მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ი̂ვ

წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: არამედ ვიტყჳ: ნუ-უკუე განაგდო ღმერთმან ერი თჳსი? ნუ იყოფინ! რამეთუ მეცა ისრაიტელ ვარ, თესლისაგან აბრაჰამისა ტომისაგან ბენიამენისა (11,1).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ნუ-უკუე სთქუათ თუ — გარე-მიაქცია სადმე ღმერთმან ერი თჳსი, და ვერ ძალ-უც მოქცევაჲ, დაღაცათუ ენებოს, და განქარდეს აბრაჰამის მიმართ აღთქუმანი, — გარნა ნუ იყოფინ! რამეთუ აჰა ესერა მეცა ჰურიათაგანი ვარ, და სხუანი ყოველნი მოციქულნი. უკუეთუმცა გარე-მიექცია, ვითარმცა მათგან გამოერჩინეს მოციქულნი! და კუალად: ერთ გზის ჰრწმენა ჰურიათა სამ ათასთა და კუალად ათმან ათასმან. აწ, უკუეთუმცა განეშორა, ესენიმცა ვითარ ცხოვნებულ იყვნეს? (რამეთუ არცა ერთიმცა შეეწყნარა, უკუეთუმცა განეშორა). არამედ ვინაჲთგან რომელნიცა მოიქცენ, შეიწყნარებს, საცნაურ არს, ვითარმედ რომელნიცა წარწყმდეს, თჳსითა ნებითა წარწყმდეს.

მოციქულისაჲ: არა განიშორა ღმერთმან ერი თჳსი, რომელი წინაჲსწარ იცნა. არა უწყითა ელიას რასა-იგი ეტყჳს წიგნი? ვითარ-იგი შეემთხუევის ღმერთსა შესმენად ისრაჱლისა: უფალო, წინაჲსწარმეტყუელნი შენნი მოსწყჳდნეს, საკურთხეველნი შენნი დაარღჳნეს; მე მარტოჲ დაშთომილ ვარ, და ეძიებენ სულსაცა ჩემსა. არამედ რასა ეტყჳს მას ბრძანებაჲ იგი სიტყჳსაჲ მის? — დამიტევებიეს თავისა ჩემისა შჳდ ათას მამაკაც, რომელთა არა მოუდრეკიან მუჴლნი მათნი ბაალისა. (11,2-4).

თარგმანი: ესე იგი არს, რომელთა იცოდა თუ მოქცევად არიან და სარწმუნოებად მოსლვად, არა განიშორნა, რამეთუ მრავალნი მოიქცეს ჰურიათაგანნი, რომელნი ვიცნით და მრავალნი არიან მოქცეულ, რომელთა არა ვიცნობთ. რამეთუ ელიაჲცა ჰგონებდა თუ მარტოჲ არს ღმრთისმსახურებასა შინა, არამედ იყვნეს შჳდ ათასნი, და აწცა მრავალნი მოქცეულ არიან ჰურიათაგან, რომელნი არა იცნით, რამეთუ, უკუეთუ ელია არა იცოდა, თქუენ ვითარ იცოდით?

მოციქულისაჲ: ეგრეთცა აწ ამას ჟამსა ნეშტი რჩევით მადლითა იქმნა (11,5).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვითარცა მაშინ ელიაჲს ზე მცირედნი იყვნეს სათნონი ღმრთისანი, ეგრეთვე აწ მადლითა ღმრთისაჲთა ნეშტი იქმნა რჩეულთა ჰურიათაჲ. ესე იგი არს, ვითარმედ მადლმან ღმრთისამან ყო და დაშთეს რჩეულნიცა, და არა ყოველნი წარწყმდეს. ხოლო რაჟამს თქუა თუ "რჩეულთაჲ", გამოაჩინა მათიცა სიკეთე, რამეთუ, უკუეთუ კეთილ არა იყვნენ, არა გამოირჩევიან. ხოლო თქუა რაჲ თუ "მადლითა", გამოაჩინა ნიჭი ღმრთისაჲ.

მოციქულისაჲ: უკუეთუ მადლითა, — არღარა საქმეთაგან; უკუეთუ არა ეგრეთ არს, მადლი იგი არღარამცა შერაცხილ იყო მადლად (11,6).

თარგმანი: რაჲთა არა თქუან თუ — წინაჲსწარმეტყუელნიცა იტყოდეს და ღმერთიცა გჳწოდდა, გარნა ძნელოვანთა რათმე საქმეთა ეძიებდა ჩუენგან, და ამისთჳს ვერ მოვიქეცით, — ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ მადლისა ღმრთისაჲ არს ყოველივე და არაჲ საქმე არს საძიებელ პირველ ქმნული სარწმუნოებად მოსლვისათჳს, არამედ ნებაჲ. რამეთუ არცა რომელნი მოვიდეს სარწმუნოებად, პირველ ქმნულთა საქმეთა მადლითა მოვიდეს, არამედ ღმრთისა მადლითა, და მათდა ნებაჲ ოდენ საჴმარ იქმნა.

მოციქულისაჲ: რამეთუ უკუეთუ საქმეთაგან არს, — არღარა არს მადლი. უკუეთუ არა, საქმე იგი არღარა საქმე არს (11,6).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუმცა საქმეთაგან მოვიდოდა მადლი იგი, არღარამცა "მადლ" ეწოდებოდა, არამედ "სასყიდელ". ხოლო ვინაჲთგან მადლი ღმრთისაჲ არა ეძიებს პირველ ქმნილთა საქმეთა, არამედ ნებითა ოდენ მოვალს, უკუეთუ ჰრწმენეს, — საცნაურ არს, ვითარმედ საქმენი იგი არღარა საქმედ შერაცხილ არიან.

მოციქულისაჲ: აწ უკუე რასა-მე ეძიებს ისრაჱლი ამას, რომელსა ვერ მიემთხჳა? ხოლო რჩეულნი იგი მიემთხჳნეს (11,7).

თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ: რომელნიცა ურწმუნო ექმნეს ქრისტესა ჰურიანი, იგინი იტყჳან, ვითარმედ შჯულსა აღვასრულებთ, არამედ შჯულსა გარდასრულ არიან. და რასაღა სცთებიან და ეძიებენ შჯულისა აღსრულებასა, რომლისაგან განვრდომილ არიან, ვინაჲთგან ქრისტე უვარ-უყოფიეს? ხოლო რჩეულნი იგი, რომელნი კეთილნი იყვნეს, იგინი მოიქცეს და მათ აღასრულეს ჭეშმარიტად შჯული. და მიემთხჳნეს ძალსა მისსა, რაჲთა ვერვინ თქუას თუ შეუძლებელ იყო მოქცევად ქრისტესა.

მოციქულისაჲ: და სხუანი იგი დაბრმეს (11,7).

თარგმანი: რომელნიცა დაადგრეს ჰურიებასა შინა, იგინი დაბრმეს, რამეთუ ამპარტავანებისა და შურისაგან წაეკიდა ესე.

მოციქულისაჲ: ვითარცა წერილ არს: მისცა მათ (11,8).

თარგმანი: სიტყუასა ამას თუ "მისცა" — ნუ ესრეთ გულისჴმა-ჰყოფ, თუ მან მოიყვანა იგი მათ ზედა, არამედ მიუშუაო და შეუნდო ესრეთ ყოფად.

მოციქულისაჲ: სული მწუხარებისა (11,8).

თარგმანი: დაბნელებასა მას და დაბრმობასა სულისასა კეთილისაგან და მიდრეკასა ბოროტისა მიმართ უწოდა "სულად მწუხარებისა".

მოციქულისაჲ: თუალნი, რაჲთა არა ხედვიდენ, და ყურნი, რაჲთა არა ესმოდის, ვიდრე დღენდელად დღედმდე (11,8).

თარგმანი: ვინაჲთგან თქუა თუ "დაბრმეს", მოიღო სიტყუაჲცა ესაიაჲსი მოწამედ, ხოლო მიზეზად დაბრმობისა მათისა მათსა მას სიფიცხესა იტყჳს, რამეთუ თუალნი აქუნდეს ხილვად სასწაულთა ქრისტესთა და ყურნი — სმენად სიტყუათა მისისა სწავლისათა. და არცა ერთი ამათგანი იჴმარეს ჯეროვნად, არამედ თუალნი დაიჭუხნეს და ყურნი დაიყვნეს, რამეთუ წარწყმედისა მიმართ მოსწრაფე იყვნეს. და ესე რაჲ იხილა ღმერთმან, მიუშუა ნებასა მათსა და დაუტევნა იგინი და ესრეთ წარწყმდეს.

მოციქულისაჲ: და მერმე დავით იტყჳს: ექმენინ ტაბლაჲ მათი მათ წინაშე საფრჴე, მისაგებელ და საცთურ. დაუბნელდენ თუალნი მათნი, რაჲთა არა ხედვიდენ (11,9-10).

თარგმანი: ნებსით თჳსით მათ მიერ ქმნადი საქმე ვითარცა წყევისა სახედ თქუა დავით, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ვინაჲთგან არა ინებეს მზისა მის სიმართლისა ხილვაჲ, ნუცამცა უხილავს! და კუალად, ტაბლისა საფრჴედ შეცვალებაჲ ყოველთა კეთილთა მათთა ბოროტად გარდაქცევასა მოასწავებს.

მოციქულისაჲ: და ზურგი მათი მარადის შედრიკე (11,10).

თარგმანი: "შედრეკად ზურგისა" მონებასა მას ჰრომთასა იტყჳს, რომელცა წაეკიდა, ხოლო თუ "მარადის" — ამით ამას მოასწავებს, ვითარმედ არა განთავისუფლდენ უკუნისამდე.

მოციქულისაჲ: ხოლო ამას ვიტყჳ: ნუ-უკუე ესრეთ ცოდეს, რაჲთა დაეცნენ? ნუ იყოფინ (11,11).

თარგმანი: ვინაჲთგან ფრიად ამხილა მათ, აწ კუალად ისწრაფის, თუ-მცა ნუგეშინის-ცემაჲ რაჲმე უპოა მათ, და იტყჳს, ვითარმედ: ცოდვანი მათნი დიდ არიან, გარნა ნუ-უკუე ესევითარნი არიანა, თუ-მცა ესრეთ დაეცნეს, რაჲთამცა ვერღარა უძლეს აღდგომად, დაღაცათუმცა ინებეს; "ნუ იყოფინო", რამეთუ ვითარიცა არს ცოდვაჲ მათი, შესაწყნარებელვე არიან ღმრთისა მიერ, უკუეთუ ოდენ ინებონ და მოიქცენ.

მოციქულისაჲ: არამედ მათითა შეცოდებითა ცხორებაჲ წარმართთაჲ იქმნა საშურებელად მათდა. უკუეთუ შეცოდებაჲ იგი მათი —სიმდიდრე სოფლისაჲ (11,11-12).

თარგმანი: ამის ადგილისა სიტყუათა პირი ყოველივე ესე არს, რაჲთა ჰურიათაცა ნუგეშინის-სცეს და არა წარუკუეთოს სასოებაჲ, არამედ უჩუენოს, ვითარმედ, უკუეთუ მოიქცენ, შეიწყნარებს მათ ღმერთი; და წარმართთაგანნიცა დაამდაბლნეს, რაჲთა არა ზუაობდენ; და ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ამისთჳს ცხოვნდეს წარმართნი, რამეთუ მათ ცხორებაჲ არა ინებეს, თუ არა, უკუეთუმცა ენება, მათი ჯერ-იყო პირველად ცხოვნებაჲ, და მერმეღა — წარმართნი. ვინაჲთგან უკუე მათ არა ინებეს ცხორებაჲ, მერმე პატივ-იცნეს წარმართნი. თუ არა, უკუეთუმცა ენება ჰურიათა, იგინიმცა პირველნი იყვნეს, ვიდრეღა წარმართნი, რამეთუ ესე თჳთ იტყჳს, ვითარმედ: "პირველად ჰურიანი და მერმეღა წარმართნი", და უფალი იტყოდა, ვითარმედ: "წარვედით უფროჲსად ცხოვართა მათ მიმართ წარწყმედულთა ძეთა ისრაჱლისათა". ჰხედავა, რამეთუ ურწმუნოებამან ჰურიათამან ადგილ-სცა წარმართთა უპირატეს-ყოფად სარწმუნოებითა. არამედ ვინაჲთგან მოვიდა მათდა იესუ და არა შეიწყნარეს იგი ბევრეულთა მათ სასწაულთა ზედა, არამედ ჯუარს-აცუეს, მერმე მოიზიდნა წარმართნი ქრისტემან, რაჲთა მათი პატივი ამხილებდეს მათსა უგუნურებასა და ნუ-უკუე შეშურდეს და მოიქცენ.

მოციქულისაჲ: და შებრკოლებაჲ იგი მათი — სიმდიდრე სოფლისაჲ წარმართთაჲ, რავდენ უფროჲს — სავსებაჲ იგი მათი (11,12).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ მათ განარისხეს და მან წარმართთა ესოდენნი კეთილნი მიანიჭნა, უკუეთუმცა არა განერისხა, არამედ ყოველნიმცა ცხოვნებულ იყვნეს (რამეთუ ამას მოასწავებს "სავსებაჲ"), არამცა უფროჲსღა ექმნაა ქრისტესა საქმე იგი? რამეთუ არა თუ თჳნიერ მის საქმისა ვერ ეძლო აღსრულებაჲ განგებულებისა თჳსისაჲ.

მოციქულისაჲ: ხოლო თქუენ გეტყჳ, წარმართთა მაგათ: რავდენ-ესე ვარ წარმართთა მოციქულ, მსახურებასა ამას ჩემსა ვადიდებ. და რაჲთა ვაშურვო ჴორცთა ჩემთა და ვაცხოვნო ვინმე მათგანნი? (11,13-14).

თარგმანი: ამას ჰურიათათჳს იტყჳს, რაჲთა არა თქუან, თუ სიძულილისა მათისათჳს თქუა, რაჲ-იგი თქუა ზემო, და რაჲთა დაამდაბლოს წარმართთაგანთა გონებაჲ. ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: თქუენ, წარმართთა, ამის ორისა მიზეზისათჳს გადიდებ — პირველად, რამეთუ ესე მსახურებაჲ რწმუნებულ არს ჩემდა, რაჲთა თქუენ გიქადაგებდე და ამისთჳს გაქებ თქუენ, ვითარცა ჩემთა მოწაფეთა; და მერმე ამისთჳს, რაჲთა ჰურიანი, რომელთაცა ჴორცად ჩემდა სახელ-ვსდებ, ვაშურვო თქუენითა ქებითა, და ნუ-უკუე მოიქცენ, და ვაცხოვნნე მათგანნი ვიეთნიმე. ხოლო განაბრწყინვებს წარმართთაგანთაცა ამით პირითა, რამეთუ მიზეზად ჰურიათა მოქცევისა სახელ-სდებს მათ, რამეთუ ჰურიანი თჳსითა წარწყმედითა იქმნეს მიზეზ წარმართთა ცხორებისა. ხოლო წარმართნი თჳსითა სარწმუნოებითა არიან მიზეზ მათისა ცხორებისა.

მოციქულისაჲ: უკუეთუ განვრდომაჲ იგი მათი — დაგება სოფლისა, რაჲ-მე-ღა იყოს შეწყნარებაჲ მათი, არა თუ ცხორებაჲ მკუდრეთით? (11,15).

თარგმანი: კუალად მასვე იტყჳს პირსა, ვითარმედ: უკუეთუ განვრდომაჲ მათი მიზეზ ცხორებისა ექმნა სოფელსა, რაჲ ვინ თქუას მისთჳს, უკუეთუ შეეწყნარნენ იგინი ღმერთსა; რაჲ-მე ყოფად არს; სხუაჲ რაჲმცა იყოო, გარნა აღდგომაჲ მათი მკუდრეთით; რამეთუ აწ მკუდარნი არიან ცოდვათა მიერ, ხოლო უკუეთუ შეეწყნარნენ ქრისტესა, მაშინ იქმნას აღდგომაჲ მათი სიკუდილისა მისგან, და ცხორებაჲ საღმრთოჲ.

მოციქულისაჲ: უკუეთუ დასაბამი იგი წმინდა არს, — შემდგომიცა; და ძირი თუ წმიდა არს, — მისნი რტონიცა (11,16).

თარგმანი: დასაბამად და ძირად აბრაჰამს იტყჳს და სხუათა მამადმთავართა და წინასწარმეტყუელთა, ხოლო რტოდ — მათგან გამოსრულთა მათ მორწმუნეთა.

მოციქულისაჲ: უკუეთუ რტოთა მათგანნი ვინმე გარდასტყდეს, ხოლო შენ ველური ზეთისხილი იყავ და დაემყენ მას ზედა და თანაზიარ ძირისა და სიპოხისა ზეთისხილისა იქმენ, ნუ ექადი რტოთა მათ (11,17-18).

თარგმანი: ყოველთა ამათ სიტყუათა წარმართთაგანთა მიმართ და გამოაჩინებს ჰურიათა განვრდომასა და მათსა ადგილსა წარმართთა შესლვასა, და ასწავებს წარმართთა არასიქადულსა. ხოლო ამას ყოველსა ამისთჳს იქმს, რომელ ჰურიანი შურად აღადგინნეს და სასოებაჲ მისცეს, უკუეთუ ენებოს მათ ცხორება, და წარმართთაგანთაცა სიმდაბლე ასწავოს.

მოციქულისაჲ: უკუეთუ ექადი, არა თუ შენ ძირი იგი გიტჳრთავს, არამედ ძირსა მას შენ უტჳრთავ (11,18).

თარგმანი: თქუა-მცა წარმართთაგანმან, ვითარმედ: ამას ზედა რაჲ სარგებელ არს გარდატეხილთა მათ რტოთაჲ, თუ მე მათსა ძირსა ზედა ვდგა. არარაჲ! რამეთუ, უკუეთუმცა ძირსა მას ზედა ვიქადოდე, აქუნდამცა სიტყუაჲ ამას პირსა. უკუეთუ კულა ძირსა მას, ვითარცა წმიდასა, თაყუანის-ვსცემ, რაჲ არს გარდატეხილთა მათ რტოთადა, თუ მე მას ძირსა უტჳრთავ. გარნა მოციქული ამათ ყოველთა სიტყუათა იტყჳს, რაჲთამცა შურად აღადგინნა იგინი და სასოებაჲ-ცა-მცა რაჲმე ცხორებისაჲ მისცა.

მოციქულისაჲ: აწ სთქუა სამე, ვითარმედ: მოსტყდეს რტონი იგი, რაჲთა მე დავემყნა. კეთილ! (11,19).

თარგმანი: გამოსახულნი არიან სიტყუანი ესე მოციქულისა მიერ, ვითარცა წარმართთაგანთა მაგიერ, ვითარმცა იტყოდა ვინმე წარმართთაგანი, თუ რაჲსათჳს არა ვიქადდე ამათ ესოდენთა კეთილთა ზედა, რომელნი მომეცნეს. ესენი გარდასტყდეს და მე დავემყენ და მკჳდრ ვიქმენ მამათა მათთა დიდებისა და მათდა მიცემულთა აღთქუმათა; მე, უცხოჲ ესე და არა-ზიარი! ხოლო იტყჳს მოციქული, ვითარმედ: "კეთილ!" ესე იგი არს, ვითარმედ: მაგას კეთილსა და სამართალსა იტყჳ.

მოციქულისაჲ: იგინი ურწმუნოებითა მათითა გარდასტყდეს, ხოლო შენ სარწმუნოებით სდგა (11,20).

თარგმანი: იხილე სიბრძნე მოციქულისაჲ, რამეთუ სიტყუათა მაგათ იტყჳს, რომელ ესრეთ ჩანან თუ ჰურიათა შესწევენო, და ესენი უფროჲსად შემარცხუენელ მათდა არიან, რამეთუ გარდატეხასა იტყჳს მათსა და განვრდომასა.

მოციქულისაჲ: ნუ პმაღლოი, არამედ გეშინოდენ! უკუეთუ ღმერთმან ბუნებითთა მათ რტოთა არა ჰრიდა, ნუ-უკუე შენცა არა გრიდოს. აწ უკუე იხილე სიტკბოებაჲ და სასტიკებაჲ ღმრთისაჲ: დაცემულთა მათ ზედა — სასტიკებაჲ, ხოლო შენ ზედა — სიტკბოებაჲ (11,20-22).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: იხილე საქმე საკჳრველი, ვითარ ღმერთი ჩუენ კაცთა ნებასა შეუდგს! რამეთუ შენ, წარმართთაგანო, არცა ერთი კეთილი გაქუნდა და ვინაჲთგან ოდენ ნებაჲ კეთილი აჩუენე და გრწმენა, აჩუენა ღმერთმანცა შენ ზედა მიუთხრობელი სიტკბოებაჲ, ვითარცა არს ბუნებით. ხოლო მათი იხილა რაჲ უკეთური ნებაჲ და ამპარტავანებაჲ, აიძულა მისი სიტკბოებაჲ და შეიცვალა სასტიკებად.

მოციქულისაჲ: უკუეთუ ეგო სიტკბოებასა მას ზედა; უკუეთუ არა, შენცა მო-ვე-ეკუეთო. და იგინი, თუ არა დაადგრენ ურწმუნოებასა მათსა ზედა, და-ვე-ემყნენ, რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი კუალად დამყნად მათდა (11,22-23).

თარგმანი ესე იგი არს, უკუეთუ ღირსნი სახიერებისა მის და ქველის-მოქმედებისა ჰქმნნე საქმენიცა; თუ არა, სარწმუნოებაჲ ოდენ არა კმა არს.

მოციქულისაჲ: უკუეთუ შენ ბუნებითისა მისგან მოეკუეთე ველურისა ზეთისხილისა და თჳნიერ ბუნებისა დაემყენ კეთილსა ზეთისხილსა, რავდენ უფროჲს იგინი, მო-თუ-იქცენ, დაემყნენ ბუნებითსა თჳსსავე მას ზეთისხილსა (11,24).

თარგმანი: ესე სიტყუანი რაჟამს გესმნენ, ვითარ იტყჳს, ვითარმედ "ბუნებითი" და "თჳნიერ ბუნებისა", ნუ ჰგონებ თუ შეურყეველთა ამათ კაცებისა ბუნებათა იტყჳს, არამედ გონებისა საქმეთა იტყჳს. რამეთუ კეთილთა და ბოროტთა ქმნაჲ არა ბუნებასა არს, არამედ ნებასა და გონებასა. და იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ჰურიანი ბუნებით მამადმთავართა და მართალთა რტონი იყვნეს და, ვინაჲთგან უკეურებაჲ შეიყუარეს და არა ჯერისაებრ ვლეს, განცჳვეს, შენ, რომელი-ეგე დაჩუეულ იყავ ურჩულოებასა და მოგაქცია ღმერთმან, უკუეთუ განარისხებდე მას და არა იქმოდი მცნებათა მისთა, არამცა მიიქეც-ა პირველთა მათვე საქმეთა შენთა?

მოციქულისაჲ: რამეთუ არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, რაჲთა არა იყვნეთ თავით თჳსით ბრძენ (11,25).

თარგმანი გენადისი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ნუ ჰგონებთ თუ უმეტეს სხუათასა ბრძენ ხართ, არამედ ისმინეთ საკჳრველი ესე განგებულებაჲ ღმრთისაჲ ყოველთა ცხორებისათჳს. რამეთუ ერთკერძო დაბრმეს ისრაჱლნი იგი თჳნიერ მოქცეულთასა, რამეთუ იგინი არა დაბრმეს, გარნა სხუანი-იგი დაბრმეს. და მერმე ღმერთმან თქუენ ზედა მოიყვანა ცხორებაჲ იგი, რომელი მათ უვარ-ყვეს. ხოლო რაჟამს წარმართთაგანნი ყოველნი მორწმუნე ყოფადნი შემოვიდენ სარწმუნოებად, მაშინ იგინიცა არა-მცირედნი მოიქცენ.

მოციქულისაჲ: რამეთუ სიბრმე ერთკერძო შეჰყვა ისრაჱლსა (11, 25).

თარგმანი: "ერთკერძო" ამისთჳს თქუა, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ არა ყოველნი დაბრმეს. რამეთუ ერთად კერძოდ დაბრმობილთა მათ იტყჳს, რომელნი არა მოიქცეს და მეორედ კერძად — რომელთა ჰრწმენა; ვითარმცა იტყოდა: ერთი კერძი ჰურიათაჲ დაბრმა და ერთი კერძი მოიქცა, რამეთუ ურიცხუნი მოქცეულ იყვნეს.

მოციქულისაჲ: ვიდრემდე სავსებაჲ იგი წარმართთაჲ შემოვიდეს, და ყოველი ისრაჱლი ცხოვნდეს (11, 25-26).

თარგმანი: "სავსებად წარმართთა" იტყვის ყოველთა, რომელთაცა ეგულების წარმართთაგან მოქცევაჲ; ვითარმედ რაჟამს-იგი ყოველნი შემოვიდენ სარწმუნოებად, მაშინ ისრაჱლნიცა ურიცხუნი მოიქცენ უკუანაჲსკნელთა ჟამთა, და უფროჲსღა ყოველი, რომელიცა ღირს იყოს წოდებად ისრაჱლად, მოიქცეს, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელებს ესაია.

მოციქულისაჲ: ვითარცა წერილ არს: მოვიდეს სიონით მჴსნელი და მოაქციოს უღმრთოებისაგან იაკობი (11,26).

თარგმანი: იაკობად აქა არა თუ მამადმთავარსა იტყჳს, არამედ მისგანთა მათ ნათესავთა. თუ არა იაკობ არაოდეს უშჯულო-ქმნილ არს.

მოციქულისაჲ: და ესე არს ჩემ-მიერი იგი მათდა მიმართ აღთქუმაჲ, რაჟამს მოვსპნე ცოდვანი მათნი (11,27).

თარგმანი: შემოიღებს წინაჲსწარმეტყუელისა სიტყუასა მოწამედ, ვითარმედ: "რაჟამს მოვსპნე ცოდვანი მათნი". ესე იგი არს, ვითარმედ: არა რაჟამს წინა-დაიცჳთონ, ანუ რაჟამს შაბათთა იმარხვიდენ, მაშინ აღესრულოს აღთქუმაჲ ჩემი მათდა მიმართ, არამედ რაჟამს მოვსპნე ცოდვანი მათნი, ესე იგი არს, რაჟამს ნათლისღებითა აღიჴოცნენ ბრალნი მათნი.

მოციქულისაჲ: რამეთუ სახარებისა მისგან — მტერ თქუენდა, ხოლო რჩეულებისა მისგან — საყუარელ მამათათჳს, რამეთუ შეუნანებელ არიან მადლნი იგი და ჩინებანი ღმრთისანი (11,28-29).

თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ ქადაგებისა მისგან სახარებისა ყოველნი ჰურიანი მტერ და საძულელ არიან თქუენთჳს, ესე იგი არს, ვითარმედ თქუენ ძლით; რამეთუ ესრეთ ბოროტ იქმნეს, რომელ თქუენ წარმართთა მაგათ, რომელნი უცხო იყვენით ღმრთისაგან, შეიწყნარეთ ქადაგებაჲ ესე, ხოლო მათ არა შეიწყნარეს, და ამის გამო თქუენ ძლით საძულელ არიან ღმრთისა. გარნა რომელნიცა რჩეულ იქმნენ და მოიქცენ მათგანნი ღმრთისა, რჩეულებისა მის გამო და მამათა მათთათჳსცა საყუარელ იქმნენ ღმრთისა და არა უჴსენოს მათ პირველი მათი ურწმუნოებაჲ; ვითარცა-იგი არცა თქუენ გიჴსენა, ეგრეთვე მათ; რამეთუ შეუნანებულ არიან აღთქუმანი და მადლნი ღმრთისანი, რომელნი ქმნნა მათსა ნათესავსა ზედა, უკუეთუ ოდენ მათ ინებონ მოქცევაჲ.

მოციქულისაჲ: ვითარცა-იგი თქუენცა ოდესმე ურჩ ექმნენით ღმერთსა და აწ შეიწყალენით მათითა მით ურჩებითა, ეგრეთვე აწ ესენი ურჩ ექმნნეს თქუენისა შეწყალებისათჳს, რაჲთა იგინიცა შეიწყალნენ (11,30-31).

თარგმანი: გამოაჩინებს, ვითარმედ პირველად წარმართთა უწოდა ღმერთმან, რამეთუ მისცა მათ სიბრძნე, რაჲთამცა იცნეს ღმერთი, ხოლო იგინი ურჩ ექმნნეს, და მერმე მოუწოდა ჰურიათა, ხოლო მათ მცირედ ჟამ ისმინეს მისი და კუალად ურჩ ექმნეს. მერმე კუალად უწოდა მეორედ წარმართთა, რაჟამს ჰურიათა არა ინებეს რწმუნებად და მეორესა მას წოდებასა დაემორჩილნეს წარმართნი. გარნა არა ყოფად არს ჰურიათა ყოველთა წარწყმედასა ზედა აღსასრული, არამედ მოიქცენ მათგანნიცა მრავალნი და პოონ წყალობაჲ. და ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: ვითარცა თქუენ, წარმართნი, მაშინ უშჯულო იყვენით და მორჩილ იყვნეს ჰურიანი, და კუალად, რაჟამს იგინი უშჯულო იქმნნეს, თქუენ მორჩილ იქმნენით; არამედ იგინიცა, უკუეთუმცა მოიქცეს ქრისტესა, ეგრეთვემცა წმიდა იყვნეს, ვითარ თქუენ, და მო-ცა-ქცევად არიან მრავალნი, რაჲთა შეიწყალნენ.

მოციქულისაჲ: რამეთუ შეაყენნა ღმერთმან ყოველნივე ურჩებასა, რაჲთა ყოველნივე შეიწყალნეს. ჵ სიღრმესა მას სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისასა; ვითარ გამოუკულეველ არიან განკითხვანი მისნი და გამოუძიებელ (11,32-33).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ამხილა და გამოაჩინა, ვითარმედ ყოველნი ურჩებისა და ცოდვისა თანამდებ არიან, არამედ არა თუ ამისთჳს ამხილა, რაჲთა მასვე ზედა დაადგრენ, არამედ რაჲთა ყოველნი მოიქცენ და პოვონ წყალობაჲ ურთიერთას ბაძვითა.

მოციქულისაჲ: გზანი მისნი, რამეთუ ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ, ანუ ვინ თანამზრახვალ ეყო მას? (11,33-34).

თარგმანი: "გზად" განგებულებათა მისთა სახელ-სდვა.

მოციქულისაჲ: ანუ ვინ წინაჲსწარ მი-რაჲმე-სცა მას და კუალად მიეგოს მას? (11,35).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არავისი რაჲ თანა-აც თანა-მდებებით მისაგებელად საქმეთა მისთა, არამედ მარადის იგი თავადი იქმნების დამწყებელ ნიჭთა მისთა და არა თუ მისაგებელად ვისთამე საქმეთა ჰყოფს მადლთა მისთა, რამეთუ რაჲმცა ვინ ქმნა ესოდენი, რაჲთამცა ღმერთი თანამდებ ყო თავისა თჳსისა!

მოციქულისაჲ: რამეთუ მისგან და მის მიერ და მისა მიმართ არს ყოველი და მისი არს დიდებაჲ უკუნითი-უკუნისამდე, ამინ (11,36).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ მან მოიგონნა და მან დაჰბადნა და მას უპყრიენ და განამტკიცებს ყოველთა.