📋 სარჩევი
1. სულიერი ნადიმი და მარხვის აზრი
დღეს ნაკლები ადამიანი შეგვეკრიბა და არც ისე მრავალრიცხოვანია მოსულთა თავყრილობა. რისი ბრალია ეს? შეიძლება, ზოგიერთს შერცხვა სულიერ ამ ნადიმზე მოსვლა ხორციელი ტრაპეზის შემდეგ, და ეს გახდა მათი არმოსვლის მიზეზი. მაგრამ მათ ისმინონ ერთი ბრძენის სიტყვები: „არს სირცხვილი, რომელი მოაქვს ცოდვას, და არს სირცხვილი — დიდება და მადლი" (). სარცხვინო არ არის ხორციელი საზრდოს მიღების შემდეგ ამ სულიერ ნადიმზე მოსვლა. სულიერი საქმეები ადამიანურ საქმეთაგან განსხვავებით განსაზღვრულ დროებზე დამოკიდებული არ არის; სულიერზე საუბრისათვის დღის ყოველი ჟამი ხელსაყრელია. და რას ვამბობ, დღის ჟამზეო! დადგეს ღამეც — ისიც ხელს არ შეუშლის სულიერ სწავლებას. ამიტომაც პავლე წერდა ტიმოთეს: „ქადაგე სიტყუაჲ, ზედა-ადეგ ჟამითი-უჟამოდ, ამხილე, შეჰრისხენ და ნუგეშინის-ეც" (). ისმინე, რასაც ნეტარი ლუკა ამბობს: „განსლვად იყო პავლე ხვალისაგან" ტროადიდან, „ეტყოდა მათ სიტყუასა მოძღურებისათა... და განაგრძო სიტყუაჲ იგი ვიდრე შუა ღამედმდე" (). ნუთუ დრომ რამე ხელი შეუშალა, მითხარი, ან გაწყვიტა სწავლების სიტყვა? ყურადღებიან მსმენელს სადილის შემდეგაც შეუძლია (სარგებლით) იყოს ამ სულიერ კრებაში, ხოლო დაუდევარი და უზრუნველი, თუნდაც უჭმელი დარჩეს, აქედან არანაირ სარგებელს ვერ გამოიტანს. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მარხვის სიმკაცრე მოვადუნო — ნუ იყოფინ! — პირიქით, მარხულთ ძალიან ვაქებ და მოვიწონებ, მხოლოდ მინდა, რომ სულიერი საქმეები გონიერი მსჯელობით აღასრულოთ და არა მხოლოდ ჩვეულებას მისდიოთ. სარცხვინო არ არის ამ სულიერ სწავლებაზე საკვების მიღების შემდეგ მოსვლა, არამედ (სარცხვინოა) უზრუნველი სულით მოსვლა, ვნებებზე დამორჩილება და ხორციელ გულისთქმათა დაუოკებლობა. საჭმელი ცუდი არ არის — ნუ იყოფინ! — მავნეა გაუმაძღრობა და მუცლის გადატვირთვამდე მიტანილი ნაყროვანება; ამის გამო საკვებისგან მიღებული სიამოვნებაც ქრება. ისევე, ცუდი არ არის ღვინის ზომიერი მოხმარება, არამედ მთვრალობა და ზომის დაკარგვის გამო გონების მოშლა. ხოლო თუ შენ, საყვარელო, სხეულის სისუსტის გამო მთელ დღეს უჭმელი ვერ გაძლებ, არცერთი გონიერი ადამიანი ამისთვის საყვედურს არ გამოგიცხადებს: ჩვენი მეუფე მშვიდი და კაცთმოყვარეა, ჩვენგან ძალზე ზევით არაფერს ითხოვს. ის მარხვასა და მოთმინებას ჩვენგან არა მხოლოდ იმიტომ ითხოვს, რომ უჭმელნი ვიყოთ, არამედ იმიტომ, რომ ამქვეყნიურ საზრუნავთაგან განშორებულნი, მთელი თავისუფალი დრო სულიერ საქმეებს მოვახმაროთ. რომ ჩვენი ცხოვრება ყურადღებით მოგვეწყო და ყოველ თავისუფალ წუთს სულიერ საქმეებს მივუძღვნიდეთ, რომ საკვებს მხოლოდ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მივიღებდით და მთელ ცხოვრებას კეთილ საქმეებში გავატარებდით, მაშინ მარხვის შემწეობაც არ დაგვჭირდებოდა. მაგრამ, რადგან ადამიანური ბუნება დაუდევარია და უფრო თავშეუკავებლობისა და ფუფუნებისკენ არის მიდრეკილი, ამიტომ კაცთმოყვარემ უფალმა, მოსიყვარულე მამის მსგავსად, მარხვის წამალი გამოგვინახა, რათა ამქვეყნიურ სიამოვნებათაგან გამოგვიხსნას და საამსოფლო საზრუნავთაგან სულიერ საქმეებისკენ მოგვაქციოს. ამრიგად, თუ აქ მოსულთაგან ზოგიერთი ხორციელ სისუსტეს გრძნობს და უჭმელი ვერ რჩება, მათ ვურჩევ, რომ სხეული განიმტკიცონ და ამ სულიერი სწავლებისგანაც თავი არ მოიკვეთონ, არამედ მასზე მეტად იზრუნონ.
2. სათნოების მრავალი გზა
საკვებისგან თავშეკავების გარდა, მრავალი გზა არსებობს, რომელთაც შეუძლიათ ღვთის წინაშე კადნიერების კარი გაგვიღონ. ვინც საკვებს იღებს და მარხვას ვერ ინახავს, მან მეტად უხვი მოწყალება გაიღოს, ბეჯითად ილოცოს, ღვთის სიტყვის მოსმენისადმი მხურვალე მოშურნეობა გამოიჩინოს; აქ ხორციელი სისუსტე ხელს არ გვიშლის; მტრებს დაეზავოს, სულიდან ყოველგვარი ბოროტთახსოვრობა განდევნოს. ვინც ამას აღასრულებს, ის ჭეშმარიტ მარხვას ინახავს, ისეთს, რასაც სწორედ უფალი ითხოვს ჩვენგან. ხომ თავად საკვებისგან თავშეკავებაც იმიტომ გვამცნო, რომ ხორცის გულისთქმათა ლაგამი მოვქაჩოთ და ის მცნებათა აღმასრულებლად მორჩილი გავხადოთ. ხოლო თუ გადავწყვეტთ, რომ მარხვის შემწეობით არ ვისარგებლოთ ხორციელი სისუსტის გამო და მეტ უზრუნველობას მივეცემით, მაშინ, თავადაც უნებლიეთ, უდიდეს ზიანს მივაყენებთ თავს. თუ მარხვის დროსაც ზემოხსენებულ კეთილ საქმეთა ნაკლებობას ვამჩნევთ, მით უმეტეს, როცა მარხვის წამალს არ გამოვიყენებთ, ამ საქმეთა მიმართ მეტ დაუდევრობას გამოვიჩენთ. ამის გაგონილნი, თქვენ, ვისაც მარხვის ძალა გაქვთ, ამ კეთილ და საქებელ მოშურნეობას უფრო გაუძლიერეთ, გთხოვთ. „დაღათუ გარეშე ესე კაცი ჩუენი განიხრწნების, არამედ შინაგანი განახლდების დღითი დღედ" (). მარხვა სხეულს დაამდაბლებს და უწესრიგო გულისთქმათა სადავეს მოქაჩავს, ხოლო სულს კი გაანათლებს, აფრთიანებს, მსუბუქსა და მაღალმფრინავს გახდის. რაც შეეხება თქვენს ძმებს, რომლებსაც ხორციელი სისუსტის გამო მარხვის ძალა არ აქვთ, მათ დაარწმუნეთ, რომ ამ სულიერ საზრდოს არ ივიწყებდნენ, ასწავლეთ, ჩვენგან გაგონილი გადაეცით და აჩვენეთ, რომ ამ სწავლებათა მოსმენის უღირსი არ არის ის, ვინც ზომიერად ჭამს და სვამს, არამედ უზრუნველი და სიამოვნებებს მიცემული ადამიანი. მოციქულის სიტყვებიც შეახსენეთ: „რომელი ჭამს, უფლისად ჭამს, რამეთუ ჰმადლობს ღმერთსა; და რომელი არა ჭამს, უფლისადვე არა ჭამს, და ჰმადლობს ღმერთსა" (). ამრიგად, მარხულიც ღმერთს მადლობს იმისთვის, რომ მარხვის შრომის ატანის ძალა ჰქონდა; ჭამელიც ღმერთს მადლობს, რადგან ეს არაფრით ავნებს მისი სულის ცხონებას, ოღონდ ისურვოს. კაცთმოყვარემ ღმერთმა უთვალავი გზა გაგვიხსნა, რომლებითაც, თუ ვინებებთ, უდიდეს კადნიერებას (ღვთის წინაშე) მივაღწევთ. ყოველივე ამის შესახებ საკმაოდ ვისაუბრეთ არმოსულთა გულისთვის: სირცხვილის საბაბი წავართვით და ვაჩვენეთ, რომ ამისა არ უნდა რცხვენოდეთ, რადგან სირცხვილს არა ჭამა, არამედ ბოროტის ქმნა მოგვაყენებს. დიდი სირცხვილი — ესაა ცოდვა! თუ მას ჩავიდენთ, მაშინ გვმართებს არა მხოლოდ შერცხვენა, არამედ პირის დაფარვა და უბედურთ უნდა ვუწოდოთ საკუთარ თავს, როგორც შეცოდებულთ. უფრო სწორად — მაშინაც არ უნდა სასოწარვეთქმა, არამედ სინანულისა და გამოსწორებისკენ ვისწრაფოთ. ჩვენი მეუფე ასეთია, რომ თუ უზრუნველობით ცოდვას ჩავიდენთ, სხვას არაფერს ითხოვს ჩვენგან, გარდა იმისა, რომ შეცოდებანი აღვიაროთ, შევჩერდეთ და კვლავ იმავე ცოდვებში არ ჩავვარდეთ. თუ საკვებს ზომიერად მივიღებთ, არ გვრცხვენოდეს, რადგან უფალმა ისეთ სხეულს შეგვაერთა, რომელიც სხვაგვარად ვერ იარსებებს, თუ არა საკვების მიღებით; ოღონდ უზომოება არ იყოს; ეს ძალიან ემსახურება ჩვენი სხეულის ჯანმრთელობასა და სიძლიერეს. ყოველდღე ხომ ხედავთ, რომ ფუფუნების ტაბლებისა და უზომო ნაყროვანებისგან უთვალავი სნეულება წარმოიშობა? საიდან არის ფეხთა სნეულებანი? საიდან — თავის ტკივილი? საიდან — გაფუჭებული სინესტეების სიმრავლე? საიდან — ურიცხვი სხვა სნეულებანი? განა არა უზომოებისგან, განა არა იმიტომ, რომ ღვინოს საჭიროზე მეტს ვისხამთ? როგორც გადატვირთული გემი სწრაფად იძირება, ისე ნაყროვანებასა და მთვრალობას მიცემული ადამიანი უფსკრულში მიექანება, თავის გონებას ახრჩობს და ბოლოს, როგორც ცოცხალი მკვდარი, წევს — ხშირად ბოროტი ჯერ კიდევ შეუძლია, მაგრამ სიკეთისთვის მკვდრებზე მეტი არაფრის გაკეთება შეუძლია.
3. ადამიანის შექმნის საიდუმლო (1:27-28)
ამიტომ გევედრებით, ნეტარი პავლეს მსგავსად: „ჴორცთა ზრახვასა ნუ ჰყოფთ გულის სათქუმელ" (); განმტკიცდით და გაამრავლეთ მოშურნეობა და მზრუნველობა სულიერ საქმეთა აღსრულებისათვის. ყოველივე ამაზე ძმებთან ისაუბრეთ და დაარწმუნეთ ისინი, რომ ამ სულიერ საზრდოს ნურასოდეს მოიკვეთენ; დაე, სადილის შემდეგაც მოდიოდნენ აქ სრული მოშურნეობით, რათა, აქ შეგონების მიღებით, მტკიცედ დაუდგნენ ეშმაკის მზაკვრობებს წინ. ახლა კი ჩვეულ ტრაპეზს შემოგთავაზებთ: საყვარელნო, მოსმენის მოშურნეობისთვის დაგაჯილდოებთ და ვალსაც გადავიხდით, რომელიც გვმართებს. თქვენ, რასაკვირველია, იცით და გახსოვთ, რომ ადამიანის შექმნაზე საუბარი რომ დავიწყეთ, დროის სიმცირის გამო მთელ საკითხავს ვერ განვიხილეთ, არამედ სწავლება მხეცებზე მსჯელობით დავასრულეთ, სადაც ვაჩვენეთ, რომ ადამიანს თავიდან მათზე ხელმწიფება ჰქონდა, მაგრამ ურჩობის ცოდვის გამო ის დაკარგა. ამიტომ დღეს გვინდა, რომ დანარჩენიც გაცნობოთ და ასე გაგიშვათ აქედან. ხოლო, რათა ჩვენი სიტყვა თქვენთვის ნათელი იყოს, უნდა შეგახსენოთ, რაზე შევაჩერეთ მაშინ სწავლება, რათა იქიდან დაწყებულნი, ამგვარად დანარჩენიც დავასრულოთ. რაზე შევჩერდით მაშინ? სიტყვების განმარტებაზე: „ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ. და მთავრობდეს თევზთა ზღჳსასა და მფრინველთა ცისათა", — რადგან ჩვენი საუბარი საგრძნობლად გაიშალა და აზრთა დიდი ზღვა დაგვიბადა, — შემდგომზე წასვლა ვეღარ შეგვეძლო და, აქ შეჩერებულნი, მომდევნოს ვერ მივწვდით. ამიტომ ახლა უნდა საყვარელნო, წაგიკითხოთ რა მოსდევს, რათა იცოდეთ, რის თქმას ვაპირებთ. საღვთო წერილი (ზემოთმოყვანილი სიტყვების) შემდეგ ამატებს: „და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი. და აკურთხნა იგინი ღმერთმან მეტყუელმან: აღორძნდით და განმრავლდით, და აღავსეთ ქუეყანაჲ და ეუფლენით მას, და მთავრობდით თევზთა ზღჳსათა, და მფრინველთა ცისათა, და ყოველთა პირუტყუთა, და ყოველსა ქვეყანასა და ყოველთა ქუეწარმავალთა, მავალთა ქვეყანასა ზედა" (დაბ 1:27–28). სიტყვები ცოტაა, მაგრამ ამ მოკლე სიტყვებში დიდი საუნჯეა დამალული. ნეტარი წინასწარმეტყველი, სულიწმიდის შთაგონებით მოუბარი, აქ რაღაც საიდუმლოს გვასწავლის. როცა თქვა: „ვქმნეთ კაცი" და, ასე ვთქვათ, თათბირი და მსჯელობა გამოიყენა, ყოვლის შემოქმედმა მეტყველების ამ ფორმით უკვე მიანიშნა იმის ღირსებაზე, ვისი შექმნაც განიზრახა, და მის შექმნამდე გვიჩვენა, რა დიდი ხელმწიფება სურდა მისთვის ამ მომავალი ქმნილებისთვის. როცა თქვა: „ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ", (ღმერთმა) დაუმატა: „და მთავრობდეს თევზთა ზღჳსასა". შეხედე, როგორ თავიდანვე გვიხსნის დაფარულ საუნჯეს. ღვთის სულით მოუბარი, წინასწარმეტყველი არარსებულს ხედავდა, თითქოს ის უკვე არსებობდა და აღსრულებულიყო. რისთვის, მითხარი, ღმერთმა, რომ თქვა: „ვქმნეთ კაცი", ახლა ამბობს: „და მთავრობდეს"? ის რაღაც ფარულ საიდუმლოს გვიხსნის. ვინ არიან „და მთავრობდეს"? განა ცხადი არ არის, რომ ეს ცოლის შექმნაზე მინიშნებით თქვა? ხედავ, რომ საღვთო წერილში არაფერია უბრალოდ და უმიზეზოდ ნათქვამი, არამედ მცირე სიტყვაშიც ფარული საუნჯე იმალება.
4. წინასწარმეტყველური ხილვა და კურთხევა (1:28)
და ნუ გიკვირს, საყვარელო, ნათქვამი. ყველა წინასწარმეტყველთა ჩვეულება ასეთია — ჯერ არმომხდარზე, როგორც უკვე მომხდარზე, ლაპარაკობენ. ისინი სულიერი თვალებით უკვე ხედავდნენ იმას, რაც მრავალი წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო; ამიტომ ყველაფერზე ისე ამბობდნენ, თითქოს თვალწინ ეხატებოდეთ. რომ ეს ნათელი იყოს შენთვის, ისმინე, როგორ ნეტარი დავითი, ამდენი თაობით ადრე, ქრისტეს ჯვარცმის ვნებათა შესახებ წინასწარმეტყველებს და ღაღადებს: „განჴურიტნეს ჴელნი ჩემნი და ფერჴნი ჩემნი" (), და კიდევ: „განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის" (). ხედავ, როგორ იმაზე, რაც მრავალი დროის შემდეგ უნდა მომხდარიყო, უკვე მომხდარს როგორც მოგვითხრობს? ისევე, ეს ნეტარი წინასწარმეტყველი (მოსეც), ცოლის შექმნაზე გვანიშნებს რა, იგავურად ამბობს: „და მთავრობდეს თევზთა ზღჳსასა". შემდეგ კი უფრო ნათლად ამბობს: „და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი". შეხედე, რა ზედმიწევნითობას იყენებს და არაერთხელ იმეორებს ერთსა და იმავეს, რათა მისი სიტყვები მსმენელთა გონებაში ფესვი გაიდგას. ამის მიზანი რომ არ ჰქონოდა, საკმარისი იქნებოდა ეთქვა: „და შექმნა ღმერთმან კაცი". მაგრამ ის ამატებს: „სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი". ადრეც გვიჩვენა, რას ნიშნავს „ხატებისაებრ", და აი, ახლა იმავე სიტყვას იმეორებს და ამბობს: „ხატად ღმრთისა შექმნა იგი". რათა ყველაზე მცირე საბაბიც არ დაეტოვებინა მათთვის, ვისაც საეკლესიო მოძღვრებათა საწინააღმდეგო სიტყვა სდომებია, ის, ცოტა წინ წასული, ისევ იმასვე ასწავლის, ესე იგი, რომ გამოთქმა „ხატებისაებრ" ადამიანის ხელმწიფებისა და ყოველ ქმნილებაზე ბატონობის აღსანიშნავად იხმარა. ახლა ვნახოთ, რას ამბობს: „და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი". რაზეც ზემოთ სიტყვებით „და მთავრობდეს" მიანიშნა, აქ უფრო ნათლად ამბობს. თუმცა ესეც ბოლომდე არ გაგვიხსნა, რადგან ჯერ (კაცისა და ცოლის) შექმნაზე არ გვითხრა, ჯერ არ გვიჩვენა, საიდან წარმოიშვა ცოლი, და უკვე ამბობს: „მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი". ხედავ, როგორ ჯერ არმომხდარზე, როგორც უკვე მომხდარზე მოგვითხრობს? ასეთია სულიერი თვალები! არც ისე კარგად ხედავენ ეს ხორციელი თვალები ხილულს, როგორც სულიერი (ხედავენ) უხილავსა და არარსებულს. ამრიგად, რომ თქვა: „მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი", (მოსემ) ღვთის კურთხევა ორივეს მიმართ მიაწერა და ამბობს: „და აკურთხნა იგინი ღმერთმან მეტყუელმან: აღორძნდით და განმრავლდით, და აღავსეთ ქუეყანაჲ და ეუფლენით მას, და მთავრობდით თევზთა ზღჳსათა" (). რა მაღალი კურთხევაა! სიტყვები: „აღორძნდით და განმრავლდით და აღავსეთ ქუეყანაჲ", როგორც ყველამ იცის, უტყვ ცხოველთა და ქვეწარმავალთა მიმართაც ითქვა; ხოლო სიტყვები: „ეუფლენით მას და მთავრობდით" — მხოლოდ მამაკაცისა და დედაკაცის მიმართ. შენიშნე ღვთის კაცთმოყვარეობა: ჯერ კიდევ ცოლის შექმნამდე, ღმერთი მას ბატონობის თანამონაწილედ ხდის (ქმნილებათა ზედა) და კურთხევის ღირსად აცხადებს. „და მთავრობდით, — ამბობს, — თევზთა ზღჳსათა და მფრინველთა ცისათა, და ყოველთა პირუტყუთა, და ყოველსა ქვეყანასა და ყოველთა ქუეწარმავალთა, მავალთა ქვეყანასა ზედა". ხედავ გამოუთქმელ ხელმწიფებას? ხედავ დიდ მთავრობას? ხედავ, რომ ყოველი ქმნილება ადამიანს დაემორჩილა? ნუ იფიქრებ ამ გონიერ არსებაზე დაბლად, არამედ მისი პატივის სიდიადეზე და უფლის კეთილგანწყობაზე ფიქრობდე და მის გამოუთქმელ კაცთმოყვარეობას უკვირდი.
5. ღვთის განგება ქმნილებათა გამოკვებისთვის (1:29-30)
„და თქვა ღმერთმან: აჰა, მიგცე თქვენ ყოველი თივა სათესავი მთესველი თესლისაჲ, რომელ არს ზედა ყოვლისა ქვეყანისა. და ყოველი ხე, რომელსა აქუს თავსა შორის თჳსსა ნაყოფი თესლისაჲ სათესავი, თქუენდა იყოს საჭმელად. და ყოველთა მჴეცთა ქვეყანისათა და ყოველთა მფრინველთა ცისათა. და ყოვლისა ქუეწარმავალისა, რომელი ვალს ქვეყანასა ზედა, რომელსა აქუს თავსა შორის თვისსა სული სიცოცხლისა, და ყოველი თივა მწვანვილისა საჭამადად და იქმნა ეგრეთ" (დაბ 1:29–30). ყურადღება მიაქციე, საყვარელო, გამოთქმათა ზუსტობას და ღვთის გამოუთქმელ კაცთმოყვარეობას, და ერთი სიტყვაც უყურადღებოდ ნუ გამოტოვებ. „და თქვა, — ამბობს, — ღმერთმან: აჰა, მიგცე თქვენ ყოველი თივა სათესავი", — თითქოს ორისადმი მიმართავს, და ეს მაშინ, როცა ცოლი ჯერ არ იყო შექმნილი. შემდეგ, რომ უფლის უსაზღვრო სახიერება გაიგო, შეხედე, როგორ იჩენს მოწყალებასა და ზღვაზე უფრო უხვ სიკეთეს არა მხოლოდ მამაკაცისა და ჯერ არშექმნილი ცოლის, არამედ უტყვ ცხოველთა მიმართაც. რომ თქვა: „თქუენდა იყოს საჭმელად", დაუმატა: „და ყოველთა მჴეცთა ქვეყანისათა". აი, მოწყალების კიდევ ერთი უფსკრული: ის არა მხოლოდ მშვიდ და ჩვენთვის საჭმელად და სამსახურად ვარგის უტყვ ცხოველებზე იზრუნა, არამედ მხეცებზეც. მაგრამ ვის ძალუძს ამ უსაზღვრო სახიერების სრულად ჩაწვდომა? „თქუენდა, — ამბობს, — იყოს საჭმელად. და ყოველთა მჴეცთა ქვეყანისათა და ყოველთა მფრინველთა ცისათა. და ყოვლისა ქუეწარმავალისა, რომელი ვალს ქვეყანასა ზედა, რომელსა აქუს თავსა შორის თვისსა სული სიცოცხლისა, და ყოველი თივა მწვანვილისა საჭამადად". დიდია უფლის განგება თავის მიერ შექმნილი ადამიანის მიმართ! როცა მას შექმნა და ქმნილებათა ზედა მთელი ხელმწიფება მისცა, რათა უტყვ ცხოველთა ამოდენა სიმრავლის ხილვისას, თავიდანვე, დასაწყისშივე არ დამძიმებულიყო იმ ფიქრით, რომ ამდენ პირუტყვს ვერ გამოკვებავდა, — სახიერმა მეუფემ, სანამ ადამიანს ასეთი ფიქრი გაუჩნდებოდა, თითქოს ნუგეშის მისაცემად და იმის საჩვენებლად, რომ როგორც თავად ადამიანს, ისე ყოველ უტყვს სრული საკმარისობა ექნებოდა, რადგან მიწა, უფლის ბრძანებით, მათ კვებას მოემსახურებოდა, სიტყვებს: „თქუენდა იყოს საჭმელად", მაშინვე დაუმატა: „და ყოველთა მჴეცთა ქვეყანისათა და ყოველთა მფრინველთა ცისათა. და ყოვლისა ქუეწარმავალისა, რომელი ვალს ქვეყანასა ზედა, რომელსა აქუს თავსა შორის თვისსა სული სიცოცხლისა, და ყოველი თივა მწვანვილისა საჭამადად. და იქმნა ეგრეთ". ყოველივე, ესე იგი, რაც შემოქმედმა ბრძანა, აღსრულდა, ყოველივე ჯეროვან წესრიგს მიეცა. ამიტომაც (მოსემ) მაშინვე დაამატა: „და იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა, და აჰა კეთილ ფრიად" ().
6. ყოველი ქმნილების სიკეთე (1:31)
ვინ შეძლებს ღირსეულად შეაქოს საღვთო წერილის ზედმიწევნითობა? აი, აქაც სიტყვებით: „და იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა", ბაგეს უკრავს ყველას, ვინც მომავალში გაბედავდა წინააღმდეგობის თქმას. „და იხილნა, — ამბობს, — ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა, და აჰა კეთილ ფრიად. და იყო მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეექუსე". როგორც შექმნილ საგანთაგან თითოეულზე (წერილი) ამბობდა: „და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ", ისევე ახლა, როცა ყოველივე შესრულდა და მეექვსე დღის საქმეები დამთავრდა, როცა ისიც შეიქმნა, ვისაც ყოველი ქმნილება უნდა გამოეყენებინა, ამბობს: „და იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა, და აჰა კეთილ ფრიად". შეხედე, როგორ ერთ ამ სიტყვით — „ყოველნი" — მთელი ქმნილება მოიცვა და თითოეულს შექება მიაგო. სიტყვა „ყოველნი" კი არ ეყო, არამედ დაუმატა: „რაოდენნი ქმნნა"; ამაზეც არ შეჩერდა, არამედ ამბობს: „და აჰა კეთილ" და: „ფრიად კეთილ", ესე იგი, სავსებით კარგი. ამრიგად, როცა იმ უფალმა, რომელმაც არარსებულიდან არსებობაში მოიყვანა, თავის ქმნილებებს კეთილი უწოდა, ვინ გაბედავს, თუნდაც უგუნურესი თავდაჯერებით იყოს აღსავსე, პირის გახსნას და ღვთის ნათქვამისთვის წინააღმდეგობას? რადგან ხილულ ბუნებაში შექმნილია არა მხოლოდ ნათელი, არამედ ბნელიც, ნათლის საპირისპირო; არა მხოლოდ დღე, არამედ ღამეც, დღის საპირისპირო; ხოლო მიწის ნაყოფთა შორის არა მხოლოდ სასარგებლო ბალახები, არამედ მავნენიც; ხეები არა მხოლოდ ნაყოფიერი, არამედ უნაყოფოც; ცხოველები არა მხოლოდ მშვიდი, არამედ ველური და სასტიკიც; წყალთაგან შობილთა შორის არა მხოლოდ თევზები, არამედ ვეშაპნი და სხვა ზღვის მხეცნიც; მიწაზე არა მხოლოდ დასახლებული ადგილები, არამედ უდაბნოებიც; არა მხოლოდ ბარი ველები, არამედ მთები და ხეობებიც; ფრინველთა შორის არა მხოლოდ შინაურნი და საჭმელად ვარგისნი, არამედ მტაცებელნი და უწმიდურნი — მაგალითად, ქორები, ძერები და ბევრი სხვა; ისევე, მიწისგან წარმოშობილ ცხოველთა შორის არა მხოლოდ მშვიდნი, არამედ გველები, იქედნები, დრაკონები, ლომები და ავაზები; ჰაერშიც არა მხოლოდ სასარგებლო ქარი და წვიმა, არამედ სეტყვა და თოვლიც; და საერთოდ, თუ ყოველივეს დაწვრილებით განიხილავ, ქმნილებათა ყოველ სახეობაში არა მხოლოდ ჩვენთვის სასარგებლოს იპოვი, არამედ მავნედ მოჩვენებულსაც, — რათა შემდგომში არავის შეძლებოდა, ღვთის ქმნილებებს რომ დახედავდა, მათი დაგმობა და თქმა: რისთვისაა ეს? რისთვისაა ის? ან: ეს კარგად არის შექმნილი, ეს კი — არაო, — საღვთო წერილი, ასე ვთქვათ, ბაგეს უკრავს ყველას, ვინც ცუდი განზრახვით გაბედავს მსჯავრს, და მეექვსე დღეს ყოველივეს შექმნის შემდეგ ამბობს: „და იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა, და აჰა კეთილ ფრიად". რა შეიძლება ასეთ დამოწმებას გაუტოლდეს, როცა თავად ყოვლის შემოქმედი აცხადებს და ამბობს, რომ შექმნილი კეთილია, ფრიად კეთილი? ამიტომ, როცა დაინახავ, რომ ვინმე, საკუთარ მსჯელობას მიყოლილი, საღვთო წერილის წინააღმდეგ ილაშქრებს, განერიდე მას, როგორც გიჟს, ან უკეთესი იქნება — ნუ განერიდები, არამედ მისი უმეცრების შეცოდნით, წარუდგინე ის, რასაც საღვთო წერილი ამბობს, და უთხარი, რომ „იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა, და აჰა კეთილ ფრიად"; შესაძლოა, მისი უზნეო ენის შეკავებას შეძლო. თუ ადამიანურ საქმეებშიც, როცა ვხედავთ, რომ მათ შესახებ მაღალ პირთა აზრი გამოთქმულა, წინ არ ვეწინააღმდეგებით, არამედ ვთანხმდებით და მათ განაჩენს საკუთარ მსჯავრს ვამჯობინებთ, მით უმეტეს ასე უნდა მოვიქცეთ ყოვლის ღმერთისა და ყოველი ხილულის შემოქმედის მიმართ: მისი განაჩენის მცოდნენი, საკუთარი ზრახვები უნდა დავთრგუნოთ და შემდგომი კვლევა-ძიების რისკზე არ წავიდეთ, არამედ ვიცოდეთ და მტკიცედ გვწამდეს, რომ ყოველივე გონივრულად და კაცთმოყვარულად არის შექმნილი და არაფერია გაკეთებული უმიზნოდ და ამაოდ. თუმცა ჩვენი გონების სისუსტის გამო ზოგიერთ ქმნილებათა გამოყენება არ ვიცით, მაინც (უნდა გვწამდეს, რომ) ღმერთმა ყოველივე თავისი სიბრძნითა და მაღალი კაცთმოყვარეობით წარმოშვა.
7. მეშვიდე დღე და ღვთის განსვენება (2:1-3)
„და იყო მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეექუსე", — ამბობს (მოსე). მეექვსე დღის დასრულებასთან ერთად ყოველი ქმნილების შექმნაც დაასრულა; ამიტომაც დაუმატა: „და სრულ იქმნეს ცაჲ და ქვეყანა და ყოველი სამკაული მათი" (). შეხედე, როგორ ერიდება საღვთო წერილი ზედმეტსა და გადაჭარბებულს. მთავარ სტიქიებს რომ ახსენა, დანარჩენზე ცალკე აღარ ამბობს; რომ თქვა: „და სრულ იქმნეს ცაჲ და ქვეყანა", ამბობს: „და ყოველი სამკაული მათი", და ამით ყოველივე აღნიშნა, რაც მიწაზე და ცაზე არის. მიწის სამკაული არის ის, რაც მისგან წარმოიშვა — ბალახთა აღმოცენება, ნაყოფთა გამოღება, ხეთა ნაყოფიერება და ყოველივე სხვა, რითაც შემოქმედმა იგი შეამკო. ისევე, ცის სამკაული არის: მზე, მთვარე, მრავალფეროვანი ვარსკვლავები და მათ შორის არსებული ყოველი ქმნილება. ამიტომ საღვთო წერილმა, ცა და მიწა რომ ახსენა, ამ სტიქიებით მთელი ქმნილება მოიცვა. „და განასრულა, — ამბობს, — ღმერთმან დღესა მეექუსესა საქმენი მისნი, რომელნი ქმნნა" (). შეხედე, როგორ ერთხელ და მეორეხელ იმეორებს ერთსა და იმავეს, რათა ვიცოდეთ, რომ შექმნის ყოველი საქმე მეექვსე დღემდე გრძელდებოდა: „განასრულა, — ამბობს, — ღმერთმან დღესა მეექუსესა საქმენი მისნი, რომელნი ქმნნა: და დასცხრა დღესა მეშვიდესა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელნი ქმნნა". რას ნიშნავს: „და დასცხრა დღესა მეშვიდესა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელნი ქმნნა"? შენიშნე, რა ადამიანურად და რა შემწყნარებლობით გვეუბნება ყველაფერს საღვთო წერილი: სხვაგვარად ვერც ერთ სიტყვას ვერ გავიგებდით, ასეთი მოწყალება რომ არ ეღირსებინა ჩვენთვის. „და დასცხრა, — ამბობს, — დღესა მეშვიდესა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელნი ქმნნა", ესე იგი, შეწყვიტა ქმნა და არარსებულიდან არსებობაში მოყვანა. ყოველივე, რაც საჭირო იყო, უკვე წარმოშვა; შექმნა ისიც, ვისაც ეს ქმნილებანი უნდა გამოეყენებინა. „და აკურთხა, — ამბობს, — ღმერთმან დღე მეშჳდე და წმიდა-ყო იგი, რამეთუ მას შინა დასცხრა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელთა იწყო ღმერთმან ქმნად" (). რადგან მას აღარ სურდა ახალი რამ ქმნა და ყოველივე, რაც კი ინება, თავისი კაცთმოყვარეობით თავის ბრძანებით წარმოშვა, მეექვსე დღეს ქმნას ბოლო მოუღო, მეშვიდეში კი სხვა არაფრის წარმოშობა ინდომა, რადგან ყოველივე, რაც კი სურდა, უკვე შესრულებულიყო, — რათა ამ დღესაც გარკვეული უპირატესობა ჰქონოდა და უმნიშვნელო არ ჩანდეს მისთვის, რომ მის განმავლობაში არაფერი შეიქმნა, (ღმერთმა) კურთხევით ღირსყო: „და აკურთხა, — ამბობს, — ღმერთმან დღე მეშჳდე და წმიდა-ყო იგი". რა, დანარჩენი (დღეები) არ იყვნენ კურთხეულნი? რა თქმა უნდა, ამბობს; მაგრამ მათთვის ყოველგვარ კურთხევად ისიც საკმარისი იყო, რომ მათ თითოეულში ქმნილებანი შეიქმნა. ამიტომ (წერილმა) მათ შესახებ „აკურთხა" არ თქვა, მხოლოდ მეშვიდე დღის შესახებ თქვა და კიდევ დაუმატა: „და წმიდა-ყო იგი". რას ნიშნავს: „და წმიდა-ყო იგი"? გამოჰყო იგი. შემდეგ, იმის მიზეზიც რომ გვეჩვენებინა, რის გამოც თქვა: „და წმიდა-ყო იგი", საღვთო წერილი ამატებს: „რამეთუ მას შინა დასცხრა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელთა იწყო ღმერთმან ქმნად". აი, უკვე აქ, თავიდანვე (სამყაროს არსებობის დასაწყისში), ღმერთი მინიშნებით გვთავაზობს იმ მოძღვრებას, რომ კვირის ერთი დღე მთლიანად სულიერ საქმეებს მივუძღვნათ და გამოვყოთ. ამისთვის უფალმა, ექვს დღეში ყოველი საქმის აღსრულების შემდეგ, მეშვიდე დღე კურთხევითა და განწმენდით ღირსყო, „რამეთუ მას შინა დასცხრა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელთა იწყო ქმნად". მაგრამ აქ, ვხედავ, ისევ აზრთა უსაზღვრო ზღვა იხსნება ჩვენ წინაშე, და მინდა არა უყურადღებოდ ჩავუარო მას, არამედ ამ სულიერი სიმდიდრის თანამონაწილენიც გავხადოთ თქვენ. რა კითხვა ჩნდება აქ ჩვენთვის? (ესა): საღვთო წერილი აქ გვიჩვენებს, რომ ღმერთი თავის საქმეთაგან დასცხრა, ხოლო სახარებაში ქრისტე ამბობს: „მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ" (), — ამ გამონათქვამთა შედარებისას წინააღმდეგობა ხომ არ ჩანს მათში? ნუ იყოფინ: საღვთო წერილის სიტყვებში არანაირი წინააღმდეგობა არ არის. როცა წერილი აქ ამბობს: „რამეთუ დასცხრა ღმერთი საქმეთაგან თჳსთა", ამით გვასწავლის, რომ მან მეშვიდე დღეს ქმნა და არარსებულიდან არსებობაში მოყვანა შეწყვიტა; ხოლო, როცა ქრისტე ამბობს: „მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ", ამით მის უწყვეტ განგებაზე მიუთითებს და საქმედ მისი არსებულის შენარჩუნებას, არსებობის გაგრძელების ბოძებასა და მართვას უწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ იარსებებდა სამყარო, უმაღლეს ხელს რომ არ ემართა და განეკარგა ყოველი ხილული და კაცთა მოდგმა? ხოლო თუ ვინმე კეთილგანწყობილად ინდომებს ყოველდღიურად თქვენთვის შემოქმედის მიერ აღსრულებულის დაწვრილებით განხილვას, ის კაცთმოყვარეობის უფსკრულს აღმოაჩენს. მართლაც, რა მსჯელობა, რა გონება შეძლებს იმ გამოუთქმელი სახიერების ჩაწვდომას, რომელსაც (ღმერთი) კაცთა მოდგმის მიმართ იჩენს, მზეს რომ აბრწყინვინებს „ბოროტთა ზედა და კეთილთა" და წვიმას აწვიმებს „მართალთა ზედა და ცრუთა" (), და ყოველივე სხვაში სიუხვეს გვიბოძებს? იქნებ ჩვენი სიტყვა საჭიროზე შორს წავიდა; მაგრამ ეს ამაოდ და უმიზნოდ არ გაგვიკეთებია, არამედ იმიტომ, რომ აქ არმოსულთ თქვენი მეშვეობით შეიტყონ, რა ზარალი მიაყენეს თავს, ხორციელი საკვების გამო რომ სულიერი სწავლება დაკარგეს. თუმცა, რათა მათი მწუხარება არ გაზარდოთ, ძმური სიყვარულით მოეპყარით, ჩვენი სიტყვები გადაეცით: ეს ჭეშმარიტი სიყვარულის მოწმობა იქნება. თუ ისინი, ვინც ხორციელ საჭმელთან ასე ექცევიან და ნაცნობთათვის ტაბლიდან რამეს გადანახავენ, ამით მცირე სიყვარულს კი არა, დიდ სიყვარულს გამოხატავენ, მით უმეტეს, სულიერ საგნებთან მიმართებაში ასეთი საქციელი დიდ ქებას მოგვიტანს; და თავადაც სარგებელი მოგვეცემა. ვინც მოყვასს ასწავლის, ის არა იმდენად სხვას ქველმოქმედებს, რამდენადაც საკუთარ თავს უმზადებს დიდ ჯილდოს და ორმაგ ნაყოფს მოიწევს: ღვთისგან უფრო დიდ მისაგებელს იღებს, და თავადაც, როცა მოყვასს გადასცემს, ნათქვამს მოიხსენებს და მეხსიერებაში განაახლებს.
8. სულიერი საზრდოს მუდმივი აუცილებლობა
ასეთ სარგებელზე ფიქრით, ნუ უარს ეტყვით ძმებს, არამედ დღესვე შეიტყონ მათ თქვენგან ჩვენი სიტყვები. ხოლო, რათა მომავალში აღარ გჭირდებოდეთ მათთვის ასეთი სწავლების გადაცემა, მოიზიდეთ ისინი ჩვენთან და ასწავლეთ, რომ ხორციელი საკვების მიღება არაფრით ხელს არ უშლის სულიერ სწავლებას, რომ ყოველი დრო სულიერი საუბრისთვის ხელსაყრელად უნდა მივიჩნიოთ. თუ ყურადღებით განვიხილავთ, სახლშიც შეგვიძლია, როგორც სადილის შემდეგ, ისე მანამდე, ხელთ ავიღოთ საღვთო წიგნები, მათგან სარგებელი მივიღოთ და სულს სულიერი საზრდო მივაწოდოთ. როგორც სხეულს ხორციელი საკვები სჭირდება, ისე სულს ყოველდღიური სწავლება და სულიერი საზრდო ესაჭიროება, რათა, ამით განმტკიცებული, ხორცის ამბოხს წინ აღუდგეს და იმ ბრძოლას გაუძლოს, რომელიც მუდამ გვემუქრება და ჩვენს სულს ტყვეს ხდის, თუნდაც მცირე ხნით მოვინდომოთ უზრუნველობას მიცემა. ამიტომაც წინასწარმეტყველმა დავითმა ნეტარი უწოდა მას, ვინც უფლის „შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე" (). და ნეტარი მოსე, იუდეველ ხალხს რომ ასწავლიდა, ამბობს: როცა „ჰჭამდე" და სვამდე „და განსძღებოდე", მოიხსენე „უფალი ღმერთი შენი" (). ხედავ, როგორ სწორედ მაშინ, ესე იგი, საკვების მიღების შემდეგ, განსაკუთრებით უნდა მივიტანოთ სულიერი საზრდო, რათა სული, ხორციელი საკვებით გაძღომის შემდეგ მოდუნებული, არ დაიღუპოს და ეშმაკის მზაკვრობას ადგილი არ მისცეს, რომელიც ყოველ ჟამს ჩვენთვის სასიკვდილო დარტყმის მიყენებას ცდილობს. იგივე წინასწარმეტყველი სხვაგან ამბობს: „სასუენებელსა ზედა შენსა და აღდგომასა შენსა" მოიხსენე უფალი ღმერთი შენი (). ხედავ, რომ არცერთ ჟამს არ უნდა განვდევნოთ სულიდან ეს მოხსენიება (ღვთისა), არამედ მტკიცედ ვიცავდეთ სინდისში, მუდმივ სიფხიზლეში ვიყოთ და არასოდეს მოვისვენოთ, არამედ, მტრის მძვინვარების მცოდნენი, ფხიზლად და ფრთხილად ვიყოთ, ყოველი შემოსასვლელი დავუხშოთ და სულიერი საზრდო არასოდეს ავიცდინოთ. ამაშია თქვენი ცხონება, ამაშია სულიერი სიმდიდრე, ამაშია უსაფრთხოება. თუ ასე ვიცავთ მუდამ თავს კითხვითა, მოსმენითა და სულიერი საუბრით, მაშინ შევძლებთ როგორც თავად უძლეველნი გავხდეთ, ისე ბოროტი დემონის მზაკვრობანი ამაო გავხადოთ და ცათა სასუფეველი მივიღოთ — ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.