მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲზ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და შევიდა იესუ ტაძარსა მას და გამოასხა ყოველი განმსყიდელი და ყოველი, რომელი იყიდდა ტაძარსა მას შინა, და ტაბლები იგი მეკერმეთაჲ მათ დაამჴუა. და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს; ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა“ (21,12-13).

ამას საქმესა იოვანეცა წარმოიტყჳს, არამედ იგი დაწყებასა მას სახარებისასასა იტყჳს, ხოლო მათე - აღსასრულსა. ამისთჳს საცნაურ არს, ვითარმედ ორგზის ქმნა ესე უფალმან სხუასა და სხუასა ჟამსა.

რამეთუ რომელსა იოვანე იტყჳს, დღეთა მათ პასექისათა იყო, ხოლო ესე, რომელსა მათე გჳთხრობს, უწინარეს პასექისა. მაშინ ჰრქუეს ჰურიათა: „რასა სასწაულსა მიჩუენებ ჩუენ, რამეთუ ამას იქმ?“1 ხოლო აქა არარას ეტყჳან ესევითარსა. ესე უკუე უმეტესისა მის ჰურიათა გულფიცხელობისა სასწაული არს, რომელ ორგზის ამხილა, და არა დასცხრესვე ცუდთა მათ ვაჭრობათაგან. ხედვიდეს სასწაულთა მათ ურიცხუთა და წინააღმდგომად ღმრთისა ეტყოდეს წინააღმდგომნი იგი ჭეშმარიტებისანი; ესმოდეს სიტყუანი წინაჲსწარმეტყუელთანი და ყრმათა ღაღადებაჲ, და უფიცხეს ქვათა იყვნეს გულნი მათნი.

ამისთჳს უფალმან სიტყუანი ესაიაჲსნი აღუჴსენნა: „წერილ არსო: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს;2 ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა“ .

და არა ამათ ხოლო სიტყუათა მიერ აჩუენა ჴელმწიფებაჲ თჳსი, არამედ კურნებითაცა თითოფერთა სენთაჲთა, ვითარცა იტყჳს მახარებელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოუჴდეს მას ბრმანი და მკელობელნი ტაძარსა მას შინა, და განკურნნა იგინი“ (21,14).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ძალი და ჴელმწიფებაჲ თჳსი უჩუენა, რაჲთა ყოვლით კერძო უსიტყუელ იყვნენ, ხოლო იგინი უკეთურებასავე ზედა თჳსსა ეგნეს. ხედვიდეს სასწაულთა მათ ურიცხუთა და ესმოდა ღაღადებაჲ იგი ყრმათაჲ და შეიშთვებოდეს შურისაგან, ვითარცა ესერა გუესმა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა იხილეს მღდელთმოძღუართა მათ და მწიგნობართა, რომელი-იგი ქმნნა იესუ სასწაულნი, და ყრმები იგი, რომელ ღაღადებდა ტაძარსა მას შინა და იტყოდეს: ოსანა ძესა დავითისსა, განრისხნეს და ჰრქუეს მას: გესმისა, რასა-ესე იტყჳან?“ (21,15-16).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე უმეტესად ქრისტეს შეჰგვანდა თქუმად მათდა, ვი-თარმედ: არა გესმისა, რასა-ესე იტყჳან? რამეთუ ვითარცა ღმერთსა უგა-

1 იოან. 2,18. 2 ესაია 56,7.

ლობდეს. ვინაჲთგან უკუე მათ მიუთხრეს, იხილა უგულისჴმოებაჲ მათი და ჰრქუა მხილებისა წესითა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა აღმოგიკითხავსა, ვითარმედ: პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოართაჲთა დაემტკიცოს ქებაჲ?“1 (21,16).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კეთილად თქუა, ვითარმედ „პირითა“, რამეთუ არა გონებათა მათთაგან იყვნეს სიტყუანი იგი, არამედ მიუთხრობელისა მის ძალისა მისისაჲ, რომელმან მისცა სიტყუაჲ ჩჩჳლთა მათ უწინარეს ჟამისა მის ჰასაკთაჲსა.

ხოლო ესეცა სახე იყო წარმართთაჲ, რომელნი უტყუ და უმეცარ იყვნეს და მეყსეულად ღაღატ-ყვეს ქებაჲ ღმრთისმეტყუელებისაჲ სარწმუნოებითა და გონებითა კეთილითა.

და მოციქულთაცა არა მცირედი ნუგეშინის-ცემაჲ მიეცა უცხოჲსა მისგან ჩჩჳლთა მათ ყრმათა ღმრთისმეტყუელებისა, რაჲთა არა იტყოდინ გონებათა თჳსთა, თუ ვითარ უსწავლელთა მათ უძლონ ქადაგებისა მის განფენად ყოველსა სოფელსა. ამისთჳს უსწრვეს ჩჩჳლთა მათ ქებისა მის უცხოჲსა აღმოთქუმად, რაჲთა დაარწმუნონ მოციქულთა, ვითარმედ რომელმან-იგი მისცა სიტყუაჲ ძუძუჲსმწოართა, მანვე მისცეს მათცა უხუებით სიტყუაჲ სიბრძნისა და გულისჴმის-ყოფისა. და არა ესე ხოლო, არამედ ამასცა მოასწავებდა სასწაული იგი, ვითარმედ უფალი არს და შემოქმედი ბუნებათა ქრისტე და თავადი არს მეუფე ყოველთაჲ.

ესრეთ უკუე უჟამოჲ იგი ჰასაკი ჩჩჳლთაჲ და ენანი იგი ბრგუნვილნი შუენიერად იტყოდეს და ზეცისა ძალთა მიმსგავსებულად, ხოლო კაცნი იგი ჰასაკითა სრულნი და მოხუცებულნი, მღდელთმოძღუარნი და მწიგნობარნი, უგუნურებისა და სიცოფისა სავსეთა ზრახვათა წაჰრევდეს. ვინაჲთგან უკუე იხილნა იგინი უფალმან აღვსებულნი უკეთურებითა, შურითა და რისხვითა შესხმისა მისთჳს ყრმათაჲსა, სიტყუათა მათთჳს ერისათა, სასწაულთა მათთჳს, რომელნი ქმნნა ტაძარსა შინა, განსხმისა მისთჳს მსყიდელთაჲსა და დამჴობისათჳს ტაბლებისა მეკერმეთაჲსა, და ყოვლით კერძო შეპყრობილნი ყოვლითავე ბოროტითა, დაუფლებულნი ეშმაკისაგან,

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „დაუტევნა იგინი და განვიდა გარე ქალაქით ბეთანიად და იქცეოდა მუნ“ (21,17).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ესმოდა უცხოჲ იგი გალობაჲ ჩჩჳლთაჲ და ხედვიდეს დიდებულებასა მას სასწაულთასა, და ნეფსით ყურნი დაიყვნეს და თუალნი დაიწუხნეს, რაჲთა არა ესმოდის, არცა ხედვიდენ, არცა გულისჴმა-ყონ ცხორებაჲ თჳსი, ამისთჳს დაუტევნა იგინი და განვიდა გარე ქალაქით.

1 ფსალმ. 8,3.

ხოლო იგი რაჲ განვიდა, აღესრულა მათ ზედა სიტყუაჲ იგი ესაიაჲსი, ვითარმედ: „აღივსო სახლი მათი კუამლითა“.1 სახლად იტყოდა შესაკრებელსა მათსა. ესე იგი არს, ბნელსა შინა უკუნსა დაშთეს, რამეთუ კუამლი სახე არს რისხვისაჲ, ვითარცა იტყჳს მეფსალმუნე: „აჴდა კუამლი რისხვასა მისსა“.2

და სადა განვიდა? ბეთანიას, რომელი გულისჴმა-იყოფების თარგმანებით სახლ მორჩილებისა. რამეთუ დაბრმდეს რაჲ ჰურიანი გონებითა და არა ინებეს შეწყნარებად ცხორებისა მათისა, დაუტევნა იგინი და განვიდა ბეთანიად, რომელ არს სახლი მორჩილებისაჲ, რომელ არიან წარმართნი, რამეთუ მათი სახე იყო მაშინ ბეთანიად განსლვაჲ; და ნანდჳლვე გარეგან ქალაქისა მის საღმრთოჲსა ვიყვენით ჩუენ წარმართნი, არღა ქმნილ ვიყვენით მოქალაქე ახლისა მის იერუსალჱმისა.

ხოლო მო-რაჲ-ვიდა ჩუენდა უფალი და მეუფე ყოველთაჲ, და შევიწყნარეთ ქადაგებაჲ მისი, მორჩილებით ვიქმნენით ჭეშმარიტად იერუსალჱმელ და შვილ აბრაჰამისა და გონება, მხილველ ღმრთისა, და მიერითგან განცჳვეს ჰურიანი და აღივსნეს კუამლითა, რაჲთა საუკუნოდ ცრემლოოდინ, რამეთუ ესე არს საქმე კუამლსა შინა ჴშირსა შეყენებულთაჲ. ხოლო ჩუენ, რომელთა ნათელი უფლისაჲ მოგუეფინა და სიბნელე იგი ცოდვისაჲ განვაგდეთ, განვიდოდით მარადის მიგებებად უფლისა და გულთა ჩუენთა და გონებათა წინაშე მისსა დაუფენდეთ, რაჲთა ღირს-იჩინოს სლვად ჩუენ შორის, და გალობასა მას ძლევისასა საქმით და სიტყჳთ და გონებით შევასხმიდეთ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ხვალისაგან, მო-რაჲ-ვიდოდა ქალაქად განთიად, შეემშია“ (21,18).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს განთიად შეემშია? ოდეს შეუნდო ბუნებასა ჴორცთასა ჩუენებად საქმე თჳსი, მაშინ გამოჩნდა უძლურებაჲ მისი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იხილა ლეღჳ ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა და არარაჲ პოა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო. და ჰრქუა მას: ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ! და განჴმა ლეღჳ იგი მეყსეულად“ (21,19).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სხუაჲ მახარებელი იტყჳს, ვითარმედ: „არღა იყო ჟამი ლეღჳსაჲ“.3 და უკუეთუ არა იყო ჟამი, ვითარ იტყჳს, მოვიდაო, რაჲთამცა პოა ნაყოფი?

ამისთჳს საცნაურ არს, ვითარმედ სიტყუაჲ ესე იჭჳსათჳს მოწაფეთაჲსა აღწერა, ვითარმედ იგინი ჰგონებდეს, თუ ამისთჳს მივიდა მისა, რაჲთამცა პოვა ნაყოფი, რამეთუ უძლურ იყვნეს და არა სრულ. და ესე ჩუეულებაჲ აქუს მახარებელთა, რომელ მრავალგზის იჭუსა მოწაფეთასა აღსწერენ,

1 ესაია 6,4. 2 ფსალმ. 17,9. 3 მარკ. 11,13.

ვითარცა-ესე აწ; იგინი ჰგონებდეს, თუ ლეღჳსა პოვნად მივიდა, და ეგრეთვე ესეცა მათისავე იჭჳსა და გულისსიტყჳსა ზრახვაჲ იყო, თუ ამისთჳს დაწყევა ლეღჳ იგი, რომელ ნაყოფი არა ესხა.

რაჲსათჳს უკუე იქმნა დაწყევაჲ მისი? ესე ამისთჳს, რამეთუ ყოველსა ადგილსა ქველისმოქმედებანი აჩუენნა და არავინ სადა ტანჯა, არამედ ყოვლით კერძო და ყოველთა მიმართ სახიერ იყო და მოწყალე და ტკბილ; ხოლო ჯერ-იყო, რაჲთა გამოჩნდეს, ვითარმედ ჴელ-ეწიფების და ძალ-უც ტანჯვაჲცა, რაჲთა ცნან მოწაფეთაცა და ჰურიათაცა, ვითარმედ ძალ-ედვა განჴმობაჲ ჯუარმცუმელთა მისთაჲ და ნეფსით მიუშუა და არა განაჴმნა. ხოლო არა ენება მტანჯველისა მის ძალისა კაცთა ზედა ჩუენებად გარდამატებულისა მისთჳს სახიერებისა. ამისთჳს ხესა მას ზედა აჩუენა საქმე იგი ტანჯვისა და ძალი იგი ესევითარი.

ხოლო შენ, კაცო, ოდეს გესმას, თუ ადგილთა ზედა, ანუ ნერგთა, ანუ პირუტყუთა იქმნა ესევითარი რაჲმე, ნუ შეხუალ ცუდთა და უსარგებლო-თა გამოძიებათა და იტყჳ, ვითარმედ: რად განჴმა უსამართლოდ ლეღჳ იგი, ვინაჲთგან ჟამი ნაყოფისაჲ არა იყო? რამეთუ ესე სიტყუანი გარდამატებულისა სიცოფისანი არიან; არამედ სასწაულსა მას ხოლო ხედევდი და საკჳრველთმოქმედსა მას ადიდებდი. რამეთუ ღორთა მათთჳსცა, რომელნი ზღუასა დაინთქნეს, თქუეს ვიეთმე ესევითარი სიტყუაჲ, თუ: რაჲსათჳს იქმნა იგი, ანუ რაჲ იყო მათი ბრალი? გარნა არცა მათი ჯერ-არს ყოვლადვე ყურისა მიპყრობაჲ, რამეთუ იგინი პირუტყუნი იყვნეს, და ლეღჳ ესე ხე იყო უსულოჲ, და ესე ყოველი კაცთა სამსახურებელად ქმნილ არიან, და კაც-თა სარგებელსა აღასრულებდა უფალი ყოვლით კერძო. ვინაჲთგან უკუე ჯერ-იყო ძალისა მის მტანჯველობისა ჩუენებად, რომელი-მე უმჯობეს იყო ანუ მოწყალებისა მისისა გამომაჩინებელ: უკუეთუმცა კაცთა ზედა ეჩუენა ტანჯვაჲ იგი ანუ რომელ უსულოსა მას ხესა ზედა აჩუენა?

ხოლო რომელ-ესე წერილ არს, თუ მიზეზისა მისთჳს უნაყოფოებისა დაწყევა და განაჴმო ლეღჳ იგი, ვითარცა ზემო ვთქუ, იჭჳ მოწაფეთაჲ იყო, თუ ამისთჳს დაწყევა. ხოლო ჭეშმარიტი მიზეზი ესე იყო, რაჲთამცა ცნეს ყოველთა, ვითარმედ არა კეთილის-ყოფაჲ ოდენ ძალ-უც, არამედ ტანჯვაჲცა, უკუეთუ ინებოს. თქუეს ვიეთვე, ვითარმედ: ლეღჳ იგი შჯულსა მას ძუელსა მოასწავებდა; არამედ ცუდ არს სიტყუაჲ ესე, რამეთუ იტყჳს: „არა იყო ჟამი ნაყოფისაჲო“, რამეთუ ნაყოფი შჯულისაჲ სარწმუნოებაჲ იყო, და იგი იყო ჟამი ნაყოფისაჲ მის, და მოიღოცა შჯულმან ნაყოფი იგი. ამისთჳს იტყჳს უფალი: „აღიხილენით თუალნი თქუენნი და იხილეთ ყანები, რამეთუ სპეტაკ არიან სამკალად აწვე“.1 და კუალად ჰრქუა: „მე წარგავლინებ თქუენ მკად, რომელსა თქუენ არა დაშუერით“.2 ამისთჳს საცნაურ არს, ვითარმედ არა ესევითარსა რას მოასწავებს, არამედ, ვი-

1 იოან. 4,35. 2 იოან. 4,38.

თარცა ვთქუ, ძალსა მას აჩუენებს ტანჯვისასა. და ესე საცნაურ არს სიტყჳსა მისგან, რომელ იტყჳს, ვითარმედ: „არა იყო ჟამი ლეღჳსაჲ“, რაჲთა გულისჴმა-გჳყოს, ვითარმედ ამის ჯერისათჳს მივიდა ლეღჳსა მის და არა თუ შიმშილისათჳს. ვითარმცა მივიდა შიმშილისათჳს, რომელმან იცოდა, ვითარმედ ჟამი ლეღჳსაჲ არა იყო? გარნა მოწაფეთათჳს მივიდა, რაჲთა სასწაული იგი უჩუენოს, რომელნიცა ფრიად განკჳრდეს, დაღაცათუ მრავალნი ეხილვნეს ფრიად უაღრესნი სასწაულნი, არამედ, ვითარცა ვთქუ, უცხოჲ იყო ესე.

რამეთუ აწ პირველ უჩუენა მტანჯველობისა ძალი, რომელი აქამომდე არა ეჩუენა. ამისთჳსცა არა ქმნა სასწაული ესე სხუასა ნერგსა ზედა, არამედ ლეღუსა, რომელსა ყოველთა ხეთაგან უმეტესად აქუს ნოტიობაჲ, რაჲთა უმეტეს იყოს სასწაული იგი. და რაჲთა სცნა, ვითარმედ მათთჳს იქმნა საქმე იგი, რაჲთა უშიშ იყვნენ, ისმინე შემდგომიცა სიტყუაჲ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა იხილეს მოწაფეთა მათ, უკჳრდა და იტყოდეს: ვითარ მეყსეულად განჴმა ლეღჳ ესე! მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ და არა შეორგულდეთ, არა ხოლო ლეღჳსაჲ ამის ჰყოთ, არამედ ჰრქუათ თუ მთასა ამას: აღიფხუარ ამიერ და შთავარდი ზღუასა! - იყოს ეგრე. და ყოველსა რავდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოს თქუენ“ (21,20-22).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარმედ ყოველივე იგი მათთჳს იქმნა? რაჲთა სასოებისა ძალი შეიმოსონ და არა ეშინოდის მავნებელთა და მა-ჭირვებელთა მათთაგან, არამედ ცნან, ვითარმედ ჴელ-ეწიფების უფალსა მათსა, უკუეთუ ენებოს, წინააღმდგომთა მათთა ტანჯვაჲ ძალითა წამისყოფისა თჳსისაჲთა. ამისთჳს ორგზის აწ ჰრქუა სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: უკუეთუ შეუორგულებელითა სარწმუნოებითა ილოცვიდეთ, ყოველივე მოგეცეს თქუენ, რაჲცა ითხოოთ, ვიდრე მთათა ცვალებადმდე, და სხუათა უაღრესთა სასწაულთა აღასრულებდეთ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მო-რაჲ-ვიდა იგი ტაძრად, მოუჴდეს მას მღდელთმოძღუარნი იგი და მოხუცებულნი ერისანი, ვითარ-იგი ასწავებდა ერსა, და ჰრქუეს მას: რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ, და ვინ მოგცა ჴელმწიფებაჲ ესე?“ (21,23).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად ამპარტავანნი იგი და თავჴედნი ჰურიანი ისწრაფიან სწავლისა მის დახრწევად, რაჲთა არა შეუნდონ ერსა მას სმენად და გულისჴმის-ყოფად. ხოლო ვინაჲთგან სასწაულთათჳს ბრალსა ვერარას შეჰჴდიდეს, მაშინ განსხმისათჳს მსყიდელთა და მეკერმეთაჲსა ტაძრით აბრალობენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმო. ეგრეთვე იოვანე წარმოიტყჳს, რამეთუ მაშინცა, დაღაცათუ არა ესევე სიტყუანი ჰრქუნეს, არამედ ამითვე გულისსიტყჳთა უკეთურებისაჲთა ჰკითხვიდეს: „რასა სასწაულსა მიჩუენებო, რამეთუ ამას იქმ?“ არამედ მაშინ მიუგო და ჰრქუა მათ: „დაჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვადგინო იგი“.1 ხოლო აწ სიტყუაჲ წინაუყო, რომლისა პასუხისა მიცემად მოუძლურდეს, რამეთუ იგი დაწყებასა იყო სახარებისასა, ხოლო ესე - აღსასრულსა.

ესრეთ უკუე ეტყჳან უშჯულონი იგი, ვითარმედ: „რომლითა ჴელმწიფებითა იქმ ამას?“ ესე იგი არს, საყდარსა ზედა მოძღურებისასა დაჯდომილ ხარა, ანუ მღდელთმოძღურებაჲ მიგიღებიესა, რომელ ესევითართა საქმეთა იქმ და ესოდენსა ჴელმწიფებასა აჩუენებ? და რაჲ-მე წინააღმდგომი ქმნა, ჵ უღმრთონო, რომელ წესიერებაჲ იგი ტაძრისაჲ იზრუნა და უწესოებაჲ დააყენა, რაჲ საბრალობელი იხილეთ? ჵ ფრიადი იგი უკეთურებაჲ ბილწთაჲ მათ! ოდეს ვაჭარნი იგი განასხნა ტაძრით, ვერაჲ იკადრეს თქუმად სასწაულთა მათთჳს, რომელნი მაშინ აღასრულნა. ხოლო აწ, მეორედ რაჲ შევიდა, წინაუყვეს სიტყუაჲ ესე ბრალობისაჲ.

ხოლო თავადმან არა მისცა პასუხი მარტივი, რაჲთა გამოაჩინოს, ვი-თარმედ უკუეთუმცა ენება ჴელმწიფებისა მისისა ხილვაჲ, არარაჲ იყო დამაყენებელ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გკითხო მე თქუენცა სიტყუაჲ ერთი; უკუეთუ მითხრათ მე, მეცა გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას. ნათლის-ცემაჲ იოვანესი ვინაჲ იყო: ზეცით ანუ კაცთაგან?“ (21,24-25).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და ვითარი შეწყობილებაჲ აქუს ამას სიტყუასა? ფრიად შუენიერი. რამეთუ უკუეთუმცა თქუეს, თუ: ზეცით იყო, მიუგომცა: „და რაჲსათჳს არა გრწმენა მისი?“2 რამეთუ უკუეთუმცა ერწმუნა ამათ სიტყუათა, არამცა ეტყოდეს უფალსა, ვინაჲთგან იოვანეს ეთქუა პირველვე, ვითარმედ: „არა ღირს ვარ განჴსნად საბელსა ჴამლთა მისთასა“;3 და ვი-თარმედ: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“;4 და ვითარმედ: „მე ვიხილე და ვწამე, რამეთუ ესე არს ძე ღმრთისაჲ“.5 და კუალად თქუა: „ზეგარდამომავალი ყოველთა ზედა არს“;6 და ვითარმედ: „ნიჩაბი ჴელთა მისთა არს, და განწმინდოს კალოჲ თჳსი“;7 და „მან ნათელ-გცესო სულითა წმიდითა“.8 და სხუაჲ ესევითარი მრავალი წამა და ქადაგა წინამორბედმან. უკუეთუმცა ჰრწმენა მისი ჰურიათა, არარაჲ იყო დამაყენებელ ცნობად, თუ რომლითა ჴელმწიფებითა იქმოდა უფალი საქმეთა თჳსთა.

ხოლო ვინაჲთგან არა ინებეს ჭეშმარიტისა სიტყჳსა მიგებაჲ, რამეთუ შორს იყვნეს ჭეშმარიტებისაგან, არამედ უკეთურებით ჰრქუეს, ვითარმედ: „არა უწყით“,9 არა ჰრქუა უფალმან, თუ: არცა მე უწყი, არამედ ჰრქუა

1 იოან. 2, 18-19. 2 მათ. 21,25. 3 იოან. 1,27; შდრ. ლუკ. 3,16. 4 იოან. 1,29. 5 იოან. 1,34. 6 იოან. 3,31. 7 მათ. 3,12. 8 მათ. 3,11. 9 მათ. 21,27.

მათ: „არცა მე გითხრაო, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას“.1 რამეთუ უკუეთუმცა უმეცარ იყვნეს, სწავლაჲ ჯერ-იყო; ვინაჲთგან ნეფსით უკე-თურებაჲ შეიმოსეს, სამართლად არარაჲ მიუგო მათ.

იხილეთ უკუე გონებათა მათთა სიბოროტე: არა თქუეს, თუ ნათლისცემაჲ იოვანესი კაცთაგან იყო. არა თუ მას პატივ-სცემდეს, არამედ ერისა მისგან ეშინოდა. ესრეთ უკეთურნი იყვნეს და ყოველივე საქმე მათი კაც-თათჳს იყო. ამითვე კაცთმოთნებისა გულისსიტყჳთა არა ჰრწმენა ქრისტე, რამეთუ შეიყუარეს დიდებაჲ კაცთაჲ და არა ღმრთისაჲ, და ყოველსა ბოროტსა ამით შთაცჳვეს. ამისთჳს ეტყჳს უფალი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აწ ვითარ ჰგონებთ თქუენ? კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე; და მოუჴდა პირველსა მას და ჰრქუა: შვილო, წარვედ დღეს და იქმოდე ვენაჴსა ჩემსა. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: არა მნებავს; ხოლო უკუანაჲსკნელ შეინანა და წარვიდა. და მოუჴდა მეორესა მას და ჰრქუა ეგრეთვე. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: წარვიდე, უფალო; და არა წარვიდა. ვინ ორთა ამათგანმან ყო ნებაჲ მამისა თჳსისაჲ? ჰრქუეს მას: პირველმან მან“ (21,28-31).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად იგავით ეტყჳს მათ და ამხილებს უმადლოებასა და უკეთურებასა მათსა და მოასწავებს სასოწარკუეთილთა მათ მოქცევასა და მორჩილებასა. რამეთუ იგავი ესე ორთა მათ ძეთაჲ მოასწავებს საქმესა მას წარმართთა და ჰურიათასა. რამეთუ წარმართთა არა ასმიოდა შჯული, არცა აღეთქუა მორჩილებაჲ, და საქმით აჩუენეს მორჩილებაჲ და შევიდეს საქმედ ვენაჴსა მას ცხორებისასა, რომელ არიან მცნებანი ქრისტესნი და ქადაგებაჲ იგი სახარებისაჲ.

ხოლო ჰურიათა ასმიოდა შჯული და წინაჲსწარმეტყუელთა სიტყუანი და ეთქუა, ვითარმედ: ყოველი, რავდენი თქუას ღმერთმან, ვქმნათ და ვისმინოთ; და საქმით აჩუენეს ურჩებაჲ ბოროტი.

ამისთჳსცა, რაჲთა არა ჰგონებდენ, თუ შჯული იგი სარგებელ რასმე ეყოფვის, უჩუენებს უფალი, ვითარმედ უფროჲსღა დასასჯელ მათა იქმნების, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „არა მსმენელნი შჯულისანი, არამედ მოქმედნი შჯულისანი განმართლდენ ღმრთისა მიერ“.2 ხოლო რაჲთა თავით თჳსით დაშჯილ იყვნენ, მათვე პირითა თჳსითა უბრძანა განჩინებისა მიცემად, და ვინაჲთგან ნეფსით არა ინებეს აღსაარებად ჭეშმარიტისა, იგავითა მით ათქუმია, რომელსა ეძიებდა. ხოლო ვინაჲთგან ვერ გულისჴმა-ყვეს მათ, თუ რაჲსათჳს წინაუყო იგავი იგი, და მისცეს განჩინებაჲ სასჯელისაჲ მის, მერმეღა გამოუცხადა სიტყჳსა მის ძალი და ჰრქუა მათ:

1 მათ. 21,27. 2 რომ. 2,13.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მეზუერენი და მე-ძავნი წინაგიძღოდიან თქუენ სასუფეველსა ცათასა. რამეთუ მოვიდა თქუენდა იოვანე გზითა სიმართლისაჲთა, და არა გრწმენა მისი, ხოლო მეზუერეთა და ცოდვილთა ჰრწმენა მისი; ხოლო თქუენ იხილეთ და არა შეინანეთ უკუანაჲსკნელ, რაჲთამცა გრწმენა მისი“ (21,31-32).

თ ა რ გ მ ა ნ ი: „მოვიდა თქუენდა იოვანე გზითა სიმართლისაჲთა, და არა გრწმენა მისი“. ესე იგი არს, ვითარმედ: ვერ ჴელ-გეწიფების თქუმად, თუ უდები ვინმე იყო და უსარგებლოჲ და ამისთჳს არა გრწმენა, რამეთუ ცხორებაჲ მისი ანგელოზთა მობაძავი იყო, და მოძღურებაჲ მისი მაღალ და ყოვლით კერძო პატიოსან იყო წინაშე ღმრთისა და კაცთა, და არავე გრწმენა მისი. და კუალად უმძიმესი დაგედვა ბრალი, რომელ მეზუერეთა ჰრწმენა, და კუალად უძჳრესი ბრალი, რომელ არცა თუ ამისა შემდგომად შეიკდიმეთ და გრწმენა, რამეთუ თანაგედვა პირველ ყოველთასა თქუენ შეწყნარებაჲ მისი; ხოლო რომელ არცა თუ შემდგომად მათსა გრწმენა, ესე გარდარეულისა მის უშჯულოებისა თქუენისა სასწაული არს და მათი საქებელი, რომელთა ჰრწმენა.

იხილე, რავდენსახედ იგინი საქებელ არიან და ესენი საყუედრელ. თქუენდა მომართ მოვიდაო და არა მეზუერეთა მიმართ, და თქუენ არა გრწმენა; იგინი ამას ზედა არავე დაბრკოლდეს, მათ ჰრწმენა, და თქუენ ესე არა სარგებელ გეყო, არცა შეიკდიმეთ.

ხოლო რომელ თქუა, თუ: „წინაგიძღოდიან თქუენ სასუფეველსა“, არა თუ ამას მოასწავებს, თუ თქუენცა შემავალ ხართ, არამედ ამას ეტყჳს, ვი-თარმედ: უკუეთუ თქუენცა მოიქცეთ და გრწმენეს, გაქუნდეს სასოებაჲ შესლვისაჲ. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „იყვნენ წინანი უკუანა, და უკუანანი - წინა“.1

ამისთჳს მოიყვანნა მეზუერენი და მეძავნი სახედ, რაჲთა შეშურდეს მათ და მოიქცენ. რამეთუ ორნი იგი ცოდვანი ტრფიალებისაგან ბოროტისა იშვებოდეს: ერთი იგი ჴორცთაჲსა და მეორე საფასეთაჲსა; არამედ დაუტევეს მათ იგი და მოიქცეს, ჰრწმენა და განიწმიდნეს თავნი თჳსნი და ღირსად სასუფეველისა გამოჩნდეს. ხოლო თქუენ არცა პირველად გრწმენა, არცა უკუანაჲსკნელ შეინანეთ.

რამეთუ ბოროტ არს პირველითგან არა გამორჩევაჲ კეთილისაჲ, არა მედ ბოროტისა ქმნაჲ, ხოლო უმეტესი ბრალი არს სინანულადცა არა მოსლვაჲ, ვითარცა-იგი შეემთხჳა ჰურიათა, რომელნი ყოვლით კერძო ამპარტავანებითა და ზუაობითა შეპყრობილ იყვნეს, და არცა იოვანესი ჰრწმენა, არცა ქრისტესა შეუვრდეს, არცა პირველ გულისჴმა-ყვეს, არცა უკუანაჲსკნელ შეინანეს. ამისთჳს მიეცნეს სრულიადსა წარწყმედასა.

1 მათ.19,30; 20,16.

სწავლაჲ ჲზ სინანულისათჳს

ხოლო ჩუენ შორის ნუმცა ვინ არს ესევითარი, არამედ დაღაცათუ უკუანაჲსკნელსა მას სიღრმესა ცოდვისასა შთავარდეს, ნუ წარიკუეთს სასოებასა, რამეთუ უკუეთუ გუენებოს, ადვილ არს მღჳმისა მისგან და უფსკრულისა ბოროტთაჲსა აღმოსლვაჲ. ანუ არა უწყითა, ვითარ მეძავი იგი, რომელი უკეთურებითა ყოველთა უმეტეს იყო, მოიქცა რაჲ, წარჰჴდა ყოველთა ღმრთისმსახურებითა; არა მას ვიტყჳ, რომელი სახარებასა შინა წერილ არს, არამედ რომელი-იგი ჩუენისა ამის ნათესავისა ზე იყო, რომელი გამოჩნდა ფინიკით, უშჯულოჲსა მის ქალაქისაგან. ესე მეძავი ოდესმე ფრიად სახელგანთქუმულ იყო უკეთურებისა სიბორგილითა, და მრავალ-თა ქუეყანათა განისმა სახელი მისი, არა ჩუენსა ხოლო ქალაქსა შინა, არამედ ვიდრე კილიკიადმდე და კაბადოკიადმდე; და მრავალთა მდიდართა საფასენი დააცარიელნა და მრავალნი მოიგნა დიდებულნი ტრფიალად, და მრავალნი იტყოდეს, ვითარმედ გრძნებისაცა მეცნიერ იყო და არა სახნიერებითა ხოლო, არამედ მწამლველობითაცა შეაწყუდევდა მრავალთა უკე-თურებისა თჳსისა ბადეთა შინა, ვიდრე ძმაჲცა დედუფლისაჲ მოინადირა და დაიმონა ტრფიალებასა თჳსსა. და ფრიად დიდ იყო მძლავრებაჲ ცოდვისა მისისაჲ.

ესევითარი რაჲ იყო, მეყსა შინა (არა უწყი, თუ ვინაჲ; და რად ვიტყჳ, თუ არა უწყი? უფროჲსღა უწყი კეთილად) მოეგო გონებასა, მოიქცა ღმრთისა, ჴმა-უყო სახიერებასა მისსა და მადლსა მას გამოუთქუმელსა, შეურაცხყო ყოველივე, განაგდო ყოველივე ნივთი საეშმაკოჲ და სინანულისა მიერ ზეცად ამაღლდა; და რაოდენ პირველ ყოველთა უხენეშე იყო მედგრობი-თა, ესოდენ უკუანაჲსკნელ მრავალთა წარჰჴდა სათნოებითა. შეიმოსა ძა-ძაჲ, დაადნვნა ჴორცნი თჳსნი მარხვითა და აღასრულნა ჟამნი ცხორებისა თჳსისანი მოღუაწებითა.

ღირს იქმნა იგი საიდუმლოთა მაღალთა და აჩუენა მოსწრაფებაჲ ღირსი მადლისაჲ მის და ესრეთ აღესრულა სიწმიდესა შინა; განიბანა ყოველივე ბილწებაჲ ცოდვისაჲ და შემდგომად ნათლის-ღებისა დიდი ღმრთისმსახურებაჲ აჩუენა. შეაყენა თავი თჳსი სენაკსა ერთსა, ვითარცა დილეგსა, და არავისი თავს-იდვა მეცნიერთა მისთაგანისა ხილვაჲ, თჳნიერ ქალწულთა მათ, რომელთა თანა იყოფებოდა. მრავალგზის ისწრაფა ეპარხოსმან ხილვად მისა და ვერ უძლო, რამეთუ არა თავს-იდვა მან. და ესევითარსა მას მოღუაწებასა და ღმრთისმსახურებასა შინა აღესრულა.

„ესრეთ იყვნენ წინანი უკუანა, და უკანანი - წინა“. რამეთუ ესე ხოლო ჯერ-არს, რაჲთა სული მჴურვალე მოვიგოთ, და არავინ იყოს დამაყენებელ წარმართებად ჩუენდა და მიწევნად საზომსა მას სრულებისასა.

ნუმცა ვინ უკუე ცოდვათა სიმრავლისათჳს წარიკუეთს სასოებასა, ნუცა კუალად სათნოებათა შინა მყოფი უდებ იქმნების და უშიშად ზუაობს, ნუუკუე მეძავი გინა მეზუერე წარჰჴდენ მას; ნუვინ შებღალული ურჩულოებითა უსასო არს, რამეთუ უკუეთუ ენებოს, ძალ-უც პირველთაცა უწინა ყოფად.

ისმინეთ, რასა ეტყჳს ღმერთი იერუსალჱმსა: „ვთქუ შემდგომად ესოდენთა მათ სიძვათა და არაწმიდებათა შენთა: ჩემდავე მოიქეც, და შეგიწყნარო, და არა მოიქცა“.1

საცნაურ არს უკუე და ჭეშმარიტ, ვითარმედ: ოდესცა მოვიქცეთ შიშსა ღმრთისასა, არღარა მოიჴსენებს პირველთა მათ. არა თუ ღმერთი მსგავს საქმეთა კაცთა არს. არა აყუედრებს მონანულსა გარდასრულ-თა ცოდვათათჳს, არცა გუეტყჳს, თუ: რად ესოდენთა ჟამთა განდგომილ იყავ ჩემგან? არამედ საწადელ არს მისა, ოდესცა მოვიქცეთ, ოდენ ვითარცა ჯერ-არს, ეგრეთ მოვიქცეთ, შეუდგეთ მას და მივსდევდეთ მჴურვალედ, შევმსჭუალნეთ შიშსა მისსა ჴორცნი ჩუენნი, ძმანო, რამე-თუ ესევითარნი საქმენი არა ახალსა ხოლო შჯულსა ქმნილ არიან, არამედ ძუელსაცა. ვინ იყო უძჳრეს მანასესა? არამედ მო-რაჲ-იქცა სინანულად, მეყსა შინა შეიწყალა იგი ღმერთმან; და ვინ იყო უსანატრელეს სოლომონისა? გარნა უდებ იქმნა და დაეცა. და უფროჲსად ორივე ესე ერთსა ზედა პირსა მაქუს გამოჩინებად: მიხედენით ნეტარსა დავითს, ვითარ იგივე ოდესმე კეთილ იქმნა და ოდესმე ბოროტ. ჰრულოოდა რაჲ უდებებით, შეუბრკუმა და დაეცა. კუალად განიფრთხო სინანულითა და პირველსავე საზომსა მიიწია და უაღრესსაცა. იუდაცა მოციქულთა თანა იყო და იქმნა განმცემელ უფლისა; პავლე მდევარი იყო და იქმნა მოძ-ღუარ ყოვლისა სოფლისა; მათეცა მეზუერე იყო და იქმნა მახარებელ. რავდენნი ესევითარნი შეცვალებანი იპოებიან პირველქმნილნიცა და აწ იქმნებიან დღითი-დღე.

ამისთჳს ვიტყჳ: ნუცა სამეძვოსა შინა მყოფი წარიკუეთს სასოებასა, უკუეთუ ოდენ ინებოს მოქცევაჲ, ნუცა ეკლესიასა შინა მყოფი უზრუნველ არს და უშიშ. რამეთუ ამის მიმართ თქუმულ არს: „რომელი ჰგონებდეს დგომასა, ეკრძალენ, ნუუკუე დაეცეს“;2 ხოლო მისა მიმართ იტყჳს: „ნუუკუე დაცემული იგი არა აღდგისა?“3 და „ჴელნი იგი დაშთომილნი და მუჴლნი დაჴსნილნი აღემართენითო“.4

კუალად ამათ ეტყჳს: „განიფრთხვეთ, მღჳძარე იყვენით, რამეთუ მოსაჯული თქუენი ეშმაკი ვითარცა ლომი მყჳრალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა“;5 ხოლო მათ ეტყჳს: „განიღჳძე, რომელსა გძინავს, და აღდეგ მკუდრეთით“.6 ამათ თანააც დაცვაჲ მოგებულთა მათ კეთილთაჲ, ხოლო მათ - მოგებად, რომელი არა აქუს; ამათ უჴმს სიმრთელისა თჳსისა

1 შდრ. იერ. 3,7. 2 1 კორ. 10,12. 3 იერ. 8,4. 4 ესაია 35,3. 5 1 პეტ. 5,8. 6 ეფეს. 5,14.

დაცვად, რაჲთა არა მოუძლურდეს, მათ უჴმს კურნებაჲ თავთა თჳსთა, რამეთუ სნეულ არიან.

ეტყჳს უკუე უფალი განკურნებულთა მათ, ვითარმედ: „აჰა ეგერა ცოცხალ იქმენ, ნუღა სცოდავ, რაჲთა არა უძჳრესი რაჲმე გეყოს შენ“;1 ხოლო უძლურებასა შინა მყოფთა ეტყჳს: „გნებავსა, რაჲთა განიკურნო? აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!“2 რამეთუ ცოდვაჲ ბოროტი განრღუეულობაჲ არს და ყოვლისა განრღუეულობისა უძჳრეს, გარნა უკუეთუ ინებო განკურნებაჲ, რაოდენცა ძნელ იყოს სენი შენი, მზა არს კურნებაჲ. დაღაცათუ ოცდაათრვამეტი წელი გაქუნდეს უძლურებასა შინა, ანუ ერგასისი, ანუ უმეტესიცა, და გინდეს განკურნებაჲ თავისა შენისაჲ, არავინ არს დამაყენებელ, რამეთუ აწცა ქრისტე წარმოდგომილ არს და გეტყჳს: „აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!“

ოდენ ნუ უდებ იქმნები აღდგომად, ნუ წარიკუეთ სასოებასა; არა გაქუს კაცი? არამედ ღმერთი გაქუს. არა გაქუს კაცი, რაჲთა შთაგაგდოს საბანელსა მას? არამედ გაქუს ქრისტე, რომელმან არა საჴმარ-გიყოს ყოვლადვე საბანელი იგი პროვატიკისაჲ; არა გაქუს კაცი, რომელმან გიღუაწოს? არამედ გაქუს, რომელმან გიბრძანოს: „აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!“

არა გაქუს თქუმად, თუ: „ვიდრე მე მივიდოდი, სხუაჲ უწინარეს ჩემსა შთავიდის“,3 რამეთუ გენებოს თუ შთასლვად წყაროსა მას, არავინ გაყენებს, არა განილევის, არცა მოუძლურდების მადლი იგი. წყაროჲ არს სამარადისოდ აღმომცენარე, სავსებისა მისისაგან ყოველნი განვიკურნებით სულით და ჴორცით. მოუჴდეთ უკუე და შეუვრდეთ მას, რაჲთა ვცხონდეთ.

რააბ მეძავი იყო და ცხონდა სინანულითა; ავაზაკი კაცისმკლველი იყო და სამოთხისა მოქალაქე იქმნა, ხოლო იუდა მოძღუარსა მას სახიერსა თანა იქცეოდა და წარწყმდა; და ავაზაკმან ჯუარსა ზედა მოწფობაჲ ქრისტესი მოიტაცა.

ესრეთ არიან საქმენი ღმრთისანი დიდებულ და საკჳრველ. ამას ესევითარსა გულისჴმა-ჰყოფდი და ნუ სასოწარკუეთილ ხარ, არამედ მარადის სასოებით განიფრთხობდი ძილისა მისგან მცონარებისა. იპყარ გზაჲ იგი სინანულისაჲ, ვიდოდე უცონელად და ისწრაფე შესლვად, ვიდრე კარი გან-ღებულ არს, პირველ დაჴშვისა შეისწრაფე.

მცირე არს საწუთროჲ ესე, და შრომაჲ სინანულისაჲ - მოკლე. დაღაცათუმცა დიდ იყო და გრძელ, არცა ეგრეთ ჯერ-იყო მოწყინებაჲ. დაღაცათუ ვინ არა ინებოს შრომათა მათ სათნოებისათა თავს-დებად, შრომაჲ არავე დააკლდების, ვიდრემდის სოფელსა შინა იყოს. ვინაჲთგან უკუე გინა თუ ესრეთ, გინა თუ ეგრეთ შრომაჲ წინაგჳც, რაჲსათჳს არა შუენიერსა მას შრომასა სათნოებისასა გამოვირჩევთ, რომლისა ნაყოფი ტკბილ არს,

1 იოან. 5,14. 2 იოან. 5, 6,8. 3 იოან. 5,7.

და მოსაგებელი მისი საწადელ? და არა ერთ არიან ორნივე ესე შრომანი, რამეთუ სოფლისა საქმეთა შინა შრომაჲცა ფრიად არს და სარგებელი არარაჲ, რამეთუ ოდესმე ყოვლადვე ცუდ და უნაყოფო იქმნების, ოდესმე მოსცემს ნაყოფსა უნდოსა და არარასა და წუთერთსა; ხოლო სულიერი არა ესრეთ არს, არამედ შრომაჲ იგი სათნოებისაჲ მცირედჟამი არს და ჴორცთა მიერ განხრწნადთა, ხოლო გჳრგჳნი მისი უხრწნელ და დაუსრულებელ, სადა-იგი არღარა არს შიში შეცვალებისაჲ, არცა აღსასრული სიხარულისაჲ.

აწ უკუე რაჲ არს კეთილი ესე და შუებაჲ სოფლისაჲ, რომლისა შეცვალებასა მარადღე მოელი, რომელი საწუთრო არს და მიწისაგან, და პირველ გამოჩინებისა წარწყმდების და ფრიადითვე ჭირითა მოიგების? ანუ რაჲ არს სწორ მათ კეთილთა შეურყეველთა და წარუვალთა და დაუსრულებელთა, რომელთა ჟამსა მებრ შრომისასა დიდი სიტკბოებაჲ აქუს სასოებისაჲ და გჳრგჳნთა მათ დაუჭნობელთა უჩუენებენ მუშაკთა თჳსთა? რამე-თუ ნანდჳლვე მუშაკი სათნოებისაჲ პირველ ამიერ წარსლვისა გჳრგჳნოსან არს.

აწ უკუე მოვიგოთ სათნოებაჲ, რაჲთა აქაცა კეთილად ვიყვნეთ და მერმესა მას საუკუნესა წარუვალთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ, რომელთა ღირსმცა ვართ მკჳდრ-ყოფად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.