📋 სარჩევი
პავლე მოციქულისა წიგნი ფილიპელთა მიმართ
მოციქულისაჲ: პავლე და ტიმოთე, მონანი იესუ ქრისტესნი, ყოველთა წმიდათა ქრისტე იესუჲს მიერ, რომელნი ხართ ფილიპეს შინა (1,1).
გუაკურთხენ, მამაო:
ფილიპიაჲ ქალაქი არს მაკედონისაჲ, განწესებული დედაქალაქსა ქუეშე თესალონიკისასა, რომელთა მიმართ, ვითარცა თანასწორთა პატივითა, ეგრეთ მისწერს, და არცა ერთსა რას სახელ-იდებს პატივთაგან მოციქულებისათა, თჳნიერ მონებასა ქრისტესსა, რომელი-იგი დაღაცათუ საზოგადო არს ყოველთა, არამედ პავლესივე არს და მსგავსთა მისთაჲ, რაჲთა არა ხოლო სახელით, არამედ საქმით ჯერისაებრ მონა იყვნენ ქრისტესა, ხოლო ვინაჲთგან იყვნეს ჰურიათაცა შორის, რომელნი წმიდად სახელ-იდებოდეს, ამისთჳს ზედა-დაჰრთავს: "ყოველთა წმიდათა ქრისტე იესოჲს მიერ", ესე იგი არს მორწმუნეთა ქრისტესთა.
მოციქულისაჲ: ეპისკოპოსთა თანა და დიაკონთა (1,1).
თარგმანი: არათუ მრავალ ეპისკოპოს იყვნეს ერთსა შინა ქალაქსა, არამედ ხუცესთა ეკლესიისათა ეპისკოპოს უწოდდეს მაშინ, და ეგრეთვე, ეპისკოპოსსა — ხუცეს; ვითარ-იგი ტიმოთე ეპისკოპოსი იყო, ხოლო მოციქული ესრეთ მიუწერს, ვითარმედ: "დასხმითა შენდა ჴელთა ხუცობისათა" (), და ვითარმედ: "დიაკონებაჲ (რომელ არს მსახურებაჲ) შენი აღასრულე" (), რომლითა მასვე დიაკონცა უწოდს. და კუალად, ტიტეს მიუწერს, ვითარმედ: "ამისთჳს დამიტევე შენ კრიტეს, რაჲთა დაადგინნე ქალაქად-ქალაქად ეპისკოპოსნი და ხუცესნი" (), და აქაცა მღდელთა დადგინებასა ეპისკოპოს უწოდა, რამეთუ მაშინ ჯერეთ იზიარებოდეს ურთიერთას სახელთა ამათ, ხოლო აწ თითოეული თჳსითა სახელითა წეს არს სახელის-დებად.
გარნა კუალად საძიებელ არს, თუ რაჲსათჳს არა ერსაცა ქალაქისასა, არამედ მოყუასთა ხოლო მიუწერს ეკლესიისათა. ცხად არს, ვითარმედ — ამისთჳს, რამეთუ მათ წარევლინა მისსა ეპაფროდიტე, თანა-წარცემითა საჴმრისაჲთა.
მოციქულისაჲ: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესსა (1,2).
თარგმანი: მადლი მოგუეცა ნათლისღებისა მიერ მოტევებითა პირველ ქმნილთა ცოდვათაჲთა, ხოლო მშჳდობაჲ — ქრისტეს მიერ, რომელმან დამაგნა ღმერთსა მამასა, რომელი-იგი მისი მამაჲ არს ბუნებით, ხოლო ჩუენი — მადლით და განგებულებით, რამეთუ შვილებაჲ თჳსი მომცა ჩუენ სულისა მიერ წმიდისა.
მოციქულისაჲ: ვჰმადლობ ღმერთსა ყოველსა ზედა ჴსენებასა თქუენსა: მარადის ყოველთა შინა ლოცვათა ჩემთა თქუენ ყოველთათჳს სიხარულით ლოცვასა ვჰყოფ ზიარებისა მაგის თქუენისათჳს სახარებასა მას პირველ დღითგან მოაქამდე (1,3-5).
თარგმანი: ვინაჲთგან სათნოებასა შინა წარმატებულ იყვნეს, ამისთჳს სამადლობელ ღმრთისა ჰყოფდა ჴსენებასა მათსა, რამეთუ სიხარულით ლოცვისა ყოფაჲ ამას ცხად-ჰყოფს, ვითარმედ არაჲ მიზეზ-სცეს მათ მოციქულსა, რაჲთამცა გარდამავალობისათჳს მცნებათა მისთაჲსა სალმობით და იწროებითა გულისაჲთა მიუწერდა მათ, ვითარ-იგი სხუათა, ვინაჲცა დიდი წამებაჲ არს სათნოებისა მათისაჲ ესე, რაჟამს თქუას მოციქულმან, ვითარმედ: პირველით დღითგან, ვინაჲთგან მორწმუნე ქმნილ ხართ, და ვიდრე მოაქამდე თანაზიარ ჩემდა ყოფილ ხართ ქადაგებასა ამას სახარებისასა, წარმოცემითა საჴმართაჲთა და აღსრულებითა მსახურებისაჲთა.
მოციქულისაჲ: და ამის მებრვე სასოებისათჳს, ვითარმედ რომელმან იწყოს თქუენ შორის საქმედ კეთილისა, აღასრულენ ვიდრე დღედმდე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა (1,5-6).
თარგმანი: იხილე, ვითარ სწორებით მოუსპობს მათგან ზუაობასა და მინდობასა თავისასა, ვითარმედ ღმრთისა მიმართ ჯერ-არს ქონებაჲ სასოებისაჲ, რაჲთა მან მოგცეს ძალი სრულ-ყოფად დაწყებულსა თქუენგან საქმესა კეთილისასა, რამეთუ იგი არს დაწყებაჲ და აღსასრული ყოველთა კეთილთაჲ, რომელსა ჰმადლობ, და მრწამს, ვითარმედ, ვითარ-იგი პირველ გარდასრულნი მადლნი, ეგრეთვე მომავალნიცა კეთილნი მოგანიჭნეს, რაჟამს დაიცვას თქუენ შორის მოქმედებაჲ ეგე კეთილისაჲ, ვიდრე დღედმდე მეორედ მოსლვისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, რომელ-იგი არს დღჱ სასყიდლის კუალად-გებისაჲ საქმეთაებრ თითოეულისათა.
მოციქულისაჲ: ვითარცა არს სამართალ ჩემდა ზრახვად ესე თქუენ ყოველთათჳს (1,7).
თარგმანი: რომელი "ესე"? — ანუ თუ ცხად არს, ვითარმედ ზემო თქუმული სავედრებელი სიტყუაჲ, რაჲთა რომელმან იწყოს მათ შორის საქმე კეთილი, აღასრულოს იგი ვიდრე მოსლვადმდე ქრისტესა, რამეთუ სამართალ არს ესრეთ, რაჲთა ყოველსა დამწყებელსა კეთილისასა ულოცვიდენ წინამძღუარნი მათნი, მონიჭებად სრულებაჲ დაწყებულსა მისსა.
მოციქულისაჲ: რამეთუ მაჴსოვთ მე თქუენ გულსა ჩემსა კრულებათა შინა ჩემთა და სიტყჳსგებათა და დამტკიცებასა მას სახარებისასა (1,7).
თარგმანი: ესე დიდად საწამებელ იყო სათნოებისა მათისა, ვითარ სამარადისოჲ სავანე აქუნდა მათ გულსა შინა პავლესსა, და უფროჲსღა არა ფლობილად, არამედ ესოდენთა ჭირთა შინა მყოფისათა, ვითარ-იგი იყვნეს კრულებანი საპყრობილესა შინა, და სიტყჳსგებაჲ წინაშე მთავართა; ხოლო დამტკიცებად სახარებისა უწოდს ღუაწლთა მათ თჳსთა — დევნულებათა და კრულებათა, გუემათა და პყრობილებათა, რომელთა მიერ დაემტკიცებოდა უტყუველობაჲ ქადაგებისა მისისაჲ, რომელ არს აღდგომაჲ და ყოფადი იგი მოსაგებელი საუკუნოჲ, რამეთუ არამცა თავს-იდებდა იგი ჭირთა და ტანჯვათა, უკუეთუმცა არა მტკიცე იყო მის მიერ ქადაგებული იგი მოლოდებაჲ მოსაგებელთა საუკუნოთაჲ.
მოციქულისაჲ: რაჲთა ზიარ ჩემ თანა მადლისა მის თქუენ ყოველნი იქმნნეთ (1,7).
თარგმანი: არა ეტყჳს, ვითარმედ: "ზიარ", არამედ — "თანაზიარ", ესე იგი არს, ვითარმედ: თჳთ მეცა არა თავით თჳსით მოქმედ ვარ მადლისა, არამედ თანაზიარ სხუათა, და ზოგად ყოველნი — თანამოქმედ მადლისა მის, რომელი-იგი მოგუეცა ჩუენ ქრისტეს მიერ. ხოლო ზიარებაჲ ესე იქმნების, რაჲთა ზიარებითა ჭირთა და ღუაწლთაჲთა თანაზიარ ვიქმნნეთ ურთიერთას მადლთა და მოსაგებელთა, რომელნი მივლიან მუშაკთა და ქადაგთა სიმართლისათა.
მოციქულისაჲ: რამეთუ მოწამე ჩემდა არს ღმერთი, ვითარ-იგი მსურის თქუენ ყოველთათჳს, მოწყალებითა ქრისტე იესუჲსითა (1,8).
თარგმანი: არა თუ ტყუვილისა რაჲსმე საწამებელად, არამედ ფრიადცა ჭეშმარიტებისა დასამტკიცებელად შემოიღებს წამებასა ღმრთისასა, ხოლო სურვილსა მას თჳსსა არა საჴმართა მათ მიაჩემებს, მათ მიერ წარმოცემულთა, არამედ წყალობათა ქრისტეს მიერ მონიჭებულთა, ვითარმედ: მოწყალებისა ამის გულისათჳს, ქრისტეს მიერ ჩემდა მოცემულისა, და არარაჲს სხჳსა ჴორციელისა მიზეზისათჳს მაქუს სურვილი თქუენი.
მოციქულისაჲ: და ამას ვილოცავ, რაჲთა სიყუარული ეგე თქუენი უფროჲს და უმეტეს გარდაერიოს მეცნიერებითა და ყოვლითა ფრთხილებითა (1,9).
თარგმანი: ესრეთ უსაზღვროებასა ქრისტეს მიერისა სიყუარულისასა უჩუენებს მათ ლოცვით თხოვითა დღითი-დღე გარდარევისა და უფროჲს გარდამატებისაჲთა; ხოლო სიყუარულსა შინა ეძიებს ქონებასა მეცნიერებისა და სიფრთხილისასა, რაჲთა უწყოდინ, თუ ვიეთი უჴმს სიყუარული. ცხად არს, ვითარმედ —მართლმორწმუნეთა და მარგებელთა სულისათაჲ, ანუ ვიეთ — არა-სიყუარული; ცხად არს, ვითარმედ — ურწმუნოთა და ბოროტადმორწმუნეთა და მავნებელთა სულისათაჲ, რომელთათჳს სხუასა ადგილსა გუეტყჳს, ვითარმედ: "შესაძლებელ თუ იყოს, ყოველთა კაცთა თანა მშჳდობასა ჰყოფდით" (). ესე ამისთჳს, რამეთუ საღმრთოჲსა გზისა განმდრეკელთა თანა მშჳდობის-ყოფაჲცა ძლით შესაძლებელ არს, არათუმცა სიყუარულიცა.
მოციქულისაჲ: რაჲთა გამოიცადოთ თქუენ უმჯობესი იგი, იყვნეთ თქუენ ჭეშმარიტ და დაუბრკოლებელ დღედმდე ქრისტე იესუჲსა (1,10).
თარგმანი: გამოცდილებასა ითხოვს, რაჲთა არა ვნებული სიყუარული შევიწყნაროთ, ვითარცა უვნებელი, და უდარესი ნაწილი მისი შევჰრაცხოთ უმჯობესად, რაჟამს მეგობარმან მან სახითა სიყუარულისა.ითა შთამოგვთესოს სიდრკუვე ანუ სარწმუნოებისა მიმართ, გინა საქმეთა კეთილთა. ამისთჳს გჳჴმს ჭეშმარიტ ყოფაჲ ღმრთისა მიმართ და დაუბრკოლებელ ყოფაჲ ძმათა მიმართ, რამეთუ მრავალთა დააბრკოლებს სიყუარული მორწმუნისაჲ ურწმუნოჲსა მიმართ, და მეგობრობაჲ მართლმადიდებელისაგან მწვალებელისა მიმართ; ხოლო დაბრკოლებაჲ ვისიმე, მიზეზითა სამართალისაჲთა, საშჯელისა თანამდებ ჰყოფს კაცსა, არამედ მარადის საჴმარ არს ჩუენდა კრძალულებაჲ ყოვლით კერძოჲ, ვიდრე დღედმდე დიდებით მეორედ მოსლვისა ქრისტესსა. ესე — ამისთჳს, რამეთუ მრავალთა ცოდვანი არა ხოლო წინა-უძღჳან ვიდრე დღედმდე სიკუდილისა, არამედ უკუანაცა მიჰყვებიან ვიდრე სამშჯავროდმდე საქმეთა მიგებისა, ვითარ-იგი კუალად სათნოებანიცა.
მოციქულისაჲ: აღსავსენი ნაყოფითა სიმართლისაჲთა, იესუ ქრისტეს მიერ, სადიდებელად და საქებელად ღმრთისა (1,11).
თარგმანი: შემდგომად მართლისა სარწმუნოებისა საქმეთაცა კეთილთა მოღუაწებად გუამცნებს, რაჟამს თქუას, ვითარმედ: აღსავსენი ნაყოფითა სიმართლისა, არა წარმართობასა, არცა ჰურიაობასა, არამედ ქრისტიანობასა შინა ქმნულისაჲთა; არა საჩუენებელად კაცთა, არამედ მხოლოდ სადიდებელად ღმრთისა და საქებელად სახელისა მისისა წმიდისა, რაჲთა მისდა ოდენ ცხად იყოს და არა განქიქებულ წინაშე კაცთა.