მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იგ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ იესუ აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან“ (4,1).

რომელ არს ჟამი იგი აღყვანებისა მისისაჲ უდაბნოდ, რომლისათჳს იტყჳს, ვითარმედ: „მაშინ იესუ აღიყვანა უდაბნოდ სულისაგან“? შემდგომად გარდამოსლვისა მის ზედა სულისა წმიდისა, შემდგომად ჴმისა მის ზეცით მოსრულისა, რომელი წამებდა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ“,1 აღმოიყვანა იგი უდაბნოდ სულმან წმიდამან; რამეთუ გესმას რაჲ, ვითარმედ: „აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან“, გულისჴმაყავ, ვითარმედ სულსა წმიდასა იტყჳს აღმყვანებელად იესუსსა უდაბნოდ, რამეთუ ვინაჲთგან ყოველსავე სწავლად ჩუენდა იქმოდა და თავს-იდებდა, თავს-იდვა აღსლვაჲცა უდაბნოდ სულითა წმიდითა, რომელი-იგი მარადის იყო მის თანა და არს და იყოს, ვითარცა ერთარსებით განუშორებელი.

და ესრეთ გულისჴმა-ყავ: იშვებოდა რაჲ ქალწულისაგან, მოვიდა ქალწულსა მას ზედა და ძალითა მადლისა თჳსისაჲთა შეჰმზადა ტაძარი იგი ჴორცთა უფლისათჳს, ვითარცა ახარებდა გაბრიელ, ვითარმედ: „სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა“.2 ნათელს-იღებდა რაჲ, იხილვა სახითა ტრედისაჲთა წამებად ღმრთეებისა მისისა და ჩუენებად ყოველთა, ვითარმედ ესე არს, რომლისათჳს ჴმაჲ ისმის მამისაჲ მეტყუელი ძედ საყუარელად. ეგრეთვე, აღვიდოდა რაჲ უდაბნოდ, აღიყვანა, ვითარცა ესერა აღმოვიკითხეთ, ვითარმედ: „მაშინ აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან“. კუალად, აღასრულებდა რაჲ ნიშებსა და სასწაულებსა, მის თანა იქცეოდა, რაჲთა ყოვლითურთ გულისჴმა-ვყოთ განუშორებელობაჲ მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ.

ხოლო რაჲსათჳს აღვიდა უდაბნოდ გამოცდად ეშმაკისაგანო? რამეთუ თავს-იდვა, ვითარცა ვთქუ, ესეცა ჩუენთჳს და სწავლად ჩუენდა: აღსლვაჲ უდაბნოდ და ბრძოლად ეშმაკისა ბუნებითა მით კაცობრივითა, რაჲთა ჩუენცა, რაჟამს შემდგომად ნათლის-ღებისა შეგუემთხჳნენ უმეტესნი განსაცდელნი ბრძოლათანი, არა შევშფოთნეთ, ვითარცა მოულოდებელიმცა რაჲმე მოწევნულ იყო ჩუენ ზედა, არამედ ახოვნად ყოველივე მოვითმინოთ და უწყოდით, ვითარმედ წესისაებრ თჳსისა იქმნების საქმე იგი, რამეთუ ამისთჳს მოგეცა შენ საჭურველი, ჵ ნათელღებულო, რაჲთა ჰბრძოდი, არა თუ რაჲთა უქმად სდგე შენ.

და ამისთჳს არა დააყენებს ღმერთი ზედამოსლვასა მას ბრძოლათა და განსაცდელთასა: პირველად - რაჲთა სცნა, ვითარმედ აწ უძლიერეს იქმენ ფრიად, ვიდრე პირველ, ოდეს-იგი არღა მოგეღო მადლი ნათლის-

1 მათ. 3,17. 2 ლუკ. 1,35.

ღებისაჲ; მეორედ - რაჲთა არა აღსზუავნე მოღებითა დიდებულისა მის ნიჭისაჲთა, არამედ ბრძოლითა მით განსაცდელთაჲთა სიმდაბლესა შინა ეგო; მესამედ - რაჲთა ბოროტი იგი ეშმაკი, რომელი იჭუეულ არს ჯერეთ ჯმნისა შენისათჳს მისგან, გამოცდითა მით ბრძოლათაჲთა გულსავსე იქმნეს, ვითარმედ ჭეშმარიტად სრულიად გიჯმნიეს მისგან, დაგიტევებიეს იგი და ბრძოლად მისა განწყობილ ხარ; მეოთხედ - რაჲთა გამოჴურვებითა მით განსაცდელთაჲთა იწდო და უმტკიცეს რკინისა გამოსჩნდე და უმკუეთელეს მახჳლისა მწყობრსა მას ვნებათასა; მეხუთედ - რაჲთა გულსავსე იქმნე შენ, ვითარმედ ჭეშმარიტად საუნჯენი დიდნი გერწმუნნეს შენ და პატივი მაღალი მოგეცა. რამეთუ უკუეთუმცა არა ეცნა ეშმაკსა, ვითარმედ დიდად პატივცემულ იქმენ, არამცა მოვიდა ბრძოლად შენდა; არამედ შეშურდა წარმატებაჲ შენი, ვითარცა-იგი ოდესმე ადამისი, რამეთუ იხილა რაჲ იგი ესრეთ დიდისა პატივისა ღირსქმნულად, და ამისთჳს აღიჭურა ბრძოლად მისა მოშურნე იგი მტერი. ამისთჳს იობსაცა ზედა განიწყო, იხილა რაჲ იგი წარმატებული მცნებათა შინა ღმრთისათა და ესმა მისთჳს წამებაჲ ღმრთისა მიერ სიმართლისა და ჭეშმარიტებისაჲ. ამათ ესევითარ-თა საქმეთათჳს არა დააყენებს ღმერთი მოსლვასა ბრძოლათა და განსაცდელთასა, რაჲთა წინააღუდგე მტერისა ზედამოსლვასა და მოიღო გჳრგჳნი იგი ძლევისაჲ ბრწყინვალე. ამისთჳსცა თავს-იდებს იგი გამოცდად ეშმაკისაგან, რაჲთა სცნა, ვითარმედ ჯერ-არს შენდაცა გამოცდად და გამოჴურვებად განსაცდელთაგან ახოვნებით.

და ვითარ იტყჳს სხუასა ადგილსაო, ვითარმედ: „ილოცევდით, რაჲ-თა არა შეხჳდეთ განსაცდელსა“?1 - მეტყჳან ვიეთნიმე. არამედ გულის-ჴმა-ყავთ, ვითარმედ ესე ამისთჳს ბრძანა, რაჲთა გულისჴმა-ჰყოთ, ვი-თარმედ არა ჯერ-არს თავით თჳსით შთაგდებაჲ თავთა ჩუენთა განსაცდელად, არამედ ოდეს მოიწინენ და ვიწოდნეთ გამოცდად, მაშინ ახოვნად დავდგეთ. ამისთჳსცა არა თქუა, თუ: აღვიდა იესუ, არამედ: „აღმოიყვანაო სულისაგან“, წესითა მით და სახითა განგებულებისაჲთა და ბუნებითა ჴორცთა მათ კაცობრივთაჲთა, რომელნი ცხორებისა ჩუენისათჳს შეიმოსნა. და იხილე, თუ სადა აღიყვანა იგი სულმან წმიდამან, არა ქალაქად და სოფლად, არამედ უდაბნოდ, რამეთუ ვინაჲთგან ენება ეშმაკისა ბრძოლად მოხდად, აღიყვანა უდაბნოდ, რაჲთა არა შიმშილისაგან ხოლო, არამედ უდაბნობისაგანცა ადგილისა მის მიეცეს მას მიზეზი ბრძოლად მოსლვისაჲ, რამეთუ წეს არს ესე ეშმაკისა: მაშინ უმეტესად ბრძოლისა აღდგინებად, ოდეს უდაბნოს თჳსაგან ვიყვნეთ; ხოლო ოდეს ზოგად ვიყოფებოდით, არა ესრეთ ცხარედ მოვალს ბრძოლად. და ამისთჳს წეს არს, რაჲთა რომელნი არა იყვნენ საზომსა ძლიერისა ახოვნებისასა მიწევნულ და არა ესწაოს ჴელოვნად ბრძოლაჲ ეშმაკისაჲ და არა მძლექმნილ იყვნენ მძლავრებისა მის

1 მათ. 26,41.

ვნებათაჲსა, არა განვიდენ მარტოდმყოფებისა ასპარეზსა, რაჲთა არა ძლეულ იქმნენ მტერისაგან, არამედ უჴმს მათ კრებულსა შორის მოღუაწეთასა ყოფაჲ, ვიდრემდის მიიწინენ საზომსა მას ვნებათა ძლევისასა.

ხოლო რაჲთა სცნა, ვითარმედ უდაბნოსა უვალსა განვიდა მაშინ უფალი, ისმინე, ვითარ იტყჳს მარკოზ, ვითარმედ: „იყო მჴეცთა თანა“.1 და იქცეოდა რაჲ იგი უდაბნოსა მას, იხილე, ვითარითა უკეთურებითა და მზაკუვარებითა მოუჴდა მას ეშმაკი და ვითარი ჟამი ძიება-ყო, რამეთუ იტყჳს მახარებელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იმარხა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე და მერმე შეემშია“ (4,2).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ყოველსავე ცხორებისა ჩუენისათჳს იქმოდა, ამისთჳს იმარხულა, რაჲთა შენ ისწაო, ვითარ კეთილ არს მარხვაჲ და ვითარ საჭურველი არს დიდი ბრძოლად ეშმაკისა, რაჲთა გულისჴმა-ჰყო, ვითარმედ შემდგომად ნათლის-ღებისა არა შუებასა და მთრვალობასა, დაგებასა ტაბლათა ბრწყინვალეთასა ჯერ-არს შექცევაჲ, არამედ მარხვისა წეს არს შეტკბობაჲ. ამისთჳსცა არა თუ მისდა საჴმარ იყო მარხვაჲ, არამედ სწავლად ჩუენდა აღასრულა იგი; რამეთუ ვინაჲთგან ცოდვანი იგი პირველ ნათლის-ღებისა მოწევნულნი ჩუენ ზედა მონებამან მუცლისამან მოაწინა, ამისთჳს თავადმან შემდგომად ნათლის-ღებისა მარხვაჲ დააწესა; ვითარცა მკურნალმან პოის რაჲ უძლური სენითა მწარითა შეპყრობილი და ჴელოვნებით და წყალობით განკურნის იგი და, განკურნის რაჲ, ამცნის არღარა შთავრდომად მიზეზთა მათ, რომელთაგან სენი იგი მოიწია მის ზედა, ესრეთ უფალმანცა სახითა მით, რომელი აღასრულა, გჳბრძანა ჩუენ, რაჲთა ვინაჲთგან ნათლის-ღებისა მიერ წყლულებანი იგი ცოდვათა ჩუენთანი განიკურნენ, არღარა მივაქციოთ შუებად და მთრვალობად, რომლისაგან წყლულებანი იგი შეგუემთხჳნეს, არამედ მარხვი-თა და მოღუაწებითა ვისწრაფოთ სიმრთელისა მის ჩუენისა უვნებელად დამარხვაჲ; რამეთუ ადამცა უკრძალველობამან ჭამადისამან გამოჴადა სამოთხით, და წყლითრღუნაჲ იგი ნოეს ზე შუებამან და ნაყროვანებამან მოაწია, და სოდომელთა ზედა ცეცხლი და წუნწუბაჲ ამანვე ვნებამან აწჳმა. რამეთუ დაღაცათუ სიძვისა და მამათმავლობისა ბრალი იყო მათ ზედა, არამედ ორისავე მის ბოროტისა ძირი შუებისა და ნაყროვნებისაგან იყო, რომელსაცა წინაწარმეტყუელი ეზეკიელ მოასწავებს და იტყჳს: „გარნა ესე ურჩულოებაჲ სოდომელთაჲ არს, რამეთუ ანპარტავნებითა და სიმაძღრითა პურისაჲთა და ფუფუნებითა სანოაგეთაჲთა იშუებდეს“.2 ეგრეთვე ჰურიათა მაშინ ქმნნეს დიდნი იგი ბოროტნი, ოდეს შუებითა და მთრვალობითა ურჩულოებად მიდრკეს.

1 მარკ. 1,13. 2 ეზეკ. 16,49.

ამისთჳსცა იმარხა უფალმან ორმეოც დღე, რაჲთა გჳჩუენოს ჩუენ წამალი ცხორებისაჲ, და არა გარდაჰმატა უმეტეს ამისა, რაჲთა არა გარდამატებულებითა მით საკჳრველებისაჲთა ურწმუნო იქმნენ ვიეთნიმე ჭეშმარიტებასა მას განკაცებისა და განგებულებისა მისისასა. რამეთუ ორმეოცისა მის დღისათჳს არა შემოვიდოდა ურწმუნოებაჲ ესე, ვინაჲთგან პირველ ამისაცა მოსე და ელია იმარხეს ორმეოც დღე, განმტკიცებულთა ძალითა მით ღმრთისამიერითა. ხოლო უკუეთუმცა უმეტეს ამისსა ქმნა მარხვაჲ იგი, ურწმუნომცა ვიეთნიმე იქმნეს, ვითარცა ვთქუ ჴორცთშესხმისა მისისათჳს.

ხოლო იმარხა რაჲ ორმეოც დღე და ორმეოც ღამე, მერმე შეემშია, რაჲ-თა ადგილ-სცეს ეშმაკსა მოსლვად და ბრძოლად მისდა, რაჲთა ჰბრძოდის მას და გჳჩუენოს, თუ ვითარ ჯერ-არს ბრძოლაჲ და ძლევაჲ; ვითარცა იქმან მორკინალთა მთავარნიცა, ენების რაჲ სწავლად მოწაფეთა თჳსთა, თუ ვი-თარ უჴმს რკინობაჲ, შევიდიან სარკინობელად ნეფსით თჳსით და აღასრულებდიან ღუაწლსა მას რკინობისასა, რაჲთა ხედვიდენ მოსწავლენი იგი და ისწაონ, ვითარ ჯერ-არს რკინობაჲ და ძლევაჲ წინააღმდგომთაჲ; ეგრეთვე მაცხოვარმანცა ქმნა: ენება ჩუენებად წესი ბრძოლისა ეშმაკისაჲ, ამისთჳს ადგილ-სცემს მას, რაჲთა მოუჴდეს ბრძოლად, და შიმშილი იგი აუწყა მას; და მო-რაჲ-უჴდა, არა მეყსეულად უჩინო-ყო, რომელი-იგი ადვილ იყო წინაშე მისა, არამედ ადგილ-სცა მას, და ვითარმცა ვინ თქუა, თუ შეიტყუვა და მიუშუა, ვიდრემდის ეკუეთა მას ერთგზის და ორგზის და სამგზის და მერმეღა დააკუეთა იგი, ვითარცა შეჰგვანდა. დააკუეთა და შემუსრა უძლური იგი და საწყალობელი, რომელი შეეკუეთა, ვითარცა პირველსა ადამს, და დაეცა დაცემითა მით აღუდგომელითა, საცინელ იქმნა და საკიცხელ, საძლეველ და ფერჴისსაცემელ მონათა უფლისათა, ანპარტავანი იგი და მზაკუვარი. გარნა ნუმცა ესრეთ ზედამოსლვით თანაწარვჰჴდებით ბრძოლასა მას და ძლევასა, რომელი იქმნა უფლისა მიერ, რაჲთა არა დაგაკლნეთ თქუენ სარგებელისაგან, არამედ თითოეული იგი ძლევაჲ კეთილად განვიცადოთ, ვითარცა-ესე მოგჳთხრობს მახარებელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მერმე შეემშია. მოუჴდა მას გამომცდელი იგი და ჰრქუა: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, თქუ, რაჲთა ქვანი ესე პურ იქმნენ“ (4,2-3).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ესმა ჴმაჲ იგი ზეცით მოსრული, რომელი იტყოდა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი“,1 და ესმა იოვანესიცა იგი მისთჳს წამებაჲ, ვითარმედ: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“,2 და სხუაჲ იგი მსგავსი ამისი, და მერმე იხილა იგი, ვითარ შეემშია, განცჳბრებულ იყო და ვერცა ამისი ეძლო დარწმუნებად, თუ კა-

1 მათ. 3,17. 2 იოან. 1,29.

ცი არს ლიტონი, წამებისა მისთჳს, რომელი ასმიოდა მისთჳს ზეცით და იოვანესგან, ვერცა ამას დაამტკიცებდა, თუ ძე ღმრთისაჲ არს, რაჟამს-იგი ხედვიდა მას მშიერად. ამისთჳსცა, განკჳრვებულ რაჲ იყო მლევანისა მის საქმისათჳს, მოუჴდა მას და იჭუეულნი სიტყუანი წინაუყვნა, ვითარცა-იგი ოდესმე ადამს ჰრქუა სიტყუაჲ მოპოვნებული არაარსი, რაჲთა ცნას არსი იგი. ეგრეთვე აქა, ვინაჲთგან არა იცოდა ცხადად მიუწთომელი იგი განგებულებისა ქრისტეს საიდუმლოჲ და თუ ვინ არს, რომელსა ხედავს, მრავალღონეთა იწყო ბადეთა თხზვად, რომლითა ჰგონებდა დაფარულისა მის საიდუმლოჲსა ცნობად.

და ისმინეთ, ვითარი სიტყუაჲ წინაუყო: „უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, თქუ, რაჲთა ქვანი ესე პურ იქმნენ“. არა თქუა, თუ: ვინაჲთგან გშიის, თქუ, რაჲთა ქვანი ესე პურ იქმნენ, არამედ: „უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ“, რამე-თუ ამისა ცნობად იყო მოსწრაფებაჲ მისი. ამისთჳს ესრეთ ჰრქუა, რამეთუ ჰგონებდა სიტყჳთა მით საქებელითა ლიქნად მისა, და შიმშილი იგი არა აჴსენა, რაჲთა არა ვითარცა მაყუედრებელად ჩნდეს. რამეთუ არა იცოდა სიმაღლე იგი განგებულებისა მის და ჰგონებდა, თუ შეურაცხება არს მისა შიმშილი იგი. ამისთჳსცა არა აჴსენა სიტყუასა მას შინა ლიქნისასა შიმშილი, არამედ ძეობაჲ ღმრთისაჲ შორის შემოიღო. ხოლო ქრისტემან პირველსავე სიტყუასა ზედა დაამჴუა მისი იგი ზუაობაჲ და გამოაჩინა, ვითარმედ არა სირცხჳლისა ღირს არს საქმე იგი, არცა სიბრძნისა მისა უღირს. და რომელი-იგი მან, ვითარცა შეურაცხი რაჲმე, დაიდუმა, ესე შორის შემოი-ღო თავადმან და ჰრქუა მას:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წერილ არს: არა ხოლო თუ პურითა ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა“ (4,4).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე მანქანებაჲ უკეთურისა მის ეშმაკისაჲ, ვინაჲ ყო დასაბამი ბრძოლისაჲ მის და ვითარ არა დაივიწყა თჳსი იგი ჴელოვნებაჲ. რამეთუ რომლითა სახითა პირველი იგი კაცი გამოჴადა სამოთხით და ბევრეულთა მათ ბოროტთა შთააგდო, მისვე საქმისაგან აქაცა ყო დაწყებაჲ ბრძოლისაჲ. მონებასა მას ვიტყჳ მუცლისასა, ვითარცა აწცა ჩუეულება არს სოფელსა შინა უმეცართაცა მიერ ესევითარისა სიტყჳსაჲ: ბევრეული ბოროტი მუცლისათჳსო. ხოლო ქრისტემან გამოაჩინა, ვითარმედ მოყუარეთა ღმრთისათა და მოქმედთა სათნოებისათა ვერცა თუ ესევითარი იგი მძლავრობაჲ აიძულებს უჯეროჲსა რაჲსამე ქმნად. ამისთჳსცა დაღაცათუ შიოდა, არავე ერჩდა სიტყუასა მას, რაჲთა გუასწაოს ჩუენ არარასა ზედა მორჩილებაჲ ეშმაკისაჲ. რამეთუ ვინაჲთგან პირველი იგი კაცი ამით სახითა გარდაჰჴდა რჩულსა და შესცოდა ღმერთსა, ამისთჳს გუასწავლის უფალი, რაჲთა დაღაცათუ არა გარდასლვაჲ მცნებისაჲ იყოს, რომელსა ეშმაკი გუაწუევდეს ქმნად, არავე მივერჩდეთ მათ, და უფროჲსად, დაღაცა-თუ კეთილსაცა რასმე გუეტყოდის მტერი, არა ჯერ-არს ყოვლადვე სმენაჲ მისი. და იხილე, ვითარ ოდეს ძედ ღმრთისა ეტყოდეს უფალსა ეშმაკნი, პირსა დაუყოფდა მათ;1 და პავლეცა შეჰრისხნა, ამას ესევითარსავე ღაღადებდეს რაჲ, დაღაცათუ რომელსა-იგი იტყოდეს, არა ბოროტ იყო, არამედ უფროჲსად კეთილ და საჴმარ; არამედ რაჲთა სრულიად შეურაცხ-ყვნეს იგინი და შორს-ყოს ჩუენგან ზრახვაჲ მათი და გუასწაოს ჩუენ სრულიადი მათა მიმართ მტერობაჲ, ამისთჳს სდევნიდა მათ და პირსა დაუყოფდა და დუმილსა უბრძანებდა.2

ამისთჳსვე წესისა და ამისვე სახისათჳს არცა აქა თავს-იდვა სიტყუაჲ მისი, არამედ ჰრქუა მას: „არა ხოლო თუ პურითა ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა“. ხოლო ესე ესრეთ არს, ვითარმედ: ძალ-უც ღმერთსა თჳნიერ პურისაცა სიტყჳთა თჳსითა გამოზრდად მშიერისა. ძუელისა წერილისაგან მოართუა მას წამებაჲ, რაჲთა ჩუენ ვისწაოთ, გინა თუ გუშიოდის, გინა თუ სხუასა რასმე ძნელოვანსა მივეცნეთ, არაოდეს განყენებად სასოებისაგან ღმრთისა.

ხოლო იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ: რად არა, რომელი-იგი ვითარცა შეუძლებელი მტერმან წინაუყო გამოსაცდელად, - გარდაქცევაჲ ქვათაჲ პურად, - ქმნა ესე უფალმან, რაჲთამცა უმეტესად ჰრცხუენა მას? ვჰრქუა ესევითარისა მეტყუელთა მათ, ვითარმედ: რაჲსათჳსმცა ქმნა ესე? არა თუ ეშმაკსა სარწმუნოებად მოსლვად ეგულებოდა და ამისთჳს ეძიებდა სასწაულისა მის ხილვად, არამედ რაჲთა უკუეთუ ქმნას სასწაული იგი, ანუ შეუძლოს ცნობად, უკუეთუ ნანდჳლვე ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ არს, ანუ უკუეთუ არა ბუნებითი იგი ძე ღმრთისაჲ არს, არამედ ესრეთ ხოლო ეწოდა, რაჲთა ამხილოს მას ურწმუნოებაჲ, რომელ არა ჰრწმენა, თუ ძალ-უც ღმერთსა გამოზრდად მისა. ამისთჳსცა უფალმან ბოროტისა მის მზაკვარებისა მისისა დაჴსნად ესევითარი მიუგო პასუხი, რომლითა ვერცა, რასა-იგი ეძიებდა ცნობად, უძლო, ვერცა, რომელსა ზედა ისწრაფდა მხილებად მისა, მიემთხჳა, ვითარ-იგი პირველქმნულთა მათ უყო და რომელნი-იგი ამით ესევითარითა სახითა აცთუნნა და ამხილა, ვითარმედ არა აქუს ღმრთისა მიმართ სასოებაჲ მტკიცე. ამისთჳსცა წინააღმდგომ სიტყუათა ღმრთისათა აღუთქუა მათ ეშმაკმან, და რომლისაგან ებრძანა ღმერთსა, ვითარმედ: „უკუეთუ შჭამოთ ხისა მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთო“,3 მან უფროჲსად ჭამითა მისითა უქადაგა მათ უკუდავებაჲ და განღმრთობაჲ და ესრეთ ამაოჲთა სასოებითა აცთუნნა და ურწმუნოებად შთაყარნა და მერმე კეთილთა მათგან სამოთხისათა განჴადნა; ეგრეთვე ენება აქაცა ქმნად, არამედ იძლია; და გამოაჩინა ქრისტემან, ვითარმედ არცა მაშინ სიტყჳსათჳს ეშმაკისა, არცა უკუანაჲსკნელ, ოდეს თანამზრახველნი ეშმაკისანი - მზაკუვარნი ჰურიანი - ეძიებდენ სასწაულსა, ჯერ-არს თანამიყოლაჲ სიტყჳსა მის და ამაოჲსა მის გამოსაცდელად თქუმულისა სათხოელისა; რაჲთა ვითარ-

1 მარკ. 3,11-12; ლუკ. 4,41. 2 საქმე 16,16-18. 3 დაბ. 2,17.

ცა ყოვლისა კეთილისა სახე გუექმნა, ესეცა გუასწაოს, რაჲთა დაღაცათუ ძალ-გუედვას სასწაულისა ანუ სხჳსა რაჲსამე დიდებულისა საქმისა ქმნად, ოდეს ვხედვიდეთ, ვითარმედ არარაჲ არს სარგებელი საქმისა მისგან, არამედ ცუდად და ამაოდ იქმნების, არა ვინებოთ ქმნად საქმისა მის და არცა კუალად თავს-ვიდვათ რასავე ზედა სმენაჲ განძრახვათა ეშმაკისა, დაღაცათუ კეთილსა რასმე გუაწუევდეს, დაღაცათუ ჭირსა და იწროებასა შინა ვიყვნეთ, ყოვლადვე არა ვერჩდეთ მას. ესრეთ უკუე იძლია რაჲ ბილწი იგი და მედგარი და ვერ უძლო დარწმუნებად, რაჲთამცა ქმნა უფალმან, რომელსა-იგი ეტყოდა, და უფროჲსად, ვიდრეღა შიმშილიცა წინამდებარე იყო მაწუეველად საქმისა მის, სხუაჲ სახე ბრძოლისაჲ შემოიღო სართულსა მას ზედა ტაძრისასა და ჰრქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანად, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთა უბრძანებიეს შენთჳს, და ჴელთა ზედა აღგიპყრან შენ, რაჲთა არა წარსცე ქვასა ფერჴი შენი“ (4,6).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ერთგზის ადგილ-სცა უფალმან მოსლვად ეშმაკისა და ბრძოლად მისა, რაჲთა ჩუენ სახე წინააღდგომისა მისისაჲ გუასწაოს, არა ინება ყოვლადვე ჩუენებად მისა ძალი ღმრთეებისა მისისაჲ და უჩინო-ყოფაჲ მისი ანუ ქუესკნელთა შთაჴდაჲ და გეჰენიასა ცეცხლისასა შეყენებაჲ, რომელ-იგი ადვილ იყო წინაშე მისა, ვიდრეღა დაკამკამებაჲ თუალისაჲ. არამედ ენება, რაჲთა ყოველივე ღონე ბრძოლისა მისისაჲ წარმოიღოს მის ზედა და ყოველსა ზედა მძლე ექმნეს ბუნებითა მით კაცობრივითა, რამეთუ ვითარცა ვიტყჳთ, ვითარმედ ბუნებითა მით ჴორცთაჲ-თა ჭამა და სუა და დაიძინა და დაშურა, ეგრეთვე ბრძოლაჲცა ეშმაკისაჲ თავს-იდვა, რაჲთა ჩუენ ძლევისა მისისა სახე მოგუცეს და ძლეულებაჲ იგი ადამისი განკურნოს. ამისთჳს ადგილ-სცა ყოვლითავე ღონითა კუეთებად მისა, რაჲთა ყოვლით კერძო შეიმუსროს ძალი მტერისაჲ. ხოლო რაჲსათჳს თჳთოეულსა მას ბრძოლასა ზედა ამას სიტყუასა ჰყოფს მტერი დასაბამად: „უკუეთუ ძჱ ხარ უფლისაჲ“? რაჲ-იგი პირველთა მათ კაცთა ზე ქმნა, მასვე ჰბრძავს აქა ქმნად, რამეთუ ვითარცა მაშინ შეასმინა ღმერთი მათა მიმართ და ჰრქუა: „იცოდა ღმერთმან, რამეთუ რომელსა დღესა შჭამოთ ხისა მისგანი, აღგეხილნენ თუალნი თქუენნი და იყვნეთ თქუენ, ვითარცა ღმერთნი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა“,1 რაჲთამცა დაარწმუნა, ვითარმედ არარაჲ კეთილი უყო მათ ღმერთმან, არამედ აცთუნნა და არაარსი ამცნო, ეგრეთვე აქა ესევითარსავე გულისსიტყუასა მოასწავებს, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: გამოაჩინე და საქმით დამარწმუნე, უკუეთუ გაქუს ძალი შემსგავსებული ძესა ღმრთისასა. უკუეთუ არა, ცან, ვითარმედ ცუდად გიწო-

1 დაბ. 3,5.

და ძედ საყუარელად და გაცთუნა, აღგითქუა რაჲ ესევითარი იგი ნიჭი და არა მოგცა. უკუეთუ კულა მიუცემიეს, საქმით გულსავსე-მყავ. ესევითარი ჴელოვნებაჲ იჴმარა მზაკუვარმან მან და საძაგელმან, ბოროტმან მან მონამან და განდგომილმან, რაჲთამცა ცნა, თუ ნანდჳლვე იგი არს ძე ღმრთისაჲ, რამეთუ განგებულებითა ღმრთისაჲთა დაეფარა მას საქმე იგი დიდებული და საღმრთოჲ. ამისთჳს ღონის-ძიებით მოიპოვნა სიტყუანი იგი და წამებაჲ წერილთაგან მოიღო სიტყჳსა თჳსისა დასამტკიცებელად. ხოლო უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტე არავე შეჰრისხნა, არცა დაწუა ცეცხლითა გულისწყრომისა მისისაჲთა, რამეთუ ენება, რაჲთა ყოველივე ღონე ბრძოლისა თჳსისაჲ შემოიღოს გამომცდელმან მან, არამედ ფრიადითა სიმშჳდითა კუალადცა სიტყუაჲ წერილისაჲ წინაუყო და ჰრქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წერილ არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი“ (4,7).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲთა გუასწაოს ჩუენ, ვითარმედ ბრძოლაჲ ეშმაკისაჲ და ძლევაჲ არა სასწაულთმოქმედებითა გჳღირს, არამედ სიმდაბლითა, სიმშჳდითა და სულგრძელებითა, და რაჲთა არარას ვიქმოდით მაჩუენებლობით და ზუაობით. ხოლო იხილე მზაკუვარებასა თანა და უკეთურებასა წარწყმედილისა მის და შეჩუენებულისა ფრიადიცა იგი უგუნურებაჲ მისი სიტყუათა მათგანცა, რომელნი შემოიხუნა წამებად თჳსა, რამეთუ ესმა რაჲ, ვითარ მოიღო უფალმან წამებად წერილთაგან სიტყუანი ჯეროანნი და შემსგავსებულნი, მოიღო მანცა წამებაჲ ცუდი და შეუმსგავსებელი წინამდებარისა მის პირისა. რამეთუ არა თუ წერილი იგი, ვითარმედ: „ანგელოზთა მისთა უბრძანებიეს შენთჳს“,1 ამას აწუევს: შთაგდებად თავისა სიღრმედ ანუ გარდაგდებად სიმაღლეთაგან, და არცა უფლისათჳს თქუმულ არს სიტყუაჲ ესე, ვითარ სხუანი იგი უფლისათჳს თქუმულნი სიტყუანი.

ხოლო უფალმან არავე ამხილა, არცა შეჰრისხნა ესევითარისა უგუნურისა და ამაოჲსა სიტყჳსათჳს და ფრიად წინააღმდგომისა, რამეთუ არა არს საქმე ესე ძისა ღმრთისაჲ, გარდაგდებაჲ თავისაჲ, არამედ ეშმაკისაჲ და მსახურთა მისთაჲ, ხოლო ღმრთისა საქმე არს უფროჲსად დაცემულთაცა და ქუემდებარეთა აღდგინებაჲ, რამეთუ დაღაცათუმცა სასწაულისა ჯერიყო ჩუენებაჲ, არა გარდაგდებაჲ თავისაჲ ჯერ-იყო, რომელ-იგი ეშმაკთა ბანაკისა საქმე იყო, არამედ სხუათაცა ცხორებისა მინიჭებაჲ.

ესრეთ უგუნურებითა სავსე იყვნეს სიტყუანი იგი მტრისანი. ხოლო ამას ყოველსა ზედა არა გამოაჩინა ქრისტემან თავი თჳსი, არამედ ვითარცა კაცი ეტყოდა მას, ვითარმედ: „არა პურითა ოდენ ცხონდების კაცი“, და „არა განსცადო უფალი ღმერთი შენი“, და ბუნებითა მით ჩუენითა სძლო მას, რომლისათჳსცა, ვითარ-იგი მოუჴდის რაჲ უძლური ვინმე მჴედარსა ახოვანსა ბრძოლად და მოიწყლის მის მიერ ძლიერად და ტკივილისა მის-

1 ფსალმ. 90,11.

გან და სისხლისა დაბნელებული აქა და იქი ეკუეთებინ, ეგრეთვე უძლურსა მას და უბადრუკსა შეემთხჳა, შებმა-უყო რაჲ უფალსა და იძლია ერთგზის და ორგზის და მოიწყლა ძლიერად, ცნობამიღებული წარჰრევდა და ჴელყო სხუასაცა მესამესა სახესა ბრძოლისასა, ვითარცა იტყჳს მახარებელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „კუალად წარიყვანა იგი მთასა მაღალსა და უჩუენნა ყოველნი სუფევანი სოფლისანი და დიდებაჲ მათი და ჰრქუა მას: ესე ყოველი მიგცე, უკუეთუ დაჰვარდე და თაყუანის-მცე მე. მაშინ ჰრქუა მას იესუ: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, ეშმაკო, რამეთუ წერილ არს: უფალსა ღმერ-თსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე“ (4,8-10).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან სიტყუაჲ გმობისაჲ თქუა და იკადრა თჳსად წოდებად, რომელსა ზედა არაჲ აქუს ჴელმწიფებაჲ, რამეთუ ყოველივე ჴელმწიფებასა შინა ღმრთისასა არს, და ენება ურცხჳნოსა მას და დაწყეულსა ჩემებად თავისა თჳსისა პატივსა მას საღმრთოსა, მერმეღა შეჰრისხნა და არავე რისხვით, არამედ მიუგო სიმშჳდით: „წარვედ მართლუკუნ ჩემგან, ეშმაკო“, რომელ-იგი ბრძანებაჲ იყო უფროჲსად, ვიდრეღა შერისხვაჲ. რამეთუ ჰრქუა რაჲ: „წარვედ ჩემგან მართლუკუნ“, მუნქუესვე იოტა იგი და განდევნა და ვერღარა უძლო განცდად.

ხოლო ვითარ იტყჳს ლუკა, ვითარმედ: „აღასრულნა ყოველნი განსაცდელნი“?1 ესე ამისთჳს, რამეთუ თავნი რაჲ და დასაბამნი ყოველთა ბრძოლათა და განსაცდელთანი თქუნა, ამისთჳს დაურთო, ვითარმედ: „ყოველნი განსაცდელნი“. სამთა ამათ ყოველთა სახელი უწოდა, რამეთუ ესენი არიან შესაკრებელნი ყოველთა ბრძოლათა და ყოველთა განსაცდელთანი: მონებაჲ მუცლისაჲ და ცუდადმზუაობრობაჲ და სიყუარული საფასეთა და საჴმართაჲ, რომელ-ესე, ვითარცა უძლიერესი ბრძოლაჲ, უკუანაჲსკნელ წინაუყო; რამეთუ ესრეთ არს წესი ბრძოლისა მისისაჲ, რაჲთა რომლითა ჰგონებდეს ძლევად, იგი უკუანაჲსკნელ ყოვლისა შემოიღოს, ვითარცა იობის ზე ქმნა. ეგრეთვე აქა უდარესთაგან იწყო და უძლიერესთა მიმართ აღვიდა.

ვითარ უკუე ჯერ-არს ძლევაჲ ბრძოლათა მისთაჲ? ესრეთ, ვითარცა უფალმან გუასწავა, რაჲთა მარადის ღმრთისა მივივლტოდით და არცა ჟამსა სიყმილისასა დავიჴსნებოდით, არამედ გურწმენეს მისი, რომელსა ჴელ-ეწიფების სიტყჳთ ოდენ გამოზრდად ჩუენდა. არცა ნიჭთა მათ ზედა მოცემულთა ღმრთისაგან გამოვსცდიდეთ მას, არამედ ზეცისა დიდებასა ვეძიებდეთ და კაცობრივი ყოვლადვე შეურაცხ იყოს წინაშე ჩუენსა. არცა კუალად საფასეთა და საჴმართათჳს მეტთა და გარდარეულთა მეძიებელ ვიყვნეთ, რამეთუ არარაჲ ესრეთ დაამორჩილებს კაცსა ეშმაკისა, ვითარ ანგაჰრებაჲ და უმრავლესისა ძიებაჲ, და ესე საცნაურ არს აწინდელთაცა საქმეთაგან, რამეთუ აწცა მრავალნი არიან, რომელნი იტყჳან, ვითარმედ:

1 ლუკ. 4,13.

„ესე ყოველი მიგცე, უკუეთუ დაჰვარდე და თაყუანის-მცე“, რომელნი-იგი კაცნი არიან ბუნებითა, არამედ ჭურჭელ ეშმაკისა უქმნიან თავნი თჳსნი. და მაშინცა არა თავით თჳსით ხოლო ჰბრძოდა ეშმაკი უფალსა, არამედ კაცთა მიერცა, რომელნი ჭურჭელ მისისა მის უკეთურებისა ქმნილ იყვნეს; და ამას მოასწავებს ლუკა, რომლისათჳსცა იტყჳს, ვითარმედ: „განეშორა მას ვიდრე ჟამ რავდენმე“,1 რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ ამისა შემდგომად ეგულებოდა კუალადცა ბრძოლად მისა, არა თავით თჳსით, არამედ მსახურთა მათ და ჭურჭელთა მისთა მიერ, რომელ იყვნეს ჰურიანი. ხოლო აწ ძლეული ივლტოდა, ვითარცა ესერა აღმოვიკითხეთ:

სახარებაჲ: „მაშინ დაუტევა იგი ეშმაკმან მან, და ანგელოზნი მოვიდეს და ჰმსახურებდეს მას“ (4,11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვიდრემდის ბრძოლაჲ იგი აღესრულებოდა, არა შეუნდო ანგელოზთა გამოჩინებად, რაჲთა არა განაფრთხოს ნადირი იგი, რომლისა მონადირებაჲ ენება. ხოლო ვინაჲთგან ყოვლით კერძო არცხჳნა მტერსა მას და იოტა, მაშინღა გამოჩნდეს ანგელოზნი, რაჲთა სცნა შენ, ღმრთისმოყუარეო, ვითარმედ ოდეს მძლე ექმნა ბრძოლასა ეშმაკისასა მადლითა ქრისტესითა, შენ ზედაცა ანგელოზნი მოვიდენ მაქებელად და გჳრგჳნოსანმყოფელად. ეგრეთ წერილ არს ლაზარესთჳსცა, ვითარმედ შემდგომად გამოჴურვებისა მის საჴუმილითა გლახაკობისა და სიყმილისა და იწროებისაჲთა წარიყვანეს იგი ანგელოზთა და მიიყვანეს წიაღთა აბრაჰამისთა. რამეთუ, ვითარცა მითქუამს, უმრავლესთა მათ საქმეთა სამოძღურებელად ჩუენდა იქმოდა უფალი, რაჲთა გჳჩუენოს, ვითარმედ ჩუენ ზედაცა ესრეთ იქმნების.

სწავლაჲ იგ: რაჲთა არა პირსა მეტყუელთასა ვხედვიდეთ, არამედ სიტყუათა მათთა გულისჴმა-ვჰყოფდეთ; და სასუფეველისათჳს და სატანჯველთა მათთჳს მერმეთა

აწ უკუე ვინაჲთგან ესე ყოველი შენთჳს იქმნა, ჰბაძევდი შენცა, მორწმუნეო, სახესა მას ძლევისასა. დაღაცათუ მოგიჴდეს ვინ მონათაგანი მის ეშმაკისათა და გეტყოდის, ვითარმედ: უკუეთუ ძალ-უც სარწმუნოებასა შენსა, არქუ მთასა ამას, რაჲთა იცვალოს ამიერ, ნუ შეშფოთნები, ნუცა შეორგულდები, არამედ არქუ მას, რაჲ-იგი გესმა მეუფისაგან შენისა: „არა განსცადო უფალი შენი“.2 დაღათუ წინაგიყოს შენ გამომცდელმან მან დიდებაჲ და ძლიერებაჲ და სიმრავლე საფასეთა და გეტყოდის, ვითარმედ: „ესე ყოველი მიგცე შენ, უკუეთუ დაჰვარდე და თაყუანის-მცე მე“,3 დადეგ

1 ლუკ. 4,13. 2 მათ. 4,7. 3 მათ. 4,9.

ახოვნებით და წინააღუდეგ და არქუ: „წარვედ ჩემგან მართლუკუნ, ეშმაკო“;1 რამეთუ არა თუ ხოლო მეუფესა ჩუენსა წინაუყო ეშმაკმან ესევითარნი განსაცდელნი, არამედ დღითი-დღეცა მონათა მისთა ესევითარითა სახითა ებრძვის არა მთათა შინა ხოლო და უდაბნოთა, არამედ სოფელთაცა შინა და ქალაქთა და სადაცა პოოს მონაჲ უფლისაჲ.

რაჲ-მე უკუე ჯერ-არს ქმნად? გარემიქცევაჲ ყოვლადვე ზრახვათა მისთაჲ და მოძულებაჲ მისი ყოვლითა გულითა და დაყოფაჲ ყურთაჲ არა სმენად სიტყუათა მისთა, და რაოდენ უმეტესსა რასმე გჳქადებდეს, უმეტესად სივლტოლაჲ მისგან, რამეთუ ევასცა ოდეს უმეტესი უქადა, მაშინ სრულიად წარწყმიდა. რამეთუ მტერი არს დაუგებელი და მბრძოლი არს ჩუენი სამარადისოჲ, და არა მოსწრაფე ვართ ჩუენ ესრეთ ცხორებად, ვითარ მოსწრაფე არს იგი წარწყმედად. გარემივიქცეთ უკუე მისგან და განვეშორნეთ მას ნუ სიტყჳთა ხოლო და გონებითა, არამედ საქმითაცა, და ნუმცა რას ვიქმთ ყოვლადვე ნებასა მისსა, არამედ ნებასა მეუფისა ჩუენისასა შეუდგეთ, რამეთუ გჳქადებს იგი მრავალსა, რაჲთა უმრავლესი წარგჳღოს და ჩუენ არცა ერთი რაჲ მოგუცეს; გჳქადებს ანგაჰრებისა მიერ სიმდიდრესა, რაჲთა გამოგუყარნეს სასუფეველისაგან და განგუაშორნეს სიმართლისაგან, დაგჳრწყავს მახეთა და ბადეთა საუნჯეთა მიერ სოფლისათა, რაჲთა საუნჯეთა მათგან ზეცისათა გამოგუაჴუნეს; ჰნებავს აქა სიმდიდრე ჩუენი, რაჲთა მუნ გლახაკ ვიპოვნეთ, და ოდეს ვერ უძლოს სიმდიდრისა მიერ წარტყუენვაჲ ჩუენი, სხუასა ღონესა მოიპოებს და სიგლახაკითა ჴელ-ჰყოფს ბრძოლად, ვითარცა-იგი ქმნა იობის ზე, რამეთუ იხილა რაჲ, ვითარმედ სიმდიდრისაგან არა ევნების, სიგლახაკისა მიერ ენება შეყენებაჲ ბადეთა თჳსთა. და რაჲმცა იყო ამის საქმისა უცოფეს, რომელ ესეცა ვერ გულის-ჴმა-ყო, თუ რომელმან-იგი სიმდიდრე ღმრთისმოშიშებით წარიჴადა, არა უფროჲსად სიგლახაკესა შინამცა აჩუენა სიკეთე მისი? უკუეთუ სიძნელემან მან სიმდიდრისამან ვერ ავნო, ვითარმცა ავნო სიგლახაკემან, რომელი-იგი უფროჲსად თანაშემწე არს სათნოებისაჲ? ამისთჳსცა დაღაცათუ სიმდიდრესა შინა მართალ და ჭეშმარიტ იყო ნეტარი იგი და განშორებულ ყოვლისავე ბოროტისაგან, არამედ ფრიად უბრწყინვალესად გამოჩნდა სიგლახაკესა შინა, რამეთუ საფასეთა მისთა უძლო უკეთურმან მან წარტაცებად, ხოლო სიყუარულსა ღმრთისასა არა თუ წარტაცებად ვერ უძლო, არამედ უფროჲსად განმრავლებულსა და აღორძინებულსა ხედვიდა. და რაოდენ ჴორციელისა სიმდიდრისაგან განაშიშულა, უმეტეს შეიმკო იგი სიმდიდრითა მით სულიერითა, და რავდენცა უმეტესნი წყლულებანი დასხნა მის ზედა, იხილა იგი უმეტესად განძლიერებული. ამისთჳს ვითარცა ყოველი ღონე მანქანებისა თჳსისაჲ აღძრა და ყოვლით კერძო იძლია, ძუელი იგი ღონე თჳსი მოიპოა - დედაკაცი, რომლისა მიერ ადამი აცთუნა; და

1 მათ. 4,10.

შეჰმოსა მას სახე წყალობისაჲ, რომელი-იგი მოუჴდა მეუღლესა და სალმობათა მათ მისთა და მწუხარებათა საწყალობელად წარმოიტყოდა. მერმე განრომისათჳს ესევითართა მათ და ესოდენთა ბოროტთაგან შემოიღო განზრახვაჲ იგი ბოროტი. არამედ ცუდ იქმნა ღონე იგი მზაკუვარისაჲ, რამეთუ გულისჴმა-ყო საკჳრველმან მან კაცმან მახეთა მათ მისთა მალული და სიტყუანი იგი, სავსენი ფრიადითა სიბრძნითა, წინაუყვნა დედაკაცსა მას, რომელთა მიერ სირცხჳლეულ იქმნა მტერი.

ეგრეთ გჳღირს ჩუენცა ყოფად, რაჲთა გინა თუ ძმაჲ, გინა თუ მეგობარი, გინა თუ მეუღლე ბირებითა ეშმაკისაჲთა გუეტყოდის რასმე სავნებელსა სულისასა, არა პირსა მას მეტყუელისასა ვხედვიდეთ, არამედ ძალსა მას სიტყუათასა გულისჴმა-ვჰყოფდეთ, და უკუეთუ სავნებელ სულისა იყვნენ სიტყუანი იგი, გარემივაქცევდეთ ჩუენგან და ყოვლადვე ნუმცა ვისმენთ მათ. რამეთუ აწცა მრავალსა ესევითარსა იქმს ეშმაკი და წყალობისათჳს შვილთა და თჳსთაჲსა მიგჳზიდავს შუებად და სიმდიდრედ და ჩანს იგი, ვი-თარცა ერთგული განმზრახი, არამედ არს ფრიად ორგულ და მბრძოლ, რამეთუ მისი არს ესე საქმე, რაჲთა ღონის-ძიებით შთაგუყარნეს შუებათა და გულისთქუმათა.

ნუმცა უკუე მივერჩდებით მას, ნუცა შევიყუარებთ შუებასა და განსუენებასა სოფლისასა, არამედ უფროჲსად ჭირი შევიყუაროთ სოფელსა ამას, რაჲთა მუნ ვპოოთ განსუენებაჲ, რამეთუ ღმერთიცა მრავალგზის ცხორებისათჳს ჩუენისა მოავლენს სოფელსა ამას ჭირსა რასმე, რაჲთა ღირსმყვნეს საუკუნესა მას განსუენებასა, ვითარცა წერილ არს: „რომელი უყუარნ ღმერთსა, სწავლის; და ტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიყუარის“.1 აწ უკუე ოდეს შუებით და განსუენებით ვიყვნეთ, უფროჲსად მაშინ გუელმოდენ და ვძრწოდით, რამეთუ უკუეთუ თანამდებ ცოდვათა მრავალთა ვიყვნეთ და არარაჲ შეგუემთხჳოს ჭირი ანუ განსაცდელი სოფელსა ამას შინა, შიშისა ღირს არს ესე და ძრწოლისა ფრიადისა: ნუუკუე მერმესა მას კუალადგებასა დამარხულ არს ჩუენდა ნაცვალი ბოროტთა ჩუენთაჲ? რამეთუ ოდეს აქავე მცირედ რაჲმე მიგუეჴადოს სასჯელი, მუნ აღგჳსუბუქდების განმზადებული იგი მოსაგებელი ცოდვათა ჩუენთაჲ. ხოლო ოდეს ყოველსავე ზედა სულგრძელ გუექმნებოდის ღმერთი და ჩუენ უნანელობასა და ცოდვასა ზედა ვეგნეთ, დიდი სასჯელი დამარხულ არს ჩუენთჳს; რამეთუ უკუეთუ ღირსთა და სათნოთა ღმრთისათა დიდად სარგებელ ექმნებიან მწუხარებანი და ჭირნი, რავდენ უფროჲს ცოდვილთა სარგებელ ექმნენ? ხოლო ცოდვილისა კაცისაჲ უტანჯველად და განუწურთელად ყოფაჲ მერმეთა მათ სატანჯველთა მომატყუებელ არს.

იხილე ფარაო და ნაბუქოდონოსორ, ვითარ სულგრძელ ექმნა ღმერთი, და რაჟამს თჳსსავე უკეთურებასა ზედა ეგნეს, უკუანაჲსკნელ უძჳრე-

1 იგავ. 3,12.

სი პატიჟი მიეჴადა. და მდიდარსა მას ვინაჲთგან აქა არარაჲ ძჳრი შეემ-თხჳა, ამისთჳს მუნ უსაწყალობელეს ყოველთასა იპოა, რამეთუ წარვლო საწუთროჲსა ამის ცხორებაჲ შუებით და მუნ მიეჴადა სასჯელი ყოვლისაჲვე, სადა-იგი არღარაჲ იპოებოდა ნუგეშინის-ცემაჲ მიწევნულთაჲ მათ მის ზედა ბოროტთაჲ. გარნა არიან ვიეთნიმე ესოდენ უგუნურ და ცოფ, რომელ ყოველსავე ამის საწუთროჲსასა ხოლო ეძიებენ და სიტყუათა მათ უგულისჴმოებისათა იტყჳან: ვიშუებდე წუთღა საშუებელითა ამით წინა-შე თუალთა ჩემთა მდებარითა და მერმე განვიზრახო უხილავისა მისთჳს და უცნაურისა, რამეთუ საწადელ არს აღვსებაჲ მუცლისაჲ, აღსრულებაჲ გულისთქუმათაჲ, განცხრომაჲ და სიხარული; დღეს ვიშუებდე, და ხვალე რაჲცა იქმნას! ჵ უგუნურებაჲ ამათ სიტყუათაჲ! ჭეშმარიტად არარაჲთა განყოფილ არიან ღორთაგან მეტყუელნი იგი ესევითარისანი. თქუ შენ, მეტყუელო და მოქმედო ამაოებისაო, ურწმუნო ხარა უხილავთა მათთჳს? იჭუეულ ხარა სატანჯველთა მათთჳს ჯოჯოხეთისათა? ჵ შენდა, რამეთუ უურწმუნოეს იქმენ ეშმაკთასაცა. იგინი აღიარებდეს, ვითარმედ ჯოჯოხეთი განმზადებულ არს მათთჳს. ამისთჳსცა, განასხმიდა რაჲ უფალი, ეტყოდეს: „მოხუედ პირველ ჟამისა ტანჯვად ჩუენდა“,1 რომლითა შეიწამეს, ვითარმედ განმზადებულ არს მათთჳს სატანჯველი იგი საუკუნე; და შენ, რომელი ესევითარსა პატივსა ღირსქმნილ ხარ და მიუთხრობელთა მათ საიდუმლოთა ზიარებად ჩინებულ ხარ, მათსაცა უუგუნურეს და უურწმუნოეს ხარა? - და ვინ მოვიდაო ჯოჯოხეთით და გჳთხრა ჩუენ ესე ყოველი? - მეტყჳან ცნობაწარწყმედულნი იგი, რომელთაცა ვჰკითხო მე: ვინ მოვიდა ზეცით და გჳთხრა, ვითარმედ არს ღმერთი შემოქმედი ყოველთაჲ, ვინაჲ გუეუწყა, ვითარმედ არს ჩუენ თანა სული ცხოელი? რამეთუ უკუეთუ ხილულნი ოდენ გრწამს და უხილავთა ყოველთათჳს იჭუეულ ხარ, იჭუეულ ვიდრემე იქმნე შენ ღმრთისათჳსცა და ანგელოზთათჳს და სულისთჳსცა შენისა და ესრეთ სრულიად ოჴერ და წარწყმედილ იპოო. არამედ გულის-ჴმა-ყავ, ვითარმედ უფროჲსად უხილავთა სარწმუნოებაჲ მტკიცე არს და ჭეშმარიტ, ვიდრეღა ხილულთაჲ. დაღაცათუ საკჳრველად გიჩნს სიტყუაჲ ესე, არამედ ჭეშმარიტ არს ესე და სარწმუნო. რამეთუ თუალნი ფრიად სცთებიან არა თუ უხილავთა მათ ზედა ოდენ, რამეთუ იგინი ყოვლადვე არა უხილვან, არამედ ხილულთაცა ამათ საქმეთა ზედა მრავალსა სცთებიან, ანუ სიშორისაგან ადგილისა, ანუ სიბნელისაგან ჰაერისა, ანუ გონებისა სხუად შექცევისაგან და სხჳსა მრავლისა საქმისაგან შემაშფოთებელისა თუალთაჲსა. ხოლო გონებამან შეიწყნაროს რაჲ ნათელი იგი ზეცისაჲ, არა იქმნების ყოლადვე ცთომაჲ. აწ უკუე წმიდათა მათ წინაწარმეტყუელთა და მოციქულთა, განწმიდნეს რაჲ გონებანი თჳსნი, ყოველივე უცთომელად იხილეს, ეგრეთვე ჩუენ, უკუეთუ განვიწმიდნეთ ვნებათაგან და განვნათ-

1 მათ. 8,29.

ლდეთ წურთითა წმიდათა წერილთაჲთა, ვიხილოთ ყოველივე ჭეშმარიტებით და უცთომელად, თუ რაბამნი კეთილნი განმზადებულ არიან მართალ-თათჳს, ანუ ვითარნი სატანჯველნი ელიან ცოდვილთა.

ამისთჳს გევედრები, საყუარელნო, ნუ ვაცთუნებთ თავთა ჩუენთა, ნუცა ბოროტთა მათ ზრახვათა შემოვიღებთ, რაჲთა არა ცეცხლისა მის საუკუნოჲსა საჴუმილი უძჳრესად დავიკრიბოთ თავთა ჩუენთა ზედა. რამეთუ უკუეთუ არა არს სასჯელი და სატანჯველნი ცოდვილთათჳს, არცა მართალთათჳს ვიდრემე განმზადებულ არს განსასუენებელი. იხილეთღა, სადა მიიწევის სიტყუაჲ იგი გმობისაჲ თქუმად, ვითარმედ უგულებელსყვნეს ღმერთმან ოფლნი იგი და შრომანი მონათა თჳსთანი. და ვითარმცა შესაძლებელ იყო ესე? რამეთუ უკუეთუ კაცმან, რაოდენცა უწყალო იყოს და ფიცხელ, არა უგულებელს-ყვის მონაჲ ერთგული და დიდად დამაშურალი მსახურებასა შინა მისსა, არამედ ცხორებასაცა თჳსსა კეთილი უყვის მას და, აღესრულებინ რაჲ, აზნაურებითა პატივ-სცის და საფასე დაუტევის; და შვილთა თჳსთა ანუ ვინცა შემდგომად მისა დაშთებინ, მიანდვის საურავი მისი და კეთილის-ყოფაჲ; უკუეთუ კაცმან ესე ყვის, ღმერთმანცა სახიერმან და მოწყალემან, წყარომან მან სიტკბოებისა და კაცთმოყუარებისამან, უგულებელმცა-ყვნა მონანი თჳსნი: პეტრე და პავლე და იაკობ და იოვანე და სხუანი მსგავსნი მათნი, რომელნი სახელისა მისისათჳს მოსწყდეს და მიეცნეს სიყმილსა, საპყრობილესა, მჴეცთა, მახჳლსა და ესოდენი თავსიდეს ჭირი, რომელ არცა თუ რიცხჳ არს ღუაწლთა მათთაჲ? იგინი არა გჳრგჳნოსან-ყვნეს, არამედ დაივიწყნესა ღუაწლნი მათნი და ესოდენი იგი შრომაჲ მათი ცუდ იქმნესა? ვითარ შესაძლებელ არს ესე, ანუ რომელმანცა უგუნურმან მოიგონა ესევითარი ცუდი და ამაოჲ ზრახვაჲ? რამეთუ ამას გულისსიტყუასა გამოაჩინებენ ზემოთქუმულნი იგი სიტყუანი. და უკუეთუ არა არს მისაგებელი ცოდვილთაჲ მას საუკუნესა, არცა ვიდრემე მართალ-თაჲ არს; და იპოვნენ ამით წესითა მოქმედნი იგი ურჩულოებისანი უმჯობეს ღმრთისმსახურთა მათ და სანატრელთა კაცთა, რამეთუ მათ წარვლეს საწუთროჲ ესე შუებით და განცხრომით, ხოლო წმიდათა - ჭირით და ურვით, და მერმე, წარვიდეს რაჲ მას საუკუნესა, არცა რაჲ მათ მიიღეს მისაგებელი შუებისა მის და უწესოებისაჲ, არცა ამათ - შრომისა მის თჳსისა და მოღუაწებისაჲ. რომელმანმცა მძლავრმან და უწყალომან კაცმან ქმნა ესევითარი უსახური განკითხვაჲ მონათა შორის თჳსთა? ხედავა, ვითარსა ძნელსა და უჯეროსა საქმესა მიიწევის სიტყუაჲ იგი უგუნურებისაჲ?

კუალად ესე ყოვლადვე მოუგონებელ არს, უკუეთუმცა ვინ თქუა, თუ მართალთა მიიღონ სასყიდელი შრომათა მათთაჲ, ხოლო ცოდვილნი დაშთენ უტანჯველად; რამეთუ უკუეთუ მართალთა სასყიდელი მიეცემის უეჭუელად, ცოდვილნიცა იტანჯვიან, ვითარცა გურწამს და ვიცით, ვი-თარმედ ესე ესრეთ არს, და არა ეგების სხუაჲ რაჲმე ყოფად, გარნა მიღებაჲ კაცად-კაცადისა საქმეთაებრ თჳსთა: კეთილი გინა ბოროტი.

აწ უკუე თითოეულმან ესე გულისჴმა-ყავნ და ჰრწმენენ, და ნუვინ აც-თუნებნ თავსა თჳსსა, თუმცა ამას საწუთროსა შინამცა ხოლო იყო ცხორებაჲ ჩუენი და არამცა საუკუნოჲცა წინაგუედვა მოსაგებელი; არამედ ივლტოდენ ყოვლისაგან ცოდვისა და შეუდეგინ გზასა მას მცნებათა ღმრთისა-თასა, რაჲთა მას საუკუნესა არა ცეცხლად მიეცეს, არამედ სასუფეველი ცათაჲ დაიმკჳდროს. უკუეთუ ვინმე თქუას, თუ: ვინ მოვიდა და გჳთხრა მის საუკუნოჲსათჳს, ვჰრქუათ მას: კაცი არავინ მოსრულ არს, რამეთუ და-ღაცათუმცა მოვიდა, არამცა ვინ შეიწყნარა სიტყუაჲ მისი; არამედ მოვიდა მეუფე იგი და უფალი ანგელოზთა და კაცთაჲ, შემოქმედი ხილულთა და უხილავთაჲ. მან ყოველივე ჭეშმარიტებით გუაუწყა; რასა უკუე ვეძიებთ კაცისა მიერ მოსლვასა, მითხარღა? თავადი იგი, ღმერთი და მსაჯული ყოველთაჲ, დღითი-დღე ჴმობს ჩუენდა მომართ, ვითარმედ სასუფეველი განმზადებულ არს მართალთათჳს, და ცეცხლი გეჰენიისაჲ აღტყინებულ არს ურჩულოთა და ცოდვილთათჳს. და ესე საცნაურ არს ამისგანცა, რომელ ვხედავთ, ვითარმედ მრავალნი ურჩულოთაგანნი აქავე იტანჯნეს, რამეთუ ესე შეუძლებელ არს, რაჲთამცა რომელნიმე ცოდვილნი იტანჯებოდეს და რომელნიმე უტანჯველადმცა დაშთეს. ვინაჲთგან ჭეშმარიტად თუალუხუავ არს ღმერთი და მართლმსაჯული, ვითარ ეგების ესე ყოვლადვე?

ვითარ უკუე რომელნიმე უკეთურნი იტანჯებიან აქა და რომელნიმე უტანჯველად წარვლენ? ესე ამისთჳს, რამეთუ არცა ყოველნი აქა მიიღებენ მისაგებელსა, რაჲთა არავინ თქუას, თუ არღარა არს აღდგომაჲ მკუდარ-თაჲ და სასჯელი, არამედ ყოველთა მიუღებიეს აქავე მისაგებელი მათი, არცა ყოველთა დაუტეობს უტანჯველად წარსლვად, რაჲთა ვერვინ მოიგონოს, თუ არა არს მისაგებელი ცოდვათაჲ, არამედ ესრეთ განუგებელად არს ყოველივე. ამისთჳსცა რომელთამე სტანჯავს აქავე და რომელთამე არა, რაჲთა სცნა, ვითარმედ ჭეშმარიტად განმზადებულ არს შემდგომად ამიერ წარსლვისა მისაგებელი და სამსჯავროჲ საშინელი; ამისთჳსცა ვხედავთ აქავე სახეთა კეთილისათაცა და სატანჯველისათა.

ჰხედავა, ვითარი ცაჲ გარდაართხა ჩუენთჳს, მზე აღმოაბრწყინვა, ქუეყანაჲ დაამყარა და ზღუაჲ განჰფინა, ჰაერი შეჰმზადა, მთოვარე და ვარსკულავნი შექმნნა, ჟამთა წელიწდისათა უცთომელი განუწესა წესიერებაჲ, და ყოველთა წამის-ყოფითა მისითა შეუცვალებელად უპყრიეს წესი თჳსი. რამეთუ ბუნებაჲ ჩუენი და პირუტყუთაჲ, მჴეცთა და მფრინველთაჲ, თევზთა და ქუეწარმავალთაჲ, მდინარეთა და ზღუათა და წყაროთაჲ, მცენარეთაჲ მთათა შინა და ველთა, უნაყოფოთა და ნაყოფიერთაჲ - ყოველნივე ყოვლადძლიერითა მით ჴელითა მისითა დამტკიცებულნი შემამკობელად სოფლისა და მსახურებად ცხორებისა ჩუენისა განწესებულ არიან და საჴმრად და პატივად ჩუენდა განგებულ არიან, და არცა თუ აურაცხელისა მისგან მცირედი რაჲმე მითქუამს. აწ უკუე რომელი-ეგე ესოდენსა ამას წესიერებასა ჰხედავ, იკადროა თქუმად, ვითარმედ რომელმან გარეწარი ესე ესრეთ შუენიერად განაგო ჩუენთჳს და ესრეთ დიდებულად განაწესა წარმავალი ესე ცხორებაჲ ჩუენი, ჭეშმარიტსა და საუკუნესა მას ცხორებასა შინა ესრეთ განუგებელადმცა დაუტევა ბუნებაჲ ჩუენი, რაჲთამცა მსგავსად პირუტყუთა წარვჴედით თჳნიერ მოსაგებელისა და თჳნიერ სასყიდელისა და სიმრავლისა ნიჭთაჲსა? ვითარ შესაძლებელ არს ესე? დაღაცათუ ჩუენ დავიდუმოთ, ქვანი ღაღადებდენ, რამეთუ ცხად არს ესე და მზისა უბრწყინვალეს.

ესე ყოველი გულისჴმა-ვყოთ და ვცნათ უეჭუელად, ვითარმედ შემდგომად ამიერ წარსლვისა თანაგუაც წარდგომაჲ წინაშე საყდრისა მის საშინელისა და მიგებაჲ სიტყჳსაჲ ყოველთათჳს საქმეთა ჩუენთა და მოღებაჲ მოსაგებელისაჲ ღირსად საქმეთა მათ: გინა თუ კეთილთაჲ, გინა თუ ბოროტ-თაჲ. ამას ზედა უკუეთუ ვინ სიტყუა-გჳგებდენ, პირი დაუყოთ მათ და ჩუენ დაუცხრომელად გზასა მას სათნოებისასა ვიდოდით, რაჲთა კადნიერებით წარვიდეთ საუკუნეთა მათ მიმართ სავანეთა და მივემთხჳნეთ კეთილთა მათ გამოუთქუმელთა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.