მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კბ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „განიცადენით შროშანნი ველისანი, ვითარ-იგი აღორძნდის: არა შურებინ, არცა სთავნ. ხოლო გეტყჳ თქუენ: არცაღა თუ სოლომონ ყოველსა მას დიდებასა მისსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი“ (6,28-29).

თ ა რ გ მ ა ნ ი: პირველად თქუა საზრდელისათჳს და გამოაჩინა, ვი-თარმედ არა ჯერ-არს ამისთჳს ზრუნვაჲ, და აწ უადვილესისა მიმართ შეცვალა სიტყუაჲ თჳსი, რამეთუ არა ესრეთ საჭირო არს სამოსელისა საჴმარი, ვითარ საზრდელისაჲ.

ხოლო რაჲსათჳს არა იჴმარა აქაცა იგივე სახე მფრინველთაჲ, რამეთუ არიან მფრინველთაცა შორის და ოთხფერჴთა მრავალნი, რომელთა აქუს ბუნებითი შუენიერებაჲ, ვითარ ფარშამაგი და მღრინავი და ქათამნი იგი ჰინდურნი და სხუანი მრავალნი, და კუალად ცხოარსა ბუნებითი იგი სამოსელი მატყლისაჲ აქუს, რომლისაგან კაცნიცა მიიღებენ საჴმრად, და სხუათაცა პირუტყუთაგან გამოვლენ საქუსალნი სამოსელთა სამეუფოთანი, არამედ ამათ ესევითართაგანი არარაჲ მოიღო სახედ. ესე ამისთჳს, რაჲთა ორკერძოვე აღმატებულ იყოს სიტყუა იგი: უნდოებისა მისგან შროშან-თაჲსა და შუენიერებისა მისგან მათდა მიცემულისა, რამეთუ მფრინველნი და ოთხფერჴნი დაღაცათუ უნდოვე არიან, არამედ შროშანთასა უაღრეს არიან, რამეთუ ცხოელნი არიან მშჳნვიერნი; ამისთჳს შროშანნი აჴსენნა, უსულონი იგი და უძრავნი, რაჲთა უმეტესად გულისჴმის-ყოფად მოვიდეთ:

„განიცადენითო შროშანნი ველისანი“. შროშნად სახელ-სდვა ყოველ-თავე ყუავილთა გამოსაჩინებელად სიკეთისა მათისა, ხოლო აღასრულა რაჲ სიტყუაჲ თჳსი, რომლისათჳს ყო ჴსენებაჲ მათი, მერმე არღარა შროშნად უწოდა, არამედ „თივად ველისა“. და არა კმა-ყო ესე სახელი, არამედ კუალად სხუაჲცა უნდოებაჲ მათი თქუა: „რომელი დღეს არსო“, და არა თქუა, ვითარმედ: ხვალე არა არს, არამედ ფრიად უმეტესისა უნდოებისა სიტყუაჲ შემოიღო, ვითარმედ: „ხვალე თორნესა შთაეგზნასო“; და არა თქუა, თუ შემოსის, არამედ: „ესრეთ შემოსისო“.

ჰხედავა ყოვლით კერძო აღმატებულობასა და სიმტკიცესა სიტყუათა მისთასა? რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: გულისჴმა-ყავთ, ჵ კაცნო, უკუეთუ თივანი იგი ველისანი, რომელნი დღეს არიან და ხვალვე თორნესა შთაეგზნებიან, ესრეთ შეამკვნა ღმერთმან, რამეთუ განგებულებითა და ძალითა მისითა იღუწის უნდოთა მათცა და მცირეთა, არა უფროჲსად თქუენ გიღუაწნესა, რომელნი ხატად თჳსა დაგბადნა, რომელთა სული პირმეტყუელი მოგცა, რომელთათჳს ყოველნივე ხილულნი დაჰბადნა, რომელთათჳს წინაწარმეტყუელნი მოავლინა და შჯული განაწესა და ბევრეულნი კეთილნი აჩუენნა, რომელთა მხოლოდშობილი ძე მოგცა და მის მიერ აურაცხელნი იგი ნიჭნი მოგმადლნა?

ვინაჲთგან ესე ყოველი მოასწავა, ამისთჳს დაურთო და თქუა:

„არა-მე უფროჲსად თქუენა, მცირედმორწმუნენო?“ (6,30). რომელი ამათ ესევითართა ჭეშმარიტთა და განცხადებულთა სახეთა ზედა ჯერეთ იჭუეულ არს, იგი ჭეშმარიტად მცირედმორწმუნე არს და სავსე უგულისჴმოებითა.

ხოლო ფრიად კეთილად და სამართლად მოიხუნა შროშანნი სახედ სამოსელთა, რაჲთა არა უზრუნველობაჲ ხოლო გუასწაოს, არამედ ესეცა გულისჴმა-გჳყოს, რაჲთა არა მეძიებელ და მოყუარე ვიყვნეთ ფეროანთა და მრავალსასყიდლისა სამოსელთა, არცა დიდ რაჲმე და პატიოსან შეგუერაცხოს სიკეთე მათი, რამეთუ შუენიერებაჲ მათი მწუანვილისა მიმსგავსებულ არს და სიკეთე მათი - მდელოსა თივისასა. და უფროჲსღა უპატიოსნეს არს თივაჲ ესევითართა მათ სამოსელთასა, ვითარცა წამებს ესერა უტყუელი იგი პირი, ვითარმედ: „გეტყჳ თქუენ, არცა თუ სოლომონ ყოველსა მას დიდებასა თჳსსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი“. და ნანდჳლვე შეუძლებელ არს კაცთა მიერ ქმნად მსგავსი შუენიერებისა მის ყუავილთაჲსა, გინა თუ სიწმიდე სთქუა, გინა თუ სითხე, გინა თუ სიმტკიცე, გინა თუ ფეროვნებაჲ. ხოლო ოდეს ფრიად დაშურენ მიბაძვებად ფერსა გინა სიმტკიცესა, რაჲ-მე ყონ სურნელებისათჳს? რამეთუ ყოვლადვე ვერ ძალ-უც ამას სახესა ზედა მიმსგავსებად ყუავილთა, რაჲთამცა ქსოილსა მას ჴელითა კაცთაჲთა აქუნდა სურნელებაჲ ვარდისაჲ, ანუ იისაჲ, ანუ შროშნისაჲ, გინა თუ ზაფრანისაჲ, გინა თუ სხუათა მათ ყუავილთაჲ. ნუ იტყჳ სურნელებასა მას, რომელსა საკუმეველთა კუმევითა და სურნელთა ცხებითა იქმან შუებისმოყუარენი, არამედ რაჲთამცა თავით თჳსით ქსოილსა მას ჴელითა კაცთაჲთა აქუნდა ზემოწერილთა მათ ყუავილთა სიწმიდე და სიმტკიცე და სითხე და სურნელებაჲ და ფეროვნებაჲ თავით თჳსით.

რაჲსათჳს უკუე ჰზუაობ, კაცო, საქმესა ზედა, რომელსა თივანი ესოდენ უაღრეს არიან? და იხილე, ვითარ გამოაჩინებს, ვითარმედ არას შეუძლებელსა იტყჳს; ამისთჳსცა თქუა ჯეროვნად: „განიცადენითო შროშანნი ველისანი, ვითარ-იგი აღორძნდის: არა შურებინ, არცა სთავნ“. რამე-თუ შრომათაგან ცუდთა ენება განთავისუფლებაჲ ჩუენი, ამისთჳს ესრეთ ბრძანა, რამეთუ არა თუ უზრუნველობაჲ არს შრომა, არამედ ზრუნვაჲ. და ვითარცა-იგი ოდეს თქუა: „მიხედენითო მფრინველთა, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან“, არა თესვაჲ და მკაჲ დააყენა, არამედ ზრუნვაჲ, ეგრეთვე აქა, თქუა რაჲ, ვითარმედ: „არა შურებინ, არცა სთავნ“, არა თუ საქმისა ქმნაჲ დააყენა, არამედ ურვაჲ და ურწმუნოებაჲ და დიდად შერაცხვაჲ სამოსელთა ფეროვნებისაჲ.

რამეთუ უკუეთუ სოლომონ ვერ უძლო მიმსგავსებად შუენიერებისა მის შროშანთაჲსა, არამედ ძლეულ იქმნა მათგან არა ერთგზის გინა ორგზის, არამედ ყოველსა მას მეფობასა მისსა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „არცაღა სოლომონ ყოველსა მას დიდებასა მისსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი“; ხოლო უკუეთუ იგი იძლია მათგან, რომელი ყოველთა მეფეთა უმეტეს მომპოვნებელ იქმნა ესევითართა საქმეთა, შენ ოდეს უძლო, კაცო, ბაძვად მათისა მის სიკეთისა ანუ მიახლებადცა? რამეთუ ამათ სიტყუათა მიერ გუასწავებს უფალი, რაჲთა არა სურვიელ და მოყუარე ვიყვნეთ შუენიერებისა სამოსელთაჲსა, არცა ვზრუნვიდეთ ფრიად და ვიტყოდით, ვინაჲ შევიმოსოთ. რამეთუ გულისჴმა-ყავ, კაცო, უკუეთუ უნდოთა მათ ზედა, რომელნი ხვალე თორნესა შთაეგზნებიან, ესოდენ გამოაჩინა თჳსი განგებულებაჲ ღმერთმან, ვითარმცა უგულებელს-გყო შენ, რომელი-ეგე უმეტეს ყოველთა ცხოელთა პატივცემულ ხარ?

რაჲსათჳს მისცა შროშანთა ველისათა ესოდენი შუენიერებაჲ? რაჲთა აჩუენოს სიბრძნე თჳსი და გარდამატებულებაჲ ძალისა მისისაჲ, რაჲთა ყოვლით კერძო დიდებაჲ მისი გულისჴმა-ვყოთ, რამეთუ არა ხოლო თუ „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა“,1 არამედ ქუეყანაჲცა, ვითარცა დავით იტყჳს, ვითარმედ: „აქებდით უფალსა ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი“.2 რამეთუ ზოგნი იგი ნაყოფთა მიერ და ზოგნი სიდიდისაგან და ზოგნი შუენიერებისაგან, სხუანი სურნელებისაგან, სხუანი სიტკბოებისაგან, სხუანი სხჳთა სახითა და სხუანი სხჳთა აჩუენებენ სიბრძნესა ღმრთისასა და უსიტყუელითა ჴმითა ქადაგებენ დიდებასა მისსა და შესწირვენ მისსა ქებასა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „არა არიან თქუმულ, არცა სიტყუა, რაჲ-თამცა არა ესმა ჴმაჲ მათი“.3 და მოციქული ღაღადებს, ვითარმედ: „უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად სახილველ არს - სამარადისოჲ იგი ძალი მისი და დიდებაჲ“.4

რამეთუ ესეცა მებრ დიდად გულისჴმა-გჳყოფს მიუთხრობელსა მას სიმდიდრესა სიბრძნისა მისისასა, ოდეს მივხედნეთ, თუ უნდოთა მათ და არარათა ყუავილთა, რომელნი დღეს არიან და ხვალე ცეცხლად მიეცემიან ანუ დაჭნებიან და წარვლენ, ვითარ ესოდენი მიჰფინა სიკეთე და შუენიერებაჲ.

გულისჴმა-ყავ უკუე, კაცო, უკუეთუ თივათა ველისათა ესოდენი შუენიერებაჲ მისცა გარეშე საჴმრისაცა (რამეთუ რად ეჴმარების თივათა ესოდენი სიკეთე ყუავილოვნობისაჲ), ვითარ შენ არა მოგცეს, რომელი იცოდის, თუ საჴმარ არს შენდა? უკუეთუ ყოველთა უდარესი იგი ესრეთ შეამკო, შენ, რომელი ყოველთა უპატიოსნეს ხარ, არა გიღუაწოსა, რომელი იცოდის, თუ საჴმარ არს შენდა და ჯეროან?

ამისთჳსცა ვინაჲთგან ესრეთ კეთილად გამოაჩინა განგებულებაჲ იგი ღმრთისაჲ, ყოველთა ზედა მიწევნული, ზემო სახისა მისგან მფრინველ-თაჲსა, რომელთა ზრდის წამის-ყოფითა მისითა, და აქა კუალად სახითა ამით შროშანთაჲთა, ამისთჳს სამართლად აბრალებს სულმოკლეთა და ძნიადმორწმუნეთა და იტყჳს:

1 ფსალმ. 18,1. 2 ფსალმ. 148,9. 3 ფსალმ. 18,4. 4 შდრ. რომ. 1,20.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ თივაჲ იგი ველისაჲ, რომელი დღეს არს და ხვალე თორნესა შთაეგზნას, ღმერთმან ესრეთ შემოსის, არა-მე უფროჲს თქუენა, მცირედმორწმუნენო?“ (6,30).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოვლისავე მოქმედი იგი თავადი არს, მხოლოდშობილი ძე და სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ „ყოველივე მის მიერ იქმნა, და თჳნიერ მისსა არცა ერთი რაჲ იქმნა“.1 გარნა ამათ ადგილთა არასადა აჴსენა თავი თჳსი, არამედ მცირედ ოდენ ჴელმწიფებაჲ თჳსი გამოაჩინა, რაჟამს იტყოდა: გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ ესრეთ, და მე გეტყჳ ესრეთ,2 ხოლო სხუაჲ ყოველივე სიტყუაჲ თჳსი მამისათჳს ყო და ყოვლით კერძო საკჳრველ-ჰყოფს სიბრძნესა მისსა და განგებულებასა და მოღუაწებასა მისსა ყოველთა ზედა, დიდთა და მცირეთა; რამეთუ ცანი რაჲ აჴსენნა, საყდრად ღმრთისა სახელ-სდვა, და ოდეს იერუსალჱმისათჳს იტყოდა, ქალაქად მეუფისა დიდისა უწოდა, და ოდეს განგებულებასა მას სოფლისასა წარმოიტყოდა, მასვე მიაჩემა ყოველი: „მზე მისი აღმოვალსო ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცოდვილთა“;3 და სწავლასა მას შინა ლოცვისასა თქუა, ვითარმედ: „მისი არს სუფევაჲ და ძალი და დიდებაჲ“.4 და კუალად ამას ადგილსა განგებულებასა მისსა იტყჳს და თუ ვითარ მცირეთაცა ზედა აჩუენებს ჴელოვნებისა მისისა მიუთხრობელობასა. ვითარცა თქუა, ვითარმედ: „თივაჲ იგი ველისაჲ ღმერთმან ესრეთ შემოსის“, და არა თქუა, თუ: მამამან ჩემმან, არამედ: „მამამან თქუენმან ზეცათამანო“.

არამედ ნუ გიკჳრს ესე, რაჟამს ფარვიდეს დიდებასა თჳსსა და მდაბალთა სიტყუათა იტყოდის თავისა თჳსისათჳს, რამეთუ ჟამისად ესე ოდენ იყო საძიებელ მისა, რაჲთა სიტყუაჲ თჳსი სარწმუნო და შესაწყნარებელ ყოს შორის ურწმუნოსა მას და გულფიცხელსა ერსა და რაჲთა დაარწმუნოს, ვითარმედ არა წინააღმდგომ ღმრთისა არს, არამედ ერთობაჲ აქუს მამისა თანა და არარაჲ განყოფილებაჲ, რაჲთა ესრეთ ჟამსა თჳსსა თქუას მამად თჳსად, და შეიწყნარონ სიტყუაჲ მისი; ხოლო უკუეთუმცა პირველითგან ეწყო ეგევითართა სიტყუათა თავისა თჳსისად თქუმად, ყოვლადვემცა არა შეიწყნარეს თქუმული იგი. არამედ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ.

უკუეთუ მცირეთა ამათ საქმეთა ზედა და საჭიროდ საჴმართა არა ჯერ-არს ზრუნვაჲ, რაჲ-მე სიტყუაჲ აქუნდეს მათ, რომელნი გარეშე საჴმრისა მრავალსასყიდლისა საქმეთათჳს ზრუნვენ? და უფროჲსღა, რაჲ-მე სიტყუაჲ აქუნდეს, რომელნი მოსწრაფე არიან და მოხარკე, რაჲთა სხუა-თაგან მოიტაცონ, რაჲთა მოიხუეჭონ გლახაკთაჲ და დავრდომილთაჲ, რაჲ-თა მოიანგაჰრონ ობლისა და ქურივისა? ჭეშმარიტად უსიტყუელ არიან და უმიზეზო; რამეთუ არარაჲ აქუს სხუაჲ მიზეზი, გარნა გონებათა თჳსთა

1 იოან. 1,3. 2 შდრ. მათ. 5,21-44. 3 მათ. 5,45. 4 მათ. 6,13.

სიბოროტე და უკეთურებაჲ. ხოლო ვისმინნეთ შემდგომნიცა სიტყუანი სახარებისანი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ : „ნუ ჰზრუნავთ და იტყჳთ: რაჲ ვჭამოთ, ანუ რაჲ ვსუათ, ანუ რაჲ შევიმოსოთ? რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ“ (6,31-32).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა, ვითარ კუალადცა გამოაჩინა, ვითარმედ არარას შეუძლებელსა იტყჳს? და ვითარცა ზემო თქუა: „უკუეთუ გიყუარდენ მოყუარენი თქუენნი, რაჲ სასყიდელი გაქუს? ანუ არა მეზუერეთაცა და წარმართთა იგივე ყვიან?“1 - რაჲთა უმეტესად შეიკდიმონ მორწმუნეთა, ესმას რაჲ, ვითარმედ წარმართთაცა უმეტესად ვერ არიან, - ეგრეთვე აქა შემოიღო კუალად ჴსენებაჲ წარმართთაჲ საკდემელად სულმოკლეთა და მცირედმორწმუნეთა.

რამეთუ უკუეთუ უმეტესისა ქველისსაქმისა თანაგუაც ჩუენებად მწიგნობართა და ფარისეველთასა, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ, ოდეს არა თუ უმეტეს მათსა ვერ ვიქმნეთ, არამედ ვერაგობასაცა შინა წარმართთასა დავადგრეთ და მათსა მას სულმოკლებასა და უსასოებასა ვჰბაძვიდეთ? ხოლო არა ამას შინა დაუტევა სიტყუაჲ თჳსი, არამედ ესევითარი რაჲ მხილებისა და კდემისა სიტყუაჲ თქუა, კუალად სხუაჲ წარმოთქუა ნუგეშინისცემაჲ დიდი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ იცის მამამან თქუენმან ზეცათამან, რაჲ გიჴმს ამათ ყოველთაგანი“ (6,32).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არა თქუა, თუ: იცის ღმერთმან, არამედ: „იცის მამამან“, რაჲთა უმეტესად სასოებად მოგჳყვანნეს; რამეთუ უკუეთუ მამაჲ არს, და მამაჲ ესრეთ სახიერი და ტკბილი, ვითარ უგულებელს-ყვნეს შვილნი თჳსნი, იხილნეს რაჲ ჭირსა შინა და იწროებასა? ვინაჲთგან კაცნიცა არა თავს-იდებენ უგულებელს-ყოფად შვილთა თჳსთა, სახიერმან მან მამამან და დამბადებელმან უგულებელს-ყვნესა? ნუ იყოფინ!

„იცის მამამან თქუენმან ზეცათამან, რაჲ გიჴმს ამათ ყოველთაგანი“. ხოლო სიტყუაჲ ესე ესრეთ არს: არა თუ ცუდ და ნამეტნავ არს საჴმარი იგი ბუნებისაჲო, რაჲთამცა უგულებელს-ყვნა, რამეთუ უმეტესსაცა საჴმრისასა მრავალსა მოგცემს არა კაცთა ხოლო, არამედ იძრვისთაცა და მცენარეთა, ვითარცა ვთქუ შროშანთათჳს ველისათა; ვითარ უკუე არამცა მოგცა, რომელი იცის, ვითარმედ ჭეშმარიტად გიჴმს? აწ უკუე რომელსა-იგი ჰგონებთ, თუ მიზეზი არს ჭეშმარიტი ზრუნვისაჲ, მისგან მებრ გულისჴმა-ყავთ, ვითარმედ ჯერ-არს უზრუნველობაჲ.

1 მათ. 5,46-47.

რამეთუ უკუეთუ იტყჳთ, თუ: საჭიროჲსა მის საჴმრისათჳს ზრუნვაჲ სამართალ არს, მე გეტყჳ, ვითარმედ: ამისთჳს უმეტეს არა გიღირს ზრუნვაჲ, რომელ საჭირო არს; დაღაცათუმცა ნამეტნავი იყო, არცა ეგრე ჯერ-არს უსასოებაჲ, არამედ თანაგაც მინდობაჲ სახიერსა მას მამასა, ვინაჲთგან ჰხედავთ, ვითარმედ მრავალსა უმეტესსა და გარდარეულსა მოგანიჭებს; ხოლო საჭიროჲსა მის და სათანადოჲსა საჴმრისა, რომელი ჭეშმარიტად უჴმს ბუნებასა თქუენსა, რაჲმცა იჭჳ იყო, თუმცა არა გიღუაწნა ტკბილმან მან და სახიერმან, რამეთუ ვინ არს მამაჲ იგი, რომელმანმცა თავს-იდვა არცა საჭიროჲსა მის და თანაწარუვალისა საჴმრისათჳს მოღუაწებაჲ შვილთა თჳსთაჲ?

და ამისთჳს გიღირს სასოებაჲ მტკიცე, ვითარმედ უეჭუელად მოგცეს ყოველივე, რომელი გიჴმს, რამეთუ დამბადებელი არს ბუნებისაჲ და ჭეშმარიტებით იცის, რაჲ-იგი უჴმს ბუნებასა; რამეთუ ვერ იტყჳს ვინ ამას, თუ: მამაჲ არს სახიერი და უწყის, თუ საჴმარ არს ესე ყოველი, გარნა ამას უმეცარ არს, თუ ჩუენ გუეჴმარების; რამეთუ არცა ერთსა რას უმეცარ არს იგი, რომელმან ყოველნივე ბუნებანი იცნის; რომელმან არარაჲსაგან დაგბადნა, არა უწყისა, ვითარი დაჰბადა ბუნებაჲ თქუენი, და თუ რაჲ ეჴმარების ბუნებასა? ჰე, უწყის უმჯობეს თქუენსა, რამეთუ ესრეთ განაწესა განგებულებამან მისმან, რაჲთა ესევითართა საჴმართა შინა იყოს აგებულებაჲ ბუნებისა თქუენისაჲ.

აწ უკუე ვითარ ეგების, რაჲთამცა წინააღმდგომი ქმნა მან განწესებულისა მის თჳსისაჲ, რომელ განაწესა საჴმრისა მის მეძიებელ-ყოფად ბუნებისა და მერმემცა დააყენა მოცემაჲ საჴმრისა მის განწესებულისაჲ მის მიერ ბუნებასა ზედა?

„იცის მამამან თქუენმან ზეცათამან, რაჲ გიჴმს ამათ ყოველთაგანი“. გულისჴმა-ვყვნეთ, მორწმუნენო, სიტყუანი ესე მაცხოვრისა მიერ თქუმულნი და დავსცხრეთ მრავალთა და უსარგებლოთა ზრუნვათაგან, რამე-თუ არარაჲ შეგუეძინების მათგან, გარნა ურვანი და სალმობანი, რამეთუ დამბადებელი ჩუენი, გინა თუ ვზრუნვიდეთ, გინა თუ არა, გჳღუწის წყალობითა მისითა. რაჲ არს უკუე სარგებელი ჩუენი ზრუნვათაგან, გარნა ცუდი შრომაჲ.

ვინ არს, რომელიმცა წოდებულ იყო მეპურისტედ ტაბლასა სამეუფოსა და იგიმცა საზრდელსა მის დღისასა ზრუნვიდა? ვინ არს, რომელი წყაროსამცა ზედა დგა შუენიერსა და გრილსა და წყლისათჳსმცა იურვოდა? აწ უკუე ჩუენცა, რომელთა უფროჲს ყოვლისა სამეუფოჲსა სერისა და უმეტეს ყოვლისა შუენიერისა წყაროჲსა გუაქუს უხუად მომნიჭებელი იგი ღმრთისა განგებულებაჲ, ნუმცა ამაოდ ვზრუნავთ და მოქენე ვართ გლახაკთა მათ და უსარგებლოთა გულისსიტყუათა კაცობრივისა ვერაგობისათა. არამედ არიან ვიეთნიმე ურწმუნონი და ორგულნი, რომელნი ამაოთა სიტყუათა შემოიღებენ და იტყჳან, ვითარმედ: იგი ვინმე გლახაკობასა შინა აღესრულა, და იგი ვინმე პურისმთხოელი იყო, და სხუაჲ ვინმე სიყმილითა და შიშულობითა მოსწყდა, ამისთჳს ვზრუნავთო და მიმოვეკუეთებით, რაჲთა არა ჩუენცა ესრეთ შეგუემთხჳოს.

ჭეშმარიტად ურწმუნოებისა და უგუნურებისანი არიან სიტყუანი ესე. რასა იტყჳ, ჵ კაცო, და ესე გაქუსა გულისსიტყუაჲ, რაჲთამცა ღმერთსა წინააღუდეგ? უკუეთუ მან ეგრეთ განაწესოს, რაჲთა სიყმილითა მოსწყდე, რაჲთა სიგლახაკითა აღესრულო, ჰგონება, თუმცა ზრუნვითა და მიმოკუე-თებითა შენითა მისსამცა განგებასა წინააღუდეგ? არა მრავალნი გიხილვანა, უგუნურო, სოფელსა ამას შინა, რომელნი სიმდიდრითა გარდარეული-თა ცხონდებიედ და ერთსა შინა წამსა ცარიელნი დაშთიან მის ყოვლისაგან მოულოდებელთა განსაცდელთა მიერ? და სხუანი გლახაკნი და პურისმთხოელნი მეყსა შინა განმდიდრდიან, გინა თუ მეფობაჲცა დაიპყრიან? ვინაჲ იქმნა ესე? მათისა მის უდებებისაგან ანუ ამათისა მრავალმზრუნველობისაგან იქმნაა? ნუ იყოფინ! არამედ მიუთხრობელთა და კაცთა მიერ მოუგონებელთა ღმრთისა განგებულებათაგან. იგი ვინმე სიყმილითა მოსწყდაო; - ამისთჳს მოსწყდა, რამეთუ ეგრეთ განაგო მისთჳს ღმერთმან, გინა თუ სათნოებისა მისისა გამოჩინებად, ვითარცა ლაზარესთჳს გუესმის გლახაკისა, და იობისთჳს, და მრავალთა ესევითართა, გინა თუ სალხინებელად ცოდვათა, გინა თუ აღჳრსასხმელად უკეთურებისა, გინა თუ სარგებელად სხუათა, ანუ თუ სხჳთა რაჲთმე განგებულებითა, კაცთაგან მიუწთომელითა და მოუგონებელითა.

რამეთუ წამის-ყოფითა მით ძლიერებისა მისისაჲთა უპყრიან დაბადებულნი და თითოეულისა ცხორებასა განაგებს, ვითარცა უწყის კაცად-კაცადისა უმჯობესი. უკუეთუ არა, ვინმცა არა იცოდა ესე, ანუ რომელმანმცა უგულისჴმომან ვერ გულისჴმა-ყო, ვითარმედ ადვილ არს წინაშე მისსა მოღუაწებაჲ კაცთაჲ, და ვითარმედ არა დაფარულ არს მისგან არცა ჭირი და იწროებაჲ ვისიმე, არცა შუებაჲ და ფართოებაჲ; და რომელი-იგი მფრინველთა ცისათა და თევზთა ზღჳსათა, მჴეცთა ველისათა და ყოველთავე იძრვისთა ზრდის უხუად მიმნიჭებელითა მით განგებითა მისითა და ყოველთავე მცენარეთა შეამკობს ყუავილოვნებითა და თითოსახითა სიკე-თითა, მანმცა დაივიწყაა კაცი, ხატად მისა დაბადებული, რომლისათჳს ესე ყოველი იქმნა სოფელსა შინა? იგი მხოლოჲ აღმოაბრწყინვებს მზესა და მოავლინებს წჳმათა და მიჰფენს ჰაერთა და მისცემს ნაყოფსა უკეთურთა და წარმართთა, რომელთა არა იციან სახელი მისი; მაშა მორწმუნეთა და მადიდებელთა მისთაგანიმცა დაივიწყა ვინა? ნუ იყოფინ! ამისთჳსცა ფრიად კეთილად გჳბრძანებს, ვითარმედ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ ჰზრუნავთ, რაჲ ვჭამოთ, ანუ რაჲ ვსუათ, ანუ რაჲ შევიმოსოთ? რამეთუ იცის მამამან თქუენმან ზეცათამან, რაჲ გიჴმს ამათ ყოველთაგანი. ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“ (6,31-33).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამისთჳს მოვიდა უფალი ქუეყნად, რაჲთა განგუაშორნეს ქუეყანისაგან და მიმიწოდნეს ზეცისა სასუფეველად. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „ამას წარმართნი ეძიებენ“, რომელთა არარაჲ აქუს სასოებაჲ მერმისა მის საუკუნოჲსაჲ და სასუფეველისა ცათაჲსა, არამედ ყოველივე მოსწრაფებაჲ მათი ამის საწუთროჲსათჳს არს, ხოლო თქუენდა არა აქა არს აღთქუმაჲ, იტყჳს უფალი, არამედ ცათა შინა. რამეთუ არა ამისთჳს დაბადებულ ხართ, რაჲთა სჭამდეთ და ჰსუმიდეთ და იმოსებოდით, არამედ რაჲთა სათნო-ეყვნეთ ღმერთსა და საუკუნეთა მათ კეთილთა მიემთხჳნეთ. ამისთჳს ჴორციელნი ესე საქმენი გარეწარად თანაგაც ქონებად.

„ეძიებდით უკუე სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“. არა თქუა, თუ: მოგეცეს, არამედ „შეგეძინოსო“, რაჲთა სცნა, ვითარმედ არარაჲ აქუს ნაწილი მოცემადთა მათ კეთილთა თანა, არამედ იგინი არიან, რომელთა ჯერ-არს ძიებაჲ და თხოაჲ ღმრთისაგან, და მინდობაჲ, ვითარმედ მათ თანა ესეცა შეგუეძინოს ღმრთისა მიერ, უკუეთუ ჯერ-იყოს; უკუეთუ კულა სავნებელ სულ-თა ჩუენთა იყოს ამათი შეძინებაჲ და ამისთჳს დაიხრწიოს, ესეცა სახე არს უმეტესისა წყალობისა ჩუენისაჲ, და ვითარმედ გჳღუწის მონათა მისთა.

ეძიებდ უკუე, საყუარელო, საუკუნეთა მათ კეთილთა და მოგეცნენ საწუთრონიცა! ნუ ეძიებ ხილულსა ამას და იგი შეგეძინოს შენ. რამე-თუ უღირს არს და უჯერო წარმავალთა ამათ და ცუდთა საქმეთა თხოად ღმრთისაგან, რამეთუ ბრძანებულ არს შენდა, რაჲთა ყოველივე მოსწრაფებაჲ და ზრუნვაჲ წარუვალთა მათ და მიუთხრობელთა კეთილთათჳს გაქუნდეს; ხოლო შენ უკუეთუ მათ წილ ცუდთა ამათ და წარმავალთათჳს მოიგო სურვილი და გულისთქუმაჲ, ფრიად სირცხჳლეულ-ჰყო თავი შენი და უგუნურთა თანა შეირაცხო.

ხოლო უკუეთუ იტყჳ, თუ: ვითარ ბრძანა ლოცვასა შინა თქუმად, ვი-თარმედ: „პური ჩუენი მომეც ჩუენ“, გულისჴმა-ყავ, ვითარ დაურთო, ვი-თარმედ: „არსობისაჲო მომეც ჩუენ დღეს“, - რაჲთა სცნა, თუ სადამდე განუწესებიეს ზრუნვაჲ, და ეგრეთცა არა ნამეტნავისაჲ, არამედ საჭიროჲსა საჴმრისაჲ; რამეთუ „პური არსობისაჲ“ თქუა, ესე იგი არს, არსებისა მის ჴორცთაჲსა გამომზრდელი, და იგიცა მის ხოლო დღისაჲ ბრძანა თხოად; ეგრეთვე აქაცა ქმნა. ამისთჳს პირველთქუმულთა ზედა დაურთო და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ ჰზრუნავთ ხვალისა, რამეთუ ხვალემან იზრუნოს თავისა თჳსისა. კმა არს დღისა მის სიბოროტე თჳსი“ (6,34).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან თქუა: „ნუ ჰზრუნავთ და იტყჳთ: რაჲ ვჭამოთ, ანუ რაჲ ვსუათ, ანუ რაჲ შევიმოსოთ?“ ამისთჳს აწ განაწესა, თუ რაოდენ გჳღირს ზრუნვაჲ - მის ხოლო დღისაჲ, რომელსა შინა ვიყვნეთ, რაჲთა ამით ჯერითა აზნაურებაჲ ჩუენი შეურყეველად გუაქუნდეს და ვიცოდით, ვითარმედ საჭიროთა ხოლო საჴმართაჲ ბრძანებულ არს ზრუნვაჲ, და იგიცა გარეწარად, ვითარცა-იგი ზემო პურისა ხოლო მდღევრისაჲ გჳბრძანა თხოად. არა თუ ღმერთსა უჴმს ამისთჳს მოჴსენებაჲ ჩუენმიერი, არამედ რაჲთა ვცნათ, ვითარმედ ყოველსავე ზედა მისი შეწევნაჲ გუეჴმარების და არარაჲ თჳნიერ მისსა გუნებავს ქონებად.

ეგრეთვე აქა მის ხოლო დღისათჳს გჳბრძანა ზრუნვაჲ სულმოკლებისა მისთჳს კაცობრივისა; ხოლო მრავალნი იპოვნეს, რომელთა არცა თუ მის დღისაჲ თავს-იდვეს ზრუნვად, არამედ ყოველივე ზრუნვაჲ მათი მიაგდეს უფლისა, უხუად მომნიჭებელისა მის და სახიერისა, და არა ნაკლულევან იქმნეს ყოვლისაგან კეთილისა.

ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: არა ამისთჳს გეტყჳ არა ძიებად ჴორციელთა ამათ, რაჲთა მშიერ და შიშუელ იყვნეთ, არამედ რაჲთა უმეტესი მოგეცეს, და მოგეცეს წესიერად და ჯეროვნად, რაჲთა არა მრავალმზრუნველობითა თქუენითა უღირს-ჰყვნეთ თავნი თჳსნი სულიერთა მათ და საუკუნეთა კეთილთა, და არცა საწუთროჲ ესე მოგეცეს ზრუნვითა თქუენითა.

„ნუ ჰზრუნავთ უკუე ხვალისა, რამეთუ ხვალემან იზრუნოს თავისა თჳსისაჲ. კმა არს დღისა მის სიბოროტე თჳსი“. ესე იგი არს შრომაჲ იგი და ჭირი და ზრუნვაჲ, რამეთუ ამას უწოდა სიბოროტედ, ვითარმცა იტყოდა: კმა არს თქუენდა ჭირი იგი ბრძანებული, ვითარმედ: „ოფლითა პირისა შენისაჲთა სჭამო პური შენი“;1 რაჲსათჳსღა დაირთავ თავსა ზედა შენსა უმეტესსა შრომასა ზრუნვათა მიერ? რამეთუ „სიბოროტედ დღისა“ ამას ადგილსა არა ცოდვასა და უკეთურებასა უწოდა, - ნუ იყოფინ! - არამედ შრომასა და ჭირსა და უბადრუკებასა, რომელი შეემთხუევის კაცთა ზრუნვისაგან; ვითარცა სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ არს სიბოროტე ქალაქსა შინა, რომელი არა უფალმან ქმნა?“2 არა თუ ცოდვა-თათჳს იტყჳს, ტაცებათა და ანგაჰრებათა, არცა სხუასა რას ესევითარსა, არამედ ზეგარდმო მოვლინებულთა მათ წყლულებათა; და კუალად იტყჳს: „მე ვქმნი მშჳდობაჲ და მოვავლინი ბოროტი“,3 რამეთუ აქაცა არა თუ უკე-თურებასა მოასწავებს, - ნუ იყოფინ! - არამედ სიყმილთა და სიკუდილ-თა და სხუასა ესევითარსა, რომელი მრავალთა მიერ ბოროტად შერაცხილ არს. რამეთუ ბოროტისა სახელი ორკერძო არს: ერთი იგი არს ჭეშმარიტად ბოროტი, რომელ არს ცოდვაჲ და ურჩულოებაჲ, რომლისა მიზეზი არავინ არს სხუაჲ, გარნა ეშმაკი და ბოროტნი იგი ნებანი ჩუენნი; ხოლო მეორე იგი სახელი ბოროტისაჲ ითქუმის კაცთა მიერ ჭირთათჳს და განსაცდელ-თა, რომელ არიან: სიყმილი, სრვაჲ, სიკუდილი, სნეულებანი, უწჳმროებანი და სხუაჲ მსგავსი ამათი, რომელ-ესე არა ბუნებით ბოროტ არიან, არამედ სახელითა; ხოლო მოივლინებიან კაცთა ზედა საწურთელად უკეთურებისა მათისა, ანუ თუ სხჳთა რაჲთმე განგებულებითა; ვითარცა-იგი ხუთისა მის

1 დაბ. 3,19. 2 ამოს 3,6. 3 ესაია 45,7.

სამთავროჲსა ქურუმნი და მისანნი ზეგარდამო მოვლინებულსა მას გუემასა ბოროტად უწესდეს სალმობისა მისთჳს და ტკივილისა, მოწევნულისა მათ ზედა.1 ეგრეთვესახედ ამასცა ადგილსა მოასწავებს და იტყჳს: „კმა არს დღისა მის სიბოროტე თჳსი“, რამეთუ ზრუნვასა მას და მისგან ყოფადსა ჭირსა აჩუენებს, და ჭეშმარიტად ვერარაჲ ესრეთ შეაურვებს გულსა, ვი-თარ ზრუნვაჲ ფრიადი.

ხოლო სიტყუაჲ იგი, თუ: „ხვალემან იზრუნოს თავისა თჳსისაჲ“, არა თუ ამას მოასწავებს, ვითარმედ დღე ზრუნავს, არამედ ვინაჲთგან ერისა მიმართ უგულისჴმოჲსა იყო სიტყუაჲ მისი, განცხადებულებისათჳს სიტყჳსა თჳსისა დღესა მიაჩემებს და ჩუეულებისაებრ მრავალთაჲსა ჰყოფს სიტყუასა მას. რამეთუ აქა ესრეთ თქუა განზრახვისა სახედ, ხოლო ქუემორე მცნებად მისცემს ამას და ეტყჳს: „ნუ მოიგებთო ოქროსა, ნუცა ვეცხლსა, ნუცა ვაშკარანსა გზასა ზედა“;2 რამეთუ ვინაჲთგან საქმით აჩუენა, მერმე სიტყჳთცა უძლიერესად რჩული დაუდვა, რაჲთა კეთილად შეიწყნარონ სიტყუაჲ იგი. და ვითარ აჩუენა საქმით? ისმინე, რასა იტყჳს, ვითარმედ: „ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს“.3 და არა თავადმან ხოლო ქმნა ესე, არამედ მოწაფეთაცა ეგრეთვე განუწესა და არა შეუნდო სოფელსა ამას შინა რაჲსავე მოგებად; ეგრეთვესახედ აქაცა ბრძანებს.

და იხილე სახიერებაჲ მისი, რომელ ვითარცა მამაჲ მოწყალე, გჳღუწის ჩუენ ჴორციელად და სულიერად. ჴორციელად მოგუცემს დღითი-დღე ბევრეულთა კეთილთა: მზესა აღმოგჳბრწყინვებს, წჳმასა მოგჳვლენს, მთა-თაგან და ველთა ნაყოფთა სიმრავლესა მოგუანიჭებს, ჩუენთჳს განმზადნა მფრინველნი ცისანი და თევზნი ზღჳსანი და ყოველნი პირუტყუნი, რომელნიმე საჭმლად და რომელნიმე სამსახურებელად, ჩუენთჳს აღმოაცენა ქუეყანით ყოველი ხე, ნაყოფიერი და უნაყოფოჲ, თივანი და მწუანვილნი და თითოფერნი ყუავილნი; და რომელიმცა ჟამი კმა-მეყო ანუ რომლითამცა ენითა უძლე მიუთხრობელთა მათ კეთილთა მისთა თქუმად?

ხოლო სულიერნი კუალად ქველისმოქმედებანი და კეთილნი მისნი რაბამ არიან, პავლესი ისმინე, რასა იტყჳს: „რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რაჲ-იგი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა მისთა“.4 და აწ უკუე ჩუენისავე წყალობისა და ქველისმოქმედებისათჳს იტყჳს სიტყუათა ამათ: ნუ ჰზრუნავთ ხვალისაო და ნუ ცუდად აჭირვებთ თავთა თქუენთა, რამეთუ ვინაჲთგან მე გიურვი თქუენ, არა გიჴმდა ყოვლადვე ზრუნვაჲ, გარნა სულმოკლებისა თქუენისათჳს კმა არს ზრუნვაჲ მის დღისაჲ, რომელსა შინა იყვნეთ, ხვალისასა ნუღარა ჰზრუნავთ.

უკუეთუ დღეს იზრუნოთ ხვალისა, ხვალე კუალად ზრუნვაჲვე გიჴმს, რაჲ არს უკუე ნამეტნავი ესე, რაჲსათჳს აიძულებთ დღესა უმეტეს ქონე-

1 1 მეფ. 6,2-9. 2 მათ. 10,9-10. 3 მათ. 8,20. 4 1 კორ. 2,9.

ბად ჭირისა მის მისდა განთჳსებულისა და შრომათა მისთა ზედა შესძინებთ ხვალისასაცა ზრუნვასა ტჳრთად? და ეგრეთცა ხვალესა მას არავე აღუსუბუქებთ. მოგეცა დღე, რაჲთა მისსა ზრუნვიდეთ, რაჲსათჳს მეორისაცა დღისა ზრუნვასა მის ზედა დაჰკრებთ? არა თუ მის ზედა დადებული თქუენ მიერ ზრუნვაჲ და ჭირი არა კმა არს მისდა? რაჲსათჳს უმეტესად დაუმძიმებთ?

სწავლაჲ კბ: რაჲთა სურვიელ ვიყვნეთ კეთილთა საქმეთა მიმართ და მოუწყინებელად ვევედრებოდით ღმერთსა პოვნად წყალობისა მისისა

ვინაჲთგან უკუე მეუფე ჩუენი და დამბადებელი ამას გჳბრძანებს და იგი თავადი წამებს, ვითარმედ უძლურ და საჭირო არს ესე ცხორებაჲ, ვიდრეღა ერთისაცა დღისა ზრუნვაჲ კმა არს შემაურვებელად და საჭირველად ჩუენდა, რადღა საჴმარ არს ამის პირისათჳს უმეტესთა სიტყუათა თქუმად, რამეთუ კმა არს ერთი სიტყუაჲ უფლისაჲ ბევრეულთა წილ სიტყუათა სხუათასა, რამეთუ იგი არს ღმერთი ჩუენი, უფალი და მეუფე, რომელმან არაარსისაგან არსად მომიყვანნა, და მას ეგულების კუალად განკითხვაჲ ჩუენი და მიგებად კაცად-კაცადისა საქმეთა მისთაებრ.

გარნა ეჰა უბადრუკებაჲ ესე ჩუენი და უგულისჴმოებაჲ! ესევითარნი ესე სიტყუანი მეუფისანი გუესმიან და არად შეგჳრაცხიეს, არამედ ცუდთა ამათთჳს და წარმავალთა წადიერებით და სურვილითა დიდითა და მოსწრაფებითა ფრიადითა ვზრუნავთ, ხოლო საუკუნეთა მათთჳს და ზეცისა-თა არა ვიურვით ყოვლადვე, არამედ გარემიგჳქცევიეს წესი და სამართალი და ორკერძოვე თქუმულთა მათ და განწესებულთა წინააღუდგებით.

იტყჳს უფალი, ვითარმედ: ნუ ეძიებთ საწუთროსა ამას; და ჩუენ ყოვლითა გულითა და ყოვლითა ძალითა მას ვეძიებთ და მისა შეკუართულ ვართ.

იტყჳს კუალად, ეძიებდითო სასუფეველსა ცათასა და საუკუნეთა მათ კეთილთა, და ჩუენ არცა თუ მცირედცა ვეძიებთ, არამედ რაოდენი გუაქუს საწუთროჲსა ამისთჳს ზრუნვაჲ და ხარკებაჲ, ეგოდენ სულიერთა საქმეთა შინა გუაქუს სულმოკლებაჲ და სიგრილე და ფრიად უმეტესიცა, არამედ არა ყოფად არს ესე ყოვლადვე, არცა სამარადისოდ ეგოს ესრეთ საქმე ესემლევანი, რამეთუ აჰა ესერა ათ წელ დავადგრეთ ამას ულმობელობასა შინა, გინა ოც წელ, ანუ თუ ას წელ, მერმე რაჲ ყოფად არს? არა მისლვად ვართა ჴელთა მისთა, რომლისა სიტყუათა აწ შეურაცხ-ვჰყოფთ? რაჲ უკუე ნუგეშინის-ცემაჲ აქუს ამას დროებასა? არარაჲ! ნუ იყოფინ! არამედ აქავე მოლოდებითა მათ სატანჯველთაჲთა დასჯილ და ტანჯულ ვართ და, მუნ რაჲ მივიდეთ, ვაჲ იყოს ჩუენდა.

არამედ უკუეთუ გუნებავს დროებისა ამისგან ნუგეშინის-ცემისა პოვნად, მოვიგოთ ნაყოფი იგი სინანულისაჲ, და მერმე დროებაჲ ესე უმჯობეს ჩუენდა იქმნას, და არა შთავცჳვეთ ყოვლადვე მწარეთა მათ სატანჯველ-თა, რამეთუ არარაჲ მძიმე, არცა შეუძლებელი ბრძანებულ არს ჩუენდა, არამედ ესრეთ ადვილ და სუბუქ არიან მცნებანი მისნი, რომელ ნებაჲ ოდენ საჴმარ არს და გონებაჲ კეთილი, და ყოველივე ადვილად წარგუემართოს და უხუად მოვიღოთ წყალობაჲ მისგან, დაღაცათუ ბევრეულთა ცოდვათა თანამდებ ვიყვნეთ. რამეთუ მანასესცა ცოდვანი და ბილწებანი მრავალნი ექმნნეს: წმიდათა ზედა ჴელი მიყო და კერპნი ტაძრად შეიყვანნა და კაცისკლვითა ქალაქი აღავსო და სხუაჲ მრავალი ქმნა ძნელი და შესანდობელად მძიმე, გარნა ესოდენსა მას ურჩულოებასა ზედა ყოველივე იგი განიბანა; ვითარ ანუ რომლითა სახითა? - სინანულითა და ბოროტთაგან მოქცევითა და ლმობიერად ვედრებითა.

რამეთუ არა არს ყოვლადვე, არა არს იგი ცოდვაჲ, რომელი არა იძლევის და უჩინო იქმნების ძალითა მით სინანულისაჲთა და უფროჲსად მადლითა და კაცთმოყუარებითა ქრისტესითა, რამეთუ უკუეთუ მოვიქცეთ სინანულად, გუაქუს იგი თანაშემწედ; უკუეთუ ვინებოთ ქმნაჲ კეთილისაჲ, არავინ არს დამაყენებელ, და უფროჲსღა არს დამაყენებელ, დამაბრკოლებელ - ეშმაკი, გარნა ვერარაჲ ძალ-უც, უკუეთუ ჩუენ წადიერ ვიყვნეთ კე-თილისა მიმართ და მოვიგოთ ღმერთი შემწედ ჩუენდა. უკუეთუ კულა ჩუენ არა ვხადოთ მას შეწევნად, არამედ განვეშორნეთ და გარევიქცეთ მისგან, ვითარ შემწე-მეყოს იგი? რამეთუ არავისი ჰნებავს იძულებით ცხოვნებაჲ, არამედ ნეფსით ეძიებს ცხორებასა ჩუენსა, და ესე ღირს არს და სამართალ.

რამეთუ მითხარღა, კაცო, უკუეთუ გყვეს მონაჲ, რომლისა თანა გექმნას ბევრეული კეთილი, და ჰპოო იგი მტერად შენდა და მოძულედ, და ყოვლადვე გევლტოდის, არამცა გარემიიქეცა მისგან და განსდევნე პირისაგან შენისა? და ეგრეთცა გიჴმს რაჲმე მსახურებაჲ მისი? აწ უკუე რად აბრალებ ღმერთსა, თუ იძულებით რად არა გაქმნევს კეთილსა, რომელსა-იგი ყოვლადვე არარაჲ ეჴმარების შენგან, არამედ ყოველსავე შენისა ცხორებისათჳს იქმს.

არარაჲსაგან დაგბადა, პირმეტყუელობითა პატივ-გცა, უმჯობესი გასწავა, კეთილი და ბოროტი გიჩუენა, გონებაჲ მოგცა მცნობელი უხილავ-თაცა საქმეთაჲ, სწავლაჲ სასუფეველისაჲ წინაგიყო, ჯოჯოხეთი გაუწყა, ბევრეულთა განსაცდელთაგან გიჴსნა, უკუეთუ გენებოს, შემწე არს შენდა და ჴელისამპყრობელ კეთილისა მიმართ. უკუეთუ ამას ყოველსა ზედა ევლტოდი მას და ბოროტი შეიყუარო, არა იქმს ამას, რაჲთამცა იძულებით ჴელსა გიპყრა და სასუფეველსა შეგიყვანა, არცა ჯერ-არს ესე ანუ სამარ-თალ. უკუეთუ კულა პოოს შენ თანა ნებაჲ კეთილი, რომელსა „პროერესინ“ უწოდეს მამათა (ესე იგი არს ნებაჲ მეძიებელი და გამომრჩეველი კეთილისა გინა ბოროტისაჲ), აწ უკუეთუ შენ თანა მეძიებელი იგი კეთილისაჲ ნებაჲ პოოს, არასადა დაგიტეოს, არცა დაგაგდოს, დაღაცათუ ბევრეულნი მახენი დაგირწყვნეს ეშმაკმან და ათასეულად გებრძოლოს, არა მიგცეს შენ ჴელ-თა მისთა, არცა შეუნდოს უფლებად შენდა.

საცნაურ არს უკუე და ცხად, ვითარმედ ჩუენ ვართ მიზეზ წარწყმედისა ჩუენისა, რამეთუ არა გუქონან ნებანი კეთილნი, არცა ვევედრებით ღმერთსა შეწევნად ჩუენდა, არა შეუვრდებით, ვითარ ჯერ-არს, არცა ვხადით მჴურვალებით და სიმდაბლით; არამედ დაღაცათუ მოუჴდეთ ლოცვად, არა ლმობიერებით, არცა გულითა შემუსრვილითა, არამედ დაჴსნილობით და უდებებით, ფქნარებით და მიმოტაცებით და გარეწარად, ამისთჳს სირცხჳლეულნი და ცარიელნი ვიქცევით. რამეთუ არა ესრეთ ჰნებავს ღმერთსა, არამედ რაჲთა გულითა მჴურვალითა წარვდგეთ წინაშე მისსა. ესე სათნო-უჩნს, რაჲთა დაუცხრომელად ვაწყინებდეთ. მაშინ მადლიერ არნ, რამეთუ იგი მხოლოჲ, რაოდენცა ვაწყინებდეთ, უმეტესად მადლიერ იქმნების და უმეტეს თხოისაცა ჩუენისა მოგუცემს. უკუეთუ კულა არა ვაწყინებდეთ, უდებ-გუყოფს; არა თუ შურს მოცემად ანუ არა ჰნებავს, არამედ წყინებაჲ ჩუენ მიერ სათნო-უჩნს.

ამისთჳსცა იგავი წინაგჳყო მეგობრისაჲ მის, რომელი შუაღამეს მოვიდა და პურსა ითხოვდა, და კუალად მსაჯულისა მის, რომელსა ღმრთისაგან არა ეშინოდა, არცა კაცთაგან ჰრცხუენოდა. და არა კმა-ყო სიტყუაჲ ხოლო იგავთაჲ, არამედ საქმითცა აჩუენა, რაჟამს დედაკაცი იგი ქანანელი ღირსყო ნიჭსა მას წყალობისა მისისასა და გამოაჩინა, ვითარმედ დაღაცათუ ვინ უმეტეს ღირსებისა და საზომისა თჳსისასა ითხოვდეს მჴურვალებით და სიმდაბლით და მოუწყინებელად, მიეცემის თხოაჲ მისი. რამეთუ მაშინ იტყოდა: „არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა“,1 გარნა ეგრეთცა ფრიადისა თხოისა და მჴურვალედ ვედრებისა მისისათჳს მისცა თხოაჲ მისი და აღავსო სიხარულითა გული მისი.

და კუალად ჰურიათა მიერ გამოაჩინა, ვითარმედ უდებთა და დაჴსნილთა არცა თუ რაჲ-იგი აქუნდეს, დაადგრების მათ თანა. ამისთჳს არა თუ არარაჲ მიიღეს ოდენ, არამედ რომელი აქუნდა, იგიცა წარწყმიდეს. და მათ ვინაჲთგან არა მჴურვალებით ითხოეს, უღირსად გამოჩნდეს და თჳსიცა წარწყმიდეს, ხოლო ამან ვინაჲთგან დიდითა მჴურვალებითა ითხოა და ლმობიერად ევედრა, უმეტეს ღირსებისაცა მიიღო, და რომელი-იგი ძაღლად იწოდა, მიეცა მას პატივი შვილად წოდებულთაჲ მათ.

ესოდენ დიდ არს და კეთილ უწყინოდ და ლმობიერად ვედრებაჲ, და რომელი-იგი მეგობრობამან ვერ ქმნა, უწყინოდ ვედრებამან ქმნა, ვითარცა წერილ არს იგავსა მას შინა შუაღამედ მისრულისა მეგობრისასა.

აწ უკუე შენცა, ძმაო, ნუ იტყჳ, თუ: შეცოდებული ვარ და რისხვეული, ვითარ ვევედრო? - არამედ უწყინოდ ევედრე, და თქუას შენთჳსცა,

1 მარკ. 7,27.

ვითარმედ: წყინებისა მისისათჳს აღვდგე და მივსცე, რავდენი უჴმს; ოდენ უწყინოდ ევედრებოდე და არარაჲ გექმნას დამაბრკოლებელ: არცა შეცოდებანი, არცა უჟამოდ წყინებაჲ, არცა სხუაჲ რაჲმე.

ნუ იტყჳ, თუ: ფრიად მიცოდავს და არღარა ისმენს ღმერთი ჩემსა ვედრებასა; რამეთუ უკუეთუ მთავარი იგი, რომელსა ღმრთისაგან არა ეშინოდა და კაცთაგან არა ჰრცხუენოდა, ფრიადითა ვედრებითა მოდრიკა ქურივმან მან წყალობად, არა უფროჲსად სახიერი იგი მოწყალე-ჰყოა, უკუეთუ ევედრებოდი მჴურვალედ?

ამისთჳს უკუე დაღაცათუ არა მეგობარი იყო, ფრიადისა წყინებისათჳს მოგცეს წყალობაჲ თჳსი; დაღაცათუ შვილი ხარ განდგომილი და ყოველი იგი მამული სიმდიდრე ბოროტად წარგიგიეს, მო-ოდენ-იქეც მჴურვალედ, და კუალად დაგიტკბეს სახიერი იგი მამაჲ და კუალად პირველივე პატივი მოგცეს; შეუვრდი ცრემლით, ილოცე ლმობიერად, და წყალობით შეგიწყნაროს შენ.

ხოლო მესმა ვიეთგანმე, რომელ იტყოდეს: აჰა ესერა მყოარ ჟამ მილოცავსო და ვედრებულ ვარ, და არარაჲ მომეცა მე სასწაული სმენისა ლოცვათა ჩემთაჲ. ესე ამისთჳს, რამეთუ არა ილოცავ, ვითარ იგინი ევედრებოდეს, - ქანანელსა ვიტყჳ და მეგობარსა მას უჟამოდ მოსრულსა და ქურივსა, რომელი-იგი აწყინებდა მსაჯულსა მას, და უძღებსა მას შვილსა. ხოლო უკუეთუმცა მსგავსად მათსა ევედრე, მუნქუესვემცა მოგეცა თხოაჲ შენი, რამეთუ მამაჲ არს სახიერი და ამას ხოლო ეძიებს, რაჲთა გიხილოს შენ სინანულად მოსრული და შევრდომით მვედრებელი. ჰე თუმცა ჩუენცა ესრეთ მჴურვალე ვიყვენით სიყუარულსა ზედა მისსა, ვითარ-იგი მჴურვალე არს წყალობასა ჩუენსა და მარადის ეძიებს მიზეზსა აღტყინებად ჩუენ შორის ცეცხლსა მას სახიერებისა მისისასა. უკუეთუ უჩუენო მას მცირე ნაბერწყალი ლმობიერებისაჲ, დიდძალი მოგცეს საჴუმილი ქველისმოქმედებისაჲ.

მრავალგზის შეურაცხ-გიყოფიეს იგი, არამედ უკუეთუ შეუვრდე, არარაჲ მისგანი გიჴსენოს, არა მის გარდასრულისა შეურაცხებისათჳს მწუხარე არს, არამედ აწინდელისა ამის ულმობელობისა და გულფიცხელობისა შენისათჳს; რამეთუ ჩუენცა, უკეთურნი ესე, უკუეთუ შეურაცხ ვიქმნეთ შვილთა მიერ ჩუენთა, და კუალად მოიქცენ და შეგჳვრდენ, სიხარულით შეუნდობთ. არა უფროჲსად სახიერებისა და მოწყალებისა წყარომან ქმნასა ესრეთ? რომელმან თქუა წინაწარმეტყუელისა მიერ: „და-ღაცათუ-ივიწყნეს დედაკაცმან ნაშობნი მუცლისა თჳსისანი, არამედ მე არა დაგივიწყო შენ“.1 დიდებაჲ აურაცხელსა მას კაცთმოყუარებასა მისსა!

აწ უკუე მოედით, ცოდვილნო, შეუვრდეთ მას გულითა მჴურვალითა და ვთქუათ: „ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამენ ნაბიჭევისაგან, რო-

1 ესაია 49,15.

მელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა“1 , შეგჳწყალენ ჩუენ, უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ; და გურქუას: „გეყავნ, ვითარცა გნებავს“.

ვთქუათ უძღებისაებრ: „ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა“2; ვთქუათ მეზუერისაებრ: „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“3; დავალტვნეთ ფერჴნი მისნი ცრემლითა, ვითარცა მეძავმან, და გურქუას: შენდობილ არიან ცოდვანი შენნი; ვჰრეკოთ კარსა მისსა და ვევედრებოდით ჟამსა და უჟამოსა, და უფროჲსღა არაოდეს არს უჟამოჲ შევრდომაჲ, არამედ უჟამოებაჲ არს არა მარადის შევრდომაჲ და ვედრებაჲ, რამეთუ ვინაჲთგან იგი მარადის მზა არს მოცემად, ჩუენდაცა მარადის ჯერ-არს თხოაჲ. და ვითარცა ფშჳნვაჲ არაოდეს უჟამო არს, არამედ მარადის ჩუენ თანა არს, ეგრეთვე ვედრებაჲ ღმრთისაჲ მარადის თანაგუაც; ვითარცა ფშჳნვაჲ მარადის საჴმარ არს ჩუენდა, ეგრეთვე შეწევნაჲ ღმრთისაჲ მარადის საძიებელ არს ჩუენდა და, უკუეთუ გუენებოს, ადვილად მოწყალე-ვყოთ იგი ჩუენ ზედა, და მოვიდეს შეწევნად ჩუენდა, ვითარცა იტყჳს წინაწარმეტყუელი და გამოაჩინებს, ვითარ მარადის განმზადებულ არს იგი წყალობად ჩუენდა, „ვითარცა ცისკარი განმზადებული ვპოოთ იგი“4, რამეთუ რავდენგზისცა მოუჴდეთ, ყოვლადვე მზად იპოების წყალობად ჩუენდა; ხოლო უკუეთუ უშურველად აღმომცენარისა მისგან წყაროჲსა წყალობათა მისთაჲსა არა ვინებოთ სუმად, ესე ბრალი ჩუენისა უდებებისაჲ არს; ვითარცა ჰურიათა ეტყჳს წინაწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: „წყალობაჲ ჩემი, ვითარცა ღრუბელი განთიადისაჲ და ვითარცა ცუარი ცისკრისაჲ, წარმავალი თქუენ ზედა“5.

ხოლო სიტყუაჲ ესე ესრეთ არს, ვითარმედ: მე ჩემმიერი ყოველი ვქმენ თქუენ ზედა და ვაჩუენე ყოველივე სახიერებაჲ, ხოლო თქუენ, ვითარცა მოიწიის რაჲ სიცხე მზისაჲ და განაჴმის ცუარი ცისკრისაჲ, ეგრეთ გარდამატებულითა მით უკეთურებითა თქუენითა სიმრავლე იგი ჩემ მიერ მოვლინებულთაჲ თქუენ ზედა კეთილთაჲ უკუნაქციეთ. რამეთუ ესეცა სამართალ არს და ჭეშმარიტისა მის განგებულებისა მისისა საქმე არს, რომელ ოდეს გჳხილნეს უღირსად და გულფიცხელად, დააყენებს ქველისმოქმედება-თა მისთა, რაჲთა არა უმეტესსა დაჴსნილობასა მოვიდეთ; ხოლო უკუეთუ გჳხილნეს მოქცეულნი ბოროტისაგან და მბრალობელნი თავთა თჳსთანი გარდასრულთა მათ ცოდვათათჳს და ლმობიერებით მვედრებელნი მისნი, მაშინ უფროჲს წყაროთასა აღმოაცენებს წყალობასა მისსა, უფროჲს ზღჳსა განჰფენს ჩუენ ზედა, და რაოდენცა განუძღომელად მოვიღებდეთ კეთილ-თა მისთა, უმეტესად მოხარულ არს და უმდიდრესად აღმოგჳცენებს, რამეთუ ცხორებაჲ ჩუენი სიმდიდრედ თჳსად შეურაცხიეს და უშურველად მოცემაჲ საწადელ არს უხუად მომნიჭებელისა მის, რამეთუ ჭეშმარიტად მდიდარ არს და უხუად მიმცემელ მვედრებელთა მისთა; ხოლო ოდეს არა

1 მათ. 15,27. 2 ლუკ. 15,18. 3 ლუკ. 18,13. 4 ოსე 6,3. 5 ოსე 6,4.

ვითხოვდეთ მისგან, მაშინ განგჳრისხდების, მაშინ გარემიიქცევის ჩუენგან, გჳხილნეს რაჲ, ვითარმედ სიგლახაკესა და უნდოებასა შინა ჩუენსა გუნებავს წარწყმედაჲ უბადრუკებით. იგი ამისთჳს დაგლახაკნა, რაჲთა ჩუენ განმამდიდრნეს; ამისთჳს ყოველივე დაითმინა, რაჲთა მიმიწოდნეს მისა მოღებად წყალობისა საუნჯეთა მათგან დაუცარიელებელთა სახიერებისა მისისათა.

ამისთჳს გევედრები, მორწმუნენო, ვინაჲთგან ესოდენნი მიზეზნი კეთილისა სასოებისანი მოცემულ არიან ჩუენდა, ნუ სასოწარკუეთილ ვიქმნებით, დაღაცათუ ყოველთა დღეთა ვცოდვიდეთ, არამედ შეუვრდებოდით მას ვედრებით და ვითხოვდეთ შენდობასა ლმობიერად. უკუეთუ ესრეთ ვიქმოდით, ცოდვათაგანცა განკრძალვად ვართ კდემითა მით გონებისაჲთა, და ეშმაკი ვიოტოთ სირცხჳლეული, და მოვიდეს ჩუენ ზედა წყალობაჲ უფლისაჲ, და საუკუნეთა მათ კეთილთა ღირს ვიქმნეთ მადლი-თა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.