მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი თ̂. განწესებაჲ სახლეულთაჲ წესიერებისათჳს და უფალთა და მონათაჲ ქრისტეს მიერ

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: ცოლნი თჳსთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა, რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა, და იგი თავადი არს მაცხოვარი გუამისაჲ (5,22-23).

თარგმანი: აწინდელი ესე "ვითარცაჲ" არა სწორებისაჲ არს, არამედ მსგავსებისაჲ, რამეთუ უფლისა მორჩილებაჲ უზეშთაეს გჳჴმს ქონებად, და არარაჲსა ჴორციელთა საქმეთაგანისა თანა სწორებად, ხოლო მისითა სახედ მოღებითა და მისთჳსვე, რამეთუ მას თავადსა ყოველივე მშჳიდობაჲ და წესიერებაჲ უყუარს, და არა-რაჲ არს სახლსა შინა ესრეთ წესიერებისა მოქმედ, ვითარ რაჟამს ცოლი ჰმორჩილობდეს ქმარსა, ვითარცა ღმრთივდადგინებულსა უფალსა თჳსსა, რამეთუ, აჰა, მას განუკუთნავს ყოველსავე მზრუნველობასა მსგავსებითა თავისაჲთა, რომელი-იგი არს მზრუნველ და განმგებელ ყოვლისა გუამისა, მას შინა მყოფობისათჳს საცნობელთაჲსა, რომელთა მიერ იპყრობვის და განეგებვის ყოველი შენაწევრებაჲ ასოთა გუამისათაჲ, ეგრეთვე ქმრისადა რწმუნებულ არს წინა-მზრუნველობაჲ და განმგებელობაჲ სახლისაჲ, ხოლო ცოლისადა — მორჩილებაჲ ოდენ ბრძანებისა მისისაჲ, სახედ შემოღებითა ქრისტესითა და ეკლესიისაჲთა.

მოციქულისაჲ: არამედ ვითარცა ეკლესიაჲ დამორჩილებულ არს ქრისტესსა, ეგრეცა ცოლნი — თჳსთა ქმართა ყოვლითავე (5,24).

თარგმანი: ვინაჲთგან შესაკრებელსა შინა ეკლესიისასა იპოებიან ვიეთნიმე ურჩთაცაგანნი, ამისთჳს მორჩილთა მათ ოდენ ქრისტესთა უწოდს სავსებად ეკლესიისა, და ვითარცა ერთგუამობით დამორჩილებულსა ქრისტესსა, ესრეთ სახედ მისცემს მათ ცოლთა მორჩილებისათჳს ქმართაჲსა, არამედ შენ, კაცო, გნებავს თუ, რაჲთა ვითარცა უფალსა გმორჩილობდეს ცოლი, შეიყუარე იგი ესრეთ, ვითარცა ქრისტემან — ეკლესიაჲ, რაჲთა მზა იყო თავს-დებად, დაღაცათუ რაჲმე გევნებოდის მისთჳს, ვიდრე სიკუდიდმდე, რამეთუ შენ ნუუკუე და მოყუარისა და მორჩილისა შენისათჳს გეტყჳ თავსდებად, რაჲ-იგი ქრისტემან თავს-იდვა ეკლესიისათჳს, მტერისა და მლტოლვარისა მისგან.

მოციქულისაჲ: ქმართა გიყუარდედ ცოლნი თჳსნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თჳსი მისცა მისთჳს, რაჲთა იგი წმიდა ყოს (5,25-26).

თარგმანი: "წმიდა-ყოფითა" ამით ცხად არს, ვითარმედ არაწმიდა იყო იგი, რომელი განწმიდა ქრისტემან ვნებითა თჳსითა, არამედ არა აყუედრა მას ქრისტემან პირველი არაწმიდებაჲ, შემდგომისა მისთჳს განწმედისა, ეგრეთვე შენ, ვითარიცა მიიყვანო ცოლი, ნუ აყუედრებ პირველთა საქმეთა, უკუეთუ ოდენ მიერითგან წმიდად დაგიმარხოს თავი თჳსი.

მოციქულისაჲ: საბანელითა მით წყლისაჲთა და სიტყჳთა (5,26).

თარგმანი: საბანელ არს წყალი ნათლისღებისაჲ, ხოლო სიტყუა — სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა უფალმან მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: ნათელ-სცემდით სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა.

მოციქულისაჲ: რაჲთა წარუდგინოს თავადმან თავსა თჳსსა დიდებულად ეკლესიაჲ, რაჲთა არა აქუნდეს მწინკულევანებაჲ, არცა ნაოჭ ბრძჳლისაჲ, არცა სხუაჲ რაჲ ესევითარი, არამედ იყოს წმიდა და უბიწო (5,27).

თარგმანი: ამას ყოველსა ქმართა სახედ მისცემს, რაჲთა ვითარ-იგი ქრისტემან არა იძია ეკლესიისაგან სიკეთე ჴორციელი, არამედ სულიერი, ეგრეთვე ესენი ნუ ტრფიალ არიან სიკეთესა ჴორცთასა, არამედ ამას ისწრაფდინ, რაჲთა გონებითა მშჳდ და მორჩილ და წესიერ იყვნენ ცოლნი მათნი, რამეთუ ამით შეიმკვების სახლი კაცისაჲ, რაჟამს საღმრთო და გონიერ იყოს ცოლი მისი და არარაჲ აქუნდეს არაწმიდებაჲ, შემაგინებელი საწოლისაჲ, არცა სილაღე და ცნობავნებულებაჲ, აღმაოჴრებელი სახლისაჲ; რამეთუ, ესენი თუ აქუნდენ, ვერარად ერგოს ქმნულკეთილობაჲ სახისაჲ, არამედ წესიერებაჲ და სახიერებაჲ სულისაჲ ჰყოფს მას არა ხოლო შუენიერ, არამედ სახელგანთქუმულცა და დიდებულ.

მოციქულისაჲ: ესრეთ ჯერ-არს ქმართაჲ ცოლთა თჳსთა სიყუარული, ვითარცა ჴორცთა თჳსთაჲ, რამეთუ, რომელსა უყუარდეს ცოლი თჳსი, თავი თჳსი უყუარს; რამეთუ არავინ სადა თავი თჳსი მოიძულის, არამედ ზრდინ და ჰფუფუნებნ მას, ვითარცა ქრისტე ეკლესიასა (5,28-29).

თარგმანი: არათუ უდიდებულესად, არამედ უმახლობელესად სახედ მოიყვანა სიტყუაჲ, მოკსენებითა თჳსთა ჴორცთაჲთა, რამეთუ, ვითარცა-იგი ჩუენ მორწმუნენი ერთ ჴორც ვართ თავისა მის ჩუენ ყოველთაჲსა ქრისტესსა, ეგრეთვე დედაკაცი ერთ ჴორც არს ქმრისა, მიერ სიტყჳთგან დაბადებისაჲთ, ვითარმედ: "ესე - ჴორცი ჴორცთა ჩემთაგანი და ძუალი ძუალთა ჩემთაგანი" ().

მოციქულისაჲ: რამეთუ ასონი ვართ გუამისა მისისანი, ჴორცთა მისთაგანნი და ძუალთა მისთაგანნი (5,30).

თარგმანი: ვითარცა-იგი ჩუენსა ქრისტეს მიმართ ერთგუამობასა სახედ მოიღებს მეუღლეთა ერთგუამობისა, ეგრეთვე მათსა ერთჴორცობასა, ვითარ ცოლი გუერდისაგან ქმრისა მოღებულ იქმნა, — სახედ მოიღებს ჩუენისა ამის ქრისტეს შეერთებისა. და რაჲთა განცხადებულად დაამტკიცოს ერთგუამობაჲ ჩუენი მის თანა, არა კმა-იყოფს ჴორცთა მისთაგანობასა, არამედ ზედა-დაჰრთავს ძუალთა მისთაგანობასაცა. და უწყიან ესე მიმღებელთა საიდუმლოჲსათა, ვითარ ჴორცისა ჭამაჲ ითქუმის, ხოლო ძუალისაჲ არა-შემუსრვაჲ, რამეთუ მიერ ძუალით კუალად მეორედ აღმოვეგებით ჴორცითა, ვითარ-იგი სხუასა ადგილსა ესევე მოციქული იტყჳს, ვითარმედ: "ყრმათაცა ეზიარა ჴორცითა და სისხლითა, რამეთუ ქალწულისაგან შობითა იგი გუეზიარა ჩუენ, ხოლო მოღებითა წმიდათა საიდუმლოთაჲთა ჩუენ ვეზიარებით მას; და ვითარ-იგი შობაჲ მისი თჳნიერ მამაკაცისა იქმნა სულისა მიერ წმიდისა, ქალწულისა ჴორცთა შორის სრულიად მიღებითა ადამის გუამოვნებისაჲთა, ეგრეთვე ჩუენ სულისა მიერ წმიდისა მეორედ ვიშვებით საბანელსა შინა წმიდისა ემბაზისასა, და ყოვლად ერთ ჴორც და ერთსულ ვიქმნებით ქრისტეს თანა, ვჭამოთ რაჲ ჴორცი მისი. რამეთუ რომელი შეეყოს უფალსა, ერთსულ არს მის თანა.

მოციქულისაჲ: ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთჴორც (5,31).

თარგმანი: ესე სიტუაჲ წიგნისაგან დაბადებისა საწამებელად შემოღებულ არს მოციქულისა მიერ, რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ არა ახალ ჴმობა არს ერთჴორც წოდებაჲ მათი, არამედ ძუელ და დასაბამითგან დაბადებისაჲთ განწესებულ.

მოციქულისაჲ: საიდუმლოჲ ესე დიდ არს, ხოლო მე ვიტყჳ ქრისტესთჳს და ეკლესიისათჳს (5,32).

თარგმანი: ესე არს სიდიდე საიდუმლოჲსა ამის, ვითარ დაუმდაბლებელად დაიმდაბლა თავი თჳსი მხოლოდშობილმა6 ძემან და სიტყუამან ღმრთისამან, რამეთუ არა განეჴუა ღმრთეებისაგან და ყოვლითურთ იქმნა კაც, და ესრეთ შეიერთა ეკლესიაჲ ერთჴორც ყოფად მის თანა, რამეთუ რომელი შეეყოს უფალსა, ერთსულ არს მის თანა. ამათ ყოველთათჳს იტყჳს მოციქული, ვითარმედ: "საიდუმლოჲ ესე დიდ არს", უკუეთუ კაცობრივითა გულისსიტყჳთა გენებოს მიწთომაჲ მისი. ხოლო მე არა კაცობრივ, არცა კაცთათჳს მითქუამს, არამედ ქრისტესთჳს (რომელი-იგი ჭეშმარიტებით ღმერთ არს და კაც) და ეკლესიისათჳს (რომელი მადლით განღმრთობილ არს შეერთებითა ყოვლისავე შემ ძლებელისაჲთა). ამისთჳს შეუორგულებელად გრწმენინ სიმაღლე საიდუმლოჲსაჲ ამის.

მოციქულისაჲ: გარნა თქუენცა კაცად-კაცადმან ცოლი თჳსი ეგრეთ შეიყუარეთ, ვითარცა თავი თჳსი, ხოლო ცოლსა მას, რაჲთა ეშინოდის ქმრისა (5,33).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ საიდუმლოჲ ესე დიდი, ქრისტესთჳს და ეკლესიისა თქუმული, მაღალ და დიდ არს, არამედ არავე დამაყენებელ არს მცირესაცა ამას ზედა საქმესა სახედ ჴუმევაჲ მისი, რაჲთა კაცად-კაცადსა ესრეთ გიყუარდეს ცოლი თჳსი, ვითარცა თავი თჳსი. ხოლო შენ იხილე, ვითარ სიყუარულისათჳს მრავლად ისიბრძნისმეტყუელა, და შიშისათჳს ერთსა ოდენ სიტყუასა იტყჳს, ვითარმედ: "ცოლსა მას ეშინოდენ ქმრისა". ესე ამისთჳს, რამეთუ სიყუარულითა ჯერ-არს შიში იგი, და არა სიძულილით და მძლავრებით, არამედ რაჲთა შჯულისათჳს არა მჴევლებრ, არამედ ასოებრ ჰმონებდეს თავსა, ვინაჲთგან უწყის, ვითარმედ უთავოებაჲ მიზეზი არს შფოთებისაჲ, და კუალად, მრავალთავობაჲ დამჴსნელი არს სახლისაჲ. ამისთჳს ერთ თავ სახლსა შინა, ვითარცა ერთ ღმერთ ყოველთა ზედა. ესრეთ უკუე ცხად იქმნა, ვითარმედ სიყუარულითი შიში უმტკიცეს არს უფროჲს სიძულილითსა და მძლავრებითსა, ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა არა შიშისათჳს ტანჯვისა, არამედ სიყუარულისათჳს დამბადებელობისა უმტკიცეს ვყოთ შიში ღმრთისაჲ ჩუენ შორის.

მოციქულისაჲ: შვილნი მორჩილ იყვენით მამა-დედათა თქუენთა უფლისა მიერ, რამეთუ ესე არს სამართალი (6,1).

თარგმანი: იხილე კეთილად შეწყობილებაჲ სიტყუათა ამათ მოციქულისათაჲ, ვითარ ცოლი დაამორჩილა ქმარსა, ხოლო შვილნი — ზოგად ორთავე —მამასა და დედასა; და მორჩილებასა მას უბრძანებს უფლისა მიერ. ესე იგი არს უფლისა მიერი მორჩილებაჲ, რაჟამს არარას ესევითარსა ზედა ერჩდენ, რომელი დამჴსნელ იყოს ღმრთისმსახურებისა, ვითარმცა მეძავ ჰყოფდეს ასულსა ანუ სიბილწის საქმედ განსცემდეს ძესა, გინათუ კერპთმსახურ ანუ მწვალებელ ჰყოფდეს. ესევითარი იგი მორჩილებაჲ არა უფლისა მიერ არს, არამედ რაჟამს თჳნიერ სულისა სავნებელისა სხუასა ყოველსავე ზედა მორჩილ იყვნენ შვილნი მამა-დედათა, — ესევითარი იგი მორჩილებაჲ უფლისა მიერ არს, და სამართალ არს, ვითარცა განშორებული უსამართლოებისაგან, რომელ არს წინააღდგომაჲ ღმრთისაჲ.

მოციქულისაჲ: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რომელ-ესე არს მცნებაჲ პირველი აღთქუმასა შინა, რაჲთა კეთილი გეყოს შენ და იყო დღეგრძელ ქუეყანასა ზედა (6,2-3).

თარგმანი: სიტყუაჲ ესე არა პირველად წერილ არს აღთქუმათა შინა მეორისა შჯულისათა, რამეთუ უწინარეს ამისსა არიან: "არა იმრუშო" (), "არა კაც-ჰკლა" (), არამედ ესენი — განყენებანი ოდენ არიან ბოროტისაგან და არა მოქმედებანიცა კეთილისანი. ამისთჳს შემდგომად მათსა წერილსა — პირველობაჲ მისცა მოციქულმან, ვითარცა მაწუეველსა კეთილთა მოქმედებისასა, და მის თანავე მქონებელსა აღთქუმისასა, ვითარმედ: "ესე თუ ჰყო, იყო დღეგრძელ ქუეყანასა ზედა". იხილე სიბრძნე სიტყუათაჲ ამათ, ვინაჲთგან ჩჩჳლთა მიმართ უსრულთა მეტყუელებს, არა აღუთქუამს მათ დიდთა რათმე, ვითარ-იგი არს სასუფეველი ცათაჲ, არცა აღაბაძვებს მსგავსებად ქრისტესსა, ვითარ-იგი უყო ქმართა და ცოლთა, არამედ სძესა ასუამს, შემსგავსებულად ჰასაკისა მათისა, რამეთუ, რაჲ უსაწადელეს არს ყრმათადა, ვითარ დღეგრძელებაჲ ქუეყანასა ზედა! ამისთჳს ესოდენსა ეტყჳს, რაოდენსა შემძლებელ არიან დატევნად.

მოციქულისაჲ: და მამანი ნუ განარისხებთ შვილთა თქუენთა, არამედ განზარდენით იგინი სწავლითა და მოძღურებითა უფლისაჲთა (6,4).

თარგმანი: არა ეტყჳს, ვითარმედ: "გიყუარდენ შვილნი", რამეთუ ამას თჳთ ბუნებაჲ ასწავებს, არამედ: ნუ განარისხებთო. ესე იგი არს: "ნუ განაგდებთ ნუცა უმკჳდრო ჰყოფთ მამულისა სამკჳდრებელისაგან", რომელი-ესე ესრეთ იქმნების, რაჟამს სილაღით და რისხვით, ვითარცა მონათა უბრძანებდეთ, და არა იშჳთ და რიდობით, არამედ ურიდად და ზედაჲსზედა ჰრისხვიდეთ. ესრეთ აიძულებთ მათ განრისხებად და განვრდომად მამულისა სამკჳდრებელისაგან. ამისთჳს პირველად სულიერი და საღმრთოჲ მოძღურებაჲ ასწავეთ, რაჲთა სულიერისა მიერ განსწავლისა და ღმრთისმოშიშებად განკრძალვისა, ჴორციელთაცა საქმეთა შინა ფრთხილ და მოშიშ და მორჩილ თქუენდა ჰყვნეთ იგინი.

მოციქულისაჲ: მონანი ერჩდით ჴორციელთა უფალთა თქუენთა შიშით და ძრწოლით, სიწრფოებითა გულისა თქუენისაჲთა, ვითარცა ქრისტესა (6,5).

თარგმანი: ვითარცა უკუანაჲსკნელნი პატივითა, უუკუანაჲსკნელეს დააწესნა მონანი, და მორჩილებად უბრძანებს ჴორციელთა უფალთა მათთა, რამეთუ ჴორციელობითა ნუგეშინის-სცემს, ვითარმედ მონებაჲ იგი მათი წუთჟამისაჲ და ჴორცთაჲ ხოლო არს, და არა სულისაჲცა. ხოლო არღარა ჩჩჳლებრ ეტყჳს ამათ, ვითარცა ყრმათა, არამედ სრულსა სწავლასა წინა-უყოფს, რამეთუ უკუეთუ თავისუფალთა ურთიერთას მორჩილებაჲ თანა-აც სიყუარულისათჳს ქრისტესისა, რაოდენ უფროჲს — ამათ, რომელნი შჯულსა ქუეშე არიან მონებისასა. და კუალად, ამათი შიში განყოფილ არს სიყუარულით ქონებულისა მისგან შიშისა ცოლთაჲსა, რომელი აქუს ქმართა მიმართ; ამისთჳს მონებრივისა შიშისა განმყოფელად ზედა-დაჰრთო: "შიშით და ძრწოლით". ხოლო ვინაჲთგან იქმნების შიში და ძრწოლაჲ მზაკუვარებითაცა გულისაჲთა, ამისთჳს - "ერთგულებით და სიწრფოებითა გულისაჲთა"; არა სხუებრ, არამედ ვითარცა ქრისტეს მიმართ ამცნებს ქონებად ყოვლისა კრძალულებისა.

მოციქულისაჲ: ნუ თუალთა წინაშე თუალთ-ღებით მონებად, ვითარცა კაცთმოთნენი, არამედ ვითარცა მონანი ქრისტესნი, ჰყოფდით ნებასა ღმრთისასა გულითად; გონიერად ჰმონებდით ვითარცა უფალსა, და არა კაცთა (6,6-7).

თარგმანი: ამიერ ცხად-ჰყოფს, ვითარმედ კაცთმოთნებაჲ განაშორებს კაცსა მონებისაგან ქრისტესისა. ამისთჳს არა ხოლო თუალთა წინაშე უფალთასა, არამედ თჳსაგანცა, და არა ხოლო ბრძანებულისა, არამედ ყოვლისავე ძალისაებრისა მსახურებისა ქმნად ამცნებს, რაჲთა არა ხოლო სიტყუასა, არამედ გულისაცა ნებასა აღუსრულებდენ, და ამის ყოვლისა ქმნად არა იძულებით და მძლავრებით, არამედ ნებითაცა თჳთმფლობელითა, რამეთუ უფალსაცა ესრეთ ჰნებავს, რაჲთა ყოველსავე მსახურებასა მისსა და ურთიერთასსა თჳთმფლობელითა ნებითა იქმოდი6 კაცნი.

მოციქულისაჲ: უწყოდეთ, რამეთუ რაჲცა ვინ ქმნეს კაცად-კაცადმან კეთილი, იგიცა მოიღოს უფლისა მიერ, გინათუ მონამან, გინათუ აზნაურმან (6,8).

თარგმანი: ვინაჲთგან მრავალნი უფალთაგანნი არა გა-რდაიჴდიან ჯეროვანსა სასყიდელსა მონებისასა, ამისთჳს დაკლებულსა სასყიდელსა უფლისა მიერ მიცემად აღუთქუამს ყოველთა, რაჲცა ვინ ვის ჰმსახუროს, მონამან გინა აზნაურმან, უფალსა გინა უცხოსა.

მოციქულისაჲ: და უფალნი ეგრეთვე ჰყოფდით მათდა მიმართ (6,9).

თარგმანი: ვინაჲთგან არა ხოლო მონანი უფალთა, არამედ უფალნი მონათაცა ჰმსახურებენ, რამეთუ წინა-მოუმზადებენ მათ საზრდელსაცა და სამოსელსა, ამისთჳს მასვე ზემოწერილსა თუალუხუავობასა და სისწორესა უხუებისასა ეძიებს ამათგანცა, ხოლო შიშსა და ძრწოლასა, დაღათუ არა მონათა მიმართ, არამედ ღმრთისა მიმართ ქონებად ამცნებს.

მოციქულისაჲ: შეუნდობდით რისხვასა (6,9).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: მიუტევებდით შინებასა. ესე იგი არს, ვითარმედ: დაღაცათუ ექადოდით რასმე სიტყჳთ საშინებელად, ნუვე უყოფთ სიტყუასა მას საქმით.

მოციქულისაჲ: უწყოდეთ, რამეთუ თქუენი და მათი უფალი ცათა შინა არს და თუალთ-ღება არა არს მის თანა (6,9).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: რომლითა საწყაულითა მიუწყო, მითვე მოგეწყოს. ამისთჳს გეშინოდენ, რაჲთა არა გესმას: "მონაო ბოროტო, ყოველი თანანადები მიგიტევე შენ..." () და შემდგომი ამისი.