📋 სარჩევი
პეტრე მოციქულისა წიგნი კათოლიკე მეორე
სიმონ პეტრე, მონაჲ და მოციქული იესუ ქრისტესი, რომელთა-ეგე სწორი ჩუენდა პატივი ხუედრებულ არს სარწმუნოებაჲ სიმართლითა ღმრთისა ჩუენისა და მაცხოვრისა იესუ ქრისტესითა (1,1).
თარგმანი: იხილე, ვითარ დასაბამსავე სიტყჳსასა მყის თანამდებ ჰყოფს მსმენელთა ყოვლითურთ ბაძვად თჳსსა, ვითარმედ ერთ არს და სწორ მათდა სარწმუნოებაჲ ქრისტესი და ნიჭი წმიდისა ნათლისღებისაჲ და მადლი შვილებისაჲ. ვითარ-იგი ქადაგთათჳს და თუალით მხილველთა სიტყჳსათა, ეგრეთვე ყოველთათჳს, რომელთა ჰრწმენეს სიტყჳთა მათითა და მოუჴდენ სარწმუნოებასა ყოველთა განმამართლებელისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა.
მოციქულისაჲ: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ განმრავლდინ მეცნიერებითა ღმრთისაჲთა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომელმან-იგი ყოველივე თჳსისა ღმრთეებისა ძალი საცხორებელად და სამსახურებელად მოგუანიჭა ჩუენ მეცნიერებითა მისითა, რომელმან-იგი მიჩინნა ჩუენ თჳსსა მას დიდებასა და სათნოებასა, რომელთაგან დიდ-დიდნი და პატიოსანნი აღთქუმანი ჩუენ მოგუანიჭნა (1,2-4).
თარგმანი: რომელნი-ესე მადლით გამოჴსნილ ვართ ცოდვათაგან, ამისდა თხოვად სწავლულ ვართ, რაჲთა მარადის ანგელოზსა მშჳდობისასა ვითხოვდეთ მშჳდობის-ყოფად პირველად შორის სულისა და ჴორცთა ჩუენთა. ამისსა შემდგომად — გარეთ მომავალთა ბრძოლათაგან სულიერთა და ჴორციელთა, კაცთა და ეშმაკთა მიერთა. ესევე ნიჭი მშჳდობისაჲ თჳთ დაგჳტევა ქრისტემან, რაჟამს თქუა: მშჳდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ, და მოწაფეთა ჰრქუა: რაჟამს შეხჳდეთ სახლსა, პირველად თქუთ: მშჳდობაჲ სახლსა ამას. და აწცა მღდელი მრავალ-გზის იტყჳს: მშვდობაჲ ყოველთა; რამეთუ ესე არს დედაჲ სიხარულისაჲ, რომლისა განმრავლების მიზეზად აწ მოციქული მეცნიერებასა იტყჳს ღმრთისასა, რაჲთა უწყოდით, ვითარმედ ყოველივე, რაოდენი მან თავადმან ქმნა ძლიერებითა ღმრთეებისა თჳსისაჲთა, საცხორებელად კაცთა ქმნა და არა ხოლო საწუთრონი ესე, არამედ საუკუნენიცა იგი კეთილნი ჩუენ განგჳმზადნა. და აღუთქუამს მათ, რომელნი შეუდგენ მწოდებელისა მის ჩინებასა სათნოებისა მიდევნებითა, რაჲთა გზით იწროჲთ და ბჭით არა-ვრცელით შეიყვანნეს იგინი დიდებასა და ბრწყინვალებასა თჳსსა.
მოციქულისაჲ: რაჲთა ამის მიერ იქმნნეთ საღმრთოჲსა მის ზიარ ბუნებისა და ევლტოდით სოფლისა ამის გულისთქუმისა ხრწნილებასა (1,4).
თარგმანი: განჴორციელებითა ღმრთისა სიტყჳსაჲთა ვიქმნენით ზიარ საღმრთოჲსა მის ბუნებისა, რაჟამს შემიერთნა ჩუენ ჩუენგან ჴორცთშესხმითა და კუალად მოწოდებითა სარწმუნოებად თჳსსა და აღთქუმითა საუკუნეთა კეთილთაჲთა გჳბრძანებს დატევებად ხრწნილებისა და მიმთხუევად უხრწნელებისა.
მოციქულისაჲ: და თქუენცა ესევე მოსწრაფებაჲ ყოვლითურთ მოიპოვეთ და ყავთ სარწმუნოებასა შინა თქუენსა სათნოებაჲ და სათნოებასა შინა — მეცნიერებაჲ, და მეცნიერებასა შინა — მარხვაჲ, და მარხვასა შინა — მოთმინებაჲ, მოთმინებასა შინა — ღმრთისმსახურებაჲ, და ღმრთისმსახურებასა შინა — ძმათმოყუარებაჲ, და ძმათმოყუარებასა შინა — სიყუარული (1,5-7).
თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: რომელთა-ეგე ბევრეულნი კეთილნი მოგიხუმან გამოჩინებითა ქრისტესითა, მოიგეთ მოსწრაფებაჲ ესევითარად მოქალაქობისაჲ, რაჲთა მადლით მოტევებასა ზედა პირველთა ცოდვათასა შემოიღოთ სარწმუნოებაჲ, საქმეთა მიერ სათნოებისათა წარმართებული, და მოქმედებად იგი ღუაწლთა სათნოებისთაჲ შჯულიერ იყავნ და აღსავსე მეცნიერებითა გულისჴმის-ყოფისაჲთა. ხოლო მეცნიერებით მარხვაჲ და კრძალულებაჲ ყოვლისაგან ვნებისა მოთმინებით მიიღებდინ მიმყოვრებასა, რამეთუ ესრეთ მრავალჟამეული თავს-დებაჲ ღუაწლთაჲ შეირაცხების ღმრთისმსახურებად. და კუალად, ღმრთისმსახურებაჲ შეიმკვების ძმათ-მოყუარებითა, და ესრეთ მიემადლების კაცსა მცირედ-მცირედ წარმატებითა თავი იგი ყოველთა კეთილთაჲ — სიყუარული. ხოლო სიყუარული ამით განიყოფების ძმათმოყუარებისაგან, რაჲთა არა ხოლო ძმანი, რომელ არიან მეცნიერნი და მეგობარნი, არამედ ზოგად ყოველნი კაცნი უყუარდენ, მეგობარნი და მტერნი თჳსნი და უცხონი, მორწმუნენი და ურწმუნონი.
მოციქულისაჲ: ხოლო ესე რაჟამს იყოს თქუენ თანა და გარდაგემატოს, არა უქმად, არცა უნაყოფოდ იპოვნეთ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მეცნიერებასა, ხოლო რომლისა თანა ესე არა არს, ბრმა არს და ვერ ხედავს იგი, რამეთუ დაავიწყდა განწმედაჲ იგი პირველთა მათ ცოდვათა მისთაჲ (1,8-9).
თარგმანი: რომელი "ესე"? არამედ ზემო წარმოთქუმული მწყობრი სათნოებათაჲ, რომლისაჲ-იგი არა ხოლო ჩუენ თანა ყოფაჲ, არამედ გარდამატებაჲცა საძიებელ არს, რამეთუ მრავალჟამეული ქმნაჲ დღითი-დღე შემატებასა ჰყოფს სათნოებისასა, ხოლო ვიდრე აღსასრულადმდე მოქმედებაჲ სათნოებისაჲ კადნიერებასა მოგუცემს საზარელსა მას დღესა ქრისტეს შემეცნებისასა, რომელ არს დღე მეორედ მოსლვისაჲ, რომელსა შინა მოღუაწე სათნოებისაჲ არა უქმ, არცა უნაყოფო იპოოს, არამედ რომელი აქა ძალისაებრ იცნან მცირედ სარკითა, მუნ შეემეცნოს უსრულესად და უცხადესად. ხოლო უკუეთუ ცალიერ იყოს სათნოებისაგან, ბრმა იპოვოს იგი საღმრთოჲსა მის საუკუნოდ მხედველობისაგან, რამეთუ აქავე დაივიწყა მან სიფრთხილით დაცვაჲ განწმედისაჲ მის, რომელი მიიღო ქრისტეს მიერ მადლით მიტევებითა პირველთა ცოდვათაჲთა. და რომელმან არა აქავე განიწმიდოს თავი თჳსი, თჳნიერ სიწმიდისა ვერ იხილოს მან უფალი.
მოციქულისაჲ: ამისთჳს, ძმანო, უფროჲსღა ისწრაფეთ, რაჲთა კეთილთაგან საქმეთა მტკიცე ჰყოთ ჩინებაჲ ეგე თქუენი და რჩეულებაჲ, რამეთუ ამას რაჲ იქმოდით, არასადა სცთეთ ყოვლადვე. არამედ ესრეთ მდიდრად წარგემართოს თქუენ შესავალი იგი საუკუნესა მას სასუფეველსა უფლისა ჩუენისა და მაცხოვრისა იესუ ქრისტესსა (1,10-11).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ ქრისტეს მიერ ჩინებულ ვართ, რაჲთა ჩუენ დავიმკჳდროთ სასუფეველი, ხოლო აღთქუმულისა მის ჩინებისა და რჩეულებისა დამტკიცებაჲ ჩუენ ზედა არს, რაჲთა ვიდოდით გზათა მუნ მიმყვანებელთა, რომელ არიან კეთილნი საქმენი, რომელთა მოქმედებასა უწოდს ბჭე უცთომელად შემყვანებელ საუკუნესა მას სასუფეველსა, რომელი-იგი ამისთჳს ძისაჲ არს, რამეთუ ყოველივე მამისაჲ მისი არს.
მოციქულისა: რომლისათჳსცა არა უდებ ვიქმნე მარადის მოჴსენებად თქუენდა ამისთჳს, დაღაცათუ იცით და მტკიცე ხართ მოწევნულსა ამას ზედა ჭეშმარიტებასა (1,12).
თარგმანი: რაჲთა არა ჰგონებდენ, ვითარმედ ვითარცა უქმებასა და უდებებასა შინა მყოფთა ამხილებს და ამით მწუხარე იქმნენ, ამისთჳს აქებს, ვითარმედ: არა ვითარცა შერყეულთა და უმეცართა, არამედ ვითარცა მეცნიერთა და მტკიცეთა მიმართ მივსწერ. ხოლო მოწევნულად ჭეშმარიტებად უწოდს ქადაგებასა ქრისტესსა.