📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: ამიერითგან, ძმანო ჩემნო, განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისაჲთა (6,10).
თარგმანი: ვინაჲთგან ზემოსა თავსა შინა კეთილად განაწესნა თითოეული თჳსითა წესითა, და დასასრულსა სიტყჳსასა ამით შეაძრწუნნა უფალნი მონათათჳს, ვითარმედ: "ნუ გგონიეს, თუმცა შენ თუალ-გახუნა ღმერთმან უფლებისათჳს, და არა შური იძია შენგან უწყალოებისათჳს მონათაჲსა, ამისთჳს აწ ყოველთა ზოგად ნუგეშინის-სცემს და განაძლიერებს წყობად წინააღმდგომისა, სასოებითა უფლისაჲთა, რამეთუ თჳნიერ ყოვლადძლიერისა ძალისა მისისა უქმ არს ყოველი ძლიერებაჲ კაცობრივი.
მოციქულისაჲ: შეიმოსეთ ყოვლადსაჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ თქუენ წინა-დადგომად მანქანებათა მათ ეშმაკისათა (6,11).
თარგმანი: ყოვლადსაჭურველად — ყოველთა მცნებათა ქრისტესთა გულისჴმა-ვჰყოფთ, რომელთა აღმასრულებელი ჯეროვნად აღჭურვილ არს, არღარა ცხადთა მიმართ, არამედ დაფარულთაცა და მზაკუვარებითთა ბრძოლათა ეშმაკისათა, რამეთუ სიტყუანი წმიდისა სახარებისანი არა რტოთა ოდენ, არამედ ძირთაცა აღმოჰფხურიან ყოველთა ვნებათასა!
მოციქულისაჲ: რამეთუ არა არს ბრძოლაი ჩუენი სისხლთა მიმართ და ჴორცთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა (6,12).
თარგმანი: ამას ეშმაკთათჳს იტყჳს, და სივერაგეთა მათთა ჩუენებითა, არა დაჴსნილ, არამედ უგანკრძალულეს მყოფს ჩუენ, ვითარ უხილავნი მტერნი გჳსხენ, ფრიად უმძლავრეს საბრძოლელნი, უფროჲს ჴორციელთა ამათ მბრძოლთასა, რამეთუ სულ არიან და ჰაერსა შინა მყოფ, რომელთა-იგი არა თჳთ ბუნებით, არამედ ჩუენ მიერ მიცემით აქუს მთავრობაჲ და ჴელმწიფებაჲ, რაჟამს ნებსით დავამონებდეთ მათ თავთა, განდგომითა ღმრთისაგან და შედგომითა ყოველთა საქმეთა სიბოროტისათა.
მოციქულისაჲ: სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა მის ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე (6,12).
თარგმანი: სოფლად ჩუეულ არიან წერილნი წოდებად ბოროტთა საქმეთა, ვითარცა უფალი მოწაფეთა ეტყჳს: "თქუენ არა სოფლისაგანნი ხართ" (); ესე იგი არს, ვითარმედ: "ზეშთა ხართ ბოროტთა საქმეთა, რომელნი სოფელსა შინა იქმნებიან". ესრეთვე აწ მოციქული სოფლის მპყრობელ უწოდს ეშმაკთა, ვითარცა მაქმნეველთა და მაწუეველთა ბოროტისათა. და რაჲთა არა შეგეშინოს მათგან, გესმოდის რაჲ მათთჳს "მთავრობაჲ" და "სოფლის მპყრობელობაჲ", ამისთჳს დაჰრთავს, თუ ვიეთ ზედა მთავრობენ. ცხად არს, ვითარმედ — ბნელსა უკეთურებისასა, რომელი იქმნების საწუთროსა ამას შინა. ხოლო "ცასა ქუეშეობითა" ზეცით გარდამოვრდომილობასა და ვერღა მუნ აღმავალობასა მათსა აჩუენებს, რომლისათჳს წინა-განწყობილ არიან და სცვენ ჰაერსა ცად აღსავალსა, რაჲთა არა მუნ აღვიდეთ ჩუენ, ვინაჲ იგინი გარდამოცჳვეს.
მოციქულისაჲ: ამისთჳს აღიღეთ ყოვლადსაჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ წინა-დადგომად დღესა მას ბოროტსა (6,13).
თარგმანი: რაისა "ამისთჳს"? — არამედ მძჳნვარებისათჳს მტერთაჲსა ჯერ-არს გარე-მორტყმაჲ ყოვლად-საჭურველისა ღმრთისა მცნებათაჲსა, რომელნი-იგი მარცხენითთა და მარჯუენითთა დაცემათაგან განგუაკრძალებენ და წინა და უკუანა ყოფასა ვნებათა პირველობისა და შემდგომობისასა განგჳცხადებენ, და ორკერძოვე მარჯუენე გუყოფენ წინააღმდგომთა მიმართ. ამისთჳს ყოვლადსაჭურველ ეწოდების, ვითარცა ერთგუამთა და ყოვლითა საჴმარებითა აღსავსეთა, რამეთუ თითოეული მათი ურთიერთას შეწყობილ არს. ხოლო დღედ ბოროტად საწუთროჲსა ამის სიბოროტესა უწოდს, და ერთ-დღეობითა წუთ-ჟამობასა ამის ბრძოლისასა გჳჩუენებს, ვითარმედ საწუთროსა ამას თანა დაჴსნად არს წყობაჲ ეშმაკთა და ვნებათაჲ.
მოციქულისაჲ: და ყოველსავე იქმოდეთ, რაჲთა სდგეთ. მტკიცედ უკუე დეგით (6,13-14).
თარგმანი: ყოვლისავე ქმნასა თანა (ესე იგი არს ყოვლისავე მძლეობასა თანა) გუაწუევს სამარადისოდ დგომად და მტკიცედ დგომად; რამეთუ მრავალთა, შემდგომად ძლევისა მტერთაჲსა, კუალად თჳთცა დაცემაჲ შეემთხჳა უკრძალველ და უზრუნველ ქმნითა. ამისთჳს ნუვინ მიენდობვის ერთგზის გინა მრავალგზის დაკუეთებასა და ოტებასა საეშმაკოთა ვნებათასა, ნუცა ოდეს უზრუნველ იქმნების, არამედ სამარადისოდ დგეს, და მტკიცედ და განკრძალულად დეგინ, რამეთუ მრჩობლთა "დგომათა" მიერ დგომასა და განკრძალულად დგომასა გუასწავებს მოციქული ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.
მოციქულისაჲ: მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭჳ იგი სიმართლისაჲ, და შეისხენით ფერჴთა თქუენთა განმზადებულებაჲ სახარებისა მის მშჳდობისაჲ (6,14-15).
თარგმანი: ვინაჲთგან წესიერად განგუაწყვნა და ახოვნად დაგუადგინნა, აწ ჯეროვნად აღგუჭურავს სიტყჳთა სწავლისა და მოძღურებისაჲთა, და პირველად უკუე მორტყმითა წელთაჲთა შემოკრებად და შეიწრებად გუამცნებს ქუემეთრევობასა და მიმოდამთხევობასა გულისთქუმისასა, მიმოგანბნეულებისაგან გულისსიტყუათაჲსა, რაჲთა მოღუაწებითა ვაჭიროთ წელთა, სიახლესა მას თირკუმელთასა, და ზე-აღმოვკრიბოთ ნამეტნავი მისი, მსგავსად სამოსლისა მჴედართაჲსა, რამეთუ ვითარცა ნავისა სიმძიმე ყოველივე საშუვალსა მას ძელსა, ტროპიად სახელდებულსა, უტჳრთავს, და არს იგი მისთჳს, ვითარცა საფუძველი სახლისათჳს, ეგრეთვე ჩუენდა არიან წელნი, რამეთუ მათ ზედა დადებითა განუსუენებთ ჴელთა სიმაშურალისაგან. ამათ უკუე ძალთა სულისა ჩუენისათა, რომელთა სახისმეტყუელებით წელად უწოდს, ჭეშმარიტებითა მორტყმად გუამცნებს. ხოლო ჭეშმარიტებაჲ მრავალსახითა სახელითა გულისჴმა-იყოფების. ჭეშმარიტება უწოდიან მართლმადიდებლობასა შჯულთასა; ჭეშმარიტება ეწოდების გამოცდილებასა საქმეთა მოღუაწებისათასა; ესე იგი არს სარწმუნოებაჲ მართალი და საქმენი კეთილნი. და ჭეშმარიტება ეწოდების განშორებულსა მზაკუვარებისაგან, რომელსა არარაჲ აქუნდეს ტყუვილი ანუ სიდრკუვე გინა ღუარძლი, იფქლსა შინა შთათესული ეშმაკისაგან. ხოლო შესაძლებელ არს ამისი უმაღლესად გულისჴმის-ყოფაჲ, ვითარმედ უცთომელი ჭეშმარიტებაჲ და ნანდჳლვე ჭეშმარიტი ჭეშმარიტებაჲ თჳთ თავადი არს ქრისტე ღმერთი ჩუენი, რომლისა მიერ მადლით მოცემულ არს კაცთადა, რაჲთა სახელითა ამით იწოდებოდინ. რამეთუ რავდენთა ქრისტეს მიერ ნათელ-გჳღებიეს, ქრისტჱ შეგჳმოსიეს. ხოლო ჯაჭუ სიმართლისა არს ყოველთავე ასოთა აღმკრძალველი იგი ცხორებაჲ სათნოებითი. ესრეთ უკუე, რაჟამს მტერთა ჰბრძოდის კაცი, მაშინ შევალს მშჳდობასა სახარებისასა. ამისთჳს შეისხამს ფერჴთა, რაჲთა მზა იყოს დათრგუნვად გუელთა და ღრიაკალთა, და ესრეთ განემზადების ხარებად სახარებისა მის ქრისტესისა, რომელი-იგი მტერთა დამჴობისა და ოტებისა, ხოლო ჩუენდა მშჳდობისა მახარებელ არს, რამეთუ განმზადებულებასა გულისა მისისასა ერჩდეს ყური შენი, სიტყჳსაებრ წინაჲსწარმეტყუელისა.
მოციქულისაჲ: ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაჲ, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განჴურვებულთა დაშრეტად (6,16).
თარგმანი: ამას ადგილსა მეორისა მის სარწმუნოებისა აღებად გუამცნებს, რამეთუ პირველი სარწმუნოებაჲ არს შჯულთა მართლმადიდებლობისაჲ, რომელი-ესე ყოველთაჲ არს. ხოლო მეორე და ვიეთიმე რჩევითთაჲ იგი არს, რომლისათჳს უფალი ეტყჳს მოწაფეთა: "უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ" (), და კუალად, იგინი ეტყჳან: "შემძინე ჩუენ სარწმუნოებაჲ" (). ამით ესევითარითა სარწმუნოებითა დაშრტებიან ყოველნი იგი ისრად წოდებულნი გულისსიტყუანი გულისთქუმისანი და ზედა-აღდგომანი განსაცდელთანი, რამეთუ არა ხოლო ფარსა, არამედ წყალსა ცხოველსაცა მიემსგავსების ესევითარი იგი სარწმუნოებაჲ, დამშრეტელად ცეცხლსა გულისთქუმათასა.
მოციქულისაჲ: და ჩაფხუტი იგი ცხორებისაჲ დაიდგთ და მახჳლი იგი სულისაჲ, რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ (6,17).
თარგმანი: ჩაფხუტ ცხორებისა არს სასოებაჲ კეთილი, რომელი ყოვლისავე ღუაწლისა და შრომისა აღსუბუქებისათჳს საცხორებელ იწოდების, რამეთუ სასოებითა საუკუნეთა კეთილთა მიმთხუევისაჲთა თავს-ვიდებდეთ ყოველთავე ტკივილთა სათნოებისათა, ხოლო მახჳლად სულისა გინა თუ სულსა წმიდასა უწოდს, მკუეთელობისათჳს და განმარჩეველობისა ღუარძლისა იფქლისაგან, ანუ თუ სულიერად ცხორებასა და მოქალაქობასა, რომელი ვითარცა მახჳლი შეგუეწევის წინააღსადგომელად ბრძოლისა მტერთაჲსა, ანუ თუ სულიერსა განყოფასა მადლთასა, რომელი-იგი იქმნების სიტყჳთა და ბრძანებითა უფლისაჲთა, და მკუეთელობითა სიტყჳსაჲთა განარჩევს ბოროტსა კეთილისაგან.
მოციქულისაჲ: ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა ილოცევდით ყოველსა ჟამსა სულითა (6,18).
თარგმანი: შემდგომად კეთილად აღჭურვისა გჳბრძანებს ლოცვით და ვედრებით ხადად მეუფისა, რაჲთა მოგუცეს ჴელი შეწევნისაჲ ბრძოლისათჳს წინააღმდგომთაჲსა, რომელი-ესე ყოველსა ჟამსა საჴმარ არს ჩუენდა, რაჲთა უწყოდით, ვითარმედ თჳნიერ მის მიერისა შეწევნისა ვერარას შემძლებელ ვართ.
მოციქულისაჲ: და მებრვე ამისთჳს იღვძებდით ყოვლითა კრძალულებითა და ვედრებითა ყოველთა წმიდათათჳს და ჩემთჳსცა (6,18-19).
თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა, ვითარმედ: "ილოცევდით ყოველსა ჟამსა სულითა", ამისთჳს აწ ზედა-დაჰრთავს: "მებრვე ამისთჳს იღჳძებდით". რაჲსა "ამისთჳს"? — არამედ სულიერად ლოცვისათჳს, რომელი გჳჴმს ქმნად ყოვლითა კრძალულებითა და ვედრებითა, რაჲთა არა ცუდად გუეღჳძოს ამაოთა ზრახვათათჳს, არცა მრავლისმეტყუელ ვიყვნეთ ჴორციელისა რაჲსმე თხოვითა, არამედ ესოდენ სულიერ და ყოვლად საღმრთო არს-მცა თხოვაჲ იგი ჩუენი, რაჲთა წესიერ ვედრება იყოს და თხოვა ჯეროვნად საჴმარ; არა ხოლო თავთა ჩუენთა, არამედ ყოველთა წმიდათა და თჳთ პავლესსაცა, რომელმან უწყის, ვითარმედ ესევითარმან ლოცვამან დაჰჴსნნა საკრველნი პეტრესნი საპყრობილესა შინა, და რამეთუ აწ ესეცა კრულებათა შინა იყო, რაჟამს ამას წერდა.
მოციქულისაჲ: რაჲთა მომეცეს მე სიტყუაჲ აღებასა პირისა ჩემისასა, განცხადებულად უწყებად საიდუმლოჲ იგი სახარებისაჲ (6,19).
თარგმანი: სიტყჳსაებრ ქრისტესისა არა წინაჲსწარ იწურთიდა, არამედ რაჲცა სულმან წმიდამან მოსცის, მას ჟამსა აღებასა პირისასა, იგიცა აღმოთქჳს, რომლისათჳს აწ არა ეგოდენ მოცემასა სიტყჳსასა, რაოდენ უშიშოებასა ითხოვს, რაჲთა კადნიერებით მიუთხრობდეს საიდუმლოსა სახარებისასა.
მოციქულისაჲ: რომლისათჳს-ესე ვციქუ ჯაჭჳთურთ, რაჲთა მას შინა განვცხადნე, ვითარ-იგი ღირს ჩემდა სიტყუად (6,20).
თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: რომლისათჳს-ესე ვიოხ ჯაჭუთა შინა. ესე იგი არს, ვითარმედ: სახარებისა ამისთჳს აღგძრავ თქუენ, კაცთა, ოხად მე, ჯაჭუთა შინა მყოფი ესე, რაჲთა ქადაგებასა მისსა შინა ჯეროვნად განვცხადნე და ღირსებით მიუთხრა იგი ჟამსა მას, ოდეს წარმომადგინონ სიტყჳსგებად მეფისა, რამეთუ აჰა ეგულების განკითხვად წარდგინებაჲ ჩემი, ჯაჭჳთა შეკრულისაჲ ამის.
მოციქულისაჲ: ხოლო თქუენცა რაჲთა უწყოდით ჩემთჳს, რასა-იგი ვიქმ, ყოველივე გაუწყოს თქუენ ტჳქიკოს, საყუარელმან ძმამან და სარწმუნომან მსახურმან უფლისა მიერ (6,21).
თარგმანი: რაოდენი რაჲ საჴმარ იყო შჯულთა და სწავლათათჳს, წერით მიუწერს, ხოლო თჳსისა მოქმედებისა ჰამბავსა — მივლინებულსა დაუტევებს თქუმად, რომლისა სიტყუაჲ სარწმუნო მათდა ყო შესხმათა მიერ თჳსთა, რამეთუ საყუარელი პავლესი და სარწმუნოჲ მსახური უფლისაჲ უეჭუელად მართლის მეტყუელ და უტყუველ ყოფად არს ყოველსა შინა.
მოციქულისაჲ: რომელი-იგი მივავლინე თქუენდა ამისთჳს მებრ, რაჲთა უწყოდით ჩუენთჳს და ნუგეშინის-სცეს გულთა თქუენთა (6,22).
თარგმანი: ესე იყო უმაღლესი საზღვარი პავლეს სიყუარულისაჲ, რამეთუ წადიერ იყო უწყებად მათდა, რაჲთა მეცნიერ იყვნენ მისსა ყოველსავე, და ამით სახითა ნუგეშინის-სცენ გულთა თჳსთა, ფრიად შეწუხებულთა ჯაჭუთა მიერ კრულებისათჳს მოძღურისა მათისა.
მოციქულისაჲ: მშვდობაჲ ძმათა და სიყუარული სარწმუნოებითურთ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა (6,23).
თარგმანი: ორსახე არს სიტყუაჲ ესე, რამეთუ გინათუ ამას იტყჳს, ვითარმედ: მშჳდობაჲ და სიყუარული თანა-აც ქონებად ძმათა მიმართ ოდენ და ზიართა სარწმუნოებისა და მართლმადიდებლობისათა, და არა ურწმუნოთაცა გინა მწვალებელთა, რომელთა თანა ერთობაჲ განმრყუნელი არს სარწმუნოებისაჲ; ანუ თუ ამას, ვითარმედ: არარად სარგებელ არს მშჳდობაჲ და სიყუარული, უკუეთუ არა სარწმუნოებით იყოს და საღმრთოდ, ვითარ-იგი უყუარს უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა.
მოციქულისაჲ: მადლი ყოველთა თანა მოყუარეთა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა უხრწნელებით, ამენ (6,24).
თარგმანი: იხილე, თუ ვითარ მოკლითა ამით სიტყჳთა მრავალსახესა ძალსა სიტყჳსასა წინა-დამიდებს ჩუენ, ვითარმედ: ესე არს მადლი, რომელი მიეცემის მოყუარეთა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა — უხრწნელებაჲ და ცხორებაჲ საუკუნოჲ; და ვითარმედ: სიყუარული ქრისტესი არა მსგავს არს სოფლიოთა ამათ განხრწნადთა სიყუარულთა, არამედ განუხრწნელად ჰგიეს და მარადღე მიანიჭებს ყოველთა უხრწნელებასა. და კუალად ესრეთცა, ვითარმედ: სიყუარული ქრისტესი უხრწნელებით იქმნების, რაჲთა კაცი არარათ განხრწნადთა ნივთთა ცოდვისათა დაემონებოდის, არცა რათ წარმავალთა საქმეთა მოქმედებასა შინა წარაგებდეს დღეთა თჳსთა, არამედ მარადის მას იქმოდის, რომელი უხრწნელად და წარუვალად დაშთომად არს. ხოლო ესე ცხად არს, ვითარმედ ყოველი ცოდვაჲ და სიბოროტე ხრწნილება არს სულისა, და ყოველი სათნოებაჲ და სიმართლე —უხრწნელება მისსა, ვინაჲცა თჳთ თავადი უფალი ჩუენი იესუ ქრისტე ამასვე დასდებს სასწაულად სიყუარულისა თჳსისა, ვითარმედ: "რომელსა უყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხნეს" (). ხოლო მცნებანი მისნი ყოვლითურთ აღმომფხურელ არიან ცოდვათა და გზა ყოველთა სათნოებათა. ხოლო სათნოებაჲ შემაერთებელი არს ღმრთისაჲ და მომატყუებელი კეთილთა საუკუნეთაჲ, რომელთა მიმთხუევაჲ მეყავნ ჩუენ ყოველთა, მითვე "ამინითა", ნაცვალად "იყავნ"-ისა დადებულითა, ლოცვითა მოციქულისაჲთა და წყალობითა უფლისაჲთა, მისა დიდებაჲ აწ და ყოველთა საუკუნეთა უკუნისამდე, ამენ.