📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: მრწამს მეცა, ძმანო, თქუენთჳს, ვითარმედ თქუენცა სავსე ხართ სახიერებითა და სრულ ყოვლითა მეცნიერებითა და შემძლებელ ხართ სხუათაცა სწავლად, ხოლო უკადნიერესად-რე მივწერე თქუენდა, ძმანო, ზოგს-რე-ცა მოგაჴსენებ თქუენ მადლითა მით ღმრთისაჲთა, რომელ მოცემულ არს ჩემდა ღმრთისა მიერ, რაჲთა ვიყო მე მსახურ ქრისტე იესუჲსაწარმართთა მიმართ მღდელობის მოღუაწე სახარებასა მას ღმრთისასა, რაჲთა იყოს მსხუერპლი იგი წარმართთაჲ შეწირულ და წმიდა სულითა წმიდითა. მაქუს სიქადული ქრისტე იესუჲს მიერ ღმრთისა მიმართ, რამეთუ არა ვიკადრო რაჲსამე სიტყუად, რომელი-იგი არა ქმნა ქრისტემან ჩემ მიერ, დასამორჩილებელად წარმართთა სიტყჳთა და საქმითა, ძალითა სასწაულებისა და ნიშებისაჲთა, ძალითა სულისა ღმრთისაჲთა, რამეთუ მე იერუსალჱმითგან და გარემო, ვიდრე ილჳრიკედმდე აღვასრულე სახარებაჲ ქრისტესი (15,14-19).
თარგმანი: ვინაჲთგან მრავალთა საქმეთათჳს ამხილა და აბრალა, აწ მცირედ ახარებს სიტყჳთა, ვითარმედ: მრწამს და ვიცი, რამეთუ სავსე ხართ ყოველთა კეთილითა და სიბრძნითა. გარნა მეცა, ვინაჲთგან მოციქულად წარმართთა დადგინებულ ვარ და მომიღებიეს მადლი ღმრთისაგან სწავლად წარმართთა, ვიკადრე თქუენდაცა მოწერად და არა ვითარცა სწავლაჲ, არამედ რეცა მოჴსენების სახედ, ზოგთა რომელთამე საქმეთათჳს, რამეთუ მსახური ვარ ქრისტესი წარმართთა მიმართ, და მოღუაწე მღდელობისაჲ სახარებასა შინა ქრისტესსა.
მოციქულისაჲ: ეგრეთ პატივცემულად ხარებად, არა თუ სადა სახელდებულ არს ქრისტე (15,20).
თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ ესე მქონდა წინაშე ჩემსა პატივცემულად ხარებად, სადა ქრისტე არა სახელდებულ არს, ესე იგი არს, რაჲთა მუნ ვქადაგებდე, სადა სხუასა არავის უქადაგებიეს ქრისტე.
მოციქულისაჲ: რაჲთა არა სხჳსა საფუძველსა ზედა ვაშენებდე, არამედ, ვითარცა წერილ არს, რავდენთა არა თხრობილ არს მისთჳს, იხილონ, და რომელთა არა ასმიეს, გულისჴმა-ყონ. და ამისთჳს დავებრკოლე მრავალ გზის მოსლვად თქუენდა (15, 20-22).
თარგმანი: სხჳსა საფუძველად იტყჳს სხუათა მოციქულთა ქადაგებასა, ხოლო სხჳსად არა თუ ამისთჳს იტყჳს თუ სხუა არს მათისა ქადაგებისა სარწმუნოებაჲ, არამედ სასყიდლისა და შრომისა საფუძველსა იტყჳს, ვითარმედ: სადა სხუათა არა ექადაგოს ქრისტე, მუნ ვქადაგებ, რამეთუ უკუეთუ სადა სხუათა არა ექადაგოს, მუნ ვქადაგებდე, მათსა საფუძველსა ზედა ვაშენებ, და არა მაქუს ესრეთ ფრიადი შრომაჲ და სასყიდელი შრომისაჲ მის.
მოციქულისაჲ: ხოლო აწ არღარა ადგილ მაქუს მე ამიერ კერძოთა ამათ ადგილთა, ხოლო მსურის მოსლვად თქუენდა მრავლით წლითგანი. და ამისთჳს, ოდეს წარვიდოდი სპანიად, ვესავ, მი-რაჲ-ვიდოდი მუნ, ხილვასაცა თქუენსა, და თქუენ მიერ წარვიგზავნო მუნ (15,23-24).
თარგმანი: ესე იგი არს, ვინაჲთგან ამათ კერძოთა საქმე აღვასრულე და არღარა მაქუს აქა ადგილი, სადამცა არა მექმნა მსახურებაჲ ჩემი, და მსურის-ცა თქუენდა ამისთჳს, წარ-რაჲ-ვიდოდი სპანიად, მოვიდე თქუენდაცა.
მოციქულისაჲ: უკუეთუ თქუენითა ხილვითა განვძღე ზოგს-რაჲმე პირველად (15,24).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ მცირედ-რაჲმე განვძღე თქუენითა ხედვითა და სიყუარულითა, რამეთუ სრულიად განძღომად სიყუარულითა მით არცა ერთი ჟამი კმა-მეყოფის.
მოციქულისაჲ: ხოლო აწ ესერა აღვალ იერუსალჱმად მსახურებად წმიდათა, რამეთუ ჯერ-იჩინა მაკედონიამან და აქაიამან ზიარება რაჲსმე ყოფად გლახაკთა მათთჳს წმიდათა, რომელნი არიან იერუსალჱმს. ჯერ-იჩინეს და თანამდებცა არიან მათა (15,25-27).
თარგმანი: ზიარებად იტყჳს მოწყალებასა, რამეთუ იერუსალჱმს მყოფთა მორწმუნეთა გლახაკთათჳს წარსცემდეს მაკედონიისა და აქაიისა მორწმუნენი საჴმართა, და მოციქულსა ეგულებოდა მათი წარღებაჲ და მას იტყჳს "ზიარებად", რამეთუ ესენი საჴმართა მისცემენო და იგინი — ლოცვათა, და ესრეთ ზიარ იქმნებიან ურთიერთას. რამეთუ ვინაჲთგან თქუა მოციქულმან თუ "მოვალ თქუენდა", და ეგულებოდა დაყოვნებაჲ, რაჲთა არა თქუან თუ —გჳტყუა, — ამისთჳს მიზეზსა ეტყჳს დაყოვნებისას.
მოციქულისაჲ: უკუეთუ სულიერთა მათ მათთა ეზიარნეს წარმართნი, თანა-აც ჴორციელითაცა მსახურებად მათდა. ესე აღვასრულო და დავჰბეჭდო ნაყოფსა მას მათსა და წარვიდე თქუენ მიერ სპანიად. ხოლო ესე უწყი, ვითარმედ, მო-რაჲ-ვიდოდი თქუენდა, სავსებითა მით კურთხევისა სახარებისა ქრისტესისაჲთა მოვიდე. გლოცავ თქუენ, ძმანო, უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა და სიყუარულითა მით სულისაჲთა, თანამოღუაწე მექმნენით მე ლოცვითა ჩემთჳს ღმრთისა მიმართ, რაჲთა განვერე ურჩთა მათგან ჰურიასტანს, და რაჲთა მსახურებაჲ ჩემი იერუსალჱმს შეწირულ იყოს წმიდათა მიმართ, რაჲთა მხიარულებით მოვიდე თქუენდა ნებითა ღმრთისაჲთა (15,27-32).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ იერუსალჱმს გამოჩნდა პირველად სარწმუნოებაჲ და ზიარ მისა იქმნეს წარმართნიცა, და ამისთჳს თანა-აც, რაჲთა ამათცა ჴორციელად ჰმსახურონ მუნ მყოფთა მათ წმიდათა, ვითარცა ამათ მათ მიერ მოიღეს სარწმუნოებისა ქადაგებაჲ.