მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: მე თავადი პავლე გლოცავ თქუენ სიმშჳდითა მით და სახიერებითა ქრისტესითა (10,1).

თარგმანი: დიდ არიან პატივნი მოციქულისანი, გესმოდის რაჲ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: "მე თჳთ პავლე" (ესე იგი არს მოციქული და მოძღუარი სოფლისაჲ), რამეთუ დაასრულა რაჲ ერისა მიმართ სიტყუაჲ მოწყალებისათჳს, ამიერ იწყებს სიტყუათა მხილებისათა, ცრუმოციქულთა და მაგინებელთა თჳსთა მიმართ, რამეთუ მოშიშ არს, ნუუკუე მისსა შეურაცხ-ყოფასა თანა შეურაცხ იქმნეს მის მიერ ქადაგებულიცა იგი სახარებაჲ ჭეშმარიტებისაჲ. ამისთჳს იიძულების წარმოთქუმად ღუაწლთაცა და შრომათა თჳსთა, და მათ წილ მონიჭებულსა ძალსა ხედვათასა; და ამას ქუემო-რე; ხოლო აწ უპირატეს უკუე ჰლოცავს კორინთელთა სიმშჳდითა მით და სახიერებითა ქრისტესითა, რაჲთა მათ არწმუნონ მაგინებელთა მისთა დაცხრომად, რაჲთა არა უაღვროებისათჳს პირთა მათთაჲსა იიძულოს მოციქული ჴუმევად მათ ზედა ძალსა მტანჯველობისასა, რომელ აქუნდა ურწმუნოთა მიმართ, ვითარ-იგი უყო ელჳმას მოგუსა.

მოციქულისაჲ: რომელი-ესე პირისპირ მდაბალ თქუენ შორის, ხოლო შორით ვაკადრებ თქუენდა მიმართ (10,1).

თარგმანი: ამას წინააღმდგომთა მათ იჭჳსაებრ იტყჳს, ვითარ იგინი იტყოდეს, ვითარმედ: "პირისპირ მოსლვაჲ მისი მდაბალ, ხოლო ებისტოლენი —მძიმე"; ამითჳს ეტყჳს, ვითარმედ: ნუ გგონიეს შორითი ესე კადრებაჲ სილაღისაგან, არამედ მინდობით სიყუარულისაგან; ნუცა პირისპირსა სიმდაბლესა უძლურებისად შეჰრაცხთ, არამედ იგიცა სიმშჳდისა და სიყუარულისად შეჰრაცხეთ.

მოციქულისაჲ: ხოლო გლოცავ, რაჲთა არა პირისპირ ვიკადრო სასოებით, გინა შე-რაჲმე-ვჰრაცხო კადრებად ვიეთმე ზედა, რომელთა ვჰგონიეთ ჩუენ, ვითარცა ჴორციელად მავალნი (10,2-3).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: იგინი ზრახვენ ჩუენთჳს პირისპირ სიმდაბლესა, ხოლო მე გლოცავ, რაჲთა არა მიჴმდეს პირისპირ კადრებაჲ, რომელ არს ჩუენებაჲ ძალსა მტანჯველობისასა წინააღმდგომთა მათ ჩემთა ზედა, რომელი ჯერეთ არა ხოლო არა მიჴუმევიეს, არამედ არცაღა გულსა დამიდებიეს. ამისთჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, გლოცავ, რაჲთა არა პირისპირ ვიკადრო რწმუნებით, ანუ მოვიგონო. ესე იგი არს, ვითარმედ: გლოცავ, რაჲთა დააყენნეთს ეგენი ურცხჳნოებით ძიებისაგან ძალისა ჩემისა პირისპირ, რაჲთა არა მო-რაჲ-ვიდე საქმით დავარწმუნო, თუ რაჲ ძალ-მიც, ანუ გულსა ოდენ დავიდვა ქმნად, რამეთუ, მენებოს თუ, ძალ-მიც. ხოლო შენ იხილე სიმდაბლე მოციქულისაჲ, ვითარ საჭირო არს ჴუმევაჲ ძალისაჲ'. ხოლო მას ჯერეთ სცონის და დროებს, და კადრებად უწოდს საქმესა ამას, რამეთუ ესე ჩუეულებაჲ არს რჩეულისა მოძღურისაჲ, რაჲთა დრო-ცემითა ტანჯვისაჲთა ადგილ-სცემდეს მოწაფეთა შენანებად ბრალისა. ხოლო ამას შესმენასა წინააღმდგომნი იგი იტყოდეს მოციქულისათჳს, ვითარმედ: ჴორციელად და თუალ-ხუშით ვალს, და კაცთმოთნებით იქმს ყოველსა.

მოციქულისაჲ: რამეთუ ჴორციულად თუ ვიქცევით, არამედ არა ჴორციელად განწესებულ ვართ (10,3).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ, ვითარმედ: ჴორცთა შინადა თუ ვიქცევით, არა ჴორციელად ვმოგზაურობთ. ესე იგი არს, ვითარმედ, დაღაცათუ ჴორცნი გუმოსიან, არამედ არა ჴორციელ არს სლვაჲ ესე ჩუენი გზასა ზედა ამის საწუთროჲსასა, რამეთუ მოგზაურობაჲ ესე მჴედრად განწესებულებაჲ არს, რაჲთა არარად სხუად, არამედ მხოლოდ სათნო-ყოფისა მისისაებრ ვიდოდით, რომელმან-იგი გჳჩინნა სლვად გზასა ამის საწუთროჲსასა.

მოციქულისაჲ: რამეთუ საჭურველი ჩუენისა მის მჴედრობისაჲ არა ჴორციელ არს, არამედ ძლიერ ღმრთისა მიერ (10,4).

თარგმანი: რომელნი საცნაურთა და უხილავთა მბრძოლთა წყობად წარივლინებოდინ, მათდა ჴორციელნი საჭურველნი უძლურ არიან, ხოლო ჴორციელად საჭურველად გულისჴმა-ვჰყოფთ სიმდიდრესა, ძალსა, ძლიერებასა, დიდებულებასა და ენამჭევრობასა. გარნა ჩუენ არა ამით ვსძლევთო, მოციქული იტყჳს, არამედ წინააღმდგომითა ამათითა — სიგლახაკითა, უძლურებითა, უპატიოებითა და უსწავლელობითა, რომელნი-ესე ღმრთისა მიერ მიიღებენ ძალსა. ამისთჳსცა ძლიერ ღმრთისა ეწოდების, რამეთუ ამათ მიერ მძლე ექმნა სოფელსა. ხოლო შენ იხილე სიმდაბლე მოციქულისაჲ, ვითარ არა თავით თჳსით იტყჳს ძლიერებასა, არამედ ღმრთისა მიერ, რამეთუ იგი მისცემს ყოველსავე უძლურსა ძალსა და ძლიერებასა.

მოციქულისაჲ: დასარღუეველად ძნელოვანთა (10,4).

თარგმანი: ძნელოვანნი ესე ციხედ და სიმაგრედ და უფროჲსღა მოზღუდვილად გულისჴმა-ყვენ, რომელთა ზედა არა იჴუმევს მოციქული მანქანათა საბრძოლთა, არამედ მყის მოქლონებითა და ლამებითა დააკუეთებს მათ. ვიეთ? — გარნა საწარმართოჲსა მის სიბრძნისა სიტყუამჭევრობათა და სივერაგეთა და ზუაობათა შემოკრებისა და განფენისა მათისათა.

მოციქულისაჲ: გულისსიტყუათა დავარღუევთ (10,4).

თარგმანი: რაჲთა არა ძნელოვანნი და სიმაგრენი რაჲ გესმოდინ, ზრქელნი რაჲმე და გრძნობადნი ჰგონნე, ამისთჳს იტყჳს გულისსიტყუათა დარღუევასა, ვითარმედ უნივთოჲთა საჭურველითა უნივთოთაცა გონებათა დავაკუეთებთ, და მათ შინა აღზუავებელსა სიმაღლესა გულისსიტყუათა ღმრთისა შეურაცხისმყოფელთასა.

მოციქულისაჲ: და ყოველსა სიმაღლესა, ამაღლებულსა მეცნიერებასა ზედა ღმრთისასა, და წარმოვსტყუენავთ ყოველსავე ცნობასა მორჩილებად ქრისტესსა (10,5).

თარგმანი: ესე არს კაცობრივთა გულისსიტყუათა გოდლისსახე ამაღლებაჲ მეცნიერებასა ზედა ღმრთისასა, რაჟამს კაცობრივისა ამის სოფლიოჲსა სწავლულებისა მიერ წინა-განეწყობვოდის ვინმე სარწმუნოებასა ქრისტესსა. ესევითარსა ქადაგნი მისნი ვიდრე იატაკამდე განანქრევენ მობერვითა სულისა მიერთა სიტყუათაჲთა, რაჲთა ვერღარა ოდეს წინა-აღუდგეს მეცნიერებასა ღმრთისასა, და თჳთ მათვე წარტყუენულთა ეშმაკისაგან წარმოსტყუენვენ, არღარა იძულებით პყრობად უღელსა ქუეშე მონებისასა, არამედ ნეფსით და თავისუფლებით შემტკბობელ ჰყოფენ მორჩილებად ბრძანებათა ქრისტესთა. ესრეთ მოციქულმან მიმყოვრებულად დადგრომითა სახისმეტყუელებასა ამას ზედა გამოაჩინა უძლურებაჲ კაცობრივთა საქმეთაჲ, ვითარ წინა-დაუდგრომელ არიან წინაშე პირსა საღმრთოთა ბრძანებათასა.

მოციქულისაჲ: და განმზადებულად გუაქუს შურისგებად ყოვლისა ურჩებისა, რაჟამს აღესრულოს თქუენი ეგე მორჩილებაჲ (10,6).

თარგმანი: ამით სიტყჳთა ზოგად ყოველთა შეაშინებს, ვითარმედ: თქუენ ყოველთა შორის აღრეულ არიან მაგინებელნი იგი, რომლისათჳს მეშინის აწ მოწევნად საშჯელისა, ნუუკუე თქუენცა შეგეხოს რისხვაჲ, ხოლო რაჟამს ასწავოთ თავთა თჳსთა და ურთიერთას, და ყოველი ცთომილებაჲ ჩუენდა მომართი განჰმართოთ, რამეთუ ესე არს აღსრულებაჲ მორჩილებისაჲ, რაჟამს არღარა აწინდლებრ ზოგებით, არამედ სრულებით მორჩილ მექმნნეთ მე, მიერითგან განმზადებულად მაქუს საშჯელი შურისგებისაჲ მათ ზედა, რომელნი მოუქცეველად ეგნენ ურჩებისაგან.

მოციქულისაჲ: კაცად-კაცადისა პირსა ჰხედევდით (10,7).

თარგმანი: კითხვის სახედ ჯერ-არს წარკითხვაჲ სიტყჳსაჲ ამის, რომელი ესრეთ უსაკუთრეს არს: პირთა სამე ხედავთა? ესე იგი არს, ვითარმედ: სიმდიდრისათჳს და დიდებისა და ძლიერებისა თუალახუამთ. გენადისი: არა ხოლო კითხვისაჲ, არამედ შერისხვისაჲ არს სიტყუაჲ ესე, რამეთუ ამხილებს, ვითარ სახისაგან ოდენ გარეშისა და არა საქმისაგანცა შინაგანთა სათნოებათაჲსა პატივ-სცემდეს იგინი ცრუმოციქულთა მათ და ცრუმოძღუართა.

მოციქულისაჲ: ვინ-იგი ესავს თავსა თჳსსა ქრისტესსა ყოფად, ესე განიზრახენ კუალად თავით თჳსით, რამეთუ ვითარცა იგი ქრისტესი არს, ეგრეცა ჩუენ — ქრისტესნი (10,7).

თარგმანი: ამას ცრუმოციქულნი იგი იქადდეს, ვითარმედ ქრისტესნი არიან, და მისითა სახელითა ქადაგებენ, ვინაჲცა მოციქული ამას დასდებს სასწაულად, ვითარმედ, უკუეთუ ნამდჳლვე ჭეშმარიტებით ქრისტესი არს, რომელი-იგი იქადის ქრისტეს მიერ, თჳთ მადლი მისი კმა ეყოფვის, რაჲთა არა ჩუენითა შერისხვითა, არამედ მადლითა მისითა თავსა შორის თჳსსა ესე გულისჴმა-ყოს, ვითარმედ, ვითარცა იგი ქრისტესი არს, ეგრეთვე ჩუენ, და დაღაცათუ სხჳთა რაჲთ უპირატეს მყოს, ამითღა სამე ჯერითა თანასწორ და ზიარ თჳსსა მყოს, ვითარმედ მისვე და ერთისა ქრისტესნი ვართ.

მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ უმეტეს რაჲ ვიქადო ჴელმწიფებისა ამის ჩუენისათჳს, რომელი მომცა ჩუენ უფალმან აღსაშენებელად და არა დასარღუეველად თქუენდა, არა მრცხუენეს (10,8).

თარგმანი: უმეტესად ჴელმწიფებად იტყჳს სწორებით ორისავე ქონებასა — სასწულთა კურნებისა და კეთილის ყოფისათა. და ძალსაცა მტანჯველობისასა ორივე ესე აქუნდა ჭეშმარიტებით, მორჩილთათჳს — კეთილის ყოფაჲ, ხოლო ურჩთათჳს — მტანჯველობაჲ, და ორივე ესე ზოგად აღსაშენებელ იყო მოწაფეთა მისთა და არცა ერთი რაჲ დამარღუეველ, რამეთუ წინა-ძღოდა მადლი კეთილისყოფისაჲ, რომლისა საკჳრველებითა მრავალნი მოიქცეოდეს, ხოლო ამას შეუდგა უკურნებელად დაშთომილთაჲ იგი ტანჯვაჲ, რომლისა მიერ მრავალგზის თჳთ ტანჯულნიცა იგი მოიქციან ღმრთისა, ხოლო მარადის ზოგად ყოველნი მხედველნი მათნი მოშიშ იქმნიან ურჩებად შჯულთა საღმრთოჲსა ქადაგებისათა.

მოციქულისაჲ: ხოლო რაჲთა არა საგონებელ ვიქმნა, ვითარმედ გაშინებ რასმე თქუენ წიგნითა ამით, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: წიგნები რეცა მძიმე და ძლიერ, ხოლო მოსლვაჲ ჴორცითა — უძლურ, და სიტყუაჲ — შეურაცხ (10,9-10).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ამისთჳს ვთქუ სიმდაბლით თუ "არა მრცხუენეს", რაჲთა არა უმეტეს კადნიერად მიწერილი ჩემგან საჩუენებელად შეგერაცხოს, ვითარმცა გაშინებდი თქუენ, სიტყჳსაებრ წინააღმდგომთაჲსა, რეცა სიფიცხითა წიგნთაჲთა, ხოლო პირისპირმცა გეპოებოდე, ვითარ-იგი იტყჳან, უძლურ ძალითა და ვერ-მოქმედ საქმით, რასა-იგი დავსწერ სიტყჳთ.

მოციქულისაჲ: და ესე განიზრახენ ეგევითარმან მან, რამეთუ ვითარცა-იგი ვართ სიტყჳთა წიგნებისაჲთა შორით, ეგრეთცა მახლობელად საქმითა (10,11).

თარგმანი: თავად ჯერ-არს დაწყებაჲ სიტყჳსაჲ ამის, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: ესე განიზრახენ ესევითარმან მან; რამეთუ ამას მისვე ზემოჲსა ძჳრისმზრახვალისათჳს იტყჳს, ვითარმედ: ესე გულისჴმა-ყავნ. მან, რამეთუ არა არს ჩუენ თანა სხჳთი-სხუად მიმომქცევობაჲ, რომელი გულარძნილსა კაცსა თჳს-ეყვის: სხჳსა თქუმაჲ და სხჳსა ქმნაჲ. ხოლო მე, რაჲ-იგი შორით ვარ სიტყჳთ, მასვე წესსა ზედა სიწრფოებით ვეპოები მახლობელი საქმით.

მოციქულისაჲ: რამეთუ ვერ ვიკადრებთ თავთა თჳსთა განკითხვად გინა შეტყუებად ვიეთმე თანა, რომელნი-იგი თავთა თჳსთა ეწამებიან. არამედ იგინი თჳთ თავთა თჳსთა განიზომენ და თანაშეატყუებენ თავთა თჳსთა თავით თჳსით, და ვერ გულისჴმა-ჰყოფენ (10,12).

თარგმანი: იხილე, ვითარ მყუდროებით ჰბასრობს უგულისჴმოებასა ცრუმოციქულთასა, რამეთუ ესე სრულიად განგდებულ არს წერილთა მიერ და ზუაობისა გზად დადებულ, ვითარ-იგი ფარისეველი მეზუერესა თანა-შეატყუებდა თავსა თჳსსა, რაჲთამცა კაცმან ესრეთ ვისითაცა თანა-შეტყუებითა, მართლისა გინა ცოდვილისაჲთა, განკითხვისა სიბოროტე მოატყუა თავსა თჳსსა, და თჳსითა ბჭობითა აღმატებულ ვისსამე ჰგონებდა მას, და არა ხოლო თჳთ მაქებელობითა თავისაჲთა ცოდვიდა, არამედ სხჳსაცა თანაგანზომითა და უმაღლეს მისსა აღყვანებითა მთხრებლსა ამპარტავანებისასა შთაითხეოდა. რამეთუ ვინ კმა-იყოს თუალ-უხუავად განქიქებად ბრალთა და ნაკლულევანებათა თჳსთა, ესევითარსა მას შინა თანა-შეტყუებასა, რაჟამს ჴორცთმოყუარებაჲ და თავმოთნებაჲ თჳსი ყვის საბურველ ცოდვათა და განმაცხადებელ სათნოებათა თჳსთა, ხოლო სიძულილი და შური — საფარველ სათნოებათა მოყუსისა და განმაცხადებელ ბრალთა მისთა.

მოციქულისაჲ: ხოლო ჩუენ არა უსაზომოდ ვიქადოთ, არამედ საზომითა მით წესისაჲთა, რომელ-იგი განგჳყო ჩუენ ღმერთმან საზომითა მით მიწდომად ვიდრე თქუენდამდე (10,13).

თარგმანი: ესე იყო უსაზომოჲ, რომელ, რასა-იგი ტყუოდეს, მით იქადდეს ცრუმოციქულნი იგი, და რომლისაგან უღონო იყვნეს, მას სწამებდეს თავთა თჳსთა, ვითარცა მომაქცეველნი სოფლისანი და კიდეთა სოფლისათა მიწევნულნი მორბედობითა. ესე იყვნეს სახელნი ცალიერნი საქმეთაგან, უზეშთაესნი საზომსა და ძალსა მათსა. გარნა მოციქული არა ეგრეთ, არამედ მით საზომითა და, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, კანონითა მოქადულ იყო, რომლითა-იგი სახედ ვენაჴისა განუწილა და განუყო ქრისტემან სოფელი ესე სამწყსოდ ქადაგთა თჳსთა, რომლისა მიერ ხუედრებითა მიწთომილ იყო ვიდრე კორინთელთამდეცა, და ვითარცა ღმრთივმოცემულთა წილთა ზედა, ეგრეთ მოქადულ იყო მათ ზედა.

მოციქულისაჲ: რამეთუ არა ვითარცა ვერ მიწდომილნი თქუენდა მიმართ უმეტეს განვირთხამთ თავთა თჳსთა, რამეთუ ვიდრე თქუენდამდეცა მივსწუეთით სახარებითა ქრისტესითა (10,14).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა ლიქნით და დიდების მოყუარებით ვიჩემებთ, ვითარმცა არა-მოწევნულნი ვიჩემებდით თქუენდა არა-მოწევნასა, არამედ მოწევნულ ვართ და არავე ცუდადმავალობით, არამედ ქადაგებითა ქრისტეს სახარებისაჲთა.

მოციქულისაჲ: არა უსაზომოდ მოქადულნი სხჳსა შრომილსა ზედა, არამედ სასოებაჲ გუაქუს ჩუენ აღორძინებულისა მის სარწმუნოებისა თქუენისა თქუენ შორის (10,15).

თარგმანი: ამას ცრუმოციქულნი ჰყოფდეს თჳნიერ საზომისა და წილთგდებისა შესლვასა მუნ, სადა-იგი თჳთ არაჲ ეშრომის, არცა რაჲ ექადაგის, ხოლო მოციქული არა ესრეთ, არამედ სასოებითა ღმრთისაჲთა გულპყრობილ არს აღორძინებასა მის მიერ ქადაგებულისა სარწმუნოებისასა, და თჳსთა ზედა ნამუშაკევთა იქადის, არა სხჳსათა.

მოციქულისაჲ: განდიდებად კანონისაებრ ჩუენისა ნამეტნავად, მიერ კერძო თქუენსა სახარებად (10,15-16).

თარგმანი: ვინაჲთგან დიდება მოძღურისა არს სარწმუნოებასა შინა წარმატებაჲ მოწაფეთაჲ, ამისთჳს მოციქული თჳსსა კანონსა ზედა, ესე იგი არს მისდა ხუედრებულსა მას ზედა წინლსა ქადაგებისასა განდიდნების, ვითარ არა ხოლო თჳსთა მათ სამწყსოთა უნაკლულოდ აღმავსებელ იქმნა ქადაგებითა ქრისტესითა, არამედ მიერ კერძოცა ნამეტნავად განჰფინა იგი, და ესრეთ, არა ხოლო ერთი ადგილი, არამედ ზოგად ყოველი სოფელი წილ და ხუედრ თჳსსა ყო ყოველთა შორის განფენითა მუშაკობისა თჳსისაჲთა.

მოციქულისაჲ: არა სხჳსა კანონსა ზედა, მზასა, სიქადულად (10,16).

თარგმანი: ესე არს სხჳსა კანონი მზაჲ, რაჟამს არა ემუშაკოს, არცა ეთესოს, დათესულსა და ნამუშაკევსა ზედა სხუათასა იქადოდის, ვითარ-იგი ჰყოფდეს ცრუმოციქულნი. არამედ თჳსსა ნამუშაკევსა და თჳსისა თესულისა ნაყოფსა ზედა იქადის მოციქული.

მოციქულისაჲ: ხოლო რომელი-იგი იქადოდის, უფლისა მიერ იქადოდენ (10,17).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: იგინი უკუე სხჳსა ნამუშაკევსა ზედა იქადოდედ, ვითარცა შუენის ცრუმოციქულთა, და არათჳსსა თავთა თჳსთა აჩემებედ. ხოლო მე იერემიაჲსგან განსწავლულ ვარ, რაჲთა, რასა-იგი ვიქადოდი, უფლისა მიერ ვიქადოდი, ესე იგი არს, რაჲთა არა ხოლო უცხოჲსასა არა ვიჩემებდე, არამედ ჩემსაცა მას ნამუშაკევსა ღმერთსავე მივაჩემებდე, რამეთუ მის მიერ მოვიწიე მე საზომსა ამას, რომლითა შემძლებელ ვიქმენ შორიელთაცა მიმართ განფენად სახარებისა.

მოციქულისაჲ: რამეთუ არა რომელი იგი თავსა თჳსსა ეწამებოდის, იგი არს გამოცდილ, არამედ რომელსა-იგი უფალი ეწამოს (10,18).

თარგმანი: თავსა თჳსსა ცრუმოციქულნი ეწამებოდეს, რამეთუ არა აქუნდა უფალი არცა მომავლინებელად, არცა მწამებელად; ხოლო პავლეს და მსგავსთა მისთა უფალი და მეუფე ყოველთაჲ, რომელი-იგი წარმოავლინებდა, იგივე წილთგდებით განუყოფდა მოწაფეთა, რომელთა მიმართ თჳთვე ეწამებოდა გამოცდილებისათჳს, რომელნი-იგი მას თავადსა წარევლინნეს.

მოციქულისაჲ: ჯერ-იყო, თავს-თუ-მცა-იდევით ჩემი მცირედ უგუნურებისაჲ (11,1).

თარგმანი: ეგულებოდა რაჲ წარმოთქუმად ქებათა თჳსთა, ფრიადსა იჴუმევს წინა-განმართვასა, რამეთუ ევლტის სამძიმარ ყოფასა ესევითართა მათ სიტყუათასა. ამისთჳს უგუნურება უწოდს მათ, რომელთა თქუმად აიძულებდა შიში მოწაფეთა სავნებელისაჲ, რომელთა საგონებელ რადმე შეერაცხნეს ცრუმოციქულნი, რომელნი თჳთვე იქებდეს თავთა თჳსთა და შეურაცხ-ჰყოფდეს მოციქულსა ქრისტესსა, რომელი-იგი მარადის დაიმდაბლებდა თავსა თჳსსა.

მოციქულისაჲ: არამედ თავს-ცა-იდვათ ჩემი, რამეთუ ვაშურებ თქუენ ღმრთისა შურსა (11,1-2).

თარგმანი: ესე არს მიზეზი, რომლითა გულპყრობილ არს, ვითარმედ თავს-იდვან იგი, რამეთუ უწყის სიყუარული მათი მისსა მიმართ, ხოლო თავისა თჳსისათჳს არა ეტყჳს, ვითარმედ: "მიყუართ", არამედ რომელი-იგი ამას უფროჲს არს, ვითარმედ: "გაშურებ", რამეთუ, რომელიცა ვინ ფრიად უყუარდეს სულსა, მასცა ებაძვების. ხოლო ვინაჲთგან სახელი შურისაჲ ზოგადი არს კეთილთა ზედა და ბოროტთა, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: არარაჲს კაცობრივისათჳს აღგიბაძვებ, ესე იგი არს სიყუარულად საჴმართა და დიდებისა, არამედ გაშურებ თქუენ ღმრთისა შურსა, რამეთუ ღმერთსა მოშურნე ეწოდების; არა თუ ვითარმცა აქუნდა რაჲმე კაცობრივთა ვნებათაგანი, რომელი-ესე ნუ იყოფინ უზეშთაესისა მისთჳს ყოველთა, არა ოდენ ბუნებითთა ვნებათა, არამედ თჳთ მათ ყოველთა ბუნებათაჲსაცა, არამედ ჩუენ აღგუაშურვებს, რაჲთა მიგჳზიდნეს ბაძვად კეთილისა, რომელი-ესე საქმე არს აღმატებულისა სიყუარულისაჲ. ამით უკუე ესევითარითა სახითა აშურვებს აწ მოციქული კორინთელთაცა, ვითარცა ფრიად შეყუარებულთა მის მიერ.

მოციქულისაჲ: რამეთუ მიგათხოენ თქუენ ერთსა მამაკაცსა ქალწულად წმიდად წარდგინებად ქრისტესსა (11,2).

თარგმანი: ყოველივე ესე სიტყუაჲ მოციქულისაჲ შესაკრებელისა მიმართ არს, რომელ იგი არს ეკლესიაჲ მორწმუნეთაჲ, რომელი-იგი შემდგომად მითხოისა ქალწულვე არს; ხოლო ჟამ მითხოისა მისისა — საწუთროჲ ესე ჟამი, და ქორწილ მისსა — მერმე იგი საუკუნოჲ, რაჟამს აღდგეს სიძე იგი და დაჰჴშას კარი, ხოლო ზითევ მისსა — სასუფეველი ცათაჲ. ამის უკუე მითხოისა წინა-მიმათხოველ იყო დავით, ვითარ-იგი იტყჳს: "ისმინე, ასულო, და იხილე, მიყავ ყური შენი" (). ხოლო აწ მიმათხოელ იქმნების პავლე, რაჟამს იოხდეს ჩუენგან დაგებად ქრისტესსა, რაჲთა სძლად, სათნოდ მისსა, განუმზადოთ მას სული ჩუენი. ამისსა წინაგამომსახველ იყო აბრაჰამ, რამეთუ ვითარ-იგი მან წარვლინებითა მონისაჲთა დაუწინდა ძესა თჳსსა ქალწული წარმართთაგანი, ეგრეთვე ღმერთმან მამამან წარმოავლინნა ძუელსა შინა წინაჲსწარმეტყუელნი, ხოლო ახალსა შინა —მოციქულნი, რაჲთა დაუწინდონ ძესა მისსა ეკლესიაჲ წარმართთაგანი.

მოციქულისაჲ: ხოლო მეშინის, ნუუკუე ვითარცა-იგი გუელმან აცთუნა ევა ზაკულებითა თჳსითა, ეგრეცა განხრწნნეს გონებანი თქუენნი სიწრფოებისაგან ქრისტეს მიმართ (11,3).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ წარწყმედაჲ თქუენ მარტოთაჲ არს, არამედ შიში ზიარი არს, ნუუკუე ვითარ-იგი ევა აცთუნა გუელმან ზაკულებითა თჳსითა, ეგრეთვე თქუენ სივერაგემან ცრუმოციქულთამან განგდრიკნეს სარწმუნოებისაგან ქრისტეს მიმართისა, არამედ, ვითარ-იგი ევა ვერ იჴსნა პატიჟისაგან მიზეზ-ყოფამან გუელისა სივერაგეთამან, ეგრეთვე თქუენ არა კმა-გეყოს ადგილად სიტყჳს-გებისა სივერაგე იგი მიმდრეკელთა თქუენთაჲ. ხოლო არა ეტყჳს, ვითარმედ: "აწვე განხრწნილ ხართ", არამედ — "ნუუკუე განხრწნნესო", რაჲთა არა განცხადებულად მხილებითა უმეტეს ურცხჳნო ყვნეს იგინი საქმედ მისსა. ხოლო განხრწნაჲ ესე არს, რაჟამს შეიცვალნენ სიწრფოებისაგან ქრისტეს მიმართისა სარწმუნოებისა გულარძნილებად სწავლათა საწარმართოთა გარეშეთა. რამეთუ სარწმუნოებასა ქრისტესსა გამოუძიებელი და უმანკოჲ უჴმს გონებაჲ, ღირსებით შემწყნარებელად თჳსსა. ამას ყოველსა თანა ფრიად გინებულ ჰყოფს ცრუმოციქულთა, რამეთუ დედაბერებრსა ზღაპრობასა მიამსგავსებს სიტყუათა მათთა.

მოციქულისაჲ: უკუეთუ რომელი-იგი მოვიდეს და სხუასა იესუს ქადაგებდეს, რომელი არა ვქადაგეთ, გინა სხუაჲ სული მოაქუნდეს, რომელი არა მიიღეთ, გინა სახარებაჲ სხუაჲ, რომელი არა შეიწყნარეთ კეთილად სამე ჰყავთ (11,4).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: უკუეთუ მომავალმან თქუენდა სხუაჲ იესუ გიქადაგოს, რომელი არა გიქადაგეთ, ანუ სხუაჲ სული მიიღოთ მისგან, რომელი არღა მიგეღო, ანუ სახარებაჲ სხუაჲ, რომელი ჯერეთ არა შეგეწყნარა, კეთილად თავს-იდევით. ხოლო ძალი სიტყუათაჲ ამათ ესე არს, რამეთუ ცრუმოციქულნი იგი ამას მომზრახ იყვნეს მოციქულისათჳს, ვითარმედ პავლეს სწავლაჲ უსრული არს, ხოლო მათი იგი — სრულ; რამეთუ მოციქული წრფელითა სიტყჳთა ქადაგებდა ქრისტესა, რაჲთა ლიტონითა სიტყჳთა ზოგად ყოველნი გულნი, სწავლულთა და უსწავლელთანი, აღავსნეს კეთილითა. ხოლო ცრუმოციქულნი იგი გარეშითა სიტყუათა ჴელოვნებითა განჰზავებდეს ჭეშმარიტთა მათ შჯულთა ქადაგებასა, და მჭევრობითა სიტყუათაჲთა წარიპარვიდეს მრავალთა. ამისთჳს მოციქული ეტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ სხუაჲ იესუ არს, უსმენელი თქუენგან, რომელი ჩუენ ვერ გჳქადაგებიეს, ანუ თუ სხუასა სულსა მოგართუმენ ეგენი, რომელი ჩუენ ვერ მოგართუთ, ანუ სხუასა სახარებასა, რომელი ჩუენგან ვერ მიიღეთ, კეთილად თავს-იდებთ მაგათ. ესე ყოველი რეცა მათისა გულისსიტყჳსათჳს მოპოვნებული სიტყჳსგებაჲ არს, ვითარმედ: უკუეთუ უმეტესი რაჲმე მადლი მოურთუამს მაგათ, რომელი მე ვერ მოგართუ, ნუუკუე და მართალ ხართ თავს-დებასა შაბათისა მომზრახობისასა! ხოლო უკუეთუ რაოდენცა ზრახვიდენ ჴელოვნებითა სიტყუათაჲთა, ვერარას მიგმადლებენ უმეტესსა მაგისსა, რომელი მიგიღებიეს ჩემგან, რომელ-იგი არს თავი სარწმუნოებისა ჩუენისაჲ, - ქადაგებაჲ უფლისა იესუჲსი, ვითარმედ მამამან მოავლინა ძე მაცხოვრად სოფლისა, რომლისა მიერ მიგენიჭების თქუენ მადლი სულისაჲ და სახარებაჲ სასუფეველისაჲ. ვინაჲცა ყოველთა ამათ სიტყუათა ამის ადგილისათა ფრიადითა კრძალულებითა ჯერ-არს სმენაჲ, რაჲთა არცა კეთილად თავს-დებაჲ ესე გულითადად თქუმულად ჰგონო მისგან, რომელი-იგი ამის პირისათჳს არა აქა, არამედ გალატელთა ეტყჳს გულითად, ვითარმედ: გარეშე ამისსა, რომელ მე გიქადაგე თქუენ, უკუეთუ სხუასა რასმე გინათუ მე ანუ თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს, შეჩუენებულ იყავნ. ხოლო აწინდელი ესე კეთილად ჰყავთი მათთა გულისსიტყუათა მაგიერი არს. და კუალად, არცა გარეშესა სწავლულებასა განაგდებს თანაშემწედ საღმრთოჲსა ქადაგებისა, რომელი-იგი აპოლლოსცა ამისთჳს ჰყუარობდა, რამეთუ სიტყჳერ იყო და ძლიერ წიგნთაგან, ხოლო აწინდელნი ესე — არა ხოლო სიტყუათა ჴელოვნებითა განჰზავებდეს საღმრთოთა შჯულთა ქადაგებასა, არამედ მცირედ-მცირედ ენება სიტყუათაცა გმობისა და წვალებისათა თანა-შეყოფაჲ, და ვითარცა სამჭედურისაჲ, ეგრეთ დაფარვაჲ ჴორცსა შინა სიტყუათა საღმრთოთა ქადაგებისასა, რაჲთა ესრეთ სანადირო ეშმაკისა ყვნენ სულნი მორწმუნეთანი. და ამის პირისა განცხადებულად მხილებაჲ ამისთჳს დაიდუმა მოციქულმან, რაჲთა არა აღძრვითა ერისაჲთა შფოთი იქმნას მათ ზედა.

28 მოციქულისაჲ: რამეთუ ვჰგონებ, ვითარმედ არარაჲ დავაკლდი ფრიად მოციქულთა მათ (11,5).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: და ვჰგონებ, არარაჲთ დაკლებულ ყოფად ზეშთასრულთა მათ მოციქულთაგან. ესე იგი არს, ვითარმედ არღარა ცრუმოციქულთა თანა-შევატყუებ თავსა ჩემსა, არამედ ესრეთ მგონიეს, ვითარმედ არცაღა თჳთ მათ ჭეშმარიტებისა ქადაგთაგან და ყოვლად სრულთა მოციქულთა დაკლებულ ვიქმენ; რამეთუ ზეშთასრულად პეტრეს უწოდს, იაკობს და იოვანეს. ამას რაჲ იტყჳს, არა თუ თავსა თჳსსა აღიმაღლებს, რომელი-იგი გარდამატებულებითა სიმდაბლისაჲთა სხუასა ადგილსა ნარჩევად მოციქულთა და არცა თუ ღირსად სახელისა სამოციქულოჲსა უწოდს თავსა თჳსსა, არამედ რაჲთა არავინ ჰგონოს დაკნინებასა ამისსა თანა დაკნინებულ ყოფად სახარებაჲ იგი, ქადაგებული ამის მიერ; ვითარმცა ანუ იგინი უმეტეს იყვნეს ამისსა, მეცნიერებასა შინა ქადაგებისასა, ვითარცა პირველ წოდებულნი, ანუ ესე — უდარეს მათსა, ვითარცა უკუანაჲსკნელ მოსრული. ამისთჳს აწ თავს-იდებს ქებასა თავისა თჳსისასა, და აქაცა არა თუ ცილობით და სილაღით, არამედ ფრიად სიმშჳდით და სიმდაბლით იტყჳს, ვითარმედ: "ვჰგონებო", არა თუ დავამტკიცებ.

მოციქულისაჲ: დაღათუ უცებ ვარ სიტყჳთა, არამედ არა ცნობითაცა (11,6).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: დაღათუ მსოფლელ ვარ სიტყჳთა, არამედ არა ცნობითაცა; რამეთუ ამას საგმობელად მისსა იტყოდეს ცრუმოციქულნი, ვითარმედ: იგი მსოფლელ არს და უსწავლელ; ხოლო ჩუენ — მოქალაქე და სწავლულ. არამედ მოციქული მათსა მას ძჳრისზრახვასა სამკაულად დასდებს საღმრთოჲსა მის ცნობისა თჳსისა, ვითარ-იგი სხუასა ადგილსა იტყჳს ქადაგებისა თჳსისათჳს, ვითარმედ: არა სიტყჳთა სიბრძნისაჲთა, რაჲთა არა ცალიერ იქმნეს ჯუარი ქრისტესი; რამეთუ უკუეთუმცა ჴელოვნებითა საწარმართოთა სიტყუათა თხზულებისაჲთა წარემართა მას ქადაგებაჲ თჳსი, სასწაული იგი ჯუარისა ქრისტესისაჲ სიბრძნისა სწავლულებასა მიეჩემებოდა, ხოლო აწ უმეტესად განცხადნების ძლიერებაჲ ქრისტესი, რომელი ჩუენთჳს ჯუარს-ეცუა, რაჟამს ლიტონითა მარტიობითა სიტყუათაჲთა მძლე ექმნნეს ქადაგნი მისნი ბრძენთა ყოვლისა სოფლისათა.

მოციქულისაჲ: არამედ ყოვლითავე განვცხადენით ყოველსა შინა თქუენდა მომართ (11,6).

თარგმანი: ვითარ-იგი ზემო თჳსითა საღმრთოჲსა ცნობისა ქონებითა, უსწავლელმან სოფლიოჲსა სიბრძნისამან დაასაჯა ცრუმოციქულთა მათ, სწავლულთა სიტყუამჭევრობისათა, ცალიერ ყოფაჲ საღმრთოჲსა სიბრძნისაგან, რომელი-ესე ყოვლად საცთურეან არს, ეგრეთვე აწ თჳსითა ყოველსა შინა განცხადებულებითა და მარტიობითა მათსა მას განაქიქებს მზაკუვარებასა და ორკეცობასა, ვითარ ამას არცა ერთი რაჲ უჴმდა საბურველი კეთილთა მათ და უმანკოთა სლვათა თჳსთაჲ, ხოლო მათ — წინაუკმო; სიმრავლესა თანა ბოროტთა ქცევათასა მრავალნი უჴმდეს მოქცეობანი და ორკეცობანი მზაკუვარებათანი.

მოციქულისაჲ: ანუ ცოდვაჲ-მე რაჲ ვქმენა, რამეთუ თავი თჳსი დავიმდაბლე, რაჲთა თქუენ აჰმაღლდეთ? (11,7).

თარგმანი: ესე სიტყუაჲ უმეტეს მხილებისაჲ არს კორინთელთა მიმართ, ვითარ ხედვიდა მოციქული მათსა მას სიჩჩოებასა, და ამისთჳს დაიმდაბლებდა თავსა თჳსსა არარაჲსა მიღებითა მათგან, რომლისათჳს უფროჲს აღეშენებოდეს მაშინ; რამეთუ არარაჲ ესრეთ აღაშენებს ერისკაცთა, ვითარ არარაჲსა მიღებაჲ მათგან, ხოლო უკუანაჲსკნელ სიმდაბლესა მას მისსა, ვითარცა უნდოებასა რასმე, ესრეთ შეჰრაცხდეს, ბირებითა ცრუმოციქულთაჲთა, რომლისათჳს აწ ეტყჳს, ვითარმედ ცოდვაჲ-მე რაჲ ვქმენა, რამეთუ თავსა თჳსსა დავიმდაბლებდ და მოვაყმობდ, რაჲთა თქუენ უმეტეს აჰმაღლდეთ წარმართებასა შინა საღმრთოთა შჯულთა სარწმუნოებისასა?

მოციქულისაჲ: რამეთუ უსასყიდლოდ სახარებაჲ იგი ღმრთისაჲ გახარე თქუენ; სხუანი ეკლესიანი წარმოვტყუენენ და მოვიღე საგზალი თქუენდა სამსახურებელად (11,7-8).

თარგმანი: სასყიდლად უწოდს არა თუ საფასეთა რათმე მიღებასა, ვითარ ვინ ჰგონოს, არამედ საჭიროჲსაცა საზრდელისა მათგან მიღებასა, რომელი-იგი დაღაცათუ ყოველთა უწყით, ვითარმედ თჳსთა ჴელთაგან აქუნდა მოციქულსა საზრდელი, არა ხოლო თჳსი, არამედ მისთანათაჲცა, არამედ აწინდელსა ამას ადგილსა სხუათა მიერ მოღებასა იტყჳს, რაჲთა უმეტეს განაფიცხოს მხილებაჲ თჳსი მათდა მიმართ, ვითარ-იგი მათსა მსახურებასა შინა სხუათა მიერ იზარდებოდა, რომელი-ესე დიდი შესმენაჲ იყო კორინთელთაჲ. ხოლო წარმოტყუენვა უწოდს არა თუ ნაპარევსა ანუ მძლავრ წარმოღებით მონახუეჭსა, არამედ თჳთ საქმესა ამას, ვითარმცა კაცი სხჳსათჳს მუშაკობდა და სხჳსაგან წარმოიღებდა საზრდელსა, რომელი-ესე სოფლიოჲთა სიტყჳთა ესრეთ განიკითხვის, ვითარმედ: რად არა მათთჳს მუშაკობს, რომელთაგან იზარდების? და კუალად, რაჲთა არა, წარმოტყუენვაჲ რაჲ გესმას, სიმდიდრე რაჲმე ჰგონო საფასეთაჲ, ამისთჳს საგზალ უწოდს, რაჲთა ცხად ყოს კნინობაჲ და საჭიროჲსა საზრდელისა წარმოღებაჲ, არა სამარადისოდ საჴმრად, არამედ ჟამერთ, რაოდენი შუენის საგზალსა მგზავრისასა.

მოციქულისაჲ: და მო-რაჲ-ვედ თქუენდა და ნაკლულევან ვიქმენ, არავე რაჲ ვის თქუენგანსა დაუმძიმე, რამეთუ ნაკლულევანებაჲ ჩემი აღავსეს ძმათა, მო-რაჲ-ვიდეს მაკედონიაჲთ (11,8-9).

თარგმანი: ეჰა საკჳრველი! ვითარ სურვილითა ქადაგებისა წარმართებისაჲთა საზრდელისაცა ნაკლულევანებასა თავს-იდებდა, რომლისა მიერ უმეტესი წარმართებაჲ მიეცემოდა ღმრთისმქადაგებლობასა მისსა! რომლისათჳსცა სამსახე არს ბრალი კორინთელთაჲ: ვითარ ქადაგი მათი ნაკლულევან იყო საჭიროჲსა საზრდელისაგან და ვითარ არა ხოლო შორს მყოფსა არა წარუგზავნიდეს, ვითარ-იგი მაკედონელნი, არამედ არცაღა მუნ მყოფსა ზრდიდეს მას, რომელსა თჳთვე მოციქული აღუსუბუქებს, ვითარმედ: "მე თჳთ არა ვიჴუმიე, არა თუ თქუენ არა მომეცით, არამედ მე არა დაგიმძიმებდი". ხოლო ნაკლულევანებისა რაჲ აღვსებაჲ თქუა, ცხად ყო, ვითარმედ არარას ვისგან მიიღებდა ნამეტავსა, თჳნიერ კნინოდენსა რასმე და საჭიროჲსა ნაკლულევანებისა აღმავსებელსა. ხოლო სახელსა აღმავსებელთასა ამისთჳს დასდებს, რაჲთა კორინთელნი უმეტესად აღაბამვნეს ქმნად მოწყალებისა, რამეთუ ფილიპელთა მიერ მოძღუანებულ იყო მისდა, რაჲ-იგი მოართუეს ძმათა მაკედონელთა. ფილიპიაჲ უკუე არს ქალაქი მაკედონიისაჲ, ხოლო მაკედონიაჲ —სოფლები დასავალისაჲ.

მოციქულისაჲ: და ყოვლითავე დაუმძიმებელად თქუენდა თავი ჩემი დავიმარხე და დავიმარხო (11,9).

თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ აჩუენებს, ვითარმედ არა სუბუქ და ადვილ შეერაცხა მათ გამოზრდაჲ მისი; ამისთჳს არა დაუმძიმა. ხოლო "დავიმარხე და დავიმარხო" ესე არს, ვითარმედ: არა თუ ამისთჳს გეტყჳ გარდასრულსა, ვითარმცა აწ მენება რაჲსამე მიღებაჲ თქუენგან, არამედ, ვითარ-იგი მაშინ დავიმარხე, ეგრეთვე აწცა მიუღებელად თქუენგან დავიმარხო თავი ჩემი.

მოციქულისაჲ: არს ჭეშმარიტებაჲ ქრისტესი ჩემ თანა, ვითარმედ სიქადული ესე არა დაეყენოს ჩემდა მომართ ადგილთა მათ აქაიაჲსათა (11,10).

თარგმანი: აჰა ესერა სახელითა უფლისაჲთა დაამტკიცებს სიტყუათა მათ პირველ თქუმულთა, ვითარმედ მისითა თანა-შეწევნითა დავიცავ თავსა ჩემსა, რაჲთა არცაღა რაჲ აწ მივიღო თქუენგან, და ამას ვჰყოფ არა რისხვით, არცა მწუხარებით, არამედ სიმშჳდით და მხიარულებით, რამეთუ სიქადულად ჩემდა შემირაცხიეს საქმე ესე, რაჲთა უსასყიდლოდ ვქადაგო სახარებაჲ. ხოლო რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: "ყოველთა მიმართ იტყჳს სიქადულისა ამის დამარხვასა", — ამას ცხად-ჰყოფს, ვითარმედ არა ყოველთა, არამედ სოფლებთა ოდენ ქუეყანისა აქაიაჲსათა, რომლისა დედაქალაქ იყო კორინთე. ხოლო რაჲსათჳს მიიღებს ფილიპელთაგან და არა მიიღებს კორინთელთაგან? — ესე ამისთჳს, რამეთუ იგინი უძლიერეს იყვნეს სარწმუნოებასა შინა, ხოლო ესენი — უუძლურეს, და რომელნი-ესე ორნივე სწორებით უყუარდეს, თითოეულსა მას უყოფდა, რაჲცა ვის უფროჲს სარგებელ ეყოფოდა.

მოციქულისაჲ: რაისათჳს-მე? რამეთუ არა-მე მიყუართ თქუენ? - ესე ღმერთმან იცის (11,11).

თარგმანი: მოწამედ უეჭუელისა სიყუარულისა ღმერთსა მოიყვანებს, რომელმან მხოლომან უწყნის გულნი კაცთანი — საუნჯენი იგი სიყუარულისა და სიძულილისანი, ვითარმედ მან მხოლომან უწყის, რამეთუ არა სიძულილით ვიჯმნი მიღებად რასმე თქუენგან.

მოციქულისაჲ: ხოლო რომელსა-ესე ვჰყოფ და ვყო, რაჲთა წარვჰკუეთო მიზეზი, რომელთა-იგი ჰნებავს მიზეზი (11,12).

თარგმანი: აწ იტყჳს მიზეზსა საქმისასა: ვითარ ცრუმოციქულნი იგი მომზირალ იყვნეს, რაჲთა, იხილონ თუ იგი რაჲსამე მიმღებელად კორინთელთაგან, ამით ბრალითა განდრიკონ ერი იგი მორწმუნე, ვითარმედ: ჴორციელისა მოგებისა მიზეზ-ჰყოფს მოციქული ქადაგებასა მას სახარებისასა. ამას მიზეზსა მომსპოლველ იქმნა მოციქული ყოვლად არარაჲსა მიღებითა კორინთელთაგან. ამისთჳს აწ წარმოთქუმასა შინა მიზეზისასა კუალად მრჩობლ დაამტკიცებს, ვითარმედ, რასა-ესე აწ ჰყოფს, სამარადისოდ ესრეთ ყოს მათდა მიმართ.

მოციქულისაჲ: რაჲთა რომლითა-იგი იქადიან, იპოვნენ, ვითარცა-იგი ჩუენ (11,12).

თარგმანი: ესე იყო სიქადული ცრუმოციქულთაჲ მათ, რამეთუ თჳთ მდიდარ იყვნეს და არარაჲ ეჴმარებოდა. ამისთჳს მოციქულსა სწამებდეს, ვითარმედ გლახაკ არს და მორეწისა ღონე-ჰყოფს ქადაგებასა მას. ამისთჳს მოციქული ამასცა მიზეზსა წარჰკუეთს მათგან, რაჲთა არარაჲთ დაბრკოლება სცეს სახარებასა ქრისტესსა. ხოლო არა იტყჳს, ვითარმედ: "რასა-იგი ჰყოფენ", არამედ: "რომლითა აქადიანო", რომლითა ცხად-ყო, ვითარმედ არა სრულიად ჰყოფდეს, არამედ ჟამერთ ქმნასა იქადდეს ჩემებით და არა ჭეშმარიტებით. არამედ მე ჩემებულიცა ესე სიქადული მათი არარაჲთ მეტნობა ვყო ჩემსა, — მოციქული იტყჳს, — რამეთუ სირცხჳლ არს, უკუეთუ რომელთა სხუაჲ არარაჲ აქუს, სხუაჲ თანა-შესატყუებელი ჩუენი ანუ აღსამატებელი უფროჲს ჩუენსა, რაჲთამცა ამას რასმე ზედა აღგუემატნეს.

მოციქულისაჲ: რამეთუ ეგევითარნი იგი ცრუმოციქულნი მუშაკნი ზაკულნი, გარდაიცვალნიან მოციქულად ქრისტესად; და არა საკჳრველ არს, რამეთუ თჳთ იგიცა ეშმაკი იცვალის-ვე ანგელოზად ნათლისად. არა უკუე დიდ არს, მსახურნიცა თუ მისნი გარდაიცვალნენ, ვითარცა მსახურნი სიმართლისანი (11,13-15).

თარგმანი: რაჲსა იტყჳ? - რომელნი ქრისტეს სახარებასა ქადაგებენ, ვითარ შენვე სთქუ ზემო, ვითარმედ: "არა სხუაჲ, არამედ იგივე ქრისტე უქადაგებიეს", - ცრუმოციქულ არიანა? — "ჰე, — იტყჳს, — რამეთუ დაღაცათუ განცხადებულად ქრისტესსა იჩემებენ, არამედ ფარულად ეშმაკისანი არიან; ვინაჲთგან ზაკუვით არაწმიდასა მოძღურებასა შემოიღებენ და მოქმედება მათდა არს არა დარგვაჲ ხისაჲ, არამედ აღმოფხურაჲ კეთილად დარგულისაჲ, ვითარცა შუენის ზაკუვით და ორგულებით შემოსრულსა, სახე ზედა-აც მოციქულთაჲ, ვითარცა მგელთა ტყავი ცხოვრისაჲ, რამეთუ შეცვალებაჲ ესე უსწავიეს მოძღურისა მათისა ეშმაკისაგან, რომლისაჲ უსაკჳრველეს არს, თუ ვითარ საცთურად მრავალთა გარდაიქცევის ყოვლად ბნელი იგი ანგელოზად ნათლისად, რეცა ოცნებით, ვიდრეღა ამათი ჩემებით ზედა-დებაჲ ფერსა სიმართლისა მსახურთასა, რომელ არიან წმიდანი მოციქულნი, რომელნი ჰმსახურებენ ღმერთსა, ყოველთა განმამართლებელსა ქადაგებითა სახარებისა მისისა, ყოველთა განმამართლებელისაჲთა.

მოციქულისაჲ: რომელთა აღსასრული იყოს საქმეთა მათთაებრ (11,15).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ კაცთა საშჯელსა დაემალვიან ოცნებითა მით, არამედ ვერ — თუალთა მათცა ყოველთა მხედველთა, რომელმან-იგი მიაგოს მათ აღსასრული ღირსად საქმეთა მათთა.

მოციქულისაჲ: კუალად ვიტყჳ: ნუ ვინმე უგუნურად შემრაცხოს მე, უკუეთუ არა, მაშა ვითარცა უგუნური თავს-მიდევით მე, რაჲთა მეცა მცირედ რაჲმე ვიქადო (11,16).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ უწინარესცა ამისსა ფრიადი წინაგანმართებაჲ ვყავ სიტყუათათჳს სიქადულისათა, და ჟამიერად გამოვაჩინე აწ საჴმარებაჲ, არა მარადის საჴმარისაჲ მის, არამედ კუალად მათვე წინაგანმართვისა სიტყუათა ვიტყჳ, რაჲთა არა უგუნურად შემრაცხოთ მე სიქადულისათჳს, რომელ ვიტყჳ, რამეთუ დაღაცათუ უგუნურისა საქმე არს სიქადული, არამედ მე იძულებით ვიქადი, არა ნებსით, არცა უგუნურებით, ხოლო უკუეთუ ვერ მომიტევებთ ამას ბრალსა, რაჲთა არა უგუნურად შემრაცხოთ სიქადულისათჳს, ვითარცა უგუნურსა დამითმეთ, რაჲთა, ვითარ-იგი ცრუმოციქულნი სავნებელად თქუენდა, ეგრეცა მე სარგებელად ვიქადო, რაჲთა არა ჩემითა დაკნინებითა დააკნინოთ თქუენ სიტყუაჲცა იგი, ქადაგებული ჩემ მიერ.

მოციქულისაჲ: რომელსა-ესე ვიტყჳ, არა ვიტყჳ უფლისა მიერ (11,17).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: სიტყუანი ესე სიქადულისანი არა ბრძანებისა მისებრ საუფლოჲსა ითქუმიან, რომელი გუამცნებს, ვითარმედ: რაჟამს ჰყოთ ყოველივე ბრძანებული თქუენდა, თქუთ: "მონანი ვართ უჴმარნი; რომელი თანა-გუედვა ყოფად, ვყავთ" (). იხილე, ვითარ სიტყუათა ოდენ დასდებს ბრალსა, არა საქმესაცა, რამეთუ სიტყუაჲ სიქადულისაჲ არა საღმრთო არს. ხოლო ოდეს ესევითარი მიზეზი იყოს, რომელ საღმრთოჲ ქადაგებაჲ წარემართებოდის მის მიერ, მაშინ ზომიერად ჯერ-არს ჴუმევაჲ მისი.

მოციქულისაჲ: არამედ ვითარცა უგუნურებით, ჯერითა ამით სიქადულისაჲთა (11,17).

თარგმანი: კუალად მათვე სიტყუათა იტყჳს, ვითარმედ: არა უგუნურება არს სიქადული ჩემი, არამედ ვითარცა უგუნურება, რამეთუ მსგავსებითა ლიტონისა სოფლიოჲსა სიქადულისაჲთა ეგრეთ ჩანს, ვითარმედ უგუნურად ვიქადი. ხოლო უკუეთუ მიზეზი ამის სიქადულისაჲ ვინ გამოიძიოს, ფრიადცა გონიერება არს, ვინაჲთგან საღმრთოთა შჯულთა ქადაგებისა შესაწევნელ არს, ამისთჳსცა გუამი სიქადულისაჲ არს, ესე იგი არს სიტყუანი სიქადულისანი არიან; ხოლო მიზეზი მათი საღმრთო არს და ჭეშმარიტ.

მოციქულისაჲ: ვინაჲთგან მრავალნი იქადიან ჴორციელად, მეცა ვიქადოდი (11,18).

თარგმანი: ესე არს განმარტებაჲ ზემოჲსა მის სიტყჳსაჲ, ვითარმედ: რასა-ესე ვიტყჳ, არა უფლისა მიერ ვიტყჳ, რამეთუ ვინაჲთგან სიქადული ესე ჴორციელი არს, — არა უფლისა მიერი არს; ვითარ-იგი რაჟამს გარეშითა ვინმე სახითა იქადოდის, აზნაურებისა ანუ სიმდიდრისაგან, სიბრძნისა ანუ წინადაცუეთილებისაგან აბრაჰამის თჳსებისა ანუ სხჳსა რაჲსმე ესევითარისაგან, ვითარ-იგი არს ისრაელობაჲ, ესევითარი იგი ჴორციელად იქადის, არა საღმრთოდ. ამისთჳს არა უფლისა-მიერი არს, ვითარ-იგი სხუასა ადგილსა გესმის, ვითარმედ: "ქრისტე იესუჲს მიერ არა არს ჰურიაება, არცა წარმართობა, არამედ ყოველნივე ერთ ვართ მის მიერ" (). ხოლო საღმრთოჲ სიქადული არს სიწმიდე, წესიერებაჲ, სიმშჳდე და მარხვაჲ.

მოციქულისაჲ: რამეთუ კეთილად თავს-იდვათ უგუნურთაჲ გონიერთა მაგათ (11,18).

თარგმანი: იხილე ქებასა თანა შეზავებული სიტყუაჲ ძაგებისა და მხილებისაჲ, ვითარმედ: თქუენ ხართ მიზეზნი ჩემისა ამის უგუნურ საგონებელისა სიქადულისანი, რამეთუ არათუმცა თქუენ ადგილ-გეცა უგუნურთა სიტყჳსა თავს-დებად და ცრუმოციქულთა ზრახვისაგან ვნებად, არა მიჴმდა მე დაშრომაჲ სიტყუათა ამათ შინა სიქადულისათა. აწ უკუე, რომელნი-ეგე სავნებელსა მას თქუენდა უგუნურებასა სხუათასა თავს-იდებთ, თავს-იდევით ჩემიცა სარგებელად თქუენდა თქუმული უგუნურებაჲ სიტყუათა სიქადულისათაჲ. ხოლო დასასრულისა ესე თქუმაჲ, ვითარმედ: "გონიერთა მაგათ" — ესევითარი რაჲმე არს, რეცა სიტკბოებასა შინა ქებისასა სიმწარე მძიმისა მხილებისაჲ, ვითარმედ: უკუეთუ ნამდჳლვე გონიერ ხართა თქუენ, ეგევითარისა მაგის უგუნურებისა მაგათისა თავსმდებელნი ეგე?

მოციქულისაჲ: რამეთუ თავსცა-იდებთ, უკუეთუ ვინმე დაგიმონებს, უკუეთუ ვინმე შეგჭამს, უკუეთუ ვინმე მიგიღებს, უკუეთუ ვინმე ამაღლდების თქუენ ზედა, უკუეთუ ვინმე პირსა გცემს. საკდემელად თქუენ გეტყჳ, ვითარმედ ჩუენ რეცა მოუძლურდით (11,18-21).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა, ვითარმედ: "თავსცა-იდვათ უგუნურთაჲ გონიერთა მაგათ", და ამით სახითა განადიდა ბრალი მათი, ვითარმედ: "უკუეთუმცა უგუნურნი თავს-იდებდით სიტყუათა წინააღმდგომთასა, შენდობაჲმცა გაქუნდა უმეცრებისათჳს; ხოლო აწ ეგერა, გონიერნი, მეცნიერებით სცოდავთ", რამეთუ ესე არს აწინდელი ესე თავი სიტყჳსაჲ: "რამეთუ თავსცა-იდებთ". რასა თავს-იდებდეს? — არამედ წინამდებარეთა ამათ ჭირთა შემთხუევასა ცრუმოციქულთაგან. რამეთუ ვითარ-იგი პირველ არა სხჳსა ქადაგებისა შემომღებელად, არცა სხჳსა იესუჲს მახარებელად უწოდდა, რაჲთა არა დასაბამსავე სიტყჳსასა დაუმძიმოს მათ მხილებითა, ხოლო უკუანაჲსკნელ განაცხადა ცრუმოციქულ ყოფაჲ მათი, ეგრეთვე, მცირედ-რე ზემო, ამას ზედა იტყოდა მოქადულობასა მათსა, ვითარმედ: არარაჲსა ვისგან ჴუმევასა ზედა მოქადულ არიან; და რაჲთა რასა ზედა იქადიან, იპოვნენ, ვითარცა ჩუენ; რამეთუ ამას ჰყოფდა მცირედ-მცირედ და არა ერთბამად განცხადებისათჳს აუგთა მათთაჲსა. ხოლო აწ ზედამიწევნით განაცხადებს და სიმძიმესა მხილებათასა სიღრმითა სიტყუათაჲთა დაჰფარავს. რამეთუ მათთჳს იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ თქუენ მათგან თავს-იდებთ, რომელნი-იგი არა ხოლო თუ იჴუმევენ რასმე თქუენგან, არამედ დაგიმონებენ-ცა ყოვლითურთ, ვითარცა ვეცხლით ფრდილთა მონათა; და არა ხოლო კნინოდენსა რასმე მიიღებენ თქუენგან, არამედ სრულებით შეგჭამენ; არა თხოვით, არამედ ტაცებით მიღებითა; არცა ზომიერად და სიმშჳდით პყრობითა, არამედ სილაღით და ზუაობით ჴუმევითა ფლობისაჲთა მონებასა თქუენსა ზედა, ვიდრემდის, დაღაცათუ არა ჯერეთ, არამედ აწვე ეგერა პირსა ცემად უც თქუენდა, ნერწყჳთა და შეურაცხებითა, რამეთუ პირსა ცემასა ამას, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, უპატიოებად თქუენდა ვიტყჳ. ესე იგი არს, ვითარმედ პირსა ცემად უწეს ნერწყუვათა და შეურაცხის-ყოფათა თქუენთა მათ მიერ. აწ უკუე, მე უკუეთუ ესე ყოველი არა შეგამთხჳე თქუენ, ამისთჳს მეტყჳთა უძლურებასა?" — რამეთუ კითხვისსახედ ჯერ-არს წარკითხვაჲ სიტყჳსაჲ ამის, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: "ჩუენ მოუძლურდითა?" ესე იგი არს: "ამისთჳს დამეწამაა უძლურებაჲ, რამეთუ არარაჲ ამათ ძჳრთაგანი შემიმთხუევიეს თქუენდა? ანუ ამისთჳს შეუდგებითა ცრუმოციქულთა, რომელ მე ვერ ძალ-მიც ამის ესევითარისა ქმნაჲ? არათუ არა ძალ-მიც, არამედ არა მნებავს. და არა ხოლო თუ მე არას ვჰყოფ თქუენ ზედა ესევითარსა, არამედ თჳთ სიტყუათაცა ამათ უგუნურებისათა არა ჩემდა საქებელად, არამედ თქუენდა გამოსაჴსნელად მიჴუმევ ესევითარისა მისგან მძლავრებისა სხუათა მიერისა".

მოციქულისაჲ: რომლითა-იგი ვინმე იკადრებს სიქადულსა, უგუნურებით ვიტყჳ: ვიკადრო მეცა (11,22).

თარგმანი: იხილე კუალად ეგოდენთა მათ სიტყუათა ზედა წინა-განმართვისათა ჯერეთ სხუასაცა დაჰრთავს სიტყუასა განმაცხადებელსა, ვითარმედ იძულებით შემოვიდა იგი სიტყუათა ამათ სიქადულისათა; ამისთჳს უგუნურებად და კადრებად უწოდს მათ, რაჲთა ჩუენ განგუსწავლნეს არაოდეს კადრებად სიტყუად სიტყუასა სიქადულისასა, თჳნიერ ესევითარისავე რაჲსმე დიდისა და საჭიროჲსა მიზეზისა.

მოციქულისაჲ: ებრაელ თუ არიან, — მეცა! ისრაიტელ თუ არიან, — მეცა! (11,23).

თარგმანი: არათუ ყოველნი ებრაელნი ისრაიტელცა იყვნეს, რამეთუ მოაბელნი და ამანელნი ებრაელ იყვნეს, ხოლო ისრაიტელ — არა, რამეთუ არა შესავალ იყო მათდა ტაძარი ღმრთისაჲ. ამისთჳს მოციქულმან ებრაელ სახელ-იდვა ძუელითგანობისათჳს, რამეთუ არა მწირი მოსრულ იყო, შჯულითა ოდენ ისრაიტელ ყოფად, არამედ ებრაელი ისრაიტელ ქმნილ იყო თჳსებითა და შჯულითა. ხოლო ისრაიტელად რაჲ სახელ-იდვა, განწმიდა აზნაურებაჲ თჳსი ბიწისაგან მოაბელთა და ამანელთაჲსა. რამეთუ ისრაიტელ სახელ-ედებოდა იაკობისგანთა მათ ეგჳბტით გამოყვანებულთა ათორმეტთა ტომთა და მოსეს შჯულისა დამორჩილებულთა.

მოციქულისაჲ: ნათესავნი თუ აბრაჰამისნი არიან, — მეცა! მსახურნი თუ ქრისტესნი არიან, უუგუნურესად-რე ვიტყჳ: უფროჲსღა —მე! (11,24).

თარგმანი: ზემო თქუნა ორნი: ებრაელობაჲ ძუელითგანობისათჳს, ხოლო ისრაიტელობაჲ — შჯულიერობისათჳს. და აწ კუალად აბრამიანობასა სახელ-იდებს ძუელისაგან, ხოლო ქრისტეს მსახურებასა განიკუთნებს ახლისაგან; რომლისათჳს საკჳრველ არს, თუ რაჲსაღა იზიარებს პირველ განყრილთა მათ და ცრუმოციქულად და მსახურად ეშმაკისა სახელდებულთა. ცხად არს, ვითარმედ, არა ამას იტყჳს თუ: იგინი უდარესნი მსახურნი არიან და მე — უმეტესი, რომელი-ესე ზუაობით სიქადული არს, არამედ წესითა ოდენ თანაშეტყუებისაჲთა იტყჳს, ვითარმედ: მათ ცუდი ოდენ სახელი ზედა-აც, ხოლო მე ამით უფროჲს ვარ, რამეთუ ჭეშმარიტებით მეწოდების-ცა და ვარ-ცა მსახური ქრისტესი. ხოლო შენ აწინდელი ესე "უუგუნურესი" — "უკადნიერესად" გულისჴმა-ყავ, ვითარმედ, არა ლიტონად და უშიშად ვინმე სახელ-იდვის მსახურ ყოფაჲ ქრისტესი, არამედ ფრიადითა გამოწულილვითა და შიშითა, უკუეთუ გამოცდილ-მე არსა მსახურებასა მისსა შინა ანუ არა.

მოციქულისაჲ: შურომითა უმეტეს, ტანჯვითა უმეტეს, პყრობილებითა გარდარეულად, სიკუდილთა შინა მრავალგზის (11,24).

თარგმანი: ყოველნივე ესე სიტყუანი არათუ მათსაცა რასმე მცირესა შრომასა ამისსა თანა-შეატყუებენ; რამეთუ მათ არარაჲ თავს-ედვა ესევითარი, არამედ ამას გჳჩუენებენ, ვითარმედ ამით ყოვლითა ზეშთა აღმატებულ იყო არა ხოლო ცრუთა მათსა, არამედ თჳთ ჭეშმარიტთა მათცა მოციქულთასა, ვითარ-იგი სხუასა ადგილსა გესმის, ვითარმედ: "უფროჲს მათ ყოველთასა დავშუერ" ().

მოციქულისაჲ: ჰურიათაგან ხუთგზის ორმეოცსა ერთი მოკლებული ცემაჲ მოვიღე (11,25).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ხუთგზის ჰურიათა მიერ ვიეც, მომთხუევითა ჟამად-ჟამად, რომელ არს თითოსა ჯერსა მიმთხუევაჲ ოცდაათცხრამეტსა, რომელ არს ერთითა ნაკლული ორმეოცისაჲ; რამეთუ შჯული იყო ჰურიათა შორის, რაჲთა, უკუეთუ ვის უმეტესი ორმეოცისასა მიამთხჳონ, გინებად შერაცხილ იყოს და უპატიოებად ცემულისა მის. ამისთჳს განაჩინეს, რაჲთა ერთგზის არა მიამთხუევდენ უმრავლეს ოცდაათცხრამეტისა, რაჲთა, დაღაცათუ ნამეტნავი უნდეს ცემად მცემელსა, ორმეოცი მიამთხჳოს და არა უპატიო ყოს ცემული იგი მიმთხუევითა ორმეოცსა მეტისაჲთა. ამისთჳს, დაღაცათუ ვისიმე ენების უფროჲსისა ცემაჲ, განყვიან რიცხჳ იგი ცემისაჲ და სხუასა და სხუასა ჟამსა თითოეულსა ჯერსა მიამთხჳიან ოცდაათცხრამეტი, ვითარ-ესე აწ პავლეს ხუთგზის სცეს, რაჲთა მრავლად სცენ, ხოლო თითოეულსა ჯერსა არა აღიყვანეს ორმეოცად, რაჲთა არა უპატივო ყონ მეტისა ცემითა. ჳკუმენისი: ჰხედავა, ვითარ ყოველივე პავლესდა შემთხუეული არა უნაკლულოდ დამიწერა ჩუენ ლუკა საქმესა შინა მოციქულთასა! რამეთუ აჰა მრავალი აკლს აქა თქუმულთაგანი მუნ, რომელთა უტყუველობაჲ ყოვლად უეჭუელ არს, ვინაჲთგან სწორებით უცხო იყო აღმწერელი ამათი დიდებისმოყუარებით და არა ჭეშმარიტებით მეტყუელებისაგან რაჲსაცამე.

მოციქულისაჲ: სამგზის კუერთხითა ვიეც, ერთგზის ქვითა განვიტჳნე (11,26).

თარგმანი: ესე კუალად თჳსაგან სხუაჲ ღუაწლი სამგზის კუერთხითა ცემისაჲ! ხოლო განტჳნვისასა ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: "ერთგზის დამიქოლე". რამეთუ დაქოლვილი მრავალგზის განერების მქოლველთაგან, ხოლო განტჳნული მოკლული არს.

მოციქულისაჲ: სამგზის ნავი დამექცა, ღამე და დღე უფსკრულთა შინა დავყავ (11,25).

თარგმანი: მრავალგზისსა მას ქადაგებად წარვლინებასა და უფსკრულთა ზედა ნავით მავალობასა შინა მოციქულისასა და სამგზის ნავის დაქცევასა, რაჲ საკჳრველ არს ესეცა საღმრთოჲსა მადლისაგან, უკუეთუ ღამე და დღე ტჳრთვით მიმოავლო უფსკრულმან და უვნებელად დაიცვა მისგან.

მოციქულისაჲ: გზისა სლვანი მრავალგზის, ჭირნი მდინარეთანი (11,26).

თარგმანი: აურაცხელთა მათ ღუაწლთა მიმოსლვისა მისისათა ზღჳთ და ჴმელით გარე-მომვლელთა ყოვლისა სოფლისათა, ესეცა შრომაჲ შეეძინა, რომელ მრავალგზის იიძულებოდის მტარვალთა მიერ ფრჴივ განვლად მდინარეთა მძაფრთა.

მოციქულისაჲ: ჭირნი ავაზაკთანი, ჭირნი ნათესავთაგან, ჭირნი წარმართთაგან, ჭირნი ქალაქთა შინა, ჭირნი უდაბნოთა ზედა, ჭირნი ზღუათა შინა (11,26).

თარგმანი: ყოველსავე ადგილსა ღუაწლი წინა-ედვა, რამეთუ ყოვლით კერძო ჰბრძოდა ეშმაკი: ავაზაკთა აღდგინებითა, ნათესავთა მისთა ჰურიათა აღბორგებითა, რომელნი-იგი შურს-იგებდეს მას ზედა, ვითარცა თჳსსა განმცემელსა შჯულისა მათისასა, ხოლო წარმართნი ჰბრძოდეს შეურაცხ-ყოფისათჳს კერპთა მათთაჲსა, და არა იყო ადგილ უშიშ, ყოვლად არამოშიშისა მისთჳს, არა ქალაქი, არცა უდაბნოჲ, არა ჴმელი, არცა ზღუაჲ.

მოციქულისაჲ: ჭირნი ძმათა მტყუვართაგან (11,26).

თარგმანი: ესე იგი იყვნეს, რომელნი სახესა მოწფობისა მისისასა იჩემებდეს და შინაგანმცემელ მოძღურებისა მისისა იქმნებოდეს.

მოციქულისაჲ: შურომითა და რუდუნებითა, მღჳძარებითა მრავალგზის, შიმშილითა და წყურილითა, მარხვითა მრავალგზის, ყინელითა და შიშულოებითა (11,27).

თარგმანი: ჰხედავა, ვითარ ჭირთა შრომანი და შრომათა მოციქულისათა ჭირნი ეცვალებიან, რამეთუ ჭირ არს შემთხუევაჲ განსაცდელთა სხუათა მიერთაჲ, ხოლო შრომა — თჳთ თავით თჳსით მოღუაწებითა განკაფაჲ ჴორცთა თჳსთაჲ; რამეთუ, ოდეს აქუნ, იმარხავნ ქონებულისაგან, ხოლო ოდეს არა აქუნ, შიინ ნაკლულევანებისაგან, შიშუელ არნ და უსართულო, შეწუვულ სიცხითა დღისაჲთა და განყინულ ნეფხვითა ღამისაჲთა, და ამას ყოველსა შინა არა ხოლო მოთმინე და თავსმდებელ, არამედ მხიარულებით მმადლობელცა არნ, რამეთუ ყოვლისავე შემთხუევისა ძჳრთაჲსა თავს-დებად მარადის განმზადებულ იყო. ხოლო შენ იხილე, ვითარ ამას იტყჳს, თუ რაოდენნი ჭირნი თავს-ისხნა, ხოლო ამას დაიდუმებს, თუ რაოდენ ბევრ იყვნეს ნამუშაკევნი იგი ღუაწლთა მისთანი, რომელნი მან მოიყვანნა სარწმუნოებად ქრისტესსა.

მოციქულისაჲ: გარეშე მისსა, რომელი მოიწევის ჩემ ზედა დღითი-დღედ ზრუნვაჲ ყოველთა ეკლესიათაჲ (11,29).

თარგმანი: უმეტეს წარმოთქუმულთასა იყვნეს დატევებულნი, უფროჲსღა თჳო წარმოთქუმულნიცა ესე მწულილნი რაჲმე და მცირენი უთქუმან ურიცხუთა მათგან, რამეთუ რომელნი ადვილ იყვნეს აღსარიცხუველად, ვითარ-იგი ხუთსა იტყჳს და სამსა და ერთსა. ხოლო რომელნი-იგი ძნელ იყვნეს აღსარიცხუველად, მათთჳს — არარას სხუასა, თჳნიერ გარდარეულებასა ოდენ. და აწ კუალად ერთბამად დღითი-დღეობასა მის ზედა დასხმულთა შფოთთა და წყობათასა შინაგანითურთ ზრუნვით გონებისაჲთ.

მოციქულისაჲ: ვინ უძლურ არნ, და მე არა უძლურ ვიყვი? ვინ დაჰბრკოლდებინ და მე არა ვჴურვიდი? (11,29).

თარგმანი: არა ხოლო ზიარებასა იტყჳს ზრუნვითა გონებისაჲთა, არამედ ყოვლად თჳსად შერაცხვასა ძმათა უძლურებისასა, სულიერი თუ იყვის სენი იგი ანუ თუ ჴორციელი. ხოლო "ვინობითა" ამას გჳჩუენებს, ვითარმედ ზოგად ერთლმობა იყო დიდისა თანა და მცირისა. და კუალად, უკუეთუ ვინმე დაჰბრკოლდებოდის მართლმავალობისაგან საღმრთოთა საქმეთაჲსა, ამას ზედა მოციქული ცეცხლებრითა მოტყინარებითა დაიწუებოდის რამეთუ თჳსნი ჭირნი მახარებელად აქუნდეს, ვინაჲთგან უწყოდა, ვითარმედ საწუთროჲ ესე ჭირი ჴორცთაჲ დიდად გარდაჰმატებდა სასყიდელსა მისსა საუკუნოდ. ხოლო სულიერისა მადლისაგან განჴუებაჲ ვიეთიმე ზოგად სულსა და ჴორცთა მისთა განმჭრელ ექმნებოდა.

მოციქულისაჲ: უკუეთუ ჯერ-არს სიქადული, უძლურებისა ჩემისასა ვიქადოდი (11,30).

თარგმანი: არასადა სასწაულთათჳს იქადის, რომელნი-იგი ღმრთისა მიერ იქმნებოდეს მისგან, ხოლო უძლურებათათჳს, რომელ არიან დევნულებანი და განსაცდელნი, შიმშილნი და დანთქმანი, რომელნი-ესე უძლურებასა ჴორცთასა ალმობენ, ამისთჳს სამართლად იქადის. გინათუ უძლურებად უწოდს, ვითარ სხუათა უძლურებისა და დაბრკოლებისათჳს ელმოდა მას, რამეთუ ესე არს ხატი სამოციქულოჲ — ურიცხუებაჲ მოწაფეთათჳს მზრუნველობისაჲ, .

მოციქულისაჲ: ღმერთმან და მამამან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესმან იცის, რომელ-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე, რამეთუ არა ვტყუვი: დამასკეს შინა მთავარსა არეტა მეფისასა მოეცვა ქალაქი დამასკელთაჲ, შეპყრობაჲ ჩემი უნდა (11,31-32).

თარგმანი: ესე არეტა სიმამრი იყო ჰეროდესი, რომელმან ფრიადისა მისთჳს სახელგანთქმულებისა პავლეს ქადაგებათაჲსა გარე-შეიცვა ქალაქი დამასკელთაჲ; არა რაჲსა სხჳსა მიზეზისათჳს, თჳნიერ შეპყრობისა მისისათჳს. ხოლო ვინაჲთგან ძნიად დასარწმუნებელი საქმე იყო, ვითარ ერთისა კაცისათჳს მთავარი იგი შეიცვიდა ქალაქსა და მოქალაქენი უადვილეს თავს-იდებდეს გარე-შეცვასა, ვიდრეღა პავლეს განცემასა, ამისთჳს სახელსა ღმრთისასა შორის-შემოღებითა უეჭუელ ყო საქმე ესე არა-საეჭუელი — ყოვლად უტყუველობაჲ ჭეშმარიტებისა ქადაგისაჲ მის.

მოციქულისაჲ: და სარკუმლით სარგნითა გარდავჴედ ზღუდესა და განვერი ჴელთაგან მისთა (11,33).

თარგმანი: თქუმულ არს უკუე ლოცვით თხოვაჲ არა-შესლვად განსაცდელსა. გარნა სადა იყოს ღონე კაცობრივითაცა ღონისძიებითა განრომისაჲ მისგან, არცა ესე განსაგდებელ არს, ვითარ-ესე აწ მოციქულმან დაიცვა თავი თჳსი, უმეტესისა ქადაგებისა და უმრავლესთა მოწაფეთა ცხოვნებისათჳს, რამეთუ მისდა მარადის საწადელ იყო განსლვაჲ ჴორცთაგან, მიახლებისათჳს ღმრთისა. ხოლო დადგრომასა ჴორცთა შინა ჩუენისა ცხორებისათჳს აღირჩევდა.

მოციქულისაჲ: უკუეთუ სიქადული ჯერ-არს, შე-არა-ჰგავს ჩემდა. ხოლო მოვიდე ხილვასა და გამოცხადებასა უფლისასა (12,1).

თარგმანი: დაღაცათუ ზემო მრავალი ეთქუა სიქადულად შესარაცხელი, არამედ არარაჲვე მათგანი იყო ესოდენ დიდ, რამეთუ პირველ წარმოთქუმულნი იგი ცხადნი საქმენი იყვნეს მრავალთა მიერ არა ხოლო სმენილნი, არამედ თუალით ხილულნიცა. ხოლო ესე ყოველთაგან დაფარულ იყო. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: "შე-არა-ჰგავს", არა თუ თავსა შინა თჳსსა ქონებაჲ ესევითართაჲ, არამედ — სხუათა მითხრობაჲ, რამეთუ არათუ ქონებაჲ მადლთაჲ ფარულად, არამედ მითხრობაჲ სხუათაჲ აღაზუავებს კაცსა. გარნა მოციქული ამათ ესევითართა სავნებელთაგან შეუხებელ იყო სიმაღლითა თჳსთა სათნოებათაჲთა, არამედ ჩუენ განგუსწავლის არაოდეს კადრებად სხუათა მითხრობასა ესევითართა მადლთა სიმაღლისასა.

მოციქულისაჲ: ვიცი კაცი ქრისტეს მიერ უწინარეს ათოთხმეტისა წლისა, გინა თუ ჴორცითა, — არა ვიცი; გინა თუ თჳნიერ ჴორცთაჲსა, — არა ვიცი; ღმერთმან იცის, — აღიტაცა ესევითარი კაცი ვიდრე მესამედ ცადმდე (12,2).

თარგმანი: საცნაურ მყოფელად იძულებით თქუმისა ესე იყავნ, რამეთუ მიფარულად იტყჳს თავისა თჳსისათჳს, ვითარცა სხჳსათჳს, ვითარმედ: "ვიცი კაცი". ხოლო "ქრისტეს მიერ" — ესე იგი არს, ვითარმედ არა საეშმაკოჲთა ჩუენებითა, რომელი-ესე ცრუმოციქულთა თჳს-ეყჳს, არამედ ქრისტეს მიერ და ძალითა მისითა, უზეშთაეს კაცობრივისა შეძლებისა. ხოლო "პირველ ათოთხმეტისა წლისა" — რამეთუ ესოდენთა ჟამთა თავსა შორის თჳსსა დაფარულსა — აწ იძულებით განაცხადებს სხუათა სარგებელისათჳს, რაჲთა არავინ ჰგონოს ამისი დაკლებულ ყოფაჲ ქრისტეს თუალითმხილველთაგან. ამისთჳს შემდგომად მათსა მოსრული უზეშთაეს მათ ყოველთა მისვე ქრისტეს მიერ აღიტაცების. და ესე "პირველ ათოთხმეტისა წლისა" — რაჲთა ცნან, ვითარმედ, უკუეთუ პირველ ესოდენთა წელთა ესოდენსა საზომსა აღწევნულ იყო, რადღა საძიებელ არს თუ აწ რაბამ აღმატებულ არს საზომითა ხედვათაჲთა. ხოლო შენ იხილე, ვითარ მაღალთაცა ამათ სიტყუათა შინა დაიმდაბლებს თავსა თჳსსა, რომლისამე ცნობითა და რომლისამე არა ცნობითა; რამეთუ ესე იცის, ვითარმედ უეჭუელად აღიტაცა; ხოლო ესე არღარა, — თუ ჴორცითა ანუ თჳნიერ ჴორცთასა; რომელი-ესე ვითარ-იგი მან გამოუცხადებელად, ეგრეთვე ჩუენ გამოუძიებელად დაუტეოთ, და ღმრთისა მხოლოდ მცნობელობასა მიუტეოთ. თჳნიერ ამას მტკიცედ გუაუწყებს, ვითარმედ სამ ცამდე მიიტაცა, და ეგრეთღა კუალად მიერ — სამოთხედ.

მოციქულისაჲ: და ვიცი ესევითარი კაცი, გინა თუ ჴორცითა, გინა თუ გარეშე ჴორცთაჲსა, არა ვიცი, ღმერთმან იცის; რამეთუ მიიტაცა სამოთხედ და ესმნეს უთქუმელნი სიტყუანი, რომელ არა ჯერ-არიან კაცთა სიტყუად (12,3-4).

თარგმანი: ესოდენ არს ყოველსა ადგილსა სახელოვნებაჲ სამოთხისაჲ, ვიდრეღა მაცხოვარი ეტყჳს ავაზაკსა: "დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა" (), ვინაჲცა აწ მოციქულმან შემდგომად სამ ცადმდე აღწევნისაღა თქუა მიტაცებაჲ სამოთხედ და მუნ სმენაჲ სიტყუათა ეგევითართაჲ, რომელთა არავისი უდარესისა კაცთაგანისა სასმენელი, არამედ პავლესი ოდენ და მსგავსთა მისთაჲ შემძლებელ არს დატევნად. ჳკუმენისი: ამიერ განიქიქებოდედ სიცოფითი სილაღე მათი, რომელნი კადნიერ იქნნეს აღწერად სიტყუათა მათ უსმენელთა და კაცთა მიერ ვერ დასატევნელთა, და უწოდეს მას "პავლეს გამოცხადება".

მოციქულისაჲ: ესევითარისათჳს ვიქადი, ხოლო თავისა ჩემისათჳს არა ვიქადი, გარნა უძლურებათა შინა ჩემთა (12,5).

თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ თჳსსა ამას დიდებულებასა კუალად სხჳსა პირსა ზედა აზმნობს, რაჲთა კრძალულებაჲ თჳსი გჳჩუენოს. ხოლო ესე უეჭუელ ყო, ვითარმედ თავისა თჳისისათჳს იტყჳს მიფარულად-რე; რამეთუ სხუაჲ თუმცა ვინმე იყო აღტაცებული, რაჲსა იქადის სხჳსა აღტაცებასა, არამედ თჳსსა საქმესა რიდობით მიფარულად იტყჳს, რაჲთა ჩუენ გუასწავოს არარაჲსა კადრებაჲ სიქადულით სიტყჳსაჲ, რამეთუ ყოველივე სიმაღლე ნიჭთაჲ ღმერთსა განეკუთნვის, და არარაჲ არს ძლიერებათაგანი თჳს და საკუთარ კაცისა, თჳნიერ სიმდაბლე და უძლურებაჲ.

მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ მინდეს სიქადულის, არა ვიყო უგუნურ, რამეთუ ჭეშმარიტი ვთქუა (12,6).

თარგმანი: არა თუ ზემოჲთგანთა სიტყუათა წინა-აღუდგების აწ, ვითარმცა არა უგუნურება უწოდდა სიქადულსა, არამედ ამით ჯერითა ოდენ არა უგუნურება ჰყოფს, რამეთუ ჭეშმარიტებით იტყჳს და არა ტყუვილით.

მოციქულისაჲ: ხოლო ვერიდები, ნუ ვინმე ჩემდა შეჰრაცხოს, რომლისათჳს-ესე მხედავს მე, გინა თუ ესმის რაჲმე ჩემგან (12,6).

თარგმანი: ესოდენ მოშიშ არს და გარე-მიაქცევს განთქუმულებასა წარმატებათა თჳსთასა, ვიდრეღა ესოდენთა წელთა დაფარულსა და აწ იძულებით სარგებელად სხუათა განცხადებულსა გამოცხადებასა თჳსსა სხუასა ვისმე აჩემებს, რომელ არა ხოლო მის ძალით ქებასა, არამედ მისდად შერაცხვასაცა დიდთა საქმეთაგანისასა გარე-მიაქცევს, და არცაღა სიტყჳსა თჳსისა მისდად შერაცხვასა უტევებს. რამეთუ უკუეთუ სასწაულთათჳს ზორვად მისსა ჴელ-ყვეს ლუკაონელთა, მოგურითა კუროთაჲთა დასაკლველთა და მორთუმითა გჳრგჳნებისაჲთა, რაჲღამცა ექმნა, უკუეთუმცა ასმიოდა სიმრავლე ჩუენებათა ესევითართაჲ!

მოციქულისაჲ: და გარდარეულებითა მით გამოცხადებათაჲთა, რაჲთა არა აღვიმაღლო, მომეცა მე საწერტელი ჴორცთაჲ — ანგელოზ სატან, მჴდომ, რაჲთა დამქენჯნიდეს მე, რაჲთა არა აღვიმაღლო (12,7).

თარგმანი: მინდობილ ვარ სიმტკიცით თქუმად, ვითარმედ: არცა ერთი აღჳრი უჴმდა პავლეს დამაყენებელად ზუაობისაგან, გარნა რაჲთა არა სხუათა ვიეთგანმე შეირაცხოს იგი ზეშთა კაცთა ბუნებისად, ამისთჳს, არა (ვითარ ვიეთმე ჰგონეს) ეშმაკისა მიერი ტკივილი თავისაჲ მიშუებულ იყო მის ზედა, რომელსა-იგი სხუათაჲ ძალ-ედვა, არა ხოლო მიცემაჲ ეშმაკისაჲ სატანჯველად ჴორცთა, არამედ კუალად განთავისუფლებაჲცა, რამეთუ ოფლი ოდენ მისი მაოტებელ იყო სენთა და ვნებათა საეშმაკოთა, არამედ წინააღმდგომთა ქადაგებისა თჳსისათა უწოდს საწერტელ ჴორცთა, რამეთუ ანგელოზი ქადაგად გამოითარგმანების, ხოლო "სატან" ენითა ებრაელთაჲთა მჴდომსა სახელ-ედების. აწ უკუე, ქადაგ წინააღმდგომ და მჴდომ მოციქულისა ეწოდა ალექსანდრეს მჭედელსა, ჳმენეოსს და ფილიტოსს, რამეთუ ესრეთ წერილ არს წიგნსა შინა მეფეთასა, მესამესა თავსა, ვითარმედ: "დღეთა სოლომონისთა არა იყო სატან" (), ესე იგი არს მჴდომ და წინააღმდგომ. ეგრეთვე ქადაგ წინააღმდგომ მოციქულისა იყო ყოველი წინააღმდგომი, დამაყენებელი ქადაგებისა მისისაჲ, მდევნელნი, შემპყრობელნი, მცემელნი, რომელთა-იგი სატან უწოდს, ვითარცა მსახურთა სატანაჲსთა, რამეთუ, ვითარ იგი წინა-აღუდგა ღმერთსა და ამისთჳს სატანა ეწოდა, რომელ არს მჴდომი, ეგრეთვე, რომელნი ქადაგებასა ღმრთისასა წინა-აღუდგებოდინ, მათცა სამართლად სახელ-ედების სახელი ესე, ვითარცა შვილთა მამისა მათისა ეშმაკისათა. ხოლო შენ, გესმეს რაჲ გარდარეულებაჲ გამოცხადებათაჲ, გულისჴმა-ყავ, ვითარმედ მრავალთა და ურიცხუთა ხილვათა თჳსთაგან ერთი ესე ოდენ უთქუამს, და ესეცა მიფარულად-რე, ვინაჲცა სიმრავლესა თჳსთა ხედვათა წარმატებისასა მიფარულად-რე იტყჳს, ხოლო საწერტელსა ჴორცთასა და მიზეზსა მისსა — განაცხადებს; რამეთუ დევნულებანი იგი და ჭირნი და პყრობილებანი განჰკაფდეს ჴორცთა მისთა, და მისი იგი სიმრავლე ჭირთაჲ წინაშე პირსა სხუათასა დაჰქენჯნიდა მას, რაჲთა არავინ შეჰრაცხოს იგი ზეშთა კაცთა ბუნებისად. ხოლო მოცემაჲ რაჲ გესმას საწერტელისაჲ, ესრეთ გულისჴმა-ყავ, ვითარმედ, არა თუ ღმერთი აღადგენს კაცთა ესევითარისა საქმედ, არამედ სულგრძელებასა და მიშუებასა მისსა ესრეთ სახელ-ედების, რაჟამს დრო-სცეს და არა მეყსეულად ტანჯნეს მოქმედნი ესევითარისანი.

მოციქულისაჲ: და ამისთჳს სამგზის ვევედრე უფალსა, რაჲთა განმაშოროს ჩემგან, და მრქუა მე: კმა არს შენდა მადლი ჩემი, რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების (12,8-9).

თარგმანი: "სამგზისი" ესე "მრავალგზისისა" ნაცვალი არს, რამეთუ სიმდაბლითა გონებისაჲთა, არცა ამას დაჰფარავს, ვითარ ენება რაჲმე და არა ჴელ-ეწიფა ესრეთ ქმნად, ვითარ-იგი უნდა, არცა სასმენელ იქმნა ვედრებაჲ მისი. ხოლო ვინაჲთგან მრავალ იყვნეს წინააღმდგომნი ქადაგებისა მისისანი, რაჲსათჳს ვითარცა ერთისა განშორებად ევედრების? — ცხად არს, ვითარმედ ამისთჳს, რამეთუ ადგილ-ადგილ ერთი ვინმე იყვის აღმძრველი სხუათაჲ, და უფროჲსღა, ყოველსა ადგილსა ერთი და იგივე წინააღმდგომი ყოვლისა კეთილისაჲ — ეშმაკი, რომლისა მიერი დაბრკოლებაჲ ქადაგებისაჲ არა ადვილ უჩნდა მოციქულსა თავს-დებად, ვიდრეღა ევედრა უფალსა, და ესმა მისგან: "კმა არს შენდა ჩემ მიერ მოცემული მადლი მკუდართა აღდგინებისა და ბრმათა აღხილვისაჲ. ნუ ეძიებ უჭირველად და წინა-დაუდგომელად წარმართებასაცა ქადაგებისასა, რამეთუ შენ რეცა უძლურებად ჩემდა ვიეთგანმე საგონებელ გიჩნს, რაჟამს იგუემებოდი და იტანჯებოდი ქადაგებისათჳს ჩემისა. ხოლო მე თჳთ მას უძლურებასა შენსა შინა ვაჩუენებ უმეტესსა ძალსა ჩემსა, რაჟამს თქუენ, დევნულნი, მდევართა მძლე ექმნნეთ, და შეკრულთა შეაძრწუნნეთ შემკრველნი". გარნა შენ იხილე, ვითარ თჳთ სხუაჲ მიზეზი თქუა დაქენჯნათაჲ და ღმერთი სხუასა ეტყჳს. თჳთ სიმდაბლითა გონებისაჲთა თქუა: "რაჲთა არა აღვიმაღლო". ხოლო ღმერთი ეტყჳს, ვითარმედ: "უძლურებასა შენსა შინა ვაჩუენებ ჩემსა ძლიერებასა, რამეთუ გეტყჳ, ვითარმედ: "კმა ხარ და უნაკლულო მადლთა შინა". ეჰა წამებასაღა ზეშთა სასრულისასა რომლისა მიერ არა ცოდოს, უკუეთუ ვინმე ებისტოლე ესე წარჩინებულად შესხმად შეჰრაცხოს მოციქულისა, რომელსა შინა იძულებულმან ძმათა სარგებელისათჳს გჳჩუენნა დაფარულნი საიდუმლონი წარმატებათა თჳსთა და ღმრთისა მიერთა მისთჳს თქუმულთა წამებათანი.

მოციქულისაჲ: უმჯობესღა უკუე და უფროჲს ვიქადი უძლურებათა შინა ჩემთა, რაჲთა დაიმკჳდროს ჩემ თანა ძალმან ქრისტესმან (12,9).

თარგმანი: ესრეთ აჩუენებს ყოველსავე შინა ნებასა თჳსსა დამორჩილებულად ნებასა ღმრთისასა, ვითარმედ: დაღაცათუ პირველ სხუებრ მენება, არამედ აწ იგი მნებავს, რომელი მიბრძანა ღმერთმან. და არა ხოლო ლიტონად მნებავს, არამედ უმჯობესცა შემირაცხიეს და ვიქადი ამას ზედა, რამეთუ ღმერთსა ესრეთ სათნო-უჩნს, რაჲთა უძლურებასა და დევნულებასა ჩემსა შინა აჩუენოს ძალი თჳსი, და რაჟამს საპყრობილეს შევიწყუდიო, მაშინ ყოს ჩემ ზედა სასწაული - განხუმაჲ კართაჲ და მოქცევაჲ მესაბყრობილისაჲ. და რაჟამს ნავი დამექცეს და ბარბაროზთა სოფლად განვითხიო, მაშინ უმრავლესნი მოვიყვანნე დიდებად ღმრთისა. და რაჟამს სამშჯავროდ წარვიდგინო შეკრული, მაშინ მძლე მექმნე მსაჯულსა, — ამისთჳს, ვითარცა რკინაჲ, უმეტეს აღილესის წდობითა ცეცხლისა მიერ, ეგრეთვე მე უბრწყინვალეს და უმკუეთელეს მყოფს ცეცხლი განსაცდელთაჲ, რაჲთა, რაოდენ უფროჲს განვიკაფო ჭირთა მიერ, ეგოდენ უსრულესად მოვიგო თანამკჳდრობაჲ ძალისა ქრისტესისაჲ.

მოციქულისაჲ: ამისთჳს სათნო-მიჩნს უძლურებათა შინა, გინებათა, ჭირთა და დევნულებათა და იწროებათა ქრისტესთჳს, რამეთუ, რაჟამს მოუძლურდე, მაშინ განვძლიერდები (12,10).

თარგმანი: აჰა ესერა თჳთვე თარგმნის ზემო თქუმულთა სიტყვათა, ვითარმედ: არა ჴორცთა უძლურება არს საწერტელი იგი, ჴურვებისა ანუ სხჳსა სენთა შემთხუევისა, არამედ უძლურებათა შინა სათნო-უჩნს გინებათა და ჭირთა, დევნულებათა და იწროებათასა, რომელნი შეემთხუეოდინ სახელისათჳს ქრისტესისა. ესე თქუა ზოგად ორთათჳსვე ერისათჳს, რაჲთა არა სირცხჳლ უჩნდეს ღუაწლთა და ჭირთა და დევნულებათა მისთა ზედა, რომელთა შინა იხილვების უმეტესი ძლიერებაჲ ღმრთისაჲ, ვითარ არა მძლავრთა, არცა მფლობელთა, არამედ დევნულთა და ტანჯულთა მიერ დაამორჩილნა კაცნი ქადაგებასა თჳსსა. და კუალად, ცრუმოციქულთა მათთჳსცა, რომელნი ყოველსავე ზედა წინააღმდგომსა ამათსა იქადდეს, — დიდებასა და შუებასა და განსუენებასა, და ამათისა არა-ქონებისათჳს შეასმენდეს მოციქულსა, ვითარცა მრავალმოღუაწესა და ყოვლად გამოჴურვებულსა.

მოციქულისაჲ: ვიქმენ უგუნურ სიქადულისათჳს, რამეთუ თქუენ მაიძულეთ მე (12,11).

თარგმანი: ეჰა გარდამატებულებასაღა სიმდაბლისასა! ესოდენნი საკჳრველებანი წარმოთქუნა, რაოდენთა არცა კაცთა სასმენელნი ღირს იყვნეს სმენად, და ჯერეთ უგუნურვე უწოდს თავსა თჳსსა, და განაცხადებს მიზეზსა, ვითარმედ: "თქუენ მაიძულეთ, რამეთუ შემეშინა; ნუუკუე ძაგებასა შინა ჩემსა ქადაგებისაცა ჩემისა გმობაჲ და ურწმუნოებაჲ შთაგითესონ ცრუმოციქულთა მათ, რომელთასა ცუდისზრახვასა არათუმცა ადვილად მიდევნებულ იყვენით თქუენ, არად საჴმარ იყვნეს ჩემდა სიტყუანი ესე სიქადულისანი".

მოციქულისაჲ: რამეთუ ჯერ-იყო, რაჲთამცა თქუენ მეწამენით მე (12,11).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: თქუენ თანა-გედვა წინააღდგომით დაჴსნაჲ სიტყუათა მათთა გმობისაჲ; ხოლო ვინაჲთგან თქუენ დაკლებულ იქმნენით ჯეროვნისაგან, ამისთჳს მე მიჴმდა აღვსებაჲ თქუენგან დაკლებულისაჲ.

მოციქულისაჲ: რამეთუ არარაჲ დავაკლდი ფრიად მოციქულთა მათ (12,11).

თარგმანი: ზემო იჭჳთ-რე თქუა, ვითარმედ: "ვჰგონებ, არარაჲთ დავაკლდი". ხოლო აწ დამტკიცებით განაჩინებს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: რამეთუ არცა ერთითა რაჲთ დავაკლდი ზეშთა სრულთა მათ მოციქულთაგან, დაღაცა-თუ უკუანაჲსკნელ მოსრულ ვარ პეტრესსა და მის თანათა მათსა, და არა ხოლო ცრუმოციქულთასა უზეშთაეს ვარ, არამედ ჭეშმარიტებისა ქადაგთა მათცა თანა სწორ ვარ.

მოციქულისაჲ: დაღათუ არარაჲ ვარ (12,11).

თარგმანი: ვინაჲთგან დიდ აღუჩნდა სიტყუაჲ იგი თავისა თჳსისათჳს, ვითარ თავთა მოციქულთა თანა შეასწორა იგი, ამისთჳს აწ განჰმართავს ესრე სახედ, რამეთუ არა იტყჳს, ვითარმედ: "უნდო ვარ ანუ შეურაცხ", არამედ, რომელი-იგი ამისსაცა უმეტეს არს, ვითარმედ: "ყოვლად არარაჲ ვარ".

მოციქულისაჲ: არამედ სასწაული იგი მოციქულისაჲვე იქმნა თქუენ შორის ყოვლითა მოთმინებითა, სასწაულებითა და ნიშებითა და ძალითა (12,12).

თარგმანი: იხილე სიმდაბლე გონებისა მისისაჲ; ვითარ მისცემდა რაჲ სასწაულსა და ხატსა თჳსისა მოციქულებისასა ყოველნი იგი პირად-პირადობანი ღუაწლთა და შრომათა თჳსთანი ერთსა სიტყუასა შინა მოკლედ შეაწყუდინა, ვითარმედ "ყოვლითა მოთმინებითა". ხოლო ღმრთისა ძლიერებანი მრავალსახედ და განვრცელებულად წარმოთქუნა: "სასწაულებითა და ნიშებითა და ძალითა", რამეთუ მისი და ყოვლისა ქადაგისაჲ ესე ოდენ არს თჳს და საკუთარ, რაჲთა ყოველი მოთმინებაჲ აჩუენოს ყოველსა შინა, ხოლო ესე ღმრთისა ნიჭი არს, რაჲთა მისცეს სასწაულები და ნიშები და ძალი. რამეთუ ამათ მიერ იქმნების ყოვლისავე ჴელმწიფებისა ქონებაჲ, კეთილის-ყოფად მორჩილთა და განშჯად ურჩთა.

მოციქულისაჲ: რამეთუ რაჲ არს, რომლითა-იგი იძლიენით უფროჲს სხუათა მათ ეკლესიათა, გარნა თუ, რამეთუ მე თჳთ არარაჲ დაგიმძიმე თქუენ? მომმადლეთ მე შეცოდებაჲ ესე (12,13).

თარგმანი: იხილე კუალად სხუაჲცა სიბრძნე ყოვლადბრძნისაჲ მის, რამეთუ რაჟამს ცრუმოციქულთა თანა-შეატყუებდეს თავსა თჳსსა, მაშინ იტყჳს: "უფროჲსღა მე", რაჲთა ყოვლად შეუტყუებელ ყვნეს იგინი თავისა თჳსისა თანა; ხოლო რაჟამს ჭეშმარიტებისა ქადაგთა და მოციქულთა ქრისტესთა თანა განიკითხვიდეს თავსა თჳსსა, დაღაცათუ უფროჲს მათ ყოველთაჲსა დაშურა, გარნა არარას უმეტესსა საზომსა ეძიებს, ოდენ არარაჲთ ნაკლულევან იყოს მათგან, არცა შესაკრებელნი მოწაფეთა მისთანი — მოწაფეთა მათთაგან. ვინაჲცა აწ კორინთელთა კითხვისსახითა ამით სიტყჳთა ამას დაუმტკიცებს, ვითარმედ: არცა ერთითა რაჲთ სხჳთა დაკლებულ არიან იგინი სხუათა მათგან ეკლესიათა და შესაკრებელთა სამოციქულოთა; თჳნიერ ერთი ესე ოდენ არს ნაკლულევანებაჲ, რამეთუ მოძღუარი არარას მიიღებს მოწაფეთაგან, რაჲთა არარაჲ დაუმძიმოს მათ, ხოლო მოწაფენი ამას ზედა მწუხარე არიან და თჳსად ნაკლულევანებად შეჰრაცხენ, რამეთუ არა იგიცა მათგან იზარდების, ვითარცა სხუანი მოციქულნი —თჳსთა მოწაფეთაგან. და ვინაჲთგან საღმრთო არს გულისკლებაჲ ესე, ამისთჳს მოციქული სიმშჳდით და სიმდაბლით ეტყჳს, ვითარმედ: მომმადლეთ მე შენდობაჲ ამის ცთომილებისაჲ, და მიითუალეთ ამის დაკლებისა წილ ესე უმეტესობაჲ, რამეთუ შორიელი, ვითარცა მახლობელი, არა დავაცადებ მოწერად და ზრუნვად და წინაგანმართვად ცთომილებისა თქუენისა.

მოციქულისაჲ: აჰა ესერა მესამედ განმზადებულ ვარ მისლვად თქუენდა, და არაჲვე დაგიმძიმო თქუენ (12,14).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: არცა ამისთჳს დავაცადებ მოსლვასა თქუენდა, რამეთუ არარას ვიჴუმევ თქუენგან. აჰა ორგზის მოსრული მესამედ-ცა განვემზადები მოსლვად თქუენდა, არა სხჳთა სახითა, ვითარმცა მაშინ არა-მიღებაჲ შევინანე აწინდელითა მიღებითა, არამედ არცა რას აწ მივიღებ.

მოციქულისაჲ: რამეთუ არა ვეძიებ თქუენსა, არამედ — თქუენ (12,14).

თარგმანი: არარას ეტყჳს მიზეზსა შემაწუხებელსა, ვითარმედ "სულმოკლებისა თქუენისათჳს არა მივიღებ", არამედ სახარულევანითა მიზეზითა დაჰჴსნის იჭუსა, ვითარმედ: "არა ვეძიებ თქუენსა რასმე (რომელ არიან საჴმარნი, მონაგებნი და სიმდიდრენი), არამედ — თქუენ. ესე იგი არს, საჴმართა წილ — სულთა, და ოქროჲსა წილ — ცხორებასა თქუენსა.

მოციქულისაჲ: რამეთუ არა შვილნი მამა-დედათა უუნჯებედ, არამედ მამა-დედანი შვილთა (12,14).

თარგმანი: რაჲთა არა თქუან მათ, ვითარმედ: ნუუკუე განრისხებით იქმს არარაჲსა ჴუმევასა მათგან, ამისთჳს უზეშთაეს საზომსა მოძღურისა და მოწაფეთასა აღიყვანა სიტყუაჲ სიყუარულისაჲ; რამეთუ თავი თჳსი დასუა ადგილსა მშობელთასა, ხოლო იგინი — შვილთასა, რომელთაჲ უეჭუელ არს ქონებაჲ რაჲსაცა არა-ჯეროვნისა გულისკლებისაჲ.

მოციქულისაჲ: ხოლო მე ჯეროვნად განვილიო და განვკფდე სულთა თქუენთათჳს (12,15).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: არა ხოლო თქუენსა არა ვიჴუმევ, არამედ საჴმარ თუ იყოს, თავსაცა ჩემსა არა ვჰრიდო წარგებად სულთა თქუენთათჳს.

მოციქულისაჲ: რაოდენ უფროჲს მიყუართ თქუენ, უმცირეს გიყუარ მე (12,15).

თარგმანი: იხილე უმეტესობაჲ საზომთა პავლესთაჲ; პირველად, რამეთუ თანა-ედვა მათ ზრდაჲ მისი, ბრძანებისაებრ ქრისტესისა, და არა იზარდების მათგან. მეორედ, რამეთუ არა სიმდიდრესა შინა იქმს ამას, არამედ ფრიადსა სიგლახაკესა და ნაკლულევანებასა. მესამედ, რამეთუ შორიელი, ვითარცა მახლობელი, ეგრეთ უქადაგებს მათ ებისტოლეებითა. მეოთხედ, რამეთუ არა ხოლო თჳთ არარას იჴუმევს მათგან, არამედ ჴორცნიღა თუ თჳსნი საჴმარ იყვნენ, არა ჰრიდებს წარგებად მათთჳს. მეხუთედ, რამეთუ ჴორცთა თანა სულსაცა თჳსსა მზა არს დადებად მათთჳს. მეექუსედ, რამეთუ ამას ჰყოფს არა ფრიად მოყუარეთა მისთათჳს. მეშჳდედ, რამეთუ არცა ერთსა რას სიყუარულისა წესსა დააყენებს სრულებით ქონებად მცირედ მოყუარეთა მათ თჳსთათჳს.

მოციქულისაჲ: იყავნ უკუე, რამეთუ მე თჳთ არარაჲ დაგიმძიმე თქუენ, რამეთუ ვიყავ მეცნიერ და ზაკუვით მოგიყვანენ თქუენ. ნუუკუე რომელი-იგი მივავლინე თქუენდა, მის მიერ მო-რაჲმე-გაანგაჰრე თქუენ? (12,16-17).

თარგმანი: კითხვისსახედ ეტყჳს მათ სიტყუათა ამათ და თჳთ მათვე მოწამედ იჴუმევს, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: თქუას ვინმე, ნუუკუე დაღაცათუ მე თჳთ არაჲ მოვიღე თქუენგან მეცნიერებით; ესე იგი არს, ღონისძიებით რაჲმე ვზაკუე, რაჲთა სხუათა ჩემ მიერ მოვლინებულთა ბირებითა მოგიყვანნე თქუენ მოცემად რაჲსმე, ვითარმცა მათსა პირსა ზედა მოცემულსა მე ვიჴუმევდი. აწ უკუე, თქუენვე თქუთ, არა ჩემთავე კუალთა შეუდგაა ამის პირისათჳს, ვინცა-იგი იყო ჩემ მიერ მივლინებული თქუენდა, ანუ მო-რაჲმე-იანგაჰრაა თქუენგან? (რამეთუ ანგაჰრებად და მოხუეჭად შეირაცხების არა ნებსითითა გულსმოდგინებითა მოცემული, არამედ იმულებითითა თხოვითა მოღებული რაჲცა). ნამდჳლვე დიდ შესმენა მათდა იყო ესე, უკუეთუ პავლეს და მოწაფეთა მისთა საზრდელი იმულებითად და არა ნებსითად მათდა შეერაცხა.

მოციქულისაჲ: ვჰლოცევდ ტიტეს და თანა-მივაყვანე ძმაჲ; ნუ მო-მე-რაჲ-გხუეჭა ტიტე? ანუ არა მითვე სულითა ვიდოდეთა? ანუ არა მათვე კუალთა შეუდეგითა? (12,18).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან ვედრებით და არა ბრძანებით წარმომევლინა თქუენდა ტიტე, არავე ცთომა იყო, ეჴუმია თუმცა რაჲმე თქუენგან, არამედ უწყი თანამოწამებითა მისდა წარმოყოლილისა ძმისაჲთა, ვითარმედ არარაჲ მოუხუეჭიეს უნებლიეთ, ნებსითითა წადიერებითა არარაჲსა მომცემელთაგან. ხოლო კუალად ამასცა მადლსა თჳსსა და მოწაფეთასა ღმრთისა მიმართვე აღიყვანებს, რამეთუ ზეგარდამოჲსა სულისა საქმე არს, რაჟამს კაცი ნაკლულევანი საჭიროჲსაცა საზრდელისაგან მოთმინებით თავს-იდებდეს სიყმილსა და არცა ერთსა რას ვისგან მიიღებდეს. ხოლო შენ იხილე, ვითარ სათნოებაჲ ესე უსასყიდლოდ სახარებისაჲ არა ხოლო თავით თჳსით წარჰმართა მოციქულმან, არამედ სხუანიცა მოციქულნი აღიბაძვნა, რომელთათჳს აწ სწორებით იტყჳს, ვითარმედ: "მითვე სულითა ვიდოდეთ და მათვე კუალთა შეუდეგით". ცხად არს, ვითარმედ ზეგარდამოჲსა მადლისათა, რომელმან განმაძლიერნა ჩუენ თავს-დებად ყოვლისავე ძჳრისხილვისა.

მოციქულისაჲ: კუალად გგონიეს, ვითარმედ თქუენ სიტყვა-გიგებთ. წინაშე ღმრთისა ქრისტეს მიერ ვიტყჳ (12,19).

თარგმანი: ყოველსავე ადგილსა ამის ებისტოლისასა ესრეთ ჰყოფს, რამეთუ აღმოჰფხურის იჭუსა მლიქნელობისასა, ვითარმედ არა უჴმს წიგნები საწამებელი, და ვითარმედ არა თავსა თჳსსა შეასწავებს, და ვითარმედ არა მათ სიტყუა-უგებს, რამეთუ რომელი წინაშე ღმრთისა ითქუმოდის ქრისტეს მიერ, შეუძლებელ არს ორგულებასა რასმე და ზაკუვასა ყოფად წინაშე განმკითხველისა მის გულთაჲსა.

მოციქულისაჲ: ხოლო ყოველივე, საყუარელნო, თქუენისა აღშენებისათჳს არს (12,19).

თარგმანი: უტყუველობისათჳს და მართლმეტყუელებისა მოწამედ ღმერთსა ხადის, ვითარმედ არა ლიქნით. შესაცთუნებელად, არამედ ჭეშმარიტებით აღსაშენებელად ძმათა იტყჳს სიტყუათა ამათ, რაჲთა განაყენნეს იგინი ცრუმოციქულთა შედგომისაგან და მხოლოდ მართლისა ოდენ ქადაგებისაჲ ასწაოს შედგომაჲ.

მოციქულისაჲ: რამეთუ მეშინის, ნუუკუე მოვიდე, და არა ვითარ-იგი მნებავს, გპოვნე, და მე გეპოვო თქუენ, ვითარ-იგი თქუენ არა გნებავს (12,20).

თარგმანი: იხილე თანალმობაჲ მამობრივი; სხუანი ცოდვენ, და პავლეს ეშინის. ხოლო მისლვისათჳს თჳსისა იჭუეულ არს ჯერეთ და არა დაუმტკიცებს, არამედ წინა-განჰმზადებს მათ, რაჲთა არა თჳსითა უწესოებისა არა-განმართვითა აიძულონ მას შემთხუევად მათდა პატიჟსა უწესოებისასა.

მოციქულისაჲ: ნუუკუე იყვნენ თქუენ შორის ჴდომაჲ და შური, გულისწყრომანი, ძჳრისზრახვანი, წვალებანი, ცუნდრუკებანი განლაღებანი, შფოთებანი (12,20).

თარგმანი: ესე არს ცხორებაჲ, არა სათნოჲ მოციქულისაჲ, რომლისა განგდებად წინა-განაკრძალებს მათ. ხოლო ჴდომა უწოდს განწჭალებულებასა მათსა, რომლისა ნაყოფ არიან შური და გულისწყრომანი. ამისსა შემდგომად, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, განრისხებაჲ რომელ არს გულისწყრომისა წარმოჩინებაჲ, რომელი, რაჟამს განცხადნეს, მიერითგან იქმნების გულძჳრობაჲ, რომლისა ნაყოფ არს ძჳრისზრახვაჲ, ჩურჩნაჲ, განსივებაჲ, დაუწყნარებლობაჲ, რამეთუ რისხვაჲ ნაშობ არს გულისწყრომისა, ხოლო თჳთ — მშობელ ძჳრისჴსენებისა, რომლისაგან იქმნების ძჳრისზრახვაჲ და ჩურჩნაჲ, და ამათგან განსივნების გული კაცისაჲ და ვერ ჰპოებს დაწყნარებასა.

მოციქულისაჲ: ნუ კუალად, მო-რაჲ-ვიდე, დამამდაბლოს მე ღმერთმან ჩემმან თქუენდა მიმართ (12,21).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ კმა არს პირველ გარდასრული მხილებაჲ და შერისხვაჲ წიგნებითა, განმმართებელად ცთომილებისა. ამისთჳს ვერიდები მოსლვად პირველ განმართვისა, რაჲთა არა პირისპირ მიჴმდეს მიჴდაჲ პატიჟისაჲ. ამის პირისათჳს გლოცავ, რაჲთა აწვე წინა-განჰმართოთ ყოველი ცთომილებაჲ, და არღარა მიჴმდეს მე მოსლვასა მას ჩემსა ვიეთმე ზედა ჩუენებაჲ ძალსა მტანჯველობისასა, რამეთუ დაღაცათუ თქუენ სიმშჳდესა — სიმდაბლედ და უძლურებად, ხოლო პატიჟის-ყოფასა სიმაღლედ და ძლიერებად ჩემდა უწოდთ, არამედ მე - წინაუკუმო — მაშინ დავმდაბლდები, რაჟამს მიბრძანოს ღმერთმან ჩემმან შჯაჲ ვიეთიმე. რამეთუ მე თჳნიერ მისსა არარაჲ ჴელმეწიფების ქმნად, არამედ სიმდაბლეცა და სიმაღლეცა — ყოველი მისითა ჴელმწიფებითა იქმნების ჩემ მიერ თქუენდა მიმართ.

მოციქულისაჲ: და ვეგლოვდე მრავალთა წინაჲსწარ შეცოდებულთა მათ და არა-შენანებულთა არაწმიდებასა მათსა ზედა, სიძვასა და სიბილწესა, რომელ ქმნეს (12,21).

თარგმანი: იხილე ცნობაჲ იგი სამოციქულოჲ, რომელსა, დაღაცათუ თავისა თჳსისადა არარაჲ ბოროტი შეუცნობიეს, სხუათა შეცოდებასა ზედა იგლოვს და ტირს. ხოლო არა ყოველთა უწოდს შეცოდებულად, არამედ მრავალთა ოდენ, და მათცა მიფარულად-რე, რაჲთა არა უმეტეს ურცხჳნო ყვნეს იგინი მხილებითა განცხადებულითა. ხოლო არაწმიდება სახელ-ედების ყოველსავე ცოდვასა, რამეთუ არარაჲ არს უბილწეს და უსაძაგელეს ცოდვისა, და უფროჲსღა მაშინ, ოდეს შეყროლდეს და დალპეს მრავალჟამეულითა მოუქცეველობითა და უნანელობითა.

მოციქულისაჲ: აჰა ესერა მესამედ მოვალ თქუენდა. პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცების ყოველი სიტყუაჲ (13,1).

თარგმანი: ორგზის მისრულ იყო და აწ მესამედ ეგულებოდა მისლვაჲ, რომლისათჳს შემოიღებს სიტყუასა საწამებელსა წიგნისაგან მეორისა შჯულისა და იტყჳს, ვითარმედ: ვითარცა-იგი მუნ განწესებულ არს, რაჲთა ორნი ანუ სამნი მოწამენი დაჰჴსნიდენ ყოველსა საეჭუსა და გამოსაძიებელსა სიტყუასა, ეგრეთვე მესამე ესე მოსლვაჲ ჩემი ჰყოფს დასასრულსა ყოვლისა დროებისა და სულგრძელებისასა, რომელ ვაჩუენე თქუენდა მიმართ, და მოაწევს პატიჟსა კადრებათა და უწესოებათასა მოქმედთა ზედა უწესოებისათა.

მოციქულისაჲ: წინაჲსწარ ვთქუ და აწცა წინაჲსწარ ვიტყჳ, ვითარცა-იგი პირისპირ მეორედ მაშინ, და აწ შორით მივსწერ წინაჲსწარ შეცოდებულთა მათდა და სხუათა ყოველთადა, რამეთუ უკუეთუ მოვიდე კუალად, არღარა ვჰრიდო (13,2).

თარგმანი: შუენიერად შეამკო აღწერილი ესე, რამეთუ ზემო სამნი მისლვანი თქუნა სამად მოწამედ, ხოლო აწ კუალად ორთა მისლვათა თანა მესამე ჰყოფს მიწერასა ამას, ვითარმედ: ორგზის მითქუამს პირისპირ, და აწ მესამედ — მიწერით. და ამათცა სამთა სარწმუნოთა მოწამეთა მიერ დაიმტკიცეთ, ვითარმედ არღარა ვჰრიდებ შეცოდებულთა მათ, უკუეთუ მერმეცა უნანელად ეგნენ-ვე-ღა, რამეთუ წინაჲსწარ თქუმაჲ და სამგზის თქუმაჲ, და არა ხოლო თჳსაგან მარტოთაჲ, არამედ წინაშე ყოველთა თქუმაჲ — კმა არს ჟამად დროებისა და სინანულისა. ხოლო შენ იხილე ჯეროვნად წინა-მზრუნველობაჲ, ვითარ შეცოდებულთა ეტყჳს, რაჲთა შეინანონ, და ყოველთა ეტყჳს, რაჲთა იგინი აქუნდენ მოწამედ, რაჟამს შეუნანებელად დადგრომილთა ზედა მოაწიოს საშჯელი, ვითარმედ უბრალო არს ტანჯვისა მისთჳს, რომელი სამგზის წინა-აუწყა მათ, ვითარმედ დაღათუ ვიდრე მოაქამდე ერიდა მათ, ვითარცა მამაჲ, აწ არღარა ერიდოს, უკუეთუ არა მოიქცენ და შეინანონ.

მოციქულისაჲ: ვინაჲთგან გამოცდასა ეძიებთ მისსა, რომელი-იგი ჩემ მიერ იტყჳს, ქრისტე, რომელი-იგი თქუენდა მიმართ არა უძლურ არს, არამედ ძლიერ თქუენ შორის (13,3).

თარგმანი: არა ამისთჳს სტანჯავს, რაჲთა გამოცდილებაჲ მისცეს მისი, არამედ ამისთჳს, რამეთუ მოუქცეველად ჰგიან ცოდვისაგან, და ამას ზედა ჰგონებენ მოციქულისათჳს, ვითარმედ არა მის მიერ იტყჳს. ამისთჳს თავსა შორის თჳსსა მეტყუელად უჩუენებს მათ ქრისტესა, რომელი-იგი დაღაცათუ ურწმუნოთა და უკურნებელთა მიმართ უძლურ საგონებელ იქმნების, რამეთუ საუკუნოდ დროებს ტანჯვასა მათსა და არა აქავე აჩუენებს ძალსა მტანჯველობისასა, არამედ "თქუენდა მიმართ" და "თქუენ შორის", ესე იგი არს მორწმუნეთა ზედა და მორწმუნეთა შორის აქავე მოაწევს ძლიერებასა თჳსსა სატანჯველად ჴორცთა, რაჲთა სული ცხონდეს. ესრეთ უკუე ყოვლად ყოველთა ზედა ძლიერისა ღმრთისაჲ ურწმუნოთა მიმართ ითქუმის უძლურ საგონებელობაჲ, რამეთუ არა აქავე უჩუენებს მათ ძალსა მტანჯველობისასა, ვითარცა საუკუნოდ ტანჯვად დამარხულთა, ხოლო ჩუენდა მომართ და ჩუენ შორის, მორწმუნეთა, მარადის ცხად ჰყოფს ძლიერებასა მტანჯველობისასა, რაჲთა აქავე ტანჯვითა საუკუნოდ ტანჯვისაგან გჳჴსნნეს.

მოციქულისაჲ: რამეთუ დაღაცათუ ჯუარს-ეცუა უძლურებით (13,4).

თარგმანი: უძლურება ეწოდების სნეულებასა ჴორცთასა. და კუალად, უძლურება ითქუმის მცირედმორწმუნეობაჲ, რომლისათჳს გუამცნებს მოციქული, ვითარმედ: "უძლური იგი სარწმუნოებითა შეიწყნარეთ" (). და კუალად, უძლურება ეწოდების შემთხუევასა განსაცდელთასა, რომლისათჳს იტყჳს, ვითარმედ: "ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ-იქმნების, და "ამისთჳს სათნო-მიჩნს უძლურებათა შინა". და თჳთვე თარგმნის: ესე იგი არს გინებათა შინა, დევნულებათა და ჭირთა, ვინაჲცა ამათ სამთა სახეთაგან უძლურებისათა მესამითა ამით უძლურებითა ჯუარს-ეცუა უფალი ჩუენი, რამეთუ თავს-იდვა განცემაჲ, გინებაჲ, ბასრობაჲ და ყუედრებაჲ. გინათუ ესრეთცა ვთქუათ, ვითარმედ: ვითარ-იგი სხუასა ადგილსა იჭჳსა მისებრ წარმართთაჲსა სულელად ღმრთისა უწოდა ჯუარსა და უძლურად ღმრთისა. ეგრეთვე აქა, იჭჳსაებრ ურწმუნოთაჲსა, იტყჳს უძლურებით ჯუარცუმასა მისსა, რომელმან-იგი ძლიერებითა ჯუარცუმისაჲთა მოაოჴრა სიკუდილი და ჯოჯოხეთი.

მოციქულისაჲ: არამედ ცხოველ არს ძალითა ღმრთისაჲთა (13,4).

თარგმანი: გესმეს რაჲ ძალი ღმრთისაჲ განმაცხოველებელად ჴორცთა მხოლოდშობილისა ძისათა, გულისჴმა-ყავ, ვითარმედ თჳთ იგი თავადი ქრისტე არს ძალ ღმრთისა მამისაჲ, რომელი-იგი სამ დღე აღადგენს დაჴსნილსა მას ტაძარსა ჴორცთა თჳსთასა, ვინაჲცა ღმრთეებით ერთ არს მოქმედებაჲ წმიდისა სამებისაჲ. ამისთჳს ერთისა გუამისა საქმესა ზოგად და განუყოფელად იტყჳს მოციქული სამგუამოვნისა და ერთარსისა წმიდისა სამებისად, ვითარცა თჳთ თავადი ჴმობს მამისა მიმართ, ვითარმედ: "ჩემი ყოველი შენი არს და შენი — ჩემი არს" ().

მოციქულისაჲ: და რამეთუ ჩუენცა უძლურ ვართ მისსა მიმართ, არამედ ვცხონდეთ მის თანა ძალისაგან ღმრთისა თქუენითურთ (13,4).

თარგმანი: აჰა ესერა თჳთვე თარგმნის, თუ რომელსა უძლურებასა იტყჳს მიზეზად ჯუარცუმისა უფლისა. ცხად არს, ვითარმედ —დევნულებათა და ჭირთა, გინებათა და ბასრობათასა, ვითარმედ: ვითარ-იგი მას თავადსა არაჲ დამაყენებელ ექმნა ესევითარითა ამით უძლურებითა სიკუდილი, ადდგოძად და ძლიერებით ცხოველ ყოფად, ეგრეთვე ჩუენ, მოციქულთა მისთა, არა დამაყენებელ გუექმნას მისსა მიმართი ესე უძლურებაჲ, რომელ არს სახელისა მისისათჳს შემთხუევაჲ ჭირთა და დევნულებათაჲ, მის თანა ცხორებად, ძალითავე მისითა, რაჲთა, ვითარცა-ესე ვეზიარენით ვნებათა, ვეზიარნეთ დიდებასაცა. და ესე — თქუენითურთ, რაჲთა აქა დაუყენებელად გიქადაგებდეთ სიტყუათა ცხორებისათა, და მერმესა მას ზოგად ვცხონდეთ მის მიერ.

მოციქულისაჲ: თავნი თჳსნი გამოიცადენით, უკუეთუ ხართ სარწმუნოებასა შინა. თავნი თჳსნი განიკითხენით. ანუ არა უწყნითა თავნი თჳსნი, რამეთუ იესუ ქრისტე თქუენ შორის არს? გარნა თუ გამოუცდელ რაჲმე ხართ (13,5).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: რაჲსა გეტყჳ და დაგიმტკიცებ ჩემ მოძღურისათჳს, ვითარმედ ქრისტე ჩემ შორის არს, და მის მიერ ვიტყჳ და ვიქმ ყოველსავე, არამედ თჳთ თქუენ შორისცა, მოწაფეთა ჩემთა, გიჩუენო ესე, ვითარმედ ქრისტე თქუენ შორის არს, უკუეთუ ოდენ გაქუს სარწმუნოებაჲ და არა ყოვლად უმეცარ ხართ თავთა თქუენთა, გამოუცდელობითა გონებისაჲთა. სარწმუნოებად უკუე აქა მას უწოდს, რომლისათჳს მოციქულნი ეტყოდეს უფალსა: "შემძინე ჩუენ სარწმუნოებაჲ" (), ცხად არს, ვითარმედ — სასწაულთა მოქმედებისაჲ, რომლისათჳს-იგი თავადი ეტყჳს, ვითარმედ: "გაქუნდეს თუ სარწმუნოებაჲ ჰრქუათ მთასა" () და შემდგომი. ხოლო ამას სარწმუნოებასა შესძენს მოქმედებაჲ კეთილთა საქმეთაჲ, რომელთა არა-ქონებასა აწ გამოუცდელობა უწოდს მოციქული, რამეთუ გამოცდილება არს სარწმუნოებასა თანა მოქმედებაჲ კეთილთა საქმეთაჲ. ვინაჲთგან, შეუდგეს რაჲ დასაბამსა შჯულთა მართლმორწმუნეობისასა, გამოცდილებაჲ კეთილთა საქმეთა მოქმედებისაჲ მიანიჭებს მუშაკსა თჳსსა სარწმუნოებასა მასცა სასწაულთა მოქმედებისასა.

მოციქულისაჲ: ხოლო ვესავ, ვითარმედ სცნათ, რამეთუ ჩუენ არა ვართ გამოუცდელ (13,6).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: გიჴმდა, რაჲთამცა ნიშთა და სასწაულთაგან, რომელ ექმნენ თქუენ შორის, გეცნა არა-გამოუცდელობაჲ ჩემი, და ვითარმედ ქრისტე ჩემ შორის არს. ხოლო აწ ვესავ, ვითარმედ ძალისაგან მტანჯველობისა მიცნათ, ვითარმედ არა ვარ გამოუცდელ.

მოციქულისაჲ: ხოლო ვილოცავ ღმრთისა მიმართ, რაჲთა არარაჲ ბოროტი გიყოს თქუენ, რაჲთა არა ჩუენ გამოცდილად გამოვჩნდეთ, არამედ რაჲთა თქუენ კეთილი ჰქმნეთ. ხოლო ჩუენ ვითარცა გამოუცდელნი ვიყვნეთ (13,7).

თარგმანი: იხილე ცნობაჲ ყოვლად ბრძნისაჲ მის. იკიცხებოდა, იყუედრებოდა და შეურაცხ იქმნებოდა, ვითარცა წიგნებითა მძიმე, ხოლო პირისპირ — მდაბალი. და ესე მათგან, რომელნი აიძულებდეს მას გარე-მიქცევითა სიმშჳდისაჲთა ჩუენებად მათ ზედა ძალსა მტანჯველობისასა. ხოლო იგი არა ხოლო სიმდაბლით თავს-იდებს, არამედ ილოცავს-ცა ღმრთისა მიმართ, რაჲთა არარაჲ ბოროტი უყოს მეძიებელთა ამის გამოცდილებისათა; და უმჯობეს უჩნს, რაჲთა მას დაესაჯოს მათგან გამოუცდელობაჲ, ოდენ ხოლო იგინი მოიქცენ სინანულად, და ესრეთ კეთილი ეყოს, განრომითა პატიჟთა შემთხუევისაჲთა. ხოლო კეთილად იტყჳს: "ვითარცა გამოუცდელნი", რამეთუ არა ჭეშმარიტებით მას უწოდიან გამოუცდელ, რომელი სულგრძელებდეს და არა მყის მიჰჴდიდეს პატიჟსა ცთომისასა, სასოებითა მოქცევისაჲთა, რომელი-ესე არს ჭეშმარიტად გამოცდილ; არამედ მას უწოდიან და არს-ცა გამოუცდელ, რომელი პირველ მხილებისა და სწავლისა სიფიცხით სტანჯვიდეს შეცოდებულთა. ამისთჳს სხჳსა სხუებრ სახელის-დებასა მათისაებრ სიტყჳსა უწოდს ვითარცა გამოუცდელ, მას, რომელი-იგი ჭეშმარიტად გამოცდილ არს.

მოციქულისაჲ: რამეთუ არა ჴელ-გუეწიფების ჭეშმარიტებისა ძჳრის-სიტყუად, არამედ ჭეშმარიტებისა კერძო (13,8).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: რამეთუ ვერ ძალ-გჳც ჭეშმარიტებასა ზედა, არამედ ჭეშმარიტებისათჳს. ესე იგი არს, რამეთუ აღიარებს სიმდაბლითა გონებისაჲთა, ვითარმედ, უკუეთუ მოიქცეთ და შეინანოთ, არა თუ მე რასმე მიგმადლებ თანა-წარჴდასა პატიჟისასა, არამედ თჳთ თავადი ჭეშმარიტებაჲ, შემწყნარებელი იგი მონანულთაჲ, და არღარა მიმჴდელი პატიჟსა ცოდვისაგან მოქცეულთასა. ვინაჲცა მე, დაღათუ ვინებო, რაჲთა თავისა განმართლებისათჳს გტანჯნე, და გიჩუენო, ვითარმედ ძალ-მიც ყოფად ესე, არამედ შეუძლებელ არს ჩემგან ქმნაჲ მისი, რომელი წინააღმდგომ იყოს მისსა, და არა თანამოქმედ ჩემდა იყოს თჳთ იგი თავადი ჭეშმარიტებაჲ, არამედ ჭეშმარიტებისათჳს ყოველსავე მას ვიქმ, რაჲცა-იგი სათნო იყოს მისსა.

მოციქულისაჲ: რამეთუ გჳხარის, რაჟამს ჩუენ უძლურ ვიყვნეთ, ხოლო თქუენ ძლიერ იყვნეთ (13,9).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვთქუ რაჲ მორჩილებაჲ ჭეშმარიტებისაჲ, ნუ გგონიეს, ვითარმედ იძულებით ვიქმ მას; არამედ ნებსით მხიარულ ვარ, რაჟამს თქუენ განსძლიერდეთ სინანულითა, მოიქცეთ რაჲ უძლურებისაგან ცოდვათაჲსა და განერნეთ მის ძლით თქუენ ზედა მოწევნადისა ტანჯვისაგან, დაღაცათუ თქუენ უძლურებაჲ დამასაჯოთ, ვითარცა ვერ-შემძლებელსა ტანჯვად თქუენდა.

მოციქულისაჲ: რამეთუ ამასცა ვილოცავ, თქუენსა დამტკიცებასა (13,9).

თარგმანი: ესე კუალად — უმეტესი საზომი წყალობისა მათისაჲ, რამეთუ არა ხოლო ჰნებავს და უხარის, არამედ ილოცავს-ცა დამტკიცებასა მათსა; ცხად არს, ვითარმედ — ჯერეთ შერყეულთა და არღა დამტკიცებულთასა.

მოციქულისაჲ: და ამისთჳს ამას შორით მივსწერ, რაჲთა არა მო-რაჲ-ვიდე, თუალ-უხუავად ვიჴუმიო ჴელმწიფებისა მისებრ, რომელ მომცა მე უფალმან აღსაშენებელად და არა დასარღუეველად (13,10).

თარგმანი: ვინაჲთგან ფრიად მხილებით ეზრახა მათ ყოველსავე ამას შინა და უფროჲსღა დასასრულსა ებისტოლისასა, აწ მიზეზსაცა ეტყჳს მხილებისასა, ვითარმედ: ამისთჳს განვაფიცხენ სიტყუანი, რაჲთა წიგნი ესე ოდენ კმა იყოს განმართებად ცთომილებათა თქუენთა, და არცა ერთიღა მიჴმდეს პირისპირ მოსრულსა თუალ-უხუაგად ჴუმევაჲ საშჯელისაჲ, რომელ არს მიჴდაჲ პატიჟისაჲ, რომლისა ქმნად ჴელ-მეწიფების ბრძანებითა უფლისაჲთა, ხოლო ნუ გიკჳრს, ვითარ აღსაშენებელ, და არა დასარღუეველ, უწოდს ტანჯვასა შეცოდებულთასა, რომლითა თჳთ მოქმედნი იგი ბრალისანი იტანჯვიან ჴორცითა, რაჲთა სული ცხონდეს და კუალად მხედველნი დაშჯისა მათისანი განეკრძალებიან არა-ცოდვად შიშითა პატიჟისა მიჴდისაჲთა.

მოციქულისაჲ: ამიერითგან, ძმანო, გიხაროდენ (13,11).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო საშინელ ყო სიტყუაჲ თჳსი, აწ ნუგეშინის-სცემს, ვითარმედ: ამიერითგან, ვინაჲთგან მე ჩემი მიქმნიეს მხილებაჲ და შერისხვაჲ, ყავთ თქუენ თქუენიცა და განიხარეთ მოქცევითა და განმართვითა ცთომილებისაჲთა.

მოციქულისაჲ: განმტკიცენით, ნუგეშინისცემულ , ნუგეშინის-სცემდით (13,11).

თარგმანი: განმტკიცება არს, რაჟამს ბოროტად შერყეული უწესოებითა, კეთილად დაემტკიცოს წესიერებითა. ხოლო "ნუგეშინისცემულ ნუგეშინის-სცემდითისასა" ესე უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ნუგეშინისცემულ იქმნენით; რამეთუ, ვინაჲთგან მრავალ იყვნეს განსაცდელნი, ამისთჳს ეტყჳს, რაჲთა ყოვლად ნუგეშინისცემულ იქმნნენ, გარეშე თავსდებითა ჭირთაჲთა და შინაგან განმართვითა ცთომილებისაჲთა და აღვსებითა ნაკლულევანისაჲთა, რამეთუ დიდი ნუგეშინის-ცემაჲ არს, რაჟამს კაცმან განკურნოს მხილებაჲ სჳნიდისისაჲ

მოციქულისაჲ: მასვე ზრახევდით, მშჳდობასა ჰყოფდით (13,11).

თარგმანი: მასვე ზრახვა არს ერთნება ყოფაჲ, რამეთუ, რაჟამს არა ერთნება იყვნენ, განწვალებულ და დაუმშჳდებელ არიან. ხოლო რაჟამს ერთნება იქმნნენ, მაშინ შფოთი განუქარვებიეს და მშჳდობისმყოფელ-ქმნილ არიან.

მოციქულისაჲ: და ღმერთი მშჳდობისა და სიყუარულისაჲ იყავნ თქუენ თანა (13,11).

თარგმანი: ღმერთ მშჳდობისა ეწოდების ღმერთსა, რომელმან მშჳდობა ყო შორის ცათა და ქუეყანისა, ხოლო სიყუარულის — რამეთუ მან თავადმან შემიყუარნა ჩუენ, განდგომილნი ესე და მტერ-ქმნულნი, და უკუეთუ ჩუენცა ვიყუარებოდით და მშჳდობასა ვჰყოფდეთ ურთიერთას, იგი თავადი ჩუენ შორის არს.

მოციქულისაჲ: მოიკითხევდით ურთიერთას ამბორის-ყოფითა წმიდითა (13,12).

თარგმანი: არს უკუე ზაკუვითცა ამბორის-ყოფაჲ, ვი-თარ-იგი იუდაჲსი ქრისტეს მიმართ, და კუალად, ვიეთგანმე ვნებულითაცა გულისსიტყჳთა ჴორცთა ტრფიალებისაჲთა იქმნების ესე. ამისთჳს ორისავე ამისგან განკრძალულსა ეწოდების წმიდა, რაჲთა უწყოდით, ვითარმედ სახედ სულიერისა სიყუარულისა მოცემულ არს ჩუენდა ურთიერთას ამბორის-ყოფაჲ, რაჲთა ესრეთ ამბორს-უყოფდეთ, ვითარცა მშობელნი შვილთა, და ვითარცა ძმანი —ძმათა, რამეთუ, ვინაჲთგან ვართ ტაძარ ქრისტესსა, ამისთჳს ბაგითა ამბორს-უყოფთ ურთიერთას, ვითარცა თჳთ ბჭეთაცა ამათ საუფლოჲსა ტაძრისათა, რამეთუ პირისა მიერ და ბაგეთა მოვიღებთ ზიარებასა ქრისტეს საიდუმლოთასა, რომლითა იქმნების მკჳდრობაჲ მისი ჩუენ შორის, და ამით გულისჴმის-ყოფითა ჯერ-არს ურთიერთას ამბორის-ყოფაჲ, რაჲთა უზაკუველ იყოს სიყუარული იგი და წმიდა, ვითარცა მშობელთაჲ შვილთა მიმართ და ვითარცა ძმათაჲ ძმათა მიმართ, და რაჲთა ვითარცა ბჭეთა საუფლოჲსა ტაძრისათა, ესრეთ შიშით და კრძალულებით შევეხებოდით ბაგეთა მოყუსისათა.

მოციქულისაჲ: გიკითხვენ თქუენ წმიდანი ყოველნი (13,12).

თარგმანი: მახლობელთა ამბორის-ყოფითა შეაერთებს, ხოლო შორიელთა — კითხვითა, რამეთუ მისვე პირისაგან გამოვალს კითხვაჲ და მითვე იქმნების ამბორის-ყოფაჲ, და ორივე ესე — წმიდათაგან წმიდათა მიმართ, რაჲთა არარაჲ იყოს მზაკუვარებაჲ საეშმაკოჲ.

მოციქულისაჲ: მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, და სიყუარული ღმრთისა და მამისაჲ, და ზიარებაჲ სულისა წმიდისაჲ - თქუენ ყოველთა თანა. ამენ (13,13).

თარგმანი: ვინაჲთგან ზოგად ყოველნი შეაერთნა ურთიერთას, ამისთჳს აწ ჩუეულებისაებრითა სიტყჳთა დაჰბეჭდავს ებისტოლესა ამას, და ულოცავს მათ მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომელმან-იგი არა საქმეთაგან განმამართლნა, არამედ მადლით მოტევებითა პირველთა ცოდვათაჲთა, რაჟამს ნებსით დაიკლა ჩუენთჳს; და სიყუარულითა ღმრთისა მამისაჲთა, რომელმან-იგი ესოდენ შემიყუარნა ჩუენ, რომელ მხოლოდშობილი ძე თჳსი მისცა ჩუენთჳს; და ზიარებითა სულისა წმიდისაჲთა, რომლისა მიერ წმიდა ვიქმნებით და განვცხოველდებით. აჰა ესერა, ზოგად სამგუამოვნებისა ერთობითა არსებისაჲთა დაჰბეჭდა სიტყუათა თჳსთა, რაჲთა არცხჳნოს მათ, რომელნი-იგი ადგილ-ადგილ თითოეულისა მათგანისა მოჴსენებისათჳს შემოიღებენ წვალებასა, ვითარმედ, ვინაჲთგან დასაბამსა ებისტოლეთასა არა აჴსენებს მოციქული მამისა და ძისა თანა სულსა წმიდასა, არა სადმე მისვე არსებისაგანი არს, რომელი-ესე აწ დაჰჴსნა ზოგად სამთავე მოჴსენებითა, რაჲთა ჭეშმარიტ იყოს გულისჴმის-ყოფაჲ ჩუენ მართლმადიდებელთაჲ, რომელ ვიტყჳთ, ვითარმედ: სადაცა ერთი სამგუამოვნებისაგანი აჴსენოს მოციქულმან, ზოგად სამებისა წმიდისა ქადაგებასა განაცხადებს, რამეთუ, სადაცა იყოს ერთი განუყოფელთა მათგანი, ორნიცა იგი მუნ იხილვებიან საცნაურითა თუალითა გონებისაჲთა. ამისთჳს, კოლასელთა რაჲ მიუწერდა, მამაჲ ოდენ აჴსენა და ძისათჳს დაიდუმა და კუალად, კორინთელთა ეტყჳს: არამედ განიბანენით, არამედ განსწმდით სახელითა უფლისა იესუჲსითა და სულითა ღმრთისა ჩუენისაჲთა. აქა კუალად ძესა და სულსა იტყჳს, რაჲთა შენ უწყოდი, ვითარმედ ერთისა მოჴსენებითა სამთავე გჳჩუენებს და ერთარსებასა ქადაგებს, და სამთა მოჴსენებითა — სამგუამოვნებასა გუაუწყებს, ვითარმედ: ყოველივე ღმრთეებით ქმნილი — ერთ არს და სწორ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, სამგუამოვნებისა შეურევნელისა და ერთღმრთეებისა განუყოფელისაჲ. მისსა დიდებაჲ აწ და ყოველთა საუკუნეთა უკუნისამდე, ამენ.