📋 სარჩევი
1. იოსების ხელმწიფება და ძმების მოსვლა ეგვიპტეში (41:51–42:7)
გსურთ, რომ დღესაც გავაგრძელოთ თხრობა იოსების შესახებ და განვიხილოთ, თუ როგორ დაამშვიდა ამ საკვირველმა კაცმა, მთელ ეგვიპტეზე ხელმწიფების მიღების შემდეგ, მისთვის ჩვეული კეთილგონიერებით მისი ყველა მკვიდრი? „განვიდა", — ნათქვამია, — „პირისაგან ფარაოჲსა და მოვლო ყოველი ეგჳპტე. და ყო ქუეყანამან შჳდთა მათ წელთა ნაყოფიერებისათა ნაყოფი,... და შეკრიბა იოსებ იფქლი ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსა". მეფისგან სრული ხელმწიფების მიღების შემდეგ მინდვრის ნაყოფს აგროვებდა და ქალაქებში ინახავდა, მოახლოებული შიმშილობისთვის საკმარის მარაგს ამზადებდა. ხედავ, რა საზღაური მიიღო ჯერ კიდევ აქ, ამ ცხოვრებაში, ამ მართალმა თავისი სულგრძელობის, მოთმინებისა და სხვა სათნოებებისთვის, — საპყრობილიდან სამეფო სასახლეში გადავიდა! ნათქვამია, რომ ჰყავდა ორი ვაჟი შიმშილობის წლების დადგომამდე; და „უწოდა სახელი იოსებ პირმშოსა მას მანასე და თქუა: დამავიწყა მე ღმერთმან ყოველი სალმობაჲ ჩემი და ყოველი მამისა ჩემისა" (). შენიშნე ამ კაცის ღვთისმოსაობა იმაშიც, რომ შვილის სახელში მთელი თავისი ხსოვნის საფუძველს დებს, რათა მადლიერება ღვთის მიმართ მუდმივი გახადოს, რათა შვილმაც საკუთარი სახელიდან შეიტყოს იმ განსაცდელთა და მოთმინების შესახებ, რომლითაც მართალი ასეთ დიდ დიდებას მიაღწია. „დამავიწყა მე ღმერთმან ყოველი სალმობაჲ ჩემი და ყოველი მამისა ჩემისა". რას ნიშნავს „ყოველი სალმობაჲ ჩემი"? ვფიქრობ, აქ მის ორგზის მონობასა და საპყრობილეში ტანჯვას გულისხმობს, ხოლო „ყოველი მამისა ჩემისა" — მამისგან განშორებას, როცა მამის მკერდიდან მოაშორეს და ჯერ კიდევ სიყმაწვილეში, ასეთი მზრუნველობით აღზრდილი, თავისუფალი მდგომარეობიდან მონობაში გადავიდა. „და სახელი მეორისა მის უწოდა ეფრემ და თქუა: რამეთუ აღმაორძინა მე ღმერთმან სიმდაბლესა შინა ჩემსა" (). შეხედე, მეორე ვაჟის სახელიც სრულ მადლიერებას გამოხატავს. არა მხოლოდ წინანდელი მწუხარება დავივიწყე, ამბობს, არამედ ამ ქვეყანაზეც გავმრავლდი, სადაც ისეთი დამცირება განვიცადე, რომ უკიდურეს გაჭირვებაში ვიყავი და თავად სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. მაგრამ შემდგომი თხრობაც უნდა მოვისმინოთ. ნაყოფიერი შვიდი წლის შემდეგ შიმშილობის წლები დადგა, როგორც იოსებმა იწინასწარმეტყველა. მოვლენებმა ყველას აჩვენა ამ კაცის სიბრძნე და ყველას აიძულა მისი დამორჩილება. მან წინასწარ ისე მოაწყო ყოველივე, რომ სასტიკი შიმშილობის დადგომისას ეგვიპტელებს გაჭირვება არ ეგრძნოთ. „და ყოველსა ეგჳპტესა არა იყო პური" (), — ნათქვამია. მაგრამ, როცა სიმწირე გაიზარდა, ხალხმა ფარაონს შეჰღაღადა, რადგან მძიმე გაჭირვებას ვერ იტანდა; შიმშილით იძულებულნი მეფეს მიმართეს. მაგრამ შეხედე მის აღიარებას. „ჰრქუა ფარაო ყოველთა მეგჳპტელთა: მივედით იოსებისა და რაჲ-იგი გრქუას, იგი-ცა ყავთ" (). ის თითქოს ამბობს: რატომ მოხვედით ჩემთან? განა ვერ ხედავთ, რომ მე მხოლოდ სამეფო სამოსს ვატარებ, ხოლო ჩვენი საერთო გადარჩენის მიზეზი ის არის? ნუ მირბიხართ, მას რომ ტოვებთ, არამედ მასთან მიდით, „და რაჲ-იგი გრქუას, იგი-ცა ყავთ. განახუნა იოსებ ყოველნი იგი იფქლისა საუნჯენი და ჰყიდდა ყოველთა ეგჳპტელთა ზედა" (დაბ 41:55–56). და, რადგან შიმშილმა ყველას მოიცვა, „ყოველი სოფლები მოვიდოდა ეგჳპტედ სყიდად იფქლისა იოსებისა, რამეთუ დაიპყრა სიყმილმან ყოველი ქუეყანაჲ" (). შეხედე, როგორ თანდათან იწყება იოსების სიზმრების აღსრულება. როცა შიმშილი გაძლიერდა და ქანაანამდე გავრცელდა, სადაც მისი მამა იაკობი ცხოვრობდა, მან, შეიტყო რა, რომ ეგვიპტეში იფქლი იყიდება, „ჰრქუა ძეთა თჳსთა: რაჲსა უდებ ხართ. აჰა, მესმა, ვითარმედ არს იფქლი ეგჳპტედ, შთავედით მუნ და მიყიდეთ ჩუენ მცირედ საზრდელი, რათა ვცხოვნდეთ და არა მოვსწყდეთ" (დაბ 42:1–2). რა ზიხართ აქ, ეუბნება, ეგვიპტეში წადით და სარჩოსთვის საჭირო მოგვიტანეთ. ეს ყოველივე კი იმისთვის ხდებოდა, რომ იოსების ძმებს თავიანთი თვალით დაენახათ და თავადვე აღესრულებინათ იმ სიზმრის ახსნა, რომლის შესახებაც თავად ისინივე ამბობდნენ, როცა იოსებისგან სიზმრის შესახებ მოისმინეს. „შთავიდეს ძმანი იოსებისნი ათნი", — ნათქვამია, — ხოლო ბენიამინი, რომელიც იოსებთან ერთი დედის იყო, თან არ წაიყვანეს, რადგან მამამ თქვა: „ნუუკუე სნეულებაჲ რაჲმე ხუდეს გზასა ზედა" (). ყმაწვილ ასაკში ყოფნის გამო ინდობდა მას. „მოვიდეს ძმანი იოსებისნი და თაყუანის-სცეს მას", ეგვიპტის მთავარს, „პირსა ზედა ქუეყანისასა" (). ახლა ეს ყოველივე უნებლიეთ აკეთებენ, რადგან მას შემდეგ ბევრი დრო იყო გასული; ძმას სახის ნაკვთებითაც ვერ შეიცნობდნენ; შესაძლოა, ასაკის სიმწიფემ სახეში გარკვეული ცვლილებაც მოახდინა. ვფიქრობ, ეს ყოველივე ყოვლისმომცველ ღმერთის განგებითაც მოხდა, რათა მათ ძმა ვერ შეეცნოთ — ვერც მის საუბრიდან, ვერც სახით. და საიდანაც აზრად მოუვიდოდათ ეს? ისინი ფიქრობდნენ, რომ ის, ისმაელთა მონა გახდა რა, მანამდეც ბარბაროსთა მონობაში იყო. ასე რომ, ვერაფრის წარმოდგენა რომ არ შეეძლოთ, ისინი იოსებს ვერ ცნობდნენ; ხოლო მან, როგორც კი დაინახა, მაშინვე იცნო ისინი, მაგრამ შეეცადა დაეფარა და გადაწყვიტა, მათთან როგორც უცხოებთან მოქცეულიყო. „არა გამოეცხადა მათ", — ნათქვამია, — „არამედ ეტყოდა ფიცხელად და ჰრქუა მათ: ვინა მოხუალთ?" (). სრულ უცოდინარობას მოიცვა, რათა უკეთ შეეტყო მათგან ყოველივე დაწვრილებით: მას სურდა მამისა და ძმის შესახებ გაეგო.
2. იოსების გამოკითხვა და ძმების აღიარება (42:9-21)
და უპირველეს ყოვლისა, ეკითხება, რომელი ქვეყნიდან არიან; ისინი პასუხობენ, რომ ქანაანის ქვეყნიდან, — პური რომ იყიდონ, მოსულან. შიმშილმა გვაიძულა, ამბობენ, ეს მგზავრობა გვეწარმოებინა; და ამ მიზეზით, ჩვენიანები რომ დავტოვეთ, აქ მოვედით. „მოეჴსენა იოსებს ჩუენებაჲ იგი, რომელ იხილა მან" (). სიზმრები რომ გაიხსენა და დაინახა, რომ ისინი თავად საქმით სრულდებოდნენ, სურდა ყოველივე დაწვრილებით გაეგო. ამიტომ, დიდი სიმკაცრით, მაშინვე პასუხობს და ეუბნება: „მსტოარნი ხართ და ალაგთა სოფლისათა მისრულ ხართ ხილვად" (). კარგი განზრახვით კი არ მოსულხართ, ეუბნება. როგორც ჩანს, რაღაც მზაკვრობითითა და ბოროტი ჩანაფიქრით მოსულხართ. ისინი დაიბნენ და პასუხობენ: „არა, უფალო" (). და იმას, რისი შეტყობაც იოსებს სურდა, თავადვე უხსნიან. „მონანი შენნი ვართ", — ამბობენ, — „მოვედით სყიდად საზრდელისა. ჩუენ ყოველი ძმანი ვართ და ძენი ერთისა კაცისანი მშჳდობისანი ვართ და არა მსტოვარნი" (დაბ 42:10–11). მხოლოდ თავიანთ თავს იცავენ და სულში შიშით შეძრულნი, ჯერ კიდევ ვერ გამოხატავენ იმას, რისი შეტყობაც იოსებს სურდა. ამიტომ ის კვლავ ეუბნება: „არა, არამედ ალაგთა სოფლებისათა მოსრულ ხართ ხილვად" (). ტყუილად მეუბნებით ამას; თქვენი იერსახეც აჩვენებს, რომ რაღაც ბოროტი ჩანაფიქრით მოსულხართ. იძულებულნი და მისი შეწყალების მოპოვების მსურველნი, ეუბნებიან: „ათორმეტნი ვიყვენით ჩუენ ძმანი, მონანი შენნი" (). რა მოტყუება სიტყვებში! და იმასაც, ვინც თავადვე მიჰყიდეს მოვაჭრეებს, რიცხვში ჩართავენ. და არ ამბობენ: „ჩვენ თორმეტნი ვიყავით", არამედ „ათორმეტნი ვიყვენით. და ერთი უმრწემესი ჩუენი მამისა თანა არს". სწორედ ეს სურდა იოსებს შეეტყო — თუ ხომ არ მოექცნენ მის უმცროს ძმასაც ისევე, როგორც მას. „ერთი უმრწემესი ჩუენი მამისა თანა არს დღეს, ხოლო ერთი იგი არა არს ჩუენ შორის" (). მიზეზს ნათლად არ მიუთითებენ, მხოლოდ ამბობენ: „არა არს". ასეთი პასუხიდან ეჭვი რომ გაუჩნდა, ხომ არ მოუქცევიათ ბენიამინისთვისაც რაღაც მსგავსი, ეუბნება: „ესე იგი არს, რომელსა გეტყოდე თქუენ, ვითარმედ მსტოვარნი ხართ... არა განხჳდეთ ამიერ, ვიდრე არა მოვიდეს აქა ძმაჲ იგი თქუენი უმრწემესი" (დაბ 42:14–15). მინდა ვნახო იგი; მსურს ერთი დედის ძმა ვიხილო, რადგან თქვენი საქციელიდან ჩემს მიმართ ძმათმოძულე სული გეტყობათ. ამიტომ, თუ გსურთ, „წარავლინეთ ერთი თქუენგანი და მოიყუანეთ იგი", ხოლო, სანამ არ მოვა, საპყრობილეში დარჩებით. მისი მოსვლით განირკვევა, სიმართლეს ამბობთ თუ არა, და მაშინ ყოველგვარი ეჭვისგან თავისუფალნი იქნებით. თუ ეს არ მოხდება, ცხადი იქნება, რომ მსტოვარნი ხართ და ამისთვის მოსულხართ აქ. ეს რომ თქვა, „შესხნა იგინი საპყრობილესა" (). აი, როგორ გამოცდის მათ გრძნობებსა და იმით, რასაც მათთან აკეთებს, ძმისადმი სიყვარულს ამჟღავნებს. სამი დღის შემდეგ თავისთან მოუხმო და უთხრა: „ესე ჰყავთ და სცხოვნდეთ, რამეთუ მე ღმრთისა მეშინის. უკუეთუ ხართ მშჳდობისანი. ძმაჲ თქუენი ერთი დავიყენო საპყრობილესა შინა, ხოლო თქუენ წარვედით და წარიღეთ სყიდული ეგე იფქლი თქუენი და ძმა იგი თქუენი მოიყუანეთ ჩემდა, და მაშინ-ღა თუ სარწმუნო იყვნენ სიტყუანი ეგე თქუენნი; უკეთუ არა, მოსწყდეთ" (დაბ 42:18–20).
შენიშნე კეთილგონიერება. რადგან სურდა მათთვისაც კეთილგანწყობა გამოეჩინა, მამის საჭიროებაც დაეკმაყოფილებინა და ძმის შესახებაც ზუსტი ჭეშმარიტება შეეტყო, ბრძანა ერთ-ერთი ძმა დაეტოვებინათ, დანარჩენებს კი დაბრუნების ნება მისცა. მაგრამ შეხედე, როგორ აღდგება ახლა მოუსყიდველი მოსამართლე — სინდისი, მიუხედავად იმისა, რომ არავინ ამხელს მათ და არავინ მიჰყავს სამსჯავროზე, და როგორ ადანაშაულებენ თავიანთ თავს. „ჰრქუა", — ნათქვამია, — „კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა: ჰე, ცოდვასა შინა ვართ ძმისათჳს ჩუენისა, რამეთუ უგულებელს-ვყავთ ჭირი სულისა მისისა, რაჟამს-იგი გვევედრებოდა ჩუენ და არა ვისმინეთ მისი. ამისთჳს მოიწია ჩუენ ზედა ყოველი ესე ჭირი" (). ასეთია ცოდვა. როცა ის უკვე საქმით ჩადენილია, მაშინ ამჟღავნებს თავის უდიდეს უგუნურებას. როგორც მსმელი, ძლიერი ღვინით რომ თვრება, სრულებით ვერ გრძნობს ღვინისგან ზიანს, მაგრამ შემდეგ თავად გამოცდილებით შეიცნობს, როგორ არის ის დამღუპველი, — ისევე ცოდვა: სანამ ჯერ არ არის ჩადენილი, გონებას აბნელებს და სქელ ღრუბელივით ჭკუას ბურავს; ხოლო მერე აღდგება სინდისი და ყოველ მამხილებელზე ძლიერად აწვალებს აზრს, საქციელის სისაძაგლეს გამოააშკარავებს. აი, ესენიც ახლა გონს მოდიან, და, როცა უკვე აშკარად მუქარის საფრთხეს ხედავენ, მაშინ აღიარებენ, რა ჩაიდინეს, და ამბობენ: „ჰე, ცოდვასა შინა ვართ ძმისათჳს ჩუენისა, რამეთუ უგულებელს-ვყავთ ჭირი სულისა მისისა". არა შემთხვევითა და არა უმიზეზოდ ამას ვითმენთ, ამბობენ, არამედ სამართლიანად და ძალიან სამართლიანად. ეს სასჯელი ჩვენი არაადამიანურობისა და სასტიკობისთვისაა, რომელიც ძმის მიმართ გამოვიჩინეთ: „რამეთუ უგულებელს-ვყავთ ჭირი სულისა მისისა, რაჟამს-იგი გვევედრებოდა ჩუენ და არა ვისმინეთ მისი". რადგან უმოწყალონი ვიყავით და დიდი სისასტიკე გამოვიჩინეთ, ამისთვის ახლა თავადაც იმავეს განვიცდით: „ამისთჳს მოიწია ჩუენ ზედა ყოველი ესე ჭირი".
3. სინდისის მამხილებელი ძალა და იოსების ფარული ცრემლები (42:22-37)
ასე ლაპარაკობდნენ ისინი ერთმანეთში, ფიქრობდნენ რა, რომ იოსებს ამისგან არაფერი ესმოდა. ის, თითქოს მათ ენას არ იცნობდეს და ვერ გაეგო, მათთან ურთიერთობისთვის მთარგმნელს იყენებდა, რომელიც მის სიტყვებს მათ, ხოლო მათ სიტყვებს — მას გადასცემდა. ეს რომ მოისმინა, რუბენმა უთხრა: „არა გეტყოდი-ა თქუენ და გარქუ: ნუ ავნებთ ყრმასა მაგას? და არა ისმინეთ ჩემი, აწ, ესერა, სისხლი მისი იძიების" (). განა არ გირჩევდით, ამბობს, მაშინ, განა არ გევედრებოდით, მისთვის არავითარი უსამართლობა არ გაგეკეთებინათ? ამიტომ ახლა „სისხლი მისი იძიების", რადგან განზრახვით უკვე მოკალით იგი. მართალია, მახვილით ვერ განგმირეთ ყელი, მაგრამ ბარბაროსებისთვის რომ გაჰყიდეთ, სიკვდილზე მძიმე მონობა მოუგონეთ. ამისთვის ახლა მისი სისხლი იძიება. იფიქრე, როგორია — სინდისის საყვედურს გრძნობდე, მუდმივად თან გაგყვეს ეს მამხილებელი, რომელიც ღაღადებს და დანაშაულს გახსენებს. იოსებს ესმოდა ეს. ხოლო მათ არ იცოდნენ, რადგან მათ შორის თარჯიმანი იდგა (). მაგრამ ამის შემდეგ ის უკვე ვერ იტანდა, რადგან ძმური ბუნება და თანაგრძნობა ამხელდა მას. „მიიქცა გარე მათგან", რათა მათ წინაშე არ გამომჟღავნებულიყო, და „ტიროდა" (). „მერმე მოუჴდა და ჰრქუა მათ ეგრევე. და შეიპყრა სჳმეონ და შეკრა მათ წინაშე". შეხედე, ყოველივეს იმისთვის აკეთებს, რომ ისინი შეაშინოს, რათა სიმეონის ბორკილებს რომ დაინახავენ, საკუთარი თავი ნათლად გამოავლინონ იმაში, ჰქონდათ თუ არა ძმისადმი რაიმე თანაგრძნობა. ეს ყოველივე მათი აზრების გამოსაცდელად აკეთებს, რომ შეიტყოს, ბენიამინთან ხომ არ იყვნენ ისეთივე, როგორც მასთან. ამიტომ ბრძანებს სიმეონი მათ თვალწინ შეკრან, რათა სრულად გამოსცადოს ისინი და დაინახოს, გამოიჩენენ თუ არა მის მიმართ ოდნავ მაინც სიყვარულს. სიმეონის გამო რომ ეწუხებოდათ, ბენიამინის მოსვლა უნდა დაეჩქარებინათ, რასაც იოსებს სურდა, რათა ძმის ნახვით სრულიად დამშვიდებულიყო. „და უბრძანა იოსებ აღვსებად ჭურჭელნი მათნი იფქლითა და მიცემად კაცად-კაცადისა ვეცხლი ძაძასა თჳსსა და მიცემად საგზალი გზასა ზედა და... აღჰკიდეს იფქლი ვირთა მათთა და წარვიდეს" (დაბ 42:25–26), — ნათქვამია. შეხედე, რა გულუხვობას იჩენს. მათთვის, მათი განზრახვის საწინააღმდეგოდ, ქველმოქმედებს, არა მხოლოდ იფქლს უბოძებს, არამედ ფულსაც. „განჴსნა ერთმან ტჳრთსა, რათა-მცა სცა საზრდელი ვირთა სადგურსა ზედა, და იხილა კრული იგი ვეცხლი თჳსი... მიუგო და ჰრქუა ძმათა თჳსთა:... განუკრთა გული მათი და შეშფოთნეს ურთიერთას და იტყოდეს: რაჲ ესე მიყო ჩუენ ღმერთმან?" (დაბ 42:27–28). ისინი კვლავ შეწუხდნენ და ეჭვობდნენ, ხომ არ იქნებოდა ეს მათი უფრო მეტი ბრალდების საბაბი; სინდისით მამხილებულნი, ყოველივეს იოსების მიმართ ჩადენილ ცოდვას მიაწერდნენ. მამასთან, რომ დაბრუნდნენ და ყოველივე დაწვრილებით მოუყვეს, ეგვიპტის მთავრის მათ მიმართ გაბრაზების შესახებაც მოუთხრეს და იმის შესახებაც, რომ მსტოვრებად მიიჩნია და საპყრობილეში ჩასვა. „ვარქუთ მას", — ეუბნებოდნენ, — „რამეთუ მშჳდობისანი ვართ... ათორმეტნი ვიყუენით... და ერთი იგი არა შოვრის არს, ხოლო ერთი იგი უმრწამესი მამისა ჩუენისა თანა არს... და მრქუა ჩუენ კაცმან მან... ამით ვცნა, რამეთუ მშჳდობისანი ხართ, ძმაჲ ერთი თქუენგანი აქა დაუტევეთ... და ძმაჲ იგი თქუენი უმრწემესი მოიყუანეთ ჩემდა" (დაბ 42:31–34). ესეც კვლავ მართალ კაცს მწუხარებას აღძრავდა. ხოლო ამ სამწუხარო თხრობის შემდეგ, როცა ძაძებს ცლიდნენ, თითოეულმა თავისი ვერცხლი იპოვა, და ისინიც და მამაც შეშინდნენ. და აი, ამ ჟამს მოხუცი კვლავ ცრემლებს ღვრის. რას ეუბნება? „მე უშვილო მქმენით, იოსებ არა არს, სჳმეონ არა არს და ბენიამენ-ღა მიმიღოთ, ჩემ ზედა იქმნა ესე ყოველი" (). ცოტა იყო, ამბობს, ჩემი ცრემლები იოსების გამო, თქვენ სიმეონიც მიუმატეთ. და ამაზეც ჯერ კიდევ არ შეწყვეტილა ჩემი მწუხარება. თქვენ ბენიამინიც გინდათ წამართვათ. „ჩემ ზედა იქმნა ესე ყოველი". ეს სიტყვები საკმარისად გვიჩვენებს, როგორ გლეჯდა მამის გულს ტკივილი. როგორც იოსების მიმართ ყოველგვარ იმედს კარგავდა (ფიქრობდა, მხეცმა შეჭამაო), ისე სიმეონის მიმართაც სასოწარკვეთილებას ეძლეოდა, ხოლო ბოლოს ბენიამინის გამოც კანკალებდა. მაგრამ ჯერ კიდევ წინ ეღობებოდა და ყმაწვილს არ უშვებდა. „მიუგო რუბენ მამასა თჳსსა და ჰრქუა: ორნი ესე ძენი ჩემნი მოსწყჳდენ, უკუეთუ არა მოვიყვანო ეგე შენდა. მომეც მე ეგე ჴელთა ჩემთა და მე აღმოგგუარო ეგე შენ" (). მომანდე, ამბობს, ჩემ ხელში ჩაბარდე, მე დაგიბრუნებ.
4. იაკობის მწუხარება და ბენიამინის გაგზავნა (42:38–43:18)
რუბენი ასე იქცეოდა იმ ფიქრით, რომ ბენიამინის გარეშე მათ ეგვიპტეში ხელახლა მისვლა და საჭიროს შეძენა არ შეეძლოთ; მაგრამ მამა ვაჟს არ უშვებს და ეუბნება: „არა შთავიდეს ძე ჩემი თქუენ თანა". მიზეზსაც ამბობს, თითქოს შვილების წინაშე იმართლებს: „რამეთუ ძმაჲ მაგისი მოკუდა და ეგე მარტოჲ დაშთომილ არს და შეემთხჳოს რაჲმე სნეულებაჲ", როგორც სრულიად ყმაწვილს, „გზასა ზედა... და შთაავლინოთ სიბერე ჩემი მწუხარებით ჯოჯოხეთად" (). მისი ბავშვობის ასაკის გამო მეშინია, ამბობს; შიშობს, ეს ნუგეშიც არ წამართვას და მწუხარებით არ დავასრულო სიცოცხლე. ხოლო, სანამ ის ჩემთან რჩება, თუნდაც მცირე ნუგეში მაინც მაქვს; მისი თანაყოფნა მისი ძმის გამო ჩემს მწუხარებას უმსუბუქებს. ამრიგად, ბენიამინისადმი სიყვარული მამას ვაჟის გაშვების ნებას არ აძლევს. ამასობაში შიმშილი კიდევ უფრო გაძლიერდა და საჭმელი აკლდათ. მამა ეუბნება: კვლავ წადით და მცირედი საჭმელი მოიტანეთ. „ჰრქუა მას იუდა: წამებით მიწამებდა ჩუენ კაცი იგი, უფალი ქუეყანისა მის, და თქუა: ვერ იხილოთ პირი ჩემი, უკუეთუ არა ძმაჲ იგი თქუენი უმრწემესი იყოს თქუენ თანა. უკუეთუ მოავლინო შენ ძმაჲ ჩუენი ჩუენ თანა, შთავიდეთ და გიყიდოთ შენ საზრდელი. უკუეთუ არა მოავლინებ ძმასა ჩუენსა ჩუენ თანა, არა შთავიდეთ, რამეთუ კაცი იგი გვეტყოდა ჩუენ და გურქუა: არა იხილოთ პირი ჩემი, უკუეთუ არა ძმაჲ იგი თქუენი უმრწმესი იყოს თქუენ თანა" (დაბ 43:3–5). ნუ ფიქრობ, ამბობს, რომ ჩვენ შეგვიძლია ძმის გარეშე მისვლა. და თუ გინდა, რომ ჩვენ უშედეგოდ წავიდეთ იქ და ყველანი საფრთხეში ჩავვარდეთ, მაშინ წავიდეთ. მაგრამ იცოდე, რომ იმ კაცმა დაგვაფიცა, რომ მის პირს ვერ ვიხილავთ, თუ უმცროსი ძმა ჩვენთან ერთად არ მოვა. ყოველი მხრიდან შეწუხებული იყო იაკობი. ამიტომ ცრემლებს ღვრიდა რა, ეუბნება: „რაჲ ესე ბოროტი მიყავთ მე? რაჲსათჳს უთხართ, კაცსა მას, რამეთუ გივის თქუენ ძმაჲ" (). რატომ, ამბობს, ეს ბოროტება გამიკეთეთ? რატომ ასეთი უბედურება მოტანეთ ჩემ თავზე? რომ არ გეთქვათ ეს, არც სიმეონს დავკარგავდი და არც ამას მოითხოვდა. „ხოლო მათ ჰრქუეს: კითხჳთ მკითხვიდა ჩუენ კაცი იგი ნათესავსა ჩუენსა: უკეთუ მამაჲ თქუენი ცოცხალ-ღა არს, ანუ თუ გივის ძმაჲ? და ჩუენ უთხართ მას კითხჳსა მისისაებრ. ჩუენ რაჲ უწყოდეთ, თუ მრქუას ჩუენ: ვითარმედ მოიყუანეთ ძმაჲ თქუენი?" (); ნუ ფიქრობ, ეუბნებიან, რომ ჩვენ ნებაყოფლობით მოვუყევით იმ კაცს ჩვენი ოჯახის შესახებ. მან, მსტოვრებად რომ მიგვიჩნია, დაგვაკავა და დაწვრილებით გამოგვკითხა ჩვენი გარემოებების შესახებ; ამიტომ მას სამართლიანად ყოველივე რომ აგვეხსნა, ეს ვუთხარით. „ჰრქუა მას იუდა: მოავლინე ყრმაჲ ეგე ჩემ თანა და აღვდგეთ და წარვიდეთ, რათა ვსცხოვნდეთ და არა მოვსწყდეთ" (). მე, ამბობს, ჩამაბარე, რათა გზას დავადგეთ; წინააღმდეგ შემთხვევაში გადარჩენის არანაირი იმედი აღარ გვრჩება, რადგან საჭმელი ამოიწურა, ხოლო სხვაგან სარჩოს ვერსად ვიპოვით. „მე თავს-ვიდვა ეგე და ჴელთა ჩემთაგან იძიე, უკუეთუ არა მოვიყუანო და დავადგინო ეგე შენ წინაშე, შეცოდებულ ვიყო შენდა ყოველთა დღეთა. და უკეთუმცა არა დავყოვნეთ, აწმცა მოქცეულ ვართ ორგზის" (დაბ 43:9–10). შენი თანალმობა შვილის მიმართ, ამბობს, ჩვენ ყველას დაღუპვას გვიმზადებს. მალე ყველანი შიმშილით დავიღუპებით, თუ არ ისურვებ მისი ჩვენთან ერთად გაშვებას. და შეხედე აქ, საყვარელო, როგორ სძლია ბოლოს შიმშილის უკიდურესობამ მამის სიყვარულს. დაინახა რა, რომ სარჩოს სხვა საშუალებას ვერ პოულობენ, ხოლო შიმშილი ძლიერდება, ეუბნება: თუ ასეა და თუ აუცილებლად უნდა იყოს ასე, და ჩემი ვაჟის გარეშე წასვლა არ შეგიძლიათ, მაშინ იმ კაცისთვის ძღვენიც უნდა წაიღოთ. ვერცხლიც, რომელიც თქვენს ტომრებში იპოვეთ, უკან წაიღეთ, ხოლო პურის სყიდვისთვის სხვა ვერცხლი წაიღეთ. „და ძმაჲ თქუენი წარიყუანეთ, და აღდეგით და წარვედით მის კაცისა. ხოლო ღმერთმან ჩემმან მოგეცინ თქუენ მადლი წინაშე მის კაცისა, მოავლინენ ძმაჲ იგი თქუენი ერთი და ბენიამენ, რამეთუ მე ერთ-ვე უშვილო ვიქმენ" (დაბ 43:13–14). შეხედე, რა გამოუთქმელ სიყვარულს ამჟღავნებს იოსების მიმართ. რათა ვინმეს არ ეგონოს, რომ სიტყვებში: „მე ერთ-ვე უშვილო ვიქმენ", ბენიამინზე ან სიმეონზე ამბობს, ამისთვის წინასწარ თქვა: „ღმერთმან ჩემმან მოგეცინ თქუენ მადლი და მოავლინენ ძმაჲ იგი თქუენი ერთი და ბენიამენ". მათ რომ ცოცხალნი დარჩნენ, ამბობს, მე მაინც, როგორც უშვილო, უშვილო ვარ. იფიქრე, რამდენად მთელი გულით მიძღვნილი იყო იოსებისადმი. ასეთი სიმრავლე შვილებით გარშემორტყმული, თავს უშვილოდ მიიჩნევდა, რადგან იოსები დაკარგა. „მიიღეს კაცთა მათ ძღუენი იგი და ვეცხლი ორი წილი მიიღეს ჴელთა მათთა და ბენიამენ, და აღდგეს და შთავიდეს ეგჳპტედ და წარდგეს წინაშე იოსებისა. ვითარცა იხილნა იგინი იოსებ და ბენიამენ, ძმაჲ იგი თჳსი ერთისა დედისაჲ" (დაბ 43:15–16). დაინახა, რაც ასე სურდა; დაინახა ასე ნანატრი. ახლა თავისი ნატვრის აღსრულებას ხედავდა. „ჰრქუა ეზოჲსმოძღუარსა თჳსსა: შეიყუანენ კაცნი ეგე სახიდ და დაკალ საკლველები და მზა-ყავ, რამეთუ ჩემ თანა ჭამონ პური კაცთა მაგათ სამხრის. ვითარცა იხილეს, რამეთუ შეიყუანეს კაცნი იგი სახიდ იოსებისა და თქუეს ვეცხლისა მისთჳს, რაჟამს იპოვა ჭურჭელთა ჩუენთა პირველად, მისთჳს შევჰყავთ ჩუენ შეწამებად დაცვისა და დადებად ბრალისა და მიყუანებად ჩუენდა მონად და კარაულთა ჩუენთა" (დაბ 43:16, 18). იოსებმა ეს ყოველივე თავისი კეთილგანწყობის გამოხატვისთვის მოაწყო; ხოლო ისინი ამის დროსაც შეშფოთებულნი არიან და ეჭვობენ, ხომ არ უნდათ ვერცხლის გამო დასჯა, თითქოს ამ მხრივაც უპატიოსნოდ მოქცეულიყვნენ. ამიტომ, იოსების სახლში რომ მოვიდნენ, თავიანთი შეშფოთების მიზეზს სახლის ეზოსმოძღვარს აუხსნეს, — მოუყვეს, როგორ იპოვეს ვერცხლი ტომრებში, და დასძინეს: აი, ახლა ვერცხლი ორმაგად მოვიტანეთ, წინანდელიც დავაბრუნოთ და ახალიც შევიძინოთ.
5. სტუმართმოყვარეობა და ბარძიმის გამოცდა (43:23–44:17)
შეხედე, როგორ მოათვინიერა უბედურებამ მათი სული და თავმდაბლები გახადა. „ხოლო მან ჰრქუა მათ: შენდობა იყავნ თქუენდა. ნუ გეშინინ, ღმერთმან თქუენმან და ღმერთმან მამათა თქუენთამან გცა საფასე ჭურჭელთა თქუენთა. ხოლო მე ვეცხლი თქუენი გამოცდილი მომიღებიეს" (). ნუ გეშინიათ, ეუბნება, და ნუ ღელავთ ამის გამო. არავინ დაგბრალებთ ამ საქმეს. ვერცხლი ჩვენ ისედაც უხვად გვაქვს. ხოლო ისიც ღვთის საქმედ ჩათვალეთ, რომ თქვენს ძაძებში საფასე აღმოჩნდა. ეს რომ თქვა, „გამოგუარა მათ სჳმეონ და შეიყუანნა იგინი შინაგან... და მოართუა წყალი დაბანად ფერჴთა მათთა და სცა საზრდელი ვირთა მათთა" (დაბ 43:23–24). აი, როგორ ხელს უწყობდა მამის ლოცვა ყოველივეში; და როგორც ის ილოცებოდა მათთვის, როცა ამბობდა: „ღმერთმან ჩემმან მოგეცინ თქუენ მადლი", ასეც მოხდა. სახლის ეზოსმოძღვარი, იოსების მოსვლამდეც, სრულ კეთილგანწყობას უჩენდა. „მზა-ყუეს ძღუენი" იოსებისთვის და, როცა ის მოვიდა, „შეართუეს... და თაყუანი-სცეს მას... ქუეყანასა ზედა" (დაბ 43:25–26). კვლავ ეკითხება: „ვითარ-რაჲ ცოცხლებით იყუენით?... ცოცხლებით არს-ა მამაჲ იგი თქუენი მოხუცებული, რომლისა სთქუთ: ცოცხალ-ღა არს? ხოლო მათ ჰრქუეს: ცოცხლებით არს მონაჲ შენი, მამაჲ ჩუენი, ცოცხალ-ღა არს. და თქუა იოსებ: კურთხეულ არს კაცი იგი ღმრთისა მიერ... აღიხილნა თუალნი თჳსნი იოსებ და იხილა ბენიამენ, ძმაჲ თჳსი, ერთისა დედისაჲ და ჰრქუა: ესე არსა ძმაჲ თქუენი მრწემი, რომლისა სთქუთ ჩემდა მოყვანებაჲ? და ჰრქუა: ღმერთმან შეგიწყალენ შენ, შვილო" (დაბ 43:27–29). შეხედე, რა სიმტკიცეს იჩენს ჯერ კიდევ და უცოდინარობით იფარება, რათა შემდგომში გამოიცადოს მათი განზრახვები ბენიამინის მიმართ. მაგრამ ბუნება ძლევდა: „შეძრწუნდა იოსებ", — ნათქვამია, — „რამეთუ, შეიწვებოდეს ნაწლევნი მისნი ძმასა მისსა ზედა და ეგულებოდა ტირილად, შევიდა საუნჯედ და ტიროდა მუნ. და დაიბანა პირი თჳსი" და გამოვიდა (დაბ 43:30–31). შემდეგ, კეთილგანწყობას გამოხატავდა რა, ბრძანა: „დაუგეს მას მარტოსა", როგორც მეფესა და მთელი ეგვიპტის მთავარს, „და მათ თჳსა; და მეგჳპტელთა მათ, რომელნი პურს ერთნეს, თჳსა, რამეთუ ვერ ჴელ-ეწიფების მეგჳპტელთა პურისა ჭამად ებრაელთა თანა, რამეთუ საძაგელებაჲ არს მეგჳპტელთაჲ ყოველი მწყემსი ცხოვართა. და დასხდეს წინაშე მისსა უხუცესი უხუცესად და უმრწემესი უმრწემესად" (დაბ 43:31–33). ეს მათ გაოცებაში მოჰყავდა და ვერ ხვდებოდნენ, საიდან იცოდა მათი ასაკის განსხვავება. შემდეგ, ყველას რომ ნაწილი მისცა, ბენიამინს ხუთჯერ მეტი მისცა. ისინი ვერ ხვდებოდნენ, რას ნიშნავდა ეს, და ფიქრობდნენ, რომ უბრალოდ შემთხვევით მოხდა, როგორც ჩვილისთვის ხდება ხოლმე. როცა სტუმრობა დასრულდა, იოსებმა თავისი ეზოსმოძღვარი მოუხმო „და უბრძანა... და ჰრქუა: აღავსენით ძაძანი მაგათ კაცთანი საზრდელითა, რაოდენ რომელ ედვას აღებად და შთაუდევით ვეცხლი კაცად-კაცადისა პირსა ზედა ძაძისა თჳსისასა. და ბარძიმი იგი ჩემი ვეცხლისა შთაუდევით ძაძასა უმრწემესისასა" (დაბ 44:1–2). აი, კვლავ რა ხერხს იგონებს, რათა ძმების განწყობა ბენიამინის მიმართ ზუსტად შეიტყოს. როცა ეს გაკეთდა, მან გაუშვა ისინი. და, როცა გზას დაადგნენ, „ჰრქუა", — ნათქვამია, — „ეზოსმოძღუარსა თჳსსა: აღდეგ, დევნა-უყავ კაცთა მათ, ეწიე და არქუ მათ: რაჲსათჳს მომაგეთ მე ბოროტი კეთილისა წილ? რასა მიმპარეთ მე ბარძიმი ვეცხლისაჲ, ანუ არა ესე არს-ა, რომლითა სუამნ უფალი ჩემი და იგი ზმნით იზმნიან მაგით? ბოროტი აღასრულეთ რომელ ესე ჰყავთ" (დაბ 44:4–5). ეზოსმოძღვარმა, მათ რომ მიეწია, უთხრა: რატომ მიუზღეთ ბოროტი ქველმოქმედს? რატომ გაავრცელეთ თქვენი მზაკვრობა მასზეც, ვინც ესოდენი კეთილგანწყობა გამოგიჩინათ? რატომ არ შეგრცხვათ ამ კაცის თქვენდამი კეთილშობილურობისა? რა ბოროტმოქმედება! რა უგუნურება ჩაიდინეთ! განა არ იცით, რომ ეს იგივე ჭურჭელია, რომლითაც ჩემი ბატონი ზმნით იზმნის? ცუდი თქვენი საქმე, დამღუპველი განზრახვა; მიუტევებელი ჩანაფიქრი, დიდი თავხედობა, ყოველგვარ სიბოროტეს რომ აღემატება. „ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: რად იტყჳს უფალი ჩუენი სიტყუასა მაგას?" (). რატომ, ეუბნებიან, გვდებ იმ ბრალს, რაშიც სრულიად უდანაშაულონი ვართ? „ნუ იყოფინ ჩუენდა, მონათა შენთა სიტყჳსა მაგისებრ"; ჩვენ ამას არასოდეს ვიზამდით. ორმაგი ვერცხლი მოვიტანეთ და როგორ მოვიპარავდით ვერცხლს ან ოქროს ()? და თუ ასე ფიქრობ, მაშინ „რომლისაცა თანა იპოოს" ის ჭურჭელი, რომელმაც ეძებ, „მოკუედინ", რადგან ასეთი თავხედობა გაბედა, „და ჩუენმცა ვართ უფლისა შენისა მონა" (). სინდისის რწმენა ამ კადნიერებით ლაპარაკის საშუალებას აძლევდა. „ხოლო მან ჰრქუა: და აწ ვითარ იტყჳთ, ეგრე იყავნ. ვის თანა-ცა იპოოს ბარძიმი იგი, იყავნ ჩუენდა მონა", ხოლო თქვენ გაშვებულნი იქნებით (). ეს რომ თქვა, ჩხრეკის ნება მისცეს და „იწყო და აღიხილვიდა უხუცესითგან, ვიდრემდე მოვიდა უმრწემესისა". და ძაძა რომ გახსნა, ბარძიმი მასთან იპოვა (). ესეც გონებას დაუბნელებდა. „დაიპეს სამოსელი მათი და აჰკიდეს კაცად-კაცადმან ტჳრთი თჳსი კარაულსა მათთა და მიიქცეს ქალაქად. შევიდა იუდა და ძმანი მისნი იოსებისა... და დაცჳვეს წინაშე მისსა ქუეყანისა ზედა" (დაბ 44:13–14). შენიშნე, რამდენჯერ თაყვანს იცემენ. იოსებმა უთხრა: ეს რა გააკეთეთ? განა არ იცოდეთ, რომ ამ ბარძიმით ზმნით ვიზმნი? „ჰრქუა მას იუდა: რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ უფალსა ჩუენსა, ანუ რასა ვიტყოდით, ანუ რასა ვიმართლობდეთ, რამეთუ ღმერთმან პოვნა მონანი თჳსნი ცოდვასა შინა". კვლავ ახსენებენ თავიანთ საქციელს იოსების მიმართ. „აჰა ესერა, ვართ ჩუენ მონა უფლისა ჩუენისა და რომლისა თანა იპოვა ბარძიმი იგი" (). აი, ახლა კარგ განწყობას ავლენენ და თავადვე, ძმასთან ერთად, მონობაში თავს გასცემენ. „ჰრქუა მას იოსებ: ნუ იყოფინ ჩემდა ყოფად სიტყჳსა მაგის, კაცი რომლისა თანა იპოვა ბარძიმი იგი, იგი-ცა იყოს ჩემდა მონა ხოლო თქუენ აღვედით ცოცხლებით მამისა თქუენისა" ().
6. იუდას ვედრება და იოსების გამოცხადება (44:18–45:8)
აი, რისიც ეშინოდა მამას, ისიც მოხდა; ისინი შეშინდნენ და დაიბნენ, და არ იციან, რა ქნან. „მი-რე-ეახლა მას იუდა" და უთხრა. რადგან მან მამისგან გამოიყვანა ბენიამინი და თქვა: „უკუეთუ არა მოვიყუანო და დავადგინო ეგე შენ წინაშე, შეცოდებულ ვიყო შენდა ყოველთა დღეთა", — ამიტომ ახლა, მიუახლოვდა რა იოსებს, ყოველივეს დაწვრილებით მოუყვება, რათა თანალმობა აღძრას და ყმაწვილის გათავისუფლებისკენ მოაქციოს. „მი-რე-ეახლა მას იუდა და ჰრქუა: გევედრები უფალო, იტყოდი მონა შენი წინაშე შენსა" (). შენიშნე, სრულიად ისე ეუბნება, როგორც მონა ბატონს; გაიხსენე ახლა ძნების შესახებ ის სიზმრები, რომლებმაც მის მიმართ ძმებში სიძულვილი გააძლიერეს, და განცვიფრებით შეხედე ღვთის კეთილი განგების სიბრძნეს, რომელმაც ყოველივე აღასრულა, ამდენი დაბრკოლების მიუხედავად. „იტყოდი", — ამბობს, — „მონა შენი წინაშე შენსა და ნუ განჰრისხნები მონისა შენისათჳს, რამეთუ შე ხარ შემდგომი ფარაოსა. შენ გვკითხე მონათა შენთა და სთქუ: უკუეთუ გივის მამაჲ, გინათუ ძმაჲ? და გარქუთ უფალსა ჩუენისა, ვითარმედ გჳვის ჩუენ მამაჲ მოხუცებული და ძე სიბერისა მისისა. ძმაჲ მისი მოკუდა" (დაბ 44:18–20). წარმოიდგინე, რას განიცდიდა იოსები, ამის მსმენელი. „იგი მარტო დაშთა დედასა მისსა და მამამან მისმან შეიყუარა იგი". რატომ აქაც ტყუის და ამბობს: „ძმაჲ მისი მოკუდა", მაშინ, როცა მოვაჭრეებს მიჰყიდეს? იმიტომ, რომ ისინი მამას დაარწმუნეს, რომ მხეცმა შეჭამაო; გარდა ამისა, ფიქრობდნენ, რომ მან ბარბაროსებთან მონობა ვერ გაუძლო და უკვე გარდაიცვალა; ამიტომაც ამბობს: „ძმაჲ მისი მოკუდა. ხოლო შენ არქუ მონათა შენთა: მოიყუანეთ იგი ჩემდა და მე ვიღუაწო იგი. ხოლო შენ არქუ მონათა შენთა: უკუეთუ არა მოვიდეს ძმაჲ თქუენი უმრწემესი თქუენ თანა, არ-ღა-რა შესძინოთ ხილვად პირისა ჩემისა. და იყო, ვითარცა აღვედით მონისა შენისა, მამისა ჩუენისა, უთხართ მას სიტყუაჲ უფლისაჲ ჩუენისა. რече... მამამან ჩუენმან: წარვედით, და მიყიდეთ ჩუენ კუალად მცირედ საზრდელი. ხოლო ჩუენ ვარქუთ: ვერ, ჴელ-გუეწიფების შთასლვად, არა თუ ძმაჲ ჩუენი უმრწემესი შთამოვიდეს ჩუენ თანა... ხოლო მრქუა ჩუენ მამამან ჩუენმან... თქუენ უწყით, რამეთუ ორნი შუნა იგინი ცოლმან ჩემმან. და ერთი იგი წარწყმდა, განვიდა ჩემგან და სთქუთ: მჴეცმან შეჭამა იგი" (დაბ 44:20–21, 23–28). შეხედე, როგორ იოსები იუდას დაცვითი სიტყვიდან დაწვრილებით იგებს ყოველივეს, რაც მამის სახლში მოხდა მისი გაყიდვის შემდეგ, და როგორ მოატყუეს მამა და რა უთხრეს მის შესახებ. „აწ უკუე ესე-ღა თუ წარიყუანოთ პირისაგან ჩემისა და შეხუდეს მაგას სნეულებაჲ გზასა ზედა, შთაავლინოთ სიბერე ჩემი მწუხარებით ჯოჯოხეთა" (). თუ ჩვენს მამას ამდენად უყვარს ეს ყმაწვილი, როგორ გამოვუჩნდებით მას ყმაწვილის გარეშე? „რამეთუ სულნი მისნი გამოაბენ სულთა მაგისთა... და შთავიდეს სიბერე მამისა ჩუენისა მწუხარებით ჯოჯოხეთა. რამეთუ მონასა შენსა თავს-მიდებიეს ყრმაჲ ეგე მამისაგან და ვარქუ: უკუეთუ არა მოვიყუანო შენ წინაშე და დავადგინო, შეცოდებულ ვიყო მე მამისა ყოველთა დღეთა" (დაბ 44:30–32). ასეთი აღთქმა მივეცი მამას, ყმაწვილი მომეყვანა და შენი ნება აღმესრულებინა, და ამით დამემტკიცებინა, რომ სიმართლეს ვამბობდით და ჩვენს სიტყვებში არანაირი სიცრუე არ იყო. „აწ უკუე ვდგე მე მონად შენდა ყრმისა მაგის წილ, ხოლო ყრმაჲ ეგე აღვიდეს ძმათა თანა მამისა თჳსისა. ვითარმე უკუე აღვიდე მამისა, არა თუ იყოს ძმაჲ ჩუენი უმრწემესი ჩუენ თანა, რათა არა ვიხილო ძჳრი, რომელი პოოს მამამან ჩემმან?" (დაბ 44:33–34). ამ სიტყვებმა შეაძრა იოსები და საკმარისად აჩვენა მას ძმების პატივისცემა მამის მიმართ და სიყვარული ძმისადმი. „და ვერ-ღა-რა ეძლო იოსებს დათმენად" წინაშე მდგომართა, არამედ, ყველა რომ გაუშვა და მხოლოდ ძმებთან ერთად დარჩა, „აღიმაღლა ჴმაჲ ტირილით" და ძმებს გაეცხადა. და ეს ცნობილი გახდა მთელ სამეფოში „და მიესმა სახლსა ფარაოჲსსა". და უთხრა ძმებს: „მე ვარ იოსებ, ცოცხალღა არსა მამაჲ ჩემი?" (დაბ 45:1–3). საჭიროა, ჩემი აზრით, აღტაცება ამ ნეტარი კაცის სიმტკიცით — იმით, რომ აქამდე შეძლო თავის შეკავება და თავის გამოუმჟღავნებლობა; ხოლო კიდევ უფრო მეტი აღტაცებაა საჭირო იმის მიმართ, თუ როგორ შეძლეს ძმებმა ფეხზე დგომა და პირის გახსნა, როგორ არ გამოეფრინა სული, როგორ არ შეერყა გონება, როგორ არ ჩაეძირნენ მიწაში. „და ვერ მიუგეს ძმათა მისთა სიტყუაჲ, რამეთუ შეეშინა და შეძრწუნდეს ფრიად". სამართლიანად. წარმოიდგენდნენ, რა მოექცნენ მას, და როგორ მოიქცა ის მათ მიმართ, ფიქრობდნენ იმ დიდებაზე, რომელშიც ის იმყოფებოდა, და თავად სიცოცხლეზეც კი ღელავდნენ. ამიტომ, მათი გამხნევების სურვილით, ეუბნება: „მომეახლენით მე" (). ნუ შორდებით, ამბობს, ნუ ფიქრობთ, რომ თქვენ თავად ასე მოიქეცით ჩემს მიმართ. ეს არა იმდენად თქვენი სიბოროტის საქმე იყო, რამდენადაც ღვთის სიბრძნისა და გამოუთქმელი კაცთმოყვარეობისა, — სწორედ იმისთვის, რომ აქ ჩამოსულიყავით, მე ახლა, დროზე, თქვენთვისაც და მთელი ამ ქვეყნისთვისაც სარჩოსთვის საჭირო ყოველივეს მოგცემდი. „და ჰრქუა: მე ვარ იოსებ, ძმაჲ თქუენი, რომელი მიმყიდეთ ეგჳპტედ. ხოლო აწ ნუ სწუხთ" (დაბ 45:4–5). ნუ გაწუხებთ ეს და ნუ მოგეჩვენებათ სასტიკად მომხდარი, რადგან ღვთის განგებით მოხდა. „ცხორებისა თქუენისათჳს მომავლინა მე ღმერთმან წინაშე თქუენსა. რამეთუ ესე მეორე-ღა წელი არს სიყმილი ქუეყანასა ზედა და მერმე ხუთნი-ღა წელნი ყოფად არიან, რომელსა არა იყოს ჴნვა, არაც ლეწვა. და მომავლინა მე ღმერთმან თქუენსა წინა, რათა დაშთეს ნეშტი თქუენი ქუეყანასა ზედა... ხოლო აწ არა თქუენ მომავლინეთ მე აქა, არამედ ღმერთმან" (დაბ 45:5–8).
7. ღვთის განგება და მტერთა მიტევების სწავლება (45:8-24)
შეხედე, ერთხელ, მეორედ და მესამედ ანუგეშებს მათ, ამბობს რა, რომ მისი ეგვიპტეში მოსვლის მიზეზს არა მათ, არამედ ღმერთს მიაწერს, რომელმაც ყოველივე ისე მოაწყო, რომ ამ სიდიადეს მიაღწია. „ხოლო აწ არა თქუენ მომავლინეთ მე აქა, არამედ ღმერთმან და მყო მე, ვითარცა მამაჲ ფარაოსი, უფალ ყოველსა ზედა სახლსა მისსა და მთავარ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა" (). ჩემმა მონობამ, ამბობს, ეს ხელმწიფება მომიტანა; გაყიდვამ ამ სიდიადემდე მიმიყვანა; ჩემი უბედურება ამ კეთილდღეობის საბაბად გამოდგა; შურმა ეს დიდება მომიმზადა. ეს არა მხოლოდ მოსმენა, არამედ მიბაძვაც უნდა, და მსგავსად მოვიქცეთ — შეურაცხმყოფლებს პატიება მივანიჭოთ, მათ მიერ ჩადენილს ნუ დავაბრალებთ, არამედ ყოველივეს სულგრძელად ავიტანოთ, საკვირველი იოსების მსგავსად. ამრიგად, ამბობს, დარწმუნებულნი იყავით, რომ ჩემს თავზე მომხდარს არა თქვენ გდებთ ბრალს და არც დანაშაულში გსვამთ, არამედ ყოველივეს ღმერთს მივაწერ, ვინც ყოველივე ისე მოაწყო, რომ ამჟამინდელ დიდებამდე მიმიყვანა. „ისწრაფეთ და აღვედით მამისა ჩემისა და არქუეთ მას: ამის იტყჳს იოსებ, ძე შენი, მყო მე ღმერთმან უფალ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა შთამოვედ ჩემდა და ნუ ჰყოვნი. და დაემკჳდრე ქუეყანასა გესემ არაბიასა და იყავ მახლობელად ჩემსა შენ და ძენი შენნი და ძენი ძეთა შენთანი და ცხოვარი და ზროხაჲ შენი ყოველი, რაოდენი-რაჲ არს შენი. და მე გამოგზარდო შენ, რამეთუ ხუთ წელსა სიყმილი ყოფად არს, რათა არა მოსწყდეთ შენ და ძენი შენნი და ყოველი მონაგები შენი. აჰა ესერა, თუალნი თქუენნი ხედვენ და თუალნი ბენიამენისნი, ძმისა ჩემისანი, რამეთუ პირი ჩემი გეტყჳს თქუენ. უთხართ მამასა ჩემსა ყოველივე დიდებაჲ ეგჳპტეს შინა და რაოდენი-ესე იხილეთ და ადრე ყავთ და მოიყვანეთ მამა ჩემი აქა" (დაბ 45:9–13). ეს ყოველივე რომ თქვა, საკმარისად დაამშვიდა ისინი და დაავალა მამისთვის ეცნობებინათ მის შესახებ და დაუყოვნებლივ მოეყვანათ, „მოეხჳა ქედსა ბენიამენისსა... და ტიროდა" (რადგან ერთი დედის იყვნენ), და ბენიამინიც „ტიროდა ქედსა ზედა იოსებისსა, და ამბორს-უყოფდა ყოველთა ძმათა თჳსთა და ტიროდა მათ თანა" (დაბ 45:14–15). და ამ სიტყვის, ცრემლებისა და რჩევის შემდეგ ძმებმა ძლივს შეძლეს მასთან ლაპარაკი. „ამისა შემდგომად", — ნათქვამია, — „ეტყოდეს მას ძმანი მისნი. და მიიწია სიტყუაჲ ესე სახლსა ფარაოსსა და... განიხარა" ის და ყველანი მის სახლში (დაბ 45:15–16). იოსების ძმებთან შეხვედრამ ყველა გაახარა. „და ჰრქუა" მეფემ „იოსებს: არქუ ძმათა შენთა, რათა ესრე ყონ; აღავსეთ ძაძები თქუენი იფქლითა და წარვედით; და წარმოიყუანეთ მამაჲ თქუენი... და მოდით ჩემდა და მიგცე თქუენ ყოველივე კეთილი ეგჳპტისაჲ. ხოლო შენ ამცენ ესე, რათა მიიღონ ურმები... ყრმათა თქუენთათჳს და ცოლთა" (დაბ 45:17–19). შეხედე, მეფეც როგორ ზრუნავს იაკობის მოსვლაზე. „და წარმოიყუანეთ მამაჲ თქუენი და მოვედით", — ამბობს, — „და ნუ ჰრიდებნ თუალი თქუენი ჭურჭელსა თქუენსა, რამეთუ ყოველივე კეთილი ეგჳპტისა თქუენდა იყოს. და ყვეს ეგრე ძეთა ისრაჱლისათა და მისცა მათ იოსებ ურმები ბრძანებისაებრ მეფისა ფარაოსა. და ყოველთავე სცა მრჩობლი სამოსელი, ხოლო ბენიამენს სცა ორასი დრაჰკანი და ხუთი საცვალებელნი თითოფერი სამოსლები. და მამასა მიუძღუანა ეგრეთვე ათი ვირი, რომელთა ეკიდა ყოვლისაგან კეთილისა ეგჳპტისა და ათი ჯორი, რომელთა აქუნდა პური საგზლად მამისა თჳსისა". ეს ყოველივე რომ მისცა, „წარგზავნნა ძმანი თჳსნი და წარვიდეს და ჰრქუა მათ: ნუ გულს იწუხებთ გზასა ზედა" (დაბ 45:19–24). შეხედე, რა სიბრძნისმოყვარე სული. არა მხოლოდ თავად დატოვა ყოველგვარი რისხვა მათ მიმართ და ბრალისგან გაათავისუფლა, არამედ მათაც ურჩევს, გზაში რისხვას ნუ მიეცემიანო და ერთმანეთს ნუ ადანაშაულებენ მომხდარის გამო. მართლაც, თუ ცოტა ხნის წინ, იოსების წინაშე დგომისას, ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „ჰე, ცოდვასა შინა ვართ ძმისათჳს ჩუენისა, რამეთუ უგულებელს-ვყავთ ჭირი სულისა მისისა", — და მაშინ რუბენი ეუბნებოდა: „არა გეტყოდი-ა თქუენ: ნუ ავნებთ ყრმასა მაგას, და არა ისმინეთ ჩემი" (), — მით უმეტეს შეიძლებოდა, რომ ახლა ის კიდევ უფრო ადანაშაულებდეს მათ. ამიტომ, მათ რისხვასა და ურთიერთდავას რომ აღკვეთავს, ეუბნება: „ნუ გულს იწუხებთ გზასა ზედა", არამედ იფიქრეთ იმაზე, რომ მე ჩემს მიმართ თქვენი საქციელი ბრალად არ დაგდეთ, და თქვენც ერთმანეთის მიმართ კეთილად იყავით.
შესაძლებელია საკმარისად გაგვიკვირდეს ამ მართლის სათნოებით, რომელიც დიდი მონდომებით ასრულებდა ახალი აღთქმის სიბრძნის სწავლებას. რაც ქრისტემ მოციქულებს დაუბარა: „გიყუარდედ მტერნი თქუენნი... და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ" (), — სწორედ ეს, და ამაზე მეტიც, აკეთა იოსებმა. მან არა მხოლოდ ესოდენ დიდი სიყვარული გამოიჩინა მათ მიმართ, ვინც მის მოსაკლავად მზად იყვნენ, არამედ ყოველნაირად ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ მათ არაფრით შესცოდეს მის წინაშე. რა მაღალი სიბრძნე! რა მტკიცე სულგრძელობა! რა დიდი სიყვარული ღვთისადმი! არა თქვენ, ამბობს, ეს გამიკეთეთ, არამედ ღვთის განგებამ დაუშვა, ჩემზე მზრუნველმა, რათა ჩემი სიზმრებიც აღსრულებულიყო და თქვენთვისაც ცხონების იარაღად ვემსახურე. ამრიგად, ჭირი თუ გამოცდა ღვთის დიდი განგებისა და ჩვენზე მზრუნველობის მოწმობაა კაცთმოყვარე უფლისა. ამიტომ არ უნდა ვეძებოთ ყოველნაირი საშუალებით მხოლოდ მშვიდი და უდარდელი ცხოვრება, არამედ კეთილდღეობაშიც და ჭირშიც თანასწორად უნდა აღვუვლენდეთ მადლობას უფალს, რათა მან, ჩვენი კეთილგონიერება რომ დაინახოს, კიდევ უფრო მეტი მზრუნველობა გამოიჩინოს ჩვენ მიმართ, რისი ღირსნიც ვიქნებით ყველანი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.