📋 სარჩევი
1. ნოეს მადლიერება და ღვთის ქველმოქმედება
გუშინ ჩვენ ვიხილეთ კაცთმოყვარე უფლის სახიერება, თუ როგორ გამოიყვანა მართალი კიდობნიდან, განათავისუფლა იგი მასში ყოფნისგან, იხსნა ამ მძიმე და საშინელი საპყრობილისგან და დააჯილდოვა მოთმინებისთვის, სთქვა რა: "აღორძნდით და განმრავლდით" (). დღეს კი ვნახოთ ნოეს მადლიერება და აღიარება, რომლითაც მან კიდევ უფრო დიდი და მაღალი ღვთის კეთილგანწყობა მოიპოვა. ღმერთი ყოველთვის ასე იქცევის: როცა ხედავს, რომ ვინმე მადლიერია წინანდელისთვის, კიდევ უფრო დიდ ნიჭებს უწვდის მას. ვეცადოთ, ჩვენც ძალის მიხედვით მადლობა აღვავლინოთ უფლისადმი ჩვენთვის მისგან ბოძებული სიკეთეებისთვის, რათა კიდევ უფრო დიდი სიკეთეების ღირსნი გავხდეთ; და ნურასოდეს დავივიწყოთ ღვთის ჩვენდამი გაცხადებული ქველმოქმედება, არამედ ყოველთვის გონებაში შევინახოთ ისინი, რათა ხსოვნა მათ შესახებ მუდმივი მადლიერებისკენ გვიბიძგებდეს, თუმცა ისინი იმდენად მრავალრიცხოვანნი არიან, რომ ჩვენი გონება ვერ შეძლებს ღვთის ჩვენდამი სიკეთეთა დათვლას. მართლაც, ვის შეუძლია თუნდაც წარმოიდგინოს ყველაფერი, რაც უკვე გიბოძათ (ღვთისგან), რაც აღგითქვათ, რაც ყოველდღიურად მოგეცემათ? მან არყოფნიდან ყოფნაში მოგვიყვანა, მოგვანიჭა სხეულიც და სულიც, გონიერ არსებებად შეგვქმნა, მოგვცა ეს ჰაერი სუნთქვისთვის, მოაწყო მთელი ქმნილება ადამიანის მოდგმისთვის და თავიდან ინება, რომ ადამიანი სამოთხეში ყოფნით ტკბებოდა, სიცოცხლეს ტანჯვის გარეშე და ყოველგვარი შრომის გარეშე ატარებდა და ხორცში მყოფს, არაფრით ჩამოუვარდებოდა ანგელოზებსა და უსხეულო ძალებს, არამედ ხორციელი საჭიროებების ზემოთ იდგა. მერე, როცა (ადამიანი) უზრუნველობის გამო ეშმაკის ცბიერებით, გველის მეშვეობით, მოტყუებულ იქნა, (ღმერთმა) მაშინაც არ შეწყვიტა შემცოდე დამნაშავისადმი ქველმოქმედება, არამედ თავად სასჯელებშიც, როგორც გუშინ უკვე ვთქვი, აჩვენა თავისი კაცთმოყვარეობის სიუხვე და უამრავი და ურიცხვი ქველმოქმედება აღმოუჩინა მას. ბოლოს, როცა შემდგომ დროში ადამიანის მოდგმა გამრავლდა და უკეთურებისკენ გადაიხარა, ღმერთმა, იხილა რა, რომ ჭრილობები განუკურნებელია, ბოროტმოქმედნი მოსპო, როგორც რაღაც მავნე საფუარი და ეს მართალი (ნოე) დატოვა იმ მიზნით, რომ იგი ადამიანის მოდგმის ფესვი და დასაბამი გამხდარიყო. და კვლავ უყურე, რა კეთილგანწყობა უჩვენა მას. ამ მართლისგან და მისი ძეებისგან კეთილინება ადამიანის მოდგმის ამ დიდ რიცხვამდე გამრავლება, თანდათან არჩევდა მართლებს, ესე იგი პატრიარქებს, და დანიშნა ისინი სხვა ხალხისთვის მოძღვრებად, რომლებსაც შეეძლოთ ყველას ასწავლიდნენ თავიანთი სათნოებებით და, ექიმების მსგავსად, ავადმყოფებს ემკურნალნენ. მიჰყავს ისინი ხან პალესტინაში, ხან ეგვიპტეში, ამით ავარჯიშებს რა თავისი მსახურების მოთმინებას და, ამასთანავე, უფრო აშკარად ავლენს საკუთარ ძალას; და გამუდმებით ზრუნავს ადამიანთა ცხონებაზე, აგზავნის წინასწარმეტყველებს და მათ მეშვეობით ახდენს სასწაულებსა და ნიშნებს. მოკლედ რომ ვთქვათ, როგორც ზღვის ტალღებს ვერასოდეს გადავთვლით, თუნდაც ათასჯერ მივუბრუნდეთ ამას, ისე (ვერ ჩამოვთვლით) ღვთის მრავალფეროვან ქველმოქმედებას, რომელიც მან ჩვენი მოდგმისადმი გამოაჩინა. ბოლოს, როცა (ღმერთმა) იხილა, რომ ამ დიდი განგების შემდეგაც ადამიანის ბუნება კვლავ საჭიროებს დიდ და გამოუთქმელ კაცთმოყვარეობას და რომ არაფერი ეშველებოდა არც პატრიარქებით, არც წინასწარმეტყველებით, არც იმ საოცარი სასწაულებით, არც სასჯელებითა და შეგონებებით, რომლებიც ასე ხშირად მეორდებოდა, არც იმ ტყვეობებით, რომლებიც ერთმანეთს მისდევდა, — მაშინ, თითქოს შეიწყნარა ჩვენი მოდგმა, მოგვივლინა სულთა და ხორცთა მკურნალი, აღადგინა რა, ასე ვთქვათ, მამისეული წიაღიდან თავისი მხოლოდშობილი ძე, რომელმაც კეთილინება მიეღო მონის ხატი () და შობილიყო ქალწულისგან, ეცხოვრა ჩვენთან ერთად და ჩვენი ყოველი (საჭიროება) გადაეტანა, რათა ჩვენი ბუნება, ცოდვათა სიმრავლის გამო მიწაზე მწოლარე, მიწიდან ზეცად აეყვანა. ამისგან განკვირვებული და ღვთის ადამიანის მოდგმისადმი სიყვარულის უზომოებას წარმოსადგენად, ქუხილის ძემ წამოიძახა: "რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე" (). უყურე, რა განკვირვებას გამოხატავს ეს გამოთქმა! სიტყვით "ესრეთ" მიანიშნებს იმის მნიშვნელობაზე, რისი თქმაც სურს; აი, ამიტომ ასე დაიწყო. გვითხარ, ნეტარო იოანე, როგორ "ესრეთ"? გვიჩვენე ზომა, გვაჩვენე სიდიადე, გვიმხილე (ღვთის სიყვარულის) უპირატესობა. "რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდ-შობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ".
ხედავ, ძის (ღვთისა) მოსვლის მიზეზი ის არის, რომ ადამიანები, რომელთაც წარწყმედა ემუქრებოდა, მისადმი რწმენით ეხსნა? ვის შეუძლია გონებით მოიცვას ის დიდი, საკვირველი და გონებისთვის მიუწვდომელი კეთილგანწყობა, რომელიც ღმერთმა ჩვენი ბუნებისადმი გამოავლინა ნათლისღების ნიჭით, მოგვანიჭა რა ყველა ჩვენი ცოდვის მიტევება? მაგრამ რა გითხრა? ვერც გონება შეძლებს, ვერც სიტყვა — დანარჩენი (ღვთის ქველმოქმედების) ჩამოთვლას. რამდენიც არ უნდა ვთქვა, დანარჩენი მაინც იმდენად დიდი იქნება, რომ თავისი უზომოებით აჭარბებს უკვე ნათქვამს. ასე ვის შეუძლია გონებით ჩაწვდეს სინანულის იმ გზას, რომელიც (ღმერთმა) გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით გაუხსნა ჩვენს მოდგმას, და ნათლისღების ნიჭის შემდეგ — იმ საკვირველ მცნებებს, რომელთა (აღსრულების) მეშვეობით, თუ მოვინდომებთ, შეგვიძლია მისი კეთილგანწყობა მოვიპოვოთ?
2. ნოეს მსხვერპლი და სუფთა განწყობის ძალა (8:20-21)
ხედავ, საყვარელო, (ღვთის) ქველმოქმედების უფსკრულს? ხედავ, რამდენი ჩამოვთვალეთ და მაინც ვერ შევძელით მათი მცირე ნაწილიც კი გადმოგვეცა? როგორ შეიძლება, მართლაც, ადამიანის ენამ სიტყვით გამოხატოს ის, რაც ღმერთმა ჩვენთვის ქმნა? და, ამასთანავე, რამდენადაც მრავალრიცხოვანნი და დიდნი არიან ესენი (ქველმოქმედებანი), კიდევ ბევრად უფრო დიდი და გამოუხატავია ის სიკეთეები, რომლებიც მან აღგვითქვა აქაური ცხოვრების შემდეგ, მომავალ საუკუნეში, სათნოების გზით მავალთათვის. ნეტარი პავლე, სურდა რა, მცირე სიტყვებით წარმოგვედგინა მათი უზომო სიდიადე, ამბობს: "რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა" (). ხედავ ნიჭთა უზომოებას? ხედავ, რომ მისი ქველმოქმედებანი ადამიანის ყოველგვარ ცნებას აღემატება? "გულსა", — ამბობს, — "კაცისასა არა მოუჴდა". ამრიგად, თუ მოვინდომებთ მათზე ფიქრს და ჩვენი ძალის მიხედვით მადლობას (ღმერთს) აღვავლენთ, მაშინ შეგვიძლია მისი კეთილგანწყობა კიდევ უფრო მოვიპოვოთ და სათნოებისადმი უფრო ძლიერი მისწრაფება აღვძრათ ჩვენში. მართლაც, ქველმოქმედებათა ხსოვნა ძლიერად აღძრავს სათნოების ღვაწლისკენ და განაწყობს ადამიანს, მოიძულოს ყოველივე ამჟამინდელი, შეეწებოს ამ ესოდენ დიდ ქველმოქმედს და ყოველდღიურად ცოცხალი სიყვარული გამოავლინოს მისადმი. აი, ამიტომაც ეს მართალი (ნოე) იმის გამო ეღირსა ღვთისგან ასეთ კეთილგანწყობასა და პატივს, რომ წინანდელი ქველმოქმედებისთვის დიდი მადლიერება გამოიჩინა. მაგრამ, რომ ჩვენი სიტყვა თქვენთვის უფრო ნათელი იყოს, საჭიროა, საყვარელნო, თავად დღევანდელი საკითხავის დასაწყისი წარმოგიდგინოთ. მას შემდეგ, რაც ნოე, უფლის ბრძანებით, გამოვიდა კიდობნიდან ძეებთან, ცოლთან და ძეთა ცოლებთან ერთად, ყველა მხეცითა და ფრინველით და გამოსვლისას ღვთისგან მეტად სანუგეშო კურთხევა მიიღო: "აღორძნდით და განმრავლდით", — საღვთო წერილი, გვაჩვენებს რა მართლის მადლიერებას, ამბობს: "და აღუშენა ნოე საკურთხეველი ღმერთსა და მოიღო ყოველთაგან საცხოვართა წმიდათა და ყოველთაგან მფრინველთა წმიდათა და შეწირნა იგინი ყოვლად ნაყოფებად საკურთხეველსა ზედა" (დაბ 8:17, 20). გულდასმით დაკვირვდი, საყვარელო, ამ სიტყვებიდანაც, როგორ ჩადო ყოველივეს შემოქმედმა თავად ჩვენს ბუნებაში სათნოების ზუსტი ცნება. საიდან, მართლაც, მითხარი, მოუვიდა ეს (გონებაში) მართალს? სხვაში მისთვის მაგალითი არ უნახავს. მაგრამ როგორც დასაბამში პირველი ადამიანის ძემ, ანუ აბელმა, საკუთარი შინაგანი სურვილით შეწირა (ღმერთს) მსხვერპლი დიდი გამორჩევით, ისე ახლაც ეს მართალი მსხვერპლთა მეშვეობით მადლობას აღავლენს უფლისადმი საკუთარი ნებითა და ჯანსაღი მსჯელობით, როგორც შეეძლო და როგორც ადამიანურად მიაჩნდა. და უყურე, რა დიდი სიბრძნით აკეთებს ყოველივეს. მას არ დასჭირდა არც დიდებული შენობა, არც ტაძარი, არც რაიმე საკვირველი სახლი, არც სხვა რამ: მან იცოდა, კარგად იცოდა, რომ უფალი მხოლოდ კეთილ განწყობას ეძებს; და აი, სწრაფად მოაწყო საკურთხეველი, აიღო წმიდა ცხოველთა და წმიდა ფრინველთაგან, შეწირა მთელნაყოფი მსხვერპლი, და ამით, რამდენადაც შეეძლო, გამოხატა თავისი გულწრფელი მადლიერება; ხოლო კაცთმოყვარმა ღმერთმა, მიიღო რა ეს მადლობა, გვირგვინი დაადგა მის მოშურნეობას და კვლავ გამოუჩინა თავისი კეთილგანწყობა. "და იყნოსა", — ამბობს წერილი, — "უფალმან ღმერთმან სული სულნელებისაჲ" (). ხედავ, როგორ გახადა შემომწირველის განწყობამ სულნელად კვამლი და სიმყრალე, და ყოველივე, რაც ამ (ცხოველთა დაწვისას) უსიამოვნო იყო. აი, ამიტომ თქვა პავლემაც თავის ეპისტოლეში: "რამეთუ ქრისტეს სურნელებანი ვართ ღმრთისა მიერ ცხორებულთა მათ შორის და წარწყმედულთა: რომელთამე სულად სიკუდილითი სიკუდილად და რომელთამე სულად ცხორებითი ცხორებად" (). "სული სულნელებისაჲ (იყნოსა უფალმან)". ნუ შეგაცბუნებს გამოთქმის უხეშობა, არამედ, სიტყვებში ამგვარი შეწყნარების მიზეზად საკუთარი შენი სისუსტე მიაჩნიე, და აქედან გაიგე, რომ მართლის შესაწირავი სასიამოვნო იყო (ღვთისთვის). და, რომ თავად გამოცდილებიდან ვიცოდეთ, რომ თვით უფალი არაფერს საჭიროებს და (ნოეს) მსხვერპლი სხვა არაფრისთვის კეთილინება მიეღო, გარდა ადამიანთა მადლიერებისკენ აღძვრისა, ამისთვის იგი ყველაფერს ცეცხლს მისცემდა, რათა თავად შემომწირველებმა ეცნოთ აქედან, რომ ყოველივე მათივე სასარგებლოდ კეთდება. მაგრამ რისთვის, მითხარი, საერთოდ ნება რთავს მას მსხვერპლი შესწიროს? კვლავ ადამიანის სისუსტისადმი შეწყნარების გამო. რადგან ადამიანები, თანდათან უზრუნველობას მიეცნენ, მომავალში მოიგონებდნენ საკუთარ ღმერთებს და მათ შესწირავდნენ მსხვერპლს, ამიტომ ღმერთმა წინასწარ კეთილინება, რომ მსხვერპლი მას შესწირებოდა, რათა, ყოველ შემთხვევაში, ამით თავიდან აერიდებინა მომავალი უკეთურებისთვის მიცემულთათვის დამღუპველი ცთომილება. ხოლო, რომ ეს ყოველივე ნამდვილად შეწყნარებით არის დაშვებული, უყურე, როგორ შემდგომში კეთილინება წინადაცვეთის დაწესებაც, არა იმიტომ, რომ მას სულის ცხონების რამენაირად ხელშეწყობა შეეძლო, არამედ იმისთვის, რომ იუდეველებს ეტარებინათ იგი თავის თავზე, თითქოს რაღაც ნიშანი და ბეჭედი, თავიანთი მადლიერების ნიშნად, და, რომ ვერ შერეულიყვნენ წარმართთან.
3. წინადაცვეთა და რწმენით განმართლება (8:21-22)
აი, ამიტომ ნეტარი პავლე წინადაცვეთას ნიშანს უწოდებს და ამბობს: "და სასწაულად მოიღო წინადაცუეთილებაჲ იგი ბეჭდად" (). ხოლო, რომ იგი არავითარად არ ემსახურება განმართლებას, ამის მტკიცებულება ესეც, რომ ამ მართალმა (ნოემ) ამ (მაღალ) სათნოებას მიაღწია, როცა ჯერ კიდევ წინადაცვეთა არ იყო დაწესებული. და რას ვამბობ? თვით პატრიარქი აბრაამი, ჯერ კიდევ წინადაცვეთამდე, მხოლოდ რწმენით განმართლდა. ჯერ კიდევ წინადაცვეთამდე, ამბობს წერილი, "ჰრწმენა აბრაჰამს ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ" (). რას ამაყობ, იუდეველო, წინადაცვეთით? იცოდე, რომ მის გარეშეც ბევრი მართალი იყო. აი, აბელმა რწმენით შეწირა მსხვერპლი, როგორც პავლეც ამბობს მის შესახებ: "სარწმუნოებით უმრავლესი მსხუერპლები შეწირა ღმრთისა აბელ კაენისა" (); ენოქიც ცოცხლად აღიტაცა (ღმერთმა), ნოეც იხსნა საშინელი წარღვნისგან თავისი დიდი სიმართლისთვის; აბრაამიც, ჯერ კიდევ წინადაცვეთამდე, დიდებულ იქნა ღვთის მიმართ რწმენისთვის. ასე უძველესი დროიდან და თავიდანვე ადამიანის მოდგმა რწმენით იხსნებოდა. ამიტომაც კაცთმოყვარმა უფალმა ნება დართო, მასთვის შეწირულიყო მსხვერპლი, რათა მათი მეშვეობით ადამიანებს, რომლებიც მაშინ ჯერ კიდევ ნაკლებად სრულყოფილნი იყვნენ, შეძლებოდათ ღვთისადმი მადლობის გამოხატვაც და კერპთმსახურების სენისგან თავის არიდებაც. მართლაც, თუ ამ შეწყნარების შემდეგაც მრავალმა ვერ აიცდინა დაცემა, ვინ თავიდან აიცილებდა დამღუპველ ცთომილებას, ამგვარი შეწყნარება რომ არ ყოფილიყო? "და იყნოსა უფალმან ღმერთმან სული სულნელებისაჲ". მაგრამ ასე არ (მოექცა) უმადურ იუდეველებს. როგორ? მოისმინე წინასწარმეტყველი, რომელიც ამბობს: "საკმეველი საძაგელ არს ჩემდა" (), მიუთითებს რა შემომწირველთა შინაგანი განწყობის უწმინდურობაზე. როგორც იქ მართლის სათნოებამ კვამლი და სიმყრალე სულნელების სურნელებად აქცია, ისე აქ შემომწირველთა მანკიერებამ სურნელი საკმეველიც კი საძაგელი გახადა ყნოსვისთვის. ამრიგად, გთხოვ, ვეცადოთ ყოველივეში სუფთა განწყობა გამოვავლინოთ. იგი ყოველი სიკეთის მიზეზი ხდება. სახიერი უფალი, ჩვეულებისამებრ, ყურადღებას აქცევს არა ჩვენს მსხვერპლს, არამედ იმ შინაგან განწყობას, რომლითაც ვასრულებთ მათ, და მის მიხედვით ან მიიღებს, ან უარყოფს ჩვენს მსხვერპლს. ამრიგად, ვლოცულობთ თუ ვმარხულობთ, მოწყალებას გავცემთ (რადგან ესენია ჩვენი სულიერი მსხვერპლი) თუ სხვა რაიმე სულიერ საქმეს ვაკეთებთ, ყოველივეს სუფთა განწყობით ვაკეთოთ, რომ ღვაწლის ღირსეული გვირგვინი მივიღოთ. ძალიან უცნაური იქნება, თუ შრომას ვიტვირთავთ, ჯილდოს კი დავკარგავთ, როცა, ანუ, სათნოებას ვასრულებთ არა ღვთისგან დაწესებული კანონების მიხედვით. შესაძლებელია, ღვთის გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით, საქმის შეუსრულებლადაც კი, მხოლოდ განწყობისთვის მიიღო გვირგვინი; რომ ამაში დარწმუნდე, უყურე მოწყალებას. როცა დაინახავ ადამიანს, რომელიც მოედანზე წევს და უკიდურეს სიღარიბეშია, და შეიბრალებ მას, და მაშინვე, ზეცისკენ მიმართავ რა გონებას, მადლობას შეწირავ უფალს საკუთარი მდგომარეობისთვისაც და ამ ღარიბის მოთმინებისთვისაც, მაშინ, თუმცა ვერ შეძლებ მისი შიმშილის დაკმაყოფილებასა და მოგვარებას, მაინც მიიღებ სრულ ჯილდოს შენი კეთილი განწყობისთვის. ამიტომაც თქვა უფალმა: "და რომელმან ასუას ერთსა მცირეთაგანსა სასუმელი ერთი წყალი გრილი სახელად მოწაფისა, ამენ გეტყჳ თქუენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი" (). რა უმნიშვნელოა ერთი ჭიქა ცივი წყალი? მაგრამ კეთილი განწყობა ამისთვისაც იღებს ჯილდოს. იგივეს ვნახავთ საპირისპირო შემთხვევაშიც. ვალად მიმაჩნია ამის შესახებ ლაპარაკი თქვენს სიყვარულთან, რათა ზუსტად შეიტყოთ და სუფთა გულის განწყობა ჩაინერგოთ. მოისმინე, რას ამბობს ქრისტე: "ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა" (). ხედავ, აქაც კვლავ უწმინდური განწყობა ექვემდებარება განკითხვას, და ავხორცი მზერისთვის სასჯელი იდება, თითქოს მრუშობა უკვე მართლაც ჩადენილიყო? ამრიგად, ეს რომ ვიცით, ყოველმხრივ დავიცვათ ჩვენი განწყობის სიწმინდე, რომ მან ჩვენი შესაწირავი ღვთისთვის სათნო გახადოს. თუ მან (ნოესთან) კვამლი და სიმყრალე სულნელების სურნელებად აქცია, რას არ მოუმოქმედებს ჩვენს სულიერ მსხვერპლს და რა კეთილგანწყობას არ მოგვიპოვებს ზეგარდამო? "და იყნოსა", — ნათქვამია, — "უფალმან ღმერთმან სული სულნელებისაჲ". ხედავ, როგორია მართლის მსხვერპლი, — როგორ არის იგი გარეგნულად უმნიშვნელო, მაგრამ მისი განწყობის სიწმინდის გამო უმეტესად დიდია? უყურე ახლა კაცთმოყვარე უფლის უსაზღვრო სახიერებას. "და თქუა უფალმან ღმერთმან: შევინანე, არ-ღა შევსძინო მერმე წყევად ქუეყანისა საქმეთათჳს კაცთასა, რამეთუ შეყოფილ არს მომგონებელობაჲ კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა და სიჭაბუკითგან მისით, არ-ღა შევსძინო უკუე მოსპოლვად მერმე ყოვლისა ჴორცისა ცხოველისა. ვითარ-ცა ვჰყავ და ყოველთა დღეთა ქუეყანისათა თესვად და მკად, სიგრილე და სიცხე, ზაფხული და არე, და დღე და ღამე არა მოაკლდენ" ().
4. ღვთის აღთქმა და ნოეს კურთხევა (9:1-4)
რა უჩვეულო მნიშვნელობა აქვს ამ ქველმოქმედებას, რა სიდიადეა კაცთმოყვარეობისა, რა გამოუთქმელი სიუხვეა შეწყნარებისა! "და თქუა უფალმან ღმერთმან: შევინანე". და ეს გამოთქმა — "შევინანე" — ადამიანისებურად და ჩვენი ბუნებისადმი მისადაგებულად არის ნახმარი. "არ-ღა შევსძინო მერმე წყევად ქუეყანისა საქმეთათჳს კაცთასა". ღმერთმა დაწყევლა იგი პირველი ადამიანის გამო, სთქვა რა: "ეკალსა და კუროჲსთავსა აღმოგიცენებდეს შენ" (), და მერე ასევე კაინის გამოც. და აი, რადგან ახლაც მოავლინა (მიწაზე) ესოდენ საყოველთაო წარწყმედა, მართლის სანუგეშოდ და გასამხნევებლად, — რომ, ანუ, მან არ იფიქროს თავისთვის: რა სარგებლობაა მოცემული (ღვთისგან) კურთხევისა და სიტყვებისა: "აღორძნდით და განმრავლდით", თუ ჩვენ, გამრავლებულნიც, კვლავ უნდა დავიღუპოთ, ხომ ადამსაც უთხრა: "აღორძნდით და განმრავლდით", და მაინც მოავლინა წარღვნა, — რომ, ვამბობ, ნოეს ასე არ ეფიქრა და ამ აზრისგან სულში მუდმივი მღელვარება არ ეგრძნო, უყურე, რა კაცთმოყვარეობას ავლენს უფალი! "არ-ღა შევსძინო", — ამბობს, — "მერმე წყევად ქუეყანისა საქმეთათჳს კაცთასა". უყურე, როგორ ნათლად აჩვენა (ღმერთმა), რომ წყევლა მიწას ადამიანთა უკეთურების გამო დაადო. მერე, რომ არ ვიფიქროთ, თითქოს ახლა ეს დაპირება იმიტომ მისცა, რომ ისინი უკეთესნი გახდნენ, ამბობს: "რამეთუ შეყოფილ არს მომგონებელობაჲ კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა და სიჭაბუკითგან მისით". კაცთმოყვარეობის უჩვეულო სახე! რადგან "შეყოფილ არს მომგონებელობაჲ კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა და სიჭაბუკითგან მისით", ამიტომ, ამბობს, "არ-ღა შევსძინო მერმე წყევად ქუეყანისა". მე, ამბობს, ჩემი საქმე გავაკეთე ერთხელაც და ორჯერაც; მაგრამ, რადგან ვხედავ, რომ ბოროტება იზრდება, ვპირდები, რომ მეტად აღარ დავწყევლი მიწას. მერე, სურდა რა თავისი კაცთმოყვარეობის სიდიადის ჩვენება, დაუმატა: "არ-ღა შევსძინო უკუე მოსპოლვად მერმე ყოვლისა ჴორცისა ცხოველისა, ვითარ-ცა ვჰყავ, და ყოველთა დღეთა". უყურე, როგორ მისცემს ამ ყველაფრით ღმერთი მართალს უდიდეს ნუგეშს, ან უკეთესად რომ ვთქვათ, არა მხოლოდ მართალს, არამედ, თავისი სახიერებით, მისგან წარმომავალი მთელი ადამიანის მოდგმისთვისაც. სიტყვები: "არ-ღა შევსძინო უკუე მოსპოლვად მერმე ყოვლისა ჴორცისა ცხოველისა", და: "ვითარ-ცა ვჰყავ", და: "ყოველთა დღეთა", — ნიშნავს, რომ ასეთი წარღვნა აღარასოდეს იქნება და ქვეყნიერებას ასეთი საყოველთაო მოსპობა აღარ ეწვევა. ამავე დროს (ღმერთი) აჩვენებს ღვთის ქველმოქმედებისის უწყვეტობასაც; "ყოველთა", — ამბობს, — "დღეთა", ესე იგი ვპირდები, საუკუნოდ აღარ გამოვავლენ ასეთ რისხვას და ასეთ აღრევას არ მოვახდენ წელიწადის დროებისა და სტიქიონების მდგომარეობაში. ამიტომაც დაუმატა: "თესვად და მკად, სიგრილე და სიცხე, ზაფხული და არე, და დღე და ღამე არა მოაკლდენ" (). ეს წესრიგი, ამბობს, შეუცვლელი იქნება, მიწა არასოდეს შეწყვეტს ადამიანის მოდგმისთვის თავისი ნაყოფის მიცემას და მიწათმოქმედების შრომის საზღაურს; და წელიწადის დროები არ აირევა, არამედ სიგრილე და სიცხე, ზაფხული და გაზაფხული თავისი დროის მიხედვით იქნება. რადგან წარღვნის დროს ამ ყოველივე წესრიგის დარღვევა მოხდა, და მართალი კიდობანში ყოველივე ამ დროს ისე გაატარა, თითქოს ერთი (უწყვეტი) ღამე ყოფილიყო, ამიტომ (ღმერთი) ამბობს: ახლა უკვე არც დღე, არც ღამე თავის დინებას არ დატოვებს, არამედ მათი მსახურება შეუცვლელი იქნება საუკუნის აღსასრულამდე. ხედავ ნუგეშს, საკმარისად ძლიერს, რომ გაამხნევოს მართლის სული? ხედავ, რა ჯილდო მიიღო მადლიერებისთვის? მოისმინე შემდეგ სიტყვებშიც, რა გამოუთქმელი სახიერება გამოუჩინა მას ღმერთმა. "და აკურთხნა", — ნათქვამია, — "ღმერთმან ნოე და ძენი მისნი და ჰრქუა მათ აღორძნდით, და განმრავლდით და აღავსეთ ქუეყანა და ეუფლენით მას. და შიში თქუენი და ძრწოლაჲ თქუენი იყოს ყოველთა ზედა მჴეცთა ქუეყანისათა, და ყოველთა ზედა მფრინველთა ცისათა. და ყოველთა ზედა იძრვისთა ქუეყანისათა. და ყოველნი თევზნი ზღჳსანი ჴელის ქუეშე მიგცე თქუენ და ყოველი ქუეწარმავალი, რომლისა არს სიცოცხლე, თქუენდა იყოს საჭამადად ვითარ-ცა მხალი თივისაჲ, მიგცენ თქუენ ყოველნი. გარნა ჴორცი სისხლითურთ სულისათ არა სჭამოთ" (). აქ ღმერთის უზომო სახიერებას ვერ არ აღტაცდები. უყურე, მართლაც, ეს მართალი იმავე კურთხევას ეღირსება, რასაც ადამი ეღირსა, და ადამის მიერ დაკარგულ ბატონობას თავისი სათნოებით იბრუნებს, ან, უკეთესად რომ ვთქვათ, უფლის გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით. როგორც მას (ღმერთმა) უთხრა: "აღორძნდით და განმრავლდით. და აღავსეთ ქუეყანაჲ და ეუფლენით მას. და მთავრობდით თევზთა ზღჳსათა, და მფრინველთა ცისათა, და ყოველთა პირუტყუთა, და ყოველსა ქვეყანასა და ყოველთა ქუეწარმავალთა, მავალთა ქვეყანასა ზედა" (), ისე ამბობს ახლაც: "და შიში და ძრწოლაჲ თქუენი იყოს ყოველთა ზედა მჴეცთა ქუეყანისათა და ყოველთა ზედა მფრინველთა. და ყოველი ქუეწარმავალი, რომლისა არს სიცოცხლე, თქუენდა იყოს საჭამადად ვითარ-ცა მხალი თივისაჲ, მიგცენ თქუენ ყოველნი. გარნა ჴორცი სისხლითურთ სულისათ არა სჭამოთ". უყურე, აქ იგივე წესი დაცულია, მხოლოდ სხვა სახით, რაც პირველ ადამიანთან მიმართებაში. როგორც იქ ღმერთმა, (ადამს) ხელმწიფება ყველაფერზე მიანიჭა და სამოთხის ნაყოფებით ტკბობა ნება დართო, მხოლოდ ერთი ხისგან თავშეკავებას უბრძანა, ისე აქაც, (ნოეს) კურთხევა მიანიჭა, მხეცებისთვის შესაშინელი გახადა და ყველა ქვეწარმავალი და ფრინველი დაუმორჩილა, ამბობს: "ყოველი ქუეწარმავალი, რომლისა არს სიცოცხლე, თქუენდა იყოს საჭამადად ვითარ-ცა მხალი თივისაჲ, მიგცენ თქუენ ყოველნი". ამ დროიდან იწყება ხორცის საკვებად მოხმარება, არა იმისთვის, რომ ამით ადამიანები მუცლისმოყვარეობისკენ აეშალა, არამედ, რადგან მათ ცხოველები მსხვერპლად უნდა შეეწირათ და ამით მადლობა მიეგოთ უფლისთვის, რომ არ გადაეწყვიტათ მათი მოხმარებისგან თავის შეკავება, როგორც ღვთისთვის მიძღვნილთა, ამიტომ ღმერთი ადამიანებს ნებას რთავს ცხოველები საკვებად მოიხმარონ, და ამით ყოველგვარი ეჭვისგან ათავისუფლებს მათ. "ვითარ-ცა მხალი თივისაჲ", — ამბობს, — "მიგცენ თქუენ ყოველნი". მერე, როგორც ადამს, ყოველივეთი სარგებლობა რომ ნება დართო, ღმერთმა ერთი ხისგან თავშეკავება უბრძანა, ისე აქაც, ყველაფრის საკვებად თავისუფლად მოხმარება რომ ნება დართო, ამბობს: "გარნა ჴორცი სისხლითურთ სულისათ არა სჭამოთ". რას ნიშნავს ეს სიტყვები? რა არის: "ჴორცი სისხლითურთ სულისათ"? ეს ნიშნავს — დახრჩობილს — რადგან სისხლი არის ცხოველის სული.
5. სისხლისა და კაცისკვლის აკრძალვა (9:5-7)
ასე, იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანებს მომავალში ცხოველები ღვთისთვის მსხვერპლად უნდა შეეწირათ, ღმერთი თითქოს ასეთ დარიგებას აძლევს მათ: სისხლი ჩემთვისაა განკუთვნილი, ხოლო ხორცი — თქვენთვის. ამას კი იმისთვის აკეთებს, რომ თავიდანვე შეაჩეროს მათში კაცისკვლისკენ მიდრეკილება. ხოლო, რომ ეს მართალია და რომ ღმერთი ამ მცნებას ადამიანებს მათი უფრო მშვიდობიანის გახდომის განზრახვით აძლევს, მოისმინე შემდეგი სიტყვები: "და რამეთუ სისხლიცა თქუენი სულთა თქუენთა გამოვიძიო ჴელისაგან მჴეცთასა და გამოვიძიო იგი ჴელისაგან კაცისა ძმისა მისისა გამოვიძიო სული კაცისა" (). რას ნიშნავს? ადამიანის სული სისხლშია? არა, ეს არ სურს თქვას ღმერთს, არამედ ადამიანური ჩვეულებით გამოითქვა, თითქოს ერთ ადამიანს მეორისთვის ეთქვა: შენი სისხლი ჩემს ხელშია, ნაცვლად: ხელმწიფება მაქვს შენი მოკვლისა. ხოლო, რომ ადამიანის სული სისხლში არ არის მოქცეული, ამის შესახებ მოისმინე ქრისტე, რომელიც ამბობს: "და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი, ხოლო სულისა ვერ ჴელ-ეწიფების მოკლვად" (). კიდევ უყურე, რა განსაკუთრებული გამოთქმა იხმარა (ღმერთმა). "და დამთხეველისა", — ამბობს, — "სისხლსა კაცისასა ნაცვლად სისხლისა მისისა დაითხიოს, რამეთუ ხატად ღმრთისა შევქმენ კაცი" (). დაფიქრდი, როგორ გააძლიერა ამ გამონათქვამით შიში. თუ, ამბობს, ერთნაირი წარმოშობა არ გაჩერებს და ბუნების ერთობა არ შეგაკავებს ბოროტი განზრახვისგან, თუ შენ, ძმური თანაგრძნობის უარყოფით, მთლიანად ამ საძაგელ ჩანაფიქრს ეძლევი, მაშინ დაფიქრდი, რომ ის (ადამიანი) ღვთის ხატად არის შექმნილი, ღვთისგან ესოდენ მაღალი უპირატესობით არის პატივდებული და მთელ ბუნებაზე ხელმწიფება მიუღია, და ბოროტი განზრახვა დატოვე. რას იტყვი, თუ ვინმე უთვალავ მკვლელობას ჩაიდენს და უამრავ სისხლს დაღვრის, — ეს ადამიანი ღირსეულად იქნება კი დასჯილი, როცა მხოლოდ მისი ერთი სისხლი დაიღვრება? ასე ნუ იმსჯელებ, საყვარელო, არამედ იფიქრე იმაზე, რომ ეს ადამიანი, გაუვლის რა მცირე ხანს, მიიღებს უხრწნელ სხეულს, რომელიც შეძლებს უწყვეტი და საუკუნო ტანჯვის ატანას. შენიშნე ისიც, რა ზუსტად თქვა ღმერთმა მცნება. ადამიანის შესახებ ამბობს: "ნუ ღვრი სისხლს", ხოლო უტყვთა შესახებ არ თქვა "ნუ ღვრი", არამედ: "გარნა ჴორცი სისხლითურთ სულისათ არა სჭამოთ". იქ — ნუ ღვრი; აქ — ნუ ჭამ. ხედავ, როგორ არ არის მძიმე მისი კანონები? როგორ არის მცნებები მსუბუქი და ადვილად შესასრულებელი? როგორ არაფერ ძნელსსა და აუტანელს არ მოითხოვს ჩვენი ბუნებისგან? ზოგი, რა თქმა უნდა, ამბობს, რომ ცხოველთა სისხლი მძიმე, მიწიანი და ჯანმრთელობისთვის მავნეა; მაგრამ ჩვენ მისგან თავი არა ამ მსჯელობის გამო უნდა შევიკავოთ, არამედ უფლის მცნების გამო. შემდეგ, რომ ზუსტად ვიცოდეთ, რისთვის თქვა ღმერთმა ეს მცნება ამგვარი ზუსტობით, ანუ ადამიანთა კვლისკენ მიდრეკილების შესაკავებლად, ამბობს: "ხოლო თქუენ აღორძნდით და განმრავლდით და განავსეთ ქუეყანა და ეუფლენით მას" (). უმიზეზოდ არ თქვა: "ხოლო თქუენ", არამედ თითქოს ასე ეუბნება: თქვენ, მცირერიცხოვნო, მთელი მიწა აავსეთ და ეუფლეთ მას, ანუ მასზე ბატონობა და ხელმწიფება გქონდეთ, და ისარგებლეთ მით. უყურე ღვთის კაცთმოყვარეობას, როგორ ჯერ დიდ ქველმოქმედებას აღმოუჩენს, და მხოლოდ მერე აძლევს კანონსა და მცნებას. და როგორც ადამი ჯერ სამოთხეში დაასახლა და ესოდენი სიამოვნება უბოძა, და მხოლოდ მერე ხისგან თავშეკავება უბრძანა, ისე აქაც. ჯერ ღმერთმა აღუთქვა, რომ აღარ მოავლენს ასეთ საყოველთაო მოსპობას და ასეთ რისხვას აღარ გამოავლენს, არამედ ყველა სტიქიონს შეუცვლელად დატოვებს საუკუნის აღსასრულამდე თავისი დინების აღსრულებაში და წესრიგის დაცვაში; ჯერ კურთხევის ღირსნი გახადა (ნოე და მისი ძენი), უბოძა მათ წინანდელი ხელმწიფება ყველა ცხოველზე და საკვებად მოხმარების ნება დართო; მხოლოდ მერე ამბობს: "გარნა ჴორცი სისხლითურთ სულისათ არა სჭამოთ". ხედავ, როგორ ჯერ ქველმოქმედებს და გამოუთქმელ სიუხვეს ავლენს, და მხოლოდ მერე აძლევს მცნებებს? ადამიანებთან კი ასე არ ხდება. ადამიანები ჯერ მოითხოვენ, რომ მათი ბრძანებები შესრულდეს და, რომ მიმღებმა და შემსრულებელმა სრული მოშურნეობა გამოიჩინოს, და მხოლოდ მერე ფიქრობენ მორჩილთა დაჯილდოებაზე. მაგრამ ყველას საერთო მეუფე პირიქით იქცევა: ჯერ ქველმოქმედებს და ქველმოქმედების სიმრავლით იზიდავს ჩვენს ბუნებას, და მხოლოდ მერე აძლევს მსუბუქ და ადვილად შესასრულებელ მცნებებს, რომ ჩვენ, მცნებათა სიმსუბუქითაც და მიღებული ქველმოქმედებითაც წახალისებულნი, მათ შესრულებაზე მოშურნედ ვიზრუნოთ. ამრიგად, საყვარელნო, ნუ ვიქნებით უზრუნველნი და უდები მცნებათა შესრულებაში, არამედ ვიფიქროთ წინანდელ ქველმოქმედებაზეც (ღვთისაზე), მცნებათა სიმსუბუქეზეც, და მათი შესრულებისთვის განმზადებული ჯილდოების სიდიადეზეც; ვიყოთ ფხიზელნი და მოშურნენი ღვთისგან მოცემული მცნებების შესრულებაში და არ მივატოვოთ ის გზები, რომლებიც მან ჩვენს ბუნებას ჩვენი სულის ცხონებისთვის მიუჩინა, არამედ, სათანადოდ ვისარგებლებთ რა ჩვენი სიცოცხლის დარჩენილი დროით, განვიწმინდოთ ცოდვებისგან და ვეცადოთ დროულად მოვიპოვოთ დიდი კადნიერება, განსაკუთრებით ახლა, როცა წმიდა დიდი მარხვის ნაწილი ჯერ კიდევ რჩება.
6. სინანულისკენ შეგონება და უმოწყალო მონის იგავი
მართლაც, დარჩენილ დღეთა რაოდენობა ჩვენთვის მცირე არ იქნება, მხოლოდ მოვინდომოთ, ოდნავ მაინც მეტი მოშურნეობა გამოვიჩინოთ. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, თითქოს ცოდვებისგან გამოსწორებისთვის მხოლოდ ეს მცირე დრო სჭირდებოდეს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი უფალი კაცთმოყვარეა და მოწყალე, და მისთვის ბევრი დრო არ არის საჭირო; ოღონდ მივუდგეთ მას დიდი მოშურნეობითა და მზადყოფნით, ამქვეყნიურისგან განრიდებულნი და ზეცისკენ მიმართულნი. ასე ნინეველებს, ამდენი ცოდვის ტვირთით დამძიმებულთ, როგორც კი სრული და გულწრფელი სინანული გამოიჩინეს, სამ დღეზე მეტი არ დასჭირდათ, რომ ღმერთი ემოწყალებინათ და მათ წინააღმდეგ წარმოთქმული განაჩენი გაეუქმებინათ (იონა 3:10). და რას ვამბობ ნინეველებზე? ჯვარზე გაკრულ ავაზაკს ერთი დღეც კი არ დასჭირდა. რას ვამბობ — ერთი დღე? ერთი მცირე წუთიც კი არა. ასეთია ღვთის ჩვენდამი მოწყალება! როცა იგი ხედავს, რომ ჩვენი განზრახვა (გამოსწორების) მტკიცეა და რომ მოვდივართ ცხოველი მოშურნეობით, არ ყოვნდება და არ აყოვნებს, არამედ სწრაფად გვივლენს თავის სახიერებას და ამბობს: "მაშინ ჴმა-ჰყო და ღმერთმან ისმინოს შენი, მერმე იტყოდიღა შენ, გრქუას: აჰა, აქა ვარ" ().
ამრიგად, ჩვენც გადავწყვიტოთ, ამ მცირე დღეებში ოდნავ მაინც მოშურნეობა გამოვიჩინოთ და მარხვის შეწევნა სათანადოდ გამოვიყენოთ. უზრუნველობა გადავაგდოთ და მხურვალე ლოცვები აღვავლინოთ უფლისადმი, გადმოვღვაროთ ცხელი ცრემლები, მუდმივად ვსჯათ ჩვენს ცოდვებს, ვაჩვენოთ მას, როგორც ექიმს, ჩვენი ჭრილობები და გავუხსნათ სულის წყლულები, ვითხოვოთ მისგან კურნება და ვაკეთოთ დანარჩენი ყოველივე, რაც ჩვენ გვმართებს — გულის შემუსვრა, ღრმა სიმდაბლე, უხვი მოწყალება; ხოლო ვნებები, რომლებიც ჩვენს გონებას არეულობაში მოჰყავს, შევაკავოთ და სულიდან გამოვდევნოთ; არ მივეცეთ ანგარებას, არ ვიყოთ ბოროტის მახსოვრალნი მოყვასისადმი და არ ვიკვებოთ მტრულ განწყობას თანამოძმეთადმი. ღმერთს არაფერი, არაფერი ისე არ სძულს და (არაფრისგან ისე) არ იწყინებს, როგორც ბოროტის მახსოვრალი და მუდმივად მოყვასთა მიმართ სულში მტრობის მკვებავი ადამიანისგან. ესოდენ დამღუპველია ეს ცოდვა, რომ ღვთის კაცთმოყვარეობასაც კი გვაშორებს! რომ ამაში დარწმუნდეთ, მინდა შეგახსენოთ სახარების იგავი, თუ როგორ მიიღო ერთმა (მოვალემ) ბატონისგან ათი ათასი ტალანტის პატიება, რადგან ფეხებში ჩაუვარდა ბატონს, თხოვდა და ევედრებოდა. "შეეწყალა უფალსა მისსა მონაჲ იგი და განუტევა იგი და თანა-ნადებიცა იგი მიუტევა მას" (). ხედავ ბატონის მოწყალებას? ის ფეხებში ჩაუვარდა და მხოლოდ ვადის გახანგრძლივებას ითხოვდა: "სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, უფალო, და ყოველივე მიგცე შენ" (). მაგრამ კეთილმა, შემწყნარებელმა და კაცთმოყვარმა ბატონმა, შეიბრალა რა მონა, არა იმდენი მისცა, რამდენსაც ითხოვდა, არამედ იმდენი, რამდენსაც ვერც მოელოდა. უფალი, ჩვეულებისამებრ, ყოველთვის აჭარბებს და წინ უსწრებს ჩვენს თხოვნას. ასე, როცა ის ვადის გახანგრძლივებას ევედრებოდა და მთელი ვალის დაბრუნებას პირდებოდა, უფალმა, სახიერებით ჩვენი შეცოდებანი რომ სძლევს, შეიბრალა და განუტევა იგი, და ვალიც შეუნდო. ხედავ, რას ითხოვდა მონა, და რამდენი უბოძა ბატონმა? ახლა უყურე ამ მონის უგუნურობას. ამ შეწყნარებისა და მისთვის აღმოჩენილი გამოუთქმელი ქველმოქმედების შემდეგ, მას ხომ თვითონაც უნდა გამხდარიყო თანამოძმეთადმი მეტად თანალმობიანი, მაგრამ ის სულ სხვაგვარად იქცევა. "და ვითარცა გამოვიდა მიერ", — ნათქვამია, — ეს იგივე (მონა), რომელსაც ათი ათასი ტალანტი შეენდო... მოისმინეთ, გთხოვთ, ყურადღებით: ის, რაც ამ მონას შეემთხვა, შეიძლება ჩვენს სულში სიღრმემდე შეაღწიოს და გვაიძულოს ეს მძიმე სენი ჩვენი გულიდან ამოვფხვრათ. ამრიგად, "და ვითარცა გამოვიდა მიერ მონაჲ იგი, პოვა ერთი მის თანა მონაჲ, რომელსა თანა-ედვა მისი ასი დრაჰკანი" (). უყურე, რა განსხვავებაა. აქ — თანამონა, ასი დრაჰკნის მოვალე; იქ — ბატონი, ათი ათასი ტალანტის ვალს მოითხოვს. და მაინც (ბატონმა), როცა მონის ვედრება და მუდარა იხილა, შეუნდო; ხოლო ეს (მონა), "შეიპყრა იგი (თავის თანამონა) და შეაშთობდა მას და ეტყოდა: მომეც, რაჲცა-იგი თანა-გაც". რა მოხდა შემდეგ? "შეუვრდა მას მოყუასი იგი მისი" (). დააკვირდი, რამდენჯერ იმეორებს მახარებელი სიტყვას "მოყუასი"; ეს უმიზეზოდ არ არის, არამედ იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რომ მათ შორის არანაირი განსხვავება არ იყო. და მაინც, (მოვალე-თანამონა) მიმართავს თავის გამსესხებელს იმავე მდაბალი თხოვნით, რომლითაც ესეც თავად ბატონს მიმართავდა. "სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა", — ამბობს, — "და ყოველივე მიგცე შენ. ხოლო მან არა ისმინა მისი, არამედ წარვიდა და შეაგდო იგი საპყრობილესა, ვიდრემდე მისცეს მას თანა-ნადები იგი" (მათ 18:26, 30). უკიდურესი უმადურობა! როცა თავადვე მისთვის გამოჩენილი წყალობა ახალ-ახალი იყო ხსოვნაში, მაშინაც არ ისურვა თანალმობიანი ყოფილიყო, არამედ ჯერ ახრჩობდა (თანამონას), მერე კი ციხეში ჩასვა.
უყურე, რა ხდება შემდეგ. "ხოლო იხილეს რაჲ მის თანა მონათა მათ", — ამბობს წერილი, — "საქმე ესე, შეწუხნეს ფრიად; და მივიდეს და აუწყეს უფალსა მათსა ყოველივე იგი, რაჲცა იქმნა" (). არა თვით დაზარალებულმა (და როგორ შეძლებდა, ციხეში ჩამწყვდეული?), არამედ მისმა თანამონებმა, თუმცა პირადად არ იყვნენ შეურაცხყოფილნი, მაინც ისე შეწუხდნენ, თითქოს თავად იყვნენ შეურაცხყოფილნი, მოვიდნენ და ყველაფერი მოუყვეს (ბატონს). და უყურე, როგორ განურისხდა ბოლოს ბატონი. "მაშინ მოუწოდა მას", — ამბობს წერილი, — "უფალმან მისმან და ჰრქუა მას: მონაო ბოროტო" (). მართლაც, აქედან ჩანს, რამდენად დამღუპველია ბოროტთახსოვრობა. როცა ბატონი (მონისგან) ათი ათასი ტალანტის გადახდას მოითხოვდა, ბოროტს არ უწოდებდა; ახლა კი, როცა ეს მონა სასტიკი აღმოჩნდა თავისი თანამონისადმი, ბატონი ამბობს: "მონაო ბოროტო, ყოველივე თანანადები შენი მოგიტევე შენ, რამეთუ მევედრებოდე მე" (). უყურე, როგორ ამხელს ბატონი მონას უკიდურეს სიბოროტეში. განა შენ, ამბობს, სიტყვების გარდა რაიმე მეტი წარმოგედგინა? და მაინც, არ მივიღე შენი თხოვნა და არ შეგინდე მთელი ეს უზარმაზარი და ურიცხვი ვალი? "არა ჯერ-იყო შენდაცა, რაჲთამცა შეიწყალე შენ შენ თანა მონაჲ იგი, ვითარცა მე შენ შეგიწყალე" ()? როგორ შეიძლება პატიება იმსახურო, თუ მე, შენმა ბატონმა, შენ ასეთი დიდი ვალი შეგინდე მხოლოდ იმ შენი სიტყვების გამო (), შენ კი არ შეიბრალე შენი თანამონა და თანამოძმე, არ მოდრიკე გული წყალობაზე და არ გამოუჩინე თანალმობა, არამედ უწყალო და სასტიკი აღმოჩნდი და არ ისურვე თანამონის შეწყალება? ასე რომ, ახლა საქმით შეიტყობ, რამდენი ბოროტება მიაყენე საკუთარ თავს. "და განურისხნა უფალი იგი მისი და მისცა იგი ჴელთა მტანჯველთასა" (). უყურე, ახლაც (ბატონი) მონას სწორედ თანამონისადმი სისასტიკისთვის რისხდება და მტანჯველებს აბარებს: რაც წინათ არ გაუკეთებია, როცა ასეთ თანხას ედვა ვალად, ბრძანებს გაკეთდეს ახლა. "მისცა იგი ჴელთა მტანჯველთასა, ვიდრემდის გარდაიჴადოს ყოველი იგი თანა-ნადები მისი", ვიდრე, ანუ, მონა არ დააბრუნებს იმ ათ ათას ტალანტს, რომელიც უკვე შენდობილი ჰქონდა. ძალიან დიდი და გამოუთქმელია ღვთის კაცთმოყვარეობა: როცა მოითხოვა თავისი ვალი და მოვალემ (ვადის გახანგრძლივება) ითხოვა, შეუნდო; როცა კი იხილა, რომ ის სასტიკად და უწყალოდ მოექცა თანამონას, საზღვარი დაუდო საკუთარ გულმოწყალებასაც, და მოვალეს თავად საქმით აცნობინა, რომ არა თანამონას, არამედ თავის თავს ავნო უფრო მეტად. როგორც მან (მონამ) (თანამონა) ციხეში ჩააგდო, ვიდრე ვალს არ დაფარავდა, ისე ბატონმაც იგი მტანჯველებს მისცა, ვიდრე მთელ ვალს არ დაფარავდა. ეს (უფალმა) არა უბრალოდ ტალანტებსა და დრაჰკნებზე თქვა, არამედ ცოდვებსა და ურჯულოებათა სიმძიმეს (ჩვენსას) გულისხმობდა, რომ ვიცოდეთ, რომ ჩვენ, ურიცხვ შეცოდებებში ვართ ღმერთის წინაშე დამნაშავე, და მაინც მისი გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით ვიღებთ მისგან პატიებას; თუ კი თვითონ ვიქნებით სასტიკნი და უწყალონი ჩვენი მოყვასისა და ძმების მიმართ, რომლებსაც ჩვენთან ერთი ბუნება აქვთ, და არ მივუტევებთ ჩვენ წინაშე მათ შეცოდებებს, არამედ ბოროტს ვახსოვრებთ ამ უმნიშვნელო შეცოდებებისთვის (რას არის ასი დრაჰკანი ათი ათას ტალანტთან შედარებით, იგივეა ჩვენი მოყვასის ჩვენ წინაშე შეცოდებანი ჩვენი ცოდვების უფლის წინაშე შედარებით), მაშინ ღვთის რისხვას დავიტეხთ თავზე, და რაშიც წინათ პატიება მივიღეთ, ისევ მოგვიწევს ტანჯვით გადახდა. მართლაც, რომ ვიცოდეთ, რომ ეს იგავი უფალმა ჩვენი სულის სასარგებლოდ წარმოადგინა, მოისმინე, რას დაუმატა: "ეგრეთცა მამამან ჩემმან ზეცათამან გიყოს თქუენ, უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა ყოვლითა გულითა თქუენითა ცთომანი მათნი" (). მართლაც, ბევრი სარგებლობა (შეიძლება ჩვენთვის) ამ იგავისგან, თუ ყურადღებიანი ვიქნებით. გვაქვს კი ჩვენ შესაძლებლობა, (ჩვენს მოყვასს) იმდენი ვაპატიოთ, რამდენსაც უფალი გვპატიობს? ამასთან, ჩვენ, თუ მოვინდომებთ პატიებას, ჩვენს მსგავს მონებს ვპატიობთ, ხოლო თვითონ უფლისგან ვიღებთ პატიებას. კიდევ უყურე, რა ზუსტობაა უფლის სიტყვებში. არ თქვა უბრალოდ: თუ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არამედ როგორ? "უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა ყოვლითა გულითა თქუენითა ცთომანი მათნი". დააკვირდი, როგორ სურს, რომ თავად ჩვენი გული იყოს მშვიდი და მყუდრო, რომ ჩვენი სული მშვიდობიანი იყოს და ყოველგვარი ვნებისგან თავისუფალი, და, რომ მოყვასთან სრული კეთილგანწყობა გამოვავლინოთ. სხვა ადგილასაც, მოისმინე, რას ამბობს: "რამეთუ უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან" (). ნუ ვიფიქრებთ, თითქოს ჩვენ, მოყვასს ვპატიობთ რა, მას ვუკეთებთ ქველმოქმედებას ან დიდ წყალობას; არა, ჩვენ თვითონ ვიღებთ ქველმოქმედებას, თვითონ ჩვენთვის გამოვიტანთ აქედან დიდ სარგებელს. ასევე, თუ მოყვასს არ ვაპატიებთ, ამით მას არანაირ ზიანს არ მივაყენებთ, ხოლო თავს აუტანელ ჯოჯოხეთურ ტანჯვას მოვუმზადებთ. ამიტომ, გთხოვ, ეს რომ ვიცით, ნურასოდეს ვიყოთ ბოროტის მახსოვრალნი და ნუ ვიკვებებთ მტრობას იმათ მიმართ, ვინც უსიამოვნობა ან რაიმე სხვა შეურაცხყოფა მოგვაყენა, არამედ, წარმოვიდგინოთ, რა ქველმოქმედებასა და კადნიერებას უფლის წინაშე მოგვანიჭებენ ისინი, და ყველაზე მეტად ისა, რომ შეურაცხმყოფელებთან შერიგება ჩვენს ცოდვებს წაშლის, ვისწრაფოთ და ნუ დავაყოვნებთ (მტრებთან შერიგებას), და, მოგვრილი სარგებლის შესახებ ვიფიქრებთ რა, ისეთი განწყობა გამოვავლინოთ მტრებისადმი, თითქოს ისინი ჩვენი ნამდვილი ქველმოქმედნი იყვნენ. თუ ფხიზელნი ვიქნებით, ჩვენ მიმართ გულწრფელად განწყობილი და ყოველმხრივ ჩვენი სასიამოვნოდ მოქმედი ადამიანები იმდენ სარგებელს ვერ მოგვიტანენ, რამდენს — ჩვენი კეთილგანწყობა მტრებისადმი: იგი ჩვენ ზეციური კეთილგანწყობის ღირსებს გაგვხდის და ცოდვათა ტვირთს შეგვიმსუბუქებს.
8. მტრის სიყვარული და შერიგების მოვალეობა
მართლაც, საყვარელო, განსაჯე, რა სიდიადე აქვს ამ სათნოებას იმ ჯილდოთა მხრივ, რომლებსაც ღმერთი ყოველმხრივ აღუთქვამს მის შემსრულებელთ. მან თქვა: "გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ"; და, რადგან ბრძანებული მნიშვნელოვანი და ძალიან ამაღლებული იყო, დაუმატა: "რაჲთა იყვნეთ თქუენ შვილ მამისა თქუენისა ზეცათაჲსა, რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა" (). ხედავ, ვის ემსგავსება, რამდენადაც ეს ადამიანისთვის შესაძლებელია, ის, ვინც არა მხოლოდ არ სავს შეურაცხმყოფელთ, არამედ მოშურნედ ლოცულობს კიდეც მათთვის? ამრიგად, ნუ წავართმევთ თავს, დაუდევრობის გამო, ესოდენ დიდ ნიჭებსა და ჯილდოს, რომლებიც ყოველგვარ სიტყვას აღემატება, არამედ ყოველმხრივ ვეცადოთ ამ (ბრძანების) შესრულებას და საკუთარ თავზე ძალის ხმარებითაც კი შევაჩვიოთ ჩვენი სული ღვთის მცნების მორჩილებას. იმიტომაც გავაკეთე დღეს ეს შეგონება, წარმოვადგინე იგავი და ვაჩვენე ამ სათნოების (შეურაცხყოფის პატიების) სიდიადე და ჩვენთვის მისგან მომდინარე სარგებლობის სიუხვე, რომ, სანამ დრო არის, ჩვენგან თითოეულმა, ვისაც კი მტერი ჰყავს, ეცადოს თავისი მოსიყვარულე მოპყრობით შეარიგოს იგი თავის თავთან. და ნუ მეტყვი ვინმე: მე ერთხელაც და ორჯერაც ვთხოვე მას (მტერს), მაგრამ ის არ დათანხმდა (შერიგებაზე). არა, თუ ჩვენ გულწრფელად გვსურს შერიგება, ნუ მოვეშვებით (მტერს), ვიდრე არ დავძლევთ ჩვენი დაჟინებული თხოვნებით, ვიდრე არ მოვიზიდავთ და ჩვენ მიმართ მტრობის შეწყვეტას არ ვაიძულებთ. განა მისთვის ვუკეთებთ ამით რაიმე წყალობას? არა, ჩვენზე თავად გადადის კეთილი საქმის ნაყოფი: ამით ჩვენზე ღვთის კეთილგანწყობას ვიზიდავთ, ცოდვათა მიტევებას ვიძენთ, დიდ კადნიერებას ვიღებთ უფლის წინაშე. თუ ასე მოვიქცევით, მაშინ წმინდა სინდისით შევძლებთ მივუდგეთ ამ წმინდა და საშინელ ტრაპეზს და კადნიერებით წარმოვთქვათ ის სიტყვები, რომლებიც (უფლის) ლოცვაში არის მოცემული. ხელდასხმულებმა (მორწმუნეებმა) იციან, რაზეც ვლაპარაკობ. ამიტომ თითოეულის სინდისზე მიგანდობთ, იცოდეს, რა კადნიერებით შეგვიძლია, ეს მცნება რომ აღვასრულოთ, წარმოვთქვათ ეს სიტყვები იმ საშინელ ჟამს (ლიტურგიის). ხოლო თუ ამ მცნებას უგულებელვყოფთ, მაშინ რა განკითხვას დავიმსახურებთ, საკუთარ სიტყვებს ვეწინააღმდეგებით, გავბედავთ ლოცვის სიტყვების წარმოთქმას უფიქრელად და დაუდევრად, თავზე სულ უფრო მეტ (ჯოჯოხეთის) ცეცხლს დავიგროვებთ და ჩვენ წინააღმდეგ უფლის რისხვას აღვძრავთ? მიხარია და აღმაფრთოვანებს, როცა ვხედავ, რომ სიამოვნებით მისმენთ ჩემს სიტყვას და ტაშისცემით აჩვენებთ, რომ ეცდებით განეწყოთ (მტრებთან შერიგებისთვის) და პრაქტიკაში განახორციელოთ უფლის ეს მცნება. სწორედ ამაშია ჩვენი სულის კურნება, სწორედ ამაშია ჩვენი ჭრილობების განკურნება, სწორედ ეს არის ღვთის სათნოყოფის ყველაზე საიმედო გზა, სწორედ ეს არის ღვთისმოყვარე სულის ყველაზე უტყუარი ნიშანი, — როცა, ანუ, ყოველივეს უფლის კანონისთვის ვასრულებთ და არ ვემორჩილებით უკეთურ აზრებს, არამედ ვნებებზე მაღლა ვდგებით, წარმოვიდგენთ რა ღვთისგან ყოველდღიურად აღმოჩენილ ქველმოქმედებას. და მართლაც, რამდენადაც არ უნდა ვეცადოთ, მაინც ვერ შევძლებთ არც იმ სიკეთის მცირეოდენი ნაწილის გადმოცემას, რომელიც უკვე გვიბოძა (ღვთისგან), არც იმისა, რომელიც ყოველდღიურად ეწვდინება, არც იმისა, რომელიც ჯერ კიდევ განმზადებულია ჩვენთვის (მომავალ ცხოვრებაში), თუ მოვისურვებთ მისი მცნებების შესრულებას. ამრიგად, თითოეულმა, აქედან გავიდეს რა, აკეთე ეს საქმე, ისწრაფე მისკენ, როგორც უდიდესი საუნჯისკენ, და ნუ დააყოვნებ ოდნავადაც. თუნდაც იშრომო, თუნდაც ეძებო, თუნდაც გრძელი გზა გაიარო, თუნდაც რაიმე სიძნელე გადალახო, მოვისპობთ ამ დაბრკოლებებს. ერთზე მხოლოდ ვიზრუნოთ, — როგორ აღვასრულოთ უფლის მცნება და მივიღოთ მორჩილებისთვის ჯილდო. ვიცი, რომ ადვილი და სასიამოვნო არ არის მისვლა იმასთან, ვინც მტრობს და ბოროტობს ჩვენ წინააღმდეგ, და მასთან ლაპარაკის დაწყება. მაგრამ თუ ამ მცნების მაღალ ღირსებაზე იფიქრებ, ჯილდოს სიდიადეზე და იმაზე, რომ ამ კეთილი საქმის სარგებელი არა მასზე, არამედ შენზე მოდის, მაშინ ყოველივე მსუბუქი და ადვილი მოგეჩვენება. ამრიგად, ამას გონებაში დავიცავთ რა, ვძლიოთ (ცუდ) ჩვეულებას და კეთილმოშიშე განწყობით ვასრულოთ იესო ქრისტეს მცნებები, რათა მისგანაც ჯილდოს ვეღირსოთ.
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.