მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ა̂, * ბ

წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: რაჟამს ვინმე თქჳს — "მე პავლესი ვარ, და სხუამან თქჳს — "მე აპოლოჲსი ვარ" — არა ჴორციელვეღა ხართა? (3,4).

თარგმანი: კუალად მათ შორის მყოფთა მათ ფილაფოსთა და მდიდართა მოასწავებს, ხოლო სახელ-არა-სდებს მათ, რაჲთა არა მოწყლნეს გულნი მათნი, არამედ თავსა თჳსსა შორის-შემოიღებს და აპოლოს, რაჲთა ესრეთ მათცა გულისჴმა-ყონ, თუ რასა იტყჳს, და სხუანი იგი არა მოიწყლნენ.

მოციქულისაჲ: რაჲ არს პავლე? ანუ რაჲ არს აპოლო? (3,5).

თარგმანი: ეჰა სიბრძნე იგი, რამეთუ ყოველივე თავსა თჳსსა და აპოლოს ზედა მოიღო სიტყუაჲ, რაჲთამცა ესრეთ გულისჴმა-უყო მათ საქმე იგი; ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ვინაჲთგან ჩუენ არარანი ვართ, რაჲ ვინ თქუას თქუენთა მაგათ მასწავლელთა, თავით თჳსით დადგომილთათჳს!

მოციქულისაჲ: გარნა მსახურნი არიან, რომელთაგან თქუენ გრწმენა (3,5).

თარგმანი: დიდ არს მსახურებაჲცა მოციქულებისაჲ, ხოლო დასაბამსა მას თანა და ძირსა კეთილთასა — ქრისტეს — მცირე და უნდო არს, რამეთუ მომცემელ იგი კეთილთაჲ იქმს ქველისმოქმედებასა მას და არა რომელი მსახური იყოს საქმისაჲ მის.

მოციქულისაჲ: და კაცად-კაცადსა ვითარცა უფალმან მისცა (3,5).

თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ: დაღაცათუ უნდოჲ არს საქმე ჩუენი, გარნა ესე მცირეცა არა-ვე გუაქუს თავით თჳსით, არამედ უფლისაგან მოგჳღებიეს.

მოციქულისაჲ: მე დავასხ, აპოლო მორწყო, ხოლო ღმერთმან აღაორძინა (3,6).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: მე დავსთესე თქუენ შორის ქადაგებაჲ ესე, და დაგასხენ სარწმუნოებასა შინა, და აპოლო ნუგეშინის-ცემითა მით მისმიერითა არა მიუშუა განჴმობად თესლისა მის და ნერგისა, სიცხისაგან განსაცდელთაჲსა, ხოლო საქმე ყოველივე — აღმაორძინებელისა მის ღმრთისაჲ არს.

მოციქულისაჲ: აწ უკუე არცა დამსხმელი რაჲ არს, არცა მომრწყველი, არამედ აღმაორძინებელი — ღმერთი. ხოლო დამსხმელი იგი და მომრწყველი ერთ არიან (3,7-8).

თარგმანი: იხილე, ვითარ დაუბრკოლებელ ყო შეურაცხებაჲ მათთა მათ წინამძღუართაჲ —ბრძენთა მათ და ფილაფოსთაჲ, რაჟამს თავსა თჳსსა და აპოლოს ზედა მოიღო ყოველი შეურაცხებაჲ საჩინოდ, ხოლო ფარულად მათ მოასწავებს, რამეთუ თჳსითა და აპოლოჲს მიზეზითა გამოაჩინა, ვითარმედ ღმრთისა მიმართ ოდენ ჯერ-არს ხედვაჲ და ყოვლისავე კეთილისა მიზეზსა მისდა მიმართ დადებად. ამით პირითა ერთ არიან დამსხმელი და მომრწყველი, რამეთუ ორთავე სწორად ვერ ძალუც აღორძინებაჲ თჳნიერ ღმრთისა.

მოციქულისაჲ: არამედ კაცად-კაცადმან თჳსი სასყიდელი მოიღოს თჳსისაებრ შრომისა (3,8).

თარგმანი: მრავალთა ეშრომა ფრიად მათისა მოქცევისათჳს მოციქულსა თანა, და ეგულებოდა ამას სიტყუასა შეწუხებაჲ მათი, რაჟამს ესმა-მცა თუ ყოველნივე ერთ არიან, გინა თუ ფრიადი ვის ეშრომოს, გინა თუ მცირედი. ამისთჳს მეყსეულად განჰმართა სიტყუაჲ იგი, ვითარმედ ერთ არიანო აღორძინებისათჳს, რამეთუ დამსხმელიცა და მომრწყველი ერთ არიან აღორძინებისათჳს, რამეთუ ვერცა იგი შემძლებელ არს აღორძინებად, ვერცა იგი, თჳნიერ ღმრთისა, და ამით პირითა არიან ერთ, თუ არა სასყიდლისათჳს თითოეულსა თჳსისა შრომისაებრ აქუს სასყიდელი.

მოციქულისაჲ: რამეთუ ღმრთისა თანაშემწენი ვართ (3,9).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ჩუენო, რომელთა გიქადაგეთ ცხოველსმყოფელი იგი ქადაგებაჲ, თანაშემწენი ვართ ღმრთისანი, რამეთუ ნებასა მას ღმრთისასა, რომელსა ჰნებავს ყოველთა კაცთა ცხორებაჲ, თანაშევეწიენით. ხოლო რომელთა-ეგე განგწვალნეს თქუენ და გექმნეს მიზეზ შფოთისა, არა არიან იგინი თანაშემწენი ღმრთისანი, არამედ უფროჲსად წინააღმდგომნი.

მოციქულისაჲ: ღმრთისა ნამუშაკევნი და ღმრთისა აღშენებულნი ხართ (3,9).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ჩუენ ყოველნი თანაშემწენი ოდენ ვართო ღმრთისანი, ხოლო ნამუშაკევნი და აღშენებულნი — ღმრთისანი ხართ; და ამისთჳს თანა-გაც, რაჲთა მეუფისა სახელი გეწოდოს თქუენ და არა სხჳსაჲ ვის. რამეთუ იტყოდეს თითოეული, ვითარმედ: მე მის ვისიმე ვარ; და სხუაჲ იტყჳნ: მე მის ვისიმე ვარ.

მოციქულისაჲ: მადლითა მით ღმრთისაჲთა, რომელი მოცემულ არს ჩემდა, ვითარცა ბრძენმან ხუროთმოძღუარმან, საფუძველი დავდევ (3,10).

თარგმანი: ბრძნად ხუროთმოძღურად სახელ-სდებს თავსა თჳსსა, არა თუ რამეთუ თავსა თჳსსა აქებდა, არამედ რაჲთამცა გამოაჩინა, ვითარმედ ესე არს ჴელოვნისა ხუროთმოძღურისა საქმე, რაჲთა ესევითარი საფუძველი დადვას, რომელ არს ქრისტე. ხოლო ამასცა იტყჳს, ვითარმედ: "მადლითა მით ღმრთისაჲთა, რომელი მოცემულ არს ჩემდა", — რაჲთა გამოაჩინოს სიმდაბლე იგი გონებისა თჳსისაჲ; ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: არა თუ ჩემითა რაჲთამე ძალითა ვიქმენ ბრძენ ხუროთმოძღუარ, არამედ მადლი არს ესე და ნიჭი ღმრთისაჲ .

მოციქულისაჲ: და სხუაჲ იგი აშენებდინ. ხოლო კაცად-კაცადი ეკრძალენ, ვითარ ვინ აშენებდეს (3,10).

თარგმანი: იწყებს სათნოდ მოქალაქობისათჳს სწავლად და ნაშენებად სახელ-სდებს თითოეულისა საქმეთა, გინა თუ კეთილნი იყვნენ, გინა თუ ბოროტნი.

მოციქულისაჲ: რამეთუ საფუძველი სხუაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დადებად, გარეშე მისა, რომელი-იგი დადებულ არს — იესუ ქრისტე (3,11).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ნუ მიხედავთ სხუასა საფუძველსა, არა არს სხუაჲ საფუძველი, გარნა ქრისტე, რომელიცა გიქადაგე. იგი გამოვირჩიოთ, მას შეუდგეთ, მას ზედა აღვაშენნეთ კეთილთა საქმეთა ნაშენებნი.

მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ ვინმე აშენებდეს საფუძველსა ამას ზედა ოქროსა, ვეცხლსა, ქვათა პატიოსანთა, ძელსა, თივასა, ლერწამსა, — კაცად-კაცადისა იგი საქმე გამოცხადნეს (3,12-13).

თარგმანი წმიდისა მაქსიმესი: საფუძველი არს ქრისტეს სარწმუნოებაჲ, ხოლო აღაშენებენ კაცნი მას ზედა, ვითარცა ოქროსა, — რომელნი-იგი ღმრთისმეტყუელებენ მაღლითა გონებითა, და საიდუმლოთა ღმრთისათა ქადაგებენ. ხოლო ვითარცა ვეცხლსა — სათნოებათა კეთილთა; და ქვათა პატიოსანთა — კეთილთა გულისსიტყუათა, და შეშასა — სიყუარულსა ხილულთა ამის სოფლისა საქმეთასა; ხოლო თივასა იგი აშენებს, რომელი პირუტყუებრ უგულისჴმო იყოს, და ლერწამსა — რომელი ხრწნილებასა იქმოდის. და მოქმედთა კეთილისათა დღე იგი საცნაურ ჰყოფს, რამეთუ ცეცხლითა, იგი არს სულითა წმიდითა, გამოჩნდენ, თუ მის მიერ ქმნილ იყვნენ, ხოლო ცოდვილთა საქმენი დაიწუნენ ცეცხლითა მით უშრეტითა.

მოციქულისაჲ: რამეთუ დღემან გამოაცხადოს, რამეთუ ცეცხლითა გამოჩინებად არს. და კაცად-კაცადისა იგი საქმე, ვითარ რაჲ იყოს, ცეცხლმან გამოცადოს (3,13).

თარგმანი: დღედ იტყჳს დღესა მას საშჯელისასა, ხოლო ცეცხლად გულისჴმა-იყოფების სული წმიდაჲცა (რამეთუ მრავალგან წერილთა შინა ეწოდების სულსა წმიდასა ცეცხლად, რამეთუ გამოსცდის იგი თითოეულსა საქმესა და გამოაჩინებს, გინა თუ ოქროჲ იყოს, გინა თუ ვეცხლი, გინა თუ ხენეში ბუნებით და ადრე დასაწუველი) და კუალად გულისჴმა-იყოფების ცეცხლი იგიცა, რომელი დიოდის წინაშე უფლისა და შესწუვიდეს მტერთა მისთა, რამეთუ იგიცა გამოსცდის თითოეულისა საქმესა, მაშინ თუ ვითარი იყოს.

მოციქულისაჲ: რომლისა-იგი საქმე ეგოს, რომელ აღაშენა, მან სასყიდელი მოიღოს (3,14).

თარგმანი: ესრეთ კეთილის მოქმედთათჳს არს, რამეთუ თითოეულმან სასყიდელი მოიღოს თჳსთა საქმეთაჲ. უკუეთუ გამოიცადნენ რაჲ ცეცხლისა მიერ, შეუწუველად ეგნენ. ხოლო ამას გამოვეძიებ, თუ რაჲსათჳს ღმერთმან, ვინაჲთგან იცის თითოეულისა საქმე, თუ ვითარი არს, ცეცხლითა გამოსცდის მათ? გარნა მე ვჰგონებ, რამეთუ — ამისთჳს, რაჲთა რომელნიმე განწმდენ და უმეტესად განბრწყინდენ მართალნი, და რომელნიმე იტანჯნენ, რომელნი ბოროტისმოქმედ იყვნენ, რამეთუ ორად განიყოფვის მაშინ ძალი ცეცხლისაჲ: მართალთათჳს — განმწმედელ, ხოლო ცოდვილთათჳს — მტანჯველ, რაჟამს ჭამდეს ნივთსა მას ბოროტსა ვითარცა თივასა, და განჰლევდეს ყოვლისავე უკეთურებისა სიხენეშესა, ვითარცა იტყჳს ღმრთისმეტყუელი გრიგოლ: ხოლო ცოდვილსა მას არა შესჭამს და უჩინო-ჰყოფს, ვითარ-იგი საქმეთა მისთა, არამედ ეგოს იგი მას შინა მრთელად და იწუვოდის უკუნითი-უკუნისამდე. და ამისთჳს თქუა, ვითარმედ: თჳთ ცხონდეს, გარნა ესრეთ, ვითარცა ცეცხლისა მიერ.

მოციქულისაჲ: რომლისა საქმე დაიწუას, იგი იზღვიოს (3,15).

თარგმანი მაქსიმესი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: რომლისა საქმემან არა თავს-იდვას მიახლებაჲ ცეცხლსა, არამედ ემხილოს უკეთურებაჲ მისი და დაიწუას, იგი იზღვიოს, რამეთუ ჟამი იგი, რომელი მისცა ღმერთმან ქმნად კეთილისა, მან ბოროტი და ცეცხლითა დასაწუველი ნივთი ქმნა, რამეთუ არად სარგებელ არს სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთაჲსა, არამედ წარჴდებიან და დაიწუვიან მას საუკუნესა საქმენი ცოდვილისანი, ხოლო თჳთ იგი ცოდვილი იზღვიოს, ვითარცა ვთქუ, და ბოროტნი საქმენი მისნი უჩინო იქმნენ და ბუნებამან მიიხუნეს თჳსნი ძალნი მრთელად ცეცხლითა მით სამჯელისაჲთა, არამედ ცოდვათა მოქმედი იგი კაცი თჳთ არა განილიოს ცეცხლისა მისგან, ვითარ-იგი საქმენი მისნი, არამედ საქმენი განქარდენ ცეცხლითა მით, ხოლო თჳთ ეგოს ცეცხლსა მას შინა ცოცხლად და მარადის იტანჯებოდის და არა იყოს დასასრული.

მოციქულისაჲ: ხოლო თჳთ ცხოვნდეს და ესრეთ ცხოვნდებოდის, ვითარცა ცეცხლისა მიერ (3,15).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: რომელსა ბოროტნი საქმენი ეტჳრთნენ მას დღესა, ბოროტი იგი ტჳრთი უჩინო იქმნას, ცეცხლისა მის მიერ დამწუარი. ხოლო თჳთ, რომელსა ესევითარი იგი ტვრთი შეემზადოს ცხორებასა ამას, იგი არა უჩინო იქმნას და არაარს, ვითარ ტჳრთი მისი; არამედ რაჲ იქმნას? — თჳთ ცხონდესო; ხოლო ცხორებად სახელ-სდებს სამარადისოსა მას ცეცხლსა შინა ყოფასა და არა სიკუდილსა, არამედ უკუნისამდე ცხორებასა. რამეთუ იხილე, თუ რაჲ შესძინა და თქუა, ვითარმედ: "ვითარცა ცეცხლისა მიერ ცხოვნდებოდის". იგი არს, ვითარმედ: ესრეთ ცხოვნდებოდის, ვითარცა იქმნების ცეცხლისა მიერ ცხორებაჲ, — საწყალობელი და უბადრუკი და ღირსი ბევრეულია ცრემლთა და ვაებათაჲ, რაჟამს იწუვოდის ცეცხლსა მას შინა და არა განილევოდის. რამეთუ ვინაჲთგან თქუა თუ "საქმენი ბოროტნი დაიწუნენ, ხოლო თჳთ ცხოვნდეს", რაჲთა არა, გესმას რაჲ სახარულევანი იგი სიტყუაჲ თუ "ცხოვნდეს", და ჰგონებდე, ვითარმედ: "ესთენ არს დაჭირვებაჲ ბოროტისმოქმედისაჲ, რომელ საქმენი დაიწუვიან, ხოლო თჳთ ცხოვნდების", ამისთჳს ესე შესძინა, ვითარმედ: "ესრეთ ცხოვნდებოდის, ვითარცა ცეცხლსა შინა". ხოლო უწყით ყოველთა თუ ცეცხლსა შინა ვითარი ცხორებაჲ იქმნების.

მოციქულისაჲ: ანუ არა უწყითა, ვითარმედ ტაძარნი ღმრთისანი ხართ და სული ღმრთისაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის? რომელმან ტაძარი ღმრთისაჲ განხრწნას, განხრწნას იგი ღმერთმან, რამეთუ ტაძარი ღმრთისაჲ წმიდა არს, რომელნი-ეგე თქუენ ხართ (3,16-17).

თარგმანი: ჰნებავს სიძვასა მას შინა ბოროტსა დაცემულისათჳს სიტყუად, და იხილე, ვითარ ჯეროანი დასაბამი შემოიღო სიტყჳსა თჳსისაჲ, რამეთუ აყუედრებს და იტყჳს, ვითარმედ: არა უწყითა, რაბამი საქმე არს: თქუენ თანა სული ღმრთისაჲ არს; ვითარ უკუე იკადრებთ ბოროტისა საქმედ? ესე იგი არს, ვითარმედ: წარწყმიდოს და ცეცხლად უშრეტად მისცეს, რამეთუ იგი არს ჭეშმარიტი ხრწნილებაჲ, რაჟამს უხრწნელად იწუებოდის. ვინაჲთგან ტაძარი ღმრთისა წმიდა არს, და სული წმიდაჲ მკჳდრ არს მას შინა, საცნაურ არს, ვითარმედ: ბილწი და მსიძავი ტაძარ ღმრთისა ვერ არს. თქუენ ხართო, გარნა უკუეთუ წმიდა იყვნეთ.

მოციქულისაჲ: ნუვინ თავსა თჳსსა აცთუნებს. უკუეთუ ვისმე ბრძენ ეგონოს თავი თჳსი თქუენ შორის (3,18).

თარგმანი: ბრძნად აქა მათ უწესს, რომელთა კაცობრივი სიბრძნე აქუნდეს.

მოციქულისაჲ: სოფელსა ამას, სულელ იქმნენინ იგი, რაჲთა იყოს იგი ბრძენ (3,18).

თარგმანი: სულელ ესრეთ იქმნების კაცი ამას სოფელსა, რომელმან შეურაცხ-ყოს კაცობრივი სიბრძნე და ცნას, ვითარმედ ჭეშმარიტებით არარაჲ არს მისგან სარგებელი, არამედ ღმრთისა მიერ ითხოვდეს სიბრნესა მას ზეცისასა სულიერსა, და შეერაცხოს თავი თჳსი სულელად და უსწავლელად, დაღაცათუ თველი სიბრძნე და სწავლულებაჲ კაცობრივი იცოდის, და ამან გულისსიტყუამან მოატყუას მას საღმრთოჲ სიბრძნე, და რაჲთა არა გამოეძიებდეს საღმრთოთა მათ საქმეთა კაცობრივითა გონებითა და სიბრძნითა, არამედ აქუნდეს თავი თჳსი სულელად ესევითართა მათ საქმეთა გამოძიებისათჳს, და ესრეთ სარწმუნოებით შეიწყნარებდეს მათ, და არა ემსგავსებოდის ცოფთა მათ ბრძენთა სოფლისათა, რაჲთამცა გამოეძიებდა, ვითარ იგინი, თუ ვინაჲ საცნაურ არს, ვითარმედ ქრისტე ძე ღმრთისაჲ არს, ანუ თუ მკუდარნი აღდგებიან, და სხუაჲ ესევითარი მრავალი.

მოციქულისაჲ: რამეთუ სიბრძნე ამის სოფლისაჲ სიცოფე არს წინაშე ღმრთისა, რამეთუ წერილ არს (3,19).

თარგმანი: რამეთუ არა თუ ოდენ არად სარგებელ არს ჴორციელი სიბრძნე ჭეშმარიტისა მის სიბრძნისა სწავლად, არამედ უფროჲსად აბრკოლებს-ცა, რაჟამს კაცი ჰგონებდეს თუ: "ყოველივე ვიცი", და არა ენებოს სხუათა მიერ მეცნიერთა ჭეშმარიტებისათა სწავლაჲ სულიერისა მის სიბრძნისაჲ.

მოციქულისაჲ: რომელმან შეიპყრნის ბრძენნი მეცნიერებითა თჳსითა (3,19).

თარგმანი: თუ "შეიპყრნის" ამას მოასწავებს, ვითარმედ: პირი დაუყვის და გამოაჩინნის არარაჲსა მეცნიერად, რამეთუ ჭეშმარიტად დაუყო პირი მეთთზურთა და მეზუერეთა მიერ უსწავლელთა და გამოაჩინნა იგინი არარაჲსა მეცნიერად.

მოციქულისაჲ: და კუალად იტყჳს: უფალმან უწყნის ზრახვანი ბრძენთანი, რამეთუ არიან ამაო (3,20).

თარგმანი: უკუეთუ უფალმან უწყნის და მას ამაოდ ჰყვანან მათნი ზრახვანი, ვინ სიტყუა-უგოს მას, რაჲთამცა თქუა თუ — არა ამაო არიან?

მოციქულისაჲ: ამიერითგან ნუვინ იქადინ კაცთაგანი, რამეთუ ყოველივე თქუენი არს (3,21).

თარგმანი: კუალად მოძღუართა მათ მიმართ, რომელნი იყვნეს კორინთეს შინა, ჰყოფს სიტყუასა, რომელნი-იგი ზუაობდეს მადლთა მათ ზედა, რომელნი მოცემულ იყვნეს მათდა, ანუ თუ სწავლისაჲ, ანუ სხჳსა რაჲსამე და ამისთჳს ეტყჳს მოციქული ერსა, ვითარმედ: არა უჴმს მათ სიქადული, რამეთუ რავდენნიცა მადლნი ჰქონან, თქუენთჳს ჰქონან, ერისა მაგის მორწმუნისა, თქუენთჳს მოცემულ არიან მათდა მადლნი იგი, რაჲთა თქუენ გარგებდენ; რაჲსათჳს უკუე იქადიან საქმეთა მათ ზედა, რომელნი მოცემულ არიან მათდა არა თჳსთა შრომათა მიერ, არამედ თქუენთჳს და თქუენისა ცხორებისათჳს!

მოციქულისაჲ: გინა თუ პავლე, გინა თუ აპოლო, გინა თუ კეფა (3,22).

თარგმანი: კუალად თავი თჳსი და პეტრე და აპოლო შორის შემოიღო, ხოლო მოასწავებს მოძღუართა მათ, რომელნი მუნ იყვნეს, რაჲთამცა გამოაჩინა, ვითარმედ მადლნი იგი მოძღურებისა და გულისჴმის-ყოფისანი მათთჳს მიცემულ იყვნეს, სოლო ესე დიდად დაამდაბლებდა გონებასა მას მოძღუართასა. და მერმე ამასცა მოასწავებს, ვითარმედ: უკუეთუ მე და კეფა და აპოლო თქუნთჳს დადგენილნი ვართ, ვითარღა იკადროს სხუამან ვინმე სიქადული თუ: მე ჩემითა სათნოებითა მომიღებიეს მადლი რაჲმე.

მოციქულისაჲ: გინა თუ სოფელი, გინა თუ ცხორებაჲ, გინა თუ სიკუდილი, გინა თუ აწინდელი ჟამი, გინა თუ მერმე იგი ჟამი —ყოველი თქუენი არს (3,22).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ თჳთ სოფელიცა ცხორებაჲ ესე თქუენთჳს ქმნილ არს და ეგრეთვე სიკუდილი თქუენისა უმჯობესისათჳს არს, რაჲთა გეშინოდის მისგან და ეკრძალებოდით ბოროტთა საქმეთა ქმნასა. და საწუთროჲსა ამის ჟამი თქუენთჳს არს, რაჲთა იქმოდით მას შინა კეთილთა საქმეთა. და ეგრეთვე მერმე იგი ჟამი თქუენთჳსვე არს, რაჲთა მოიღოთ მაშინ სასყიდელი შრომათა თქუენთაჲ, რომელნი სათნოებისათჳს და სიყუარულისათჳს ღმრთისა აწინდელსა ამას ჟამსა თავს-გესხნენ.

მოციქულისაჲ: და თქუენ ქრისტესნი და ქრისტე — ღმრთისაჲ (3,23).

თარგმანი: არა თუ ვითარცა-ესე ჩუენ ქრისტესნი ვართ, ეგრეთ არს ქრისტე ღმრთისაჲ; ნუ იყოფინ ესე! ივლტოდე ამის გულის-სიტყჳსაგან. არამედ ჩუენ ქრისტესნი ესრეთ ვართ, რამეთუ დაბადებულნი ვართ მისნი და მის მიერ ქმნილნი; ხოლო ქრისტე ღმრთისაჲ ესრეთ არს, ვითარცა წინა საუკუნეთა შობილი მისგან და ძე თანასწორი ბუნებით და რამეთუ მიზეზად აქუს მამაჲ.