲმე აქუნდა უკეთურებაჲ, არამედ ყოვლითავე ბოროტითა გარდარეულად სავსე იყვნეს. რამეთუ, რაჟამს ღმრთისა გარემიქცევაჲ იქმნას, სამართლად ყოველნივე ბოროტნი შემოვლენ, რომლისათჳსცა მოციქულმან თქუა, ვითარმედ: ყოვლითავე უკეთურებითა სავსე იქმნეს. და მერმე თითოეულადცა წარმოთქუნა ურჩულოებანი მათნი, და იტყჳს ბოროტებად მოყუსისა ვნებად მოსწრაფებასა, და ამას თანა დააწესებს ანგაჰრებასა — გულისთქუმასა მას უმეტესისა ქონებისასა, და შურსა მას — პირველითგან შემოსრულსა კაცთა შორის ბოროტსა, და სხუათა მათ შემდგომითი-შემდგომთა ბოროტთა, რომელნი-იგი ჭეშმარიტად ღმრთისა დატევებისა სახე იყვნეს.
მოციქულისაჲ: ამპარტავან იყვნეს, ლაღ (1,30).
თარგმანი: უკუეთუ რომელი სათნოებათა ზედა ამპარტავანობდეს, წარუწყმედიეს სასყიდელი თჳსი. რაჲ-მე იყოს მათთჳს, რომელნი ესოდენთა ცოდვათა ზედა ზუავ და ამპარტავან იყვნენ! გარნა რაჟამს განვიდეს ვინ სრულსა მას ბოროტთა ჩუეულებისა საზომსა, მერმე საქმეთა მათ ზედა, რომელთა სირცხჳლი ჯერ-იყოს, იქადის და ზუავობს.
მოციქულისაჲ: მომპოვნებელ ბოროტისა, მამა-დედათა ურჩ, უგულისჴმო, უწესო, უყუარულ (1,30-31).
თარგმანი: რაჲ არს თუ "მომპოვნებელ ბოროტისა"? ამას მოასწავებს, ვითარმედ ესოდენი უკეთურებაჲ შემოერია, რომელ ბოროტთა უცხოთა, რომელნი არა იცნოდნეს, იქმნეს მომგონებელ და მომპოვნებელ.
მოციქულისაჲ: უწირავ, უწყალო (1,31).
თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ არა მისცემდეს ყოვლადვე სულთა მათთა ჴსნისათჳს შესაწირავთა, არცა ღმრთისა შესწირვიდეს, არცა გლახაკთა მისცემდეს, რამეთუ იგიცა სულიერად შესაწირავად ითქუმის.
მოციქულისაჲ: რომელთა სამართალი ღმრთისაჲ იცოდეს (1,32).
თარგმანი: აჰა ესერა კუალად გამოაჩინებს, ვითარმედ მეცნიერებით ცოდვიდეს, რამეთუ სამართალი ღმრთისაჲ იცოდესო. ხოლო სამართლად ღმრთისა იტყჳს მცნებათა მისთა, და სასჯელსა მისსა, რომლითა საჯნეს კაცნი საქმეთა მათთაებრ.
მოციქულისაჲ: რამეთუ ესევითარისა მოქმედნი ღირს არიან სიკუდილსა (1,32).
თარგმანი: იცოდესო სამართალი ღმრთისაჲ, ვითარმედ ტანჯვათა და გუემათა და უკუდავსა მას სიკუდილსა, რომელ არს გეჰენიასა შინა ტანჯვაჲ, მოაწევს ესევითარისა მოქმედთასა, რამეთუ ესე არს სამართალი ღმრთისაჲ.
მოციქულისაჲ: არა ხოლო ამას იქმოდეს, არამედ სათნოცა-ეყოფოდეს თანამოქმედთა მათ (1,32).
თარგმანი: ორთა უკეთურებათა მათთა იტყჳს: ერთად, რომელ ბოროტსა იქმოდეს, და მეორედ, რომელ სხუათაცა მისვე ბოროტისა მიმართ მოსლვასა აწუევდეს და მოქმედთა მათთა აქებდეს, რომელ-ესე სრულიადისა ბოროტსა ზედა დამტკიცებულად ყოფისა სახე არს.
მოციქულისაჲ: ამისთჳს ვერ სიტყჳსმიმგებელ ხარ, ჵ კაცო, ყოველი, რომელიცა სჯი (2,1).
თარგმანი: ვინაჲთგან ქალაქი იგი დიდი იყო და მთავარნი მრავალნი მას შინა, აჰა ესერა მათდა მიმართ ჰყოფს სიტყუასა. ხოლო ესევე გლახაკთა მიმართცა კეთილ არს, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ გულისჴმა-ყავთ ყოველთა მაგათ, რომელნი მსაჯულნი ხართ სხუათანი, გინა თუ ცხადად ჴელმწიფებითა, ანუ თუ გულსა შინა. უკუეთუ რომელსა ზედა სხუათა სჯით, და თქუენ მასვე იქმთ, თჳთვე თავთა თჳსთა დაისჯით და არღარაჲ გაქუს სიტყუაჲ წინაშე ღმრთისა.
მოციქულისაჲ: რამეთუ მასვე იქმ, რომლისაცა სჯი (2,1).
თარგმანი: მასვე იქმო, რომელსაცა სჯი, რამეთუ მეძავსა დასჯიო და იტყჳ თუ — რად შეაგინებ ბუნებასა — და შენ მასვე იქმ და არა გულისჴმა-ჰყოფ, ვითარმედ ღმერთმან თჳთ შენივე სასჯელი და სიტყუაჲ წინაგიყოს, და მით დაგსაჯოს, გინა თუ სიძვისათჳს, გინა თუ პარვისა, ანუ თუ სხუათა რათმე ბოროტთათჳს. გრქუას შენ, ვითარმედ: ვინაჲთგან იცოდე თუ ბოროტ არიან საქმენი ესე, და მოქმედთა მათთა დასჯიდ, თავსა თჳსსა რად არა აყენებო ესევითართაგან?
მოციქულისაჲ: რამეთუ რომლითა სასჯელითა სჯი მოყუასსა, თავსა თჳსსა დასჯი (2,1).
თარგმანი: რამეთუ რომელი ბოროტსა იქმოდის და ბოროტის მოქმედთა მათ სჯიდეს, თჳსსა თავსა ზედა გამოიღებს განჩინებასა.
მოციქულისაჲ: ესე უწყით, რამეთუ სასჯელი ღმრთისაჲ ჭეშმარიტ არს ესევითარისა მოქმედთათჳს (2,2).
თარგმანი: რამეთუ ამას სოფელსა ჭეშმარიტი სასჯელი არა იქმნების, არამედ მრავალნი თანამდებნი სასჯელისანი განერებიან სასჯელსა, ანუ ქრთამითა, ანუ ტყუვილითა, ანუ სხჳთა რაჲთმე ღონითა, და კუალად მრავალნი უბრალონი დაისჯებიან, ხოლო მუნ ღმრთისა სასჯელი ჭეშმარიტ არს, რამეთუ არცა ბრალეული უბრალო-ყოფად თავისა თჳსისა შემძლებელ არს, და ვერცა ვინ უბრალოსა ბრალეულ-ჰყოფს, არამედ ჭეშმარიტად და სამართლად განიკითხვის თითოეული.
მოციქულისაჲ: ამას სამე ჰგონება, კაცო, რომელი-ეგე სჯი ესევითარისა მოქმედთა მათ და იქმ მასვე, ვითარმედ შენ განერე სასჯელსა ღმრთისასა? (2,3).
თარგმანი: მრავალნი იტყჳან, ვითარმედ დაღაცათუ მე ვცოდვიდე, ხოლო სხუასა ვაყენებდე ცოდვისაგან, და ცოდვისათჳს ვსტანჯვიდე, სასყიდელი მაქუს. არამედ ეტყჳს მას მოციქული, ვითარმედ: უკუეთუ შენ ცოდვასა იქმოდი, ნუ ჰგონებ, თუმცა სხუათა ცოდვილთა დაშჯითა შეგენდვნეს-მცა ცოდვანი, —ნუ იყოფინ! — არამედ უფროჲსად დაისაჯო-ცა, რამეთუ იცოდენ ტანჯვისა ღირსნი საქმენი და არა ივლტოდე მათგან.
მოციქულისაჲ: ანუ სიმდიდრესა მას სიტკბოებისა მისისასა და თავს-დებასა შეურაცხ-ჰყოფ? (2,4).
თარგმანი: თავს-იდებს ღმერთი ჩუენ მიერ განრისხებასა მას მისსა, და არა მოაწევს მეყსა ზედა ბოროტისა მის ღირსსა ტანჯვასა, გარნა, უკუეთუ არა მოვიქცეთ, "მახჳლი მისი ლესულ არს", რომელ არს ტანჯვისა იგი ძალი. და უკუეთუ გჳხილნეს, ვითარმედ არა არს მოქცევაჲ ჩუენი, მერმე მოაწევს მას ჩუენ ზედა.
მოციქულისაჲ: ვერ გიცნობიეს, რამეთუ სულგრძელებაჲ ღმრთისაჲ სინანულად მოგიყვანებს შენ? (2,4).
თარგმანი: რამეთუ ღმერთი არა თუ ამისთჳს სულგრძელ იქმნების ცოდვილთა ზედა, რაჲთამცა სულგრძელებაჲ მისი უმეტესისა შეურაცხებისა მიზეზად იჴმარეს, არამედ რაჲთა ჟამი სინანულისაჲ მისცეს. ხოლო იხილნეს რაჲ, ვითარმედ ჟამსა მას სულგრძელებისა მისისასა ბოროტად იჴმარებენ, მერმე ღირსებისაებრ მათისა მიაგებს.
მოციქულისაჲ: ხოლო სიფიცხითა მით შენითა და შეუნანებელითა გულითა (2,5).
თარგმანი: ღირსად და სამართლად სახელ-სდვა ესევითარსა მას გულსა ფიცხელ და შეუნანებელ, რამეთუ, რომელსა ვერცა სიტკბოებაჲ მოალბობდეს, ვერცა რისხვაჲ შეაშინებდეს, რაჲმცა იყო მისსა უფიცხეს და უძჳრს?
მოციქულისაჲ: იუნჯებ თავისა შენისა რისხვასა (2,5).
თარგმანი: დაუნჯებაჲ ორისა მიზეზისათჳს თქუა: ერთად, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ უეჭუელად დამარხულ არს ცოდვილთათჳს სატანჯველი, რამეთუ დაუნჯებაჲ მტკიცედ დამარხვასა მოასწავებს. და კუალად ამისთჳს თქუა, ვითარმედ იუნჯებთ, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ არა თუ ღმერთსა დაუუნჯებიეს შენდა ტანჯვაჲ, ჵ ცოდვილო, არამედ შენ თჳთ ნებსით თჳსით დაიუნჯებ ბოროტთა საქმეთა შენთა მიერ რისხვასა და გულისწყრომასა დღესა მას საშჯელისასა.
მოციქულისაჲ: დღესა მას რისხვისასა (2,5).
თარგმანი: რაჟამს გესმას, ვითარმედ "დღესა მას რისხვისასა", რაჲთა არა მოიგონო თუ რისხვისა ვნებაჲ არს ღმრთისა თანა, ამისთჳს მეყსეულად შესძინა და თქუა, ვითარმედ: "გამოჩინებას სიმართლისა სასჯელისა ღმრთისასა", რამეთუ სადა სიმართლე სასჯელისაჲ არს, მუნ ვნებაჲ არა არს, რამეთუ უფროჲს ყოვლისა მაშინ გამოჩნდების სიმართლე ღმრთისაჲ , რაჟამს მიაგებდეს თითოეულსა საქმეთა მათთაებრ, და მართალთა პატივ-სცემდეს და უკეთურთა სტანჯვიდეს.
მოციქულისაჲ: და გამოჩინებასა სიმართლისა სასჯელისა ღმრთისასა, რომელმან მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ (2,5-6).
თარგმანი: "გამოჩინებასო", რამეთუ მისისა საშჯელისა სიმართლე აწვე და მარადის ჩანს, ხოლო უფროჲს ყოვლისა მაშინ გამოჩნდების, რამეთუ მაშინ ესრეთ უჩუენებს ღმერთი თითოეულსა თჳსსა სიმართლესა, ვიდრეღა თჳთ ცოდვილთა მათ აღიარონ, ვითარმედ ჭეშმარიტად ღირს ტანჯვისა არიან, და არა აქუნდეს სიტყუაჲ.
მოციქულისაჲ: ხოლო მოთმინეთა მათ საქმისა კეთილისათა —დიდებაჲ და პატივი (2,7).
თარგმანი: აქამომდე ყოველივე თქუა ბოროტის მოქმედთათჳს, ხოლო აქა არა იწყებს კუალად კეთილთა საქმეთათჳს თქუმად, ვითარმედ არა ოდენ სარწმუნოებაჲ საჴმარ არსო, არამედ საქმენიცა კეთილნი საჴმარ არიან. ხოლო მოთმინებაჲ თქუა თავსა ზედა სათნოებათასა, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ ყოველსა სათნოებასა ზედა მოთმინებაჲ საჴმარ არს, თუ არა, არა სრულ იქმნების სათნოებაჲ თჳნიერ მოთმინებისა.
მოციქულისაჲ: და უხრწნელებაჲ, რომელნი ეძიებენ ცხორებასა საუკუნესა (2,7).
თარგმანი: აჰა ესერა აღდგომისა სიტყუასა შორის შემოიღებს, რამეთუ თქუა, ვითარმედ უხრწნელებაჲ მიეცესო მერმესა მას აღდგომასა და დიდებაჲ და პატივი საუკუნოჲ.
მოციქულისაჲ: ხოლო ჴდომისაგანთა მათ და ურჩთა ჭეშმარიტებისათა და მორჩილთა სიცრუვისათა — რისხვაჲ და გულისწყრომაჲ, ჭირი და იწროებაჲ (2,8-9).
თარგმანი: რამეთუ ჴდომისაგანნი იგინი არიან, რომელნი წინააღმდგომ არიან სიმართლისა, და ჭეშმარიტებისა სიტყუასა არა ყურად-იღებენ. ხოლო ამით გამოაჩინებს, ვითარმედ ნებსით შთავარდებიან ცოდვათა, რამეთუ უჴდებიან ჭეშმარიტებასა, ხოლო ჴდომაჲ ყოველი ნებსით იქმნების.
მოციქულისაჲ: ყოველსა ზედა სულსა კაცისასა, მოქმედსა ბოროტისასა (2,9).
თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ: ნუ ჰგონებთო, ანუ მეფე, ანუ მთავარი, ანუ ვინცა ვინ განერეს რისხვასა მას და ტანჯვასა, ბოროტთა საქმეთათჳს მოწევნადთა.
მოციქულისაჲ: ჰურიასა პირველად და მერმე წარმართსა (2,9).
თარგმანი: პირველად ჰურიასაო და მერმე წარმართსა, რამეთუ რავდენცა უფრო სწავლულ არს ჰურიაჲ, უფროჲსცა იტანჯოს ცოდვისათჳს.
მოციქულისაჲ: დიდებაჲ და პატივი და მშჳდობაჲ (2,10).
თარგმანი: კეთილად თქუა თუ "მშჳდობაჲ", რამეთუ მუნ არღარა არს შური და ბრძოლაჲ დიდებისათჳს და პატივისა, არამედ მშჳდობაჲ სამარადისოჲ.
მოციქულისაჲ: ყოველსა მოქმედსა კეთილისასა, ჰურიასა პირველად (2,10).
თარგმანი: ვინაჲთგან ტანჯვასა ზედა ჰურიაჲ პირველ დააწესა, ამისთჳს კეთილის მოქმედიცა ჰურიაჲ და სარწმუნოებად მოსრული წინა დააწესა სიტყჳთ ოდენ, რაჲთა არა შეაწუხნეს ჰურიათაგანნი და მორწმუნენი.
მოციქულისაჲ: და მერმე წარმართსა (2,10).
თარგმანი: წარმართად აქა არა თუ კერპთმსახურსა იტყჳს, არამედ წინადაუცუეთელსა მორწმუნესა.
მოციქულისაჲ: რამეთუ არა არს თუალთ-ღებაჲ ღმრთისა თანა (2,11).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ღმერთი არა თუ პირთა, არამედ საქმეთა ეძიებს.