📋 სარჩევი
1. მოშურნეობა სწავლისადმი და მთესველის იგავი
ვხედავ, საყვარელნო, თქვენს მოშურნე ყოველდღიურ შეკრებას აქ და დიდ სიამოვნებას ვგრძნობ, არ ვწყვეტ კაცთმოყვარე ღვთის დიდებას თქვენი წარმატების გამო. როგორც შიმშილი ხორციელი ჯანმრთელობის ნიშანია, ისე ღვთის სიტყვის მოსმენისადმი მოშურნეობა სულიერი ჯანმრთელობის საუკეთესო ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს. ამიტომაც ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ მთაზე ნეტარებათა ქადაგებაში თქვა: „ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ" (). ვინ იქნება ღირსი, თქვენ ღირსეულად აქოთ, როდესაც სამყაროს მეუფისგან ნეტარის სახელი უკვე მოგეცათ და მისგან კიდევ უთვალავ სიკეთეებს ელოდებით? ჩვენი მეუფე ასეთია: როდესაც ხედავს, რომ სული სულიერი საგნებისკენ მიისწრაფვის ძლიერი სურვილითა და დაძაბული მოშურნეობით, მადლსა და თავის უხვ ნიჭებს მოგვცემს. ამიტომაც ვიმედოვნებ, რომ ჩვენც, თქვენი სასარგებლოდ, მოგვცემს უხვ სასწავლო სიტყვას თქვენს, საყვარელნო, აღსაშენებლად. თქვენთვის და თქვენი წარმატებისთვის ვიღებთ ამ მთელ შრომას, რათა თქვენც სწრაფად მიაღწიოთ სათნოების მწვერვალს და ღვთისთვის სათნო ცხოვრების მასწავლებლები იყოთ ყველასთვის, ვინც თქვენ გიყურებთ, ხოლო ჩვენ მეტი კადნიერება მოვიპოვოთ, რადგან ვხედავთ, რომ არა ამაოდ და არა უნაყოფოდ ვშრომობთ, რომ ეს სულიერი თესლი ყოველდღიურად იზრდება, და ჩვენ არ დაგვმართნია ის, რაც სახარებაში ნახსენებ მთესველს (მათ 13:4–7). იქ ერთი ნაწილი კი შენარჩუნდა, მაგრამ სამი დაიღუპა: ზოგი თესლი გზისპირას დაეცა და უნაყოფო დარჩა; ზოგი ეკლებით დაიხშო, ხოლო ზოგი კლდეზე დავარდა, ზედაპირზე დარჩა და ვერანაირი ნაყოფი ვერ გამოიღო. ხოლო აქ, ღვთის მადლით, ვიმედოვნებთ, რომ ყველა თესლი კარგ ნიადაგში არის ჩავარდნილი, და ზოგი ასმაგ, ზოგი სამოცმაგ, ზოგი კი ოცდაათმაგ ნაყოფს გამოიღებს. სწორედ ეს ამრავლებს ჩვენს მოშურნეობას, სწორედ ეს აღძრავს ჩვენს გონებას – კერძოდ, დარწმუნებულობა იმაში, რომ არა ამაოდ და არა უნაყოფოდ გთავაზობთ სწავლებას, რომ თქვენ ყურადღებიანი სმენითა და ფხიზელი გონებით იღებთ ჩვენს სიტყვებს. ამას ვამბობ, საყვარელნო, არა თქვენი პირფერობისთვის, არამედ გუშინდელი ჩვენი საუბრიდან თქვენი მოშურნეობის შესახებ ვასკვნი. ვხედავდი, როგორ ისმენდით ყურადღებით და ყოველნაირად ცდილობდით, რომ ერთი სიტყვაც კი არ გამოგეშვათ. გარდა ამისა, ხშირი ტაშისცემაც ძალიან ნათელი ნიშანი იყო იმისა, რომ სწავლებას სიამოვნებით ისმენდით. ხოლო ვინც რაიმეს სიამოვნებით ისმენს, იგი, აშკარაა, ამას გონებაში იმკვიდრებს და სულის სიღრმეში ალაგებს რა, წაუშლელს ხდის. ვინ შეძლებს ღირსეულად თქვენი ქებასა და ჩვენი ნეტარყოფას, იმისთვის, რომ მსმენელთა ყურებს ვეტყვით? „ნეტარ არს", – ამბობს (წერილი), – „რომელი იტყოდის ყურთა მსმენელთა" (). ეს მარხვის ნაყოფია; ეს წამალი ჩვენი სულების ცხონებად იქცა. თუ (მარხვამ) ამგვარი ძალა თავის დასაწყისშივე გამოავლინა, მაშინ რა სარგებელს უნდა ველოდოთ მისგან მომდევნო დღეებში? მხოლოდ, გთხოვთ, „შიშით და ძრწოლით თჳსსა ცხორებასა იქმოდეთ" () და არავითარი ხელი არ მისცეთ თქვენი ცხონების მტერს. იგი, ხედავს რა ახლა თქვენს სულიერ სიმდიდრეს, მძვინვარებს და ბობოქრობს, და „ვითარცა ლომი მყჳრალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა" (). მაგრამ თუ ფხიზლად ვიქნებით, ღვთის მოწყალებით, არავის სძლევს.
2. სულიერი საჭურველი და სამყაროს შექმნა
ასეთია ჩვენი სულიერი იარაღი, რომლითაც სულიწმიდის მადლმმა შემოგვმოსა, როგორც გუშინ ავხსენით, საყვარელნო. ამრიგად, თუ ამ იარაღით მუდმივად შემოვზღუდავთ ყველა ასოს, მტრის მიერ გასროლილი ისრებიდან არცერთი ვერ გვეხება, არამედ ყველა უშედეგოდ დაუბრუნდება მას: ღვთის მადლი ალმასზე მტკიცესა და სრულიად დაუძლეველს გაგვხდიდა, თუ გვსურდა. როგორც ალმასს რომ ურტყამ, არავითარ ზიანს არ აყენებ მას, მხოლოდ საკუთარ ძალას ხარჯავ, და ვინც ეკალს დააბიჯებს, მხოლოდ საკუთარ ფეხებს სისხლისღვრამდე ჭრის, ასე იქნება ჩვენთანაც და ჩვენი ცხონების მტერთანაც, თუ მუდმივად სულიწმიდის მადლის მიერ მოცემულ იარაღს შემოვიმოსავთ. მათი ძალა იმდენად დიდია, რომ მათ ბრწყინვალებასაც კი ვერ იტანს მტერი – მათგან გამომავალი სინათლე მის თვალებს აბრმავებს. ამ იარაღით მუდმივად შეიარაღებულნი, მოედანზეც გავიდეთ, მეგობრებსაც ვესტუმროთ, საქმეებსაც მივხედოთ. რას ვამბობ – მოედანზე გასვლას? ისინი ჩამოვიცვათ და ეკლესიაშიც მოვიდეთ, სახლშიც დავბრუნდეთ, დავიძინოთ და ძილიდან ავდგეთ, ერთი სიტყვით: მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე არასოდეს მოვიხსნათ ისინი ჩვენგან; ჩვენთან ერთად წავიდნენ (მომავალ ცხოვრებაშიც) და იქ მოგვცენ უდიდესი კადნიერება. ისინი არ ამძიმებენ სხეულს, ხორციელი იარაღისგან განსხვავებით, პირიქით – ამსუბუქებენ, აღამაღლებენ და აძლიერებენ, ოღონდ ყოველდღე ვწმინდავდეთ მათ, რათა ნათლად მბრწყინავნი, ბოროტი დემონის თვალებს აბრმავებდნენ, რომელიც ჩვენი ცხონების წინააღმდეგ ყოველგვარ მზაკვრობებს იგონებს. თუმცა, რადგან საკმაოდ შეგიარაღეთ, მოგაწოდოთ ჩვეული ტრაპეზი და, საყვარელნო, გადმოგცეთ ის, რაც გუშინდელი ნათქვამის შემდგომია, ამ სასარგებლო სწავლების მეგზურად კვლავ საკვირველი სტუმართმოყვარე მასპინძელი – ნეტარი მოსე, დიდი წინასწარმეტყველი – ავიყვანოთ. ვნახოთ, რა გვინდა გვასწავლოს დღესაც, და ყურადღებით მოვისმინოთ სიტყვები: იგი თავისგან არ ლაპარაკობს, არამედ, რაც სულიწმიდის მადლმა შთააგონა, იმას წარმოთქვამს თავისი ენით, კაცთა მოდგმის სასწავლებლად. პირველ დღეზე სიტყვა რომ დაასრულა და, ნათლის შექმნის შემდეგ, თქვა: „და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე ერთი", შემდეგ ამბობს: „და თქუა ღმერთმან: იქმენინ სამყარო შორის წყლისა და იყავნ განმყოფელ შორის წყლისა და წყლისა". ყურადღება მიაქციე, საყვარელო, სწავლების თანმიმდევრობას. ჯერ გვითხრა, რომ ცისა და მიწის შექმნის შემდეგ „ქუეყანაჲ იყო უხილავ და განუმზადებელ", და შემდეგ მიზეზიც დაურთო, რატომ იყო „უხილავ", – კერძოდ იმიტომ, რომ ბნელითა და წყლებით იყო დაფარული: ყველაფერი წყალი და ბნელი იყო, და სხვა არაფერი. შემდეგ, უფლის ბრძანებით, ნათელი გამოჩნდა და ნათელსა და ბნელს შორის გაყოფა მოხდა, ერთმა მიიღო დღის, მეორემ კი ღამის სახელი. ხოლო ახლა გვინდა გვასწავლოს, რომ ღმერთი, ისევე როგორც ბნელი გაყო ნათლის შემოტანით და ერთსაც მეორესაც შესატყვისი სახელი მისცა, ასევე წყალთა სიმრავლესაც თავისი ბრძანებით ყოფს.
3. სამყაროს ბუნება და ცათა რიცხვის საკითხი (1:6-7)
ნახე, მისი ძალა რაოდენ გამოუთქმელია და ყოველგვარ ადამიანურ წარმოდგენას აღემატება. მხოლოდ ბრძანებს – და ერთი სტიქიონი მოვა, მეორე კი განეშორება. „და თქუა ღმერთმან: იქმენინ სამყარო შორის წყლისა და იყავნ განმყოფელ შორის წყლისა და წყლისა". რას ნიშნავს: „იქმენინ სამყარო"? ეს იმის მსგავსია, ვინმე ადამიანურ ენაზე რომ ეთქვა: იქმნას რაღაც კედელი და ზღუდე, რომელიც შუაში იქნებოდა და თავისით გაყოფას მოახდენდა. და, რომ გაიგო სტიქიონთა დიდი მორჩილება და შემოქმედის აღმატებული ძალა, ამბობს: „და იქმნა ეგრეთ". მხოლოდ თქვა – და აღსრულდა. „და განყო", – ამბობს, – „ღმერთმან შორის წყლისა, რომელი იყო ქუეშე კერძო სამყაროჲსა და შორის წყლისა ზედა კერძო სამყაროჲსა". სამყაროს შექმნის შემდეგ, ამბობს, ღმერთმა ბრძანა, რომ ზოგიერთი წყალი სამყაროს ქვეშ ყოფილიყო, ხოლო ზოგი სამყაროს ზედაპირის ზემოთ. მაგრამ ვინმე იკითხავს: რა არის სამყარო? გამაგრებული წყალი, თუ შეკუმშული ჰაერი, თუ რაიმე სხვა ნივთიერება? კეთილგონიერთაგან არავინ გაბედავს ამის პირდაპირ გადაჭრას. დიდი მადლიერებით უნდა მივიღოთ (წერილის) სიტყვები და, ჩვენი ბუნების საზღვრებს მიღმა არ გავცდეთ, არ გამოვიკვლიოთ ის, რაც ჩვენს ზემოთაა, არამედ მხოლოდ ვიცოდეთ და გონებაში შევინახოთ, რომ უფლის ბრძანებით წარმოიშვა სამყარო, რომელიც წყლებს ყოფს, ერთ ნაწილს თავის ქვეშ ინახავს, ხოლო მეორეს, ზემოთ მყოფს, თავის ზედაპირზე ატარებს. „და უწოდა", – ამბობს, – „ღმერთმან სამყაროსა ცაჲ". ნახე, აქაც საღვთო წერილი იმავე წესს იყენებს. როგორც გუშინ (ღმერთმა) თქვა: „იქმენინ ნათელი", და როდესაც ნათელი გამოჩნდა, დაურთო: „და განწვალა ღმერთმან შორის ნათლისა და შორის ბნელისა", და შემდეგ ნათელს დღე უწოდა, – ასევე დღეს თქვა: „იქმენინ სამყარო შორის წყლისა"; შემდეგ, ისევე როგორც ნათლის შესახებ, სამყაროს დანიშნულებაც აგვიხსნა: „იყავნ", – ამბობს, – „განმყოფელ შორის წყლისა და წყლისა". ხოლო როდესაც დანიშნულება აგვიხსნა, მაშინ, ისევე როგორც ნათელს მისცა სახელი, სახელს აძლევს სამყაროსაც. „და უწოდა", – ამბობს, – „სამყაროსა ცაჲ", – ეს ხილული ცაა. მაგრამ როგორ, იტყვი, ზოგიერთნი ამტკიცებენ, რომ მრავალი ცა არის შექმნილი? ისინი ასე ასწავლიან არა საღვთო წერილიდან, არამედ საკუთარი მსჯელობებით. ნეტარი მოსე ამაზე მეტს არაფერს გვასწავლის. თქვა რა: „დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ", შემდეგ აჩვენა მიზეზი, რის გამოც მიწა უხილავი იყო, ანუ ბნელითა და წყალთა უფსკრულით იყო დაფარული, (მოსე) ნათლის შექმნის შემდეგ, გარკვეულ წესრიგსა და თანმიმდევრობას იცავს რა, ამბობს: „და თქუა ღმერთმან: იქმენინ სამყარო". შემდეგ, ზუსტად ახსნა რა ამ სამყაროს დანიშნულება და თქვა რა: „იყავნ განმყოფელ შორის წყლისა და წყლისა", თავად ამ სამყაროს, რომელიც წყლებს შორის გაყოფას ახდენს, ცა უწოდა. ამგვარი ახსნის შემდეგ, ვინ შეიძლება დაეთანხმოს მათ, ვინც თავისი გონებიდან ლაპარაკობს გადაჭრით და ბედავს, საღვთო წერილის საწინააღმდეგოდ, ამტკიცოს, რომ მრავალი ცა არსებობს? მაგრამ, იტყვიან, ნეტარმა დავითმა, ღვთის საქებრად, თქვა: „აქებდით მას ცანი ცათანი" (). ნუ შეშფოთდები, საყვარელო, და ნუ იფიქრებ, თითქოს საღვთო წერილი რაიმეში თავის თავს ეწინააღმდეგება; არამედ იცოდე ნათქვამის ჭეშმარიტება და, ბეჯითად დაიცავ რა მისი სწავლება, ყური დაუხშე მათ, ვინც მის საწინააღმდეგოს ლაპარაკობს.
4. ებრაული ენა და ცის სახელწოდების განმარტება (1:8)
ის, რისი თქმაც მე მინდა, სრული ყურადღებით მოისმინეთ, რათა მაშინვე არ გაგარყიონ მათ, ვისაც უყვარს ლაპარაკი იმისა, რაც მოეპრიანებათ. ძველი აღთქმის ყველა საღვთო წიგნი თავდაპირველად ებრაულ ენაზე იყო დაწერილი; ამაში, რა თქმა უნდა, ყველა დაგვეთანხმება. ქრისტეს შობამდე არცთუ მრავალი წლის წინათ, მეფე პტოლემეოსმა, რომელიც დიდი მოშურნეობით ცდილობდა წიგნების შეგროვებას და მრავალი სხვადასხვა სახის წიგნი შეაგროვა, საჭიროდ მიიჩნია ამ (საღვთო) წიგნების მოპოვებაც. ამიტომ იერუსალიმიდან რამდენიმე იუდეველი მოიწვია და დაავალა მათ ეთარგმნათ (ეს წიგნები) ბერძნულ ენაზე, რაც მათ შეასრულეს. ეს ღვთის განგებულების საქმე იყო, რათა ამ წიგნებით ესარგებლათ არა მხოლოდ ებრაული ენის მცოდნეებს, არამედ მთელი სამყაროს მცხოვრებლებს. განსაკუთრებით საკვირველი და საოცარია ის, რომ ამგვარი მოშურნეობა არ გამოუჩენია იუდეური სარწმუნოების რომელიმე მიმდევარს, არამედ კერპთაყვანისმცემელსა და ჭეშმარიტი ღვთისმსახურების მტერს. ასეთია ჩვენი მეუფის ყველა საქმე: იგი ყოველთვის მოწინააღმდეგეთა მეშვეობით ავრცელებს ჭეშმარიტების ბრძანებებს. ამას, საყვარელნო, უმიზნოდ კი არ მოგიყევით, არამედ იმისთვის, რომ იცოდეთ: (ძველი აღთქმის წიგნები) არა ჩვენს ენაზეა დაწერილი, არამედ ებრაულად. ამ ენის კარგი მცოდნეები ამბობენ, რომ ებრაულად სიტყვა „ცა" მრავლობით რიცხვში იხმარება; ამავეს ადასტურებენ სირიული ენის მცოდნეებიც. მათ ენაზე, ამბობენ, არავინ იტყვის „ცას", არამედ – „ცანი". სწორედ ამიტომ თქვა ნეტარმა დავითმაც ასე: „ცანი ცათანი", – არა იმიტომ, თითქოს მრავალი ცა არსებობდეს – ამას ნეტარმა მოსემ არ გვასწავლა, – არამედ იმიტომ, რომ ებრაულ ენაში ხშირად ერთი საგნის სახელი მრავლობით რიცხვში იხმარება. სხვაგვარად, თუ მრავალი ცა არსებობდა, სულიწმინდა არ დატოვებდა, რომ იმავე ნეტარი წინასწარმეტყველის პირით სხვა ცათა შექმნის შესახებაც არ გვესწავლებინა. გთხოვთ, მტკიცედ დაიმახსოვროთ ეს, რათა შეძლოთ პირის დახშობა მათთვის, ვისაც ეკლესიის საწინააღმდეგო სწავლების შემოტანა სურს, და, რომ ზუსტად იცოდეთ საღვთო წერილის სიტყვათა აზრი. ამისთვის ხშირად იკრიბებით აქ, და ჩვენ მუდმივად გასწავლით, რათა „განმზადებულ იყვენით მარადის სიტყჳს მიგებად ყოვლისა, რომელი ეძიებდეს თქუენგან სიტყუასა" (). მაგრამ, თუ გნებავთ, მომდევნოს მივუბრუნდეთ. „და უწოდა", – ამბობს წერილი, – „ღმერთმან სამყაროსა ცაჲ. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ". ნახე, ამ სიტყვებში რა შეწყნარებაა ადამიანის სისუსტისადმი. როგორც ნათლის შესახებ თქვა: „და იხილა, რამეთუ კეთილ", ასევე ახლაც ცის, ანუ სამყაროს შესახებ ამბობს: „და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ", ამით გვიჩვენებს მის მიუბაძავ სილამაზეს. ვინ არ განცვიფრდება და არ აღტაცდება იმით, რომ იგი ესოდენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინარჩუნებს აყვავებულ სილამაზეს, და რაც მეტი დრო გადის, მით მეტად იმატებს მისი მშვენიერება? რა შეიძლება იყოს უფრო მშვენიერი, ვიდრე ის, რაც თავად შემოქმედისგან შექებას დაიმსახურა? თუ ადამიანის მიერ შესრულებულ სრულყოფილ ნაწარმოებს რომ განვიხილავთ, გვიკვირს მისი სახე, მდგომარეობა, სილამაზე, თანაზომიერება, შეწყობილება და ყველაფერი დანარჩენი, მაშინ ვინ შეძლებს ღირსეულად შეაქოს ღვთის ქმნილება, მით უფრო, როდესაც ეს ქმნილება თავად უფლისგან შექებას დაიმსახურა? ეს შეწყნარებით არის ნათქვამი ჩვენდამი, და ღმერთი, ხედავ, თითოეული თავისი ქმნილების შესახებ წარმოთქვამს ამ (მოწონებას) და ამით წინასწარ შეაკავებს მათ თავხედობას, ვინც შემდგომ ბედავს ენის გალესვას ღვთის ქმნილების წინააღმდეგ და ამბობს: რისთვის შეიქმნა ესა და ეს? წინასწარ აღვირს ადებს მათ, ვინც ასეთ სიტყვებს ბედავს, მოსე ამბობს: „და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ". როდესაც გესმის, რომ ღმერთმა იხილა და შეაქო, ეს სიტყვები ღვთის ღირსეულად და ღვთის შესაფერისად გაიგე. შემოქმედმა ქმნილების სილამაზე ჯერ კიდევ შექმნამდე იცოდა; მაგრამ, რადგან ჩვენ, ადამიანები, ესოდენ უძლურებით მოცულნი, ვერ შევძლებდით ეს სხვაგვარად გაგვეგო, ამიტომ განაწყო ნეტარი წინასწარმეტყველი, რომ ეს უხეში გამოთქმები გამოეყენებინა კაცთა მოდგმის სასწავლებლად.
5. ქმნილებიდან შემოქმედის შემეცნება
ამრიგად, როდესაც თვალებს აღაპყრობ და იხილავ ცის სილამაზეს, სიდიადესა და სარგებლიანობას, აქედან შემოქმედისკენ აღიმართე, როგორც ბრძენმა თქვა: „რამეთუ სიდიდითა და შუენიერებითა დაბადებულთაჲთა შესატყჳსად მოქმედი იგი მათი საცნაურ იქმნების" (), და თავად ამ სტიქიონთა შექმნიდან შეიმეცნე, როგორია შენი უფლის ძალა. მართლაც, სიბრძნისმოყვარე სულის მქონე ადამიანი, თუ ისურვებს თითოეული ხილული საგნის გამოკვლევას – რას ვამბობ, თითოეული ხილული საგნისას? – თუ ისურვებს მხოლოდ საკუთარი აგებულების ყურადღებით განხილვას, ამ მცირედანაც დაინახავს ღვთის გამოუთქმელ და მიუწვდომელ ძალას. ხოლო თუ ხილული საგნები საკმარისად აჩვენებენ შემოქმედის ძლიერების სიდიადეს, მაშინ, როდესაც უხილავ ძალებსაც მოიხმობ და აზრს ანგელოზთა, მთავარანგელოზთა, ზენა ძალთა, საყდართა, უფლებათა, მთავრობათა, ხელმწიფებათა, ქერუბიმთა და სერაფიმთა მხედრობებს მიაპყრობ, – რა გონება, რა სიტყვა შეძლებს მისი გამოუთქმელი სიდიადის გამოხატვას? თუ ნეტარი წინასწარმეტყველი დავითი, ხილულის მოწყობას რომ განიხილა, წამოიძახოდოდა: „ვითარ განდიდნენ საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ" (), თუ (ასე წამოიძახოდა) კაცი, რომელიც ესოდენ სულიწმიდის ღირსქმნილი იყო და რომელსაც მიცემული ჰქონდა შემეცნება „უჩინოთა და დაფარულთა სიბრძნისა" მისისა (), მაშინ რას ვიტყვით ჩვენ, მიწა და ნაცარი, – ჩვენ, რომლებმაც მუდმივად თავი უნდა ჩავღუნოთ და სამყაროს უფლის გამოუთქმელ კაცთმოყვარეობას გავიკვირვოთ? რას ვამბობ წინასწარმეტყველზე? ნეტარი პავლე, ეს ცისმაღალი სული, ხორცით შემოსილი და უხორცო ძალებს მსგავსი, ვინც მიწაზე დადიოდა, მაგრამ მოშურნეობით ცას მიმოსდებდა, მან, ღვთის განგებულების მხოლოდ ერთ ნაწილში რომ ჩაიხედა (იუდეველთა და წარმართთა შესახებ, რომელთაგან პირველნი განიშორა, მეორენი კი მიიღო), გაოცებული და განცვიფრებული, ხმამაღლა წამოიძახა: „ჵ სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკულეველ არიან გზანი მისნი!" (). აქ სიამოვნებით ვკითხავ მათ, ვინც ბედავს ღვთის ძის შობის გამოკვლევას და ბედავს სულიწმიდის ღირსების დამცირებას: საიდან, მითხარით, ასეთი თავხედური კადნიერება? რა თრობიდან მიხვედით ასეთ უგუნურებემდე? თუ პავლე, ასეთი და ესოდენ დიდი კაცი, ამბობს, რომ მისი განკითხვანი, ანუ მისი განგებულების განჩინებანი გამოუძიებელია – არ უწოდა მიუწვდომელი, არამედ გამოუძიებელი, ისეთი, რომელიც ძიებას არ იტანს, და მისი გზანი, ანუ სათნოების ბრძანებანი და მცნებანი – გამოუკულეველი, კვლავ იმავე აზრით, – მაშინ როგორ ბედავთ თქვენ მხოლოდშობილის თავად არსების გამოკვლევას და, რამდენადაც თქვენზეა დამოკიდებული, სულიწმიდის ღირსების დამდაბლებას? ხედავთ, საყვარელნო, რა ბოროტებაა – ზუსტად არ მისდიო საღვთო წერილში ნათქვამს! ეს ადამიანები, რომ კეთილგონიერად მიეღოთ საღვთო წერილის სწავლება და საკუთარი გონებიდან რაიმე არ მოეტანათ, ასეთ უგუნურებემდე არ მივიდოდნენ. ჩვენ კი არ მოვეშვებით მათთვის საღვთო წერილის სიტყვების ხმამაღლა ქადაგებას, სმენას ვიცავთ რა მათი დამღუპველი სწავლებისგან.
6. მეორე დღე და სულიერი საზრდოს აუცილებლობა (1:8)
არ ვიცი, როგორ კვლავ ესოდენ შორს გავიტაცეთ სიტყვის დინებით და წესრიგს გადავუხვიეთ: ამიტომ კვლავ საქმის თავში დავაბრუნოთ სიტყვა. „და უწოდა", – ამბობს (მოსე), – „ღმერთმან სამყაროსა ცაჲ, და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეორე". სამყაროს სახელი რომ დაარქვა და შექმნილი შეაქო, მეორე დღეს დაასრულა და განაგრძობს: „და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეორე". ხედავ, რა გულმოდგინედ ასწავლის, ნათლის დასრულებას – მწუხრს უწოდებს, ხოლო ღამის ბოლოს – განთიადს, ხოლო ორივეს ერთად – დღეს, რათა ჩვენ შეცდომით არ ვიფიქროთ, თითქოს მწუხრი დღის დასასრულია, არამედ ცხადად ვიცოდეთ, რომ ორივეს, ანუ დღისა და ღამის, ხანგრძლივობა ერთ დღეს შეადგენს. ამიტომ სამართლიანად შეიძლება ეწოდოს მწუხრს ნათლის დასრულება, ხოლო განთიადს, ანუ ღამის ბოლოს – დღის დასრულება. სწორედ ამის ჩვენება სურს საღვთო წერილს, როდესაც ამბობს: „და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეორე". შესაძლოა, ძალიან ვრცლად ვილაპარაკეთ, მაგრამ ეს არა განგებ, არამედ, ასე ვთქვათ, თავად სიტყვის მდინარებით გატაცებულნი, თითქოს უძლიერესი ნაკადით. თქვენც ხართ ამის მიზეზი, რადგან სიამოვნებით ისმენთ ჩვენს სიტყვებს. არაფერს შეუძლია ისე აღძრას მოსაუბრე და ისე შთააგონოს მას აზრთა სიუხვე, როგორც მსმენელთა მოშურნეობა. უყურადღებო და დაუდევარი მსმენელები ხალისს უკარგავენ იმასაც, ვისაც შეუძლია ლაპარაკი; პირიქით, თქვენ, ღვთის მადლით, შეგიძლიათ, რომ ჩვენ ქვებზე უხმოდ რომ ვყოფილიყავით, ჩვენი უმოქმედობა გაგეღვიძებინათ, ძილი გაგეფანტეთ და რაიმე სასარგებლო და მაშენებელი გაგვეთქმევინებინათ. რადგან თქვენ ღვთისგან ხართ ისე ნასწავლნი, რომ, ნეტარი პავლეს სიტყვით, „შემძლებელ ურთიერთასცა სწავლად" (), გთხოვთ, თუ ოდესმე, განსაკუთრებით მარხვის დროს, შეუდექით ღვთისთვის სათნო სათნოების ცხოვრებას, და ნუ მოგეწყინოთ ჩვენი სიტყვა, თუ ყოველდღე ერთსა და იმავეს ვიტყვით. ერთისა და იმავეს თქმა, ნეტარი პავლეს სიტყვით, „ჩემდა არა სიცონილ არს, და თქუენდა კრძალულება არს" (). ჩვენი სული, დაუდევარი რომ არის, მუდმივ შეხსენებას საჭიროებს. და როგორც სხეული ყოველდღიურად ხორციელ საზრდოს საჭიროებს, რათა სრულ დაუძლურებასა და უმოქმედობაში არ ჩავარდეს, ასევე სულიც სულიერ საზრდოსა და საუკეთესო ხელმძღვანელობას ითხოვს, რათა, სიკეთის ჩვევაში განმტკიცებული, ბოროტის მზაკვრობათა მიუწვდომელი იყოს.
7. მარხვა, მტრის სიყვარული და ღვთის მიბაძვა
ამრიგად, ყოველდღიურად გამოვიკვლიოთ მისი (სულის) ძალა და არ მოვეშვათ თავის გამოკვლევას; ანგარიში მოვთხოვოთ საკუთარ თავს იმაშიც, რაც ჩვენში შედის, და იმაშიც, რაც გამოდის, – რა სასარგებლო ვთქვით და რა ამაო სიტყვა წარმოვთქვით, ასევე რა სასარგებლო შევიტანეთ სულში სმენის გზით და რა ისეთი შევიტანეთ, რამაც შეიძლება ავნოს მას. ენას დავუდგინოთ გარკვეული წესები და საზღვრები, ისე, რომ ჯერ გამონათქვამები ავწონ-დავწონოთ და მერე სიტყვები წარმოვთქვათ, ხოლო აზრს შევაჩვიოთ, რომ არაფერი მავნე მოიგონოს, ხოლო თუ რაიმე მსგავსი გარედან შემოვიდეს, ზედმეტად და მავნედ უარვყოთ; თუ კი შიგნით აღმოცენდება (ბოროტი აზრი), მაშინვე განვდევნოთ ღვთისმოსავი ფიქრით. ნუ ვიფიქრებთ, თითქოს მხოლოდ საღამომდე უჭმელობა საკმარისია ჩვენი ცხონებისთვის. თუ კაცთმოყვარე უფალი უმადურ იუდეველებს წინასწარმეტყველის პირით ეუბნებოდა: „აჰა, სამეოცდაათნი წელნი ნუთუ მარხვაჲ იმარხეთა ჩემდაჲ. და უკუეთუ სჭამოთ ანუ სუათ, არა თქუენ სჭამთა და თქუენ სუამთ? სასჯელი სამართალი საჯეთ და წყალობასა და მშჯავრსა იქმოდეთ კაცნი მოყუსისა მიმართ თჳსისა და ქურივსა და ობოლსა და მწირსა და მკოდოვსა ნუ ჰმძლავრობთ. და უკეთურებასა ძმისა თჳსისასა ნუ ძჳრისჰმოჴსენეობთ თითოეული თუალთა შინა თქუენთა" (ზაქ 7:5–6, 9–10), – თუ მათ, ვინც ჩრდილში იჯდა და შეცდომის ბნელით იყო გარშემორტყმული, არავითარი სარგებელი არ მოაქვდა მხოლოდ მარხვას, როდესაც ამას არ ასრულებდნენ და მოყვასისადმი ბოროტებას გულიდან არ ამოიძირკვავდნენ, მაშინ რა გამართლება გვექნება ჩვენ, რომელთაგანაც გაცილებით მეტი მოითხოვება; რომლებსაც ბრძანებული გვაქვს არა მხოლოდ ეს ვქმნათ, არამედ მტრებიც კი შევიყვაროთ და სიკეთე ვუყოთ? რას ვამბობ – სიკეთე ვუყოთ? – მათთვის ვილოცოთ კიდეც, ვითხოვოთ და შევევედროთ უფალს, რომ მათზე მზრუნველობა იტვირთოს (ლუკ 6:27–28). ესეთი განწყობილება მტრებისადმი ყველაზე მეტად დაგვეხმარება და იმ საშინელ დღეს (სამსჯავროს) ჩვენი ცოდვების უდიდეს გამოსყიდვად იქცევა. მართალია, ეს მცნება ძალიან ძნელია, მაგრამ, თუ დაფიქრდები მის შემსრულებელთათვის განმზადებულ ჯილდოზე, იგი, თუმცა ძალიან ძნელია, სრულებით ისეთი არ მოგეჩვენება. რა ჯილდოა? თუ ამას იქმთ, ამბობს (წერილი), მაშინ მსგავსნი იქნებით მამისა თქვენისა, „ზეცათაჲსა" (). და, რომ ეს აზრი ჩვენთვის უფრო ნათელი გახადოს, მიუმატებს: „რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა". შენ, ამბობს, ღმერთს მიბაძავ, რამდენადაც ეს ადამიანისთვის შესაძლებელია. როგორც ის მზეს ამოჰყავს არა მხოლოდ კეთილთა ზედა, არამედ ბოროტისმოქმედთა ზედაც, და ყოველწლიურად წვიმას აწვიმებს არა მხოლოდ მართალთა, არამედ ცრუთა ზედაც, – ასევე შენ, თუ გიყვარს არა მხოლოდ მოყვარენი, არამედ მტერნიც, შენი ძალისამებრ შენს უფალს მიბაძავ. ხედავ, როგორ აიყვანა (წერილმა) ყველაზე მაღალ სიმაღლეზე ის, ვისაც შეუძლია ამ სათნოების აღსრულება? ასე რომ, ნუ მხოლოდ საქმის სიძნელეზე ფიქრობ, საყვარელო, არამედ უპირველეს ყოვლისა იმაზე იმსჯელე თავისთავთან, რა პატივის ღირსი შეგიძლია გახდე, და ამ პატივის შესახებ ფიქრი შენთვის მძიმეს და ძნელსს ადვილს გახდის. მართლაც, არ უნდა მიიჩნიო მოწყალებად, რომ მტრისადმი სიკეთით შეგიძლია ღვთის წინაშე კადნიერების კარი გაიღო და შენი ცოდვების მიტევება მოიპოვო? მაგრამ, შესაძლოა, ძლიერ გინდა მტრისთვის შურის ძიება, და შენთვის ბოროტის მომქმედი ისეთსავე ან უფრო დიდ უბედურებაში ჩააგდო? მაგრამ რა კარგი გამოვა აქედან, როდესაც შენ, თავისთვის არავითარი სარგებელი არ მოგიღია, ჯერ კიდევ უნდა აგო პასუხი საშინელ სამსჯავროზე, როგორც ღვთის მიერ დადგენილი კანონების დამრღვევმმა? მითხარი, მიწიერმა მეფემ რომ გამოეცა ისეთი კანონი, რომ მტრებისთვის სიკეთე გვეკეთებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიკვდილით დაგვესაჯა, განა ყველა, ხორციელი სიკვდილის შიშით, არ ისწრაფებდა ამ კანონის შესრულებას? მაშინ რა დაგმობის ღირსია ის, რომ ხორციელი სიკვდილის შიშით, რომელიც ბუნების კანონითაც გარდაუვლად მოაქვს, ყველაფერს ვაკეთებთ, ხოლო იმ სიკვდილის გამო, რომელშიც ნუგეშის პოვნა შეუძლებელია, ნაკლებად ვზრუნავთ სამყაროს მეუფის მიერ დადგენილი კანონის შესახებ?
8. ვნებათა მოკვდინება და სულის ნაყოფი
მაგრამ დამავიწყდა, რომ ისეთ ადამიანებს ვესაუბრები, რომლებიც მოყვარეთა მიმართაც კი თანაბარ სიყვარულს არ გამოხატავენ. ვინ გვიხსნის ამის შემდეგ ხსენებული სასჯელისგან, როდესაც ჩვენ არა თუ იმ მცნებისგან (მტრის სიყვარულის შესახებ) შორს ვართ, არამედ იმასაც არ ვაკეთებთ, რასაც მეზვერენი აკეთებენ? „უკუეთუ გიყუარდენ მოყუარენი ხოლო თქუენნი", – ამბობს (ქრისტე), – „რაჲ სასყიდელი გაქუს? რამეთუ მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიან" (). ასე რომ, თუ ჩვენ ამასაც არ ვაკეთებთ, რა იმედი გვაქვს ცხონების? ამიტომ გთხოვთ, ნუ ვიქნებით ქვაგულნი, არამედ დავამშვიდოთ ჩვენი ზრახვები, და უპირველეს ყოვლისა ვისწავლოთ მოყვასის სიყვარულით ძლევა და, ნეტარი პავლეს სიტყვით, „სიმდაბლით ურთიერთას უმეტეს შეჰრაცხდით თჳთოეული თავისა თჳსისასა" (), ვისწავლოთ, რომ არ დავუთმოთ და არ დავმარცხდეთ ამაში, არამედ (სხვებს) ვჯობოთ და მოყვარეთა მიმართ მეტი და გულითადი კეთილგანწყობა გამოვავლინოთ. ეს ყველაზე მეტად ამშვენებს და ახალისებს ჩვენს ცხოვრებას, ამით განვსხვავდებით უტყვთა ცხოველებისა და მხეცებისგან – იმით, რომ შეგვიძლია, თუ ვისურვებთ, ჩვენთვის შესაფერისი წესრიგი დავიცვათ და მოყვასებთან სრულყოფილი თანხმობა გვქონდეს. შემდეგ (ვისწავლოთ) ზრახვების დამორჩილება და ამ მოუთვინიერებელი მხეცის, ანუ რისხვის, მოთვინიერება, საშინელი სამსჯავროს წარმოდგენით შევახსენოთ მას, რომ თუ მტრებთან შერიგებას გადაწყვეტს, დიდ სიკეთეებს მოიპოვებს, ხოლო თუ მტრობას გააგრძელებს, მძიმე დაგმობას დაიმსახურებს. ჩვენ ხომ არ უნდა ვხარჯავდეთ დროს ამაოდ და უმიზნოდ, არამედ ყოველდღე და ყოველ ჟამს თვალწინ უნდა გვქონდეს უფლის სამსჯავრო და ის, რამაც შეიძლება დიდი კადნიერება მოგვცეს, ან სასჯელი მოგვიტანოს. ეს რომ გონებაში გვქონდეს, ვნებებს ვძლევთ, ხორცის აღძვრას ავღვირავებთ და, ნეტარი პავლეს სიტყვით, „მოვაკუდინებთ ასოთა ჩვენთა ქუეყანასა ზედა: სიძვასა, არა-წმიდებასა, ვნებასა, გულისთქმასა ბოროტსა" (), „რისხვასა" (), ანგარებას, დიდებისმოყვარეობას, სიძულვილს. თუ ჩვენ თავს ამ ვნებათათვის მკვდრად ვაქცევთ ისე, რომ ჩვენში მოქმედება ვეღარ შეძლონ, მაშინ სულის ნაყოფს მოვიმკით, რომელიც არის: „სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ" (გალ 5:22–23). ამაში უნდა მდგომარეობდეს ქრისტიანის განსხვავება ურწმუნოსგან; ეს უნდა იყოს ჩვენი განმასხვავებელი ნიშნები, რომ არა მხოლოდ სახელით ვიწოდებოდეთ და გარეგნობით არ ვცუდმედიდობდეთ, პირიქით, თუნდაც ყველა ჩამოთვლილი (სულის) ნაყოფი მოგვეპოვებოდეს, მაშინაც არ ვამაყობდეთ, არამედ კიდევ უფრო ვმდაბლობდეთ. „ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა", – ამბობს (ქრისტე), – „თქუთ, ვითარმედ: მონანი ვართ უჴმარნი" (). თუ ასე ვიზრუნებთ ჩვენი ცხონებისთვის, მაშინ შეგვიძლია უდიდესი სარგებელი მოვუტანოთ თავს, მომავალი სასჯელისგან თავი ავარიდოთ და ჩვენზე მზირალთათვის სასარგებლო სწავლების მასწავლებლები ვიყოთ, რათა, აწმყო ცხოვრება მკაცრად რომ გავატაროთ, მომავალში ღვთის მოწყალება ვეღირსოთ, რომელიც ჩვენ ყველამ მოვიპოვოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.