📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: ესრე შემრაცხენინ ჩუენ კაცმან (4,1).
თარგმანი: კუალად მათთა მათ მოძღუართა მოასწავებს თჳსისა პირისა შემოღებითა.
მოციქულისაჲ: ვითარცა მსახურნი ქრისტესნი (4,1).
თარგმანი: ვინაჲთგან ფრიად დაემდაბლნეს მოძღუარნი იგი, აწ კუალად აღამაღლებს, რამეთუ სახელ-სდებს მათ მსახურად ქრისტესა და მნედ, გარნა, დაღაცათუ ესრეთ არსო, ვინმცა დაუტევა მეუფე და მსახურთა სახელიმცა უწოდა თავსა თჳსსა.
მოციქულისაჲ: და მნენი საიდუმლოთა ღმრთისათანი (4,1).
თარგმანი: მნედ საიდუმლოთა სახელ-სდებს, რაჲთამცა გამოაჩინა, ვითარმედ არა ჯერ-არს საღმრთოთა მათ საიდუმლოთა ყოველთა კაცთადა განუკითხველად მიცემაჲ, არამედ რაჲთა ღირსთა არწმუნებდენ.
მოციქულისაჲ: ხოლო აქა ამიერითგან საძიებელ არს მნეთა მათ შორის, რაჲთა სარწმუნო ვინმე იპოვოს (4,2).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, თანა-აც, რაჲთა სარწმუნოჲ იყოს, და არა ესე უჴმს, რაჲთამცა მეუფისასა რასმე თავსა თჳსსა მიიჩემებდა. არამედ ესე საძიებელ არს მნეთა შორის, რაჲთა ვითარცა მონანი, სარწმუნოებით იქმოდინ საქმესა თჳსსა; და ამითცა ზუაობასა მათსა დაამდაბლებს.
მოციქულისაჲ: ხოლო ჩემდა საწუნელება არს, უკუეთუ თქუენ მიერ განვიკითხო გინა თუ კაცობრივისაგან დღისა (4,3).
თარგმანი: რამეთუ არა მის სიტყჳსა მიერ, რომელ თქუა თუ — "საძიებელ არს მნეთა შორის, რაჲთა სარწმუნო ვინმე იპოვოს" — იჭუეულ იქმნენ პავლესთჳსცა თუ: სარწმუნოჲ-ძი არს ანუ არა, რომელ-ესე დამჴსნელი იყო მათისა სარწმუნოებისაჲ, თუმცა მისთჳს იჭუეულ იქმნეს. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: მე უღირსად და საწუნელად მიჩნს, თუმცა თქუენ მიერ ანუ სხჳსა ვის კაცისა მიერ განვიკითხვოდე, რამეთუ ჩემ ზედა არა ჯერ-არს ამისი ქმნაჲ. ხოლო ესე არა თუ ზუაობისათჳს თქუა, არამედ, ვითარცა ვთქუ, ეშინოდა, ნუ-უკუე მოძღურებაჲ მისი და სარწმუნოებაჲ, რომელ ექადაგა მათდა, იჭუეულად შეჰრაცხონ და წარწყმდენ. ესე იგი არს, ვითარმედ: არა თქუენ გწუნობ, და ამისთჳს საწუნელებად მიჩნს თქუენ მიერ განკითხვაჲ, არამედ არცა სხჳსა ვის კაცისა მიერ თავს ვიდებ ამას დღეთა ამათ შინა კაცობრივთა (ესე იგი არს, საწუთროსა ამას, რომელსა შინა კაცნი განიკითხვენ ურთიერთას).
მოციქულისაჲ: არამედ არცაღა თავსა ჩემსა განვიკითხავ, რამეთუ არარაჲ თავსა ჩემსა შემიცნობიეს (4,3).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არცა თუ მე თჳთ შემძლებელ ვარ თავისა ჩემისა განკითხვად, რამეთუ ვერარას შევაცნობ თავსა ჩემსა.
მოციქულისაჲ: არამედ არა თუ ამით რასმე განვმართლდები, ხოლო განმკითხველი ჩემი უფალი არს (4,4).
თარგმანი: რაჲთა არა ჰგონებდენ სიქადულად პირველ თქუმულთა მათ სიტყუათა, ამისთჳს შესძინა ესე, ვითარმედ: არა თუ ამით რას განვმართლდები, არა მაქუს მტკიცედ თუ უბრალო ვარ, არა თუ ღმერთმან განმამართლოს მე, რამეთუ უფალი არს განმკითხველი ჩემი, მსაჯული იგი სიმართლისაჲ.
მოციქულისაჲ: ამისთჳს ნუვინ წინაჲსწარ ჟამისა გან-რასმე-იკითხვიდეთ (4,5).
თარგმანი: შესრულ იყო ესეცა სენი მათ შორის, რომელ განიკითხვიდეს ურთიერთას. ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ ვინაჲთგან უფალი მათცა, რომელთა ვერარაჲ შეუცნობიეს თავთა თჳსთადა, განიკითხავს მას დღესა, რამეთუ იგი არს მართალი და ჭეშმარიტი მსაჯული, რაჲსათჳსღა თქუენ განიკითხავთ ძმათა თქუენთა!
მოციქულისაჲ: ვიდრემდე მოვიდეს უფალი და განანათლოს დაფარული იგი ბნელისაჲ (4,5).
თარგმანი კჳრილესი: ასწავლის, რაჲთა არა მოსწრაფე იყვნენ შურისგებად თავთა თჳსთათჳს, შემაწუხებელთა მათთა ზედა, არცა განიკითხვიდენ შეცოდებულთა, რამეთუ მოვიდეს უფალი და მან განანათლნეს დაფარულნი ბნელისანი და გამოაჩინნეს საქმენი უღმრთოთანი და გამოაცხადნეს დაფარულნი გულთანი. და მაშინ გამოჩნდეს, რომელი საქებელ იყოს ანუ რომელი — დასასჯელ. "დაფარულნი ბნელისანი" — ბოროტნი საქმენი არიან, რომელთა იქმან მრავალნი, რომელნი წინაშე თუალსა კაცთასა კეთილსა აჩუენებდიან, ხოლო შინაგან დაფარულად ბოროტსა იქმოდიან. გინა თუ "დაფარულად ბნელისა" ბოროტსა გულისსიტყუათა სახელ-სდებს, რომლისათჳსცა შესძინა, ვითარმედ: განაცხადნეს განზრახვანი გულთანი.
მოციქულისაჲ: და გამოაცხადნეს ზრახვანი იგი გულისანი (4,5).
თარგმანი: რამეთუ ყოველივე საქმე და სიტყუაჲ და გულისზრახვაჲ ცხად არს წინაშე მისსა, და არად სარგებელ არს სახე ოდენ ღმრთისმოშიშებისაჲ წინაშე მისსა, უკუეთუ არა გულიცა წმიდაჲ ყოფილ იყოს ბოროტთაგან, რამეთუ იგი მეცნიერ არს გულისზრახვათაცა, ვითარცა საქმეთავე.
მოციქულისაჲ: და მაშინ ქებაჲ იყოს კაცად-კაცადისაჲ ღმრთისა მიერ (4,5).
თარგმანი: სიხარულისა სიტყუასა ზედა ყო აღსასრული პირისაჲ ამის, რამეთუ ენება თქუმად, ვითარმედ მაშინ იქმნას კაცად-კაცადისა ქებაჲ გინა ტანჯვაჲ. არამედ მან კეთილისა კერძი ოდენ თქუა და სხუაჲ იგი კერძი მსმენელთა დაუტევა გულისჴმის-ყოფად.