📋 სარჩევი
არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა ჩუკენთა, არცა მემრუშეთა, არცა მამათმავალთა, არცა მპარავთა, არცა ანგაჰრთა, არცა მომთრვალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა, სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ (6,9-10).
თარგმანი: რაჲსათჳს, რომელ მომთრვალენი და მაგინებელნი მემრუშეთა თანა და კერპთმსახურთა დააწესნა? პირველად, რამეთუ ქრისტემანცა ბრძანა, ვითარმედ: რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა ცოფ, თანამდებ არს გეჰენიასა, და რამეთუ ისრაჱლნი მთრვალობითა მოვიდეს კერპთმსახურებად, და მეორედ, რამეთუ კორინთელნი იტყოდეს თუ ესევითარნი საქმენი არა დაუჴშვენ კაცთა სასუფეველსა, რამეთუ ღმერთი კაცთმოყუარე არს. ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: ნუ სცთებით, რამეთუ ესე ყოველნი კაცსა სასუფეველისაგან გამოაგდებენ. ხოლო სატანჯველი ამათ ყოველთაჲ არა სწორი იყოს, არამედ განყოფილი თითოეულისა ღირსებისაებრ.
მოციქულისაჲ: და ესრეთ ოდესმე იყვენით, არამედ განიბანენით, განიწმიდენით, არამედ განჰმართლდით სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა და სულითა ღმრთისა ჩუენისაჲთა თარგმანი: ესე საქმენი გაქუნდესო პირველ, ურწმუნო რაი იყვენით, არამედ იხილეთ ქრისტეს ქველისმოქმედებაჲ, რამეთუ განგბანნა თქუენ და წმიდა-გყვნა და განგამართლნა სახელითა თჳსითა და მამისაჲთა სულისა მიერ წმიდისა.
მოციქულისაჲ: ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველივე კეთილ არს (6,12).
თარგმანი: ნაყროვანთ მიმართ იწყო სიტყუად, ვითარმედ: ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, უკუეთუ მენებოს ჭამაჲ, და არარაჲ არს დამაყენებელ, გარნა არა კეთილ არს ყოვლისავე წარჴსნილად და უზომოებით ჭამაჲ.
მოციქულისაჲ: ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ მე არა ვისსა ჴელმწიფებასა დავემორჩილო (6,12).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: მაქუს ჴელმწიფებაჲ ჭამადცა და სუმად და უფალ ვარ ორსავე ზედა, არამედ უკუეთუ მივსცე თავი ჩემი უზომოდ ჭამასა და სუმასა, არღარა ვიყო მე უფალ ესევითარისა მის საქმისა, არამედ დავემორჩილო ჴელმწიფებასა ვნებათაგანისა ვისსამე, არამედ ვიყო მათ ყოველთა ზედა უფალ და ჴელმწიფე, რაჲთა, ვითარცა მენებოს, განვაგებდე ჭამასაცა და სუმასა და არა ვითარცა ნაყროვნებამან, ანუ ძილმან განაგოს, ესრეთ ვიქმოდი.
მოციქულისაჲ: ჭამადი მუცლისათჳს და მუცელი ჭამადისათჳს (6,13).
თარგმანი: ჭამადად სანოაგეთა მათ მრავალფერთა იტყჳს და სიმრავლესა მათსა, ხოლო მუცლად ამას ადგილსა ნაყროვანებასა უწესს და არა თუ მუცელსა; ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ჭამადნი ნაყროვნების მოყუარე არიან და ნაყროვნებაჲ — ჭამადთაჲ, და ვერცა ერთი ამათგანი შემძლებელ არს ჩუენდა ქრისტესდა შეწყნარებად, არამედ ჭამადნი ნაყროვნების მონა გუყოფენ და ნაყროვნებაჲ —ჭამადთა მონა.
მოციქულისაჲ: ხოლო ღმერთმან იგიცა და ესეცა გან-ვე-აქარვოს (6,13).
თარგმანი: არა თუ მუცელი განაქარვოსო, არამედ უზომოჲ იგი გულისთქუმაჲ, რამეთუ მას ემტერემის მოციქული და არცა მუცელსა, არცა საზრდელსა, არამედ შუებასა და უზომოებასა. ხოლო რაჲ არს ესე თუ "განაქარვოს"? — ვიეთნიმე იტყჳან თუ მერმისა მისთჳს საუკუნოჲსა იტყჳს, ვითარმედ: განაქარვოს მაშინ ესე ყოველივე, რამეთუ არა არს მუნ ჭამაჲ, არცა სუმაჲ; ხოლო სხუანი იტყჳან თუ ულოცავს, ვითარმედ განაქარვენ ღმერთმან თქუენგან ამაოჲცა გულისთქუმაჲ და უზომოჲ ჭამაჲ. და ორივე ესე კეთილ არს.
მოციქულისაჲ: ხოლო ჴორცნი ესე არა სიძვისათჳს, არამედ უფლისათჳს და უფალი ჴორცთათჳს (6,13).
თარგმანი: რაჲთა არა ჰგონებდე თუ ჴორცთა აბრალებს, რამეთუ მუცელი თქუა ზემო, არამედ, რაჲთა სცნა, ვითარმედ "მუცლად" ნაყროვანებასა იტყჳს, ამისთჳს შესძინა, ვითარმედ: ჴორცნი არა თუ ამისთჳს დაბადებულ არიან, რაჲთა იშუებდენ ოდენ, და ამისგან სიძვად შთავარდებოდინ, არამედ რაჲთა ქრისტეს შეუდგენ, ვითარცა თავსა — გუამი, და ქრისტე იყოს მათ ზედა. ხოლო ესრეთ მოეზავებოდა თქუმად, ვითარმედ: ჴორცნი ესე არა ნაყროვნებისათჳს, არამედ ესე დაიდუმა, და ნაყროვნებისაგან შობადი სიძვაჲ თქუა, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ სიძვაჲ არს ნაყროვნებისა შვილი.
მოციქულისაჲ: ხოლო ღმერთმან უფალიცა აღადგინა და ჩუენცა აღგუადგინნეს ძალითა მისითა. არა უწყითა, რამეთუ ჴორცნი ეგე თქუენნი ასონი ქრისტესნი არიან? აწ უკუე აღვიხუნე-ა ასონი ქრისტესნი? (6,14-15).
თარგმანი: ნუ შეშფოთნები, გესმას რაჲ თუ — ღმერთმან ქრისტე აღადგინა. რამეთუ არა თუ ამისთჳს თქუა ესე, ვითარმცა ქრისტეს ვერ ძალ-ედვა თავისა თჳსისა აღდგინებაჲ (რამეთუ იგი არს, რომელმან თქუა: "დაარღჳეთ ტაძარი ესე და მესამესა დღესა აღვადგინო ეგე", და ვითარმედ: "ჴელმწიფებაჲ მაქუს დადებად სულისა ჩემისა და კუალად მოღებად იგი", და სხუაჲ მრავალი), არამედ მოციქულმან თქუა ესე ამისთჳს, რამეთუ ყოველსავე ძისასა მამისად შეჰრაცხავს და ყოველსავე მამისასა — ძისად. რამეთუ რასა მამაჲ იქმს, მასვე ძე იქმს, და რასა ძე იქმს, მასვე მამაჲ იქმს და ეგრეთვე სული წმიდაჲ. და კუალად, რაჲთა კაცობრივი ქრისტეს ბუნებაჲ გამოაჩინოს, რამეთუ იგი მოკუდა და აღდგა, და არა თუ აქა ღმრთეებისათჳს რას იტყჳს; და კუალად, რამეთუ კორინთელთა უძლურებისათჳს სძესა ასუმიდა.
მოციქულისაჲ: და ვყვნე ასო მეძვის? ნუ იყოფინ! ანუ არა უწყითა, რამეთუ, რომელი შეეყოს მეძავსა, ერთჴორც არიან? რამეთუ წიგნი იტყჳს: "იყვნენ ორნივე ერთჴორც". ხოლო რომელი შეეყოს უფალსა, ერთსულ არს. ევლტოდეთ სიძვასა. ყოველი ცოდვაჲ, რომელი ქმნეს კაცმან, გარეშე ჴორცთა არს, ხოლო რომელი ისიძვიდეს, თჳსთა მიმართ ჴორცთა ცოდავს (6,15-18).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ სხუანი ცოდვანი გარეგან ჴორცთაჲსა არიან, ხოლო რომელი ისიძვიდეს, ყოველსა მას არსებასა და ბუნებასა ჴორცთასა შეაგინებს, და ყოველივე გუამი და ყოველნივე საცნობელნი შეიგინებიან. რამეთუ კაცისმკვლელი და მტაცებელი ჴელთა ოდენ შეიგინებენ, ხოლო მსიძავი — ყოველთავე ასოთა თჳსთა და მეორისათაცა. და კუალად ესრეთცა ვინმე თქუა, ვითარმედ წერილ არს მამაკაცისათჳს და დედაკაცისა, ვითარმედ იყვნენ ორნივე ერთჴორც. ხოლო რომელი არა შჯულიერითა წესითა და ქორწინებითა შეეყოს დედაკაცსა, არამედ უშჯულოდ, ისიძვოს. რომლისადა ბრძანებულ არს, რაჲთა, უკუეთუ ჰნებავს, აქუნდეს ქორწინებაჲ პატიოსანი, ესევითარი იგი სიძვითა მით და არაწმიდებითა შეაგინებს თავსაცა თჳსსა და დედაკაცსაცა მას; ხოლო ესევითარი იგი თჳსთა ჴორცთა თანა ცოდავს და მათდა მიმართ, რამეთუ არა თუ თჳსთა მათ ჴორცთა ბუნებასა ოდენ შეაგინებს, არამედ დედაკაცისასაცა, რომელი ჴორც მამაკაცისა არს, ვინაჲთგან გუერდისა მისისაგან დაიბადა. და ესრეთ აღესრულების სიტყუაჲ მოციქულისაჲ, რამეთუ ყოველი ცოდვაჲ გარეგან ჴორცთა არს, ხოლო რომელი ისიძვიდეს, თჳსსაცა თავსა და რომელსა თანა ისიძვოს, ბილწებითა აღავსებს.
მოციქულისაჲ: ანუ არა უწყითა, რამეთუ ჴორცნი ეგე თქუენნი ტაძარნი თქუენ შორის მყოფისა მის სულისა წმიდისანი არიან, რომელ-ეგე გაქუს ღმრთისაგან, და არა ხართ თავთა თჳსთანი, რამეთუ სასყიდლით სყიდულ ხართ (6,19-20).
თარგმანი: შეაშინებს მათ დიდებულებითა მით ნიჭისაჲთა, რომელი მოცემულ არს ღმრთისა მიერ, არა თუ ამით სიტყჳთა თჳთმფლობელობასა ჩუენსა დაჰჴსნის, რომელ თქუა თუ: "არა თავთა თქუენთანი ხართ", არამედ ბოროტთა საქმეთაგან განგუაყენებს და იტყჳს, ვითარმედ: მეუფე გივის და არცა თუ ჴორცნი თქუენნიმცა შეგირაცხიან თჳსად, რამეთუ იყვენით ჴელმწიფებასა ქუეშე ეშმაკისასა, და მოიყიდენით სისხლითა ძისა ღმრთისაჲთა.
მოციქულისაჲ: ადიდეთ უკუე ღმერთი ჴორცითა თქუენითა (6,20).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ადიდეთ იგი კეთილთა მიერ საქმეთა, რომელნი ჴორცითა იქმნებიან, ვითარ სიწმიდე და მარხვაჲ და მოწყალებაჲ და სხუანი ესევითარნი, რაჲთა ხედვიდენ კაცნი კეთილთა საქმეთა თქუენთა და ადიდებდენ ღმერთსა.
მოციქულისაჲ: და სულითა თქუენითა, რომელნი-ეგე ღმრთისანი არიან (6,20).
თარგმანი: ამით სიტყჳთა კუალად გამოაჩინებს, ვითარმედ არა ჴორცითა ოდენ ჯერ-არს სივლტოლაჲ სიძვისაგან, არამედ გონებითაცა, გულისსიტყუათაგან ბოროტთა, რაჲთა არა შეიგინებოდის სული, არამედ რაჲთა წმიდა იყოს, და მაშინ იდიდების ღმერთი სულითაცა; თუარა, უკუეთუ სული ბოროტითა გონებითა განარისხებდეს ღმერთსა, ჴორცნი ვერ ადიდებენ თავით თჳსით.