📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ“ (7,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას სიტყუასა ნეტარი პავლეცა იტყჳს, და უფროჲსღა მასცა ქრისტე იტყჳს პირითა პავლესითა, ვითარმედ: „აწ შენ რასა განიკითხავ ძმასა შენსა? ანუ შენ რაჲსა შეურაცხ-ჰყოფ ძმასა შენსა?“1 და „შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ სხჳსა მონასა?“2 და კუალად იტყჳს: „ამისთჳს ნუვინ წინაჲსწარ ჟამისა გან-რასმე-იკითხვიდეთ, ვიდრემდე მოვიდეს უფალი და განანათლოს დაფარული იგი ბნელისაჲ და გამოაცხადნეს ზრახვანი იგი გულისანი“.3
აწ უკუე ვითარ გულისჴმა-ვყოთ სიტყუაჲ ესე, არა ჯერ-არსა მოქმედთა ცოდვისათა ბრალობად? ვითარ უკუე სხუასა ადგილსა იტყჳს მოციქულივე: „ზედაადეგ ჟამითი-უჟამოდ, ამხილე, შეჰრისხენ და ნუგეშინის-ეც“?4 და კუალად იტყჳს: „რომელნი-იგი ცოდვიდენ, წინაშე ყოველთა ამხილე, რაჲთა სხუათა მათ ეშინოდის“.5 და კუალად ქრისტემან ჰრქუა პეტრეს: „უკუეთუ ცოდოს ძმამან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინო ძმაჲ შენი. უკუეთუ შენი არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაჲ. უკუეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა“.6
იხილე, რავდენნი მამხილებელნი წარმოუდგინნა, და არა ხოლო მამხილებელნი, არამედ დამსჯელნიცა, რამეთუ თქუა: „უკუეთუ კრებულისაჲცა არავე ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი“.7
ანუ ვითარ მისცნა კლიტენი და უბრძანა შეკრვად და განჴსნად, უკუე-თუ არა უჴმდა განკითხვაჲ? ცუდ იყო ესე ყოველი?
და აწცა სოფელსა შინა, უკუეთუ ესე სიტყუაჲ ეგრეთ ეგოს, ვითარ იყოს წესიერებაჲ სოფლისაჲ ანუ ეკლესიათაჲ? რამეთუ უკუეთუ არა განიკითხოს უფალმან მონაჲ, და მამამან - შვილი, და მეგობარმან - მეგობარი, მრავალი აღორძინებაჲ და წარმატებაჲ პოოს უკეთურებამან.
რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე? გულისჴმა-ვყოთ კეთილად, რაჲთა არა წამალი ესე ცხორებისაჲ და რჩული მშჳდობისაჲ შეჰრაცხოს ვინ რჩულად უწესოებისა, რამეთუ ყოვლადვე კრძალულებით ჯერ-არს გულისჴმის-ყოფაჲ.
და ყოველთავე სიტყუათა უფლისათა ძალისა გამოძიებაჲ გჳღირს, და თუ ვითარითა სახითა ანუ ვითარითა პირითა თქუმულ არიან; რამეთუ აწცა სიტყჳსა ამის წესიერებაჲ შემდგომისა მის სიტყჳსა მიერ გულისჴმაგჳყო უფალმან, რაჟამს-იგი თქუა: „რაჲსა ჰხედავ წუელსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დირესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი?“8 ხოლო უკუ-
1 რომ. 14,10. 2 რომ. 14,4. 3 1 კორ. 4,5. 4 2 ტიმ. 4,2. 5 1 ტიმ. 5,20. 6 შდრ. მათ. 18,15-17. 7 მათ. 18,17. 8 მათ. 7,3.
ეთუ ჯერეთცა უმეცართა ძნიად გულისჴმისსაყოფელად უჩნს, უმეტესად განმარტებად სიტყჳსა ამის ჴელ-ვყოთ: არა ესრეთ მარტივად განაწესებს სიტყუასა ამას უფალი, არცა ეტყჳს მოძღუართა და წინამძღუართა არა განკითხვად და მხილებად მოქმედთა ბოროტისათა, - ნუ იყოფინ! - არამედ მათ ეტყჳს, რომელთა არა თანაედვის სხჳსა განკითხვაჲ ანუ მხილებაჲ და სავსე იყვნიან თჳთ ბევრეულითა ბოროტითა და სხუათა მცირეთა რათმე და უნდოთა ცთომათათჳს ზედამიუჴდებიედ, განიკითხვიდიან და შეურაცხ-ჰყოფდიან, რომელნი არცა ჴელმწიფებასა მათსა ქუეშე იყვნიან, არცა საურავად მათდა განწესებულ.
პირველად უკუე ჰურიათა მოასწავებს აქა, რომელნი-იგი მრავალთა ბოროტთა მოქმედნი იყვნეს და სხუათა მწარედ განიკითხვიდეს მცირეთა და უნდოთა ცთომათათჳს, რომლისათჳსცა უკუანაჲსკნელრე განცხადებულად აბრალებდა და ეტყოდა, ვითარმედ: „შეჰკრით ტჳრთი მძიმე და ძნიად სატჳრთავი და დასდვით მჴართა ზედა კაცთასა, ხოლო თქუენ თითითაცა არა გნებავნ შეძრვად იგი“;1 და „ათეულსა მოიღებთ პიტნაკისა და ცერეცოჲსა და ძირაკისასა და დაგიტეობიეს უმძიმესი შჯულისაჲ: სამართალი და წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ“.2
წინაჲსწარვე უკუე სიტყჳთა ამით ამხილებს ცთომილებასა მათსა, რომელთა ეგულებოდა ბრალობაჲ და განკითხვაჲ მოციქულთაჲ უცოდველთა მათთჳს საქმეთა, ვითარ-იგი იყო არამარხვაჲ შაბათისაჲ და უბანელითა ჴელითა ჭამაჲ და მეზუერეთა თანა ჯდომაჲ და სხუაჲ ესევითარი, რომლისათჳსცა ეტყოდა, ვითარმედ: „დასწურავთ ბურნაქსა და აქლემსა შთანთქამთ“.3
და მერმე ყოველთა მიმართცა კაცთა ჰყოფს რჩულის-დებასა ამას კე-თილსა, გარნა წესსა ზედა თჳსსა და სამართალსა, რამეთუ პავლეცა რაჟამს თქუა, ვითარმედ: „შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ სხჳსა მონასა?“ და ვითარმედ: „ნუვინ წინაჲსწარ ჟამისა განიკითხავთ“, მათდა მიმართ თქუა, რომელნი უზეშთაესთა თჳსისა საზომისათა განიკითხვიდეს საქმისათჳს არაგანსაკითხავისა. რამეთუ არა თუ ესრეთ განჩინებულად და განუყოფელად თქუა, ვითარმედ არა ჯერ-არს განმართებაჲ შეცოდებულთაჲ, არცა ყოველთა მიმართ იყო შერისხვაჲ მისი, არამედ მოწაფეთა ჰკდემდა, რომელნი მოძღუართა განიკითხვიდეს, და რომელნი ბევრეულთა ბოროტთა თანამდებ იყვნეს და უბრალოთა შეასმენდეს და ძჳრსა იტყოდეს.
ეგრეთვე უფალი ჩუენი იესუ ქრისტეცა ესევითართავე პირთა მიმართ ჰყოფს სიტყუასა ამას, რაჲთა რომლისადა არა რწმუნებულ იყოს განკითხვაჲ მეორისაჲ, არცა მამაჲ იყოს მისი, არცა მოძღუარი, და ხედვიდეს თავსა თჳსსა თანამდებად უმძიმესთა ცოდვათა, არა განიკითხვიდეს მოყუასსა თჳსსა; ამისთჳსცა სასჯელი მძიმე განაწესა ესევითართა მათ ზედა:
1 მათ. 23,4. 2 მათ. 23,23. 3 მათ. 23,24.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთო“ (7,2).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ არა მას დასჯი, არამედ თავსა შენსა, და უსაშინელესსა განიმზადებ სასჯელსა; რამეთუ ვითარცა მოტევებასა მას ზედა ცოდვათასა ჩუენ მიერ განაწესა ყოფად დაწყებისა, რაჟამს გჳბრძანა თქუმად: „მომიტევენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევნეთ თანამდებთა მათ ჩუენთა“,1 ეგრეთვე საშჯელსა ამასცა შინა განკითხვისასა ჩუენ მიერ ბრძანა საზომისა განჩინებად: „რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთო“, რაჲთა გულისჴმა-ვყოთ, ვითარმედ არა ყუედრებაჲ ჯერ-არს და უწყალოდ შერისხვაჲ და ზედამისლვაჲ უგულისჴმოდ, არამედ სწავლაჲ სიმშჳდით და სიყუარულით; არცა ძჳრისსიტყუაჲ ჴამს, არამედ განზრახვისა კეთილისა წინაყოფად; არცა ანპარტავანებით შეურაცხ-ყოფაჲ, არამედ სიყუარულით განმართებაჲ; რამეთუ არა მას ავნებო ურიდად შეურაცხებითა მით და ბოროტისმეტყუელებითა, არამედ თავსა შენსა მძიმესა სასჯელსა შთააგდებ.
ჰხედავა, ვითარ ორნი ესე მცნებანი სუბუქნიცა არიან და დიდთა კე-თილთა მომატყუებელ მოქმედთა მათთა, ხოლო გარდამავალთა სასჯელისა დიდისა მიზეზ იქმნებიან? რამეთუ რომელმან მიუტევნეს ბრალნი მოყუსისანი, პირველ მისსა თავი თჳსი განუთავისუფლებიეს ბრალთაგან უშრომელად; და რომელი რიდობით და წყალობით გამოეძიებდეს ბრალთა მეორისათა, თავსა თჳსსა დაიუნჯებს განკითხვასა წყალობისასა მისმიერი-თა მით სახიერებითა.
თქუას უკუე ვინმე, ვითარმედ: უკუეთუ ისიძვიდეს ვინ, არა ვთქუაა, თუ ბოროტ არს სიძვაჲ? არცა განვჰმართოა მოქმედი იგი ურჩულოებისაჲ? ჰე, უკუეთუ რწმუნებულ იყოს შენდა განმართებაჲ მისი, განჰმართე, არამედ ნუ ვითარცა მბრძოლი და მტერი ზედადაესხმი რისხვით და განქიქებით, არამედ ვითარცა მკურნალმან წამალი კურნებისაჲ დაასხი; რამეთუ არა თუ ეგრე თქუა, თუ: ნუ დააცხრობ ცოდვისაგან და ნუ დააყენებ, არამედ: „ნუ განიკითხავო“; ესე იგი არს, ნუ მწარე და უწყალო მსაჯულ ექმნები.
და ესეცა საცნაურ იყავნ, ვითარმედ არა დიდთა მათ და ძნელთა ცოდვათათჳს უთქუამს, რაჲთამცა არა ვაყენებდით მოყუასთა და ძმათა ჩუენ-თა და უფროჲსღა რომელთა ზრუნვაჲ რწმუნებულ იყოს ჩუენდა, არამედ მცირეთა ცთომათათჳს, რაჲთა არა განვადიდებდეთ მეორისათა და ანპარტავანებით ვამხილებდეთ ანუ შევასმენდეთ და ძჳრსა ვიტყოდით; ამის-თჳსცა იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲსა ჰხედავ წუელსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დირესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი?“ (7,3).
1 მათ. 6,12.
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ მრავალნი აწ იქმან საქმესა ამას და, იხილიან რაჲ მონაზონი მცირედ რაჲმე მეტითა სამოსლითა მოსილი, მცნებასა მას უფლისასა მეყსეულად წინაუყოფენ და თავისა თჳსისასა არა ხედვენ, ვითარ დღითი-დღე იტაცებენ და მიიხუეჭენ გლახაკთაგან და ჭირვეულ-თა. კუალად უკუეთუ იხილონ მცირისა რაჲსმე სანუაგისა ჭამად, განიკითხვენ, ჰბასრობენ, ზედადაესხმიან და არა განიცდიან თავისა თჳსისა დღითი-დღე შუებასა და მთრვალობასა, არცა გულისჴმა-ჰყოფენ, ვითარმედ ცოდვათა თჳსთა თანა ამისცა ჯერისათჳს უმეტეს შეიკრებენ თავთა თჳსთა ზედა ცეცხლსა მას გეჰენიისასა და ყოვლისავე სიტყჳს-გებისაგან გამოაჴუებენ სულთა თჳსთა; რამეთუ თჳთ იგინი განაწესებენ საქმესა ამას, ვითარმედ ჯერ-არს მცირეთაცა ცთომათა მათთა გამოწულილვით განკითხვაჲ, ნუმცა უკუე მძიმედ უჩნს, ოდეს მათცა ბრალი მიეჴადებოდის ყოველთა საქმეთა მათთათჳს. არამედ კეთილად ყურად-იღებდიედ ბრძანებასა უფლისასა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲსა ჰხედავ წუელსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დირესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი? ანუ ვითარ ჰრქუა ძმასა შენსა: მაცადე, და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა, და აჰა ეგერა დირე თუალსა შინა შენსა! ორგულო, აღმოიღე პირველად დირე თუალისაგან შენისა და მერმე იხილო წუელი აღმოღებად თუალისაგან ძმისა შენისა“ (7,3-5).
თ ა რ გ მ ა ნ ი: სიტყჳსა ამის მიერ გამოაჩინებს რისხვასა თჳსსა ესევითარისა მოქმედთა ზედა, რამეთუ სადაცა ენებოს გამოჩინებად, ვი-თარმედ ცოდვაჲ იგი დიდ არს და სასჯელისა ღირს და რისხვისა ფრიადისა, რისხვისაცა და შეურაცხებისა სიტყუასა იწყებს, ვითარცა-იგი ყო მონასა მას ზედა, რომელი ასისა მის დრაჰკნისათჳს აშთობდა მოყუასსა თჳსსა, რამეთუ ჰრქუა მას უფალმანო: „მონაო ბოროტო, ყოველი იგი თანანადები შენი მიგიტევე შენ“;1 ეგრეთვესახედ აქა იტყჳს: „ორგულო, აღმოიღე პირველად დირე თუალისაგან შენისა და მერმე იხილო წუელი აღმოღებად თუალისაგან ძმისა შენისა“; რამეთუ არა სიყუარულისაჲ არს საქმე შენი, არამედ სიძულილისაჲ, და სახე კაცთმოყუარებისაჲ გმოსიეს, ხოლო საქმესა უკეთურებისასა აღასრულებ, რამეთუ ყუედრებასა და შეურაცხებასა ზომისა უმეტესსა დაჰკრებ მოყუასსა ზედა ცთომა-თათჳს მცირეთა, და მოძღურისა წესი მიგიტაცებიეს, რომელი-იგი არცა თუ მოწაფედ ღირს ხარ. ამისთჳს ორგულად სახელ-გდებ, რამეთუ სხუათა ზედა ესრეთ მწარე მსაჯული ხარ, ვიდრეღა წლჳლთაცა და უნდოთა განიცდი, და შენთა მათ საქმეთა ზედა ესრეთ უდებ ხარ, რომელ დიდთაცა თანაწარჰჴდები.
1 მათ. 18,32.
„აღმოიღე პირველად დირე თუალისაგან შენისა“.
აჰა ესერა გამოაჩინა, თუ ვის უჴმს არავისი განკითხვაჲ და ვისა ჯერარს სხუათაცა განმართებაჲ. ესე იგი არს, ვითარმედ ჯერ-არს პირველად დირისაჲ აღმოღებად თუალისაგან და მერმე ხედვად სხჳსა ცთომათა, რამეთუ თავისა თჳსისა საქმეთა უაღრესად ხედავს კაცი, ვიდრეღა სხჳსათა, და დიდ-დიდთა უადვილესად განიცდის, ვიდრეღა მცირეთა, და თავი თჳსი უმეტესად ვის ეწყალინ, ვიდრე მეორისაჲ.
აწ უკუე, კაცო, უკუეთუ მოყუასი გეწყალის, თავი შენი უმეტესად შეიყუარე და განჰმართენ ცთომანი შენნი, რომელნი უაღრეს სხუათასა იცნი. უკუეთუ კულა თავსა თჳსსა უგულებელს-ჰყოფ, საცნაურ არს, ვითარმედ ძმასაცა არა სიყუარულისათჳს განიკითხავ, არამედ სიძულილისა და შურისათჳს. არამედ არა ჯერ-არს შენდა განკითხვაჲ სხუათაჲ, უკუეთუ არა პირველად თავი შენი შეიკრძალო და განსწმიდო ყოვლისაგანვე ბიწისა. რამეთუ ვინაჲთგან მრავალნი ჭეშმარიტებისა და სიწმიდისა სწავლანი წარმოთქუნა უფალმან, რაჲთა არავინ თქუას, თუ ამის ყოვლისა სიტყჳთ თქუმაჲ ადვილ არს, რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ არცა ერთისა თქუმულ-თა მათგანისა თანამდებ არს, არამედ ყოველივე კეთილად წარუმართებიეს, ამისთჳს იგავი ესე თქუა, რამეთუ ეგულებოდა მას განკითხვაჲ ბოროტისმოქმედთა მათ, ვითარცა იტყჳს: „ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო“;1 არა იყო იგი ყოვლადვე თანამდებ ცთომისა, „რამეთუ ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა“;2 არცა თუ დირე, არამედ არცა თუ იოტოდენი წუელაჲ იყო თუალსა მისსა, არამედ განწმედილითა თუალითა ხედვიდა და განჰმართებდა ცთომასა მას სხუათასა.
ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ არა ჯერ-არსო სხჳსა განკითხვაჲ, ოდეს თჳთ ვინ მათვე საქმეთა თანამდებ იყოს, რომლისათჳს განიკითხვიდეს. და რად გიკჳრს, უკუეთუ უფალმან ესევითარი ესე მცნებაჲ განაწესა? არა გესმისა, ვითარ ავაზაკიცა სჯულითა მით ბუნებითითა ამასვე დაამტკიცებდა და ეტყოდა მეორესა მას: „არცაღა გეშინის შენ ღმრთისა, რამეთუ მასვე სასჯელსა შინა ხარ? და ჩუენ სამართლად ღირსი, რომელ ვქმენით, მოგუეგებვის, ხოლო ამან არარაჲ უსჯულოებაჲ ქმნა“.3
აწ უკუე, კაცო, გულისჴმა-ყავ, რამეთუ არა ჯერ-არს საქმე ესე, რაჲ-თამცა დირესა მაგას შენსა, რომლისა აღმოღებაჲ თანაგაც, არამცა განიცდიდი, ხოლო მოყუსისა წუელასა არა თუმცა ხედევდი, არამედ განიკითხვიდიცა. ესე უწესო არს და უსამართლო, ვითარცა უკუეთუ ვინ შეპყრობილ იყოს სენითა ბოროტითა წყლითმანკიერებისაჲთა და უგულებელს-ყოს ძნელოვანი იგი სიმსივნე თჳსი და აყუედრებდეს მოყუასსა მცირისა რაჲსმე ნაბრძჳლისათჳს.
1 მათ. 23,25. 2 ესაია 53,9; 1 პეტ. 2,22. 3 ლუკ. 23,40-41.
ბოროტ არს უკუე არა ხედვაჲ თჳსთა ცოდვათაჲ, არამედ განცდაჲ სხჳსა ბრალთაჲ, ვიდრეღა დირე თუალთა შინა იყოს, რამეთუ ცოდვაჲ დირე არს თუალთა და ყოვლისა დირისა უძჳრეს.
გულისჴმა-ვყოთ უკუე, ვითარმედ ესე არს ბრძანებაჲ უფლისაჲ და ამას განაწესებს ამის სიტყჳსა მიერ, ვითარმედ: რომელი თანამდებ იყოს ბევრეულთა ბოროტთა, ნუ იქმნების მწარე განმკითხველი სხჳსა ცთომა-თაჲ, და უფროჲსად, ოდეს ცთომანი იგი უნდო და არარაჲ იყვნენ.
არა თუ წინამძღუართა აყენებს მხილებისა და განმართებისაგან ცოდვათა ერისათა, არამედ კაცად-კაცადსა განაკრძალებს, რაჲთა არა უარჰყოფდეს ვინ ცოდვათა თჳსთა და მოყუასსა განიკითხვიდეს, რომლისა არა თანაედვას მხილებაჲ ანუ განკითხვაჲ, რამეთუ ესე საქმე, ვითარცა ფრიადისა უწესოებისა მიზეზი, წინათვე დააყენა უფალმან, რამეთუ ამისგან იქმნებიან ბოროტნი მტერობანი, უსახურობანი და ესევითარი მრავალი.
ხოლო ვინაჲთგან ყოველივე ესევითარი თესლი უკეთურებისაჲ აღმოჰფხურა კეთილითა ამით სჯულის-დებითა, მერმე სხუაჲ შემოიღო სწავლაჲ და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუგებთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერჴითა მა-თითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ“ (7,6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო თავადმან ქუემორე თქუა: „რომელი ყურთა გესმესო, უქადაგებდით ერდოთა ზედა“;1 არამედ არარაჲ არს წინააღმდგომი სიტყუათა ამათ შინა, რამეთუ არცა მუნ ესრეთ ბრძანებს, თუ ყოველთავე ეტყოდეთ ყოველსავე, არამედ ესე განაწესა, რაჲთა სადა-იგი ჯერ-იყოს თქუმად, უშიშად და კადნიერებით იტყოდინ, და კუალად აქა არა თუ ესრეთ თქუა, თუ დადუმენით და ნურარას ჰქადაგებთ, არამედ ესრეთ უბრძანა, ვითარმედ: საიდუმლოთა მათ საღმრთოთა და დიდებულთა ნუ გამოუცხადებთ ძაღლთა და ღორთა. ხოლო ძაღლად ამას ადგილსა მათ სახელ-სდვა, რომელნი არიან ურჩულოებასა შინა უკურნებელსა და უღმრთოებასა ბოროტსა და ღმრთისა მომართ მოქცევისა სასოებაჲ არა აქუს, და ღორად მათ უწოდა, რომელნი მარადის შეგინებულსა და ბილწსა მოქალაქობასა შინა იქცევიან; და ესევითართა მათთჳს იტყჳს, ვითარმედ: არა ღირს არიან სმენად საიდუმლოთა ღმრთისათა, არა თუ ინებონ უკეთურებისა მის მათისაგან მოქცევად.
ეგრეთვე მოციქულიცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „მშჳნვიერმან კაცმან არა შეიწყნარის სულისაჲ, რამეთუ სიცოფე უჩნ მას და ვერ შემძლებელ არს ცნობად, რამეთუ სულიერად განიკითხვის“.2 და სხუასა მრავალსა ადგილსა გულისჴმა-გჳყოფს ამას წერილი, ვითარმედ ბოროტთა საქმეთა მიერ
1 მათ. 10,27. 2 1 კორ. 2,14.
განხრწნილი ცხორებაჲ მიზეზ ექმნების არა შეწყნარებად მაღალთა მათ და სულიერთა სწავლათა სრულისა მის წესისა. ამისთჳსცა უფალი ბრძანებს, ვითარმედ ესევითართა მათ სასოწარკუეთილთა და ყოვლითურთ ეშმაკისადა განჩემებულთა არცა თუ განღებად კარისა და ჩუენებად საღმრთოთა მათ საიდუმლოთა ჯერ-არს, რამეთუ ისწაონ რაჲ, უძჳრეს იქმნებიან და უმეტესადღა მბრძოლად გამოჩნდებიან.
რამეთუ გონიერთა და გონებითა კეთილთა რაოდენცა გამოეცხადნენ საიდუმლონი ღმრთისანი, უმეტესად პატივ-სცემენ, ხოლო მედგართა და უგულისჴმოთა წინაშე შეურაცხ არს, რამეთუ ცოფ არიან იგინი გულითა და ამისთჳს სწავლაჲ იგი სულიერი სიცოფედ უჩნს. ამის უკუე ჯერისათჳს არცა გამოცხადებად მათდა ჯერ-არს, რამეთუ ღორმან არა იცის, რაჲ არს მარგალიტი. ამისთჳს ნუცა დაუდებთ მარგალიტსა მის წინაშეო, რამეთუ არარაჲ სარგებელ ეყოს, არამედ უმეტესადღა იყოს სავნებელი, რაჟამს საიდუმლონი იგი დიდებულნი ბოროტთა მათ ისწავლნენ, რამეთუ მათ შეურაცხ-ჰყოფენ და თქუენ უმეტესად მბრძოლად აღგიდგებიან. ამისთჳსცა თქუა: „ნუუკუე დათრგუნნენ იგინი ფერჴითა მათითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ“.
თქუეს უკუე ვიეთმე უგუნურთა, ვითარმედ: რად არა ესრეთ მტკიცე და ძლიერ არიან საიდუმლონი იგი, რაჲთა შემდგომად სწავლისაცა შეუხებელად ეგნენ და ვერ მიიღებდენ მათგან ურჩულონი იგი მიზეზსა ბრძოლად ჩუენდა?
ჵ უგუნურებაჲ ესევითარისა მეტყუელთაჲ! ვითარ არა გულისჴმა-ჰყოფენ, ვითარმედ არა საიდუმლოთა მათგან არს ცთომაჲ ესე, არამედ სიხენეშისა მისგან ბოროტთა მათ კაცთაჲსა; და მარგალიტი შთავარდის რაჲ შორის ღორთა, დაითრგუნოს მათ მიერ; არა თუ მარგალიტი იგი შეურაცხ არნ და ამისთჳს დაითრგუნის, არამედ ღორთა შორის დავარდა და ამისთჳს ესრეთ შეემთხჳა.
კეთილად უკუე თქუა, ვითარმედ: „მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ“, რამეთუ პირველ სწავლისა იჩემებენ სიწრფოებასა და, ისწაონ რაჲ, სხუად ფერად იცვალებიან, მბრძოლ და წინააღმდგომ იქმნებიან, მოკიცხარ და მაბრალობელ, ვითარცა იყო უკეთური იგი სიმონ, რომლისათჳს წერილ არს: „და რაჟამს ჰრწმენა ფილიპესი სახარებაჲ სასუფეველისათჳს ღმრთისა და სახელისათჳს იესუ ქრისტესისა, ნათელ-იღებდეს მამანი და დედანი. და სიმონსცა თჳთ ჰრწმენავე და ნათელ-იღო“.1 და მერმე იტყჳს: „ვითარცა იხილა სიმონ, რამეთუ ჴელისა დადებითა მოციქულთაჲთა მოეცემის სული წმიდაჲ, მიუპყრა მათ ფასი და ჰრქუა: მომეცით მეცა ჴელმწიფობაჲ ესე, რაჲთა რომელსა დავსდვა ჴელი, მიიღოს სული წმიდაჲ. მაშინ ჰრქუა მას პეტრე: ვეცხლი ეგე შენი შენ თანავე იყავნ წარსაწყმედელად შენდა, რამე-
1 საქმე 8,12-13.
თუ ნიჭსა მას ღმრთისასა ჰგონებ ფასითა მოპოვნებად. არა გიც შენ ნაწილი, არცა სამკჳდრებელი სიტყუასა ამას შინა, რამეთუ გული შენი არა არს წრფელ წინაშე ღმრთისა“.1 ჭეშმარიტად ძაღლთა და ღორთა უძჳრეს იყო იგი. ამისთჳსცა არა მისცეს მოციქულთა სიწმიდე იგი, არცა წინადაუდვეს მარგალიტი იგი მრავალსასყიდლისაჲ, რაჲთა არა დათრგუნოს.
ეგრეთ იყო ალექსანდრეცა, რომლისათჳს მიუწერს პავლე ტიმოთეს, ვითარმედ: „ალექსანდრე მჭედელმან მრავალი ბოროტი შემაჩუენა მე. მიაგოს უფალმან საქმეთა მისთაებრ. რომელსა შენცა ეკრძალე, რამეთუ ფრიად წინააღმიდგა იგი სიტყუათა ჩემთა“.2 და კუალად იტყჳს: „რომელ-თა ემოსოს ხატი ღმრთისმსახურებისაჲ და ძალსა მისსა უარ-ჰყოფდენ, ამათ განეშორე“.3 და ტიტეს ეგრეთ მიუწერს, ვითარმედ: „ერესიოტსა კაცსა ერთითა და ორითა სწავლითა განეშორე“,4 რომელ არს მწვალებელი. არა თუ საიდუმლონი იგი ჩუენნი უძლურებისა სახე არიან და ვნებისა მიზეზ ექმნებიან, არამედ იგინი უგულისხმოებითა და უკეთურები-თა სავსე არიან. ამისთჳს ბრძანებს უფალი, რაჲთა ესევითართა მათ გამომცდელთა და უკეთურებითა სავსეთა არა ვაუწყებდეთ საიდუმლოთა ღმრთისათა, რამეთუ მათცა არა სარგებელ ეყოფის ურწმუნოებისა მათისათჳს და ბილწებისა და ჩუენცა მიზეზ უმეტესისა ბრძოლისა გუექმნების მათი იგი მეცნიერებაჲ.
ამისთჳსცა ჟამსა მას წმიდათა საიდუმლოთასა დაკრძალვასა კართასა ჴმობს დიაკონი. არა თუ წინამდებარეთა მათ საიდუმლოთა შინა არს რაჲმე ღირსი მალვისაჲ, რამეთუ იგინი არიან ყოვლისა პატიოსნებისა უპატიოსნეს და ყოვლისა დიდებულებისა უდიდებულეს და ყოვლისა ბრწყინვალებისა უბრწყინვალეს, არამედ უძლურებისა მისთჳს და უგულისჴმოებისა ურწმუნოთაჲსა ვიქმთ ესრეთ, რაჲთა აღვასრულოთ სიტყუაჲ უფლისაჲ. ამისთჳს ყოველსა ძაღლისა და ღორისა მიმსგავსებულსა გონებასა უკე-თურთასა გარე განასხამს მჴმობელი იგი კათაკუმეველთაჲ და მერმე დაკრძალვასა კართასა ქადაგებს, და ესრეთ აღესრულების საიდუმლოჲ იგი დიდებული.
ამისვე ჯერისათჳს მაშინ უფალი იგავით ეტყოდა ჰურიათა, რამეთუ სმენით ესმოდა და არა გულისჴმა-ჰყოფდეს, და ხედვით ხედვიდეს და ვერ იხილეს; და პავლე იტყჳს: „რაჲთა იცოდიო, ვითარ ჯერ-არს კაცად-კაცადისა სიტყჳს-გებაჲ“.5 ესრეთ უკუე განაწესა რაჲ ესეცა მცნებაჲ მეუფემან ჩუენმან და მაცხოვარმან, მერმე ღაღატ-ყო და თქუა მოძღუარმან მან სახიერმან:
1 საქმე 8,18-21. 2 2 ტიმ. 4,14-15. 3 2 ტიმ. 3,5. 4 ტიტ. 3,10. 5 კოლ. 4,6.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ. რამეთუ ყოველი რომელი ითხოვ-დეს, მოიღოს; და რომელი ეძიებდეს, პოოს; და რომელი ირეკდეს, განე-ღოს“ (7,7-8).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან მაღალნი და საკჳრველნი მცნებანი ამცნნა და უბრძანა ყოველთა ვნებათა უზეშთაეს ყოფად და მახლობელად ცათა აღიყვანნა და განუწესა არა ანგელოზთა და მთავარანგელოზთა, არამედ თავადისა ყოველთა მეუფისა მსგავს-ყოფად, ხოლო მოწაფეთათჳს არა კმა-ყო, რაჲთა მათ ოდენ თავით თჳსით წარჰმართონ ესე ყოველი, არამედ სხუა-თაცა სწავლად უბრძანა და რაჲთა განარჩევდენ ბოროტთა და კეთილთა და გულისჴმა-ჰყოფდენ, თუ ვინ არიან ცხოვარნი, ანუ ვინ არიან ძაღლნი და ღორნი (ხოლო ესე საქმენი არა ადვილ იყვნეს გულისჴმის-საყოფელად, რამეთუ ფრიადი დაფარულებაჲ არს კაცთა შორის), და იცოდა უფალმან, ვითარმედ თქუმად ედვა ვიეთმე, თუ ძნელ და შეუძლებელ არიან მცნებანი ესე, ვითარცა სხუასა ადგილსა თქუეს მოწაფეთა: „და ვის ჴელ-ეწიფებისო ცხორებად?“1 ხოლო რაჲთა აქაცა არა ეგრეთვე თქუან, ამისთჳს ზემოცა მრავალნი სიტყუანი ჭეშმარიტებისანი წარმოთქუნა გამოჩინებად, ვითარმედ არარას შეუძლებელსა იტყჳს, ხოლო აწ გჳრგჳნი ნუგეშინის-ცემისა და სიადვილისაჲ დაადგა წმიდათა მათ მცნებათა თჳსთა, რაჟამს-იგი თქუა: „ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ“, რამეთუ არა თქუენ ხოლო გიღირს მოსწრაფებაჲ, არამედ ზეგარდამოჲსაცა შეწევნისა თხოაჲ თანაგაც, და უეჭუელად მოვიდეს შეწევნაჲ მაღლით და თანამავალ-გეყოს ყოველთავე საქმეთა თქუენთა და ყოველივე ძნელოვანი განგიადვილოს.
ამის ესევითარისა სახისათჳს თხოათა ჩუენთა განმარტებაჲ წინაშე ღმრთისა გჳბრძანა მოთმინებითა ფრიადითა და გულსმოდგინებითა მჴურვალითა, რამეთუ ამას მოასწავებს ძიებაჲ და რეკაჲ - მოუწყინებელად ვედრებასა; ვითარცა-იგი რომელი ეძიებნ დიდსა რასმე საუნჯესა, ყოვლისაგანვე საქმისა შემოიკრიბის გონებაჲ თჳსი და მჴურვალებით ეძიებნ, და რომელი ჰრეკნ კარსა სამეუფოსა, მოუწყინებელად ჰრეკნ, ესრეთ თანაგუაც ჩუენ მჴურვალედ და მოუწყინებელად ვედრებაჲ.
აწ უკუე, კაცო, ნუ უდებ იქმნები, ნუცა გეწყინების თხოათა შეწირვაჲ ღმრთისა და რეკაჲ კარსა მას წყალობისა მისისასა, ნუ იპოები მაღალთა ამათ და სულიერთა საქმეთა შინა უმცონარეს მათსა, რომელნი ჴორციელ-თა საფასეთა საუნჯესა ეძიებენ პოვნად.
გულისჴმა-ყავ, ვითარმედ მრავალგზის ფრიადი შეგემთხჳის შრომაჲ ძიებასა შინა საუნჯისა წარმავალისასა და ვერარაჲ ჰპოი, და ეგრეთცა იჭუეულსა მას ზედა საქმესა არავე უდებ იქმნები შრომად და ძიებად. ხოლო აქა სულიერთა ამათ შინა საქმეთა აღთქუმაჲ მოგიღებიეს უტყუ-
1 მათ. 19,25.
ელისა მისგან პირისა, ვითარმედ უეჭუელად მოგეცემის თხოაჲ შენი, და არცა თუ მცირესა ნაწილსა აჩუენებ ჴორციელთა ზედა განწესებულისა მის შრომისასა; ხოლო არა ესრეთ ჯერ-არს, არამედ უფროჲსად სულიერსა ზედა თანაგაც მჴურვალედ ძიებაჲ, თხოაჲ და რეკაჲ, რაჲთა განგეღოს კარი წყალობისაჲ და მოგეცნენ უხუებით თხოანი შენნი. ხოლო დაღაცა-თუ მეყსეულად არა მოგეცნენ თხოანი იგი, ნუვე მოიწყინებ და წარიკუეთ სასოებასა, რამეთუ ამისთჳს თქუა „ირეკდით, და განგეღოს“, რაჲთა გულისჴმა-ჰყო, ვითარმედ დაღაცათუ დაიყოვნოს განღებად, ჯერ-არს უცონელად რეკაჲ. ამისთჳსცა იგავი შემოიღო გამომაჩინებელად პირველთქუმულისა მის სიტყჳსა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ანუ ვინ არს თქუენგანი კაცი, რომელსა სთხოვდეს ძე თჳსი პურსა, ნუ ქვაჲ მისცეს მას? გინა თევზსა სთხოვდეს, ნუ გუელი მისცეს მას?“ (7,9-10).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ზემო თქუა, ვითარმედ: „ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ“, და გამოაჩინა, ვითარმედ მოუწყინებელად ჯერ-არს თხოაჲ, რამე-თუ კაცთა ზედა საწყინო არს სამარადისოდ თხოაჲ, ხოლო ღმრთისა უმეტესად საწადელ არს, რაჲთა დაუცხრომელად ვევედრებოდით. ამისთჳსცა დაჴშულ არს კარი იგი, რაჲთა განვიფრთხოთ მარადის რეკად და ვედრებად განღებისათჳს. ხოლო რაჲთა არა უცხო გიჩნდეს, უკუეთუ მეყსეულად არა განგიღოს და მოგეცეს თხოაჲ შენი, ამისთჳს გამოაჩინა ესეცა იგავი, რაჲთა გულისჴმა-ვყოთ, ვითარმედ არა თხოაჲ ხოლო თანაგუაც, არამედ საქმეთაცა ჯეროანთა თხოაჲ.
„ვინ არს თქუენგანი კაციო, რომელსა სთხოვდეს ძე თჳსი პურსა, ნუ ქვაჲ მისცეს მას?“
აწ უკუე ესე გულისჴმა-ყავ, ვითარმედ დაღაცათუ ძე ხარ, უკუეთუ ქვაჲ ითხოო ანუ გუელი, არა მოგცემს სახიერი იგი მამაჲ, არცა უგუნურებასა შენსა თანააღჰყვების, ხოლო უკუეთუ პური სთხოო ანუ თევზი, უეჭუელად მოგცეს თხოაჲ შენი.
რომელი ითხოვდეს ღმრთისაგან ცუდსა რასმე და ამაოსა საქმესა, იგი ქვასა ითხოვს, და რომელი ევედრებოდის მოცემად მისდა სავნებელი რაჲმე სულისა მისისაჲ, იგი გუელსა ითხოვს; სამართლად უკუე არა მოსცეს მას მოღუაწემან მან სულთამან.
ხოლო შენ ნურარას ითხოვ ჴორციელსა, არამედ ყოველივე სულიერი ითხოე, და მოგეცეს უეჭუელად თხოაჲ შენი, ვითარცა წერილ არს, ვი-თარმედ: „მოანიჭის თხოაჲ მლოცველთა მისთაჲ“.1 რამეთუ ორი საქმე უჴმს მლოცველსა შეკრძალვად: ერთად, რაჲთა მოუწყინებელად ილოცვიდეს და სულგრძელებით შესწირვიდეს თხოათა თჳსთა უფალსა გულითა წმიდითა
1 შდრ. მათ. 7, 7-8,11.
და გონებითა მიმოუტაცებელითა, და მეორედ, რაჲთა სულიერსა და კე-თილსა საქმესა ითხოვდეს. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: თქუენცა მოელითო შვილთა თქუენთაგან თხოისა სმენად, და უკუეთუ სავნებელი რაჲმე თავისა მათისაჲ ითხოონ, არა მისცით, ხოლო ჯეროანი რაჲ სათხოელი გთხოიან, უეჭუელად მიანიჭით. ეგრეთვესახედ იქმს ღმერთი, მამაჲ იგი სახიერი და ტკბილი.
ესე სწავლაჲ მარადის გაქუნდინ, ძმაო, გულსა შენსა, და მარადის უმჯობესსა სულისა შენისასა ითხოვდი და, ვიდრემდის მოგეცეს, ნუ დასცხრები ვედრებისაგან; ვიდრემდის ჰპოო, ნუ მოიწყინებ ძიებად; ვიდრემდის განგეღოს კარი, ნუ განეყენები რეკისაგან.
უკუეთუ ესევითარითა გონებითა მოუჴდე და თხოანი ჯეროანნი შესწირნე და სთქუა: ვიდრემდის მომეცეს, არა წარვალ, უეჭუელად მოგეცეს, ესევითარსა რაჲ ითხოვდე, რომელი მას შუენის მოცემად და შენთჳს კეთილ არს მოღებად; ესე იგი არს, რაჲთა პირველად მიუტევნე და შეუნდო ყოველი ბრალი შენდამი შეცოდებულთაჲ და განაგდო შენგან ყოველი ბოროტი გულისსიტყუაჲ და მერმე წარმოუდგე ღმერთსა, განწმედილი რისხვისაგან და გულისსიტყუათა, და განიპყრნე სიწმიდითა გულისაჲთა ჴელნი, განშორებულნი ბრალთაგან, და ითხოო სათხოელი სულიერი ვედრებითა მჴურვალითა და მოუწყინებელითა; მე ვარ თავსმდებ შენდა, ვითარმედ მოგეცეს, რაოდენი ითხოო.
ესრეთ არს, მორწმუნენო, წესი ლოცვისაჲ და თხოათა შეწირვისაჲ. ხოლო აწ ვითარ ჩუენ აღვასრულებთ თხოათა შეწირვასა, საცინელ არს და საკიცხელ, და მსგავს ვართ კაცთა მთრვალთა და ცნობამიღებულთა. წარვდგებით სავსენი ძჳრის-ჴსენებითა და გულისსიტყჳთა ბოროტითა და განვიპყრობთ ჴელთა, შებღალულთა ბევრეულითა ცოდვითა, და ვითხოვთ სათხოელთა არად საჴმართა, გინა თუ მავნებელთაცა ჩუენთა.
დაღაცათუ კეთილი რაჲმე და სულიერი ვითხოით დაჴსნილობით და უდებებით, მიმოტაცებითა გულისაჲთა და მოწყინებითა ფრიადითა, ამის-თჳსცა ცარიელნი და სირცხჳლეულნი მართლუკუნვიქცით.
აწ ესე უწყოდე, ძმაო, ვითარმედ: ოდეს ევედრო ღმერთსა და არა მოგეცეს თხოაჲ შენი, ანუ არა მოსწრაფებით და ლმობიერად ჰრეკე კარსა მისსა, ანუ თავი შენი უღირსად გამოაჩინე საქმეთა მიერ და გულისსიტყუათა ბოროტთა, ანუ ადრე განეშორე ვედრებასა და არა სულგრძელებით ევედრე, ანუ არა კეთილი საქმე და სულიერი ითხოე.
ხოლო შენ სთქუა სადმე, ვითარმედ: რად არა გუამცნო, თუ რაჲ თანაგუაც თხოად? გულისჴმა-ყავ, ვითარმედ ზემორე კეთილად და ჯეროვნად განგჳწესა, რაჲ-იგი თანაგუაც თხოად, ოდეს ლოცვაჲ იგი „მამაო ჩუენოჲსაჲ“ მოგუცა, რომელსა შინა შემოკრიბა ყოველი კეთილი ვედრებაჲ.
ამას უკუე ნუმცა ვინ იტყჳს, თუ: ვევედრე და არა მომცა, რამეთუ არამოცემაჲ ღმრთისა თანა არა არს, არამედ ჩუენ ვართ მიზეზნი არამოცემისანი პირველთქუმულთა მათ საქმეთა მიერ. ხოლო ღმერთი მდიდარ არს წყალობითა და ქველისმოქმედ მოწყალებითა, სახიერი და უხუად მომნი-ჭებელი, რომელსა ესოდენ უყუარან მონანი მისნი, ვიდრეღა სიყუარულსა მას მშობელთასა სძლევს, და ესოდენ სძლევს, რომელ უკუეთუ შესწორებაჲ ვინებოთ ამათისა მის სიყუარულისა და მისისა, იპოოს სიყუარული იგი მშობელთაჲ სიყუარულსა მას თანა ღმრთისასა არარად და უკეთურებისა მსგავსად. ამისთჳსცა ესევითარისა ამის სახისა გამოჩინებისათჳს თქუა უფალმან:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ თქუენ, უკეთურთა, იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რავდენ უფროჲსღა მამამან თქუენმან ზეცათამან მოსცეს კეთილი, რომელნი სთხოვდენ მას!“ (7,11).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო არა თუ ბუნებასა კაცობრივსა სძაგებს და ამისთჳს უკეთურად სახელ-სდებს, არამედ თჳსსა მას სახიერებასა თანა სიყუარულსა ჴორციელთა მშობელთასა უკეთურებად სახელ-სდვა. ესოდენ გარდამატებულ არს და აღმაღლებულ დიდადშუენიერებაჲ იგი და სიმდიდრე კაცთმოყუარებისა მისისაჲ.
იხილეა სიტყუაჲ ჭეშმარიტი და შემძლებელი სრულიად სასოწარკუეთილისაცა მოყვანებად სასოებისა სიმტკიცედ? ხოლო არიან სხუანიცა აურაცხელნი სახენი მოწყალებისა მისისანი. რამეთუ ამას ადგილსა მშობელნი შემოიყვანნა ძლეულნი სახიერებისა მისისაგან, ხოლო ზემორე, ოდეს-იგი თქუა განგებულებათა მისთა სიმდიდრე, და გჳჩუენა, ვითარმედ მან მოგუცა სული, მან დაჰბადნა ჴორცნი და ვითარ-იგი თითოსახითა განგებულებითა გჳღუწის. ხოლო ამას ყოველსა ზედა თავი იგი კეთილთაჲ არა თქუა, არცა აჴსენა მოსლვაჲ თჳსი, რაჲთამცა ეთქუა, ვითარმედ: რომელმან თქუენთჳს მხოლოდშობილი ძე თჳსი სოფლად მოავლინა და სიკუდილად მისცა ბუნებითა მით კაცებისა მისისაჲთა, ვითარ ყოველივემცა არა მოგცა თქუენ?
ხოლო დაღაცათუ ესე უფალმან არა აჴსენა ამას ადგილსა, რამეთუ არღა აღსრულებულ იყო საიდუმლოჲ იგი ჯუარისაჲ, არამედ პავლე ღა-ღადებს და იტყჳს: „რომელმან ძესაცა თჳსსა არა ჰრიდა, არამედ ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი, ვითარ უკუე არა მითურთით ყოველივე მოგუანიჭოს ჩუენ?“1 გარნა მაცხოვარმან არაჲ თქუა ამათგანი, არამედ სხუათა ამათ კაცობრივთა იგავთაგან გულისჴმა-უყოფდა ერსა მას. და ამასცა გამოაჩინებს, ვითარმედ არცა ლოცვასა ხოლო ჯერ-არს სასოებაჲ და სხჳთ კერძო უდებებაჲ, არცა კუალად მოსწრაფეთა უჴმს თჳსსა მოსწრაფებასა ოდენ მინდობად, არამედ ზეგარდამოჲსაცა შეწევნისა ძიებად და თავით თჳსითცა მოღუაწებად. ამისთჳს ორსავე ამას სახესა განაწესებს: პირველ წარ-
1 რომ. 8,32.
მოთქუა სწავლაჲ ფრიადი და შუენიერი და მერმე ლოცვაჲ განგჳწესა; და განაწესა რაჲ ლოცვაჲ, კუალად სწავლაჲ კეთილთა საქმეთაჲ შემოიღო, კუალად მისგან ლოცვადვე აღგჳყვანნა და თქუა: „ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოოთ; ირეკდით, და განგეღოს“.
ამისგან კუალად სათნოებისა მოქალაქობასა გჳბრძანებს და იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველი, რომელი გინდეს, რაჲთა გიყონ თქუენ კაცთა, ეგრეთცა თქუენ ჰყვით მათა მიმართ, რამეთუ ესრეთ არს შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი“ (7,12).
თ ა რ გ მ ა ნ ი: მოკლითა სიტყჳთა ყოვლადბრძენმან მან მეუფემან ყოველივე ზემოთქუმული სწავლაჲ შემოკრიბა და გჳჩუენა, ვითარმედ მოკლე გზაჲ არს სათნოებაჲ და ყოველთა მიერ საცნაური; რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „ითხოვდით, და მოგეცეს; ეძიებდით და ჰპოოთ; ირეკდით, და განგეღოს“, მეყსეულად წინამდებარე ესე სიტყუაჲ შესძინა, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: უკუეთუ გნებავს თხოათა თქუენთა სასმენელად ღმრთისა მიწევნად და კარისა მის წყალობათაჲსა განღებად თქუენ წინაშე, პირველთქუმულთა მათ თანა ესეცა დაიმარხეთ და „ყოველივე, რომელი გინდეს, რაჲთა გიყონ თქუენ კაცთა, ეგრეთცა თქუენ ჰყვით მათა მიმართ“.
და არა თქუა ესრეთ, ვითარმედ: რავდენიცა გნებავს, რაჲთა გიყოს შენ ღმერთმან, ეგრეთვე შენ ჰყვი მოყუსისა მიმართ, რაჲთა არა სთქუა, თუ: ვითარ შესაძლებელ არს ესე? რამეთუ იგი ღმერთი არს და მე - კაცი; ამისთჳს თქუა: ყოველი, რომელი გინდეს, რაჲთა გიყოს მოყუასმან შენმან და შენ თანამონამან, ეგრეთვე შენ ჰყვი მოყუსისა მიმართ. რაჲმცა იყო ამისა უსუბუქეს ანუ უჭეშმარიტეს და უსამართლეს? ამისთჳსცა ისმინე, რაბამი ქებაჲ თქუა ამის წესისაჲ: „ესრეთ არსო შჯული და წინაწარმეტყუელნი“. ამისთჳსცა საცნაურ არს, ვითარმედ სათნოებათა თჳსებაჲ დიდი აქუს ჩუენდა მომართ, და ბუნებითნი არიან ჩუენ თანა, და ყოველნი მეცნიერ ვართ კეთილისა, და ვერვინ დასდებს მიზეზსა უმეცრებისასა. ხოლო აწ ვისმინოთ შემდგომიცა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შევედით იწროჲსაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზაჲ, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას. ვითარ-იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა, და მცირედ არიან მავალნი მას შინა“ (7,13-14).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარ უკუე სხუასა ადგილსა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი მცირე არს“, და აწ იწრო და საჭირველ უწოდა გზასა მას ცხორებისასა? ხოლო ორივე ესე ჭეშმარიტ არს, რამეთუ ტკბილ არს უღელი მისი და ტჳრთი - მცირე სასოებისა მისთჳს მერმეთა მათ კეთილთაჲსა; რომელთა თუალნი გონებისანი ახილულ იყვნენ და მოელოდინ სასუფეველსა მას ცათასა და საშუებელსა მას დაუსრულებელსა და ხილვასა პირისა ღმრთისასა, მათ ყოველივე ჭირი წარმავალი სუბუქ და ადვილად უჩნს; ესრეთ უკუე ტკბილ არს უღელი მისი და ტჳრთი - მცირე. ხოლო რომელთა გონებანი ჯერეთ ზრქელ იყვნენ და მძლავრებანი ვნებათანი ჰბრძოდინ და ვერ ეძლოს განცხადებულითა თუალითა განცდად დიდებასა ღმრთისასა, მათთჳს იწრო არს ბჭე იგი სათნოებათაჲ და გზაჲ იგი - საჭირო, არა მისისა მის ბუნებისაგან, არამედ ჩუენისა უგულისჴმოებისაგან. ხოლო უკუეთუ ვინებოთ გულისჴმის-ყოფაჲ, ვიხილოთ საჭიროჲ იგი გზაჲ ფრიად სუბუქ და ადვილ. თქუას ვინმე, ვითარმედ: რაჲ არს სიტყუაჲ ესე? ვითარ იტყჳ, თუ იწროჲ იგი და საჭიროჲ ადვილ არს? ჰე, ეგრეთ არს ჭეშმარიტად, და ესე ესრეთ გულისჴმა-ყავ: იწროჲ ესე და საჭიროჲ ბჭე არს და გზაჲ; და ეგრეთვე ფართოჲ იგი და ვრცელი ბჭევე არს და გზაჲ; ესე იწროჲ შეიყვანებს ფართოებასა მას საუკუნოჲსა ცხორებისასა, და იგი ვრცელი მიიყვანებს იწროებასა ჯოჯოხეთისასა. ხოლო ბჭე და გზაჲ ვითარცა იყოს, გინა თუ ვრცელი, გინა თუ იწროჲ, დაუდგრომელი არს საქმე მისი და წარმავალი. რამეთუ იხილე, თუ რაოდენი ჟამი ვის ეჴმარების შესლვასა ბჭისასა, არა მეყსა შინა წარჰვლისა, გინა თუ იწროჲ იყოს, გინა თუ ფართოჲ? ეგრეთვე მგზავრმან მსწრაფლ წარჰვლის გზაჲ და დაივიწყის.
ამისთჳსცა არავინ უფალმან გონებისამან იწროჲსა ბჭისათჳს დაუტევის სავანე კეთილი და შუენიერი და სავსე ფრიადითა დიდებითა და აღირ-ჩიის კარისა მიერ ფართოჲსა შესლვად სავანესა საძაგელსა და სავსესა მრავლითა ბოროტითა.
აწ უკუე ვინაჲთგან ორივე ბჭე არს და გზაჲ, - ერთი იგი იწროჲ არს და შეიყვანებს ცხორებად, და მეორე ვრცელ არს და შეიყვანებს წარწყმედად, - რომელი არს ჭეშმარიტად ადვილ და საწადელ: იწროჲსა მიერ ბჭისა შესლვაჲ სასუფეველად ანუ ფართოჲსა მიერ შესლვაჲ ჯოჯოხეთად? ჰე, ჭეშმარიტად უადვილეს არს იწროჲსა მიერ შესლვაჲ ფართოებად, ვიდრეღა ფართოჲსა მიერ შესლვაჲ იწროებად.
ესერა წინამდებარე არიან ჩუენდა ორნი სავანენი: ერთი იგი არს ქალაქი მეუფისა დიდისაჲ, რომლისათჳს იტყოდა წინაწარმეტყუელი: „დიდებული ითქუა შენთჳს, ქალაქო ღმრთისაო, რაჲთა მხიარულ იყვნენ ყოველნი, რომელთა მკჳდრობაჲ მათი შენ შორის არს“;1 და კუალად იტყოდა: „უფალო, შევიყუარე შუენიერებაჲ სახლისა შენისაჲ და ადგილი წმიდაჲ, საყოფელი დიდებისა შენისაჲ“;2 „რამეთუ სურის სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო ძლიერო და ცხოელო. ოდეს-მე მივიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისასა? ხოლო მე ესე მოვიჴსენე და ნუგეშინის-ვეც სულსა ჩემსა, რამეთუ განვლო მე ადგილი საყოფელი საკჳრველი სახლსა ღმრთისასა“.3 მუნ არს ჴმაჲ გალობისა და აღსარებისაჲ, ჴმაჲ ზატიკობისა მის საუკუნოჲსაჲ, მუნ არს ნათელი და სიხარული დაუსრულებელი და ხილვაჲ პირისა ღმრთისაჲ,
1 შდრ. ფსალმ. 86,3,7. 2 ფსალმ. 25,8. 3 ფსალმ. 41,3,5.
რომელ-ესე უაღრესი არს და უზეშთაესი ყოველთა მათ კეთილთა და საშუებელთა სასუფეველისათა.
ამის სავანისათჳს იტყოდა მოციქული, ვითარმედ: „მსურის წარსლვაჲ და ქრისტეს თანა ყოფაჲ, რამეთუ მაქუს ჩუენ აღშენებული ღმრთისა მიერ სახლი ჴელითუქმნელი, საუკუნე ცათა შინა; რამეთუ ამისთჳს ვკუნესით, საყოფელი იგი ჩუენი ზეცით გამო შემოსად გუსურის“.1
ამის სავანისათჳს ეტყოდა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე: „მამაო, რომელნი მომცენ მე, მნებავს, რაჲთა სადაცა მე ვიყო, იგინიცა იყვნენ ჩემ თანა, რაჲთა ხედვიდენ დიდებასა ჩემსა“.2 ამისთჳს ეტყჳს მეუფე მარჯუენითთა მათ: „მოედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი“.3 ხოლო ამის დიდებულისა და საწადელისა სავანისა ბჭე იწროჲ არს.
არს კუალად მეორე იგი სავანე, სადა არს ბნელი იგი წყუდიადი და ცეცხლი უშრეტი, მატლი დაუძინებელი და ტარტაროზი ქუესკნელისაჲ და განშორებაჲ პირისაგან ღმრთისა. ხოლო კარი სავანისა მის ბოროტისაჲ ვრცელ არს და ფართო.
აწ უკუე რაჲ სიძნელე არს შესლვაჲ ბჭისა მისგან იწროჲსა და პოვნაჲ ზემოთქუმულისა მის დიდებულისა სავანისაჲ და დამკჳდრებაჲ მას შინა საუკუნეთა მათ დაუსრულებელთა? ანუ რაჲ სიადვილე არს შესლვაჲ ბჭესა ფართოსა და დამკჳდრებაჲ მეორესა მას სავანესა, არა ჩუენთჳს განმზადებულსა, არამედ ეშმაკისათჳს და მსახურთა მისთათჳს?
არა ჯერ-არს უკუე, ძმანო, წუთერთისა ამის იწროებისათჳს გარემიქცევაჲ იწროჲსა მისგან ბჭისა და საჭიროჲსა გზისა, მიმყვანებელისა ცხორებად საუკუნოდ; რამეთუ ორკერძო არს სიადვილე კეთილისა მის გზისაჲ სათნოებათაჲსა: ერთად, რომელ ოფლნი და შრომანი მისნი წუთერთ არიან და წარმავალ, და მეორედ, რომელ აღსასრული მისი ცხორებაჲ არს საუკუნოჲ, რომელ-ესე დიდი ნუგეშინის-ცემაჲ არს მოღუაწეთაჲ.
აწ უკუე წუთერთობაჲ იგი შრომათაჲ და დაუსრულებელობაჲ გჳრგჳნთაჲ და რომელ პირველად შრომაჲ არს და შემდგომად განსუენებაჲ სამარადისოჲ, დიდად აღმასუბუქებელ არიან შრომისა მის. ამისთჳსცა ნეტარმან პავლე ჭირსა მას სათნოებათასა მცირედ და სუბუქად სახელ-სდვა კეთილისა მისთჳს ნებისა მოღუაწეთაჲსა და სასოებისა მისთჳს მერმეთა კეთილთაჲსა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „საწუთროჲ ესე მცირე ჭირი ჩუენი გარდარეულსა დიდებასა შეიქმს ჩუენთჳს, რამეთუ არა ვხედავთ ჩუენ ხილულსა მას, არამედ არახილულსა; რამეთუ ხილული ესე საწუთროჲ არს, ხოლო არახილული იგი საუკუნე არს“.4
და ჭეშმარიტად ესე ესრეთ არს, რომელსა შინა არა არს ცილობაჲ, არცა იჭჳ. აწ უკუე გულისჴმა-ვყოთ, უკუეთუ მენავეთა ღელვანი ზღუათანი
1 შდრ. 2 კორ. 5,1-2. 2 იოან. 17,24. 3 მათ. 25,34. 4 2 კორ. 4,17.
და სიმძაფრენი ნიავქართანი, და მჴედართა წყლულებანი და სიკუდილნი, და მუშაკთა ნეფხვანი და ზამთარნი, და თეატრონისა მბრძოლთა დაბძარვანი ჴორცთა მათთანი ადვილ უჩნს და სუბუქ სასოებისა მისთჳს ნიჭთა და პატივთა მეფისა ამის მოკუდავისათა, გინა ნაყოფთათჳს განხრწნადთა, გინა საფასეთათჳს წარმავალთა, რამეთუ ამათ ყოველთა ნაცვალი შრომათა და ჭირთა მათთაჲ საწუთრო არს და წარმავალ, რავდენ უმეტესად სათნოებისა მუშაკთა და მოსაგრეთა ზეცისა მეუფისათა უჴმს არარად შერაცხვაჲ შრომათა და ოფლთა ამათ მცირედ ჟამისათა, ვინაჲთგან იციან, ვითარმედ მოსაგებელად მათდა განწესებულ არს სასუფეველი ცათაჲ და კეთილნი იგი მიუთხრობელნი და ნიჭნი წარუვალნი.
ხოლო უკუეთუ ამას ყოველსა ზედა ჯერეთ საჭირო ვიეთმე უჩნს კე-თილი იგი და სანატრელი გზაჲ და საწყინო, მათისა მის დაჴსნილობისა და ჴორცთმოყუარებისაგან არს იჭჳ ესე.
ხოლო ესე მებრ რომელ იწროდ სახელ-სდვა უფალმან გზასა მას, დიდად განაადვილებს სიძნელესა მისსა, რამეთუ განაფრთხობს ამით სიტყჳთა გონებასა მსმენელთასა, ვითარცა-იგი პავლე იტყოდა რაჲ, ვითარმედ: „არა არს ბრძოლაჲ ჩუენი ჴორცთა მიმართ და სისხლთა“,1 არა თუ ამისთჳს თქუა, რაჲთა დაჰჴსნნეს გონებანი სულიერთა მათ მჴედართანი, არამედ რაჲთა განაღჳძნეს და საღმრთოჲ იგი ყოვლადსაჭურველი შეჰმოსოს. ეგრეთვე - უფალი ჩუენი და მეუფე; ამათ სიტყუათა მიერ განკრძალვაჲ და განფრთხობაჲ ენება მოგზაურთაჲ მათ სამეუფოჲსა გზისათა, ამისთჳს იწროდ და საჭიროდ სახელ-სდვა ბჭესა მას და გზასა ცხორებისასა, და არა ესე ოდენ თქუა განსაკრძალველად მათდა, არამედ სხუასაცა სახესა კრძალვისასა შემოიღებს ქუემორე და უჩუენებს, ვითარმედ მრავალნი არიან მბრძოლ და დამაბრკოლებელ, უხილავნიცა და ხილულნი, გარნა ამას ყოველსა ზედა შენ ნუ საჭიროსა მას მისსა და იწროებასა ჰხედავ, არამედ აღსასრული მისი იხილე, თუ სადა მიმყვანებელ არს, რამეთუ აღსასრული მისი ცხორებაჲ საუკუნოჲ არს; ნუცა კუალად წინააღმდგომისა მის გზისა სივრცესა და ფართოებასა განიცდი, არამედ აღსასრული მისი გულისჴმა-ყავ, წარსაწყმედელი იგი ჯოჯოხეთისაჲ.
ხოლო სხუასაცა ადგილსა თქუა, ვითარმედ: „რომელნი იიძულებდენ, მათ მოიტაცონ სასუფეველი ცათაჲ“.2 და ესე ყოველი ამისთჳს შორის შემოიღო, რაჲთა გულსმოდგინებაჲ ჩუენი განაძლიეროს, რამეთუ ყოველმან მჴედარმან იხილის რაჲ, ვითარმედ მეფე ბრძოლასა მისსა ხედავს და განიცდის, გულსმოდგინედ შევალნ და ეწყვებინ მბრძოლთა და არა ჰრიდის მახჳლსა, არცა წყლულებასა.
აწ უკუე ჩუენცა, ძმანო, გულისჴმა-ვყოთ, ვითარმედ მეუფე ჩუენი, სახიერი იგი და ტკბილი, ყოველსავე ჭირსა და შრომასა ჩუენსა ხედავს და
1 ეფეს. 6,12. 2 მათ. 11,12.
განიცდის და აღსწერს ცათა შინა. ნუმცა უკუე მწუხარე ვართ, ნუცა - მო-შიშ და მოწყინე იწროებასა მას შინა და შრომასა ღმრთისმსახურებისასა; რამეთუ დაღაცათუ „იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ“, არამედ ქალაქი იგი, რომელსა შემავალ ვართ, ვრცელ არს და კეთილ და შუენიერ. ამისთჳს ნუცა გზასა ზედა ვეძიებთ განსუენებასა და შუებასა, ნუცა ქალაქსა მას შინა მოველით რას შრომასა ანუ ჭირსა, რამეთუ რომელნი ღირს იქმნენ მუნ შესლვად, ვერ შესაძლებელ არს მოგონებად ანუ თქუმად, რაბამი აქუს შუებაჲ, რაბამი დიდებაჲ, რაბამი სიხარული, და ყოველივე იგი საუკუნე არს და დაუსრულებელ, განუძღომელ და სამარადისო.
მათ კეთილთა ეტრფიალნეს წმიდანი მოწამენი და არად შეჰრაცხეს სოფელი ესე და საქმენი მისნი, არცა ჰრიდეს ჴორცთა თჳსთა, არამედ მისცნეს იგინი ცეცხლსა და მახჳლსა და მჴეცთა და ზღუასა და ძჳრ-ძჳრთა მათ სიკუდილთა. და იხილეღა საქმე მათი, ყოველივე სოფელი ნივთი-თურთ მისით მბრძოლად აღუდგინნა ეშმაკმან: მეფენი და მთავარნი, კაცნი და მჴეცნი, ცეცხლი და წყალი, ქუეყანაჲ და ჰაერი, შიმშილი და წყურილი, ნეფხვანი და ყინელნი, მახჳლნი თითოსახენი, დუღილნი სიავთანი, სიმძაფრენი ურმისთუალთანი, ძელნი აღმართებულნი და ლანძუნი გან-ჴურვებულნი, ორღანონი იგი ნასხმანთა დამჴსნელნი, სახუეტელნი გუერდთანი და დაჭედანი ტერფთანი, სიმძიმე ბორკილებისა და ჴუნდებისაჲ, სიმყრალე დილეგისა და ორმოებისაჲ, საგუემელნი შოლტებისა და არგნებისანი, საშრიალნი კაპანთა და პარეხთანი, წყუდიადნი საყოფელთა საჭირვებელთანი, კრულებით სლვანი ქუეყანითი ქუეყანად და სოფლითი სოფლადნი, მოწყუედანი შვილთაგან და მშობელთა და მეუღლეთანი, კიცხევანი და ბასრობანი და შეურაცხებანი შეურაცხთაგანნი, - და ყოვლით კერძო იძლია მათისა მის დიდისა ახოვნებისაგან. და რაჲღა-მე ვთქუა, რამეთუ მოუძლურდების ენაჲ ღუაწლთა და ჭირთა მათთა სიმრავლისა და სიფიცხისა მითხრობად, არამედ სასოებითა საუკუნეთა მათ კეთილთაჲთა და სიყუარულითა მეუფისა მის უკუდავისაჲთა სიხარულით და უცონელად წარვლეს საჭიროჲ იგი გზაჲ და შევიდეს იწროჲსა მის მიერ ბჭისა სივრცესა მას სასუფეველისასა.
ნეტარ არიან იგინი და სამგზის სანატრელ, რამეთუ ჭირითა მცირედ ჟამითა მოიყიდეს დიდებაჲ წარუვალი, მისცეს საწუთროჲ და მოიყიდეს საუკუნოჲ, მისცნეს ჴორცნი და სული აცხოვნეს, მცირედითა სისხლითა სასუფეველი ცათაჲ მოიყიდეს; ეჰა ვაჭრობაჲ გონიერი! ეჰა ცვალებაჲ ესე შეუმსგავსებელი!
ეგრეთვე კუალად ღმერთშემოსილთა მამათა მათივე გზაჲ და ღუაწლი შეიშურვეს და მსწრაფლმსრბოლ იქმნეს იწროჲსა მის და საჭიროჲსა გზისა; ყოველივე სოფელი უარ-ყვეს საქმითურთ მისით და გულისთქუმით, მოაკუდინეს ჴორცნი ყოველთა ვნებათა თანა მისთა, და ესენიცა ახოვნად ეწყვნეს ბოროტსა მას მძლავრსა, სოფლისმპყრობელსა მას ბნელისასა. იქცეოდეს შიშუელნი, მშიერნი და წყურიელნი, „ნაკლულევანნი, ჭირვეულნი, ძჳრხილულნი, რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე, უდაბნოთა ზედა შეცთომილნი, მთათა და ქუაბთა და ჴურელთა ქუეყანისათა“.1 და ესრეთ პოეს მათ გზაჲ იგი ცხორებისაჲ და კარი სასუფეველისაჲ. მცირედითა შრომითა ყოველნივე საუკუნენი საშუებლად მოიყიდნეს და ათასწილად მოიღეს სასყიდელი შრომათა მათთაჲ ღმრთისა მიერ.
ვინ არა სურვიელ იყოს, ანუ ვინ არა ჰბაძვიდეს კეთილსა მას და გონიერსა ვაჭრობასა მათსა? ჭეშმარიტად იწროჲსაგან ბჭისა შევიდეს ცხორებად საუკუნოდ.
არამედ ეჰა უბადრუკებაჲ მრავალთაჲ, ეჰა უგუნურებაჲ და სიცოფე! ვითარ აღირჩევენ ბჭესა მას და გზასა ვრცელსა, რაჲთა წუთერთ ფართოებასა შინა იყვნენ და საუკუნოდ - იწროებასა. ხოლო ჩუენ ნუმცა ვჰბა-ძავთ ვერაგობასა მას მრავალთასა, ნუცა გუწადის წარმავალი ესე და ცუდი ფართოებაჲ, არამედ მცირედნი იგი შევიყუარნეთ, საჭიროჲსა მის გზისა მავალნი, და მათსა მას სიბრძნესა და გონიერებასა მივემსგავსნეთ და ყოვლითურთ შემოვიკრიბნეთ გონებანი ჩუენნი შესლვად იწროსა მას ბჭესა ცხორებისასა, რამეთუ არა ხოლო თუ იწროჲ არს ბჭე მცირედ ჟამითა ამით იწროებითა, და გზაჲ - საჭირველ, არამედ დამაბრკოლებელნიცა მრავალნი ჰქონან; ამისთჳსცა შესძინა და თქუა უფალმან:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ეკრძალენით ცრუწინაწარმეტყუელთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაჲთა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ“ (7,15).
თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა ზემოჴსენებულთა მათ თანა ძაღლთა და ღორთა სხუაჲცა სახე წინააღმდგომთაჲ გუაუწყა, ფრიად მათსა უძჳრესი, რამეთუ მათი განცხადებული არს ბრძოლაჲ, ხოლო ამათი - დაფარული; ამისთჳს მათგან განყენებაჲ ბრძანა, ხოლო ამათგან - დიდად კრძალვაჲ და გონიერად რიდობაჲ. და ცრუწინაწარმეტყუელად სახელ-სდვა, რაჲთა მოაჴსენოს, ვითარმედ პირველ მათსაცა ყოფილ არიან ესევითარნი, და არა ფრიად შეშინდეს, ესმას რაჲ, ვითარმედ იწროჲსა და საჭიროჲსა გზისა სლვაჲ წინაუც და ესოდენნი წინააღმდგომნი ებრძვიან. ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: ნუ სულმოკლე ხართ და მოშიშ, რამეთუ არა თქუენ ზედა ოდენ იქმნების ესე, არამედ პირველთაცა წინაწარმეტყუელთა ზე იყვნეს ცრუწინაწარმეტყუელნი და სხუანი ბევრეულნი განსაცდელნი; რამეთუ მარადის ეშმაკი მბრძოლი არს ჭეშმარიტებისაჲ, პირველითგან ვიდრე აღსასრულადმდე.
ხოლო ცრუწინაწარმეტყუელად აქა არა მწვალებელთა ოდენ მოასწავებს, არამედ მათცა, რომელნი საქმეთა ბოროტთა მოქმედნი იყვნენ და
1 ებრ. 11,37-38.
სათნოებასა იჩემებდენ, რომელთაცა მრავალნი მაუცრად სახელ-სდებენ. ამისთჳსცა თქუა ესრეთ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი“ (7,16).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ დაღაცათუ იჩემებდენ სათნოებასა, არამედ ამისთჳს განვაწესე იწროებაჲ გზისაჲ მის, რაჲთა მაუცართა მათ ემხილოს, რამეთუ ვერ ძალ-უც მრავალ ჟამ ჩემებაჲ კეთილთა საქმე-თაჲ, ოდეს შინაგან ბოროტითა სავსე იყვნენ; რამეთუ ვინაჲთგან მცირედნი არიან ჭეშმარიტებით მავალნი მის გზისანი, ნუ მათ ჰბაძავთ, რომელნი ორგულებით ვიდოდიან, არამედ ჭეშმარიტებით მავალთა მიემსგავსენით.
ხოლო არა თქუა, თუ: ტანჯენით ესევითარნი იგი, არამედ: ეკრძალენით ოდენ თავთა თქუენთა, - რაჲთა თჳსი სახიერებაჲ აქაცა გამოაჩინოს.
ხოლო რაჲთა არა თქუან, თუ: ვითარ განვარჩინეთ იგინი სხუათაგან? ამისთჳს სახე შემოიღო კაცობრივი, მიმსგავსებული საქმესა ამას წინამდებარესა, და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუუკუე შეკრიბიან ეკალთაგან ყურძენი ანუ კუროჲსთავთაგან ლეღჳ? ესრეთ ყოველმან ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღის, ხოლო ხემან ხენეშმან ნაყოფი ხენეში გამოიღის. ვერ ჴელ-ეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფი ხენეში გამოღებად, და არცა ხესა ხენეშსა ნაყოფი კეთილი ყოფად“ (7,16-18).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე ესრეთ არს, ვითარმედ: ნუ ტყავსა მას ცხოვრისასა განიცდით, არამედ ძალი საქმეთა მათთაჲ იხილეთ და ნაყოფთა მათთაგან იცნენით იგინი, რამეთუ ბოროტმან ნაყოფი კეთილი ვერ გამოიღის, ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „ზრახვაჲ იგი ჴორცთაჲ სიკუდილ არს, რამეთუ რჩულსა მას ღმრთისასა ვერ დაემორჩილების, ვერცა ძალ-უც“.1
ეგრეთვე უფალი აქა გულისჴმა-გჳყოფს, რაჲთა არავინ თქუას, თუ: ხენეშმან ხემან ნაყოფი ხენეში გამოიღის, არამედ ოდესვე კეთილიცა გამოი-ღის. ამისთჳს უფალი ორგზის შეჰკეცს სიტყუასა მას და იტყჳს, ვითარმედ: არა ესრეთ არს, არამედ მარადის ხე ხენეში ნაყოფსაცა ხენეშსა გამოიღებს და კეთილისა გამოღებად ვერ ჴელ-ეწიფების, ვითარცა-იგი კეთილმან ხემან არაოდეს ყვის ნაყოფი ხენეში.
ხოლო იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ: არა მრავალგზის კაცი კეთილი მიიქცისა ბოროტისა მიმართ, და კუალად ბოროტი მოიქცის და იქმნის კე-თილ? რამეთუ მრავალნი იპოებიან სოფელსა შინა სახენი ამის საქმისანი. არამედ ესე ესრეთ გულისჴმა-ყავთ, ვითარმედ ქრისტე არა თუ ამას იტყჳს, თუ: შეუძლებელ არს, რაჲთამცა ბოროტი მოიქცა კეთილისა მომართ, ანუ
1 შდრ. რომ. 8,6-7.
კეთილიმცა მიიქცა ბოროტისა, - არა ამას იტყჳს, არამედ ესრეთ გულის-ჴმა-გჳყოფს, ვითარმედ მას ჟამსა, ვიდრეღა სიბოროტესა შინა იყოს, კე-თილისა ნაყოფისა გამოღებად ვერ ჴელ-ეწიფების, ხოლო მოქცევად ბოროტისაგან კეთილისა ჴელ-ეწიფების. უკუეთუ კულა უკეთურებასა შინა ეგოს, ნაყოფსა კეთილსა ვერ გამოიღებს, ვერცა კეთილი კაცი ნაყოფსა ხენეშსა იქმს.
და ვითარ დავით კეთილი იყოო და ნაყოფი ხენეში გამოიღო - მრუ-შებაჲ და კაცის-კლვაჲ? არა თუ სიკეთესა თჳსსა ეგო და ესრეთ ყო ნაყოფი იგი ხენეში, - ნუ იყოფინ! - არამედ შეიცვალა სიკეთისაგან და ესრეთ გამოიღო ნაყოფი იგი ხენეში. ხოლო უკუეთუმცა დადგრომილ იყო თჳსსა მას სიკეთესა, ვითარ მარადის არნ, იგიმცა ნაყოფი ვერ გამოეღო, არამედ დააკლდა სიკეთესა მას სათნოებისასა და ამისთჳს ყო ნაყოფი ცოდვისაჲ; კუალად განიფრთხო და თჳსსავე სიკეთესა აღვიდა და მერმე გამოიღო ნაყოფი სინანულისაჲ.
ეგრეთ არს ყოველი კაცი: ვიდრემდის კეთილსა შინა იყოს, ბოროტსა ვერ იქმს, ვერცა ბოროტი სიბოროტესა შინა თჳსსა კეთილსა გამოიღებს ნაყოფსა, უკუეთუ არა შეცვალოს გონებაჲ თჳსი.
ამისთჳს ესრეთ კეთილად და განჩინებით თქუა უფალმან, რაჲთა არა გარეშესა წესსა ვხედვიდეთ, არამედ შინაგანი საქმეთა მიერ განვიცადოთ და ნაყოფთა მათთაგან ვიცნნეთ იგინი.
ხოლო ვინაჲთგან ტანჯვაჲ და გუემაჲ ესევითართაჲ მათ არა გჳბრძანა, ამისთჳს, რაჲთა მათცა ეშინოდის და ღმრთისმსახურთაცა ნუგეშინის-ცემაჲ აქუნდეს, გამოაჩინებს, ვითარსა საშჯელსა მიეცემიან მოქმედნი ბოროტისანი, და იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველმან ხემან რომელმან არა ყოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას. ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი“ (7,19-20).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ არა კმა არს სარწმუნოებაჲ, არამედ საქმენი კეთილნიცა ჯერ-არიან მოგებად? რამეთუ რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი სათნოებისაჲ, მოეკუეთების და ცეცხლსა დაედების. და კუალად ესეცა გულისჴმა-ყავ, ვითარმედ სასწაულად მართლმორწმუნეობისა სათნოდ მოქალაქობაჲ განაწესა და თქუა: „ნაყოფთა მათ-თაგან იცნნეთ იგინი“. უკუეთუ ჭეშმარიტად სათნონი იყვნენ, არა დაიფარვის საქმე მათი, არამედ საცნაურ იქმნას. ხოლო სიტყუათა ამათ მიერ უნაყოფოებაჲცა ჰურიათაჲ გამოსახა, რომელთა ვერსადა გამოი-ღეს ნაყოფი რაჲმე კეთილი. ამისთჳსცა სიტყუანი იოვანესნი აჴსენნა, რამეთუ იგიცა ამითვე წესითა ეტყოდა მათ, რაჟამს შემოიღო სახედ სახელი იგი ცულისაჲ და მოკუეთაჲ ხისა მის უნაყოფოჲსაჲ და დადებაჲ ცეცხლსა უშრეტსა.
სწავლაჲ კგ: ვითარმედ უმძიმეს ჯოჯოხეთისა არს გამოვრდომაჲ იგი სასუფეველისაგან, და ვითარმედ კეთილნი საქმენი უაღრესად ბრწყინვალე-ჰყოფენ კაცსა, ვიდრე დიდებაჲ სოფლისაჲ
გულისჴმა-ვყოთ უკუე, მორწმუნენო, და ვისწრაფოთ გამოღებად ნაყოფისა კეთილისა, რაჲთა არა შთავცჳვეთ ცეცხლსა მას საუკუნესა. რამეთუ საგონებელ არს, თუ შთავრდომაჲ ცეცხლსა მას გეჰენიისასა ერთი ოდენ სატანჯველი არს, ხოლო მე ვიტყჳ, ვითარმედ: უკუეთუ ვინ გულის-ჴმა-ყოს, პოოს ორი სატანჯველი ამას შინა; რამეთუ რომელი ცეცხლად მიეცემის, პირველად სატანჯველად მისა არს გამოვრდომაჲ სასუფეველისაგან და მეორედ - შთავრდომაჲ ცეცხლსა.
ხოლო გამოვრდომაჲ იგი სასუფეველისაგან ფრიად უმძიმეს და უმწარეს არს გეჰენიასა მას ცეცხლისასა; და ვიცი, ვითარმედ მრავალთა გეჰენიისაგან უმეტესად ეშინის, ხოლო მე გამოვრდომაჲ დიდებისა მისგან ფრიად უმწარეს მიჩნს სატანჯველსა მას გეჰენიისასა. დაღაცათუ ვერ შემძლებელ ვარ სიტყჳთ გამოჩინებაჲ ამის საქმისაჲ, არა საკჳრველ არს, რამეთუ არა უწყით ნეტარებაჲ იგი მიუთხრობელთა მათ კეთილთაჲ და ამისთჳს ვერ გულისჴმა-ვჰყოფთ სიმწარესა მას და უბადრუკებასა მათგან განვრდომისასა.
ხოლო პავლე და მსგავსთა მისთა იცოდეს, ვითარმედ დაკლებაჲ დიდებისა მისგან საუკუნოჲსა უძჳრეს არს ყოვლისა სატანჯველისა; გარნა მეშინის, თუ მაშინ ვცნათ სიმწარე და სიმძიმე ამის სატანჯველისაჲ, ოდეს თავით თჳსით შთავცჳვეთ მას შინა.
არამედ გევედრები, მხოლოდშობილო ძეო და სიტყუაო ღმრთისაო, და შეგივრდები, სახიერო და მოწყალეო, ნუმცასადა გჳხილავს გემოჲ აურაცხელისა ამის და სასტიკისა სატანჯველისა, რამეთუ სიმწარისა და სიძნელისა მისისა სიტყჳთ გამოჩინებაჲ შეუძლებელ არს. და ესე ესრეთ გულის-ჴმა-ყავთ, რაოდენ შემძლებელ არს კაცად-კაცადი გულისჴმის-ყოფად: გამოვსახოთ გონებათა ჩუენთა ჭაბუკი ვინმე შუენიერი, რომლისა სიკეთისა არა არნ დასასრულ, არცა იპოებინ ვინ მსგავსი მისი. და აქუნ მას სიქველე და ახოვნებაჲ, შეუმსგავსებელი ყოვლისა სოფლისაგან, და შემკობილ არნ სიბრძნითა უფროჲს ყოველთა ძეთა კაცთაჲსა; და ყოველივე სათნოებაჲ ესოდენ არნ მის თანა, რომელ არცა თუ ერთი ვის კეთილთაგანი ძალ-ედვის მოგებად მსგავსად მისა, არა თუმცა ყოველთა მათ ქველისსაქმეთა მისთა ვის ძალ-ედვა ბაძვად.
ხოლო კეთილთა მათ თანა ესოდენთა აქუნ მას მეუფებაჲცა ყოვლისავე სოფლისაჲ, და დიდებაჲ მისი აღემატის უფროჲს ძეთა კაცთასა. ხოლო სიკეთისა მის და შუენიერებისა მისისათჳს, ახოვნებისა და სიქველისა და გარდამატებულისა მის პატიოსნებისა და უხუებისა და დიდადშუენიერისა მეუფებისა მისისათჳს ბუნებითითა სიყუარულითა შეიყუარის იგი ყოველმან კაცმან, ვითარცა ვის უყუარნ თავი თჳსი.
მოვიგონოთ უკუე, ვითარმედ ამის ესევითარისა კეთილისა, სახიერისა და დიდებულისა ჭაბუკისაჲ მამაჲმცა იყო და ხედვიდა მისსამცა ყოვლითა კეთილითა შემკულობასა, რაჲმცა არა ინება მან თავს-დებად, რაჲთამცა არა დააკლდა მისსა ხილვასა, ვინაჲთგან თჳთცა ბუნებითითა სიყუარულითა შეპყრობილ არნ მისა მიმართ და მისი იგი დიდადშუენიერებაჲ და აღმატებული დიდებაჲ ბუნებითსა სიყუარულსა მრავალწილად განამრავლებდეს. რომელიმცა შრომაჲ, რომელიმცა ჭირი არა აღირჩია მან მოთმინებად სამარადისოდ ხილვისათჳს ესევითარისა მის შვილისა და მარადის თანასუფევად მისისა მის მეუფებისა და დიდებისა.
ეგრეთვე უკუე საუკუნისა მისთჳს დიდებისა გულისჴმა-ვყოთ; რამეთუ ამისთჳს მამაჲ ვაჴსენე და ძე ესევითარი გამოვსახე, რომელ უმეტეს არს ყოველთავე სიყუარულთა ბუნებითთა მამისაჲ შვილისა მიმართ სოფელსა ამას შინა, და უფროჲსად, ოდეს ესევითარი კეთილი და საყუარელი შვილი იპოოს. გარნა არარაჲ იპოების სახე მსგავსი სოფლისა საქმეთაგან მერმისა მისთჳს საუკუნისა, არამედ მცირედისაგან შემსგავსებისა მოვალთ გულის-ჴმის-ყოფად უხილავთა მათ.
აწ უკუე რომელიმცა საყუარელი და საწადელი შვილი იყო ესრეთ სასურველ, ვითარ დიდებისა მის საუკუნოჲსა და კეთილთა მათ მოუგონებელთა დამკჳდრებაჲ და ყოფაჲ ქრისტეს თანა, ტკბილისა მის და სახიერისა მეუფისა, რომლისა დიდადშუენიერებაჲ აღმაღლებულ არს უფროჲს ზესკნელ ცათა და დიდებაჲ მისი თუალთშეუდგამ არს ყოველთავე ზეცისა ძალთაგან; რაჲმცა იყო უსაწადელეს, რაჲმცა იყო უსასურველეს მის წინაშე ყოფასა და პირისა მისისა სიხარულით და კადნიერებით ხილვასა?
ამისთჳს ვიტყჳ, ვითარმედ მწარე არს და მოუთმენელ ცეცხლი იგი გეჰენიისაჲ და სხუანი იგი სატანჯველნი, გარნა დაღაცათუ ბევრეულნი ვინ გეჰენიანი თქუნეს, ვერ შეასწორებს სასტიკებასა მას და სიმწარესა მის მწუხარებისა და ჭირისასა, ოდეს განვვარდეთ სანატრელისა მის დიდებისაგან; ოდეს მოძულებულ ვიქმნეთ ქრისტესგან; ოდეს გუესმას, ვითარმედ: „არა გიცნი თქუენ“;1 ოდეს გურქუას, ვითარმედ: „მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი“,2 და სხუაჲ ესევითარი; რამეთუ უმოლხინეს არს ბევრეულთა სატანჯველთა შთავრდომაჲ, ვიდრეღა სახიერისა მის პირისა გარემიქცევაჲ ჩუენგან და თუალისა მის ტკბილისაჲ არა მოხედვად ჩუენ ზედა. და ესე ესრეთ გულისჴმა-ვყოთ: უკუეთუ თავადმან ესოდენ შემიყუარნა ჩუენ, განდგომილნი ესე და მტერქმნულნი, ვიდრეღა თავსაცა თჳსსა არა ჰრიდა, არამედ მისცა სიკუდილად, რაჲთა მომიძინეს წარწყმედილნი ესე და შეცთომილნი მთათა ზედა და უღაღთა, შემკრიბნეს წყალობით, ოდეს ჩუენ
1 მათ. 7,23 ; 25,12. 2 მათ. 25,42.
ამას ყოველსა ზედა ვიხილოთ იგი მშიერი და არცა თუ პური მიუპყრათ, რომლითაღა თუალითა ვიკადროთ მერმე ხილვად მისა?
ხოლო გულისჴმა-ყავ მისი იგი სახიერებაჲ სიტყუათა მათგანცა, რომელთა ეტყჳს მარცხენით მდგომარეთა მათ, რამეთუ არა წარმოიტყჳს ქველისმოქმედებათა მისთა სიმრავლესა, არცა შემოიღებს შორის ყოველ-თა მათ კეთილთა მისთა და იტყჳს, ვითარმედ: ეჰა, უბადრუკნო და საწყალობელნო, ვითარ უგულებელს-მყავთ მე, რომელმან ესოდენი კეთილი გიყავ თქუენ, რომელმან არაარსისაგან არსად მოგიყვანენ, სული პირმეტყუელი მოგეც თქუენ, მთავრად სოფლისა დაგადგინენ; თქუენთჳს შევქმენ ცაჲ და ქუეყანაჲ და ზღუანი, ჰაერნი და ყოველნივე ნივთნი სოფლისანი და ამათ ყოველთა მეუფედ განგაწესენ, და მერმე ურჩებითა მით თქუენითა და ლირბობითა განჰვარდით საშუებლისა მისგან, რომელი მიგეც. კუალად არავე უგულებელს-გყვენ, არამედ მოვედ ძიებად და თქუენთჳს თავს-ვისხენ გინებანი და შეურაცხებანი; მონათა თანა შევირაცხე; თავსვიდევ ნერწყუაჲ და ყურიმლის-ცემაჲ, გუემაჲ და კიცხევაჲ, ჯუარ-ცუმაჲ და სიკუდილი შეურაცხი; და აღდგომითა ჩემითა განგაცხოელენ დაძუელებულნი ეგე ჯოჯოხეთს შინა; განდგომილნი ეგე და რისხვეულნი დაგაგენ ღმერთსა და მამასა; სული წმიდაჲ მოგანიჭე; ბჭენი სასუფეველისანი განგიხუენ; გექმენ თქუენ თავ და გიწოდე ასოებ ჩემდა; გექმენ თქუენ სამოსელ უკუდავებისა, სიძე უხრწნელებისა, სახლ შუენიერებისა, ძირ ცხორებისა, საჭმელ და სასუმელ უოხჭნოებისა, მწყემს კეთილ, მეუფე სახიერ, თავს-ვიდევ ძმად თქუენდა წოდებად და თანამკჳდრ ჩემდა გიწოდე და ბნელისაგან ნათლად მოგიყვანენ, სიკუდილისაგან - ცხორებად, სიგლახაკისაგან - სიმდიდრედ.
ესე ყოველი და ამისა ფრიად უმრავლესი აქუნდა თქუმად და არა ეტყჳს, არამედ ეგრეთცა რიდობითვე ცოდვასა ხოლო მათსა ამხილებს, და პირველად მოუწოდს მართალთა, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ მათიცა ეგრეთვე ენება, არამედ მათ არა ინებეს; და მერმე არა ეტყჳს, თუ: წარვედით ცეცხლსა მას თქუენთჳს განმზადებულსა, ვითარცა-იგი მართალთა ჰრქუა, ვითარმედ: „მოვედით და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დაბადებითგან სოფლისაჲთ“;1 ხოლო მათ ეტყჳს: „წარვედით ცეცხლსა მას განმზადებულსა არა თქუენთჳს, არამედ ეშმაკისათჳს და მსახურთა მისთათჳს, რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი“,2 და შემდგომი ამისი. რავდენისამცა სატანჯველისა არა უმწარეს იყვნეს ესე სიტყუანი და უძნელეს? რამეთუ უკუეთუ კაცი ვინ ქველისმოქმედი თჳსი და კეთილისმყოფელი იხილოს შიმშილსა შინა და წყურილსა ანუ სხუასა რასმე ჭირსა, და ძალ-ედვას ჴელის-აპყრობად მისა და შეწევნად და არა ქმნას ესე, არამედ ცარიელი გარემიაქციოს და შეურაცხებით თანაწარჰჴდეს, და
1 მათ. 25,34. 2 შდრ. მათ. 25,41-42.
მერმე მოვიდეს დიდებული იგი კაცი სახედ თჳსად და შევიდეს დიდებასავე თჳსსა, და მივიდეს მისა კაცი იგი უმადლოჲ მოქენედ საჭიროჲსა რაჲსმე და თანაწარუვალისა საქმისა, და დააყუედროს მან მისი იგი უმადლოებაჲ ორთა წინაშე გინა სამთა მეგობართა, გულისჴმა-ყავთ, თუ რაბამიმცა სირცხჳლი მოიწია მის ზედა? არამცა სწადოდაა, რაჲთამცა მას ჟამსა განეღო ქუეყანაჲ და დაფარა იგი? ჭეშმარიტად!
რაჲ-მე უკუე ვყოთ ჩუენ, ოდეს წინაშე ყოველთავე დაბადებულთასა გუესმას სახიერისა მის მეუფისაგან უზომოჲსა მის უმადლოებისა ჩუენისა ყუედრებაჲ და განვისხმოდით პირისა მისისაგან, რაჟამს გურქუას: „წარვედით ჩემგან!“ ესე იგი არს, გამოუთქუმელთა მათ კეთილთაგან და მოუგონებელისა მის დიდებისაგან. რაჲ-მე იყოს ჩუენდა, ესე რაჲ გუესმას, რაჟამს წინაშე ესოდენისა მის კრებულისა წარმოგჳდგენ ბოროტნი საქმენი ჩუენნი წინაშე ჩუენსა, ოდეს შევიკრნეთ ჴელით და ფერჴით და განვითხინეთ ბნელსა მას გარესკნელსა და ცეცხლსა მას უშრეტსა, სადა იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ?
შევიშინოთ, საყუარელნო, თქუმულთა ამათ სიტყუათაგან: არა სამ-ღერელსა შინა არს ცხორებაჲ ჩუენი, და უფროჲსღა ესე ვთქუა, ვითარმედ: საწუთროჲ ესე ცხორებაჲ სამღერელ არს, ხოლო საუკუნოჲ იგი - არა ესრეთ. და უკუეთუ კეთილად ვინ გულისჴმა-ყოს, სამღერლისაცა უძჳრეს არს საწუთროჲ ესე, რამეთუ არა სიცილად განილევის, არამედ დიდისა ზღვევისა და ვნებისა მომატყუებელ გუექმნების. და გულისჴმაყავთ საქმე ამის სოფლისაჲ: ვაშენებთ ტაძართა, მოვიგებთ აგარაკთა და სოფელთა, ვიმოსებით ძოწეულითა და პორფირითა, ვჭამთ და ვსუამთ და განვსცხრებით. ესე ყოველი ამაოებითა და მსწრაფლწარმავალობითა სამ-ღერელსა მცირეთა ყრმათასა უარეს არს და უმეტესად ამაო; ხოლო სატანჯველნი ამათ ესევითართა საქმეთათჳს შემზადებულნი მტკიცე არიან და წარუვალ. ხოლო რომელ-ესე ვერ გულისჴმა-ვჰყოფთ, ნუ გჳკვირს, რამეთუ ჯერეთ ყრმა ვართ გონებითა და უგუნურ. ოდეს სრულ ვიქმნათ ცნობითა, მაშინ ვცნათ, ვითარმედ ესე ყოველი სამღერელი არს ყრმათაჲ. ვითარცა-იგი სოფელსა შინა ყრმა რაჲ ვიყვნით, ვიმღერდით, შევიკრიბით თიხაჲ და ღინჭოჲ და აღვაშენებდით ტაძართა, და კუალად ვიქმნნით მეფე და მთავარ, და სხუაჲ ესევითარი მრავალი არნ საძიებელ ჩუენდა; ხოლო აღვიზარდნით რაჲ, ვეცინოდით ესევითარისა მოქმედთა. ეგრეთვე აწ რაჲ-ესე ჩუენდა საწადელ არს და საყუარელ, აღსრულებულთა სულიერი-თა ჰასაკითა საცინელ უჩნს და საკიცხელ. ხოლო ყრმათაცა აღაშენნიან რაჲ ხინჭოთაგანი სახენი ტაძართანი, უკუეთუ ვინ დაარღჳის, გოდებდიან. ეგრეთვე ჩუენ დაკლებასა ზედა და დაჭირვებასა ჴორციელთა საქმეთასა მწუხარე ვართ და მგლოარე. ამისთჳსცა ყოველნივე წმიდანი და ღმრთისმსახურნი მწუხარე არიან ამის ესევითარისა უბადრუკებისა ჩუენისათჳს და სიცოფისა.
არამედ განვიფრთხოთ, ძმანო, და მოვიდეთ ჩუენცა ჰასაკსა და ცნობასა სულიერსა; ვიდრემდის ვიმღერით და საკიცხელ-ვჰყოფთ თავთა ჩუენთა და თანამდებ ვიქმნებით საუკუნოჲსა მის სასჯელისა, ვინაჲ-იგი ვერვის ჴელ-ეწიფების ჴსნად ჩუენდა: არცა მშობელთა, არცა შვილთა, არცა ძმათა გინა მეგობართა. აჰა ესერა ყოველი ესე დიდებაჲ და შუებაჲ საწუთროჲსაჲ წარჴდეს, და გემონი და გულისთქუმანი მისნი უჩინო იქმნენ, ხოლო ამათმიერი სატანჯველი ეგოს ჩუენ ზედა უკუნისამდე. განვიფრთხოთ უკუე, გევედრები, და შევიყუარნეთ კეთილნი საქმენი, რომელნიიგი პირველ ამიერ მიცვალებისა და მუნ მისლვისა, სადა-იგი სასყიდელი საქმეთაჲ განწესებულ არს, მებრ აქავე სანატრელ და ბრწყინვალე იქმან მოქმედთა მათთა.
და ესე ესრეთ გულისჴმა-ყავთ: გამოვსახოთ კაცნი ორნი: ერთი იგი შეიკრებდინ საფასეთა და ვაჭრობდინ ზღჳთ და ჴმელით და ყოვლით კერ-ძო განმდიდრდებოდენ, და არა ვიტყჳ ანგაჰრებისათჳს, დაღაცათუ ძნიად იპოების ესევითარი კაცი გარეშე ანგაჰრებისა, გარნა ვთქუათ, თუ არა იყოს მის თანა ანგაჰრებაჲ, არამედ მოსწრაფებითა და გონიერებითა მისი-თა შეიკრებდინ სიმრავლესა საფასეთასა, მოიგებდინ სოფელთა და მონათა მრავალთა და წარემატებოდენ სიმდიდრესა შინა, რაოდენცა ენებოს; ხოლო მეორე იგი სწორ იყავნ მისდა სიმდიდრითა და მისცემდინ ყოველსავე გლახაკთა, შეჰმოსდინ შიშუელთა, ზრდიდინ მშიერთა, შეეწეოდენ ჭირვეულთა, განათავისუფლებდინ პყრობილთა, გამოიჴსნიდინ ძჳრხილულთა, მოიყიდდინ წარტყუენულთა. ვინ უკუე ამათ ორთაგანი შეგირაცხიეს საყუარელ და სანატრელ?
არა ვიტყჳ მერმისა მის საუკუნისასა, არამედ ამას მებრ საწუთროსა: რომელი უაღრესად და უმჯობესად გიჩნს: შემკრებელი იგი ოქროჲსა და ვეცხლისაჲ ანუ ქველისმოქმედი იგი ჭირვეულთაჲ, ნავთსაყუდელი ღელვაგუემულთაჲ? არა ერთი იგი მსგავს არსა ანგელოზსა ღმრთისასა და მეორე ესე - არცა თუ კაცსა კეთილსა, არამედ ყრმასა რასმე ცოფსა და უგუნურსა? აწ უკუეთუ თჳნიერ ანგაჰრებისა და მოხუეჭისა მოგებული სიმდიდრე ესრეთ არარაჲ არს, რაჲ-მე ვთქუათ მათთჳს, რომელნი უკეთურებითა და ანგაჰრებითა განმდიდრდებოდინ, რომელნი ამაოებასა თანა და უგუნურებასა საუკუნოთაცა სატანჯველთა თანამდებ-ჰყოფენ თავთა თჳსთა? ჭეშმარიტად ტირილისა და გლოისა ღირს არიან ესევი-თარნი იგი!
ხოლო გნებავს თუ, სხუაჲცა სახე სათნოებისაჲ შემოვიღოთ სიტყუასა ამას შინა. გამოვსახნეთ ორნი კაცნი სხუანი: იყავნ ერთი იგი შემოსილ დიდებითა ფრიადითა, ქებული ერთა მიერ და წინამძღუარი ლაშქართაჲ, შემკობილი ოქროქსოილითა და აღმჴედრებული ეტლთა ოქროლესულთა, და წინამსრბოლნი მახჳლოსანნი, და სხჳთა ყოვლითავე დიდებითა აღმაღლებული. არა სანატრელად საგონებელ არსა ესევითარი იგი? მოედით უკუე, ამასცა წინააღუდგინოთ ღმრთისმსახურებისა სახე: იყავნ მეორე იგი კაცი მშჳდი და ძჳრუჴსენებლი, მდაბალი და სულგრძელი, და თავს-იდებდინ გინებათა და შეურაცხებათა, მაწყევართა მისთა აკურთხევდინ, მდევართა მისთა კეთილსა უყოფდინ, მოძულეთა მისთა ჰყუარობდინ და სხჳთა ყოვლითავე სათნოებითა შემკულ იყავნ. აწ უკუე ამათ შორის ვინ არს საკჳრველ და საწადელ: ზუავი იგი და ანპარტავანი ანუ ღმრთისმოყუარე ესე და მდაბალი? არა მსგავს არსა ესე ანგელოზ-თა ზეცისათა, შემკობილთა უვნებელობითა და ღმრთისმოყუარებითა და მკურნალსა კაცობრივისა ბუნებისასა? ხოლო მეორე იგი - სამარესა განგლესილსა, გარეშე და შინაგან სავსესა სიმყრალითა და ძუალები-თა მკუდართაჲთა, გინა თუ მჯდომსა განსივებულსა, რომელი სავსე არნ წუთხითა და შალლითა, რამეთუ ნანდჳლვე ესევითართა სახეთა მსგავს არს ყოველივე დიდებაჲ ამის სოფლისაჲ. რაჲსათჳს-მე ჰზუაობ, კაცო, და ჰმაღლოჲ ეტლთათჳს შუენიერთა და ცხენთა მრავალფასისათა და სამოსელთა წარჩინებულთა? ესე ყოველი „ამაოებაჲ არს ამაოებათაჲ“, ვითარცა სოლომონ იტყჳს; უუძლურეს არს შროშანთა ველისათა, ადრე დაჭნობადთა; წარმავალ არს, ვითარცა აჩრდილი; დავიწყებად არს, ვი-თარცა სიზმარი.
ხოლო მუშაკი იგი სათნოებისაჲ და მოღუაწე ღმრთისმსახურებისაჲ ჭეშმარიტად სანატრელ არს, რამეთუ მსგავს არს ხესა ნაყოფიერსა, სავსესა სურნელებითა და ბრწყინვალებითა, და ახარებს ყოველთა, რომელნი ხედვიდენ მას.
შენ გმოსიეს სამოსელი, შესაჭმელი მღილთაჲ და ქმნული მატლთაგან, რამეთუ ოქროჲ და ვეცხლი და ძოწეული და პორფირი - რომელიმე მიწა არს და ნაცარ, და რომელიმე მატლთა მიერ და ჭიათა შემოღებული სოფლად; ხოლო რომელი შემკობილ იყოს სათნოებითა, მისსა მას სამკაულსა არა ხოლო თუ მატლი და მღილი ვერ ავნებს, არამედ ვერცა თუ სიკუდილი შეეხების. და ესე სამართალ არს და ჭეშმარიტ, რამეთუ არა მიწისაგან და ქუეყანისა არს შობაჲ სათნოებათაჲ, არამედ ნაყოფნი არიან სოფლისანი და ზეცისა საუნჯეთა შინა დამარხულ არიან. ამისთჳს არა შეეხების მათ არცა მღილი, არცა მპარავი, არამედ უვნებელ არიან და საუკუნო.
რომელი უკუე არს უმჯობეს და უპატიოსნეს, მითხარ, კაცო, სიმდიდრე ანუ სიგლახაკე? პატივი ანუ შეურაცხებაჲ? შუებაჲ ანუ სიყმილი? საცნაურ არს, ვითარმედ სიმდიდრე უაღრეს არს და პატივი და შუებაჲ. და ამათ შორის კუალად სახელი უმჯობეს არს ანუ საქმე? ჰე, ჭეშმარიტად, საქმე! უკუეთუ საქმე არა იყოს, რაჲმცა იყო სარგებელი სახელისაჲ? აწ უკუეთუ სახელსა ეძიებ, საქმისაგან ცარიელსა, რაჲთამცა გეწოდებოდა მდიდარ, და შენ იყო პურისმთხოელ; და გეწოდებოდამცა პატიოსან და შუებულ, და შენ იყო მომყმარ და ყოველთაგან გინებულ; უკუეთუ ესე გთნავს, გიყუარდინ საწუთროჲ ესე და საქმენი მისნი და ნაყოფი უგუნურებისა შენისაჲ მოისთლო.
ხოლო უკუეთუ ჭეშმარიტებასა საქმეთასა ეძიებ, დაუტევე ქუეყანაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა; მოიძულე სოფელი და გულისთქუმანი მისნი და ყოველივე ცხორებაჲ შენი ზეცად მიცვალე, რაჲთა ჰპოო ჭეშმარიტი იგი სიმდიდრე, პატივი საუკუნოჲ და შუებაჲ სამარადისოჲ, ყოფაჲ ანგელოზთა თანა, ხილვაჲ პირისა ღმრთისაჲ, რომელი-იგი უაღრესი არს და უზეშთაესი ყოველთა კეთილთაჲ.
არა უწყია, რამეთუ საწუთროჲსაჲ ამის ყოველივე ცრუ არს და ამაო, მაცთური არს და წარმწყმედელი? ხოლო მის საუკუნოჲსაჲ ყოველივე ჭეშმარიტ არს, მტკიცე და შეურყეველ და სამარადისო.
იგი გამოვირჩიოთ, მორწმუნენო, იგი შევიყუაროთ, იგი მოვიგოთ, რაჲთა შფოთისა ამის და ამბოხებისაგან სოფლიოჲსა განვერნეთ და დიდი-თა სიმდიდრითა ნავთსაყუდელსა მას მყუდროსა შევევედრნეთ, რომელსა ღირსმცა ვართ მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.