📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: ხოლო ღმერთმან ყოვლისა მადლისამან, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ საუკუნესა მას დიდებასა მისსა ქრისტე იესუჲს მიერ, მცირედღა თუ გევნო, მანვე განგამტკიცენინ თქუენ, დაგამტკიცენინ, განგაძლიერენინ და დაგამყარენინ. მისსა დიდებაჲ და სიმტკიცე უკუნითი-უკუნისამდე, ამინ (5,10-11).
თარგმანი: იხილე ვითარ მასვე დაწყებასა სიტყჳსასა ჰყოფს დასასრულ სიტჳსა. გარნა ხოლო მუნ ძისა მიერ იტყჳს შეწყალებასა ჩუენსა მამისა მიერ, ვითარმედ: მამამან ძისა მიერ შემიწყალნა ჩუენ. ხოლო აქა კუალად მამასა იტყჳს მწოდებელად ჩუენდა საუკუნესა მას დიდებასა. რამეთუ დაღაცათუ სიტყჳთა სწავლისაჲთა განგუამტკიცებს, არამედ ადგილ-ადგილ თანა-შეჰრთავს ქადაგებასა საიდუმლოჲსასა, ვითარმედ ზოგადი არს ცხორებაჲ ჩუენი მამისა და ძისა და სულისა წმიდისა მიერ. ხოლო მცირედ ვნებად უწოდს ყოველსავე ამის საწუთროჲსა განსაცდელთა და ჭირთა შემთხუევასა დაუსრულებელობისა მისთჳს საუკუნოჲსა სუფევისა. და კუალად რაჲთა აქაცა გჳჩუენოს, ვითარმედ არა ძალითა ჩუენითა, არამედ მის მიერითა განმტკიცებითა უძლურებისაგან და დამტკიცებითა შერყეულებისაგან და განძლიერებითა არაძლებულებისაგან და დამყარებითა კეთილსა ზედა წარვჰმართებთ ყოველსავე სათნოებასა. ამისთჳსცა ვჰმადლობთ და ვადიდებთ მას მარადის.
მოციქულისაჲ: სილოანეს მიერ ძმისა თქუენისა სარწმუნოჲსა, ვითარ ვჰგონებ, მცირედ მივწერე. გლოცევდ და გიწამებდ, ვითარმედ ესე არს ჭეშმარიტი მადლი ღმრთისაჲ, რომელსაცა ზედა სდგათ (5,12).
თარგმანი: ამიერ ცხად ჰყოფს სახელსა სილოვანესსა, რომელმან დაწერა წიგნი ესე, და ძალსა აღწერილისასა, ვითარმედ სიტყუათა ამათ მიერ დაუმტკიცებს და უწამებს ყოველთა, ვითარმედ: ნუ ირყევით ქრისტეანობისაგან, რამეთუ ესე არს მადლი ღმრთისაჲ ჭეშმარიტი —სარწმუნოებით დგომაჲ მოქმედებასა შინა ქრისტეს ბრძანებათასა.
მოციქულისაჲ: გიკითხავს თქუენ, რომელ არს ბაბილონს შინა რჩეულისა მის თანა და მარკოზ ძე ჩემი (5,13).
თარგმანი: ბაბილონად სახისმეტყუელებით ჰრომსა უწოდს, და მას შინა მყოფად — ერსა მორწმუნეთასა, ხოლო რჩეულად — მას შინა ეკლესიასა ქრისტეანეთასა. და მარკოზს იტყჳს მახარებელსა, რომელსა-იგი ქრისტეს მიერითა შვილებითა ძედცა თჳსად უწოდს, რამეთუ ამან მარკოზ ბრძანებითა პეტრესითა აღწერა სახარებჲ თჳსი.
მოციქულისაჲ: მოიკითხევდით ურთიერთას ამბორის-ყოფითა სიყუარულისაჲთა. მშჳდობაჲ თქუენდა ყოველნი, რომელნი ხართ ქრისტე იესუჲს მიერ, ამინ (5,14).
თარგმანი: იხილე, ვითარ დასასრულად სიტყჳსა ამცნებს ურთიერთას ამბორის-ყოფასა სიყუარულითა საღმრთოჲთა. და ესრეთ ლოცვისა მიერ დაჰბეჭდავს სიტყუათა სწავლისა და მოძღურებისათა, რომელთა ბეჭედ ჰყოფს მშჳდობასა მას ქრისტეს მიერ მოცემულსა, რომლისა ღირს ყოფაჲ მეყავნ ჩუენცა წყალობითა მისითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ აწ და ყოველთა საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ.