📋 სარჩევი
პავლესი: პირველად ქრისტჱ, მერმე ქრისტჱსნი (15,23).
თარგმანი: ჭრისტჱსად იტყჳს, რომელნი-იგი სარწმუნოვებასა შინა გამობრწყინდეს.
პავლესი: მაშინღა აღსასრული (15,24).
თარგმანი: რაჟამს იგინი აღდგენო, მაშინ ყოველთა საქმეთაჲ მიიღონ აღსასრული.
პავლესი: რაჟამს განაქარვნეს ყოველნი მთავრობანი და ჴელმწიფებანი და ძალნი (15,24).
თარგმანი: ეშმაკთასა იტყჳს, რამეთუ აწ არა განქარვებულ არიან სრულიად, არამედ იქმან თჳსთა საქმეთა, ხოლო მაშინ სრულიად განაქარვოს.
პავლესი: რაჲ-მე უკუე ყონ, რომლთა-იგი ნათელ-იღეს მკუდართათჳს? (15,29).
თარგმანი: ნათელ-ვიღებთ ბუნებით მოკუდავთა ამათ ჴორცთათჳს და გურწამს, ვითარმედ უხრწნელებად შეიცვალნენ იგინი. და ესე ძალი აქუს სიტყუასა მოციქულისასა, ვითარმედ: უკუეთუ ჴორცნი ჩუენნი არა აღდგებიან, ვითარ გურწამს ნათლის-ღებისა ჟამსა თუ უხრწნელებად შევიცვალებით წყლითა მით ნათლის-ღებისათა ჩუენ მკუდარნი ესე ცოდვითა.
პავლესი: დაითესვის ხრწნილებით (15,42).
თარგმანი: დათესვასა არა შობასა ჩუენსა იტყჳს, არამედ სამარედ შესლვასა და განხრწნასა.
პავლესი: "დაინთქა სიკუდილი ძლევითა" (15,54).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ სამარადისოდ არცაღა ნაწილი რაჲ მისი დაშთა ანუ მოლოდებაჲ მოქცევისაჲ.
პავლესი: რამეთუ საწერტელ სიკუდილისა — ცოდვაჲ, ხოლო ძალ სიკუდილისა — რჩულ (15,56).
თარგმანი: რაჟამს-იგი რჩული იყო, მაშინ ცოდის რაჲ კაცმან, არღარა იყო შენდობაჲ, არამედ მოჰკლვიდეს და ესრეთ იქმნებოდა ცოდვაჲ საწერტელ სიკუდილისა. ესე იგი არს საწერტელ სასიკუდინო, რომელი მოჰკლავნ კაცთა, ვითარცა აქუნ კაცსა საწერტელი რაჲმე მახჳლი და, ვისცა მიამთხჳის, მოკლის. ეგრეთვე აქუნდა სიკუდილსა ცოდვაჲ საწერტელად და არა უტევებდა კაცთა ცხორებად, ხოლო ძალი ესე აქუნდა რჩულისაგან, რომელი-იგი აყენებდა ცოდვასა. ხოლო ცოდის რაჲ ვინმე, მეყსეულად მოჰკლვიდა, გამო-რაჲ-ჩნდის. ამისთჳს სამართლად და ჭეშმარიტად მოციქულმან უწოდა ცოდვასა საწერტელ სიკუდილისა და თჳნიერ რჩულისა არა მისცა ძალი საწერტელს მას, რამეთუ, ვითარცა საწერტელი მახჳლი ეცეს რაჲ კაცსა ძლიერად, მოჰკლავს, ხოლო თჳნიერ მცემელისა არს თჳთ ჭურჭელ სიკუდილისა, არამედ ვერვის მოჰკლავს; ეგრეთვე ცოდვაჲ — საწერტელი იყო, სიკუდილისა მომატყუებელი სულისა, გარნა ვერ აქუნდა ესრეთ ძალი, ვიდრემდე მიიღო იგი რჩულმან და გამოჩინებითა მით თჳსითა და დაყენებითა მისგან კაცთაჲთა — ურჩთა მათთჳს ყო მტკიცე საწერტელ სიკუდილისა.