📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და იყო, რაჟამს დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე, განუკჳრდებოდა ერსა მას მოძღურებაჲ იგი მისი“ (7,28).
თ ა რ გ მ ა ნ ი: წესისაებრ ბუნებითისა უმეტესად ჯერ-იყო მწუხარებაჲ სიძნელისა მისთჳს თქუმულთაჲსა და შეურვებაჲ სიმაღლისა მისთჳს დიდებულთა მათ მცნებათაჲსა. არამედ ესოდენ იყო ძალი სახიერისა მის მოძ-ღურისა და მეუფისაჲ, ვიდრეღა საკჳრველებად შეცვალნა გონებანი მათნი, და ესოდენ დაუტკბეს სიტყუანი ესე გონებათა მათთა, ვიდრეღა შემდგომად დადუმებისაცა სუროდა კუალად სმენად მოძღურებისა მის და უკჳრდა სიკეთე იგი და ჭეშმარიტებაჲ მათი. და არცა თუ გარდამოვიდა რაჲ მთით, მოსწყდეს მას, არამედ შეუდგა ყოველივე იგი კრებული, ესოდენ დაჰნერგა უფალმან გონებათა მათთა ტრფიალებაჲ და სურვილი სიტყუათა მისთაჲ. ამისთჳს იტყჳს მახარებელი, ვითარმედ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „განუკჳრდებოდა მოძღურებაჲ მისი, რამეთუ იყო სწავლაჲ იგი მისი მათა მიმართ, ვითარცა-იგი ვის ჴელმწიფებაჲ აქუნ, და არა ვითარ-იგი მწიგნობარნი მათნი“ (7,28-29).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და კუალად ესეცა მადლისა მისისა საქმე იყო, რამე-თუ უმეტესად აღშფოთებაჲ შეჰგვანდა; რამეთუ უკუეთუ საქმით ხედვიდეს სასწაულთა მისთა და დაქოლვაჲ მისი ენება მწიგნობართა და ფარისეველთა და გულისწყრომით სდევნიდეს, ვითარ აწ, ოდესღა დაწყებაჲ ოდენ იყო მოძღურებისა მისისაჲ და სასწაული არარაჲ უჩუენა მთასა მას ზედა, არამედ სიტყჳთ ხოლო წარმოუთხრა სწავლაჲ იგი მაღალი, და არა ვითარცა მწიგნობარნი; რად ვიტყჳ მწიგნობართა? არამედ არცა თუ ვითარცა წინაჲსწარმეტყუელნი; არამედ ყოველსავე ჴელმწიფებითა ღმრთივშუენიერითა ეტყოდა, ვითარმედ ესე რაჲმე ითქუაო პირველთა მათ მიმართ, ხოლო მე ესრეთ გეტყჳ; და კუალად თავი თჳსი მოასწავა მსაჯულად და განმკითხველად ყოველთა. ვითარმცა არა უმეტესად შეჰგვანდა განკრთომაჲ მოძღურებასა ამას ზედა? გარნა არარაჲ ესევი-თარი შეემთხჳა, არამედ უფროჲსად განკჳრვებულ იყვნეს. ესე ამისთჳს: პირველად, რამეთუ მადლი უფლისაჲ განუღებდა კარსა გულთა მათთასა, და მეორედ, რამეთუ არა იყვნეს მუნ უღმრთონი იგი და უკეთურნი მწიგნობარნი და ფარისეველნი, არამედ ერი იყო მარტივი და წრფელი; ხოლო ოდეს ესრეთ სული წრფელი იპოოს, ადრე შეიწყნარებს სარწმუნოებასა ჭეშმარიტებისასა და ადრე შევალს მას შინა მადლი იგი საღმრთოჲ. ამისთჳსცა მთავარნი იგი და მღდელნი ჰურიათანი, რამეთუ სავსე იყვნეს უკეთურებითა, ხედვიდეს ძალთა მათ და სასწაულთა უფლისათა და დაბრკოლდებოდეს, ხოლო ერი ესე უმანკოჲ სიტყუათათჳს მარტივთა განკჳრდებოდეს და სარწმუნოებით მისდევდეს, ვითარცა მოასწავებს მახარებელი და იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და გარდამოვიდოდა იგი მიერ მთით, და მოსდევდა მას ერი მრავალი“ (8,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არავინ იყო მუნ მთავართაგანი და მწიგნობართა, არამედ რავდენნიცა თავისუფალ იყვნეს უკეთურებისაგან და აქუნდა გონებაჲ წრფელი. ესენი უკუე არა აწ ოდენ, არამედ ყოველსავე სახარებასა შინა იხილვებიან შემსჭუალულად სარწმუნოებასა მისსა და მოსურნე მოძღურებისა მისისა. ამისთჳსცა, ასწავლიდა რაჲ, დუმილით ისმენდეს, არცა გარდაუწყუედდეს სიტყუასა, არცა გამოსაცდელთა ზრახვათა წინაუყოფდეს, ვითარ-იგი ფარისეველნი იქმოდეს; და კუალად, აღასრულა რაჲ მოძღურებაჲ იგი და გარდამოვიდოდა მიერ მთით, სარწმუნოებით მისდევდეს მას და განკჳრვებულ იყვნეს სიტყუათა მათ ზედა.
ხოლო შენ გულისჴმა-ყავ სახიერებაჲ და სიბრძნით განგებულებაჲ მეუფისაჲ, ვითარ თითოსახედ განაწესებს სარგებელსა მას ერისასა, სიტყჳთცა და საქმით, და სასწაულთაგან მოვიდა სწავლად და კუალად სწავლისაგან მიიქცა სასწაულთა საქმედ. რამეთუ პირველ მთად აღსლვისა მრავალნი კურნებანი ქმნნა, რაჲთა მოიყვანოს ერი იგი სმენად სწავლისა მის, და კუალად, ვინაჲთგან მრავალი ესე და კეთილი მოძღურებაჲ სრულყო, სასწაულივე უჩუენა, რაჲთა არა სიტყჳთ ხოლო ჩნდეს ჴელმწიფებაჲ მისი, არამედ საქმითცა. ამისთჳს იტყჳს მახარებელი:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და აჰა ესერა კეთროანი ვინმე მოუჴდა, თაყუანისსცემდა მას და ეტყოდა: უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც განწმედაჲ ჩემი. და მიყო ჴელი თჳსი იესუ, შეახო მას და ჰრქუა: მნებავს, განწმიდნი! და მეყსეულად განწმიდნა იგი კეთროვნებისა მისგან. და ჰრქუა მას იესუ: იხილე, ნუვის უთხრობ, არამედ წარვედ და უჩუენე თავი შენი მღდელთა და შეწირე შესაწირავი შენი, რომელი ბრძანა მოსე საწამებელად მათდა“ (8,2-4).
თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდ არს გონიერებაჲ და სარწმუნოებაჲ კეთროვნისაჲ მის, რამეთუ ვიდრეღა საღმრთოსა მას მოძღურებასა წარმოიტყოდა უფალი, არა დახრწევა-სცა, არცა კრებული იგი შეაშფოთა, არამედ მოელოდა ჟამსა მარჯუესა, და გარდამო-რაჲ-ჴდა მთით, მაშინღა მოუჴდა, და მოუჴდა არა ლიტონად, არამედ დიდითა სარწმუნოებითა და მჴურვალებითა ფრიადითა, თაყუანის-სცემდა და შეუვრდებოდა მას, ვითარცა ჯერ-იყო; და არა ჰრქუა: უკუეთუ ევედრო ღმერთსა ანუ ილოცო, არამედ: „უკუეთუ გინდესო, ძალ-გიც განწმედაჲ ჩემი“; და ეგრეთცა მისსა ნებასა და განგებულებასა მიაგდო ყოველივე. ამისთჳსცა უფალმან დაამტკიცა მისისა მის გონებისა კეთილი ზრახვაჲ და ჰრქუა: „მნებავს, განწმიდნი!“ რაჲთა ცნან ყოველთა ძალი ჴელმწიფებისა მისისაჲ. ხოლო მოციქულნი არა ესრეთ იქმოდეს, არამედ იტყოდეს: „კაცნო ისრაიტელნო, რაჲსა გიკჳრს ამას ზედა? ანუ ჩუენ რაჲსა გუხედავთ, ვითარცა თჳსითა ძალითა ანუ ჴელმწიფებითამცა გუექმნა სლვაჲ მაგისი?“1 გარნა მეუფემან დაღაცათუ მრავალგზის სიტყუანი სიმდაბლისანი თქუნის და არა შემსგავსებულნი დიდებასა თჳსსა, არამედ აწ დასამტკიცებელად გონებათა მათთა, რომელნი განკჳრვებულ იყვნეს სწავლათა მათ მისთა ზედა ჴელმწიფებით თქუმულ-თა, ჰრქუა კეთროანსა მას: „მნებავს, განწმიდნი!“
ხოლო სხუათა მათ აურაცხელთა სასწაულთა მისთა შინა არასადა ჩანს, თუ ესე სიტყუაჲმცა ეთქუა, არამედ აქა - დასამტკიცებელად იჭ-ჳსა მის, ერისაცა და კეთროვნისა მის, ჴელმწიფებისა მისისათჳს. ამისთჳს ჰრქუა: „მნებავს, განწმიდნი!“ და მეყსეულად სიტყუასა მისსა საქმეცა შეუდგა, რამეთუ უფალი იყო და ღმერთი ყოველთაჲ. და არა სიტყჳთ ხოლო ჰრქუა: „მნებავს, განწმიდნი“, არამედ ჴელიცა თჳსი მიყო და შეახო მას, რომელ-ესე ღირს არს ძიებისა, თუ ვინაჲთგან ნებითა ხოლო და სიტყჳთა განსწმედდა მას, რაჲსათჳს ჴელიცა შეახო? მე ვჰგონებ, თუ ამისთჳს, რაჲ-თა აჩუენოს ყოვლით კერძო ჴელმწიფებაჲ თჳსი, ვითარმედ არა მონებასა შინა არს შჯულისასა, არამედ უფალი არს მისი, და ვითარმედ წმიდისა მის თანა ვერცა ერთი რაჲ არაწმიდებაჲ შემძლებელ არს დადგრომად. ამის-თჳსცა ელისე წინაჲსწარმეტყუელმან არცა თუ იხილა კეთროანი იგი ნემან მთავარი ასურთაჲ, არამედ დაბრკოლდა თუ იგი არახილვისა მისისათჳს, გარნა მან დამარხვისათჳს წესსა მას შჯულისასა არა თავს-იდვა განსლვად მისა, არამედ მიუმცნო იორდანედ წარსლვაჲ. ხოლო უფალმან გამოაჩინა, ვითარმედ არა ვითარცა მონაჲ, არამედ ვითარცა უფალი ჰყოფს კურნებასა მას. ამისთჳს მიყო ჴელი თჳსი და შეახო მას, რამეთუ არა თუ ჴელი იგი კეთროვნებისა მისგან შე-რაჲ-მე-იმწინკულოდა, არამედ გუამი იგი კეთროვნისაჲ შეხებითა ჴელისა მის წმიდისაჲთა განწმიდნებოდა, და არა ჴორცნი ხოლო, არამედ სულიცა, რამეთუ არა ჴორცთა კურნებად ოდენ მოსრულ იყო, არამედ უფროჲსად სულთაცა.
და ვითარცა ჴელითა უბანელითა ჭამად არღარა აყენებდა, არამედ გულისა უბრძანებდა განწმედად, ეგრეთვე აქა ასწავებს, ვითარმედ სულისაჲ ჯერ-არს მოღუაწებაჲ და მისისა მის კეთროვნებისაგან საჴმარ არს კრძალვაჲ, რომელ არს ცოდვათა ბილწებაჲ; ხოლო კეთროვნებაჲ ჴორცთაჲ არარად სავნებელ არს სულისა. ამისთჳს პირველად თავადმან მიყო ჴელი და შეახო კეთროვანსა მას, და მას ზედა არავინ აბრალა მას, რამეთუ არა იყო სამსჯავროსა მას კრებული უკეთურთაჲ, არცა შურითა სავსე იყო ერი იგი, რომელი ხედვიდა სასწაულსა მას. ამისთჳს არა ხოლო თუ დაუბრკოლებელად ეგნეს, არამედ უფროჲსად განკჳრვებულ იყვნეს დიდებულთა
1 საქმე 3,12.
მათთჳს სიტყუათა და საქმეთა, და მიუწთომელსა მას ძალსა მისსა თაყუანის-სცეს დიდითა გულსმოდგინებითა.
ხოლო განკურნა რაჲ კეთროანი იგი, ჰრქუა მას: „იხილე, ნუვის უთხრობ, არამედ წარვედ, უჩუენე თავი შენი მღდელთა და შეწირე შესაწირავი შენი, რომელი ბრძანა მოსე საწამებელად მათდა“. თქუეს ვიეთმე: ვინაჲთგან შჯულსა შინა წერილ არს, ვითარმედ: ოდეს განწმიდნეს კეთროანი, იხილონ იგი მღდელთა და, უკუეთუ ჭეშმარიტად განწმედილ იყოს, მაშინ შეჰრაცხონ იგი განწმედილთა თანა და შეიწირონ შესაწირავი მისი; ხოლო უფალმან ამისთჳს ამცნო არავისდა თხრობად, რაჲთა არა შურისათჳს თქუან მღდელთა მათ, ვითარმედ: არა კეთილად განწმედილ ხარ. არამედ მე სიტყუაჲ ესე შეუწყნარებელად მაქუს და უგუნურებით თქუმულად. რამეთუ არა თუ ესრეთ ყო უფალმან განწმედაჲ მისი, რაჲთა იჭუეულ რაჲმემცა იყო, ანუმცა ძალ-ედვა თქუმად ვის, თუ: შესაძლებელ არს უაღრესად განწმედაჲ, არამედ ესრეთ განწმიდა, ვიდრეღა მრავალთა შუენიერ-თა და სრულიად უვნებელთასა უკეთეს და უშუენიერეს იყო.
ხოლო არავისდა თხრობაჲ ამისთჳს ამცნო, რაჲთა წესი და მოძღურებაჲ მოგუცეს სიმდაბლისაჲ და კეთილთა საქმეთა დაფარვისაჲ. არა თუ არა იცოდა უფალმან, ვითარმედ არა ეგულებოდა მას დაფარვაჲ სასწაულისაჲ მის, არამედ ყოველთა შორის ქადაგებაჲ, გარნა ეგრეთცა, რაჲ-იგი ჯერიყო, თავისა მიერ თჳსისა ქმნა და არავისდა თხრობად უბრძანა.
ხოლო სხუასა ადგილსა ვითარ ბრძანა თქუმად სასწაულისა მის? არარაჲ არს ამას შინა წინააღმდგომი, რამეთუ ყოვლისა კეთილისა ენება უფალსა სწავლად კაცთა. ამისთჳს ამას კეთროვანსა ჰრქუა არავისდა თქუმად, რაჲ-თა გუასწაოს დაფარვაჲ კეთილისსაქმეთაჲ, და უფროჲსად, უკუეთუ ვინ მოიღოს ღმრთისაგან მადლი კურნებათაჲ. ხოლო მუნ ამცნო ქადაგებად, რაჲთა მისცეს ღმერთსა დიდებაჲ განკურნებულმან მან, და რაჲთა ჩუენ ვისწაოთ მადლობაჲ ღმრთისაჲ და ქადაგებაჲ დიდებულებათა მისთაჲ; რამეთუ უმრავლესნი კაცნი, სნებასა რაჲ შთავარდენ, მოიჴსენებენ ღმერთსა, ხოლო განიკურნენ რაჲ, კუალად უდებებასა შთავარდებიან. ამისთჳს ბრძანებს, რაჲთა გინა თუ უძლურ ვიყვნეთ, გინა თუ მრთელ, ვჰმადლობდეთ ღმერთსა; ამისთჳს იტყჳს მას ადგილსა: „მიეც ღმერთსა დიდებაჲო“.
ხოლო რაჲსათჳს უბრძანა კეთროანსა ამას ჩუენებად თავი თჳსი მღდელთა და შეწირვად შესაწირავი? რამეთუ წესი შჯულისაჲ ინება ამას საქმესა ზედა აღსრულებად. რამეთუ არცა ყოველსავე წესსა მისსა იმარხვიდა, არცა ყოველსავე დაჰჴსნიდა, არამედ ოდესმე ამას იქმოდა და ოდესმე - მას, რაჲთა დაჴსნითა რომელთამე წესთაჲთა ყოფადისა ამის სრულისა წესისა და ახლისა შჯულისა საიდუმლოჲ მოასწაოს, ხოლო აღსრულებითა რომელთამე წესთაჲთა ურცხჳნონი იგი პირნი ჰურიათანი დაუყვნეს და უძლურებასა მათსა თანამიჰყვეს. და რად გიკჳრს, უკუეთუ იგი დაწყებასა მას ქადაგებისა თჳსისასა იმარხვიდა რომელთამე წესთა შჯულისათა, ვინაჲთგან ვჰპოებთ მოციქულთა შემდგომად ამაღლებისა უფლისა და დაწყებისა სრულიად ახალსა ამას შჯულსა და ძუელისა მის წესთა დაცხრომისა, ვითარმედ რომელსამე ზედა იმარხვიდეს შჯულსა სიტყჳთა უფლისაჲთა და რომელსამე თანაწარჰჴდებოდეს. და აწცა ქრისტემან აღსრულებად წესსა მას შჯულისასა უბრძანა კეთროანსა მას შეწირვად შესაწირავისა მის, რომელი განწესებულ იყო, რამეთუ ესრეთ იყო ძუელისა მის შჯულისა ბრძანებაჲ, რაჲთა ოდეს კეთროანი განწმდეს, უჩუენოს თავი თჳსი მღდელთმოძღუარსა და მისითა წამებითა შეერაცხოს განწმედილ-თა თანა. და უკუეთუმცა არა ჰრქუა მღდელმან, თუ: წმიდა ხარ, გარეგან შესაკრებელისა არნ, ვითარცა არაწმიდაჲ. ამისთჳს ჰრქუა: „უჩუენე თავი შენი მღდელთა და შეწირე შესაწირავი შენი, რომელი ბრძანა მოსე“, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ წესსა მას შჯულისასა მიავლინებს მას, და დაუყოს პირი მათი, რაჲთა ვერ იტყოდინ, თუ: პატივი მღდელთაჲ მიიტაცა. ამისთჳს სასწაული იგი თავადმან ქმნა, ხოლო ხილვაჲ საკჳრველისაჲ მის და განცდაჲ მისი მღდელთა მიუშუა.
ხოლო რაჲ არს ესე, თუ: „საწამებელად მათდა“? ესე იგი არს, სამხილებელად, შესაწამებლად, საკდემელად ურწმუნოებისა მათისა, ვინაჲთგან იტყოდეს, თუ: ამისთჳს ვსდევნით, რამეთუ წინააღმდგომ არს ღმრთისა და შჯულისა მის მოსესისა. ამისთჳს ჰრქუა ამას კეთროანსა ჩუენებად თავი თჳსი მღდელთა და შეწირვად შესაწირავი, მოსეს მიერ განწესებული, რაჲთა იყოს საქმე ესე საწამებელად უკეთურებისა მის მღდელთაჲსა, რაჟამს ჩნდეს, ვითარმედ კეთროანი იგი განკურნა რაჲ, აღსრულებად წესთა მათ შჯულისათა უბრძანა, რაჲთა გამოაჩინოს, ვი-თარმედ არა წინააღმდგომ არს; რამეთუ დაღაცათუ იცოდა, ვითარმედ რაჲცა ყოს, არარას ერგების უკეთურთა მათ, გარნა იგი ყოველსავე აღასრულებს, რაჲთა უსიტყუელ-ყვნეს იგინი. ამისთჳს არა ჰრქუა, თუ: მივედ, უჩუენე თავი შენი მღდელთა და შეწირე შესაწირავი სარგებელად მათდა და განსამართებელად, არამედ „საწამებელადო“, ესე იგი არს, შესასმენელად და სამხილებელად და პირის დასაყოფელად; რაჲთა გამოჩნდეს, ვი-თარმედ ჩემ მიერ ყოველივე ვქმენ, არამედ იგინი თჳსსავე უკეთურებასა ზედა ეგნეს; ვითარცა სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართთა, და მაშინ მოიწიოს აღსასრული“;1 ესე იგი არს, საწამებელად და სამხილებელად მათდა, რომელთა არა ინებონ მოსლვაჲ სარწმუნოებად, რამეთუ ვერვინ უძლოს თქუმად, თუ: მე არა მესმა. ამისთჳს განვავლენ ქადაგებასა ამას ყოველსა სოფელსა, რაჲთა შესწამებდეს ყოველთა წარმართთა ქადაგებაჲ იგი, ვითარმედ ესმა და არა შეიწყნარეს. ამისთჳს კიდეთა ქუეყანისათა ისმა სიტყუაჲ სახარებისაჲ.
1 მათ. 24,14.
სწავლაჲ კე ვითარმედ ჯერ-არს მარადის მადლობაჲ ღმრთისაჲ
აწ უკუე, საყუარელნო, ესე ყოველი გულისჴმა-ვყოთ და მოსწრაფე ვიყვნეთ ჩუენცა ჩუენებად მოყუასთა ზედა ყოვლისავე ხარკებისა სარგებელად სულთა მათთა, ვითარცა უფალმან აჩუენა ჩუენ ყოველთა ზედა და დღითი-დღე აჩუენებს აურაცხელთა მათ ქველისმოქმედებათა მისთა, რომელთათჳს თანაგუაც მარადის მადლობისა შეწირვად მისა საქმით და სიტყჳთ. არა თუ მას ეჴმარების ჩუენმიერი მადლობაჲ, არამედ ჩუენ მადლობითა მისითა თავთა ჩუენთა კეთილსა უყოფთ და სიყუარულად მეუფისა ჩუენისა მოვალთ, რამეთუ უკუეთუ კაცისა მიერ ყოფილი ჩუენ ზედა კეთილი მოვიჴსენით რაჲ, სიყუარულად კეთილისმყოფელისა მის აღვიძრნით გონებითა, ვითარ უფროჲსად, მოვიჴსენებდეთ რაჲ კეთილთა მათ ღმრთისამიერთა, არამცა სიყუარულიცა მისი აღორძნდა გულთა შინა ჩუენ-თა და უმეტესი მოსწრაფებაჲ მოვიგეთ აღსრულებად მცნებათა მისთა?
რამეთუ ნანდჳლვე მცველი დიდი არს ქველისმოქმედებისაჲ სამარადისოდ ქველისმოქმედისა მის ჴსენებაჲ და მადლობით დიდებაჲ. ამისთჳსცა შესაძრწუნებელსა მასცა საიდუმლოსა ცხორებისა ჩუენისასა, რომელ არს წმიდაჲ ჟამისწირვაჲ, მადლობა ეწოდების; რამეთუ მრავალთა ქველისმოქმედებათა მისთა ჴსენებაჲ აღესრულების, და თავი იგი განგებულებისა მისისაჲ გამოჩნდების და ყოვლით კერძო მადლობად გუაწუევს; რამეთუ უკუეთუ ქალწულისაგან შობაჲ მისი საკჳრველ არს, რომლისათჳსცა განკჳრვებით იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ესე ყოველი იქმნაო“,1 უკუეთუ შობასა „ყოველივე“ ეწოდა, რაჲ-მე ვთქუათ, ოდეს მოვიჴსენოთ ჯუარ-ცუმაჲ, დათხევაჲ სისხლისაჲ, სიკუდილი, და რომელ-ესე თავი თჳსი მოგუცა ჩუენ ტაბლად სულიერად და საჭმლად ცხორებისად?
ვჰმადლობდეთ უკუე სახიერებასა და სიტკბოებასა მისსა დაუცხრომელად. და ესე იყავნ დასაბამ ყოველთა საქმეთა და სიტყუათა ჩუენთა, მადლობაჲ ღმრთისაჲ. და ნუ ხოლო თავთა თჳსთათჳს ვჰმადლობთ, არამედ ძმათათჳსცა ჩუენთა, რაჲთა აღმასრულებელ ვიპოვნეთ სიყუარულისა. ამისთჳსცა მღდელი ჟამსა მას საიდუმლოთასა შესწირავს მადლობასა ყოვლისა სოფლისათჳს, პირველქმნულთა კეთილთა მისთათჳს ჩუენ ზედა და აწ ყოფადთა და მერმე მომავალთა. და ჩუენცა ეგრეთვე გჳბრძანებს ყოფად, რაჲთა ჭეშმარიტისა მის სიყუარულისა მიერ ქუეყანისაგან ზეცად ავმაღლდეთ და ანგელოზთა მობაძავ ვიქმნეთ, რამეთუ იგინიცა ჩუენ ზედა ქმნილთა კეთილთათჳს განწყობილნი მადლობასა შესწირვიდეს ღმრთისა და იტყოდეს: „დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ!“2 და არა თქუეს, ვითარმედ: რაჲ არს
1 მათ. 1,22. 2 ლუკ. 2,14.
ჩუენი საქმესა ამას შინა, რომელნი-ესე არა ქუეყანისანი ვართ, არცა კაცთა თანა შერაცხილ? არამედ უმეტესადღა მხიარულ იყვნეს, ვითარმცა იტყოდეს, ვითარმედ: ჩუენი არს კეთილი ესე ჩუენ თანამონათაჲ მათ, რამეთუ ესრეთ ბრძანებულ არს ჩუენდა სიყუარული მათი, ვიდრეღა კეთილნი მათნი თჳსად შეგჳრაცხიან. ეგრეთვე ნეტარი პავლე მარადის ყოვლისა სოფლისათჳს შესწირავს მადლობასა. ამისთჳს ჩუენცა მარადის ვჰმადლობდეთ მას ჩუენთჳსცა და მოყუასთათჳს, აურაცხელთა მათ კეთილთა მისთა ზედა, დიდთა და მცირეთა, და უფროჲსად არარაჲ არს მის მიერ მოცემული მცირე, არამედ ყოველნივე კეთილნი მისნი დიდ არიან და დიდებულ.
და რაჲთა სხუათა მათ თანაწარვჰჴდე, რომელნი უმრავლეს არიან ქჳშისა, ესე ხოლო ვაჴსენო: რაჲმცა სწორ იყო ჩუენთჳს ქმნილისა მის განგებულებისა მისისა, ვითარ მხოლოდშობილი ძე მისი ჩუენთჳს სიკუდილად მოავლინა, ჩუენთჳს - მტერთა ამათ და განდგომილთა; და შემდგომად სიკუდილისა და აღდგომისა მისისა კუალად მოგუცა იგი ტაბლად სამარადისოდ და სანოაგედ სულთა გამომზრდელად; და ამას ყოველსა ზედა მადლობაჲ მანვე გუასწავა, რამეთუ ამისთჳს საიდუმლოჲსა მის აღსრულებაჲ სამარადისოდ განაწესა, რაჲთა მარადის ჴსენებად ესევითარისა მის ქველისმოქმედებისა მისისა მომიყვანებდეს და მადლობად მისა აღგუადგენდეს.
ესრეთ ყოვლით კერძო მოსწრაფე არს დამბადებელი ჩუენი კეთილთა ჩუენთათჳს, ამისთჳს მრავალგზის თჳნიერ ჩუენისაცა ნებისა და თჳნიერ ჩუენისა მეცნიერებისა კეთილი გჳყვის. და გულისჴმა-ყავთ ესე ნეტარისა პავლესგან, რამეთუ ვინაჲთგან მრავალთა მათ ჭირთა და განსაცდელთა მისთათჳს ევედრა ღმერთსა მრავალგზის, რაჲთა აღუსუბუქნეს, არა მისსა მას თხოასა მიხედნა ღმერთმან, არამედ უმჯობესისათჳს იზრუნა; ამისთჳს ჰრქუა მას: „კმა არს შენდა მადლი ჩემი, რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების“.1 საცნაურ არს უკუე, ვითარმედ ვიდრეღა არა ეთქუა მისდა მიზეზი ესე, თჳნიერ ნებისა მისისა კეთილსა უყოფდა. ესრეთ უკუე იქმს ყოველთავე ზედა სახიერი იგი უფალი.
აწ უკუე ესე უწყოდით და მარადის ვჰმადლობდეთ ღმერთსა ყოველსავე ზედა, რამეთუ დიდი ბოროტი არს უმადლოებაჲ, ამან წარწყმიდნა ჰურიანი, უმადლოებამან მათმან, ამან დააქცინა იგინი სულიერად და ჴორციელად, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „სასოებაჲ უმადლოთაჲ, ვითარცა თრთჳლი ზამთრისაჲ“;2 ესრეთ მოაკუდინებს უმადლოებაჲ სულსა, ვითარიგი განჰყინავს და ავნებს ჴორცთა. ხოლო იქმნების უმადლოებაჲ ანპარტავნებისაგან, რაჟამს აქუნდეს კაცსა თავი თჳსი ღირსად; ხოლო გული შემუსრვილი და მდაბალი ყოველსავე ზედა ჰმადლობნ ღმერთსა, გინა თუ კეთილი შეემთხჳის, გინა თუ განსაცდელი, რამეთუ კეთილისა უღირსად
1 2 კორ. 12,9. 2 სიბრძ. სოლ. 16,29.
შეჰრაცხის თავი თჳსი, ხოლო განსაცდელი რაოდენიცა შეემთხჳის, იტყჳნ, ვითარმედ უმეტესისა ღირს არს.
აწ უკუე ჩუენცა რავდენღა წარვემატებოდით სათნოებასა შინა, უმეტესად შევმუსრნეთ თავნი ჩუენნი, რამეთუ ესე არს სათნოებაჲ ჭეშმარიტი. და ვითარცა-იგი რაოდენცა კეთილად ვხედვიდეთ და სიმაღლესა ცათასა განვიცდიდეთ, უმეტესად ვსცნობთ, რაჲზომ შორს ვართ მისგან, ეგრეთვე რაოდენცა მივიწინეთ საზომსა სათნოებისასა, უმეტეს ვჰპოებთ თავთა ჩუენთა ნაკლულევან დიდებისაგან ღმრთისა.
ხოლო ესეცა დიდი სიბრძნე არს, უკუეთუ კაცმან ცნას საზომი თჳსი; რამეთუ მან იცის ჭეშმარიტად საზომი თჳსი, რომელსა შეერაცხას არარად თავი თჳსი, ვითარცა აბრაჰამ და დავით და სხუათა ყოველთა წმიდათა, ოდეს მიიწინეს სიმაღლედ სათნოებისა, მაშინ უფროჲსად დააკნინეს თავნი მათნი. და აბრაჰამ „მიწა და ნაცარ“1 უწოდა თავსა თჳსსა, ხოლო დავით - „მატლ და არა კაც“;2 და ესაია იხილა რაჲ უფალი, ღა-ღატ-ყო: „ჵ უბადრუკსაო!“3 და ყოველნი წმიდანი ესრეთ აბრალებენ თავ-თა თჳსთა, ხოლო ზუავთა და ანპარტავანთა ყოლადვე არა იციან საზომი თჳსი. და რომელმან თავი თჳსი არა იცოდის, მან სხუაჲ რაჲმცა იცოდა? ესევითარი იყო იგი, რომელმან თქუა: „დავდგა საყდარი ჩემი მაღალთა ზედა“,4 ვინაჲთგან თავი თჳსი არა იცოდა, თუ ვინ არს. ამისთჳს სრულიად უგუნურ იქმნა. არამედ არა ესრეთ იყო პავლე. ამისთჳს ნარჩევად ყოველთა უწესს თავსა თჳსსა და არაღირსად მოციქულებასა ესოდენთა მათ კეთილთა მისთა ზედა. მას უკუე ვჰბაძვიდეთ, მორწმუნენო. ხოლო ესე წარვჰმართოთ, უკუეთუ განვეშორნეთ საქმეთა და ზრუნვათა სოფლისათა; რამეთუ არარაჲ ესრეთ დაგუაბრკოლებს ცნობად თავთა თჳსთა, ვითარ შემსჭუალვაჲ სოფლისა საქმეთა, და არარაჲ ესრეთ შეგუამსჭუალავს სოფლისა საქმეთა, ვითარ უცნაურობაჲ თავისა თჳსისაჲ. ხოლო რომელმან უგულებელს-ყვნეს სოფლისა საქმენი, მან თავიცა თჳსი იცნას და სხუათაცა სათნოებათა შინა წარემატოს.
აწ უკუე, ძმანო, ჩუენცა კეთილი ესე წესი შევიკრძალოთ, განვეყენნეთ სიყუარულსა ცუდთა ამათ და წარმავალთასა, ვიცნათ უნდოებაჲ თავთა თჳსთაჲ და შევიტკბოთ წესი სიმდაბლისაჲ, რაჲთა საუკუნეთა მათ კეთილ-თა ღირს ვიქმნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
1 დაბ. 18,27. 2 ფსალმ. 21,7. 3 ესაია 6,5. 4 ესაია 14,13.