მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა-იგი ორგულნი, მწუხარე, რამეთუ განირყუნიან პირნი მათნი, რაჲთა ეჩუენნენ კაცთა მმარხველად“ (6,16).

კეთილ არს ამას სიტყუასა ზედა დიდად სულ-თქუმაჲ და მწარედ გოდებაჲ, რამეთუ არა ხოლო თუ ორგულთა ვჰბაძავთ, არამედ მათცა ფრიად გარდავემატებით, რამეთუ ვიცნი მრავალნი ჩუენ შორის, რომელნი არა ხოლო თუ იმარხვენ და ეჩუენებიან კაცთა, არამედ არცა თუ იმარხვენ და მარხვასა იჩემებენ და სახესა მმარხველობისასა უჩუენებენ კაცთა და მიზეზსა წინაგჳყოფენ უძჳრესსა ცოდვისა მათისასა და იტყჳან: ამისთჳს ესრეთ ვიქმთო, რაჲთა არა დავაბრკოლნეთ კაცნი. რაჲ არს სიტყუაჲ ესე, უგუნურო? ბრძანებაჲ არს მეუფისაჲ, რომელი ამას გუამცნებს, რაჲთა არა ვეჩუენებოდით კაცთა, და შენ იტყჳ, ამისთჳს ვეჩუენებიო, რაჲთა არა დაბრკოლდენ კაცნი; და უფროჲსღა გარდასლვასა მცნებათა ქრისტესთასა იტყჳ აღსაშენებელად სხუათა?

რაჲმცა იყო უძჳრეს ამის სიტყჳსა? რამეთუ ამით ჯერითა ფრიად უარეს ხარ ორგულთაცა, არამედ გრცხუენოდენ სიტყუათაგან უფლისათა და გულისჴმა-ყავ, ვითარ ძლიერად განგუაკრძალებს, რამეთუ არა თქუა, თუ: ეჩუენებიან ხოლო, არამედ: „განირყუნიანო პირნი მათნი, რაჲთა ეჩუენნენ კაცთა“. მჭმუნვარებასა მას და უფერულებასა პირისასა, რომელსა იქმან სახილველად კაცთა, განრყუნილებად და სიხენეშედ სახელსდვა, რამეთუ ყოველივე გარეგანი წესისაჲ განრყუნილება არს, გინა თუ ცუდადმზუაობრობისათჳს და მაჩუენებლობისა უფერულ და ყჳთელ ყოს ვინ პირი თჳსი, გინა თუ პირშუენიერებისათჳს - ჰაეროვან და ფეროვან სავნებელად მხილველთა მათ, ორივე განრყუნილება არს პირისა და სასჯელისა თანამდებ; და უფროჲსღა მეორე ესე სახე უძჳრეს არს, რამეთუ რომელმან-იგი მაჩუენებლობისათჳს უფერულ-ყო პირი თჳსი, თავსა ხოლო თჳსსა ავნო, ხოლო რომელმან შეამკო თავი თჳსი ფეროვნებითა და გულებითა პირისაჲთა და სამკაულითა სამოსელთაჲთა, თჳსსაცა სულსა ავნო და სხუათა მრავალთა.

ვითარცა-იგი წინაჲსწარმეტყუელი ვაებასა მისცემს მათ, რომელნი ვლენან ქედითა მაღლითა და პირითა გულებულითა და წამის-ყოფითა თუალთაჲთა და სამკაულითა შუენიერითა, განსათხზველებითა და საკუხები-თა, ფარღლებითა და მელევანდებითა და საცხინველებითა, სალტებითა და განთხზულითა კოწლებითა და ბეჭდებითა, მარჯუენით საცუმელებითა და საყურებითა და ძოწეულოვანითა ბისონითა და იაკინთითა, მეწამულითა და ზეზითა ოქროსა თანა და იაკინთესა შექმნულითა, და ბიალონები იქცევისი.

ამისთჳს ჯერ-არს ორისავე ამის განრყუნილებისაგან სივლტოლაჲ ყოვლითა მოსწრაფებითა, რამეთუ სავნებელ არს ორივე სულისაჲ და განრყუნილება ბუნებისა. ხოლო არა მაჩუენებლობისაგან ოდენ გჳბრძანა სივლტოლაჲ, არამედ ყოვლითა ძალითა დაფარვაჲ სათნოებათაჲ გუამცნო, ვითარცა ზემოცა წარმოთქუა, გარნა მოწყალებისათჳს არა ესრეთ განჩინებით თქუა, არამედ ბრძანა რაჲ, ვითარმედ: „ეკრძალენით ქველისსაქმესა თქუენსა, რაჲთა არა ჰყოთ წინაშე კაცთა“, შესძინა, ვითარმედ: „სახილველად მათდა“.1

ხოლო ლოცვისა და მარხვისათჳს არარაჲ თქუა ესევითარი. რაჲსათჳს-მე? ამისთჳს, რამეთუ მოწყალებისა შეუძლებელ არს ესრეთ დაფარვაჲ, რაჲთამცა ყოვლადვე არავინ ცნა, ხოლო ლოცვისა და მარხვისა შესაძლებელ არს.

და ვითარცა-იგი იტყოდა რაჲ, ვითარმედ: „რაჟამს ჰყოფდე ქველისსაქმესა, ნუ სცნობნ მარცხენე შენი, რასა იქმოდის მარჯუენე შენი“,2 არა ჴელთათჳს იტყოდა, არამედ რაჲთა მოსწრაფე ვიყვნეთ ფარულად კაცთაგან ყოფად ქველისსაქმისა; და ოდეს-იგი თქუა, ვითარმედ: „ილოცვიდე რაჲ, შეედ საუნჯესა შენსა“,3 არა თუ მუნ ოდენ გუამცნო ლოცვაჲ, არამედ ესევე სახე გუაუწყა, რაჲთა არა საჩუენებელად კაცთა აღვასრულებდეთ ლოცვასა. ეგრეთვე აქა იქმს სიტყჳთა ამით, რომელი თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი, რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ“ (6,17-18).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არა თუ სიტყჳთა ამით ცხებაჲ თავისაჲ და ბანაჲ პირისაჲ გუამცნო; უკუეთუ არა, ვიპოენითმცა ყოველნი გარდამავალ ამას შჯულსა, და უფროჲსად, რომელნი-იგი ყოველთა უმეტესად აღსრულებად მისა მოსწრაფე არიან, კრებულნი მონაზონთანი, მკჳდრნი მთათა შინა და უდაბნოთა. აწ უკუე არა ცხებასა და ბანასა გჳბრძანებს, არამედ ვინაჲთგან ძუელსა მას ჟამსა შინა ჩუეულებაჲ აქუნდა კაცთა ჟამსა შუებისა და სიხარულისასა ზეთისა ცხებად, რომელთა აქუნ - სურნელებითა შემზადებულისა, და სხუათა - ლიტონისა ზეთისაჲ (და ესე საცნაურ არს დავითისგან და დანიელისგან), ამისთჳს ბრძანა უფალმან ცხებაჲ და ბანაჲ, რაჲთა ამათ სიტყუათა მიერ ვისწაოთ, ვითარმედ ჯერ-არს ყოვლით კერძო მოსწრაფებაჲ დაფარვად კაცთაგან მარხვისა ჩუენისა; და რაჲთა სცნა, ვითარმედ ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ ჩუენი, გულისჴმა-ყავ, ვითარმედ თავადმან რაჲიგი სიტყჳთ გუამცნო, საქმით აღასრულა.

1 მათ. 6,1. 2 მათ. 6,3. 3 შდრ. მათ. 6,6.

და ოდეს-იგი ორმეოც დღე იმარხა, ფარულად კაცთაგან ქმნა იგი, გარნა არცა თავი იცხო, არცა პირი დაიბანა, არამედ თჳნიერ ამისაცა ყოველივე განშორებულად და უცხოდ ზუაობისაგან და მაჩუენებლობისა ქმნა და ჩუენცა ესრეთ გჳბრძანა ქმნად. ამისთჳს ორგულ სახელ-სდვა მაჩუენებელთა, რამეთუ ღმრთისათჳს ქმნად აჩუენებენ, ხოლო იგინი კაცთა ქებასა ეძიებენ, რომელთა საქმე არა საკიცხელ ოდენ არს, რომელ ქებაჲ კაცთაჲ აღირჩიეს, ვიდრეღა ღმრთისაჲ, არამედ საგლოელცა არს, რომელ აქავე მიუღებიეს სასყიდელი ცუდი და არარაჲ და უუძლურესი აჩრდილისა და სიზმრისა.

და ოდეს-იგი წარდგენ წინაშე ღმრთისა, სადა-იგი ყოველნივე შიშუელნი და ქედდადრეკილნი წარვდგეთ, მაშინ იპოვნენ იგინი უნაყოფონი და ცარიელნი; და რაჲმცა იყო ამისა უსაწყალობელეს, უკუეთუ მოქმედთა სათნოებისათა, ოდეს-იგი სასყიდელისა ჟამი იყოს, არარაჲ პოონ, არამედ ესმას ჴმაჲ იგი სიმწარისაჲ, ვითარმედ: „მიგიღებიეს სასყიდელი თქუენი“.1

და უფროჲსად, რომელ ესრეთ სუბუქ და ადვილ არს მცნებაჲ ესე, რამეთუ არა თუ უმეტესად მარხვაჲ გუამცნო, არამედ ესე ოდენ გჳბრძანა, რაჲთა სასყიდელი იგი და გჳრგჳნი შრომისა მის ჩუენისაჲ არა წარვწყმიდოთ; რაჲთა რომელი-იგი ძნელ არს და მძიმე, ზოგად გუაქუნდეს ჩუენცა და მაჩუენებელთა, რომელ არს შრომაჲ იგი და ჭირი მარხვისაჲ, რამეთუ ჩუენცა ვიმარხავთ და იგინიცა, და ოდესმე უმეტესცა ჩუენსა არნ მათი იგი მარხვაჲ; ხოლო რომელი-ესე სუბუქ არს და ადვილ, - რაჲთა სასყიდელი შრომისა ჩუენისაჲ არა წარვწყმიდოთ, - ესე გუამცნო და გჳბრძანა უფალმან. არა თუ შრომაჲ და ღუაწლი ჩუენი აღაორძინა, არამედ სასყიდელი ჩუენი დაგჳმარხა უცთომელად, რაჲთა არა ცარიელნი და უგჳრგჳნოსნონი წარვიდეთ მსგავსად მათსა, რომელთაცა ორგულ სახელ-სდვა.

რამეთუ არცა თუ თეატრონსა შინა, ანუ ცხენთა სარბიელსა შემავალ-თა მალემსრბოლთა, გინა მორკინალთა, გინა მსახიობელთა მიემსგავსნეს, ანუ თუ მეორღანოეთა და მენესტვეთა, ქნარითა და ლინითა მეტყუელთა და პირად-პირადითა სიღოდითა მემღერთა; რამეთუ ესე ყოველნი თჳსად-თჳსადსა მას სახიობასა რაჲ აღასრულებდენ და ესოდენი იგი სიმრავლე ერისაჲ გარემოადგნ, არცა ვის ეჩუენებოდიან, არცა ვისთჳს ზრუნვიდიან, არამედ ყოველივე გონებაჲ მათი და თუალნი გულისა და ჴორცთანი მისა მიმართ აღპყრობილ არნ, რომლისაგანცა ნიჭსა და სასყიდელსა მოელოდიან, გინა თუ მეფე ზინ მუნ, გინა თუ სხუაჲ ვინ ნაცვალი მისი.

ხოლო ესენი თჳსსა მას შრომასა არა მას უჩუენებენ, რომელი-იგი ღმერთი არს და მეუფე ყოველთაჲ, რომელი-იგი განუყოფს მონათა თჳსთა უხუებით ნიჭთა მათ მიუთხრობელთა, არამედ მათ ეჩუენებიან, რომელნი

1 შდრ. მათ. 6,2,5.

არა ხოლო თუ ვერარას არგებენ, არამედ ფრიადცა ავნებენ. ეჰა ფრიადი ესე უგუნურებაჲ და სიცოფე - დატეობაჲ ღმრთისაჲ და სათნო-ყოფაჲ კაცთაჲ!

რასა იქმ, ჵ მაჩუენებელო, რად ცუდად შურები და ამაოდ წარაგებ ღუაწლსა შენსა? რაჲსათჳს არა ღმერთსა სათნო-ეყოფი, არამედ კაცთა? და უკუეთუ რაჲმე კაცთა მიერ გნებავს, რაჲთა იხილვებოდინ შრომანი შენნი, მე გიჩუენო ჟამი, რაჲთა უვნებელად უჩუენნე კაცთა შრომანი შენნი - დღესა მას დიდებულსა და საშინელსა მეორედ მოსლვისა ქრისტესსა. უკუეთუ აწ დასთრგუნო ცუდადზუაობაჲ, მაშინ ბრწყინვიდენ ქველისსაქმენი შენნი წინაშე ანგელოზთა და კაცთა, მაშინ იყოს ჭეშმარიტად ქებაჲ შენი და ნეტარებაჲ ყოველთა მიერ. ხოლო აწინდელი ესე მაჩუენებლობაჲ დიდად სავნებელ არს შენდა; ერთად, რამეთუ გამოგაჴუებს საუკუნოჲსა მის დიდებისაგან, მეორედ, რომელ უნდონი და მცირედნი კაცნი ხედვენ საქმესა შენსა და მრავალგზის არცა თუ მოყუარენი სათნოებისანი, არამედ მტერნი. რაჲ უკუე იყოს მათგან სარგებელი შენი, და უფროჲსღა, რაოდენი ვნებაჲ არა მოიწიოს მათ მიერ შენ ზედა?

რამეთუ ესე მებრ სირცხჳლ არს შენდა, რომელ მტერთა სათნოებისათა უჩუენებ სათნოებასა შენსა და არა ღმერთსა, წყაროსა მას და მოძღუარსა სათნოებისასა, და წმიდათა მისთა მუშაკთა მათ და ტრფიალთა სათნოებისათა, ვითარცა წინაწარმეტყუელი ღაღადებს: „შენ მიერ არს ქებაჲ ჩემი ეკლესიასა შინა დიდსა; აღგიარო შენ, აღთქუმაჲ ჩემი აღვასრულო წინაშე მოშიშთა შენთა“;1 რამეთუ ეკლესიაჲ შესაკრებელად გამოითარგმანების, ხოლო შესაკრებელი დიდი დღე იგი განკითხვისაჲ არს, ოდეს ფრიადი კრებული ანგელოზთა და კაცთაჲ ერთბამად წარმოდგენ. ნეტარ არს უკუე, რომლისა ქებაჲ მაშინ იქმნას ღმრთისაგან წინაშე მოშიშთა მისთა, რამეთუ მან დაიმკჳდროს სასუფეველი ცათაჲ. ამისთჳს გევედრები, მუშაკნო სათნოებისანო, ნუ კაცთათჳს, არამედ ღმრთისათჳს იყავნ შრომაჲ თქუენი; ნუ კაცთათჳს ჰმორჩილობთ ღმერთსა, არამედ ღმრთისათჳს - კაცთა. რამე-თუ უკუეთუ კაცთათჳს იქმოდით სათნოებათა, სწორ ხართ არამოქმედთასა, რამეთუ ვითარცა იგინი არაქმნითა ურჩ ექმნებიან ღმერთსა, ეგრეთვე თქუენ - ურჩულოდ და უწესოდ ქმნითა; არამედ რჩულიერად იღუაწეთ, რაჲთა რჩულიერადცა გჳრგჳნოსან იქმნეთ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. ხოლო თქუენ იუნჯებდით საუნჯეთა ცათა შინა, სადა არცა მღილმან, არცა მჭამელმან განრყუნის, და სადა არცა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. რამეთუ სადაცა არნ საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი“ (6,19-21).

1 ფსალმ. 21,26.

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ცუდადმზუაობრობისა სენი განდევნა კეთილად აწ, და თჳსსა ჟამსა შემოაქუს შორის უპოვრებისათჳს სიტყუაჲ. რამე-თუ არარაჲ ესრეთ აღაორძინებს ტრფიალებასა საფასეთასა, ვითარ ტრფიალებაჲ ცუდისა დიდებისაჲ, რამეთუ ამისთჳს მოიგებენ კაცნი სიმრავლესა მონათასა და კრებულსა საჭურისთა და შიმონვართასა, ჰუნეთა ოქროაღკაზმულთა და ტაბლათა ვეცხლითა გამოტურანტუსებულთა, ტაძართა ოქროქანდაკებულთა და პირად-პირადითა მარმარილოჲთა დასხმულთა, ცხედართა ოქროჭედილთა და ანთრაკითა წახნაგებულითა მარგალიტისა თანა შემკულთა და გარდაგებულთა ზეზითა, ძოწითა და ჭიჭნაურითა, და იმოსებიან პორფირითა, ბისონითა და ოქროქსოილითა; აღსდგმენ კარავთა იქცევისად ნემსულთა და ფერად-ფერადად ჭრელებულთა, საბლებითა ძოწეულისა და ზეზისაჲთა და ქობინითა ოქროჲსა და ვეცხლისაჲთა; დააგებენ ტაბლათა მრავალსახითა სანოაგითა სავსეთა და იშუებენ ემბნითა, ქნარი-თა, ბობღნითა და ნესტჳთა.

ამას ყოველსა არა თუ წესიერისა მის და ბუნებითისა საჴმრისათჳს იქმან, არცა განსუენებისათჳს ხოლო ჴორცთა მათთაჲსა, არამედ რაჲთა სხუათა ეჩუენნენ და მოიგონ კაცთა მიერ ქებაჲ და ცუდი დიდებაჲ. ამისთჳს პირველად ცუდადმზუაობრობისა სენი განდევნა და მერმე იწყო უპოვრებისათჳს სიტყუად; რამეთუ ზემორე მოწყალებისათჳს ხოლო ამცნო, ამისთჳს, რაჲთა არა მეყსეულად უბრძანოს სრულიად უგულებელს-ყოფაჲ საფასე-თაჲ, მრავლისა მის მძლავრებისათჳს ამის ვნებისა; ხოლო ვინაჲთგან მრავლითა ამით სწავლითა საჴმართმოყუარებისა იგი ბადენი დაჭრნა, ამისთჳს აწ ჯეროვნად სრულიადსა სიძულილსა საფასეთასა გჳბრძანებს.

პირველად თქუა: „ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“;1 და კუალად: „რომელსა უნდესო სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი“;2 და „რომელსა უნდეს სესხებად შენგან, ნუ გარემიიქცევი“;3 ხოლო აწ უაღრეს მის ყოვლისა გუამცნებს, რამეთუ მუნ თქუა, ვითარმედ: სიმრავლისაგან ნაქონებთაჲსა იქმოდე მოწყალებასა, გინა თუ სიმცირისაგან, ვითარცა ვის ძალ-ედვას; და კუალად: უკუეთუ შფოთი და ლალვაჲ შემოვიდოდის შორის, მიუტევე სამოსელიცა შენი და მოიყიდე მშჳდობაჲ; ხოლო აწ არცა გლახაკნი აჴსენნა, არცა შფოთი და ლალვაჲ, არცა სხუაჲ რაჲმე მიზეზი, არამედ თავით თჳსით სიძულილსა და შეურაცხებასა საფასეთასა გუასწავებს, რაჲთა სრულიად ურიდად განუყოფდეთ გლახაკთა და ყოველნივე საუნჯენი ჩუენნი დავაცარიელნეთ. და არცა აქა ყოველივე გამოაცხადა სიკეთე უპოვრებისაჲ, რამეთუ არა იყო ჟამი სრულიადისა გამოცხადებისა მისისაჲ, არამედ შემოიღებს სიტყუასა თანამზრახველისა და არა რჩულისმდებელისა მსგავსსა. ამისთჳსცა იტყჳს: „ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა

1 მათ. 5,7. 2 მათ. 5,40. 3 მათ. 5,42.

ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან“.

და ვითარცა კეთილმან და ყოვლადბრძენმან განმზრახმან გამოაჩინა საწუთროჲსა ამის საუნჯისა სავნებელი და მერმისა მის უცთომელობაჲ და სარგებელი ადგილისაგანცა და მავნებელთაგანცა, და გამოაჩინებს, ვითარმედ მოწყალებისაგან არა წარგებაჲ და უჩინო-ყოფაჲ საფასეთაჲ იქმნების, არამედ უფროჲსად განმრავლებაჲ და უცთომელად დამარხვაჲ, ხოლო დამარხვისაგან უმეტესად განრყუნილებაჲ და წარწყმედაჲ შეემ-თხუევის. და იხილე მიუთხრობელი იგი და გამოუთქუმელი სიბრძნე: არა თქუა, თუ: „ნუ იუნჯებთ ქუეყანასა ზედა“, რამეთუ შემდგომად მცირედისა ყოველივე სხუათა დაუტეოთ და წარხჳდეთ ამიერ; არა თქუა ესე, რამეთუ კაცთა ესეცა მრავალგზის სწადის, რაჲთა აქუნდეს სიმდიდრე ცხორებასა თჳსსა და მერმე სხუათა დაუტეონ, არამედ უჩუენებს, ვითარმედ ცხორებასავე თჳსსა ანგაჰრნი მრავალგზის ვერ შემძლებელ არიან დამარხვად მონახუეჭისა მის მათისა, რამეთუ დაღაცათუ კაცთა არა ავნიან, მღილმან და მჭამელმან განრყუნის; რამეთუ დაღაცათუ ფრიად უძლურ არს ესე მტერი, არამედ ამასცა ვერ წინააღუდგებიან კაცნი, ვერცა ჴელეწიფების დაყენებად.

ხოლო თქუას ვინმე, ვითარმედ: რაჲ არს ესე, ოქროსა გინა ვეცხლსა მღილი ავნებსა? ოქროსა გინა ვეცხლსა მღილი ვერ ავნებს, გარნა მპარავნი ავნებენ. და ნუ იტყჳ, ვითარმედ: არა თუ ყოვლისა კაცისასა წარიტაცებენ მპარავნი, - რამეთუ მრავალთასა წარიტაცებენ. რაჲთა სცნა, ვითარმედ ადვილად წარსაწყმედელ არს ბუნებაჲ საფასეთაჲ - რომელიმე მპარავთა განიპარიან, სხუაჲ ავაზაკთა წარიტაციან, სხუაჲ მძლავრთა დატყუენიან, და ესე ყოველი უუძლურესისა მის სახისა მიერ მოასწავა - მღილთა მიერ და მპარავთა. და მერმე სხუაჲ დაურთო: „სადაცა არნ საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენიო“. ესე იგი არს, ვითარმედ: დაღაცათუ არარაჲ ესევითარი შეემთხჳოს საუნჯეთა თქუენთა, არცა მღილმან და მჭამელმან განრყუნას, არცა მპარავთა და ავაზაკთა განიპარონ, ესე მებრ დიდი ზღვევაჲ და ვნებაჲ არს თქუენ ზედა, რომელ გულნი თქუენნი შემსჭუალულ იყვნენ ცუდთა ამათ და არარათა საქმეთა, და აზნაურებისა წილ მონა იყვნეთ, და მოქალაქობისა მისგან ზეცათაჲსა დაეცნეთ, და ვერარას საღმრთოთა და მაღალთა საქმეთა ჴელ-გეწიფებოდის გულისჴმის-ყოფად, არამედ მარადის გულნი თქუენნი იყვნენ საფასეთა შინა წარმავალთა და ვახშთა და აღნადგინებთა და ვაჭრობათა და სხუათა ესევითართა უნდოთა და ამაოთა საქმეთა.

და რაჲმცა იყო უსაწყალობელეს ამის საქმისა? რამეთუ ესევითარი იგი კაცი მონისა გინა ტყჳსა უძჳრეს არს, დამონებული მძლავრისა მის უწყალოჲსა, რომელ არს საჴმართმოყუარებაჲ, და დაბმული, ვითარცა ძაღლი ჯაჭჳთა, მცველად საფასეთა მათ მამონაჲსდა განჩემებულთა. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „სადაცა არნ საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი“.

ხოლო ვინაჲთგან ესე უზეშთაეს იყო გულისჴმის-ყოფისა მის მსმენელ-თაჲსა და ვერცა სავნებელსა მისსა გულისჴმა-ჰყოფდეს, ვერცა სარგებელსა, არამედ გონიერებაჲ სულიერი საჴმარ იყო ამის ორისავე შეტყუებად, ამისთჳს ხილულისა საქმისა მომართ მოიღო სიტყუაჲ თჳსი და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სანთელი გუამისაჲ არს თუალი. უკუეთუ თუალი შენი განმარტებულ იყოს, ყოველი გუამი შენი ნათელ იყოს. უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს. უკუეთუ ნათელი იგი შენ შორის ბნელ არს, ბნელი იგი რავდენ-მე?“ (6,22-23).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო განმარტებაჲ სიტყჳსა ამის ესრეთ არს: ზემო თქუა, ვითარმედ: ნუ იუნჯებთ ქუეყანასა ზედა ნუცა ოქროსა, ნუცა სხუასა რას უმეტესსა საჭიროჲსა მის და სათანადოჲსა საჴმრისა, რამეთუ მღილსა და მჭამელსა და მპარავთა დაუმარხავ საუნჯესა მას; ხოლო და-ღაცათუ მათგან უვნებელად ეგოს ნამარხევი იგი შენი, არამედ ამას ვერ განერე, დამონებასა მიწისაგანთა და ამაოთა საქმეთასა და მათდა შემსჭუალვასა გულისა შენისასა, რამეთუ „სადაცა არს საუნჯე შენი, მუნცა იყოს გული შენი“.

და ვითარცა რაჟამს ზეცას იყოს საუნჯე შენი, არა ესე ხოლო გაქუს სარგებელად, რომელ უშიშსა და უცთომელსა ადგილსა დაგიც ნამარხევი იგი და, ოდეს დიდად გეჴმარებოდის, მაშინ ჰპოო იგი მრავალწილად აღორძინებული და განმრავლებული, არამედ აქავე დიდად სარგებელ გეყოს, რომელ ყოველივე გონებაჲ შენი მუნ მიიცვალოს და ზეცისასა ჰზრახვიდე და ზეცისასა ჰზრუნვიდე, რამეთუ სადა-იგი საუნჯე შენი წარავლინე, საცნაურ არს, ვითარმედ გონებაჲცა შენი მუნ იქცევის. ეგრეთვე უკუეთუ ყოველსავე ქუეყანასა ზედა და მიწათა შინა იუნჯებდე, ყოველივე წინააღმდგომი შეგემთხჳოს. და უკუეთუ ვერღა გულისჴმა-ჰყოფ სიტყუასა ამას, ისმინე სხუაჲცა იგავი: „სანთელი გუამისაჲ არს თუალი. უკუეთუ თუალი შენი განმარტებულ იყოს, ყოველი გუამი შენი ნათელ იყოს. უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს. უკუეთუ ნათელი იგი შენ შორის ბნელ არს, ბნელი იგი რავდენ-მე?“

ამათ სიტყუათა მიერ ხილულისა სახისა მიმართ მოიყვანებს სიტყუასა თჳსსა; რამეთუ ვინაჲთგან აჴსენა ტყუეობაჲ იგი და მონებაჲ გონებისაჲ, ხოლო ესე არა მრავალთა მიერ საცნაურ იყო, ამისთჳს ხილული საქმე და ჴორციელი სახედ მოართუა, რაჲთა ამის მიერ იგიცა გულისჴმა-ყონ, ვი-თარმცა იტყოდა, ვითარმედ: უკუეთუ უმეცარ ხარ და არა უწყი, თუ რაჲ არს ვნებაჲ გონებისაჲ, ჴორციელისაგან გულისჴმა-ყავ, რამეთუ რაჲ-იგი თუალნი ჴორცთათჳს არიან, ეგრეთ არს გონებაჲ სულისათჳს; და ვითარცა არაოდეს აღირჩიო შემოსაჲ ოქროქსოილისა და პორფირისა და სიბრმე თუალთაჲ, არამედ სიმრთელე თუალთაჲ უაღრეს ყოვლისა სიმდიდრისა შეჰრაცხო, რამეთუ უკუეთუ ბრმა იყო, არარას სარგებელ გეყოს ყოველივე სიმდიდრე, არამედ სხუათაცა ასოთა ძალი დაიჴსნების მოკლებითა ნათლისაჲთა, ეგრეთვე უკუეთუ გონებაჲ შენი ვნებულ იყოს, ბევრეულითა ბოროტითა აღივსოს ყოველივე ცხორებაჲ შენი. აწ უკუე ვითარცა გუამსა შინა უმეტეს ყოვლისა თუალთა შეიკრძალებ, ეგრეთვე სულსა შინა გონებაჲ შეიკრძალე, რაჲთა უვნებელად ეგოს; ხოლო უკუეთუ იგი დაბნელდეს, რომლისაგან სხუათა ასოთა მიეფინების ნათელი, ვინაჲ იხილო შენ ნათელი?

რამეთუ ვითარცა უკუეთუ ვინ წყაროჲ განაჴმოს, ყოველივე იგი მისგან გამომავალი წყალი განაჴმო, ეგრეთვე, რომელმან გონებასა ავნოს, ყოველივე ცხორებაჲ თჳსი შეაშფოთა და აღამრღჳა. ამისთჳსცა თქუა: „უკუეთუ ნათელი იგი შენ შორის ბნელ არს, ბნელი იგი რავდენ-მე?“ რამეთუ ოდეს მენავეთმოძღუარი დაინთქას და სანთელი დაივსოს და ერის-თავი ტყუე იქმნას, შემდგომთა მათთა რაჲღა სასოებაჲ აქუნდეს? ეგრეთვე უკუეთუ გონებაჲ ვნებათა მიერ წარტყუენულ და დაბრმობილ იყოს, სხუანი იგი ძალნი სულისანი ყოველნივე არა დაიჴსნენა? რამეთუ ვითარცა არარაჲ სარგებელ ეყოს სამკაული მჴედართაჲ, უკუეთუ ერისთავი ტყუე იქმნას, არცა - სიკეთე ნავისაჲ, უკუეთუ მენავეთმოძღუარი დაინთქას, არცა - კეთილადშეწყობილებაჲ ასოთაჲ, უკუეთუ თუალნი ბრმა იყვნენ, და ვითარცა უკუეთუ მკურნალი მრავალთა უძლურთაჲ მოწყლას ვინ ბოროტად და დააწვინოს ცხედარსა ზედა ოქროქანდაკებულსა, არაჲ სარგებელ ეყოს მისდა მიმართ შემხედვართა უძლურთა, ეგრეთვე უკუეთუ გონებაჲ დაბნელებულ და წარწყმედილ იყოს, არაჲ სარგებელ ეყოს კაცსა სიმდიდრე ჴორციელი და საუნჯენი წარმავალნი.

ჰხედავა, ვითარ რომლისათჳს სურვიელ არიან კაცნი მოგებად საფასეთა, მის მიერ უფროჲსად ჰყოფს უფალი მოწყუედასა მათსა მათგან? რამეთუ ესრეთ გჳბრძანებს: რაჲსათჳს წადიერ ხართ, ჵ კაცნო, მოგებად საფასეთა და საჴმართა? არა ამისთჳსა, რაჲთა შუებით და სიხარულით სცხონდებოდით? აწ გულისჴმა-ყავთ, ვითარმედ შეკრებითა საფასეთა და საჴმართაჲთა არა შუებაჲ და სიხარული, არამედ უფროჲსად ურვაჲ და სალმობაჲ მოგეცემის, და გონებაჲ თქუენი მონა და ტყუე იქმნების.

და ვითარცა-რაჲ თუალნი თუ დაბრმდენ, ვერღარა ჴელ-ეწიფების გამორჩევად ფერთა და სახეთა, ეგრეთვე უკუეთუ გონებაჲ ბრმა და დაბნელებულ იქმნას, ვერარას კეთილსა ჴელ-გეწიფების გულისჴმის-ყოფად. ამისთჳს გეტყჳ: ნუ იუნჯებთ ქუეყანასა ზედა, რაჲთა არა ნათელი იგი გონებისაჲ დაბნელდეს და ბნელსა შინა იყვნეთ. რაჲსთჳს იუნჯებთ? - რაჲთა ოდეს გეჴმარებოდის, გაქუნდეს და განსუენებით სცხონდებოდით. ესე ორივე მე მიგანიჭო უხუებით, უკუეთუ მისმინოთ და, სადა მე გიბრძანებ, მუნ დასხნეთ საუნჯენი თქუენნი. და ვითარცა-იგი ზემო მაჩუენებლობით მლოცველთა და მმარხველთა ეტყოდა, ვითარმედ: რაჲსათჳს ეჩუენებით კაცთა, რაჲთა ქებაჲ მოიგოთა? აწ უკუე მოიწყჳდეთ მაჩუენებლობაჲ, და მე ღირს-გყო ქებასა და დიდებასა დიდსა მერმესა მას საუკუნესა; ეგრეთვე აქა იტყჳს, ვითარმედ: მუნ დასხენით საუნჯენი თქუენნი, სადა მე გიბრძანებ, და ჰპოოთ შუებაჲ და განსუენებაჲ ჟამსა მას, ოდეს არღარავინ მიგიღოს თქუენგან, ხოლო უკუეთუ ქუეყანასა ზედა დასხნეთ საუნჯენი თქუენნი და მიწასა შინა დაჰფლნეთ საფასენი თქუენნი, მრავალი ვნებაჲ შეგემთხჳოს თქუენ და უფროჲს ყოვლისა სიბრმე იგი გონებისაჲ, რამეთუ ვითარცა ბნელსა შინა მყოფნი ვერარას ხედვენ განცხადებულად, არამედ გინა თუ საბელი იხილიან, გუელი ეგონის, გინა თუ მცირე რაჲმე დანახეთქი პოიან, დიდი ჴნარცჳ ეგონის, ეგრეთვე რომელთა დადვან საფასეთა მიმართ სასოებაჲ თჳსი და მათა მიმართ შემსჭუალონ გონებაჲ თჳსი, მრავალი ძჳრი შეემთხუევის: ძრწიან სიგლახაკისაგან, ეშინის ზღვევისაგან, უკუეთუ მცირედღა რაჲმე წარწყმიდონ, უფროჲს მათსა მწუხარე არიან, რომელთა არა ეპოების მდღევარიცა საზრდელი. ამისთჳსცა მრავალთა მდიდართა წარწყმედისათჳს საფასეთაჲსა შიშთვილ-იბესცა, ესოდენ დაბნელდეს გონებანი მათნი, და ვერ უძლეს განფრთხობად და მწუხარებისა მის წინააღდგომად, რამეთუ სრულიად დაჴსნილ და უგუნურ ყვნა იგინი სიმდიდრემან, თჳნიერ თჳსსა მას მონებასა შინა; რამეთუ ოდეს მონებად თჳსა უბრძანებდეს, ესრეთ ჰყოფს გონებათა მათთა, რომელ მახჳლსა და ცეცხლსა და სხუასა ყოველსავე საშინელსა საქმესა შეჰკადრებენ და არცა შრომასა და ჭირსა ჰრიდებენ, არცა სირცხჳლსა და ყუედრებასა, რომელ-ესე ფრიადისა უბადრუკებისა საქმე არს; ხოლო სადა საღმრთოჲ რაჲმე და კეთილი საქმე გამოჩნდეს, ჩჩჳლთა ყრმათასა უმოშიშე და უუგუნურეს იპოვნიან. ვითარცა-იგი ვიეთნიმე თეატრონთა შინა შევიდიან საუცრად განმცხრომელნი და საქმენი აჩუენნიან ფრიად საშინელნი, საბელსა ზედა ჰაერთა შინა განრთხმულსა სახიობათა აჩუენებდიან, დანაკთა ზედა და მახჳლთა როკვიდიან, და ესევითართა მათ ძნელთა და სასიკუდინოთა საცთურთა შემკადრებელნი იგი, იპოვნიან რაჲ განწყობილსა შინა ბრძოლისასა, გინა თუ სხუასა რასმე საჴმარსა და კეთილსა საქმესა შინა, სადა-იგი ჯერ-არნ სიქველისა და უშიშობისა ჩუენებაჲ, იპოვნიან ყოველთავე უმეტესად მოშიშ და დაჴსნილ და უჴმარ; ეგრეთვე მდიდარნი საფასეთათჳს ბევრეულთა ჭირთა და სიძნელეთა შეჰკადრებენ და სიკუდილსაცა შეურაცხ-ჰყოფენ, ხოლო საღმრთოთა და კეთილთა საქმეთა შინა სრულიად დაჴსნილ და მოშიშ და საწყალობელ არიან.

და ვითარცა ზემოთქუმულნი იგი მაუცარნი ცუდსა და უსარგებლოსა საქმესა შინა იჭირვიან, ეგრეთვე ესენი შრომათა და რუდუნებათა და ჭირ-თა აურაცხელთა მოითმენენ, ხოლო სარგებელი არარაჲ აქუს აღსასრულსა მათსა, არამედ ორი სიბნელე არს მათ ზედა: დაბრმობილნი განდრეკილებითა მით გონებისაჲთა და შეიწრებულნი ნისლისა მისგან და არმურისა ზრუნვათაჲსა.

ამისთჳსცა ვერცა თუ აღიხილვენ თუალთა ნათლისა მიმართ, რამე-თუ არმურსა შინა და ბნელსა მყოფთა იხილიან ნათელი მოფენასა მზისასა, ხოლო რომლისა თუალნი დაბრმობილ იყვნიან, ვეროდეს ჴელ-ეწიფის ხილვად ნათლისა. ეგრეთვე მდიდართა ანგაჰრთა შეემთხუევის, რამეთუ არა ხედვენ იგინი ნათელსა მზისა მის სიმართლისასა, რომელი ჴმამაღლად ასწავლის და ბრწყინვალესა მას ნათელსა უჩუენებს.

არამედ მათ არცა ესმის, არცა ხედვენ, რამეთუ დაუყვნა სიმდიდრემან საცნობელნი მათნი. ამისთჳს ორკერძო მიცემულ არიან საცთურსა: ერ-თად, რომელ ბნელსა შინა არიან და, მეორედ, რომელ ნათელსა მას მიუაჩრდილებელსა არა ხედვენ და სიტყუანი მოძღურისა მის სახიერისანი არა ესმიან.

სწავლაჲ კ ვეცხლისმოყუარებისათჳს

აწ უკუე განიფრთხვეთ, კაცნო, და ნათელსა მას ჭეშმარიტსა მიხედენით. ხოლო ვითარ მიჰხედნეთ, უკუეთუ არა აღიხილნეთ თუალნი? აწ უკუე ესრეთ იქმნების ახილვაჲ, უკუეთუ პირველად გულისჴმა-ჰყოთ, თუ ვითარ დაჰბრმდით. უწყითა, თუ ვითარ დაჰბრმდით ბოროტთა გულისთქუმათაგან? რამეთუ ვითარცა გუგასა თუალისასა მოეფინის არმური სიბნელისაჲ, სისხლი რაჲ თავისაგან ჩამოსწუთის, ეგრეთ თუალთა ზედა სულთა თქუენ-თასა მიეფინა გულისთქუმაჲ იგი საფასეთაჲ და სრულიად დააბნელნა, არამედ ადვილ არს არმურისა მის განქარვებაჲ, უკუეთუ შეიწყნაროთ ბრწყინვალებაჲ იგი ქრისტეს მოძღურებისაჲ, უკუეთუ ყურად-იღოთ ბრძანებაჲ მისი, რომელსა იტყჳს: „ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა“. ესე მოძღურებაჲ ყურად-იღეთ და ამაონი იგი გულისთქუმანი საფასეთანი განიოტენით გულთაგან თქუენთა, გულისჴმა-ყავთ საცთური ანგაჰრებისა და სიმდიდრისაჲ.

რაჲსათჳს წადიერ ხარ მონებად ბოროტისა მის მძლავრისა და შეკრვად თავისა თჳსისა ჴელბორკილითა რკინისა უფიცხლესითა და ყოფად მარადის ბნელსა შინა და თავს-დებად შრომისა და ჭირისა უსარგებლოჲსა? რაჲთა მოიგნე საფასენი და დაუმარხნე იგინი სხუათა და მრავალგზის მტერთა და მოძულეთა შენთა? ვინმცა გონიერმან დადვა საუნჯე თჳსი შორის მპარავთა? უკუეთუ გწადის დამარხვაჲ საუნჯეთაჲ, მუნ დაჰმარხენ, სადა-იგი შესაძლებელ არს წარუპარველად დამარხვაჲ. ხოლო ვითარ-ეგე აწ იქმ, არა სიმდიდრე გიყუარს, არამედ მონებაჲ და ზღვევაჲ და ჭირი და სიგლახაკე. მითხარღა, უკუეთუმცა ვინ გიჩუენა ადგილი სრულიად უშიში, არამცა მუნ დასხენა საუნჯენი შენნი? ხოლო აწ არა კაცი გიჩუენებს, არამედ ღმერთი, არა ქუეყანასა ზედა, არამედ ცათა შინა, და არა წადიერ ხარ მუნ დამარხვად საუნჯეთა შენთა.

და რავდენ უაღრეს არს ცათა შინა დადებად საუნჯეთა, ვიდრე ქუეყანასა ზედა? რამეთუ ქუეყანასა ზედა რაოდენცა უცთომელ იყოს ადგილი, შიშისა და ზრუნვისაგან ვერ განსთავისუფლდები, ხოლო მუნ ესევითარი არარაჲ იპოების, და უფროჲსად, არცა თუ საუნჯეთა შინა ანუ მიწათა დასდებ საფასესა მას, რომელი ზეცისა სავანეთა წარსცე, არამედ თესლად ნაყოფიერად დასთესავ. და იგივე საუნჯეცა არს და თესლიცა, რომელი-ესე ქუეყანასა ზედა არა იქმნების. რამეთუ თესლი ქუეყანასა ზედა არა იმარხვის განუხრწნელად, ხოლო მუნ ჰგიეს სამარადისოდ. კუალად საუნჯე ქუეყანასა ზედა ნაყოფსა არა გამოიღებს, ხოლო მუნ უკუდავებისა ნაყოფსა მოგცემს. უკუეთუ კულა სიგრძესა მას ჟამისასა წინამიყოფ და იტყჳ, თუ: ოდეს მომეცეს ესე ყოველი? - მაქუს მრავალი ჩუენებად, ვითარ აქავე მოიგებ ქველისსაქმისა ნაცვალსა.

გარნა აწ იგი დაუტევო და ესე გრქუა შენ: არა მრავალი რაჲ ჰქმნია სოფელსა ამას შინა, რომლისა ჴმევად არა ესვიდი? და უკუეთუ ვინ გაბრალოს, შვილთა და შვილისშვილთა მოიღებ მიზეზად.

ოდეს-იგი ჟამსა სიბერისასა აშენებდე ნაშენებთა დიდძალთა, რომელ-თა აღსრულებადცა სასოებაჲ არა გაქუნ, და დაასხმიდე ხეთა, რომელთა ნაყოფსა შემდგომად მრავალთა წელთა მოელოდი და უწყოდი, ვითარმედ შეუძლებელ არს, რაჲთამცა გეწიფა ნაყოფისა მათისაგან ჭამაჲ, არა საცნაურ არსა, ვითარმედ არა თავისა თჳსისათჳს, არამედ შემდგომად შენსა მყოფთათჳს შურები? ვითარ უკუე არა დიდად უგუნურებად სახელ-ვსდვა საქმესა ამას, რომელ ჴორციელთა ამათ ზედა არა სულმოკლე იქმნები, არცა დაჰჴსნდები ზრუნვად და შრომად, რომლისა ჴმარებად არა ესავ, ხოლო სულიერსა მას შინა ესრეთ დაყოვნებისათჳს სულმოკლე და მედგარ ხარ (საქმე, რომელი იცი, ვითარმედ უეჭუელად მოგეცემის ნაცვალი ფრიადი და კეთილი); და ამას ყოველსა ზედა არცა თუ ფრიადი სიგრძე ჟამისაჲ არს შორის ჩუენსა და მომავლისა მის მოსაგებელისა, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ, და არა უწყით, ნუუკუე ჩუენისა ამის მებრ ნათესავისა ზე იქმნას აღსასრული საქმეთა ჩუენთაჲ, და მოიწიოს საშინელი იგი დღე წარდგინებად ჩუენდა შესაძრწუნებელსა მას და თუალუხუავსა სამსჯავროსა, რამეთუ უმრავლესნი მებრ სასწაულნი აღსრულებულ არიან, და წმიდაჲ სახარებაჲ ყოველსა სოფელსა ქადაგებულ არს, და ბრძოლანიცა და ძრვანი და სიყმილნი და სრვანი ქმნილ არიან, და ვინ უწყის, ნუუკუე ფრიად ახლოს არს დღე იგი საშინელისა მის განბჭობისაჲ.

ხოლო უკუეთუ სასწაულთა არა ვხედავთ, ნუ ამისთჳს უზრუნველ ვიქმნებით, რამეთუ არცა ნოეს ზე ხედვიდეს სასწაულთა მომავალისა მის წყლითრღუნისასა, არამედ იმღერდეს რაჲ, ჭამდეს, სუმიდეს, იქორწინებდეს, მეყსა შინა მოიწია საშინელი იგი ოჴრებაჲ; და სოდომელთა მათ ზედა, ვიდრე არა მოელოდეს, არცა რას ჰგონებდეს, მოეფინა ცეცხლი იგი წუმწუბითურთ და ერთბამად ყოველნი დაწუნა ბოროტთა საქმეთა მათ-თათჳს.

აწ უკუე ესე ყოველი გულისჴმა-ვყოთ და მოვაქცინეთ თავნი ჩუენნი განმზადებად მერმისა მის მიმართ საუკუნისა, რამეთუ დაღაცათუ ზოგადი იგი ყოველთა აღსასრული და მეორედ მოსლვაჲ მეუფისაჲ წუთერთღა ჰყოვნის, არამედ კაცად-კაცადისა აღსასრული ახლოს არს, კართა ზედა, გინა თუ ვინ ბერი იყოს, გინა თუ ჭაბუკი, და ვერვის ჴელ-ეწიფების შემდგომად ამიერ განსლვისა სინანულისა მოგებად ანუ თხოად დროებისა, დაღაცათუ აბრაჰამ ევედრებოდის მისთჳს, გინა თუ ნოე, ანუ იობ, ანუ თუ დანიელ, არამედ რაჲცა ვის ამას ცხორებასა მოეგოს, იგი არს მის თანა, გინა თუ კეთილი, გინა თუ ბოროტი.

ამისთჳს გევედრები, ძმანო, რაჲთა ვიდრეღა ჟამი ესე გუაქუს, წარვსცეთ წინაშე ჩუენსა მუნ ნაყოფნი სინანულისანი, შევიკრიბოთ ზეთი ფრიადი საზრდელად სანთელთა ჩუენთა, ყოველივე ცათა შინა დავიუნჯოთ, რაჲთა ჟამსა მარჯუესა და ოდეს ფრიად საჴმარ იყოს ჩუენდა, მოგუეგებოს, და ესრეთ სამარადისოდ ვიშუებდეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.