მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი თ̂. წუევაჲ მიცემისათჳს საჴმარსა წმიდათასა, და პატივისათჳს, რომელი მისთჳს მოცემად არს, რომელსა შინა იტყჳს ტიტეს წარვლინებისათჳს მათდა მიმართ და სხუათა ვიეთმე წარჩინებულთა მის თანა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: ხოლო გაუწყებ თქუენ, ძმანო, მადლსა მას ღმრთისასა, რომელი მოცემულ არს ეკლესიათა მაკედონიაჲსათა (8,1).

თარგმანი: ფრიად რაჲმე სიბრძნით ჰყოფს, რამეთუ არა მხილებისა მიერ და სიფიცხისა იწყებს სწავლად, არამედ შესხმისა სიტყუათა მიერ წადიერ ჰყოფს მათ მოწყალებისა მიმართ, და მადლად ღმრთისა უწოდს მას, რამეთუ ჭეშმარიტად, ვითარცა მადლი კურნებათაჲ, ეგრეთვე ესეცა ღმრთისა მიერი მადლი არს, რაჲთა იყოს კაცი მოწყალე. ხოლო ამის ესევითარისა სათნოებისა სახედ მოართუამს ეკლესიათა, რომელ არიან შესაკრებელთა მაკედონიაჲსათა, რამეთუ არა ერთსა ვისმე მათგანსა, არამედ ზოგად ყოველთა აქებს ამის სათნოებისა წარმართებისათჳს.

მოციქულისაჲ: რამეთუ მრავალმან მან გამოცდილებამან ჭირისამან და უმეტესმან სიხარულმან მათმან და დიდძალმან სიგლახაკემან მათმან გარდაჰმატა სიმდიდრესა მას უხუებისა მათისასა (8,2).

თარგმანი: იხილე მრავალსახე ესე თხზულებაჲ ქებისა მათისაჲ, ვითარ ესოდენ იყო სიმრავლე ჭირთა მათთაჲ, ვიდრეღა მიმყოვრებითა ჟამისაჲთა მისცა მათ უმეტესი გამოცდილებაჲ მოთმინებით თავს-დებად ჭირთა, რაჲთა არღარა შეუწუხებელად ოდენ, არამედ გარდამეტებულითა მხიარულებითა იყოფოდინ მათ შინა; და ვითარ-იგი ჭირმან სიხარული შვა, ეგრეთვე დიდძალმან მან სიგლახაკემან რომელი შემთხუეულ იყო მათდა თჳსთა ნათესავთაგან იავარყოფითა ნაქონებთაჲთა, გარდაჰმატა სიმდიდრე უხუებისა მათისაჲ, რამეთუ არა სიმრავლითა მისაცემელთაჲთა იქმნების უმეტესობაჲ მოწყალებისაჲ, არამედ სიმდიდრითა გონებისა უხუებისაჲთა.

მოციქულისაჲ: რამეთუ მსგავსად ძალისა მათისა ვეწამები, და უფროჲს ძალისაცა ნებსით თჳსით. მრავლითა ვედრებითა მადლსა მას და ზიარებასა მსახურებისასა წმიდათა მიმართ (8,3-4).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: რამეთუ ძალისაებრ ვეწამები, და ზეშთა ძალისაცა უმეტესად. ფრიადითა ვედრებითა გუევედრნეს ჩუენ მადლსა მას და ზიარებასა წმიდათა მსახურებისასა მიღებად ჩუენგან. ესე იგი არს, ვითარმედ: არა ჩუენ უბრძანეთ, არამედ მათ თჳთ გამოითხოვეს ჩუენგან ფრიადითა ვედრებითა, რაჲთა განუჩინოთ მათ საქმედ მსახურებაჲ წმიდათაჲ, რომელი-იგი ნამდჳლვე ამისთჳს უფროჲს საწადელ არს, რამეთუ მადლი არს ზეგარდამოჲ, და არა მიცემაჲ ოდენ, არამედ თანაზიარებაჲ; ვინაჲთგან მიცემითა საჴმართაჲთა თანა-ეზიარები ლოცვათა და მადლსა მათსა.

მოციქულისაჲ: და არა ხოლო ვითარ-იგი ვესევდით, არამედ თავნი თჳსნი მისცნეს, პირველად უფალსა და მერმე ჩუენ, ნებითა ღმრთისაჲთა (8,5).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: რაოდენ-იგი არაჲ მოსალოდებელ იყო ესოდენ უღონოთა მათგან ყოვლად მოცემაჲ რაჲსაჲცა, ესოდენ მდიდრად შეწირეს, ვიდრეღა არა დაიშთინეს განყოფით კერძოჲ ღმრთისა, და კერძოჲ სოფლისა საქმეთა საჴმრად, არამედ ყოვლითურთ თავნი თჳსნი შეწირნეს ღმრთისა სრულებით, და ჩუენდა შესაწირავ იქმნნეს, არა ცუდად-რაჲმე, არამედ ნებითა ღმრთისაჲთა, რაჟამს ყოველივე სათნოდ მისსა ყვეს.

მოციქულისაჲ: რაჲთა ვჰლოცვიდეთ ჩუენ ტიტეს, რაჲთა ვითარცა-იგი წინაჲსწარ იწყო, ეგრეთვე აღასრულოს თქუენდა მიმართ ესეცა მადლი (8,6).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან ვიხილე ესოდენი იგი წარმატებაჲ მათი, ამის მიზეზისათჳს ვევედრე ტიტეს მოსლვად თქუენდა, რაჲთა გულსმოდგინე გყვნეს არარაჲთ უდარეს ყოფად მაკედონელთასა, და ამით სახითა პირველ დაწყებული იგი მადლი თქუენდა მომართ მოსლვისაჲ უმეტესად სრულ ყოს. ხოლო პირველ დაწყებითა უმეტეს განუცხადებს მათ სიყუარულსა ტიტესსა ვითარმედ: "მან წინა-მისწრო ჩუენ და გულს-იდგინა წარმოსლვად თქუენდა მიმართ, რაჲთა ჯეროვნად აღგძრნეს არა უდარეს ყოფად მაკედონელთა. ხოლო ჩუენ ამას ოდენ ვევედრენით, რაჲთა წინადაწყებული იგი გულსმოდგინებაჲ თჳსი თქუენდა მიმართ სრულ-ყოს, სრულ-ყოფითა ამისცა მადლისაჲთა; რამეთუ ყოველსა ადგილსა მადლად უწოდს მოწყალებასა, ვითარცა ნიჭსა ზეგარდამოსა.

მოციქულისაჲ: არამედ ვითარცა-იგი ყოველსა შინა წარემატებით - სარწმუნოებითა და სიტყჳთა და მეცნიერებითა და ყოვლითა მოსწრაფებითა (8,7).

თარგმანი: ამათცა სიტყუათა მიერ შესხმისათა უმეტეს გულსმოდგინე ჰყოფს მათ საქმედ კეთილისა, რამეთუ წარმატებულებაჲ თქუა სიმდიდრისათჳს სათნოებათა მათთაჲსა, ვითარ-იგი უნაკლულო იყვნეს სარწმუნოებითა უფლისა მიმართ, სიტყჳთა სიბრძნისაჲთა და მეცნიერებითა შჯულთა საღმრთოთაჲთა და მოსწრაფებითა ყოველსა შინა საქმესა კეთილსა.

მოციქულისაჲ: და ჩუენ მიერითა მით თქუენ შორის სიყუარულითა (8,7).

თარგმანი: უსაკუთრეს არს: და თქუენ მიერითა მით ჩუენდა მომართ სიყუარულითა; რამეთუ ყოველთა სათნოებათა მათთა თანა და თავისა თჳსისა მომართცა ქონებულსა სიყუარულსა მათსა აღჰრაცხს, რამეთუ დაღაცათუ ვერ ეგოდენ სწორად, რაოდენ მოციქულსა — იგინი, არამედ ეგრეთცა ფრიადი სიყუარული აქუნდა მისსა მიმართ.

მოციქულისაჲ: რაჲთა ამითცა მადლითა აღემატნეთ (8,7).

თარგმანი: კუალადცა მადლად უწოდს მოწყალებასა, რომლისაჲ ჰნებავს, რაჲთა კორინთელთა გარდაჰმატონ უფროჲს მაკედონელთა, ვითარცა უმდიდრესთა უგლახაკესთასა.

მოციქულისაჲ: არა თუ ბრძანებით გეტყჳ, არამედ, სხუათა მოსწრაფებისათჳს, თქუენისა მისცა სიყუარულისა გულითადობასა გამოვიცდი (8,8).

თარგმანი: ვინაჲთგან ფრიად ასწავა მოწყალებისათჳს და დიდად აქნა მაკედონელნი, რაჲთა არა სამძიმარ უჩნდეს მათ, ამისთჳს განჰკურნებს გულთა მათთა; არა ფლობით, არცა იძულებით ბრძანებითა, არამედ მებრვე ამისთჳს, რაჲთა სხუათა ქებითა იგინი უმეტესად აღაბაძვნეს და უმეტესობაც საქმისაჲ ყოს უფროჲს გამოსაჩინებელ სიყუარულისა გულითადისა.

მოციქულისაჲ: რამეთუ იცით მადლი იგი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რამეთუ თქვენთჳს დაგლახაკნა მდიდარი იგი, რაჲთა თქუენ მისითა მით სიგლახაკითა განჰმსდიდრდეთ (8,9).

თარგმანი: მადლად უწოდს, რამეთუ ჩუენ უმადლოთა და განმარისხებელთა მისთათჳს ესოდენ გარდაჰმატა მადლი თჳსი, ვიდრეღა მამულისა დიდებისა და სიმდიდრისაგან დაუკლებელად თავი თჳსი დააგლახაკა მიღებითა ჴორცთა ამათ სიგლახაკისა ჩუენისათაჲთა, რომლითა დაისაჯა და ჯუარს-ეცუა, რომელი-ესე უმეტეს დასაშჯელ არს ჩუენდა, უკუეთუ მან თავი თჳსი სიკუდიდ მისცა, რაჲთა განმამდიდრნეს ღმრთეებითა, ხოლო ჩუენ მის მიერ მოცემულთა ამათვე საფასეთაგან არა მივსცემდეთ მას.

მოციქულისაჲ: და ამისთჳს ვაზრახებ, რამეთუ ესე უმჯობეს არს თქუენდა (8,10).

თარგმანი: ესოდენი სახე წინა-დამიც თქუენდა, არამედ არავე გაიძულებ, თჳნიერ ვაზრახებ; ხოლო გაზრახებ მიცემასა ქველისსაქმისასა; არა თუ მიმღებელთა მათ, არამედ თქუენ მიმცემელთა უმჯობესისათჳს, რაჲთა ზოგს-რაჲმე გარდაიჴადოთ თანანადები მისი, რომელი-იგი ღმერთი იყო უხილავი, მოუგონებელი და გამოუთქუმელი, გარეშეუწერელი და მიუწდომელი, ნათელი მიუთხრობელი და დიდებაჲ შეუმსგავსებელი, და ჩუენთჳს ხატადმდე მონებისა დაგლახაკნა, რამეთუ არათუმცა იგი დაგლახაკებულ იყო, ჩუენ ვერ განვმდიდრდებოდეთ. ხოლო განვმდიდრდით მოტევებითა ცოდვათაჲთა, განწმედითა და შვილებითა, თჳთ მით სასუფეველითა ზეცათაჲთა. ამის ყოვლისა კეთილისა მომატყუებელი თჳთ იგი თავადი არს, რომელი აწ ითხოვს შენგან მცირესა ქველისსაქმესა; არა ცუდად, არცა პირველთა მათ ქველისსაქმეთა ოდენ გარდასაჴდელად, არამედ სასუმლისათჳსცა წყლისა გეტყჳს, ვითარმედ: არა წარგიწყმდეს სასყიდელი შენი.

მოციქულისაჲ: რომელთა-ეგე არა ხოლო თუ ყოფად, არამედ ნებადცა წინაჲსწარ იწყეთ შრანდითგან, ხოლო აწ ესერა ყოფადცა აღასრულეთ (8,10-11).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო აწ ქმნაჲ არს დასაბამ ქველისსაქმისა თქუენისა, რაჲთამცა ჩუენგან იძულებულად შეირაცხა, არამედ შრანდითგან თჳთაღრჩევით გიწყიეს ნებებად საქმისა ამის. მხოლოდ ნებაჲ იგი საქმით სრულ-ყავთ აწ, რაჲთა მსგავსად მაკედონელთაჲსა თქუენცა თჳთდამწყებელ იქმნეთ ნებისა კეთილისა ნებებითა მით შრანდლითა. ხოლო აწ აღმასრულებელ ზრახებითა ჩუენითა, რამეთუ წინაჲსწარ დაიწყებაჲ ამას მოასწავებს, ვითარმედ: პირველ ჩუენისა წუევისა თჳთ გულსგედვა ქმნაჲ ამისი, რასა-ესე აწ ჩუენ გაწუევთ.

მოციქულისაჲ: რაჲთა ვითარცა-იგი გულსმოდგინებაჲ ნებისათჳს ეგრეთცა აღსრულებაჲ — მისგან, რომელი-იგი გაქუს (8,11).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: რაჲთა არა გულსმოდგინებამდე ოდენ დადგეს წადილი თქუენი, ამისთჳს გლოცავ, ვითარცა-იგი გულსმოდგინებაჲ თჳთ ჰყავთ თჳთმფლობელისა ნებისაგან; ეგრეთვე სრულებაჲ საქმისაჲ თჳთვე ყავთ კაცად-კაცადმან ძალისაებრ მისგან, რომელი-რაჲ გაქუს, არა თუ — რომელი არა გაქუს; და ნუ ჰმიზეზობთ არა-ქონებასა, რამეთუ ვითარცა გულსმოდგინებაჲ არა გარეთ შემოვალს, არამედ შინაგან თჳსისაგან ნებისა იშვების, ეგრეთვე აღსრულებაჲ გულსმოდგინებისაჲ მის არა მისგან იძიების, რომელი არა ვის ძალ-ედვას, არცა აქუნდეს, არამედ მისგან, რომელი ძალ-ედვას ვის და აქუნდეს.

მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ გულსმოდგინებაჲ იგი წინა ძეს, რაჲცა-იგი ვის აქუს, შეწირულ არს, არა რომელი-იგი არა აქუს (8,12).

თარგმანი: ესე არს ძალი სიტყუათაჲ ამათ, ვითარმედ: არარას ძალისა უმეტესსა ეძიებს ღმერთი, არამედ ნებებასა კეთილისასა მდიდრად, რომელი-ესე ყოველსა ძალ-უც, ხოლო აღსრულებასა საქმისასა — ძალისაებრ; რამეთუ მცირე მისაცემელი, ძალისაებრი, უკუეთუ უხუებითა გონებისაჲთა იყოს, დიდთა საფასეთა მდიდართასა მძლე ექმნების, მსგავსად ორთა მათ მწულილთა ქურივისათა.

მოციქულისაჲ: რამეთუ არა რაჲთა სხუათა ლხინი, ხოლო თქუენ — ჭირი, არამედ განსწორებით ამას ჟამსა (8,13-14).

თარგმანი: უძლურებისათჳს გონებათა მათთაჲსა ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: "არა ესოდენსა გეტყჳ მიცემად, რაჲთა იგინი ფართოებით შუებულ ჰყვნეთ, ხოლო თქუენ ჭირსა სიგლახაკისასა მიეცნეთ, არამედ განსწორებით; ესე იგი არს, რომელი უმეტეს გაქუს საჭიროჲსა საჴმრისა, იგი მიეცით თითოეულმან". გარნა მაკედონელთა რაჲ აქებდა, ესრეთ თქუა, ვითარმედ: უფროჲს ძალისა მათისა მისცეს, არამედ შემდგომთა სიტყუათა მიერ ამათცა განუცხადებს, ვითარმედ: უმეტესიცა ძალისაჲ საძიებელ არს ქველისსაქმე.

მოციქულისაჲ: თქუენი იგი ნამეტავი მათისა მის ნაკლულევანებისა, რაჲთა მათიცა იგი ნამეტავი იყოს თქუენისა მის ნაკლულევანებისა (8,14).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: "გარდაცემულ ხართ თქუენ სიმდიდრითა საჴმართაჲთა, ხოლო იგინი კადნიერებითა ღმრთისა მიმართ. მიეცით უკუე თქუენ ნამეტავი საჴმართაჲ, და მოიღეთ მათგან ნამეტავი ღმრთისა მიმართ კადნიერებისაჲ; მათგან, რომელთა-იგი მისცემთ ქველისსაქმესა".

მოციქულისაჲ: რაჲთა იყოს განსწორებულ (8,14).

თარგმანი: ამით სიტყჳთა მყუდროებით აწუევს, არა ნამეტავისა ოდენ მიცემად, არამედ დასაკლებელისაცა, რამეთუ ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: "უკუეთუ ნამეტავისაგან მისცე, ნამეტავისაგანცა მოიღო; ხოლო უკუეთუ საჭიროჲსაგანცა დაიკლო, უმდიდრესადცა მოიღო. და გნებავს თუ, რაჲთა ყოვლად სრულებით მოგეცეს ღმრთისა მიმართ კადნიერებაჲ, ყოველივე შენი წარაგე; მიეც საჭიროჲსა მისგანცა და მდღევრისა, რამეთუ სწორებით იქმნების მიცემაჲ და მოღებაჲ. ესრეთ უჩუენა მიმცემელთა ქველისსაქმისათა, ვითარმედ არა ხოლო მისცემენ, არამედ მოიღებენ-ცა, და უფროჲსსა მოიღებენ; რამეთუ თქუა რაჲ — "რაჲთა იყოს განსწორებულ" — უხუებასა ასწავებდა ქველისსაქმისასა. უკუეთუ არა, — ვინ არა უწყის, ვითარმედ: ყოვლად არა სწორ არს მიცემაჲ საჴმართა წარმავალთაჲ, და მათ წილ — მოღებაჲ კადნიერებასა ღმრთისა მიმართ!

მოციქულისაჲ: ვითარცა წერილ არს: რომელმან ფრიად მიიღო, არაჲ ემატა, და რომელმან მცირედ, არაჲ დააკლდა (8,15).

თარგმანი: წიგნისაგან გამოსლვათაჲსა შემოიღებს სიტყუასა საწამებელსა, რაჲ-იგი მუნ ითქუა და იქმნა შეკრებასა მას მანანაჲსასა, და ამით სახითა განსწავლის მიმცემელთა მათ ქველისსაქმისათა გლახაკთა მათთჳს, ვითარმედ "დაღაცათუ არა მისცეთ, არაჲვე გემატოს თქუენ სიმრავლისა მისგან ნაქონებთაჲსა, და უკუეთუ მათ არა მიიღონ თქუენგან, არაჲვე დააკლდეს, რამეთუ არა უგულებელს-ყვნეს იგინი ღმერთმან, რომლისათჳს დაგლახაკებულ არიან და წარტყუენვაჲ იგი ნაქონებთა მათთაჲ მხიარულებით და მოთმინებით თავს-უდებიეს.

მოციქულისაჲ: ხოლო მადლი ღმერთსა, რომელმან მოსცა იგივე სწრაფაჲ თქუენთჳს გულსა ტიტესსა რამეთუ ვედრებაჲ იგი შეიწყნარა, და უმოსწრაფეს რაჲ იყო, ნებსით თჳსით განვიდა თქუენდა

მიმართ (8,16-17).

თარგმანი: წარმოუთხრა რასც მოწყალებისათჳს, რაოდენ ჯერიყო აწ ქებად იწყებს წარვლინებულთა მათ მსახურთა ამის საქმისათა, რაჲთა უეჭუელ და სარწმუნო ყვნეს იგინი წინაშე მათსა, რომელთა მიმართ მიივლინებოდეს შემკრებელად საჴმართა; და პირველად ტიტესთჳს იტყჳს, ვითარმედ: "ამისთჳს უფროჲს სარწმუნო არს, რამეთუ ღმრთივ აღძრულ არს. ხოლო ღმრთივ აღძრულობაჲ მისი ამით საცნაურ არს, რომელ დაღაცათუ ვედრებაჲ ჩემი მიითუალა, უპირატეს უკუე თჳთ წადიერ იყო და მოსწრაფე სარგებელსა თქუენსა; ამისთჳსცა ნებსით თჳსით განვიდა თქუენდა მიმართ". იხილე სიბრძნე სამ-სახისა ამის შესხმისაჲ: ღმრთისა საქმედ ქადაგა მისლვაჲ იგი ტიტესი, რაჲთა ღმერთსა ჰმადლობდენ; და თავისა თჳსისაჲ აუწყა მვედრებელობაჲ, რაჲთა უწყოდინ, ვითარმედ ღმრთისაცა და მოციქულისაცა ნებაჲ არს საქმესა მას შინა. ამისსა შემდგომად ტიტეს მიმართ სიყუარულად და სარწმუნოებად აღძრნა, ვითარმედ: ეგოდენ მოსწრაფე იყო სარგებელსა თქუენსა, რომელ არცაღა ვედრებაჲ ვისი ეჴმარებოდა.

მოციქულისაჲ: და მის თანა მივავლინეთ ძმაჲ, რომლისა-იგი ქებაჲ სახარებასა შინა ყოველთა მიერ ეკლესიათა (8,18).

თარგმანი: ვიეთნიმე ლუკაჲსთჳს თქუმულად იტყჳან სიტყუასა ამას, ვითარმცა მას შეეტყუებოდა ქებაჲ სახარებისაჲ, ვითარცა აღმწერელსა სახარებისასა, ხოლო ვიეთნიმე — ბარნაბაჲსთჳს, რამეთუ უწერელიცა ქადაგებაჲ სახარებად სახელ-იდების; და შემდგომი ესე უფროჲს შეეტყუების, რამეთუ შემდგომნი სიტყუანი ბარნაბას უფროჲს შეეტყუებიან, რომლისათჳს იტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო ქადაგი არს სახარებისაჲ, არამედ ქებულიცა ქადაგებასა შინა მისსა. ხოლო ქებაჲ იგი არა ერთისა ვისგანმე, არამედ ყოველთა მიერ ეკლესიათა უსარწმუნოეს არს.

მოციქულისაჲ: და არა ხოლო თუ ესე, არამედ ჴელთდასხმითცა იკურთხა ეკლესიათაგან, თანა-გუნდად ჩუენდა, მადლითა ამით, რომელი იმსახურების ჩუენ მიერ თავადისა უფლისა სადიდებელად და გულსმოდგინებისა თქუენისათჳს (8,19).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო ქადაგად სახარებისა გამოცდილ არს ესე, არამედ ჴელთდასხმულცა არს ეკლესიათაგან, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, თანამავალად ჩუენდა, და ზიარ ყოფად ჭირთა ჩუენთა, არა ლიტონითა და კაცთა მიერითა ოდენ ჴელთდასხმითა, არამედ მადლისა მის მიერ კურთხევითა, რომელი იმსახურების ჩუენ მიერ; რაჲთა ესე იყოს მიმთუალველი საჴმართა მათ, თქუენგან ქველისსაქმედ შეკრებულთა, და რაჲთა სარწმუნო-ყოფითა ამისითა უმეტესად იდიდოს ქრისტე, და თქუენ უგულსმოდგინეს იქმნნეთ სახელისა მისისათჳს შეკრებასა საჴმართასა.

მოციქულისაჲ: ვერიდებით ამას, ნუ ვინმე გუგმობდეს ჩუენ სიმტკიცისა ამისთჳს, რომელი იმსახურების ჩუენ მიერ (8,20).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ, ვითარმედ: "მოვიმტკიცებთ ამას, ნუ ვინმე შემიმწინკულოს ჩუენ უხუებაჲ ესე, მსახურებული ჩუენ მიერ". ესე იგი არს, ვითარმედ ამისთჳს ესოდენ გამოცდილთა და წამებულთა კაცთა მოვავლინებთ მსახურებად საქმისა ამის, რამეთუ წინა-განვეკრძალვით, რაჲთა არავინ შეამწინკულოს უხუებაჲ ესე საჴმართა სიმრავლისაჲ, რომელი გუერწმუნების ჩუენ სამსახურებელად, რამეთუ ვინაჲთგან მრავალ იყვნეს საჴმარნი ქველისსაქმედ შეკრებილნი, ესე ოდენ კმა-ეყოფოდა უძლურთა მიზეზად იჭჳსა, — ნუუკუე მო-რასმე-იხუეჭენ წარმღებელნი იგი საჴმრისანი, და ამით სახითა შემწინკულებაჲ იქმნების მსახურებისა ჩუენისაჲ იჭჳსა მისგან უძლურთაჲსა. ესრეთ ყოვლით კერძო განკრძალულებისა სახედ მოგუცა მოციქულმან თავი თჳსი, კაცთა წამებულთა გამოარჩევს დაჴსნისათჳს იჭჳსა, და კუალად იჭუსა მას ვიეთმე ზედა მიაგდებს, და არა განცხადებულად ყოველთა, რაჲთა არა შეაწუხნეს იგინი.

მოციქულისაჲ: რამეთუ წინაჲსწარ განგიზრახავთ კეთილსა, არა ხოლო წინაშე უფლისა, არამედ წინაშე კაცთაცა (8,21).

თარგმანი: იხილე თანაშთამომავალი იგი ყოველთაჲ სიმდაბლე გონებისა მისისაჲ; ვითარ არა იტყჳს, ვითარმედ: "ვინაჲთგან სჳნიდისი ჩემი მართალ არს წინაშე უფლისა, უტეო კუმინვად მგონებელი იგი ჩემთჳს და მეჭუელი ბოროტისაჲ", არამედ ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: "წინა-განვემზადები კეთილის საქმედ; არა ხოლო წინაშე უფლისა, არამედ წინაშე უძლურებისაცა ძმათაჲსა, რაჲთა განვკურნნე და გულსავსე ვყვნე ჩემდა მომართისა იჭჳსაგან.

მოციქულისაჲ: და ამათ თანა მივავლინეთ ძმაჲ ჩუენი, რომელი გამოგუეცადა მრავალსა შინა მრავალგზის, და არს იგი მოსწრაფე, ხოლო აწ ფრიად უმოსწრაფეს, სასოებითა მრავლითა თქუენდა მიმართ (8,22).

თარგმანი: რაისათჳს ტიტეს სახელსა დასწერს, ხოლო მისთანათა ამათსა — არა? — ცხად არს, რამეთუ იგი შესწავებულ იყო და მეცნიერ მათდა, რომელთა მიმართ მიავლენდა, ხოლო ესენი ჯერეთ არღა ეხილვნეს მათ; ვინაჲცა უსახელოდ აქებს ოდენ, რაჲთა სარწმუნო ყვნეს იგინი წინაშე მათსა და რაჲთა არავის აქუნდეს იჭჳ საჴმართა მიხუეჭისაჲ მათდა მიმართ. ამისთჳს აჰა კუალად სხუასა წარვლენილსა აქებს გამოცდილებითა მრავალსა შინა და მრავალგზის, რომელი-ესე სივრცე არს შესხმისაჲ; რაჟამს კაცი არა ერთგზის, არცა ერთისა მიერ, არამედ მრავალგზის და მრავალთა მიერ გამოცდილ იყოს; და არა ხოლო პირველითა თჳსითა მოსწრაფებითა, არამედ შემატებულითა და უფროჲსითა საქმედ წარმართებულ იყოს. ხოლო ამას მოსწრაფებასა ესე შესძენს, რაჟამს უეჭუელ იყოს, ვითარმედ არა ჴუებულ იქმნების სასოებისაგან მათდა მიმართისა, რომელთა მიმართ მიივლინების.

მოციქულისაჲ: გინა თუ ტიტესთჳს, საქმის ზიარისა მის ჩუენისა და თქუენისა თანაშემწისა; გინა თუ ძმანი ჩუენნი მოციქულნი ეკლესიათანი, დიდებანი ქრისტესნი (8,23).

თარგმანი: ვინაჲთგან თჳსად-თჳსად წამა სათნოებაჲ წარვლინებულთაჲ მათ, აწ ერთბამად შემოჰკრებს ქებასა მათსა, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: "უკუეთუ ტიტესთჳს მკითხავთ, მაქუს თქუმად, ვითარმედ თანამოქმედი არს ჩემი და ზიარი ქადაგებასა შინა სარწმუნოებისა და ცხორებისა თქუენისასა; ხოლო უკუეთუ სხუათა მათთჳს, მის თანა წარმოვლინებულთა გნებავს სწავლად, მაქუს სიტყუად, ვითარმედ ძმანი არიან ჩუენნი, მოციქულად წარმოვლინებულნი ეკლესიათაგან, დიდებანი ქრისტესნი, რამეთუ კეთილთა მიერ საქმეთა თჳსისა მოქალაქობისათა სადიდებელ იქმნებიან ქრისტესა, რაჲთა რომელნი ხედვიდენ მათ, ადიდებდენ მამასა მათსა ზეცათასა.

მოციქულისაჲ: აწ უკუე გამოჩინებაჲ იგი სიყუარულისა თქუენისაჲ და ჩუენისა სიქადულისაჲ თქუენთჳს მათდა მიმართ აჩუენეთ წინაშე პირსა ეკლესიათასა (8,24).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: "საქმით აჩუენეთ მივლინებულთა ამათ ზედა სიყუარული, რომელი გაქუს ჩუენდა მომართ", და ვითარმედ: "რაჲ-იგი ვიქადე ამათ მიმართ, თქუენთჳს არა ცუდ არს". ხოლო "წინაშე პირსა ეკლესიათასა" - ესე არს, ვითარმედ: "დიდებად ეკლესიათა მათ, რომელთა მიერ ესენი წარმოვლინებულ არიან, რამეთუ უკუეთუ ამათ პატივ-სცეთ, წარმომავლინებელთა ამათთადა პატივ-გიცემიეს". ხოლო არა იტყჳს "კაცთა", არამედ "ეკლესიათა", რაჲთა უპატიოსნეს ყოს სიტყუაჲ თჳსი და ღირს კრძალვისა უმეტესისა.

მოციქულისაჲ: რამეთუ მსახურებისა მისთჳს წმიდათაჲსა ნამეტნავ არს ჩემდა მიწერად თქუენდა (9,1).

თარგმანი: მსახურებად წმიდათა უწოდს მოწყალებასა გლახაკთასა, რომლისათჳს მიწერასა ამისთჳს ნამეტნავ უწოდს, ვითარმცა კეთილად წარემართა მათ სათნოებაჲ ესე, და ამის მიერ უმეტესად წყალობად აღადგინებს მათ, რამეთუ სირცხჳლეულ იქმნების კაცი, რაჟამს ესოდენ იყოს განთქუმულებაჲ მისი, რომელ არღარა უჴმდეს თანამზრახვალი და მასწავლელი საქმისა რაჲსმე, და იგი უდარეს სახელისა გამოჩნდებოდის მოქმედად საქმისა მის.

მოციქულისაჲ: რამეთუ ვიცი გულსმოდგინებაჲ თქუენი, რომელი-იგი თქუენთჳს ვიქადე მაკედონელთა თანა (9,2).

თარგმანი: მინდობილისაჲ არს, რაჟამს თჳთ გულპყრობილ იყოს ვისთჳსმე რასამე ზედა, ხოლო ესე ფრიად უმეტესი რწმუნებაჲ არს, რაჟამს სხუათა მიმართცა იქადოს ვინმე სხუათათჳს.

მოციქულისაჲ: ვითარმედ აქაიაჲ განმზადებულ არს შრანდითგან (9,2).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: "არა ხოლო კორინთისა ქალაქი, არამედ ყოველი იგი ქუეყანაჲ აქაიაჲსაჲ განმზადებულ არიან, და არღარაჲ აკლს მათ შეკრებისა ანუ შემზადებისაგანი, არამედ ესე წელიწადი არს, ვინაჲთგან მივლიან ოდენ მსახურთა, წარმომღებელთა საჴმრისათაჲ.

მოციქულისაჲ: და თქუენმან მან შურმან აღაბაძვნა მრავალნი (9,2).

თარგმანი: განყოფილ არს სახელი შურისაჲ ბოროტსა ზედა და კეთილსა: ბოროტსა უკუე შეუდგს წარწყმედაჲ, ხოლო კეთილსა — ბაძვაჲ; ვითარ-ესე აწ მოციქული კორინთელთა ჰამბვითა სხუათა აღაბაძვებს; და კუალად, მრავალთა ბაძვითა თჳთ მათვე უმოსწრაფეს ჰყოფს, ვითარმედ: "უკუეთუ ჰამბავმან ოდენ თქუენმან აღაბაძვნა მრავალნი თქუენდა მიმართ, რაოდენ უფროჲს თქუენ თჳთ გიღირს საქმით აღსრულებაჲ, თქუენთჳს თქუმულსა სიტყუასა, რომელი-იგი სმენით ოდენ აღმაბაძვებელ იქმნა სხუათა.

მოციქულისაჲ: ხოლო მიმავლინენ ძმანი, რაჲთა არა სიქადული იგი ჩუენი თქუენთჳს ცუდ იყოს ამის ჯერისათჳს (9,3).

თარგმანი: იხილე ყოველსავე შინა მზრუნველობაჲ პავლესი; არა ხოლო მიწერითა, არამედ მივლინებითაცა კაცთა თანაშემწეთაჲთა, რაჲთა არა ცუდ იქმნეს სიქადული მისი მათთჳს. ხოლო სიქადული იგი არა თუ სხუასა რასმე ზედა იყო, არამედ ამის ჯერისათჳს, ესე იგი არს მოწყალებისათჳს ოდენ, რაჲთა არა აღზუავნენ, ვითარცა სხუასაცა ყოველსავე ზედა საქებელნი.

მოციქულისაჲ: რაჲთა, ვითარცა-იგი ვიტყოდე, განმზადებულ იყვნეთ (9,3).

თარგმანი: ესე არს "ვითარცა-იგი იტყოდა", რამეთუ მაკედონელთა ჰრქუა, ვითარმედ: "აქაიაჲ განმზადებულ არს შრანდითგან".

მოციქულისაჲ: ნუუკუე, მო-რაჲ-ვიდენ ჩემ თანა მაკედონელნი, და ვპოვნენ თქუენ განუმზადებელნი, მრცხუენოდის ჩუენ, — რაჲთა არა გეტყოდით თქუენ, — ამის ჯერისათჳს სიქადულისა (9,4).

თარგმანი: ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, რაჲთა არა, მო-რაჲ-ვიდენ ჩემ თანა მაკედონელნი, და გპოვნენ თქუენ განუმზადებელნი, სირცხჳლეულ ვიქმნნეთ ჩუენ, (რაჲთა არა ვთქუა, ვითარმედ: "თქუენ") გუამსა ზედა ამის სიქადულისასა. რამეთუ კრძალულებით ჰყოფს სიტყუასა მხილებისასა ღონისძიებით შერცხჳნებითა უძლურთა მათ და ლიტონთა ერთაჲთა, რაჲთა დაღაცათუ სხჳსა არარაჲსათჳს, მებრვე ამისთჳს წინა-განემზადნენ, რაჲთა არა რაჟამს მას თანა მიჰყვენ მაკედონელნი, და იხილნენ იგინი განუმზადებელნი, სირცხჳლეულ იქმნეს პავლე, რომელმან იქადა განმზადებულ ყოფაჲ განუმზადებელთაჲ მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს: რაჲთა არა ვთქუა, ვითარმედ "თქუენ"; ვითარმედ გერიდები თქუენ სიტყუად ამას, რამეთუ თქუენცა ჩემ თანა სირცხჳლეულ ყოფად ხართ, რაჟამს გუამ არა აქუნდეს სიტყუასა სიქადულისა ჩემისასა, რამეთუ თითოეულისა სიტყჳსა გუამ არს საქმით ქმნაჲ სიტყჳთ თქუმულისაჲ. ვინაჲცა ზოგად სირცხჳლეულ ვიქმნებით, არა სხუასა რასმე ზედა, არამედ ამას ოდენ გუამსა მოწყალებისასა, რაჟამს ასოთა სიტყჳსა ჩემისათა არა მისცეთ თქუენ გუამი საქმისაჲ.

მოციქულისაჲ: უმჯობესად უკუე შევჰრაცხე, რაჲთა ვევედრო ძმათა, რაჲთა წინაჲსწარ მივიდენ თქუენდა და წინაჲსწარ განგაკრძალნენ და დაამტკიცონ პირველ აღთქუმული იგი ევლოგიაჲ თქუენი (9,5).

თარგმანი: ზემო ნამეტავ იტყოდა მიწერასა ამის პირთათჳს, რამეთუ საქმით აღსრულებულად შეჰრაცხდა სიტყუასა მათსა, ხოლო აწ უმჯობესად შეჰრაცხა წინა-მივლინებაჲ ძმათაჲ, რაჲთა წინა-განმზადებითა წინა-განკრძალულებით არღარა ჰრცხუენოდის, არცა მას, რომელმან იქადა, არცა მათ, ვიეთთჳს იქადა; რამეთუ მაშინ არად საჴმარებითა მიწერისაჲთა ამას ეტყოდა, ვითარმედ "ყოვლად უნაკლულო მგონიხართ"; ხოლო აწ მივლინებითა ძმათაჲთა უმეტესსა წინა-მზრუნველობასა თჳსსა აჩუენებს და უნაკლულო ყოფასა მათსა დაამტკიცებს.

მოციქულისაჲ: რაჲთა ესე განმზადებულ იყოს, ვითარცა ევლოგიაჲ, და არა ვითარცა ანგაჰრებაჲ (9,5).

თარგმანი: ევლოგიად სახელ-სდებს უხუებით და მხიარულებით მოღებულსა, რამეთუ არავინ ევლოგიისა მიმცემელი წუხნ ანუ იძულებით მისცემნ; გარნა ხოლო იგი მწუხარე არნ, რომელსა თჳთ მიეხუეჭის და მიხუეჭილი იგი კუალად მიეხუეჭებოდის; ხოლო რომელი თჳსსა მონაგებსა ნებსით შესწირვიდეს, ესევითარისა მისთჳს მხიარულებაჲ ჯერ-არს, რამეთუ ცხორებისა მომატყუებელ ექმნების წარგებული იგი.

მოციქულისაჲ: ხოლო ესე: რომელმან სთესოს რიდობით, რიდობითცა მოიმკოს, და რომელმან სთესოს კურთხევით, კურთხევითცა მოიმკოს (9,6).

თარგმანი: ვინაჲთგან მწუხარებაჲ მას თჳს-ეყვის, რომელსა მოეხუეჭოს თჳთ და მიეხუეჭებოდის სხუათაგან, ხოლო ესე, რომელ არს ნებსით მოწყალებისა ქმნაჲ, არა წარიგებვის, არამედ მსგავს არს თესვასა თესლისასა. და რომელი რიდობით (ესე იგი არს სიძჳრით და ორგულებით) სთესვიდეს, მცირეცა და უნდო იყოს სამკალი მისი; ხოლო რომელმან კურთხევით, ესე იგი არს უხუებით სთესოს, უხუებითცა მდიდრად მოიმკოს, რამეთუ კურთხევით მისცა, ესე იგი არს მხიარულებითა და უხუებითა მისაცემელისაჲთა მიმღებელთაგან იკურთხა მიცემაჲ მისი. და ეგრეთვე ესოდენ მდიდარ იყოს მოსაგებელი მისი, რომელ არა ხოლო მიმცემელისაგან მისაგებელთაჲსა იკურთხოს, არამედ მხედველთაგანცა, ვითარ-იგი უხუებით მთესველსა არა ხოლო უხუებით შეკრებაჲ მჭელეულისაჲ, არამედ კურთხევაჲცა თანაწარმავალთა გზისათაჲ დაუმკჳდრდების.

მოციქულისაჲ: კაცად-კაცადსა ვითარცა გამოურჩევიეს გულითა, ნუ მწუხარებით, ნუცა უნებლებით, რამეთუ მხიარულებით მისაცემელი უყუარს უფალსა (9,7).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: რაჲ-ესე მე წარმოვთქუ მოწყალებისათჳს, ესოდენ არს სიტყუაჲ ჩემი, გარნა არავის ვაიძულებ, არამედ კაცად-კაცადსა ჴელმწიფებაჲ აქუს, ვითარცა თჳთ ენებოს, აღრჩევად ნებსით და არა უნებლებით, მხიარულებით და არა მწუხარებით, რამეთუ მე ზემოცა მითქუამს, ვითარმედ: "არავის ვაიძულებ, არამედ განვაზრახებ". და კუალად, აწ მასვე დავამტკიცებ წამებითა წიგნისაგან იგავთაჲსა შემოღებულითა, ვითარმედ: მხიარულებით მისაცემელი უყუარს უფალსა.

მოციქულისაჲ: ხოლო ძალ-უც ღმერთსა ყოველივე საჴმარი გარდამატებად თქუენდა (9,8).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: ხოლო ძალ-უც ღმერთსა ყოველი მადლი გარდამატებად თქუენდა. "მადლად" უწოდს ზოგად ყოველსავე სულიერსა და ჴორციელსა; ვითარმედ: ძალ-უც ღმერთსა თქუენ ჴორციელისა რაჲსმე და კნინოდენისა მიმცემელთაჲ ყოველსავე შინა მადლსა განმდიდრებად თქუენდა; და წარმავალისა წილ წარუვალი, და საჭიროჲსა საჴმრისა წილ სხუათაცა უხუებით მისაცემელად მოგმადლოს თქუენ ყოველივე კეთილი.

მოციქულისაჲ: რაჲთა ყოველსავე შინა მარადის ყოველივე უნაკლულოდ გაქუნდეს და ჰმატებდეთ ყოველსა ზედა საქმესა კეთილსა (9,8).

თარგმანი: იხილე სიბრძნე ყოვლადბრძნისაჲ მის; ვითარ ჴორციელისათჳს, ესრეთ ოდენ თქუა უსაკუთრესად: რაჲთა ყოველსავე შინა მარადის ყოველი კმასაყოფელობაჲ გაქუნდეს. ესე იგი არს ზომითი და არა გარეგანი საჴმრისაჲ, ხოლო სულიერისათჳს ილოცავს, რაჲთა აღსავსე და გარდაცემულ ვიყვნეთ ყოვლითა საქმითა კეთილისაჲთა.

მოციქულისაჲ: ვითარცა წერილ არს: განაბნია და მისცა იგი გლახაკთა, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი-უკუნისამდე (9,9).

თარგმანი: წინაჲსწარმეტყუელი დავით მოწამედ წარმოუდგინა მათ, ვითარცა ფსალმუნსა შინა ას და მეათერთმეტესა მბრძანებელი არა ლიტონად, არამედ უხუებით მიცემად, რამეთუ განბნევაჲ უხუებისა სასწაული არს, და იქმნების იგი ბრძმედ განმწმედელ ცოდვათა მოწყალისათა და განმამართლებელ მისსა სიმართლითა საუკუნოდ დაუსრულებელითა.

მოციქულისაჲ: ხოლო რომელმან-იგი მოსცის თესლი მთესვარსა და პური საზრდელად, მოგეცინ და განამრავლე6 თესლი თქუენი და აღაორძინენ ნაყოფი სიმართლისა თქუენისაჲ (9,10).

თარგმანი: სიტყჳთა ამით ლოცვისაჲთა ჯეროვნად უშიშ ჰყოფს მათ, რაჲთა არცა ერთსა ვის ეშინოდის, ნუუკუე ფრიადისა მიცემითა სხუათაჲთა თჳთ დაგლახაკნეს, რამეთუ ღმერთი, რომელი თესლსა არა მოაკლებს ჴორციელისა ამის სათესავისა მთესველთა და ჴორცთა ზრდის პურითა, ვითარ ნაკლულევან ყოს ჴელი სულიერთა თესლთა მთესველისაჲ, რომელი-იგი მოწყალებისათჳს წარაგებდეს მიცემულსა მას, არამედ სულიერსა თანა ჴორციელითაცა იეფობითა საჴმართაჲთა აღაორძინებს მის შორის ნაყოფთა სიმართლისათა, რომელ არიან სიმდიდრენი ქველისსაქმისანი.

მოციქულისაჲ: ყოველსა შინა განგამდიდრენინ ყოვლითა უხუებითა, რომელი-იგი შეიქმნების ჩუენ მიერ სამადლობელად ღმრთისა (9,11).

თარგმანი: ზემოჲთგანთა სიტყუათა სახისმეტყუელებით იტყოდა, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: მოგეცინ და განამრავლენ თესლი თქუენი და აღაორძინენ ხუარბლები სიმართლისა თქუენისაჲ, რამეთუ მოწყალებისა თესლთა მიერ აღორძნდების სიმრავლე ხუარბლებისაჲ, რომელ არს მრავალნაყოფიერებაჲ სათნოებათაჲ, რომელთა ერთი იგი თესლი მოწყალებისაჲ მრავალთესლად ხუარბლად აღაორძინებს. ხოლო აწ უმეტესსა დაჰრთავს, რომელ არს ყოველსა შინა განმდიდრებაჲ, რაჲთა არა ხოლო უხუებით მომღებელ, არამედ უხუებითცა მიმცემელ ვიყვნეთ, და ესრეთ ყოვლით კერძო აღემატების ჩუენ მიერ მადლობაჲ ღმრთისაჲ, ყოვლით კერძოჲსა მისთჳს უხუებისა, რამეთუ რაჟამს ჩუენ განგუამდიდრნეს ღმერთმან, პირველად ჩუენ ვჰმადლობთ მოღებისა მისთჳს ნიჭთაჲსა; ამისსა შემდგომად, რომელნი ხედვიდენ ჩუენსა განმდიდრებასა და უხუებით მიცემასა, ზოგად უხუებით მიმღებელთა მათ თანა ქველისსაქმისათა მმადლობელ იქმნებიან ღმრთისა.

მოციქულისაჲ: რამეთუ მსახურებაჲ ესე შესაწირავისაჲ ამის —არათუ აღმავსებელ ხოლო არს ნაკლულევანებისა მის წმიდათაჲსა, არამედ აღმატებაცა მრავალთათჳს სამადლობელად ღმრთისა, გამოცდილებითა მით ამის მსახურებისაჲთა (9,12-13).

თარგმანი: კუალად ზემო თქუმულთავე სიტყუათა კუალსა შეუდგს და სამთა სარგებელთა დასდებს ქველისსაქმისათა: პირველად, რამეთუ მიმღებელთა მათ ნაკლულევანებაჲ აღივსების, რომელთა წმიდად უწოდს, ვითარცა ქრისტესთჳს დაგლახაკებულთა. მეორედ, რამეთუ მხედველნი ამის საქმისანი არა ხოლო დიდებად ღმრთისა, არამედ ბაძვადცა და მსგავსებად კეთილისა მის აღიძრვიან. ხოლო მესამედ, რამეთუ უმეტესსა გამოცდილებასა მისცემს მსახურებაჲ ესე წმიდათაჲ მსახურთა მათთა, რაჲთა გამოცდილებით მიღებითა სარგებელისაჲთა უადვილესად და უგულსმოდგინესად იქმოდინ კეთილსა მას მოწყალებისასა.

მოციქულისაჲ: ადიდებდით ღმერთსა, დამორჩილებითა მით აღსაარებისა თქუენისაჲთა სახარებასა მას ქრისტესსა და უხუებითა მით ზიარებისაჲთა მათა მიმართ და ყოველთა (9,13).

თარგმანი: ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ადიდებენ ღმერთსა, დამორჩილებითა მით აღსაარებისა თქუენისაჲთა სახარებასა მას ქრისტესსა და უხუებითა მით ზიარებისაჲთა მათდა მიმართ და ყოველთა. რამეთუ ესოდენ ზეშთა ჰყოფს წმიდათა მათ გლახაკთა ყოვლისაგან ნივთიერისა, ვიდრეღა ესოდენსა მას სიგლახაკესა შინა არა ეგოდენ გამოზრდისათჳს თავთა თჳსთაჲსა, რაოდენ ამისთჳს ადიდებენ ღმერთსა, რამეთუ მიმძღუანებელნი იგი მათდა შესაწირავისანი ყოვლითურთ მორჩილ არიან აღსაარებასა მას ქრისტეს სახარებისასა, რომელ არიან სიტყუანი უფლისანი, მრავლად მიმოგანთესულნი მოწყალებისათჳს, წმიდასა შინა სახარებასა; და არა ეგოდენ თავთა თჳსთა ზედა ქმნილისათჳს, რაოდენ სხუათა ყოველთა მიმართ განმარტებულისა მოწყალებისათჳს ჰმადლობენ ღმერთსა.

მოციქულისაჲ: და მათი იგი ლოცვაჲ თქუენთჳს ჰსურის მათ თქუენდა გარდარეულისა მისთჳს მადლისა ღმრთისა, რომელ არს თქუენ ზედა (9,14).

თარგმანი: უსაკუთრეს არს: და მათი იგი ვედრებაჲ თქუენთჳს, მოსურნეთაჲ თქუენდა აღმატებულისა მისთჳს მადლისა ღმრთისა თქუენ ზედა. ესე იგი არს, ვითარმედ: ამას მოქენე არიან და ითხოენ ღმრთისაგან, რაჲთა აღუვსოს სურვილი მათი ხილვითა თქუენითა. ხოლო სურის მათ თქუენთჳს, არა მიცემისათჳს საჴმართაჲსა, არამედ რაჲთა მხილველ იქმნნენ გარდამატებულებასა მას მადლისა ღმრთისასა, მოცემულსა თქუენდა.

მოციქულისაჲ: ხოლო მადლი ღმერთსა გამოუთქმელთა მათ ნიჭთა მისთა ზედა (9,15).

თარგმანი: ვინაჲთგან მაქებელ ექმნა მათ და აღამაღლნა სიტყჳთა შესხმისაჲთა, იხილე სიბრძნე ყოვლად ბრძნისაჲ მის, ვითარ დასასრული ყოვლისაჲ დაწყებისა მისვე და დასაბამისა ყოველთა კეთილთაჲსა ღმრთისა აღიყვანა, და ყოვლისათჳსვე სახე მოგუცა მადლობისა მისისაჲ, რომელი-იგი არს დაწყება და აღსასრულ ყოველთა საქმეთა კეთილთა. ხოლო ნიჭად აწინდელსა ამას ადგილსა კორინთელთასა მას იტყჳს მორჩილებასა სახარებისასა, და რამეთუ მოწყალებისა მიერ ესოდენთა კეთილთა ურიცხუებაჲ მოუცემიეს ჩუენდა, რაოდენნი ზემო წარმოთქუნა. და რამეთუ აწ მოცემულთასა კუალად ფრიად უმრავლესთა მოგუანიჭებს მერმესა მას საუკუნესა.