მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ბ̂. მითხრობაჲ მოთმინებისა თჳსისა და გულსმოდგინებისაჲ

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: უწყებაჲ თქუენი მნებავს, ძმანო, რამეთუ ჩემთჳს უფროჲსღა წარსამატებელად სახარებისა მისთჳს მოივლინა (1,12).

თარგმანი: ვინაჲთგან იგინი ჰგონებდეს, ვითარმედ პყრობილებაჲ იგი პავლესი დახრწევა იქმნა ქადაგებისა, ამისთჳს ამას აუწყებს, ვითარმედ უფროჲსღა წარმატება იქმნა, არა ხოლო თუ არაჲს დაკლებაცა.

მოციქულისაჲ: ვიდრეღა კრულებანი ესე ჩემნი განცხადებულ იქმნნეს ქრისტეს მიერ ყოველსა მას ტაძარსა და სხუათა მიმართ ყოველთა, და უმრავლესთა ძმათა უფლისა მიერ, მოსავთა მათ ჩემთა კრულებათასა (1,13-14).

თარგმანი: ტაძრად უწოდს პალატსა ჰრომთა სამეუფოჲსასა, რომელსა შინა განკითხვად წარიდგინა იგი, და წინაშე პირსა ყოველთასა კადნიერებითა ურწმუნოთა ექმნა გზა მოქცევისა, და მორწმუნენი უკადნიერესად ქადაგ ყვნა სახარებისა. მათ უწოდს სხუად, ხოლო ამათ — ძმად.

მოციქულისაჲ: უმეტესადღა ვიკადრებ უშიშად სიტყუასა მას ღმრთისასა სიტყუად (1,14).

თარგმანი: რაჲთა ზემოჲთგანითა დაწყებითა უსაკუთრესად წარმოითქუნენ სიტყუანი ესე, — კრულებანი ჩემნი განცხადებულ ექმნნეს ქრისტეს მიერ ყოველსა მას ტაძარსა, და სხუათა მიმართ ყოველთა, და უმრავლესთა ძმათა უფლისა მიერ, მინდობილ ყოფად საკრველთა მათ ჩემთა, უმეტესითა უშიშოებითა კადნიერებით სიტყუად სიტყუასა მას. ესე იგი არს, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ქრისტესთჳს შემთხუეულთა ამათ ჩემდა კრულებათა განცხადებულად წარმოდგინებამან ფრიადი სარგებელი შეამთხჳა, და არა ხოლო ურწმუნონი მოაქცინა საცთურისაგან, არამედ თჳთ მათ ძმათაცა, რომელ არიან მორწმუნენი, ესე მადლი მოუგო, რაჲთა ვიდრე საკრველთამდე უშიშოებითა ჩემითა იგინიცა უკადნიერესად გულპყრობილ იყვნენ განცხადებულად ქადაგებად სიტყუასა მას საღმრთოჲსა ქადაგებისასა, ხოლო ვინაჲთგან დიდ იყო სიტყუაჲ ესე საკრველთა მისთა მიერ საქმედ, ამისთჳს ზედა-დაჰრთავს: "უფლისა მიერ"; რაჲთა მას მიაჩემოს და მის მიერ სარწმუნო ყოს დიდებულებაჲ საქმისაჲ ამის.

მოციქულისაჲ: რომელნიმე შურით და ჴდომით, რომელნიმე სათნოებისათჳსცა ქრისტესა ქადაგებენ. რომელნი-იგი ჴდომით ქრისტესა მიუთხრობენ არაწმიდებით, ჰგონებენ ჭირთა მოწევნად კრულებათა ამათ ჩემთა; ხოლო რომელნიმე — სიყუარულით: უწყიან, რამეთუ სიტყჳსგებად სახარებისა მისთჳს ვდგა მე (1,15-17).

თარგმანი: ჟამთა მათ მოციქულისა პყრობილებისათა იყვნეს ვიეთნიმე, რომელნი შურითა და ჴდომითა მოციქულისაჲთა მიმოვიდოდეს და ქადაგებდეს სახარებასა ქრისტესსა; კაცნი ყოვლად ურწმუნონი და უცხონი ქრისტესგან; გარნა იგინი ამისთჳს ჰყოფდეს მას სიდრკუითა გონებისაჲთა, რაჲთა, ესმეს რაჲ ნერონს, ვითარმედ აწცა მოწაფენი პავლესნი მიმოვლენ და ქადაგებენ ქრისტესა, უმეტესად განძჳნებულმან უმძაფრესითა გუემითა მალიად მოაკუდინოს იგი, ვითარცა მიზეზი ესევითართაჲ. რამეთუ მზაკუვარებით ქადაგნი იგი ჭეშმარიტებისანი მოწაფედ მოციქულისა და მის მიერ წარმოვლინებულად სახელ-სდებდეს თავთა თჳსთა, რაჲთა ესრეთ მათ ძლით უმეტეს იტანჯოს მოციქული, რომელი-ესე დიდი პატივი იყო პავლესი, ვითარ მიზეზითა ჴორცთა მისთა ტანჯვისაჲთა ურწმუნოთაცა მიერ იქადაგებოდა ქრისტე. ხოლო იყვნეს ვიეთნიმე, რომელნი სიყუარულით, არა პირველთა მათებრ არაწმიდებით, არამედ ფრიადითა სიწმიდითა გონებისაჲთა მეცნიერ იყვნეს მოციქულისასა, ვითარმედ უხარის მოციქულსა ყოველი ჭირი და შრომაჲ, რომელი შეემთხჳოს ქრისტეს ქადაგებისათჳს, რომლისათჳს-იგი ჩინებულ არს ღმრთისა მიერ და სიტყუაჲ მიეჴადების, არათუ მრავალნაწილად პირებისა მიერ მრავალთაჲსა ქადაგოს. ამისთჳს ამის ტჳრთისა აღსუბუქებად თანა-შეეწეოდეს მას, რაჲთა მომატყუებელ ექმნენ სასყიდელთა უზეშთაესთა.

მოციქულისაჲ: აწ უკუე რაჲ? ყოვლითავე, გინათუ მიზეზით, გინათუ ჭეშმარიტებით, ქრისტე იქადაგების, და ამისთჳს მიხარის და მიხაროდის-ცა (1,18).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: რაჲსაღა მრავლის-ვმეტყუელებდე; ყოვლითავე სახითა, რომლითაცა ქრისტე იქადაგების, მიხარის და მიხაროდის-ცა; გინათუ მიზეზითა ვინ ჰყოფდეს, ჩემდა უმეტესთა ტანჯვათა შემთხუევისაჲთა, გინათუ თჳთ ჭეშმარიტებით სადიდებელად მისსა და სარგებელად ჩემდა; არამედ თქუეს ვიეთმე უგუნურთა, ვითარმედ: ყოველთავე წვალებათა კარი განუღო მოციქულმან სიტყჳთა ამით: გინათუ მიზეზით, გინათუ ჭეშმარიტებით, ქრისტე იქადაგების. გარნა შენ ისმინე პირველად ესე, რამეთუ არა იტყჳს, ვითარმედ: "ვითარცა ვის უნდეს, ქადაგებდინ", რომელი-ესე მომავალთა ჟამთა შჯულისდებაჲ არს, არამედ გარდასრულისათჳს იტყჳს, ვითარმედ: იქადაგების. რამეთუ დაღათუმცა ეგრე ეთქუა, ვითარმედ: "იქადაგებოდენ" არცა რაჲ ეგრეთ იყო, ვინაჲთგან მაშინდელნი იგი ქადაგნი ბოროტითა გონებითა უკუე ქადაგებდეს, რაჲთა მოციქულსა ტანჯვაჲ მოუმზადონ; ხოლო არა ბოროტითა, არცა წვალებისა სიტყჳთა, არამედ სიტყუაჲ და ქადაგებაჲ მათი მართალ იყო, დაღაცათუ ბოროტითა გონებითა ჰყოფდეს ქადაგებასა მას. ხოლო მწვალებელთაჲ ზოგად ბოროტ არს გონებაჲცა და სიტყუაჲცა, რამეთუ რომელნიმე არა აღიარებენ ღმერთსა, ჴორცითა ჯუარცუმულსა, და რომელნიმე ორად განჰკუეთენ გუამთა მისთა შემდგომად ჴორცთშესხმისა; სხუანი კუალად — ვითარმედ არა შეუსხმან მას ჴორცნი, თანაარსნი ჩუენნი, და სხუანი კუალად - ღმრთეებით უდარეს მამისა იტყჳან ძესა; ხოლო რომელნიმე შეარწყუმენ სამგუამოვნებასა. არამედ მაშინდელი საქმეცა წინააღმდგომი იყო ამათი, და სიტყუაჲცა მოციქულისაჲ ამას პირსა ზედა უთქუამს, ვითარმედ: რასა-იგი წინააღმდგომნი შესაწუხებელად ჩემდა ჰყოფენ, არა ხოლო აწ მიხარის შემატებისათჳს ქრისტეს ქადაგებისა, არამედ მერმესა მას უფროჲსად მიხაროდის, რაჟამს აღორძინებაჲ ქადაგებისაჲ და მის ძლით ჩემდა უმეტესი შემთხუევაჲ ტანჯვათაჲ შემატება იქმნენ მოსაგებელთა ჩემთა საუკუნოდ.

მოციქულისაჲ: რამეთუ უწყი, ვითარმედ ესე მექმნას მე საცხორებელად თქუენითა ვედრებითა და შეწევნითა სულისა ქრისტე იესუჲსითა, მოსალოდებელითა მით და სასოებითა ჩემითა (1,19-20).

თარგმანი: ზოგად ორსავე უწოდს საცხორებელად თჳსსა —მის ძლით მრავალთა პირთა მიერ ქადაგებასა ქრისტესსა, და ქადაგებისა მისთჳს უმეტეს შემთხუევასა ტანჯვათასა. ხოლო შენ იხილე სიმდაბლე გონებისა მის ყოვლადქებულისაჲ, ვითარ ესოდენთა წარმატებათა შინა მყოფი ერისა ლოცვათა თანაშემწეობასა ითხოვს, ვითარმედ: მათითა ვედრებითა უმდიდრესი იქმნების მის ზედა გარდამოსლვაჲ სულისაჲ, რომლისა მიერ წარემართოს მას მრავლით ჟამითგან მოსალოდებელი იგი მისი სრბაჲ წამებითა აღსასრულისაჲ.

მოციქულისაჲ: რამეთუ არარაჲთ მრცხუენის მე, არამედ ყოვლითა კადნიერებითა, ვითარცა მარადის, და აწცა იდიდოს ქრისტე ჴორცთა ჩემთა ზედა, გინათუ ცხორებით, გინათუ სიკუდილით (1,20).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან ზემო ვთქუ მინდობაჲ ლოცვათაჲ, არამედ არა კმა არს სხუათა ოდენ ლოცვისა მინდობაჲ საცხორებელად. ამისთჳს ზედა-დავჰრთე სასოებაჲ ჩემი, რომელ არს სასოებითა საუკუნეთა მოსაგებელთაჲთა თავს-დებაჲ ყოველთავე ჭირთა და ტანჯვათაჲ. ხოლო სასოებაჲ იგი ესე არს, რაჲთა არა მრცხუენოდის, რამეთუ სასოებაჲ არა არცხუენს. ამისთჳს მე უკუეთუ ცხოველ ვიყო, — ჭირთა მიერ და ღუაწლთა ქადაგებისათა; და უკუეთუ მოვკუდე — ღუაწლითა წამებისაჲთა; მრწამს, ვითარმედ ორკერძოვე ვსძლო, და იდიდოს ქრისტე ჴორცთა ჩემთა ზედა.

მოციქულისაჲ: რამეთუ ცხორება ჩემდა ქრისტე არს, და სიკუდილი - შესაძინელ (1,21).

თარგმანი: ვინაჲთგან პირველსა მას განკითხვად წარდგინებასა განრომილ იყო მო კლვისაგან, რაჲთა არა დიდ ჰგონებდენ განრომასა, და დაკნინება შეჰრაცხონ, ოდეს იქმნეს მოკლვაჲ მისი, ამისთჳს წინა-განსწავლის მოწაფეთა, ვითარმედ: ჩემდა ცხორებაჲ არათუ სხუაჲ რაიმე არს, თჳნიერ ქრისტე, და სიკუდილი მისთჳს შემირაცხიეს შესაძინელად, რაჲთა უსრულესად და უწმიდესად ვიხილო სასურველი იგი ჩემი, რომლისა შუაკედელ ჩემდა არს სიზრქე ესე ჴორცთაჲ.

მოციქულისაჲ: ხოლო ცხორებაჲ ესე ჴორცითა ამით — ესე არს ჩემდა ნაყოფ საქმისა (1,22).

თარგმანი: რაჟამს თქუა "სიკუდილი - შესაძინელ", რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: "საწუთროსა ამას ცხორებასა შეასმენს, ვითარცა ბოროტსა", — ამისთჳს ზედა-დაჰრთავს ქებასა ამის ცხორებისასა, ვითარმედ: ნაყოფ საქმისა არს ჴორცთა შინა ყოფაჲ. ესე იგი არს, რამეთუ საწუთროსა ამას შინა მოქმედებითა კეთილთა საქმეთაჲთა მოიგებვის ცხორებაჲ საუკუნოჲ, და ნაყოფნი იგი მერმეთა მათ მოსაგებელთანი აქაჲსა ამის მიერ მოგუეცემიან მუშაკობისა.

მოციქულისაჲ: და რომელი გამოვირჩიო, არა უწყი (1,22).

თარგმანი: ორთავე ამათ კეთილთა შინა ჰყოფს გამოძიებასა აღრჩევისასა. ესე იგი არიან ჴორცთა შინა ყოფისა მუშაკობითა ნაყოფის შემწირველობაჲ ღმრთისაჲ და ჴორცთაგან განსლვითა ყოფაჲ ქრისტეს თანა. ხოლო შენ იხილე, ვითარ აჩუენა მიცემული მისდა ჴელმწიფებაჲ უფლისა მიერი — უნდეს თუ სიკუდიდ, ანუ თუ ცხორებად.

მოციქულისაჲ: ხოლო შეპყრობილ ვარ ორთა ამათგან: გული მეტყჳს განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად, უფროჲს და უმჯობეს ფრიად, ხოლო დადგრომაჲ ჴორცთა შინა უნებელად-რე თქუენთჳს (1,23-24).

თარგმანი: აჰა ესერა, ორთავე ამათ შინა, რომელთა წადიერებითა შეპყრობილ იყო, თჳთვე გჳჩუენებს ფრიად უმჯობესსა, რომელ არს განსლვაჲ ჴორცთაგან და ქრისტეს თანა ყოფაჲ. ვინაჲცა შემდგომი იგი სიტყუაჲ ესრეთ უსაკუთრეს არს: ხოლო დადგრომაჲ ჴორცთა შინა უსაჭიროეს თქუენთჳს. ესე იგი არს, ვითარმედ: "ჩემდა უსაწადელეს არს ყოფაჲ ქრისტეს თანა, ხოლო თქუენთჳს უფროჲს საჭიროდ საჴმარ არს დადგრომაჲ ჩემი ჴორცთა შინა. ვინაჲცა ფრიად უფროჲს უმჯობესსა მას ჩემსა სურვილისა მიმთხუევასა აღჳრ-ვასხამ, ჟამ ერთ უსაჭიროესისა მისთჳს სარგებელისა თქუენისა". იხილე გონებაჲ, მიმსგავსებული ქრისტესი, რომელმან სული თჳსი დადვა ცხოვართა თჳსთათჳს, და არა თავისაჲ იძია უმჯობესი, არამედ მოყუასთაჲ; რომლისა მიერ ცხად არს, რამეთუ არა ხოლო სიტყჳთ მასწავლელი იყო ამისი, ვითარმედ: "ნუ ხოლო თავისასა ეძიებს კაცად-კაცადი თქუენი, არამედ მოყუსისასაცა", არამედ ფრიად უფროჲსღა - საქმით აღმასრულებელი. აჰა ესერა, თჳსი ნებაჲ სურვილისაჲ განკუეთა სხუათა უმჯობესისათჳს, რომლისა მიერ მას მრჩობლ უმეტესი შეეთხზვის გჳრგჳნი დიდებისაჲ განმრავლებასა თანა მის მიერ ცხოვნებულთასა.

მოციქულისაჲ: და ესე სასოებით უწყი, რამეთუ დავადგრე და გგებდე თქუენ ყოველთა წარმატებისა თქუენისათჳს და სიხარულისა მის სარწმუნოებისა (1,26).

თარგმანი: რიდობით და მყუდროდ შეაშინებს და განაკრძალებს მათ, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ვინაჲთგან არა ჩემსა, არამედ თქუენსა უმჯობესსა მეძიებელ ვარ, ამისთჳს გიჴმს, რაჲთა არა ცუდ ჰყოთ სასოებაჲ ესე და მოლოდებაჲ ჩემი, არამედ ვითარ-ესე მე მრწამს, ეგრეთ წარმატებულ იქმნნეთ და ახაროთ სარწმუნოებასა ჩემსა თქუენდა მიმართ.

მოციქულისაჲ: რაჲთა სიქადული ეგე თქუენი აღემატოს ქრისტე იესუჲს მიერ ჩემდა მომართ ჩემითა მით მისლვითა კუალად თქუენდა მიმართ (1,27).

თარგმანი: რაჟამს ჰრქუა, ვითარმედ: "ვჰგებდე წარმატებასა თქუენსა" და ვითარმედ: "ჩემი შეურაცხ-მიქმნიეს და თქუენი უმჯობესი აღმირჩევიეს", რაჲთა არა დაუმძიმდეს მათ, ვითარმცა მათ ძლით ზღვევაჲ რაჲმე შემსთხუეოდა მოციქულსა, ამისთჳს აწ ზედა-დაჰრთავს, ვითარმედ: "რაჟამს სიქადული თქუენი აღემატოს ქრისტე იესუჲს მიერ სათნოდ მისსა მოქმედებითა კეთილთა საქმეთაჲთა და ქონებითა მართლისა სარწმუნოებისაჲთა, ესევითარი-იგი საღმრთოდ წარმატებაჲ თქუენი ჩემდა მოიწევის, და კუალად აღმატებულ ჰყოფს სასყიდელსა მუშაკობისა ჩემისასა, რომელი-ესე რაოდენგზისცა საჴმარ იყოს მისლვაჲ ჩემი თქუენდა, არა მცონის, ზოგადისა სარგებელისათჳს, ვინაჲთგან უწყი, ვითარმედ თქუენი ყოველი ჩემდად შეირაცხების".