მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ი̂ზ

წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: გლოცავ თქუენ, ძმანო, მოწყალებითა ღმრთისაჲთა, წარუდგინენით ჴორცნი ეგე თქუენნი მსხუერპლად ცხოველად წმიდად, სათნოდ ღმრთისა (12,1).

თარგმანი: ვინაჲთგან თქუა თუ "მსხუერპლად", რაჲთა არავინ თქუას თუ — დაკლვასა იტყჳს თავთა თჳსთასა, — ამისთჳს შესძინა, ვითარმედ: "ცხოველად". ხოლო ვითარ იქმნების მსხუერპლად შეწირვაჲ ჴორცთაჲ? გარნა ესრეთ, რამეთუ, რაჟამს თუალნი არარაჲსა ბოროტისა მიმართ მივიდოდინ, არამედ მარადის კეთილსა ხედვიდენ, და ენაჲ არა ბოროტისა სიტყუათა ჰმსახურებდეს, არამედ გალობათა შინა და საღმრთოთა სიტყუათა იქცეოდის და ჴელნი არა ბოროტისა საქმეთა, არამედ კეთილსა იქმოდინ და ესრეთ ყოველნი ასონი სიმართლისა საჭურველ იქმნებოდინ. ესრეთ იქმნებიან ჴორცნი მსხუერპლ ღმრთისა.

მოციქულისაჲ: სიტყჳერი ეგე მსახურებაჲ თქუენი (12,1).

თარგმანი: სიტყჳერი მსახურებაჲ არს უსისხლოჲ იგი მსხუერპლი; ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: წარუდგინენით ჴორცნი თქუენნი მსხუერპლად სათნოდ ღმრთისა, სიტყჳერსა მას და უსისხლოსა შესაწირავსა თანა.

მოციქულისაჲ: და ნუ თანახატ-ექმნებით სოფელსა ამას (12,2).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ სოფელი ესე არა მტკიცე არს, არამედ იქცევის, ვითარცა ქარი, სხუად და სხუად, არამედ თქუენ ნუ იქმნებით მსგავსად მისისა მის დაუდგრომელობისა, არამედ მტკიცედ დეგით ღმრთისმსახურებასა შინა.

მოციქულისაჲ: არამედ მიიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქუენისაჲთა (12,2).

თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ, ვინაჲთგან კაცნი ხართ უძლურნი, და ვერ ძალ-გიც მარადის უცოდველად ყოფაჲ, ესე მოიგეთ, რაჲთა, უკუეთუ სადა შეგემთხუევოდის ცოდვაჲ, მიიცვალებოდეთ განახლებითა მით სინანულისაჲთა პირველისავე სიწმიდისა, რამეთუ არარაჲ ესრეთ დააძუელებს სულსა და ჴორცთაცა, ვითარ ცოდვაჲ, ხოლო სინანული — განახლებაჲ არს გონებისა და სულისაჲ.

მოციქულისაჲ: რაჲთა გამოიცადოთ თქუენ, რაჲ-იგი არს ნებაჲ ღმრთისაჲ, კეთილი და სათნოჲ და სრული (12,2).

თარგმანი: ამას ჰურიათა მათ მიმართ იტყოდა, რამეთუ ძუელი შჯულიცა ნებაჲვე იყო კეთილი ღმრთისაო, არამედ არა სათნოჲ, არცა სრული; არამედ უძლურებისათჳ კაცთაჲსა განგებული. ხოლო ახალი ესე შჯული არს კეთილი და სათნოჲ და სრული ნებაჲ ღმრთისაჲ.

მოციქულისაჲ: რამეთუ მე ვეტყჳ მადლითა მით, რომელი მოცემულ არს ჩემდა ყოველსა მას, ვინცა-იგი არს თქუენ შორის: ნუ უფროჲს გრძნობ უმეტეს წესისა მის, არამედ ბრძნობდინ სიწმიდესა კაცად-კაცადი, ვითარცა ღმერთმან განუყო საზომითა მით სარწმუნოებისაჲთა. ვითარცა ერთსა მას გუამსა მრავალ ასოებ აქუს, ხოლო ასოებსა მას ყოველსა არა იგივე საქმე აქუს, ეგრეთცა ჩუენ ყოველნი ერთ გუამ ვართ ქრისტეს მიერ, ხოლო თითოეული ურთიერთას ასოებ ვართ. ხოლო მაქუს ჩუენ ნიჭი მადლითა მით ღმრთისაჲთა მოცემულითა ჩუენდა თითოსახედ; გინა თუ წინაჲსწარმეტყუელებაჲ სასწაულად სარწმუნოებისა, გინა რომელი მსახურებდეს — მსახურებითა მით; გინა რომელი ნუგეშინის-სცემდეს — ნუგეშინის-ცემითა; რომელი მისცემდეს — უხუებით; რომელი წინამძღუარ იყოს — მოსწრაფებით; რომელი სწყალობდეს — მხიარულებით, სიყუარულითა შეუორგულებელითა; განეშორენით ბოროტსა და შეეყვენით კეთილსა; ძმათმოყუარებით მოყუარებით ურთიერთას სურვიელად მოყუარე იყვენით; პატივის-ცემასა ერთიერთსა უსწრობდით. მოსწრაფებასა ნუ მცონარე ხართ; სულითა მდუღარე იყვენით; უფალსა ჰმონებდით; სასოებითა გიხაროდენ; ჭირსა დაუთმობდით; ლოცვასა განკრძალულ იყვენით; ჴსენებასა წმიდათასა ეზიარებოდეთ; უცხოთმოყუარებასა შეუდეგით; აკურთხევდით მდევართა თქუენთა, აკურთხევდით და ნუ სწყევთ. გიხაროდენ მოხარულთა თანა და ტიროდეთ მტირალთა თანა (12,3-15).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ნუვინ ზუაობს და შეურაცხიეს თავი თჳსი ბრძენ უფროჲს თჳსისა საზომისა. ნუცა მოიგონებნ საქმეთა, რომელნი ჩუენ არა დაგჳწესებიან. რამეთუ მოგუეცა სიბრძნე, არამედ არა ზუაობისათჳს, გარნა სიმდაბლისა. რამეთუ სიმდაბლესა ამას ადგილსა სიწმიდედ სახელ-სდვა, თქუა რაი, ვითარმედ: ბრძნობდინ სიწმიდესა. ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ბრძნობდინ სიმდაბლესა შინა. ხოლო სახელ-სდვა სიმდაბლესა სიწმიდე, რაჲთა გიჩუენოს, ვითარმედ რომელი არა მდაბალ იყოს, მას არცა სიწმიდე აქუს. მოეცემოდეს მაშინ მრავალთა თითოსახენი მადლნი და ვიეთნიმე მათგანნი ზუაობდეს, რომელთა უვაღრესი რაჲმე მადლი აქუნ — ანუ წინაჲსწარმეტყუელებაჲ, ანუ სხუაჲ რაჲმე, — მათ ზედა, რომელთა უდარესნი მადლნი მოეხუნეს; და კუალად, უდარესნი იგი უდიდესთა მათ ეშურებოდეს. ამისთჳს იტყჳს მოციქული, ვითარმედ ნუვინ ბრძნობნ და ზუაობნ უფროჲს წესისა, ნუცა ვინ ეშურებინ მეორესა. არამედ დაჯერებულმცა ხართ ღმრთისა ნიჭთა ზედა, ვითარცა ღმერთმან განუყო თითოეულსა, რამეთუ მან იცის უმჯობესი. ნუცამცა უკუე, რომელსა უდიდესი მადლი აქუს, ზუაობს მას ზედა, რამეთუ ღმრთისა ნიჭი არს, და არა თჳსითა ძალითა მოგებული. ნუცამცა უდარესი იგი ეშურების მას, რამეთუ ღმერთსა განუყოფიეს და მან იცის თითოეულისა საზომი, და თუ რაჲ მოუვალს, რამეთუ ღმერთმან თითოეულისა სარწმუნოებისა საზომთაებრ განუყვნა მადლნი. და კუალად, ყოველნი ერთ ხართ, რამეთუ ვითარცა გუამი ერთ არს და ყოველთა ასოთა სხუაჲ და სხუაჲ საქმე უპყრიეს, ეგრეთვე ყოველნი ერთ ხართ და თითოსახენი მადლნი მიგიხუმან სულისა მიერ წმიდისა თითოსახეთა მსახურებათათჳს.

მოციქულისაჲ: მასვე ურთიერთისათჳს ზრახევდით. ნუ მაღალსა ზრახავთ, არამედ მდაბალთა თანა დამდაბლდებოდეთ (12,16).

თარგმანი: რაჲ არს ესე თუ "მასვე ერთერთისათჳს ზრახევდით"? — ესე იგი არს, ვითარმედ: თითოეული რასაცა თავისა თჳსისათჳს იგონებდეს და ვითარცა თავი თჳსი შეერაცხოს, ეგრეთ შეერაცხენ მოყუასიცა. უკუეთუ მდიდარი ხარ, ნუ გიჩნ გლახაკი იგი ძმაჲ შენი უნდოდ და არარად, და თავი თჳსი — დიდად, არამედ სწორად შენსა გაქუნდინ იგიცა, რამეთუ არა არს წინაშე განყოფილებაჲ მდიდრისა და გლახაკისაჲ. ამისთჳს უკუე ნუ მაღალსა ჰზრახავთ და ჰზუაობთო, მდიდარნო, არამედ დამდაბლდებოდეთ გლახაკთა და უქონოთა ძმათა თქუენთა თანა, და ნუ უღირს გიჩნს ესეო.

მოციქულისაჲ: ნუ ჰგრძნობთ თავით თჳსით და ნუვის ბოროტისა წილ ბოროტსა მიაგებთ (12,16-17).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ნუ შეგირაცხიან თავნი თქუენნი ბრძნად და არღარაჲსა ნაკლულევანად, თუმცა არა გიჴმდა ყოვლადვე სხჳსაგან განკითხვაჲ.

მოციქულისაჲ: განაგებდით კეთილსა წინაშე ღმრთისა და კაცთა (12,17).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ყოველივემცა განგებაჲ და საქმე თქუენი კეთილისა კერძო არს წინაშე ღმრთისა და წინაშე კაცთა, რაჲთა "ხედვიდენ ყოველნი კეთილთა საქმეთა თქუენთა და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა". არამედ წინაშე ღმრთისამცა წმიდა არს საქმე თქუენი და ნუმცა კაცთა საჩუენებელად იქმნების, არამედ კაცთა წინაშეცა რომელსა იქმოდით, ღმრთისა სადიდებელადმცა იქმთ და წმიდად ყოვლისა ზუაობისაგან.

მოციქულისაჲ: უკუეთუ შესაძლებელ არს თქუენ მიერ, ყოველთა კაცთა თანა მშჳდობასა ჰყოფდით (12,18).

თარგმანი: ამისთჳს თქუა "უკუეთუ შესაძლებელ არს", რამეთუ არს ჟამი, რაჟამს არა შესაძლებელ არს მშჳდობისა ქმნაჲ, არცა ჯეროან (ვითარ, რაჟამს იყოს მართლმორწმუნეობისათჳს მწვალებელთა მიმართ შფოთი და წინააღდგომაჲ); გარნა, ოდეს შესაძლებელ იყოს, თქუენ მიერსა მიზეზსა დაბრკოლებისასა ნუვის სცემთო.

მოციქულისაჲ: ნუ თავით თჳსით შურსა ეძიებთ, საყუარელნო, არამედ ეცით ადგილ რისხვასა, რამეთუ წერილ არს: ჩემი არს შურისგებაჲ და მე მივაგო, იტყჳს უფალი (12,19).

თარგმანი: რომელსა რისხვასა იტყჳს; გარნა ღმრთისასა. ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ ვინ ბოროტი გიყოს, ნუ უყოფ შენ ნაცვალსა, არამედ ადგილ-ეც ღმრთისა რისხვასა და შურისგებასა, რამეთუ, უკუეთუ შენ არა იძიო შური, ღმერთმან იძიოს შური. უკუეთუ კულა შენვე შეჰრისხნე და შური იძიო, ღმრთისა შურისგებასა არღარა აქუს ადგილი, რამეთუ შენითა შურისგებითა დაგიპყრიეს იგი.

მოციქულისაჲ: არამედ, შიოდის თუ მტერსა შენსა, პური ეც, და სწყუროდის თუ, ასუ მას. ესე რაჲ ჰყო, ნაკუერცხალი ცეცხლისაჲ შეჰკრიბო თავსა მისსა. ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ სძლე კეთილითა მით ბოროტსა მას (12,20-21).

თარგმანი: ვინაჲთგან თქუა თუ "ნაკუერცხალი შეჰკრიბო თავსა მისსა", აწ კუალად ეტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ მე ესრეთ ვთქუ, შენდა ნუგეშინის-საცემელად, და ბოროტისმოქმედისა — შიშად, გარნა შენ ნუ იძლევი ბოროტისაგან; რამეთუ, უკუეთუ ბოროტისმყოფელსა შენსა კეთილსა ამით გულისსიტყჳთა უყოფდე, რაჲთამცა ნაკუერცხალი ცეცხლისაჲ შეჰკრიბე მის ზედა, — არა გიძლევიეს ბოროტისადა, არამედ ძლეულ ხარ მის მიერ. არამედ ყოვლითა გულითა შეუნდვე მას, და ღმრთისაგანცა ითხოე, რაჲთა შეუნდოს, და ესრეთ უყავ კეთილი, და მაშინ სძლო ბოროტსა კეთილითა.

მოციქულისაჲ: ყოველი კაცი ჴელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ, რამეთუ არა არს ჴელმწიფებაჲ გარნა ღმრთისაგან, და რომელნი არიან, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან. ამიერითგან, რომელი წინა-აღუდგებოდის ჴელმწიფებასა, ღმრთისა ბრძანებასა წინა-აღუდგების, ხოლო რომელნი-იგი წინა-აღუდგებოდიან, თავისა თჳსისა საშჯელი მიიღონ. რამეთუ მთავარნი არა არიან საშინელ კეთილისმოქმედთათჳს, არამედ ბოროტისმოქმედთათჳს. გნებავს თუ, რაჲთა არა გეშინოდის ჴელმწიფებისაგან, კეთილსა იქმოდე და მოიღო ქებაჲ მისგან, რამეთუ ღმრთისა მსახური არს შენდა კეთილისათჳს. უკუეთუ ბოროტსა იქმოდი, გეშინოდე, რამეთუ არა ცუდად ჴრმალ აბს მას. რამეთუ ღმრთისა მსახური არს შურის მეძიებელი რისხვისათჳს ბოროტის მოქმედთაჲსა (13,1-4).

თარგმანი: გამოაჩინებს მოციქული, ვითარმედ ღმრთისა განგებითა არიან მთავარნი და მსაჯულნი, რაჲთა არა სწორობითა ყოველი უწესოებაჲ იქმნებოდის, რამეთუ ღმერთი წესიერებისა მოყუარე არს. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: რომელნი კეთილსა ზედა არა ჰმორჩილობდენ მთავართა, მათ ზედა არა თუ მთავართა მათ მიერ ოდენ, არამედ ღმრთისა მიერიცა რისხვაჲ მოიწიოს, რამეთუ მთავარნი შემაშინებელად ბოროტისმოქმედთა დადგინებულ არიან.

მოციქულისაჲ: ამისთჳს ჯერ-არს დამორჩილებად არა ხოლო რისხვისათჳს, არამედ გონებისა მისთჳსცა მამხილებელისა. ამისთჳს ხარკსაცა მისცემდით, რამეთუ მსახურნი ღმრთისანი არიან. ამისთჳსცა მოღუაწებისა განკრძალულ არიან. მისცემდით უკუე ყოველთა თანამდებსა: სახარკოსა — ხარკი, საზუერესა — ზუერი, საშინელსა — შიში, საპატივოსა — პატივი. ნურარაჲმცა ვისი თანა-გაც, გარნა სიყუარული, რამეთუ რომელსა უყუარდეს მოყუასი თჳსი, მან შჯული აღასრულა; რამეთუ სიტყუანი იგი თუ: "არა იმრუშო, არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა გული გითქუმიდეს", და სხუაჲ თუ რაჲმე მცნებაჲ არს, ამითვე სიტყჳთა სრულ იქმნების, ვითარმედ: "შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი". სიყუარულმან მოყუასსა თჳსსა ბოროტი არა უყვის, რამეთუ აღმასრულებელი შჯულისაჲ სიყუარული არს (13,5-10).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ჯერ-არს მორჩილებაჲ მთავართაჲ და ჴელმწიფეთაჲ კეთილსა ზედა, არა თუ რისხვისა მის მათისათჳს ოდენ, და ღმრთისა მიერისაცა, რომელ არს ურჩთა ზედა, არამედ გონებისა მისთჳსცა მამხილებელისა, რომელ არს სჳნიდისი, რომელი მამხილებელად ბოროტისა დაიბადა ღმრთისა მიერ, რაჲთა არა გუამხილებდესო, ვითარცა უწესოთა და ურჩთა. ამისთჳს უკუე, სადა ხარკი ჯერ-იყოს, ხარკი მიეცით, და სადა შიში ჯერ-იყოს, შიშსა აჩუენებდით, სადა პატივი — პატივსა, და ყოვლისა საქმისა, რაჲცა ვისი თანაგედვას, აღასრულებდით, და ნუმცა ვისი გაქუს თანანადები, გარნა სიყუარული ოდენ, რამეთუ იგი არს თავი ყოველთა კეთილთაჲ და თანანადები სამარადისოჲ.

მოციქულისაჲ: ხოლო მეცნიერ იყვენით ჟამსა მას და ესე უწყოდეთ, რამეთუ აჰა ესერა ჟამი არს ამიერითგან განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან (13,11).

თარგმანი: ვინაჲთგან წარმოთქუა სწავლაჲ კეთილისა მოქალაქობისათჳს, და აღასრულა იგი პირი სიყუარულისა სიტყუასა ზედა, მერმე შემოიღო ჴსენებაჲ დღისა მის საშჯელისაჲ, ვითარმედ: ისწრაფეთ ქმნად კეთილისა და სიყუარულისა საქმესა აღასრულებდით, და მეცნიერ იყვენით ჟამსა მას საშჯელისასა, რამეთუ მოახლებულ არს იგი, და ითხოვდეს ჩუენგან საქმესა სათნოებისასა, რამეთუ ესერა მოიწევის ჟამი, რაჟამს დაეცეს საყჳრსა და აღვდგეთ ჩუენ ძილისა მისგან სიკუდილისა, მოღებად მოსაგებელისა საქმეთა ჩვენთაჲსა.

მოციქულისაჲ: რამეთუ აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ვიდრეღა ოდეს-იგი გურწმენა (13,12).

თარგმანი: ორ სახედ არს ძალი ამის სიტყჳსაჲ: ერთად, ამას იტყჳს: აწ უმახლობელეს არს დღე იგი ცხორებისაჲ (რომელ არს დღე საშჯელისაჲ), ვიდრეღა ოდეს-იგი გურწმენა, რამეთუ რაჲზომცა დღენი და ჟამნი გარდაჴდებოდიან, იგი დღე მოგუეახლების, ხოლო დღესა მას საშჯელისასა უწოდა ცხორებად, რამეთუ ცხორებაჲ არს იგი მართალთაჲ, და ვითარცა ცოდვილთა მიმართ რაჲ იყოს სიტყუაჲ, დღესა მას რისხვა და სალმობა ეწოდების, ეგრეთვე აქა, ვინაჲთგან მორწმუნეთა ეტყოდა და სათნოებანი ზემო წარმოთქუნა, ცხორებად სახელ-სდვა მას დღესა ნუგეშინის-საცემელად მათდა. ხოლო მეორედ, ესეცა ძალი აქუს ამას სიტყუასა, ვითარმედ: აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ვიდრეღა ოდეს-იგი გურწმენა; ესე იგი არს, ვითარმედ აწ უმეტესად გულისჴმა-ვყავთ სიკეთე სათნოებათაჲ და გამორჩევაჲ მათი. და აწ უფრო სუბუქად აღგჳჩნდა შრომაჲ მოღუაწებისაჲ, ვიდრეღა მაშინ, რაჟამს ოდენ გურწმენა, და არა დაჩუეულ ვიყვენით მოღუაწებასა, არცა სრულიად შეგუეყუარა სათნოებაჲ, არცა გუესწავა კეთილად გამორჩევაჲ კეთილისაჲ ბოროტისაგან.

მოციქულისაჲ: ღამე იგი განგუეშორების და დღე მოახლებულ არს (13,12).

თარგმანი: ღამედ ამას საწუთროსა იტყჳს და დღედ — მას საუკუნესა, რამეთუ საწუთროჲსა საქმენი არაჲთა განყოფილ არიან სიზმართაგან, ამისთჳს ღამედ უწოდა, ხოლო მას საუკუნესა —დღედ, რამეთუ ყოველნი დაფარულნი მაშინ გამოჩნდებიან.

მოციქულისაჲ: აწ უკუე განვიშორნეთ საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ (13,13).

თარგმანი: საქმედ ბნელისა — ცოდვათა იტყჳს, ხოლო საჭურველად ნათლისა — სათნოებათაჲ.

მოციქულისაჲ: და ვითარცა დღესა შინა, შუენიერად ვიდოდით, ნუ სიმღერითა და მთრვალობითა, ნუ საწოლითა ბილწებისაჲთა, ნუ ჴდომითა და შურითა, არამედ შეიმოსეთ უფალი იესუ ქრისტე და ჴორცთა ნუ ჰყოფთ გულისთქუმათა ზედა (13,14).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ესრეთ შევჰრაცხოთ, ვითარმედ აწვე მოწევნულ არს საუკუნოჲ იგი დღე, და ვითარცა მას შინა მყოფნი, სათნოებითა შემოსილნი ვიდოდით.

მოციქულისაჲ: ხოლო უძლური იგი სარწმუნოებითა შეიწყნარეთ, ნუ ორგულებითა და გულისსიტყჳთა, რამეთუ რომელსამე ჰრწამნ ჭამად ყოველი, ხოლო უძლური იგი მხალსა ჭამნ (14,1-2).

თარგმანი: იყვნეს ვიეთნიმე ჰურიათაგან მოქცეულნი, რომელნი ჯერეთ ჭამადთა ერიდებოდეს, რომელთა ჰურიებასა არა ჭამდეს, და ეძაგებოდა ჭამაჲ მათი, რამეთუ ვერ მინდობილ იყვნეს სრულიად დატევებად შჯულისა, ხოლო კუალად უკუეთუ ღორისასა ოდენმცა განეყენნეს, და სხუათა მათ, რომელთა ჰურიებასა შინა არა ჭამდეს, ბრალეულ იქმნებოდეს მორწმუნეთა შორის. ამისთჳს სრულიად აღკრიბიან ჴორცი და მხალსა ჭამდიან, რაჲთა მარხვად შერაცხილ იყოს სხუათა მიერ, და არა შჯულისა ჰურიათაჲსა დამარხვად. და კუალად იყვნეს სხუანი ჰურიანი მოქცეულნი, რომელთა მტკიცედ ჰრწმენა და არღარა აქუნდა ჰურიებრივი რიდობაჲ, და მრიდობელთა მათ აბრალებდიან და შეაწუხებდიან და აყუედრებდიან, ხოლო ნეტარსა პავლეს ეშინოდა, ნუ-უკუე ვიდრე მცირედისა განმართლებაჲ ენებოს, ყოველივე დაარღჳონ და სრულიად წარწყმიდნენ იგინი. ამისთჳს ეტყჳს მტკიცეთა მათ მორწმუნეთა, ვითარმედ: უძლური იგი სარწმუნოებითა და ვერ-მტკიცე შეიწყნარეთ, და ნუ ორგულებთ, ნუცა გულისსიტყუანი გქონან თუ ბოროტსა იქმთ, არამედ სულგრძელ ექმენით და თჳთ მოიქცეს, რამეთუ რომელსა კეთილად და მტკიცედ ჰრწამნ, იგი ყოველსავე ჭამნ, ხოლო უძლური იგი სარწმუნოებითა — მხალსა ჭამნ. ესრეთ უკუე მათცა ამხილა სიბრძნით, და სხუათა მათ ასწავა, რაჲთა სულგრძელ ექმნენ.

მოციქულისაჲ: მჭამელი იგი არამჭამელსა მას ნუ შეურაცხ-ჰყოფნ (14,3).

თარგმანი: ამით სიტყჳთა უჩუენა მათ, ვითარმედ შეურაცხებისა ღირსსა საქმესა იქმან, და სხუათა მათ ასწავა, რაჲთა არა შეურაცხ-ყვნენ იგინი, არამედ ვითარცა თჳსთა ძმათა, სიტკბოებით ასწავლიდენ.

მოციქულისაჲ: და არამჭამელი იგი მჭამელსა მას ნუ განიკითხავნ, რამეთუ ღმერთმან იგი შეიწყნარა. შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ სხჳსა მონასა? თჳსისა უფლისა... (14,3-4).

თარგმანი: განუკითხველის მჭამელნი იგი სხუათა მათ შეურაცხ-ჰყოფდეს და კუალად იგინი მჭამელთა მათ ვითარცა ნაყროვანთა განიკითხვიდეს. ამისთჳს მათ მოექცა მოციქული და ეტყჳს, ვითარმედ: ვინ ხარ შენ, რომელი სარწმუნოებით მჭამელსა მას მონასა ქრისტესსა განიკითხავ, რომელი-იგი არა ძუელისა შჯულისა მონაჲ არს, არამედ სხჳსა შჯულისა —ახლისა და ქრისტეს მიერისა, რამეთუ ქრისტემან ღმერთმან იგი შეიწყნარა და განათავისუფლა ყოვლისავე ძუელისა შჯულისა რიდობისაგან. ხოლო გულისჴმა-იყოფების ესე სიტყუაჲ კუალად მჭამელთა მათ მიმართცა, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: რად განიკითხავ არამჭამელსა მას, რამეთუ არღარა ძუელისა მის შჯულისა მონაჲ არს, არამედ სხჳსა ამის შჯულისა, რომლისა შენცა მონაჲ ხარ, და ღმერთსა შეუწყნარებია მისიცა მოქცევაჲ და თუცა მცირედ სცთების, კუალად ღმერთსა ძალ-უც მაგისგანცა მოქცევაჲ მისი, და შენ რად განიკითხავ და შეურაცხ-ჰყოფ! ხოლო ესე უძლურთა მათ ნუგეშინის-ცემისათჳს თქუა, რაჲთა არა სრულიად დაიჴსნენ მწუხარებითა.

მოციქულისაჲ: დგეს გინა თუ დაეცეს, დგეს სამე, რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი დამტკიცებად მისა (14,4).

თარგმანი: რაჟამს თქუას თუ "დგეს, რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი დამტკიცებად მისა", ამით უჩუენებს არამჭამელთა მათ, ვითარმედ შერყეულნი არიან და დაცემასა ზედა, და ვითარმედ ძნელ არს დამტკიცებაჲ მათი, და ვითარმედ ღმრთისა საქმე არს და არა კაცთაჲ.

მოციქულისაჲ: რომელიმე იმარხავნ დღეგამოღებით, რომელიმე იმარხავნ ყოველთა დღეთა (14,5).

თარგმანი: იყვნეს მათ შორის ვიეთნიმე უმეტესად მმარხველნი და განიკითხვიდეს იგინი მცირედ მმარხველთა მათ. ამისთჳს შეჰრისხავს განმკითხველთა მათ და ამცნებს არა-განკითხვად.

მოციქულისაჲ: კაცად-კაცადი თჳსითა გონებითა გულსავსე იყავნ (14,5).

თარგმანი: ამას სიტყუასა თუ "კაცად-კაცადი თჳსითა გონებითა გულსავსე იყავნ" — ნუ ყოველსა საქმესა ზედა გულისჴმა-ჰყოფთ, თუმცა ესრეთ იტყოდა თუ: თითოეულსა რაჲცა ჰნებავს, იქმოდენ; რამეთუ ბოროტ არს თჳსისა ნებისა შედგომაჲ, არამედ მარხვისათჳს ოდენ ჰრქუა ჰრომაელთა, რომელნი-იგი ახლად მოქცეულნი იყვნეს და ვერ თავს-იღებდეს თუმცა თითოეულსა მოციქულმან დასდვა კანონი. ამისთჳს ჰრქუა, ვითარმედ მარხვისათჳს შემინდობია და კაცად-კაცადი, ვითარცა გონებაჲ მისი გულსავსე იქმნას, იქმოდენ, ვითარცა ძალ-უც, — გინა თუ ფრიად მარხვად, გინა თუ მცირედ.

მოციქულისაჲ: რომელი-იგი ზრახვიდეს დღესა მას, უფლისად ზრახავს, და რომელი-იგი არა ზრახვიდეს დღესა მას, უფლისადვე არა ზრახავს (14,6).

თარგმანი: რომელნიმე იმარხვიდეს ყოველთა დღეთა, და რომელნიმე რომელთამე იმარხვიდეს, ვითარ ოთხშაბათ-პარასკევსა, ანუ სხუათა რომელთამე, და ამისთჳს იტყჳს მოციქული, ვითარმედ: რომელი განიზრახვიდეს განჩინებულთა მათ დღეთა მარხვად, ღმრთისათჳსვე იქმს და საღმრთოსა შჯულსა; და რომელსა არა უჩნს დღე მარხვისაჲ, — იგიცა ღმრთისათჳს ყოვლისავე დღისა სწორითა პატივითა გარდაიჴდის, რამეთუ ყოველთავე დღეთა ღმრთისა მიერ შექმნილთა იცნობს; და ყოველი, რომელიცა ღმრთისათჳს ვინ ყოს, კეთილ არს.

მოციქულისაჲ: და რომელი ჭამს, უფლისად ჭამს და ჰმადლობს ღმერთსა, და რომელი არა ჭამდეს, უფლისად არა ჭამს და ჰმადლობს ღმერთსა (14,6).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: რომელი ჭამდეს, უფლისაჲვე არს მონაჲ, რამეთუ მას ჰმადლობს, და რომელი იმარხვიდეს, უფლისათჳსვე იმარხავს და ჰმადლობს მას.

მოციქულისაჲ: რამეთუ არავინ ჩუენგანი თავით თჳსით ცხოველ არს და არავინ თავით თჳსით მოკუდების (14,7).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: გჳვის ჩუენ უფალი, რომლისა მიერ ცხოველ ვართ, და მისა მიმართვე მივალთ, მო-თუ-ვკუდეთ, და ვინაჲთგან ცხორებაჲცა და სიკუდილი ჩუენი მისთა ჴელთა არს, მან განაგოს თითოეულისაჲ და ნუვინ განიკითხავს მოყუასსა თჳსსა, რამეთუ ყოველნი უფლისანი ვართ.

მოციქულისაჲ: ცხოველ თუ ვართ, უფლისა ცხოველ ვართ, და თუ მოვსწყდეთ, უფლისა მოვსწყდეთ. გინა თუ უკუე ცოცხალ ვიყვნეთ, გინა თუ მოვწყდეთ, უფლისანი ვართ. რამეთუ ამისთჳსცა ქრისტე მოკუდა და აღდგა, რაჲთა მკუდართაცა და ცხოველთა ზედა უფლებდეს (14,8-9).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არა თავისუფალნი ვართ, არამედ მეუფე გჳვის, რომელსა ცხორებაჲ ჰნებავს ჩუენი და არა სიკუდილი, და მისნი ვართ ჩუენ ამასცა ცხორებასა და მერმესა. რამეთუ ამისთჳს ივნო მან ჩუენთჳს, რაჲთა ჩუენცა, ცხოველ თუ ვიყვნეთ, მას ვჰმონებდეთ, და სიკუდილი თუ მოიწიოს ჩუენ ზედა, მისთჳს არავე ვჰრიდოთ.

მოციქულისაჲ: აწ შენ რასა განიკითხავ ძმასა შენსა? (14,10).

თარგმანი: ესე სარწმუნოებით უძლურისა მის მიმართ არს, რომელი მჭამელთა მათ, ვითარცა ნაყროვანთა განიკითხვიდა.

მოციქულისაჲ: ანუ შენ რასა შეურაცხ-ჰყოფ ძმასა შენსა? (14,10).

თარგმანი: ესე კუალად მტკიცისა მის მიმართ არს სარწმუნოებითა, რომელი შეურაცხ-ჰყოფდა არამჭამელსა მას. ესრეთ საგონებელ არს, თუ მოღებითა ამის წამებისაჲთა მორწმუნესა მას დააცხრობს არა-განკითხვად მისა, რომელი ვერ სრულიად მოწყუედილ არს ძუელისა მის შჯულისაგან. გარნა ესე ყოველნი სიტყუანი სამხილებელად მისდა თქუნა, რომელი ჯერეთ შჯულსა შეუდგეს.

მოციქულისაჲ: რამეთუ ყოველნივე წარდგომად ვართ საყდართა ქრისტესთა, რამეთუ წერილ არს: ცხოველ ვარ მე, იტყჳს უფალი (14,10-11).

თარგმანი: ზემო ქრისტეს ქველისმოქმედებათა ჴსენებითა ამხილა და კუალად აქა საშჯელისა სიტყჳთა, ვითარმცა იტყოდა და, ვითარმედ უკუეთუ ყოველნი ქრისტეს წარმოუდგებით, და იგი არა მსაჯული ჩუენი და არა შჯული, შენ რად მოკიდულ ხარ შჯულისადა და არა სრულიად შეუდგები?

მოციქულისაჲ: რამეთუ ჩემდა მოდრკეს ყოველი მუჴლი, და ყოველმან ენამან აღუვაროს ღმერთსა. აწ უკუე კაცად-კაცადმან ჩუენმან თავისა თჳსისათჳს სიტყუა-უგოს ღმერთსა (14,11-12).

თარგმანი: თქუმულ არს ღმრთისათჳს მამისა, ვითარმედ არავის სჯის, არამედ ყოველი საშჯელი მოსცა ძესა. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ მსაჯულისა მისთჳს თქუა მოციქულმან, ვითარმედ: ყოველმან ენამან აღუვაროს ღმერთსა და სიტყუა-უგოს ღმერთსა და ესრეთ გამოჩნდების, ვითარმედ ძესა იტყჳს აქა ღმრთად.

მოციქულისაჲ: ნურაღამცა უკუე ურთიერთას განვიკითხავთ, არამედ ესე საჯეთ უფროჲსად, რაჲთა არა შეამთხჳოთ დაბრკოლებაჲ გინა საცთური ძმასა. ვიცი და მრწამს უფლისა მიერ იესუ ქრისტესა, რამეთუ არარაჲ შეგინებულ არს თავით თჳსით, გარნა თუ რომელი-იგი შე-ვინმე-ჰრაცხოს შეგინებულად, იგი არს შეგინებულ. ხოლო უკუეთუ საჭმლისათჳს ძმაჲ იგი შენი წუხდეს, არღარა სიყუარულით ხუალ (14,13-15).

თარგმანი: ესე ორთავე მიმართ არს, — რომელი განუკითხველად ჭამდა და რომელი ერიდებოდა; რამეთუ იგი მისისა არა-ჭამისათჳს დაბრკოლდებოდა და ესე კუალად — მისისა მხილებისაგან. ამისთჳს ორთავე ეტყჳს, ვითარმედ: ყოველსა ზედა ესე საჯეთ, რაჲთა არა დააბრკოლებდეთ ურთიერთას, რამეთუ არარაჲ არს ღმრთისა დაბადებული ბუნებით შეგინებულ, არამედ გონებისაებრ მიმღებელისა იქმნების წინაშე მისა შეგინებულ.

აყუედრებდეს მტკიცედ მორწმუნენი იგი მათ, რომელნი ერიდებოდეს ჭამადთა, ვითარმედ: ჰურიებისათჳს იქმთო ესრეთ, და არა მარხვისათჳს. ხოლო მოციქულსა არა ენება არა ფრიად დიდთა მათ ცთომათა ზედა დიდად ყუედრებაჲ ესევითართაჲ მათ; ნუ-უკუე სულმოკლე იქმნენ და სრულიად ჰურიებასა მიექცენ. ამისთჳს იტყჳს: ვიცი და მრწამს, ვითარმედ არა შეგინებულ არიან ჭამადნი ეგე, რომელთა შჭამ მორწმუნე ეგე, არამედ კეთილადცა იქმ, რომელ შჭამ. გარნა უკუეთუ იხილო, ვითარმედ მისგან ძმაჲ იგი უძლური სრულიად წარწყმდების, ნუ ყუედრებასა ოდენ ჰრიდებ, არამედ განგებულებით ჭამასაცა ერიდე, თუ არა — შორს ხარ სიყუარულისაგან.

მოციქულისაჲ: ნუ საჭმლითა შენითა მას წარსწყმედ, რომლისათჳს ქრისტე მოკუდა. და ნუმცა იგმობვის კეთილი იგი თქუენი, რამეთუ არა არს სასუფეველი ღმრთისაჲ საჭმელ და სასუმელ, არამედ სიმართლე და მშჳდობა და სიხარულ სულითა წმიდითა. რომელი ამას შინა ჰმონებდეს ქრისტესა, სათნო არს იგი ღმრთისა და რჩეულ წინაშე კაცთა (14,15-18).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ნუ იქმ ამას, თუმცა ვინაჲთგან შენ ყოველსა შჭამ სარწმუნოებით, ამისთჳს ჰყო დაბრკოლებაჲ მხილებითა მით ჭამადისაჲთა ძმისა მის, და განსდევნო იგი სრულიად ქრისტიანობისაგან, რამეთუ ქრისტე მისთჳსცა მოკუდა, არა თუ შენთჳს ოდენ. ამისთჳს გიღირს განგებულებით მის თანა აყოლაჲ, რაჲთა არა განაგდო იგი სარწმუნოებისაგან და საგმობელ ჰყო შენითა უგულისჴმოებითა კეთილი იგი სარწმუნოებაჲ თქუენი. რამეთუ არა თუ ჭამამანმცა ჴორცისამან ანუ სხჳსა რაჲსამან ოდენ შეგიყვანა სასუფეველად; რამეთუ არა არს იგი საჭმლისა სასყიდელ ანუ სასუმლისა, არამედ სიმართლითა მოიგების და სიხარულითა და მშჳდობითა, სულისა წმიდისა მიერ მოგებულითა, და რომელი ამას სწავლასა შინა ჰმონებდესო ქრისტესა, იგი არს სათნო წინაშე ღმრთისა და კაცთა.

მოციქულისაჲ: მშჳდობასა უკუე შეუდეგით და აღშენებასა ურთიერთას. ნუ ჭამადისათჳს დაჰჴსნი საქმესა ღმრთისასა. რამეთუ ყოველივე წმიდა არს, არამედ ბოროტ არს კაცისა, რომელი დასაბრკოლებელად ჭამდეს (14,19-20).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ნუ იქმ ამას, რაჲთამცა ჭამადისათჳს მუნამდინ აყუედრე, ვიდრემდის სრულიად დაჰჴსნა საქმე იგი ღმრთისაჲ, რომელ არს სარწმუნოებაჲ მისი. რამეთუ ყოველივე, რომელიცა მოციქულთა განგჳგია ჭამად, წმიდა არს. გარნა, რომელი მეორისა დაბრკოლებად ჭამდეს, მისთჳს ბოროტ არს. რამეთუ უფროჲსად კეთილ არს, რაჲთა ძმისა არა-წარწყმედისათჳს შენცა თავს-იდვა არა-ჭამაჲ ჴორცისაჲ, გინა არა-სუმაჲ ღჳნისაჲ, ანუ თუ სხუაჲ რაჲმე.

მოციქულისაჲ: , არცაღა რომელსა ზედა ძმა იგი შენი დაბრკოლდებოდის ანუ უბრკუმეს, გინა მოუძლურდებოდის (14,21).

თარგმანი: არა თუ ამისთჳს კეთილ არს არა-ჭამაჲ, რავდენ არაწმიდაჲ რაჲმე არს, არამედ ამისთჳს, რაჟამს ძმაჲ დაბრკოლდებოდის და წარწყმდებოდის. ხოლო იხილე, ვითარ სრულთა მიმართ სიტყთა უძლურთა მათცა ამხილებს, რამეთუ ასმენს, ვითარმედ უძლურნი არიან და ადვილად დაბრკოლებადნი.

მოციქულისაჲ: შენ სარწმუნოებაჲ გაქუს? — თავისა შენისაჲ გაქუნდინ წინაშე ღმრთისა (14,22).

თარგმანი: სარწმუნოებასა აქა არა სამებისასა იტყჳს და შჯულისასა, რამეთუ იგი შეუძლებელ არს მისაშუებელად, უკუეთუ ცთომაჲ რაჲ ვის აქუნდეს; არამედ ჭამადთათჳს იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ გაქუს სარწმუნოებაჲ, რომელ არა განიკითხავ ჭამადთა, გაქუნდინ წინაშე ღმრთისა, და მაგისთჳს სხუათა ნუ დააბრკოლებ.

მოციქულისა. ნეტარ არს კაცისა მის, რომელი ვერ დასჯიდეს თავსა თჳსსა, რომელსა შინა გამოიცადოს (14,22).

თარგმანი: ესე ამას მოასწავებს, ვითარმედ ნეტარ არს მის კაცისა, რომელსა ვერ დასჯიდეს გონებაჲ მისი, რაჟამს გამოცადოს თავი თჳსი საქმესა რასმე და ინებოს მისი ქმნაჲ, გინა თუ ჭამასა ზედა, გინა თუ მარხვასა, ანუ თუ რაჲსაცა ინებოს ქმნაჲ, ვერ დასაჯოს გონებამან მისმან თუ: ბოროტად იქმ და შენცაო, უკუეთუ განგებულებით ძმისა მოქცევისათჳს ჟამსა შინა არა ინებო ჭამაჲ, დაღაცათუ ყოველნი გაბრალობდენ, და შენი გონებაჲ ვერ დაგშჯიდეს, ნეტარ ხარ.

მოციქულისაჲ: ხოლო რომელი-იგი ორგულობდეს, დაღაცათუ ჭამოს, და-ვე-შჯილ არს, რამეთუ არა სარწმუნოებით ჭამს; და ყოველი, რომელი არა სარწმუნოებით იყოს, ცოდვა არს (14,23).

თარგმანი: ესეცა სიტყუაჲ მტკიცისა მის მიმართ არს, ვითარმედ: რასა აიძულებ ჭამად! არა იცია, ვითარმედ, რომელი ორგულობდეს, დაღაცათუ ჭამოს, ბრალსა ქუეშე არს? რამეთუ არა ვითარცა წმიდასა ჭამს სარწმუნოებით, არამედ შენისა მის იძულებისათჳს და სირცხჳლისა, და არარაჲ სასყიდელი აქუს, ვიდრემდის გულითა არა ჰრწმენეს თუ წმიდა არს ჭამადი ესე, რომელი მოციქულთა განუგიეს.

მოციქულისაჲ: ხოლო რომელი-იგი შემძლებელ არს თქუენდა დამტკიცებად სახარებისაებრ ჩემისა და ქადაგებისა ქრისტე იესუჲსა... (14,24).

თარგმანი: აწ უძლურთა მათ მოექცა, და ულოცავს და იტყჳს, ვითარმედ: რომელი-იგი მხოლოჲ შემძლებელ არს დამტკიცებად თქუენდა ქრისტე იესუს მიერ, დიდებაჲ მისღა უკუნითი-უკუნისამდე, ამენ.

მოციქულისაჲ: გამოცხადებითა მით საიდუმლოჲსაჲთა, ჟამთა მათ საუკუნეთა დადუმებულისა, რომელი გამოჩნდა აწ წიგნთაგან საწინაჲსწარმთყუელოთა, ბრძანებითა საუკუნოჲსა ღმრთისაჲთა, დასამორჩილებელად სარწმუნოებისა, ყოველთა მიმართ წარმართთა უწყებული, მხოლოსა ბრძენსა ღმერთსა, ქრისტე იესუს მიერ, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი-უკუნისამდე, ამენ (14,24-26).

თარგმანი: ჟამთა მათ საუკუნეთა, რომელ არიან პირველნი იგი ჟამნი, დაფარულ იყო და უცნაურ საიდუმლოჲ ესე განგებულებისა ძისა ღმრთისა. ხოლო აწ გამოგუეცხადაო და გულისჴმა-ვყავთ იგი წერილთაგანცა საწინაჲსწარმეტყუელოთა, და ბრძანებითა საუკუნოჲსა ღმრთისა და მამისაჲთა, რამეთუ ძე ღმრთისაჲ და ღმერთი საუკუნეთა უპირატესი არს. გარნა ჩუენდა აწამომდე არა საცნაურ იყო, ხოლო აწ გამოჩნდა, და უწყებულ იქმნა ყოველთა მიმართ წარმართთა, რომლისა მიერ ღმერთი მამაჲ დაგამტკიცებს თქუენ.