📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: რამეთუ იჭჳ იგი დაბადებისაჲ გამოცხადებასა შვილთა ღმრთისათა მოელის (8,19).
თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ დაბადებულნი ყოველნი დიდად მოელიან ამათ კეთილთა მოსლვასა, რომელნი-ესე აწ ვაჴსენენით, რამეთუ "იჭუად" ამას ადგილსა მტკიცესა მას მოლოდებასა იტყჳს.
მოციქულისაჲ: რამეთუ ამაოებასა დაემორჩილა დაბადებული არა ნეფსით (8,20).
თარგმანი: რაჲ არს ესე თუ "დაემორჩილა"? — განხრწნილ იქმნაო. რაჲსათჳს? —შენთჳს, ჵ კაცო, რამეთუ ვინაჲთგან შენ მიიღე ვნებული ეგე და მოკუდავი ჴორცი, გარდაჰჴედ რაჲ მცნებასა, მიერითგან სოფელმანცა წყევაჲ მოიღო ეკალთა და კუროჲსთავთა აღმოცენებად.
მოციქულისაჲ: არა ნეფსით (8,20).
თარგმანი: ესე არა თუ ნებასა რასმე იტყჳს დაბადებულისასა, არამედ ამას მოასწავებს, ვითარმედ არა თუ მის მიერ რაჲმე იქმნა ესე, არამედ ღმერთმან ყო შენთჳს.
მოციქულისაჲ: რამეთუ თჳთ იგიცა დაბადებული გან-ვე-თავისუფლდეს (8,21).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: არა თუ შენ ოდენ, არამედ სხუაჲცა ყოველი დაბადებული, რომელი შენსაცა უდარეს არს, ვითარმედ იგიცა ზიარვე იქმნას შენთა კეთილთა და უხრწნელად გარდაიცვალოს ხრწნილებისა ამისგან, რაჲთა სცნა თუ რაბამი არს სახიერებაჲ მეუფისაჲ, რამეთუ ვითარცა-იგი შენ რაჲ ხრწნილებაჲ შეიმოსო, იგიცა განხრწნადი შეიქმნას. ეგრეთვე, რაჟამს შენ უხრწნელნი ჴორცნი შეიმოსნე, იგიცა უხრწნელ იქმნას.
მოციქულისაჲ: გამოჴსნასა მას ჴორცთა ჩუენთასა (8,23).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ დიდებასა მას, რომელი მოცემად არს, რამეთუ აწ ვკუნესით და გუელმისო, რამეთუ არა უწყით თუ რაჲ ყოფად-ა ჩუენ ზედა ვიდრე ჟამამდე სიკუდილისა. ხოლო მაშინ ვცნათ ყოველთა, რაჟამს უხრწნელნი ჴორცნი შევიმოსნეთ და აწინდელთა ამათ ბევრეულთა ვნებათაგან ვიჴსნნეთ.
მოციქულისაჲ: თჳთ იგი სული მეოხ არს ჩუენდა (8,26).
თარგმანი: რომელთაცა მაშინ ნათელ-იღიან, თითოსახეთა მადლთა მისცემდა მათ ღმერთი, რომელთა-იგი "სულებცა" ეწოდების მადლთა მათ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: "სულნი წინაჲსწარმეტყუელთანი წინაჲსწარმეტყუელთა დაემორჩილებიან". და აქუნდა მაშინ რომელსამე მადლი წინაჲსწარმეტყუელებისაჲ და იტყჳნ მომავალთა საქმეთა. სხუასა მოეცის მადლი სიბრძნისაჲ და ასწავლინ ერთა, და სხუასა — მადლი კურნებათაჲ და ჰკურნებნ სნეულთა, და სხუათა —მადლი სასწაულთაჲ
და აღადგინებნ მკუდართა, და სხუასა — მადლი ენათაჲ და იტყჳნ მრავალთა ენათა; და მათ ყოველთა თანა ლოცვაჲცა მადლი იყო და მასცა "სულ" ეწოდებოდა, და, რომელსა-იგი აქუნ, ყოვლისა ერისათჳს ილოცავნ. და მას მოასწავებს ამას ადგილსა მოციქული, რამეთუ, ვინაჲთგან არა იცოდეს ყოველთა კეთილი და უმჯობესი, და მრავალგზის, რომელი არა უმჯობესი არნ, მას ითხოვდიან, ამისთჳს მოვიდის მაშინ რომელთამე ზედა მადლი იგი ლოცვისაჲ, და ითხოვდიან ყოველთათჳს უმჯობესსა და სხუათა ასწავლიდიან, რაჲთა მას ითხოვდენ. სულად უკუე უწესს ესევითარსა მას მადლსა მოციქული და იტყჳს, ვითარმედ: სული იგი, რომელსა თანა მოვიდეს მადლი ესე, იგი სულთ-ითქუამს სიღრმეთა შინა გულისათა ერისათჳს, რომლისა სახე არს აწ დიაკონი, რამეთუ ერისათჳს ვედრებათა შესწირავს და უმჯობესსა ითხოვს.
მოციქულისაჲ: რომელი-იგი გამომეძიებელი არს გულისაჲ, იცის ზრახვაჲ იგი სულისაჲ, რამეთუ ღმრთისა მიმართ მეოხ არს წმიდათათჳს (8,27).
თარგმანი: სულმან მან წმიდამან იცისო სულიერისა მის კაცისა გულისსიტყუაჲ, ვითარმედ უმჯობესსა ითხოვს ერისა მის, ნათლისღებითა წმიდა-ქმნილისასა.
მოციქულისაჲ: ესე უწყით, რამეთუ ღმრთის მოყუარეთა ყოველივე კეთილად განემარჯოს, რომელნი-იგი ნებითა თჳსითა ჩინებულ არიან (8,28).
თარგმანი: მოყუარეთა ღმრთისათა ყოველივე კეთილად განემარჯოსო, რომელნი-იგი ჩინებულ არიან ღმრთისა მიერ; ხოლო შესძინა ესეცა, ვითარმედ "ნებითა თჳსითა", რამეთუ, უკუეთუმცა არა დაერთო ესე ზედა თუ "ნებითა თჳსითა", ეპოებოდა მანიქეველთა სიტყუაჲ, რაჲთამცა თქუეს თუ: არარაჲ არს ბრალი კაცსა ზედა, რამეთუ ღმერთსა ვისი უნდეს, მას ჩინებულ ჰყოფს, და ვისი არა ენებოს, შეურაცხ ჰყოფს. ამისთჳს შესძინა მოციქულმან, ვითარმედ: "რომელნი ნებითა თჳსითა ჩინებულნი არიან", ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ღმერთმან ყოველნივე კაცნი აჩინნა, რაჲთა ცხოვნდენ, ხოლო რომელთა ნებაჲ კეთილ იპოვა, მათ შეიწყნარეს ჩინებულებაჲ იგი, და ეწოდა ჭეშმარიტად ჩინებულ და რჩეულ, ხოლო რომელთა აქუნდა ნებაჲ ბოროტი და შეიყუარეს ცოდვაჲ, იგინი განცჳვეს ნებსით ჩინებისა მისგან, ვითარცა იტყოდა უფალი, ვითარმედ "მრავალ არიან ჩინებულ", რამეთუ ყოველნი იჩინნეს, "ხოლო მცირედნი რჩეულ", რომელნი დაემორჩილნეს ჩინებასა მას, რომელთაცა განემარჯუების ყოველი კეთილად.
მოციქულისაჲ: რამეთუ რომელნი-იგი წინაჲსწარ იცნნა, წინაჲსწარცა განაჩინნა (8,29).
თარგმანი: რაჲ არს ესე თუ "წინაჲსწარ იცნნა"? რომელნი იცნნა წინაჲსწარ? — გარნა ამას იტყჳს, ვითარმედ: რომელნი წინაჲსწარ იცნნა, თუ ნებითა მათითა ჩინებულ არიან. ესე იგი არს, ვითარმედ: რომელნი იცნოდა, თუ ნებანი კეთილნი ჰქონან, იგინიცა განაჩინნა რჩეულებად. რამეთუ ყოველთა უწოდა, ხოლო რომელთა არა უსმინეს, მათ არა ეწოდების ჩინებულ.
მოციქულისაჲ: თანა-მსგავსად (8,29).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვითარცა არს ძე ღმრთისაჲ ბუნებითა მით კაცებისაჲთა წმიდა და უცოდველ და მართალ, ეგრეთვე იგინი, რომელნი ნებითა თჳსითა კეთილითა ჩინებულ იქმნეს, ესევითარნივე იქმნებიან მადლითა მით საღმრთოჲთა. ხოლო ხატად ძისა — განგებულებასა მას კაცებისა მისისასა და მისთა მათ კაცობრივთა ჴორცთა მოასწავებს, რამეთუ ბუნებითა მით კაცებისაჲთა მსგავს და ძმა მისა არიან მართალნი, ხოლო ღმრთეებითა მხოლოდშობილი არს.
მოციქულისაჲ: ხატისა მის ძისა თჳსისა (8,29).
თარგმანი წმიდისა კჳრილესი: ესრეთცა გულისჴმა-იყოფების ხატი ძისა მისისაჲ, რამეთუ იტყჳს მოციქულივე, ვითარმედ: ვითარცა შევიმოსეთ ხატი მიწისაგანისაჲ, შევიმოსოთ ხატი ზეცისაგანისაჲცა, ხოლო ვითარცა ხატი მიწისაგანისა ადამისი არს ურჩებითა და ცოდვითა ცხორებაჲ, ეგრეთვე ხატი ზეცისაგანისაჲ მის, რომელ არს ქრისტე, ესე არს სიწმიდე, სიმართლე და მორჩილებაჲ და უბიწოებაჲ.
მოციქულისაჲ: რაჲთა იყოს იგი პირმშო მრავალთა შორის ძმათა (8,29).
თარგმანი: ქრისტე უფალი ბუნებითა მით ღმრთეებისაჲთა მხოლოდშობილი არს მხოლოჲ მხოლოჲსაგან, ხოლო კაცობრივითა ბუნებითა იქმნა პირმშო მრავალთა ძმათა შორის, რამეთუ ძმა ჴორციელისა ბუნებისა მისისა არიან ყოველნი მართალნი, და იგი არს ყოველთა პირმშოჲ. რამეთუ ჯერ-იყო რაჲთა ჴორციელითაცა ბუნებითა პირმშოებაჲ და მთავრობაჲ აქუნდეს უფალსა. ხოლო პირმშო ესრეთ არს, რამეთუ შეიმოსნა რაჲ ჴორცნი ესე და ბუნებაჲ ჩუენი, წმიდა ყო იგი ყოვლისაგან ცოდვისა, და გამოაჩინნა კაცნი ძედ ღმრთისა და ესრეთ იქმნა ბუნებითა მით კაცებისაჲთა პირმშო და თავ ყოველთა მართალთა, რამეთუ მან პირველად აღიყვანა კაცთა ბუნებაჲ ზეცად, და იქმნა პირმშო ყოველთა მუნ აღმავალთა მართალთა, რომელნი კაცებისა მისისათჳს ძმა მისა იწოდნეს.
მოციქულისაჲ: ხოლო რომელნი-იგი წინაჲსწარ იჩინნა, მათცა უწოდა და რომლითა-იგი უწოდა (8,30).
თარგმანი: ამათ ყოველთა სიტყუათა თანა ზემოჲ იგი სიტყუაჲ გულსა გაქუნდინ, რომელი იკითხვიდე, რომელ თქუა, ვითარმედ: "რომელნი ნებითა თჳსითა ჩინებულ არიან", რამეთუ იგინიცა აჩინნა და იცნნა და განამართლნა და წმიდა-ყვნა და ადიდნა; თუ არა, უკუეთუ იგი ზემოჲ სიტყუაჲ არა გაქუნდეს გულსა, არამედ ესრეთ გულისჴმა-ჰყოფდე თუ ღმერთმან რომელნიმე კეთილ და წმიდა ყვნა და რომელნიმე — არა, ბოროტსა საქმესა შთაჰვარდე და მანიქეველთა წვალებასა, რომელნი მიზეზსა კაცთა წარწყმედისასა ღმერთსა მიაჩემებენ. უკუეთუ კულა ამათ ყოველთა სიტყუათა თანა ზემოსა მასცა გულისჴმა-ჰყოფდე, სცნა, ვითარმედ მიზეზი განწმენდილთა მათ და ჩინებულთაჲ — თჳსი კეთილი ნებაჲ იქმნა, და ეგრეთვე წარწყმედულთა მიზეზ — თჳსივე ბოროტი ნებაჲ, და ღმერთი შორს არს ყოვლისავე თუალთ-ხუმისა. რამეთუ მზჱცა უშურველად ბრწყინავს, გარნა, რომელთა მიხედნენ მას, მათ განანათლებს, ხოლო რომელმან დაიჭუხნეს თვალნი, მას არა უნათობს. ეგრეთვე — ღმერთი.
მოციქულისაჲ: იგინიცა განამართლნა (8,30).
თარგმანი: განამართლნა ნათლისღებისა მიერ.
მოციქულისაჲ: და რომელნი-იგი განამართლნა, იგინიცა ადიდნა (8,30).
თარგმანი: ადიდნა ნიჭითა მადლთა და სასწაულთაჲთა.
მოციქულისაჲ: რაჲ-მე უკუე ვთქუათ ამისთჳს? უკუეთუ ღმერთი ჩუენ კერძო არს, ვინ არს ძჳრისმეტყუელ ჩუენდა? რომელმან-იგი ძესაცა თჳსსა არა ჰრიდა, არამედ ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი, ვითარ უკუე არა მითურთით ყოველივე მოგუანიჭოს ჩუენ? (8,31-32).
თარგმანი: ასწავლის მოთმინებასა განსაცდელთასა, და რაჲთა არარად შეერაცხნენ სოფლისა ამის ჭირნი, და ეტყჳს, ვითარმედ: ნუ გეშინინ მთავართა და ჴელმწიფეთა და მეფეთა რისხვისაგან, რამეთუ ღმერთი ჩუენ კერძო არს და ვერვის ძალ-უც ვნებად ჩუენდა, რამეთუ ღმერთმან, რომელმან ესოდენნი კეთილნი ქმნნა ჩუენ თანა, და ძე მისი სიკუდილდ მისცა ჩეუნთჳს, ცოდვილთა, მან სხუაჲ რომელიმცა კეთილი არა მოგუცა!
მოციქულისაჲ: ვინ არს მაბრალობელ რჩეულთა მათ ღმრთისათა? ღმერთი არს განმამართლებელ. ვინ არს დამსჯელ? — ქრისტე იესუ, რომელი მოკუდა, უფროჲსღა აღდგა (8,33-34).
თარგმანი: ვინ არს სხუაჲ დამსჯელ ჩუენდაო; ვინაჲთგან სული წმიდაჲ შეეწევის უძლურებასა ჩუენსა, და მამაჲ განგუამართლებს, ხოლო ძემან სიკუდილიცა თავს-იდვა ჩუენთჳს ფრიადითა მით სიყუარულითა ჩუენითა და აწ მეოხ არს ჩუენთჳს. ხოლო რომელთა წმიდაჲ სამებაჲ განამართლებდეს, ვინ დასაჯნეს იგინი?