მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი დ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვამდე ბაბილოვნელთაგან ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნელთაგან ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ“ (1,17).

სამად განყვნა ყოველნივე იგი ზემოწერილნი ნათესავნი, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ თითოფერითა მით შეცვალებითა მოქალაქობათა და ნა-თესავთაჲთა არა შეიცვალა უკეთურებაჲ ჰურიათაჲ; არამედ გინა თუ მსაჯულნი დაუდგინნა ღმერთმან, გინა თუ მეფენი, გინა თუ მღდელნი, გინა თუ ტყუეობად მისცნა, გინა თუ მძლედ გამოაჩინა, სიბოროტჱ გონებათა მათთაჲ და უკეთურებაჲ ვერსადა შეცვალეს. ამისთჳსცა უკურნებელთა მათ სენთა კურნებად იქმნა მოსლვაჲ ქრისტესი, რაჲთა უჩუენოს კაცთა გზაჲ იგი სათნოებისა და ცხორებისაჲ.

ხოლო რაჲ არს ესე, რომელ საშუალსა მას ნაწილსა სამთა მეფეთა თანაწარჰჴდა, ხოლო უკუანაჲსკნელსა ათორმეტი ნათესავი აღწერა და ათოთხმეტად ნათესავად თქუა, რამეთუ დავითის ჟამთაგან ვიდრე ტყუეობისა ბაბილოვნელთაჲსა ათჩჳდმეტნი მეფენი წარჴდეს, ვითარ წერილ არს წიგნსა მეფეთასა და წიგნსა ნეშტთასა, ვითარმედ შემდგომად მეფობისა იორამისა, ძისა იოსაფატისა, მეფობდა ოქოზია და იოას და ამესია, და მერმე მეფობდა ოზია და იოთამ და აქაზ და სხუანი იგი შემდგომითი შემდგომად. ხოლო მახარებელი სამთა მათ თანაწარჰჴდა და თქუა: „იოსაფატ შვა იორამ, იორამ შვა ოზია, და შემდგომითი შემდგომად, ვიდრე ტყუეობადმდე ბაბილოვნელთა, ნათესავი ათოთხმეტ“.1

ესრეთ უკუე ვიტყჳთ, ვითარმედ სამნი იგი მეფენი არა აჴსენნა, რამე-თუ ურჩულოებისა მათისათჳს არა ღირს-ყვნა იგინი ჴსენებად, რამეთუ არა თუ მეფეთა აღჰრაცხავს, არამედ ნათესავთა. აწ უკუეთუმცა ეთქუა, თუ: „დავითისითგან ტყუეობადმდე ბაბილოვნელთაჲსა მეფენი ათოთხმეტნი“, სამართლადმცა ვინ თქუა, თუ წინააღმდგომად წიგნისა მის მეფეთაჲსა იტყჳს; ხოლო ვინაჲთგან არა მეფენი თქუნა, არამედ ნათესავი ათოთხმეტ, უცთომელ არს სიტყუაჲ მისი, რამეთუ ცხორებასა კაცისა ერთისასა ნათესავად წოდებაჲ არა შეჰგავს, ვინაჲთგან არა სწორ არიან დღენი ყოველთა კაცთანი, არამედ რომელნიმე ჟამსავე სიყრმისასა აღესრულნეს, სხუანი - დღეთა სიჭაბუკისათა, და სხუანი სიბერედმდე ეგნეს სოფელსა ამას შინა. ვითარ უკუე ეწოდოს ცხორებასა კაცისასა ნათესავ? ვინაჲთგან რომელმანმე ათი წელი დაყო, და რომელმანმე - ოცი, რომელმანმე - ერგასისი, გინა სამეოცდაათი და ოთხმეოცი, ანუ თუ ასი. ამისთჳსცა მახარებელ-

1 შდრ. მათ. 1,8-17.

მან, ვინაჲთგან არა მეფეთა აღსწერდა, არამედ ნათესავთა, აღრიცხუნა, თუ რაოდენი წელი ჯერ-იყო ნათესავად წოდებად, ვითარცა მან იცოდა, და პოვა, ვითარმედ ათოთხმეტისა ნათესავისა ჟამნი ათჩჳდმეტთა მეფე-თა მიერ აღესრულნეს, და ამისთჳს სამთა მათ ყოლადვე არა სახელ-სდვა, ვითარცა უღირსთა, და სხუანი იგი ხოლო აჴსენა. ესე არს პირი ერთისა მის სახისაჲ, ხოლო მეორჱცა იგი, რომელ იექონიაჲთგან ვიდრე იოსებამდე ათორმეტნი შობანი თქუნა და ათოთხმეტად ნათესავად აღწერა, მიგიხრა. თქუა, ვითარმედ: „ტყუენვითგან ბაბილოვნელთაგან ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ“, რამეთუ ჟამიცა იგი ტყუეობისაჲ და იექონია, ბაბილონს წარტყუენული ძისწული იოსიაჲსი, ერთად ნათესავად შეჰრაცხა და მეათოთხმეტედ ნათესავად ქრისტე აღრაცხა, დასაბამი იგი და აღსასრული ყოველთა კეთილთაჲ. ამისთჳს ათორმეტნი თქუნა ნათესავნი და ათოთხმეტად აღრაცხნა - იწყო ქრისტესგან: „წიგნი შობისაჲ იესუ ქრისტესი“, და აღასრულა ქრისტესად რიცხჳ იგი ნათესავთაჲ.

და რაჲსათჳს მარკოზ არა ესრჱთ იწყებს, არცა წარმოიტყჳს შობისათჳს ქრისტჱსა, არამედ ყოველსავე მოკლედ გჳთხრობს? ესე ამისთჳს, რამეთუ მათე პირველ ყოველთაჲსა აღწერა; ამისთჳსცა შობისათჳს უფლისა იტყჳს და დაწყებასა მას განკაცებისა ქრისტესსა წარმოგჳთხრობს. ხოლო მარკოზ შემდგომად მისა აღწერა; ამისთჳს ერთგზის თქუმული იგი მამათმთავართა შობაჲ დაუტევა და მოკლე გზაჲ იპყრა ნათლის-ღებითგან ვიდრე აღდგომამდე ქრისტესა.

გარნა ლუკა უპირატესცა აღიყვანა სიტყუაჲ თჳსი და გზაჲ იგი მათეს სიტყჳსაჲ ინება სლვად და უმრავლესიცა გუაუწყა, რამეთუ თითოეული მოძღუარსა თჳსსა ჰბაძვიდა: ერთი იგი - პეტრეს, მცირედმეტყუელებისა მოყუარესა, ხოლო მეორჱ - პავლეს, მდინარეთა უმდიდრესსა წარმოდინებითა სიტყჳსაჲთა. ხოლო ვითარ არს ესე, რომელ ორთავე აჴსენეს შობანი ნათესავთანი, მათე და ლუკა, და სხუაჲ სახელები წარმოთქუა მათე, და სხუანი აღწერნა ლუკა, და ორთავე იოსების მშობელნი გჳთხრნეს. ერთმან ამან ზემოჲთ იწყო აბრაჰამისითგან და მოვიდა დავითისამდე, დავითისითგან ტყუენვადმდე ბაბილოვნელთაგან, ტყუენვითგან ბაბილოვნელთაგან იტყჳს: „იექონია შვა სალათიელი; სალათიელ შვა ზორობაბელი; ზორობაბელ შვა აბიუდ; აბიუდ შვა ელიაკიმ; ელიაკიმ შვა აზორ; აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ელიუდ; ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატ-თან; მატთან შვა იაკობ; იაკობ შვა იოსებ“.1 ხოლო ლუკა არა ამათ სახელ-თა იტყჳს ვიდრე დავითისამდე, და მიერითგან კუალად მათესვე თხრობასა შეერთვის, რამეთუ ესრეთ იწყებს: „და თავადსა იესუს ეწყო ოდენ ყოფად მეოცდაათესა წელსა, რომელი საგონებელ იყო ძედ იოსებისა, ელისა, მატ-თანისა, ლევისა, მელქისა, იანესა, იოსეფისა, მატათისა, ამონისა, ნაუმისა“,2

1 მათ. 1,12-16. 2 ლუკ. 3,23-25.

და შემდგომი ამისი, ვიდრემდის მოიწია დავითისამდე. რაჲ არს განყოფილებაჲ ესე, ვითარ ერთისა კაცისა სხუანი და სხუანი მშობელნი გჳთხრნეს? უწყებაჲ უკუე ჯერ-არს, ვითარმედ ესრეთ იყო წესი პირველისა მის რჩულისაჲ, რომელ მოკუდის თუ ვინმე უშვილოდ, ძმამან მისმან იქორწინის ცოლი აღსრულებულისაჲ მის და აღუდგინის თესლი ძმასა თჳსსა. ხოლო იშვის რაჲ შვილი, ბუნებით მეორისაჲ მის არნ, რომლისაგანცა შობილ არნ, და წესითა რჩულისაჲთა - აღსრულებულისაჲ მის. ხოლო მათ ჟამთა შინა ნაშობთაგან სოლომონისთა, ძისა დავითისთა, იყო ვინმე მატთან სახელით და ესუა ცოლი, რომლისაგან შვა იაკობ, მამაჲ იოსებისი. აღესრულა მატ-თან, და იქორწინა ცოლი მისი მელქი, ტომისაგან ნათანისა, ძისა დავითისა. მელქი, ძემან ლევისმან და ძმამან პანთერისმან, რომელი ზემო ვაჴსენეთ, ამან მელქი იქორწინა ცოლი იგი მატთანისა და დედაჲ იაკობისი და შვა მისგან ელი. იქმნნეს უკუე იაკობ და ელი ძმანი, ერთისა დედისა ნაშობნი. ხოლო მამულად იაკობ ტომისაგან სოლომონისა, ძისა დავითისა, იყო, და ელი - ტომისაგან ნათანისა, ძისა დავითისა. იქორწინა ელი ტომთაგან ნა-თანისთა შობილმან და აღესრულა უშვილოდ. მერმე, წესისაებრ რჩულისა, შეირთო ცოლი მისი იაკობ, ძმამან მისმან დედისაგან, ხოლო მამულად ტომისაგან სოლომონისა შობილმან, და აღუდგინა თესლი ძმასა თჳსსა და შვა იოსებ, და იქმნა იოსებ ბუნებით ძე იაკობისი, ტომისაგან სოლომონისა, ხოლო წესისაებრ რჩულისა ძედ შერაცხილ იყო ელისა, ტომისაგან ნათანისა.

აწ უკუე მადლმან სულისა წმიდისამან უბრძანა მახარებელთა ორსავე ამის წესისა აღწერად: რჩულიერისაცა და ბუნებითისა. ამისთჳსცა ლუკა წესისა მისებრ რჩულისა ყო აღრიცხუვაჲ იგი ნათესავთაჲ და თქუა მამად იოსებისა ელი, რომელი რჩულისაგან შეირაცხვის მამად მისა, ხოლო მათე ბუნებითი იგი აღწერა მამაჲ და ამისთჳს იაკობ აჴსენა, ვითარმედ: „იაკობ შვა იოსებ“. ესე არს მიზეზი სხუათა და სხუათა სახელთა ჴსენებისაჲ მახარებელთა მიერ ვიდრე დავითისამდე, და მიერითგან ერთ არს სიტყუაჲ მათი.

თქუეს ვიეთმე ესეცა დაწყებისა ამისთჳს სახარებისა, ვითარმედ: რად არა ესრეთ ყო დაწყებაჲ სიტყჳსა თჳსისაჲ მათე, უფროჲსად, ვინაჲთგან ებრაულითა ენითა აღწერა, ვითარცა-იგი იქმოდეს წინაწარმეტყუელნი, ვითარმედ: „ხილვაჲ, რომელი ვიხილე“, ანუ თუ: „სიტყუაჲ, რომელი იყო ჩემდა მომართ“? რად არა ამანცა ესევითარი საკჳრველი სიტყუაჲ ყო დასაბამად, რაჲთამცა აჩუენა, ვითარმედ ზეგარდამო მოიღო ბრძანებაჲ აღწერისაჲ? ესე ამისთჳს, რამეთუ წინაწარმეტყუელთა ზე არა იყვნეს ესევითარნი სასწაულნი, ვითარ მოციქულთა ზე, მქადაგებელ ჭეშმარიტებისა მათისა. ხოლო იყვნეს ცრუწინაწარმეტყუელნიცა მრავალნი, და ჰურიანი, მარადის უკეთურნი, უმეტესად შეიწყნარებდეს სიტყუასა მას ცრუწინაწარმეტყუელთასა. ამისთჳს საჴმარ იყო წინაწარმეტყუელთადა ესევითარი იგი დაწყებაჲ სიტყჳსაჲ დასარწმუნებელად ურწმუნოთა მათ, ვითარმედ ღმრთისა მიერ არს მათი იგი სიტყუაჲ და არა თავით თჳსით. ხოლო აქა აურაცხელნი იგი სასწაულნი და სულისა წმიდისა მადლნი არწმუნებდეს ერსა ჭეშმარიტებასა მას მახარებელთა სიტყჳსასა, და არად ეჴმარებოდა ესევითარი დაწყებაჲ, რამეთუ მორწმუნეთა მიმართ ქმნეს აღწერაჲ სახარებათაჲ, არა ურწმუნოთა. ხოლო წინაწარმეტყუელთა ზე დიდი ურწმუნოებაჲ აქუნდა ჰურიათა, და არცა იყო ესოდენი სასწაულთა საქმჱ მაშინ, თჳნიერ რაჲ-იგი იქმნა პირველ მოსეს ზე და იისუ ძისა ნავესა, დასარწმუნებელად მეგჳპტელთა და სხუათა მათ წარმართთა, და რაჲთა უკუანაჲსკნელ, რაჟამს ცოდვათათჳს ჰურიათაჲსა მისცნეს იგინი ღმერთმან საძლეველად და ტყუედ, წარმართთა ვერ თქუან, თუ ღმერთნი მათნი უძლიერეს იყვნეს და ამისთჳს მიეცა მათ ძლევაჲ, არამედ ცნან, ვითარმედ ჰურიათა შესცოდეს ჭეშმარიტსა მას ღმერთსა, და ამისთჳს მისცნა ჴელთა მათთა.

ხოლო ამისა შემდგომად დააცხრვო ღმერთმან მრავალთა მათ სასწაულთა საქმე. თჳნიერ ჟამითი ჟამად აჩუენის კუალად, ვითარ-იგი ბაბილოვნელთა ზე დანიელის მიერ და სამთა მათ ყრმათა და კუალად ელიაჲს მიერ და ელისესა, რაჟამს სრულიად მიდრკეს ჰურიანი კერპთმსახურებად, და სხუაჲ ესევითარი ჟამითი ჟამად გამოაჩინის. ხოლო მრავალნი იგი სასწაულნი, რომელ აჩუენა მეგჳპტელთა ზედა და უდაბნოსა მას და კუალად შესლვასა მათსა ქუეყანად აღთქუმისა, დასცხრეს, ვინაჲთგან დაეშენნეს და განიყვეს ქუეყანაჲ. ამისთჳსცა მოსეს აქუნდეს მრავალნი იგი საკჳრველებანი მოწამედ და არა იჴმარა ესევითარი დაწყებაჲ, ვითარ სხუათა მათ წინაწარმეტყუელთა, არამედ მეყსეულად თქუა: „დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ“,1 და შემდგომი ამისი. ხოლო წინაწარმეტყუელთა არა აქუნდეს ესევითარნი სასწაულნი დასარწმუნებელად უგუნურთა მათ ჰურიათა. ამისთჳს ჩუენებანი იგი და ხილვანი ღმრთისამიერნი ქმნნეს დასაბამად სიტყჳსა თჳსისა შესაწყნარებელად გულფიცხელთა მათ. ხოლო ვითარცა-იგი მოსეს ზე დაწყებაჲ იყო ძუელისა მის რჩულისა და სასწაულნი მრავალნი იქმნებოდეს, ეგრეთვე ქადაგებასა მას მოციქულთასა არა იყო რიცხჳ სასწაულთაჲ და კურნებათაჲ საოტებელად ურწმუნოებისა და დასამტკიცებელად ჭეშმარიტებისა. ამისთჳსცა კაცთა გლახაკთა და უსწავლელთა ათორმეტთა დაიმორჩილნეს და მოიმოწაფნეს ერნი ურიცხუნი, მეფენი და ფილოსოფოსნი, რამეთუ ძალი ღმრთისაჲ იყო მათ თანა.

ამისთჳსცა არად ეჴმარებოდა მახარებელთა ხილვათა და ჩუენებათა აღწერაჲ დაწყებასა სახარებათასა, არამედ კაცად-კაცადმან წინამდებარე იგი სიტყუაჲ ქრისტეს განგებულებისაჲ და ღმრთისმეტყუელებისაჲ იწყო თქუმად. ვითარცა იყო ძუელი იგი რჩული ყოვლითურთ სახე ახლისაჲ მის, ეგრეთვე დაწყებასა მისსა სასწაულნი დიდნი იქმნნეს, და დაწყებასა ახლისასა - უზეშთაესნი და უმრავლესნი, რომელთა არა არს არცა სიდიდისა

1 დაბ. 1,1.

სწორებაჲ, არცა სიმრავლისა რიცხჳ; და უწყი, ვითარმედ ესე ყოველთავე იცით, და არა მიჴმს წარმოთქუმაჲ თითოეულისაჲ, რაჲთა არა სიგრძე სიტყჳსაჲ ფრიადი იქმნას.

ხოლო შევიდეს რაჲ ქუეყანად აღთქუმისა ისრაჱლნი და იცნეს ღმერთი პირველქმნილთა მათ სასწაულთაგან, დააცხრვო ღმერთმან საქმე სასწაულთაჲ და ჟამითი ჟამად, განმრავლდის რაჲ ურწმუნოებაჲ, კუალად აჩუენის ძალი თჳსი. ეგრეთვე ახალსა ამას რჩულსა, ვინაჲთგან განეფინა ქადაგებაჲ მოციქულთაჲ ყოველსა სოფელსა და დამტკიცნა სარწმუნოებაჲ, დასცხრა მრავალთა მათ სასწაულთა საქმე. ხოლო ვითარცა-იგი მაშინ ჟამითი ჟამად კუალად აჩუენის ღმერთმან ძალი თჳსი, ეგრევე აწ, რაჟამს აღძრის ეშმაკმან საცთური რაჲმე, მოავლინის ღმერთმან სასწაულიცა წინააღმდგომად საცთურისა, და იხილეთ, რავდენი იქმნა დღეთა მათ დევნულებისათა წმიდათა მოწამეთა მიერ. და კუალად ჩუენისაცა ამის ნათესავისა ზე, რაჟამს მიიღო მეფობაჲ მიშუებითა ღმრთისაჲთა ურჩულომან მან ივლიანე, მრავალი სასწაული აჩუენა ღმერთმან, რამეთუ ოდეს-იგი სხუა-თა მათ ბოროტთა მისთა თანა ურჩულომან მან და განდგომილმან აღძრა ქრისტეანეთა ზედა ერი იგი ჰურიათაჲ, რამეთუ იცოდა ფრიადი მტერობაჲ მათი ჩუენდა მომართ, და ამისთჳს პატივ-სცემდა მათ და ეტყოდა, ვითარმედ: ესე არს ჟამი კუალადგებისა თქუენისაჲ პირველსა მას პატივსა და წესსა თქუენსა, და უბრძანა მისლვაჲ იერუსალჱმდ და ტაძრისა მის შენებაჲ; მაშინ შეკრბეს ყოველნივე, სადაცა იპოებოდეს ჰურიანი და დიდი-თა მოსწრაფებითა ჴელ-ყვეს შენებად, ვიდრეღა დედანიცა და ყრმანი წია-ღითაგან ჰკრებდეს მიწასა. ხოლო იწყეს რაჲ საფუძველისა წმედად, იქმნა ძრვაჲ სასტიკი, და ალი ცეცხლისა მძაფრისაჲ გამოვიდა საფუძველთა მათგან და უმრავლესნი მათგანნი დაწუნა, ვითარცა ოდესმე სოდომელნი, და სხუანი იგი იოტნა სირცხჳლეულნი, და განიბნინეს ღირსად მათისა მის უკეთურებისა.

და კუალად მათვე დღეთა შინა, განმრავლდა რაჲ სიბოროტე ურჩულოჲსა მის მეფისაჲ და შეურაცხ იქმნებოდა თაყუანის-ცემაჲ პატიოსნისა ჯუარისაჲ, იქმნა ესევითარი სასწაული სამხილებელად მისისა მის უკეთურებისა და განსამტკიცებელად ქრისტეანეთა: განთიადითგან აღმოსლვასა ოდენ მზისასა გამობრწყინდა შორის ცასა და ქუეყანასა სახე პატიოსნისა ჯუარისაჲ, ბრწყინვალებითა მიუთხრობელითა შემკული, ვიდრეღა ელვისაგან მისისა დაიფარა ნათელი მზისაჲ, და განთიადითგან მწუხრადმდე იხილვებოდა სასწაული იგი ბრწყინვალე ყოვლისაგან სოფლისა საჭურველად ძლევისა მორწმუნეთა და დამჴსნელად მძლავრებასა მას უკეთურისასა. ამას ზედა ქალაქნიცა მრავალნი, რომელნი მჴურვალებით აღბორგდეს ბრძოლასა მას ქრისტეანეთასა, რომელნიმე ზღუამან დაფარნა, და რომელნიმე ძრვამან აღაოჴრნა, რაჲთა აღესრულოს აქაცა სიტყუაჲ წინაწარმეტყუელისაჲ: „მტერისა მახჳლსა მოაკლდა სრულიად, და ქალაქნი აღაოჴრდეს“.1 და კუალად, ინება რაჲ გამოკრეხაჲ და დატყუენვაჲ ეკლესიათაჲ და ჭურჭელთა მათ სამღდელოთა წარტაცებაჲ, განაჩინნა ამას ზედა მეჭურჭლეთმთავარი იგი თჳსი და სხუაჲ ვინმე დედისძმაჲ და სეხნაჲ მისი, რომელნი-იგი სტანჯვიდეს მღდელთა და უწყალოდ ჰგუემდეს შეწამებად, უკუეთუ სადა არს დამარხული სამკაული ეკლესიათაჲ ოქროჲსაჲ გინა ვეცხლისაჲ. და ვითარ-იგი ჰგუემდეს მონათა მათ ღმრთისათა, მეყსეულად ერთი იგი განსქდა შორის, და განიბნინეს ყოველნი ნაწლევნი მისნი, და მეორე იქმნა საჭმელ მატლთა, და მიმწუხრამდე მწარედ აღმოჰჴდა მას სული. და კუალად, მი-რაჲ-ვიდა წყაროსა მას ზედა დიდსა ურჩულოჲ ივლიანე და მსხუერპლი შეწირა ეშმაკთა მიმართ, და მასვე ჟამსა წყაროჲ იგი, რომელი ვითარცა მდინარე დიდი დიოდა, განჴმა. არა სასწაული დიდი იყოა? და მერმე ანაზდაჲთი იგი სიყმილი, რომელი ყოველსა მას სამეფოსა მის უღმრთოჲსასა მოიწია, არა სამხილებელი იყოა მისი? და ვითარცა ამის ყოვლისაგან არა შეიკდიმა, მერმე შორის ქუეყანასა მას სპარსეთისასა დასცა იგი, რამეთუ არცა ღირს იყო სამეუფოსა შინა ქრისტეანობისასა სიკუდილად.

ესრეთ იქმს ღმერთი მარადის: რაჟამს აღორძნდეს ურჩულოებაჲ და იხილნეს მონანი თჳსნი ჭირსა შინა, ხოლო წინააღმდგომნი მძლავრებითა მათითა მთრვალ იყვნენ, მაშინ ძალსა თჳსსა გამოაჩინებს.

არამედ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ. ზემო ვთქუთ, თუ რაჲსათჳს სამ ნაწილად განყვნა მახარებელმან ნათესავნი იგი მამათმთავართა და მეფეთანი; ხოლო აწ იხილეთ, ვინაჲ იწყებს და სადა დაასრულებს - აბრაჰამისგან დავითისამდე, დავითისგან ტყუენვამდე ბაბილოვნელთაგან, ტყუენვითგან ბაბილოვნელთაგან ქრისტესამდე. ხოლო რაჲსათჳს, ვითარცა-იგი ტყუენვაჲ ბაბილოვნელთაგან აჴსენა და მუნ შთასლვაჲ ერისაჲ, არა აჴსენა ეგჳპტეს შთასლვაჲცა? ესე ამისთჳს, რამეთუ მეგჳპტელთაჲ იგი ადრე ქმნილ იყო, და არა ცოდვათათჳს იქმნა მუნ შთასლვაჲ ისრაჱლისაჲ, ხოლო ბაბილოვნელთაჲ ახლად ყოფილ იყო, და არა სხჳსა რაჲსათჳსმე, არამედ ცოდვათა და ურჩულოებათა მათთათჳს შთავიდეს ტყუეობასა მას. და უკუეთუ ვინ გამოთარგმანებაჲცა სახელთაჲ ინებოს გულისჴმის-ყოფად, ფრიადი ძალი პოოს ამასცა შინა და სახე დიდი ახლისა ამის რჩულისაჲ აბრაჰამ და ისააკ და იაკობისგან, დავით და სოლომონ და ზორობაბელისგან და სხუათა მრავალთა, რამეთუ არა ცუდად ეწოდა მათ სახელები ესე.

გარნა ამისთჳს, რაჲთა არა ფრიად განვაგრძოთ სიტყუაჲ ჩუენი და საწყინო თქუენდა ვიქმნეთ, მრავალნი ესე ძიებანი დაუტევნეთ და წინამდებარე ესე ვთქუათ. წარმოთქუნა მშობელნი ყოველნი და აღასრულა იოსებისა და არა დაიდუმა ამას ზედა, არამედ შესძინა: „იოსებ, ქმა-

1 ფსალმ. 9,7.

რი მარიამისი“,1 რაჲთა გჳჩუენოს, ვითარმედ მარიამისთჳს წარმოთქუნა მშობელნი იოსებისნი, რაჲთა იგი გამოაჩინოს, ვითარმედ თესლისაგან აბრაჰამისა და ტომისაგან დავითისა იყო. თუ არა, ყოვლადვემცა არა აჴსენა იოსებ, უკუეთუმცა არა მარიამისთჳს იყო ჴსენებაჲ იგი. ხოლო რაჲთა არა, გესმას [რაჲ] ქმარი მარიამისი, ჰგონებდე, თუ რჩულითა მით ბუნებისაჲთა იშვა, ამისთჳს მსწრაფლ განკურნა იჭჳ იგი და თქუა: გესმა ქმარი, გესმა დედაჲ, გესმა შობაჲ ყრმისაჲ, აწ ისმინე სახეცა შობისა მისისაჲ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ ქრისტეს შობაჲ ესრეთ იყო“ (1,18).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელსა შობასა იტყჳ, მითხარღა, მახარებელო. ესერა მშობელთა სახელები სთქუ შენ, არამედ მნებავსო სახესაცა შობისასა მითხრობად. „ხოლო იესუ ქრისტეს შობაჲ ესრეთ იყო“. ჰხედავა, ვითარ მეყსეულად განაფრთხო გონებაჲ იგი მსმენელისაჲ, რაჲთა ცნას, ვითარმედ ახლისა რაჲსმე საქმისა ეგულების სმენაჲ. აწ იხილე წესიერებაჲ სიტყჳსა მისისაჲ. არა თქუა დაწყებასავე, არამედ პირველად გუასწავა, თუ მერავდენე იყო ქრისტე აბრაჰამისითგან, მერავდენე დავითისითგან, მერავდენე ტყუენვითგან ბაბილოვნელთაგან, რაჲთა უკუეთუ ვის მეცნიერსა ესმას და ინებოს აღრაცხვაჲ წელთაჲ, ცნას, ვითარმედ ჭეშმარიტად ესე არს ქრისტე, რომელსა ქადაგებდეს წინაწარმეტყუელნი, და სარწმუნოებით შეიწყნაროს საიდუმლოჲ იგი შობისა მისისაჲ. რამეთუ ეგულებოდა თქუმად დიდი იგი საკჳრველი, ვითარმედ ქალწულისაგან იშვა, ამისთჳს პირველად არა თქუა, არამედ აღრაცხნა წელიწადნი, რაჲთა მოაჴსენოს მსმენელთა სიტყუათა მისთასა, ვითარმედ ესე არს, რომლისათჳს თქუა იაკობ წინაჲსწარვე მოკლებასა მას მთავართა იუდაჲსთასა გამოჩინებად, რომლისათჳს წინაწარმეტყუელმან დანიელ ღაღად-ყო, ვითარმედ: „ქრისტესამდე წინამძღურისა შჳდეულნი შჳდ და შჳდეულნი სამეოცდაორ“.2 რამეთუ უკუეთუ ვინ ინებოს შჳდეულად თქუმულთა მათ ანგელოზისა მიერ წელთა შენებითგან ქალაქისა მის აღრიცხვად, პოოს ჟამი იგი ქრისტეს შობისაჲ, რამეთუ შჳდი იგი და სამეოცდაორი შჳდეული წელთაჲ შეკრბების ოთხას ოთხმეოცდასამ წლად. და ესრეთცა იქმნა შენებითგან ქალაქისა მის შემდგომად ტყუეობით აღმოსლვისაგან ესოდენთა მათ წელიწადთა რიცხჳ შობადმდე ქრისტესა; ვი-თარცა ეტყოდა ანგელოზი დანიელს, ვითარმედ სცნა და გულისჴმა-ჰყო გამოსლვისაგან სიტყჳსა მიგებად და აღშენებად იერუსალჱმისა. ესე იგი არს, ვითარმედ: ამის ჟამისაგან, ვინაჲთგან სიტყუასა ამას გეტყჳ, განსლვისასა ამიერ და აღშენებასა იერუსალჱმისასა ვიდრე „ქრისტესამდე წინამძღურისა შჳდეულნი შჳდ და შჳდეულნი სამეოცდაორ“. არამედ სახარებისავე მივაქციოთ სიტყუაჲ ჩუენი. აწ უკუე მითხარ ჩუენ, მახარებელო, სახე შობისაჲ მის საკჳრველისაჲ.

1 მათ. 1,16. 2 დან. 9,25.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ თხოილ იყო დედაჲ მისი მარიამ იოსებისა, და პირველ შერთვამდე მათა იპოვა იგი მიდგომილ სულისაგან წმიდისა“ (1,18).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არა თქუა ჟამისად ქალწული, არამედ „დედაჲ მისი“, რაჲთა გესმას დედაჲ და მოელოდი ბუნებითისა რაჲსამე სმენად. და მერმე მეყსეულად დაურთო განსაკჳრვებელი იგი სიტყუაჲ, ვითარმედ: „პირველ შერთვამდე მათა იპოვა იგი მიდგომილ სულისაგან წმიდისა“. არა თქუა, თუ: პირველ მისლვისა მისისა სახლსა მას იოსებისსა, რამეთუ სახლსა შინა მისსა იყო, ოდეს მიუდგა სულისაგან წმიდისა.

და ესე წესი აქუნდა ძუელსა შინა, რომელ მითხოილნი პირველ ქორწილისაცა სახლსა მას სიძისასა იყვნიან, ვითარცა აწცა იქმნების ესე მრავალგზის, რომელ სიძე გინა სძალი პირველ ქორწილისაცა სახლად სიმამრისა მივიდის. და ლოთისთჳს წერილ არს, ვითარმედ სახლსა მისსა იყვნეს სიძენი მისნი პირველ შერთვამდე ასულთა მისთა. ეგრეთვე აქაცა, წესისა მისებრ რჩულიერისა, იყო ქალწული უქორწინებელი მითხოილ სახლსა იოსებისსა, და ყოფასა მას მისსა მუნ ეხარა ანგელოზისა მიერ და მეყსეულად მიუდგა სულისაგან წმიდისა. ხოლო თუ რაჲსათჳს არა პირველ მითხოისა მისისა მუცლად-იღო და შვა, ზემო ვთქუთ, რაჲთა დაიფაროს მას ჟამსა სიტყუაჲ იგი უხრწნელად და უთესლოდ შობისაჲ, და რაჲთა ვერ ცნას მთავარმან მან ბნელისამან განჴორციელებაჲ უფლისაჲ, და რაჲთა განერეს ქალწული ყოველსავე ბოროტსა იჭუსა ჰურიათაგან, უგუნურთა მათ და გულფიცხელთა. ხოლო კეთილად და ფრიად სამართლად თქუა ესეცა, ვითარმედ: „იპოვა მიდგომილ“, რომელ-ესე მოულოდებელთა და დაფარულთა საქმეთა ზედა ითქუმის, თუ: იპოვა, რამეთუ არასადა ხილულ იყო ესე, არცა პოვნილ იყო, არცა სმენილ, რომელ-იგი აწ „იპოვა მიდგომილ სულისაგან წმიდისა“.

აწ უკუე უზეშთაეს ამისა ნუ აღხუალ, ნუცა უმეტეს თქუმულისა ამის ეძიებ; ნუ იტყჳ, თუ: ვითარ აღაშენა ტაძარი იგი ჴორცთა ქრისტესთაჲ სულმან წმიდამან საშოსა შინა ქალწულისასა? რამეთუ უკუეთუ ჩუენისა ამის ბუნებითისა აგებულებისა სახესა გამოთარგმანებაჲ შეუძლებელ არს, თუ ვითარ შეჰმზადებს წესი იგი ბუნებითი აგებულებასა ჴორცთასა საშოსა შინა დედისასა, ვითარ უძლოთ გულისჴმის-ყოფად ანუ გამოთქუმად საქმესა მას, რომელი სულმან წმიდამან აღასრულა? რამეთუ იცოდა მახარებელმანცა, ვითარმედ მრავალნი პოვნად არიან ცუდად გამომეძიებელნი ესევითარისა მის საკჳრველებისანი, თუ ვითარ იშვა ღმერთი ჴორცითა, ვითარ კაც იქმნა. ამისთჳს, რაჲთა არავინ აწყინებდეს ესევითარისა თხრობად, თქუა სახელი ხუროთმოძღურისაჲ მის და დაიდუმა.

ვითარმცა იტყოდა: ნურას ეძიებთ ჩემგან უმეტესსა, რომელი ვიცოდე, ესერა მითხრობიეს, ვითარმედ სულისაგან წმიდისა იყო შობაჲ იგი ქალწულისაჲ. ამისა უმეტესი არაჲ უწყი, ვერცა ძალ-უც გონებასა ჩემსა გულის-ჴმის-ყოფად, ანუ ენასა გამოთქუმად. ჰრცხუენოდენ მათ, რომელნი შობასა მას ზეცისასა გამოეძიებენ, რამეთუ უკუეთუ ამას შობასა ქრისტესსა, რომელი კაცთა შორის იქმნა, რომლისა მრავალნი იქმნეს თუალით მხილველ და მოწამე და ჴელთა მათთა ჰმსახურეს, რომელი აღსასრულსა ჟამ-თასა გამოჩნდა, უკუეთუ ამას ვერვინ შემძლებელ არს გამოთარგმანებად, ვინ უძლოს მოუგონებელისა მის და დაუსაბამოჲსა შობისა გონებითა მიწ-თომად, ანუ ენითა გამოთქუმად? და რაჲზომ უბადრუკ და უგუნურ და ცოფ არიან, რომელნი გამოუკულეველსა მას და მიუთხრობელსა ეძიებენ და გამოიკულევენ. რამეთუ სადა-იგი ჟამნი არა იყვნეს, არცა დღენი და წელთა სიმრავლენი, სადა-იგი სიგრძე საუკუნეთაჲ არა შუამდგომელ იქმნა, მხილველი არავინ იყო, მთხრობელი და მაუწყებელი არა იპოების, სახე და მსგავსებაჲ მისი არარაჲ არს, ესევითარი იგი შობაჲ ვითარ მოიგონოს გონებამან, ანუ ვითარ ჰმსახუროს ენამან გამოთქუმად? რამეთუ გონებაჲ ჭეშმარიტებასა მას ცნობისა მისისასა ყოვლადვე ვერ მისწუთების, სიტყუაჲ კუალად გონებისა ფრიად უდარეს არს.

აწ იხილეთ, თუ რავდენ შორს არს სიტყუაჲ ესევითარისა მის ჭეშმარიტებისაგან, ვინაჲთგან გონებაჲ მიწთომად ვერ შემძლებელ არს, და კუალად რაჲ-იგი გონებამან გულისჴმა-ყოს, ენასა გამოთქუმად ვერ ძალ-უც. ამისთჳს მიუწთომელთა მათ საქმეთა გამოძიებაჲ უგუნურება არს, რამეთუ ამის ქალწულისაგან შობისათჳსცა ვერცა მთავარანგელოზმან გაბრიელ, ვერცა მახარებელმან მათე შეუძლეს უმეტესი რაჲმე თქუმად, არამედ ესე ხოლო, ვითარმედ სულისაგან წმიდისა იქმნა. არამედ თუ ვითარ იქმნა სულისაგან წმიდისა ანუ რომლითა სახითა, ვერცა ერთმან უძლო გამოთარგმანებად და არცა შესაძლებელ არს. რამე-თუ გუესმას რაჲ, თუ: „სულისაგან წმიდისა“, ნუ ჰგონებ, თუ ყოველივე გჳცნობიეს. მრავალი არს დაფარული ცნობისა ჩუენისაგან, თუ ვითარ დაუტევნელი იგი და გარეშემოუწერელი საშოსა დაეტია, ვითარ დამბადებელი ყოველთაჲ და მპყრობელი არსთაჲ დედაკაცისაგან იშვა, ვი-თარ შვა ქალწულმან უთესლოდ და ეგო ქალწულადვე, ვითარ აღაშენა სულმან წმიდამან ტაძარი იგი, რამეთუ იტყჳს: „სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა“.

აწ აგებულებასა მას შინა ღმრთივდიდებულისა მის გუამისასა რომელირაჲ იყო სულისაგან წმიდისა, ანუ რომელი-რაჲ - საშოჲსაგან ქალწულისა? რამეთუ ესე საცნაურ არს, ვითარმედ ჴორცთაგან ქალწულისათა მიიხუნა ჴორცნი. ამისთჳს იტყჳს: „რომელი-იგი მაგისგან იშვესო“;1 და პავლე ღაღადებს: „შობილი დედაკაცისაგანო“.2 დედაკაცისაგან თქუა, რაჲთა დაუყოს პირი მათი, რომელნი იტყჳან, ვითარმედ არა ქალწულისაგან მიიხუნა ჴორ-

1 მათ. 1,20. 2 გალ. 4,4.

ცნი, არამედ ვითარცა წარვლის წყალმან რუჲ გინა სტჳრი იგი სოლინარისაჲ და არაჲ მიიღის მისგან, ესრეთ წარვლო საშოჲ იგი ქალწულისაჲ.

ურჩულონო და მედგარნო, რომელნი ამას იტყჳთ, უკუეთუმცა ესე ესრეთ იყო, რად საჴმარ იყო ყოვლადვე შესლვაჲ იგი საშოსა დედისასა, ანუ რაჲმცა აქუნდა ჩუენ თანა ზიარებაჲ, არამედ სხუანიმცა იყვნეს ჴორცნი და არა ჩუენისა ამის ბუნებისანი; ვითარმცა უკუე ითქუა ძირისაგან იესესა, ვითარმცა იწოდა კუერთხად ძირთაგან მისთა, ვითარმცა იწოდა ძედ კაცისა, ვითარ - თესლისაგან დავითისა, ვითარმცა ეწოდა მარიამს დედა მისდა, ვითარმცა ითქუა, თუ: „ხატი მონებისაჲ შეიმოსა“,1 ანუ თუ: „სიტყუაჲ ჴორციელ იქმნა“,2 ანუ ვითარმცა თქუა პავლე: „რომელთაგან ქრისტე ჴორციელად, რომელ-იგი არს ღმერთი ყოველთა ზედა“?3 არამედ დაიყავნ პირი ესევითარისა მეტყუელთაჲ მათ.

ხოლო ჩუენ უწყით ესე და გურწამს სიტყუათაგან სახარებისათა და სხუათა მრავალთა სახეთაგან ჭეშმარიტებისათა, ვითარმედ საშოჲსაგან ქალწულისა ბუნებაჲ ჩუენი მიიღო და უხრწნელისა მის დედისაგან ჴორციელ იქმნა სულისა მიერ წმიდისა. ესე უწყით და მეცნიერ ვართ. თუ ვითარ იქმნა ესე ანუ რომლითა სახითა, არღარა საცნაურ არს, არცა ვეძიებთ; ნუცა თქუენ ეძიებთ, არამედ რაჲ-ესე გამოგუეცხადა, შეიწყნარეთ, და რაჲიგი დაგუეფარა, ნუ ეძიებთ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იოსებ, ქმარი მისი, მართალი იყო და არა უნდა განმხილებაჲ მისი, იზრახა ფარულად განტევებაჲ მისი“ (1,19).

თ ა რ გ მ ა ნ ი: თქუა რაჲ, ვითარმედ სულისაგან წმიდისა იპოვა იგი მიდგომილ და არა თესლისაგან მამაკაცისა, გამოაჩინებს ჭეშმარიტებასა სიტყჳსა თჳსისასა. რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: ვინაჲ საცნაურ არს ესე, ვინ იხილა ესევითარი სადა, ანუ ვის ესმა, ამისთჳს იოსებს შემოიყვანებს დასამტკიცებელად სიტყჳსა თჳსისა და იჭუსა მას, რომელი მაშინ მოუჴდა გულსა მისსა, ვითარმცა იტყოდა: უკუეთუ არა გრწამს ჩემი და იჭუეულ ხარ წამებასა ამას ზედა ჩემსა, გრწმენინ იოსებისი. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „იოსებ, ქმარი მისი, მართალი იყო“. სიმართლე შესაკრებელი არს ყოველთა სათნოებათაჲ. ვინაჲთგან მართალი იყო, ჭეშმარიტებაჲცა და სხუაჲ ყოველი სათნოებაჲ აქუნდა მას. „და იზრახა ფარულად განტევებაჲ მისი“. ამისთჳს თქუა პირველ უწყებისა ზრახვაჲ მისი, რაჲთა შემდგომად უწყებისა ქმნილსა მას არა ურწმუნო იქმნე. იხილე სიმართლე კაცისაჲ მის, არა უნდა განმხილებაჲ მისი. და იჭჳ იგი არა განმხილებისა ოდენ, არამედ ტანჯვისაცა ღირს იყო ბრძანებისაებრ რჩულისა. ხოლო იოსებ ესევი-თარითა სიკეთითა შემკულ იყო, რომელ არა თუ უზეშთაესი იგი, არამედ უდარესიცა ესე, რომელ არს განმხილებაჲ და შერცხჳნებაჲ, არა ენება. და

1 ფილიპ. 2,7. 2 იოან. 1,14. 3 რომ. 9,5.

უწყით, ვითარმედ დიდ არს გულისწყრომაჲ და შური მამაკაცისაჲ ესევი-თარსა იჭუსა შინა, და საქმე იგი არღარა იჭჳ იყო, არამედ მიდგომილებაჲ განცხადებულად ჩნდა. არამედ იგი ესოდენ უმაღლეს იყო ყოვლისავე ვნებისაგან, რომელ არა ენება ყოვლადვე შეწუხებაჲ ქალწულისა მის. ხოლო ვინაჲთგან დამჭირვაჲ სახლსა შინა თჳსსა ურჩულოებად შეერაცხა და კუალად განმხილებაჲ და სამსჯავროდ მიყვანებაჲ სიკუდილისა მომატყუებელ ექმნებოდა ქალწულსა, არცა ერთი ამათგანი იზრახა ქმნად, რამეთუ უზეშთაეს რჩულისაცა იყო საზომი მისი, რამეთუ ჯერ-იყო მოსლვასა მას მადლისასა მრავალთა სასწაულთა გამოჩინებად უმაღლესისა მის მოქალაქობისა.

და ვითარცა-იგი მზე პირველ შარავანდედთა მიფენისაცა განანათლებს სოფელსა, მოეახლოს რაჲ აღმოსლვად, ეგრეთვე ქრისტესა ეგულებოდა რაჲ აღმობრწყინვებად საშოჲსა მისგან ქალწულისა, პირველ შობისაცა განანათლებდა სოფელსა. ამისთჳსცა უწინარეს შობისა წინაწარმეტყუელნი იხარებდეს, და დედანი მომავალსა მას მოასწავებდეს, და იოვანე პირველ შობისაცა ჰკრთებოდა საშოსა შინა; ეგრეთვე მადლითა მით უფლისაჲთა იოსებცა სულიერად მოქალაქობდა და არარაჲ სხუაჲ განიზრახა ქმნად, გარნა ფარულად განტევებაჲ მისი. ესრეთ რაჲ იყვნეს საქმენი იგი და ყოველნი განკჳრვებულ იყვნეს, მოვიდა ანგელოზი ყოვლისავე იჭჳსა და ორგულებისა დამჴსნელად. ხოლო ესეცა ღირს არს ძიებისა, თუ რად არა პირველ შესლვადმდე იოსებისა ესევითართა მათ გულისსიტყუა-თა მოვიდა ანგელოზი და განუმარტა საქმე იგი, არამედ ვინაჲთგან იზრახა განზრახვაჲ იგი, მაშინღა ეჩუენა მას, ვითარცა იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარ იგი ამას ზრახვიდა ოდენ, აჰა ანგელოზი უფლისაჲ ჩუენებით გამოუჩნდა“ (1,20).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამისთჳს პირველ არა აუწყა ესე ანგელოზმან, რაჲთა არა შეემთხჳოს იოსებსცა, რაჲ-იგი შეემთხჳა ზაქარიას. რამეთუ უკუეთუ მას ახარა რაჲ შობაჲ ბერწისაჲ, რომელ-იგი მრავალგზის ქმნილ იყო, და ვერ არწმუნა, და უფროჲსადვე მღდელი იყო იგი და წინაწარმეტყუელი და ვერვე შეიწყნარა შეუორგულებელად სიტყუაჲ იგი, უკუეთუმცა იოსებისდა ეუწყა შობაჲ ქალწულისაჲ, საქმე, რომელ არასადა ქმნილ იყო, არცა სმენილ, ვითარმცა ჰრწმენა? და ესრეთ შეემთხუეოდა მას, რაჲ-იგი ზაქარიას შეემთხჳა. ამისთჳს უკუანაჲსკნელ, გამოჩნდა რაჲ საქმე, მაშინ მიუთხრა ანგელოზმან საიდუმლოჲ იგი, რამეთუ ადვილ იყო მაშინ დარწმუნებაჲ, რომელსა-იგი თუალითა ხედვიდა. ხოლო პირველ მუცლად-ღებისა უკუე-თუმცა ეუწყა, არამცა ჰრწმენა, ამისთჳს არცა ეჩუენა.

და კუალად ესეცა საკჳრველ არს: დაღაცათუ ანგელოზმან არა აუწყა იოსებს, ქალწულმან, რომელმან შეიწყნარა ხარებაჲ იგი პირველ მუცლად-ღებისა, იხილა რაჲ იოსებ იჭუსა შინა და შფოთსა, რად არა მიუთხრა სიტყუაჲ იგი სახარებისაჲ და სულისა წმიდისა მიერ მუცლად-ღებაჲ მისი? პირველთქუმულისა მისვე მიზეზისათჳს. იცოდა, ვითარმედ არა ჰრწმენეს სიტყუაჲ მისი უცხოჲსა მისთჳს საკჳრველისა. რამეთუ უკუეთუ ანგელოზმან ვერ აუწყა, რაჲთა არა ურწმუნო იქმნას, ქალწულმანმცა ვითარ მოიგონა დარწმუნებად ესევითარი უსმენელი სიტყუაჲ? რამეთუ უკუეთუ მას, რაჟამს ახარა ანგელოზმან, უცხოდ აღუჩნდა ხარებაჲ იგი, რამეთუ იტყჳს ლუკა, ვითარმედ: „შეძრწუნდა სიტყუასა მას მისსა და განიზრახვიდა: ვი-თარ-მე არს მოკითხვაჲ ესე?“1 და კუალად ჰრქუა მას: „ვითარ-მე იყოს ესე, რამეთუ მამაკაცი არა ვიცი?“2 უკუეთუ იგი ანგელოზისა სიტყუასა ზედა შეორგულდა, მისიმცა სიტყუაჲ იოსებ ვითარ შეიწყნარა? ამისთჳს ყოვლითავე სიბრძნითა და მეცნიერებითა შემკულმან მან ქალწულმან არარაჲ მიუთხრა იოსებს, ხოლო ანგელოზი ჟამსა ჯეროანსა ეჩუენა და გულსავსე-ყო. ეჩუენა ქალწულსა და ახარა პირველ მუცლად-ღებისა, რამეთუ ესრეთ ჯერ-იყო, რაჲთა არა თჳნიერ ხარებისა და მოკითხვისა მუცლადიღოს ქალწულმან, რაჲთა არა უმეტესად შეშფოთნეს. რამეთუ არა ჯერიყო ყოვლადვე მწუხარებისა და შფოთისა შესლვად სულსა მას, რომლისა საშოსა შევიდა მეუფე ყოველთაჲ, რომელი-იგი შუამდგომელ და მსახურ იქმნა ესევითარისა მის საიდუმლოჲსაჲ; ხოლო იოსებს შემდგომად მუცლად-ღებისა აუწყა საიდუმლოჲ იგი, თითოეული თჳსსა ჟამსა, რომელ-ესე უგუნურთა ვიეთმე ვერ გულისჴმა-ყვეს, არამედ წინააღმდგომ ურთიერ-თას თქუეს სიტყუაჲ მათესი და ლუკაჲსი, რომელ-იგი იტყჳს, ვითარმედ ქალწულსა ახარა ანგელოზმან; ხოლო ესე იოსებისა გუაუწყებს ჩუენებასა. და ვერ გულისჴმა-ჰყოფენ ცხადსა ამას საქმესა, ვითარმედ ორივე ესე იქმნა: ახარა ქალწულსა პირველ მუცლად-ღებისა და იოსებს ეჩუენა შემდგომად მუცლად-ღებისა, მოახლებულ იყო რაჲ ჟამი იგი შობისაჲ. ესრეთ სხუაჲცა მრავალი იპოოს სახარებასა შინა, რომელი უგუნურთა მიერ საგონებელ არს ურთიერთას წინააღმდგომ. ხოლო ჩუენ განგიმარტოთ, ვითარმედ არარაჲ არს მახარებელთა შორის ურთიერთას წინააღმდგომ, არამედ ყოველივე ჭეშმარიტ და ერთისა მიერ სულისა თქუმულ.

ხოლო იყო რაჲ იოსებ განზრახვათა მათ შინა და იჭუთა, მოვიდა ანგელოზი გულსავსემყოფელად მისდა, ვითარცა იტყჳს: „და ვითარ იგი ამას ზრახვიდა ოდენ, აჰა ანგელოზი უფლისაჲ ჩუენებით გამოუჩნდა“. და რაჲსათჳს ჩუენებასა შინა ძილისასა გამოუჩნდა და არა ცხადად, ვითარცა ქალწულსა და ვითარცა ზაქარიას და ვითარცა მწყემსთა მათ? ქალწულსა ცხადად ეჩუენა, რამეთუ დიდ იყო ხარებაჲ იგი და ძნიად დასარწმუნებელ საიდუმლოჲ, და ვითარცა მონაჲ, პატივით და შიშით ჰმსახურებდა ბრძანებასა მას მეუფისასა; და კუალად ზაქარიას ამისთჳს, რამეთუ ტაძარსა შინა იყო ხილვაჲ იგი და იცოდა ურწმუნოებაჲ მისი; ხოლო მწყემსთა ამისთჳს,

1 ლუკ. 1,29. 2 ლუკ. 1,34.

რამეთუ უმეცარნი იყვნეს და უკუეთუმცა ძილსა შინა ეხილვა, არამცა შეერაცხა ხილვაჲ იგი. ხოლო იოსებისი იცოდა, ვითარ იყო კაცი იგი მართალ და მორწმუნე და წრფელ გულითა და სათნო, ამისთჳსცა ჩუენებასა შინა ღამისასა გამოუჩნდა და აუწყა ჭეშმარიტებაჲ და მეყსეულად დაარწმუნა. იხილენ უკუე, სიტყუანიცა ანგელოზისანი რავდენითა სიბრძნითა სავსე არიან, ვითარცა გუაუწყებს მახარებელი და იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და აჰა ანგელოზი უფლისაჲ ჩუენებით გამოუჩნდა და ჰრქუა მას: იოსებ, ძეო დავითისო, ნუ გეშინინ მიყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა“ (1,20).

თ ა რ გ მ ა ნ ი : ძედ დავითისა უწოდა მას, რაჲთა მოაჴსენოს აღთქუმაჲ იგი, რომელი იქმნა ნათესავისა მის მიმართ მისისა, რაჲთა მოაჴსენოს თქუმული იგი წინაწარმეტყუელთაჲ, ვითარმედ დავითის თესლისაგან მოსლვად არს ქრისტე. თუ არა, რაჲსათჳსმცა უწოდა აქა ძედ დავითისა, გარნა ამისთჳს. „იოსებ, ძეო დავითისო, ნუ გეშინინ“. ესე შიში იყო გულსა მისსა, ვითარმედ უკუეთუ იყოს ქალწული იგი მიდგომილი სახლსა მისსა, განამწარებს ღმერთსა მის ზედა, რამეთუ მუცლად-ღებისა მისთჳს იჭჳ ცოდვისაჲ მოუჴდა გულსა მისსა, და უკუეთუმცა არა შიშისათჳს რჩულისა გარდასლვისა ორგულობდა, არცამცა განტევებაჲ მისი მოიგონა. ესე ყოველნი გულისზრახვანი მისნი მიუთხრა რაჲ ანგელოზმან, გულსავსე-ყო, ვითარმედ ღმრთისა მიერ მოსრულ არს, რომელ გულისზრახვანიცა მისნი იცნის.

„ნუ გეშინინო მიყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა“. წეს არს ესე სიტყჳსაჲ: მითხოილისა ცოლად წოდებაჲ პირველ ქორწინებისაცა, და დაწინდულისა ეგრეთვე, ვითარცა-იგი დაწინდულსა მას ქმრად, სიძედ სახელსდებენ. ამისთჳს მითხოილი იგი მისდა ცოლად თქუა მითხოისათჳს ოდენ, არა ქორწინებისა; და რამეთუ ჯერეთ სახე იგი მუცლად-ღებისა მისისაჲ არა ეთქუა, ამისთჳს ცოლებისა სახელი შორის შემოიღო. რაჲ არს ესე, თუ: „ნუ გეშინინ მიყვანებად“? ესე იგი არს, ნუ გეშინინ პყრობად სახლსა შენსა, რამეთუ მას დაედვა გონებასა თჳსსა განტევებაჲ მისი და გარეგან სახლისა მისისა აქუნდა იგი გონებითა. ამისთჳს ეტყჳს ანგელოზი, ვითარმედ: რომელი-ეგე განგიშორებიეს სახლისა შენისაგან გონებითა, ნუ გეშინინ მიყვანებად სახედვე შენდა, რამეთუ ღმერთი გიბრძანებს ჴმითა ჩემითა მიყვანებად ცოლად შენდა წოდებული ეგე, არა ცოლად, არამედ დედუფლად შენდა და ყოველთა დაბადებულთა. რამეთუ მუცლად-ღებაჲ ეგე, რომელი შენ მიზეზად განტევებისა შეგირაცხიეს, ეგე არს მიზეზი ყოველთა შიშთა და იჭუთა დაჴსნისაჲ, რამეთუ უზეშთაეს არს ბუნებათა. ამისთჳსცა ნუ შიშსა ოდენ განაგდებ შენგან, არამედ სიხარულითა დიდითა აღივსე, რამეთუ შორის მისსა მყოფი იგი სულისაგან წმიდისა არს. საკჳრველ არს სიტყუაჲ ესე, უზეშთაეს გონებისა კაცობრივისა და უაღრეს რჩულთა მათ ბუნებისათა. ვითარ უკუე ჰრწმენა იოსებს, რომელი არღასადა ასმიოდა? არამედ მადლმან მან ქრისტესმან მორწმუნე-ყო გული მისი, და ყოვლისავე გულისზრახვისა მისისა მითხრობითა დაარწმუნა ჩუენებამან ანგელოზისამან და გულისჴმა-უყო ძალი დიდისა მის საიდუმლოჲსაჲ.

ხოლო სხუამან ვინმე მამათაგანმან პირველ ჩუენსა ესრეთ თქუა წინამდებარისა ამის სიტყჳსათჳს, რამეთუ არაჲ დამაყენებელ არს თქუმულისა მისცა მითხრობად. „და პირველ შერთვამდე მათა იპოვა იგი მიდგომილ სულისაგან წმიდისა“.1 იხილა იოსებ მიდგომილებაჲ მისი და გულისჴმა-ყო, ვითარმედ სულისაგან წმიდისა იყო, რამეთუ იპოა გულისჴმის-ყოფაჲ ესე გულსა შინა მისსა ღმრთისა მიერ. ამისთჳს შეშინდა ესევითარისა დედაკაცისა ქმრად წოდებად; შეშინდა მითხრობადცა ერისადა დიდი იგი და უსმენელი საიდუმლოჲ. ამისთჳს იზრახა ფარულად განტევებაჲ მისი. ხოლო მართალი იყო და ამისთჳს ღირს იქმნა ჩუენებასა მას ანგელოზისასა. რამეთუ „ვითარცა იგი ამას ზრახვიდა ოდენო, აჰა ანგელოზი უფლისაჲ ჩუენებით გამოუჩნდა და ჰრქუა მას: იოსებ, ძეო დავითისო, ნუ გეშინინ მიყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა, რამეთუ შორის მისსა მყოფი იგი სულისაგან წმიდისა არს“. გამოაჩინა ამით სიტყჳთა, ვითარმედ არა ჰრისხვიდა და ძჳრსა იტყოდა, არამედ ეშინოდა, რამეთუ გულისჴმა-ჰყოფდა, ვითარმედ სულითა წმიდითა აღვსებულ იყო იგი. ამისთჳს ანგელოზი შიშსა მას განაქარვებდა და ეტყოდა: ნუ გეშინინ ამის პირისათჳს, ნუცა სძრწი, თუ სიტყუაჲ ბოროტი ვინ დაგწამოს. რამეთუ რომელი-იგი შორის მისსა არს სულისაგან წმიდისა, მან ყოველივე ძნელოვანი განაქარვოს. ესერა ჩუენ მიერცა თქუმული თარგმანებაჲ ამის სიტყჳსაჲ და პირველ ჩუენსაცა გამოთქუმული მიგითხარ, ხოლო შემდგომი ამისი ვაჴსენოთ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი იესუ“ (1,21).

თ ა რ გ მ ა ნ ი: გარქუ შენ, ვითარმედ: „სულისაგან წმიდისა არს“. არამედ ნუ ჰგონებ, თუ ამისთჳს უცხო იქმნე შენ მსახურებისაგან განგებულებისა მის მისისა, რამეთუ დაღაცათუ შობასა მისსა არა თანაშემწე იქმენ, რამეთუ შეუხებელად ეგო ქალწული, გარნა სხუაჲ იგი ყოველივე, რომელი პატივსა მას ქალწულებისასა არა ავნებს, მინიჭებულ არს შენდა, რაჲთა სახელი უწოდო შენ შობილსა მას და ზრდილობაჲ მამისაებრ აჩუენო. დაღაცათუ არა არს ნაშობი შენი, არამედ წოდებითა მით სახელისაჲთა თჳსებად მისა აღგიყვანებ. რამეთუ ესრეთ ჯერ-იყო, რაჲთა იყოს იოსებ თანამავალ და მსახურ და შემწე ქალწულისა. არა ქალწულსა მას უჴმდა თანაშემწე, რამეთუ მის თანა იყო შემწე იგი ყოველთაჲ, რომლისა მიმართ იტყოდა მეტყუელი იგი, ვითარმედ: „შეწევნა არს ჩემდა სახელითა უფლისაჲთა, რომელმან ქმნა ცანი და ქუეყანაჲ“,2 არამედ ჯერ-იყო იოსებისი ქალწულსა თანაქცევაჲ, რაჲთა საგონებელ იყოს ქალწული იგი ქმროსან, და ეს-

1 მათ. 1,18. 2 შდრ. ფსალმ. 120,2.

რეთ დაეფაროს საიდუმლოჲ იგი ეშმაკსა, და ვერ ცნას, თუ გარდამოჴდა ღმერთი ქუეყნად და კაცთა შორის იქცევის.

ჰრქუა მას: „შვეს ძე“. არა თქუა, თუ: „გიშვეს შენ ძე“,1 ვითარცა ჰრქუა ზაქარიას, რაჲთა არავინ ჰგონებდეს, თუ მამაჲ არს იოსებ ქრისტესი. ამისთჳს თქუა: „შვეს ძე“ - სიტყუაჲ თავისუფალი მიუთხრა. რამეთუ არა თუ იოსებს უშვა, ვითარცა-იგი ელისაბედ ზაქარიას, არამედ ამან ყოველსა სოფელსა უშვა მაცხოვარი. ამისთჳსცა უწყებაჲ სახელისაჲ მოართუა ანგელოზმან ღმრთისა მიერ იოსებს, არა სახელი ლიტონი, არამედ სახელი სავსე ბევრეულითა კეთილითა. ამისთჳსცა გამოუთარგმანებს ძალსა მას სახელისასა და სასოებასა კეთილსა დაუდებს და სარწმუნო-ჰყოფს სიტყუასა თჳსსა მრავლით კერძო და სიტყუასა მას წინაწარმეტყუელისასა დასამტკიცებელად ამის ყოვლისა შემოიღებს. ხოლო რაჲ არს გამოთარგმანებაჲ იგი სახელისაჲ მის? - მომასწავებელი ყოველთა კეთილთაჲ, მაუწყებელი ცოდვათა მოტევებისაჲ, მახარებელი საუკუნოჲსა ცხორებისაჲ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ მან იჴსნეს ერი თჳსი ცოდვათა მათთაგან“ (1,21).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა უცხოჲ აუწყა მუცლად-ღებაჲ და საკჳრველი შობაჲ, ეგრეთვე სახელი შობილისაჲ მის საკჳრველ, და ნიჭნი იგი, რომელ-თა მონიჭებად გუახარებს, საწადელ. რამეთუ არა ხილულთა მბრძოლთა ძლევასა ახარებს, არამედ მოტევებასა ცოდვათასა, რომელ-ესე უაღრეს ყოვლისა იყო, რომელი ვერვინ სადა პირველ ამისა უძლო ქმნად.

იტყჳან უკუე, ვითარმედ: რაჲსათჳს თქუა, თუ: „ერი მისი“, და არა შეს-ძინა წარმართთაცა გამოჴსნაჲ? არამედ გულისჴმა-ყავთ, ვითარმედ სიტყუასა ამას შინა წარმართთაცა მოასწავებს, რამეთუ ერი მისი არა ჰურიანი ოდენ თქუნა, არამედ ყოველნი, რომელთაცა ჰრწმენა მისი: გინა თუ ჰურიაჲ, გინა თუ წარმართი, რომელთაცა შეიწყნარეს მეცნიერებაჲ მისი, რომელნიცა ჰმონებენ მას და ადიდებენ სარწმუნოებითა მართლითა და საქმითა კეთილითა, იგინიცა არიან ერი მისი.

„რამეთუ მან იჴსნეს ერი თჳსი ცოდვათა მათთაგან“. გამოაჩინა სიტყუათა ამათ მიერ, ვითარმედ ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ არს ქალწულისაგან შობილი, და იგი არს მეუფე ცისა და ქუეყანისაჲ. რამეთუ არავის ჴელეწიფების მოტევებაჲ ცოდვათაჲ, გარნა რომელსა ბუნებითა მით ღმრთეებისაჲთა აქუნდეს უფლებაჲ ყოვლისაჲვე. ამისთჳს მოვიდა ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, დაუსაბამოჲ და უჟამოდ შობილი, შობად ქალწულისაგან ბუნებითა მით კაცთაჲთა უზეშთაეს ბუნებისა, უთესლოდ და განუხრწნელად, რაჲთა მოგუცეს შენდობაჲ ცოდვათაჲ მორწმუნეთა მისთა, რაჲთა მიჴსნეს მონებისაგან მტერისა, რაჲთა ღირს-მყვნეს სასუფეველსა ზეცისასა.

1 ლუკ. 1,13.

სწავლაჲ დ ვითარმედ უჴმს ქრისტეანესა საქმეთაცა კეთილთა მოგებაჲ

ჰხედავთა, რავდენთა კეთილთა ღირს-მყვნა, რავდენი ნიჭი მოგუანიჭა სახიერმან მან მეუფემან? აწ უკუე ვიღუაწოთ ჩუენცა, რაჲთა არა შეურაცხმყოფელ მადლისა მის ვიპოვნეთ. რამეთუ უკუეთუ პირველ ესოდენისაცა ამის პატივისა საქმენი ბოროტნი დასაშჯელ ჩუენდა იყვნეს, რავდენ უმეტესთა სატანჯველთა ღირს ვიქმნეთ, უკუეთუ შემდგომად ესოდენისა მის ქველისმოქმედებისა მისისა უმადლო და განმარისხებელ მისა ვიპოვნეთ. ხოლო ამას ვიტყჳ, რამეთუ მრავალთა ვხედავ შემდგომად ნათლის-ღებისაცა უდებებით მყოფთა და მსგავსად მათსა, რომელნი არღა ღირსქმნილ არიან კეთილსა მას. ამისთჳსცა ვერვინ გამოიცნობს, თუ რომელი არს ნათელღებული, ანუ რომელი - უნათლავი, გარნა თუ ჟამსა მას წმიდისა ჟამისწირვისასა, რაჟამს ჴმა-ყოს დიაკონმან განსლვაჲ იგი კათაკუმეველთაჲ, და რომელნიმე განვიდოდინ - უნათლავნი იგი, ხოლო ნათელღებულნი შინაგან იყვნიან ტაძრისა. არამედ არა ესრეთ ჯერ-იყო, რაჲთამცა ნათელღებული და უნათლავი ადგილისაგან იცნობებოდა, არამედ საქმეთაგან და წესისაგან ჯერ-იყო ცნობაჲ თითოეულისაჲ, რამეთუ პატივნი ესე და მთავრობანი სოფლისანი სამართლად საცნაურ არიან ადგილთაგან და სამოსელთა, ხოლო სულიერნი ესე სულიერთა საქმეთაგან გამოჩნდებიან და სათნოებათაგან საცნაურ იქმნებიან.

ქრისტეანესა არა ნათლის-ღებისაგან ხოლო უღირს გამოჩინებად, ვი-თარმედ ქრისტეანე არს, არამედ საქმეთაგანცა კეთილთა, რაჟამს საქმით აღიძუარცოს ძუელი იგი კაცი და შეიმოსოს ახალი და მოიგოს ცხოვრებაჲ განახლებული. ქრისტეანესა უღირს, რაჲთა ნათელი იყოს სოფლისაჲ და მარილი, ვითარცა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „თქუენ ხართ ნათელნი და მარილნი სოფლისანი“.1 უკუეთუ კულა ვერცა თავსა თჳსსა უნათობდე, ჵ მორწმუნეო, ვერცა თჳსსა მას სიმყრალესა განაქარვებდე, ვინაჲ გიცნათ, თუ მორწმუნე ხარ შენ ჭეშმარიტი, ვინაჲ გულისჴმა-ვყოთ, ვითარმედ განბანილ ხარ წყალსა მას შინა საიდუმლოჲსასა? რამეთუ უკუეთუ შემდგომად პატივისა მის უღირსებით იქცეოდი, სასჯელისა მიზეზ გექმნას პატივი იგი, რამეთუ სიმაღლე პატივისაჲ, უკუეთუ მიმღებელი იგი პატივისაჲ უღირსად პატივისა მის იქცეოდის, სასჯელისა და ტანჯვისა მომატყუებელ ექმნების.

ქრისტეანესა უღირს, რაჲთა ყოვლით კერძო სადიდებელად ღმრთისა იყოს და სარგებელად ყოველთა: საქმით, სიტყჳთ, ხედვით, სლვით, ყოვლი-თავე სახითა. ხოლო ესე ვთქუ, არა თუ რაჲთამცა მაჩუენებლობით რასმე ვიქმოდეთ სახილველად კაცთა, არამედ რაჲთა ყოველი ცხორებაჲ ჩუენი

1 შდრ. მათ. 5,13-14.

სახილველად და სათნო-ყოფად ღმრთისა შევჰმზადოთ და ესრეთ კაცთაცა სარგებელ ვექმნეთ. არამედ აწ მოაკლდა ჩუენგან სათნო-ყოფაჲ ღმრთისაჲ და მარადის წინააღმდგომისა მიმართ მიდრეკილ ვიპოებით. მიჩუენენ, ჵ მორწმუნეო, სახენი სარწმუნოებისა შენისანი, რაჲთა ვცნა, ვითარმედ ჭეშმარიტად გამობრწყინვებულ არს შენ ზედა ნათელი პირისა უფლისაჲ. ხოლო აწ ვითარ გიცნა შენ, თუ ქრისტეანე ხარ, ოდეს ყოველივე სახე შენი წინააღმდგომ იყოს. უკუეთუ ადგილი ქცევისა შენისაჲ მოვიძიო, ცხენთა სარბიელსა და თეატრონსა და შესაკრებელსა ურჩულოებისასა და კაცთა თანა ბოროტისმეტყუელთა გპოებ; უკუეთუ ხილვაჲ შენი განვიცადო, განცხრომასა შინა და სიცილსა და შუებასა გამოჩნდების; უკუეთუ სამოსელნი შენნი ვიხილნე, ცუდსა და ამაოსა სამკაულსა ვჰპოებ და არაღირსსა მამაკაცისასა; უკუეთუ სიტყუანი შენნი ყურად-ვიხუნე, ვერარაჲ კეთილი მესმის სარგებელად სულისა შენისა ანუ აღმაშენებელად მსმენელთაჲსა თქუმული; უკუეთუ ტაბლასა შენსა გესტუმრო, უმეტეს ყოვლისა იპოოს მუნ შესმენაჲ ჴორცთამოყუარებისა და შუებისა შენისაჲ. აწ უკუე მითხარ, თუ ვინაჲ გიცნა შენ ქრისტეანედ, ვინაჲთგან ზემოთქუმული ესე ყოველივე წინააღმდგომისა ღუარძლთა მორჩი არს და არა სწავლათა ქრისტესთაჲ. და რად ვიტყჳ ქრისტეანობისა სახესა? არცა თუ ბუნებასა კაცებისასა ვჰპოებ შენ თანა, არამედ პირუტყუთასა, ვითარცა იტყჳს წინაწარმეტყუელი, ვითარმედ: „კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისჴმა-ყო; ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ“.1 რამეთუ ოდეს ჰბორგდე, ვი-თარცა ჯორი, ურქენდე მოყუასსა, ვითარცა კუროჲ, მცბიერ იყო, ვითარცა ცხენი, სიტყჳსაებრ წერილისა, ჰნაყროვნობდე, ვითარცა დათჳ, განასუქებდე ჴორცთა, ვითარცა ღორი, ძჳრისმოჴსენე იყო, ვითარცა აქლემი, მტაცებელ იყო, ვითარცა მგელი, მრისხანე იყო, ვითარცა გუელი, მცემარ, ვითარცა ღრიაკალი, მზაკუვარ, ვითარცა მელი, გესლსა ბოროტსა ჰმარხვიდე, ვითარცა ასპიტი და იქედნე, მბრძოლ იყო ძმათა შენთა, ვითარცა ეშმაკი ბოროტი, ვითარ შეგრაცხო შენ კაცთა თანა, რაჟამს სახესა ბუნებისა მის კაცთაჲსა ვერ ვჰპოებდე?

ეჰა საკჳრველი! ნათელღებულისა და უნათლავისა განყოფილებასა ვეძიებდი და ესერა შემემთხუევის, არცა თუ კაცისა და მჴეცისა განყოფილებისა პოვნად შენ თანა, რამეთუ მჴეცნი თითოეული ერთითა რაჲთმე ზემოთქუმულითა ბოროტითა შეპყრობილ არს, ხოლო შენ ვინაჲთგან ყოველივე შეგიკრებიეს თავსა შინა შენსა, უძჳრეს ქმნილ ხარ მათისა მის პირუტყუებისა. ვთქუა უზეშთაესიცა: არიან რავდენნიმე ზემოთქუმულთა ამათ ბოროტთაგან, რომელ არცა ეშმაკთა აქუს; არა აქუს მათ ნაყროვნებაჲ, არცა ვეცხლისმოყუარებაჲ; ხოლო ვინაჲთგან უმეტესნი ვნებანი გქონან შენ მჴეცთასა და ეშმაკთასა, ვერ გიწოდო კაცად, და უკუეთუ კაცად

1 ფსალმ. 48,13.

ვერ გიწეს, ქრისტეანედ ვითარ სახელ-გდვა? და უძჳრესი ესე არს, რომელ ესევითარსა ამას სიხენეშესა შინა ვერცა თუ გულისჴმა-ჰყოფ უშუერებასა მას სულისა შენისასა, არამედ სახესა პირისა შენისასა სარკითა განიცდი და რომელი რაჲმე ჰპოჲ უშუერებაჲ ანუ წარბთა, ანუ წინამოთა, ანუ სხუასა რასმე შინა შენსა სახესა პირისასა, ყოვლითა ღონის-ძიებითა ისწრაფი განშორებად ნაკლულევანებისა მის, ხოლო სულსა შენსა არა განიცდი, ვი-თარითა უშუერებითა სავსე არს, ვითარ მჴეცთა მსგავს ქმნილ არს, რაჲ-თამცა იზრუნე კურნებად სახისა მისისა. არა თუ აქაცა არა არს სარკე. ჰე, არს სარკე სულიერი, ფრიად უაღრესი ჴორციელისა მის. იგი უშუერებასა ოდენ ჴორციელსა გიჩუენებს, ხოლო ესე არა თუ გიჩუენებს ოდენ ნაკლულევანებასა მას სულისასა და უშუერებასა, არამედ უკუეთუ ვინებოთ, შესცვალებსცა უშუერებასა მას დიდადშუენიერებად. რაჲ არს სარკე ესე სულიერი? ჴსენებაჲ წმიდათაჲ, გამოსახვაჲ გულსა შინა მათისა მის მოქალაქობისაჲ, კითხვაჲ წიგნთაჲ, წურთაჲ მცნებათა ქრისტესთაჲ. უკუეთუ მიხედნე ქრისტეს მცნებათა, უკუეთუ განიცადო სანატრელი იგი მოქალაქობაჲ წმიდათაჲ, იხილო მეყსეულად მათისა მის სიკეთისაგან უშუერებაჲ იგი გონებისა შენისაჲ; და იხილო რაჲ, უკუეთუ გენებოს შეცვალებაჲ უშუერებისა მის შუენიერებად, არა გეჴმაროს შორიელი საქმე ანუ სხუათამიერი შეწევნაჲ, არამედ თავით თჳსით შეიცვალო სიბოროტისაგან სიკეთედ.

იხილეთ უკუე და ეკრძალენით; ნუმცა ვინ დაადგრების სახესა მას შინა მჴეცებრივსა. რამეთუ უკუეთუ მონასა ვერ ჴელ-ეწიფების საუნჯეთა უფლისა თჳსისათა შესლვად, მჴეცი ვერ შევიდეს, და უფროჲსად ესევი-თარი მრავალსახე და მრავალფერი მჴეცი. და საკჳრველი ესე არს, რომელ მჴეცთა მრავალგზის დაამშჳდებენ კაცნი და ბუნებითსა მას გულისწყრომასა და ველურობასა მათსა დაამდოვრებენ; ხოლო შენ, რომელი-ეგე შემძლებელ ხარ მჴეცთა დამშჳდებად და მჴეცებრივისა მის ბუნებისაგან მოწყუედად, თავსა შენსა ვერ მოაქცევ ბუნებისა გარეგანისა მის უბადრუკებისაგან და მოიყვანებ ბუნებითსა მას წესსა და სიკეთესა, რომელი მოგცა ღმერთმან, არამედ შორს-ჰყოფ თავსა შენსა ბუნებისაგან თჳსისა და გარეგანთა ბუნებისა შენისა საქმეთა შეეკუეთები. რაჲ უკუე მიზეზი გაქუს ამისაჲ, ანუ რაჲ სიტყუაჲ მიუგო ღმერთსა, რომელ ძალ-გიც ლომისა და დათჳსა მოწყუედად ბუნებითისა მის სიფიცხისაგან და სწავლად, რაჲიგი არა აქუს ბუნებასა მათსა, ხოლო თავსა შენსა ვერ მოაქცევ ბუნებისა გარეგანთა მათ საქმეთაგან და მოიყვანებ ბუნებითსავე წესიერებასა, არამედ უფროჲსად ბუნებითისაგან გარეგან ბუნებისა მიიცვალები.

აწ უკუე შეჰრაცხენ ვნებანი იგი, რომელნი ჰმძლავრებენ სულსა შენსა, მჴეცად. ესე არიან: გულისწყრომაჲ, გულისთქუმაჲ, ვეცხლისმოყუარებაჲ, დიდებისმოყუარებაჲ, ნაყროვანებაჲ და სხუანი იგი ნაშობნი მათნი. ისწრაფე უკუე მოწურთად მჴეცთა მათ, რაჲთა დაუტეონ სიბოროტე იგი მათი. რამეთუ არა დაშურე ესოდენ, ვითარ-იგი წურთასა ხილულთა ამათ მჴეცთასა; რამეთუ ამათი ბუნებითი არს სიფიცხე და ველურობაჲ, ხოლო შენ შორის სიბოროტე იგი ვნებათაჲ გარეგან არს ბუნებისა, დაღაცათუ აწ უდებებითა შენითა ბუნებითისა უმტკიცეს გიქმნიეს, არამედ ისწრაფე სრულიად დამდოვრებად მათდა, რაჲთა არა განილიო ბოროტთა მათ შუათა მათთაგან. რამეთუ ვერ ძალ-უც ესრეთ განპებად საშოჲსა ლომსა და იქედნესა, ვითარ გულისწყრომაჲ და გულისთქუმაჲ ბრჭალითა მით წამლეანითა განხეთქენ და კბილითა მით ბოროტითა ჭამენ გულსა მას, რომელსა შინა დაემკჳდრნენ, და არა ჴორცთა ოდენ ავნებენ, არამედ უფროჲსად სულსა სრულიად წარწყმედენ, და ვითარცა-იგი ჭიანი, დამკჳდრებულნი მუცელსა შინა, მავნებელ არიან ჴორცთა, ეგრეთ ვნებანი ესე სულისა განმხრწნელ იპოებიან. და რად ვიტყჳ ჭიათა? გუელისა ბოროტისა უძჳრეს არიან გულისწყრომაჲ და გულისთქუმაჲ და სხუანი იგი ვნებანი. და უკუე-თუ არა შევიდეს წამალი ძლიერი სულსა მას შინა, სადა წამლეანნი ესე გუელნი დამკჳდრებულ იყვნენ, და მოაკუდინნეს იგინი, არა არს სხჳთა სახითა მათგან განთავისუფლებაჲ. ხოლო რაჲ არს წამალი ძლიერი, მომაკუდინებელი მათი? მცნებანი ქრისტესნი, წურთაჲ საღმრთოთა წერილთაჲ, ჴსენებაჲ სიკუდილისაჲ და სასჯელისა მის საუკუნოჲსაჲ, მოწყალებაჲ, სახიერებაჲ, სიწმიდე. უკუეთუ ესენი მოვიგნეთ და ამათ მიერ წმიდა იქმნას სული და ღირს შეწყნარებად წამალსა მას ძლიერსა, მან მოაკუდინოს ყოველი მჴეცი და ქუეწარმავალი, დამალული გულთა შინა ჩუენთა.

ხოლო რაჲ არს ძლიერი იგი წამალი, რომლისათჳს უჴმს პირველვე განმზადებაჲ და განწმედაჲ სულისაჲ, რაჲთა შეუძლოს მიღებად მისა? ესე არს პატიოსანი იგი და უხრწნელი ჴორცი და სისხლი ქრისტესი. უკუეთუ პოოს მან სული კეთილად განმზადებული შეწყნარებად მისა, ყოველი მჴეცი იოტოს მისგან, ყოველი სიმყრალე მის სულისაჲ განაქარვოს, ყოველი ბნელი მისი განანათლოს, და მერმე ცხონდეს სული იგი ცხორებითა მით საღმრთოჲთა. ხოლო უკუეთუ ესე არა იქმნას და არა მოსწყდენ გუელნი იგი და ღრიაკალნი აქავე სულისა მისგან, მო-რაჲ-ვიდეს ჟამი სიკუდილისაჲ, მოეხუნიან იგინი გარემო უბადრუკსა მას და აშთობდიან და სჭამდიან და მის თანა წარვიდიან საუკუნეთა მათ სატანჯველთა, და ნუუკუე ამათ ესევითართა მჴეცთადა სახელდებულ არს მატლ წამლეან, რომელნი დაუძინებელად სჭამენ და ჰგუემენ მოყუარეთა მათთა, რამეთუ ესევითარი არს ნაცვალი სიყუარულისა მათისა, და პირველ მუნ მისლვისა აქავე დამსჯელ და მიმძლავრებულ მოყუარეთა მათთა არიან, რამეთუ თითოეული ვნებაჲ უძჳრეს და უმძჳნვარეს არს მჴეცისა და განუძღომელად მტანჯველ სულისა მის შემწყნარებელისა მისისა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „შუანი ლომისანი არიან შუანი მისნი“,1 და უფროჲსად ფრიად უძჳრეს შუა-თა ლომისათა. რამეთუ ლომმან ერთგზის შეჭამის შთავრდომილი იგი ჴელ-

1 შდრ. ფსალმ. 57,7.

თა მისთაჲ და წარვიდის, ხოლო ესე ვნებანი არცა განძღებიან, არცა განე-შორებიან მორჩილთა მათთა, ვიდრემდის მისცენ იგინი ჴელთა ეშმაკისათა.

არა არს განძღომაჲ, არცა აღსასრული გულისთქუმათა ცოდვისათა, ჯაჭჳ არს ბოროტი ერთიერთისადა გამოკიდებულ ჩუეულებაჲ ვნებათაჲ. არა აქუს აღსასრული, არცა განძღომაჲ, ვიდრემდის უფსკრულსა ჯოჯოხეთისასა შთააგდის უბადრუკი იგი სული. იხილეთ, უკუეთუ არა ყოველნი ვნებანი ესრეთ არიანა? გინა თუ ვეცხლისმოყუარებაჲ სთქუა, გინა თუ გემოჲსმოყუარებაჲ, გინა თუ დიდებისმოყუარებაჲ, ყოველნივე მძლავრობით მიზიდვენ მოყუარეთა და მორჩილთა მათთა ჩუეულებითა მით, რომლი-თა მიიღეს მათ ჴელმწიფებაჲ. ამისთჳს ანგაჰრი იგი ვეროდეს განძღების ანგაჰრებითა და მიმოტაცებითა, მსიძავი ვერ განძღების ბილწებითა მით, დიდებისმოყუარე ეგრეთვე, რამეთუ დიდი აქუს ამასცა ვნებასა მძლავრებაჲ სულსა შინა დიდებისმოყუარეთასა.

აწ უკუე მოღუაწებაჲ ჯერ-არს თითოეულისა მის მძლავრისა მოკლვად, რაჲთა არა მოვიკლნეთ მათ მიერ. წინააღუდეგ დიდებისმოყუარებასა ამას წარმავალსა სიყუარულითა და სურვილითა დიდებისა მის წარუვალისაჲ-თა. რაჲ არს დიდებაჲ ესე სოფლისაჲ? აჩრდილი და კუამლი და სიზმართა უუძლურესი; დღეს სხჳსა ჴელთა არნ და ხვალე სხჳსათა შევიდის; და კუალად მეყსა შინა დაუტევის იგი და სხჳსა მიიწიის, რომელი ყოვლადვე არა მოელინ. არცა ოდეს არა იყოს, მოულოდებელ არს მათ მიერ, რომელთა არა აქუნ, არცა რომელთა აქუნ, მტკიცე არნ მათდა და შეუცვალებელ. აწ უკუე ესევითარისა მის უძლურისა და არარაჲსა სიყუარულსა რად ესრეთ დამონებულ ხარ? არა უწყია, ვითარმედ რაჲზომცა დამონებულ იყო დიდებისა მის ცუდისა სიყუარულსა, უმეტესად შეურაცხ ხარ წინაშე ღმრთისაცა და კაცთა? რამეთუ ნუ ხედავ მათ, რომელნი წინაშე პირსა გაქებენ, არამედ გულისჴმა-ყავ, ვითარ გულთა შინა შეურაცხ-გყოფენ.

უკუეთუ გიყუარს დიდებაჲ, შეურაცხ-ყავ წარმავალი ესე და ჰპოო წარუვალი. რად შეპყრობილ ხარ სენითა მით ნაბუქოდონოსორისითა? რამე-თუ მანცა ხატი აღჰმართა ნივთისა მისგან ცუდისა და ამაოჲსა, რაჲთამცა მოატყუა თავსა თჳსსა დიდებაჲ, და ცხოელი იგი უსულოჲსა მისგან განიზრახვიდა დიდებისა მოტყუებად თავსა თჳსსა და უფროჲსად შეურაცხებაჲ მოატყუა მას. უკუე დღესცა მრავალნი ჰბაძვენ, და ვითარცა მას ხატისა მის მიერ ენება დიდებისა თჳსისა აღორძინებაჲ, ეგრეთვე ესენი სამოსლისა სიკეთითა, გინა თუ სახლისა შუენიერებითა, გინა თუ ცხენთა რჩეულობი-თა ისწრაფიან დიდებად თავისა თჳსისა. რამეთუ წარუწყმედია დიდებაჲ იგი შემსგავსებული ბუნებასა კაცთასა, და მიმოვლენ შეკრებად თავისა თჳსისა დიდებასა მას საკიცხელსა.

არამედ წმიდანი იგი სამნი ყრმანი არა ესრეთ იყვნეს, არა ეძიებდეს დიდებასა წარმავალსა და პატივსა განხრწნადსა, არამედ ვინაჲ-იგი ჯერიყო, მისგანცა ბრწყინვიდეს, რამეთუ იყვნეს იგინი ტყუენი, მონანი, უცხონი, ყრმანი, და მეფისა მის სოფლისმპყრობელისა, ერთა მიერ მრავალ-თა ქებულისა, უბრწყინვალეს და უდიდებულეს იყვნეს უფროჲს, ვიდრეღა მზე ერთისა რაჲსმე უნდოჲსა მარგალიტისა უშუენიერეს არს და უნათლეს. რამეთუ ჯდა რაჲ მეფე ზუავი და ანპარტავანი და წინაშე დგეს მარზაპანები და ერისთავები შერაცხილნი და ძლიერნი ჴელმწიფენი და მთავარნი და ყოველივე შესაკრებელი ეშმაკისაჲ, და ისმოდა ჴმაჲ საყჳრისაჲ, სტჳრისაჲ, ქნარისა და ემბნისაჲ და ყოვლისავე თითოსახისა სახიობისაჲ, და საჴუმილი იგი შჳდწილ მოტყინარე ეგზებოდა, და ყოველივე სავსე იყო შიშითა და ძრწოლითა, მაშინ წარმოდგეს უშიშრად ახოანნი იგი და ყოვლადვე არა შეშინდეს, არცა ზარგანჴდილ იქმნეს, არამედ ყოველივე იგი შეჰრაცხეს, ვითარცა სამღერელი ყრმათა მცირეთაჲ, და ღაღატ-ყვეს ჴმაჲ იგი სანატრელი, უძლიერეს ჴმისა მის საყჳრთა და ნესტუთასა, და თქუეს: „უწყებულ იყავნ შენდა, მეფეო ნაბუქოდონოსორ, ვითარმედ ღმერთთა შენთა არა ვჰმსახურებთ და კერპსა მას ოქროჲსასა, რომელი შენ აღჰმართე, არა თაყუანის-ვსცემთ“.1 ხოლო პირველ თქუეს: „რამეთუ არს ღმერთი ცათა შინა, რომელსა ვჰმსახურებთ, და შემძლებელ არს იგი განრინებად ჩუენდა“.2 რაჲსათჳს სიმრავლესა ამას გჳჩუენებ, რასა საჴუმილითა მით ცეცხლისაჲთა მექადი, რაჲსათჳს მახჳლთა ლესულთა წინამიყოფ, რაჲსათჳს მტარვალთა მესისხლეთა წარმოგჳდგინებ? ამის ყოვლისა უძლიერეს არს და უმაღლეს ღმერთი ჩუენი, და შემძლებელ არს იგი განრინებად ჩუენდა საჴუმილისა მისგან ცეცხლისა აღგზებულისა და ჴელთაგანცა შენთა მიჴსნეს ჩუენ, მეფე. ამას ზედა გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ ნუუკუე ეგრეთ ინებოს ღმერთმან, რაჲთა დაიწუნენ, და თქუან სადმე ურჩულოთა მათ, თუ ვტყუოდეთ, ანუ თუ ვერ ძალ-ედვა ღმერთსა ჩუენსა ჴსნაჲ ჩუენი; ამისთჳს შესძინეს და თქუეს: „უკუეთუ არა, უწყებულ იყავნ შენდა, ვითარმედ ღმერთთა შენთა არა ვჰმსახურებთ“.3 ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ მიჴსნას საჴუმილისა მისგან და ჴელთაგან შენთა, მადლი სახიერებასა მისსა, და თუ არა ინებოს ჴსნაჲ, არამედ დავიწუნეთ, ეგრეთცა არავე ვჰმსახურებთ ღმერთთა შენთა. რამეთუ რასა-იგი იქმოდეს, არა სასყიდლისა და ნაცვალისა მოგებისათჳს იქმოდეს, არამედ სიყუარულისათჳს ღმრთისა. დაღაცათუ ტყუეობასა მიეცნეს და ჭირთა და განსაცდელთა, არამედ სიყუარული იგი ღმრთისაჲ უმეტეს აღორძნდებოდა მათ შორის, რამეთუ არა იყვნეს უმადლო და მდრტჳნველ, არამედ ყოველსავე ზედა ჰმადლობდეს და თავთა თჳსთა აბრალებდეს და ცოდვათა თჳსთა მიზეზად მის ყოვლისა შემოიღებდეს. დაღაცათუ მეფისა მიმართ არაჲ აჴსენეს, თუ ცოდვათათჳს ჩუენთა შემემთხჳა, რამეთუ არა იყო ჟამი ესევითარისა სიტყჳსაჲ, არამედ საჴუმილსა მას შინა და გულთა შინა თჳსთა ამას იტყოდეს, ვითარმედ ცოდვათათჳს შეემთხჳა ყოველივე იგი. იხილეა

1 შდრ. დან. 3,18. 2 დან. 3,17. 3 დან. 3,18.

საზომი სრულისა მის სიმდაბლისა და სიყუარულისაჲ? მეფესა ეტყოდეს, ვითარმედ: დაღაცათუ არა მიჴსნეს ღმერთმან ცეცხლისაგან, არამედ შემინდოს დაწუვად, არაჲვე გუელმის, არცა უვარ-ვჰყოფთ მას. ხოლო საჴუმილსა რაჲ შეითხინეს, ესოდენსა მას სიმჴნესა ზედა და ახოვნებასა იხილე სიმდაბლე გონებათა მათთაჲ, რასა იტყჳან, ვითარმედ: „შეგცოდეთ შენ, ყოვლითურთ ურჩულო ვიქმნენით და განგიდეგით ჩუენ შენგან“.1 და კუალად თხოვადცა წყალობისა არა ღირს-უჩნდეს თავნი თჳსნი, არამედ მამათმთავართა წინაუყოფდეს სავედრებელად, ვითარმედ: „ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან აბრაჰამისთჳს საყუარელისა შენისა, ისაკისთჳს მონისა შენისა და ისრაჱლ წმიდისა შენისა“.2 ხოლო თავისა თჳსისათჳს არარას სხუასა კეთილსა წამებენ, არამედ თავსა დამდაბლებულსა და სულსა გლახაკებისასა. ამით ესევითარითა სახითა არა თავთა თჳსთათჳს ოდენ, არამედ ყოვლისავე ერისათჳს ითხოვდეს წყალობასა, რაჲთა ყოვლით კერძო სიყუარულითა და სიმდაბლითა შემკობილ იქმნენ. არა იყვნეს მსგავს ჩუენდა, რომელ არა თუ ჟამსა განსაცდელისა და ჭირისასა, არამედ არცა თუ ჟამსა განსუენებისა და ლხინისასა ვაჴსენებთ ძმათა ჩუენ-თა. ხოლო იგინი ცეცხლსაცა შინა მოყუასთათჳს და ყოვლისავე ერისათჳს ვედრებასა შესწირვიდეს, ამისთჳსცა უდიდებულეს მეფისა მის იქმნეს. რამეთუ მაშინცა აღდგა იგი და, ვითარცა მონაჲ, წარმოუდგა კარსა მას საჴუმილისასა მთავართა თჳსთა თანა და შიშით მოუწოდა ახოვანთა მათ, აკურთხა ღმერთი და თქუა: „კურთხეულ არს უფალი ღმერთი, რომელმან მოავლინა ანგელოზი თჳსი და იჴსნნა მონანი მისნი“.3 და ყოველი იგი ერი განკჳრვებული ადიდებდა მათ, და მიერითგან ვიდრე დღენდელად დღედმდე იქადაგების სიმჴნე ნეტართაჲ მათ, და ღმერთსა ცათა შინა აღუწერიეს ღუაწლი მათი. აწ იხილეთ, ვინ უდიდებულეს იქმნა: ნაბუქოდონოსორ, რომლისა ჴსენებაჲ არასადა არს, რომელი წარჴდა, ვითარცა აჩრდილი, და ვითარცა კუამლი განქარდა დიდებაჲ მისი, ანუ სამნი იგი ყრმანი, რომელ-თა ქებაჲ ღმრთისა მიერ არს და ყოველსა სოფელსა შინა იდიდებიან უკუნისამდე?

ამათ ვჰბაძვიდეთ ჩუენცა, მორწმუნენო, რამეთუ აღმართებულ არს აწცა კერპი ოქროჲსაჲ, მძლავრებაჲ იგი მამონაჲსი; არამედ ნუ მიუპყრობთ ყურსა სტჳრთა მათ და ქნართა და ემბანთა და თითოსახესა მას სახიობასა სიმდიდრისა და დიდებისმოყუარებისასა, არამედ დაღაცათუ საჴუმილსა მას სიგლახაკისასა ჯერ-იყოს შთავრდომაჲ, შთავცჳვეთ გულსმოდგინედ და კერპსა მას ნუ თაყუანის-ვსცემთ. ესე თუ ვქმნათ, იქმნას ჩუენ ზედაცა გარდამოსლვაჲ ანგელოზისაჲ, და მიმოდაყაროს ალი იგი ჭირთა და განსაცდელთაჲ და ყოს საჴუმილსა მას შინა ბრძოლათასა, „ვითარცა ქარი ცუარისაჲ რაჲ ნიავინ“.4

1 შდრ. დან. 3,29. 2 დან. 3,35. 3 დან. 3,95. 4 დან. 3,50.

ვივლტოდით მონებისაგან ვნებათაჲსა, დიდებისმოყუარებისა და ვეცხლისმოყუარებისა და გემოთმოყუარებისა და სხუათა მათ მრავალთა ნაშობთა მათთაგან, რამეთუ ესე არიან დედანი და მშობელნი ყოველთა ვნებათანი. ნუ შევშინდებით ცეცხლისა მისგან ბრძოლათაჲსა, დაღაცათუ საჴუმილ ეწოდების. რამეთუ მაშინცა, რომელნი-იგი წინააღუდგეს მეფისა მის ბრძანებასა და შეცჳვეს საჴუმილსა მას სიყუარულისათჳს ღმრთისა, არა დაიწუნეს, არამედ განბრწყინდეს, ხოლო რომელნი შეშინდეს მეფისა მის მოკუდავისაგან და თაყუანის-სცეს კერპსა მას და გარემო საჴუმილსა მას იქცეოდეს, დაიწუნეს. არამედ მაშინ ორივე იგი ერთბამად იქმნა ერთსა შინა ჟამსა. ხოლო აწ ერთი ესე აქა ყოფად არს, და ერთი იგი - მერმესა მას საუკუნესა, და რომელიმე - აქაცა და მერმესაცა. რამეთუ რომელთა აღირჩიონ ჭირი და ღუაწლი და სიგლახაკე, შიმშილი და წყურილი და სხუაჲ ყოველივე ღუაწლი, - არა მონებისათჳს მამონაჲსა, - აქაცა ბრწყინვალე იქმნენ და მუნცა. ხოლო რომელნი სიმდიდრესა შინა იყვნენ უსამართლო-თაგან მოხუეჭათა და შუებასა და განსუენებასა და სხუათა მათ ვნებათა მონებასა, შეიწუნენ იგინი ცეცხლითა მით გეჰენიისაჲთა დღესა მას საშინელსა, ოდეს მიიღებდეს კაცად-კაცადი საქმეთა თჳსთაებრ.

ხოლო შუენიერთა მათ და ახოანთა ყრმათა მიმსგავსებულად შთავარდა ლაზარეცა საჴუმილსა მას განსაცდელთასა, ვითარცა იგინი საჴუმილსა მას ცეცხლისასა, და განბრწყინვებული გამოვიდა საჴუმილისა მისგან და მივიდა წიაღთა აბრაჰამისთა, ხოლო მდიდარი იგი, თაყუანისმცემელი კერპისა მის ვნებათაჲსა, გეჰენიასა შინა ცეცხლისასა დაისაჯა; რამეთუ თქუმული ესე სახე არს მერმეთაჲ მათ. და ვითარცა საჴუმილსა მას, რომელნიიგი შინაგან იყვნეს, უვნებელად ეგნეს, ხოლო გარეშე მავალნი შეიწუებოდეს, ეგრეთ იყოს დღესა მას - წარვლონ წმიდათა მდინარე იგი ცეცხლისაჲ და არარაჲ უნებელი შეემთხჳოს, უფროჲსადღა ბრწყინვალე იქმნენ. ხოლო რომელთა თაყუანის-ეცეს კერპისა მისდა ვნებათაჲსა ცხორებასა ამას და უნანელად ამიერ წარსრულ იყვნენ, იხილონ მაშინ საჴუმილი იგი, ვითარცა მჴეცი, ზედამიმავალ და შემპყრობელ მათდა.

ამისთჳს მარადის გეტყჳ: ნუმცა ვის ეშინის საჴუმილისა მისგან განსაცდელთაჲსა, სიგლახაკისა და ჭირისა და სალმობისაჲსა, არამედ საჴუმილისა მისგან ცოდვათა და ვნებათაჲსა ძრწოდენ. რამეთუ ესე არს ჭეშმარიტად ალი შემწუველი, ხოლო იგი ცუარი არს და ნიავი განსუენებისა სულიერისაჲ. საჴუმილსა მას ზედა ცოდვისასა მდგომარე არს ეშმაკი, ხოლო საჴუმილსა მას ჭირისა და შრომისასა მდგომარე არიან ანგელოზნი მიმოდამყრელად ალისა მის. ისმინეთ ესე, მდიდარნო, რომელნი საჴუმილსა მას ჭირისა და განსაცდელისასა აღუტყინებთ გლახაკთა. გულის-ჴმა-ყავთ, ვითარმედ მათ ვერაჲ ავნოთ, მო-რაჲ-ვიდეს მათ ზედა ქარი იგი ცუარისაჲ ზეგარდამო, არამედ სულნი თქუენნი მისცნეთ ცეცხლსა მას გეჰენიისასა, აღგზებულსა ჴელითა ცოდვათა თქუენთაჲთა. ისმინეთ ესე და უფროჲსად ემსგავსენით ანგელოზსა მას ღმრთისასა, რომელი გარდამოჴდა ზედა აზარიელსა და მიმოდაყარა ალი იგი საჴუმილისა მისგან. ეგრეთვე თქუენ მიედით გლახაკთა მიმართ საჴუმილსა მას ჭირისა მა-თისასა და ყავთ მოწყალებითა შორის საჴუმილსა მას, „ვითარცა ქარი ცუარისაჲ რაჲ ნიავინ“,1 რაჲთა გჳრგჳნთა მათ ზიარ იქმნეთ, რომელნი განმზადებულ არიან მოთმინეთათჳს, რაჲთა ჴმამანცა უფლისამან განკუეთოს ალი ცეცხლისა მის საუკუნოჲსაჲ და გრქუას თქუენ: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი“,2 და შემდგომი ამისი.

ამან ჴმამან განკუეთოს ალი იგი გეჰენიისაჲ და გიჴსნნეს მისგან. უკუეთუ შთახჳდეთ აქა მოწყალებითა საჴუმილსა მას ჭირისასა გლახაკთა თანა და მიმოდაჰყაროთ იგი, მუნ იხილნეთ კაცნი მავალნი ცეცხლსა ზედა და არა შემწუარნი, არამედ მადლობისა შემწირველნი ქრისტესა, ვითარცა სამნი იგი ყრმანი. რამეთუ ჭეშმარიტად მსგავს მათდა იქმნებიან, რომელნი მადლობით თავს-იდებენ სიგლახაკესა. რამეთუ ამასცა საჴუმილ ეწოდების ჭირისა და განსაცდელისა, და ვითარცა-იგი შეითხინეს რაჲ ყრმანი ცეცხლსა და იწყეს გალობით კურთხევად უფლისა, არა თუ შეუხებელად ხოლო ეგნეს ალისა მისგან, არამედ საკრველნიცა მათნი განიჴსნნეს, ეგრეთვე, რომელი ჭირსა შინა და სიგლახაკესა შთავარდეს, უკუეთუ შეიწყნაროს მადლობით და მოთმინებით, საკრველნი ცოდვათა მისთანი განიჴსნებიან, და ალი იგი განსაცდელთაჲ დაშრტების, და უკუეთუ არა დაშრტეს, უსაკ-ჳრველეს იქმნების, რამეთუ წყაროდ გარდაიქცევის წყლისა ცხოელისა. ესრეთ იქმნა მაშინცა: საჴუმილი იგი არა დაივსო, არამედ ეგზებოდა, და იყო შორის მისსა, „ვითარცა ქარი ცუარისაჲ რაჲ ნიავინ“. ეგრეთვე აქა, უკუეთუ არა დაშრტეს საჴუმილი იგი განსაცდელთაჲ, წყაროჲ ყოვლისავე სიბრძნისაჲ და ყოვლისავე სათნოებისაჲ აღმოეცენების მოთმინებითა, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „ჭირი მოთმინებასა შეიქმს, ხოლო მოთმინებაჲ - გამოცდილებასა, და გამოცდილებაჲ - სასოებასა. ხოლო სასოებამან არა არცხჳნის“.3

ამისთჳს გეტყჳ თქუენ, გლახაკნო და ჭირვეულნო, მოითმინეთ მადლობით ყოველივე ძნელოვნებაჲ ამის საწუთროჲსაჲ, რაჲთა წიაღთა აბრაჰამისთა მიხჳდეთ, რაჲთა სამთა მათ ყრმათაებრ გჳრგჳნოსან იქმნნეთ. გეტყჳ თქუენ, მდიდარნო, ნუ გარემო საჴუმილისა მის გლახაკთაჲსა იქცევით და აღაგზებთ მას, ვითარცა მსახურნი იგი ნაბუქოდონოსორისნი, ნუცა ეკიცხევთ და ეცინით და სწუნობთ მყოფთა მათ საჴუმილსა შინა, რაჲთა არა ალი იგი მოგეხჳოს და შეგწუნეს თქუენ; არამედ შევედით თქუენცა მოწყალებითა საჴუმილსა მას და მიმოდაყარეთ იგი, რაოდენცა ძალ-გიც, რაჲთა ემსგავსნეთ ანგელოზსა მას, რაჲთა დაშრიტოთ თქუენთჳს განმზადებული

1 შდრ. დან. 3,50. 2 მათ. 25,34. 3 რომ. 5,3-5.

იგი საჴუმილი. ნუ თაყუანის-სცემთ კერპსა მას მამონაჲსსა, რომელი აღუმართებიეს თითოსახისა ვნებისაჲ. უკუეთუ წარმოგიდგინნეს მტარვალნი თჳსნი და საჴუმილსა ბრძოლათა და განსაცდელთასა მიგცნეს მიშუებითა ღმრთისაჲთა გამოსაცდელად ახოვნებისა თქუენისა, თქუნ კაცად-კაცადმან: არს ღმერთი ცათა შინა, რომელმან მიჴსნეს ჩუენ საჴუმილისა მისგან. უკუეთუ არა, და ენებოს ყოფაჲ ჩუენი სოფელსა ამას ჭირთა შინა და განსაცდელთა, იყავნ ნებაჲ მისი. ხოლო ჩუენ კერპთა შენთა, ეშმაკო, არა თაყუანის-ვსცემთ და ზრახვათა შენთა არა ვჰმონებთ. ამას ზედა მოგჳვლინოს ჩუენ უფალმან ანგელოზი, რომელმან მოგუართუას ზეცით ცუარი ნიავისა მის საწადელისაჲ. ცუარი არს ნიავისა ტკბილისაჲ: შეურაცხებაჲ სიმდიდრისაჲ, დათრგუნვაჲ დიდებისმოყუარებისაჲ, აღჴოცაჲ გულისთქუმათა ბოროტთაჲ, დამორჩილებაჲ გულისწყრომისაჲ, წარწყმედაჲ ძჳრის-ჴსენებისაჲ, მოპოვნებაჲ ლმობიერებისაჲ, ლოცვისა და გლოჲსა მის საქებელისაჲ, მიწთომაჲ სიმდაბლესა ჭეშმარიტსა, მადლობასა ღმრთისასა, სიყუარულსა სრულსა და სხუათა მათ ყოველთა სათნოებათა. ესე არიან ცუარნი ნიავისა მის სანატრელისანი, რომელ მოვლენ ჩუენ ზედა, ოდეს შეურაცხ-ვყვნეთ ყოველნი საქმენი სოფლისანი და განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი ცოდვათა უშუერებისაგან და ვიქმნეთ ქრისტეანე ჭეშმარიტ და მიმსგავსებულ წმიდათა მათ, „რომელთა სოფელი ესე ღირსვე არა იყო“.1 შეურაცხ-ყავნ კაცად-კაცადმან სოფელი, შეიყუარენ უფალი ჩუენი იესუ ქრისტე აღსრულებითა მცნებათა მისთაჲთა, რაჲთა აქაცა ბრწყინვალე იყოს სულითა და მერმესა მას საუკუნესა მიუთხრობელთა მათ მიემთხჳოს კეთილთა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 შდრ. ებრ. 11,38.