მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იბ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ მოვიდა იესუ გალილეაჲთ იორდანედ იოვანესა ნათლის-ღებად მის მიერ“ (3,13).

მონათა თანა მეუფე, ბრალეულთა თანა და დასჯილთა მსაჯული იგი უბრალოჲ მოვიდა ნათლის-ღებად, არამედ ნუ შესძრწუნდები, რამეთუ სიმდაბლითა ამით უმეტესად გამობრწყინდების სიმაღლე და დიდებაჲ მისი. რამეთუ რომელმან-იგი თავს-იდვა საშოსა ქალწულისასა დამკჳდრებაჲ და შობაჲ მისგან ჩუენითა ამით ბუნებითა შემოსილი, და კუალად უკუანაჲსკნელ თავს-იდვა ყურიმლის-ცემაჲ და ჯუარ-ცუმაჲ და სხუაჲ ყოველივე იგი ვნებაჲ, რად გიკჳრს, უკუეთუ ნათლის-ღებაჲცა თავს-იდვა და სხუათა თანა მოსლვაჲ მონისა მიმართ? რამეთუ განსაკჳრვებელი ესე იყო, რომელ თავსა იდვა ღმერთმან განკაცებაჲ, ხოლო ვინაჲთგან ესე იქმნა, სხუაჲ ყოველივე წესისაებრ თჳსისა აღესრულა. ამისთჳსცა იოვანე წინაჲთვე თქუა, რაჲ-იგი თქუა, ვითარმედ: „არა ღირს ვარო საბელსა ჴამლთა მისთასა გან-ჴსნად“,1 და ვითარმედ იგი არს მსაჯული ყოველთაჲ და განმრჩეველი ბოროტთაჲ და კეთილთაჲ და მიმგებელი კაცად-კაცადისა საქმეთა მისთაებრ და მიმცემელი მადლსა მას სულისა წმიდისასა, რაჲთა ოდეს იხილო იგი მომავალი ნათლის-ღებად, არარაჲ მოგიჴდეს გულისსიტყუაჲ მდაბალი და არაღირსი საქმისა მის. ამისთჳსცა, მო-რაჲ-ვიდა ნათლის-ღებად, აყენებდა მას, ვითარცა წერილ არს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იოვანე აყენებდა მას და ეტყოდა: მე მიჴმს შენ მიერ ნათლის-ღებაჲ, და შენ ჩემდა მოხუალა?“ (3,14).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან ნათლის-ღებაჲ სინანულისა სასწაული იყო და აღსარებად ცოდვათა მოიყვანებდა, რაჲთა არავინ ჰგონებდეს, თუ იგიცა მითვე გულისსიტყჳთა მოვალს, ვითარცა სხუანი, პირველვე განჰმარტა იჭჳ ესე ნათლისმცემელმან, რაჟამს უწოდა მას „ტარიგად ღმრთისა“ და მჴსნელად სოფლისა ცოდვათაგან, რამეთუ რომელსა ძალედვა ყოვლისა სოფლისა ბრალთა აღებაჲ, უბრალო იყო თავადი და სრულიად უცოდველ. ამისთჳსცა არა თქუა, ვითარმედ: აჰა უცოდველი, არამედ რომელ-იგი ფრიად უაღრეს იყო, ვითარმედ: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“;2 რაჲთა გულისჴმა-ჰყო და შეიწყნარო ყოველივე ზემოთქუმული იგი და სცნა, ვითარმედ სხჳსა უმაღლესისა განგებულებისათჳს მოვიდა ნათლის-ღებად, ამისთჳს, მო-რაჲ-ვიდა, ეტყოდა მას: „მე მიჴმს შენ მიერ ნათლის-ღებად, და შენ ჩემდა მოხუალა?“ არა თქუა, თუ: შენ ნათელ-იღებ ჩემგან, რამეთუ ამისაცა თქუმად

1 შდრ. იოან. 1,27. 2 იოან. 1,29.

შეძრწუნდა, არამედ: „შენ ჩემდა მოხუალო“. ხოლო ქრისტემან, ვითარცა უკუანაჲსკნელ, ოდეს-იგი პეტრე აყენებდა დაბანად ფერჴთა, ჰრქუა მას: „რომელსა მე ვიქმ, არა იცი აწ, ხოლო სცნა ამისა შემდგომად“,1 ეგრეთვე აქა, აყენებდა რაჲ იოვანე, ჰრქუა მას იესუ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შეჰგავს ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე“ (3,15).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესმა ბრძანებაჲ მეუფისაჲ და მეყსეულად მორჩილ ექმნა, რამეთუ არა იყო მაცილობელ უწესოდ, არამედ შიშიცა იგი და სიყუარული აჩუენა და მორჩილებაჲცა წინაუყო. ხოლო იხილე, ვითარ უბრძანებს უფალი, „ესრეთ შეჰგავსო“, რამეთუ ვინაჲთგან იგი ჰგონებდა, თუ შეუმსგავსებელ არს საქმე ესე, რაჲთამცა მონისაგან ნათელ-იღო უფალმან, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: რომელსა-ეგე ჰგონებ შეუმსგავსებელად, უფროჲსღა შეჰგავს და ჯეროან არს. აცადე უკუე აწ, რამეთუ არა მარადის ესრეთ ყოფად არს, გარნა აწ განგებულებისა მისთჳს.

„აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შეჰგავს ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე“. სიმართლედ ამას ადგილსა აღსრულებასა მას იტყჳს მცნებათა რჩულისათა: ვინაჲთგან ყოველნი მცნებანი აღმისრულებიან და ესე ხოლო ნაკლულევან არს, ჯერ-არს ამისიცა აღსრულებაჲ, რამეთუ ამისთჳს მოვედ, რაჲთა დავჴსნა წყევაჲ იგი, რომელი დადებულ არს გარდასლვისათჳს შჯულისა. ესრეთ უკუე შეჰგავს, რაჲთა პირველად მე აღვასრულო ყოველივე და გიჴსნე თქუენ სასჯელისაგან და ესრეთ დავაცადო წესი იგი შჯულისაჲ. შეჰგავს უკუე ჩემდა აღსრულებად შჯული იგი ყოვლით კერძო, რაჲთა ესრეთ დავჰჴსნა წყევაჲ იგი, აღწერილი თქუენთჳს შჯულსა შინა, რამეთუ ამისთჳს ჴორცნი შევიმოსენ და გამოვჩნდი ქუეყანასა ზედა. ესმა ესე ნათლისმცემელსა და ძრწოლით ჰმსახურა ბრძანებასა მას მეუფისასა, ვითარცა მონამან კეთილმან.

პირველად ეტყოდა: „მე მიჴმს შენ მიერ ნათლის-ღებაჲ, და შენ ჩემდა მოხუალა?“ სანთელი იგი მზესა ეტყჳს, ჴმაჲ იგი - სიტყუასა, მეგობარი - სიძესა, უმეტესი ნაშობთა შორის დედათასა - პირმშოსა მას ყოველთა დაბადებულთასა, რომელი-იგი ჰკრთებოდა საშოჲთგან - თაყუანისცემულსა მას საშოსა შინა, წინამორბედი იგი და წინამსრბოლადი - გამოჩინებულსა ქუეყანასა ზედა და გამოჩინებადსა ჯოჯოხეთსა შინა აღმოყვანებად შეყენებულთა მათ. „მე მიჴმს შენ მიერ ნათლის-ღებად, და შენ ჩემდა მოხუალა?“ - ამით მოასწავა სიტყუაჲცა წინაწარმეტყუელებისაჲ, რამეთუ იცოდა, ვითარმედ სიბოროტითა მით ჰეროდესითა წარვიდეს იგი წინაჲსწარ ქადაგად მყოფთა ჯოჯოხეთისათა, და მერმე სიბოროტითა მით ჰურია-თაჲთა და უმსჯავროებითა პილატესითა მივიდეს უფალი მისა და სხუათა

1 იოან. 13,7.

მათ პირველ შეწყუდეულთა და გამოიჴსნნეს ყოველნივე. ხოლო ესმა რაჲ უფლისაგან, ვითარმედ: „აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შეჰგავს ჩუენდა აღსრულებად ყოველივე სიმართლე“, ჰმონა შიშით მეუფისა სიტყუასა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ნათელ-იღო იესუ და მეყსეულად აღმოვიდა წყლისა მისგან. და აჰა განეხუნეს ცანი, და იხილა სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, და მომავალი მის ზედა. და ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ“ (3,16-17).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ნათელ-იღო იესუ და აღმოვიდა წყლისაგან, რამეთუ თანააღმოჰყვანდა ყოველივე ბუნებაჲ კაცთაჲ, დანთქმული ცოდვითა, და იხილნა ცანი განხუმულნი, რომელნი დაუჴშნა ადამ თავსა თჳსსა და შვილ-თა თჳსთა, ვითარცა-იგი მახჳლითა მით ცეცხლისაჲთა სამოთხე, და სული წმიდაჲ ეწამებოდა ღმრთეებასა მას ძისასა, რამეთუ მსგავსისა მის ზედა მოვიდოდა, და ჴმაჲ იყო ზეცით, რამეთუ ზეცითცა გარდამოჴდა ცხორებად კაცთა, ნათელღებული იგი იოვანესგან. რამეთუ ვინაჲთგან მრავალნი ჰგონებდეს, თუ იოვანე უმეტეს არს ქრისტესსა ამისთჳს, რომელ-იგი სიყრმითგანვე უდაბნოთა აღზრდილ იყო და ძე იყო მღდელთმოძღურისაჲ და სამოსლითა უცხოჲთა მოსილ იყო და ყოველთა ნათლის-ღებად მოუწოდდა, და ბერწისაგან იცოდეს ყოველთა შობაჲ მისი, ხოლო ქრისტესი ქალწულისაგან შობაჲ არა მრავალთა მიერ საცნაურ იყო ჯერეთ, არამედ ჰგონებდეს წესითა მით ბუნებითითა შობილად და აღზრდილად კაცთა შორის, რამეთუ ერსა შორის იქცეოდა და სამოსელი ემოსა მსგავსი ყოველთაჲ, ამის ესევითარისათჳს ჰგონებდეს მას უდარეს იოვანესა, რამეთუ არარაჲ იცოდეს საიდუმლოთაგანი. ხოლო მაშინ მოვიდაცა და ნათელ-იღო იოვანესგან, რომელ-იგი უმეტესად დაამტკიცებდა ესევითარსა მას იჭუსა, რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: ესე ვითარცა ერთი მრავალთაგანი არს; არა თუმცა ვითარცა ერთი ერისა ამისგანი იყო, არამცა მოვიდა ნათლის-ღებად მსგავსად სხუათა მათ. ხოლო ნათლისმცემელი და მოძღუარი, ძე ზაქარიაჲსი, უდაბნოჲთ მოსრული, ფრიად უაღრეს და უზეშთაეს მისსა არს, კაცი ყოვლითურთ საკჳრველი.

ამისთჳსცა, რაჲთა ესევითარი იგი გულისსიტყუაჲ არა დაემტკიცოს გონებასა მას შინა ერისასა, განეხუმიან ცანი, ნათელ-იღო რაჲ იესუ, და სული წმიდაჲ გარდამოვალს, და გარდამოსლვასა მას თანა სულისასა ჴმაჲ ისმის ზეცით, მქადაგებელი პატივსა მას მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისასა. ხოლო ვინაჲთგან ჴმაჲ იგი, რომელი ისმა, ვითარმედ: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი“, მრავალთა მიერ იოვანესთჳს საგონებელ იყო თქუმულად, რამეთუ არა თქუა ჴმამან მან, ვითარმედ: ესე ნათელღებული, არამედ: „ესე არსო“, და სხუაჲ არარაჲ შესძინა, და რომელთა ესმა, ჰგონებდა კაცად-კაცადი, ვითარმცა ნათლისმცემელისა მისთჳს იტყჳს, არა ნათელღებულისათჳს, ზემოთქუმულთა მათ მიზეზთათჳს და პატიოსნებისათჳს ნათლისმცემელისა; ამისთჳს მოვიდა სული წმიდაჲ ხილვითა ტრედისაჲთა და ჴმაჲ იგი იესუს ზედა მოიღო, რაჲთა აუწყოს ყოველთა, ვითარმედ თქუმული იგი - „ესე არს ძე ჩემი საყუარელი“ - არა იოვანესთჳს იყო ნათლისმცემელისა, არამედ იესუსთჳს ნათელღებულისა, რამეთუ იგი არს მხოლოდშობილი ძე ღმრთისაჲ.

თქუან უკუე ვიეთმე, ვითარმედ: ამას ყოველსა ზედა ვითარ არა ჰრწმენა ჰურიათა ქრისტე? არამედ ნუვის უკჳრს ესე, დაღაცათუ ფრიად საკჳრველი არს, რამეთუ უკეთურებისა მათისა და ფრიადისა მის გულფიცხელობისაგან იყო ესე. და მოსეს ზეცა მრავალი საკჳრველება იხილეს, დაღაცათუ ესევითარი არა ეხილვა, და შემდგომად მის ყოვლისა: ჴმათა მათ საშინელთა, ელვისა მის და ქუხილისა და სხჳსა მის, რავდენი იხილეს, ქმნეს მათ ჴბოჲ ქორებს და შეწირეს ბელფეგორესა. ესე ყვეს მამა-თა მათთა. და კუალად ამათ იხილეს ლაზარე, ოთხისა დღისა მკუდარი, ბრძანებითა ქრისტესითა აღდგომილი, და ესოდენ არა შეიგონეს, ვიდრეღა მოკლვაჲცა მისი განიზრახეს. ამისთჳს მათისა მის უკეთურებისაგან არა საკჳრველ იყო, რომელ-იგი არა ჰრწმენა ზეცით მოსრულსა მასცა ჴმასა ზედა და გარდამოსლვასა სულისა წმიდისასა; რამეთუ ოდეს იპოოს სული უმადლოჲ და უფლებული ვნებათაგან და უფროჲსღა შურისაგან, არავინაჲ შეიგონებს, არცა მოვალს გულისჴმის-ყოფად; ვითარ-იგი ოდეს იპოოს სული გონიერი და კეთილი, ყოვლით კერძო გულისჴმის-ყოფად მოვალს. ნუ ამას იტყჳ უკუე, ვითარმედ რად არა ჰრწმენა, არამედ ესე გამოიძიე, უკუეთუ აქუნდა რაჲ მიზეზი არარწმუნებისაჲ, ვითარცა-იგი წინაწარმეტყუელისა ესაიაჲს მიერ იტყჳს ღმერთი, რამეთუ ვინაჲთგან ეგულებოდა ჰურიათა თჳსისა უკეთურებისაგან წარწყმედაჲ და უკუანაჲსკნელთა სატანჯველთა მიცემაჲ, რაჲთა არავინ იქმნას მაბრალობელ ღმრთისა, ამისთჳს იტყჳს: „და აწ კაცმან იუდაჲსმან და რომელნი ხართ იერუსალჱმს, საჯეთ ჩემდამო და შორის ვენაჴისა მის ჩემისა. რაჲღამცა უყავ სავენაჴესა მას ჩემსა, და არა უყავ მას?“1 ეგრეთვე აქაცა გულისჴმა-ყავ, თუ რაჲ შეჰგვანდა ყოფად, და არა იქმნა მოყვანებად მათა სარწმუნოებად; უკუეთუ კულა არა ინებეს მოსლვად, ესე მათისა მის ურჩულოებისა გარდამატებულებაჲ იყო და სხუაჲ არარაჲ.

ესე სიტყუაჲ გაქუნდინ მარადის მათა მიმართ, რომელნი განგებულებათა ღმრთისათა ჴელ-ჰყოფენ უგუნურებით ბრალობად, რამეთუ იხილე, ვითარნი საკჳრველებანი აღესრულებოდეს, მომასწავებელნი მომავალ-თანი, რამეთუ არა სამოთხე, არამედ ცანი განეხუმიან, და სული წმიდაჲ იხილვების, და ჴმაჲ ზეგარდამო ისმის, ხოლო უგულისხმონი იგი და ორგულნი არავე მოვლენ მეცნიერებად. გარნა ჰურიათა მიმართ სიტყუაჲ სხუად ჟამად დამარხულ იყავნ ჩუენდა, ხოლო აწ შეწევნითა ღმრთისაჲთა

1 ესაია 5,3-4.

წინამდებარისა ამისთჳს ვიტყოდით ძალისაებრ ჩუენისა, ვითარცა მომცეს ჩუენ სიტყუაჲ უფალმან, რომლისაგან არს ყოველი ნიჭი კეთილი: „და ნა-თელ-იღო იესუ და მეყსეულად აღმოვიდა წყლისა მისგან. და აჰა განეხუნეს ცანი“. რაჲსათჳს განეხუნეს ცანი? რაჲთა სცნა, ვითარმედ შენცა რაჟამს ნათელ-იღებდე, ესრეთვე იქმნების, რამეთუ მოგიწოდს ღმერთი ზეცისა სასუფეველად და გასწავებს, რაჲთა არცაღა ერთი ზიარებაჲ გაქუნდეს საქმეთა თანა ქუეყანისათა. ხოლო უკუეთუ არა ჰხედავ თუალი-თა შენითა განხუმასა მას ცათასა, ნუ ურწმუნო იქმნები ამისთჳს, რამეთუ დაწყებასა სულიერთა და დიდებულთა საქმეთასა ხილულნი გამოჩნდებიან საკჳრველებანი უგულისხმოთათჳს, რომელთა უჴმს ესევითარი ხილვაჲ და ვერ შემძლებელ არიან უხილავთა საქმეთა სარწმუნოებითა გულისჴმისყოფად, რაჲთა ამისა შემდგომად, ოდეს არღარა გამოჩნდეს ესევითარი რაჲმე, პირველ ხილულისა მისგან უხილავისაცა ჰრწმენეს; რამეთუ მოციქულთაცა ზედა მოვიდა რაჲ სული წმიდაჲ, იქმნა ოხრაჲ, ვითარცა ქარისა სასტიკისაჲ, და ხილვანი ცეცხლისა ენათანი. არა თუ მოციქულთათჳს იქმნა ესრეთ, არამედ მუნ მყოფთა მათ ჰურიათათჳს, და რაჲთა შემდგომთა მათ ჰრწმენეს. რამეთუ დაღაცათუ აწ ხილულნი სასწაულნი არა იქმნებიან, არამედ პირველქმნილთაგან აწინდელსაცა გულისჴმა-ვჰყოფთ და სარწმუნოებით შევიწყნარებთ.

ხოლო სული წმიდაჲ ამისთჳს გამოჩნდა მაშინ, ვითარცა ტრედი, რაჲ-თა ვითარცა თითითა, ესრეთ ცხადად უჩუენოს იოვანესცა და ერსა მას შემოკრებულსა მხოლოდშობილი იგი და საყუარელი ძე ღმრთისაჲ, და კუალად ამისთჳსცა, რაჲთა სცნა, ვითარმედ რაჟამს-იგი ნათელ-იღებდე შენ, მორწმუნეო, შენ ზედაცა სული წმიდაჲ გარდამოვალს. ხოლო უკუეთუ არა ჴორციელითა ხილვითა იქმნების ესე, ნუ გიკჳრს, რამეთუ სარწმუნოებით გულსავსე ვართ, ვითარმედ ესე ჭეშმარიტად იქმნების, და ვიცით, ვითარმედ სასწაულნი ხილულნი ურწმუნოთათჳს არიან, არა მორწმუნე-თათჳს. რაჲსათჳს ხილვითა ტრედისაჲთა იხილვა სული წმიდაჲ? ვინაჲთგან ყოვლადწმიდაჲ იგი სული სული სიმშჳდისაჲ არს და სიწმიდისაჲ. ხოლო უფროჲს ყოველთა მფრინველთა ტრედი არს მშჳდ და უმანკო და მოყუარე სიწმიდისა და სურნელებისა; ამისთჳს სახითა მისითა იხილვა, რამე-თუ პირველითგანცა წეს არს, რაჲთა ტრედი მოასწავებდეს დაცხრომასა წყლითრღუნისასა, რამეთუ ოდეს-იგი დაინთქმოდა წყალთა შინა და აღი-ჴოცებოდა ყოველივე აღმდგომი და იძრვისი ქუეყანისაჲ და ბუნებაჲ ჩუენი შიშსა შინა იყო სრულიადისა მოსპოლვისასა, ამან მფრინველმან მოიღო მაშინ ხარება დაცხრომისაჲ მოწევნულისა მის რისხვისა და აღსასრული დიდისა მის ზამთრისაჲ აუწყა და რტოჲ ზეთისხილისაჲ აქუნდა მახარებელად დაწყნარებისა მის და მშჳდობისა ყოვლისა სოფლისაჲ, რომელი-იგი ყოველივე სახე იყო ყოფადთაჲ მათ; რამეთუ მაშინცა ბოროტად იქცეოდა ნათესავი კაცთაჲ და უძჳრესისა სატანჯველისა ღირს იყვნეს, და რაჟამსიგი ესრეთ წარკუეთილ იყო და განწირულ სასოებაჲ ცხორებისა მათისაჲ, ყო ღმერთმან წყალობაჲ და არა აჴოცა სრულიად ბუნებაჲ ჩუენი, არამედ დაჰმარხა ნოე და მისთანანი იგი და კუალად განავრცელა და განამრავლა ნათესავი კაცთაჲ და მოწევნულითა მით რისხვითა ცოდვისა იგი სიმრავლე აჴოცა და მუშაკი იგი სიმართლისაჲ გამოიყვანა სოფელსა შინა ხარებითა მით და უწყებითა ტრედისაჲთა. ამისთჳს უკუე აწცა ხილვითა ტრედისაჲთა გამოჩნდა სული წმიდაჲ, რაჲთა მოაჴსენოს კაცთა საქმე იგი, ვითარმედ ვი-თარცა მაშინ წარირღუნა და უჩინო იქმნა საქმე ცოდვისაჲ, და რომელ-იგი საგონებელ იყო, ვითარმედ ვერ შესაძლებელ არს აურაცხელისა მის ცოდვისა დაცხრომაჲ, მსწრაფლ იქმნა ბრძანებითა უფლისაჲთა, და ვითარცა ახალი კაცი, ესრეთ გამოვიდა ნოვე ქუეყანად, განთავისუფლებული ბოროტთა მათგანცა მახლობელთა გმირთა მათ და უღმრთოთა კაცთაგან, დაჴსნილი ზამთრისა მისგანცა მძაფრისა და მოწევნულისა მის რისხვისა; ეგრეთვე აწ მოსლვითა უფლისაჲთა დაიჴსნა და უჩინო იქმნა ძალი ცოდვისაჲ და დაინთქა წყალთა მათ შინა იორდანისათა, სადა-იგი დაჰფლა უფალმან დაძუელებული იგი კაცი და აღმოიყვანა ბუნებაჲ ჩუენი მიერ განთავისუფლებული, რომელიცა შემდგომად მცირედისა განათავისუფლოს სრულიად თჳსითა მით ვნებითა და სიკუდილითა და ბოროტნი იგი გმირნი - ეშმაკნი - და ყოველი ძალი მათი დაანთქნეს სიღრმეთა ქუესკნელისათა.

ამისთჳს იხილვა სული წმიდაჲ ხილვითა ტრედისაჲთა, რაჲთა აუწყოს კაცთა, ვითარმედ აღესრულა აწცა განწირულთა მათ კურნებაჲ, ვითარცა მაშინ, და უფროჲსად; ვითარცა ვთქუ, მაშინდელი იგი ამისა იყო სახე და მომასწავებელ, არამედ მაშინ დაჴსნაჲ იგი და უჩინო-ყოფაჲ ცოდვისაჲ მის და განწირულისა მის სენისა კურნებაჲ ტანჯვითა და გუემითა და რისხვითა მით მოწევნულითა იქმნა, ხოლო აწ - სიტკბოებითა და მადლითა გამოუთქუმელითა და ნიჭითა სახარულევანითა. ამისთჳსცა სული წმიდაჲ ხილვითა ტრედისაჲთა გამოჩნდა. არა ზეთისხილისა რტოჲ მოაქუნდა, არამედ განმაქარვებელსა მას ბოროტთასა და განმათავისუფლებელსა კაც-თასა უჩუენებდა და ახარებდა სოფელსა სიხარულსა დიდსა და სასოებასა ცხორებისასა აუწყებდა. არა კაცისა ერთისა კიდობნით გამოსლვასა მოასწავებდა, არამედ ყოვლისა სოფლისა ზეცად აღყვანებასა განაგებდა და რტოჲსა წილ ზეთისხილისა შვილებაჲ ღმრთისაჲ მოართუა ნათესავსა კაც-თასა. გულისჴმა-ყავთ უკუე ნიჭისა ამის მის მიერ მოცემულისა სიმაღლე და ადიდებდით მას თანა მამით და ძითურთ. ნუ ემსგავსებით უღმრთოებასა მათსა, რომელნი ჰგმობენ მას და ხილვითა მით ტრედისაჲთა გამოჩინებასა უდარესობად პატივისა მისისა ჰგონებენ და აღმოუტეობენ პირით თჳსით ზრახვათა მათ ეშმაკისათა. რამეთუ მის მიერ ბირებულნი იტყჳან, ვითარმედ: ვითარცა-იგი ფრიადი განყოფაჲ არს შორის კაცისა და ტრედისა, ეგრეთვე შორის ქრისტესსა და სულისა წმიდისა; ამისთჳსცა ქრისტე ბუნებითა ჩუენითა, ხოლო სული წმიდაჲ სახითა ტრედისაჲთა იხილვა.

რაჲ უკუე ვთქუათ მათთჳს? გარნა ესე: დაანთქენ იგინი, უფალო, და მიმოდაყვენ ენანი მათნი, რამეთუ შეიყუარეს ყოველი სიტყუაჲ დაქცევისაჲ და ენაჲ მზაკუვარი. ამისთჳს ჰრცხუენოდენ უღმრთოთა და შთაჴდენ იგინი ჯოჯოხეთად, უტყუ იქმნენ ბაგენი მზაკუვარნი, რომელნი იტყჳან ურჩულოებასა, და დაიყავნ პირი მათი, რომელნი იტყჳან სიცრუესა, რამეთუ არა იციან, არცა რასა იტყჳან, არცა ვიეთთჳს დაამტკიცებენ; და უფროჲსღა იციან, არამედ ნეფსით ეშმაკისა თანაშემწე არიან. ამისთჳს ვჰრქუათ მათ, ყრუთა მაგათ: ისმინეთ! და ბრმათა მაგათ: აღიხილენით თუალნი, უგუნურნო და უგულისჴმონო! გულისჴმა-ყავთ, ვითარმედ არა არს განყოფილებაჲ შორის მამისა და ძისა და სულისა წმიდისა არცა ერთი, თჳნიერ გუამოვნებისა და თჳთებისა, არა არს ერთიცა წმიდისა სამებისაგანი უდარეს, ანუ დაბადებულ, ანუ უკუანაჲსკნელ შემოსრულ, ვითარმცა პირველ არა იყო და უკუანაჲსკნელ იქმნა, არამედ ერთ არს დიდებაჲ მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ, ერთი ბუნებაჲ, ერთი ძალი, ერთი სიმტკიცე. და ვითარცა-იგი ვიტყჳთ ძისათჳს, ვითარმედ: ნათელი - ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი - ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, ხატი და მსგავსებაჲ შეუცვალებელი ბუნებისა მის და ღმრთეებისა მამულისაჲ, სიტყუაჲ გუამოვანი, სიბრძნე - შემოქმედი ყოველთა არსებათაჲ, და ძალი - ყოველთა დაბადებულთა მპყრობელი, ძე ჭეშმარიტი - ჭეშმარიტისა მამისაჲ, უხილავი - უხილავისაჲ, დაუსაბამოჲ - დაუსაბამოჲსაჲ, უკუდავი - უკუდავისაჲ და დაუსრულებელი - დაუსრულებლისაჲ; ეგრეთვე სულისა წმიდისათჳს: გურწამს ერთი სული წმიდაჲ, უფალი და ცხოველსმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს და რომლისა მიერ მოეცემის კაცთა, თაყუანისსაცემელი მამისა და ძისაჲ, მიზეზი ყოველთა ცხორებისაჲ, სიწმიდე მომცემელი სიწმიდისაჲ, რომლისა მიერ იცნობების და გამოჩნდების ღმერთი მამაჲ, რომელი-იგი არს ყოველთა ზედა და ყოველთა შორის; და ღმერთი ძე, რომელი-იგი არს ყოველთა ზედა, და ყოველი - მის მიერ. ღმერთი არს ჭეშმარიტი სული წმიდაჲ, მსგავსად მამისა და ძისა, ნათელი და განმანათლებელი, სული ჭეშმარიტებისაჲ, სული შვილებისაჲ, სული სიბრძნისაჲ, მეცნიერებისაჲ, გულისჴმის-ყოფისაჲ, სული სახიერებისაჲ. რასა მრავალსა ვიტყჳ? რამეთუ ენაჲ კაცობრივი, არცა თუ ანგელოზთაჲ, ჯერისაებრ ვერ იტყჳს საიდუმლოსა ამას. გარნა ამას ვიტყჳთ და გურწამს, ვითარმედ ყოველი, რავდენიცა არს მამისაჲ, ძისაჲ არს, თჳნიერ უშობელობისა; ყოველი, რავდენი არს ძისაჲ, სულისაჲ არს, თჳნიერ შობისა. მამაჲ უშობელი და ძე დაუსაბამოდ შობილი და სული წმიდაჲ მამისაგან გამომავალი, რომელ-ესე არიან თჳთებანი სამგუამოვნისა მის სამებისანი. ხოლო სხჳთა ყოვლითავე ერთ არს წმიდაჲ სამებაჲ, განუყოფელი და შეუცვალებელი, ერთი ღმრთეებაჲ, დიდებული უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

ვითარ უკუე თქუენ, ჵ სავსენო სულითა მით საეშმაკოჲთა, ხილვისა მისთჳს სახითა ტრედისაჲთა უდარესობისა თქუმაჲ იკადრეთ სულისა წმიდისაჲ?! ვაჲ თქუენდა, უდარესნო და უძჳრესნო ყოველთა დაბადებულთასა! ხოლო თქუენ, შვილნო ეკლესიისანო, სიტყჳსა ამის განმარტებაჲ ისმინეთ: უკუეთუ ენებოს მგმობართა მათცა, ისმინონ, უკუეთუ არა, ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ. უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან, მხოლოდშობილმან მან ძემან ღმრთისამან, ჩუენისა ცხორებისათჳს მიი-ღო ბუნებაჲ კაცობრივი და იქმნა ყოვლითურთ ჭეშმარიტი კაცი, თჳნიერ ცოდვისა, და აღვიარებთ მას სრულად ღმრთად და სრულად კაცად. ხოლო სულმან წმიდამან არა თუ ბუნებაჲ ტრედისაჲ მიიღო. ნუ იყოფინ! ამის-თჳსცა მახარებელმან არა თქუა, თუ: გარდამოჴდა სული წმიდაჲ ბუნები-თა ტრედისაჲთა, არამედ ხილვითა ტრედისაჲთა. და სხუაგან თქუა: „სული წმიდაჲ, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი“.1 რამეთუ ესევითარითა ხილვითა გამოჩნდა მაშინ და მიერითგან არღარა ხილულ არს ესევითარითა სახითა, რამეთუ არა ბუნებაჲ შეიმოსა ტრედისაჲ, არამედ ხილვითა ტრედისაჲთა გამოჩნდა. იხილვნეს ქერობინნიცა სახითა ლომისა და ზუარაკისა და კაცისა და არწივისაჲთა, არამედ არცა ერთისა ამათგანისა ბუნებაჲ აქუნდა. გამოჩნდეს ანგელოზნიცა სახითა კაცთაჲთა, არამედ არა აქუნდა ბუნებაჲ კაცთაჲ. და თავადი ღმერთი წინაწარმეტყუელთა თითოფერითა სახითა ეჩუენა, არამედ არარას მათ სახეთაგანსა მსგავს არს ბუნებაჲ მისი. ეგრეთვე სული წმიდაჲ ხილვითა ტრედისაჲთა გამოჩნდა, არამედ არა ბუნებითა ტრედისაჲთა. ხოლო ძემან ღმრთისამან ჭეშმარიტად ბუნებაჲ კაც-თაჲ მიიღო, და არს იგი ღმერთი და კაცი სრული.

სხუაჲ არს უკუე ჭეშმარიტებაჲ იგი განგებულებისაჲ, და სხუაჲ არს ჟამიერისა ხილვისა ჩუენებაჲ. უკუეთუ კულა რომელი-იგი ხილვითა ტრედისაჲთა გამოჩნდა, შეურაცხებად გიჩნს თქუენ, ჵ უგუნურნო, რამეთუ თქუენდავე მოვაქციო სიტყუაჲ, შეურაცხ-ჰყოთ ვიდრემე სასუფეველიცა ცა-თაჲ, რამეთუ მარცუალსა მდოგჳსასა მიამსგავსა იგი უფალმან და თესლსა კეთილსა და სათრომელსა ბადესა. ხოლო ოდეს მეუფისა ქრისტესთჳსცა გესმას, ვითარმედ: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ“,2 და სხუასა ადგილსა გესმას იგი „კრავად“ წოდებული და კუალად „მარგალიტად“ და „ცუარად“, ნუუკუე ამისთჳს შეურაცხ-ჰყოთ, ჵ უგულისჴმონო საღმრთოთა საიდუმლო-თანო? არამედ მოიცალეთ და გულისჴმა-ყავთ და ნუ ხართ უმადლონი ქველისმოქმედისა მიმართ, ნუცა ჰგმობთ მომნიჭებელსა მას ნეტარებისასა, სახიერსა მას და ყოვლადწმიდა სულსა, რომლისა მიერ მოგუეცა შვილებაჲ ღმრთისაჲ, მოტევებაჲ ცოდვათაჲ და აურაცხელთა მათ კეთილთა ნიჭნი. არამედ ესე კმა იყავნ უგულისჴმოთა მათ მიმართ.

ხოლო ჩუენ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ წინამდებარისა ამის თქუმად. ჯერ-იყო ნათლის-ღებისა მის ჰურიათაჲსა დაცხრომაჲ და ჩუენისა ამის დაწყებაჲ. ამისთჳსცა რაჲ-იგი პასექსა მას იქმნა, აქაცა იქმნე-

1 მათ. 3,16. 2 იოან. 1,29.

ბის, რამეთუ მუნცა ორივე ქმნა უფალმან, ძუელიცა და ახალიცა; და ერთი იგი დააცხრვო, ხოლო მეორისა ამის ყო დასაბამი. ეგრეთვე აქა აღასრულა რჩულიერი იგი ძუელისაჲ ნათლის-ღებაჲ და საეკლესიოჲსა ამის ნათლის-ღებისა კარი განაღო. და ვითარცა პასექსა მას ერთსა ზედა ტრაპეზსა ორივე პასექი აღასრულა, ეგრეთვე აქა ერთსა შინა მდინარესა აჩრდილიცა იგი გამოსახა და ჭეშმარიტებაჲცა სრულ-ყო. რამეთუ ნათლის-ღებასა მას იოვანესსა ვერ ჴელ-ეწიფებოდა მონიჭებაჲ სულისა წმიდისაჲ, არამედ ამას ქრისტეს მიერ მოცემულსა ნათლის-ღებასა აქუს ნიჭი იგი სულისა წმიდისაჲ, ამისთჳსცა სხუათა მათ ნათელღებულთა ზედა, რომელთა ნათელ-სცემდა იოვანე, არარაჲ ეგევითარი იქმნა; ხოლო მო-რაჲ-ვიდა მომცემელი იგი ახლისა ამის ნათლის-ღებისაჲ, ცანი განეხუნეს, და სული წმიდაჲ გარდამოჴდა, რამეთუ არა ნათლისმცემელისა მის სიწმიდე, არამედ ნათელღებულისა მის ძალი იქმოდა ამას, რაჲთა ძუელისა მისგან შემიყვანნეს ჩუენ ახლად მოქალაქობად; ამისთჳს ბჭენი ცათანი განგჳხუნა, და სული წმიდაჲ გარდამოჴდა წოდებად ჩუენდა მამულსა მას ზეცისასა, და არა ესრეთ ლიტონად გჳწოდა, არამედ დიდითა პატივითა, რამეთუ არა ანგელოზ გუყვნა და მთავარანგელოზ, არამედ გუყვნა ჩუენ შვილ ღმრთისა და საყუარელ მეუფისა და ესრეთ აღმიყვანებს ჩუენ სამკჳდრებელსა მას ზეცისასა.

სწავლაჲ იბ ვითარმედ ქრისტეანემან უკუეთუ არა აჩუენოს მოქალაქობაჲ სათნოჲ, უმეტესად იტანჯოს

ხოლო შენ, საყუარელო, რომელსაცა გესმიან სიტყუანი ესე და მეცნიერ ხარ საიდუმლოთა ამათ, გულისჴმა-ყავ ყოველივე ესე და მოიგე მოქალაქობაჲ ღირსი სიყუარულისა მის, რომლითა შეგიყუარა უფალმან, და პატივისა მის, რომლითა პატივ-გცა, და წოდებისა მის, რომლითა გიწოდა, და ბრძანებისა მის, რომელი გამცნო: ჯუარს-აცუ თავი შენი სოფლისა და სოფელი თავისა შენისა და ცხორებდ მოქალაქობითა მით ზეცისაჲთა. ნუ ჰგონებ, თუ ვინაჲთგან გუამი შენი არა ამაღლებულ არს ზეცას, ზიარებაჲ რაჲმე გაქუს ქუეყანასა ზედა. ნუ იყოფინ! რამეთუ „თავი“ ჩუენი ზეცას მჯდომარე არს, რომელი-იგი ამისთჳს მოვიდა ქუეყანად - ყოველთა მეუფე - და ანგელოზთა დასნი მოიყვანნა და ბუნებაჲ ჩუენი ზეცას აღიყვანა, რაჲთა ჩუენცა ვცნათ, ვითარმედ მუნ გჳღირს აღსლვაჲ, და პირველ აღსლვისა ესრეთ ვიყვნეთ ქუეყანასა ზედა, ვითარცა მკჳდრნი ზეცისანი, სადა-იგი არს სამკჳდრებელი ჩუენი. ამისთჳს თანაგუაც დამარხვად აზნაურებისა მის, რომელი მოგუეცა უფლისა მიერ, და ძიებად მარადღე სასუფეველსა მას ცათასა და საწუთროჲსა ამის ყოვლისავე შერაცხვად აჩრდილად და სიზმრად.

ესე ყოველი, საყუარელო, გაქუნდინ მარადის გულსა შენსა და რბიოდე გზასა მას მცნებათა ქრისტესთასა. გულისჴმა-ყავ, ვითარმედ უკუეთუმცა მეფემან ქუეყანისამან გპოა შენ გლახაკობასა შინა დიდსა და აღგიღომცა და გყო შენ ძედ თჳსად, აღგიყვანა პალატად და პატივი იგი სამეუფოჲ შეგმოსა, თავს-იდევღამცა ტალავრისა მის შენისა პირველისა, უნდოჲსა მის და შეურაცხისა, დამკჳდრებაჲ და დაბებკულისა მის სამოსლისა შემოსად და კუალად თხოად პურისა განსლვად? ეგრეთვე აწ ნუღარას პირველისა მის უნდოებისასა ეძიებ, ნუცა გწადის, რამეთუ ფრიად უაღრესისა მიმართ წოდებულ ხარ აწ, ვიდრეღა უკუეთუმცა მეფისა მის მიწისაგანისა ძედ იწოდე, რამეთუ მწოდებელი იგი შენი მეუფე არს ანგელოზთა და კაცთაჲ, და კეთილნი იგი, რომელთა მოგცემს, უზეშთაეს არიან ყოვლისა სიტყჳსა და ყოვლისა გონებისა, რამეთუ არა თუ ქუეყანითი ქუეყანადვე გიწოდს, ვი-თარცა მეფე ესე მიწისაგანი, არამედ ქუეყანით - ზეცად, და ბუნებისაგან მოკუდავისა - უკუდავებად, და სიგლახაკისა ამისგან და უბადრუკებისა ფრიადისა - დიდებისა მის მიმართ მოუგონებელისა, რომელი-იგი მაშინ ოდენ უძლოთ კეთილად გულისჴმის-ყოფად, ოდეს ღირს ვიქმნეთ დამკჳდრებად სავანეთა მათ ზეცისათა.

აწ უკუე რომელი-ეგე ესევითართა კეთილთა მკჳდრად ჩინებულ ხარ, რაჲსათჳს ყოლადვე გაჴსოვსცა წარმავალი ესე და უჴმარი საწუთროჲ და საფასენი და სიმდიდრენი მისნი განხრწნადნი და ამაონი, რომელ-იგი ყოველივე ძონძისა მის სანეხუეთაგან შეკრებულისა უუნდოეს და უხენეშეს არს? ანუ ვითარ მიემთხჳო სანატრელსა მას პატივსა, რაჲ მიუგო სიტყუაჲ მეუფესა მას, რომელმან გიწოდა შვილებად მისა, ესევითარისა მაგისა უგუნურებისათჳს? ანუ ვითარ არა მრავლისა გუემისა და ტანჯვისა ღირსად გამოსჩნდე, უკუეთუ შემდგომად ესევითართა მათ ნიჭთა მოღებისა პირველსავე შეურაცხებასა მიიქცე, ვითარცა ძაღლი ნათხევარსა თჳსსა. რამე-თუ უმეტესად იტანჯო შენ, რომელმან შვილებაჲ ღმრთისაჲ შეურაცხ-ჰყავ, ვიდრეღა რომელნი არღა ღირსქმნილ არიან პატივსა მას. და გექმნას პატივი იგი უმეტესისა სატანჯველისა მომატყუებელ; რამეთუ სოფელსაცა შინა უკუეთუ ძე იპოოს ბოროტისმოქმედ, უმეტესისა სასჯელისა ღირს არს, ვიდრეღა მონაჲ, რავდენ უფროჲს ღმრთისა მიერ ესრეთ განეწესოს.

უკუეთუ ადამ მკჳდრ იქმნა რაჲ სამოთხესა შინა და გარდასლვისათჳს მცნებისა მის შემდგომად ესევითარისა მის პატივისა ესოდენთა ბოროტ-თა განსაცდელთა მიეცა, რაჲ-მე იყოს ჩუენდა, რომელთა მოგუეცნეს ცანი სამკჳდრებელად და ვიქმნენით თანამკჳდრ ძისა ღმრთისა და მერმეღა მორჩილებასა შინა ბოროტისა მის გუელისასა ვიპოვნეთ? რამეთუ არღარა იგი გუესმას, ვითარმედ: „მიწაჲ ხარ და მიწად მიიქცე“,1 და „ეკალსა და კუროსთავსა აღმოგიცენებდეს შენ“,2 და სხუაჲ იგი ესევითარი, არამედ

1 დაბ. 3,19. 2 დაბ. 3,18.

ფრიად უმწარესნი იგი და უძნელესნი სიტყუანი: წარსლვაჲ ბნელად გარესკნელად და ცეცხლად უშრეტად და შეკრვაჲ ჴელით და ფერჴით საკრველითა მით განუჴსნელითა და მიცემაჲ მატლთა მათ წამლეანთა, სადა-იგი არს ტირილი სამარადისოჲ და ღრჭენაჲ კბილთაჲ; და სამართლად შეგუემ-თხჳოს ესე ყოველი, რამეთუ რომელთა პატივი იგი დიდი არა შეიშუენონ, ჯერ-არს მათი უკუანაჲსკნელთა სატანჯველთა მიცემაჲ.

ესე ყოველი, საყუარელო, გულისჴმა-ყავ და თავსა შენსა ეკრძალე. განხუმულ არიან ცანი და გზაჲ მუნ აღსლვისაჲ მზა არს. ელიაცა ოდესმე განახუნა ცანი და დაჰჴშნა, არამედ გარდამოყვანებად და დაყენებად წჳმისა; ხოლო შენ არა ესრეთ განგეხუმიან ცანი, არამედ რაჲთა აღხჳდე და შეხჳდე მიუთხრობელთა მათ კეთილთა; და საკჳრველი ესე არს, რამეთუ არა თუ აღსლვად ოდენ ჴელ-გეწიფების, არამედ სხუათაცა აღყვანებად, უკუეთუ გენებოს. ესრეთ მოუცემიეს შენდა უფალსა ესევითარი ესე კადნიერებაჲ საქმეთა მათ შინა მაღალთა და დიდებულთა.

აწ უკუე ვინაჲთგან ზეცას არს სამკჳდრებელი შენი, მუნ დაიუნჯე ყოველივე და ნურარას დაუტეობ აქა, რაჲთა არა ყოველივე წარსწყმიდო, რამეთუ აქა დაღაცათუ კლიტენი დასხნე და მოქლონი საუნჯეთა შენთა, დაღაცათუ მონანი და მჴედარნი მცველად დაადგინნე, დაღაცათუ მძლე ექმნა მპარავთა და მღილთაგან დაიცვა და დაძუელებისაგან ჟამთაჲსა, რომელ-ესე შეუძლებელ არს, სიკუდილსა ვერსადაჲთ განერები, არამედ წამსა შინა თუალისასა ყოველივე მოგეღოს ჴელთაგან შენთა, და მრავალგზის მტერთა შენთა დაიმკჳდრონ მონაგები შენი. ხოლო უკუეთუ სავანესა მას ზეცისასა წარსცე სამარხველად, ყოვლისავე შიშისა უზეშთაეს იქმნე, სადა-იგი არცა კარი საჴმარ არს, არცა კლიტენი, არცა მცველნი, ესრეთ უშიშ არს და უცთომელ ქალაქი იგი. ვითარ უკუე ფრიადისა უგუნურებისა საქმე არს ესე - მარხვაჲ საუნჯეთაჲ, სადა-იგი არა იმარხვიან, და სადა-იგი არა არს ყოლადვე შიში წარწყმედისაჲ, არამედ უფროჲსად განმრავლდების და აღორძნდების საუნჯე, მუნ არცა თუ მცირედისა საუნჯისა მოგებაჲ, სადა-იგი უწყით, ვითარმედ გუეგულების უკუე დამკჳდრებად.

ამისთჳსცა წარმართნი ურწმუნო არიან სიტყუათა ჩუენთა, რამეთუ არა სიტყუათაგან, არამედ საქმეთაგან ეძიებენ წამებასა და რაჟამს იხილნენ ქრისტეანენი მოსწრაფედ ჴორციელთა ამათ საქმეთა შინა, აღაშენებდენ რაჲ სახლებსა შუენიერებსა და შეჰმზადებდენ სამოთხებსა და აბანოებსა, აგარაკთა და ვენაჴთა, და კუალად ესმას, ვითარმედ: მწირ ვართ ქუეყანასა ზედა, ხოლო სამკჳდრებელი ჩუენი ზეცას არს, ურწმუნო არიან სიტყუასა მას, რამეთუ იტყჳან, ვითარმედ: უკუეთუმცა ესე ესრეთ იყო, არამცა ყოველივე ესე წარსაგებელი, რომელსა იქმან აქა, მუნმცა წარავლინესა საუნჯედ წარუპარველად? და ნანდჳლვე საკჳრველ არს, რომელ სადა-ესე მცირედ ჟამ არს მკჳდრობაჲ ჩუენი, სადა-ესე მსხემ ვართ და წარმავალ, მოსწრაფებით და ხარკებით მოვიგებთ მოსაგებელსა და არცა თუ სისხლთა ჩუენთა ვჰრიდებთ ცუდთა მათ და განხრწნადთა მონაგებთათჳს, ხოლო კეთილთა მათ ზეცისათა მოსყიდად და სავანეთა მათ განუხრწნელ-თა აღსაშენებელად არცა თუ ნამეტნავსა მას და უჴმარსა საფასესა წადიერ ვართ მიცემად, სადა-იგი სასყიდლისა მცირედისა გჳჴმს მიცემაჲ და სამკჳდრებელისა საუკუნოჲსა გუექმნების მოგებაჲ, რომელი-იგი არღარასადა მიმიღოს ვინ ჴელთაგან ჩუენთა, უკუეთუ ერთგზის ოდენ ვეუფლნეთ მას. ამის უკუე ესევითარისა უგულისჴმოებისათჳს და გულფიცხელობისა დიდთა სატანჯველთა ღირს ვართ, ოდეს-იგი შიშუელნი და გლახაკნი მივიდეთ მუნ, და არა ჩუენისა ხოლო გლახაკებისათჳს, არამედ რომელ-იგი სხუათაცა ესევითარისა მის გლახაკებისა მიზეზ ვექმნებით, სასჯელი მოგუეჴადოს. რამეთუ ოდეს გჳხილნენ ჩუენ წარმართთა ესრეთ სოფლისმოყუარე და შემსჭუალულ საწუთროჲსა, ვითარ მათ უარყონ სიყუარული საწუთროჲსაჲ? და ესრეთ, რომელთა-ესე თანაგუედვა სწავლად მათდა სიძულილსა სოფლისასა, ოდეს უფროჲსად სიყუარულსა ვასწავლიდეთ და სახე ბოროტისა ვექმნებოდით და მიზეზ წარწყმედისა, არა ნაკუერცხალნი ცეცხლისა მის უშრეტისანი დავიკრიბნეთა თავთა ზედა ჩუენთა? არა უწყითა, ვითარმედ ნათლად დაბნელებულთა და მარილად სოფლისა განწესებულ ვართ უფლისაგან, რაჲთა განხრწნილთა მათ და დაყროლებულ-თა ვნებათა მიერ მოვიყვანებდეთ სურნელებად და უხრწნელებად? ხოლო უკუეთუ უფროჲსად მიზეზ სიბნელისა და სიმყრალისა ვექმნებოდით, რომელიღა სასოებაჲ გუაქუნდეს ცხორებისაჲ, ანუ ვითარ არა შეკრულნი ჴელით და ფერჴით გოდებითა და ღრჭენითა კბილთაჲთა მივეცნეთ ცეცხლსა მას გეჰენიისასა, უკუეთუ ესევითარსა ამაოებასა შინა იქმნას აღსასრული ჩუენი?

ამისთჳს გევედრები, რაჲთა ესე ყოველი გულისჴმა-ვყოთ და განვიჴსნეთ თავნი ჩუენნი საკრველთა მათგან ესევითარისა მის საცთურისათა, რაჲთა არა შევიკრნეთ საკრველითა მით ჯოჯოხეთისაჲთა, არამედ უფროჲსად ფრთოვან ვიქმნეთ სათნოებითა და საუკუნეთა მათ კეთილთა ღირს ვიქმნეთ დამკჳდრებად მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა არს დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.